1
დაფნა და ვარდი...
რა საამო დღე...
ო, რა ლაჟვარდი...
ო, რა სამოთხე...
მოღელავს ტალღა,
მოშრიალებს ტყე...
აი, სამშობლო!
აი, სამოთხე!
მაგრამ რად დავალ
ჩუმად, როგორც ტყვე,
იქნებ დარდი და
სევდა შემიტყვეს?
მე კრძალვით ვამბობ
ამ საღვთო სიტყვებს:
- აი, მამული!
- აი, სამოთხე!
რა მზის ალმური...
რა საამო დღე...
რთვლის სიტკბოებით ნაბადაგები, -
მთაწმინდელების, ათაბაგების,
სურნელი მიწა რუსთაველისა...
ფეხის დადგმა რომ ახლოს მეღირსა...
შავი ზღვის უბე ამონჩქრეული,
ქაფშეტყორცნილი, თეთრი ფირფატით,
მეალერსება, თითქოს გრძნეული
ქალი ზურმუხტის რიდე-პირბადით.
2
მაგრამ ბუჩქები რას ჩურჩულებენ,
ნანგრევნი რაღას მეუბნებიან.
შავი ზღვა რისთვის გადალურჯულა,
ჩანჩქერი რისთვის მოჰქუხს ვნებიან!
რა ალმასით სურს გული ათალონ,
ან მე რას მეტყვის ამის პასუხად, -
რისთვის წასულხარ სხვისკენ, ფათალო!
ჭოროხის ზვირთო, სად გადასულხარ?
თოვლით ნაპოხი კარჩხალის მთები
მწარედ მოსთქვამენ თვის სიმარტოვეს,
თითქოს ყივიან გოლიათები, -
სამშობლოს დროშა რისთვის დავტოვეთ!
ციხე-კოშკები, ნატაძრევებში,
დიდი წარსული ჩუმად ქვითინებს,
და ვერვინ იტყვის: ცრემლის ხევებში,
გვეყო, რაც წარღვნა ჩამოვიდინეთ!
მე გულზე გრგვინვა მეტორტმანება,
უგუნურების ამპარტავნებამ
როგორ გამოსჭრა ჩემს ზამბახს ყელი!
ანაზდეულად, უცბად, ერთ წამით;
როგორ ძირს დასცა ჩემი ლერწამი,
როგორ შეახო სიკვდილის ხელი!
შეირხევიან მთები მძინარე,
პირს დაბანს ცრემლი ჩამოღვარული;
თითეული ხე შემომცინარებს
ღიმით, ჩურჩულით და სიყვარულით.
ვერ დავთვლი ღამეს, თქვენთვის გათეულს,
ხომ ქართველებად დავიბადენით...
დაიგუგუნეთ თქვენც, გუმბათებო,
რომ განშორება გვეყო ამდენი!
ჯვარზე გაკრულო და ნაწამებო,
მშვენიერების ტურფა სამეფო,
მესხეთო, ისევ ხარ სანუკვარი.
დაიგრიალეთ, თქვენც, აკლდამებო!
ჩაბნელებული გახსენით კარი!
თქვით, წინაპრებო, დიდების გვარი,
ხელისგულებზე აინთეთ კვარი!
მე თქვენი გულის სიმღერა მესმის,
საკურთხევლებზე წმინდა ღაღადი,
რომ ჩავაწებო სიტყვები კვნესის,
ამითავდება, ალბათ, ქაღალდი!
აენთე ცეცხლით, თუ აენთები, -
ბანავ, შატბერდო, ოშკო, ხახულო,
გაშალეთ გრძელი პერგამენტები,
რომ გული ცეცხლით კვლავ გაახუროთ.
რუსთველიანო დიდო მესხეთო,
ტაო-კლარჯეთო, თქვენი მაქვს ვალი.
მინდა ქარიშხლით შენს ნისლს ვეკვეთო,
ჩემო შავშეთო,
დამიტკბე თვალი!
ჩემს ნათელ სურვილს მიეცი ძალა,
ჩემი ჭრილობის დიდო მკურნალო,
შენი მკერდს მთხვევნა ნუმც ამეკრძალა,
კერავ, მამათა ნასადგურალო...
1961 წ.