XV ს-ის ბოლოს და XVI ს-ის დასაწყისში საქართველოს ორი ძლიერი სახელმწიფო - ოსმალეთის (თურქეთის) იმპერია და სეფიანთა ირანი გაუმეზობლდა. ისინი საქართველოს მიმართ თავიდანვე მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგნენ. დაიწყო ქართველი ხალხის 300-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადი კულტურის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა ხშირი შინაომების ფონზე, რაც პოლიტიკურად დაქუცმაცებული საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. მაგალითად, მარტო ქართლის სამეფომ XVI ს-ში გადაიხადა თოთხმეტი ომი ირანელებთან, თერთმეტი ომი თურქებთან, ხოლო ცამეტი ომი სხვა ქართულ სახელმწიფოებთან.

მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანმა და თურქეთმა 1555 წ. დადეს ხელშეკრულება ერაყის, ქურთისტანისა და ამიერკავკასიის გაყოფის შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ირანის, ხოლო დასავლეთი კი - თურქეთის სამფლობელოდ გამოცხადდა. მაგრამ ქართველებმა არ ცნეს ეს გადაწყვეტილება და კვლავ შეუპოვრად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. როგორც ეროვნული შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზატორები XVI ს-ში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან ქართლის მეფეები ლუარსაბ I (1527-1556 წწ.) და სვიმონ I (1556-1599 წწ.).

XVII ს-ის დასაწყისისათვის ოსმალებმა მოახერხეს სამცხის სამთავროს დაპყრობა. სამცხელი ფეოდალების ნაწილმა ისლამი მიიღო და სულთნის სამსახურში შევიდა. დაპყრობილ ქართულ მიწებზე შექმნილი იქნა ოსმალური ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხის ვილაიეთი, რომლის მმართველი ფენა ვილაიეთის გამგებელი ფაშების ჩათვლით, ძირითადად, გამაჰმადიანებული ქართველი ფეოდალებისაგან შედგებოდა.

საქართველოს დანარჩენმა ნაწილებმა შეძლეს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, მაგრამ იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ დამპყრობელთა უზენაესობა: აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოები - ქართლი და კახეთი - სეფიანი შაჰის, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები - იმერეთი, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი - ოსმალო სულთნის ვასალები გახდნენ. მაგრამ ურთიერთობის ამ მოდელმაც არ მოიტანა მშვიდობა, ვინაიდან დამპყრობლებს საქართველოს სრული ინკორპორირება სურდათ, ქართველები კი ცდილობდნენ ხელიდან არ გაეშვათ დამოუკიდებლობის აღდგენის არც ერთი შანსი.

განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია აღმოსავლეთ საქართველოში XVII ს-ის პირველ ნახევარში, როდესაც შაჰმა აბას I -მა მიზნად დაისახა ქართველების ირანში გადასახლება ან გაჟლეტა, მათ მიწებზე კი ირანელების გადმოსახლება. მარტო კახეთიდან შაჰის ჯარებმა 100 ათასი ადამიანი წაასხეს ტყვედ, თითქმის ამდენივე კი მოკლეს. შაჰ–აბასის ლაშქრობების შემდეგ კახეთში ადრინდელი მოსახლეობის ერთი მესამედიც აღარ დარჩა. მაგრამ ქართველმა ხალხმა თავისი გმირული ბრძოლით ჩაშალა შაჰის გეგმები. 1625 წ. კახეთის მეფის თეიმურაზ I -ისა და ქართლელი მხედარმთავრის, გიორგი სააკაძის მეთაურობით დაწყებული აჯანყების მსვლელობაში საქართველოში მომქმედი ირანის არმია განადგურებული იქნა. შაჰ–აბასი იძულებული გახდა შერიგებოდა ქართული სამეფოების არსებობის ფაქტს.

აღმოსავლეთ საქართველოში მდგომარეობა შედარებით სტაბილურდება XVII ს-ის 30-იანი წლებიდან, როდესაც მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს: ქართლისა და კახეთის მეფეები აღიარებდნენ ირანის შაჰის უზენაესობას, ეს უკანასკნელი კი მათ შინაურ საქმეებში არ ერეოდა.

დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებს შორის XVII ს-ში განუწყვეტელი ომები მიმდინარეობდა, რაც თურქებმა გამოიყენეს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. მათ ხელში ჩაიგდეს რამოდენიმე სანაპირო პუნქტი და ყველანაირად ხელს უწყობდნენ ტყვეებით ვაჭრობას, რომლის შედეგად ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაჰყავდათ.

უცხოელთა განუწყვეტელმა შემოსევებმა და ფეოდალურმა შინაომებმა ახალი ზიანი მიაყენეს წინა საუკუნეებში დასუსტებულ ქვეყანას. გრძელდება ეკონომიკის დაცემა, ქრება სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის მრავალი დარგი, განუხრელად მცირდება მოსახლეობის რიცხვი. აღნიშნულმა გარემოებებმა შეაფერხა განვითარებული ფეოდალური საზოგადოების შემდგომი წინსვლა და ზოგან (განსაკუთრებით მთიან რაიონებში) ადრეფეოდალური და პარტრიარქალური ინსტიტუტების გამოცოცხლება გამოიწვია.

ერთგვარი ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ XVII ს-ის 30-40-იანი წლებიდან შეიმჩნევა და ისიც მარტო აღმოსავლეთ საქართველოში (კერძოდ, ქართლში), რომლის მდგომარეობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ პერიოდში შედარებით სტაბილურდება. შექმნილმა ვითარებამ დადებითად იმოქმედა საქალაქო ცხოვრებაზე. თბილისის მოსახლეობა, რომელიც XVI ს-ის ბოლოს 10 ათას ადამიანს არ აღემატებოდა, XVII ს-ის მეორე ნახევარში 20 ათასამდე იზრდება. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანის ქალაქებთან ჰქონდა.

XV ს-დან მოყოლებული XVII ს-მდე ქართული კულტურა დაქვეითებას განიცდის. ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრება მკვეთრად ჩამოუვარდება X - XIII ს-ის დასაწყისის ბრწყინვალე ძეგლებს. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში უკვე აღარ არსებობენ გელათისა და იყალთოს ტიპის უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები. წერა-კითხვას უმთავრესად ოჯახებში და ეკლესია-მონასტრებში ასწავლიდნენ. XVII ს-დან განათლების დარგში იზრდება აგრეთვე დასავლეთ ევროპელი კათოლიკე-მისიონერების როლი, რომლებიც საქართველოში აარსებენ სკოლებს, სადაც კათოლიკურ მოძღვრებასთან ერთად ასწავლიან იტალიურ და ლათინურ ენებს, ზოგიერთ პრაქტიკულ მეცნიერებას და სხვ.

XVII ს-ში აღორძინებას იწყებს ქართული ლიტერატურა. მეფე თეიმურაზ I -მა, მეომარმა და პოეტმა, ქართულ პოეზიაში ეროვნულ-ისტორიული მოტივი შემოიტანა. მან პოემა მიუძღვნა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის აღსასრულს, რომელმაც შაჰ–აბასის ტყვეობაში უარი განაცხადა დაეგმო ქრისტიანობა, რისთვისაც საშინელი წამებით მოკლეს. თეიმურაზის შემდეგ ისტორიული თემატიკა უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ პოეზიაში.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე