აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიამ რუსეთის მიერ და მმართველობის ახალი ფორმების შემოღებამ ქართული მოსახლეობის ფართო ფენების უკმაყოფილება გამოიწვია. თავად-აზნაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილო იყო სამეფოს გაუქმებითა და ძველი ფეოდალური უფლებების შეზღუდვით, ქართველ გლეხობას კი რუსების მიერ დაწესებულ მძიმე გადასახადებთან ერთად, ეროვნული ჩაგვრის უღელიც დააწვა. კოლონიური რეჟიმი სამხედრო-პოლიციურ ხასიათს ატარებდა. ქვეყანაში დამყარდა სრული უკანონობა. რუსი სამხედროები და მოხელეები ყველანაირად ძარცვავდნენ და ავიწროვებდნენ ხალხს, ხოლო მათ კი, ვინც თუნდაც მცირეოდენ პროტესტს გამოხატავდა - სასტიკად სჯიდნენ. ამან აღმოსავლეთ საქართველოში რამოდენიმე ანტირუსული გამოსვლა გამოიწვია, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1804 და 1812 - 1813 წლების შეიარაღებული აჯანყებები. ამ გამოსვლების სათავეში იდგნენ ქართული სამეფო ოჯახის ცალკეული წარმომადგენლები, რომლებსაც მონარქიის აღდგენის იმედი ჰქონდათ. რუსეთის ჯარებმა ძალთა დიდი დაძაბვის ფასად მოახერხეს ამ აჯანყებების ჩახშობა, მაგრამ მიღებულმა გამოცდილებამ აიძულა რუსეთის მთავრობა რამდენადმე შეერბილებინა თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ და აღეკვეთა მოხელეთა შეუზღუდავი თვითნებობა. ამასთან, ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრები რუსეთში იყვნენ გასახლებულნი.

აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ მეფის რუსეთი შეუდგა ამიერკავკასიაში თავისი სამფლობელოების გაფართოვებას. ირანთან ორი ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა ჩრდილო აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ სომხეთი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი შეერთება რუსეთმა განახორციელა ორ ეტაპად: ჯერ მან თავისი პროტექტორატის ქვეშ მოაქცია ადგილობრივი პოლიტიკური წარმონაქმნები (1803 წ. -სამეგრელოს სამთავრო, 1804 წ. - იმერეთის სამეფო, 1810 წ. - გურიისა და აფხაზეთის სამთავროები, 1833 წ. - სვანეთის სამთავრო), ხოლო შემდეგ თანდათანობით გააუქმა ისინი მათი ტერიტორიების სრული ანექსიით (იმერეთი - 1810 წ., გურია - 1828 წ., სამეგრელო - 1857 წ., სვანეთი - 1858 წ., აფხაზეთი - 1864 წ.).

იმერეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შედეგად. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II (1789 - 1810) იძულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა 1815 წ.

ცარიზმის დიდმპყრობელურმა პოლიტიკამ, კერძოდ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, იმერეთსა და გურიაში 1819 - 1820 წლებში დიდი აჯანყება გამოიწვია, მაგრამ აჯანყებულები დამარცხდნენ რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. მათი სოფლები განადგურებული და გადამწვარი იქნა. მიუხედავად ამისა გურიაში 1841 წ. ახალი ანტირუსული აჯანყება მოხდა, რომელიც ასევე სასტიკად იყო ჩახშობილი.

პერმანენტულ შეიარაღებულ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი აფხაზეთშიც (1821, 1824, 1840 -1842, 1866, 1877 წწ.). გარდა ამისა, ჩრდილო-დასავლეთის აფხაზური ტომები საერთოდ არ დამორჩილებიან რუსებს, მუდმივად ებრძოდნენ მათ და ამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ (1864 წ.) ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდნენ. აფხაზთა მასობრივ გადასახლებებს თურქეთში ადგილი ჰქონდა აგრეთვე 1866 და 1877 წლების აჯანყებათა ჩახშობის შემდეგ.

რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად რუსეთის იმპერიაში შევიდა (და, ამრიგად, საქართველოს დაუბრუნდა) თურქების მიერ წინა საუკუნეებში დაპყრობილი სამცხე-ჯავახეთი, მთავარი ქალაქი ახალციხით (1829 წ.) და აჭარა და ზოგიერთი სხვა ოლქი ქ. ბათუმით (1878 წ.). საქართველოსათვის ამ თავისთავად დადებით ფაქტებს თან სდევდა უარყოფითი მოვლენებიც. კერძოდ, ახლადშემოერთებულ მიწებზე მცხოვრები ათობით ათასი მუსლიმანი ქართველი აიყარა მშობლიური ადგილებიდან და გადასახლდა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში. მათი წასვლის ძირითადი მიზეზი იყო რუსეთის ადმინისტრაციის ქვეშ ცხოვრების უნდომობა.

ამრიგად, 1801 - 1878 წლებში საქართველო თითქმის მთლიანად გაერთიანდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის შემდეგ, ისტორიული ქართული მიწების მხოლოდ უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიღა რჩებოდა რუსეთის ფარგლებს გარეთ.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე