ძველ ჩოხაში მოდის მტკვარი

                        ცაცხვის კვარით.

ვაზის ფოთლით შუბლნაბური

ღვინითა და ლუკმაპურით,

კოცნითა და დუდუკის კვრით

ტალღა ტკბილი უვლის თბილისს.

 

ორთაჭალა...

საზანდარი...

- აზამბარში!

- აზამბარი!

თაფლმოსხმული სიტყვა,

მოლიცლიცე ყანწი...

ჩაწითლებული მარწყვი - ორთაჭალის ტურფა...

                        აღარა აქვს ქანცი...

 

ჩაქიშპებული მედუდუკე ლოყებს იხეთქავს,

მოწამლული ხმა ჰკივის ბაიათს,

მთვარე ხან თაფლად და ხან თოვლად გამოიხედავს

- ხომ გიყვარს მტრედის თვალის ბაია?

აბრაზე სწერია: „ნუ წახვალ ტრედონა!“

ვინ წავა აქედან ერთხელ თუ მოვიდა?

წავიდა? დამტოვა? მე ჩემი მეგონა!

არა, ვინ დასტოვებს ლხინის მოედანს?

ვინ წავა? ჯავრით ნუ იფურტკნები

დაკურთხებული მადლი აქვს მიწას,

მადლი, მირონი ამდენი ვინ მისცა?

ზედ მოჰსევიან, როგორც ფუტკრები.

 

- არავინ არ მიდის...

                        დააბეს მერანი...

სავსეა სამშობლო სისხლის მოგონებით...

ნებით წასულა არც ტამერლანი,

არც შაჰაბაზი, არც მონგოლები...

 

თუმც, ოქროს დილა ჩვენთვის დაგიშრეს,

მაინც საწნახელი ხომ ვერ დაგიშრეს,

მირონმომდინარე მარანი...

ნუ გეშინიან, არავინ არ წავა,

წამსვლელი არავინ არ არი!

 

ნუ გეშინიან... არ წავა მარგო,

მე, შენს ეჭვებზე გამცინებია...

თაბორის მთაზე მთვარეა მარტო

და ბულბულს ფრთაზე ჩასძინებია...