ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს, პეტერბურგში. იშვიათ ვისმე ქართველთაგანს ჰქონია ისეთი ბედნიერი ჩამომავლობა და აღზრდა, როგორიც ჰქონდა ა. ჭავჭავაძეს. ალექსანდრეს მამა – გარსევან (დავით) პაატას ძე ჭავჭავაძე (1757-1811) გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. გარსევან ჭავჭავაძე გახლდათ 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის თანაავტორი და ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან ერთ-ერთი ხელისმომწერი. ერთი წლის შემდეგ ერეკლე მეორემ გარსევან ჭავჭავაძე განსაკუთრებული ნდობით აღჭურვა და ქართლ-კახეთის სამეფოს დესპანად დანიშნა რუსეთის სამეფო კარზე. 1798 წელს პავლე I-ის ტახტზე ასვლის დროს, ის ხელახლა გაიგზავნა რუსეთში და ტახტზე ასვლის მილოცვის შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის დამტკიცება და საქართველოს მემკვიდრედ გიორგის დანიშვნა ითხოვა; დასასრულ, 1798 წელს გარსევან ჭავჭავაძე უკანასკნელად გაიგზავნა მეფე გიორგისაგან პეტერბურგს და უკანასკნელად ითხოვა რუსეთის მფარველობა. ამ მოგზაურობის დროს მისი პოლიტიკური მისია განხორციელდა. 18 დეკემბერს, 1800 წელს პავლე პირველმა ხელი მოაწერა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტს.
თანამედროვეთა გადმოცემით, გარსევან ჭავჭავაძე ბრგე, ახოვანი, „წმინდა ქართული ნაკვთების მქონე მამაკაცი“ ყოფილა. პიროვნული თვისებების, გონიერებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით მან დიდი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე. იონა მეუნარგიას მიხედვით, „გარსევან ჭავჭავაძე იყო მწიგნობარი, მას ჰქონდა ყოველგვარი მისი დროების განათლება, იცოდა რუსული ენა და სასახლეში უპირველესი ადგილი ეჭირა. ამასთან, ამავე ცნობებით, საქართველოს თავადაზნაურობაში გარსევანი იყო ყოველთაგან პატივცემული და პეტერბურგში გადასახლებულ ქართველობასთან დიდი განწყობილება ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ერეკლემ ის პირველ ელჩად აირჩია ისეთ მძიმე საქმეში, როგორიც იყო ერთი სამეფოს მეორე სამეფოსათვის დამორჩილება“.
მეგობრები გარსევანს „პატარა კახის” მარჯვენა ხელს უწოდებდნენ, ხოლო მტრები გესლიანად ამბობდნენ, რომ გარსევანმა საქართველოს ერთადერთი ვაჟი შესძინა და სამაგიეროდ დამოუკიდებლობა კი დააკარგვინაო. 1803 წელს გ. ჭავჭავაძე ქართველ თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად აირჩიეს.
იონა მეუნარგიას მიხედვით, „დედა ალექსანდრესი, მარიამ ივანეს ასული ავალიშვილისა, მისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი იყო, “ვეფხისტყაოსანზე” და ჩვენს ძველებურ წესზე აღზრდილი”.
ალექსანდრე ჭავჭავაძე თვით ეკატერინე II მონათლა. ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა პოეტის ბიოგრაფიაში. იონა მეუნარგია წერს: “რუსეთის კარი ამ დროს ეძებდა კარგს განწყობილებას საქართველოსთან. დიდმა იმპერატრიცამ, ეკატერინე II-მ, ისურვა საქართველოს ელჩის შვილის მონათვლა, გარსევანი ვერც კი ინატრებდა უკეთეს პატივს. ჩვენი პოეტი მონათლეს ეკატერინე II-მ და დიდმა მთავარმა ალექსანდრემ, შემდეგში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა. მაყვლისფერი ხავერდის ბალიში, რომელზედაც ამოიყვანა ემბაზიდან ნათლია იმპერატრიცამ ალექსანდრე ჭავჭავაძე, დღესაც ინახება მის შვილიშვილებში. უკანასკნელად ამ ბალიშზე მონათლა განსვენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სამეგრელოს თავადის შვილები, რომელნიც ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილისშვილის შვილები არიან. ამგვარმა დიდებულმა ნათლიებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს ის პირობა, რომელშიაც გაიზარდა პოეტი”.
მომავალი პოეტი იმპერატორის კარზე იზრდებოდა. ბავშვობიდანვე შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები. ქართულ ენასა და ლიტერატურას პირველად დედამ აზიარა.
ცხრა წლის ალექსანდრე პეტერბურგის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ სასწავლებელში – ბამანის პანსიონში მიაბარეს, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
იონა მეუნარგიას გადმოცემით, “რადგანაც თბილისში იმ დროს სასწავლებელი არ იყო, მამამ თან წამოიყვანა ბავშვის ლალად ერთი ფრანგი, რომელიც დიდხანს იყო ალექსანდრეს ოსტატად. აქ ისწავლა ალექსანდრემ ფრანგული, გერმანული, რუსული, სპარსული და ქართული. მეტადრე ქართული, რომელიც იმან ასე ზედმიწევნით იცოდა… ბედისგან განებივრებული ალექსანდრე თავისი ფრანგის მეცნიერებას ისმენდა და თავისუფალ დროს დასეირნობდა პირველად მამამისისაგან ჩვენში შემოტანილ “კარეტით”.
1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.
1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი ფარნაოზ ატონიშვილთან გაიქცა და მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.
მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. გადასახლებაში შვილს გარსევანიც გაჰყვა. მისი მეცადინეობით (იმპერატორს თხოვნით მიმართა – მაჩუქეთ შვილი, შეიწყალეთ, სიყმაწვილით მოუვიდაო), 1806 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დანაშაული აპატიეს და ტამბოვის გადასახლებისაგან გაანთავისუფლეს. 1807 წ. დამდეგს ალექსანდრე პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. სწორედ ამ პერიოდში თარგმნა პოეტმა „ახლოით განჩხრეკილი კაცი“, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა.
დაიწყო მოუსვენარი სამხედრო სამსახური: 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. 1809 წელს ლეიბგვარდიის ჰუსართა პოლკში გაამწესეს, მონაწილეობას ღებულობს დიდ სამხედრო ოპერაციებში. 1811 წელს – სპარსელთა წინააღმდეგ მიემგზავრება ერევანში; იმავე წელს იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად დაინიშნა.
1812 წელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობიერებასა და ბიოგრაფიაში შემობრუნების წელი იყო. 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო დასჯილ პოეტს, 1812 წლის თებერვალს მარკიზ პაულიჩის ბრძანებით გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.
იონა მეუნარგია წერს: “თბილისიდან მოშორებულ კახეთში ბატონიშვილებმა (ალექსანდრე ბატონიშვილი) განიზრახეს ამ დროს რუსეთის ქვეშევრდომობიდან განდგომა და ააჯანყეს კახელები. მთავრობამ ამათი დამშვიდება მიანდო ალექსანდრე ჭავჭავაძეს. ალექსანდრემ ჯერ მოინდომა კახეთის დამშვიდება ტკბილი ქართულით, მაგრამ, რომ ვერა გააწყო-რა, საქმე ძალაზე და სროლაზე მიდგა. რასაკვირველია, ამ შებმაში მთავრობის მხარემ გაიმარჯვა. ალექსანდრე სწუხდა, რომ საკუთარ ძმებთან უნდა ეომა, მაგრამ მოვალეობის და სამხედერო დისციპლინის მონა, ის შეება კახელებს და ცდილობდა საქმე ისე მაინც გაეთავებინა, რომ ბევრი უბედურება არ მომხდარიყო.
ბევრი უბედურება მართლაც არ მოხდა, მაგრამ თვითონ პოეტი ლამის იმსხვერპლა ამ აჯანყებამ. ერთმა გლეხკაცმა ის დაჭრა ფეხში. ამ ჭრილობას ძლიერ ცუდი შედეგი ექნებოდა პოეტისათვის, რომ დროზე არ მიშველებოდნენ ქუთათური თურმანიძეები, რომელნიც იმ დროშიც შესანიშნავი ექიმები იყვნენ”.
ჭრილობიდან მორჩენილი ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის ჯარს მიჰყვება და 1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე მონაწილეობს ნაპოლეონის წინააღმდეგ სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. მონაწილეობდა საქსონიაში გამართულ ბრძოლებმი. გამარჯვებულ რუსულ არმიასთან ერთად შევიდა პარიზში. ბრძოლებში წარჩინებისათვის ალ. ჭავჭავაძემ არაერთი ჯილდო მიიღო: წმ. ანას ორდენი II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალი წარწერით “გულადობისათვის” და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში გაატარა. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა. 1817 წელს პოეტმა პოლკოვნიკის ჩინიც მიიღო და ლეიბჰუსართა პოლკიდან გადაყვანილ იქნა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომელიც იდგა ყარაღაჯში, წინანდალთან ახლოს. 1818 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1822 წელს კი ამ პოლკის უფროსი გახდა, მაგრამ სამსახურში მომხდარი უსიამოვნების გამო იგი ქართველ გრენადერთა პოლკში გადავიდა. მოგვიანებით ალექსანდრე ჭავჭავაძე დაინიშნა საგანგებო დავალებათა შემსრულებლის თანამდებობაზე გენერალ ერმოლოვთან.
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
1826 წელს პოეტმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ამას მოჰყვა ყუბანის ჯარების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. მის სამხედრო კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 1827 წელი, როდესაც ალექსანდრემ რუსეთ-სპარსეთის ომში მიიღო მონაწილეობა და ოქტომბერში დაიპყრო თავრიზი. ამ პერიოდიდან ალექსანდრე ხან აზერბაიჯანშია, ხან – სომხეთში. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად. მონაწილეობს რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828 წ.) და სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, 28 აგვისტოს ბრძოლით იპყრობს ბაიაზეთს. როცა პასკევიჩისთვის ეს ამბავი უცნობებიათ, აღტაცებულს დაუძახია – „ყოჩაღ, ჭავჭავაძევ!“. იმავე წლის 8 სექტემბერს აიღო სიმაგრე დადიანი, ხოლო 10 სექტემბერს – ციხე სიმაგრე თოფრაყალა. 1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.
ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1832 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, პოეტს შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში დიდი თანამდებობა უნდა დაეკავებინა. შეთქმულებასთან ალექსანდრე მთელი ოჯახით იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ლექსი – გრ. ორბელიანის აიარალისა, მისმა მეუღლემ სალომემ გაავრცელა. მაგრამ შეთქმულება დამარცხდა და მის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ. სასჯელს, ბუნებრივია, ვერც ალექსანდრე ჭავჭავაძე ასცდა. იგი კვლავ ტამბოვში, მხოლოდ ახლა უკვე ოთხი წლით გადაასახლეს. თუმცა სასჯელი არც ამჯერად მოუხდია ბოლომდე – ცოტა ხანში იმპერატრიცას ნათლული გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის” და პეტერბურგში გაიწვიეს.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და მას შემდეგ რუსეთის იმპერიისადმი ორგულობაში შემჩნეული აღარ ყოფილა.
1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1841 წელს პოეტს კვლავ აწინაურებენ – იგი გენერალ-ლეიტენანტი გახდა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.
1843-ში დაინიშნა კახეთის მილიციის უფროსად, რომლის შექმნის უშუალო მიზანი კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის – შამილის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. 1843 წლის 21 სექტემბერს იგი კავკასიისკენ დაიძრა და დაიპყრო დიდოეთი.
ცნობილია ერთი საინტერესო ფაქტი ალ. ჭავჭავაძის ამ პერიოდის მოღვაწეობიდან. 1845 წელს თბილისში სტუმრად მყოფ მთავარმართებელ ვორონცოვისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქართული გაზეთის დაარსება უთხოვია. 1845 წელსვე პოეტი ახლად დაარსებული სათეატრო კომიტეტის წევრი გახდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. იონა მეუნარგიას გადმოცემით, ქართული მუდმივი თეატრის შექმნის იდეა ალექსანდრეს ოჯახში ჩასახულა. სცენისმოყვარეთა პატარა წრეც ჩამოუყალიბებიათ, რომლის სათავეში თავად პოეტი მდგარა. სწორედ ამ პერიოდში უთარგმნია მას პიერ კორნელის ტრაგედია „სიდი“, საოჯახო წარმოდგენაც მოუმზადებიათ, რომელშიც ერთერთი მთავარი როლი ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წარმოდგენა ჩაშლილა.
ალ. ჭავჭავაძემ 1810 წელს შეირთო სარდალ იონა ორბელიანის ასული სალომე ორბელიანი. ალ. ჭავჭავაძესა და მის მეუღლე სალომე ორბელიანს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდათ. უფროსი ქალი ნინო (1812-1857) ცნობილი რუსი მწერლის გრიბოედოვის მეუღლე იყო; მეორე ქალი ეკატერინე (1816-1882) — სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე; მესამე შვილი გენერალ-მაიორი დავითი (1818-1884); მეოთხე ქალი სოფიო (1833-1891) — კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბარონ ნიკოლაის მეუღლე.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ცარსკოე სელოში ყოფნის დროს ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“, „მერანის“ და სხვა ლექსების ხელნაწერი რვეული.
ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადებისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული, საპარადოდ გამოწყობილი ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა ვორონცოვთან. გზად მიმავალს, ახლანდელი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია, ეტლიდან გადმოვარდა და თავით ფილაქანზე დაეცა. გონწასული პოეტი მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
მესამე დღეს მთელმა თბილისმა გააცილა პოეტის ნეშტი კახეთში. დაკრძალეს შუამთის მონასტერში – საგვარეულო აკლდამაში, სადაც დამარხულია დედამისიც. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: „მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან“. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: “მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან”.