XIX ს-ის 30 - 50 -იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა. მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის რიცხვი, როგორც ბუნებრივი მატების ხარჯზე, ასევე მეფის მთავრობის კოლონიზაციური პოლიტიკის გამო, რომელიც თავისი სოციალური დასაყრდენის განმტკიცების მიზნით ფართოდ აწარმოებდა საქართველოში რუსი და უცხოელი კოლონისტების გადმოსახლებას.

ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ფეოდალური ნატურალური მეურნეობის რღვევა და ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ზრდა. საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მეპატრონენი ძირითადად რუსი და უცხოელი კაპიტალისტები იყვნენ. მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებას საქართველოში ბატონყმობის არსებობა აფერხებდა. XIX ს-ის 30 - 40 -იან წლებში ამ მანკიერი გადმონაშთის ერთგვარი გაძლიერებაც კი ხდება, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ქართველი მემამულეების გადაბირების მიზნით ყველანაირად ხელს უწყობდა გლეხებზე მათი ბატონობის განმტკიცებას. ამასთან ქართული თავადაზნაურობა უფლებებით გათანასწორებული იქნა რუსულთან. გარკვეუწილად შეიცვალა მმართველობის ფორმაც ამიერკავკასიაში. 1840 წლიდან აქ შემოღებული იყო ისეთივე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, როგორიც არსებობდა რუსეთის შიდა პროვინციებში. დაუშვეს შეზღუდული კულტურული ავტონომია (გაჩნდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღორძინდა ქართული თეატრი და სხვ.). ასეთი პოლიტიკით ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ 40-იანი წლებიდან ქართული თავად-აზნაურობა მთლიანობაში გაუერთგულდა რუსეთის მეფეს. ქართველი არისტოკრატები კარიერას იკეთებდნენ უპირველეს ყოვლისა სამხედრო სამსახურში. ისინი მსახურობდნენ როგორც რუსეთის რეგულარულ არმიაში, ასევე, ბუნებრივია, ქართულ მილიციაში, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის კავკასიურ ომებში მთელი XIX ს-ის განმავლობაში.

50 - იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთში ძლიერდება ფეოდალურ-ბატონყმური წყობილების კრიზისი. ეს მოვლენა მალე საქართველოზეც ვრცელდება. ადგილი აქვს გლეხთა გამოსვლებს მემამულეთა წინააღმდეგ (განსაკუთრებით დიდი აჯანყება მოხდა სამეგრელოში 1857 წ.). ამან მთავრობა აიძულა საქართველოშიც დაეწყო რუსეთის მსგავსად საგლეხო და სხვა რეფორმების გატარება. 1864 - 1871 წლებში საქართველოში ბატონყმობა გაუქმებული იქნა.

XIX ს-ის 60 - 70 - იანი წლები გარდატეხის ხანაა საქართველოს ისტორიაში. რეფორმების შედეგად აქ იწყება კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება. შენდება ფაბრიკები და ქარხნები, ფართოდ იშლება სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირი და მარგანეცი) მოპოვება, ვითარდებიან ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და სხვ. იწყება რკინიგზების მშენებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველო ძირითადად ისევ აგრარულ ქვეყანად რჩებოდა, თუმცა კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება სოფლადაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.

რუსეთთან შეერთებამ საქართველო XIX ს-ის ევროპულ კულტურასთან აზიარა, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქართული კულტურის შემდგომ განვითარებაზე. 60 - 70-იან წლებში ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სარბიელზე გამოდის ახალი პროგრესულ-დემოკრატიული მიმდინარეობის თაობა, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული რუსეთის უნივერსიტეტებში და კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოში არსებული კოლონიური რეჟიმისა და ფეოდალური გადმონაშთებისადმი. ამ თაობის ლიდერი იყო მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907). მისი თაოსნობით გაშლილი მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი, მშვიდობიანი ფორმა იყო, რომელმაც შეცვალა XIX ს-ის პირველი ნახევრის ლოკალური შეიარაღებული აჯანყებები.

1881 წ. რევოლუციონერების მიერ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II -ის მოკვლის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა პოლიტიკური რეაქცია. ხელისუფლება დაადგა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა, და მათ შორის ქართველი ხალხის, გაძლიერებული ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის გზას. უკიდურესად შეიზღუდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სკოლებში აიკრძალა არა მარტო ქართულ ენაზე სწავლება, არამედ ქართულად ლაპარაკიც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღეს სიტყვა "საქართველო". მის ნაცვლად იხმარებოდა "თბილისის გუბერნია" და "ქუთაისის გუბერნია". ამ პოლიტიკას ამართლებდნენ მცდარი თეორიით თითქოს მცირე ერების დრო უკვე წავიდა და ისინი ისტორიულად განწირულნი იყვნენ დიდ ხალხებთან ასიმილაციისათვის.

ასეთ პირობებში ი.ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაბედულად გაილაშქრეს ეროვნულ-კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ. ისინი იბრძოდნენ ქართველი ერის კონსოლიდაციისა და მისი ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებისათვის. ხელისუფლებამ ვერ შეძლო განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა. პირიქით, ეს მოძრაობა უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, თუმცა მას პოლიტიკური აჯანყების ფორმა არ მიუღია.

90 -იან წლებში საქართველოში იწყება მარქსიზმის პროპაგანდა, რუსეთის 1905 - 1907 წლების რევოლუციის დროს საქართველო რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აქ ადგილი აქვს როგორც გლეხთა გამოსვლებს, ასევე ქალაქის მუშათა მოძრაობას. თბილისში მოხდა ბარიკადული ბრძოლები, შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს სოფლებშიც. მთავრობის მიერ გამოგზავნილმა დამსჯელმა რაზმებმა რევოლუციის ჩახშობის პროცესში არაერთი სოფელი გადაწვეს.

ქართველ რევოლუციონერთა დიდი ნაწილი 1905 - 1907 წლებში სოციალური ლოზუნგებით გამოდიოდა, მაგრამ ისინი იბრძოდნენ ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, რევოლუციონერ-დემოკრატებში იყო მეორე მიმდინარეობაც, რომელიც პრიორიტეტულ ამოცანად საქართველოს განთავისუფლებას ხედავდა. მათგან ზოგი მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს სრულ გამოყოფას, უმრავლესობა კი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დემოკრატიულ რუსეთთან ავტონომიურ-ფედერალური კავშირის მომხრე იყო.

ამრიგად, XX ს-ის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი ეტაპია.

ეროვნული მოტივი უფრო ძლიერად გამოიკვეთა საქართველოში ახალი რევოლუციური აღმავლობის პერიოდში, რომელიც ისევე როგორც რუსეთში 1912 წლიდან დაიწყო. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს პროცესი დროებით შეანელა. გახანგრძლივებულმა ომმა საქართველოში ისევე როგორც მთელ რუსეთში, მეურნეობის ნგრევა გამოიწვია. უკვე ომის პირველ წელს საქართველოს მრეწველობის რიგმა დარგებმა წარმოება 40 - 50 პროცენტით შეამცირეს. შემდეგ წლებში მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მუშახელის მნიშვნელოვანი ნაწილი (200 ათასი კაცი) მოქმედ არმიაში იყო მობილიზებული. ცენტრალური ბლოკის მხარეზე ომში თურქეთის ჩაბმით საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა. ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთში კვლავ გამოიწვია რევოლუციური განწყობილებების ზრდა, რაც დაგვირგვინდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციით, რომელმაც წერტილი დაუსვა ქვეყანაში მონარქიის არსებობას.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე