ჩამობრიალდი, ჩემო არწივო!

მინდა შენს ფრთებზე ფიქრი ვარწიო!

 

ქართლს ვერ ჩავუვლი მე უღიმილოდ,

უსიყვარულად - სამშობლო კერას;

მე მისთვის ვგეშავ ლექსის მიმინოს,

მე მისთვის ვკვერავ ჩემს გულისძგერას!

 

რუსთველის ცეცხლმა გაგვიხსნა სული,

ვეფხვური სული ჩაგვბუდებია,

ჩვენი დღეის დღე, ჩვენი წარსული,

მისი უკვდავი საბუთებია!

 

მე რუსთაველის სახლიდანა ვარ,

ჩემი გვარის ხე არი მაგარი,

მე გამთბარი ვარ ძველი ცრემლებით,

მე დედა მყავდა ნაჭირმაგარი!

 

მიყვარს სიონის კედლის სიყვითლე,

ხმა ნამტირალი ნარიყალისა, -

რაც წინაპართა კვნესით ვიყიდე

ზარით ველური ქარიშხალისა!

 

ვარ სამას გმირთა აკვნის ნარჩენი,

მათი ანდერძი ვით გავაციო?

უსვეტიცხოვლოდ მე ვერ დავრჩები,

ვერა, ვერ გავძლებ მე უვარძიოდ!

 

მე მიყვარს, როგორც ყრმობის სიზმარი,

სტრიქონი მეცხრე საუკუნისა,

ფრესკა ფერფლილი, ჟამთა სიმწარეს

ვერა ცრემლით რომ ვერ დაუნისლავს!

 

მე ძველი სევდის მაჭრით დავთვრები,

გულს ვივარაყებ ძველი ოცნებით,

შთამაგონებენ ძველი მხატვრები,

მგოსნები - ეკლის გვირგვინოსნები.

 

მაგრამ, პოეტო, ძმაო, ძვირფასო,

სამშობლო არი მხოლოდ წარსული?

გგონია, მხოლოდ უნდა მივბაძოთ?

არა! გავხდებით სხივგაძარცული!

 

სამშობლო არი დღევანდელი დღეც,

ოფლით და სისხლით მონაგრებული,

ნაქმნარი ჩვენის ხელით სამოთხე,

ჩვენის მარჯვენით გამაგრებული!

 

მარტო ჩვენი დღე? არა, ხვალეშიც

მეტი გატანა უნდა ლელოსი;

მე შვილიშვილთა მბრწყინავ თვალებში

ვჭვრიტე დიდი მზე საქართველოსი!

 

ის მომავალი დღესვე ელვარებს,

მის შარავანდედს არ აქვს დატევა;

თუ სამშობლო გვაქვს ხელის დადება,

ჩვენი ამაგი შეემატება...

 

ჩამობრიალდი, ჩემო არწივო!

მინდა შენს ფრთებზე ფიქრი ვარწიო!

 

ვმზერდე სამშობლოს ყოველ დროიდან,

მინდა აწმყოთი, ხვალით, წარსულით,

ვიხილო რაც კი დაოქროილა,

დღევანდელი თუ დღე გარდასული!

 

და რაც გროვდება, დაოქროვდება,

რაც შეიმკობა უკვდავ ზარნიშით,

რაც უძლებს დროთა გაბოროტებას,

რამაც არ იცის შიში ქარიშხლის!

 

ვიწამო იგი, ვადიდო იგი,

ვზარდოთ, ვამწიფოთ გულის ფესვებით;

ჩვენც შევქმნათ ჩვენი წმინდა თარიღი,

სადიდებელი აზარფეშებით.

 

ამოითვალე სიტყვა ურთმევი,

უმეხარკეო ლექსი ენაზე,

დამედასტურე წნულ ჩუქურთმებით,

ფერით მომავლის თვალს გაენაზე!

 

ასწიე ახალ ჰანგით ალილო,

რომ გულის ღველფით დაამარილო,

ცეცხლით დადაგე და აქანდაკე

რვალი, ბრინჯაო თუ მარმარილო!

 

გზა ბევრი არი კიდევ სათელი,

ნება არა გვაქვს, რომ ვთქვათ: შეჩერდი!

ავანთოთ ჩვენი ლექსის სანთელი,

გამოვაბრწყინოთ ჩვენი ბეჭედი!

 

ნუღა ხარ მხოლოდ ძველის მთხოვნელი,

თორემ მიღწევა ნახევარზეა;

აგე, ახალი სვეტიცხოველი,

ახალ ოცნების შეჰქმენ ვარძია!

ჩამოიმძივე, აორთქლდი ცვარად,

ჩამოიწვიმე, იჩქეფე მარად!

 

მე ისევ გეტყვი, ძმაო, ძვირფასო,

წარსულს არ უნდა მხოლოდ მივბაძოთ...

გვიყვარდეს იგი, ვით არი რიგი,

ავდგეთ, ვადიდოთ წმინდა ტარიგი!

 

მაგრამ შევმატოთ ჩვენი დიდებაც,

შარავანდედი ჩვენი ხელთქმნილი:

ნაშრომი ხიდად იქ გაიდება,

სად ნაპრალია გადახეთქილი.

 

გწყუროდეს, როგორც სწყურის ნიაღვარს,

მარგალიტისთვის შესძელი ყვინთვა,

მე აღარ გეტყვი, - გაჰყევი ნაღარს,

დღეს არწივულ გზით გაფრენა გვინდა!

 

ჩამობრიალდი, ჩემო არწივო,

ვაფრქვიოთ ოქრო, შუქი ვამძიოთ,

საქართველოს მზე გავიბარძიმოთ!

 

იცის არწივმა თავის განწირვა, -

ვთქვათ და ვიმღეროთ სულში ჩართული,

ამოქარგული,

ამოკვართული,

და შეგვეწევა მადლი ქართული!

წინ გავაქანოთ დიდ გაქანებით -

ჩვენ საქართველოს იალქანები!


1961 წ.