აქ ბაგრატოვანთ მტვერი მდებარებს,
ფერფლი დასტოვა აქ დინასტიამ...
ვიწრო ტაგრუც ქვეშ, როგორც დასტია,
ტახტი, პორფირი, სკიპტრა მდებარე,
ნება, განგება, ზარი, დიდება,
ცხენის ძუაზე მიბმული მტერი;
და ნიავს მიაქვს დაურიდებლად,
ისტორიული შრეების მტვერი!
წვანან საფლავში ნაღმერთალები,
მეორე მზენი - შავეთში წვანან;
მიწით ავსიათ ორბის თვალები,
სიკვდილს შეუბავს თავისი შანა;
მძიმე შეჰყრიათ ხელმწიფეთ სენი, -
გახეხილ ფულზე ოდნავ-ღა სჩანან...
გადაუხდიათ ბრძოლა იმდენი,
როს ვერ ასწერონ მათმა მდივნებმაც;
ძილს წაუღია მერაინდენი,
მაინც ხმლის სუნი მიედინებათ...
სპანი ლაშქარნი, დარბაისელნი,
სპასალარები, ბრწყინვალე კარი,
დაჩუმებულან...
გადამნისვლელი
დასჯახებიათ სიკვდილის ქარი!
აღარავინ ჰყავთ კარზე მიმსვლელი,
არც დიდებულთა ზვიადი გვარის...
- შეიბ მახვილი წელთა შენთა და...
მტერს დაადინე სისხლისა ღვარი!
მით გული ვიღამ დააბადაგა,
ვინ ჩაიბღუჯა ხმალი გამტყდარი?
შარვან-დარუბანდს, ადარბადაგანს,
შანშა-შარვანშას, ვინ ჰყავს ყადარი?
სულტანს, ხალიფას და ათაბაგთა,
ბრეთ აადინეთ მტვერი ამტყდარი,
თავს დაჰყიოდა სისხლის ქადაგთა
ყიჟინა თქვენი ბაირახტარის...
...........................................
კიდევ ბრძოლები თუ ეგულებათ,
და თუ კვლავაც აქვთ დასააზრები,
ნაგებობათა განგებულება,
მტრის მზაკვარების ფიქრი დამსწრები!
საზღვრები ხმალით შემოხაზული,
სარაცინების ამპარტავნება...
ხვანჯიანობა, გარეთ, სპარსული
შინ - ერისთავთა ზრახვა თავნება...
აჯახეს მთები, ზღვებით იჩხუბეს
და ვერც მკლავები ბრძოლამ დაღალა,
მათ სამარეზე დამდგარ სიჩუმეს,
ვერღა გაჰფანტავს ბრძოლის ნაღარა!
მათი სურვილი იალბუზური,
საფლავზედაც კი, ვერ აბურცულა,
სად არის მორჭმით, მათი უზური,
ვარსკლავები რომ სწერდნენ ლურსმულად?
სადღა არიან ფიცხი სარდლები,
რაზმთა დამლეწნი სეტყვის ჩქაფანით;
და კარისკაცნი, როგორც სანთლები,
რომ იწვებოდნენ მათ წინ პარპალით...
........................................................
დამპალა ყველა ფიანდაზები,
ჩამქრალი არი ყველა შადლუხი;
ახლა რით უნდათ, რა შეფასებით,
ერს, საუკუნეს გასცენ პასუხი?
თუ იქაც სწერენ სისხლის პოემას,
შავმუჭა მიწად გადაქცეულნი,
ან მტერი იქაც თუ იპოება,
რათა ძირს დასცეს ცადაწეული?
ვერ იჩერებენ თუ გულს ანაჩქროლს,
გინდ ყველა ჰყავდეთ მიუმხრომელი
გინდაც ხმელეთის გული დალაშქრონ,
მხოლოდ მღილი ჰყავთ ამბის მთხრობელი.
მაგრამ, არ ლპება გმირთა დროშანი,
მამულისათვის ღვაწლის ნათელი.
სადღაც, ცრემლებით ნაზარხოშალი,
მათ ჰყავთ მოზარე ღამე-ნათევი...
...................................................
აძაგრულია ღამის ბალანი,
სძინავს საძვალეს წყვდიად ბუდეში,
სთვლემენ ერთობლივ მიწის ძალანი,
ვარსკლავ-ციაგთა აბლაბუდებში.
მხოლოდ არ სძინავთ რქაწითლის ფესვებს,
შუბლზე მაღლდება დაფნა ქართული;
ტბის პირად მდგარი ყრმას თუ დაეძებს
მოხუცი მკლავებ-შემოკვალთული.
გამომტვრეული ვარსკლავის ელვა,
მთებს და გუმბათებს გადაანათებს...
მოლურჯიისფროდ სცემს მტკვარი მცხეთას,
და მთვარე დასდგამს ფარჩის პალატებს...
არწივის ფრთა თუ გამობრწყინდება,
თუ ძველი ცრემლი გადაინაცვლებს?
გმირთა წყლულია, თუ მზე წყვილდება?
მაშ, ვინ იძლევა ამდენ სინათლეს?
ან თუ დამწვარი დროშის ფერფლია,
მე რომ ოცნებით გადავეჭდები...
..............................................
აქ, საუკუნეთ მტკიცე ტერფია,
დიდ ქარიშხალთა ანაბეჭდები...
1964 წ.