როცა ძარღვებში შეწყდება ჩქეფა
აბობოქრებულ სისხლის ტალღების,
მაშინ თვით სული წამოვა შენთან...
დაიფერფლება ბაღში ვარდები...
როცა ქალაქში მოვა სიჩუმე
და როცა სევდა გადმოვა ზეცით,
მე ჩამოვუვლი მაშინ ჩვენს ქუჩებს
და ვივლი მხოლოდ ნაცნობი გზებით.
როცა სიტყვებით ვეღარ მოგწვდები,
როცა კოცნითაც გაგათბობ ვეღარ,
ხო, სწორედ მაშინ ნუღარ მომძებნი...
უკვე სიცოცხლის საზღვართან ვდგევარ,
და როცა უცებ შეწყდება ჩქეფა
აბობოქრებულ სისხლის ტალღების,
მე მხოლოდ სული წამოვალ შენთან
და სამუდამოდ შენთან დავრჩები...


25.04.2007