მე გულს მიხერხავს სევდა უცვლელი,

მწუხარე ლანდი დამეხათრება.

ნიავს რად მოაქვს ძველი ფურცელი,

ეს მოგონება რად მენატრება?

მესიზმრებიან ბროლში ლალები,

და ბორკილებში ქალწულის ტერფი...

ჰარამხანებში - ქართველ ქალების,

ვარდისფერ ტანთა - დამდნარი ფერფლი...

 

რამდენი ჰგავდა მეორე მზესა,

კდემანართმევი პირს მარიდებდა,

ყრუდ მომესმოდა ქართული კვნესა,

ბოსფორის პირად, პირამიდებთან.

 

*

თქვენთვის ქართულ ჩანგს არ უმღერია,

არ უთქვამს ქება თქვენი სინაზის.

მხოლოდ მომღერლებს გაუმხელიათ

სტამბოლ-ქაიროს.

ბაღდად-შირაზის...

 

თქვენი ლანდები მოხეტიალე

ფარვანებივით შემომსევიან;

ფრთებდაწვართ გუნდი

თავს დამტრიალებს.

ვერ ვიგერიებ...

თვალი სველია!

ეგვიპტეში თუ ვნახე მტრედები,

გაცოცხლებულნი თქვენა მგონიხართ...

მე თქვენზე ვდარდობ გადამეტებით,

თქვენს ხმას მკვნესარეს გადავყოლილვარ...

და რა მოგაგეს მოსანიჭარი,

რომ დასთმე სევდა შენი ბავშვისა,

გაგხადეს დედა იანიჩარისა,

ხარჭა თუ ხასა ყიზილბაშისა!

 

მთის სუნთქვის შვილი გახდი მხევალი...

გერგო მონობა უსუნთქებლივი...

გაყიდულებო, თქვენი წყევანი,

გულში მხვდებიან ნასროლ ქვებივით.

 

გარეკილებო მათრახის ცემით,

დამკარგველებო თავისუფლების;

მხოლოდ შადრევნის მარგალიტ ცრემლით,

ღამ-ღამ სამშობლოს ესაუბრებით, -

 

რად ვერ მოქსოვეთ თეთრი აფრები

საქართველოში გადასაფრენი?

მშვენიერების ამაყ დიდებით,

სხვის ცის კიდურებს რომ ამდიდრებდით,

ვისთვის დაღუპეთ თქვენი მშვენება,

ვით გაზაფხულის გამოჩვენება!

 

ახლა რა გიყოთ, რით მოგარჩინოთ,

მოურჩენელო ჩემო წყლულებო?

ვით დაგაბრუნოთ ძველო აჩრდილნო,

სხვის ხომალდებზე მიბაწრულებო!

 

რა გინდათ ჩემგან დასაყუდარად,

სამშობლო გშიათ?

გწყურიათ მტკვარი?

სად დავემალო თვალთა მუდარას,

ვეღარ გიყურებთ,

            დახურეთ კარი!

 

*

გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,

მისი ნაღველი, მომებურება...

ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,

დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?

 

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,

ვინ დამცა სევდა განუკურნელი?

დამწვარ დროშების,

დამწვარ იალქნის,

დამჭკნარ ვარდების

            მიყვარს სურნელი...


1964 წ.