პირში მერცხალი ჩაიბუდე,

შემოდი, მეკვლევ,

შენ მომიმკვლიე სიჭაბუკე, ცხენი ფიცხელი,

ჩანგი, ნაღარა...

            გული ვარდით აანარეკლე,

მიეც სამშობლოს მზიანი დღე აურიცხველი!

 

შემოდგი ფეხი,

შენი კვალი - შემოქმედისა!

ბედნიერება მოგვილოცე,

ნუ დავბერდებით...

არ გაგიკვირდეს, სურვილები თუ მაქვს მეტისა,

თუ სიყვარული არ მაძინებს

ჩემი ბერდედის...

 

ააჩინჩხალე ჩიჩილაკი:

ამდენი პური...

ამდენი ღვინო...

მარგალიტი...

ლომი და ვაჟი...

დავუძმობილდეთ სიმაღლეებს,

სიტყვა ღველფური

სთქვი და ჩაატკბე სიყვარული, ვით თაფლი სკაში!

 

არ გამშრალიყოს რძიანობით

სამშობლოს ფესვი,

იყოს უბინდო ცა მშობლიური - იით ნათესი,

ხიან-მიწიან-წყლიან-ტყიან - ქართლი ხარობდეს.

მთანი და ბორცვნი,

კლდეები და ქვებიც გალობდნენ...

ღრუბელთ ზესკნელის კიდევ იქით გავინავარდოთ

და მზის მწვერვალთან იყოს მოდგმა ნებისმყოფელი,

გვქონდეს სახლყოფა უჭირველად,

საიავარდოდ,

მზით გასირმული

ჩახჩახებდეს ქალაქ-სოფელი...

 

მე მიყვარს მეკვლე -

დღეწავლილი, ხანმოთეული,

რამდენი შრომით და ჭაღარით ნატვირთალია!

ნაპერწკლის ელვა ჩიჩილაკის გამოტეული

გავარვარებულ ოცნებათა ნატვრისთვალია!

ლარნაკი - ვარდულ შუქ-ელვათა მკამკამებელი,

ყურძნის ჩხის ქება,

კოლხურ ოქროს სხივი მკრთოლვარე,

ზამბაკი ზღვისა...

მარმარილო, როგორც მთოვარე...

შემოდგი ფეხი, სთქვი დალოცვა საამებელი.

 

დალოცე კერა

და აკვნები ტკბილი ბედისა...

შემოდგი ფეხი,

შენი კვალი - შემოქმედისა!

 

მომეცი, შენი თაფლის ხვეზა გამინაწილე,

მიცოცხლე ერი, - საძირკველი მისი, საძირე...

მამათ ამაგი

და სახელი დიდებიანი...

დედათ ღიმილი,

სათნოება მშვიდობიანი.

დე მიწის ძუძუ ყვავილებმა სიმღერით სწოვონ,

დე ბაღნარებმა  ძეძვნარები შეავიწროვონ.

 

ჩვენი ვენახი სულ მწიფობდეს

        სართვლო დარობით,

რტონი დიოდნენ - დაზნექილნი  მსხმოიარობით

და საწნახელი სიყვარულით გადმოსულიყოს...

 

დიდი დღე იყოს,

დღე საჩინო,

ძლევით ურიცხვო...

ატეხილიყოს, ნავარდობდეს ლექსის გრიგალი!

რაში ჭიხვინებს...

და მხედარი მისიც იქ არი!

 

შემოდგი ფეხი,

ისევ გული გამიბალღურე,

მზეზე ადრე ხარ დასანახი,

          მეკვლევ კარისა!

შენ მათქმევინე ის, რაც ვერ ვთქვი,

           ვერ ვახალხურე,

გამონაჟონი წყაროსთვალის, თავანკარისა...

 

ვთქვა გულის სიტყვა,

ცერზე მიზის ლექსის მიმინო,

რომ საქართველოს მაისურ ცით ჩავიღიმილო...

 

ასწი ჩიჩილაკს,

ბღუჯა ცეცხლი შემომაყარე,

გაჰკარ ნაპერწკალს,

გული ცისკრით აანარეკლე,

დღეს საქართველოს გამარჯვებით

         შენ გამახარე,

მოგელი ხონჩით,

კარი გავხსენ,

შემოდი, მეკვლევ!...


1963 წ.