ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა,
მისმინეთ ჭირში ფლობილს;
მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა
ურვისგან გულშეპყრობილს.
მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული,
მისთვის გლახ განწირული;
მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული,
მარად მეახლვის წყლული.
ვისაც გსურთ და სხვა.
გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად
გვყვან ნების წარმტაცველად;
ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,
გველივე ჰშთება გველად.
ვისაც გსურთ და სხვა.
ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა
მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა.
გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა
და მადენს ცრემლთა ცხართა.
ვისაც გსურთ და სხვა.
კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, -
გარნა რად განსაკვირე, -
ამა სოფლისა დიდი და მცირე
არს ცვალებისა მზირე.
ვისაც გსურთ და სხვა.