იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია იაკობ ცურტაველი - წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.
იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475) დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო ეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურთავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისუ, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. "შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.
იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. "შუშანიკის მარტვილობა" ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს "შუშანიკის მარტვილობის" მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე ეწდაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940-ისა.
ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად - კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად - ს. წულაძემ, ინგლისურად - ე. ფულერმა, გერმანულად - ნ. ამაშუკელმა, ესპანურად - მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნება "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.