ოჰ, ვით გვემტყუნვა
სოფლისა ბრუნვა!..
წაგვიხდა ზრუნვა
მბუდარე გულსა!
ამად ვჰსტირთ წყლულსა
არ დაფარულსა...
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი.
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი!
დავიდნენ მთენნი
შარავანდთ მფენნი
აწ იგი მზენი.
ჰფარვიან ღრუბელს,
ავდრის საგუბელს,
წყვდიადსა და ბნელს.
ვსჭმუნავთ ბედ-მწირნი,
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი!
შებრყვილულს გულსა
ცრემლით ვბანთ წყლულსა.
ესრეთ მორწყულსა
მოჰსდის სამყოფი
სევდის ნაყოფი,
გონების მყოფი.
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი,
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი...