დადუღებული იდგა ჭანჭრობი,
ტალახის ტბორე პირდაჟანგული.
და შიგ ესვენა ათას ნაჭრობით,
დაბერებული სამშობლოს გული.
ობობასავით ცას ნისლი აჯდა,
წვიმის ბუშტები ტბაზე ცვიოდა,
გემსადგურიდან ქართველ ქალ-ვაჟთა
კვნესა, ჟივილი გამოდიოდა...
ზღვას მოღალატეს, გაბაწრულები,
ტყვენი მიჰყავდა საქართველოდან,
ზოგი ელოდა სიკვდილს უცხოეთს,
ზოგი სულთანის ლოგინს ელოდა.
გემს მობღაოდნენ თმაგაწეწილი
მათი დედები, დათხრილ თვალებით.
ეს ჭაობებიც
მათი ცრემლია,
მათი ვაების
ნაწვეთალები!