თვალს ლულავ და ღაწვს გიბურავს

მელნისფერი წამწამთ ჩერო. -

და შენ ძალგიძს, მაგ ღიმილით

შენს წინ ღმერთიც შეაჩერო,

დაავიწყო ღელვა ზღვასა

და ცეცხლს გული გაუყინო,

ენა მისცე თვით სიჩუმეს,

მაგრამ არ კი მოუსმინო!..

...თვალს ლულავ და ბაგეს აპობ, -

ლალის ჯაჭვით გადანაბამს

და მაგ წუთში ჰქმნი და ამსხვრევ

თვით დასასრულს და დასაბამს!..

 

გამონაკვეთ ფიქალის მკერდს

თხელ მარმაშის ფარდა ჰფარავს -

და ეგ ფარდა რაღაც ჯადოს

მკეთრი ელვით დაუბზარავს.

და ნათლად ჩანს, ოქროს ჯვარი

როგორ გიმკობს გულის კარებს! -

ბრწყინავს, ბრწყინავს ოქროს ჯვარი

და ორ გუმბათს გიელვარებს!..

...გამონაკვეთ ფიქალის მკერდს

ჯადოსნური ფარდა ჰფარავს,

და მის ღელვა, წარსაწყმედად

ათი ათას გულს იპარავს!..

და მე მიკვირს... ეგ გული ხომ

ტაძარია შეცოდების,

შიგ ცდუნება ბუდობს მავნე

და კანდელი ბრწყინავს ვნების -

შიგ ლამაზი გველიც ცხოვრობს

და სატანა ათასგვარი.

მაშ მაგ არარწმენის ტაძარს

რათ ამშვენებს რწმენის ჯვარი?!

...მიკვირს, ღმერთი სილამაზემ

ისე როგორ შეისყიდა,

რომ მის ჯვარი - ბოროტების

სამრეკლოზე ჩამოჰკიდა?!..