მზეო, იცინე, გაზაფხულის აზამბარია!
აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
წვიმავ, ჩარეცხე ჩემი სული, ნაზამთრალია!
წვიმავ მიმღერე,
სიჭაბუკის მოსვლა მახარე,
ნიავო, ვარდი საქართველოს გადააყარე!
მზეო, იცინე, სიყვარულის აზამბარია!
ვინ ააყვავა ეს ხეები
და რამ დახატა
ან ეს ჩიტები,
ეს ჩანჩქერები
ვინ აღაღადა!
ყინულის ქერქი მიწისაგან გადამძვრალია,
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, მისი ბრალია!
მისთვის ყოველი ირგვლივ მოსჩქეფს, მღერის, წკრიალებს;
დუღს და ყვავილობს, მოელვარებს, მღერის, ძგრიალებს,
ზურმუხტ-ფირუზში აფანტული ოქრო ქრიალებს,
სიო მინანქრით მზის ყვავილებს ანამქრიანებს.
ათქვირებული ფოთოლნარი...
მთვრალი ფათალო...
ნუშებს გადაჰკრავს მაჭრისფერი...
როგორ დავთვალო
მე სხვა ფერები, ივერიის მთებს რომ ამკობენ,
მესმის, ხეებიც რომ ქართულად ლაპარაკობენ!
მუხამ ფოთოლი შეიბერტყა, რა დიდებულად!
უმწეო იაც უცნაურად ამდიდრებულა!
ხევი ხარხარებს, ზარხოშია, ალბათ დალია!
სხივნარა დილა!
მზე კი არა, ნაღვერდალია!
აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
რა ზავთი არი,
რა დგრიალი,
რა ბრიალია!
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, მისი ბრალია!
მშობლური მიწის სავსე ძუძუ უფრო გავსილა,
დამალევინე ნექტარული ზურმუხტ თასიდან!
- ასწი, გაამოს!
- დღეს ვარდების არი ღრეობა!
შაბაშ! ჩემია გაზაფხულის მემკვიდრეობა! -
მხარზე მასხედან დურაჯები, ოქროს მტრედები;
მე თუ მოვკვდები - მზის კოცნაში გავცამტვერდები!
წვიმავ, ჩარეცხე ჩემი სული, ნაზამთრალია,
მზეო, იცინე, გაზაფხულის აზამბარია!
აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, - მისი ალია!
ხომ უკვდავებაც სიყვარულის ცეცხლის ბრალია!
1963 წ.