მინამ ქვეყნად გაისმოდა
„ერთობა და სიყვარული!“
ჩვენმა მცველმა ბოქაულმა
არ იცოდა სიბრალული.
მუშტით, ჯოხით და მათრახით
ხლხსა სთიბდა ბოქაული
ისე, როგორც მოსულს ყანას
კარგი ცელი მოფხაული.
მაგრამ როცა ხალხი ნახა
ყოველ მხრიდან მოზღვაული,
იძახოდა: „ძირს მთავრობა,
ნაჩალნიკი, ბოქაული,
სუდიები, მინისტრები,
ტანსაცმელით მოქარგული!“
პირში ლანძღვენ როგორც ბალღსა;
მაშინ ჩვენი ბოქაული
კრავად იქცა უვნებელად,
დადის ოთხად მოკაული.
ხალხთან ერთად „ძირსო“ ჰყვირის,
ჰფიცავს გულში მუშტის ცემით:
„თქვენ ი ძმა ვარ“, და პაგონებს
იხსენიებს კრულვით, წყევით.
წამოდგება მაღლობზედა
ამაშფოთვარ სიტყვა-რჩევით.
„თქვენთვის, ძმებო, მზად ვარ მოვკვდე,
დავიტანჯო, გავიყიდო,
ცოლ-შვილი თავს შემოგავლოთ,
ყელზე ლოდი დავიკიდო!“
ხალხიც ამბობს: „გამოკეთდა,
დრომ შეცვალა... ნამდვილია“.
ერთმა ბრძენმა ვერ იფიქრა,
ვის ნაწურთნი გაზრდილია.
საცა ხვალს ხრავს,
ძაღლი იქ ჰყეფს.
ეს ვერ იგრძნო, ვერ გაიგო,
მიტომ მოხდა, ბოქაულმა
უარესად დღეს აგვიკლო.
ხალხის პირი დაქუცმაცდა,
დანაწილდა და გაიყო,
უკან-უკან დაიხია,
სასიკვდილოდ ვინც მზად იყო.
რეაქციამ გაიმარჯვა,
ბოქაულიც გამოცოცხლდა,
სათვალთმაქცო სამოსელი
გაიხადა, გამოცოცდა.
როგორც გველი, გვეტევება,
არა გვზომავს მოსაშხამად.
დღეს გავიყეთ, თავში ვიცემთ,
ძმა რომ დაგვდევს მოსაკლავად.
ვნანობთ, მაგრამ რა იქნება!
აღარ გვიძმო, მოგვაღორა,
დღეს თვალებსვე გვიბრიალებს,
ზურგში კეტი მოგვაყოლა.
ძმად-ნაფიცი მეგობრები
წუთისოფელს მოაშრა.
გონს მოვედით, დღეს-ღა ვამბობთ:
ნუ ვენდობით ბოქაულებს,
ნურც იმათ ფიცს, ნურც საძმოდა
შემოწირულს ორ შაურებს.
სწორე უთქვამთ ცხონებულებს
მამა-პაპას საგძლად ყურის:
„ძაღლი იმის ერთგულია,
ვინაც სწურთნის, ვინც პურს უყრის“.