(ძველი ამბავი)
I
მთვარე არა ჩნდა ცაზედა,
ვარსკვლავნიც მიჩქმალულიყვნენ;
ნისლნი, დაღლილნი ცურვითა,
მთის ყურეთ მიმალულიყვნენ;
მთანი მაღლაით დასცქერდნენ,
ღრმა ფიქრით შაბურვილიყვნენ:
ბეჩავებს ბევრი ეტირნათ,
სრულ ცრემლად დაწურვილიყვნენ.
არაგვიც ჩუმად მასჩქეფდა,
თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა,
ბუნდრად და გაურჩეველად
კლდეთა კალთაზე ხვიოდა.
ხელუხლებელსა, უღრანს ტყეს
ბუვი საბრალო ჰკიოდა.
ბეჩავი დღესაც ხომ სტირის,
მაშინაც გული სტკიოდა!
ხავილ-წკნავილი ნადირთა
ცათა კიდემდე დიოდა;
მივარდნილს ჭიუხებშია
შავარდენიცა წიოდა.
ჩუმად მოვიდის ირემი,
დასწაფებოდა მდინარეს,
მაგრამ ტყესავე მიჰმართის
სიყრუვ-სიჩუმით მძვინვარეს,
რა ნახის კვალი დევების
გარს მოსდებოდა იმ არეს.
უცბად გაჩუმდა სუყველა,
მხეცთ ხმა არ ისმის ტყიდამა,
უცხო ხმა გაჩნდა, ღრიალი,
აქეთ მთით, იქით მთიდამა;
გამოჩნდნენ შავნაბდიანნი
გაღმა-გამოღმა კლდიდამა;
შავ-ბნელთ და უზარმაზართა
გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი,
კაცისა სისხლით ეღებათ
ხელ-ფეხი, პირის-ბალანი;
სინჯავენ წყლის კიდეებზედ,
ხომ არსად არი კვალია,
კაცმა, ან მხეცმა იდუმალ
წყალი ხომ არვინ დალია.
გაბლანტებულა სოფელი,
მკვდართ ბინას დაჰფერებოდა;
კარში ვერავინ გამოდის,
ხალხი ჭერს მოჰფარებოდა.
ნადირთა მთის წვერთ მიჰმართეს,
ნიავსა სომდენ მთისასა;
ფრინველნი აიყარნიან,
ნამსა ჰკრეფდიან ცისასა.
მიწაზე ვერვინ დაჰლევდა
წვეთსა, ერთს ცვარსა წყლისასა.
შრება გული და გონება,
ძმა სისხლსა სომდა ძმისასა.
ძმას ძმები შამაელივის,
სისხლსა იძებდის სხვისასა.
დევთ დარბაზობას რაც მოჰრჩა,
იმათ ლაშ-პირსა მგლისასა,
ციხეს აგებენ დევები,
ციხეს კაცების ძვლისასა.
ცრემლით ვინ ვის-ღა იტირებს,
თავი გაჰხდია ჭირადა;
ხელის შაქცევას ვერ ჰბედვენ
ხელშეუქცევის მტრისადა.
როცა გადმოჩნდის ღრუბელი,
წვიმამ დაიწყის შრიალი,
დევთ ლახტი მიუღირიან
და ასტეხიან ღრიალი;
გაჰქრის წვიმა და ღრუბლებმა
უკვენ იწყიან ტრიალი.
ლამის სიკვდილმა სიცოცხლის
დაისაკუთროს სახელი,
გაჰქრეს ღვთის მახსენებელი,
არვინ აანთოს სანთელი.
ლამის სიყვარულს დაეწვას
ტურფა გვირგვინი იისა;
ყველა, რაც ამკობს სიცოცხლეს,
გახდეს საჭმელად ჭიისა.
რად-ღა ვის უნდა მაშინა
ან მზე, ან მთვარე ცაზედა,
ხშირად ყვავილით ნაქარგი
მწვანე ბალახი მთაზედა;
გაზაფხულს მოსვლა მერცხლისა,
ჩქეფა, ჩქრიალი ხევისა,
დღის წასვლა, ღამის დადგომა,
სიტკბო ბულბულის სტვენისა?!
დარჩეს მარტოღა ღრიალი
გაუმაძღარის დევისა?!
უხალხოდ ან დევს რად უნდა
ძალა, დევობა წყეული?
რატომ არ ჩნდება უფლისა
მეშვლობა ციდამ სრეული?
რად არ იშლება დევების
შხამით ავსილი სხეული?
ღმერთმ რად გახადა ქვეყანა
დევთა სათრევლად ნეტარა?
მითამ იმედად ისა გვყავ
განსაცდელის დროს, ყველგანა,
მითამ ის არის მფარველი
განუშორებლივ ჩვენთანა.
არ-ოთ გასწირავს ქვეყანას,
არ გაასწორებს მტვერთანა!
II
ღამესა უფრო აღამებს
დიდი ტყე ფიჭვ-ნარიანი:
თელა, ვერხვი და წიფელი,
ცაცხვი ტანჯავარიანი,
მიყრით ერთურთში დაქსულნი, -
მუხა თავკარავიანი.
მზის სხივით არ იპოხება
დიდი ტყე შალდაყიანი,
ხელუხლებელსა მიდამოს
არსად სჩან ნაკაფიანი;
აქ ცულ არ აჩქამებულა,
ფეხ არ დადგმულა მუშისა;
ნადირთ ულახავ ბალახნი,
მისდევს ნავალი შუნისა,
მოსცმია გარსა, მიდამოს,
ნისლი ყვავილთა სუნისა.
გორი-გორ შასდევს დამთხვრისა
გრძელი ნაფრენი ირმისა;
ვეფხვებს უთელავ ტერფებით
ბრტყელი ფოთლები ღიმისა.
ჩადის, ჩატირის ხევი-ხევ
ტალღა ნაკადის ცივისა.
ჩაიკლავს გულში ვარამსა,
ბუვი საბრალოდ ჰკივისა.
მაშ, ეს საყდარი რისაა
დახავსებულის ჯვარითა,
უდაბურს ადგილს მდგომარე
გათლილის სიპის კარითა?!
ციდამ ღვთისაგან იფარვის,
დაბლა - იფნების ჯარითა.
შიგ ის ვინღაა მოხუცი
მხარ-იღლივ წითლის ფარითა?
მარჯვენით ლახტი უჭერავ,
მარცხენას ამკობს ჯვარითა?
რამ აატირა მოხუცი
ეგრე ცრემლითა ცხარითა?
რას ევედრება უფალსა
სულთქმა-ოხვრითა ჩქარითა?!
ეს ვინ მოდიან ციდამა
ხელში ხმლით, ალვის ტანითა?
განათდა მთელი ქვეყანა
ცხრის მზითა, ოცის მთვარითა.
ღვთიშვილთ უძახეს კოპალას:
“ღმერთმ ნება მოგცა, ძალითა
დალიე ქვეყნის მლევლები,
ლახტი იხმარე ტარითა!”
დევთა ასტეხეს ტირილი
მაღლა მთით, დაბლა ბარითა:
“დავიწვით, ნათელმა დაგვწვა
სახე, თვალები ტანითურ,
ჩვენი გუნება ირევა,
მოვიწამლენით ჯანითურ”.
III
მიწა დაიძრა მთებიდამ,
ქვებს მოაქვს ხევში ჩხრიალი,
სდგას ბობოქრობა დევების,
ყურის მგლეჯელი გრიალი.
მოდის ნასროლი ლოდები,
ისრის ზროს მააქვ ძგრიალი.
იძაბვის ძალი მშვილდისა,
აგერ მოგორვენ დევები;
აივსო დევთა ლეშითა
ტყე-ველი, დაბლა - ხევები.
რამ რა დაზარდნა ესეთნი,
თითო გერგეტის სწორია;
რა ტყე ჰფარვიდა ამათა,
ან რა სჩრდილავდა გორია!
ერთი ნაკრავი როგორ ჟლეტს
ერთის მოხუცის ბერისა?!
რად არ ხელახლად სდგებიან,
ცამდი ამშვებნი მტვერისა?!
ვეღარ დევობენ, რა ჰხვდებათ
ლახტი სხვა-რიგის მტერისა!
ვერც თავს მაიბმენ ხელახლად,
ვერც გულს გაჭვრეტილს ისრითა.
სული ამაჰხდათ, წყდებიან
უძეოდ, მწარის ფიქრითა.
აყროლდა მიწა, ბნდებოდა
ბრიყვის დევების მძოვრითა,
შავი გამოდის გველები
დევთა სისხლისა მორვითა.
“გასწყდით, დამლევნო ქვეყნისა, -
ზედ დაჰვედრიდა ბერია:
გასწყდით, კაცთ ტომის მწამლავნო,
სიკვდილი თქვენი ჯერია.
მოკვდი, სად მირბი, ბეღელავ,
ფშავი კარგა ხანს გჭერია,
დაიქცეს, ახლა დრო არი,
დევთ მეუფება შენია!”
დევთ სულნი დაკოდილები
ქვესკნელში ჩაიყარნიან,
წინ მაეგებნენ მაცილნი,
პირისპირ შაიყარნიან;
დევთა ამბავსა ჰკითხავდენ;
დოინჯი გაიყარნიან.
დევთ სულთ ასტეხეს ტირილი,
თვალს ხელნი დაიფარნიან:
- ზეცამ დაგვლივნა, ტიალმა,
ცისა ნათელმა მწვავემა,
ერთის მოხუცის ბერისა
ლახტის ცემამა მწარემა;
ნათელმა დაგვწვა თვალები,
ჯანი დაგვიდნო ტანისა;
ზესკნელს ჩვენ აღარ გვეცხოვრის,
ბნელი აღარ გვშველს ღამისა.
დევთ თვალნ დახუჭნეს, დაიდვეს
ბნელი ქვესკნელი ბინადა;
მაიგონებენ ძველს დროსა,
დაიკვნესებენ ხშირადა.
მიწა ექცევათ თავზედა,
დასდით წვიმა და ღვარია,
ათრთოლებთ ტანში სიცივე,
ჩამოსდით ცრემლი მწარია.
წასასვლელ არსაითა აქვთ,
ყველგნით დახშული კარია.
აღარსად იმათ ლახტები,
აღარც ხმალი და ფარია,
აღარც ადგომის იმედი
იმათთვის არსად არია!
IV
თენდება. ნამი დაჰყრია
მიწასა ალმასიანი.
არაგვსა პირი უცინის,
ტანი უშვენის ხმლიანი.
ულოცვენ გამარჯვებასა
მისნი კიდენი კლდიანნი.
მოსქდა მთითა და ბარითა
ოთხით მავალნი-დ ფრთიანნი, -
წყალსა სმენ არაგვისასა
ჯიხვნი, ირემნი რქიანნი.
ჩამოდის დევთა ლეშზედა
სოვნი უმსგავსნი, ბჯღლიანნი, -
რა მადლი არი, წყლით დაძღენ
შვლებიც თვალ-ლამაზიანნი!
გადარჩენიან წყურვილსა,
თუმც ბევრი ექმნათ ზიანი.
მოდგა დიდი და პატარა,
კოკები მოაქვთ წყლიანი.
ჰლოცვენ ხელგაშლით თავის მხსნელს,
ვინც მოჰკლა ძალა ტიალი.
ქვეყანამ, გზა-კვალ აშლილმა,
წაღმა დაიწყო ტრიალი;
ხეებსაც ძირი დაულბა,
ფოთოლთ დაიწყეს შრიალი;
ვეფხვიცა ჰხვრეპდა გუბესა,
გული გაალბო მწყურვალი.
მიკვირს, რით გასძლო, არ გატყდა
წყლით უგრილები, მხურვალი!
კლანჭებსაც იბანს როსტომი,
ტყის სიდუმილის მკურნალი.
ხშირნი მოდიან ღრუბელნი,
ლაღად მიდგიან-მოდგიან.
ცამ გადიწმინდა, ტურფანი
წვრილნი ვარსკვლავნიც მოდიან.
დაულბა გული ქვეყანას,
ისევ სიცოცხლით ხარობსა,
დამთვრალი ქვეყნის შვენებით
გაღმა ბულბული გალობსა.
მადლობა შენთვის, უფალო,
ბუნება აღარ წვალობსა!
ტურფა დაესხა ისევა
დამჭკნარს ფოთოლი იასა.
აღარ აშინებს დევის ხმა
მაგ სადედუფლოს თმიანსა.
V
ასტყდა ელვა და ქუხილი,
წვიმამ დატეშა გორები.
- სად მიჰრბი, ნეტავ, ბეღელავ,
სასჯელს რად გაეშორები?!
საყდარს ეკედვლის ბეღელა,
დაჰვიწყებია სწორები;
საყდრის კარს დაუჩოქია,
გულზედ უწყვია ტორები.
- მომირთმევია, კოპალავ,
ძღვენად ფარი და ხმალია,
დევთ საომარი აბჯარი,
ოქრო, ვერცხლი და თვალია.
ცხრა ეხი სავსე ოქროთა,
ვერ-სით ჩაუვა წყალია;
ხმალშეუვალი ბექთარი,
გაუტეხელი რვალია.
რაად დაგვღუპე, კოპალავ,
დევთ რად წაგვართვი ძალია?!
დევთაცა გვქონდა ფიქრადა
ზეცას მიგვეპყრო თვალია
და დაგვეჭდია ქედზედა
ღვთის საამური ვალია.
მინდა ღმერთს შენებრ მივაჩნდე,
შენებრ სიწმინდის მქონია;
დევობის ძალა რომ მერთმის,
მინდა სხვად მქონდეს ღონია.
უძალღონობას, სისუსტეს
ვერ თვისობს ჩემი გონია.
რაღა შენ მოგცა უფალმა
ძალი, არვისგან ძლეული?
ასჯერ დიდი ვარ შენზედა,
ასჯერ მეტი მაქვს სხეული!
სიზმარში ვარო მგონია,
ვერა ვარ გამორკვეული...
მიშუამავლე უფალთან,
შენებრ შამმოსოს ძალითა,
მეშვლად გედგები ბრძოლაში
ძმურად, ძლიერის მკლავითა.
- სიტყვა ადვილად ითქმევა,
ბილწო, ავსილო შხამითა.
ვერ მოატყუებ უფალსა,
მოხეტიალევ ღამითა.
სიკეთეც გინდა ხელთ იგდო,
ძლევით გახდილო ავადა,
ორივეს ამუშავებდე,
ბოროტს - ხმლად, კეთილს - ფარადა?!
ნუ ცრუობ, შავო, შავ ბნელო,
უნდა ჩამაჰდნე შავადა.
შენში კეთილი იმავ წამს
გადაიქცევა შხამადა.
გცდი ჯვარით, შხამის გუდაო,
გამოგცდი ემავ ჟამადა.
ჯვარი აიღო კოპალამ,
უთხრა: - ემთხვიე ამასა.
ბეღელამ ლაშნი მიჰმართნა,
ვერ სწვდება... იჩენს ძალასა.
ვერ ახლო პირი, არ იქნა,
ჯვარად გადაბმულს კალასა;
ცეცხლი დაეცა ზეციდან,
მოედვა, როგორც ჩალასა.
დაიწყო ღმეჭა ბეჩავმა,
შექნა საბრალო ღრიალი;
გმინვა უსასო სიკვდილის,
გულის მომწყვლელი ხრიალი.
დევთა მეუფის დიდისა
ფერფლი-ღა დარჩა ტიალი.
ფერფლიდან გაჩნდნენ უმსგავსნი
შავნი ბუჭყანი-დ' ჭიანი;
წკრტიალით ტყესა მიჰმართეს,
სადაც ხარობენ იანი.
ია თალხ-კაბა ამოვა, -
ქალი მგლოვარე ძმაზედა.
ზაფხულის ცქერა სწადიან,
პირის დაბანა ნამზედა.
არ დააცლიან, იცოცხლოს,
მიუხვდებიან კარზედა,
შმაგად უჭამენ ფესვებსა,
მერმე გადავლენ თმაზედა.
მოკლე სიცოცხლე იასა
იმ ჟამით აწევს თავზედა.
დილა საღამოს ნიშნს უგებს,
დღე ღამეს ებრძვის ძალზედა,
ნისლნი, ათას მხრით მომდგარნი,
დაისვენებენ მთაზედა.