(ფრაგმენტები დაკარგული პოემისა)

 

მეორე ვარიანტი

 

*

გრგვინავს თბილისი, დიდი ბაზარი,

რა ღრიანცელი, რა ტკარცალია,

ბრძოლა გროშისთვის არის საზარი,

აქ ოცნებისთვის არა სცალიათ!

 

სიმსუქნისაგან დალექებული

და ჩაგოდრილი მუცელ-ფაშვები...

ვაჭრები ჯიბე გასუქებულნი,

ჩარჩები ბაზრის ყიზილბაშები.

ასე ჰგონიათ, საწუთროება,

რომ მათს გაქონილ დახლზე თავდება

და რომ სინდისი და სათნოება

მხოლოდ მათ ფულზე დახურდავდება!

ირგვლივ არტალის ოშხივარია

და შამაიის სუნი ტრიალებს,

აქ ოცნებისთვის არა სცალიათ,

აქ ყველას ფული სულს უმტვრიანებს.

 

*

ვის გაქვთ კედელი თავისუფალი

ღვინის სარდაფში! მე დაგიხატავთ!

ჰეი, ვის გინდათ, მოდით, დაგხატოთ,

მე ფუნჯის ერთი მოსმა მწყურია!

თუმცა, ქალაქი, თბილის-ქალაქი,

მისი ნახატით მოკირწყლულია.

დღე აღვსებისა ჰქონდა მარადის,

დიდ კოცონივით მუდამ იწვოდა.

დასრულებულ დღის სიცარიელე

არა სტანჯავდა, მან არ იცოდა!

წუთით არ ჰქონდა ცეცხლი დამცხრალი.

მზეს და ცხოვრებას ერთად იწოვდა

ნიკალას ფუნჯი გაუმაძღარი...

- ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,

რასაც კი ვხედავთ, რაც თვალწინ არი!

მუყაო, ტილო, ავაღაღადოთ,

ქარი მღვიძარი, ხალხი მძინარი!

ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,

და გულის ცეცხლით უნდა დავდაღოთ -

ზვირთი მდინარის, ცა მომცინარი,

ხალხი, ცხოვრება, რაც თვალწინ არი!

ხალხში და არა სახლში ტრიალი!

ერთად და არა ცალცალკეობით!

ავაგოთ სახლი სინათლიანი,

შიგ ვიმუშაოთ ძმებო, მხნეობით.

 

*

ნიკალას უკვეთავს მედუქნე რიხით,

რწყილიატყავე, ეშმაკის ბრიყვი:

- ეს დამიხატე, დამისურათე:

აქ უნდა ზღვაში გემი სცურავდეს.

აქ შესძახოდეს მთვარეს ბულბული,

აქ გამორბოდეს დათვი ბუბუნით.

იმ დათვს მე ვკლავდე, თოფი მეჭიროს,

თავი ვაჟკაცად გამომეჩინოს.

ცხელი ხარჩო და ხელადა ღვინო

ულუფად გქონდეს! მეტი რა გინდა?

მხოლოდ იცოდე, არ შემარცხვინო.

 

მე ვარ ამ დუქნის ღმერთიც, უფალიც...

დახატე ისე, როგორც მე მინდა!

რომ არ დააკლდეს ერთი კურცხალიც,

ზღვა-ოკეანე მთვარით, გემითა...

 

- დახე ტილოზე რა მოხდა:

მებადემ ბადე გაშალა,

ტყიდან ირემი გამოხტა,

ნუკრი მოსდევდა თვალშავა,

დასხმულ ვარდებმა დაფარა

ბილიკები და გზაშარა...

- ეს ღვთიდან არი, იცოდე,

ეს არ გეგონოს უბრალოდ!

- ვის გინდათ ნიკას სურათი,

ღვინოში გამოუბაროთ,

- ჭიქა არაყი ეყოფა!

ფული რად უნდა ნიკოლას.

- ჯიბე ხომ არ აკერია,

რას არგებს ფულის მიყოლა? -

იტყვის ეშმაკის ჩახმახი,

მიაწვდის არყის ნაწურალს...

შეიღიმილა ნიკოლამ,

არყის ტალღაზე გაცურა...

 

*

სძულს ყრიალი და აურზაური,

ქალაქის უხმო ამპარტავნება,

ბალახ-ბულახში გახვევა უყვარს,

ჩანჩქერი გულზე ეტორტმანება.

ყრმობის ბაღების ნასურნელები

ქალაქშიც ისევ მოედინება,

სოფლის მდინარე დედის ხელებით

ფიროსმანის გულს ეფოფინება.

ელამაზება მინდვრის ჩითები

ფერადფერადი, რა უფასური.

და გული ნაზად აუჩვილდება

თუ ნახა ვაზი - სვეტზედ ასული.

უყვარს კვირადღით სუფთა საცვალი,

უნაბქვეშ ჯდომა, ხალხის ყურება.

თბილისის ვარდი, დილის ნაცვარი,

გულს სისპეტაკით მოეწყურება.

რად ეძახიან მაშ, სარდაფები

ნესტით, ბუღითა და ოშხივარით,

ქუჩების მწვირე ნაღვართქაფები,

კირით, გოგირდით, ნავთით მქშინავი.

 

*

- აქ ვინ ჩააგდო, ვინ გაიმეტა

და რომელ ქაჯმა გამოატარა?

- საცოდავია! - ამბობს მოკეთე,

ლოთია! - იტყვის ენაჭარტალა.

- მღებავი არი! - სთქვა დიდმხატვარმა

თან პირზე შხამი გადაედინა.

ფუნჯის აღება ბავშვურ ნატვრამა,

თუ თავხედობამ გააბედინა?

 

- ნიჭიერია უსათუოდ, - მართალი არი,

გაურანდავი მხატვარია! -

ამბობს ცილინდრში

ჩიტირეკია სათვალიანი.

მაგრამ სტუდენტი ლურჯხალათა

                        სიტყვას მიახლის:

- ასეთ ნიჭს გვტყორცნის

საქართველოს ალმას-წიაღი!

და არ არსებობს არა ძალა დედამიწაზე

ჩაკეტოს იგი,

რაც ხალხის გულს აამეტყველებს...

თვით ფიროსმანი კასრებშუა ზის გრძელ ფიცარზე,

მინახშირებულ ცეცხლზე ითბობს,

გაყინულ ხელებს...

 

- მე გინდაც მოვკვდე უსაფლავოდ... ჩემსავ ჯოჯოხეთს

მე შეურიგდი... მე ვიშრომე... ჩემი მივიწყე.

ჩემს ბედის ფრინველს ქვა ესროლეს, ფრთები მოსტეხეს,

ამოვარდნილი ვენახივით გადამივიწყეს...

 

*

- ლიტერატურულ ფარვანას ჰხედავ,

გათავხედებით როგორ ახევდა?

ღაღადებს: ნიჭის დიდი გვალვაა,

შემოქმედების არი შიმშილი!

თუმც გვერდით ჰყვანან - ვაჟა-ფშაველა,

ფიროსმანი და სულხანიშვილი!

- ჩვენ გვინდა ნიცშე!

ჩვენ გვინდა ნიცშე!

ზეკაცი გვინდა მაღლა ამწევი.

საქართველოში, კარგად იცი, შენ,

მეტად მომრავლდნენ ქონდრის კაცები,

ჩამორჩენაა! რა უნდა მოგვცენ!

დიდი აზრები გამოილია,

ჩვენი მგოსნები ვერ გავლენ დოღზე,

ხომ ყველა გზები გადაჭრილი აქვთ!

გამონაძალი საცოდაობა,

დაობებული სიტყვის მჭევრობა,

უიმედოა ჩვენი თაობა,

ჩვენი ხსნა არის - მხოლოდ

                        ევროპა!

რა ხალხურობა,

            და ეროვნება?

ხალხურ-გლეხური

ერთფეროვნება!

 

*

ტვინგალაყებულ მოლაყბის ყბები

ასე ამკობენ ქართულ ნიჭს ყეფით:

- ბატონო, ნახეთ!

- ახ ფიროსმანი!

ნეტა ვინ არი,

ქურთი? ოსმალი? -

წამოთქვა მკვახეთ.

- არ ურიგდება დღეის ცხოვრებას,

მას ფეხქვეშ ხოხვით არ დაგებია;

გაუტანია ცეცხლის ცხროებას,

და მხოლოდ ფუნჯზე გადაგებულა.

დახეულებში დადის ამაყად

ჰხედავ, ის ფუნჯით, როგორ ამაღლდა...

მაგრამ გულზე კი ასი ლოდია!

ათასი წყლული მწარედ ატყვია,

გოლგოთას ოფლი

დასდის თქრიალა...

მჭლე გულით მოდიან,

მშრალ სიტყვას ეტყვიან,

იმედებს აძლევენ

და პურს კი არა!

 

*

გულქვა არი ქვაფენილი

ოფლის ჟანგით დაფერილი...

გულქვა არის ის ფანარიც

შემოდგომით მჟინჟლავ ნისლში

განა სხივებს?

                        ეკლებს ისვრის...

ობობაა, რომ ანათებს,

იგი მხოლოდ სიკვდილს მოჰქსოვს,

დაგიჭერს და მთლად გამოგწოვს...

                        ვერაგული მოღალატე.

 

*

ტიროდა ღამე შემოდგომისა

ნისლში ბჟუტავენ კრთომით ფანრები.

აღარ გაქვს ღონე ფეხზე დგომისა,

მთვარეზე მეტი ვინ გყავს მფარველი!

- ვინ გამოგაგდო?

კითხულობს წვიმის

შიშველი სული...

- ვის ეფარები?

- ახლა, ნიკალა, საით წავიდეთ

ხომ ვართ ორივე თანამგზავრები!..

ჩქეფით შესძახებს საწვიმე ღარი,

სახურავების გამდნარი შხამის,

ქალაქის ჭუჭყის გადამრეცხავი,

ეჩურჩულება, ესაუბრება,

ეჟღურტულება, როგორც მერცხალი:

- რად ხარ ფერმრკთალი?

არ გაქვს ფერწყალი!

აღარც კერა გაქვს,

არც ნაკვერცხალი!

საით წავიდეთ?

            დავრჩით მე და შენ!

აღარც საფლავი, აღარც ზედაშე!

თავში ნაშენით მოსთქვამს და სტირის

ნოემბრის ცრემლთა საწვიმე ღარი.

ხან ლაზღანდარობს, როგორც სატირი,

ხან ფიროსმანის შავ ბედს შეჰხარის...

ვიღაც ეძახის: ბედს გაგინასკვავ,

ქუჩას მიგაკრავ, სიკვდიილს ინატრებ!

მე ამოგიჩენ ბედის სხვა ვარსკვლავს,

შავ სარდაფებში დაგაბინადრებ!

- ნუ დამისაზღვრავ ქუჩის ქვაფენილს,

მე საწყალი ვარ,

            ნუ დამამწყრალებ,

ერთხელ მიყვარდა,

            ერთხელ დავთვერი,

მარად მივტირი მთვარეს ნამცხრალევს...

სარდაფში სევდით სტირის არღანი,

საწუთროსავით დაიმკვნესარებს,

ფქვავს ძველ იმედებს,

            ტალღა ტალღაზე,

სძირავს უფსკრულში ცრემლით მკვესარე.

მიჰქრიან დღენი ყორნის ფრთებივით

საწვიმე ღართან სტირის არღანი...

ცვივიან დღენი ნაფერთლებივით,

რა ჯილდო არი...

                        რა არმაღანი...

იწვიმოს წვიმამ...

იდინოს ღვარმა...

ცეცხლს ვერ ჩაგიქრობს ქვეყნის წარღვნანი...

 

*

რამდენი ჰხატა მთები და ზღვები,

ვარდი და ვაზი ააღაღადა,

ერთი სწყენია საწყალ ნიკალას, -

თავისუფლების ხე ვერ დახატა,

ხე - მწვანოსნობით სახელგანთქმული, -

ერის აღთქმული!

- მინდოდა მენახა სამშობლოს სიკეთე,

ბედნიერება,

დიდება მისი!

გზები ორთავეს გადაგვიკეტეს,

თავისუფლების ვერ გავხდით ღირსნი!

- და თუ დღეს ცრემლად სწვიმს ჩემი ერი,

და იწვის, როგორც ძველი აბედი,

წარსულით სავსე ჩემს ქვეყანაში,

ვიცი, მომავალს ექნება ბედი!

 

...თოვლი დნება და გაზაფხულს ველი,

მაისის ძარღვი მწამს ადუღდება!

ჰაეროვანი, უჩინარ ხელით

მამულის მიწა აზურმუხტდება!