1
სურით,
ჯამით,
თუ პეშვით,
შენ უნდა შემიწყალო!
ჩამისვი ლურჯ უბეში,
წყაროსთვალო,
ცივწყარო!
რომ გვალვამ არ მომასწროს,
გული გადამიქანოს,
მიწის ლურჯო ვარსკვლავო,
უშრობელო ჯიქანო!
2
მოწკრიალებ უჩუმრად,
ხეები თავს გიხრიან,
ფერისულა,
ლუსუმა
თავზე გადაგიყრია!
იას თუ დაეწიე,
ია თუ დაგეწია?
იას, ბროლსაც, ფირუზსაც
ერთად შეუძერწიხარ;
კიდევ ცხრა ცისარტყელას
თუ გინდ მკერდში დაიტევ,
ხმით დაგადნა მზეწვია,
რიჟრაჟზე რომ გეწვია
ცისკრის მემარგალიტე!
ქვის აკვნიდან სიმართლით
ხალხში დაიფანტები,
სიმღერით და სინათლით,
იმედებით ნამტევნი.
შენ თვითონ ხარ მტრედის ფრთა,
ერის გულში გოგმანობ;
თუ წინ ცრემლი გეტვირთა,
მინდა მღერით მოგბანო!
ხალხის გულში მიგელავ,
ვარსკვლავების თვალთაებრ,
უწყვეტელო სიმღერავ,
სიცოცხლეს არ ათავებ!
გამისრიე ბურუსი,
მაჟღერე უჩვეულოდ,
ფარფარით და ფუსფუსით
ამოფუჩფუჩებულო.
3
რა იცოდი, ცინცხალო,
გული მემხურვალება,
რა იცოდი, ცივწყარო,
ჩემი დამწყურვალება?
რა იცოდი, მიყვარდა
მე შენსავით ლურჯთვალა;
გზა ვინ გადამიხლართა,
გული ვინ აბურთალა?
აღარ გეტყვი ამის მეტს,
და-ძმა ვიყვნეთ მე და შენ!
სურა დავდგი, ამივსე,
ჩემო ლექსის ზედაშევ!
4
განა მთის ნეკნებიდან,
ციაგების განებით? -
ცხოვრების ეკლებიდან
მოხვალ, მოექანები!
დამიშხეფავ საყანეს,
ფირუზებს აწკრიალებ,
ბაღებს ამიღაღანებ,
ფურცელს დაამცვრიანებ!
5
დღე იღლება, ღამე წევს,
ალბათ, ძილი ჰკლებიათ.
მზე ისვენებს.
მთვარე და...
ვარსკვლავები ჰქრებიან, -
წამითაც არ ისვენებ,
არ იღლები, არ წვები,
სახეს ცრემლით ისველებ,
ნაღარი გაქვს ღაწვები.
შენ არასდროს გდებია
საქმე მოსაყივნები, -
ზღვები იყინებიან,
შენ არ გაიყინები...
იები იძინებენ,
ვერ მოგდევენ გვერდს ხლებით,
მუხა წავა სიზმარში,
მიფრინავენ მერცხლები!
შენ კი კერას არ ტოვებ,
ოჯახს ვერ უღალატებ,
თუმცა გძულს სიმარტოვე,
მატოობით ანათებ...
და თუ მტერმა, ვერაგმა,
არ მოგწამლა ბალღამით,
გასძლებ ჩითის პერანგით,
ძველი წამოსასხამით,
ერთი მჭადის ნატეხით,
ერთი ძველი ქალამნით;
დროთ ქარტეხილს გაუძლებ,
როგორც შოთას კალამი!
6
გული ჩემი გასწმინდე
მორაკრაკე ალერსით.
შემავედრე მთაწმინდელთ,
უვიცი, უარესი!
მაპატიონ, ვუსუსტე
ერის მწყობრს და გალობას:
ჩემმი სიტყვის ძუძუსმტემ
მომცეს რძის უმშრალობა!
შემავედრე სამშობლოს,
თუ მისი ხმა არ მახსოვს,
მიწის ძარღვის ნაშობო,
თავ-ფეხამდის ალმასო!
ბაღს ნუ გადამიქელავ,
მინდა - გადამიქარგო;
შემინახე სიმღერა,
ლექსი არ დამიკარგო!
ყველა ცრემლი დამიშრე
შენი სხივის რიჟრაჟით,
იყავი მეხვაიშნე
ცის და მიწის წინაშე,
დამანახვე ხვალის დღე
შენი სარკის მინაში...
მომავალში გამიძეხ
ცისფერ ზვირთთა მტრედებით...
სიმღერები დამირწყე,
ვიდრე აგიმტვერდები!
1962 წ.