(ვუძღვნი მიხეილ გიორგის ძე ერისთავს)
ავიღ-დავიღე ცხოვრება,
ჩემი შრომა და კაცობა;
დიდ რამედ არ მიმაჩნია,
ტანჯვა ჩემთვის არს გართობა.
მოძმეთ კი დიდად მიიღეს,
მომიხსენიეს ქებითა.
ხარი ფერდ-ფერდზე მიკრული
გადახრეშილი ქედითა.
აღარც თივაა ჩემთვისა,
აღარც ბზე, აღარც ნეკერი.
ქება ბევრია, უსაზღვრო,
მხოლოდ სალამი ერთფერი.
ამ ოინების მხილველსა
ჩამეცინება მწარედა:
თუ მართლა კარგი რამა ვარ,
რად გამომაგდეს გარეთა?!
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი,
ენას აუბნებს მცდარადა:
„იმიტომ - მეჩურჩულება, -
სხვა საქმით გიცნეს მდარადა,
სხვა რამ გაკლია, სათვლელი
თქვენში დიდ ნაკლად მარადა.
თუმც რაც დაგაკლო, უფალი
დამნაშავეა თავადა:
როცა პოეტად გბადებდა,
რად აღარ გაგათავადა?!“
ბეცავს „ფშავლობა“ რას გიშველს?
ზურგს გუდა, ხელში კალათა!
თავადიც იყო, - სიცოცხლეს
არ ჩამაჰლევდი შავადა
გულ-მტკივნეული, კუჭითაც
არ იქნებოდი ავადა.
ყველა მზად იყო შენთვისა,
მოსული თავისთავადა“.
ეშმაკს უყურეთ წყეულსა,
მაეჭვიანებს ძალადა!..
ეს სთქვა მაცდურმა და გაჰქრა,
ენა დაწურა შხამადა.
მიფრინავს, მისი ხარხარი
ისმის მთად და ბარადა.