35

გულწრფელმა შექებამ სასიამოდ გააღიმა ვეზირი და მადლობის ნიშნად თავი დაახრევინა მეფის წინაშე. ხმა კი აღარ ამოიღო, სმენად გარდაიქცა და მოლოდინად: მიჰხვდა გამოცდილი კარისკაცი, რომლის სიბრძნე ცბიერობის დაღმართისაკენ იყო დახრილი, რომ მეფის გულს საიდუმლო რამ განცდა აღელვებდა, მის გონების თვალს განსაკუთრებითი სურათი აღმართოდა წინ, მის სულში ახალ გრძნობას გაევლო და ღრმა კვალი დაემჩნია; ეს იდუმალი განცდა ავსებდა აწ მეფეს და მზა იყო განსახიერებულიყო თქმაში თუ ქმნაში. ელოდდა ვეზირი, განეგრძო მეფეს თვისი საუბარი, შეჰხებოდა უჩინარ საგანს თვისის ჰაზრისას; ამაოდ ელოდდა! არ გაუმართლდა ლოდინი. აღარა სთქვა აშოტმა საგანზედ სიტყვა, თავი შეიკავა, გაჩუმდა. გატაცებულ თვალებში მაინც ეტყობოდა, რომ სურათს შეჰსტრფოდა ოცნებაში დასახულს, ხოლო ულვაშქვეშ კმაყოფილების ნელი ღიმილი ჰმოწმობდა, რომ იგი სახება საამო იყო მისთვის, მსალბუნებელი.

თვის მეხსიერებაში მეფე იმეორებდა ცხად ხილვას უცნაურს. შენივთებულ ომის დროს აშოტს საფრთხე შეემთხვა: ბუმბერაზ მოწინააღმდეგისაგან მოქნეული გურზი მიშველებულ ფარს მოჰხვდა ზევით ქიმში, დახარა ფარი, ეცა ჯინჯილს მუზარადის თავზედ და გადასწივ-გადახარა ჩაბალახი. მომხდომმა კვლავ შეიმაღლა იარაღი და უსათუოდ გაუპობდა დაუფარავ თავს, თუ აშოტის ხმალს ელვისებურს არ შეეჭრა მისთვის თითები. იმ საშინელ განსაცდელის წამს, რომელმა გადიქროლა აშოტის თავზედ, მას ხორცსხმულად მოელანდა შუქური; ქალმა გააპყრო მკლავები აშოტისაკენ, რომ მძლავრად დაშვებულ ლახტს ჯერ ის გაენადგურებინა. განცვიფრდა მაშინ ვაჟკაცი; იგი განცვიფრება მერეც იმავ ძალით მეორდებოდა, როცა წარმოიდგენდა იმ საშინელ წამს განწირულებისას.

- ბევრჯერ მწვევია განსაცდელი. ვიცი, ამისთანა შემთხვევებში საკვირველის სისწრაფით გაიელვებენ გონებაში წარსული ამბები თუ სურათები. მაგრამ ეს ჩვენება სრულებით არა ჰგვანდა მათ. თითქმის უცნობი ქალის გამოცხადება, მის შეძრწუნება, ჩემ სახსნელად თავის დადება, ეს სულ სხვა რამ არის უცნაური. ნუთუ შუქურის სული თანა მდევს მე და მზად არის მეფაროს ძნელ შემთხვევაში?!

- შუქურის სული, ხორციელადც თითონ შუქური?

- როგორ?!

- ესე: არის ხორცი თავთავადი; ხორცი მშვენიერი, მძიმე, შავ ნივთ ნაჭარბი, დაშლად მიხდილი; იგი ვერა სდევს მისგან პყრობილ სულს აღმაფრენაში. ცოდვაა სული უხრწნელი ხრწნად გვამში მდგომი. არის ხორცი სულიერი, მსუბუქი, მჭვირვალ ნივთთაგან სპეტაკად თხზილი, მარადისობის გზაზედ შემდგარი. ხორცი იგი თანასდევს სულს მის მიმოსვლაში. ტანი იგი სულიერი და სული უნივთო თანაზიარ არიან ერთმანეთისა ყოველს ჟამს, ყოველ საქმეში. მათ თანასვლას ვერ აბრკოლებს მანძილი დიდი, ვერ აყენებს ზღუდე მაგარი.

- იმ ცხოვრებაში?

- ამ ცხოვრებაშიც! ჯერ იშვიათად. უნდა ემსგავსოს ღმერთის შვილი ხორცითაც უფალს...

- როგორ განცვიფრებით მიმზერდა შუქია მაშინ, როცა სტუმრად ვიყავი მათთან! თაყვანებით... წავალ! წავესწრაფები, ვუამბობ ყველაფერს; სულით დავისვენებ იმ სახიერთან, - ფიქრობდა მეფე.

ვეზირს ხმა გაეკმინდა. კვლავ მოლოდინით შეჰყურებდა თავის ბატონსა. დარწმუნებული იყო, ის თვის იდუმალ ფიქრს განცხადებულ სიტყვებში ჩამოჰქნიდა, უნებლიეთ გაუზიარებდა თავის ხვაშიადს. ისე ცხადად ჰქონდა მეფეს სურათები ახატული გონების თვალწინ, რომ სწორედ ესე მოიქცეოდა თვის შეუმჩნევლად, თუ არ შეენიშნა ვეზირის თვალებში ცნობისმოყვარეობა ცბიერი. მეფემ თვალი მოჰკრა ამ გამომეტყველებას და თავს მოეგო, დახშა უცხოსგან თვის ფიქრთა კარი, სულაც ჩაკეტა. იგრძნო გამოცდილმა კარისკაცმა, რომ იმედი გაუცრუვდა ამჟამად. მიჰმართა:

- წაბრძანდი, ბატონო! შრომის შემდეგ შეგშვენის საკუთარ სურვილით შეალერსება. თავს გაითავისწინებ, სულს დაიწყნარებ, ახალ გეგმას შესთხზი ხალხთ სასიკეთოდ, შენს სადიდებლად. დავაბინავებთ ლაშქარს, ნადავლის ნაწილს ჩამოვურიგებთ დაზარალებულთ, უმწეოდ შთენილთ; მოვაწყობთ ყველაფერს, ვით ეს შეჰშვენის გამარჯვებული აშოტის სახელს. მერმე მობრძანდი სრა-სასახლეში, მეფევ ბრწყინვალე, შენის მემკვიდრით.

სდუმდა მეფე: ოცნებათა არეშივე დანავარდობდა.

- შენ მობრძანებამდინ ვეცდები შევიტყო ნამდვილი ჰაზრი ბიზანტიის საკეისროსი და ის განზრახვა, რომელი ახელმძღვანელებს მას ჩვენთან ურთიერთობის წარმოებაში.

- იწვრილე გაიგე! ბიზანტიის ტახტი ყოველთვის ბევრსა გვპირდება. ცოტას გვისრულებს. თავდაჭერით მოებყარით, გარნა ზრდილობით. ვიცი მაგათი განზრახვა; ჰსურთ გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო. მხოლოდ იმ პირობით, რომ მარად ვებრძოდეთ აგარიანთ. აწ ისლამი ებრძვის აქ საქრისტიანოს, მაგრამ ამ ბრძოლას უფრო ღრმადა აქვს ფესვები გამდგარი.

- გვიბრძანე, ბატონო მეფევ!

- წინააზიას უნდა ებყრას თვის ძლევამოსილ ხელში ზღვათა ნაპირები, იმ ზღვათა კლდეები, რომელნი გარს არტყიან დიდ საბერძნეთსაც. ეს სანაპიროები ცხოვრების კარია აზიელთათვის: ეს კიდეები სიმდიდრის ბჭეა ბიზანტიისთვის. ამ ადგილთათვის ებრძოდა მრავალ წელს სპარსეთი ათინას, ალექსანდრე დიდი - დარიოზ ბრწყინვალეს, ძლიერი რომი - პონტს თუ სხვა ყველა სახელმწიფოს დასავლეთ აზიაში. ამავე საგნისთვის ებრძვის აწ განახლებული სარკინოზი მიყანდებულ ბიზანტიას. ეს ბრძოლა იქნება დაუსრულებელი, სანამ რომელიმე მებრძოლთაგანი არ დაეუფლება ამ უშრეტ წყაროს ცხოვრებისას, მტკიცედ, მკვიდრად, საბოლოვოდ.

- რით არიან ეგ ადგილები ეგრე ძვირფასი და სანუკვარნი?

- თვისი ულეველ სიმდიდრით; როგორც მარჯვე გზები სოვდაგრობისათვისაც.

- მესმის!

- საქართველო, შენი სამფლობელო?

- ესეც ხომ მდიდარია, ღვთისგან ნაკურთხი, ედემის კუთხე. სასოვდაგრო გზაც გადმოდის ჩვენს ქვეყანაზედ საუკეთესო და მიემართება სკვითეთისაკენ, ჩინ-მაჩინისკენ, ირან-თურანისკენ, ინდოეთისკენ. ჩვენი ერთობა ბიზანტიასთან ამისთვის ავსებს ჯავრით აგარიანებს. თუ დავეზავებოდით სარკინოზს და ხმალს მივმართავდით ბიზანტიისკენ, მყის მეგობრობად შეიცვლებოდა ეს დიდი მტრობა. არის ამისი ნიშნები.

- როგორ შეიძლება მართლმორწმუნე ერმა მხარი არ დაუჭიროს ბიზანტიას და მიემხროს ვინმე უსჯულოს?!

- სხვა სჯულს, არა უსჯულოს!.. არ შეიძლება, მართალი ხარ... აკი იძულებულნი ვართ განუწყვეტლივ ვებრძოლოთ მტერს უზომოდ ძლიერს... ბიზანტიას არ შეუძლიან შემუსროს ძალა სარკინოზთა.

- მეგობრობის ნიშნებიო აგარიანთა მხრივ, ჰბრძანე შენ.

- დესპანი მოგვივა ემირისაგან, საკვირველ წინადადებას მოგვცემს, - სთქვა მეფემ.

და ანიშნა, რომ ჰსურდა განმარტოებით ყოფნა. განშორდნენ. ვეზირი გაკვირვებული გამოვიდა მეფის კარავიდან. აშოტის ჰაზრთა ახალმა სახემ განაცვიფრა ის.

- ნუთუ მეფეს სხვა ვინმე ჰყავს უკეთესი მესაიდუმლოვე, მარჯვე მთხრობელი, რომელმა შესძლო მასზე ადრე გაეგო. რა ხდება თვით სახელმწიფოში თუ მის გარეშე და კიდეც შეატყობინა მეფეს?

მე კი, გამოცდილმა ვეზირმა, ალღოც ვერ ავუღე მას.

- ერიჰა! დავბერდი, დავკარგე ფიქრთა სიფხიზლე, მომიცვდა ფხა გონებისა... რას აკეთებენ ჩემ მიერ ემირის კარს მიჩნეულნი, რომ არ შემატყობინეს, რა ხდება იქ, რა განზრახვებს ევლებიან იქ თავს, - წყრებოდა ვეზირი თავის თავად.

და ვერ გაეკვლია სიმართლე. მართალი კი ის იყო, რომ ემირმა კერძოდ მოაწოდა უსტარი აშოტს, საიდუმლოდ. ამცნობდა მეფეს, - ელჩებს გაახლებო; სთხოვდა კეთილად შეეწყნარებინა იგინი, გულდინჯად მოესმინა დანაბარები.

36

- დახე, ქალო, პური კიდევ დაჯდა: ნამდვილ გვეწვევა ვინმე.

- მობრძანდეს! სტუმარი ღვთისაა. მეც დილიდანვე მომავალს მეუბნება, თვალი მითამაშებს.

- ნეტა ვინ უნდა იყოს მომავალი?

- ვინ იცის! სასიამოვნო კი იქმნება, კარგი ამბის მომტანი: ესე მაქვს დაცდილი მარჯვენა თვალის თამაში.

- ეჰ, ჩემო კარგო, მე კი ვეღარავის გავუმასპინძლდები ჩემებურად: ავადმყოფობამ დამაძაბუნა, უყავარჯენოდ ვეღარ დავდივარ.

- მართალს ამბობ! რაც ავადა ხარ, სახლს აღარ უხარიან რა. ჩვენ ჭერქვეშ ღიმილს ბინა მოეშალა, სიმძიმილმა დაისადგურა. მაგრამ ნუ ინაღვლებ, ისევა ვნახავთ კეთილ დღეებს. ექიმმა მითხრა, ავადმყოფობა ვერ მოერევა, როგორც მტერიც ვერა სძლევდაო.

- ნეტავი ეგრე მოხდეს, საყვარელო! მეც ხანდახან იმედით შევყურებ მომავალს, როცა მეტ შაღავათსა ვგრძნობ. ჭრილობა უფრო საშიში გამოდგა, სინამ ექიმს ეგონა.

- საშიში არაფერია, მაგრამ ძალიან ნელ-ნელა რჩება: შესაფერი წამალი ვერ მოუძებნეს.

- მაინც ეგრეა, ჩემო ყველავ! წამალი კი, ვინ იცის, რა ადვილია და უებარი, ოღონდ კაცს შეეძლოს მიაგნოს. გამიგონია: ხელმწიფეს მემკვიდრე ავად გაუხდა, დღითი-დღე დნებოდა. მოიღალნენ ექიმები მთელის ქვეყნისა. გარდაიცვალა. გასჭრეს. ძვალი უპოვნეს კუჭს გამოზრდილი. ხელმწიფემ ის ძვალი დანის ტარში დაატანებინა. არ იშორებდა. მოხდა, დანა ტარით დასდვა ბოლოკის ნაჭერზედ. დადნა ძვალი.

- ვაჰ, საყვარელო!- შემოიკრა მეფემ, - უებარი წამალი აქვე ყოფილა, მე კი მთელი ქვეყანა ამაოდ შევსძარ!

- ახ, ნეტა გულთმისანი ვიყო! გავიგებდი, რა გარგებდა და უთუოდ ვიშოვნიდი. სიცოცხლეს გავსწირავდი, მაინც ვიპოვნიდი.

- ჩემო ლამაზო! თუ შენ სიცოცხლეს შესწირავდი, სიმრთელე ჩემთვის ჩალადღა ეღირებოდა, - უთხრა ქმარმა.

და მაჯა დაუკოცნა, გულში ჩაიკრა ხელი პაწაწა.

- მაინც დარწმუნებული ვარ, განგება შეისმენს ჩემს ვედრებას, არ გასწირავს შენს სიჭაბუკეს და მასთან ერთად ჩემსაც სიცოცხლეს. იცი, პატიკო, ძალიან ვლოცულობ, ყოველთვის ვეხვეწები ღვთისმშობელს, მალე გილხინოს. ვიცი, შემისმენს შემიბრალებს, - სთქვა ქალმა.

და თვალებზედ ცრემლი წამოადგა, მადლით აღსავსე თვალებზედ. გაჩუმდა ცოლ-ქმარი, ფიქრმა წაიღო. სევდამ შავი ზეწარი გადააფარა მათ ყოფას, გული ჩაუბნელა ჯერ სიცოცხლით გაუმაძღარი.

- იცი, პატიკო, გამიგონია, ინდოეთში იციან, ქმარი რომ გარდაიცვლება და დასწვავენ, ცოლსაც იმავე კოცონზედ დაფერფლავენო. კარგია! რაღა სასიცოცხლოა ღვთის ანაბარად მიტოვებული ქალი ვაჟკაცის შემდეგ?!

- ნუ იტყვი, ჩემო კეთილო! მიწა გრილია. ნელ-ნელა გაგრილდება გულიც მგლოვრისა. წარსულს თან არავინ გაჰყოლია. ან რა საჭიროა?!.. მეც დამივიწყებენ: მეფეც, ჩემი კარგი ამხანაგებიც. ჩემი ხმალი სხვის ხელში აელვარდება. იქნება, შენც დამივიწყო, სიხარულო ჩემო, იქნება...

შესწყვიტა სიტყვა. გული ყელში მოებჯინა იმისთვის საშინელ სურათის ხილვით, რომ მისი ცოლი, საყვარელი შუქური, შეიძლებოდა სხვას აჰხვეოდა, მკვიდრ მისაყრდნობელს, რომ ყვავილებად გარდაშლილიყო მასზედ და დაეტკბო იგი სხვა, დაემშვიდებინა.

- უწინამც დღე დაელიოს შენს შუქურს! სთქვა ქალმა გულწრფელად და გაჰკვირდა თითონვე, რომ ვერაგმა გონებამ თვალთწინ დაუხატა ბუმბერაზი აშოტი, ის წუთი, როდესაც საომრად მიმავალმა მეფემ ერთს წამს თვალი შეაჩერა მასზედ, განცვიფრებული თვალი, დიადი განცდის მსახველ-მხატველი. რომ დაეთრგუნა იგი მაცდური ჩვენება, რომელი თითქო შეურაცხებას აყენებდა მის ქმარს, მის გვირგვინს ნაკურთხს, მიუახლოვდა ვაჟკაცს და მორცხვად აკოცა ჩაფითრებულ ტუჩებში. პაატამ მკლავი მოხვია მეუღლეს, მიიზიდა. მალე უშვა ხელი: ფეხის ხმა მოესმა ეზოდან და ზახილი.

- აკი გითხარ, გენაცვალე, მომავალს მეუბნება, სტუმარი გვეწვევა-მეთქი. ნეტა ვის არიან?

- სტუმარი კი არა, ქალო, თითონ მეფე ბრძანდება, ბატონი აშოტი, - დაიძახა პაატამ.

და წამოდგა, გაემართა შესაგებებლად, ქალმაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოსულებისკენ. მოიკითხეს ერთმანეთი. გაიხარეს ერთურთის ნახვით. თვალმარგალიტი ჩამოაბნიეს ლამაზი თქმისა, ღიმილ-სიცილისა. გაუმასპინძლდნენ ნამგზავრ რაინდებს, დააპურეს, მოუსვენეს. მეფე მეორე დღესაც იქ დარჩა საღამომდინ. მოსთხოვა მოლარეს, მიერთმია მასპინძელთათვის გადადებული საჩუქრები.

- ეს შენ, პაატა! ძვირფასად არის მოოჭვილი, პირი მაინც სჯობია შემკულობას: ბასრია, დალოცვილი ოსტატისაგან ნაჭედი. შეგშვენის მებრძოლს!

- გმადლობ, ბატონო მეფევ, წყალობისათვის. ვიყავ მებრძოლი. აჩრდილიღა ვარ სიკვდილმილეული. ვაი თუ ვეღარ დავამშვენო ეს იარაღი, ვეღარ შევღებო ფხაასხმული შენის მტრის სისხლით...

მეფემ გაიგონა პაატას თქმა, ჰხედავდა, მართალი იყო ის, წინადგრძნობა არ ატყუებდა, მაგრამ თავი შეიკავა, ნუგეში არა სცა სიტყვით. ან როგორ უნდა ენუგეშებინა უსასოქმნილი?! ჰხედავდა მისი გამოცდილი თვალი, უკურნებელი სენი შესდგომოდა ვაჟკაცს და ჰფქვავდა მას ნელ-ნელა, თანისთანობით. აშოტის თვალმა კიდეც განსჭვრიტა აუცილებელი ბოლო პაატას ავადობისა: იხილა იგი უსულოდ მდებარე. შეებრალა უდროვოდ ხელდაკრებილი რაინდი თავდადებული. მეფის გონების თვალთწინ ბევრი ხანი არ დაჰყო გვამმა უსულომ, მიეფარა. გამოჩნდა შავადმოსილი შუქური. თმაგაშლილი დასტიროდა თავის მეუღლეს. რა კარგი იყო თვით სასოწარკვეთილებაში! ღაწვნი დაეხოკნა, სისხლის ღარნი ეხშირებინა შეუბრალებელს. ხშირი დალალნი ხუჭუჭ სხივებად მოჰფენოდნენ შენამულ სახეს. გადაგდებული ყელი ნათელთა სვეტად მოსჩანდა ძაძის ჩარჩოში, შენივთებულ სხივთა რამ ღეროდ. მიუახლოვდა ცხედარს სევდით აღსავსე, დაეწება მარჯნის ტუჩ-ბაგით მის გაყინულ შუბლს.

- მოაშორეთ! ზედ არ დააკლათ ნორჩი სიცოცხლე ყვავილოვანი!

- ნუ, გენაცვა, ნუ მოიკლავ თავს! დამშვიდდი, დაჰმორჩილდი განგების ნებას; ნუ დასტანჯავ ბედშავის სულს დიდ მწუხარებით.

როგორ შეანათა ამ თქმაზედ დიდრონნი თვალნი, ცრემლთ საგუბარნი! მხოლოდ ნეტარს შეეძლო კოცნით შეეშრო იგი თვალებიმხურვალე კოცნით გახშირებულით.

მეფე ისე გაიტაცა ამ სახილველმა, რომ ერთს ხანს დაჰკარგა მან შეგნება სინამდვილისა. თვალგაშტერებით გაჰყურებდა სივრცეს ნაღვლიან-დაფიქრებული. პაატამ იდუმალ ანიშნა ეს შუქურს. მეფის სახემ კაეშნით მოსილმა სიამე აღძრა ავადმყოფის გულში: დარწმუნებული იყო, რომ აშოტს მისმა ავადობამ აუშალა სევდა-ნაღველი. გულს ეფონა: თანაგრძნობა ძვირფასი ზღვენია ყველასათვის, მეტადრე დიდებულის თანაგრძნობა გულგაღებული. შუქურსაც გაეხარდა, რომ მისი ვარამი საკუთარ დარდად დაესახნა ბუმბერაზ აშოტს. მადლობის თვალი მიაბყრა სტუმარს, აღტაცებული.

37

წავიდა მეფე, თან გაჰყვა მასპინძლების თვალი და გული.

პაატას იმედი ჩაუსახა მეფის აღთქმამ.

- სწრაფლ აღასრულებს თავის დანაპირს. დაყოვნება არ უყვარს, აღარც ყოყმანი, როცა გარკვეულ აზრს ადგია. გადავლენ იქ, არტანუჯში, მეფის ციხე-დარბაზის სიახლოვეს იცხოვრებენ უზრუნველყოფილნი. პაატა მეფის მოყმეთაგანი იქნება, მისი თანამხლებელი ყოველსა ჟამსა, შვებისა თუ იწროების დროს, ჭირში თუ ლხინში. გაიზიარებს ბრძანებელის ყოველ გულისთქმას, სამშობლოსაკენ მიმართულ მის ფიქრებს კეთილს. მეფის მარჯვენა შეიქმნება იგი მარჯვედ მოქმედი. ერთხელ იხსნა ცხებული განსაცდელისაგან, კვლავ შესწირავს თავს მის სასიკეთოდ. ესე შეშვენის რაინდს უმწიკვლოს. ისევ კარგად შეიქმნება პაატა და ძალიან მალეც: მეფის კარს განთქმული ექიმები არ დაილევიან; ბატონი უბრძანებს მათ, ზედ შეალიონ თავისი ცოდნა მისთვის თავგანწირულს.

ლამაზმა ფიქრებმა თავი წაართვეს ვაჟკაცს, გაიტაცეს. უღიმოდა იგი თავის ოცნებას უკვე ხორცშესხმულს; სიამის შუქი პირს დაჰფენოდა, ჩაქარვებულ სახეზედ იმედის ყვავილი გადაჰფურჩქნოდა თვალგაბრწყინებულს. დუმილით გაჰმზერდა აშოტის სავალს, განგების კვერთხით ქართვლის ბედზედ გავლებულ მის გზას.

სტუმრის გზას გაჰყურებდა შუქურიც, მასზედ ფიქრობდა. აშოტის თქმაში თუ მზერაში ამოეკითხნა ქალს თბილი გრძნობა, რომელი გადასცილებოდა სახიერებით ნაკვესს თანაგრძნობას და შაეღო ბჭე ფარულ ნდომისა. მის მზერაში გამოსჭვივოდა მზის სხივთ მილტოლვა ყვავილისადმი გადაშლილისა. ამას ალღოთი ატყობდა ქალი; მოქმედებაში არ დასახულიყო ესეთი სწრაფვა. ეს საიდუმლო განცდა თავისის სიდიადით თუ საოცრობით არხევ-არყევდა ქალის გულს და აღელვებდა ხან საიმედოდ, ხან საზარელად:

- ნუთუ მეფემ შეჰხედა შუქურს სურვილის თვალით?! ნუთუ გული უთქმიდა მას მისთვის, მხევლისათვის თვისისა?! ვაი თუ მართლა გულს ისრად დაესვა მეფეს მისი სიკეთე დიაცური და მაშინ. დასწვავს სურვილი ქვეყნის მპყრობელისა მას, საწყალობელს.

- მზის შვილია მეფე. როგორ გაუძლებს მის სხივთ სიცხოვლეს სუსტი ბილილა, თუ მისკენ მიაქცევს იგი თავის მცხინვარებას?!

- დამწვავს მზეჭაბუკი, დამფერფლავს, ნავლად გარდამქმნის და... ტერფით დამქელავენ; ქარი წამიღებს, მტვრად მიმომაბნევს. მე კი... მე მსურს ჩემი ცხოვრება პატივით ვატარო, უმწიკვლოდ მივიტანო ჩემი ქალობა კუბოს კარამდინ... რითი შევებრძოლო ნებას უმძლეველს ან როგორ?! და დავიდები საკიცხავად ქვეყნისა, დაგმობილ იქნების კაცთაგან ხსენება ჩემი... ნუ, ნუ იყოფინ ესრეთ! მიხსენ, უბიწოვო, ვნებათაგან აღტკინიბულთა, ისართაგან მაცდუნებელთა; განმარინე მხევალი შენი განსაცდელისაგან საშინელისა, სახმილისაგან...

- ახ, რა ნათელია იგი სახმილი ტკბილ-მწვავი! დამწველი, ვით ცეცხლი უფლისა მისდა შეწირულთათვის; ტკბილი, ვით ღვთაების ნათელი უჩრდილო მისგან შეწყნარებულთათვის.

გრძნობდა შუქური გულის სიღრმეში, რომ იგი სახმილი ვნებათა, მისგან ბუმბერაზის არსებაში აღგზნებული, არც თუ სარიდო იყო მისთვის; იქნება მის მწველ ალში ენახნა მას შუქი თვის ნეტარებისა. გული უღიმოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ განთქმული მეფე დიდებული აფასებდა მას, ქალს ლამაზს, სანდომ-საალერსოდ. ხომ დაჰნატროდა შუქური დედოფალს, თანამეცხედრეს რჩეულის ვაჟკაცისა; აწ შესაძლოდა სჩანდა, თითონ შექმნილიყო დედოფალი რჩეული იმ ვაჟკაცისა, მის გულისვარდი საიშვიათო.

- მოხდება, დიდი მბრძანებელი მოიხიბლება უბრალო მხევლისაგან. სიტურფე დაიმონებს ლომგულ ყარამანს. უწინ თურმე ეშხით ბყრობილი ღმერთები ხორცს შეისხავდნენ და უკავშირდებოდნენ მშვენიერებას. სიტურფე ღვთაებურ ნიჭთაგანიაო უშლელი, ანარეკლი თვით სახიერის მეუფისა. ვაჰ, რომ ეშმა თვის ბადედა ხმარობსო მას ხანდისხან, მითხრა ერთხელ დედა თებრონიამ. ბევრის მცოდნეა თებრონია მეფეთა კარს ზრდილი, განათლებული, დიდის გრიგოლის თანამოღვაწე, მისი ცალი სულიერი, - სთქვა ქალმა და სარკეში ჩაიხედა: უნდოდა მოეალერსებინა თავის შუქმფენ სახისათვის. ბოლო დროს სიმშვენიერე თანდისთან ემატებოდა შუქიას, თვალთა ნათელიც უფრო ეგზნებოდა. ახალ ქალურ მეტყველებას იღებდა მისი სახე, ისევ ისეთს, როგორიც იყო ჯერეთ უფრჩქვნელი, ხელ-შეუხები.

- იქნება ეს ჩემი სახე თანასდევს ქვეყნის მესვეურს, მოჭირნახულეს?! იქნებ სიამეს აგრძნობინებს ერის კეთილზედ მარად მზრუნველ მაღალ მონებას?! მაგრამ...

- ჰო, მშვენიერო, შენი სახე განუყრელად თან ახლავს შენს მეფეს. იგი სახე გადუხსნის ვაჟკაცს ზრუნვით მოღრუბლულ შუბლს, მის თვალთ მიჰფენავს ნათელს მღიმარეს. მადლი შენ, ყვავილო მშვენიერო ჩვენის ქვეყნისა!

- იგიც ხორციელია და ვერ შესძლებს დიდის ზრუნვით მარად დღე ტვირთვას, თუ ჟამითი-ჟამად გული არ გაუღიმებს მას, თვალი არ დაუტკბება ხილვით წალკოტში გაშლილ სიტურფისა, თუნდ სხვის სავარდეში: სიმშვენიერე ჰნათობს მზესავით და ყველას აქვს უფლება ეთაყვანოს მას.

- შორეულსაც?

- ძალიან შორეულსაც!

- და მხოლოდ ლოცვაი შორიდგან? თაყვანისცემა შორეულს?

შუქური გართული იყო სარკეში მზერით. იგი ეალერსებოდა სიცოცხლით სავსე სახეს, მიჭვრიტიდან რომ გამოჰმზერდა მას მოღიმარე, უალერსებდა თავის სპეტაკ ლოყას ვარდით შეფერილს, მოსწონდა ტევრი დახრილ წამწამთა, თვალთა სხივს რომ გაეშუქიბინა მწვანე ციაგად გამოკრთომილსა; უალერსებდა თავის ლამაზ სახეს, გული რომ გაუნათა მეფეს თუნდ ერთს წამს, მზრუნველ ბუმბერაზს, მამულის დარაჯს.

იცოდა ეხლა შუქურმა ეს, ალღოთი მიმხვდარიყო ამას, უხმო ხმას ჩაეწვეთებინა ეს მისთვის პატარა ყურში, მარგალიტის ნიჟარასავით სპეტაკ ყურებში. ძლიერ ფარულად ეთქვა ეს, ისე საიდუმლოდ, რომ არ გაეგონა სხვის აჩრდილსაც კი, არა ჰსმენოდა მის საყვარელ ქმარს, შავარდენ ჭაბუკს აწ ფრთამოტეხილს, მიმკრთალებულს, მიწისფრად ფერფლილს, დაშტერებით რომ უმზერს თავის მეუღლეს.

არ იცოდა უბრყვილო შუქურმა, რომ იგი ხმა იდუმალი საყვირის ზახილივით ესმოდა პაატას, უხმო კივილი იგი ყურს უხევდა მას თავის სიმკაცრით, გულს უპობდა მას, ვით განმახვილი წვერი მომღერალის ჰოროლისა. პაატას სარკეში ამოეკითხნა ქალის გულისთქმა, როგორც რომ მისანს, - იმავ სარკეში, საიდანაც მოსჩანდა სახე შუქურისა, და შურით აღგზნებული გული მისი სევდის ნაპერწკლებს აკვესებდა მის თვალებიდან.

ქალმა იგრძნო მწვავე ცეცხლი შურისა და მსწრაფლ დაუშვა სარკე. სინანულის ღიმილით მიუბრუნდა ქმარს. მიუახლოვდა, მიეალერსა. პაატამ უსიტყვოდ ჩააქრო თვის გულში ალი შურისა; შუბლზედ აკოცა მის მიხრწნილ ხელთ მყოფ სიტურფეს. მოულბა გული. შეეცოდა ქალი. შერცხვა თავის ეჭვიანობისა.

- რას არ იფიქრებს ეჭვით აღსავსე გული კაცისა, რა ცოდვას არ ჩაიდენს! - გაიფიქრა სირცხვილეულმა.

38

შუქურზედ ფიქრი თან აედევნა მეფეს მიმავალს, შეიჭრა იგი მის ჰაზრთა სადენში, საამო საგნად შეექმნა მეფის გონებას. შუქურის სახეც თან აჰყვა აშოტს, გზა-გზა უღიმოდა კდემამოსილად. აღარც მოჰშორდა იგი ხატება მის გონების თვალს, სახელმწიფო ზრუნვათაგან შენაოჭებულს მის მაღალ შუბლსა, თან ახლდა მეფეს იგი სახე შვების დროსაც და მოქმედების ჟამსაც; მეჯლისშიც და საბჭოს დარბაზშიც. ბრძოლის დროს, ბუმბერაზულ შემართების წამს, ბევრჯერ ასციაგებია მას იგი სახე მოწვდილ ხმლის ელვარებაში. ყოველთვის გულს უამებდა ვაჟკაცს სათნო იგი ხატება მშვენიერი, სიმშვიდეს აგრძნობინებდა, სულით ასვენებდა ფრიად დამაშვრალს, უზომოდ ღელვილს. ძილად განმზადებულ აშოტს ბევრჯერ შეუნიშნავს იგი აჩრდილი თვის სასთუმალთან.

შუქურის ეთეროვანი სურათი ჩადგა მეფისა და მის მეუღლის შუა. როცა დედოფლის თვალთაგან მშრალგულიანი მბრძანებელის ულმობელობა მცხინვარებდა, შუქურის თვალთაგან მსალბუნებელი სითბოთა სხივი გამოკრთებოდა და სათნოების ნაზ ნათელში ჰხვევდა ვაჟკაცის ყოფას, დამყუჩებელ სიამეს განაცდევინებდა.

მეფე შეეჩვია საიდუმლოდ მასთან თანამავალ სახებას. ბევრჯერ განრისხებული მსწრაფლ დამშვიდდებოდა, მიაპყრობდა რა იმ ჩვენებას თვის გონების თვალს: განხორციელებულ სათნოების გვერდთ ჰქრებოდა სისასტიკის ალი აღტკინებული. ხელებს დაუკოცნიდნენ შუქურს ყველანი, ვისაც კი ასცდენოდა მეფის რისხვა იმ სანდომ ჩვენების ზედგავლენითა. ახ, არ იცოდნენ ეს საიდუმლო!

უკვირდა მეფეს, რომ იგი ხატება ჟამთა მსვლელობაში კი არა ცრიატდებოდა, არც ბაცდებოდა, უფროც ცხად იქნებოდა, ყინჩდებოდა, მკაფიო მეტყველებას იღებდა... სამეფო ზრუნვები კი არ აგრილებდნენ მეფის გულში ამ ახალ გრძნობას, არცა სჩრდილავდნენ გონების თვალთწინ იმის არსებას, უფრო ამჟღავნებდნენ, აცხოველებდნენ: მეფე თავის ყველა საღვაწს იმ ქალის სახელით იწყობდა ეხლა და მის მოგონებით დაათავებდა.

სამოქმედო კი აუარებელი ჰქონდა საქართველოს მაშენებელსა: სამზღვრების გაფართოვება და გამაგრება, ციხე-ქალაქების აგება და შეიარაღება; მეზობელ სახელმწიფოებთან თუ სამფლობელოებთან კავშირის გამტკიცება და საპატიო პირობათა დადება; ხალხის ცხოვრების აღვსებით დენა, აღყვავება, განვითარება. ამ მრავალსახე შრომისა და მოღვაწეობის დროს გვერდში უდგნენ მას მისნი ერთგულნი თანამშრომელნი; მასთან ერთად იღვწოდნენ იგინი თავგამოდებით. ხოლო უხილავად მარად თან ახლდა მას იდუმალი თვისი სიყვარული შუქური და განამხნევებდა ტვირთმძიმეს თავისი თბილი თანაგრძნობით. შუქური მარად აღტაცებული იყო მეფე რაინდის ქველობით და ამ მხურვალე თანაგრძნობას, აღფრთოვანებას იგი ჰხატავდა სიტყვით კი არა, ალერსით იდუმალით, მხოლოდ შეხედვით. უსამზღვრო ნდობა რომ იხატებოდა, იმ ჭვრეტით სახიერით.

თითონ რაინდიც ცხებული სხვას რომ ბევრს არ ეტყოდა თავის საისტორიო მოქმედებებზედ, სხვებთან რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა მათ, თითქო ის დაუვიწყარი საქმეები მხოლოდ უბრალო საკეთებელნი ყოფილიყვნენ ჩვეულებრივნი; შუქურს მოუთხრობდა დაწვრილებით, თვის გულს გადაუხსნიდა მას, დიდებულ გრძნობათა შესაკრებელს. იმასაც კი ამცნობდა ვაჟკაცი, როგორი შიში იბყრობდა რაინდს უშიშარს ზოგიერთი სახელმწიფო სამოღვაწეოს წინაშე, რომელი თავისი სიდიადით თუ სიძნელით თავზარსა სცემდა მას, სასოწარკვეთილების ბჭემდინ მისდრეკდა. იმასაც მოუთხრობდა ქალს, როგორი სიხარული გაშუქდებოდა მის კაჟივით გულში, როდესაც ეწეოდა თვის სურვილს დიდებულს, აღისრულებდა საწადელს საბედნიეროს.

- შუქურო ჩემო! იცოდე, შენ ხარ ერთადერთი მისანდობელი ჩემი და ვის უნდა ვამცნო პირველი ჩემი მისწრაფებანი, თუ არა შენ?! შენს თვალებში ამოვიკითხავ მოწონებას, მაჯილდოვებელ ალერსს, მამხნევებელ წაქეზებას. იცი? შენის რიდით ვერ ვბრძანებ რამ სისასტიკეს, თუნდაც საჭიროს, მფლობელისათვის აუცილებელს, ვეკრძალვი შენს აჩრდილს ლმობიერს...

- ახ, როგორ შევეთვისე შენს სურათს, ჩემს სულში ასახულს! ხალისსა ვკარგავ, უძლური ვხდები, როს მიეფარვის იგი ან მიმქრალდება გონების თვალთწინ, - ეტყოდა აშოტ ფიქრთა არეში სატრფოს იდუმალს.

მაგრამ ფიქრი ვეღარ აკმაყოფილებდა ეხლა ვაჟკაცს, მხოლოდ ოცნებაში ხილვა სანდომ სახისა. ეს იგრძნო მეფემ, მწვავედ განიცადა, როდესაც მეორედ ნახა შუქური და დაჰშორდა. ძლიერ მოჰსურდა ხშირად ენახნა შუქური, მისი აჩრდილი კი არა უნივთო, თითონ ის სინამდვილეში. მისთვის იყო, რომ უბრძანა არტანუჯში მსწრაფლ აეგოთ სახლი პაატასათვის და მოეწყოთ ოჯახის საცხოვრებლად.

- სიცოცხლე მიძღვნა თავის სიცოცხლის ღირეულობით და დია მმართებს ზრუნვა იმაზე. კიდეც აღუთქვი, მისას რომ ვიყავ. გამართე იგი, დააბინავე ქალაქში, რომ შესაძლო შეიქმნას მისი უკეთ წამლობა. ჩქარობს ექიმი: ვერა სწვდება სიშორის გამო და ეშინიან.

- შენი მადლიანი მეხსიერება ვერ დაივიწყებს პაატას. არ ივიწყებს იგი სხვა თავდადებულებსაც. წყალობა უხვად ეფინება მათ ყველას. პაატას ბედი სწორედ რომ ბეწვზედა ჰკიდია. ავადმყოფობა შეუფერხებლივ ჰფქვავს ვაჟკაცს და სასწაულთმოქმედი იქნება ჩვენი მკურნალი, თუ დაიხსნის მას სიკვდილისაგან. მე ვხედავ ამას და პირველად მის ბინას მოვაწყობინებ. მალე დავაბინავებთ აქ ახალ მეკომურს.

სახლთხუცესმა აასრულა მეფის ბრძანება: მალე დაასახლა პაატა სასახლის ახლო. ექიმი ეხლა განუწყვეტლადა სწამლობდა მას. ამაოდ შრომობდა! სიკვდილი დასადგურებულიყო მის ნამზნევ აგებულებაში, ვეღარ გაუშვებდა თავის ხელიდან მის კერძად დებულს. აშოტის გამოცდილი თვალიც ამჩნევდა ამას. აღონებდა ეს ამბავი მას, მაგრამ ამ საღონებელის გვერდზედ აღმოცენებულიყო ყვავილიც მისი სიხარულისა: აქამდისინ რომ მხოლოდ ოცნებაში სტკბებოდა აშოტი ხშირის ხილვით შუქურისა, მისი განუყრელი თანახლებით; ეხლა შეძლება მიეცა მალ-მალ ენახა პირისპირ თავისი სიამე, ჩაეხედნა მის თვალთა სიღრმეში, გაეგონა მისი ხმა ლბილი; კვლავ და კვლავ განეცადნა ის უსამზღვრო თაყვანისცემა, რომელს ფიანდაზადა ჰფენავდა ქალი მის ფერხთქვეშ და დამტკბარიყო ამ უანგარო შესაწირავით.

- და მერმე, მცირე ხნის შემდეგ, განმარტოვდება შენი შუქური პატრონმოშლილი! - ეტყოდა მას ცბიერი ჰაზრი.

თუმცა ვერ კადრულობდა სისრულით აექარგა მის წინ სურვილთ ხატებანი, ვნებათა განსახებანი. ჯერ ვერ ჰბედავდა!

და თვით შუქური, თუნდაც რომ მარტო, თავისუფალი, განა მიჰხვდება ვაჟკაცის ტანჯვას, გაიგებს გულუბრყვილო მის სურვილთ ძალას?

- რა იცის საწყალმა, როგორ ძვირფასია ის ჩემთვის. ვეროდეს მიჰხვდება სპეტაკი სული მისი, რომ ვემონები მე მეფე იმას! ჩემი სურვილები მარად თავს ევლებიან მას, დასტრფიან ლამაზს. მზე არის იგი ჩემის გულისა...

- როგორ წარმოიდგენს ან რით შეიგნებს, რომ არ ხარ ბედნიერი, მოგნატრებია ის სიამე, რომლით სტკბება მრავალი შენი ქვეშევრდომი?!

- ვერ შეიგნებს, ვერ წარმოიდგენს, რომ ჩემი პალატებიდან განდევნილია ღიმილი სიყვარულისა, დამზრალია ყვავილი სიამისა.

- ვერც იმას დაიჯერებს, რომ შენი იდუმალი ტანჯვის მალამოა იგი!

- ვერ ირწმუნებს! ვუთხრა, შეკრთება, შეშინდება, მთლად შეძრწუნდება; არა და ჩემი საიდუმლო ცეცხლად იქცევა ჩემს გულში მწველად, გასწვავს ჩემს ნებას, თვით განცხადდება.

მაინც ეგონა გულუბრყვილოს, რომ შესძლებდა დაეკმაყოფილებინა გული შორიდგან ტრფობით, იდუმალი სიყვარულით უნივთოითა, ჰაზრთა არეში ალერსით, კოცნით თუ ხვევნით; იმედი ჰქონდა. ამაოდ! ხორცსხმულს ვერ ძალუძს ნივთთა გარეშე განსახოს მოძრაობა თვისის გულისა.

39

ვერ შესძლო ჭირთა ფარვა ვერც ძლიერმა აშოტმა: ჭირმა თავი არ დამალა. მოსურვილდებოდა მზის შვილს ნახვა შუქურისა, ისე მოსწყურდებოდა, ვით უდაბნოში მოგზაურს წყალი. ვერ ენახნა იგი პირიმზე, რომელი მარად მასთან იყო ნატვრათ არეში, ფიქრთა სამფლობელოში. ეხლა შეძლებაცა ჰქონდა ზედი-ზედ ენახა მას იგი ქალი: პაატა უკვე არტანუჯში ცხოვრობდა მეფის სასახლის მახლობლად. ავად იყო იგი, შემძიმებული. თანაგრძნობა ეჭირვებოდა მზრუნველთა თუ მახლობელთაგან. კეთილი მეფე პირველი ჭირისუფალი იყო მისი, სიკეთის დამხსომებელი, მადლობის მახორციელებელი. შევიდოდა პაატასას, მოიკითხავდა ავადმყოფს, გამოჰკითხავდა ექიმს განწირულის მდგომარეობას; ნუგეშსა სცემდა შეჭირვებულთ; მათ ჩაღამებულ სახლში შუქი მზისა შეჰქონდა მზის შვილს. არც თვითონ გამოდიოდა იქიდან მთლად უნუგეშოდ, მისი ქველმოქმედება უხვ სასყიდელსა ჰპოვებდა ავადმყოფის სავანეში: შუქურს ჰნახავდა, მის ხმას ისმენდა, მისგან მიწოდებულ წყალს მიირთმევდა. ერთს წუთს მაინც დაუშუშდებოდა წყლული გულისა, ჩაუნელდებოდა ერთს წამს სახმილი მწველი.

მხოლოდ ერთს წამს! გასცილდებოდა კარის ბჭეს, სურვილი უფრო აღეგზნებოდა და თვის ალში სწვავდა ვაჟკაცის ნებისყოფას, აძაბუნებდა მის უნარს ბრძოლისას, საკუთარ თავთან მედგარ ომისას. მზა იყო იგი ისევ მიბრუნებულიყო, ერთი კიდევ განეცადა სახე სასურველი.

უკვირდა აშოტს: ყოველ ნახვაზედ ახალ-ახალი სიმშვენიერეს პოულობდა ქალის არსებაში, სულის სიკეთეს თუ ხორცთ სილამაზეს, ნაქანდაკებ რამ სისრულეს ღვთაებურს. ესეთი განცდა უმეტეს აგზნობდა მის სურვილს. ბაბილონის სახმილს აღატყინებდა მის ბუნებაში. მისწურავდა მას რაიმე საკვირველ ქცევამდე, შეუფერებელ მოქმედებამდე დაბრძნობილ ვაჟკაცისათვის, მეფისათვის კეთილგანმგებელისა. ესეთი გრძნობა მით უფრო ძნელი იყო აშოტისათვის, რომ ჰხედავდა ის მოახლებას წუთისას, როცა დაიმსხვრეოდა მისი ნებისყოფა, ამაო შეიქმნებოდა ყოველივე ბრძოლა თუ წინააღმდეგობა, გადაჰხეთქავდა საგუბარს ვნებათა ტბა უძირო და წაჰლექავდა ყოველსავე სიფრთხილეს, მოსაზრებას შემაკავებელს, ადათს წმიდად მიჩნეულს, კანონს მტკიცედ დაფუძნებულს. ძრწოლით ელოდა ამ საშინელ წუთს, პირად იმისათვის ედემის განმხმელს, სხვის ჰაზრში მის შეურაცხმყოფელს, დამამარცხებელს, დამამცირებელს.

თვის ძნელ ყოფაში ის უფრო აწუხებდა გამიჯნურებულს, რომ შუქურს ვერ ეგრძნო ცეცხლი, რომელიც აღეგზნო მას რაინდის გულში; არ სჩანდა ეს, არ ეტყობოდა. ვერ შეეგნო ქალს, რომ მის წინაშე აშოტი მეფე კი აღარ იყო გვირგვინოსანი, მიჯნური იყო მოჯადოებული, სატრფოს ნების მასრულებელი, მის სასიამოდ მსხვერპლთა მწირველი. ქალს ვერ გაეგო ეს საკვირველი ცვლილება ვაჟკაცის ბუნებაში, და მის ქცევაში თუ შეხედვაში ისევ მხოლოდ უსამზღვრო თაყვანისცემა იხატებოდა ზეკაცის მიმართ, განცვიფრება კაც-ღმერთის წინაშე. ესე ყოველთვის!

- ვერ იქმნა, ვერ შევნიშნე მის თვალებში ცეცხლი ეშხისა, სურვილთა ალი, ვნებათა ღელვის რაიმე ტალღა! ნუთუ ვერ მიხვდა იგი უმწიკვლო, რა სურვილთა კოცონი დააგზნო ჩემს გულში?! ან თუ მთლად ფაქიზია მისი ბუნება, სპეტაკი, წმიდა და ხორცთა სწრაფვა ვერ შესთვისებია მის ქალწულობას ბიწშეუხებელს?!

- ეგრეა სწორედ! მეუღლეა იგი კაცისა, გარნა არსება მისი ისევ ქალწულია, ბიწშეუხები, შეუბღალავი.

- სრულებითაც არ აღბეჭდვია ლამაზ სახეზედ ცოდვათ ხატება, ბეჭედი კრძალულ ნაყოფის გემოდღებისა; ჯერ არ შემოსძარცვია შუქთა სამოსი, რომელი ჰფარავს ასულს ევასი ვნებათა უძლეველ ძლიერებისგან...

- რას ამბობ, ხელო?! სხვისა ცოლია იგი შუქური, სხვის ხელნახლები და შელახული.

- ვაჰ, ჩემს ლამაზს ვეშაპი დაჰპატრონებია, შეუპყრია შავბნელს, შემოჰხვევია. ჩემი ხმალი კი...

- უძლურია შენი მარჯვენა მის წინაშე, ვერ აღიმართება მახვილი შენი მის გასაგმირად: ის ხომ პაატა არის შენი თანამოღვაწე, შენთვის სიცოცხლის არ დამზოგველი და...

- მაინც განვგმირდი, ბასრით გავუკვეთდი გულს ჩემის გულის ყვავილის მფლობელს, თუ ბუნებას არ დაესწრო ეს ჩემთვის: ამ ქვეყნად მცხოვრები აღარ არის ის, სხვა გზა აქვს; სიკვდილი დაუფლებია მას, აღარ გაუშვებს თავის ფოლადის ბრჭყალებიდან, - სთქვა მეფემ.

და დაღონდა: ვერ შეჰრიგებოდა იმ ამბავს, რომ უბედურება პაატასი, რომელი ოდესმე რაინდულად უყვარდა მას, რომლისადმი მთელი თვისი არსებით იყო იგი მინდობილი, რომლის მიმართ მის გულს არაოდეს უგრძვნია ძვირი, არც თუ ნასახი ბოროტებისა, რომ პაატას ბნელი ბედი ეხლა სიხარულის შუქსა ჰბადებდა მის გულში. იმასაცა ჰხედავდა განცვიფრებული: თუ ბუნება არ დაჰხმარებოდა მოერიდებინა გზიდგან ეს დაბრკოლება, თითონ გასწმენდდა შუქურისაკენ მიმავალ კვალს ჩახერგილს. არ დაინდობდა არც ძმობილს! ვერ შესძლებდა დანდობას, თუნდაც მიემართნა მთელი თვისი ძალებისათვის, მთელი თვის ნებისყოფისათვის, გამიჯნურებულ აშოტ შმაგს ვეღარ დასძლევდა აშოტ-განმბჭობი. დინჯად მოაზრე.

მოაგონდა ღელვილს თვისი შორეული წინაპარი დავით. განიცადა იმანაც ესეთი გრძნობა და ვერ შესძლო ბრძოლა მის წინააღმდეგ, ემონა იგი თვის ვნებას უძლეველს.

- როგორ იყო ის ამბავი, ხუცესო?

- ვიდოდა დავით ერდოთა ზედან სახლისა სამეფოისა და იხილა დედაკაცი ერდოით, რომელი იბანებოდა. იყო დედაკაცი შესახედავად ფრიად კეთილი. წარავლინნა მსახურნი და მოიყვანეს დედაკაცი იგი ბერსაბია, ცოლი ხურია ქეტელისა, შევიდა მისდა. და მიუწერა დავით წიგნი იოაბს, მხედართმთავარსა თვისსა: შეიყვანე ხურია პირისპირ ბრძოლისა ძლიერისა, რათა იწყლას იგი და მოკვდეს. დაადგინა იოაბ ხურიაი იგი ქეტელი ადგილსა ზედან განსაცდელთასა. გამოვიდნენ კაცნი ბრძოლად და მოკლეს მუნ იგი.

- მისთვის მომწონხარ, ხუცესო ჩემო, განსწავლილ ხარ მწიგნობრობაში!

- მისთვის თაყვანს გცემ, მეფეო ჩემო, უკლებლივ იცი ხმარება საჭურველისა! წიგნი საღმთო იარაღია ჩემი...

- ვნება მონისა შენისა დავითისა განახლებულ არს გვამსა ჩემსა, მეუფეო ჩემო; დამიფარე ცოდვისაგან მისისა. ვუწყი მე უსჯულოებაი ჩემი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შედრკა ძალაი ჩემი და უძლურ ვიქმენ წინაშე საცდურისა ამის უძლეველისა. მსურის ფრიად! მოაკლდების სულსა ჩემსა ძალი ბრძოლისა. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო! სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან! - ილოცვიდა აშოტი.

მაგრამ იცოდა, ვერავინ და ვერარაი იხსნიდა მას სისხლთაგან: განძვინებული ნებისყოფა მისი სისხლს დაჰღვრიდა მისას, ვინ დააბრკოლებდა მას ამ მისთვის აუცილებელს მისწრაფებაში. ძლიერი იყო იგი სიყვარული, რომლით განმსჭვალული იქმნა აშოტი. უძლეველ იყო იგი, ვითარცა სიკვდილი; ფიცხელ იყო შური სიყვარულისა მის, ვითარცა ჯოჯოხეთი. ალი სიყვარულისა მის - ფრთაი ცეცხლისა!

ღმერთს მაინც უყვარდა აშოტი მაშინაც კი, ოდეს გული უთქმიდა ცოლისათვის მოყვასისა თვისისა: მისი განგებით გზა თავისთავად ხსნილ ექმნა ტრფიალს. იხსნა უფალმა მარჯვენა მისი სისხლთაგან უბრალოთა: სიკვდილმა დროზე უსწრო გულდაკოდილ ჭაბუკს ცხოვრებისაგან გაწამებულსა; არ ჩაიტანა საფლავში შური სიყვარულისა უნელებელი.

ნდომით შეირთო პაატამ შუქური. ეგონა ბედშავს, ტკბილად შეაბერდებოდნენ ერთმანეთს. მუხთალმა ბედმა არ გაახარა ვაჟკაცი: გადაეგო იგი უმურაზოდ, უძეოდ: აღგზნებული ეშხი ჩაიტანა ცივ სამარეში. ახ, რა ენანებოდა ვაჟკაცს თვისი საუნჯეების ქვეყნად დატოვება: სათნო შუქურისა და სისხლში ნაწრთობ ხმალისა! მომაკვდავს ხელიდან არ გაუშვია არც ხმლის ვადა, არც მეუღლის მთრთოლარე თითები; ორივეს მოწიწებით ემთხვია უკანასკნელ წუთს თვისის სიცოცხლისა.

40

ეს საიდუმლო გრძნობა განუყრელად თანა სდევდა აშოტს. თანდისთან იზრდებოდა იგი გრძნობა. ფართოდა შლიდა ფრთებს მის ბუნებაში და სჩრდილავდა იქ ყოველ სხვა სულისკვეთებას. უმზერდა აშოტი გრძნობის ზრდას და უკვირდა, როგორ შეუდრკომლად ჰხრიდა ის თავისკენ მის ნებისყოფას, ისეთის ძლიერებით, რომ უკუაგდებდა მის ზრუნვას საოჯახოს, მოღვაწეობას თვით სახელმწიფოს. კიდეც ეშინოდა უშიშარ რაინდს ამ საამო განცდის ესეთის ზრდისა: შეიძლებოდა ამ გრძნობას მთლადაც დაემორჩილებინა ის, ვინ ჯერ არ მომდრკალიყო არავის წინ, ვის ქედმაღლობა არ დახრილიყო მონურად თვით ღვთის წინაშე.

ჰხედავდა ვაჟკაცი, რომ იგი გრძნობა და მისგან ნაწვევი მოძრაობა ყოველი ეწინააღმდეგებოდა: მის ოჯახისადმი მოვალეობას, არყევდა კერას, უარჰყოფდა მცნებას სჯულისას, არღვევდა თვით სჯულსა. დარწმუნებული იყო, ის გრძნობა აამხედრებდა მის წინააღმდეგ ჯალაბს, ეკლესიას ძალამოსილს; უკუაქცევდა მისგან მთელს ერს ზნეამაღლებულს.

მეტადრე ეფიქრებოდა აშოტს ეკლესიის მხრივ, რომელი მასთან ერთად მხარდამხარ იბრძოდა ჯვარით ხელში აგარიანთა წინააღმდეგ, და მედგრად იღვწოდა, რომ არ გაედგა საქართველოს ნიადაგში ისლამს ფესვები. სჯულს სათავეში ედგნენ ამ დროს ძლიერი ხუცები, უტეხი ნების მექონი კაცნი, მსგავსნი და სადარონი მეფის თანამშრომელ სარდლებისა თუ ბჭეებისა. ამ მებრძოლთ მოთავედ იდგა ისეთივე შემმართებელი და უდრეკი ადამიანი, როგორიც იყო თითონ აშოტ დიდი, მეფესთანვე აღზრდილი გრიგოლ ბერი, მონასტერთა მაშენებელი.

გაძლიერებულიყვნენ სამეფოც და ეკლესიაც, გაკაჟებულიყვნენ ბრძოლაში მტერთან, რომელიც უქადდა სამშობლოს მოსპობას ნივთიერად, განადგურებას სულიერადაც, გარდაქმნა-გარდაცვალებას. აშოტის ხმალი და ხანძთელის ჯვარი სწორად შეჰგებებოდნენ მოზღვავებულ მტერს. დახრაი ერთის მათგანისა ნიშანი შეიქმნებოდა მტრის ზეიმისა; თუნდ მცირედი შერყევა ერთისა სიმტკიცეს შესძენდა მოსულ მებრძოლთა სიბოროტეს; ერთის მათგანის სხივთა დაბუნდება, თუნდაც ჟამიერი ჩანელება, სიამის ელვით შეჰმოსავდა სამშობლოს ჩასანთქმელად პირაშკმულ ვეშაპს.

- ძნელსაცნობია ადამიანის ცხოვრება: როგორ მოვიფიქრებდი, რომ მე, ტახტის მემკვიდრეს, გვერდით ამომიდგებოდა საქართველოს ბედის ჭედაში მამაჩემის სახლში სამოწყალოდ აღზრდილი ობოლი, რომელი ჯვარისა თუ კალმის მსახურად ემზადებოდა. მე და ის აწ თითქო ერთის ხარისხით წარმდგარვართ ერის წინაშე და ვიბრძვით, ვგულოვნობთ, სულ სხვადასხვა გზით, გარნა ერთისთვის: ერის სადღეგრძელოდ, საღორძინებლად, მის განძთ დასაფარავად, სულიერის და ხორციელის მისის სიმდიდრისა. უხმოდ ვმეტოქობთ ხალხის სიკეთის შეხვავებაში, ვებრძვით ერთმანეთს აუზრახებლად. ნუთუ ამ ბრძოლაში ვიძლიო მე, ჩამოვრჩე მწირსა! - გაიფიქრა აშოტმა და აღელდა, შეწითლდა, წარბი შეიხარა. მოაგონდა თავის მამის ნათქვამი:

- ეს ობოლი საკუთარის ძალით გაიკვლევს გზას ცხოვრებისას, დაიმორჩილებს ბედს, მიაღწევს დიდს აღმატებას.

- როგორ, ბატონო?

- მისი ნიჭი და უდრეკი ძალა სულისა თავმდებია ამისა; უსამზღვრო მისი თავმოყვარება წანამძღვარია დიდების გზაზედ; მარად მოფიქრებული მოძრაობა საშუალებაა ძნელ სავალზედ, ურყევად მისი მარები.

მაშინ ყურადღებას არ აქცევდნენ ამისთანა წინასწარ თქმას არც სამეფო ოჯახის წევრნი, არც მეფის მახლობელნი. ეხლა უნებლიეთ გაახსენდა ეს აშოტს. გრიგოლის სახელი უკვე გვერდით ედგა მას ეხლა, როცა საჭირო შეიქმნა ძლევამოსილ ისლამთან სჯულის ნიადაგზედ ბრძოლა საქართველოში. ეს ბრძოლაც ესევე შეუწყვეტელი იყო და მედგარი, როგორც ბრძოლა ხმლით: აგარიანნი ორკერძ იბრძოდნენ საქართველოს დასაბრყობლად, მის ხორციელად და სულიერად დასამონებლად. მოსწონდა აშოტს, რომ მტერთან სასულიერო ბრძოლაში გვერდით ედგა უტეხი ნებისყოფის ადამიანი, რომელი არ გადრკებოდა, არც გვერდს აუქცევდა თავის მოწოდებას. გრიგოლი აქ ღირსეული თანამშრომელი იყო აშოტისა. შეეძლო მეფეს სჯულთა ბრძოლაში მთლად დაჰნდობოდა სარდალს სულიერს. ხალხიც აღტაცებით აღიტყოდა გრიგოლის სახელს, იმას ჰსახავდა ერთგულ დარაჯად ეკლესიისა; არა არსენს, ფრიად განსწავლილს ლბილ კათალიკოზს, მტრისაც მოყვარულს.

მაგრამ მეფე კერძო პიროვნობაც იყო, საკუთარი თვითმოყვარების მექონი, საკუთარ სურვილთ მსახველ-მხატველი და ამ მხრივ თითქო შიში რამ იბყრობდა ხალხის ჭირისუფალს-გვირგვინოსანს: ეფიქრებოდა, ძლიერს მოღვაწეობას ბერისას, მის შეუდრკომელ წინსვლას სარწმუნოებისა და ზნეობის შარაზედ არ დაეჩრდილნა აშოტის სახელი მორწმუნეთა თვალში; ვინმე მწირი უგვირგვინო მეფედ არ მოჰვლენოდა ერს, დიდების შარავანდედით შუბლშემკობილად ცხებულის გვერდზედ. მაშინ ასრულდებოდა წინასწარი თქმა მეფე ნერსეისა.

ესეთი შური ბალღობიდანვე ზრზნიდა აშოტის გულს, პატივის ჩვეულს. ეჩოთირებოდა დიდი ყურადღება ხალხისაგან მიქცეული იმ ობლისადმი, რომელი სამადლოდ იზრდებოდა მეფის კარს, თუმცა არც თუ ძლიერ შორეული იყო ის აშოტისა: ბიძაშვილი იყო მისი, დედის ძმისწული, დედოფლისაგან შვილობილად სახელდებული. უყვარდა აშოტის დედას ბავშვი, უკვირდა მისი განსხვავებული ზნეობა, ქცევა. სხვებიც ყურადღებას აქცევდნენ მარად მშრომელ ყმაწვილს, საკვირვლად ნიჭიერს, რომელი ჰხიბლავდა ყველას თავისი ცოდნით, მეტადრე როცა ღვთის მსახურების დროს ჰფენდა თავის სწავლას თუ წვრთნილებას.

- რა მშვენივრადა კითხულობს! გარკვევით, ურყევად, მჭევრად როგორ დაისწავლა ამ პატარამ ამდენი საეკლესიო წიგნები ან როდის?

- არავითარი ჩვენება არ უნდება, წესი ხუცესზედ უკეთ იცის.

- ხმაც კარგი აქვს. მომწონს მაგის გალობის კილო. ვინა სწვრთნის მაგ დალოცვილის შვილს ესრე მშვენივრად?

- ბერ-მონოზონი კასიანე ხელმძღვანელობს დედოფლის ბრძანებით: თუმცა თითქმის დახმარება არ ეჭირვება. ძალიან უყვარს წიგნი. საკვირვლად იხსომებს წაკითხულს, სმენილს.

- საშოთაგანვე დედისა შეწირულ არს ღმერთისადმი, ვითა სამოელ; მადლი უფლისა განისვენებს მასზედან.

- სასახლეში ვახლავარ მეფეს და ვიცი მაგ ბავშვის ამბავი:

მარხულობაში იზრდება მსგავსად წინამორბედისა; ღვინოს და ხორცს არ ეხება; მთლად ერიდება ბალღურ ცელქობას თუ ლაღობას; განმარტოებით ატარებს დროს თავის სადგომში; მხოლოდ წიგნია მაგის მეგობარი.

- აკი დაყუდებულს ეძახიან. ჯერ ისევ ყმაწვილია, სახე მონაზონობისა უკვე ჰმოსია; ქრისტეს თუ განუკუთნა თავისი სული სამკვიდრებლად.

- ჩემს მოწაფეზედ უბნობთ, დედოფლის შვილობილზედ?

- ძალიან მოგვწონს!

- საკვირველი ყმაწვილია, სასწაულებრივი ნიჭისა. სანცვიფრებელია მისი სწავლისადმი გულისხმიერება: დაისწავლა ზეპირად დავითნი და ყველა ხმით სასწავლო საეკლესიო სწავლა; ყოველივე სამოძღვრო და საღვთისმეტყველო მეცნიერება შეითვისა. უცხო ენებიც ადვილად შეისწავლა; ხელი მიჰყო ფილოსოფთა შესწავლას, ისტორიას და ყველა სხვა საერო მეცნიერებას, რომელსა ჰპოვებს საუნჯეთა შინა სიტყვასა კეთილსა, შეიწყნარებს, ხოლო ჯერკვალსა თქმასა განაგდებს თვისგან.
ესე ახასიათებდნენ ნორჩ გრიგოლს. სხვანაირი მსჯელობა არ შეიძლებოდა მასზედ, ჭეშმარიტი იყო იგი ნათქვამი. აშოტმა იცოდა, რა ჰაზრისა იყვნენ გრიგოლზედ მისი დედ-მამა, კარისკაცნი თუ ყველა მცნობნი. აქეზებდა თავმოყვარეს ყმაწვილის ესეთი წარმატება, შრომისაკენ იწვევდა. სამხედრო თუ სამეფო საცოდნელში ჰსურდა ისეთივე ქება დაემსახურებინა, როგორიც დაიმსახურა გრიგოლმა წიგნში, ადვილად ახერხებდა: ნიჭი მასაც დიდი ჰქონდა, ხოლო მძლავრი აგებულობა და სიკისკასე ტანისა საშუალებას აძლევდა სავსებით შეეთვისნა სარაინდო წვრთნა, სამხედრო სწავლა. შთამომავლობით, რომ მზეებრ ბრწყინავდა აშოტი, ნიჭთა სიმრავლითაც თუ სიძლიერით პირველობდა ტოლ-სწორში და მის თვითმოყვარებას საშიში აღარ რა ჰქონდა, არც თუ საფრთხილო.
 

41

გადაიარა აშოტისა და გრიგოლის ბალღობის ხანმა. ჰასაკში შევიდნენ ორივენი, მოიწიფნენ, დასრულდნენ, დავაჟკაცდნენ. აშოტი ტურფად ფურჩქვნილი რაინდი დადგა, სისხლ-ხორცით სავსე, ცხოვრების მოხარული, კოკობ ულვაშ ქვეშ ეშხით მღიმარე; არწივივით შორს გამჭვრეტელი; მეხი მედგარი. მის მაღალ შუბლს ხუჭუჭი თმა მოსდებოდა გარს; უჯიღოდაც ძლიერ შვენოდა. მისი ჰაზრიანი სიტყვა ფხაასხმულ ხმალივით მკვეთრი იყო და გამპობელი. უხაროდა ყველას, რომ სამეფო ტახტს ამისთანა მძლავრი მემკვიდრე მოჰვლენოდა მშვენიერი. გაშალა ფრთები ახალმა არწივმა, გაინავარდა. მამის შემდეგ ძლიერად იპყრო სკიპტრა. მსწრაფლ აგრძნობინა მტერთაც და მოყვარეთაც, რომ საქართველოს ღირსეული მბყრობელ-პატრონი მოევლინა ყოვლადმოწყალისაგან.

ეხლა მიიჩრდილა აშოტის თვალთაგან ვიღაც გრიგოლი, წიგნის ყდაში გამოზრდილი ბერი ობოლი. ვინ აშოტ მეფე, ვინ მონაზონი, ამიერ ქვეყნით დაბიჯებული, საიქიოსკენ თვალმიბყრობილი! მივიწყებას მიეცა ბალღობის დროის მეტოქეობა. მისი მოგონებაც საღიმო იყო აშოტისათვის, თითქმის საცინი. ბალღური განცდა ცრიატი, გარდასრული სიზმარივით განქარვებული! რაღა მოსაგონებელი იყო ეხლა იგი შეჯიბრება თუ შური სანდომ-სანატრელ ჭაბუკისათვის დიდებულისა?! სად ეცალა ამისათვის ბედნიერ რაინდს, რომლისაკენ თავს იხრიდნენ საქართველოს მშვენიერი ყვავილები, რომლის გზას თვალს ადევნებდნენ ეშხით დამთვრალნი?! ასრულებულ ნატვრათა ხანი იყო ეს ბუმბერაზი ჭაბუკისათვის, ვარდისფერი სიამის დრო დაუვიწყარი.

შეიმოსა აშოტ ძლიერებით. ადიდა თვისი სამეფო, განზედ გასწია მისი სამზღვრები; იმედი დაიდო, შეასრულებდა შეკრებასაც საქართველოსი. წახალისებული მეფე ოცნებობდა, ერთის დაკვრით მოესპო მოსული მტერი, რომელს თბილისშიღა შერჩენოდა თვისი ძალა, რომელი შემკრთალიყო, და უკვე თვალითა ზომავდა სამშვილდეზედ გადამავალ გზას შორეულ ბაღდადისაკენ.

დაჰვიწყებოდა დიდებულს ბალღური განცდა. ბრწყინვალე ბუმბერაზს სხვა გადაჰშლოდა ფართო ასპარეზი დიდებისა. ამ სხივოსნობის ჟამს, ვარდობის თვეს თვისის სიცოცხლისა, უხვად მოიმკიდა სიტკბოებასაც ხორციელს: მშვენიერ ყვავილებს მის სამფლობელოდ მიზომილ ედემის კუთხეში მისკენ მიებყრათ ლამაზი თვალები, იმას შესტრფოდნენ იგი ტურფანი, მას უკმევდნენ სურნელებას გაზაფხულისას, მიუძღვნიდნენ ნექტარს საამოს სიტკბოებით სავსეს.

და კეთილდღეობდა რჩეული, ნეტარებდა ზეკაცი, ვითა მზის შვილი ქვეყნად მოსული. სადღა ეცალა, გაეხსენებინა ის ადრინდელი ფიქრი, ვაი თუ საწყალი ობოლი. თუნდ ფრიად ნიჭიერი, მეტოქედ აღმოჩნდესო რომელსამე ბილიკზედ ჩემის ცხოვრებისა, ჩრდილი რამ მიაყენოს ჩემს პიროვნებასო. ამ ბალღურ თვითმოყვარებით აღძრულ შურს თუ ეჭვს ადგილი აღრა ჰქონდა ქვეყნიური დიდებით და სიამით სავსე ყოფაში აშოტ-მეფისა.

დაიჩრდილა გრიგოლი აშოტის თვალთახედვის წინ, განქარდა მისი სახე, დავიწყებას მიეცა ის, გაუსწორდა მისი არსებობა იმ შეუმჩნეველთა ბევრეულს, რომელი ნისლივით მოედება ქვეყნის პირს და განქრება, როგორც ჯანღი უკვალო.

ჯერ ძნელიც იყო მწირის დანახვა იმ სიმაღლიდან, რომლიდან დაჰყურებდა აშოტი მთელ თავის საბრძანებელს: გრიგოლი იქ ჯერ ვერ ბრწყინავდა., უჩინარ გზას დასდგომოდა მოღვაწე, ხორციელ ბუნების უკუგდებისას, სოფლის და მის საქმეთა უარყოფას; გაღმა გაებჯინა მას ნივთიერ ქვეყნიერებიდან, შაეღო კარი სულიერ განცდათა სამფლობელოსი. ზეცისაკენ მიისწრაფოდა გრიგოლ, იქით მიქცეულიყო მისი არსება.

მაგრამ ცისკენ მიქცეული გზა მებრძოლ გვამთათვის ქვეყნისკენვე ბრუნდება, სოფელზედვე გადადის. ნება ღვთისა ისევე უხვად უნდა სრულდებოდეს ქვეყანაზედ. როგორც სრულ იქმნება ცაში, სულთა სამფლობელოში. იმ წმინდა ნების კაცთა შორის დანერგა უბრძოლველად ვერა წარმოებს, ხორცსხმულნი ეწინააღმდეგებიან იმას: ნივთთა მოთხოვნა ვერ ურიგდება სულთა სურვილებს, წინა აღუდგება იმათ და უცილებლად სჭირია მებრძოლთ ძალა შეუდრკომელი, რომ განამტკიცოს ქვეყანაზედ ციური ნება.

გრიგოლ მწირში ჩანერგილიყო სული მებრძოლი. რაინდი იყო იგი უტეხი. ხმლის ნაცვლად ჰაზრი ეპყრა ხელთ განმახვილი, სარწმუნოებით ფხაასხმული, რწმენის ძალით აელვარებული გზა მისი მსვლელობისა არ იყო მბრწყინავი თუ დიდებული, კაცთა მძვლებით მოკირწყლულ-მოოჭვილი, ყაყაჩოსფერად სისხლით მორწყული. უჩინარი იყო მისი სადენი, უბრალო, იწრო, მაგრამ მტკიცედ მავალი. ამ გზასაც მიჰყვანდა დიდების მწვერვალამდინ, ჰმოსავდა ბოლომდის დამთმენს უკვდავების შარავანდედით, უმკობდა თავს გვირგვინითვე სხივთაგან თხზულით, ხელთუქმნელი ჯიღით, რომელი ჰნათობს არა მხოლოდ იმ ქვეყნად, ამ ქვეყნადაც. გრიგოლს თვალი მოეპყრო ამ ორმაგად გაშუქებულ გვირგვინისათვის, მიილტვოდა მისკენ თავმდაბლად, მოთმინებით, სასოებით, მაგრამ შეუდრკომლად, ურყევად, მკვეთრად. მისწვდებოდა ნანატრს, ან მოკვდებოდა მის ძებნის გზაზედ. მოუხდებოდა მწირს იგი გვირგვინი სიწმინდისა ბრწყინვალე, შეუმკობდა ჭკვიან შუბლს არანაკლების სიმშვენიერით, სინამ აშოტს გვირგვინი ფასდაუდებელი, პატიოსანთა ქვათაგან თხზილი, პირად-პირადად აშუქებული.

- შენ არ იცი, ვინ მოართმევს ღირსეულს სიწმიდის გვირგვინს?!

- ანგელოსნი მოართმევენ ზეცით. ეამბორებიან შენაოჭებულ შუბლზედ, შეუმკობენ თავს სამარადისო მბრწყინავ სამკაულით!

და რად არ დაჰშვენდებოდა გრიგოლ მოღვაწეს სხივმფენი ჯიღა თუნდაც ხელქმნილი? წამოსადეგი ვაჟკაცი, ხილვითა დიდი; მშრალი აგებულობის, ძარღვიანი. ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, სრულიად გვამითა მრთელ. გამჭვრეტი თვალი ღრმად შემხედველი. ჰაზრთაგან ნაკვალი შუბლი. თმა ხშირი, ლომის ფაფარივით გარდმოფენილი. გრიგოლი თითონაც დაამშვენებდა გვირგვინს თვისი ხორციელი სისრულით თუ სულიერ სიკეთეთა სიუხვით. აშოტს და გრიგოლს მაინც შერჩენოდათ შორეული ნათესაობის იერი სხეულის აგებულობაში და სახის მეტყველებაში, რომელი ჰმოწმობდა, რომ მათ ძარღვებში დიოდა სისხლი მიმსგავსებული, მათ გვამთა აღნაგქვსში განხორციელებულიყო მზგავსივე სახება, შორეულ მოდგმათაგან რჩეულთა თანისთან შემზადებულ-შეზავებული.

გრიგოლის ნაქვთიანი აგებულობა, მისი სულიერი სიძლიერე, რომელი ცხადად იხატებოდა მეტყველ სახეზედ, იყო იმის მიზეზი, რომ არა ერთს ქალწულს მშვენიერს ეჭირა მასზედ თვალი. ბევრს კეკლუცს შეჰვარდნოდა გული ამ თავისებურად დამშვენებულ ახალგაზრდაზედ. უკვირდათ ლამაზებს, რომ ჭაბუკი ვერა ჰხედავდა გზას ქვეყნიურის სიამისას, რომელი ფიანდაზად ეშლებოდა მას, შარას ხორცთა ტკბობისა, ფუფუნებისა, სიმდიდრისა, თვით დიდებისას; განცვიფრებას მისცემოდნენ მშვენიერნი.

- როგორ შეიძლება ესეთ მკობილ ჭაბუკში ესადგურებინოს გულს უკარებელს, ცივს, ყინულისაგან ნაკვეთ-გამოჭრილს?!

- რად არ მოჰსურდება მის თვალს მზერა ლამაზთა. ხილვა კეკლუცთა, ველის ყვავილებით, რომ გადაშლილან იმის გარემო?!

- რით ვერ სწყინდება მის სმენას ვითარებულს მხოლოდ სამღთო საგალობელთა ბგერა ერთგვარი, არ მოსწყურდება მწყობრ სიმთა ჟღერა...

- როს შუშპრობენ შვებით იგი ბგერანი, ვით მზისა სხივნი ყვავილთა შორის ცვარშენაბკურთა.

- როგორ არ მოუნდება მიხედვა ფერად ყვავილთა, მიახლოება მათად საყნოსად, თუნდ მოსასთვლელად, რომელნი გარს ახვევიან მას მისკენ მიხრილნი, მისთვის მღიმარნი, მისი სურვილით ათრთოლებულნი?!

- რამ დაუხშო ტურფა ქმნილებას შეგნება მზიურის ნეტარებისა?!

- იგი მხოლოდ ქანდაკება არის მოძრავი, მარმარილოსაგან მარჯვედ კვეთილი; ჩვენთვის მთლად უტყვი, უსმენელი: ჩვენად სამზერლად დაბრმავებული...

- იქნებ ჩემი სიმშვენივრე არ არის სრული, ჩემი სურვილი არ არს მგზნებარე?! ან თუ მოდგმა მაქვს მისთვის უღირსი... ან ტრფობის ცეცხლი არა მაქვს მწვავი, რომ გაალხოს მისი გული, გაადნოს, აადუღოს, სამოქმედოდ ააქაფქაფოს! - ჰკვირობდა მშვენიერთა შორის განთქმული თებრონია.

გული შეჰვარდნოდა ქალწულს საკვირველ ახალგაზრდაზედ და იტანჯებოდა მისის ეშხით, უცეცხლოდ იწვოდა იქვე, მის ახლოს, მისგან უსმენი, მთლადაც უმჩნეველი.

- ქალო ლამაზო, მშვენებით სრულო, თვით ბუმბერაზთა ეშხით შემწველო, ერიდე გრიგოლს! ის ვერა ჰხედავს შენს ხორცთ ბუნებას, სიკეთით სავსეს: არ უსხან თვალნი მის სახილველად! იგი ჰხედავს მარტო შენის სულის სიძლიერეს, ფოლადისებურ მის სიმტკიცეს; საშიშია ეს შენთვის...

- როგორ?!

- მიაქცევს ის შენს სიყრმეს იმ უხილავ მიჯნურისადმი, რომელს დაუმონებია მისი ნებისყოფა, რომელს მხოლოდ ეტრფის ის, რომელს მხოლოდ შესწირავს, უღაღადებს მუხლმოდრეკილი. მის მსახურებად დაივიწყა ქვეყნიერება, მთელი სამყარო. იმ სატრფომ ჯადოსანმა თავისუფალჰყო იგი მღერათაგან ჭაბუკთასა, ყოვლისა აღრევისაგან კაცთასა; გაათავისწინა იგი, გაამარტოვა; ჰყო იგი ზეცისა კაცი, ქვეყნისა ანგელოზი სანატრი.

42

- რომელია მისი მიჯნური უჩინარი, მისი ტყვედქმნილი მძლეთა-მძლეველი, იგი მისი მზე თვალთა მომჭრელი. მიჩვენეთ მე ის: მსურს შევადარო! ჩემზედ უკეთ არის აღნაგები?! დახე ჩემს მკერდს თბილის ფიფქისგან თხზულს, ვარდის ფურცლებად აციაგებულს, მკლავებს მომკლავებს, ეშხისა რტოებს; საროდ ნაზარდს ტანს შოლტივით მოქნილს; თმას უხშირესს, გიშრის ტევრებად ქოჩრილს შემომხედე მე, სიცოცხლით სავსეს, ვნების საგუბარს ულევ-უკლებელს!

- გიმზერ; მომწონხარ.

- და ამას ყველას ვსწირავ სიყვარულს, მსხვერპლად მივართმევ მას დასაწველად. რაინდი ბევრი თაყვანსა მცემს მე; ჩემი შეხედვა მათ ნეტარებას აგრძნობინებს, ტკბილად მწველ სიამეს; ჩემი ღიმილი სამოთხის კარს უღებს თვითეულს მათგანს. მაშ ეგ რაღა არის, ვინღა არის ეგ, რომ ვერ ამჩნევს ჩემს ძლიერ მილტოლვას, თითქო ვერ ჰხედავს ჩემს არსებობას?! ან მიმითვისოს ან... ან მოვკვდე მის ხელით, დამასამაროს!

- უძახდე მას და არ ესმას შენი; ურეკდე მას და არ განგიღოს შენ!

- რად არ?! უძრავად ჩაჰკვირვებია წიგნებს მარადჟამს. მხმარი ეტრატი უფრო სანატრელია სიცოცხლით სავსე მშვენებაზედ? სიტყვაი ბრძნული, თუნდ ღვთაებური უფრო მიმზიდველია. სანამ ქმნილება შემოქმედისა სიცოცხლით სავსე, თვით ღვთაებური სიმშვენივრის მატარებელი?! არა! ესეთი ქცევა გმობაა დამბადებელისა, დარღვევაა მისის მცნებისა, უარისყოფა მის განგებისა...

- არა! უნდა განიღვიძოს მის გულმა ჩემთვის, გააღოს თვალნი ჩემ სახილველად, განახვნას ყურნი ჩემ სასმენელად; მიწამდინ დახაროს ქედფიცხელმა თავი ჩემ ფერხთ სამთხვევლად...

- ჰა, ჰა, ჰა! წიგნი, ეტრატი, სწავლაც ყოველი მხოლოდ შუქია, მის სატრფოსაკენ მიმავალ გზის მანათობელი; მისი გულისხმიერობა განსაკვირველი მხოლოდ ფრთებია, მიჯნურისადმი მიმასწრაფელი; ამ სოფლის სიბრძნე თუ იმ სოფლის მცნება მხოლოდ ხმალია მის სატრფოსაკენ სავალი მკაფი; თითონ ის სათნოება, რომელი ჰასაკის ზრდასთან იზრდება მასში, ჰუნეა მხოლოდ, მის გულისვარდთან მიმყვანებელი. იცი შენ: სიტყვა მისი შეზავებულ არს მარილითა მადლისათა; რაჟამს იტყვის, ბრძანად აღაღებს პირსა თვისსა. ეს მოსაზრებული თქმა თუ მოზომილი ქცევა მარტოოდენ სატრფოს წინაშე ძრწოლით არის ზომილ-წონილი, რომ საქმემ, სიტყვამ, ფიქრმა უხეშმა არ დააბრკოლოს ის ეკლიან გზაზედ სვლაში, რომელი მიიყვანს მას საყვარლის კარსა.

- ვინ არის იგი მიჯნური მისი ეგზომ ძლიერი? მიჩვენე, კაცო ღვთისაო, სატრფოი მისი!

- შენ თითონ ჰნახავ მას, თითონ განიცდი იმის ძალას უტეხს!

ღელავდა ქალწული, უღონოდ ეწამებოდა გრძნობანაჭარბი. წარჩინებული ოჯახის შვილი იყო ქალი თებრონია, სიმდიდრით და სიუხვით მთელ სამცხეში სახელგანთქმული კაცისა. იმისი მშობლებიც დედოფლის შორეული მისადევრები იყვნენ, აშოტის დედისა. ქალწული დადიოდა სტუმრად სამეფო ოჯახში. იქ გაიცნო გრიგოლი, დაუახლოვდა, მოეწონა, შეუყვარდა. განმარტოვებულ ჭაბუკისადმი ტრფიალს ჯერ უნივთო სახე ჰქონდა, ხორცუსხმელი, მარტო საოცნებო. შემდეგში, როცა უფრო მოიწიფა მკვიდრად ნაგები ქალი, განსაზღვრილი სახე მიიღო მის სიყვარულმა, ხორციელი ნდომის ხატება. ისე ძლიერად ამოძრავდა მიჯნურობა იმის საღ აგებულობაში სავსეში, რომ ვეღარ უძლებდა თავის მისწრაფებას, ვერ ერეოდა. აეტაცნათ ის სურვილთა მჩქეფარე ტალღებს და შეუყენებლივ მიაქანებდნენ ყავღიან ჭაბუკის მძლავრად ნაგებ პიროვნებისკენ. ვერ შესძლებდნენ ტალღები ამას! შესძლებდნენ!

ვეღარ ჰმალავდა ქალწული თავის სურვილს ჭაბუკის წინაშე; არცა ჰფარავდა. ვაჟი კი უგრძნობლად შეჰყურებდა მას გულგაყინული; უბრყვილოდ მიეპყრო მისკენ ღრმად მჭვრეტი თვალები, თითქო მას არ შეეხებაო ქალის სურვილი, უთმენი ტანჯვა მისი: თითქო მისგან არ ყოფილიყო აგზნებული ის უნელი ცეცხლი, რომელზედ იწვოდა ათქვირებული სხეული ქალწულისა, არცერთი თბილი შუქი მკვეთრ თვალებიდან, ცივ სხივთა ისრებს რომ აფრქვევდნენ იშვიათს ახედვაზედ.

- მისერონ გული ცივ ცეცხლმფრქვეველმა მისმა თვალებმა, ოღონდ მიყურონ, შეძლება მომცენ ხშირად ჩავიხედო მათ უფსკრულ სიღრმეში... სურვილით ჩაჰმზერს მარად თავის წიგნებს, რაღაცა ეტრატებს. ათასში ერთხელ თუ შემომხედავს...

- უგულოვ! ნუთუ ჩემი სახე გზნებული, აგებულობა ჩემი სრულნაკვთიანი მეტს არ გეტყვის შენ, სინამ ეგ წიგნი უსულგულო და უასაკო?! ან თუ ალიონის ფრად აღვივებული თბილი კანი ჩემის ტანისა უფრო სასიამო არ არის შენთვის, სანამ გამხმარ-გაცივებული ეტრატი, ხელოვნურად შენივთებული, ვინ იცის, რის ქერქისაგან?! თვალნი არ გისხნენ ჩემად სამზერად, კერპო ნაკვეთო, ყურნი არ გქონან ჩემ ოხვრის სმენად! - ეტყოდა ღელვილი ქალი ხორცგაყინულ ჭაბუკს.

სხლტებოდა ქალის გულისთქმა ჭაბუკის უგრძნობ არსებაზედ, როგორც რამ სალზედ. გაენდო სურვილით ლახვრილი ქალი თავის ბიძაშვილ ზენონს, მასთან თანაზრდილს, დიდი მეგობარი იყო ის გრიგოლისა. იმისთანავე მწიგნობარი, მარად მარხული და უბიწო. ზენონმა ვერც კი შეიგნო ქალის გულისთქმა.

- გსურს დაგიმეგობრდეს გრიგოლი? შენ ხელშია ეს: შეიყვარე მასავით წიგნი, შეუდეგ იმასავით წმიდა ცხოვრებას და ეს დაგაახლოვებს მასთან, შაგაერთებს მას. ძმობილად მოგეკიდება მაშინ გრიგოლი, შენზედ მარად მზრუნველ ძმად.

- ძმად?!

მოყვარულ ძმად! და თუ დაუახლოვდები იმას, თებრონია ჩემო, როგორც დაი, თუ იტვირთებ მისგან ხელმძღვანელობას, როგორც მოწაფე, მაშინ ჰნახავ, რა ძვირფასი საუნჯეა დაფარული იმ უჩუმრად მშრომელ ჭაბუკში. შენ წინ გარდაიშლება ყვავილებით შემკული კუთხე ედემისა, სად ეცხადებოდა პირველს კაცს სიბრძნე შეუსაზღვრელი, სად ასწავებდა. იგი თვის მცნებას ევას შეუსმენელს.

- არ მინდა მისი სწავლა, ხელმძღვანელობა! არც ძმობა მისი! თითონა მსურს მე იგი. ჩემი შეიქმნას სულით ხორცამდინ. მსხვერპლად მიმიღოს თუნდ დასაწველად: შემისუნთქამდა, ვეყნოსებოდი სუნად-სუნნელად ჩემს ღვთაებას, გავქრებოდი მის არსებაში.

- გმობას იტყვი, ქალო, საშინელებას!

- ვერ იგრძენ შენცა, ვერ შეიგენი?! უგულო ყოფილხარ კეთილთათვის ქვეყნიერისა!

შემდეგში გამიჯნურებულის უსამზღვრო ტანჯვა იგრძნო გაბრიელ დაფანჩულის მეუღლე ელენემ. იმან გაუზიარა ეს ამბავი თავის ქმარს. ეს სახლობა დაახლოვებული იყო სამეფო ოჯახთან. გაბრიელ წარჩინებული აზნაური იყო, მეფის მახლობელ კარისკაცთაგანი. თებრონია, მათი მახლობელი, ძალიან უყვარდათ მეუღლეებს. ეს ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი დააფიქრა ამ ამბავმა.

- ვნებად გარდაქმნილი გრძნობა უიმედო ბევრჯერ ბოროტად აამოქმედებს ადამიანს, მეტადრე მძლავრ ხასიათის მექონ გვამს. ისეთ საკვირველ სისასტიკეს მოამოქმედებს თავის თუ სხვის წინააღმდეგ, რომ გონება ვერ შესძლებს იმის გათვალისწინებას.

- მართალს ამბობ, ქალო, ძალიან გატაცებული სჩანს თებრონია და შეიძლება რაიმე უგვანო მოიმოქმედოს, ბოროტი აუტეხოს თავის თავს, თუ არ შეუსრულდა საწადელი.

- მეც მაგისი მეფიქრება. გრიგოლი, იცი შენ, მარმარილოს სატეხია, ხელოვნურად ნაქანდაკები: ვერ შეისმენს სხვის გულის ძახილს, არ შეიგნებს მის ტანჯვას, ვერ იგრძნობს.

მაინც შეეცადა ცოლ-ქმარი სასიხარულოდ წარმართულიყო ეს ძნელი საქმე. ამაოდ! ვერა შეასმინეს-რა უგრძნობელს. გრიგოლს სრულებითაც არ გაუკვირდა აღტაცება თუ აღტყინება ქალისა, როცა უამბეს ეს იმას, არც ეუცხოვა. განსაცვიფრებელი ის იყო, რომ არ უარჰყო ქალი, არც გადრკა მისგან; უფროც დაუახლოვდა, თანდათან უმეგობრდებოდა ქალწულს და უმჩნევლად გადაჰყვანდა იმ უსისხლო გზაზედ, რომელი მიიგრაგნება სარწმუნოება-მეცნიერების ურწყულ უდაბნოზედ და მიჰყავს ადამიანი საყდრისადმი მაღლისა; სად იხარებენ ვარსკვლავნი სხიოსანნი. ის მნათობნი სულნი არიან ზეამაღლებულნი სამშობლო ცაზედ, - შენ არ იცი ეს?! - ბევრნი ჰნათობენ ჩვენის ქვეყნით ამაღლებულნი, სიხარულით უღიმიან ედემის კუთხეს.

43

შეიქმნა თებრონია მოწაფედ გრიგოლისა. გულმოდგინედ ემორჩილებოდა მის ხელმძღვანელობას. მიჰყო ხელი ლოცვას, მარხულობას, მწიგნობრობას. ნიჭი შეაჩნდა საკმაო და ხასიათი ფრიად მაგარი. თუნდაც მძლავრი ნებისა არ ყოფილიყო ის ან გონებისა, მაინც გზას გაიკვლევდა მოღვაწეობა-მეცნიერებაში: მას აქ ახელმძღვანელებდა უშრეტი სურვილი, თავი მოეწონებინა უგრძნობელისთვის, დაჰშინაურებოდა უხიაკს; იქნება თავიც შეეყვარებინა მისთვის. ქალს სიამეს განაცდევინებდა ეს ძნელი სავალი: გრიგოლიც იმ გზით ვიდოდა შეუფერხებლივ და ხშირად ჰხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს, სიახლით სიამოვნებდნენ, თუნდაც ხორციელ არსებათა შეურევნელად, გაუზიარებლად, მთლადაც უბიწოდ. ესეთი უნივთო სიახლეც საოცნებოა მიჯნურისათვის, თითონ ნეტარება თუ არ არის ის, ბჭე მაინც არის სანატრელი ედემისა. ესეც წინსვლა იყო თებრონიასთვის მის მძლავრ გრძნობათა დასასკვნელ გზაზედ.

- აი საკვირველება! მადლმან უფლისმან არ უგულებელჰყო ეს შერეული გრძნობა: თანდათან გაუტკბა თებრონიასაც სწავლა საეკლესიო, რომელს ისე გულმოდგინედ მისდევდა გრიგოლი; სასურველად სცნო მომჭირნეობით მოღვაწეობა. თუ გრიგოლმა ქართულ ენასა შინა ყოველივე დაისწავლა, არც თებრონია ჩამორჩა თვის საყვარელ წინამძღვარს, იმანაც ამხანაგ ოსტატსავით სამღრთონი წიგნნი ზეპირად მოიწვართნა და სიბრძნეიცა იგი ფილოსოფოსთა კეთილად შეიტკბო; თუ ჭაბუკი ლოცვაში და მარხულობაში დალევდა დღეთა, თებრონიაც განუწყვეტლად ილოცვიდა და იმარხვიდა მარხულობითა მით უსასტიკესითა.

და სახელოვნად განითქვა. სისრულე იგი მათი ყოველთა შორის. ჰასაკისა ზრდისა თანა მათისა სათნოებაიცა მათი კეთილი იზრდებოდა დღითი-დღე. ახ, ეს ყოველივე ჯერ ისევ გარეგნობა იყო ქალწულისათვის, მარტო ხილული სახე ანეელოზებრივის ცხოვრებისა. სხვას იტყოდა მისი გული, გრძნობათა შესაკრებელი მისი საწყალი. ჰკვნესოდა იქ საბრალო სიყვარული, სულიერის საკვრელებით სასტიკად კრული. თვის ნივთიერ არსებისგან ხვეწილ დახსნილი. თავის ბუნების უარმყოფელი და მით სასტიკად გვემულ-ტანჯული. წამება მით უფრო ძნელი იყო ქალწულისათვის, რომ შეუძლებელიღა იყო მისი მჟღავნება. მკაცრად შებორკილ მიჯნურობას თანდათან უფრო ეშლებოდა შეძლება განსახებისა, ცოცხლივ იმარხებოდა ბედშავი.

მაინც იბრძოდა უტეხი გრძნობა, განსახებულიყო როგორმე, ეპოვნა გზა რამ სავალი: აღარ ეტეოდა გულში, აუცილებლივ უნდა განხორციელებულიყო მოქმედებაში. და ჰპოვა მან იგი სადენი: აღტყინებულ წარმოდგენაში ჰსახავდა ის ხორცთა კმაყოფილების სურათებს ერთს მეორეზე შეუსაბამოს, ერთმანეთზედ მძლავრს, ბუნებრივ სახეების მამახინჯებელს. ჰპოვებდნენ ის უსახო სახეები თავის შესაფერ მეტყველებასაც, სინამდვილეს მოკლებულ გამოთქმას. თებრონიას სულდგმულად მიაჩნდა წიგნი თუ ნივთი გრიგოლისა; მის უბირ თავსარქმელს ისე იკრავდა გულში, თითქო ძუძუთა შორის თვით თბილი სახე უძევსო მზეჭაბუკისა; ცდილობდა, იდუმალის თუ უცაბედის შეხებით გაეზიარებინა ვაჟკაცისათვის ხორცთა სიცხოველე მწვავ ვნებათაგან სასტიკად აფიცხებული.

ამას ყველაფერს ჰხედავდა შორსმჭვრეტელი მწირი და მაინც გრძნობათა ამგვარ განვითარებას არავითარ დაბრკოლებას არ უჩენდა თავის მხრივ.

- იოცნებოს! თუნდა ნივთიერი სახეებიც მიიღოს მისმა იდუმალმა განზრახვამ. ვიცი, როგორი ძნელია გზა თავისთავის უარყოფისა, გამოცდილებით შემიგნია ეს. სახიფათოა სურვილი ბუნებრივ ლტოლვილებათა დახშობისა. ადამიანს აჩრდილი მაინც უნდა შერჩეს მათის განსახებისა, თუნდაც ხატება გასაკვირველი. გავა დრო, მინელდებიან ჟამიერი მისწრაფებები ხორცისა; მოისპობიან იგინი და ხელთ შერჩება მხოლოდ ის, რომ უარჰყოფს ყოველსავე ნივთიერ საწადელს. გაიმართება სვლად უფლის ნებაზედ. და ის წაღმა სვლა მით უფრო ძლიერი იქმნება, რამდენადაც სასტიკი იყო ბრძოლა, რომელს აწარმოებდა თავის წინააღმდეგ. გული იწრთობა ამისთანა ბრძოლაში, მკლავნი ფოლადდებიან და შეუბრალებლად აღიმართება რვალის მარჯვენა საწრთველად სხვათა, თვით ქედფიცხელთა მოსაძიებლად. ესეთი გაკაჟებული გული არის საჭირო იმ მრავალსახე და დიდ მსხვერპლისათვის, რომელი მსურს შევსწირო მე თებრონიას ხელით ღვთაების ნებისყოფას შეუსამზღვრელსა...

- მეთაყვანების ქალწული. ტკბილია იგი მისი შემოვედრება. გვიანღა არის. ვეღარ მივიღებ ხორციელ კმაყოფილებას, თუნდ ნეტარებასავით დამტკბარ სიამეს. ჩემი სულიერად სრულყოფის გზა უკვე მკვეთრად არის აღნიშნული, ჩემთვის ცხადქმნილი... მოყვასთა თვისაც. აღარ ეგების მისი უკუგდება, თუნდაც რომ შეცვლა...

- შენ ვერ წარმოიდგენ, თებრონია ჩემო, რა ახლო ვიცნობ სურვილთა ძალას: მეც დაუწვივარ ნდომის ალს აღტყინებულს. შევსწირე გული ჩემი იმ მსახურებას, რომელი დავისახე მე საუკუნოდ.

- რად?

- იმისთვის, რომ ის არის გზა ცხოვრებისადმი დაუსრულებელისა, იგივე მაუფლებს მე ქვეყნიურ ძალთა ზედან ყოველგვართა. კარგად შეიგნე: იგივე მაუფლებს მე ყოველთა ქვეყნიერთა ძალთა ზედან! შენც გაუფლებს. ჩემო კარგო, ეს რჩეული გზა გადადის ქვეყნიურთა ზედან და აგიყვანს ტახტისადმი ზეშთა მეუფისა... ვინ უწყის სასტიკნი ბრძოლანი ჩვენნი სულიერნი?! ვინ იხილოს ცეცხლებრივნი განცდანი ჩვენნი?! ნუ შემძიმდების სული შენი, დაო ჩემო საყვარელო, ნუ ეჭვნეულ იქმნები: ნაყოფისაგან მისისა იცნობების ხეი კეთილი, ხოლო ნაყოფი ჩვენის მოღვაწეობისა სასიკეთო არის კაცთათვის და სათნო წინაშე ღვთისა.

გარეშენი მართლა და მარტო იმ კეთილ ნაყოფსა ჰხედავდნენ საიშვიათოს, რომელი გამოჰქონდა ამ ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა უღალავ შრომას სულიერს. ვითარდებოდნენ იგინი გონებით და ზნეობით. სიტყვა მათი შეზავებული იყო მარილითა მადლისათა. გულსა მათსა დანერგულ იყო ძირი სიწმიდისა, ზე აღმოცენებულიყო ნერგი ჭეშმარიტის სარწმუნებისა.

შეექვსნენ ერთურთს ქალ-ყრმანი, წყვილად ვიდოდნენ; ვითარდებოდნენ დღითი-დღე სულით. ვაჟს რომ იდუმალი გულისთქმა უძღოდა წინ ამ ძნელად სავალ გზაზედ და უნათებდა გზას წყვდიადში, როგორც კანდელი მარად მგზნებარე, მას რომ სულიერი ძალაც შესწევდა თავის შორეულ ნატვრის შესასრულებლად; არც ქალი იყო უმიზნოდ მოღვაწე, იმასაც თავისებური გულისთქმა ახელმძღვანელებდა პირადი, საიდუმლო: დაუშრეტელი სურვილი სატრფოს სიახლისა. ეს ამხნევებდა მას მეცნიერებისა თუ სიწმიდის გზაზედ. და თუ ნიჭით ვერ ედრებოდა თავის ჭაბუკ წინამძღვარს, ნებისყოფის სიმკაცრით არ დაუვარდებოდა მას, მისწრაფების უტეხ სიძლიერით. ეს ურყევი მილტოლვა იყო იმის მიზეზი, რომ ისიც მანათობელ ლამპრად გაშუქდა ქართველთა შორის, საიშვიათო რამ ქალწულ-მოწამედ, რომლის შარავანდედი ჟამთა დენაში არა ნელდება, უფროც შუქდება.

- გასაკვირველია ამ ქალწულის ძლიერი სწრაფვა სამღთო სწავლისადმი, უწყვეტი მოღვაწეობა ზნეთა განწმედისათვის! ჰნახავ, თუ რჩეულთა თანა არა შეირაცხოს და მადლი უფლისა არ გაძლიერდეს გულსა შინა მისსა, - ეტყოდა ბერი ხვედიოს მოძღვარ ნეოფიტეს.

- განცვიფრებაში მოვყევარ მაგათ შრომას და ცხოვრებას. როდესაც თებრონია დაუახლოვდა ჭაბუკ გრიგოლს, მეგონა, სოფელმა თავისი მოციქული მიუგზავნა მოღვაწეს და უთუოდ შესძლებს გაიტაცოს გამოუცდელი ქვეყნიურ სიამეთა კორდებისაკენ. არა მწამდა ქალის გულმოდგინება სამღთო წიგნთა თუ მარხვალოცვისადმი; მეგონა, მხოლოდ მახე იყო ეს ეშმაკისაგან დაგებული, რომ ვერ ეგრძნო ჭაბუკს ხიფათი, შთანთხეულ იყო ყვავილნარით დაფარულ მთხრებლში ხორცითა სილაღისა. დარწმუნებული ვიყავ ამაში. ვღონობდი, არ ძლეულიყო საერო საქმეთაგან გრიგოლ თავდადებული, სარწმუნოების ცეცხლით გზნებული.

- სცდებოდი!

- ვცდებოდი! მადლმან უფლისამან დასდო ქალ-ყმათა შორის მახვილი უბიწოებისა. განგება სიწმინდის გვირგვინით შეამკობს მათ თავს მშვენიერს.

- რჩეულნი არიან ღვთისაგან განსამტკიცებლად წმიდისა ეკლესიისა. ვერ შეეხოს ბოროტებაი ახალ მნათობად მოვლინებულთა. ვერც თუ ეშმაკმან ბილწმან აცდუნოს იგინი, - დაასკვნა მოხუცმა ხვედიოს.

და თვალნი გაუშტერა სივრცეს: საკვირველ ჭაბუკთა მომავალსა ჰხედავდა იგი, დიდებულად განსხივებულ მათ უკვდავ შედეგს.

44

სიწმიდის ლამპარი ბრწყინავდა ჭაბუკთა სულში. ამას გამოაჩენდნენ საქმენი მათნი კეთილნი და მიწყავი მათი შრომა განვითარების სავალზედ. მაგრამ ჭაღი მათის სისრულისა დაგზნებული იყო არა მხოლოდ მადლისაგან ზეციურისა, სიყვარულისაგანაც ქვეყნიურისა. თუმცა ვინ იტყვის, ტრფიალება ქვეყნიური არ იყოს მადლივე ღვთისა, მხოლოდ ხორცსხმული, ნივთიერქმნილი, როგორც შეჰშვენის სოფელს ნივთიერს, ცხოვრებას ხორცთა შორის ნამჟღავნებს. ეშხით დამწვარ თებრონიას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მისი სიახლე ხორციელი და ერთობა სულიერი ააგზნებდა თუნდ ქვის ჭაბუკში იმ იდუმალ კანდელს ვნებისას, რომელი ძლიერად საცნაურ იქნების არსთა ბუნებაში; დააკვესებდა ვაჟში ნაპერწკალთა ბუნჯგალს მწვავ-მოლაპლაპეს, რომელს ეძინა მის მძლავრ აგებულებაში, განუყრელ მეგობრის მაძიებელ მის გულში. და მაშინ...

- და მაშინ აღყვავდება ედემი ჩემთვის! მაშინ შევალ სასუფეველსა ამა ქვეყნიურს! ბედნიერ ვიქმნები ვით ევა პირველ კოცნის წუთს! შეჰშურდება თვით სატანაილს ნეტარება ჩემი. შევიქმნები კურთხეული დედათა შორის, ქალთა შორის მთელის ქვეყნისა! წარმოსთქვა სურვილმორეულმა ქალმა.

და დაეკრა ათრთოლებული ბაგით მარჯვენას თვისის წინამძღვრისას, ჯერ უკურთხებელ მარჯვენას თვისის მიჯნურისა. მთლად დაჰკარგა ქალწულმა შემაკავებელი ძალა თვისი, ვეღარ მოაშორა მგზნებარე ბაგე ძარღვიან ხელს ძლიერის ვაჟკაცისას; ზედ დააკვდა მას, დაბნდა მუხლმოდრეკილი.

შეთრთოლდა ჭაბუკი, აგორდა მის გულშიც სურვილთა ტალღა მძლეველი და ააძგერა იგი ძლიერად. ალავარდნილ ნაკადად მოაწვა სისხლი სახეზედ, აუნთო თვალები ცეცხლით შემწველით. ენა აღექვა გამშრალ სასაზედ. მარცხენა მკლავი თავისთავად გაეშალა რაინდს ქალწულის მოსაჭდობლად. დახარა ვნებამ, ვით მუხა ნორჩი გრიგალის ძალამ. შეეხო ბაგით სუნნელოვან თმას ქალწულისა. ეჰა წუთი ლამაზი, წამი, რომელს შეეძლო ტკბილ ცხოვრების კვალზედ წარემართა ქალ-ყრმის ცხოვრება. უკვე ვიხილე მათ შეწებებულ თავთა ზედა მაკურთხებელი მარჯვენა ყოვლად კეთილისა; გაიხსნა კიდეც მზიური ბაგე სახიერისა წარმოსათქმელად მათ დალოცვისა:

- იხარებდით, აღორძინდით, განმრავლდით, აღავსეთ ქვეყანა თქვენის ნაშენით!

ახ! ვაჟკაცის უხეშმა ნებისყოფამ დასძლია ლამაზ გრძნობათა წამიერი გამარჯვება, კვლავ შესძლო მან მძლედ გაბრძოლება, შეიბერტყა მედგრად და სიყრმით აღებულ სავალზედვე გადასტყორცნა ჭაბუკი ღელვილი.

- განვედი ჩემგან, მაცდურო ბილწო! განმეშორე მე, ჭურო ცოდვისავ, ახალო ევავ! - წარმოსთქვა მწირმა.

და განდრკა ქალისაგან, უკუდგა შორსა, კედელს მიეყრდნო თებრონია იქვე იყო, იმავ ადგილას. მოიხარა იგი წელში, ძირს დაუშვა თავი შემძიმებული. ცრემლი დაადინა წინ-გაწვდილ თვის ხელებს. იცი? მაშინ იმ ხელებშივე ეჭირა მარჯვენა თვისის საყვარელისა, გარნა უკვე მარჯვენა მკვდარი, მისთვის უსულო, გაციებული. ცრემლებს აფრქვევდა ლამაზ გრძნობათათვის მიცვლილ ხელს უეშხო ჭაბუკისას, გამოთხოვების ცრემლებს. მდნარ ტყვიასავით მძიმეს და გამწველს.

ამ საბრალო სანახაობამ სძლია უტეხი: მიუახლოვდა მწუხარების ქანდაკებას, ხელი შეახო, დასვა, წყალი მიუპყრა. არ შესვა მიწვდილი სიგრილე, თავი მიიდრიკა. გაემართა კართაკენ. თავდახრილი მიდიოდა, წელგატეხილი. რყეულ ნაბიჯსაც სდგამდა, როგორც მოხუცი ღონემიხდილი. მწირი გულცივად უყურებდა მიმავალს, თითქმის მტრულად, მაგრამ როცა თვალი მოჰკრა, რომ ქალს განსაცდელის წუთს თმა შესთრთვილოდა, შესჭაღარებოდა, ტკივილი იგრძნო გულისა უცნაური; ფეხი წარსდგა წინ, მაგრამ ბაგე ვერ გახლიჩა სიტყვის სათქმელად. გაიარა ქალწულმა კარი, განშორდა ჭაბუკს, თებრონიასთან ერთად განშორდნენ გრიგოლს სიამენი ამა სოფლისა. უარჰყო იმან ერთი ნაწილი თავის ბუნებისა, თვისი ნივთიერი არსება. შეუდგა აწ განვითარებას მხოლოდ სულისას.

- გგონია კარგადა ქმნა? დარწმუნებული ხარ, მცნება უფლისა აასრულა? ნუ იფიქრებ! ღმერთს ჭკუა არ ესწავლება. იმან შეგქმნა ხორციელი და ჩაგბერა სული უკვდავი: ორი ბუნება შენი განუყრელად შეერთებული. უნდა დაჰმორჩილდე ნებას ყოვლად ბრძენ შემოქმედისას: გიყვარდეს ხორციელიც და სულიერიც შენი არსება, იზრუნო მათზედ, განავითარო. განგებამაც ესე განაწესა: მოგცა წესდება ხორცისათვის და მცნება სულისათვის. გახსოვდეს!

- მახსოვს! მაგრამ რა ვუყო, ოდეს ხორცი ეწინააღმდეგება სულს, შეამძიმებს მას, აბრკოლებს აღმაფრენაში.

- ნუ იტყვი! სული და ხორცი განუყრელად არიან ერთქმნილნი და განვითარების გზაზედ ეხმარებიან ერთმანეთს. უთანხმოება მათ შორის თუ წინააღმდეგობა მხოლოდ ნაკლია ერთის მათგანის შეუსაბამოდ ზრდისა, სიბოროტე ერთის უზომო ლაღობისა. უნდა შეაწყო, შეათანხმო, შეახმატკბილო ეს სიმები შენის არსებისა. როგორ შეიძლება უგულებელ ჰყო ერთი მათგანი, იგულე ადამიანი ორსახედ ერთისა და იმავე განუყოფელის არსებისა. ვერავინ გაჰყრის სამუდამოდ ერთქმნილ ხორც და სულს ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად.

- ვერც თუ იმ ქვეყნად?!

- ვერც იმ ქვეყნად ხორციც ვითარდება, წმიდავდება, უკვდავ იქმნება, სამარადისო ყოფნას ეზიარება, ვით სხეული სრულის ღმერთკაცისა, ოღონდ აამაღლე იგი, განავითარე, ჰაეროვან ჰყავ, ნათლით შემოსე, დაუახლოვე ღმერთს განკაცებულს. იქმენ ვაჟ-ღმერთი!

- როგორ შემიძლიან?!

- განავითარე გონივრულად ხორცი მშვენიერი, ნუ უარჰყოფ მის მისწრაფებას, მაგრამ ნუ სჭარბობ. განიძარცვაო თანისთანობით ხორცთა მშვენიერს და შეიმოსავ ჟამთა დენაში, ხორცსა მშვენიერს, სულის შესაფერს.

- ძნელი იქნება, შეუძლებელი!

- ადამიანი სახეა ყოვლადშემძლებელი შემოქმედებისა, მისთვის არაფერია შეუძლებელი!..

საბედისწერო წუთის შემდეგ თებრონიას გული უსასო იქმნა ქვეყნიურის ცხოვრებისათვის. მიჰხვდა, სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა ბუნებრივი გზა სრულის ცხოვრებისა: რჩეულ მის ვაჟკაცს უარეყო ყოფნა მზეჭაბუკური; ქალს კი აღარ შეეძლო დაეთმო ის. დაევიწყებინა, სხვაზედ გადაეტანა თვისი სურვილი. მისთვის აღარ არსებობდა სხვა ვაჟკაცი, ვერც იარსებებდა ვერასოდეს. ქალწულის ძლიერი ბუნება პირისპირ შეხვდა ჭეშმარიტებას.

სიყვარული მხოლოდ ერთია, განუყოფელი, ვით ღმერთი. რომელი არის თვით სიყვარული. იგი უსწორო სიყვარული მოევლინა მხოლოდ რჩეულს, ზეამაღლებულს. სხვათათვის არსებობს ერთობა მარტო ნივთიერი, ცვალებადი, მიმომავალი, დაუდგრომელი და მრავალსახე.

ძვირად დაუჯდა სისხლ-ხორცით სავსე ქალწულს გაუზიარებელი მიჯნურობა; მოჰკლა მან ქალი სოფლისა და მის სიამვთათვის, ჩააგდო უხსნელ წამებაში; უსასოქმნილი მაინც უწყვეტ ჯინჯილით იყო მიჯაჭვული გრიგოლია არსებაზედ, ერთიღა დარჩენოდა. მარად ცრემლით დაელტო ფერხნი უგულოსი და წარეხოცნა ცრემლი იგი შოლტებივით გადაყრილ თვის ნაწნავებით; ესე ბოლომდის. ღრმა სიბერემდინ! ბოროტად მღიმარე ბედმა მაინც არგუნა მას მხცოვანობამდის თანაჰხლებოდა თვის გულის რჩეულს, უდრეკ რამ მებრძოლს, ზეკაცური ძალით შემოსილს.

45

არ შეიცვალა ქალ-ვაჟთა ურთიერთობის სახე გარეგანი: თებრონია ისევ მშრომელ მოწაფედ დარჩა გულმოდგინე მასწავლებლისა. კიდეც უმატა თვის ღვაწლს კურთხეულს. სხვა ღონე არა ჰქონდა! რამდენჯერ განიზრახა დაჰხსნოდა ამ ტკბილ-მწარე გრძნობას, ახალი გეზი აეღო სიცოცხლის ზღვაზე, ახალი კატარღა ცხოვრების ტალღებზედ მატარებელი. ვერ მოახერხა! უძლეველი აღმოჩნდა ის ძალა, რომელს მიექცია ქალი ვაჟკაცისაკენ, უწყვეტი გამოდგა სიყვარულის სიმი, რომლით შეკონილიყო ქალის გული ვაჟკაცის არსებასთან. დაენანა თავი, შეებრალა თავისი ნორჩი ქალობა უმურაზო. რაღას იზამდა?! ძალა არ შესწევდა თვალი მოეწყვიტნა ცივად მანათობელ თვის ვარსკვლავისათვის: ჩამსხვრეული ნებისყოფა არ აძლევდა შეძლებას სხვა ღმერთი აერჩია სათაყვანებელი. გონება უკარნახებდა, დაჰხსნოდა თვის უიმედო მისწრაფებას. უხმო იყო მისი ძახილი! მისი გული ყრუ იყო გონების ხმის სასმენელად, მისი ნებისყოფა დავრდომილი იყო ჰაზრთაგან ნაჩვენებ გზაზედ სავალად და შეჰყურებდა ქალი თვის მტარვალს. თვისი სიცოცხლის გამაცუდებელს. თვის ბედისმწერელს ავს, მაინც სანატრელს-საოცნებოსა, იყო წამები, როცა უღონო მტრობით განიმსჭვალებოდა ქალი ჭაბუკისადმი, სიკვდილსაც მოინატრებდა თვის სიცოცხლისთვის...

- ეგებ მაშინ დაივიწყოს გულმა კრულმა გულქვავი, არა ხორცთა და სისხლთაგან თხზილი, ლითონისაგან ჩამოსხმული კერპსათაყვანო, ახ არ უსხენ თვალნი ხედვად მშვენებისა, არ ჰქონან ყურნი სმენად ალერსისა, დახშული აქვს ყნოსვა გრძნობად სუნნელებისა, რომელს ჰფშვის სიყვარული უბიწო...

- არა! ღმერთმა დაიფაროს სიკვდილისაგან და ყოვლისაგან განსაცდელისა. მოისპოს იგი, მომესპოს მეც მზე და გამიცუდდეს სიცოცხლის ჰაზრი. ნუ იყოფინ ესე, სახიერო, ნუ იყოფინ!

ქალი რომ ვერ უსურვებდა რაიმე ბოროტს ვაჟკაცს, მისთვის ავ ეტლად ქცეულს, აქ კიდევ წილი ედვა მის რაღაც ლოდინს: სამარემდინ იმედითა ცხოვრობს ადამიანი. თანაც მიაქვს იმ ქვეყნად იგი იმედი; ჰგონია, იქ კვლავ გაუღიმებს მას ამ სოფლად ჩამქრალი ცნობიერება, გაუნათდება თვის პიროვნობა საყვარელი, თუნდ ჯოჯოხეთის ტანჯვათა შორის კვლავ ეწევა თვითცნობიერება ფასდაუდები. არა სტოვებდა ტანჯულს იმედი; ეგონა, გაქვავებული გული ჭაბუკისა რაიმე სასწაულით აძგერდებოდა მისთვის, კარს გაუღებდა სიყვარულს ნაკურთხს, დაამკვიდრებდა მას ედემში უჩრდილო მიჯნურობისა, თვითაც დამკვიდრდებოდა მუნ. არ იცოდა ბედშავმა, რომ მის სათაყვანებელ ჭაბუკის გულში ფრთები გაეშალნა სულ სხვა მიზანს წინაგანზრახულს, სხვა ჰაზრი დაუფლებოდა მას და მიაქანებდა მის ძლიერ პიროვნობას იმ სიმაღლისაკენ, სად ვეღარ სწვდება ვერც თუ სიკვდილი ან განქარვება. გრიგოლს ჰაზრად ჩაედვა მიწევნილიყო მწვერვალამდის, რომელი სწვდება სამშობლოს ცის კამარას, გადაფრენილიყო ვარსკვლავთა სამფლობელოში, მთიებთა არეში, საიდანაც მნათობნი სურვილით დაჰმზერიან სამშობლო მხარეს, გაანათებენ ძვირფას ქვეყანას აღსასრულამდე წუთისოფლისა.

არც თუ მთლად ფუჭი იყო ტანჯულის სასოება: გაკაჟებულიყო ჭაბუკის გული, მაინც შერჩენოდა მცირე რამ კუთხე, სადაც დიოდა სისხლი მჩქეფარე; მისი სული დაეპყრო ჰაზრს, რომელი დაესახნა მას თვის ცხოვრების ერთადერთ მისწრაფებად. მაინც იყო იქ ვანი რამ მცირე. ამ ჰაზრის დამმონებელ ძალისაგან თავისუფალი, სად ციაგობდა ქვეყნიურ სიამეთა სურვილი მცირე, თითქმის მიმქრალი განიცდიდა საკვირველი ჭაბუკიც წუთს სულმოკლეობისას, როცა შეჰბედავდა მას ეჭვი ბასრ-ჭვანგიანი და ჩასჩურჩულებდა:

- გაჩნდი ცხოვრებად, მოიმკე, ქვეყნიურო, სამკალი მსოფლიური! შენ წინა სდგას ხორცსხმული სიყვარული, შენკენ გამოუწვდია სურვილის მკლავი; ისწრაფე, მოისთვლო მტევანი შენთვის მომწიფებული! გაახარებს იგი შენს გულს, გაანეტარებს, შეგძენს ცნობას ნივთიერის ტკბობისას. გყოფს შენ, თუნდ წამიერად, ვითარცა ერთს ღმერთთაგანს. ისწრაფე!

ამისთანა წუთებში გრიგოლის მკვეთრი თვალები ეზიარებოდნენ სილბოს სახიერებისას, მის მარად მტკიცედ დახშულ ბაგეს გახლეჩდა ნასახი სიამის ღიმილისა, მის განხმელ ხმაში ერეოდა ბგერა რამ ლბილი. ამისთანა წამები ასაზრდოებდნენ თებრონიას სასოებას, ასულდგმულებდნენ.

მსწრაფლ უკუაგდებდა უკმეხი ვაჟი საამო სისუსტეს ნებისყოფისას, უფრო მტკიცედ წაემართებოდა სამუდამოდ არჩეულ გზაზედ, მის თვალებში ისევ აღტყინდებოდა ცეცხლი შემწველი სიხარულისა, ბაგენი მკაცრის სიმტკიცით დაეხშობოდნენ ნაზ სიტყვებისთვის, ხმაში ქრებოდნენ ჩვილნი ჟღერანი, იტყოდა იგი, ვით რამ ლითონი, მთლად უსულგულო, მჭახედ მომთქმელი. და ჩაითხეოდა ქალწული უფსკრულში უიმედობისა. მაინც ვეღარა ჰშორდებოდა თავის მტარვალს სასურველს. თვის ბედისწერას ულმობელს, სადღა წავიდოდა, როცა ნებისყოფა მოტაცებული ჰქონდა ვაჟკაცისაგან, როცა მის ხელში უკვე შექმნილიყო მხევლად, უპიროვნო ნივთად სულდგმულად?!

- ღმერთო სახიერო, მიიღე ჩემგან სული ჩემი ტანჯული, დამხსენ წამებას დაუსრულებელს რა არს ჩემი სიცოცხლე? არც ცოცხლებში ვარ, აღარც თუ მკვდრებში. მომძაგდა კაცთა ნახვა, მახვილადა ჰხვდება საწყალს ჩემს გულს ხმა ტოლ-სწორთა სიხარულისა.

ყოვლად მოწყალე ყურად არ იხვევდა ქალწულის ვედრებას, ყოვლად მკაცრი შექმნილიყო თებრონიასთვის, უსასტიკესი: იცოდა მეცნიერმა, რომ უკვდავება მხოლოდ ტანჯვით შეიძინება მომაკვდავთაგან, უსამზღვრო ტანჯვით სულიერით თუ ხორციელით, წამებათა ბრძმედში ჩადნობ-ჩაფერფვლით.

ესეთი იყო სულიერი მდგომარეობა ქალ-ყრმისა, მათი განცდა გამოუთქმელი, ძნელი ცხოვრება მათი ლახვარსობილი. ყველა ამას ჰხედამდნენ მხოლოდ თითონ ისინი და...

და შორეული თვალი მათის მოყვრისა, რომელი მომავალ დროთა უსამზღვრო სივრციდან განსჭვრეტდა მათ სულიერ ტანჯვას, თვითც ეწამებოდა მათის წამებით.

სხვანი ყველანი ვერასა ჰხედავდნენ გარდა იმისა, რომ ეს საკვირველი ქალ-ვაჟი გატაცებით, ვნებულად დასწაფებოდა საეკლესიო თუ საერო ცოდნათა ტბას და ისწრაფოდა ძირამდინ ამოეწურა ის. სწურავდნენცა! საოცარი სისწრაფით და სავსებით ითვისებდნენ მეცნიერებას, მეტადრე საეკლესიოს, განცვიფრებაში მოჰყვანდათ სწავლის უნარით და დიდის განვითარებით ყველანი, მცოდნენი და უცოდინარნი, დიდებულნი და მცირენი, საპატიონი და მდაბიონი. საჩვენებელნი შეიქმნენ, სამაგალითონი, უფრო კი ჭაბუკი გრიგოლ. უკვე იწყეს შეჭირვებულებმა იმათთან სამოძღვროდ დენა. თითონ ხნიერნი და ცხოვრებაში გამოცდილნი, მწიგნობრობაში დახელოვნებულნი და დაბრძნობილნი მიჰმართავდნენ მათ ჰაზრთა გასარკვევლად თუ გრძნობათა შესაფასებლად.

46

ამ მოღვაწე ახალგაზრდებმა მიაქციეს თვისზედ ხალხისა თუ მამულის მოჭირნახულეთა ყურადღება. იმათ სავსებით დააფასეს განსაცვიფრებელი შრომისმოყვარეობა გრიგოლისა, მისი გონებრივი განვითარება მდიდარი, მოქმედი რწმენა მარად აგზნებული, გაუდრეკელი ნებისყოფა უტეხი. დაასკვნეს გამოეყვანათ ის წინამბრძოლთ სარდლად ქართველთა ეკლესიისა, განსამტკიცებლად ქრისტიანობისა, ასაყვავებლად.

ეკლესიას ესაჭიროებოდა მაშინ მებრძოლთა რაზმი განვითარებული, სარწმუნოების ალით აგზნებულ-აღფრთოვანებული. საქართველოს კარს მოსდგომოდა ძლევამოსილი ლაშქარი აგარიანთა, რომელთ უკვე დაეპყრათ მრავალი ქვეყანა ახალის სჯულის უქრობი ცეცხლით.

- განსაცდელი ადგა თავს ჩვენ ქვეყანას და მასთან ერთად მთელ საქრისტიანოს აღმოსავლეთში: დაეცა საპატრიარქო ალექსანდრიისა; ეგვიპტეში ჯვარის წილ მთვარე ელვარებს წმიდა ტაძართა გუმბათებზედ; დამონებულია ბრწყინვალე იერუსალიმი, აკვანი ჭეშმარიტის სჯულისა; წმიდა ადგილნი დათრგუნვილ არიან უსჯულოთაგან. უღონოქმნილ პატრიარქს მხოლოდ სახელიღა შერჩენია დიდებული. ანტიოქია! მხოლოდ ხსოვნაღაა დიდებული მონასტრებისა, მეცნიერებით განთქმულ სავანეებისა და პატრიარქი გაძრცვილი, დამდაბლებულ-დამონებული! სდგას საქართველოს ეკლესია მარტოდ-მარტო აზვირთებულ ტალღათა შორის ახალის ოკეანისა, ვით რამ კუნძული ობლად გამდგარი.

- ვითა ჭალაკი ყვავილოვანი ცეცხლმოდებულ მიდამოს შუა.

- აღტყინებულ ცეცხლს შუა მძვინვარისა.

- მე რომ ჩვენ ეკლესიის ყოფასა ვხედავ, სასოწარკვეთილებას ვეძლევი. რა ქმნას აშოტმა თუნდაც დიდებულმა? განწირულია იგი სხვათაგან, უნებლიეთ მიტოვებული თვით ბიზანტიისაგან. მარტო იბრძვის, ვით ამირანი ახალი დევთა შორის ფრიად მრავალთა. ტფილისთან კიდეც გადაუტყდა მას ერთხელ ხმალი, სასწაულებრივღა გადარჩა დაღუპვას. მასთან დაიღუპებოდა მთელი საქართველო.

- ყოვლად წმიდამ გადაბურა მაშინ საფარველი მეფესაც. მის მცირე ჯარსაც. იგივე ჰმოსავს აწ მის მარჯვენას ძლიერებისა მტერი შემკრთალია და შემდგარი, ღონემიხდილი. ქველი აშოტი შეუდრკომლად განაგრძობს სამეფოს შენებას და განმტკიცებას. აგერ დაამთავრა ახალი სატახტო ქალაქიც თვისი, განაძლიერა შეუმუსრავ სიმაგრეებით.

- არ სძინავს ბატონს სამშობლოსათვის თავდადებულს, მაგრამ მარტო მას არ შეუძლიან მისწვდეს ყველგან და ყველაფერს. გატაცებულ მოჭირნახულეთა რაზმი უნდა ერტყას გარს ამ განსაცდელთა დროს. წმიდა ეკლესიამ თითონ უნდა აღმოაჩინოს თავის წიაღში განმამტკიცებელნი თვისნი, მამშვენებელ-მაშენებელნი. შეჰშვენის მეფეს მფარველობა, ხელის აბყრობა. სარწმუნოებისათვის თავდადებულნი უნდა შექმნას თვით ეკლესიამ.

- ჩვენი მოვალეობაა, სამღვდელოთა და საეროთა წმიდა ვალი ვეძიოთ ღმერთშემოსილი მოღვაწეება, სულისაგან წმიდისა დაბრძნობილი მქადაგებელნი, ეკლესიისა ურყეველ კლდეზედ მაშენებელნი, ზნეთა სიწმიდით ლამპარსავით მანათობელნი.

- ის რჩეულები შეჰქმნიან თავის გარშემო მებრძოლ რაზმებს რომელთ ვერა სძლევს ძლიერება ქვეყნიური, ვერც დააბრკოლებს მანქანება ბნელ ძალებისა. იმათ წინაშე სირცხვილეულ იქმნება ძალა ბოროტისა. მათ ბრძოლის ხმაზედ დაირღვევა ბჭე სიბნელისა.

- სიმართლე ღაღადებდეს თქვენის პირით. ამისათვის შეგკრიბეთ დღეს. მსურს მეც განიშნოთ ღვთისგან რჩეული, მიგახედოთ იმ ლამპრისაკენ, რომელი ჰნათობს თვით ბნელსა შინა. უწყით, მამანო, ვიზედ ვიტყვი მე: გრიგოლ ჭაბუკზედ ვუბნობ და მასთან დად შეფიცულ თებრონიაზედ, - ბრძანა მოხუცმა დედოფალმა, გრიგოლის დედობილმა.

კრებულმა მოუწონა დედოფალს სიტყვა. დაასკვნეს გამოეყვანათ გრიგოლ საბრძოლველ ასპარეზზედ. ამისთვის საჭირო იყო გარეგანი სახე მიეცათ მის პიროვნებისათვის, ისეთი ხარისხით შეემოსათ ის, რომ შესძლებოდა განსაზღვრული მოვალეობით აღჭურვილი წამდგარიყო ხალხის წინაშე, ღვთის წინაშეცა; თანაც შესძლო შექმნილიყო მისთვის, ევლო მას დიდების გზაზედ, განდიდების შარაზედ. მისმა აღმზრდელმა სახელმწიფო ოჯახმა, მისმა საკუთარმა დედამ და ერთა სიმრავლემ ინებეს ხუცად კურთხევა მისი. მიჰმართეს მოღვაწეს:

- შვილო ყოვლად კეთილო, მონავ ქრისტესო, სარწმუნოვ! იტყვის წინასწარმეტყველი: ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა! გშვენის ახვიდე მთასა უფლისასა, დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად უსისხლოისა მის მსხვერპლისა.

გრიგოლს თუმცა ჰქონდა მღვდლობის სიყვარული, მაინც დააფიქრა ხალხის თხოვნამ: შიში დაეცა მას სინორჩისა გამო თვისისა. იტყოდა:

- კრძალვა ჰმართებს მღვდლობას! მარათალი უნდა იყოს სამღვდელო არა მხოლოდ საქმით, სიტყვითაც, გონებითაც; უწესო კაცის მღვდლობა განარისხებს უფალსა. ქრისტემ თავის მაგივრად მოციქულნი დაადგინნა; მღვდელნი ნაცვლად მოციქულთა ჰგიენ. მეკრძალვის მივეახლო სიწმინდესა; პატივსა ვხედავ, პატივისაგან მეშინის ჰასაკითა დაუბრძნობელსა.

- ქრისტეს რჩეულო! შიში ღვთისა თავი არს სათნოებათა; გარნა სიბერისა პატიოსნება არა მარავალი ჟამი არს, არცა რიცხვი იგი დღეთა: მხცოვანობა არს გონიერებაი კაცისა და ჰასაკი სიბერისა ცხოვრებაი უბიწო. შენ მოგცა ქრისტემ კეთილმოხუცება გონებისა და ნურღა ურჩ იქმნები!

დაჰმორჩილდა: იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა: მისთასა ვედრებისაებრ თვით საკუთარი ოცნებისაცა: მას იმთავითვე დაესახნა თავი მსახურად ეკლესიისა, რომელი უნდა ედიდებინა ურყევ მოღვაწეობით, რომელს უნდა ედიდებინა თავისი მსახური უმქრალ დიდებით. შარავანდედი ღმერთკაცისა შეუმკობდა მას თავს სხივთა სიმრავლით, აღმოაბრწყინებდა სამშობლოს ცაზედ ვარსკვლავად სამარადისოდ აშოტის გვერდზედ დიდბრწყინვალისა, იმის თანაბრად.

- გვირგვინი ჩემი სხიოსანი უფრო ბრწყინვალე იქნება მაშინ, წელთა დაუსრულებელ მსოფლიოში, ვიდრე გვირგვინი თვით აშოტისა: მას მემკვიდრეობით ერგო ჯიღა ელვარე, მე საკუთარის ღვაწლით შევთხზავ გვირგვინს უჭკნობელს, ზეაღმყვანებელ საქმეთაგან დაწნულ-მოქარგულს!

ეს ოცნება ღრმად ჰქონდა მწირს დაფარულ-დამარხული: იცოდა მისი გამოფენა და გახუნება ერთსავე წამს მოხდებოდა; სხვის თვალს არ უნდა დაენახნა არც აჩრდილი მის საიდუმლო ზრახვისა, არ უნდა ეგრძნო თუნდაც ეჭვით მის არსებობა. თილისმა იყო ეს, მის ნებისყოფის მაცხოველებელი; დაჰკარგავდა ძალას, თუ უცხო თვალი დაჰხედავდა მას, უცხო ყური მოისმენდა მის ხმას შორეულს.

- ეჰ, მიწიერია ადამიანი და ქვეყნიური გრძნობა არ განშორდება მის გულს არც როდის. შეუძლიან შეზღუდოს ამაო სურვილები, წარმავალი სიტკბოებანი; ვერ უარჰყოფს თვის ლტოლვილებას დიდებისადმი, ვერ უკუაგდებს სურვილს უკვდავებისას, ვერ შეურიგდება განქარვებას თვის სახელისას: უკვდავმა შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად და დაუწერა სწრაფვა გარდუვალ დიდებისადმი.
- ნუ მიწყენ, მეუფეო, ამპარტავნობასა ჩემსა; მსაჯე მე არა გულისთქმისათვის ჩემისა, მოქმედებათათვის ჩემთა; საქმეთა ჩემთა გამომაჩინონ მე, - იტყოდა მწირი.
 47

უხაროდათ გრიგოლის მღვდლობა თითონ მასაც, მის მვედრებლებსაც: პირველი დაუახლოვდა თავის განზრახვას, სხვებმა ჩაუყენეს ეკლესიას ახალი მებრძოლი შემმართებელი. დარწმუნებულნი იყვნენ ამაში; მეტსაც ფიქრობდნენ: ეშინოდათ, ახალ მოციქულს არ გაეტანა მკაცრი წესები სჯულის დაცვისა, რომლებიც შეაკრთობდნენ თითონ მორწმუნეებსაც, ტვირთად მძიმედ დააწვებოდნენ მათ.

ქართველი სჯულის მოყვარული იყო, მისთვის თავდადებული, მაგრამ თვის ღმერთთან ურთიერთობაში უარსა ჰყოფდა სასტიკ წესებს; ლაღად მოქმედობდა წინაშე ღვთისა, როგორც მამის წინ. რომლისადმი პატივი და სიყვარული ღრმა არის, ძრწოლა კი დაკნინებულ-დამცირებული. უყვარს ქართველს თვისი მეუფე, ხოლო ალღოთი იცის, რომ შიში უარჰყოფს ყოველ სიყვარულს, გარე განდევნის მას. ამის ეფიქრებოდათ ახალი ხუცესის შემხედველთ. სხვად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მადლმან უფლისამან ღირსეული ჭური ჰპოვა დასასვენებლად.

არ უხაროდა ეს ამბავი მხოლოდ თებრონიას. აქამდის თუ მქრალი იმედის აჩრდილი მაინც დასტრიალებდა მას თავს, ეხლა მთლად უიმედო შეიქმნა თავის წადილთა აღსრულებაში. ისე იდგა ეკლესიაში გრიგოლის მღვდლად კურთხევის დროს, როგორც ქანდაკება მარმარილოსი. არავითარი გრძნობა არ ეხატებოდა მტკიცედ ჩამოყალიბებულ სახის ნაკვთებში. მხოლოდ თვალთაგან სცვივოდა უძრავს ნაპერწკალი ბოროტად მწველი. დაჟინებით მისჩერებოდა თვის გულქვა სატრფოს; თუ შესძლებოდა, გაანადგურებდა მასაც, მის მაკურთხებელსაც. წესის შემდეგ ჩაიკეტა ქალი თავის გალიაკში და მისცა ნება სევდას, გადმოდენილიყო კიდეებიდან. ხმით ქვითინებდა. ძუძუთ იგლეჯდა აბორცვებულთა. ეუბნებოდა:

- უხმარ ხართ ჩემთვის, ამაო ტვირთნო ჩემს საწყალ მკერდზედ. ვეღარ ამიზრდით შვილსა საყვარელს. ვერ განამტკიცებთ ტკბილ გრძნობის სიღრმეს. უხმარ ხართ ჩემთვის, სურვილთ აუზნო! ამაოდა ხართ მინიჭებულნი...

მოსთქვამდა ქალი. ცრემლით ივსებდა უბე-კალთასა. არავითარ შვებას არ აძლევდა მას იგი ცრემლი, არც თუ ოდნავ უშუშავდა წყლულს: გამდნარი ტყვია სცვიოდა თვალთაგან ცრემლად და სასტიკადა სწვავდა ქალწულ ხორცს, საბოლოვოდ ანადგურებდა მის ნაზ მგრძნობიერებას სუნნელოვანს. გამოიტირა თავის სენაკში ნორჩი ქალობა, დაფერფლა თვისი გრძნობები და...

და გამოვიდა იქიდან არა ხორცსხმული ადამიანი, არამედ ლითონად ქცეული კერპი სასტიკი, რომელს აღარ ესხნეს ყურნი სმენად ცხოვრების სიმღერათა, არც თვალნი ხილვად სიცოცხლის მშვენიერებათა. ისიც ეხლა იყო მხოლოდ მხევალი ეკლესიისა, მასაც ეხლა წარბშეუხრელად შეეძლო დაეტოვებინა დედ-მამაც, და-ძმაც, დობილიც, სატრფოც და შესდგომოდა მარტოოდენ თავის ქრისტესა. არა იმ იესოს კაცთმოყვარეს და ლმობიერსა, რომელს სიბრალულით ევსებოდა გული ადამიანის ტანჯვის ხილვაზედ და მზა იყო შეენდო ყოველთვის, ყოველთათვის; არამედ მაცხოვარს კაცთა სისასტიკისგან შექმნილს, უგულოს, რომელს გზნებულ კოცონზედ აჰყვანდა ყველა, ვინც ეახლებოდა მას არა როგორც მონა უსიტყვო მის წინ მძრწოლარე. გამოვიდა გალიაკიდან ქალწული ყოველ ჩვილ გრძნობათაგან გაძრცვილი, ყველა ქვეყნიურ სიხარულამომწვარი და განაცხადა:

- მსურს აღვიკვეცო მონაზონად!

არაფერმა რჩევამ ნათესავებისა თუ მეგობრებისა, არავითარმა ხვეწნამ და ტირილმა, არც მბრძანებელთა წვრთამ სასტიკმა აღარ გასჭრა, ვეღარ იმოქმედა. იდგა იგი მკაცრად მღიმარე და ყოველი ღონისძიება სხლტებოდა მის ლითონად ქცეულ სიპ არსებაზედ.

- საფერი მოწაფე ღირსის მწვრთნელისა! ორნივ უტეხნი, ორნივ სასტიკნი თვის წმიდა მისწრაფებაში. მაგათ სულიერ ფარზედ ამოკვეთილია: ან ძლევა, ან და სიკვდილი!

- შესძენს ქალ-ვაჟი ეკლესიას დიად სიმტკიცეს.

- თუ არა, დაინთქმებიან ორნივ ერთად ბრძოლის ველზედ.

- ეგრევე ვფიქრობ! დიდ აზრიანია განგება ღვთისა, ხოლო მის მადლი შორსგამჭვრეტელი. ეგრეთ მებრძოლთ თუ მოითხოვს აწ ქართველთ ეკლესიის ბედი. აღსრულდეს ნება უფლისა.

- იყავნ! იყავნ!

ტოლად იღვწოდნენ ეს ქრისტეს მიერ და-ძმა, მექონნი გარეგანი სახით უნივთო ურთიერთობისა, ხოლო ნამდვილ სასტიკი მოტრფიალენი ერთმანეთისა, რომელნი შეგნებულად აშთობდნენ ძლიერებით სავსე თვის ხორციელ არსებაში ყოველს ნასახს ბუნებრივის მოთხოვნილებისას. აწ იგი მოთხოვნილებანი, ღვთისაგან ნაკურთხი ნათელი ლტოლვილებანი, მათთვის ბნელ ბოროტისაგან იყო შთაბერილნი და ებრძოდნენ იგინი მათ, ვით სატანაილს მათ გვამში სახებულს. ძვირად უჯდებოდათ ეს მედგარი ბრძოლა არაბუნებრივი და მით უფრო სისასტიკით ევსებოდათ გული, თვისადმი სიმძაფრით უდიერით: უწყალოდა სპობდნენ თვის არსებაში ყოველ ნასახს ქვეყნიურის ყვავილისა. და დაამზგავსეს არსება თვისი არეს ურწყულსა, მთლადაც განხმელსა, სად მცხინვარებდა ალად ავარდნილი სიცხოველე ცის მსახურებისა. ცდილობდნენ მიწის შვილნი აღარ ჰკარებოდათ მიწაზედ ფეხი. ისწრაფიდნენ. თავიანთ გარეშეც განევითარებინათ ბრძოლა ნივთიერ სიამეთა წინააღმდეგ, რომ ამოეფხვრათ ის ყველგან თუ საყოველთაოთ. და ეს - სადიდებლად ღვთისა-მამისა! ჭეშმარიტად სასტიკი იყო ღმერთი იგი მათი და მოითხოვდა მსახურებას უსასტიკესსა.

- მადლი უფლისა მრჩობლად გადმოვიდა კურთხევის ჟამს გრიგოლ მღვდელ-მონაზონზედ და განაძლიერნა ძალნი მისნი დიდებად ეკლესიისა! - ამბობდნენ მახლობელნი.

და უკვირდათ, როგორ უძლებდა მოძღვარი ახალი შეუფერხებლივ სვლას გზაზედ ამგვარის განვითარებისა, შრომას ზეკაცურს თვის გონების ასამაღლებლად, თვის არსების გასაწმედად ნივთიერ გულისთქმათაგან. ჭეშმარიტად ამ ცხოვრებაშივე შეირაცხებოდა იგი მოღვაწე წმიდათა თანა.

ბუმბერაზი ჩაუდგა ქართულ ეკლესიას მებრძოლთა რაზმში, გოლიათი ახალი, რომელი გამოსულიყო ასპარეზად, მიმოიხედებოდა შეჭურვილი, მარადჟამს ეძებდა თვის სწორ შემმართებელს. ეკლესიის აყვავებისათვის იგი წარბშეუხრელად შეებრძოლებოდა თვით ძალთა ჯოჯოხეთისა. ებრძოდა კიდეც იმ ბოროტ ძალებს ათას სახედ აჩენილებს ცოდვილ ქვეყანაზედ.

დარწმუნდნენ მვედრებელნი, რომ არ შესცდნენ თვის არჩევანში. მათ მოლოდინს მრავლად გადააჭარბა რჩეულის მოღვაწეობამ

- ანგელოზი არს ესე უფლისა ყოვლად მბყრობელისა: ვითარცა ანგელოზი სდგას იგი ყოვლისა ჭეშმარიტებისა მასწავლებლად - იტყოდნენ მთავარნი.

და განიზრახავდნენ ეპისკოპოზობასა მისსა. ამცნეს მას განზრახვა თვისი.

48

ნეტარმა გრიგოლ, ოდეს იხილა თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა, ფრიად შეწუხდა. სწუხდა გული მისი, სარჩიელს ირჩევდა სული მისი ძნელს, იმისთვის ღონდებოდა. დამდგარიყო ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ჯვარედინ გზაზედ ცხოვრებისა. მარჯვნივ მიიგრაგნებოდა ფართო შარა, რომელი გადადიოდა ეკლესიაზედ და მაინც ხორციელ განცხრომას თუ ქვეყნიურ დიდებას მიუბყრობდა მწირ მოღვაწესა.

- შემიმზადებია შენთვის დიდებული ხარისხი საეკლესიო: ქართველთა საპატრიარქო საყდარს ამყვანებელი იგი ხარისხი! მეწამული ფარჩა ლბილი, დიბა ზარქაში ოქროცურვილი, ქოშ-წუღა მშვენი გოჰარ შეყრილი; გვირგვინი თავსა შენსა ქვათაგან პატიოსანთა; შენდა ამბორი მიწად დახრილი; მორჩილნი და მონანი მსახურებად შენდა; სასეფეწულო სანოვაგე რჩეული; წარჩინებულთა თანა ამა სოფლის ინახით ჯდომა; მამულ-სამკვიდრებელი დიდ დიდებული...

იარე ამ გზით, თავადო ეკლესიისა!

- შესდეგი, მწირო! ეს გზავე იგივე დიდების სავალია ხილულისა, ხორციელის კეთილდღეობისა, - ის საკვირველი სადენი, რომელს ვინმე განდეგილი, ქვეყნიურის კეთილის ფიცით უარმყოფელი, გამოჰყავს კვლავ დიდებულ რამ სეფაში, სად განმზადებულია ფუფუნება, განცხრომა, ბრწყინვალება ისეთი, რომელზედაც ოცნებობენ რჩეულნი წუთის სოფლისა.

- მკვიდრად სდეგ, მწირო! ისმინე ჩემიც: იგი პორფირი, გვირგვინ-დიდება მაინც ყალბია, მხოლოდ მიბაძვა გოროზთ ცხოვრების, მეფეთ მიბაძვა, მთავართ ტოლობა; თაღლითი სახე განდიდებისა! ფასდაუდები გვირგვინი პატრიარქისა მაინც ვერ უდრის სამეფო ჯიღას ზეცით მოღებულს, კვერთხი ოქროსი - სკიპტრას მეფისას. ამაო რამ ცდა განდიდებისა! ეკლესია აქ გამოვალს თვის სამზღვრებიდან, შეიჭრების იგი სხვის სამეუფოში.

- დაფიქრდი, ბერო, სიმართლე გესმის! რა აქვსთ საერთო ეკლესიის თავადთა პალატებს უბინაო ბინასთან იესოსი, ოქროცურვილ ტალავარს დაბებკილ კვართთან ნაზარეველისა, მარგალიტით მოოჭვილ ქოშებს თასმით შეკოპილ ხამლთან ქრისტესი; მის სამწყსო არგანს საყდართ თავადის ძვირფას კვერთხთანა; კარაულს ნათხოვარს- ლბილად მოფარდაგებულ-მკობილ ეტლთანა; სამარიტელისაგან მიწვდილ წყალს ხოშგურულ ნექტართან; მის ეკლის გვირგვინს - ლალ-იაგუნდით მოქარგულ იალქანთანა?!

- არაფერი! სრულიად არაფერი!

- რა აქვს საერთო სხვათა ფერხთ მბანელ მესიასთან მის განდიდებულ მოადგილეს, რომელს ოქროს კულითა ჰბანენ ხელს ვერცხლის თასშია და წარჰხოცენ ნამს სპეტაკ არდაგით?!

- არაფერი! სრულიად არაფერი!

- და ვიტყვი კვლავაც: ეს უფერი ყოფა განდიდებული მხოლოდ ბაძვა სამეფო ტახტისა, მარტო ანარეკლი მის შარავანდედისა. თაღლითია იგი დიდება!..

- რას ინებებ, მწირო სვიანო? აგისრულდა ნატვრა გულისა: ცა გაქვს განხმული.

- არ მსურს, არ მინდა დიდება ესე!

- არა გსურს?!

- არ მინდა დიდება მაცხოვარის სახელთან ყალბად შედუღებული, თავის არსებით არაბუნებრივი, ნასესხ-მბაძავი დიდი დიდება! აშოტის ტახტის თუნდ მარჯვნივ დავსჯდე. ნატითა და ბალიშით, პირველ ადგილზედ, მაინც იგი ისევ იმ თვალით უნდა მიყურებდეს, როგორც მიმზერდა სასახლეში ბატონიშვილი გალაღებული ობოლს შევრდომილს, სამადლო ლუკმით გამოზრდილ-გამოყვანილს. არ შემიძლიან ამ შარაზედ სვლა: სიცოცხლე ჩამიშავდება თვალ-მარგალიტში მჯდარს, ოქროთი ვარაყებულს. არ შემიძლიან!

- აჰა გზა იწრო და ეკლიანი!

მეორე გზა მარცხნივ მიდიოდა, სავალი უსწორო, კლდოვანი, ძნელი. ჯვარი უნდა ეტვირთათ, ისე გაევლოთ. ამ ტვირთის ქვეშ მიწამდინ იღვედებოდა თვით ღმერთკაცი. არა ჰგოდებდა გაუტეხელი. სხვებსაც უკრძალავდა თვის ბედზედ ტირილს.

- იტირეთ თქვენზედ, თქვენთა შვილთა ზედ!.. ეტყოდა თვის მოტრფიალე დედათა გუნდს.

- მხოლოდ ეს გზა არის შესაფერი სავალი ჩემი! მწირი ვარ ბერი და არღა მშვენის თავადობა ქრისტეს სამწყსოსი. ჩემი სავალი არის გზა მოღვაწებრივის შრომისა და განვითარებისა. ბოლო ამ მოღვაწეობისა არის თავადობა სულიერი, პირველობა სასწაულთმოქმედებისა, გულთამხილაობისა.

- ეკლესიას ორი მოთავე უნდა ჰყვანდეს: ერთი ბრწყინვალე თავი ეკლესიისა მსოფლიურ დიდებით შემკული, რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამქვეყნიური: დამოძღვრა სამწყსოის ხორციელი არსებისა. ალბათ ეს საჭირო იყო ხილულ ეკლესიის მოსაწყობად და საარსებოდ. მეორე მოთავე მისი უნდა იყოს წმიდანი, ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი, ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი, ხილული დიდების თუ განცხრომის უარმყოფელი. ძნელია ადამიანის წმიდანობა ამ ქვეყნად, შესაძლებელი კი არის. და შევსძლებ!ან წმიდანობის ნათელ მწვერვალზედ აღსვლა, ან ჩათხევა უფსკრულში არარაობისა და სიკვდილი უხსენებელი!..

- თუ ეწიე იმ ძნელ სიმაღლეს, მუნ გაბრწყინდები, ვითა იესო თაბორის მთაზედ. წმიდანნი მოვლენ და გეტყვიან შენ, სოფლით განსულნი გვერდს გედგებიან. ხორციელნი თვალთ ვეღარ შეადგამენ შენს შარავანდედს. ვერცა მონანი, ვერცა ბატონნი; ვერც თუ მეფენი თუნდ ზვიადად ამაღლებულნი, თუნდ თვით აშოტი ბრწყინვალე, პატრონი საქართველოსი.

- საქართველოს ეკლესიასაც უნდა ჰყვანდეს კაცთაგან დადგენილი საჭესმპყრობელი, პატრიარქი მოთავე თვისი; უნდა ჰყვანდეს წმიდანიც, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა. და მე... მე მწირი გრიგოლი, ობლობაში აღზრდილი გრიგოლ უპატრონოი, შევიქმნები წმიდანად ეკლესიისა, სულიერ მოთავედ მისი, არა კაცთაგან დადგენილ მის თავად. ღვთისგან აღბეჭდილი მის წინამძღვრად!..

- ნუ მიწყენ ზვიადობას სიმდაბლისას, ყოვლად სახიერო, ვგრძნობ სულსა ძლიერს შენგან მობერილს, მადლს ფრთოსანს სიმაღლედ აღმყვანებელს, ნებისყოფას მძლეს. განმტკიცებულს შენის მარჯვენით განვიცდი ამას და ვისწრაფი შუქისაკენ, რომელს ვხედავ ამ იწრო და ძნელის სავალის დასასრულს, მიეძღვ მე ჭეშმარიტებითა შენითა და განამტკიცენ სვლანი ჩემნი. უფალო ძალთაო, ჩემთანა იყავნ! - აღმოთქვა ღელვილმა.

და დაასკვნა ეხლავ. ამ წუთშივე შესდგომოდა თვის სავალს გრძელს, განსაცდელთაგან ყოველმხრივ მოცულს. გაიხედა სარკმლიდან, ღამე გატეხილიყო, ცის კიდეზედ მოსჩანდა კიდეც მნათობის მოახლოების მომასწავებელი ციაგი. აიღო არგანი, თავისი საყვარელი ეტრატები და იდუმალ განვლო ბჭე სასახლისა. ივლტოდა თვისის ქვეყნიდან სამოძღვრო მოწოდებით, რომელიც უძღოდა ოდესმე მამათმთავარს აბრაამს. გარნა აბრაამი განივლტოდა ქვეყანისაგან ურწმუნოთასა, ხოლო ესე ახალი აბრაამ ქვეყანისაგან მორწმუნეთასა. ღმერთმა გზად გამოიყვანა ესე აბრაამ ამის მიზეზისათვის, რათა უქმთა მათ უდაბნოთა შინა განბრწყინდეს სანთელი დაუვსებელი.

49

ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა აშოტის გამჭრიახმა გონებამ და მისმა მოხერხებულმა მოქმედებამ უტეხმა შეაყენეს მოზღვავებული წინსვლა მტრისა. შეაკრთეს ის, გადრიკეს და მიაქციეს იმ სიმაგრეებისადმი, რომლებიც შექმნილიყვნენ იმათთვის უკანასკნელ თავშესაფარად, ერთადერთ ზღუდედ შუაგულ საქართველოში. ეხლა აგარიანნი ვეღარ გამოდიოდნენ ნარიყალის ციხიდან ქართველთა შიშით, ვერც სამშვილდედან. თბილისის ემირი კაცს კაცზედა ჰგზავნიდა ხალიფის წინაშე და ევედრებოდა, დაუყოვნებლად გამოეგზავნა მაშველი ლაშქარი, თუ ჰაზრადა ჰქონდა გაემარჯვნა ისლამს შავ ზღვაზედ, რომ აქედან გადასწვდომოდა ბიზანტიას, უდიდეს და უძლიერეს კერას ქრისტიანობისას. ნათქვამია ერთს მოხსენებაში:

- მანამ არ შეიმუსრება აშოტ უძლეველი, ამაო არის ოცნება ბიზანტიის დაბყრობის შესახებ. აშოტის სამფლობელო ის ალმასის კლდეა, რომელი უნდა გააპოს შენმა ნაკურთხმა ხმალმა, რომ დასწვდეს ბიზანტიას. აშოტი ყველაზე მედგარი და უტეხი მეშველია იმპერატორის ბასილისა.

იცოდა მეფემ, რომ სარკინოზნი ყოველ ღონისძიებას იხმარებდნენ, შეემუსრათ მისი ფოლადივით მტკიცე სამეფო. დაუცხრომელად ცდილობდა ესარგებლნა დროთი და გაემაგრებინა თვისი ქვეყანა, მჭიდროდ დაესახლებინა თავისუფალი ადგილები, განზედ გაეწია თავისი სამზღვრები და მიეტანა იმ ბუნებრივ ჩარჩომდისინ, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყო მისი ქვეყანა, რომ მოძულეს ვერ ევნო მისთვის და მტერს ვერ შეემუსრნა იგი.

აშენებდა აშოტი თავის სამფლობელოს, როგორც მოჭირნახულე პატრონი ჰაზრიანი, განსაკუთრებული სიყვარულით აშენებდა თავის ახალ სატახტო ქალაქს და იმის მშვენებას. სამეფო ციხე-დარბაზს, რომელი თავს წარსდგომოდა განახლებულ არტანუჯს, რათა პატრონის მოყვარულს თვალს მარად შესძლებოდა დამტკბარიყო მისი ზრდით თუ კეთილად აღორძინებით. მარდად იზრდებოდა არტანუჯი, როგორც რამ ზღაპრული ბუმბერაზი, სხვა ქალაქი თუ წლობით იზრდებოდა, ის დღით ვითარდებოდა და იფურჩქნებოდა თავის მოსიყვარულე მზრუნველის გასახარად. მფლობელი სიამაყით გადაჰყურებდა ქალაქს თვისი ციხე-დარბაზის აივანიდან, მაგრამ მეტი სიყვარულით დაჰყურებდა თვის ქალაქის იმ ნაწილს, რომელიც ჰფენილიყო სასახლისაკენ; ხოლო მეტის ტრფიალით და ალერსით შეაყენებდა თვალთა ისარს იმ შენობაზედ, რომელიც სასახლისაკენ ამავალ მიმოხლართულ შარას მარჯვნივ მოსჩანდა ობლად განმარტოებული ახალნერგ ხეხილით სავსე ფართო ეზოში.

ამ სახლის დანახვა სიხარულსა ჰგვრიდა ვაჟკაცს. თვალებს უღიმებდა, უხალვათებდა, ზრუნვათაგან შენაოჭებულ შუბლს უხსნიდა. ფიქრთაგან მოცულნი შეიქმნებოდნენ დღენი დიდებულისა, ვერ გაიღიმებდა მისი გული ვარდისებური ღიმილით, თუ ის ახალი სავანე მიჰფარებოდა მის თვალთა ხედვას. ეს მხოლოდ იმისთვის კი არა, რომ მის სასახლე ამშვენებდა ახალშენ არტანუჯს, არამედ ამისთვის, რომ იმ ეზო-სასახლეს მშვენებით ავსებდა აშოტისათვის შეუდარებელი შუქია, ბუმბერაზისათვის ახლად აღმომხდარი შუქურ ვარსკვლავი. მძიმე თალხებით მოსილი უბრალო სქელ ლეჩაქში ბადრ მთვარედ ეჩვენებოდა მოხიბლულ ვაჟკაცს, ბინდნაკრავ ღრუბლებით გარშემორტყმულ მნათობად. როს ნათელ თვალთა უპეები ცრემლებით ევსებოდნენ ლამაზს, გამიჯნურებულს შიში მოიცავდა, არ დაწვასო დარდის ნაჟურმა სადაფის საგუბრები. ცრემლი რომ ნაკადად გადმომდინარებდა გიშრის მილებით სპეტაკ ღაწვებზედ, რაინდს გული უთქმიდა, მხურვალე კოცნით ამოეშრო საგუბრები, რომ მწვავე ნაკადს არ დაეღარნა სპეტაკი კანი ნათელმოსილი.

- მაინც ბედნიერია პაატა მკვდარი, როს თავს დასტირის ხორცსხმული ანგელოსი სევდით მოცული. ნეტავ შემეძლოს, ვბრძანო და ქანდაკებად მომართმევდნენ შუქურ მომტირალს ან ხატად დამიწერდნენ მის მშვენებას, დარდით შეფერილს, - ამბობდა ვაჟკაცი.

და ცდილობდა ღრმად აღებეჭდნა გონებაში მათრობელი სურათი მაღელვებელი, გრძნობათა ამშლელ-აღმტყინებელი, თაყვანების ბრძმედში ვნებათა ჭავლების განმასპეტაკებელი. აღიბეჭდაცა! ეხლაც აივანზედ რომ თვალნი დამწუხნა ღელვილმა, ისე ცხადად წარმოუდგა იგი ქანდაკება სიცოცხლით სავსე, რომ მკლავნი გამართა მის მოსაჭდომლად, სანუგეშებლად.

- აღარ შემიძლიან მეტი! მეფე ვარ ქვეყნისა, მონა ერთის ჩემის მხევლისა. იგია მეუფე ჩემის გულისა, სულისდგმა ჩემი. არ იცის უბრყვილომ, რომ მხოლოდ მასშია სიცოცხლის ღონე ჩემი. წავალ, ვეტყვი ყოველსავე, გულახდით ვამცნობ ჩემს შეჭირვებას. თუ მისმენს და მიხსნის, დაუბრუნებს საქართველოს ჭირისუფალს სახსენებლად მოვლინებულს; თუ არა, დასთრთვილავს ჩემს სულში აღმოცენებულ სამოთხის ყვავილს სიყვარულისას, კოკორშივე ჩასთუთქავს მას და მასთან ჩემს არსებას. გული ჩემი იმ სიყვარულის ყვავილშია ჩანერგილი, მასთან დაჭკნება იგი, მასთან მოკვდება და... დაიშლებიან ძალნიც ცხოვრებისა ჩემისა. არა, აღარ შემიძლიან თუნდ წუთის დაკარგვა! წავალ, განვუცხადებ...

- ჰა, ჰა. ჰა! როგორ მეშინის,თითქმის ვძრწი.

- შუქურ მშვენიერო! მოდის მეფე აშოტი შენს წინაშე თვის სურვილთა სამჟღავნებლად და... შიში დასცემია მას, ძრწოლა მუხლსა ჰკვეთს მას, ვისზედ იტყვიან, უშიშარ არს იგი, ვითა უხორცო. ვინ დაიჯერებს? ვინ მიჰხვდება? ვინ შეიგნებს?

- ვერავინ! ვერც როდის!

- როგორ არა! შეისმენს ის, ვის გასწონია გულს ისარი ტრფობისა ორბის ფრთიანი! - მოესმა მკაფიოდ ღრმად ჩაფიქრებულს.

და შეკრთა, გამოფხიზლდა. თვალებზედ ხელი მოისვა. მაინც მტკიცედ დაადგა თვის დასკვნას. სხვანაირად ქცევა აღარ ეგებოდა მისგან; ამოშრეტილიყო ფიალა მოთმინებისა. დროც იყო: გლოვის პირველ ხანს გაევლო, დროს თვისი ფრთა შეეხო დარდისაგან ცეცხლდებულ გულისათვის შუქურისა, ფრთა მყინვარე, სევდათა მაგრილებელი, დავიწყების ტალღათა მიმცემ-შემრთველი.

ამ ხნის განმავლობაში და წინადაც, სანამ პაატა ისევ ცოცხალი იყო, მეფის სასახლე საგანგებო ზრუნვით გარს მოჰხვეოდა შუქურის ბინას და ყოველგვარ შეღავათს აძლევდა მას, ყოველსავე საზრუნველს თავიდან აცილებდა ახალშენ ოჯახს, უხვ სიკეთეს აფრქვევდა იგი იმათ კარ-მიდამოს. ეს ყოველივე თავისთავად ხდებოდა, მეფის სურვილისა და ცნობისაც გარეშე, თითქო ისეთი უხვი ზრუნვა ბუნებრივი იყო სასახლის მხრივ, თითქო შეუძლებელი იყო სხვანაირი ქცევა იმისათვის ხდებოდა ესე და სრულდებოდა, რომ მეფის ოჯახობის ნივთიერ ყოფას განაგებდა სახლთუხუცესი, რომელიც სწორედ გულთამხილავი იყო აშოტის შესახებ. მის ჰაზრებს თუ გრძნობებს ისე ცხადადა ჰხედავდა, მკაფიოდ კითხულობდა, როგორც გაშლილ წიგნს და ეს მისთვისაც რომ გულწრფელად უყვარდა მეფე, თაყვანსა სცემდა მის დიდებას, საქართველოს მხსნელად. ჰსახავდა მას, ერთადერთ მის საიმედო ჭირისუფლად და მის ცდაში იყო, მეფის ძალ-ღონე სხვა რამ საზრუნველს არ შეეხმარებინა თავისზედ თუნდაც ერთ წამით. გულკეთილიც იყო სახლთუხუცესი: მოსწონდა ნაზ გრძნობათა ფართოდ გაშლა და ვერ შეეგნო, რად უნდა ყოფილიყო ცოდვა, თუ მეფის საპირადო გულისთქმა საიდუმლო დაკმაყოფილებული იქმნებოდა ხანდისხან მაინც. ნუთუ ესეთი მცირე ჯილდო არ ეკუთვნოდა ქვეყნის დიდ მოჭირნახულეს, როდესაც მის ქვეშევრდომებს, მის უღირს მონებსაც კი, ხელი მიუწვდებოდათ ამისთანა სიტკბოებაზედ. ცდილობდა გაეადვილებინა აშოტისათვის მისი გულითადი სურვილის აღსრულება, მისი ძლიერი მისწრაფება პირადი.

50

მეფე კი იტანჯებოდა დაუშრეტელი სურვილით, მოსვენებას ვეღარ ჰპოვებდა ფრიად მღელვარე. მეფეს მძლედ შემმართებელს მარჯვენა დასდუნებოდა ამ პირად სურვილის აღსრულებისათვის, უმწეოდ იდგა მტერთა მძლეველი ამ მცირე საბრძოლველის წინაშე, მთლად ღონემიხდილი: უხილავი ლაშქარი სცვიდა ბროლის კოშკს, სად დაევანნა შუქურს სასურველს, ალმასის ზღუდე ერტყა მას გადუვალ-გადულახავი. ქალსა სცვიდა მბრძანებლის სურვილისაგან ხალხის უწმიდესი ჩვეულება და ურყევ კანონად დადებული მისი ზნეობა. მკაცრი შეხედულებისა იყო ქართველი ცოლ-ქმრობაში ღალატზედ და მრუშობაზედ.

- არა იმრუშო! - ბრძანებდა ერი.

და მისი მკვეთრი ხმა მცნება იყო სასტიკის ღვთისა. დამრღვევი ამ მცნებისა ვერ ასცდებოდა სასჯელს ვერას გზით, ვერ იხსნიდა მას ხალხის რისხვისაგან ვერც ოქრო, ვერც დიდება ან რაიმე ღვაწლი, თუნდაც იმავე ერისათვის უხვად მინატანი.

- არა იმრუშო! - ბრძანებდა ქართველი.

და ეს ბრძანება შიშის ზარს სცემდა თვით ძალა მოსილთ და უშიშართა. ესე ბრძანებდა ქართველი, ესევე ბრძანებდა სჯული მისი. მხოლოდ ეკლესიისაგან ნაკურთხი გვირგვინი წმიდა ჰყოფდა სქესთა შორის კავშირს, განასპეტაკებდა მას, აღამაღლებდა უდიდეს საიდუმლოთა ღირსებამდის. იგი საიდუმლოც კურთხეული არსებითად განუმეორებელი იყო სჯულის შეხედულობით, როგორც განუმეორებელია და მხოლოდ თვით სიყვარული ჭეშმარიტი, იგი ერთადერთი სპეტაკი ყვავილია ნაზ ღეროზედ ობლად ფურჩქვნილი. რა უნდა ექმნა ძლიერ სიყვარულით შეპყრობილ ბუმბერაზს, როცა ხალხის აზრი, როცა მცნება სჯულისა ერთგვარად უარჰყოფდნენ მის გულისთქმასა, სასტიკად წინააღუდგებოდნენ, მთლად ულმობელად?!

ამ უძლეველი მისწრაფების წინააღმდეგ იყო პირადი მდგომარეობაც თვით აშოტისა: უკვე შუახნის კაცი ჭაღარაშერთული და დაბრძნობილი, ცოლშვილით სავსე ოჯახის თავი და... და მთლად ახალგაზრდული გატაცება, შეუმართებელი მისწრაფება ნამდვილ ჭაბუკისა.

- არ შეგშვენის ეს, ბატონო აშოტ! არ შეჰშვენის შენი გულისთქმა შენს შეთრთვილულს წვერ-ულვაშს ვაჟკაცურს, შენს ხარისხს უზენაესს, შენს განთქმულ მეოჯახობას, არც შენს სჯულისათვის თავდადებულობას შეჰშვენის ეგეთი ქცევა, ღვთით მოწოდებულო დარაჯო ქართველთა ზნეობისა, კეთილდღეობისა! გახსოვდეს: ლამპარი ხარ საქართველოს, სანათებლად დამდგარი და უჯერო იქნების - ბნელი ეწიოს შენ შუქმფენელ სინათლეს თუნდ ჟამიერად, თუნდ წამიერად.

- ვგრძნო,. მესმის, ნათლადა მაქვს შეგნებულ-წარმოდგენილი, მაგრამ აღარ ძალმიძს, განილია თმენაი ჩემი! სურვილი მძლედ მებრძვის მარადჟამს, წადილი სულზე უტკბესი, და ვერღა შემძლებელ ვარ ვერიო მას.

- შესძლე! ებრძოლე!

- არც მსურს ვებრძოლო ამ სურვილს! მომეცით გზა სატრფოსთან მიმყვანებელი, მომეცით ნება განვახორციელო ნდომა ჩემი, ნუ მისპობთ სიხარულს ერთადერთს!..

- შენ უწყი. სახიერო, მხოლოდ ეხლა შეეხო ჩემს გულს სიყვარული და იგი ხომ თვით შენივე გამოკრთომაა ამ ქვეყნად, სიყვარულო დაუსრულებელო!- ილოცდა ვაჟკაცი.

მაგრამ იცოდა, ეს მისი ვედრება უსმენ იყო ღვთისაგან, კაცთაგანაც. ან თავი უნდა დაენებებინა თავის განზრახვისათვის და ჩაეკლა იგი, ან უნდა მძლავრად გადაეჭრა ყოველივე დაბრკოლება და გადაელახნა, თუნდაც ამისათვის საჭირო შექმნილიყო მსხვერპლად მიეტანა თვისი დიდებაც, თვისი ღვაწლიც, ოჯახის სიმშვიდეც: ცხოვრება თვისი, გინა სიცოცხლე.

- რა უბედური ვარ მეფე ბედნიერი! რა უშრეტი ცეცხლი აგზნია საწყალს ჩემს გულში! რად არის ესე სასტიკი ქრისტიანობა და მისი სამწყსო? აგარიანთ უსჯულო სჯული უფრო ლმობიერია, ისმაილელნი უფრო კაცთმოყვარენი არიან. სარკინოზთა მფლობელი რომ ვიყო ისლამის მჭერი, ნება მექნებოდა დღესვე დიდებით და ზეიმით მომეყვანა სასახლეში ჩემი ვარსკვლავი. სჯულის თავი აკურთხებდა ჩემს მოქმედებას, ხალხი თვალმარგალიტს გადააბნევდა ახალ დედოფალს, მონანი და მხევალნი მოწიწებით ეამბორებოდნენ მის კაბის კალთებს. ეხლა კი... ჭეშმარიტად იგი ახალი სჯული უფრო ლმობიერია და კაცთმოყვარე, - გაივლო გულში შეჭირვებულმა.

- ნუ მიწყენ, სახიერო, შემინდე შეცოდებანი ტანჯულს უმწეოს! - დაიკვნესა მან.

და დააყრდნო თავი ხელზედ, გარიდდა, უაზროდ გაუშტერა თვალი სივრცეს. გარკვეული რამ ფიქრი აღარა სჩანდა მის თავში, არავითარი სხივი აღარ ჰფანტავდა იმ სიბნელეს, რომელს მოეცვა მისი სული ტანჯული, მისი ნებისყოფა შეკრულ-შებოჭილი იყო, უძრავად იდგა იგი უილაჯობით ღონემიხდილი, თვითმოქმედებას მოკლებული, მთლად ჩალეწილი. აწ დახშულიყო მსწრაფლ მოაზრე გონება მისი და მხოლოდ სხვისგან ელოდდა იგი ხსნას; სასწაულს რასმე ელოდდა იმედმიხდილი, სასწაული კი არსით ელავდა, ვერც ციაგობდა. უიმედობის ბნელი გარესკნელი არ ისერებოდა არცერთი სხივით სასოებისა.

ან საიდან უნდა მოჰვლენოდა სასწაული მას, კაცთაგანა და ღვთისაგანაც თავის პირად მისწრაფებაში უარყოფილს?! ერთადერთი შუქი იმედისა შესაძლო იყო გამოჰკრთომოდა მას სატრფოს ეზო-ყურედგან, მაგრამ შუქურის გულიც უცნობი იყო ვაჟკაცისათვის, მისი ჰაზრები თუ სურვილები მისთვის ჩაბნელებული. რამდენჯერ შეეცადა შეეგნო, რას ფიქრობდა ლამაზი მასზედ ან რასა გრძნობდა მშვენიერის გული, მაგრამ ამაოდ: რა სახითაც წარმოიდგენდა ქალს ან რა გარემოებებში, ვაჟკაცს ის ეცხადებოდა გაუგებარ რამ ამოცანად, რადგან ერთადერთი გრძნობა, რომელსაც ცხადად კითხულობდა მიჯნური შუქურის თვალებში, იყო უსამზღვრო თაყვანისცემა ბუმბერაზ მეფისა, განცვიფრება მის დიდებულ პიროვნების წინ. სხვებისაგან მიძღვნილ ასეთ გრძნობას რომ სასიხარულოდა სთვლიდა აშოტი და საამოდ, შუქურისაგან ესეთი მზერა გულს უწყლავდა მას, სულს უხუთავდა: სწყუროდა, ქალს დაეფასებინა ის, როგორც ვაჟკაცი შეყვარებული, რომელი ეთაყვანებოდა ქალთამზეს, რომელს ჰსურდა ჰმორჩილებოდა მას. უკლებლივ აესრულებინა ყოველივე მისი წადილი, ოღონდ კი გაეღო სათავისოდ მისიგულის ბჭე. ქალი რომ ხელმწიფის სადარს პატივსა სცემდა აშოტს, ეს არ ახარებდა მას, ესეთს პატივისცემას ნაჩვევი იყო მეფე-რაინდი ყველასაგან, მოწყენილიცა ჰქონდა მას ესეთი თაყვანისცემა. იმას უნდოდა, მის შემხედველ შუქურს დაჰვიწყებოდა, რომ წინ ედგა მფლობელი გვირგვინოსანი, მთლად წაშლილიყო ეს შეგნება ქალის ცნობაში და დარჩენილიყო მხოლოდ ვაჟკაცი სანდომი, სატრფოს გულის ამყვავებელი, მის ღელვილ გრძნობათა დამყვავებელი.

- ის ნუ გგონია, შუქურო ჩემო, შენი განდიდებული მეფე-ბატონი ისევე ბედნიერი იყოს თავის პირად ცხოვრებაში, როგორც ბრწყინვალეა თავის მდგომარეობით. ტყუილად ჰფიქრობ ამას! უბედურია ის. დაუკმაყოფილებელი, გულნაკლული, ეშხით ფხიზელი. იცოდე: გრძნობასაც ისე ცივად ემსახურება ის, როგორც რამ უბრალო მოვალეობას, ისევე პირნათლად; მას კი უნდა, მას კი ენატრება მთლად ჩაიძიროს ტრფობის მორევში, დაუფიქრებლად მიეცეს სურვილის ჩანჩქერს, ეშხით დაითროს, მურაზს ეწიოს და დაივიწყოს იმ ნეტარ წამში სხვა ყოველივე, გარდა ტრფობისა. და ესეთს ედემისებურ ნეტარებას ის ჰპოვებს მხოლოდ შენს კალთაში, მარტო შენს მუხლზედ...

- ვერ გაიგე? ვერ შეიგენი? თაყვანს ნუ მცემ გენაცვალე! მხოლოდ გიყვარდე! ვერ შემიყვარებ? იმდენად მაინც გამიხსენ ეგ გული სპეტაკი, რომ მიიღო ჩემი სიყვარული, არ უარჰყო იგი. შენ არ იცი, რომ შენს ხელშია ჩემი გულიც და ჩემი ბედიც; მთელი საქართველოს მომავალი სიკეთეც: თუ ვერ ჩაგიკარ გულში, არ დამშვიდდება გრძნობათა ესე შესაკრებელი, ხოლო უიმისოდ ვერღა მიეცემა საქანი ჩემ ფიქრთა მწყობრ დენას, ჩემ კეთილ სურვილთა აღფრთოვანებას; შეირყევა ჩემი ერის და მთლად საქრისტიანოს სასიკეთოდ მიმართულა ჩემი ძლიერი მიაწრაფება. ვერ შეისმენ ამას, ჩემო ლამაზო?

51

- ნუ ინებებ მეფევ-ბატონო, მე საწყალი ქვრივი დედაკაცი, შენ დიდებული მფლობელი საქართველოსი. მე - საბრალო მხევალთაგანი, შენ - მბრძანებელი მეფეთა-მეფე. როგორ შეიძლება თუნდ ერთ წამს წარმოვიდგინო, რომ შევსძლო ან გავბედო შენის გულის დაკმაყოფილება, შენის ფიქრების ჩემდა მოქცევა, შენის ნაჭედ-ნაკვერი ნებისყოფის ჩემს გარშემო მოხვევ-მოსალტვა?! არა, ბატონო! არა, დიდებულო პატრონო ჩემო! არ ეგების...

- გენაცვალე!..

- არა! ვერ შესძლებენ საწყალი თვალები პირისპირ უმზირონ შენს ბრწყინვალებას: ამოიწვიან ბეჩავნი, ამოიბუგებიან! - სთქვა ქალმა.

და ალიონი აუთამაშდა სპეტაკ ლოყებზედ, მორცხვ ნეტარებით აშუქებული წითელი განთიადი. ვაჟკაცმა ხარბად მიაბყრო მბდღვინავნი თვალნი ქალის ღაწვებზედ გადაფურჩქვნილ მაისის ვარდებს და ვეღარ შესძლო თავის შემაგრება, მძლავრად მიიზიდა, ზე აიტაცა, გარდაჰკოცნა, ჩაიკრა მკერდში.

- გიყვარვარ, სიცოცხლე? არ მიწყრები, საყვარელო? საუკუნოდ ჩემი იქნები, სულისა სწორო? შენი ფაქიზი არსებით უსალბუნე ჩემს ტანჯულ გულს, უხილავად ლახვრულ ჩემ გულს, რომელს ჯერეთ სიამის ყვავილი არ მოუსთვლია? ხმა გამეც, მშვენიერო!

ქალი ჯერ შეაკრთო მეფის ალერსმა, შეაშინა, კიდეც შეაძრწუნა. მერე ტკბილი რამ სითბო ჩაეშვა დარდისაგან გვემულ მის გულში და საალერსოდ გაალხო გაციებული. ვერ გაებედა მხურვალე კოცნაზედ კოცნითვე ეპასუხნა. მხოლოდ თრთოდა მძლავრ მკლავებში ბუმბერაზისა, როგორც კაკაბი ორბის ჭვანგებში. და იგი თრთოლვა თუ ცხროება საამრო რამ ძრწოლით წარმოშობილი აზვირთებდა ქალის გულში სიტკბოთა ტალღებს.

- მეშინის, მეფეო ჩემო და მბრძანებელო! უცნაურად მაშინებს ალერსი შენი. გამიგონია: ღმერთი განხორციელებულა და სტრფობია მშვენიერს, გარნა მის შეხებას დაუწვავს ქალი, როგორც ცეცხლს. ელვას ღრუბელთა შორის გამომკრთალს.

- ნუ კრთი, გენაცვალე, ნუ გეშინის! ვერ დაგწვას შენ ცეცხლმა ციურმა, ვერც ქვეყნიურმა; ვერ ავნოს შენს მშვენებას ბოროტმა აღტყინებულმა.

- მეშინის, დიდებულო ჩემო სულის დგმავ!

- გენაცვალე!..

- მეშინის! მომიშორე!

- ვერა!

-ვაჰ...

- გეტყვის მეფე და მისი ფიცი ზღუდედ გერტყმის გარდაუვალად: შენი მიჯნური აშოტი ბურჯად უდგა საქართველოს, ხოლო ქართველთა შუაგულ იგი სდარაჯობს შუქურ ვარსკვლავსა, სად სამუდამოდ დაენერგა გული მისი!.. ამ შუქურ ვარსკვლავს!.. აი ამ ვარსკვლავს!..

კოცნის ალში ხვეული, ვნებათა ნაკვესით გარემოცული, თითონაც აიგზნო ქალი, აგიზგიზდა, გავარვარდა ცეცხლით მზიურის სიყვარულისა; ყელს მოეჭდო. თქმაღა შესძლო ფიქრმიბნეულმა:

- აჰა მხევალი შენი! მეყავ მე ნებისაებრ შენისა.

ამის შემდეგ სავარდე გაუშენდა აშოტს იქვე ახლო, თავის სასახლის გვერდზედ, წალკოტი მშვენიერი, სად ფერად ყვავილებად იფურჩქნებოდნენ მისთვის ნაზნი გრძნობანი, სრულდებოდნენ სანატრი გულისთქმანი. აქ უსტვენდა მისთვის ბულბული სიამისა, აქ უგალობდა მას იადონი სიხარულისა, აქ ელვარებდნენ მისთვის ხორცსხმულნი ოცნებანი, მრავლდებოდნენ ის დაუვიწყარი განცდანი, რომელნი მხოლოდ ამკობ-ამშვენებენ ადამიანთა სიცოცხლეს, რომელთ მოგონება ღიმილად ეფინება ცხოვრების გზასა თვით სამარემდინ. აქ, შუქურის ბინაზედ, სულიერად ისვენებდა მოჭირნახულე ბუმბერაზი, საზოგადო საქმეთაგან დატვირთულ-შემძიმებული.

აქ უყუჩდებოდა მას ყოველი ტკივილი გულისა, განუქარდებოდა ტანჯვა სულიერი. აქვე ივსებოდა და პირთავდებოდა საწყაული მისის ხორციელის ფუფუნებისა. ეს პატარა ბინა იტევდა დიდი მეფის და განთქმული ვაჟკაცის კმაყოფილებათა სიმრავლეს ათასგვარს.

მეფის გონებაში მთელი მისი მოქმედი ცხოვრება ორად გაიპო: ერთი იყო შრომა სახელმწიფოს კეთილდღეობაზედ, ზრუნვა მუდმივი, მრავალგვარი, დაუცხრომელი, რომელი ითხოვდა მის სრულ უნარს, მთელ ძალას გონებისას თუ გამჭრიახობას, და მოითხოვდა მარად, ყოველ წამს. ეხლა ამ ფრიად საზრუნველმა საგანმა მიიღო სახე წმინდა მოვალეობისა, ხასიათი რამ თანამდებობისა, რომელსაც არ ეღალატებოდა, ვერ შეიძლებდა რამე დაჰკლებოდა მის წაღმართ მსვლელობაში. საქვეყნო საქმე ერთკერძ იდგა და ეჭირა მოქმედი გმირის თითქმის მთელი პიროვნობა. მაგრამ ეს უფრო გონებისა და ნებისყოფის ფარგალში ტრიალებდა, გულის სიღრმეს კი ძლივსა სწვდებოდა, ვერც თუ მთლად რწყავდა.

გარნა ბუმბერაზის პიროვნება ამით არ ისამზღვრებოდა: მრავლობდნენ მის გულში ნაზი გრძნობები პირად მოთხოვნილებათა და ის წალკოტი, რომელში აღივებულიყვნენ ეს ყვავილნი გაზაფხულისა, გადაფარგლული იყო ყველა სხვა საზრუნველისაგან, მათგან შეუხებელი, მათის მტუქსავ მძლავრობისაგან დაცულ-დაფარული. ამ საიდუმლო სავარდეში მისის სულისა უშრეტი წყარო დიოდა დამტკბარ განცდათა. დიდ სახელმწიფო დაწყებათა ბრწყინვალედ შესრულებაში ისა ჰპოვებდა მხოლოდ ჰაზრთა განხორციელებისაგან ნაწვევ სიამეს, მისწრაფებათა ეშხიან განსახების დაკმაყოფილებულ თავმოყვარებას. ამ ნიადაგზედ არ იშლებოდა მისთვის ნაზი ყვავილი იმ პირადი სიამისა, რომელი მხოლოა არსისათვის, საზოგადო თვისებათაგან გაძრცვილი. პატარაა იგი ყვავილი, უჩინარი, როგორც პატარაა და უჩინარი ერთი ერთეულის ცხოვრება სიცოცხლით სავსე მთელ ბუნებასთან შედარებით, მაგრამ ისევე ტკბილია და შეუდარებელი, როგორც დაუფასებელია სიცოცხლე თვით პიროვნებისათვის, თუნდაც უჩინარ ჭია რამ არსებისათვის.

და ამ პაწაწა ეზო-ყურეში, რომელი განათებული იყო შუქურის არსებით, გარდაფურჩქვნილიყო აშოტისათვის ყვავილი პირადი სიხარულისა, კერძო სიტკბოებისა, დიდ ზრუნვათაგან შემძიმებულ მისის სულის გაყუჩებული ია რამ შეუფასებელი.

- საკვირველია! ოღონდ შუქურის კალთაში ჩავსდვა თავი, მისი ხელი ვიგრძნო შეჭმუხვნილ შუბლზედ და ყოველივე დარდი და ზრუნვა განქარდება, გულისტკივილი მყისვე ჰკარგავს თავის სიმწვავეს: ვიძირები შემოუწერელ ტბაში ვარდისფერის სიამისა, ვნეტარობ ვით ღმერთი ყოვლადნეტარი, წყნარის კმაყოფილებით გარე მოცული, უღელველ კეთილში ჩანერგილ-ჩანთქმული, მათრობილი ნათელის თანაზიარი... ახ, მოკლენი არიან შეუდარებელი იგი წუთები: საკვირველი სისწრაფით რბის დრო ჩემი შუქურის უბეში...

- ხომ მეფე ვარ თქვენი, ხელმწიფე მბრძანებელი?

- ოღონდაც რომ ხარ!

- მაინც არ გიბრძანებთ! მორჩილად გთხოვთ: განმიგრძნოთ ეს სანატრელი წამები; გემუდარებით, განმიმრავლოთ იგი წუთები უთქმელი ნეტარებისა. თქვენდავე საკეთილდღეოდ ამრავალკეცოთ იგინი!

- როგორ, ბატონო?!

- იქ ვივსები კეთილ მისწრაფებათა სიმრავლით! იქ ვიმოსები ღვთაების ძალით სახიერისა! მისმინეთ: მომაგეთ მცირედი ესე მოსაგებელი და სიკვდილამდე მიმსახურეთ მბრძანებელი თქვენი. თუ არა და...

შუქურთან გაცნობის შემდეგ აშოტის ოჯახმა განზედ გაიწია მისი პიროვნებისაგან. სახლობა თუ ოჯახი ხომ განგრძობაა და განვითარება სახლის მამის არსებისა, სხვადასხვაფერად მოვლინებული, პირადპირადად განხორციელებული. შუქურთან დაახლოვებამდის ესე სწამდა აშოტს, ესე გრძნობდა იგი. ეხლა კი მისი ოჯახიც დასცილდა მის პიროვნობას, მოსწყდა და მოექცა მოვალეობათა თუ თანამდებობათა ფარგალში. აშოტი წინანდებურადა ზრუნავდა თავის სახლობაზედ, ის ეხლა უფრო მეტს პატივს და მფარველობას უწევდა თავის სამეფო კერას, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის, რომ მოვალე იყო ესე მოქცეულიყო, ხოლო მოვალეობის ღალატს არ იყო ვაჟკაცი ნაჩვევი, ვერც ოდესმე შეეთვისებოდა მისი ბუნება ნატვირთ თანამდებობისადმი გარეწრობას. მისი პირადი ნეტარების ყვავილი კი გადასჭკნა და გახმა მის კერაზედ. იქნება, იგი არც როდის იყო სიცოცხლით სავსე მდელო სუნნელი, მხოლოდ გარეგანი სახე ჰქონდა ცხოვრებისა მას შემოსილი?!

ესეთმა სულიერმა განწყობილებამ თანდათან იძულებულჰყო აშოტი მთლად დაეახლოვებინა ახალი სული თავისთან, მანძილი შეეჭრა თვისსა და მის შორის, იქვე ეცხოვრებინა თავის გვერდზედ:ჰსურდა სიმშვიდის ფერია მათრობელი მარად თანა ჰყოლოდა, ხელმისაწვდომად. ეხლა მეფე იმაზედ ფიქრობდა, მოეხერხებინა და ქალი თვის სასახლეში გადაეყვანა, თანაც ისე, რომ გარეგანი სახე კეთილქცევის შერჩენოდა მის მოქმედებას, არავისათვის ავი სიტყვა არ ეთქმევინებინა, ქვეყანა არ აელაპარაკებინა. ვერაფერი მოეგონნა: პირდაპირ ქცევასა თუ თქმას იყო ნაჩვევი, რაინდულ გულახდილობას, მაგრამ ეს სახე მოქმედებისა არ გამოდგებოდა: აქ ხერხი გასჭრიდა მხოლოდ. მოქნილი რამ ქცევა რიდით ფარული, სხვის თვალთაგან განუჭვრეტელ რიდით ბურვილი. მეტი გზა არ იყო, უნდა გაენდო ვისთვისმე თვისი წადილი, რომ ამგვარ საქმეებში გაოსტატებული ხელით შესრულებულიყო ეს სახიფათო მოქმედება. საქმე კი მართლა საეჭვო იყო და სამძიმო: ამგვარ კავშირს რომ ჰკრულავდა ეკლესია, ეს სახე ურთიერთობისა რომ საშინლად იგმობებოდა ხალხისაგან, ეს ამბავი ცეცხლსაც დააგზნობდა უშრეტს მის საკუთარ კერაზედ: მცხინვარე ნაკვერცხლად გარდაიქცეოდა მისი მეუღლე მანდილახდილი.

- არ დაიძინებს გურანდუხტ, მანამ არ დაშლის ჩემ ნეტარებას. რაკი მთლად დარწმუნდება ჩემს ამგვარ კავშირში შუქურთან, ყველა ძალებს აამოძრავებს ჩემს გარშემო და უსათუოდ მავნებს, ორივეს გვავნებს საშინელის ვნებით: ის მოსპობს შუქურს, ჩემსა სიცოცხლეს და გულის ყვავილს!

52

საღამოხანი იყო. მზე შუბის ტარზედღა იდგა მთიდან, რომლის მწვერვალს ოდნავ დაჰნდობოდა ფრთაშეწითლებული ღრუბლის ქულა. დღის სიცხე დაშვებულიყო; სიო აგრილებდა ნახურებ ჰაერსბუნება მიყუჩებულიყო, სთვლემდა: ძილად მისვლისას დამცხრალიყო დღის დაუდგრომელი მოძრაობისგან. სიმშვიდე დაფენილიყო გარემო და იწვევდა სულს დაწყნარებულიყო, მოეცალნა დღიურ დრტვინვათა თუ ზრუნვათაგან, აესხა ოცნებათა ფრთები, გაჰყოლოდა მათ ნარნარ ფრენას სამარადისო მშვენების სამფლობელოსკენ, რომლის ზურმუხტის ბჭემდის ჯერ ისევ ძალუძს ადამიანს მიაწიოს და შორიახლო მაინც განიცადოს ის უჩრდილო ნეტარება, რომელს თანდათან ჰშორდება ტვირთშემძიმებული კაცთა ნათესავი, რომელი ოდესმე, იქნება, მთლადაც მიეფაროს გაწამებული კაცობრიობისაგან, რომელიც, იქნება, მხოლოდ ღმერთთა სავანეღა შეიქმნას ადამიანთაგან, გონებითაც ძლივს მისაწდომი. უწინ კი...

ეჰ, წინათ ადამიანიც ღმერთებთანა სცხოვრობდა იმ ნეტარების ედემში, რადგან თითონაც ერთი ღმერთთაგანი იყო გულუბრყვილო. ეხლა... მხოლოდ იშვიათნი უახლოვდებიან მას, ღირს იქმნებიან იხილონ ზურგით კერძო მაინც და დასტკბნენ მისი საპფირონებრივის ელვარებით.

დედოფალი რომ განმარტოებულიყო ეხლა და თავის გალიაკის სარკმლიდგან გადმოჰყურებდა მის თვალწინ გადაშლილ დიდებულ ბუნებას მიყუჩებულს, მის სულსაც წამიერად ეპოვნა სიმშვიდის ნავი აფრაასხმული და მიმოსცურავდა ნეტარების წალკოტის ზღუდე-ყურესთან. კმაყოფილი იყო დედოფალი: დიდმა სამეფო მეჯლიშმა უხინჯოდ ჩაიარა მწყობრად ყველას სასიამოდ. მზრუნველებმა მეწესეებმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბეს მოვალეობის შესრულებაში; მომღერლებმა ბულბულის ენა ამოიდგეს; მოსაუბრეებმა მეცნიერთა და მჭევრმეტყველთ მოსტაცეს ჰაზრთა სალარო თუ სიტყვათა მწყობრდენის საიდუმლო; ლელწამტანმა მოცეკვავეებმა მზის სხივებს აართვეს ციმციმი თუ ნათელთა კრთოლვა, ზღვის ჭავლებში მოთამაშე დილის მზის სხივებს. თვით დიდი ბიზანტიიდან მოსული დიდებული სტუმრები მთლად კმაყოფილნი დარჩნენ, ძლიერ მადლობელნი. სანოვაგისა და პირად-პირადი ჭურჭლის სიმდიდრით თუ სიმშვენივრით არ დაუვარდებოდა დღეს აშოტის სუფრა დიდებულ ტაბლას კეისარი ბასილისა.

- სხვანაირად არც შეიძლება! მეფის სასახლე უნდა ჰსახავდეს ხალხის, მთელი ერის, სულიერს და ნივთიერ საგანძურს, როგორც ანკარა წვეთი ჰხატავს მზის სხივთა სიმრავლეს და შარავანდედს! იტყოდა კმაყოფილი.

უღიმოდა დედოფალი მოგონებას თუ ოცნებებს და მით უფრო სასიამო იყო მის სახეზედ ეს კმაყოფილების ღიმილი თუ სიამის დაფიონი, რომ იშვიათი იყო ესეთი ყოფა მარად ზრუნვათა ტალღებზედ ატივტივებულ მანდილოსნისათვის მჭმუნვარისა მეჯლიშში მხოლოდ ერთხელ გადურბინა დედოფალს უსიამოვნობის ჩრდილმა და ეს მაშინ, როდესაც ბიზანტიელ სტუმარს მიართვეს ღვინით სავსე ჩოღრათო. სტუმარმა რომ წარმოსთქვა სადღეგრძელო და ასწია სასმისი, დედოფალმა ჭურჭლის გრეხილ ყელში ლაქებს რასმე მოჰკრა თვალი. სამეფო ჭურჭლის გამგე მანდილოსანს ვერ შეენიშნა ჭუჭყი და ეხლა დედოფლის სიამეს ააჩნდა ლაქებად ის დაუფერავი ადგილი სასმისისა. მაინც წამიერი უსიამოვნობა იყო ეს და მაშინ მთლადაც უკვალოდ გადირბინა მან დიასახლისის მზრუნველ გულზედ. ეხლა კი, როდესაც გონების თვალით მეორედ განიცდიდა იმ საიშვიათო დროს ტარებას, იგი ლაქები ისევ თვალწინ დაუდგნენ დედოფალს და უფრო შემუქებულ-შემურულნიც, ეს იყო მიზეზი, რომ ერთ წამს შუბლი შეიჭმუხნა მბრძანებელმა. მის წარმოდგენაში იმ დაუფერავ ადგილის გვერდზედ ამოჩნდა ჭურჭელთა მცველის მინაოჭებული სახე. ცხადლივაც თვალწინ დაუდგა იგი განძეულთა გამგე დედაკაცი.

- მაპატიე, დედოფალო დიდებულო, თავხედი კადნიერება: გავბედე და შემოველ დაუკითხავად, უხეშად დავარღვიე შენი მყუდროება! მაპატიე, შენის ღვთის გულისათვის!

- უჰ, შემაკრთე! რა ამბავია ან რა გაგჭირებია ეგეთი?

- გაჭირვება შორს არის ჩემგან, მანამ შენ კალთის მფარველობის ქვეშ ვიმყოფები; მაგრამ გევედრები, განმათავისუფლო ჩემის მოვალეობისაგან: უკვე სამძიმოა იგი ჩემთვის; დავბერდი, გავტყდი, თვალთ აღარ მიჭრის. ხუმრობა არ არის. ნეტარხსენებული ნერსეს დროიდან მიჭირავს ეს თანამდებობა.

- რამ გაფიქრებინა?

- მეჯლიშში რომ შუბლი შეიკარი, ის ჩემი ბრალი იყო. ვეღარ ვუვლი სამეფო ქურჭელს მურასას, ვერ შევნიშნე ჭუჭყი; ალბათ უძვირფასეს ქვათა ბჭყვრიალმა ამიბა თვალები: სასმისს სწორედ იმ ადგილას აქვს გოჰარი მრავლად შეყრილი. სახლთუხუცესმაც შენიშნა შენს სპეტაკს შუბლზედ წყენის ნასახი და საშინლად გაწყრა. განმათავისუფლე ამ სამსახურიდან! - სთქვა მსახურმა.

და მდაბლად დახარა თავი გულხელდაკრებილმა.

დედოფალი სდუმდა ერთს ხანს, ქარვას ითვლიდა კრიალოსნის ძაფზედ. გრძნობდა, მარიამი თითონ ვერ მოვიდოდა ამისთანა დასკვნამდის, მის ზურგთ უკან სხვის ხელი უნდა ყოფილიყო მამოქმედებელი; კიდეც მიიტანა გუმანი ნამდვილ მომქმედზედ, როცა დედაკაცმა სახლთუხუცესი ახსენა. მხოლოდ ჰსურდა გაერკვია, რა ჰაზრი ახელმძღვანელებდა აქ იმ გამოცდილ კარისკაცს. ბოლოს შეაყენა თვალხედვის ისარი მორჩილად მდგარ დედაბერზედ და უბრძანა:

- კარგი! მაგრამ არ დაგენანება, ამდენს ხანს შენგან ნაამაგდარევი საქმე სხვას ჩავუგდო ხელში? მოგეწყინება სასახლის გარედ, დაჰღონდები.

- არა, მოწყალეო დედოფალო, არა! მთლად ნუ განმრისხავ, ნურც მომაკლებ შენი ნათელი თვალების მზერას! დავიღუპები. ჩავჭკნები უმზეოდ. ჩამიშავდება დანარჩენი დრო ცხოვრებისა.

- მაშ?!

- მეთვალყურეობა მაინც მევე მიბრძანე! ახალი მხევალი აასრულებს პირდაპირ სამუშაოს. მე მაინც თვალს ვადევნებ: შეზრდილი ვარ განძეულობაზედ, თითქო შეხორცებული.

დედოფალი ისევა სდუმდა ჩაფიქრებული, მხევალს უფრო მეტად დაეხარა თავი ძირს. ეხლა უფრო დარწმუნდა გურანდუხტი, რომ ამ დედაკაცის მუდარა შემთხვევითი არ იყო, მის წარბთა წამიერი შერჭმით გამოწვეული.

- გისრულებ სათხოვარს: სასახლეში მოხუცებულს სასახლევე გფარვიდეს ბოლომდის!

- გმადლობ, ყოვლად მოწყალეო! - მიუგო დედაკაცმა და მიწამდის დახარა თავი.

- ვინ არის ისეთი სანდო და ფაქიზი ადამიანი, რომ ჩავაბაროთ ესეთი საფრთხილო საქმე და სათუთი განძეულობა? - შეეკითხა დედოფალი.

და თვალი აღარ მოაშორა მთხოვნელს.

- არ ვიცი! ვერას გავბედავ მოგახსენო. მხოლოდ ვიტყვი, ბედნიერი იქნება ის, ვინც შემოეფარება შენს საფარველსა. სდუმდა დედოფალი. თვალს არ აშორებდა მთხოვნელის სახის მოძრაობას. ფერი მისდ-მოსდიოდა დედაკაცს; ოდნავმა თრთოლამ აიტანა იგი. მიჰხვდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა წარმოეთქვა იმ ქალის სახელი, რომელიც უნდა შესულიყო სასახლეში მის სანაცვლოდ. შეიგნო ეს და შეძრწუნდა ფრიად; შიში სიკვდილისა მოუხდა მას; ზაფრანა გადაედო ანაოჭებულ სახეზედ. სახლთუხუცესის წინაშე მარიამი დიდ უარზედ იდგა დაესახელებინა დედოფალთან ის ქალი. წეღან მას მტკიცედა ჰქონდა ეს გადაწყვეტილი.

- დეე თითონ კარისკაცმა მოახსენოს ეს და თითონვე იტვირთოს პასუხისმგებლობა ყველაფერში, - ფიქრობდა დედაბერი.

ეხლა კი ნახა, ხაფანგში მოჰყვა და სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა ეხსენებინა იგი: იცოდა, მბრძანებელის ამ სიყუჩეს ანაზდა ღელვა მოჰყვებოდა მძლავრი. შეიძლებოდა, ცხენის ძუაზე აებათ კადნიერი და დაეჩლეჩინებინათ.

- მაპატიე კადნიერება, რომ ვბედავ რჩევის მოცემას: ამ ჩემს ხელობაში სწორედ შუქია გამოდგება, პაატას ქვრივი: სუფთა, მარჯვე, შოლტივით მოქნილი, ზრდილობიანი.

ამ სახელის გაგონებაზედ დედოფალს ტუჩის ქიმი ოდნავ გაეპო. აუთრთოლდა, გესლიან ღიმილად გაეზიდა. ეს ღიმილის მზგავსი მოძრაობა შხამის ნამმა გამოიწვია მასში. მაინც შეებრძოლა თავის თავს და დინჯად უბრძანა:

- კეთილი! შენ თითონ იცნობ იმ ქალს? ხომ მთლად პატიოსანია და სანდო?

- მე მხოლოდ მაშინ გავიცანი ის საწყალი, როცა ბატონმა აშოტმა წყალობა მოიღო მის ქმარზე და აქ გადმოასახლა ისინი. მას აქეთ ვადევნებ თვალს და ვერ ვიტყვი იმაზედ აუგს. მთლად სანდოდ და პატიოსნად მიმაჩნია, - მოახსენა მარიამმა გადაწყვეტით

და წელშიც კი გასწორდა: უკიდურესმა განსაცდელმა გამბედაობა ჩაუწვეთა გულში.

- იქნებ სხვას ვისმეც მიაჩნია შუქია სასახლის ღირსად და მაგ საძნელო თანამდებობის შესაფერად?

- ესევე ფიქრობს, დედოფალო, თითონ სახლთუხუცსი.

ამის გაგონებაზედ ბოროტმა უფრო მეტად გაუპო მას ტუჩების ქიმი და შორს გაუზიდა შხამიან ღამილად. გესლის წვეთი მის თვალთაც დასწვდა, წამწამდაშვებულთ. ანიშნა დედაკაცს მოჰშორებოდა, გასცლოდა.
 

53

მსახური რომ გასცდა მოფარდაგულს, განრისხებული დედოფალი წამოიჭრა ზეზე და მძლავრად დაანარცხა კრიალოსანი. კაკლის ტოლა ქარვის თვლები დაიმსხვრა დრუნგილის იატაკზედ, შეიმუსრა.

- მაშ ესე?! მე ქალი არა ვყოფილვარ და ეს მანდილი არ მხურებია თავზედ, თუ შენივე კბილით არ დაგაგლეჯინე შენივე ხორცები. დიდო ბატონო აშოტ! ჯოჯოხეთის ცრემლით აგიტირებ მაგ შენს მეძავსა. როგორ?! ჰბედავ, სასახლეში შემოიყვანო კახპა დიაცი. ჩემს გვერდზე ამყოფო იგი შენ სასიამოდ!? სარკინოზთა სჯული მიგიღია, მეორე ცოლი მოგყავს ურცხვად, საჯაროდ!.. არ შეგრჩება არც კაცი გაპატიებს ამ აშკარა ცოდვას, არც ღმერთი შეგინდობს...

ცნობისმოყვარე ადამიანი იყო გურანდუხტ, დაკვირვებული და მაშინვე ეჭვი შეიტანა თვის ქმრის ქცევაზედ, როდესაც მან აღტაცებით უამბო, როგორი მასპინძლობა გაუწიეს პაატასას ომად მიმავალს, რა საჩუქრები მიუძღვნა მათ, როცა გამარჯვებულმა იმათ ოჯახში გამოიარა. ეჭვის სათავე დედოფლისათვის იმ გულგრილობაში იყო, რომელსაც ვაჟკაცი იჩენდა ცოლისადმი, მეტადრე ბოლო დროს, ხოლო ამ სათავიდან წარმოჟონილ ეჭვს ზრდიდა და აძლიერებდა თვით იმ ქალის სინორჩე თუ სიმშვენივრე, რომელიც დედოფალმა შენიშნა პირველსავე ნახვაზედ და რომლის უარყოფა არ შეეძლო მას ეხლაც, როცა ესე ბოროტად იყო მისი გრძნობა იმ ქალისაკენ მიმართულ-მიქცეული. როცა აშოტმა სასახლის გვერდზედ ახალი ბინა მისცა დაავადებულ პაატას და თავის წყალობის კალთა ისე უხვად დააბერტყა იმ პატარა ოჯახს, დედოფალს ეჭვი უფრო გაუძლიერდა. ბოროტი შური უხვად აწვეთებდა გესლს მის გულს. ქალის დაქვრივების შემდეგ ვაჟკაცმა ხშირად იწყო შუქურის სახლში მიმოსვლა და მით უფრო ადვილად. რომ ის სახლი გზაზედ იდგა, სასახლეში ამავალ შარას პირას. გურანდუხტმა გააძლიერა იდუმალი დარაჯობა და დარწმუნდა, მისი ეჭვი ძალიან ახლო იყო ჭეშმარიტებასთან; თვით ჭეშმარიტება იყო უცილებელი. მაინც სდუმდა, ბოღმას გულში აგროვებდა, იტრიალებდა. თვითმოყვარეობა დედოფლისა, თავმოყვარეობა მანდილოსანისა ნებას არ აძლევდა გაემხილებინა ვისთვისმე თვისი დარდი, გადაეშალნა სხვისთვის თავის გულის იარა და შეურაცხად დაედვა თავისი კერა, მოეყივნებინა სხვის თვალში თვისი გაფუფუნებულ-გალაღებული ოჯახი.

- დროებით გატაცებაა ეს გაუმაძღარ, გუნებაცვალებად ვაჟკაცისა, რომელს მოსწყენია სანუკვარად თუ სათუთად შემზადებული სანოვაგე სადიდკაცო და უგბილს ეტანება უბირად აღზავებულს. მოიწყენს, უარჰყოფს შეუფერებელ სურვილს, დაუბრუნდება თვის კერას უმწიკვლოს უძღები, თვის ოჯახს მშობელს. ჩვენ კი, მანდილოსნებმა, უნდა ვითმინოთ: ესეთია ჩვენი ხვედრი, დედოფლის ბედი თუ უბრალო ვინმე მოახლისა, - ფიქრობდა გურანდუხტ.

ქმარზედ რომ ჯავრი მოსდიოდა შეურაცხყოფილ მეუღლეს, გული უფრო უბოროტდებოდა სახლთუხუცესზედ, რომელმაც, ეჭვი არ იყო, იცოდა ამ ფარულ ცოდვის მიმდინარეობა და ხელს უწვდიდა თავის ბატონს, ყოველ ღონესა ხმარობდა, გაეადვილებინა მისთვის უზნეო ერთობა უკანონო. ეხლა, როცა სამეფო ჭურჭელის მცველმა განუცხადა დედოფალს უარი თავის თანამდებობაზედ, და იქამდისინაც გაკადნიერდა, რომ თავის მოადგილედ დაუსახელა სწორედ ის ქალი, რომელმაც გულს ეკალი დაასვა დედოფალს და შეაგინა მისი მანდილი, - ეხლა გურანდუხტ ძლიერ გამწარდა, მძლავრად იფეთქა მისმა გულისწყრომამ და ბრაზი გადმოანთხია, უღონობის ბოღმა, რომელი თითონ მასვე ჰვნებდა, ხოლო სხვისთვის სრულიად უვნებელი იყო, შეუმჩნეველიც. რა უნდა ექმნა ამ მდგომარეობაში დედოფალს, როცა თავმოყვარება ნებას არ აძლევდა მას, გარეთ გამოეტანა თვისი დარდი. საჯაროდ გამოეფინა თავისი გულის იარა შემზარავი, მოეყივნებინა თავისი მეფე-მეუღლე, სახალხოდ სირცხვილეული ექმნა იგი, გაეთახსირებინა?! ვსთქვი: ზვიადობა ნებას არ აძლევდა მას სხვის თვალში დაემდაბლებინა ღირსება თვისი თუ თვის ოჯახისა. ქმრისთვის კვლავ მიემართნა მრისხანედ, ამაო იქმნებოდა: ბევრჯერ შეარცხვინა ის პირისპირ და შეაჩვენა, მაგრამ ტყუილად; მას ან მთლად დაჰკარგოდა შეგნება მეუღლობის წმიდა მოვალეობისა, ან მძლავრად დაეპყრო იგი ეშმაკს ლირწს, ძალა აღარა ჰქონდა შეჰბრძოლებოდა თვით ნებისყოფას ცუდად მიქცეულს. ისღა დარჩენოდა დამდაბლებულსა დაჩუმებულიყო, ენა ჩაენთქა, კრინტიც აღარ დაეძრა სხვის გასაღიმად. ბობოქრობდა ქალი, აწყდებოდა ოთახის კედლებს, მდგომარეობის შესამსუბუქებელი რამ სავალი კი ვერ მოეძებნა. მაინც, როგორც იყო, დაწყნარდა მცირედ, დაეშვა: უღონოდ ჩამოყარა მკლავები სასოწარკვეთილმა.

- მოვკვდე ანაზდად, რომ გათავდეს ტანჯვაი ჩემი და დამცირება! - ინატრა დედოფალმა.

და ცხადად წარმოუდგა თავისი თავი უკვე გარდაცვალებულად. მთელი სახელმწიფო ზარით მომტირალობს მის გარშემო, ბევრი გლოვობს გულწრფელად. მრავალს მოჰკლებია მისი საფარველი მტკიცე, მარჯვენა მზრუნველი. დახე, მომტირალ შვილებს შუა სდგას აშოტი თვალმშრალი, სახეგაქვავებული, მის მტკიცე შუბლს ღრმად აჰყოლია ფიქრის ნაოჭი. რას ფიქრობს იგი ამ მწუხარების ჟამს? იქნება იმის მოსაზრებაშია, როგორ მარჯვედ მოაწყოს საქმე, რომ სადედოფლო ტახტი თვის შუქურს დააჭერინოს, ალქაჯ შუქურს, თავდახრილი რომ სდგას მგლოვიარეთა შორის და წამწამზედ ნამი უბრწყინავს, წვეთი ცრემლისა.

- კეთილიაო, გამიგონია. შეიძლება წრფელიც იყოს ეს მისი ცრემლი ამ შავბნელ წუთს. იქნება ალქია, ანგელოზის სახით მოვლინებული და მარჯვედ აწყობს ამბებს, რომ სათავისოდ გამოიყენოს ოჯახის ეს დიდი უბედურება? სწორედ!

- არა, არ ეგების სიკვდილი ჩემი გასახარად ამ მეძავისა! ცოცხალ ვარ! საჭიროა სიცოცხლე ჩემი ჩემისა შვილებისათვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსათვის. უნდა მოისპოს თვით იგი მეძავი, განქარდეს ჩემი გზიდან. მისი სული ჩემს მძლავრ ხელში უნდა მოექცეს, მისი სიცოცხლეც ჩემს განკარგულებაში უნდა იმყოფებოდეს. აქ, ჩემს გვერდით, უნდა იყოს იგი მარადჟამ, რომ ყოველს წუთს სულთამხუთავი ედგეს მას თავს, ლანდი საუკუნო გაქრობისა. დიახ! მარად ჩემს თვალის წინ უნდა იყვნენ შეჯადოებულ-გადახლართული მემრუშენი, რომ შევსძლო მთლად ხელში დავიჭირო მათი არსება! - წარმოსთქვა გამწარებულმა

და დაასკვნა მიეღო დედაბრის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მის ადგილას მოეყვანა ქვრივი შუქია.

- დეე, აშოტის გულის ვარსკვლავი მოახლე იყოს ჩემი, ულოშნოს ღაწვები ჩემს მხევალს და იგრძნოს, რანაირად ამდაბლებს მის გვირგვინოსან თავს ეშმა იგი ბიწიერი, როგორ დაჰხითხითებს იგი პირუტყვულ ვნებაში ჩათხეულს ცხებულს უფლისას.

იქნება შორეულ საფუძვლად ისიც ედვა ამისთანა დასკვნას, რომ დედოფალი ალღოთი გრძნობდა, რა ამაო იქმნებოდა მის მხრივ ყოველივე წინააღმდეგობა.

გადაწყვიტა, მოჰლაპარაკებოდა თავის მეუღლეს სამეფო ჭურჭელთა მცველის დათხოვნისა და მის მოადგილის მოწვევის შესახებ. გაანცვიფრა დედოფალმა თვით აშოტიც, სახლთუხუცესიც, ის ორიოდე შეთქმულთაგანიც, რომლებმა იცოდნენ ეს საიდუმლო სასახლისა და ხელს უწყობდნენ მის წაღმართ მსვლელობას. სახლთუხუცესს ვერ გაეგო, რა ჰაზრით დათანხმდა დედოფალი ამ წინადადებაზედ. განზრახვა რამ საიდუმლო კი უნდა ყოფილიყო მის თანხმობაში, თორემ გოროზი ადამიანი ვერ შეურიგდებოდა, გვერდსა ჰყოლოდა ის ქალი, რომელი ამცირებდა მის მანდილოსნობას, ართმევდა სარეცელს, ლამის სამეუფეო ტახტსაც შესცილებოდა.

- გამოცდილი ადამიანია შორსმჭვრეტელი, ფართოდ მფიქვრელი და უმიზეზოდ არ მიიღებდა ესეთ დასკვნას თვისთვის საჯავრელს, მარად მაწამებელს. სასტიკად უნდა ვადევნო თვალი მის მოქმედებას, მის განზრახვებსაც. მეფე კი... გულუბრყვილოდ შეჰხვდა აშოტი ამ ამბავს. სიამის ღიმმა გადურბინა ბაგეზედ. სახელმწიფო საქმეებში და ვაჟკაცობაში რომ ტოლი არა ჰყავს, ამისთანა წვრილმანში მთლად მიამიტია იმთავითვე, ბალღივით გამოუცდელი და ადვილად შეიძლება მოტყუვდეს იგი, გაებას ვერაგულად დაბმულ რამ ხლართში, - იტყოდა გულში კარისკაცი.

54

დედოფალმა რომ ისე ადვილად დართო ნება, შუქურისათვის ჩაებარებინათ სეფე ჭურჭლის მეთვალყურეობა და დაებინავებინათ იგი სასახლეში, ამისი საკმაო მიზეზი ჰქონდა მას: გრძნობდა, მეფე და კარისკაცნი ბოლოს მაინც თავისას გაიტანდნენ, ქალს სასახლეში ამოიყვანდნენ, და ნებით ჩაყოლა ირჩია: მსახურად მიუშვა იგი ციხე-დარბაზში, თავის მოახლედ თუ გოგოდ დააყენა, და ეს დამდაბლება მეტოქისა თითქო ჭირს უქარვებდა უღონოქმნილ მანდილოსანს; თვით მეფის კავშირსაც ამდაბლებდა ეს, ყოველგვარ პატივსა ხსნიდა მის სატრფოს, ამცირებდა: მოახლესთან მეფის კავშირი საკვირველი იყო და საძრახისი; დედოფალი შემთხვევასაც პოულობდა, უკეთ დაეფარნა თავისი შეურაცხყოფა ხალხის თვალთაგან, ყურიც ედევნებინა ამ უგვან და უკეთურ კავშირის მსვლელობისა თუ განვითარებისათვის.

ესე ამართლებდა გურანდუხტ თავის იძულებითი საქციელს. იქნება გულში სხვა რამ აზრიც ედვა შეურაცხყოფილს, გესლიანი ფიქრი შურით მოშხამულ გულის სიღრმეში. რატომ?! მახლობლად დაბინავებულ მტრის მოსპობაც უფრო ადვილი იქმნებოდა, ყოველ ჟამს მის ხელში მყოფ დუშმანის უჩუმრად განადგურება. ესეთი ჰაზრებიც მოსდიოდა დედოფალს სიბოროტეთა აზვირთების დროს, მაგრამ ამ განზრახვებს გულის სიღრმეში იმარხავდა ის, სულის ბნელ რამ ჯურღმულში: მორწმუნე ადამიანი იყო, ესეთს სურვილებს არაფერი საერთო არ ჰქონდა სათნოებასთან, არც ყოვლადსახიერ მოძღვრის ლმობიერ მცნებასთან. ამისთვინა ჰფარავდა თავის განზრახვებს.

ესეთი იყო დედოფლის გულისთქმა იმ დასტურის დროს. მეფემ ეს არ იცოდა: არც საჭირო იყო სცოდნოდა ეს, ან დაფიქრებულიყო ამაზედ. არ ეცალა აღტაცებულს ვაჟკაცს დინჯად მოფიქრებულ მოქმედებისთვის: აღგზნებული იყო მისი სურვილი, ალავარდნილი; მისი ნდომა ცეცხლის დაშნად გარდაქმნილიყო, მახვილად მქცევისა და ჰბრუნავდა ბასრი იგი დამწველი ძლიერ ხელში, რომ გული გაეპო ცეცხლის ფხით მისთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ უძლეველ სწრაფვას, ვერც გაჰბედავდა გადაჰღობებოდა მის სურვილს აღტყინებულს. როცა ახარეს აშოტს, დედოფალი დათანხმდა და ბრძანა, ცნობაში მოეყვანათო ყოველივე სასუფრო განძეულობა ძვირფასი, რომ მიეთვალათ იგი ახალ გამგისთვის, უცნაურად დამშვიდდა ცეცხლმოდებული, დაუწყნარდა გული, გაეღო, მოღიმარე სიმშვიდე განიცადა მისმა სულმა, ისეთი მადლობა იგრძნო მეუღლისადმი, რომ მაშინვე წავიდოდა და სახეს გარდუკოცნიდა ღვთისნიერს, თუ ალღოთი არ მიმხვდარიყო, ქალისათვის აუტანელი იქმნებოდა ეხლა მისი დანახვაც არამც თუ მისი მოცინარე კმაყოფილება, ჭაბუკური აღტაცება აფერადებული. სასტიკი ზნეობის ადამიანი ვერ მიჰხვდებოდა ცოდვათა სიტკბოებას, რომელს ესე სასიამოდ მოეშხამა ვაჟკაცის გული მტკიცედ ნაკვერი, დაელბო, დაეძაბუნებინა; მხოლოდ უსამზღვრო ზიზღს გამოიწვევდა ეხლა მასში კაცის უხამსი კმაყოფილება.

ვერც მიჰხვდა ამას გურანდუხტი ვერასოდეს, ცივი გონებითაც კი ვერ შეიგნო ის, რომ მის გვერდზედ მის მეუღლე ვაჟკაცისათვის შეიძლებოდა გარდაშლილიყო მეორე სიყვარული პირველყოფილი, აღგზნებული გრძნობა მისთვის სამარადისო. შური აბორგებდა დედოფალს, შეურაცხყოფილი თავმოყვარება შანთად უვლიდა მის გულს, ხოლო ბოროტად მღელვარე გრძნობები თვის ტალღებს აჩქეფდნენ ფიქრთა სხივებს და ანელებდნენ მათ ელვარებას, მათ ძალას: მთლადაც აქრობდნენ მათ. და იზრდებოდა უარყოფილ მეუღლის გულში ზიზღი მრუშისადმი, მკაცრი სიძულვილი მეძავისადმი. ბევრჯერ ისეთს გუნებაზედა დგებოდა დედოფალი, მზა იყო მოესპო ორივეს სიცოცხლე, კიდევაც ეწამებინა შეყვარებულნი.

- მოვსპობ, არ ვამყოფებ ამ ალქს, ჩემდა დასამცირებლად თვით ჯოჯოხეთიდან ამოვლინებულს. ამოვფხვრი მასაც, ვინც სული მიჰყიდა ამ ეშმაკს ბილწსა, ოღონდ კი განეცადა წუთიერი სიამე მასთან სიახლისა. მოვწამლავ ორივეს! ღირსნი არიან ამ სასჯელისა ღვთის მცნების გამტეხნი, სხვის ბედის ნაოხარზედ იღბლიანად დამკვიდრებულნი! - ამბობდა დედოფალი.

თვითონვე კი გრძნობდა, რომ ამ სურვილის შესასრულებლად ძალა არ შესწევდა მას: ამგვარ ბოროტ ნდომის განსასახებლად თანამოაზრე უნდა ჰყოლოდა მისანდობელი, მოკავშირე, უდრეკ-უტეხი; ამისთანა ჯერ არავინ მოსჩანდა მის გარშემო. კვლავ იგვემებოდა ბოროტად მღელვარე გრძნობებით სავსე. დედოფალმა ღრმა ტანჯვა განიცადა ამ ხანში, ცეცხლებრივ მწველი და დარწმუნდა, რომ გამჩენელს ოდესმე ამ ქვეყნად დაერგო არა მხოლოდ წალკოტი ყვავილოვანი, არამედ ჯოჯოხეთიც ბნელი, ალმურით გარემოცული, სულით ხორცამდინ სასტიკად მწველი.

- თუ ღვთის განგებით ედემში ხილული არარად ქმნილა, ჯოჯოხეთის ნაშთი ისევ დაუტოვებია მას ამ ქვეყნად, მეფის სასახლეში, ზედ ჩემს კერაზედ!

უცეცხლოდა სწვავდა დედოფალს იგი ქვეყნიური ჯოჯოხეთი, სევდის კვამლით სუნთქვას უხუთავდა, მშრალი ცრემლებით თვალებს ჰბუგავდა, როგორც ელვარებული შანთებით, ბოღმის მარწუხით ხორცებს ჰგლეჯავდა; შურის გველად დაცურავდა მოძულებულის ნანაზებ ტანზედ, გესლს უწვეთებდა გრძნობათა ფიალაში, არა ტკბილ შხამს ცნობის მომპარავს, არამედ ძიმწარეზედ უმწარეს გესლს მაფხიზლებელს, თვით ცნობის ბოროტად განმანათებელს. მარად იტანჯებოდა დედოფალი სიცოცხლის მგმობელი, მაგრამ სევდა უნელებელი სიკვდილად არ მიჰხრიდა წამებულს, მხოლოდ უათკეცებდა მას ყოფას გამწარებულს, დაუსრულებლადა ჰხდიდა მოძაგებულ მის არსებობას: ჯავრი უნელებელი წუთს ჟამადა ჰქმნიდა, ჟამს დღე-ღამედ, დღე-ღამეს კვირად თუ თვედ, წელიწადს საუკუნედ.

- განვიცდი, მეუფეო, წამებას დაუსრულებელს ამავე ქვეყნად: ვერღა მიხილავს ნათელი პირისა შენისა მამშვიდებელი; ბნელი ბოროტი შემოიჭრა გულსა ჩემსა და მოაშთო სული ჩემი უბადრუკი; ეკლით მოიფინა გზა ცხოვრებისა ჩემისა. მომხედე მე, მიხსენ ტანჯვისაგან აუტანლისა, განმარინე მოწევნილსა ჩემდა ბოროტსა, სახიერო! - ევედრებოდა დედოფალი.

სახიერს გარეშეექცია მისგან სახე თვისი ნათელმოსილი, არღა უსმენდა ღმერთი კაცთაგან უარყოფილს თუ დავიწყებულს. და გრძნობდა დედოფალი ობლობას მწარეს ქმარ-შვილში, ურიცხვ ყმათა თუ მხევალთა შორის; განიცდიდა დამცირებას უამრავ ქვეშევრდომთა თაყვანისცემის დროს; იგემებდა ლუკმის სიმწარეს რჩეულ სანოვაგით სავსე სუფრაზედ მგბარით თუ მტკბარით თვალმოწყენილი. ის უფრო უღრმავებდა ვაებას, რომ მისი ქენჯვა უხილავი იყო სხვისთვის, შეუგნებელ-წარმოუდგენელი.

- რა შეგცოდე, მეუფეო ჩემო, რად უგულებელჰყოფ მხევალსა შენსა?! განვირისხე შენგან, აღარავინ მივას ნუგეშ ჩემდა, ხელის ამპყრობელ!

უსასოქმნილი მოიღვედებოდა ერთს ჟამს. ჩაიკეცებოდა, დამდაბლდებოდა მიწამდის, არარად იქცეოდა არსება მისი.

- მღილი ვარ უმნიშვნელო, მატლი მღოღავი; არაადამიანი შეურაცხყოფა ადამიანთა!

ხოლო მეორე ჟამს გაუფიცხდებოდა ნებისყოფა, მშფოთავ გულისწყრომად აღეგზნებოდა ბუნება და ამოიღებდა პირალმას მახვილს, რომ თავისი ხელით ამოეგლიჯნა თავის მეტოქისათვის გულილბილი ვაჟკაცთ მხიბლავი, დაეთხარა მოღალატე კაცისათვის მაცთუნებელი თვალები, რომელნი შუქურის სახიდან, მის მთელი ტანიდან ჰკრეფავდნენ სიმშვენიერის ტკბილ ფერფლს გამჭვირვალს, მათრობელ ნექტარით შეზავებულს და იპყრობდნენ ვაჟკაცის გულსა; მაგრამ ეს ბოროტი ღელვა მაინც ვერ იყო თვისთავად ეგზომ მტკიცე, რომ შესძლებოდა სრულექმნა დანაპირი და ერთის დაკვრით მოესპო ძირი თავისის მუდმივი სატანჯველისა. სხვა უნდოდა ღონემიხდილს ყოლაუზი და მაჯის განმამტკიცებელი. ჯერ არსითა სჩანდა თანამგრძნობი და მშველელი: მარტო იყო დედოფალი თავის ტანჯვის პირისპირ, მთლად განკერძოებული და უმწეო.

55

ვაჟბატონისთვის კი ბედს ღიმილით გადმოეხედნა: მისი გულის ვარდი ეხლა მისსავე წალკოტში ყვაოდა. მის გვერდზედ, სულაც ახლო, ყოველთვის ხელმისაწდომად: ის სალარო, რომელშიაც ინახებოდა სამეფო ჭურჭელი ძვირფასი, მეფის პალატთა გვერდით იყო, ხოლო ეშხიანად მოფარდაგებული სავანე შუქურისა, კოხტა ოდა, ზედ ეკრა საუნჯის საწყობს. ვაჟკაცს შეძლება ჰქონდა სხვისათვის შეუმჩნევლად ევლო თვის ვნებათა დედოფალთან. გაეტარებინა იქ ტკბილი წუთები უცხოთათვის შეუნიშნავად.

მახლობელთ კი მაინც ვერ მოაპარებდა თავის მიმოსვლის გზას. იმათ სულ იცოდნენ მისი ამბები და თვალ-ყურს ადევნებდნენ მის საქციელს შეუფერებელს. დედოფალი თვალს ვერ აშორებდა თავის მოღალატე მეუღლეს და დღითი-დღე შურით ივსებოდა მეტოქისადმი მის გვირგვინის შეურაცხმყოფელისა. ის უფრო აზავთებდა დედოფალს, რომ რაც უნდა დიდი ზრუნვა ჰქონოდა ვაჟკაცის გულს მოდებული, რაც უნდა ჩალიბრებული ჯავრით ყოფილიყო იგი შეპყრობილი, იმ საიდუმლო სავანეში უსათუოდ ჰპოვებდა სიმშვიდეს თუ სიამეს და ამ ლამაზ გრძნობათა ნასახს თან გამოიტანდა იმ წალკოტიდან, თითქო იქ მომაკვდავი ვინმე დედაკაცი კი არ ჰხვდებოდა მას, არამედ ხორცსხმული ფერია მარად ქალწული, რომელს ყოველ წამს ხელთ ეპყრა სიტკბოების ფიალა სავსე, ულეველ-უშრეტელი.

- რითი ჰხიბლავს ის ალქაჯი გამოცდილ ვაჟკაცს ან როგორ უჭირავს ხელში? რა თილისმა უპოვნია იმისთანა, რომ მისდამი ტრფიალი არამც თუ არა ნელდება, თანდათან ძლიერდება, იგზნება, აღტყინდება?! - ჰკვირობდა დედოფალი.

ვერ იცოდა ამაყმა თუ გულზვიადმა, რომ ის თილისმა იყო ქალის გუნება სახიერი, მისი არსება სათნო და წრფელი. სიყვარულში ფერია მხოლოდ იმას ეძიებდა, მთლად შესწიროდა საყვარელს, მისი შექმნილიყო სულით-ხორცამდინ, მისთვის მიერთმია თავისი თავი ისე სრულად, რომ სათავისოდ. პირად თავისათვის, აღარაფერი დარჩენოდა, გარდა სურვილისა: არაფრით დაეჩრდილა სათაყვანებლის სიამე, დაეტკბო იგი მეტად. გარდექმნა მხურვალე ვნება მოცინარ სიხარულად, თვით ნეტარებად. გულსავსე სიყვარულის მსახველი რომ იყო ქალი უანგაროსი, ის ასხივოსნებდა მას, ეს იზიდავდა მისკენაც მრავალსგვარ სიკეთეს, მრავალსახე სიხარულს.

სიყვარული გრძნობათა მზეა, ის უხვად აბნევს მანათობელ სხივებს თავის გარშემო და იზიდავს თავისკენ ყოველსავე არსს სათაყვანებლად თუ სადიდებლად.

ღვთიური ნაპერწკალი აშუქებულიყო ლამაზი მეფის ოჯახთან. ეს ათბობ-ანათებდა ვაჟკაცს, გაზაფხულს ანვითარებდა მის არსებაში, ყვავილთა სიმრავლის ჟამს მანუგეშებელს; ხოლო იგივე ნაპერწკალი სწვავდა დედოფლის არსებას, შავ კვამლში ახვევდა მის გულს, ბოღმის მჭვარტლითა ჰმურავდა მეტად საზარლად. ითმენდა დედოფალი, მაგრამ ილეოდა მოთმინების ჯაჭვი რკინისა, ცვდებოდა იგი და მცირე რამ შემთხვევაღა იყო საჭირო შეჰლეწოდა მას რგოლები, ჩაგლეჯილიყო, აეშვა დედოფლის ნებისყოფა მედგარი, ბოროტად აემოქმედებინა იგი. ეს საბაბიც გაჩნდა თავის დროზედ და გაარღვია ბოღმის ტბის შემკავებელი ნაპირი, რომ მთელის თვისის სიძლიერით დასტეხოდნენ თავს ზვავთა სიძლიერით წამოსწრაფებული ზვირთები ქაფმორეული.

მეჯლიში იყო მეფის კარს თვალსაჩინო, მეტად მხიარული. სიძე-დაი მოსვლოდნენ მეფეს აფხაზეთიდან სტუმრად. საუკეთესო წარჩინებულნი გარს ეხვივნენ საქართველოს მფლობელს სვესრულსა. უწინ რომ დედანი ჩვეულებრივ ცალკე დაიდებდნენ ნადიმს ვაჟკაცთაგან განკერძოებულნი, ეხლა თანდათან ტყდებოდა ეს ჩვეულება. დღეს ქუდოსან-მანდილოსანნი ერთად ხარობდნენ მეფის სუფრაზედ. რა სანოვაგე! რა სასმელი! რა საკრავები! თვალთწარმტაცი ქალ-ყრმა აღტაცებული. დაბრძნობილ-ჭაღარშერთულნიც სისხლადუღებულნი. ღიმილი ყვავილთა ფურცლად შეჰფენოდა. ყველას დედოფალსაც დაჰვიწყებოდა თვისი მუდმივი ზრუნვა თუ ჯავრი, შუბლი გაეხსნა ნაოჭასხმული, თვალები სიამის შუქით გაჰნათებოდა. აშოტ დიდი ხომ ჭაბუკად გარდაქმნილიყო, ეშხიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდად. რა უჭირდა ღვთისაგან კურთხეულს, კაცთაგანაც თაყვანისცემულს?! გარეშე მტერნი დაეხარნა თავის წინ და აგერ მთლადაც ჩასტეხდა მათ; შინ მთელი ერი მოსავი იყო მისი, თვისი ერთადერთის იმედისა, მძლე წინამძღვრისა. ეშხში შესულ რჩეულთა სუფრა თანდისთან იტვირთებოდა, ნაირ-ნაირი სანოვაგით, უფრორე ძვირფასად იმკობოდა საიშვიათო ჭურჭლით ფასდაუდებით.

- დედოფლის სადღეგრძელო განმეორებით, ჩვენის დიდის დიასახლისისა, საქართველოს დედა-მფარველისა!

- ხოტბაი სრული!

- ქებათა ქება, მგოსანო ჩვენო!

- შესდეგ, თამადავ! ჩემის დედოფლის სადღეგრძელო საუკეთესო სასმისით! სინდური კრიანტელი!

სუფრაზედ ერთს ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. თვალი მიაპყრეს შუქურს, რომელს ებარა სასახლის ძვირფასი ჭურჭლეულობა. ქალი წამოდგა, რხევით გასცდა მოფარდაგებულს. მოართვა ოქროს კრიანტელი, საგანგებოდ მოოჭვილ-მოკაზმული. გოჰარი ისე იყო მწყობრად შეყრილ-შეფარდებული, ზედ ყვავილთა სახე იხატებოდა. სასმისი ფასდაუდებელი იყო ნახჩითაც, ხელოვანის ნაქანდაკები საიშვიათო. ამ ჭურჭელს ცალკე ინახავდნენ ტაგრუცში და გასაღები ყოველთვის ჭურჭლის მცველს ებარა. შემოვიდა შუქური ჩქარის სიარულით, ოდნავ ავარდისფერებული. შავ თავსაბურში თეთრ-ყირმიზი ქალი ლამაზი ჭურჭლით ხელში მშვენიერი რამ გამოჩნდა: მისი ტანი ლელწმად ასული, შოლტივით მოქნილი, მისი მწყობრი მოძრაობა მსუბუქი მეტად მიმზიდველად მოეჩვენა ეშხში შესულ კრებულს. სუფთა თითები რომ მოეხვივნა ყარყარა სასმისისათვის, დაემშვენებინა ისეც ფასდაუდები! მისი მაჯა სჯობდა სასმისის ყურს: უფრო ხელოვნურად იყო ჩამოსხმული, თბილის სიცოცხლით შევარდისფერებული. ეგრძნო ქალს, რომ დიდებულ მეინახეთა თვალი მასზედ იყო მიქცეული და წამწამთა ჯარი მორცხვად დაეხარნა ბროლის ღაწვთაკენ. თავსაფარიდან გამოშლოდნენ ოქროს კულულები, მზის ელმეცრივ სხივებს ეთამაშებოდნენ. რომ გადიხარა კრიანტელის მისართმევად, ქალწული ნაქვთები აეხატა სამოსელში. აშოტს მკაფიოდ გაახსენდა, რა სიამეს მიუძღვნიდა ვაჟკაცს იგი ტანი მდიდარი, ნათლად განიცადა იგი სიამე და... და უმტყუნა ძლიერს ნებისყოფამ.

- თვით შუქურმა მომართვას ღვინო!

მანამ ქალი აასრულებდა ბრძანებას, ვაჟკაცმა ვეღარ მოსწყვიტა მას ხარბი თვალი. სხვებმა ამ წამს უმატეს მხიარულობას, სიტყვათა ფრენა. თითქო ვერ შენიშნესო უხერხულობა, ვერც კი შეამჩნიეს იგი, განზრახ მოუზომელ ქცევის დასაჩრდილავად. დედოფლის განმახულ გრძნობას არ გამოეპარა მთელი შეუფერებლობა შერყეულის წუთისა და აენთო, სასტიკი წყრომა ალად აეკიდა სახეზედ, მარჯვენა ლოყა აუთამაშდა, ძლივსღა შესძლო თავის შემაგრება. გულში დაასკვნა, ან დაღუპულიყო, ან სისხლი აეღო, ენანიებინა მეტოქისათვის ესეთი დამცირება; მოესპო მისი არსება; საზღაპროდ დაესაჯა მიზეზნი ნაკურთხ სარეცელის შეგინებისა. მცირე ხნის შემდეგ დედოფალმა ჰპოვა საბაბი გაჰრიდებოდა მეჯლიშს აღფრთოვანებულს. ნადიმი დაეშვა და დამთავრდა გარეგნულად შესაფერის სახით, ხოლო ნამდვილ ყველას გაჰყვა სასახლიდან მძიმე შთაბეჭდილება ბოროტის მომასწავებელი, სამაგალითო რამ სიავის დამწყები.

- ვეღარ შეიმაგრა მეფემ თავი!

- ძლიერია სიყვარული, სიკვდილზედ ძნელი.

- მთლად მოხიბლულია ვაჟკაცი ქალისაგან.

- სისხლის ნაცვლად წყალი უნდა გადიოდეს ძარღვებში, რომ ვერ მოხიბლოს ნაკურთხის შვილმა.

- მშვენიერია, თან უბრალო, კდემამოსილი.

- საკვირველია; ყველა ეალერსება მას, მისდა მიჩენილ მხევლებს თავის თავს ურჩევნიათ ის.

56

დამცირებულ-შურაცხყოფილი დედოფალი არც თუ ისე მარტო იყო, როგორც ეგონა: მშველელი იქვე ჰყვანდა გვერდზედ, მომხრე ძლიერი, და ეს ჭირთა შინა შემწე მისი მით უფრო უტეხი იყო, რომ მას ამოქმედებდა არა პირადი მოსაზრება ჟამიერ-წარმავალი, არამედ ის ძირითადი ჰაზრი, რომლის სახორციელებლად იყო იგი აღმოცენებულ-დამყარებული, როგორც სალ კლდეზედ. თუ უღალატებდა ის თავის დანიშნულებას და დაარღვევდა ამ ბურჯს თავისს სიმტკიცეს, დაიშლებოდა, ვით ქვიშაზედ ნაგები სახლი უსაფუძველო; თუ შერჩებოდა ის ამ დედაჰაზრს, ამაყად აღიმართებოდა ზე, ვითარცა ნაძვი ლიბანისა გალაღებული, და თვისი შტოებით დაჰფარავდა თვით იმ შარავანდედს, რომელი დაჰნათოდა მეფის სასახლეს ძლიერს და საესავოს.

ეს უდრეკი ძალა იყო ეკლესია, რომლის საყდარი ჰმეტოქობდა ტახტს სამეფოს და ისწრაფიდა დაემორჩილებინა იგი, დაეხარნა თავის წინაშე, როგორც ჯერ არს დახაროს სულიერმა ბუნებამ სამარადისომ. არსება ხორციელი ჟამიერად მოვლინებულა, მსწრაფლწარმავალი.

მაშინ ეკლესიის წესრიგი გამაგრებული იყო საქართველოში, ტანშეყრილი, უკვე გარდაშლილ-აღყვავებული; ისეთივე ამაყი და მებრძოლი, როგორც თვით სამეფო ტახტი, აშოტის ქველობით დაკნინებას განრინებული, დამცირებათა ჟანგ მოფხვნილ-მოცლილი, ბრწყინვალედ ზეამაღლებული. საგულისხმო იყო, რომ ეკლესიის ძალთა გამალაღებელ-განმაახლებელი ახალი შარავანდედით მისი შემმოსი. ნერსეის სახლიდანვე გამოსულიყო. აშოტის მამისა აშოტს მემკვიდრეობით ჰრგებოდა დიდება, რომელი განემტკიცებინა თვისი ჰაზრიანობით და ბუმბერაზული შემმართებულობით; გრიგოლ მწირს მხოლოდ თვის უდრეკი ნებისყოფით, უტეხი მისწრაფებით ერთხელ და სამუდამოდ გათვალისწინებულ მიზნისადმი, თვისი შორსგამჭვრეტი გონებით და აღტყინებული რწმენით განეახლებინა. ვიტყვი: ახლად აღმოეცენებინა და გადაეშალნა სიძლიერე ივერიის ეკლესიისა, დაედგინა იგი ღირსეულ დარაჯად ღვთაებრივის სწავლისა და მაღალის ზნეობისა საქართველოში.

დრო უთხრობდა საქართველოს, წარმოეშვა დიდებულნი მოღვაწენი ყოველს სფეროში თვისის ცხოვრებისა: მის ხორციელ არსებობის. მის სულიერ განძის განქარვებას აპირობდა ძლევამოსილი მტერი გალაღებული, რომელს უკვე ეპყრო დასავლეთი აზია, ჩრდილო აფრიკა და მძლავრად შესჭიდებოდა დიდ ბიზანტიას და მის რკინის კარს - საქართველოს, მის წინამბრძოლს - თანამორწმუნეს.

იცის სიცოცხლეულეველმა ერმა: უდიდეს გაჭირებაში უძლეველ ძალას იჩენს საარსებოსა. შეჰკრებს იგი თავის ნიჭს, შეანივთებს თავის უნარს ცხოვრებისას და განახორციელებს უკვდავ პიროვნებებში, ხალხის სასწაულებრივ მხსნელ დიდებულებში, რომელნი შემდეგ ჟამთა მსვლელობაში გზის მაჩვენებელ ვარსკვლავებადა ბრწყინავენ სამშობლოს ცაზედ.

როდესაც ნახა გრიგოლმა, რომ ეპისკოპოზობის სახით ხორციელი დიდება ისწრაფიდა მისკენ, ფრიად შეწუხდა: მას გული უთქმიდა სულიერი დიდებისათვის, რომელს თანა სდევს ქვეყნიური პატივიც, საუკუნო ხსენებაც ხალხთა შორის სიტყვისაებრ მეუფისა; ეძიე პირველ სასუფეველი ცათა, ხოლო სხვა ყოველი თვითვე შეგეძინოს შენ! განიზრახა მწირმა დაეტევებინა ცვალებადი იგი პატივი ქვეყნიური და ფარულად ივლტოდა სოფლიდან თანახმად სამღთოისა მის მოწოდებისა, რომელი უძღოდა მას, ვით აბრაამს ხმა, ღვთაებური, ვით ისრაილს - ცეცხლი ციური.

დაემკვიდრა ნებით ლტოლვილი უდაბნოდ. რათა ეღორძინებინა უქმ მას მხარეში ცხოვრება სანეტარო და მუნით გამობრწყინებულიყო ლამპრად დაუვსებლად. მთლად მარტო კი არ დაადგა ნეტარი გზას საძნელოს. იპოვნა მოყვასნი კეთილნი ამ იწრო გზაზედ ცხოვრებისა, განუყრელნი თვისნი თანამგზავრნი: საბან იშხნელი, დედის დისწული თვისი, თეოდორე მაშენებელი ნეძვისაი და ნეტარი ქრისტოფორე. სარწმუნოებამან შეანაწევრნა იგინი. შეამტკიცნა სამღრთომან სიყვარულმან ერთზრახვად შეკრებილნი.

სამღრთონი იგი რაინდნი მივიდნენ ოპიზას. აქ იყო პატარა საყდარი ნათლისმცემელისა, იყვნენ იქ ძმანი მცირედნი. ორი წელიწადი დაჰყვეს აქ, იღვაწეს ღვაწლით ფიცხელითა. სამღვთო მადლით აგზნებული გრიგოლი აღარ დასჯერდა ამსახე ცხოვრებას; სწყუროდა მარტოდ დაყუდებაი, რამეთუ ესმოდა ანგელოსებრივი ცხოვრებაი მარტომყოფთა მათ სივრცესა მას შინა უდაბნოისასა. ამ დროს სცხოვრობდა ხანძთას ვინმე მარტო მყოფი ბერი ხვედიოს. გრიგოლ მივიდა მასთან, დაემოწაფა მას. მოიხილა ყოველი სანახები ხანძთისა. მოეწონა იგინი. ფრიად შეუყვარდა ადგილი იგი და დაასკავნა აქ დაედვა ბინა თავის თანამშრომლებთან ერთად, დაეფუძნებინა სავანი ახალი. ამცნო მოძმეებს სიკეთე იმ ადგილისა და განზრახვა თვისი. დასთანხმდნენ იგინი. წავიდნენ ახალ სავანეში. იწყო გრიგოლმა ხანძთის შენება. ააშენა ფიცრული საყდარი და სენაკი საოსტიგნედ. დღითი-დღე გამრავლდებოდეს ძმანი, შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მოქმედად ჭეშმარიტისა მის ვენახისა. მხნეობდნენ მუშაობდნენ. ყოველსა ჟამსა ნებსით თვისით იწამებოდეს სადიდებლად ღვთისა. გამრავლდებოდეს ძმანი. მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანს შეიწყნარებდა. მოწაფენი მისნი კეთილიყვნენ ერთად. ემსგავსებოდნენ მოძღვარსა თვისსა, ვით მოძღვარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა.

ამ დროს აშოტ მფლობელი საქართველოსი მძლედ გამოჩენილიყო თავის მტრებზე. უზრუნველ ეყო მას თავისი ერი ავის მდომელთაგან, მიენიჭებინა მისთვის ცხოვრება მშვიდი. დამკვიდრებულიყო იგი არტანუჯს ფხიზელ დარაჯად თვისის სამეფოსი. ისწრაფოდა მეფე ერის კეთილდღეობისადმი, მის განდიდებისადმი. ღმერთი მის კერძ იყო: დღითი-დღე ემატებოდა ძალა სვესრულსა. პატივი დაემსახურებინა მეგობარ ბიზანტიისაგან, მტერ ხალიფისაგანაც: ორივესთვის ძვირფასი იყო მეზობლობა, მეგობრობა ამ მებრძოლ მბრძანებელისა, გვერდით ყოლა მისი ამ სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლაში, რომელიც ულმობელ განგებას დაესკვნა იმათ შორის.

მეფეს გარს ეხვივნენ ღირსეულნი მოღვაწენი, მასთან შეზრდილნი, მასთანვე სამშობლოსათვის წამებულნი, მისებრ ერის სიყვარულით მარად გზნებულნი. აშოტის ამ მოსაგრეთაგან პირველ ადგილთაგანი ეჭირა გაბრიელ დაფანჩულს. აზნაური იგი მეფისა შემკულ იყო ყოველითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა, ახოვნებითა ქებული იყო ყოველსა ზედა საქმესა გამარჯვებითა და კეთილმორწმუნებითა. მას ჰქონდა მამულები ხანძთის სანახებში მამა გრიგოლი რომ ფიქრობდა თავის ახალი მონასტრის აყვავებაზედ და მონასტრის ძმათა კეთილდღეობაზედ, მისი ჰაზრიანი თვალი მზრუნველი მიიქცეოდა ამ დიდებულ კარიბჭისაკენ. კეთილად აუსრულდა განზრახვა: დაფანჩულმა დიდად დააფასა წმიდა მოღვაწის მისდამი მიმართვა და უზღვნა საცხოვრებელი. იტყოდა:

- ჩვენ შორის აღსრულდეს სიტყვა მოციქულთა: თქვენი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისათვის, ხოლო მათი ნამეტნავი - თქვენისა ნაკლულევანებისათვის. ჩვენთანა არს ხორციელი კეთილი. ხოლო თქვენთანა - სულიერი: შევაზავნეთ ურთიერთს. თქვენ მონაწილენი გყვენით წმიდათა ლოცვათა თქვენთა და ძვალნი ჩვენნი ღირს ჰყვენით დასხმად წმიდათა ძვალთა თქვენთა თანა და ჩვენ აღგითქვავთ საცხოვრებელსა ჩვენსა.

გამტკიცდა ყოფა მონასტრისა: შემთხვევითი შემოსავლის გარდა მონასტერს გაუჩნდა ულუფა სამუდამო: შეწირული მამული ისეთი იყო, რომ მონასტრის ძმათ ეყოფოდათ შრომისათვის და შრომის ნაყოფსაც შეეძლო ეცხოვრებინა კრებული.

57

ამით არ დაკმაყოფილდა მოწყალე მარჯვენა დიდებულისა. განაგრძო მან თვისი მზრუნველობა ბერთა სავანეზედ: მიიზიდა სხვა წარჩინებულნიც თუ მდიდარნი, შეაწირვინა, მალე უზრუნველყოფილ იქმნა მონასტერი, მამულით, სამონასტრო კაცით და შესაძლო შეიქმნა გაემშვენებინათ იგი, გაეფართოვებინათ, აეღორძინებინათ. ეხლა მონასტერი არამც თუ გარდაიქმნა კეთილმოღვაწეთა სამყოფად, შესძლო შექმნილიყო კერადაც მწიგნობრობისა. აყვავდა აქ სამღთო მეცნიერება, ითარგმნა და დაიწერა საეკლესიო წიგნები. ბევრი მოსავი ჰყავდა მონასტერს, მრავალი მოყვარული და ხელის ამპყრობელი. დაფანჩულს მაინც პირველი ადგილი ეჭირა. ამას შემდეგ ჰმოწმობდა ამ დიდებულთა საგვარეულო აკლდამაც, რომელი ყოველთვის ფაქიზად იყო ბერთაგან შენახული, სადაც მარად ენთო კანდელი უქრობელი. გაბრიელის განსაკუთრებით ღვაწლი თუ შენაწირავი ანუსხული იყო ვრცელ სიგელში, რომელიც ინახებოდა მონასტრის სალაროში, ხოლო შემდეგში მოკლედ ამოჭრილ იქმნა თითონ გაბრიელის საფლავის ქვაზედ.

აღიმართა უდაბნოში ხანძთის მონასტერი. დიდი სახელი გაითქვა მის მშენებელმა და უცვლელმა წინამძღვარმა გრიგოლმა. მაინც სრული არ იყო ბერთა ეს არე: მხოლოდ მამაკაცთა ღვაწლი ვერ ეყოფოდა ქართველთა ეკლესიას, ვერ შეავსებდა მის მოთხოვნილებებს. ცალმხრივი იყო ხანძთა, გვერდით არ ედგა დედათა სავანე. ქართველებს კი მოუდიოდათ მამრთა და მდედრთა თავდადება სამშობლოს საღორძინებლად, განსამტკიცებლად. ქალთაც გულთ უთხრობდა მკვეთრად დაენერგათ ქართველთა შორის სჯული ქრისტესი, ბურჯად შესდგომოდნენ ქართულ ეკლესიას მასზედ მძლავრად მოსულ ისლამთან ბრძოლაში.

- რა ბრძოლაა, თუ მარტო მარჯვენა ხელით ომობ, მარცხენა კი უქმად მდებარობს?! კაცნი მარჯვენანი არიან ხალხისა, ქალნი მარცხენანი და მწყობრად უნდა იღვწოდნენ, შეთანხმებით, - ამბობდა გაბრიელი.

და ფიქრობდა შეევსო ეს ნაკლი: დაეარსებინა დედათა სავანე. ამ ჰაზრს თანისთანობით, დაჟინებით აწვეთებდა მას და უძლიერებდა ღირსეული თებრონია, ნათესავი დაფანჩულისა. მონაზონობის მიღებისთანავე მკაცრად დაადგა იგი ზეცად სვლის გზასა. უარჰყო ყოველივე ქვეყნიური შვება სოფლისაგან უარყოფილმა; პირი შეაქცია სიხარულის ყვავილებს და არა იმისთვის, რომ არ უყვარდა იგინი, უკუაგდებდა მათ, არ ესმოდა მათი სილამაზე, ვერ გრძნობდა მათ მიმზიდველობას. არა! უარჰყოფდა მისთვის, რომ თვით ყვავილნი ცხოვრებისა დაიხურნენ მის წინ. მოდუნდნენ. ჩაჭკნენ და ჩაიფურცლნენ.

- რად?! რისთვის?! განა მე ღირსი არ ვიყავი ქვეყნიურის კეთილისა ჩემ თანასწორებთან ერთად? განა ჩემი ქალობა არ დაატკბობდა ვაჟკაცის არსებას? ეს აკოკრებულ-აფუებულა ძუძუნი არ არიან საგუბარნი ტკბილ ალერსისა და წყნარი ცხოვრებისა ჩვილთათვის, ჩემ სისხლხორც ჩვილთათვის სანატრელთა?

- ახ! რად შეიზღუდა გული ჩემი მხოლოდ იმ ერთით? რად მიეპყრნენ დამდგარნი თვალნი ჩემნი მხოლოდ მას. ჩემს მაცოცხლებელს, ჩემსავე მკვლელსა და არარად მქნელს? რად რკალობდნენ მარმარილოს მკლავნი ჩემნი მარტო მის მოსახვევნად, მხოლოდ მის ერთის მოსაჭდობ-მოსაშთობელად? უარმყო გულქვამა, მასთან უარმყო მთელმა ცხოვრებამ, სიცოცხლემ ტკბილმა.

- არ შემითვისე, სულისდგმავ ჩემო მარად მტანჯველო! მაინც ვერ გასტეხო თებრონია შენი: დავწმედ ჩემს სიყვარულს, განვაშორებ მას ყოველსავე მიწიერ სიმძიმეს, გავძრცვი მას ყოველისაგან ნივთიერის ბუნებისა და... და წამოვესწრაფები შენკენვე შენსავით ანგელოსთა სახით მოსილი. შენი გზა ჩემივე გზა არის, შენი სიცოცხლე ჩემივე სიცოცხლეა, შენი არსება ჩემივე არსებაა განუყოფელი. მე აწ ორება ვარ შენი, გულცივო ჩემო, განუყრელად შენთან შერთული. აგყვები თან ამ ქვეყნად, იმ ქვეყნადაც სამარადისოდ. ერთ სახით ვერ ძალმედვა შენთან სიცოცხლე, სხვა სახით აგყვები, ვით აჩრდილი ხორცსხმული, შენის სურვილით ნივთიერად განსახებული შენც ხომ მაფასებ, შენც ხომ გიყვარვარ, ვაჟკაცო ჩემო გაუტეხელო! შენის სულის ფსკერზედ მაინც ღივდება ჩემ გამო მდელო რამ სიხარულისა. მეტს გეტყვი: უჩემოდ გატყდება მაგ გზაზედ შენი ნებისყოფა რვალისა, შედრკება შენი რაინდობა სულიერი.

- განვედ ჩემგან, მაცთურო ტკბილო, განმეშორე მე!

- არა! ვერ გნახავ ჩემს ბუმბერაზს ფერმიხდილს, მისუსტებულს შენგან ტვირთულ უმძიმეს ჯვარის ქვეშ მიწამდის დახრილს. შენთან ვარ! განხმნევდი! განმამხნევე! სავანემც ჩემი შენის სავანის გვერდით! ჩემიმც სამარე შენის საფლავის ახლო! ჩემიმც სული შენ სულთან ტოლად წინაშე მეუფის ბრწყინვალე საყდრისა.

დაუცხრომელად ცდილობდა თებრონია ხანძთის მახლობლად აღმოცენებულიყო დედათა მონასტერი; მამათ სავანის მახლობლად გარდაშლილიყო განდეგილ დედათა სადგომი, ღვთიურ საღვაწში მასთან შეჯიბრებულ-შებრძოლებული. ორივ მონასტრის გუმბათნი ერთმანეთის მმზერელნი, ერთმანეთს მიუკარებელნი. სავანეთა წინამძღვარნი მარად ერთმანეთის გამხედვარნი; ყოველ ჟამს მიუტოლებელნი; ერთმანეთის უარმყოფელნი, სიცოცხლის ჩამმწარებელნი; ერთმანეთთან სამარადისოდ შემტკბარ-შეკავშირებულნი...

- წმიდაო მამაო, მონახე სავანედ კეთილი ადგილი დედათათვისაც. მცნება იყოს ჩვენ შორის: თუ ნათესავისა ჩემისა მოწესე მამაკაცი იყოს, სამკვიდრებლად მისსა ხანძთაი განეწესოს; თუ ნათესავისა ჩემისა მეწესე დედაკაცი იყოს, დაემკვიდროს შენ მიერ კურთხეულ დედათა სავანეში! ხოლო პირველი წინამძღვარი განდეგილთა დედათა - ქრისტეს მიერ დაი ჩვენი თებრონია, - ეტყოდა გაბრიელ დაფანჩული გრიგოლს.

არ ეწინააღმდეგა წმიდანი დიდებულის სურვილს. ზეცად მიმავალი ბილიკი მაინც იმ სიფართოვე არის, რომ შეუძლიანთ მასზედ ტოლად მიისწრაფოდნენ დედანი და მამანი. კურთხევა მათი ერსა ზედა ჩვენსა! ზრუნვა მათი სამშობლოზედ ბუნებრივია და სასიკეთო. სამშობლო ცაზედ დედანიც ბრწყინავენ უქრობ ვარსკვლავად, ვით მამანი ღვაწლშემოსილნი. სიახლე თებრონიასი უძლეველ ჰყოფდა ლომგულ ვაჟკაცს ეკლიან გზაზედ საფრთხეთა მიერ სავსებით სავსეზედ, განამხნევებდა მას სულიერად, უძლეველჰყოფდა მის ზესთაბუნებას.

- ნეტარმან გრიგოლმა ძიებაჰყო გულმოდგინედ და ჰპოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობლად. ჯვარი გადასწერა და აღაშენეს მონასტერი დედათაი. ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედა თებრონია დაემკვიდრა მერესა შინა. ღირსად ცხოვრებისა და სულიერად განგებისა მისისაც არ იყო სამზღვარი; სამღთოითა სიყვარულითა წმიდითა ერთმზრახველნი მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღვთის კაცნი, დედაი თებრონია და მამაი გრიგოლ.

განმტკიცდნენ არტანუჯის ციხექალაქის არეში ქართველთა მოღვაწეების სავანეები, მამათა და დედათა მონასტრები. ეს ციხექალაქი და მონასტრები უძლიერესი ბურჯები შეიქმნენ საქართველოსი, მისი სიმტკიცენი, მცველნი და მფარველნი მისის სჯულისა თუ ზნეობისა, სულიერის განვითარებისა, მის ლამაზ არსებობისა.

58

აშოტ ცდილობდა გაემტკიცებინა მათი ყოფა. როცა გაბრიელ ერის მთავარმა აუწყა აშოტს ღირსება სანატრელისა მამებისა და უდაბნოში მათგან მონასტერთა შენება, მეფემ ყურადღება მიაქცია ამ სამღრთო ახალშენებს, თვის საზრუნველს საგნად დასახა ისინი. დაწერა ეპისტოლე და გაუგზავნა გრიგოლს: თავისთან იწვევდა წმიდა მოღვაწეს: გრიგოლი ეახლა მეფეს მიიწია რა პალატად, მოეგებნენ მას ძენი მეფისანი. ვითარცა მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მეფე ზე აღსდგა და მიეგება გრიგოლს აშოტმა დაწვრილებით გამოჰკითხა ნეტარს ხანძთისა და იქ მათის მოღვაწეობის ამბავი. გამოიკითხა ამბავი და ცხოვრება დედათა მონასტრისაც. ეტყოდა მას გრიგოლ:

- კეთილ არს უდაბნო იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა. აქვს მას წყარონი მდიდრად გამოდინარენი, გრილნი: მაღნართა სიმრავლე ურიცხვი. აქვს მცირედ რაიმე სხვაცა ნუგეშისსაცემელი ხოლო სათესი ყანაი და სათიბელი ქვეყანაი არა არს.

წყალობა უყო მეფემ მეფური: შესწირნა ადგილნი კეთილნი; აღუთქვა სხვაცა მრავალი. უზღვნეს თავის მხრივ სანახები დედოფალმა და შვილთა აშოტისათა. რაიცა სახმარი მონასტერსა უხმდა. ყოველივე შესწირეს უხვად. არ დაივიწყეს დედათა მონასტერიც: მიართვეს მასაც ზღვენი მრავალი. სიხარულით გაემართა ბევრი მეფის სასახლიდან, ნუგეშცემული, დაიმედებული, მადლიერი ღვთისა და კაცთა.

გაძლიერდნენ სავანეები ნივთიერად, უზრუნველყოფილ იქმნენ საცხოვრებლის აღმატებით. ამაღლდნენ სულიერად. შეეძინებოდა რიცხვსაც მოღვაწეთა. მოვიდნენ მონასტერში ეპიფანე, მატოი, ზენონ დიდი. ესენი ჯერ მაშინ იყვნენ გრიგოლის მეგობარნი და პატივისმცემელნი, როდესაც იწვრთებოდა ნერსე მეფის კარს. ეხლა მხარი მისცეს გრიგოლისაგან მარჯვედ დაწყებულ კეთილ საქმეს და განაძლიერეს ის თვისის სიკეთით თუ ნათელმოსილობით. ამათაც მოართვეს მონასტერს სიმდიდრე თავიანთ მამულებით თუ განძეულობით, მეტადრე ზენონმა, რომელი იყო შვილი საჩინოისა კაცისა და ჰქონდა მამულ-დედული ურიცხვი.

დედათა მონასტერიც აღორძინდებოდა და გაბრწყინდებოდა; მოღვაწეთა რიცხვი აქაც განმრავლდებოდა. მივიდნენ მონასტერს დაი ზენონის მარიამ; რომელ ოდესმე ცდუნებულ იქმნა ეშმაკეულისაგან, ხოლო აწ მკაცრი ცხოვრებით და სამკვიდრებელის შეწირვით გამოისყიდდა ცოდვათა სიმრავლეს სიჭაბუკისა; მონაზონი ეფემია სიყრმიდგანვე დედოფალთან ხლებული და მისი თაყვანისმცემელი; ღრმად მოხუცებული დედა გრიგოლისა ანაი, რომელს ეტყოდა თებრონია:

- ღვთისმოყვარეო დედაო! შვილისა შენისა გრიგოლისა თანა მე ვარ აწ შვილი შენი და არა დაგაკლდეს ჩემგან მსახურებაი ყოვლადვე.

სხვანი მრავალნიც ღირსეულნი დაივანებდნენ მუნ, იღვწოდნენ ცხოვრებას ქრისტიანულს სანუგეშოდ ეკლესიისა. კეთილსაყოფელად ხალხისა. ისევე უხვად და ნაყოფიერად მრავლდებოდა რიცხვი ქართველთა მოღვაწეობისა სასულიერო სარბიელზედ მამა გრიგოლის და დედა თებრონიას გარშემო, როგორც მამულის დამცველთა რიცხვი სახელოვანი სიქველით მკული აშოტის გარემო.

და ეს ორი ღირსეული დამცველი, აშოტ და გრიგოლ, მზირად ედგნენ თავის ერის კეთილდღეობას, ვით დედამძუძენი სათუთად აღზრდილ უფლისწულს, შესჯიბრებოდნენ ისინი ერთმანეთს ნანინანატრის აღზრდაში, მის კეთილად განვითარებაში, მის შესახებ ერთისა და იმავე განუყოფელი ჰაზრის მექონნი. ერთადერთ დიდებულ მიზნისაკენ მისწრაფებულნი თვისაგან რჩეულ სხვადასხვა სავალით. ისინი ვერ მიუტევებდნენ ერთმანეთს თუნდ წამიერ მოუძლურებას ან შეცთომას თუ რყევას ამ წმიდა მოვალეობის აღსრულების დროს. მზირ თვალს ამ ორის ღვთივკურთხეულის დარაჯისას ვერ ასცდებოდა ვერც ერთი მოქმედება, რომელი თუნდ ოდნავ შეარხევდა მათ საალერსოის კეთილყოფასა. ეს უხაროდა მათგან ლამაზად დაცულ-დაფარულ ქვეყანას, მათგან ერთგულად მოვლილს, განებივრებულს. და იღიმებოდა,იგი ქვეყანა, ღიღინებდა, მღეროდა; როკავდა წინაშე თვისის მეუფის ბრწყინვალე საყდრისა.

დედოფლის ნაღველს, ქართველთა მოჭირნახულე დედის სევდას, აღმოცენებულს აშოტის შეცთომის გამო, უსათუოდ დაინახავდა მსახური ეკლესიისა, მზრუნველი მეორე მამულის აღორძინებაში და სჯულის განმტკიცებაში მეტოქი პირველისა. მართლაც იმ მეჯლიშის დროს ცხადად ნახა ყოველივე ეს დედა თებრონიამ. მაშინვე ააყოლა გონების თვალი ვაჟკაცის გულისთქმას შემღვრეულს. იგრძნო მისმა ნაწამებ-ნაწრთობმა გულმა, რა გრძნობით ავარდისფერდა სპეტაკი ღაწვი შუქურისა, როგორმა სიამემ შეარხია მისი მოქნილი ტანი ნაქანდაკები. ისიც შენიშნა მონაზონმა, რომ ქალის თითქო უნებლიეთ შეხებამ რა ნექტარი ასვა ვაჟკაცს უხილავი, მაგრამ ძლიერად დამათრობელი, ნეტარების ლბილ სხივებში ჩანთქმული, ცხადლივ საესავო ოცნებათა მახორციელებელი. ვაჟკაცი მაშინ მთლათ ღიმილად გარდაიქცა, სიტკბოების მსახველ ხორციელ არსების მანათობელ ღიმილად.

ეს თვით განდეგილმაც შენიშნა, ტაბლაზედ შემთხვევით მყოფმა წმიდა გრიგოლიმ: იცნობდა იგიც სიყვარულის ისარს სასურველად მბასრავს, ალისავით მწველ ტრფობის საწერტელს: მის გულს დღესაც თეთრ კორძად ემჩნია გამრთელებული ნამწვერალი სამიჯნუროდ განმახულის ბრძოლისა. რა ვუყოთ, რომ უდიერმა ნებისყოფამ გადაუტეხა გულს განაწონი ისარი საბედისწერო, ხოლო მკაცრმა უკმეხობამ შემუსრა თვით შვილდიც მოზიდული, მარჯვენაც შვილდის მომზიდველი. ხსოვნათა ფსკერზედ მაინც ეხატა სურათი შემუსვრილის ვნებისა და იგი ხატი ხელთუქმნელი ზოგჯერ სისხლ-ხორცსაც შეისხავდა, სიცოცხლით შეივსებოდა და საყვედურათ შეხედავდა წმიდაქმნილ ვაჟკაცს. ხორცი ჰყვედრიდა სულზედ გადაგებულს, რომ არსება მისი იქმნა უსამართლოდ უარყოფილი, ქვეყნიურ ლამაზ სიამეთაგან ძალით განრისხებული, ამაოდ გმობილი, უხეში ბრძოლით დამონებული.

- იქნება ნივთთა სამფლობელოში მისთვის მოგავლინა შემოქმედმა ყოვლადმეცნიერმა, შე საწყალობელო, რომ განგევითარებინა სახევე ნივთიერი, აგეღორძინებინა ძალნი მიწიერნი, გაგემრავლებინა შეძლება ხორციელ არსთა მწყობრ და უხვ დენისათვის. შენ კი ეწინააღმედეგე ნებას განგებისას, გადაეღობ-გადაეხირე ცხოვრების სვლას სასიამოს. გინდოდა შეგეყენებინა მოცეკვავე დენა სიცოცხლის მძლავრ მდინარისა?! შენ რა იცი, იქნება სულიერი ცხოვრებისათვის განგებულა სამყარო სულიერი, ხოლო ხორციელი არსებისათვის მშვენიერისა ედემია ამ ქვეყნად დანერგილი, ცხოვრება ესე ნივთიერი.

- ნუთუ?!

- ვაჰ თუ, უგუნურო, შენ თითონ განაძე შენი თავი ედემიდგან ღვთიურ ქმილისა და დააღონე გონებაც, შენი თავიც და... და ისიც დასევდიანებული თვალით რომ გაჰყურებს თავის წარსულს შორეულს, თავის არსებას ოდესმე ნოყიერი სიცოცხლით სავსეს, ხოლო აწ განხმელს, მკაცრს, უტეხს, ულმობელს...

- არა! შორს ჩემგან მავნე მაცდურო ცოდვათა სიმრავლემ შეამძიმა სული ჩემი მსუბუქფრთიანი, ხორცმა ხრწნადმა. თვით თავის მშვენივრებაში მშვენიერმა. ნებისყოფით ძლიერით უარყოფის ჩემგან ნივთიერი არსებაი ჩემი, დაიმსხვრევის საპყრობილეი ესე სულისა ჩემისა ცოდვათაგან თხზილი. ითავისუფლოს სულმან ჩემმან თანაზიარმან ღვთაებისა! აღვივდეს საყდრად დაუვსებლის მის ნათლისა! მაგრამ...

წმიდა მოღვაწენი გრიგოლ და თებრონია, გრძნობდნენ სიძლიერეს ნივთიერის მიჯნურობისა, რომელი აღგზნებულიყო იმ ორთა შორის, შუქურისა და აშოტის შუა. წინადაც დაფიქრებულიყვნენ ამაზედ: ესმოდათ, რა უშლელი იყო ჯაჭვი მათი მბორკავი და თან ტკბილი, უტკბესი თაფლისა მის გოლეულისა; მაგრამ გონების თვალითა ჰხედავდნენ, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ნებას ღვთისას, სწავლას ეკლესიისას, ადათს ერისას და იმაში იყო ცოდვა შეუნდობელი, ცთომილება მოსასპობი, ძირიანად აღმოსაფხვრელი.

59

შეილახა სიამაყე ღვთივმოღვაწისა, თვითმოყვარება წმიდანისა დემონიური.

- როგორ?! ცხებული ღვთისა, მეფე ერთადერთისღა მართლმადიდებელი ხალხისა მთელს აზიაში, წარმომადგენელი ჯვაროსან ქართველთა ერისა, საჯაროდ, დიდ ზეიმში, უცხოთა თვალწინ, ჰგმობს მცნებას წმიდისა ეკლესიისა, არღვევს სიფაქიზეს ოჯახის ცხოვრებისას?! არ ეკრძალება არავისი, შეურაცხყოფს თანამემცხედრეს, ეკლესიის კურთხევით მასთან განუყრელად შესისხლხორცებულს. არ ეგების ეს!..

- განგებას მოუნიჭებია შენთვის, მეფეო, წინამძღვრობა ერისა და შენ გზას უნდა უნათებდე მას წყვდიადში სიბოროტისა: შენ კი უბნელებ მას სავალს ცხოვრებისას. არ შეიძლება! - მიჰმართავდა გულში გრიგოლი.

და საბრძოლველად დაიკვართებოდა მის ნებისყოფა ფოლადისებური, მოიზიდებოდა ვით მშილდი ფიცხელი, მძლავრის მარჯვენით მოჭიმულ-მოწეული.

- ნეტა რა ნახა სახარბიელო ამ ახოვანმა ვაჟკაცმა დიდებულმა ვიღაც ქვრივ დედაკაცში? რა უჭკნობი ყვავილი უნდა მიუზღვნას მას სხვის ნახელავმა?! რა სიამე უნდა მიუპყრას ისეთი, რომ თავი დაავიწყებინოს და საჯაროდ შეალახვინოს ყოველივე სიწმიდე?! - ჰკვირობდა სხვა.

- დედოფალი მაინც არ ებრალება გულქვავსა, თავისი თანამემცხედრე თავდადებული, დედაი თვისის შვილებისა?!

- ოღონდაც რომ ეშმა მრუშობისა ჰპატრონებია მის გულს ცოდვით ჩაშავებულს.

- ვაჟკაცნი მაინც ბრმანი არიან და გულგაფიტულნი იმათთვის, ვისაც გრძნობა წრფელი გაუღია მათთვის, თუნდ სიცოცხლე განუმზადებია მათთვის მსხვერპლად ყოვლად დასაწველად.

- ბიწიერება დაუფლებია საქართველოს ჭირისუფალს დიდებულს და დაუბრმავებია იგი. ბრმა წინამძღვარი მთხრებლში ჩასთხევს ერს საწყალობელს და მის სიწმიდეს.

- უნდა ამოიფხვრას მეფის გულიდან ცოდვა ესე შეუნდობელი, ან... მოისპოს უწყალოდ თვით. მიზეზი ბილწის ცდომილებისა. თუ ვინმე აცთუნებდეს თუნდაც ერთს მცირედთაგანს, ლოდი მოიბას და შთაინთქას უფსკრულში ზღვისა! - იტყოდა გულფიცხელი თებრონია.

და ბოროტად შეჰხედავდა შუქურს შუქთამფენს. მშვენიერი ვერ ამჩნევდა ავად მიმართულ მისკენ ათას თვალს: არ ეცალა შეენიშნა ისინი, სავსებით ეხილნა სიძლიერე მათის შურისა; ის მხოლოდ გრძნობდა მისკენ მიქცეულ თვალს მფლობელისას. ბუმბერაზის თვალთაგან ტყორცნილი ისრები ღრმად ესობოდნენ მის მკერდს აფეთქებულს; არ სავნებელად ეწაფებოდნენ, ნეტარების მისატან-ჩასაშვებად ეგმირებოდნენ. ვაჰ, რომ მადლიერ ქალს არ შეეძლო შეეხედნა სიხარულით სათაყვანებელ ღმერთკაცისათვის, რომელი მისთვის გადმომხდარიყო ზეამაღლებულ თვისის საყდრიდან; მისთვის მიწაზედ დაშვებულიყო; მას, საწყალობელს, დასტოლებიყო.

- რაინდი უებრო, თაყვანსაცემი! რითი დავიმსახურე მისმა მხევალმა მის მიჯნურობა ესდენ ძლიერი?! დიდებულნი ვაჟნი და ქალნი გვერდს უმშვენებენ ზეამაღლებულს. მე რა ვარ ამ საზეიმო სუფრაზედ? ერთი მხევალთაგანი! მაგრამ მისი ალერსი უსიტყვო ამამაღლებს მე უფროს ყოველთა. იცის ეს სათაყვანებელმა და განზრახ მომიბყრობს პატივს წარჩინებულთ წინაშე. იქნებ მტრებსაც იძენს ამით, უჩინებელ ბოროტის მსახველთ; იქნებ თვის ძვირფას სიცოცხლეს საფრთხეს უმზადებს გულრწფელი ტრფობით. არ ენაღვლება, მსხვერპლს არა ზოგავს თვის მხევალისთვის მოთაყვანისა, ფიქრობდა ქალი.

და გულითა ჰსურდა გასცლოდა კრებულს დიდებულს, მიჰფარებოდა მისკენ შურით თუ მტრობით მიბყრობილ მრავალ თვალს, სრულიადაც გამქრალიყო იმ წამს იქიდან, რომ დაევიწყნათ მისი სახე, სახსენებელი, როგორ აასრულებდა ამ თავის წრფელ წადილს?! მსახურთაგანი იყო სასახლეში, მეფის ტაბლის მომწყობ-მამშვენებელი და იქ უნდა ყოფილიყო მეჯლიშის ბოლომდინ: ეს იყო მისი სამსახური, მოვალეობა.

- თუნდაც შემეძლოს ჩემის სურვილის ასრულება, მეფის სიხარული ხომ დაიჩრდილება ჩემის წასვლით, შეაკლდება მის სიამეს ძალა მგზნებარე; იქნება მთლადაც ჩაჭკნეს მისი ხალისი ანარგიზებული. სწორედ, ნამდვილ! არ შეიძლება! არ შემიძლიან! არ ეგების ჩემგან ესეთი ქცევა!

მართლადაც ისე იყო დატყვევებული ვაჟკაცის ბუნება ქალის მხიბლავი არსებით, რომ ჭაღარშერთული ჭაბუკად გარდაექმნა ნაჭარბ გრძნობას, ახლად ეშხაშლილ ყმაწვილკაცად, რომელი მთელის თვისის არსებით მიილტვის მის ცაზედ აღმომხთარ მნათობისაკენ. წუთებსა სთვლიდა მიჯნური, მოთმინება ამოშრეტილი, რომ შეჰყროდა თავის საალერსოს, სიცოცხლეს ლამაზს, სულისდგმას ნორჩად აღმოცენებულს, მარად ახალს, მისგან შეხებულს, მაინც ხელშეუხებელს; ყოველწუთს სანდომს, ყოველჟამს სანატრს. ვერ მოეკლა მიჯნურს აღგზნებულს სურვილი იგი, ძალებმრავალი ვერ ჩაექრო, ვერც ჩაენელებინა გულის თქმა შეუპოვარი; ვერ დაღლილიყო ვერც როდის მისწრაფება მისი ტკბილად ვნებული: საყვარლის ძუძუზედ ამოდ კვდებოდა: სატრფოს მკერდიდან მკვდრეთით დგებოდა. უძლეველი იყო სიყვარული მისი, ვითა სიკვდილი; მაცოცხლებელი იყო სიყვარული იგი, ვით ნამი უკვდავებისა ზეცით ნაცვარი.

- მოდი, გენაცვალე, სულ ახლო მოდი, მთლად მომეზიდე! მძლედ ჩაგიხვიო, არ რჩეს ადგილი ჩემსა, შენს შორის; მაგრად მომხვიე ბროლის მკლავები; შეგიერთო განუყრელად, ვით ალმა რამემ შუქი ცეცხლისა; გული ჩემი გადმოვადნო შენს გულში, სული ჩემი გადმოვნერგო სულსავე შენში! - ეტყოდა ვაჟკაცი გზნებული,

მის მუხლზედ მჯდომ ქალს მკერდჩახსნილს, კვართის ამარას; მძლავრად იკრავდა მას გულში რაინდი საკინძჩახსნილი, ყელ-ყურს უკოცნიდა უთვალავ კოცნით. ღელვილ მშვენიერს მკლავნი შემოეჭდო ბუმბერაზისთვის, მთლად მიჰნებებოდა თვალებ-მიბნედილი. მის გაშლილ თმას ბევრად ბევრეულს მთლად დაეფარნა ვაჟკაცის მხრები, ვით რამ ქედები ნისლს ოდნავ რხეულს.

- რად შემიყვარდი ესე ძლიერად, სიცოცხლე ჩემო?! ვერ შემიძლიან გამოვთქვა ენით, ვერ ძალმიძს ვსახო თუნდაც ოცნებით; ვერ შემძლებელვარ ჰაზრთა ხვეულით მთლად ამოვქარგო ძლიერება შენდა მისწრაფებისა: გამოუთქმელი ეს სინამდვილე უხატავია, ვით თვით უსამზღვრო. საკვირველება ხარ შენ ჩემთვის ულევ სიკეთის მომნიჭებელი! - ეტყოდა აშოტი

და შორს გაზიდავდა ქალს, რომ ღრმად ჩაეხედნა მის შუქმფენ თვალებში.

- რა მოგაგო მე სანაცვლოდ სათაყვანებელს?! რა მოგიზღვნა ღირსი ჩემს გვირგვინოსანს, ჩემს გვირგვინის საიდუმლოდ ზეცით კურთხეულს, კაც-ღმერთო ჩემო?! აჰა მხევალი შენი შენდა მსხვერპლ შემწირველი მარად სიხარულით! ვისა ჰხვდეს ამ ქვეყნად ბედნიერება ესე ძლიერი და არ აკურთხოს განგება მიუწთომელი? ჭეშმარიტად კურთხეულვარ დედათა შორის!

ნეტარებდა მეფე ღელვილი და იგი ნეტარება იყო დაუცხრომელი, უშრეტი, მარად შარვანდედმოსილი, თანდისთან უფრო ძალის მპოვნელი. ვერ მიმხვდარიყო გამოცდილი ვაჟკაცი, რა თილისმით იზიდავდა ესე უწყვეტად სპეტაკი ტანი მიჯნურისა, რა ნიჭი ეხმარნა დალოცვილ ბუნებას ნივთთა ესეთ ფაქიზად და მწყობრად შეთხზვაში, რა განგებით ჩამოეყალიბებინა ესეთი ეშხით დასრულებული ნაქვთები ლამაზისა. ქალის ბუნება, სულიერი თუ ხორციელი მისი არსება, ვერავითარ მწიკვლს ვერ იკარებდა; არ შეეძლო ცოდვას ბნელს შეჰხებოდა მის შემადგენელს ნათელ ნივთიერებას უმანკო სულით ცხოველყოფილს. ვაჟკაცის მკლავზედ შუქური მარად იგივე ქალწული იყო წრფელი, ყვავილი რამ სუნნელოვანი ახლად ფურჩქვნილი, ნაზად დახრილი, კდემამოსილი, უზაკველი ნათელით გარემოცულგაშუქებული.

ვინა სთქვა, ევას ჩამოეცალაო ნათელი მხიარული და მის შთამოსაც განეძარცვა ღვთაებური სამოსი ტანთა, მთელ მის შთამომავლობას? არა! ზოგს ევათაგანს, იშვიათს მათგანს, შერჩენია იგი ციაგი ზეარსი ნათელისა, ანარეკლი მისის ბრწყინვალებისა. ისე აავსებს ის ციაგი საოცნებოდ ქმნილს სიამის ნექტარით, როგორც მაისი ყვავილთ ფიალას მზისაკენ ახრილს. ბედნიერი შეჰხვდება იმ ძვირფას თვალს მანათობელს წყნარად მოციაგეს, ვნებათა კოცონზედ სავსებით დამწველს, მაინც ღიმილით დამატკბობელსა, გრძნობათა მაყუჩებელსა, წყნარ ნეტარებად მიმყვანებელსა.

- ეწაფე, ბედისაგან აღნიშნულო, ნექტარს სასურველს, დასთვერ სიტკბოებით თუნდ ერთ წამს, იგემე ამ ქვეყანადვე ნეტარება ზეციური, ეზიარე განცხრომას უშრეტს, ვითა ღვთაება ხორცსხმულად მოვლინებული და... და ჰმადლობდე შემოქმედს სახიერს, უხვად სიკეთეს შენდა მნიჭებელს.

- ვერ ვიპოვე, ვერ ვიგემე ნასახიც მაგგვარ ნეტარებისა!

- მებრალვი! ვერ წაიღებ კეთილ ამბავს ამ ქვეყნით; ვერ იტყვი იმ ქვეყნად სიკეთეს ამ ცხოვრებისას, ვერც მის დიდებას; ვერ უგალობებ ხმატკბილად შენს გარდასრულსა; სიცოცხლის ბოლოს დაღრეჯით გაჰხედავ არსთა მარად ბრუნვას; როცა დაუთავებელ საუკუნეთა შემდეგ კვლავ განხორციელდები პირველ სახედ თუნდ განწმედილად, ქვეყნად კვლავ შობა შეგაკრთობს მაშინ, ცნობიერების ახლად აელვება აგაკვნეს-აგატირებს საბრალოდ: დედამიწა კეთილი დედინაცვლად დაგესახება ბოროტის მქნელად...

მრავალი უხილავი ძეწკვით მიება მეფის დიდებული პიროვნობა მხევლის არსებაზედ, მკვიდრად მიეჭდო, განუყოფელად შეუკავშირდა. ქალს მაინც არ შეერხა სპეტაკი გრძნობები, ბოროტი მედიდურობა ვერ მიეკარა მას. ვერც კდემაჩამოშლილი რამ თამამობა. წინანდებურად განცვიფრებით უმზერდა ის დიდებულ ბუმბერაზს. ვედრებით მიაბყრობდა მას თვის წყნარად მანათობელ თვალებს, უხმოდ შეჰღაღადებდა, როგორც ზეკაცს საკვირველს. ეს უფრო აძლიერებდა რაინდი მეფის გულში შუქურისადმი სიყვარულს, ფრთაგაშლილ ტრფობას, მათრობელ მიჯნურობას ძნელად ასასახს.

60

მეფე ვაჟკაცი რომ ნეტარობდა, ის რომ პირად ყოფნის წალკოტში გადაშლილ ვარდს დაჰხაროდა, ტკბილად უმღერდა, ამავე დროს მეფის სასახლის სხვა დარბაზში დედოფალი გურანდუხტ განმარტოვებული ლოცულობდა ხატისა წინ მუხლმოდრეკილი. ჩვეულებრივი ლოცვა არ იყო ეს, ხმა ლმობიერის სულისა, კრძალვით აღვლენილი საყდრისადმი ზეშთამეუფისა: ეს ლოცვა კვნესა იყო გესლნაწრთობ მახვილით განგმირულ-გაპობილის გულისა.

- როგორ, მე, მანდილოსანს ჯერედ დაუმჭკნარს, მტაცებს მეუღლეს ვინმე მეძავი, სხვის ხელთ ნამყოფი, მტაცებს ქმარს გვირგვინოსანს, ჩემთან ნაკურთხს, ჩემის სიყვარულით დაამებულს, თუნდაც გარდასულ ჩემის ტრფობით სალმუნებულს, მხიარულყოფილს?! არ ეგების ეს!

- ისმინე, უფალო, მიაგე ბოროტის მქმნელს მისაგებელი ბოროტი, მსწრაფლ ეწიე მას, საჯე სასჯელით დაუნდობელით!

ეს ლოცვა იყო მჭექარე ხმა ჩატეხილის თვითმოყვარეობისა, სიყრმიდან უხვად ნაკვებ-ნაზარდ ზვიადობისა, ხელოვნურად აღზრდილ ამაყობისა, რომელი შეუპოვრად ზეაღმართულიყო და ფართოდ გადაშლილიყო საქართველოს ნიადაგზედ.

- როგორ?! მე, დედოფალ გურანდუხტს, შარავანდედმოსილ დედას მთელს საქართველოსას, ქმარს მტაცებს ჩემსავე სასახლეში მოახლე დამცირებული, მხევალი ზნეშეჩირქული, დედათა შორის მიწამდინ დამდაბლებული?! არ შეიძლება ეს!

- მეუფეო ყოვლად მართალო! ნუ იყოფინ ნებაი შენი, უარჰყავ განზრახვა მისი ბოროტი, განდევნე პირისაგან შენისა მზრახველი იგი ავისა!

ეს ლოცვა იყო თვითმოქმედ გონების შეშფოთებული ზახილი, თვის სიძლიერეში დარწმუნებული ფიქრის ბოროტი დუღილი, რომელს დაჰხშობოდა სავალი გზა თვის სახორციელებლად და დრტვინავდა საზარლად.

- როგორ?! ვაჟკაცი, რომელს ხელთ უბრყვია ბედი საქართვლოსი; მეფე, რომელი განაგებს ცხოვრებას მთელის ერისას, სხვის კითხული უნდა იყოს ამიერიდგან, სიბნელიდან ამოცურებულის გველ-დიაცისა?! შეყვარებულს ხომ სატრფო, თუნდ უღირსი, სპეტაკ ჭეშმარიტებათა სალაროდ მიაჩნია. არ შეიძლება ეს!

- ნუ იყოფინ ნებაი შენი, გულთა მხილავო, მოსპე მანქანება ესე ეშმაკისა, მოაშთე თვით ეშმაცა იგი!

ეს ლოცვა იყო შემუსვრილი ნებისყოფის ზახილი გამყივარი, აქამომდე თვის სურვილთა მსწრაფლ მასრულებელ ნებისყოფის კივილი განწირული, რომელიც ჩაელეწნა ვიღაც დედაკაცის ლბილ მისწრაფებას.

- როგორ?! ყოველივე სურვილი ჩემი აქამომდე სინამდვილე იყო ყოველთვის და ყოველგან, ხოლო აწ უნდა დაენაცვლოს მას უღირსის მღვრიე ნება თუ სურვილი საცოდავ-სასაცილო?! შეყვარებული ვაჟკაცი ხომ მონაა სატრფოს სურვილისა, თუნდ უაზრო ნდობისა, გინა ბნელისა. არ უნდა მოხდეს ეს!

- ნუ ჰყოვნი, ყოვლად ძლიერო, მოჰხედე რისხვით წინააღმდეგთ წმიდის შენის ნებისა!

ეს ლოცვა იყო ხმა ზიზღით ათრთოლებულის სხეულისა, სათუთად აღზრდილ, ნაზად შენახულ ტანის ზიზღი საზარი, რომელი შეეჟრჟოლებინა თითქო რამ ქვემძრომის ლიპ შეხებასა.

- როგორ?! კვლავ უნდა მომეახლოს დამცირებული, შემახოს ის ხელი, რომელი სიამით იბყრობდა მეძავის ძუძუს. მეამბოროს იმ ბაგით, რომლით ლოშნიდა ზნედამდაბლებულს, მომიტოლდეს იმ ტანით, რომლით ეკონებოდა უღირსს, ბიწიერს?! ვერ ვიშვნევ ამას, ვერ ავიტან, ვით გველის ხვევნას.

- მესწრაფე, მეუფეო ჩემო, განმარინე ბოროტს ჩემდა მოწევნილს, მიხსენ ყოფისაგან აუტანელისა რჩეული შენი. განლიე, სახიერო, იგი ეშმაკეული, დათრგუნე, მოსპე იგი საუკუნოდ!

ხატი ცივად დაჰყურებდა უძრავ თვალებით მუხლმოდრეკილ გურანდუხტს: დაეხშო მას სასმენელი თვისი და კარი წყალობისა თვისისა. კიდევ კარგი, არ ურისხდებოდა: ლმობიერების მსახველს სიმკაცრეს შესთხოვდა დედოფალი, სიხარულის გამჩენს სიმძიმილის მოვლენას ეხვეწებოდა და ეს ვისთვის? მშვენიერების ამსახველ სილამაზისთვის! მშვენიერ სიცოცხლის მოსპობას ევედრებოდა ცხოვრების მომცემელს!

- ამაოდ მოიწვევ, დედოფალო, შემოქმედს: ყოვლად კეთილისაგან არ ეგების შუქურის მოსპობა სიხარულის მომნიჭებელისა, სახიერისაგან ვერ შეიძლება ჩაქრობა სილამაზისა, შემოუწერელი სიმშვენიერე ვერ დაჰკრებს ქვას ჩასაქოლვად უნაკლულოსი.

- მაშ რა ვქნა, უწყალოვ, როს გული ჩემი ეკალს ეხევის, როს სული ჩემი იტანჯვის სიკვდიდ და იწვის უშრეტელ ალში შურისა?

- უხმე ღმერთს სასტიკს, უფალს მრისხანეს, სინათლის მქრობელს, სიკვდილის დამრგველს.

- ღმერთსა ბოროტსა?!

- რომელმან მოსპო შვილნი მამის წინ, მშობელს უკრძალა ცრემლით ფონება; ვინც ცეცხლით დასწია ათასწეულნი თავისუფლების დასახვის გამო; რომელმან დაჰკლა მეფე ტყვექმნილი, მისი რჩეულნიც. მას შეევედრე, სასტიკსა მფლობელს სასტიკი გულით.

- ღმერთსა სასტიკსა თუ თვით სატანას?

- მეუფეს სასტიკს, გინა ბელზებელს ბნელთა მფლობელსა!

არ უფონა დედოფალს ლოცვამ, რამე წყნარი გრძნობა არ შეეხო მის გაბოროტებულ გულს; ლმობიერების ნამი არ ეპკურა მის თვალს მრისხანედ აღგზნებულს. აღზდგა, აღიმართა, ამაყად გასწორდა წელში, ზურგი შეაქცია სახატეს. აიღო რვალის ბირთვი, გადისროლა ვერცხლის ბადიაში. გაისმა წკრიალი. ქანდაკებად აღიმართა დედოფლის წინ მხევალი მისი.

- მოუწოდე დედა თებრონიას!

- უცდის იგი შენს ბრძანებას, დედოფალო!

- იცდის?! რად არ მომახსენე?

- შემინდე, ყოვლად მოწყალეო, ვერ შემოგბედე ლოცვად მდგომარეს.

- უხმე!

თებრონიამ კარგად იცოდა, რა უშრეტი დარდი აღმოცენებულიყო სამეფო ოჯახში; ხალხი ლაპარაკობდა, იმასაც ესმოდა. ერის მრავალ თვალს და ყურს არ გამოეპარებოდა არაფერი, რაც ხდება სასახლეში. თითონაც ადრევე მიჰხვდა ჭკვიანი მონაზონი გონგა-მახვილი. არც მის გულს გამოეპარებოდა სიყვარულის თუნდაც მცირედი რამ მოძრაობა, - მის გულს, სად უტეხს ნებისყოფას სამუდამოდ ჩაეხშო და ჩაეკეტნა ყოველგვარი ღივი ლამაზ გრძნობისა, მაგრამ ვერ მოესპო ის, ვერ ამოეფხვრა ძირიანად. რამდენჯერმე უნდოდა მას გაებედნა და შეჰხებოდა ამ საფრთხილო საგანს დედოფლის წინაშე, მაგრამ ვერ მოახერხა: ამაყი სახე დედოფლისა, რომელი არ იმჩნევდა დარდის ნასახს, ნებას არ აძლევდა მას, სიტყვა დაეძრა მის წინ ამ საგანზედ. ეხლა კი როდესაც მეფის ქცევას უკვე დაერღვივნა გარეგანი სახეც კეთილი ზნეობისა, და მით საჯაროდ დაეცა ჰოროლი ისეც დალახვრულ დედოფლისათვის, ეხლა კი თვის მოვალეობადა სთვლიდა, შეჰხებოდა ამ მძიმე საკითხს. დაასკვნა შეჰბრძოლებოდა დიდებულთა კერაზედ აღმოცენებულ ბოროტებას და მოესპო იგი, ძირიანად ამოეფხვრა: დაეხსნა დედოფალი სააქაო გენიასაგან, მეფის ოჯახი სირცხვილისაგან, თვით ცხებული ღვთისა ცოდვისაგან საშინელისა.

- მებრძოლი ვარ ნათელთა გასამეფებლად აღჭურვილ-ამხედრებული და მოვალე ვარ ვებრძოლო ბოროტს ყველგან, ყოველთვის. მით უფრო ვალდებული ვარ ვეკვეთო მას მეფის სასახლეში: აქ აღმოჩენილი ბოროტი ძნელი ავს მოჰფენს მთელს მის სამეფოს, მთელ საქართველოსა. ვინც არ ებრძვის ბოროტს, თანაზიარია ბნელისა! დაასკვნა მონაზონმა.

და გაემართა დედოფლისას.

61

სადარბაზოდ შესულმა თებრონიამ კრძალვით დაიწყო საუბარი, შორიდან; ისე მიჰხარა დაბრძნობილმა სიტყვის მსვლელობა, რომ თითონ დედოფალმა გაუზიარა მას თვისი ვარამი. გურანდუხტის სურვილიც ხომ ეს იყო და ამან გაუადვილა დედაბერს საქმე.

- გავბედე შენთან მოსვლა. მითხრეს, ლოცვად დგას ქვეყნიური დედოფალი ზეციურ დედოფლის წინაშეო და აღარ მივეცი მხევალს ნება მაშინვე მოეხსენებინა შენთვის ჩემი მოსვლა.

- ქვეყნიური დედოფალი! შენს ქვეყნიურ დედოფალს არ უსმენს ზეცა, არ უფონებს მას, არც უქარვებს ტკივილს გულისას. ჩემო თებრონია!

- სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე: არ დაუტევებს იგი უნუგეშოდ თავის გაჩენილს, მითუმეტეს თვის მადლით ცხებულს. მეც დარდიანი ვარ, დედოფალო, ვბედავ გულის სევდა გაგიზიარო; ვკადნიერობ, რადგან ეს დარდი შენს გულსაც ჰლახვრავს.

- თქვი!

- რამდენი ხანია, უნებლიეთ თვალს ვადევნებ თქვენს დიდებულ ცხოვრებას, შენსა და შენი გვირგვინოსან მეუღლის ურთიერთობას; მის ქცევას დასაფიქრებელს. მხევალი ვარ ღვთისა, მისი მსახური აღთქმა დადებული, და ვალად მაძს მოგახსენო პირდაპირ, თუნდაც დავიმსახურო რისხვაი ძნელასატანი.

- თქვი შენი სათქმელი!

- უჯეროა იმ მეძავი დიაცის სასახლეში ყოლა, მისდამი საპატიო სამსახურის მიჩემება. მეფისაგან მისი ესეთი ცხადი მფარველობა, ლამის სიახლე. და...

- და ერთობა საზიზღარი, თანამეცხედრობა უშვერი, კდემაშეხსნილი...

- მით უფრო! თუ კერძო კაცი იყოს ბატონი, შემცოდე იქმნებოდა მხოლოდ თავის თავის წინაშე და თავის ოჯახისა; მაგრამ შემცოდე იგი მეფე არის, მბრძანებელი დიდებული, საყვარელი წინამძღვარი მთელი ერისა, სასიქადულო, და მისი ცოდვა ბოროტებაა მთელი საქართველოს წინაშე.

- ჭეშმარიტად! მქეჯნის მე არა მხოლოდ პირადი შეურაცხყოფა, მწიკვლელი ჩემის კერძო ოჯახისა, შეურაცხყოფაც ქართველთ კერისა, შებღალვა ერის ზნეობისა, ცდუნება მისი საზარელი.

- ოღონდაც რომ ცდუნება საზარელი! მთელი ერი ამ ძნელ დროს თქვენდა მოაბყრობს თვალს, თქვენ გიგულებთ დამცველად თვის არსებობისა, შემნახველად ყოველივე იმისა, რაც გააჩნია მას სასიკეთო, რაც დაუსახავს თავის სინამდვილედ.

- განა ხალხი მიჰხვდა უბედურებას, შენიშნა მან ცოდვათა ესე საგუბარი?

- ჯერ მხოლოდ მახლობელნი, სასახლესთან დაახლოვებულნი. ელვის სისწრაფით მოედება ამბავი უსიამოვნო მთელ ქვეყანას კიდითკიდემდინ.

- და შეიბღალება ჩემგან დიადი ზრუნვით შექმნილი კერა წმიდა, და ჩაბნელდება შარავანდედი ჩემის თავდაცულის ოჯახისა სასიხარულოდ ჩემ მოძულეთა, დასაღონებლად ჩემ მეგობართა.

- დასაღონებლად ზნეამაღლებულ ქართველთ ერისაც, მთელის საქართველოსი! აგარიანთ სჯულის შავმა ღრუბელმა საშინლად მოიცვა მთელი ქვეყანა; მხოლოდ ორიღა მოსჩანს ლამპარი ღვთაებურ მოძღვრისაგან გზნებული: იქ ბიზანტია, აქ საქართველო. ჩაშავება თუნდ ერთის მათგანისა სამგლოვიარო ძაძით შეჰმოსავს ჩვენს სჯულს ბრწყინვალეს.

- რა ეგების? რით ეშველების?

- ეშველება შენის სურვილით და მსწრაფლ მოქმედებით! შეუდრკომელი ჩვენი სამსახურით!

მთლად გაენდო დედოფალი სჯულისათვის თავშეწირულ დედაკაცს. დიდი ხანი აგროვა მან ნაღველი თვის გულში, სავსებით აპირპირებულიყო მის გრძნობათა საგუბარი დახშული! ეხლა ჰპოვა კარი მის დარდის ღვარმა, გადმოსქდა შეგუბებული, გადმოლახა ნაპირები: მთლად ამჟღავნა დაფარული ატირებულმა გურანდუხტმა; მიუთხრა, როგორ ცდილობდა ალერსით თუ სიტკბოებით კვლავ მოეძივნა ვაჟკაცის გული ეშმაკისაგან მძლავრად ბყრობილი; როგორ შეებრძოლა ავ გზაზე დამდგარს, როგორც მანდილოსანი დამცირებული, ვით დიასახლისი კერის დამცველი, როგორც დედა უკვე მოზრდილი შვილებისა, რომლების ფაქიზ ზნეს არყევდა და განსაცდელში აგდებდა მის აშკარა უხამსობა; ბოლოს როგორც დედოფალი, დედა ქართველთა, რომლების სჯულს რყვნიდა მფლობელისაგან აშკარა რღვევა ქრისტიანულის წესწყობილებისა.

- ყოველივე ამაო გამოდგა, ჩემო კარგო, ყოველივე ცდა დაიმსხვრა და განქარდა მძლავრ მილტოლვის წინ იმ მეძავისადმი. სატანაი მრუშობისა ეუფლა მას, დაიმონა ყოველივე მისი გულისთქმა, განდევნა მის სულიდან კდემა თუ სირცხვილი. რაღა დამრჩენია სასოწარკვეთილს, თუ არა ლოცვა უიმედო?!

- ლოცვა უიმედო, ჩემო დედოფალო?!

- ვედრება სასომიხდილი! გაბოროტებულ გულიდან ამომხდარ თხოვნას ვერ ისმენს მეუფე სახიერი, ჩემი გული კი ბოროტებულია მარად ჟამს; ავის მოსურნის ლოცვას ვერ ყურადიღებს ყოვლადკეთილი, ჩემი სული კი ავის მდომნეა იმ ეშმაკის კერძისათვის; უბნელეს წუთში თვით აშოტისათვისაც, ჩემის გვირგვინისა! - წასცდა დედოფალს.

და მთლად აეტკრიცა სახე, აენთო თვალები. ავმა ალმურმა აჰკრა მთელ ტანში, ზეაიტაცა. განძვინებულ ვეფხვის სახით იწყო მიმოსვლა მოფარდაგულზე. წამოდგა თებრონიაც. გაჩუმდა, ხმა აღარ ამოიღო, კრინტიც არ დასძრა, არცღა შეირხა; გაქვავებული იდგა ერთს ხანს შავ მოჩვენებად. მცირედ დაცხრა განრისხებული. მონაზონმა წარსდგა ბიჯი, მოიდრიკა მუხლი მბრძანებელის წინ, ემთხვია კალთაზე.

- მისმინე მრავალტანჯულო! ეშმასთან საბრძოლველად ჰხამს მასთან წყობაში გამოცდილი რაინდი. შენი დასტური ამიერიდან წინ უძღვის ამ ბოროტებასთან მებრძოლთ და მათ მეთაურს! უფალო, უფალო! ეტყოდნენ მოწაფენი იესოს, ბრძანე და გადმოივლინოს ცეცხლი შემწველი მოძულეთა შენთა ზედან!.. დედოფალო დიდებულო, ჯერ ჯვარით ლმობიერის ჯვართცმულისა და ბოლოს ცეცხლით მავნეთათვის ზეცით ნაწვიმით! - წარმოსთქვა მონაზონმა.

და წელში გაიმართა, შემაღლდა, ყელი მოიღერა. ბრძოლის სურვილმა სასტიკი იერი შეჰფინა მის ისეც მკაცრ გამომეტყველებას.

- ეკლესია, განაგრძო მონაზონმა, თანამდებია დალახვროს, დათრგუნოს მანქანება ბოროტებისა; იმან უნდა განწმინდოს მეფის ოჯახიც სიბნელისაგან ავისა, მოაქციოს გული ცხებულისა ცთომილებისაგან; მოსპოს ცოდვა იგი საზარელი. ცოდვა, ვით ჯირკველი რამ მავნებელი, გაიდგამს ძირს, გამაგრდება, ჩაუშვებს ფესვებს სხეულში ერთისა თუ მთელის კრებულისა, მოჰშხამავს მას, მოჰხრის საბრალოდ, მოაშთობს ბოროტად. ექიმია საჭირო, სცხოს მალამო და შეაყენოს ზრდა მისი, მოუსპოს სიცოცხლე მის ფესვებს, ამოზიდოს იგი, ამოაბრუნოს...

- და მე, უკანასკნელი მსახური ეკლესიისა, განმზადებული ვარ ბრძოლად სასტიკად, ულმობელ-დაუნდობელად!

ძნელი საქმე იტვირთა თებრონიამ, სამძიმო გადაწყვეტილებას დაადგა იგი: მას სჭირდებოდა შეჰბრძოლებოდა თვით მეფეს და ისეთ საქმეში, რომლითაც ძლიერ იყო გატაცებული იგი მფლობელი; ითავა, მოესპო შედეგები ვაჟკაცის აღტყინებული სურვილისა, შეუმართებელის მისის ვნებისა. ძლიერ სახიფათო იყო ეს: მეფის ერთი ბრძანება და მონაზონის ყოველივე ცდა გაქრებოდა, როგორც რამ კვამლი წინაშე ქარიშხალისა. შეიძლებოდა ბრძოლად გამოსულს სიცოცხლეც მოსპობოდა, ერთი კი ენიშნებინა აშოტს თავდადებულ მახლობელთათვის. თვით მისგან აშენებული და განმტკიცებული სავანის კედლები შეიძლებოდა დაშლილიყო მეფის რისხვით საფუძველშერყეული. აღთქმა ადვილი იყო, შესრულება ერთობ საძნელო. ცოდვათა ამოსაფხვრელად განგებისაგან, მართალია, მოწოდებული იყო მონაზონთა წინამძღვარი, როგორც მხედარი ქრისტესი, მაგრამ ცოდვათა ძალა მეტად ძლიერი იყო: დედაბერს პირისპირ უხდებოდა შებმა თვით ძალებთან ჯოჯოხეთისა. იყო წუთი, როცა ეჭვი შეეპარა მცნებათა მცველად აღჭურვილს, როცა შედრკა იგი თავის მძიმე დასკვნის წინაშე. ჭირის ოფლმა დააყარა თითქო თავხედ ნაბიჯის გამო. მაგრამ სიტყვა უკვე ნათქვამი იყო, აღთქმა დადებული და მერმე ვის წინაშე? თითონ დედოფლის წინ! ეხლა ყოველივე რყევა ან სურვილი, თავიდან აეცილებინა ტვირთული საქმე, ამაო იყო; დამღუპველიც იყო იგი პირდაპირ მისთვის და მისგან აღმოცენებულ სავანესათვის.

ჩაიკეტა თებრონია სენაკში. მიეცა უნებლიეთ მღელვარებას. ათასი ჰაზრი მოსდიოდა, მრავალ გეგმას ადგენდა მოქმედებისას. ყოველივე მისი განზრახვა იშლებოდა საქმის სიძნელის წინაშე, როგორც რამ ყორე უსაძირკვლოდ ნაშენ-ნაგები. ერთადერთი იყო ურყევი: აღუთქვა მან დედოფალს ბრძოლა და აღთქმის უარყოფა თუ განქარვება ყოვლად შეუძლებელიღა იყო. ეგონა, ცა შთააგონებდა მას მძლავრად მოქმედების სახსარს; სდუმდა ზეცა, მადლი შთაგონებელი არ გადმოდიოდა მასზედ.

- იქნება ავჩქარდი? იქნება გრძნობამ მძლია, გულისთქმამ გაბოროტებულმა, და დავადეგ იმ გზას, რომელზედ სვლა არ ძალმიძს მე? რატომ არ მოვიცადე მცირედიც, რატომ არ გავზომე ტვირთის სიმძიმე, არ გამოვნახე საშუალება შესაფერი და ისე არ წავდექ დედოფლის წინ? გრძნობათა ღელვამ უსწრო ფიქრთა სვლას და... შემრჩა ხელში მხოლოდ სურვილი კეთილი, აღმასრულებელ ძალას მოკლებული.

- სურვილი კეთილი, დედაბერო?

- ნდომა სასიკეთო, მიზანი უმწიკვლო: მოისპოს ქვეყნიერებაზედ ზნე ავი, მოეფინოს ცხოვრება უზაკველი საქრისტიანოს, გამეფდეს კაცთა შორის წმიდა ნებაი ზეშთა-მეუფისა, ვით ცათა შინა. ვით სავანეში წმიდა ანგელოზთა თუ ნეტარ სულთა.

- დარწმუნებული ხარ, რომ სიყვარული ამ ქვეყნად არ არის მასწავებელი შემოქმედის ნებისყოფისა, მსახველი მისის სახიერებისა? მეუფე ხომ თვით სიყვარულია გამოუთქმელი.

- სიყვარული სპეტაკი, წმიდა, ცოდვათა სიბნელით დაუჩრდილავი.

- და რითა ხარ დარწმუნებული, რომ აშოტის სიყვარული არ არის უჩრდილავი, სპეტაკი, უცვლელ-უკვდავი?

62

ზრუნვამ დასძლია თებრონია, განზრახვის სიძნელემ, და თავი ვეღარ გაართო უშედეგო მღელვარებას. მისმა გონებამ ვერ გაირკვია სწორე გზა მოქმედებისა, მიზანთან პირდაპირ მიმყვანებელი ბილიკი მოკლე. თითონ მიზანიც ბუნდოვანად მოსჩანდა ეხლა. გამოურკვევლობის ნისლით ბურვილი. უკვე ეჭვიანობდა თებრონია, ირყევოდა, ნამდვილ ვეღარ გაეკვლია ისიც კი, ცოდვის ამოსაფხვრელად დაემკლავებინა თუ სიხარულის მოსასპობელად.

ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ეს სიდიადე მისი ეხლა თვალწინ წარმოუდგა ცხადად. მთელი მთა იყო ეს. მისი აწევა და უფსკრულში გადათხევა მხოლოდ ბუმბერაზს შეეძლო, თვის უსამზღვრო ძალაში დაჯერებულ-დარწმუნებულს. როდესაც დედოფალს ელაპარაკებოდა მონაზონი და აღთქმას აძლევდა, თავისი თავი დიდი რაინდი ეგონა, ზეციური მადლით უძლეველქმნილი; ეხლა კი, სამოქმედო ნაბიჯის წადგმის დროს, შიშმა აიტანა ის და შეარყია მისი სიმტკიცე. ვეღარ გაამხნევა თვისი თავი! თრთოდა მონაზონი სურვილსა და შიშს შუა მოქცეული. ამ განსაცდელში მისი გონება გაფრინდა ხანძთისაკენ; მაშველის საძებრად წაესწრაფა იქით.

გრიგოლი ერთადერთი ნუგეშისმცემელი იყო თებრონიასი, კვერთხი დასაყრდნობელი, ნავთსაყუდელი ქარტეხილთაგან საშინელთა დამხსნელ-მფარველი. რა ვუყოთ, რომ ოდესმე უარჰყო მან თებრონია?! არ შეიწყნარა მან იგი ოდესმე მხოლოდ ხორციელად, არ შეუკავშირდა ნივთიერის ერთობით; ამ უარმა მაინც ვერ გაწყვიტა სიმი სიყვარულისა, უნივთო ტრფობისა უიმედოსი. იგი მიჯნურობა ფრთებშეჭრილი იყო ეხლა, აღარც შეეძლო ლაჟვარდოვან ცაში ფრენა, არც თუ ფარფატი ლამაზ ყვავილებზედ. მაინც არ მოსპობილიყო, საოცნებო იგი მეუღლეობა ჩამქრალ-სპობილი, მხოლოდ გარდაქმნილიყო საიმქვეყნო გზაზედ თანამსვლელობად. ყველა გასაჭირში, რომელიც კი შეეხებოდა საეკლესიო სამსახურს. თებრონია აუცილებლივ იყო კითხული გრიგოლისა. როცა ჩაერია მონაზონი გვირგვინოსანთა შინაურ ცხოვრებაში, ეგონა, ასრულებდა სურვილს განდეგილისას: არაერთხელ გამოეთქვა იმას თავისი წუხილი იმ ბიწიერების გამო, რომელი შეჰხებოდა სამეფო ოჯახს და ჩაელაქავებინა იგი. ეხლაც, ეახლა მონაზონი დაყუდებულს და მიუთხრა ყოველივე დაწვრილებით. ბერმა გულდასმით მოისმინა თვითეული მისი სიტყვა და სდუმდა ჩაფიქრებული. ბევრი ხანი იყო ჩუმად: შეეფერებოდა დუმილი ისეთს სამძიმო საქმეს, როგორიც იყო ცოდვა მეფისა.

- მაინც მცირედ აჩქარებულხარ, გულმოდგინე მცველო ზნეობისა! ემჯობინებოდა კიდევ გვეყოვნა, მოგვეზომ-აგვეწონა ყოველი შედეგი მძიმე ნაბიჯისა.

- როგორ! ცოდვამ ფესვები გაიდგა, მოშხამა მთელი სამეფო ოჯახი, გადამდებ სენად გატბორდა სასახლეში თუ მის გარშემო, ლამის მოაშთოს კეთილმორწმუნე დედოფალი მფარველი ჩვენი და შენ მაინც ამბობ, ემჯობინებოდა კვლავ დაყოვნებაო?!

- ემჯობინებოდა! ვხედავ ყოველსავე, თვალს ვადევნებ ეშმაკის კერძსა, რომელს მიუხრია ვაჟკაცის სული ბოროტისაკენ; მაინც ჯერ ვერ იყო ცოდვა ისე მომწიფებული, რომ სადოსტაქრო მახვილს ერთის დაკვრით ამოეკვეთნა ფესვებიანად.

- ვერ იყო მომწიფებული?!

- ნუ შესწუხდები! დასდგომიხარ გზას ცოდვათა შესამუსრავად და რყევა აღარ შეიძლება. არავინ დაჰსდვის ხელი სახვნელსა და ჰხედავნ იგი გარეშე უკან! უნდა აღსრულდეს სიტყვა შენი! ამას მოითხოვს სჯულის დიდება, მისი სიმტკიცე. ეკლესიამ შენის პირით უნდა გამოუცხადოს ბრძოლა სამეფო ტახტს ცოდვისკენ მიხრილს და სიტყვა მისი განმკვეთი უნდა იყოს ფხაასხმულ მახვილივით: თუ ეხლა დამარცხდა ეკლესია, ვეღარ შესძლებს მხნედ ებრძოლოს ურიცხვ მტერს მასზედ მოზღვავებულს, მეკობრეს შინაურს, მტერსა გარეშეს.

სდუმდა დედაბერი. თავდახრილი უსმენდა საყვარელ მოძღვარს სასტიკად მწვრთნელსა.

- სდუმხარ, ვერ შეგიგვნია ჩემი ნათქვამი. ბუმბერაზთან საბრძოლველად ფრთხილადა ჰხამს ასპარეზზედ გასვლა: იარაღი უნდა გასინჯო გულდასმით, საომარ ტაიჭს გარს შემოუარო. შეკაზმულობა მისი იწვრილო; უნდა მიმოავლო დაკვირვებული თვალი შენს ტალავარს თუ აღჭურვილობას. ერთი მცირედი ნაკლი ბრძოლის დროს იზრდება, საშინელი მარცხის მიზეზად გარდაიქმნება.

- ღმერთმა გვიხსნას მარცხისაგან!

- გვიხსნის და დაგვიფარავს! კეთილად დააგვირგვინებს იგი საქმეს შენგან დაწყებულს! ეკლესია კლდეზედ არის დამკვიდრებული და ძალა ჯოჯოხეთისა ვერ შემუსრავს მას! - ბრძანა ბერმა

და წელში გაიმართა, რიხიანი შეხედულება მიიღო შემმართებლის მებრძოლისა.

- მაშ?

- ვილოცოთ. შთაგვაგონოს სულმან წმიდამ... აკურთხოს ყოვლადძლიერმა სვლანი შენი საკეთილონი!

დედაბერის წასვლის შემდეგ განმარტოვდა გრიგოლი, ფიქრს მიეცა ძლიერს. მას უნდა შეედგინა მთელი გეგმა სახიფათო ომის საწარმოებლად, უნდა განევითარებინა მიზანშეწონილი მოქმედება, რომ კეთილად დაემთავრებინა ბრძოლა. ეკლესია უთუოდ გამარჯვებული უნდა გამოსულიყო ამ შემართებიდან, უფრო ძლიერი და შარავანდედმოსილი, სინამ წინედ იყო. თანაც ეს ბრძოლა უნდა ეწარმოებინა მას სწორედ ისე, როგორც, მოითხვდა ამას თვით სჯულდება ქრისტიანული.

- უკეთუ ძმამან შენმან შეგცოდოს შენ, ამხილე პირველ იგი კერძოდ! - იტყოდა ქრისტე.

- ამ მხილებიდან დავიწყებ. უნდა ვაუწყო აშოტს ცოდვა მისი, განუმარტო ხენეში შედეგი მისის უშვერის ბიწიერებისა, მკაცრად მოვსთხოვო, ამოფხვრას თვის გულიდან მრუშობა საძაგელი... სჯობს მიენდოს ეს დავალება ჯერ მისივე სულიერ მესაიდუმლოვეს, მის მოძღვარს: იმისი მოვალეობაა აღიარებინოს მეფეს ცოდვა იგი და დასდოს საფერი სასჯელი სულიერი.

თვით ღმერთმა აგონა ბერს ეს გზა: დიდმარხვა დგებოდა, აშოტი უსათუოდ ეზიარებოდა და აღსარებას ეტყოდა მოძღვარს. ხუცესს შეეძლო ეთქვა მისთვის ყოველივე სათქმელი, ემხილებინა თავისი შვილი სულიერი. მეფე ვერ მიუხვდებოდა, რომ ის მიგზავნილი იყო, სხვის იარაღი, სხვისაგან მომართული საყვირი რამ უცხოს გულისთქმათა ამომძახელი. უხმო მწირმა მეფის მოძღვარს, გაანდო მას ყოველივე და დაავალა გაეზიარებინა მისთვის, რა პასუხსაც მეფე ბრძანებდა, რომ შემდეგ შესაბამად მოემართნა მას თვისი სამოქმედო ძალა.

- აღასრულე, მამაო პატიოსანო, ეს დავალება სადიდებლად ეკლესიისა, საკეთილდღეოდ მეფის ოჯახისა.

- ვისმენ, მამაო წმიდაო, შენს ბრძანებას; აღვასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორც მაგონებს ღმერთი და მიწესს კანონი ეკლესიისა, - მიუგო მოძღვარმა.

და შენდობისათვის წარსდგა ნაბიჯი.

გრიგოლი გამოცდილი ადამიანი იყო, დამკვირვებელი და კმაყოფილი ვერ დარჩა მოძღვრის პასუხით. ისიც არ უამა, რომ მის თვალებში თუ სახის მეტყველებაში ამოიკითხა თითქმის გაკვირვება! მისი დავალება თითქო ეუცხოვა მოძღვარს, არც იამა. ხუცესმა ისე არ გამოხატა თვისი უკმაყოფილება, რომ ბერს შესძლებოდა მკაფიოდ დაენახნა იგი და ეთქვა რამე იმის შესახებ, გრძნობით კი იგრძნო, ნამდვილ შენიშნა უკმაყოფილება. რაღას იზამდა?! ერთადერთი კაცი, რომელსაც შეეძლო პირდაპირ მოლაპარაკებოდა აშოტს ამ მძიმე საქმეზედ და თანაც იმ სახით, რომ ამ საფრთხილო საგანზედ საუბარი ბუნებრივი ყოფილიყო და საიდუმლო, იყო მხოლოდ მოძღვარი მეფისა და პირველ ხანს ნებით თუ უნებლიეთ იმაზედ დააყრდნო თავისი იმედები.

- იცოდე, დიდ სამსახურს გაუწევ თვით მეფეს, იმის ოჯახს და მთელ საქრისტიანოს, თუ ჰაზრიანად აასრულებ ამ შენს მოვალეობას. მეფე მანათობელ ლამპრად არის განგებისაგან დადგენილი, ის თავისი ქცევით სავალს უნდა უნათებდეს ერს; ეხლა კი უწმინდურების კვამლს მოუცავს იგი ლამპარი. მაცდუნებელია უწესო ცხოვრება მისი. მეტს ვიტყვი: მისი ბიწიერი ყოფა ბილიკს უკვალავს საქართველოსაკენ აგარიანთა წესს უწესოს. მრავალცოლიანობის ჰაზრს ათვისებს ხალხს. და, იცი შენც, თუ მტერმა ერთხელ ჰპოვა ციხეში შესავალი, თუნდ ვიწრო ხვრელი, თანდათან გააფართოვებს იმას და ვეღარ დაუდგება მას კედელიც მკვიდრი.

- მესმის! ვეცდები ღვთის შეწევნით, შენის ლოცვა-კურთხევითა, მიუგო მოძღვარმა და ეამბორა.

გაბრუნდა ხუცესი, გაემართა. მოღვაწემ თვალი გაადევნა მას და კვლავ იგრძნო ის უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია ბერ-მონაზონში ამ დავალებამ: სახეზედ, ხმაში, თვით სვლაში ეტყობოდა ხუცესს, რომ მისი მორჩილება არ იყო ბუნებრივი თუ წრფელი, გამოწვეული იყო ის მხოლოდ ჩვეულებით; ემორჩილებოდა, როგორც მონასტრის ძმათაგანი; სული მისი არ იზიარებდა წინამძღვრის განზრახვას, მისი სპეტაკი გრძნობა იყო ამ დავალებით.

- აღსარება უნდა იყოს შედეგი მხოლოდ პირად მოთხოვნილებისა საკუთარისა, ბაგენი უნდა აღმოიტყოდნენ მას. რას უკარნახებს გრძნობა იდუმალი. აღსარება უნდა იყოს თავისუფალი, ყოველგვარ სხვა მიზნის გარეშე მყოფი, გარდა წრფელის სინანულისა. მე კი მავალებენ, თითონ დავუსახო ცოდვა განსაზღვრილი, იძულებულვყო ვათქმევინო ის და განვუწესო, უსათუოდ მოსპოს იგი ცოდვა. ეს არის ძალა ჩემს სინდისზედ მოტანილი და არ შემიძლიან მისი აღსრულება...

- მიბრძანებს, ვამცნო იგი აღსარება, გავაგებინო არ ეგების! უკეთუ მოძღვარმან გასცეს აღიარებული, აღმოკვეთოს მას ენა იგი ცუდად მეტყველი!

63

უცდიდა წინამძღვარი შედეგს მოძღვრის მოქმედებისას, მოთმინებით ელოდდა მას. თითონ ხუცესს უნდა მიეთვალა მისთვის დაწვრილებით, რა მოიმოქმედა მან მიჩემებულ დავალებით ან რა შედეგებს აღუთქვამდა მისგან შესრულებული მოქმედება. გაიარა საკმაო დრომ, ხუცესი კი სდუმდა მკაცრის დუმილით. ერიდებოდა კიდეც წინამძღვარს: უნებლიეთ შეხვედრისას უჯიათად გზას უქცევდა საფრთხილო საგანზედ საუბარს. აშოტის ქცევასაც უნდა დასტყობოდა კვალი მღვდელ-მონაზონის მოქმედებისა, მის ურთიერთობას თუ დამოკიდებულობას იმ დედაკაცთან. ამის შემჩნევა ადვილი იყო:თებრონია განუწყვეტლად ათვალიერებდა ეხლა სასახლის ამ მხრივ ყოფას, იქაური ცხოვრების ბოროტად რყევას თუ სასიკეთოდ ფერის ცვალებას. თითონაც ხშირად ეახლებოდა გურანდუხტს, სანდო ადამიანიცა ჰყვანდა მიჩენილი დედოფლის მხლებელთაგანი. ამ მხრივაც თვალსაჩინო რამ ცვლილება არა სჩანდა, ყოველივე წინანდებურ სადენზედ მიდიოდა დაელია მოთმინება ხასიათგაკაჟებულ დაყუდებულსაც და პირდაპირ მიჰმართა ხუცესს:

- აასრულე სურვილი ეკლესიისა აშოტის დამოძღვრის შესახებ, შვილო ჩემო საყვარელო?

- აღვასრულე, ღირსო მამაო!

- რად არ მამცნებ, რავდენად ძლიერი იყო გავლენა კურთხეულის სიტყვისა მასზედ? ან რა შეატყე: ნუთუ ისე ძლიერია მასში მოქმედი შხამი მრუშობისა? ეშმაკის შთაგონებით გეუბნა, თუ მადლი სულისა წმიდისა აწარმოებდა მის სიტყვას?

- აღარ ვუწყი, მამაო წმიდაო! აღსარება მყისვე მავიწყდების, რა მივუტევებ ცოდვას სახელითა იესოსი და ვილოცავ ცოდვილისათვის; მთლად დამცილდების ყოველივე აღიარებული.მიჰხვდა მოღვაწე, რომ უხერხულად შეეხო საიდუმლოდ გულებულ საგანს; აწ ხუცესს ვეღარაფერს ათქმევინებდა ამის შესახებ, და სხვა სავალს დაადგა გამოცდილი.

- ნაყოფისაგან კეთილისა იცნობების ხეი კეთილი! შენი გავლენა შენს სულიერ შვილზედ აისახება მისი ცხოვრების კეთილად შეცვლაში: დაწყნარდება ოჯახი დიდებული, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს მხევალი ღვთისა, ქართველთა დედა კეთილმორწმუნე.

- ღმერთმა ინებოს, ღირსო მამაო! მეუფე სახიერი დასაბამია ყოველის კეთილისა და თვით სიყვარულისა კაცთა შორის.

- კეთილი სიყვარულისა, ძმაო ჩემო, ქრისტეს მიერ.

- არის ქვეყანაზედ სიყვარული ბოროტი?! ვით ეზიარების ბოროტი-ბნელი სიყვარულს ნათელს?!

- ილოცე, ძმაო ჩემო, საყვარელო, გული წმიდა დაბადოს შენთან ღმერთმა და სული წრფელი განგიახლოს გვამსა შენსა.

- ამინ! - მიუგო ბერმა და ემთხვია წმიდანს.

მოძღვარმა ხერხიანად მიჰმართა თავის დიდებულ სულიერ შვილს აღსარების დროს, შესძლო გაეღო გულის ბჭე ცხრაკლიტულით დახშულ-დაბეჭდილი, სადაც უკვდავების ცვარივით ინახავდა აშოტი თავის ობოლ სიყვარულს. ყველაფერი გულწრფელად აუწყა მან მოძღვარს. მისი სულიერი მამა ბერი არ იყო პირველიდგანვე, იმასაც მოეკრიბნა ოდესმე ფურცელი სიყვარულისა მზის სხივისაგან შეფერილ-აელვარებული, იმანაც გამოცდილებით იცოდა, როგორ უწყალოდ ისერება ადამიანის გული ტრფობისაგან ალმასგაკრული, რა ძნელია, რა შეუძლებელია მოყვარულისაგან სატრფოს დათმობა, თუნდაც წამიერად მისი განშორება, და სავსებით მიჰხვდა ქალისაგან ტყვექმნილ ბუმბერაზის გულისთქმას. სიცოცხლედ უღირდა აშოტს შუქური მისი სული დღეს შუქიას პაწაწა ხელში იყო მოთავსებული. შუქურს ის თავის მეფურ ძალას შესწირავდა წარბშეუხრელად, როგორც შესწირა სამფსონმა თავისი თილისმა თმა ლამაზ დალილას; თვის სიცოცხლესაც მიუზღვნიდა დაუფიქრებლივ: მხოლოდ მის მიერ სცხოვრობდა დღეს ეს გმირთა-გმირი. მიხვდა ნაწრთობი მოძღვარი, რომ შუქურის დაშორებით მზის შუქი დაშორდებოდა ვაჟკაცს; ვეღარ გამოადგებოდა წყვდიადში მყოფი ვეღარც თავის თავს, ვეღარც ოჯახს, ვერც სახელმწიფოს. და... მიუტევა შეცოდებაი... შურით ტანჯულ დედოფლისათვის მხურვალე ლოცვა აღავლინა სახიერისადმი, შესთხოვა ენუგეშებინა იგი ამ განსაცდელში, მიეცა მოთმინება მძლედ შემმართებელი.

- იქნება ვისუსტე აღსარების დროს, გრძნობას ავყევი, ვუღალატე მოვალეობას?! არ ვიცი! ის კი მახსოვს, მთლად გულწრფელად ვმოქმედებდი, არავითარი შიში თუ ლიქნი არა სჩრდილავდა იმ ჟამს ჩემს რწმენას თუ მსჯელობას, ჩემს ლოცვას ზეამაღლებულს, - ამბობდა ხუცესი

და უკვირდა, რომ ქალ-ვაჟის იგი ურთიერთობა შორიდან შეხედვით მრუშობა იყო უშვერი, ხოლო ახლო დახედვით მიჯნურობა იყო ზეცით ნაკურთხი, მზიური ტრფიალი მხოლოდ უდროვოდ და უადგილოდ აღმოცენებული.

- აკი დავსდევ კიდეც მას ამ უჟამობისათვის სასჯელი სულიერი და მსწრაფლ აღასრულა იგი მან, - იმართლებდა მოძღვარი თავს თავისსავე წინ.

ესე არ შეეძლოთ მსჯელობა სხვებს, სჯულისა თუ წეს-წყობილების უმთავრეს მცველებს და დარაჯებს. არცა ფიქრობდნენ ისინი ამნაირად. სამღრთო წესი დარღვეული იყო, მამა-პაპათა ჩვეულება უარყოფილი, ოჯახის სიწმიდე შეგინებული და ყოველივე ეს უნდა მსწრაფლ მოსპობილიყო, ძირიანად აღმოფხვრილიყო; თუ არა, უნდა მოსპობილიყვნენ თვით წესის მრღვეველნი. სხვა გზა არ არსებობდა მათთვის, მოსავლელი რამ ბილიკი. ეკლესია გუშაგად ედგა სარწმუნოებას და მისგან დაკანონებულ ზნეობას, ის ვერ დასთმობდა წმიდა საიდუმლოს შემღვრევას, ყოველ ზომებს მიიღებდა მის რღვევის წინააღმდეგ: მოჰკვეთდა კიდეც გაჭირვებაში თვით დამნაშავეთ, ძირიანად აღმოფხვრიდა მათ თუნდაც ცეცხლით. ყოველი ხეხილი, რომელი გამოიღებს ნაყოფს ხენეშს, მოკვეთილ იქნების და ცეცხლს დაიდების; ცული ლესილი ძირსა ხისასა!

ჯერ კი ნაადრევი იყო მოკვეთაზედ თუ აღმოფხვრაზე საუბარი; ჯერ არც ცეცხლის გამოვლენა იყო წმიდა-წმიდათაგან საჭირო, მწველი ალისა, რომელმან ოდესმე ათასობით მოსპო წინააღმდეგნი, რომელმან მრავალჯერ სასტიკად დასაჯა მცნებათა უარმყოფელნი. ჯერ მარტო პირველი ნაბიჯი იყო ამ გზაზედ გადადგმული: მხოლოდ ამხილა ეკლესიამ შემცოდე კერძოდ, პირისპირ. მსახური ეკლესიისა უცდიდა შედეგებს ამ მხილებისას. ამაოდ უცდიდა! გადიოდა დრო და მეფის კავშირს უკანონოს არ აკლდებოდა არავითარი ძალა, იგი კავშირი უფროც მტკიცდებოდა; არ გრილდებოდა მეფის გული ტრფობით აღტყინებული, უფროც ღვივდებოდა. ინთებოდა, სანეტარო ალით პრიალდებოდა.

- მიკვირს, რით მოხიბლა იმ მეძავმა რვალის გული მტკიცე ვაჟკაცისა, როგორ გაალხო და გაანდო, როგორც რამ ცვილი: რა მანქანებით ძლიერდება მილტოლვა ბუმბერაზისა დღითი-დღე?! უტეხი ძალა ამხედრებულა მეფის ოჯახის შესაბღალად, ძლიერება ჯოჯოხეთისა მოჰვლენია, რომ შემუსროს სიწმიდე ცხებულისა და დასცეს ბჭენი მაგარნი საქართველოსი. ბელზებელს განუზრახავს დაარღვიოს სჯული ქრისტესი მისივე დამცველის ხელით, დაამკვიდროს მის ნანგრევებზედ სჯული უსჯულო, ბნელეთით მოვლინებული წესდება უწესო.

- მაინც ჯერ ისევ მოთმინება, აზომვა წინააღმდეგ ძლიერ ძალისა!

ბევრი თმენა და დაყოვნებაც ვეღარ შეიძლებოდა: დედოფალი თანდათან მწარდებოდა, მრისხანდებოდა. რახან ერთხელ გაამჟღავნა იმან თავისი იდუმალი დარდი, ვეღარ იკავებდა გულისთქმას, ძლიერად ანვითარებდა თავის მისწრაფებას. აქამდინ რომ ორისა და სამის საიდუმლო იყო სასახლეში აღმოჩენილი სიბოროტე, ეხლა მთელმა ჯგუფმა იცოდა ეს დედოფლისაგან. ბევრი დრტვინავდა, ზოგი კიდეც ამხედრებულიყო: განგაში იყო მთელ სასახლეში. ყოვნა აღარ შეიძლებოდა: მეტი მოცდა ეკლესიის სისუსტეს დაადასტურებდა, მის დარაჯთა უძლურებას თუ უღირს შიშნეულობას. მაინც საჭირო იყო ფრთხილად მოქმედება და მით უფრო, რომ შემცოდე კეთილისმყოფელი იყო ეკლესიისა: გრიგოლმა აშოტის ქველი მარჯვენის შემწეობით დააფუძნა თავისი მონასტერი ხანძთა, ააღორძინა მრავალი სხვა სავანეები, რომელნიც ეხლაც მეფის სიუხვით სცხოვრობდნენ და იფურჩქნებოდნენ. სიწმიდის ახლად დამკვიდრებულ კერიებს ძალიან ეჭირვებოდათ გამოცდილი მარჯვენაც ქვეყნის მცველისა: მტერი მრავლად მოსდგომოდა მთელ საქართველოს და მის სიწმიდეებს: აშოტის გატეხა ზღუდის ჩამოცლა იყო მათთვის, მოქნილი ხმლის გადაფშვნეტა შიგ ვადაშია, დიდი სიფრთხილე ჰმართებდა ეკლესიის წინამძღვარ მწირს, მეტი წინდახედულობა.

კიდეც ფრთხილობდა გრიგოლი, დღე და ღამ ეს ფიქრი არ ეშვებოდა მის ჯიუტ შუბლს, დაბალს, გარნა შორითშორს განზიდულ და მტკიცედ ნაჭედს მის შუბლის ფიცარს. მთელი უტეხი თვისი ნებისყოფის ამოძრავება სჭირდებოდა წმინდანს, რომ დროებით მაინც შეეკავებინა ღვთაებრივი შურით აღსავსე მილტოლვა თვისის გულისა, რომელი ღელავდა ძლიერის ღელვით, რომელი მზა იყო გადაშვებულიყო მახვილ მოწვდილ შუაგულ ბრძოლაში მაშინვე, დაუყოვნებლივ.
- მაცა, გულო ჩემო, ჰყოვნიდე მცირედს! ძლიერია შენ წინააღმდეგ მებრძოლი ბუმბერაზი, სატანაის ძლიერებით არის აღჭურვილი. ფრთხილად! დღეს ჩემს მარჯვენას დაჰყრდნობია სასოება მებრძოლი ეკლესიისა: სდუმან რჩეულნი ეკლესიისანი; უდებობს საჭეთმპყრობელი; უნდა ამეტყველდეს მწირი, ამოქმედდეს სოფლით განდეგილი, ქვეყნით გაღმა გაბიჯებული.
 
 64

სწვრთიდა ბერი მებრძოლი თავის თავს. მოფიქრებას ურჩევდა, დაყოვნებას და დროს შერჩევას, რომ მძლავრი ყოფილიყო შემართება მისი, მთლად გადამწყვეტი. გარემოებები კი აღარ ჰყოვნიდნენ, ბრძოლას აჩქარებდნენ, მოუთმენლობის ნიშნებს ცხადად იჩენდნენ. დედოფალი აღარა სცხრებოდა, ძლიერ ღელავღა რახან ერთხელ გადმოლახა ზღუდე თავდაცულობისა თუ მოთმინებისა, ვეღარ შეიმაგრა ღვარი მღელვარე გულისთქმისა და თვის მოქმედებით არღვევდა ოჯახის გარეგან სახესაც, არყევდა სამეფო კერას. ლამის საქვეყნოდ გამოეტანა ცოდვა გვირგვინოსნისა, ხალხთა შორის იგავად დაედვა ბოროტება კერძო; ლამის ამღვრეულ ღვარად გარს მოედინა ცხებულისათვის პირადი ცოდვა, რომ მოეშთო სასიქადულო ვაჟკაცი მის მღელვარე ტალღებში. ძლიერ აჩქარებდა გურანდუხტ მოქმედების განვითარებას, იმუქრებოდა.

- უარვყობ ყველას: უარმყო ყველამ, ზნეობის მცველმა ეკლესიამაც! - იტყოდა წამისწამს.

დედოფალის მღელვარება აზვირთებდა თებრონიას ნებისყოფას და ისიც ისწრაფიდა დაერღვია თუ დაენთქა ცდუნება იგი ეშმაკისა, აღმოცენებული მეფის პალატში თვალთწარმტაც რამ ყვავილად ნაზად, გარნა შხამის მფშვინავად. გესლის მცვარველად, ძალას ატანდა დედაბერი განდეგილსაც; ძლივსღა უმაგრდებოდა ის დედაკაცის შთაგონებას უწყვეტს, დაჟინებულს, სასტიკად ასისინებულს, მაინც ჰყოვნიდა, მტკიცედ იდგა თავის ჰაზრებზედ.

ისიც აყოვნებდა განდეგილს, რომ ჯერ თვისი ძალა ძლიერი არ ეცადნა ბუმბერაზ მებრძოლთან შემართებით საომარ ასპარეზზედ. ეძიებდა რაინდი ქრისტესი შემთხვევას, ეჩვენებინა მეფისათვის უნარი თვისი და გაესინჯნა მებრძოლი მარჯვენაც მეტოქე გოლიათისა. მოხდა ესეთი ამბავიც და სწორედ მარჯვედ, წინამძღვრის სახელისა და გავლენის შესაფერად.

მეფე კერძო ცხოვრებას რომ აწყობ-ჰმართავდა თვის სასიამოდ, თანაც არც ერთს წამს არა სტოვებდა საზოგადო საქმეებს უყურადღებოდ, უფრო მხნედაც განაგრძობდა კმაყოფილი იმ საზრუნველებს, გულმოდგინედ, ხალისიანად. ერთი მისი სასიამო ზრუნვა იყო ახალი სასახლის ღირსეულად შემკობა. მოისურვა დიდებულად დაეხატნათ დარბაზები, დაემშვენებინათ საგულისხმიერო თუ სალამაზო სურათებით. მეტადრე ძალიან ჰსურდა სწრაფად მოეხატნათ კარის ეკლესია. საყდარი ციხის გალავანშივე იყო, სასახლესთან დერეფანით შეერთებული. ეკლესიისა თუ დარბაზების მოხატვას წესი და ჩვეულებაც მოითხოვდა. ამისთანა შემთხვევაში უფრო შინაურ მხატვარს მიჰმართავდნენ, ქართველსავე გამოჩენილ მყალმავს, თუ ესეთი მოიპოვებოდა საქართველოს რომელსამე კუთხეში; თუ არა, საბერძნეთიდან მოიყვანდნენ ოსტატს ან ანტიოქიიდან. აშოტის დროს ამისთანა გამოჩენილი მხატვარი ცხოვრობდა იქვე, სატახტო ქალაქის ახლო. ეს იყო მამა ევდომოზ, რომელს ხელოვნების შესწავლა დაემთავრებინა ბიზანტიაში. ხელი ანტიოქიაში და იერუსალიმშიც ევარჯიშებინა ოდესმე. აწ დაევანნა ახლად დაარსებულ შატბერდის მონასტერში. ჯერ ისევ ახალი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ძალიან დახელოვნებული, უკვე განთქმული.

მეფეს ნანახი ჰქონდა ევდომოზის ხელოვნების ნიმუშები და დაასკვნა მისთვის ებრძანებინა კარის ეკლესიის ასურათება. სხვა განზრახვაც ჰქონდა მეფეს: სამღთო ამბების თუ მოქმედებების მარჯვედ მხატავ ბერს საერო შინაარსის მხატვრობაც ეხერხებოდა. ყმაწვილობისას საერო მხატვრობა უფრო ემარჯვებოდა და უხაროდა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და გვერდი აუქცია მაცთუნებელ სურათებს საერო შინაარსისას; შეუდგა სამღთო ამბების ტილოზედ თუ ფიცარ-კედელზედ გაღაღებას, მის ხელოვნებაში მაინც გამოსჭვიოდა წინანდელი მიდრეკილება და გემოვნება. მის ნახატებში საკვირველად განირჩევა თმა, ლბილი და ნაზ სხივებისაგან თხზილი კულულ-ხუჭუჭები, შარავანდედად რომ მოსდებია ეშხით ნაქანდაკებ შუბლს. საყურ-ბეჭედი თუ სხვა სამკაულიც ლამაზად არის მის სურათებში ასახული და დიდის სინამდვილით. ყველაზედ ძლიერ ეს მიდრეკილება ეტყობა მისგან ნახატ ყვავილებს ეტრატებში გაბნეულს და მეტადრე იმ ერთს ხატს ხარებისას, რომელი აწც იხილვების. რა სინაზეა და სინათლე იმ სპეტაკ ყვავილებით შემკულ რტოში, რომელსაც მთავარანგელოსი აწვდის კდემამოსილად თავდახრილ ქალწულს! საკვირველია, მისი ნახატების საღებავი დღესაც ისევე ბრწყინავს, როგორც ახალი. ეტყობა, ფერადთა შეთხზა-შეზავების საიდუმლო სავსებით იცოდა ხელოვანმა. იქნება ახალი რამ შემადგენლობაცა ჰქონდა შეტანილი საღებავთა შექმნა-შეზავებაში. აშოტის ყურადღება მიიქციეს მეტადრე ბერისაგან ნახატ სიცოცხლით სავსე ყვავილებმა. ბატონს ჰაზრადა ჰქონდა შუქურის გალიაკი შეემკო სურათით, მხოლოდ ერთადერთი ხატით: უნდა დაეხატნათ ჰაეროვანი ქალი ახლად მოსთვლილ ყვავილთაგან შეთხზილ თაიგულით ხელში.

- რა ვქნა, მუდამ ესეთი სახით მიდგა გონების თვალწინ ეს ჯადოსანი სიცოცხლე ჩემი, სწორედ იმგვარი შეხედულებით, როგორც მომევლინა პირველად, როცა ყვავილებით ხელში შემეგება გამარჯვებულს. მას აქეთ ახლო გავიცანი ქალი, ძალიან ახლო, მაგრამ მაინც ისევ ის არის ჩემთვის: კდემამოსილი საიდუმლოება, მარად მიმზიდველი სიმშვიდე წყლულთა დამშუშავი, მიწყივ ლამაზი სინაზე ქალწულებრივი, სიწრფელე უბიწო, შეურყეველ-შეუგინებელი. ესეთი სურათი მსურს ამშვენებდეს მის სენაკს განკერძოებულს, ესეთი ხატი დარჩეს ჩემს შემდგომაც დიდხანს, ძლიერ ბევრ ჟამთა დაუსრულებელ დენაში! - დაასკვნა მეფემ

და უბრძანა სახლთუხუცესს მიეწვივნა იგი მის წინაშე, რომ პირად თითონ მიეცა მისთვის ბრძანება შესაფერი. გადიფიქრა კარისკაცის პირით ბრძანება: მსწრაფლ დაწერა წიგნი, წარავლინა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას ბერსა. მივლენილნი მოვიდნენ და აუწყეს მეფეს:

- არა ჰნებავს კაცსა მას ღვთისასა მოსვლაი აქ!

განცვიფრდა მბრძანებელი, გაუკვირდა თავხედი ურჩობა ვიღაც მწირისა; განრისხდა ფრიად. მზა იყო ებრძანებინა, თრევით მიეყვანათ იგი მასთან. სძლია კეთილგონიერებამ, შეიმაგრა თავი. მაინც გამოურკვეველი დარჩა მისთვის მიზეზი ბერის უხეში ურჩობისა. სახლთუხუცესმა შეჰბედა და განუმარტა:

- ბატონო მეფევ! წიგნის მიღებისთანავე შეეკითხა იგი ბერი წმიდა გრიგოლს შენის ბრძანების შესახებ და სთხოვა ლოცვა-კურთხევა.

- მერმე?

- არ ვიცი! ალბათ ელის იგი ბერი წინამძღვრის ნებართვას.

- ელის სხვის ნებართვას, როცა მე ვუბრძანე მხლებოდა?

- შეიძლება! შენ უწყი, როგორ სასტიკად იცავენ განდეგილნი თავიანთ წეს-წყობილებას, რამოდენა შრომა-წამებას იღებენ იგი ნებითი მორჩილებაში.

სდუმდა აშოტი. მისი მეფური თავმოყვარება შელახული იყო ვიღაც მწირასიგან, შეეძლო, ებრძანებინა და ცხენის ძუაზედ აბმულს მიათრევდნენ ურჩს მის წინაშე, თუნდ მის თავს მიართმევდნენ მოკვეთილს, თმებით ატანილს. არ შეიძლებოდა გულს აჰყოლოდა მბრძანებელი: დროზედ მიჰხვდა, რომ ბერის სახით ეკლესია გადაჰღობებოდა მას წინ, რომ იმ მწირს წინ უძღოდა აჩრდილი წმიდანის გრიგოლისა, რომელში ამჟამად განხორციელებულიყო ძალა უძლევის ეკლესიისა. სდუმდა აშოტი, ხანსა ზმიდა, ვერა ჩქარობდა, ახალი რამ საშუალება ეხმარნა თავის წადილის შესასრულებლად. ძნელიც იყო შესაფერი ზომის მიღება: ბერი თავის ნებით აღარ დაჰმორჩილდებოდა აღარავითარ მის ბრძანებას და თუ უნებლიეთ დაიყოლიებდნენ, დავალებას მარჯვედ ვეღარ შეასრულებდა უხეში ძალისაგან საშრომლად მიგდებული. ისეთ საქმეს ავალებდა მეფე ბერს, რომ მის მარჯვედ აღსრულებისათვის აუცილებელი იყო საკუთარი სურვილი, ეშხით მიახლოვება სამუშაოსადმი, სიყვარულით შრომა, საამურის გატაცებით მუშაობა.

- ხოლო შიში გარე განაგდებს სიყვარულს, - მოაგონდა სიტყვა მოციქულთა.

თავისი განზრახვის დავიწყება, მასზედ ხელის აღება, თუნდაც დაყოვნებაც არ შეეძლო აშოტს: ეჩქარებოდა მთლად დაესრულებინა თავისი წყობილი შენობები ახალ სატახტო ციხექალაქში. ვერც შეჰრიგებოდა თავის სურვილის გადატეხას ვიღაც მწირის უჯიათობით. სურვილითა ჰსურდა, სწრაფად შეეძღვნა შუქურისათვის უჭკნობი თაიგული მის გალიაკის კედელზედ მურაზით მოხატული: იცოდა, ამ ზღვნით სავსებით გაახარებდა თვის გამხარებელს.

იქნება გაეგზავნა კიდეც კაცი წინამძღვართან ან წიგნი მიეწერნა, მისთვის, მაგრამ ეს ხომ ქედისმოხრა იქნებოდა გრიგოლის წინაშე, ობლობაში სამადლოდ აღზრდილ მწირის წინ, რომელი თვის გარეგან დაკნინებაში თუ უკიდურეს თვის სიმშვიდე-სიმდაბლეში იდუმალ ეტრფოდა დიდის აშოტის მძლე მეტოქობას. რაინდი სულიერი პირისპირ ბრძოლაში შეჰყროდა რაინდს ხორციელს და ეს უხმო ბრძოლა უჩინარი ერთ-ერთის სასტიკი დამარცხებით უნდა დათავებულიყო. აშოტი და დამარცხება?! შორს იყო განთქმული ბუმბერაზის ბუნებისაგან მარცხი მამდაბლებელი: ვერ აიტანდა გოროზი დაკნინებას! არა, ვერც შესძლებდნენ მის დამცირებას. მაინც საშიში იყო ბრძოლა: ხელშეკრული იყო აშოტი ამ სასტიკ წყობაში, უხილავ ძალთაგან ხელშებორკილი.

65

გრიგოლმა მოუწონა მხატვარს ბერს ქცევა. მაინც დაფიქრდა: მათი მონასტრებიც, თითონ იგინიც არსებობდნენ უმთავრესად მეფის წყალობით და მისი ნებისყოფით; მისი ბრძანების უარყოფა, თუნდაც სამონასტრო წესის გამო, არც თუ ისე ადვილი სატვირთელი იყო.

- ეკლესია არ ემორჩილება მეფის სურვილს თუ ბრძანებას, მაგრამ მისსავე სკიპტრაზედ არის დაყრდნობილი მისი კეთილდღეობა თუ ნივთიერი არსებობა. ვინ იცის, იქნება მეფის ბრძანება გამონაკლისს უნდა შეადგენდეს თვით სამონასტრო წესშიც, მთელი ხალხის ბატონ-პატრონის სურვილი, მით უფრო, თუ იგი ბრძანება არ შეეხება სჯულისაგან აღიარებულ ჭეშმარიტებებს, უბრალო საეკლესიო ჩვეულებასაც კი. მაგრამ კაცია აშოტი და თუ გაწყრა, თუ პირი მიიქცია მონასტერთაგან, სასიკეთო არ იქნება ეს ახლად აღმოცენებულ ვენახებისათვის ღვთისა; არ ეგების განხეთქილება ამ უბრალო გარემოების გამო. მით უფრო ეხლა, დიდ განსაცდელის დროს, როცა საქართველოს მოსდგომია მოზღვავებული ღვარი ქრისტეს მგმობ აგარიანთა. დროა სდუმდეს ბრძოლის საყვირი: წინააღმდეგმა უკვე იგრძნო ჩვენგან ძალთა სიმრავლე, - ფიქრობდა ბერი

და მიმოიხედავდა გამოსასვლელ გზის საპოვნელად. მალე უკარნახა გამჭრიახე გონებამ ქცევა სათანადო. დაადგა იგი გზას სასახლისაკენ: მრავალჯერ მისულიყო ის მეფის კარს ახალ სავანეებისათვის სახსართა გამოსათხოვნად და ეხლაც ეს მიზეზი წაიძღვარა წინ. იღბალი უძღოდა ბერს: მეფე გზად მომავალიყო და თითქო შემთხვევით შეხვდა მას მწირი ხანძთის სანახებში. მეფემ პატივით მიიახლა ღირსი იგი და უამბო შემთხვევა ურჩი ბერის შესახებ. გრიგოლმა განუმარტა აშოტს, რომ ბერს არ შეეძლო ამ შემთხვევაში სხვანაირად მოქცეულიყო.

- მაშ განუგებელად მიქმნია, რომ შენ არ მოგწერე და პირდაპირ დავიბარე იგი მწირი. უბრძანე მეახლოს, თვისი ხელოვნებით განამშვენოს პალატნი სამეფონი და კარის ეკლესია: მეც კვალად მივუწერ, - ბრძანა მეფემ.

მხატვარი ბერი მსწრაფლ დამორჩილდა, ეახლა მეფეს. კურთხეული იყო მისი მისვლა მეფის კარს: მისმა ხელოვნებამ ღირსეულად შეამკო ეკლესიაც, სამეფო სადგომიც, ხოლო მონასტერს მიჰნიჭა დიდი ნუგეშინისცემა მადლობელი მეფის ნაქებ სიუხვიდან. ძალიან კმაყოფილი იყო ნეტარი გრიგოლ: ბრძოლა მოიგო, მეფეს აგრძნობინა თავისი მძლავრი გავლენა, მის ძლიერებასთან თანასწორი, თანაც ისე, რომ მარჯვედ აუქცია გზა აშკარა განხეთქილებას, სკიპტრისა და ჯვარის ამჟამად შეუფერებელ შებრძოლებას. მეფის პატივმოყვარე გულს კი, სიტყვის შეუბრუნებელ მორჩილებით გააზიზებულს, დაღად დააჩნდა ის შემთხვევა, უსიამოვნო ხაზად წაუშლელ-ამოუფხვრელად.

მწირი მხატვარი შემოქმედი გამოდგა, სიმშვენიერის მიმწდომ-მიმდევარი, თვისი ხელოვნების გატაცებით მოტრფიალე. ხელმძღვანელობის ნიჭიც შეაჩნდა მას: მეფის ბრძანებით მისდა მიჩემებულ თანამშრომელებს მარჯვედ ახალისებდა, შრომის უნარს უორკეცებდა. თანამშრომლები შემდეგში მოწაფეები შეიქმნენ ხალისით სავსე ადამიანისა, მოსიყვარულე და მადლობელი მისი შაგირდები. ვერცერთი ვერ დაუსწორდა მას ხელოვნებაში: იმისი ნახატი მაინც ყველას ნახატებიდან განირჩეოდა ჰაეროვნობით. მისგან მოკალმული სახე თუ ტანი ტლანქი რამ ნივთიერებისაგან აღარ შესდგებოდა; განიცდიდა უკვე ხორცთა სულიერად გარდაქმნას, ეთეროვან ნივთიერებად, რომელს ეადვილებოდა ფრენა ლაჟვარდ სივრცეში ფრთაგაუშლელად, თითქმის მთლად უფრთოდ. მის ნახატში ადამიანს იტაცებდა მეტადრე თვალთა გამომეტყველება, რომელში გამოსჭვივოდა სითბო სულისა ღვთაებური, ძალა გრძნობათა, სინათლე ჰაზრიანი, ნივთიერ ზღუდეების იქით გამჭვრეტელ-გამხედველი; ნაქვთთა მოყვანილობა აგრძნობინებდა ნებისყოფას არა მსწრაფლს და სასტიკს, არამედ ნელს, მდორედ თუ ნებივრად მიმდინარეს, მაგრამ ურყეველს, დროთა სივრცეში მომხვრელ-დამმორჩილებელს.

მეფის აღტაცებას სამზღვარი არა ჰქონდა: გაახალისა ის ბერის მადლიანმა ყალამმა; შეყვარებულ ჭაბუკივით თავს დასტრიალებდა მუშებს და სამუშაოს. ბერიც ააფრთოვანა მეფის ქებამ და წყალობამ, ერთი-ორად გაამხნევა მისი მარჯვენა, შედეგიანი ჰყო მისი მუშაობა. მეტადრე იამა ბერს, როდესაც აშოტმა თითონ მისცა მხატვარს გალიაკის კედელზედ დასახატ სურათის ჰაზრი. ეს იყო სურათი იოთამ მსაჯულისა, როცა ის გამარჯვებული ბრუნდება თავის ქალაქში. შეჭურვილ-შეიარაღებული რაინდი ჯაჭვით დარახტულს სამანდზედ. მუზარადის ისარი ახრილი. წვრილთვალაის რიდე უკუგდებული. ომგარდახდილი ამალა მის ჩამოდგომით. ციხე-ქალაქიდან მის შესახვედრად გამოსული ერი. წინ ქალთა გუნდი პირად-პირადად შემკულ-შემოსილი. ყველაზედ წინ იოთამეს ქალი თაიგულით ხელში.

ბერი აღტაცებაში მოვიდა ამ დავალებით: აქ მისი ნიჭი ფართოდ შლიდა ფრთებს, არც განსაზღვრულ ჩარჩოებით თუ ხაზებით იყო შეზღუდვილი, ერთხელ და სამუდამოდ მიღებულ მოხაზულობით, როგორც ეს იყო დაწესებული წმიდანების ასასახველად. სამღთო წიგნიდან რომ იყო სურათი, ბერს მაინც შეეძლო ეოცნებნა, მხატვრობითი ნიჭისათვის გაეშალნა თავისუფალი სანავარდო.

- ემჯობინება ჩამოვაცალოთ ქალს ამაყი გამომეტყველება, რომელიც უთუოდ ექნებოდა მას, რადგან გამარჯვებული იგი რაინდი მამა იყო იმ ქალისა. შევანარჩუნოთ მის სახეს თუ თვალებს განცვიფრება გმირის წინაშე.

- განცვიფრება და აღტაცება კდემამოსილ უბიწო სახეზედ.

- აღტაცება და თაყვანისცემა უბრყვილო სპეტაკ სახეზედ.

- თმა შავი, ვით ყორნის ბოლო: ასული ისრაილისა შავი თმიანი.

- ეგ ჩვეულებრივ აღმოსავლეთში, მაგრამ იქაც ამშვენებს ასულს, თუმც იშვიათად, სხივთა მაგვარი თმა, შარავანდედად მოდებულ-გადმოშლილი.

- ვხედავ! სხივთა მზგავსი თმა. კდემამოსილი ლმობიერი თვალები, აღტაცებით მიპყრობილი გმირისადმი სათაყვანებელისა. მაშინ შეიცვლება შინაარსი ბიბლიურის თქმულებისა; წარწერა ვეღარ იქნება შესაფერი.

- რა უშავს! წარწერა? მოიშალოს წარწერა! თითონ სურათი უნდა ცხადჰყოფდეს თავის სახელს.

- ჭეშმარიტად! ტანსაცმელი ებრაული?

- ქართული! თორემ სამღთო რამ ხატს დაემსგავსება ნაყალმი და ვერ ივარგებს გალიაკის კედელზედ.

- მართალსა ბრძანებ! არც თუ იოთამეს ამბავი არის სამღთო მოთხრობა და მის სახე წმიდანებთან ერთად თაყვანსაცემი, − დაამთავრა ბერმა საუბარი.

შეუდგა ხატვას. მიჰხვდა მეფის ჰაზრს. იცოდა სასახლის ამბავი, ენახა შუქურიც და შეიგნო, რა ჰსურდა აშოტს, რა ფიქრი ახელმძღვანელებდა მას ამ სურათის შეკვეთის დროს. თითონაც განიმსჭვალა იმ სურვილით, რომ თავის ქვეყანაში მომხდარი ამბავი მშვენიერ ნახატად ასახულიყო სამეფო სასახლეში. ბერში სცხოვრობდა ხელოვანი მხატვარი სული, რომელი ვერ შეიმსაზღვრებოდა ერთი რომელიმე დარგით, თუნდაც სამღთო ფარგლებით მოღვაწეობისა. ეხლა ხელოვანის ოცნებამ თავისუფლად იწყო ნავარდი და შექმნა ხაზთა თუ ფერთა ის ლამაზი ურთიერთობა, რომელი აცოცხლებდა მისგან ნახატ ყვავილს, სულს უდგამდა მისგან მოხაზულ სახეს, ნაქვთს ან მოძრაობას.

მშვენიერი სურათი დაიწერა თვალთ წარმტაცი, თანაც სინამდვილის მსახველ-მხატველი: ქართველნი იყვნენ გახარებულნი, ისინი ლიტანიობდნენ, მოძრაობდნენ, თითქმის ამბობდნენ. მეტადრე დიდის გულმოდგინებით იყო ამოხატული მძლეველ ბუმბერაზის სახე საომარ რაშზედ მჯდომი. ერთის თვალის დაკვრით აშოტ მძლეველი იყო ის: მისი ბეჭთა მოყვანილება, მისი ხელის მოძრაობა, მისი ყელის მოღერება თუ თავის მიმოხვრა. სახე კი სხვა ჰქონდა. დიდრონ თვალთა მოხაზულობა აშოტისასვე უგვანდა. წრფელის სიყვარულით და გატაცებით ამოეხატნა ხელოვანს მოწინავე ქალის სურათი, რომელი თაიგულს აწვდიდა ბუმბერაზს. ცოცხლად იყო გამოყვანილი ლმობიერი იმისი თვალები. განუსაზღვრელის აღტაცებით რომ შეჰმზეროდნენ სათაყვანებელ რაინდს. ქალიც შუქურს ემსგავსებოდა თვალთა პირველ დაკვრით, იმას აგონებდა ადამიანს, თუმცა თითონ შუქური კი არ იყო ის, თუ ახლო გასინჯავდი სურათს დაკვირვებით. მთელი ნახატი მოძრაობით იყო სავსე, თითქმის სიცოცხლით.

ძალიან იამა აშოტს, რომ უმთავრეს მომქმედ პირთა სახით თითონ და მისი სატრფო ამოექარგნა ხელოვანს, თუმცა ამის დაბეჯითებით თქმა მაინც არავის შეეძლო. დაუმადლა მწირს, მეფურად დაასაჩუქრა. უბრძანა, ყოველსავე გასაჭირში თუ სათხოვარში პარდაპირ მიემართნა მისთვის.

66

მდიდრად მორთულ საწოლ ოთახს მქრალად ანათებდა ვერცხლის მაშხალაზედ მდგარი ერთადერთი ჭრაქი. სუნნელოვან ზეთს ჰაერი შეეთბო მათრობელი სიტკბოთი. ალი ოდნავ ირხეოდა, აქანებდა ოთახში ჩრდილებს. დედოფალი ჩაწოლილიყო. აშოტი, თავისუფალ ტანსაცმელით მოსილი, ტახტის ბოლოზედ ჩამომჯდარიყო, ქალის ფერხთით. ბოროტად აღელვებული ქალი შფოთავდა საბნის ქვეშ, მჭახედ ამბობდა, მოუსვენრად ინძრეოდა, ხელ-ფეხს აწყვეტდა. შრიალი არ გაჰქონდა ბუმბულივით ლბილ ლოგინს. ალეწილ სახეზედ დედოფლისა ბოროტად ენთო სიძულვილის მსახველი თვალები.

ვაჟკაცი უფრო წყნარად იყო. თვალს ადევნებდა ცოლის უნებლიეთ მოძრაობას, ყურს უგდებდა მის თქმას. სიტყვებს კი არა: ზეპირად იცოდა, რას ეტყოდა მას განრისხებული მეუღლე; ის ყურს უგდებდა მის ხმის ბგერას და მიმოხვრას, რომ გაეთვალისწინებინა, რამდენად იყო გურანდუხტ განრისხებული. ითმენდა ვაჟკაცი: სიტყვა მიეცა მას თავის თავისათვის, ბოლომდინ დაეთმინა. იმ ჰაზრით შესულიყო დედოფალთან, იმ ფიქრით მიახლოებოდა სარეცელს თანამემცხედრისა, რომ როგორმე მოელბო მეტის მეტად გამეხებული მისი გული; შეეგნებინებინა, რომ მის სიმკაცრეს ვერ შეეძლო უარი ეთქმევინებინა იმაზედ, ვინ სიცოცხლეზედაც უძვირფასესი შექმნილიყო მისთვის. უნდოდა ბოდიში მოეთხოვნა თვისგან უნებლიეთ შეურაცხყოფილ მეუღლის წინაშე, აღეთქვა მისთვის ყოველივე მსხვერპლი, გარდა შუქურის მოშორებისა: შეჰვედრებოდა, დაეთმო ეს ცოდვა მისთვის, თუ ცოდვად მიიჩნეოდა ორმხრივი სიყვარული ესეთი დიდი; შეჰრიგებოდა ვაჟკაცის ამ ვნებულ მისწრაფებას. ამისათვის ითმენდა აშოტი მეუღლისაგან შეურაცხყოფას. ამისათვის ისმოდა მუდარა უმწეო მის ხმაში.

- რას გიშლის ის საწყალი ქალი. შენი მოახლეა, შენი მხეველი, შენად სამსახურად დადგინებული. შენ არ იცი, რა დიდს პატივსა გცემს იგი შენ?

- დიდს პატივსა მცემს?! ოჯახს მირღვევს, საიდუმლოს ქორწინებისას ჰბღალავს, საგმობლადა მდებს მთელის ქვეყნის წინ და დიდ პატივსა მცემს?! იქნება მე მხოლოდ დედოფალი ვარ, ხოლო ის შენი თანამემცხედრე ნაკურთხი?

- დედოფალი გვირგვინოსანი, თანამემცხედრე ეკლესიისაგან მოცემული. დედა შვილთა ჩემთა! ვერავინ შეგეცილოს შენ ამაში ვერასოდეს! მაგრამ... სუსტია გული კაცისა, თუნდაც შემმართებელის ვაჟკაცისა: იგი მორჩილი მონაა მისთვის აღმოცენებულის ტრფობის ყვავილისა, ძლიერად მიმზიდველის სიყვარულის ყვავილისა. ვერ ძალმიძს განვეშორო მას!

- მთლად დაჰკარგე სირცხვილი, კდემა! რა გნებავს ახლა?

- მსურს დასთმო ეს ჩემი სისუსტე და მიმსახურო მეფე ძლიერი, მამა მზრუნველი შენის შვილებისა.

- როგორ თუ დავთმო?

- ისე, ვით დასთმო მეუღლემ მეფის დავითისა, როცა იმან მიიყვანა სამეფო პალატაში ბერსაბე, დედა სოლომონისა; როგორც დასთმეს სოლომან ბრძნის მეუღლეებმა, როცა მან მუხლი მოიდრიკა წინაშე მშვენიერის სულამიტასი; როგორც დასთმეს მაჰმადის მეუღლეებმა, როდესაც ის ჭაბუკის ეშხით ეტრფიალა მისთვის ფასდაუდებელი აეშას.

- როგორც მაჰმადის მეუღლეებმა?! ნუთუ განრისხდა ღმერთი და უარჰყავ ჯვარი ქრისტესი, მიიდრიკე აგარიანთა სჯულისადმი უსჯულოისა. ჭეშმარატად წარმოშობილია მეძავი იგი ძალთაგან ჯოჯოხეთისა ცდუნებად შენდა, დარღვევად, ჩვენის სჯულისა!... იგი მეძავი თვით ეშმა არის ძალთა მიერ ბელზებელისა მძლედ შემოსილი!.. განვედი ჩემგან, კაცო ბოროტო!.

განვიდა მისგან მეფე მვედრებელი, განეშორა სამუდამოდ თავის მეუღლეს, ეკლესიისაგან განუყრელად შეკავშირებულს თავის თანამემცხედრეს. ბოროტით აღივსო სული ვაჟკაცისა გურანდუხტისადმი, მკაცრ სიძულვილით; გაიყინა დედოფლისათვის გრძნობათა შესაკრებელი მეფისა, მთლადაც გაქვავდა. აშოტის ბუნება აწ განუყრელად შეუერთდა შუქურს სპეტაკსა, სხივთაგან შეთხზილ მის არსებასა. ეხლა აღარ ეკრძალებოდა მეფე არავის, არ ჰფარავდა თავის კავშირს სხვათაგან გმობილს; ცხადად ეტრფიალა აწ იგი შუქურს. რაღა გასდრეკდა მიჯნურს გატაცებულს, რაღა შეაკრთობდა ბუმბერაზს აღტაცებულს?

არა, ზრდილობის სამზღვარს კი არ გადადიოდა მეფე-მიჯნური, გარეგან სახეს კეთილ ქცევისას. უარყოფილი მეუღლე მისი ისევ დედოფალი იყო დიდებული, ხოლო შუქური ერთი ქალთაგანი მსახური სასახლეში; გურანდუხტ ისევ პატივსადები დედა იყო უფლისწულებისა, პირველი მანდილოსანი სამფლობელოში, ხოლო ბუნებით დედობისაგან აწ უარყოფილი. შუქური მხოლოდ ქალი იყო აშოტისაგან სათაყვანებელი, მის პირად განცდათა დედოფალი და მფლობელი, მის სიამეთა ჭურჭელი უშრეტელი. ახ, ძლიერ ნაზად ნაგები ჭურჭელი, მჭვირვალე რამ ნივთიერებისაგან შექმნილი. ერთი უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა იგი ძვირფასი, დაილეწებოდა, გამტვერდებოდა. გარემოსდგომოდნენ მას ბევრეულნი სამტროდ, დასათრგუნად, შესამუსრავად. რა დაიფარავდა უმწეოს მოძულეთაგან მისთა. ისართაგან სიბნელეში მისკენ სრეულთა, ლახვართაგან მის გულისაკენ იდუმალ გაწვდილთა, წყევათაგან მისდამი კვამლად, მიმართულთა?! ვინ ჰყვანდა მაშველი თუ ხელის ამბყრობი, ვინ უვიოდა დარაჯად მის უმწეო გულკეთილობას?! არავინ, სრულიად არავინ, გარდა აშოტ საყვარელისა!

და შეებრალა ვაჟკაცს ქალი უმწეო, მტერთა და მოშურნეთაგან გარემოცული; გრძნობა აუდუღდა ისეც მისთვის გულმხურვალესა; თან შიში იგრძნო ქალის შესახებ, მძიმე რამ მომავალი განუჭვრეტელი, ბნელად მოდებული. თუ უბედურობა შეემთხვეოდა ქალს, ეს ხომ მისი ბრალი იქმნებოდა, მეფე აშოტისა, რადგან შუქური მან გაიტაცა ამ სახიფათო გზაზედ, მან წაართვა ქალს გული და გაიტანა მგესლავებით სავსე ალაგას.

- იცი, სიცოცხლევ, ძვირფასი რამ ხარ ჩემთვის, იმისთვის მეშინიან შენ შესახებ, დიდი რამ შიში მიბყრობს. ძრწოლა განუსაზღვრელი, ჩემთვის თითქმის შეუმართებელ-უძლეველი.

- გეშინიან შენ, მარავალჯერ სიკვდილის პირისპირ მხილველო?! გეშინიან შენ, უშიშარო?!

- არა ჩემი სიცოცხლის გამო! აქ არ ვიცი შიშნეულობა. იმასა ვფიქრობ, არაფერი აგვიტეხონ მოშურნეებმა.

- რა უშავს, ჩემო ხელმწიფევ! მე სრულებით არ მაფიქრებს ეგ: თუ ავი შემემთხვა შენის გულისათვის, თუნდაც სიკვდილი, საამო იქნება ის ჩემთვის, სასიქადულო. თავსამც შემოგევლების შენი შუქური.

- მე ხომ საბრალო შევიქმნები უშენოდ, გაუხარებელი, სიცოცხლე მობეზრებული. მზის შუქი ლახვრად დამესვება გულს შუქურის დამკარგავს; მთვარის შარავანდედი ბნელ საბურველად მოედება ჩემს სულს, შენს შუქს მოკლებულს; ვარსკვლავთ ციაგი არსებას ჩამიბნელებს შენგან მოწყვეტილს. აღარად ვევარგები უშენოდ: უსულო როგორღა გამოვსდგები ან რიღასთვისა, ჩემო სულისდგმავ!

- ახ! რად გეკეთე ეგრე მეტად, ვაჟკაცო ჩემო. ტრფიალის ნაცვლად რა შემოგძღვნა საწყალობელმა?! სიცოცხლე დავსდვა შენ საამოდ, სული გავსწირო!

- ამბობენ, ქალ-ვაჟი წყვილად შეიქმნებიანო განგებისაგან ერთმანეთისათვის, მხოლოდ ის იშვიათნი იგემებენ უშრეტ სიამეს, ვინც შეჰხვდებიან ერთმანეთს ზღვაში ცხოვრებისა; სხვები დადიან განუჭვრეტელ სიბნელეში მნათობთაგან გაბრწყინებულ დედამიწაზედ.

- მართალი იქმნება. რა ბნელი იქმნება უშენოდ ჩემი სიცოცხლე! მთლად ძნელი იქმნება იგი, აუტანელი.

- გეთაყვანე, ჩემო ლამაზო!

- აშოტ საყვარელო, მითხარ, მანუგეშე: უთქვამთ, ჭეშმარიტი. სიყვარული დაუსრულებელია, ვით ჟამთა დენა: უკვდავიაო, ვით ღმერთი, რომელ არს თვით სიყვარული. თუ ესეა, მაშ იმ ქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა ამ ქვეყნიური, და უფრო ამაღლებულიც, მთლად განწმენდილი, უფრო უტკბესი.

- ამაზედ ტკბილი?! უფრო სპეტაკი?!.

- ნეტავ ერთად იხოცებოდნენ მოსიყვარულენი! მოვკვდები, სული შეუდგება სავალს დაუსრულებელს. სადღა გიპოვო უსამზღვრო სივრცეში?! გამტანჯავს შორს ყოფნა შენი, მთლად გამაწამებს. მსურს შენი ვიყო მე იმ ქვეყნადაც, შენი სიახლით ნეტარყოფილი მხევალი შენი! - უთხრა ქალმა აღტაცებით

და გადაეჭდო ბუმბერაზს, მიეკრა, მიეწება, ყელ-ყურში ჩაუყო სახე, მთლად გადაბურა თმათა ტევრებით. უყვარდა აშოტს ქალის თმის ჩაშლა. ვაჟკაცს მტკიცედ ეჭირა ქალი მძლავრ მკლავებში, როგორც სიცოცხლე უძვირფასესი, ვით ნეტარება მისთვის ხორცსხმული, როგორც სიამე გამოუთქმელი. იკრავდა იგი ქალს მძლავრ მკერდში და აღთქმასა სდებდა, არ გაეშვა იგი, არ დაეტოვებინა არასოდეს, არც ამ ქვეყნად, აღარც იმ ქვეყნად.

67

- აშოტ, ჩემო რაინდო, სატრფოვო ჩემო, მეფევ, ძლიერო! ნუ დამიტევებ, ნუ განმეშორები... არ მომაკლო შენი სიყვარული... რა ძნელია ჩემთვის შენი დაშორება!..

- არა! რამ შეგაკრთო? რამ გაფიქრებინა?

- მომეჩვენა ბურანში, თითქო შავმა რამ ხელმა, შორით გამოწვდილმა მიბყრო; უფსკრულისაკენ მეზიდებოდა უფსკრულის ნაშობი. იმ ჭვანგებიან ხელის ძლიერებამ შეასუსტა ძალა შენი: ნელ-ნელა იხსნებოდა ჩემს გარშემო რვალის რკალი შენის მკლავისა. სევდა მიხუთავდა გულს. ძრწოლა მომიხდა; ბნელი მფარავდა. ხმა აღარ მქონდა დამეძახნა, მეხმო შენთვისა. გავიბრძოლე. გამოვფხიზლდი. დახე ჭირის ოფლს!

- დაიწყნარე გული: ვერც ბრჭყალმა ჯოჯოხეთისამ წარგიტაცოს ჩემგან! დატკბი, უტკბესო გოლეულისა.

ჩაეძინათ ნეტართ. ტკბილად განისვენებდა ორი ერთქმნილი. სიყვარულს შეედნო ისინი ერთმანეთისთვის, შეედუღებინა, ერთსულ ექმნა მეფე და მხევალი, ერთ ხორც და ერთ არს. ივსებოდა ბუმბერაზი სიმშვიდით ძლევამმოსილითა: გრძნობათა არეში მთლად კმაყოფილი, ჰაზრთა არეში თავისუფლად შესძლებდა აწ აღმაფრენას, რომ ჭკვიანად განეგო სამეფო თვისი, მყარის გონებით, დინჯად მჭვრეტ ჰაზრით. ნებისყოფა მისი უტეხ ძალას იძენდა ვნებათა მშვიდ აცისკროვნებაში ძლიერებას მეფურს, რომ ურყეველად წარემართნა განგებისაგან მისდა მინდობილი ბედი ქართლისა.

შუქურიც ღვივდებოდა და იფურჩქნებოდა მხურვალე მკერდზედ მძლედ მებრძოლისა, მაცოცხლებელ ცეცხლს შეისუნთქავდა მშვენიერი, რომ უხვობით აღევსო სხივოსანი არსება თვისი, სიცოცხლის მომცემელი სითბოთი და ულევ-უშრეტელ მშვენებად მოჰვლინებოდა თვის რაინდს, ვითა მზე დილით მიწყივ ახალი.

ეძინათ მიჯნურთ ნეტარის ძილით და ზეცა აკურთხებდა მათ ერთობას სახიერს, მთვარე გულსავსე სდარაჯობდა მათ სიხარულსა, ვარსკვლავნი შორით უღიმოდნენ მათში ნაქვთად ასახულ სიყვარულს უსამზღვროს, დაუსრულებელს, ყოვლად კეთილსა, ყოვლადვე ნეტარს.

ბნელიდან კი, შავ-ბნელ ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, მძიმე ღრუბელი ამოსჩენოდა მათ სავსე ბედნიერებას, გამანადგურებელი წარღვნის ღრუბელი გულშავი. მოშურნე სატანაილის ფრთებად მოსჩანდა კვამლის ღრუბელი საბედისწერო. სად წაუვიდოდა მას თუნდაც ნასახი ნეტარებისა, სიამე უჩრდილო, ღიმილი ვარდისებური? ვერსად! იგი ბოროტება ბნელ კვამლად შენივთებული ყველგან დაჩრდილავდა სიკეთეს ლამაზს, სიამეს სასურველს: იმისთვის იყო იგი ქვესკნელით ამოწვეული, რომ დაეხშო ყველგან ციაგი კეთილობისა, მოესპო ქვეყანაზედ სიყვარული, შუქება იგი ყოვლადსახიერისა. ეძინათ მიჯნურთ, არ ეძინა მიჯნურობის მტერ ბოროტებას, მის უარმყოფელ სიავეს შავსა.

თითონ დედოფალი მხოლოდ სწყრებოდა, ბოროტდებოდა, მაგრამ არავითარ საწინააღმღეგო მოქმედებას არ ადგებოდა: თავმოყვარება ნებას არ აძლევდა დიდებულს დახრილიყო თავის მხევლისადმი, ხელი აეკრა მისთვის, გზაზე ჩახერგილისათვის; არც თუ ქოშის წაკვრას კადრულობდა თვისს სავალიდან დაბრკოლების გადასაგდებლად. იქნება შიშიც ჰქონდა გულს ჩასახული, მეფე-მეუღლის წინაშე კრძალვა თუ რიდი. უკვირდა დედოფალს, რომ მისი ქვეშევრდომნი, მისი ესე დიდად თაყვანისმცემელნი თითქო ვერა ჰხედავდნენ, რა უსიამოვნო ყოფაში ჩავარდნილიყო მათი მბრძანებელი, არა სცდილობდნენ, აეშორებინათ მისთვის წყარო ჯავრისა. ჰკვირობდა დედოფალი და ამაყად გაჩერებულიყო. წინათ რომ ამბობდა ამ უსიამოვნო საგანზედ, ეხლა ხმას აღარ იღებდა; ქმარსაც კი აღარას ეუბნებოდა იმ უკანასკნელ მკაცრ კამათის შემდეგ. ჩაკეტილიყო დედოფალი თავის ნიჟარაში და ცივად გამოიყურებოდა იქიდან, ბოროტად, მედგრად. სახის მეტყველებაში თუ შეატყობდა მას მახლობელი, რომ გენია ეგზნო მანდილოსანის ჩაკეტილ გულში, ცეცხლი საშიში. ვინმე გარეშე ამასაც ვერ შეამჩნევდა: ცივად ებყრობოდა დიდებული ადამიანი ყველას, უკიდურესი თავდაჭერით. ეს ხომ ბუნებრივი იყო სვესრულ და ფრიად განდიდებულ დედოფლისათვის. ფარულ ცეცხლს ცხადადა ჰხედავდა მხოლოდ მონაზონი თებრონია, დედოფლის მესაიდუმლოვე. და ცდილობდა ჩაექრო მფარველის გულში ალი შემწველი.

- მოისპოს წინააღმდეგი შენი, შემაგინებელი წმიდის ქორწინებისა; აღმოიფხვრას იგი ძირიანად!

- არა კაც კლა!

- ვიტვირთებ უტვირთებელს სადიდებლად ღვთისა!

- მევე მატვირთებ! მის მოსპობაში დაინახავენ ჩემს ხელს დედოფლის მარჯვენას არ შეჰშვენის მხევლის სისხლით შეღებვა.

გონებას მისცემოდა დედაბერი, როგორ მოეხერხებინა. მოესპო სამეფო პალატიდან იგი მეძავი, მეფის ძლიერებით შემოზღუდული, არა ჰზოგავდა თავს. სცდიდა საშუალებებს. ამაოდ! ბედი სწყალობდა შუქურს: მის მტერთაგან ნატყორცნი ისარი უხილავ დაბრკოლებას ეხეთქებოდა და უკუსხლტებოდა. დედაბერი მაინც არა სცხრებოდა, ებრძოდა გაბოროტებული მის გულსაყრელად განსახულ ტრფობას. აღუთქვა დედოფალს და თავმოყვარებაც ნებას აღარ აძლევდა გაეცხადებინა თავისი უძლურება; შეურაცხიყოფოდა საიდუმლო ეკლესიური და ვალდებული იყო მონაზონი განემტკიცებინა სჯული ქრისტესი; ირღვევოდა ქრისტიანული ზნე-ჩვეულება, ის კი მხედარი იყო, ქრისტიანული ქცევის დამცველი. გულის სიღრმეში ჰშურდა კიდეც ქალისათვის მიჯნურის ხლება: თითონ რომ ვერ ეწია ოდესღაც ამ სიამეს, მის სულში რომ ამოიშრიტა წყარო იგი ცხოვრებისა მაგრილებელი, მტრად ჩაუდგა გასასტიკებული ყოველგვარ სიამეს ტრფობიდგან ნაშობს.

- თუ მოისპობა ქვეყანაზედ მიჯნურობა საოცნებო, აღარ იარსებებს მოქმედი სიყვარულიც, დარჩება მხოლოდ სიძვა ცხოველური მოდგმათა განსაგრძელებლად.

- აღმოიფხვრას ყოველი სახე ხორცთა ნდომისა! ითრგუნოს ხორცი, ჭური ცოდვისა აუვსებელი! იხაროს სულმა! ცათა მცხოვრებნი არ განიცდიან ყოფას სამიჯნუროს და ნეტარობენ შემოსილნი ნათლითა ღვთისა.

- არ განიცდიან სრულებით ტრფობას? არ არსებობს მათ შორის ნასახიც მიჯნურობისა, თუნდ შორეული შუქი ამ ნათელისა?

- არა!

- ანგელოსნი მთლად გაძრცვილ არიან ბუნებისაგან ნივთიერისა?!

- არა!

- მაშ იარსებებს იმათშიც ეს სიყვარული...

- არა!

- აღდგენილი ხორცი მშვენიერი მოკლებული იქნება ლამაზ თვისებას მიჯნურობისა?!

·       ოღონდაც!

· და მაინც იქ სიამე სრული, ნეტარება ნათელი, სავსება კმაყოფილებისა?! შეუძლებელია...

ცდილობდა გულსასტიკი მონაზონი აღმოეფხვრა სამეფო ოჯახში ნასახიც ტრფობისა.

- აბა, დედოფალო, დახედე, რა მშვენიერი საკეკლუცოა ეს.

- ლამაზია, გემოვნებით ნახელოვნები. ვისია, რომ ეგრე სათუთად შეგიხვევია? - ჰკითხა დედოფალმა.

და ხელი შეახო ქალის გულისპირს ლბილი ფარჩისას. ოქრომკედით იყო კუწუბო გამოყვანილი. აქათ-იქით ყლორტებზედ თავდახრილი ყვავილები ოქრომკედითვე.

იმისი, იმ მეძავისა!

შუქიასი? რად მოგიტანია აქ?! - წარბშესკვნით მიჰმართა დედოფალმა

და გადააგდო ხელიდან ფარჩა. ხელმანდილით გაისუფთავა სათუთად შენახული თითები, დროთა მსვლელობით მაინც ანაოჭებული.

- იდუმალ წამოვიღე მისგან. ხერთვისს გავგზავნე შესალოცველად ხერთველ დაროსთან. მოგეხსენება, რა ძლიერი მკითხავია. წამალიც მოვატანინე იქიდან. მოეცხება თუ არა ქალს ეს საცხებელი, ვაჟკაცს მგლის სახით მოეჩვენება იგი, სამუდამოდ უარჰყოფს მას.

- უარჰყოფს?!

- მყისვე, დედოფალო!

- ცოდვა რომ არის მარჩიელთან სვლა, მეტადრე შენთვის, სჯულისთვის თავდადებულისა?

- თუნდაც წავსწყდე, ოღონდ სჯული არ იქმნას შებღალული. სულს დავსდებ შენთვის და დიდებისათვის ეკლესიისა. მიზანი ჩემის მოქმედებისა - დიდება ღვთისა, კეთილდღეობა ხალხისა.

- კეთილდღეობა ერისა?

- დიაღ! თუ არ მოისპო მეძავი იგი, დააკნინებს დიდებულ მეფეს, თავის კალთაზედ გამოაბამს მებრძოლ ბუმბერაზს, ვით დალილა ახალი სამფსონს ახალსვე.

შეაპარეს შუქურს გულისპირიც, შელოცვილი წამალიც მოტანილი. გულისფანცქალით უცდიდნენ შედეგს. ამაოდ უცდიდნენ: მეფე უფრო თავს ევლებოდა ქალს. ალბად მტრედის სახით აჩვენა იმ წამალმა ქალი, გვრიტის რამ იერით უმანკოისა. ჰკვირობდნენ. გასაკვირველი კი არაფერი იყო: შუქურის სახიერებას თუ გულკეთილობას ყველანი მოეხიბლა მის გარშემო და იმ მოახლემ, რომელიც განაზრახეს ქალის მტრებმა, უკანასკნელ ჟამს გასცა საიდუმლო. დაღონდა შუქური, შეკრთა, შეშინდა. აშოტმაც გაიგო ყოველივე.

- წამართმევენ, მომტაცებენ, მოსპობენ! - გაიფიქრა მან

და გააძლიერა სიფრთხილე ქალის გარშემო. ეხლა გაძნელდა ვნება, შეუძლებელი შეიქმნა, ფრიად საშიშიც. მეფეს შეეძლო შური ეძია, თუ რამე საფრთხე დაატყდებოდა მის სატრფოს; ხოლო შურისძიება აშოტისა მეხი იყო ზეციური, მედგარი მომსპობელი, მანადგურებელი.

68

როცა ამაოდ დაურჩა თებრონიას ყოველივე თავისი ცდა შუქურის წინააღმდეგ, როცა ნახა მხოლოდ თავისი ძალებით საწადელს ვერ აუსრულებდა დედოფალს, ვერ გამოვიდოდა მძლე მებრძოლად, დამთრგუნველად მეფის სასახლეში მოვლინებულის ცოდვისა, კვლავ მიჰმართა გრიგოლს: მისი ფიქრები ყოველთვინ ამ გულთამხილავთან თავდებოდნენ, მისი ძლიერი გრძნობები მარად ხანძთისაკენ მიისწრაფოდნენ, ნებისყოფა მისი საბოლოოდ გრიგოლის უტეხ სურვილებს ემორჩილებოდა.

- მაცალე პასუხი! გითხარ მაშინ, ვიფიქრებ-მეთქი. მაცალე! ვილოცავ, შთამაგონოს ზეცამ თვისი ხმა, ილოცე შენც! ბრძოლა გვიძს ძნელი, მრავლად შეგვხვდების განსაცდელი. ძლიერია მებრძოლი ბნელი. იარე! - უბრძანა ბერმა და განშორდა.

ფიქრობდა ბერი. ახალ საშუალებებს არჩევდა, უკეთეს გზას იკვლევდა. იცოდა, თუ ერთხელ დაადგებოდა რომელსამე ბილიკს მოქმედებისას, აღარ შეაყენებდა თავის სვლას, ვეღარსაით შეუხვევდა იგი; ბოლომდის მივიდოდა ან გზაზედ დაიღუპებოდა. არ იყო ისეთი ძალა, შეეყენებინა ის მიზანში ამოღებულ საგნისადმი მსვლელობაში.

მაინც ვერ გაბედა ეტვირთნა სამძიმო საქმე მხოლოდ თითონ; გაანდო თავისი სურვილები მოღვაწე სალოსს, რომელი ცხოვრობდა მთლად განდეგილად და დამსახურებული ჰქონდა სახელი წმიდანისა. მოუსმინა დაყუდებულმა, მოუწონა განზრახვა: მაინც ჰკითხა:

- ამხილე პირისპირ? განუმარტე სიავე მისი უშვერის ქცევისა? ევედრე, დაეტოვებინა ცოდვა თვისი და შეენანა?

- ვამხილე, განვუმარტე მისი მოძღვრის პირით, მაგრამ ამაოდ.

- მიდი შენ თითონ! ევედრე ღვთის სახელით. უკეთუ არ მოინანიოს... იყავნ შენდა, ვითარცა წარმართი!

დაჰმორჩილდა გრიგოლი, ეახლა მეფეს: ამხილა იგი, მოსთხოვა უკუეგდო საქციელი თვისი ბოროტი. მჭევრმეტყველი იყო გრიგოლ, ოდეს აღიგზნებოდა ცეცხლით ღვთიურით. ააღელვა აშოტი, მეტად ჩააფიქრა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო განეტევებინებინა დედაკაცი იგი: მეფე სავსებით ჰმონებოდა თავის გულისთქმას. მიჰმართა გრიგოლმა თავისგან რჩეულ საშუალებას. მოუწოდა წინამძღვარს დედათა სავანისა.

- თებრონიავ, დაო ჩემო სულიერო, მხევალო ეკლესიისავ, რჩეულო! დადგა ჟამი, მოისპოს მრუშობა მეფის სასახლეში, ამოიკვეთოს იგი ძირიანად. დაეხმაროს სავანე შენი ეკლესიას ამ განზრახვაში!

- დაეხმარება ღვთით!

- შენმა მონასტერმა იტვირთოს მოსპობა იმ ცოდვისა, თავს იდვას მტკიცედ. აცხოვნოს წყმედილი იგი ცხოვარი რჩეული, ან დასდოს თავი სჯულისათვის წმიდისა!

- დასდვას თავი სჯულისათვის ტკბილის იესოსი!

- გახსოვდეს! დღეს შენა ხარ იგი მონასტერი: იქ უკლებლივ სრულდება ნება შენი; შენ აგებ პასუხს, თუ შეცდომა მოხდა ნატვირთის ასრულებაში ან რყევა რამე განსაცდელის დროს. სასტიკი იქნება განკითხვა შენი!

- აჰა, მხევალი მორჩილი წინაშე მეუფისა ყოვლად ძლიერისა!

- იყავნ! მისმინე: დიდმარხვაა აწ, ჟამი სინანულისა. მეძავს განუმარტოს ვინმე სანდომ, რომ მან დრო მისცეს მეფეს მარხულობისა და ლოცვისა, რათა ღირს იქმნეს მიიღოს მან წმიდა საიდუმლო; ეს არ ეგების. სინამ გვერდს ახლავს ის აშოტს, ვერ შესძლებს სათანადოდ სიწმიდის დაცვას.

- უყვარს აშოტი, იზრუნებს მის სულზედ. მე თითონ ვიდებ თავს მაგ დავალებას.

- განუმარტე, რომ მეომარი კაცია, შემმართებელი და ვინ იცის, რა ჟამს, რა ადგილას მოელის განსაცდელი; ყოველ ჟამს მზად უნდა იყოს წარსდგეს სამსჯავროსა მას ზეშთა მეუფისა. ხომ მორწმუნეა ქალი?

- გარეგან სახით კეთილმორწმუნეა იგი ეშმაკეული და სათნო.

- უთხარ თითონაც უჯობს შეემზადოს, განიწმიდოს ცოდვათაგან აღსარებით და მიიღოს წმიდა საიდუმლო. აშოტისათვისაც, მისთვისაც სარგო იქნება განმარტოვება მცირედ ხანს. მიჰხარე მისი ჰაზრი ამ სავალისკენ. იყავ მონასტერში, არ მოჰშორდე მის ბჭეს. რა გიხმო, ისწრაფე!

დედაბერს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კიდევ ჩაეკითხა ამის შესახებ. სდუმდა მოღვაწე ჩაფიქრებული. მიჰმართა ბოლოს:

- იცის ქალმა რომ შენ მოაწყე მკითხავისაგან წამლის მოტანა?

- არა! სხვის ხელით მოვაგვარე ყველაფერი, სხვის პირით. დედოფლის მეტმა, არავინ იცის, რომ მე ვმოქმედობდი, - მიუგო მონაზონმა

და კითხვით მიაბყრო გრიგოლს თვალები: ელოდდა მისგან რამ განმარტებას. ამაოდ ელოდდა: სდუმდა ბერი თავდახრილი.

თებრონიას ტყუილად ეგონა, რომ მისი განზრახვა არავინ იცოდა, მის მოქმედებას არავინ ადევნებდა თვალს. იქვე, მის მონასტერში, იყო დათაგანი, მისგანვე მიჩნეულ-პატივცემული, რომელიც სრულებით არ იზიარებდა თებრონიას სიძულვილს შუქურისადმი, ხოლო მის კავშირს მეფესთან მსუბუქ თუ ლამაზ ცოდვადა სთვლიდა, რომელს უთუოდ აპატიებდა ღმერთი სახიერი. ესე მსჯელობდა დაი თემისტო იმისთვის კი არა, რომ მრუშობა არ მიაჩნდა მძიმე ცოდვად; იმიტომ, რომ მოხიბლული იყო შუქურის სიმშვენივრით თუ სათნო ბუნებით; მიხვედრილიყო კიდეც, ალღოთი შეეგნო, რომ იგი კავშირი მხოლოდ გარეგანი სახით ემსგავსებოდა მრუშობას, ეკლესიისაგან დასტურ დაურთავი, თვისი ბუნებით კი ტრფობა იყო ნამდვილ მზიური, რომელი თავისთავად არის დალოცვილი, რომელს არ ესაჭიროება კურთხევა სხვისი. ვერ შეეძლო წარმოედგინა, რომ ის წყნარი ქალი ყოვლად კეთილი იქმნებოდა ეშმაკისაგან ანაზრზენი ჭური ცოდვისა, ვერ შეჰრიგებოდა ამ ჰაზრს. ყოველ ნახვაზედ რწმუნდებოდა, რა უმანკო იყო შუქური, ვით ქალწული უბიწო: ცოდვა ვერ ამღვრევდა მის ფაქიზ სულს სახიერს, ცოდვის ისარი განხურვებული სხლტებოდა მის ბროლივით გამჭვირვალე არსებაზედ, იტყორცნებოდა. რჩებოდა ქალი მარად უებრო. შეჰყვარებოდა თემისტოს შუქური იშვიათი ტრფიალით ქალისა ქალისადმი და მზა იყო ეხსნა იგი ყოვლისაგან ბოროტისა. იგრძნო თემისტოს გულმა, რა ავად აღგზნებულიყო თებრონია ქალის წინააღმდეგ და თვალს ადევნებდა ყოველ მის მოძრაობას განწირულის წინააღმდეგ. მონაზონმა ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა შუქურის გალიაკში იმ მოახლისაგან, რომელი მოხიბლული იყო შუქურისაგანვე და რომელმაც ამცნო ქალს წამლისა და მკითხაობის ამბავი.

ჰპოვა გრიგოლმა ჟამი მარჯვე, ოდეს აშოტი შორს იყო; წავიდა იგი შატბერდით არტანუჯს და მიიწია მიმწუხრს ძირსა ციხისასა. შეუთვალა შუქურს:

- დავიღამე აქ, წარმომიგზავნე სანოვაგე მცირედი ჩემთვის და ჩემ თანამგზავრ წმიდა მამათათვის.

შუქურმა სიამოვნებით გაუგზავნა საზრდო მრავალფერი. იწვია მოღვაწენი. გრიგოლი არ ავიდა სასახლეში, ღამე იქ გაატარა, ციხის მახლობლად. გათენდა. მიუგზავნა შუქურს კაცი; სთხოვა, მისულიყო მის სანახავად. სიხარულით დაჰმორჩილდა ქალი, მსწრაფლ მივიდა წმიდისა მისთანა ორითა მხევალითა თვისითა: უხაროდა ლოცვა-კურთხევის მიღება ღირსისაგან. გრიგოლმა არ აკურთხა ქალი, ჯვარი არ გადაჰსახა მას. უბრძანა განშორებულად დაჯდომა. თვის მოწაფეებს და მსახურ ქალებს ანიშნა, შორს გამდგარიყვნენ. მყისვე განშორდნენ, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მოვლენილ იყო. უთხრა ნეტარმან გრიგოლ:

- საწყალობელო, რისთვის ჩაჭრილხარ ცოლ-ქმართა შორის ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკის მიერ? საფრთხედა ქმნილ ხარ სახელმწიფოსათვის!

მიუგო ქალმა:

- წმიდაო მღვთისაო! თავსა ზედან ჩემსა ვერ თავისუფალ ვარ: გარდარეული სიყვარული აქვს ჩემ მომართ მეფეს. აწ არ ვიცი, რა ვყო: ბრძანებამან შენმან შემაძრწუნა ფრიად.

- იქმენ სრულიად მორჩილი ჩემი! თავდებ გექმნე ქრისტეს წინაშე, მან, თავადმან, შეგინდნეს ბრალი.

- ხელთა შენთა ვარ, წმიდაო მამაო! უმჯობესი სულისა ჩემისა იზრუნე.

ჯვარი გადაჰსახა წმიდანმა, აკურთხა ლოცვითა, შეჭურვა მადლითა; მისცა თვისთა ხამლთა საბელი, რათა სარტყლად შეირტყას იგი. ჰყო მან ეგრეთ. უბრძანა ნეტარმან:

- დღეს იქმნების ცხოვრება სულისა შენისა. სანატრელისა დედისა თებრონიას წინაშე მიგიყვანო შენ. წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩემსა!

გაემართა შუქური. დაბრუნდნენ მხევალნი. შეუგნებლად მიდიოდა ქალი, თავის თავისადმი ანგარიშმიუცემლად. ემორჩილებოდა ბრძანებას ბერისას, მის თვალთაგან გადმომჩქეფარ ძალას ალივით ამწველს, რომელმან დაბუგა შუქურის ნებისყოფა და მთლად დაიმონა იგი. მიდიოდა ქალი, ვითარცა კრავი მსხვერპლად განწირული; ვიდოდა უთქმელად, შეუბრძოლებლად...

- ნუ მიხვალ, შუქურ! შესდექ, იყოვნე! გაიხსენე, ბედშავო მიჯნურის სახე, აშოტის ხვეწნა. ნუ მიხვალ, შუქურ!..

- ახ, ვერ გავაგონე, ვერ შევასმინე! ძლიერ შორს ვიყავ, მრავალ საუკუნეთა მანძილით დაშორებული...

მიდიოდა ქალი. რაც უფრო ჰშორდებოდა ციხე-პალატთა, ეწმიდებოდა ბურუსი გონების თვალთაგან, უნათდებოდა ჰაზრი ჩაბნელებული; ფხიზლდებოდა ნებისყოფა მიძინებული. აჩნდა გრძნობათა სარკეში სახე აშოტისა. შეკრთა ქალი. დავედრებული ჰქონდა, არავისთვის დაეჯერებინა სიტყვა, არავის რჩევაზედ არ გაეარნა, სინამ თვით აშოტს არ დაეკითხებოდა; მეტადრე გაჰფრთხილებოდა სასახლიდან წასვლას, თუნდაც ქალაქში ჩასვლას სამეზობლოდ.

- მივდივარ, ჩემო ყველავ, და გევედრები, ფრთხილად იყავი, არავის დაენდო: ბევრი მტერი გვახვევია გარს, ავის მსურველი; ხიფათს შეგამთხვევენ და დაგღუპავენ. შენთან, იცი შენ, დავიღუპები მეც: ვერ გავსძლებ უშენოდ.

- ავასრულებ, რაინდო ჩემო, ყოველ შენს სიტყვას. ძალიან კი დავღონდები უშენოდ, დავიჩაგრები. მეტად სწუხს გული ჩემი საწყალობელი, სევდა შემოსწოლია მძიმე, ჩაბნელებულია სული ჩემი შენთან გაყრისას.

- ნუ ნაღვლობ! გიბრძანებ, უკლებლივ აასრულო ჩემი სურვილი! მეფე გიბრძანებს, მიჯნური შენი. აჰა ბეჭედიც, მამტკიცებელი ჩემის სურვილის, კოცნაი ჩემი! - უთხრა ვაჟკაცმა

და უკანასკნელად აღბეჭდა კოცნა მის თეთრ ლოყაზედ სწორედ იქ, სად ვარდი გაშლილიყო ღია წითელი.

69

გაიარეს კიდევ და მიეფარა სასახლე მათგან. ეხლა მთლად გამოფხიზლდა ქალი. მიავლ-მოავლო თვალი იქაურობას და შეკრთა, შეშინდა: დედათ სავანესაკენ წარემართა გზა. მაინც მიდიოდა. მისდევდა ბერი, მისდევნიდა კრავს სამსხვერპლოსაკენ. იქ შეიწირვიდა მოღიმარე სიცოცხლე მისი, იქ ჩაილეწებოდა მაშრაფა იგი კეთილქმნილი, ყვავილი სარგველად სათუთად შემზადებული, უძვირფასესად მოხატული ხელოვანისაგან.

- რადაო? რისთვის?

- იმად, რომ იგი მშვენიერი სიხარულს ამრავლებდა ქვეყნიერებაზედ, ღიმილს სიამისას; ქვეყანა კი უნდა სტიროდეს ცოდვათა სიმძიმით მთხრებლს ჩათხეული.

- ეს ბერიც წმიდა, მონასტერში დავანებული მონაზონებიც მოძულენი არიან ჩემი და მისი, მტერნი არიან ჩვენის ერთობის, ჩემის და აშოტის კავშირისა; ცოდვად მიაჩნიათ სიყვარული, მანქანებად მავნე სულისა, და, ვინ იცის, რა ბოროტი მომევლინოს მათ ხელში, რა იწროება თუ ტანჯვა. ერთი კვირა დარჩებიო, ვაი თუ იგი კვირა თვედ გადაიქცეს, უფროც გაგრძელდეს. როგორ გავძლებ?! როგორ გასძლებს აშოტი ჩემი?! ცეცხლში ვიქნები უალოდ მწველში. არა არ შეიძლება ჩემი იქ წასვლა! - ფიქრობდა ქალი.

მაინც მიდიოდა წინ. მისდევდა ბერი მსხვერპლად განწირულ სიმშვენიერესა, თვალნი მიებყრო მიმავალ ლელწამტანისთვის. ვერა ჰხედავდა იგი სიმშვენივრეს, სრულებით ვეღარ არჩევდა სილამაზეს ღვთის ქმნილებისას. იგი ჰხედავდა თვის წინ მიმავალ ეშმაკეულს, ცოდვათაგან შეთხზილ მრუშობის ჭურჭელს. თვით სატანასა ჰხედავდა მწირი სიმშვენიერედ განსახებულსა და მისდევდა მას ფეხდაფეხ, როგორც მხედარი ძლევამოსილი მტერს ტყვედ აყვანილს. საბელიც ერტყა მისგან მონებულს, მისგან შემბული თოკი უწყვეტი, რომლის წვერი უხილავად თვით ებყრა ხელში.

ქალის გამოფხიზლება, მისი ნებისყოფის გაბრძოლება მაშინვე იგრძნო გრიგოლმა, კიდეც დაინახა: ყელი მოიღერა შუქურმა, უკლო სვლას, შეარყია ნაბიჯის სიმტკიცე. გასწორდა ბერი წელში, მიაპყრო თავის მსხვერპლს თვალი მბასრავი.

- სჯობდა, მამაო წმიდაო, მოგვეცადა, მოსულიყო მეფე.

- რად?

- ნაბრძანები მაქვს, არსად წავიდე სასახლიდან. ეჭვს შეიტანს ჩემს მორჩილებაში; ეწყინება, გაწყრება - სთქვა ქალმა

და უნებლიეთ ხელი მოისვა იმ ადგილას ლოყაზედ, სად კოცნით იყო აღბეჭდილი მისი ბრძანება, უკანასკნელი მუდარა თავდადებული მიჯნურისა. ბერმა ლახვარივით დაასვა ქალს თვალთა ისარი და უბრძანა რიხიანად:

- იარე, მხევალო ღვთისაო!

შეკრთა ქალი. ისევ გადატყდა მისი ნებისყოფა. ემონა ბრძანებას, განაგრძო გზა. მიჰყვებოდა ბერი უკან. თანდათან დაღუნა მან თავი, წელში მოიხარა; თითქო წელთა სიგრძე დააწვა მას ტვირთად რამ მძიმედ. ფიქრებს მიეცა უნებლიეთ, წარსულთა მოგონებას. გაახსენდა თავისი სიჭაბუკე. თვალთ წინ წარმოუდგა ახლად მოწიფული თებრონია, შველივით მალხაზი, გველივით მოქნილი ქალწული, რომელი მზა იყო ეშხის სხივად შემოჰხვევ-შემორტყმოდა მას, თავს შემოვლებოდა ხორცსხმულ ალერსად, სიამეთა ნავით გარდაეტარებინა ცხოვრების ზღვა დაუდგრომელი, აღყვავებულ წალკოტად ექცია ყოფის სიმძიმე შხამმორეული. შუქურის სახემ, მისმა სიტყვებმა ცხადად წარმოუყენეს მას გონების თვალთ წინ ის ვარდობის დრო, როდესაც მისკენაც იყო გაწვდილი ფიალა. სიხარულისა პირთამდინ სავსე. ხელი აჰკრა მაშინ მისდამი მიწოდებულს თასს ბედნიერებისა, დაანთხია ნექტარი მაცოცხლებელი, დაღვარა იგი თვისთვისაც და იმისთვისაც, მიწას გარია. უარჰყო მაშინ ნეტარება ქვეყნიური, დაშალა მაშინ ნივთიერი სავსება თვისი და სხვისი... კეთილ ჰქმნა იგი? იქნება მით შეამცირა ქვეყანაზედ სიხარული თუნდ ერთის ქრთილით და უნებლიეთ მეტი გზა მისცა მწუხარებას ბნელს. ქვეყანა ისეც ბნელთა სამფლობელოა, სოფელი ისეც შემძიმებულა ბოროტისაგან, მუქად მოსილი.

და თვალწინ წარმოუდგა ბერს აწ თალხებში მჯდომი თებრონია, რომელი ალბათ უკვე იგრძნობდა მის მიახლებას, მისკენ სვლას გამარჯვებულის წმიდანისას, რომელი არგნით მისდევდა სჯულის მრყევ მეძავს, სიმშვენივრეს ეშმაკეულს, თვით ეშმას ხორცსხმულს, ლამაზის სახით მოვლინებულს; ეჰ, მაინც მშვენიერს! და ეხლა არც თუ ისე მიმზიდველი ეჩვენა ბერს სასტიკი მოლოზანი, ღვთაებრივი რამ შურით თვალებამომწვარ-ამოშრეტილი, ლამაზ ტრფობით აღვივებულ იმ თებრონიასთან შედარებით.

- განვედ ჩემგან, მაცთურო ბოროტო! განმერიდე, შთაგონებავ მავნე სულისა! ჭეშმარიტად თვით ეშმაკია მეძავი ესე მშვენიერად მოჩვენებული! - შერისხა ბერმა ამაო მოგონებათა მიზეზი.

და შესდგა. მიმართა ქალს:

- შვილო ჩემო სულიერო! ჟამია, ვყოთ ლოცვა: მიახლებული ვართ სავანესა წმიდასა, ჯერ არს აღვავლინოთ გულნი ჩვენნი წანაშე ზეშთა მეუფისა!

გაახშირა მწირმა პირჯვარის წერა და მეტანია. წარსთქვა ლოცვები. ქალი იდგა ქანდაკებასავით ჰაზრებმიმქრალი, გრძნობაჩახშული, ნებისყოფა ჩატეხილი-ჩამსხვრეული. იდგა უძრავად ქალი, რადგან ჯერ არ განაგრძობდა გზას მისი მბრძანებელი საკვირველთმოქმედი.

- იარე!

- გაემართნენ უჩუმრად, პირდაპირ შეურხეველ-შეურყეველის ნაბიჯით. დედათა მონასტერს უკვე ეგრძნო საკვირველ სტუმართა მოახლოება.

- დაო ირინე! მიხედ-მოხედე მანდაურობას, ოსტინგი განამზად-დაასუფთავე: მომავალს მეუბნება, თითქო ძლიერი ძალის მექონი ვინმე მოახლებია ჩვენს სავანეს, სტუმარი დიდებული.

- მეც ამითამაშდა თვალი, მაგრამ ვერ გავბედე თქმა, არ შემრისხოს-მეთქი მისნობისათვის.

- გულმაც მიგრძნო: შორეულმა ძალამ ამიღელვა გრძნობა, გზისაკენ მიჰმართა ჩემი თვალები.

- იქნება წინათგრძნობა თუ მომავლის ნიშნები ხანდისხან ცრუმორწმუნება არ იყოს, იქნება ადამიანის სული უფრო შორსა სჭვრეტდეს, სინამ მისი თვალი თუ ყური.

- ვინ იცის! დიდ არს განგება უფლისა და მიუწდომელ.

ამ ლაპარაკში იყვნენ მონაზონები, როცა ჭისკრიდან შემოირბინა მორჩილმა გოგომ და დაიძახა:

- გრიგოლი მოდის, ღირსი მამა ჩვენი გრიგოლი!

- გრიგოლი?!

- დიაღ! წინ ვიღაც ქალი მოუძღვის. მშვენივრად აცვია. წუღები და კაბის კალთები კი სულ დამტვრიანებია. გზაზედ დავინახე და მაშინვე გამოვიქეცი აქათ.

მონასტრის ეზოში ჩოჩქოლი შეიქმნა, მითქმა-მოთქმა, ერთმანეთის ძახილი. დაჰკრეს ძელს, დარეკეს. შეიკრიბნენ დები სავანისა. გაემართნენ კარებისაკენ თებრონიას წინამძღვრობით. საკვირველი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ: ფეხით მოდიოდა მდიდრად ჩაცმული ქალი; უკან გრიგოლი მოსდევდა არგნით ხელში. მოხრილიყო ბერი, უძლური რამ მოხუცის სახე მიეღო. ქალი, წელში გამართული მოაბიჯებდა, მისი სახე უძრავი იყო, თითქო უსისხლო; ხედვის ისარი ერთს წერტილზედა ჰქონდა მიბყრობილი, გაყინული, უაზროდ გარინდებული.

- დაიცათ, შესდექით! შუქურია ეს, მეძავი მეფის მხიბლავი, ბრძანა თებრონიამ

და წანვლო წინ, მიწამდინ თავი დაუკრა წმიდანს, ხელს ემთხვია მას. მიესალმა ქალსაც; შეიცოდა, რომ დაღლილიყო გზაზედ. შუქურმა ხმა ვერ გასცა, თითქო ეძინა თვალხილულსა.

- იღვაწე ესე ჯერისაებრ! კეთილად დაიფარე დედაკაცი ესე. მტკიცედ დაიცევ საფარვლისა ქვეშე წმიდისა ამის სავანისასა, რა ჟამს ძიება ჰყოს მეფემან აშოტ. იტვირთე!

თებრონიამ ხელი უბყრა შუქურს, შეიყვანა მონასტერში; ჩააბარა სხვას; თითონ გამობრუნდა გრიგოლთან. დაიხშო კარი შუქურისადმი მიჩენილის სენაკისა. დაიხშო ბჭე ცხოვრებისა სიცოცხლის ასაყვავებლად მოვლინებულ ქმნილებისათვის. იქ, იმ მონასტერში, უნდა მოენანნა შუქურს თვისი ცოდვა მომაკვდინებელი. და რა ცოდვა ჰქონდა ამ ღვთის შვილს გულწრფელს, ყოვლადსახიერს?!

მშვენიერ ყვავილად რომ დაებადნა იგი შემომქმედს, თვალთა სასიამო ქმნილებად სათაყვანებლად, ეს იყო ბოროტება შუქურისა; მისი სიკეკლუცე ხორციელი, მისი სინარნარე თანდაყოლილი, სიმშვიდე თუ მოსიყვარულე გული ყოვლად კეთილი, რომ უძლევლად იზიდავდნენ მისკენ ბუმბერაზ მეფეს საქართველოსას, ეს იყო ცოდვა მისი შეუნდობელი. თითონაც რომ გაებედნა შუქურს და შეჰყვარებოდა დიდი აშოტი, თავისი ქალობა რომ ფიანდაზად დაეფინა მისთვის სამუდამოდ. მის გასახაროდ, მის სანუგეშოდ, ეს იყო ის დიდი შეცოდება, რომელი თურმე ვერ ეპატიებოდა მას ვერც ამ ქვეყნად, ვერც თუ იმ ქვეყნად.

- ქვა უნდა დაჰკრიბო მასზედ, უნდა ჩაქოლო მეძავი ბილწი!

- რადა? მისთვის, რომ თვით მშვენივრებაა ხორცსხმული, თვით ტრფიალება ცხადად სახული? მისთვის, რომ ამრავლებს ქვეყანაზედ სიმშვენივრეს და სიყვარულსა?

- ყალბსა სიყვარულს ეშმაკეულსა, სიმშვენივრესა სატანასებურს, ხორცთა ამაზრზენს, ვნებათა ჩანმთქმელს.

- სიყვარული ეშმაკეული; სიმშვენივრე სატანასებური! ნუთუ შემომქმედს, თვით უხრწნელ სიმშვენივრეს, თვით სიყვარულს შემოუწერელს, მოსტაცა ბნელმა ნაწილნი ნათელისა?! იქნება ჭეშმარიტებაც წარსტაცა ბნელმან მას, ყოვლად ჭეშმარიტს?! მე კი ვგონებდი: სიმშვენივრე, სიყვარული, ჭეშმარიტება ნაწილნი არიან უსამზღვროის მის ნათელისა, ქვეყანაზედ ჩვენდა სანუგეშოდ ცხადქმნილ-მოვლინებულნი.

- იყუჩე! სატანაილი დაჰხრის შენს ჰაზრს გარესკნელისკენ, განგცდის შენ ეშმაი ბილწი განცდით ძლიერით!