თბილისი - ჩემი ღვინის ჭიქაა,

მუხამბაზებით, ატმით, მაჯამით...

ხმელეთის გულის სითბო შიგა აქვს...

თბილისი - მარჯნის ვარსკვლავთა ჯამი!

 

ხელებს მიწოდებს ძველი ლექსებით,

ყოველი სიტყვა ნაკვერცხალია,

იოლად როგორ გამოვექცევი,

საუკუნეთა ნაკოცნარია!

 

თუ ჰქონდა ბედი გარიყულისა,

დიდება მისი როგორ დაიყოს?

ხომ უმაღლესი ნარიყალისა,

პატარა კახის გმირობა იყო!

 

იდუმალ ვუსმენ კომშისფერ სიონს,

და მის ღაღადისს აგებულს ხმალზე...

გინდ ბულბულთ ურდო შემომისიონ,

არ გავცვლი მტკვარის ჭაღარა ხმაზე...

 

აქ, ამ ქუჩაში უსაბურველოდ

მშვენიერება ღიმით სეირნობს,

აქ, უკვდავება ვარდში სურნელობს

და არა ჰყვავის სათვალსეიროდ.

 

ძველ ქალწულების ნაზი ღიმილი

აივნებს კიდევ შემორჩენიათ.

თითქოს იქ, ვიღაც სევდით მიმელის,

ავად არის და ვერ მორჩენილა!...

 

...შენ დაგეძებდი... ამბრის ამბორით,

შენი ხოხბისთვის არ მიდევნია?

ატმის და ნუშის ყვავილთა ბოლი

ჩემი გულიდან ამიდენია!

 

შენთვის ავახელ დუდუკის ცხრათვალს,

ახლად გაგიხსნი ბესიკის წყლულებს;

ვკოცნი ძველ ბაღებს, რომ ვხედავ ცხადად,

ბესიკის ლექსით ამოკირწყლულებს...

 

მე შენს სიყვარულს ზღვად ავიდევნებ,

და მაინც ისევ შენ მოგიწყურებ...


1964 წ.