დიდს და გრძლად გადაჭიმულს ჭალას, სადაც ტრედს მარინეს ბუდე ჰქონდა, დიდი მდინარე ჩაუდიოდა დასავლეთის მხრით. თვითონ ჭალას შუაზე ჭრიდა ანკარა, მუდამ წმინდა ზამთარ-ზაფხულ, – ფშა. გაზაფხულიდან დაწყებული ზამთრის პირამდე მდინარე ერთთავად მღვრივე იყო, ხოლო ეს ფშა კი სულ წმინდა, ლილის ფერისა. სადაც ჭალა თავდებოდა, ფშაც იქ ერეოდა მდინარეში და იცით, ამ დროს ანკარა ფშა რას მოგაგონებდათ? – ზიარებას. ის მდინარეღა – ცოდვილს ადამიანს, რომელიც ზიარებით იკურნავს თავს და იწმინდება ცოდვებისაგან.

ჭალა რაღას გავდა? – უმანკოებას. დიაღ, უმანკოებას გავდა, მაგრამ იქ ერთი საშინელი ცოდვა დატრიალდა. ეს შემდეგისათვის დარჩეს. ახლა ეს ვთქვათ, რით იყო ჭალა უმანკო?.. იქ აუარებელი გუნდი ყვავილთა ყვაოდა და აუარებელი გუნდი ფრინველთა უგალობდა მათ. რამდენჯერ, როცა მთაში დიდი თოვლი მოსულა და შველს გაჭირვებია სიარული, ამ ჭალისთვის მიუმართნია და აქ შეხიზნულა; ბევრჯელ ხარირემს ჩამოუტანია აქ თავისი ბორჯღლიანი რქები. ჭალა ყველას ეგებებოდა, არცერთს სულიერს და უსულოს, არცერთს მწერს არ გაუგონია იმისაგან: აქ ნუ ხართ, ჩემს სახლში, გასწით, გამეცალეთო!.. სხვებს რას ეტყოდა, როცა ჯერ შხამიანს გველს არ ირიდებდა: ისიც ისე ჰყავდა მიღებული, როგორც ყველა სხვა არსება, თითქოს ისიც საჭირო იყო ჭალისთვის. საქმეც ამაშია.

კარგა ხანია, რაც გველი აქ დაბინავდა. იგი თამამად დაცურავდა ხშირ ბალახში. არავისი იმას არ ეშინოდა. ზაფხულობით ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, სადაც იმას უყვარდა წოლა და ძილი. ეს ადგილი ცოტა ქვიშრობი იყო. როცა დაცხებოდა, აქ წამოწვებოდა და ცხარე მზის სხივებს მიუპყრობდა გვერდებს. ყველას, რასაც კი ამ ჭალაში ნახავდა, ყველას მოსაწამლავად ელამუნებოდა. ყვავილებსაც კი – იმ იმედით, ეგები მოვწამლოვო, მოუჭერდა კბილს და შხამს, თავის გესლს, გადაასხამდა, მაგრამ ისინი არ იწამლებოდენ, არამედ ისევ ჰყვაოდენ. გველს უკლავდა და უშხამავდა გულს, როგორ თუ ჩემი გესლი მაგათზე არა სჭრისო.
ერთხელ ხარირემსაც კი შეეპოტინა ამ განზრახვით, ვითომდა, თავის ჭკუაში, უნდა მოეწამლა. ხარირემი მაშინ ჭალის მწვანე ბალახს ძოვდა და გველიც იქვე ბალახში იყო მოკეცილი, დახვლანჯული, ეძინა. ირმის ფშვინვაზე გველმა თვალები გაახილა და, რა დაინახა სიტურფე, შვენება ტყისა, თვალის ახილებისთანავე გულში გაივლო: უნდა მოვწამლოვო. თავი აიღო, ენა გამოაგდო და უმარჯვა ირემს ტუჩთან, ენას ასავსავებდა, ვითომ გეალერსებიო. მაგრამ ამაოდ დაურჩა ეს ხრიკი: ირემმა ტოტი დაუქნია და კინაღამ მოჰკლა იგი. გველი, შეშინებული, როგორც სალა ყინულზე, ისე გასრიალდა ბალახებში და მას შემდეგ ვეღარც ბედავდა ირემთან ალერსობას.

იქვე, საცა გველს ხშირად წოლა და ნებივრობა უყვარდა, პატარა რცხილის ბუჩქზე ტრედს ბუდე ჰქონდა. საბრალოს დოლობა მოუცდა და ორი ხუნდი ძლივს გამოჩეკა. დედას თავისი შვილები ძალიან უყვარდა, დიდს ალერსში ჰყავდა ისინი; რამდენს საცოდაობაში იყო საბრალო, რომ არ მოეშივებინა იმათთვის; აწყდებოდა აქეთ-იქით, მოქონდა შვილებისათვის ჭია-ღუები. მიუჯდებოდა ბუდის პირზე და ისინიც პირის გაღებით ანიშნებდნენ: გვშიან, დედავო, გვაჭამეო. დედაც საჭმელს ნისკარტით უდებდა შვილებს დაღებულს ნისკარტში. გველი ამას ხშირად ხედავდა და გული ბრაზით და შურით ევსებოდა. შურდა, რომ პატარა ხუნდებს ასე ეალერსებოდა და ანებივრებდა; შურდა, რომ ხუნდებს ეალერსებიან, უყვართ და ის კი ყველასა სძულს. შურდა იმათთვის სიცოცხლე. ახლა ეგენიც უნდა დაიზარდენ, ვითომ ღირსნი იყვნენ სიცოცხლისა, და უნდა იფრინონ და იდვრინონ ამ ჭალაში. „მოიცათ, მე დაგაღებინებთ თქვენ პირებს, როგორც შეგშვენით!“ – ამბობდა გველი ბრაზმორეული.

მართლაც, ერთხელ, როცა ტრედი წასული იყო შვილებისთვის საჭმლის საშოვნელად და ხუნდები კი მოუთმენლად მოელოდენ პირდაღებით და წრიპინით იუწყებოდენ – გვშიაო, გველი ამ დროს მიცოცდა ჯაგთან, აიწია თავი მაღლა და ენა გამოაგდო და მიუშვირა ჯერ ერთს, ვითომ ეს ჭიაა, მე დედაშენი, გაწვდი ამ საზრდოსო, და ჩაასხა შხამი, ახლა – მეორეს.

ცოტა ხანს შემდეგ ტრედიც დაბრუნდა. მაგრამ მისი შვილები პირებს ვეღარ აღებდენ, თუმც ის აწვდიდა, პირში უდებდა საჭმელს. გველი ამ დროს შორიახლოდან უთვალთვალებდა ამ სეირს და სიცილითა კვდებოდა…

დედა ატრიალებს, აბრუნებს გვერდზე ხუნდებს, შეწუხებულია…
გველი იცინის…

დედა თავზე ევლება ხუნდებს, მაღლა მოუსვენრად ტოტით-ტოტზე ფრინავს და აცქერდება კვლავ ისევ შვილებს თვალებში, რაღაცას მოსთქვამს, რაღაცას ჟღურტულებს…
გველი იცინის…

დედა წყალზე დაეშვა, ნისკარტით ფშიდან წყალი აკრიფა და ხუნდებს ასხამს თავზე…
გველი კი იცინის…

ხანი გავიდა… პაპანაქება დღე იყო. ბუდეში გუნდი და გუნდი ბუზებისა ირეოდა… დედატრედი აღარსად ჩანდა ბუდის ახლომახლოს…

გველი კი ისევ იცინოდა.