1

 

დასტყლეშავს ფრთებს და მიაშხუილებს,

უელავს თვალი ალმას-მთებარე;

ჭიან ტყემლადაც არ მიაჩნია

მთელი ქვეყანა წინამდებარე.

 

ბრჭყალში უჭირავს ელვის წინწალი,

მიჰყივის მზეს და მიიმღერება...

დაჰხედავს მიწას, თუა მიწანი,

მგონი, არც ახსოვს, არც ეჯერება.

 

გაენთო ტატნობს,

            გასჭრა ფარგალი,

ახალ ოცნების საფარფაშებლად

ცის მარმაშებში ეძებს მარგალიტს,

თან ცისარტყელას ეთამაშება.

 

ფრთებით მსუნთქავი ქარტეხილისა

იქნებ მიურბის მღელვარ დროებას?

დაუდგრომელი ძე ქუხილისა

თუ ეძებს სადმე დამყუდროებას?

 

იქნებ მუსიკა ესმის შორეთის,

მზის ნასურნელებს ეამბორება;

ცა, ჯოჯოხეთი უნდა ორივე

და ოცნებითვე შეეტბორება!

 

ანუ ბრწყინვალე მიზანს თუ მისდევს,

სისხლი სულისა რომ ამჩქეფაროს;

და უნდა, ფიქრი ვარსკვლავებს მისცეს,

არ დარჩეს ლტოლვა უნატერფალოდ,

 

იქნებ მზე უნდა თავის საჯდომად,

ცათა სიმაღლის აღრჩობს წყურვილი?

ეგების უნდა მზესთან დარჩომა,

ანდა აშმაგებს ცხარე სურვილი, -

 

აჰხადოს ფარდა მზის იქით, მიღმა,

და საიდუმლო გაიმცნაუროს?

რომ იგონებდეს მიწას, ვით სიზმარს,

ან მიწის სუნთქვით იქ იხმაუროს!

 

ან იქნებ მისთვის მიეკვეთება,

რომ უნდა ქვეყნის გადაკეთება?

 

მიამსხვრევს ბორკილს,

მირეკავს წყვდიადს,

ჰა, მეხის ლურჯ ფრთას ფრთებით მიება,

რა ენატრება: მეგობრის ტყვია,

სიყვარული თუ შურისძიება?!

 

პრომეთეოსის დროის ტოლია,

და ახსოვს მისი არ დამონება;

მისთვის არ არის ხომ ისტორია,

ალბათ დასცინის ამაოებას!

 

მისთელავს სივრცეს ცეცხლიან ტერფით,

მკერდით შეკრული, გეშით მგზებარი,

მხრებზე აყრია ვარსკვლავთა ღველფი,

მეტეორების ბრწყინვალებანი...

 

სისხლი და ვნება,

აზრი და ნება,

ლტოლვა, ძიება, -

            ორბად ქცეულა!

თვით ბრძოლის დროშა,

თვით შთაგონება

ალმასასხმული ცად აღწეულა!

 

2

 

და როცა ორბი ავარვარდება,

იელვებს ფიქრი გასაკრთომელი,

ნუთუ ზეციდან ჩამოვარდება,

მიწას შეერთვის ცათა მზომელი?

 

ფრთენი დამიწდეს?

            როგორ იწამებ?

გაქარწყლდეს ფიქრი გულის მზარავი!

არ შემხვედრია დედამიწაზე,

არ მინახია ორბის საფლავი!

 

ფრთენი დამიწდეს? - ვიღამ იბრძოლოს,

ან გამარჯვებით ვიღამ იხაროს?

ვიღამ ითრთოლოს ქარიშხლის ზვირთში,

ან ცეცხლი თავზე ვინ გადიყაროს?

 

მიჰკვეთს, მიქშუის, მიემართება,

მხოლოდ მზე არის ორბის მესია.

იცის, რომ თითონ მარტოდმარტო,

ყველა მწვერვალზე უმაღლესია!

 

და თუ დაბერდა, კოცონს აინთებს,

თავს ზედ დაიწვავს, დაინაცრება!

გაჭაბუკდება ფერფლით აღმგარი,

რომ კვლავ მოასწროს ქარის გასწრება!

 

არ ჩაბარდება მიწას აროდეს,

არც გაიკარებს სიკვდილს წამიერ.

დე, მარად მზისკენ მიიჩქაროდეს,

ცოცხლობდეს

ცეცხლით, -

მრავალჟამიერ!


1962 წ.