I. არქეოლოგიური ფაქტები
§ 1. კულტურის საფეხურები
§ 2. დასაფლავების წესები
§ 3. ადამიანის ქონებრივი ავლადიდება
§ 4. აღებ-მიცემობა და ფული
§ 5. ხელოვნება

II. ნივთიერი კულტურა წერილობითი წყაროების მიხედვით

§ 1. კულტურული მდგომარეობა XI — VII ს. ქ. წ.
§ 2. შავი ზღვის აღმოს.-სამხრეთის სანაპიროზე მცხოვრები ქართველი ტომების კულტურული მდგომარეობა V — I ს.ს. ქ. წ.
§ 3. დასავლეთ საქართველოს კულტურული ვითარება
§ 4. აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული ვითარება

III. ნივთიერი კულტურის ისტორიის მთავარი პრობლემები კავკასიაში


ერის ნივთიერი კულტურის შესასწავლად არქეოლოგიისა, ენათმეცნიერების და წერილობითი ძეგლებიდან ამოღებული ცნობებია საჭირო. ამ სამი წყაროს შედარებითი შესწავლა ისტორიკოსს ე. წ. ისტორიის უწინარესი ხანის ნივთიერი კულტურის სურათის აღდგენას შეაძლებინებს ხოლმე. არქეოლოგია, ვითარცა თავისი საკუთარი მეთოდების მქონე მეცნიერების დარგი, სათანადო სპეციალისტთა კვლევა-ძიების სარბიელს შეადგენს და ჩვეულებრივ ისტორიკოსი მისი მონაპოვარით სარგებლობს ხოლმე თავისი მიზნებისათვის. მაგრამ ასეთ ხელსაყრელ პირობებში ქართული ისტორიის მკვლევარი ჯერ არ ჩავარდნილა, რადგან კავკასიის არქეოლოგია თავის სპეციალურ საგნად ჯერ არავის აურჩევიაIII და ყველა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც კავკასიის ნივთიერი კულტურის გასათვალისწინებლად უკვე არსებობს, სასხვათაშორისო კვლევა-ძიების შედეგს წარმოადგენს და უფრო ზოგადი პრობლემებით დაინტერესებულ, მაგრამ თავისი კვლევა-ძიების მუდმივი ასპარეზით დაშორებულ გამოჩენილ მეცნიერთა მონაწილეობით არის შეძენილი. ამ გარემოების წყალობით კავკასიის არქეოლოგიურ შესწავლას სისტემური გეგმიანი მუშაობის თვისების მაგიერ შემთხვევითი ხასიათი აქვს. აქამდე არ არსებობს საქართველოში დაწესებულება, რომელსაც გინდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მუდმივი, მეთოდური არქეოლოგიური შესწავლა ჰქონდეს დავალებული. ჯერჯერობით არც ცალკეული მეცნიერი მოიპოვება, რომელსაც მიზნად იმ მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური ფაქტებისა და ძეგლების სპეციალური, მთელი სივრცე-სიღრმით, შესწავლა მაინც დაესახოს, რომლებიც საქართველოს და მეზობელი რესპუბლიკების მუზეუმებში გათხრილობისა და შეგროვების წყალობით საკმაო რიცხვით და მრავალფეროვანობით არის თავმოყრილი.
ასეთ პირობებში გასაკვირველი არაფერია, თუ რომ გუშინ უცილობლად მიჩნეული დებულება პირველივე ახალი გამოკვლევით სრულებით შემცდარი გამოდგება. ამავე მიზეზის წყალობითვე ისტორიკოსს ჯერ უფლება არა აქვს არქეოლოგიურ თეორიებს სრული რწმენით დაემყაროს.

ქართველი ერის ისტორიის მკვლევარის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია იმ გარემოებით, რომ კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა და მათი კულტურის პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საძებნელი.IV მაგრამ ჯერჯერობით, სანამ ყველა ზემოაღნიშნული ნაკლი შევსებული იქნება, საქართველოს ისტორიის სპეციალისტს ამ ნაკლოვანი წყაროების წყალობითაც მოპოვებული ფაქტებით სარგებლობის გარეშე არავითარი გზა არ მოეპოვება. ის გარემოება, რომ ქართველი ტომები მრავალი საუკუნის განმავლობაში კავკასიის მკვიდრებად იქცნენ, მათი ნივთიერი კულტურის შესასწავლად გარკვეული ხანიდან კავკასიის არქეოლოგიური ფაქტების ცოდნასა და გათვალისწინებას აუცილებლად ხდის. ქვემო-მოყვანილი აწ არსებული არქეოლოგიური მწერლობის მიმოხილვასა და წერილობითი ძეგლებიდან მოპოვებულ სურათს წარმოადგენს. რაკი ლინგვისტიკური მეთოდით მოპოვებული შედეგების დამტკიცებას დიდი და მრავალმხრივი დასაბუთება სჭირდება და შედარებითს კვლევაძიებაზე არის დამყარებული, ამიტომ მისი აქ მოყვანა არ შეიძლებოდაV და "ქართველი ერის ისტორიის" განსაკუთრებულს, შესავალ წიგნშია მოთავსებული11, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განხილული, რომელთა შესახებ აქ საუბარი დაუსაბუთებელი ჰიპოთეზის შთაბეჭდილებას მოახდენდა.


I. არქეოლოგიური ფაქტები

§ 1. კულტურის საფეხურები


კარგა ხანს ისე იყო მიღებული, რომ კავკასიაში ქვის ხანის დროს ადამიანი არ ყოფილა და მისი პირველივე მკვიდრნი ლითონის მცოდნენი იყვნენ. ამის გამო უძველეს ხანად აქ ბრინჯაოს ხანა ითვლებოდა, რომლის დროსაც ქვის იარაღის ხმარებაც გვხვდება. ფრანგმა მეცნიერმა შანტრმა დაამტკიცა, რომ კავკასიაში ქვის უახლესი, ე. ი. დამუშავებული ქვის ხანაც იყო. მაგრამ მისი კვალი მეტად მცირე ჩანდა და ამის გამო ხანმოკლე პერიოდად იყო ცნობილი.

1916 წ. პოლონელმა მეცნიერმა სტეფ. კრუკოვსკიმ არგვეთში ს. რგანის მიდამოებში გვარჯილას-კლდის გამოქვაბულში პალეოლითური, ე. ი. დაუმუშავებელი ქვის უძველეს ხანის ტალისა და სხვა ქვისაგან, ძვლისა და რქებისაგან გაკეთებული იარაღ-ნივთები აღმოაჩინა. იქ ნაპოვნი ნივთები ჩამოტანილია და საქართველოს მუზეუმში ინახება. თვით მონაპოვარის შესახებ მისი წინასწარი მოხსენება დაბეჭდილია კავკასიის მუზეუმის უწყებულებათა (Изв. Кавказского Музея, Bulletin du Musée du Caucase) X წიგნის მე-3 ნაკვეთში იმავე 1916 წელს (იხ. გვ. 253 — 259). შემდეგში ეს მასალა კრუკოვსკიმ მეცნიერულად შეისწავლა და მისი მონოგრაფია მოკლე ხანში "საქართველოს მუზეუმის მოამბეში" უნდა გამოქვეყნდეს. პოლონელი მეცნიერის აღმოჩენამ ერთხელ კიდევ ცხადყო, თუ რაოდენი სიფრთხილე ჰმართებს მკვლევარს კავკასიის არქეოლოგიაზე მსჯელობის დროს.
ამგვარად დამტკიცდა, რომ ქვის უძველესი ხანა კავკასიაშიც ყოფილა. მხოლოდ მომავალი მეთოდური კვლევა-ძიება ნათელ-ჰყოფს ამდროინდელი კულტურის გავრცელების ასპარეზსა და ხანგრძლივობას.

აქამდე არსებული მასალების მიხედვით კი ქვის ხანას კავკასიაში მაინც შედარებით ნაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და მისი მოსახლეობის მთავარი კულტურული ხანა სწორედ ბრინჯაოს ხანით იწყება. თვით წმინდა სპილენძის ხანაც კი, ე. წ. ენეოლითი კავკასიაში ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ბრინჯაოს ხანა დაწყებისთანავე უხვად იზრდება და ფართოვდება და რკინის ხანაც ბრინჯაოს ხანას სწრაფად მისდევს. ეს ლითონის კულტურა კავკასიაში ახალმოსული ეროვნების ტომთა გადმოსახლებისა და დამკვიდრების წყალობით ჩანს შემოტანილი.VI


§ 2. დასაფლავების წესები

კავკასიაში გათხრილი სამარეებისა და სასაფლაოების მიხედვით ირკვევა, რომ საფლავების სხვადასხვა სახეობა ყოფილა. ორი უმთავრესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მიცვალებული, ან მიწაში არის ჩაფლული, ან მისი საფლავი მიწის ზემოთ არის გაკეთებული და ზედ ბორცვის მსგავსად, ან ქვების ხროვა, ან მიწა აქვს წაყრილი, ე. ი. საფლავად ეგრეთწოდებული ყორღანია გამოყენებული. ზოგჯერ ყორღნის ქვეშ მყოფი საფლავი მიწაში ამოთხრილ ორმოს წარმოადგენს. ასეთი ყორღანიანი საფლავები აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ყოფილი ალბანეთის მიწაწყალზე გვხვდება.
საქართველოს და დანარჩენი კავკასიის საფლავები ჩვეულებრივ მიწაში ყოფილა მოწყობილი და ქვებით არის გამართული. სამთავროს სასაფლაოში უძველესი სამარეები რიყის ქვისაგან ყორედ არის ამოყვანილი. ამის მომდევნო ხანაში კი აქვე და სხვაგანაც უმარტივესი სახეობის საფლავი მიწაში ამოთხრილ ოთხკუთხიან სამარეს წარმოადგენს, რომელსაც მიცვალებულის შესადებელი ჯერ მარტო გვერდითგან აქვს, შემდეგში კი მკვდარი მხოლოდ ზემოთგან ჩაუსვენებიათ და ზემოთგანვე აფარია პრტყელი სიგრძე-სიგანეზე მთლიანი ქვის სარქველი, ზედ კი ქვები და მიწა აყრია (ნახ. 1). ამაზე უფრო რთული აგებულებისაა მთლად ქვისაგან მოწყობილი საფლავი, რომელსაც ოთხივე მხრით ქვები აქვს ჩაწყობილი და სარქველადაც მთლიანი ქვა ჰხურავს. ხშირად გვერდის ქვებიც მთლიანი ქვისა იყო ისე, რომ სამარე ქვის კუბოს, ან ყუთს წარმოადგენს, რომელსაც მხოლოდ ბსკერი არა აქვს ქვისა, არამედ ჰორიზონტალურად გასწორებული მიწის ნიადაგია (იხ. ნახ. 2). ასეთ საფლავებს რუსი მეცნიერები каменные ящики, გერმანელი მეცნიერები Steinkistgräben, ფრანგები cistes faits de pierres ე. ი. ქვის ყუთის სამარეებს უწოდებენ.

მთლიანი ქვის სარქველის მაგიერ სამი ქვისაგან შემდგარი სარქველებიც გვხვდება, რომელთაგან ორი გვერდის ქვებზეა დაყრდნობილი და მესამე ამათ შუა დარჩენილ მანძილსა ჰფარავს და ორ ზედა ქვაზე დევს (ინ. ნახ. 3).

ქვის სამარეთა სახეობას ნამტვრევი ქვისაგან, უტალახკიროთ მთლად ყორისაგან ამოყვანილი სამარე წარმოადგენს, რომელსაც სარქველის მაგიერ თაღი აქვს (იხ. ნახ. 4).

სამთავროს სასაფლაოში გამომწვარი აგურისაგან და მოგრძო გვერდზე მოხრილი კრამიტებისაგან გაკეთებული სამარეებიც იყო აღმოჩენილი.

უფრო იშვიათად, მაგრამ გარკვეული ხანიდან და გარკვეული ეროვნული ერთეულისათვის დამახასიათებელია სამარეები, რომელნიც მოპირქვავებულ დიდ ჭურს, ანუ ქვევრს წარმოადგენენ. ბსკერად ბრტყელი ქვაა გამოყენებული, რომელზედაც მიცვალებული მჯდომარე ესვენა და ზემოდან ეს ჭური, ანუ ქვევრი, ჰქონდა დარქმული (იხ. ნახ. 5). იმ ქვეყნებში, სადაც ქვა, ან არ იყო, ან ქვის დიდი ნაკლებობა არსებობდა, თიხისაგან გაკეთებულ სხვადასხვა სახეობის კუბოებს აკეთებდნენ, როგორც ქვემო ქალდეაში, ალჟირში და სხვაგანაც.
სხვადასხვა ქვეყნებში და ერთსა და იმავეშიაც, მაგრამ სხვადასხვა დროს დამარხვის წესიც სხვა იყო ცნობილი. ჩვეულებრივ ასეთი საფლავები თითო-თითოა ხოლმე, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ორ-სართულიანი სამარეებიც გვხვდება, რომლის ზედა სამარეს ბსკერად ამისთანა შემთხვევაში ქვედა სამარის სარქველის ქვა აქვს (იხ. ნახ. 2). მიცვალებული სამარეში უძველეს ხანაში ჯდომელაა დამარხული, შემდეგ გვერდზე ასვენია და მოკრუნჩხული დევს ისე, რომ ხელები მოკეცილი და ნიკაპამდის აწეული აქვს, ბარძაყებიც თეძოს გასწვრივაა, ხოლო ფეხები ქვემოთვე აქვს შემოკეცილი. ჩვეულებრივ მიცვალებული მარცხენა გვერდზე ასვენია (იხ. ნახ. 6, 7 და 8), მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგ. ყობანში, მიცვალებული პირიქით მარჯვენა გვერდზეა დაწვენილი (იხ. Mus. Cauc. გვ. 3. ნახ. 3 და 4). შემდეგდროინდელ სამარეებში მიცვალებული, თუ მარტოა დასაფლავებული, პირაღმაა ხოლმე დასვენებული, ხოლო თუ სხვასთან ერთად ასვენია, ერთი მათგანი პირაღმაა, მეორე გვერდზე, როგორც მაგ. კარსნისხევის სასაფლაოში12.

ჩვეულებრივ თითო სამარეში თითო მიცვალებული მარხია და უძველეს ხანაში ეს მტკიცე წესი ყოფილა. მაგრამ იშვიათად ორ-სართულიანი სამარეც სცოდნიათ. მერმინდელ სამარეებში ერთში ორი და მეტი მიცვალებულიც არის ხოლმე დასაფლავებული. ასეთ შემთხვევაში მომეტებულ ნაწილად ცოლ-ქმარნი და ერთი ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, როგორც მაგ. კარსნისხევის სასაფლაოშია, სადაც ორი მოზრდილის გარდა ორი ბავშვის ჩონჩხიცაა, რომელთაგან ერთი მკერდზე უსვენია, მეორე ფეხთით13.


§ 3. ადამიანის ქონებრივი ავლადიდება

მიცვალებულისათვის საფლავში თან მისი ტანისამოს-სამკაულის გარდა ყველა იარაღისა და ჭურჭლეულობის ჩატანება წესად ყოფილა მიღებული (იხ. ნახ. 6, 7 და 8). ერთ შემთხვევაში საფლავში სალეწავი კევრიც კი არის ჩატანებული. ჯერ ქვევით კევრი დაუდვიათ, ხოლო შემდეგ მიცვალებული ზედ დაუსვენებიათ და ზედვე მისი იარაღი და სხვა ჭურჭლეულობა დაულაგებიათ. სამარის გახსნისას კევრის მხოლოდ პატარა ნაწილი-ღა იყო შერჩენილი მთლიანად, ხე-კოხებიანად. დანარჩენი ნაწილის ხე კი სულ დაშლილი იყო და მხოლოდ მიცვალებულის ჩონჩხის ქვევით და გარშემო სამარეში გაფანტული კევრის კოხებია იმის მაუწყებელი, რომ საფლავში კევრი მთლიანად ყოფილა ჩატანებული (იხ. ნახ. 8).
ტანისამოსად სელის, ბამბისა და მატყლის ქსოვილები ჰქონიათ, რომელთაგან მეორე და მესამე გვარის ქსოვილები ზევითი ტანისამოსისათვის უნდა ყოფილიყო. ქსოვილები სხვადასხვანაირებია და სხვადასხვა ხარისხისა. სამოსელი მთლიან ნაქსოვს კი არ წარმოადგენდა, არამედ შეკერილი ყოფილა. სამოსელის შესაკრავად ჰქონიათ ღილები, დუგმები, ფიბულები და სხვადასხვანაირი ქინძისთავები. მათ შორის რამდენიმე გრძელი და დიდ-თავიანი გარეთი ტანისამოსის მკერდთან შესაკრავად ყოფილა ნახმარი. თასმის შესაკრავად აბზინდა ჰქონიათ (იხ. აქვე გვ. 36, სურ. 16 და ნახ. 6, 7 და 8).

ყელზე და გულმკერდზე მუცლის არემდე მამა კაცს შუშისა და სხვაგვარი მძივების ძეწკვი ჰკიდებია. მაჯებზე რამდენიმე პრტყელი და წვრილი სამაჯურები ჰქონია, ზოგს ფეხებზეც. წელზე სარტყელი ჰრტყმია. მარჯვენა თეძოსთან ხმალი და მუცლის ხაზზე მახვილი სარტყელ ქვეშ ყოფილა დამაგრებული. ფეხსაცმელის კვალიც ამტკიცებს, რომ მაშინდელი მკვიდრი უხამური არ ყოფილა. თავით მიცვალებულს შუბს უდებდნენ. უმეტეს შემთხვევებში მარცხნივ, მაგრამ ზოგჯერ პირდაპირ თავქვეშაც აქვს ხოლმე ამოდებული (იხ. ნახ. 6, 7 და 8).
ქალებს უხვად ჰქონიათ სამკაულები, რომელნიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ზოგჯერ ოქრო სხვადასხვა სახის საყურეებისაგან, ბეჭდებისა, რგვალი, ან გრეხილი ლითონისა და მარგალიტ-ნიჟარა-მძივებისაგან ასხმული ყელსაბამებისა, სამაჯურებისა, ქინძისთავებისა, სარჭობებისა და ჩანჩხურ-ძეწკვ-ჩამოსაკიდებისაგან შესდგებოდნენ14.

პირის ფარეშისათვის განკუთვნილ ნივთთა შორის აღსანიშნავია — სავარცხლები, ჩქიფი და სხვაც15.

სამეურნეო იარაღთაგან ბლომად არის სხვადასხვა მოყვანილობისა და ღირსების ცულები (იხ. აქვე გვ. 36 — 37), დანები (ნახ. 6 და 8), სასრევი და სხვადასხვანაირი სალესავი ქვები16, ნემსები (აქვე გვ. 14) და სხვაც. დასასრულ, აღსანიშნავია ბრინჯაოს სარტყელზე გამოყვანილი ცხენის ურემის ანუ ეტლის სურათი (იხ. ნახ. 9), ცხენისათვის ლაგამი და კალოსთვის სალეწავი კევრი, რომლის პატარა ნაჭერი დაუშლელი გადარჩა (იხ. ნახ. 8). გვხვდება ზანზალაკებიც, ალბათ, შინაური საქონლისათვის შესაბმელად და ირმის მოყვანილობის ბოქლომიც (იხ. აქვე გვ. 37 და 38).

საბრძოლველ იარაღთაგან უძველეს ხანაში ჩვეულებრივია ბრინჯაოს მახვილები. შემდეგში ხმალიც ჩნდება, აგრეთვე ბრინჯაოსაგან გაკეთებული და რკინისაგანაც მახვილებიცა და ხმლებიც ორპირებია, შუაში ვადამდე შემაღლებული, გვერდებისაკენ კი დაქანებული. გვხვდება შუაში შაშრიანიც. ალავერდში ნაპოვნია ბრინჯაოს მახვილი, რომელსაც ვადასთან სამი პარალელური, ბოლოსაკენ კი ერთად შეყრილი შაშრის ღარი აქვს17.

მახვილები და ხმლები კოტიანი, ანუ ხეტარიანი და უკოტონი, ანუ უხეტარონიც ყოფილა. პირველ შემთხვევაში კოტა მთელ იარაღთან ერთად არის ხოლმე ნაკეთები, მეორე შემთხვევაში მახვილ-ხმლის პირს ვადას ზევით ენა აქვს წაგრძელებული, რომელშიაც ნაჩვრეტებია ხის, ან ძელისაგან გაკეთებული კოტას ლურსმებით დასამაგრებლად18.

კოტას მოყვანილობა და შემკულობა სხვადასხვანაირი ყოფილა, მაგრამ ჩვეულებრივ ვადისაკენ ფართო შუა ნაწილისაკენ ძალზე ვიწროვდება და ოდნავ და თანდათანობით კოტას თავისაკენ ფართოვდება და აქ გეომეტრიული ნაჩვრეტებიანი სახეების მქონებელი წოწოლა ღილის მოყვანილობის ქუდით თავდება, რომელიც კოტაზე მოკიდებული ხელის მოსხლეტისაგან უზრუნველსაყოფადაც უნდა ყოფილიყო19. მახვილსაცა და ხმალსაც ქარქაში ჰქონდა, რომელიც სახეებით ყოფილა შემკული20. აღსანიშნავია, რომ ამ იარაღს ჩამოსაკიდებლად არავითარი რგოლი არ ჰქონია და ხმალიცა და მახვილიც სარტყელსა და ტანისამოსს შუა ყოფილა მოთავსებული, იარაღი სარტყელ ქვეშ გარჭობილი ჰქონიათ21.

იარაღის კოტას მოყვანილობისა და შემკულობის მხრით ერთი საყურადღებო ნიმუში დაცულია საქართ. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში, რომელიც 1867 წელს სურამის მახლობლად ს. ზინდისში არის მიწაში ნაპოვნი, ბრინჯაოს მახვილის კოტას წარმოადგენს და რომელსაც მახვილის პირის მხოლოდ მცირე ნაწილი ღა აქვს შერჩენილი.

მრავლად არის სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის შუბისა და ისრის, უფრო ჩვეულებრივ ბრინჯაოსა და რკინის, პირები22. შუბს ხის ბუნი, ანუ ტარი ჰქონია, რომელსაც ბოლოში ზოგჯერ ლითონის ბუნიკი, ანუ სათიხარი ჰქონდა ხოლმე23. სამარეში ჩატანებული ცულების სიმრავლე ბადებს აზრს, რომ ზოგი მათგანი მაინც საბრძოლველ იარაღად შეიძლება ყოფილიყო ნახმარი. დასასრულ, მაშინდელ იარაღთა შორის, რასაკვირველია, მთავარი ადგილი უნდა შვილდისარს სჭეროდა. საფლავებში არსად ეს იარაღი აღმოჩენილი არ არის, რადგან ხე დროთა განმავლობაში ადვილად ფუტუროვდება და მტვრად იქცევა ხოლმე, ისევე როგორც საბელი იშლება. მაგრამ შვილდისარი და შვილდოსანი გამოხატულია მაშინდელ ბრინჯაოს სარტყლებზე და ამით მისი არსებობა უცილობლად მტკიცდება (იხ. ნახ. 11). ისრებს ტალის ანახეთქი და ლითონის წვერები ჰქონდა, რომლებიც სამარეებში ბლომად მოიპოვება.
შვილდი იმდენად დიდი ყოფილა, რომ ადამიანის სიმაღლეს სჭარბობდა და სამად მოხრილი და კიდურებ-გადახრილი მსხვილი შვილდისაგან და შედარებით წვრილი საბელისაგან შესდგებოდა (იხ. იქვე).

მაშინდელ მეომარს სხეულის დასაცავად არავითარი საჭურვ ელი არ ჰქონია ლითონისაგან, ბრინჯაოსგან გაკეთებული სხვადასხვა სიმაღლის სარტყლის გარდა, რომელიც მუცლის არეს ჰფარავდა. ზოგი მათგანი ვიწრო და უსახოა, ზოგს სახეებად, ან მხოლოდ კიდეების გასწვრივ, ანდა შუაშიც მძივების მსგავსად წერტილების ხაზები აქვს, ზოგი კი სურათებითაც არის შემკული. სარტყლის პირები მომრგვალებულია და ორივე მხრით ნაჩვრეტები მოეპოვება, ან ზონრების გასაყრელად ან აბზინდის მისაკერებლად და შესაკვრელად24. სარტყლებს ქვემოდან ტყავის სარჩული ჰქონია ამოკერებული. უძველეს ხანაში ბრინჯაოს სარტყლები ვიწრო და სადაა, შემდეგში თანდათან ფართოვდება და შემკულობაც უფრო და უფრო უმდიდრდება და რთული უხდება.

საფიქრებელია და თითქმის უეჭველიც, რომ ამ სარტყლებს გარდა სხეულის დასაცავად ფარებიც უნდა ჰქონოდათ. მხოლოდ თუ სამარეებში მათი კვალი არ არის აღმოჩენილი, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც იქვე შვილდისარი არსადა ჩანს: ბერძნული წყაროებიდან ცნობილია (იხ. აქვე გვ. 30 და 33), რომ ქართველ ტომებს წნელისაგან მოწნული და ტყავ-გადაკრული ფარები უხმარიათ და ასეთი ფარები მიწაში რასაკვირველია განადგურდებოდა.
თიხის ჭურჭლეულობა ბლომად მოიპოვება საფლავებში და მოყვანილობისა და სიდიდის მხრით დიდი მრავალგვარობა და მრავალსახეობა ემჩნევა. უძველესი ჭურჭლეული ცუდად გაცრილი თიხისაგან არის ხელით გაკეთებული უდაზგოდ და უჩარხოდ, ხეირიანად ვერ არის გამომწვარი, ხშირად გამურულია და ამის გამო შავი ფერი აქვს, სახეებიც მარტივად და მდარედ არის ზედ გამოყვანილი. შემდეგში ჭურჭლეულობის მასალაცა და ნაკეთობაც თანდათან უმჯობესდება, დაზგაზე და ჩარხის საშუალებით არის გამოყვანილი, მოყვანილობაც რთული ხდება და სახეებითაც უკეთესად და უხვად არის შემკული, კარგადაც არის გამომწვარი. მცხეთის სასაფლაოზე აღმოჩენილ მერმინდელ სამარეებში უკვე წითელი თიხის ჭურჭლეულობა ჩნდება.

სახეების გამოყვანის ტექნიკისა და საშუალებათა სხვადასხვაობის მხრით აღსანიშნავია ჩაჭდეული, ან ნაჩხვლეტი სახეები და შავი, ან თეთრი ფერადით ამოვსებული ნახატები25. გვხვდება რასაკვირველია თიხის სხვადასხვა სანათებიც26.
უხვად არის შენახული, მეტადრე მცხეთის სამარეებში, მრავალნაირი წვრილი შუშეულობაც27.


§ 4. აღებ-მიცემობა და ფული

სამარეებში მრავლად ნაპოვნმა სხვადასხვა მძივებმა ცხად-ჰყო, რომ კავკასიას აღებ-მიცემობა უძველეს ხანაშიაც ხეთებთან, ასურელებთან და ფინიკიელებთან უნდა ჰქონოდა. საგარეო ვაჭრობა იმ დროსაც ყოფილა28. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა დე-მორგანის მიერ აღძრული პრობლემა.

სახელდობრ, დე-მორგანმა ერთი ფრიად საყურადღებო საკითხი და დებულება წამოაყენა. მისი დაკვირვებით საფლავებში მრავლად აღმოჩენილი სხვადასხვა ზომისა და სიდიდე-სისქის სამაჯურები ნამდვილად ყველა სამაჯურები არ უნდა ყოფილიყო, რადგან მათი სიდიდე სრულებით გარკვეული ოდენობით მატულობს. აწონამ დე-მორგანი დაარწმუნა, რომ უმცირესი მათგანი 8,200 გრამს იწონის, ამაზე მოზრდილი კი 16,400 გრამიანი აღმოჩნდა, ე. ი. ერთი ორად უფრო დიდია. შემდეგი სიდიდის რგოლი 25,200 გრ. არის, ე. ი. უმცირესი ერთეულის 3 ოდენობაზე, 24,600 გრამზე, 0,600 გრამით სჭარბობს. ამის მომდევნო სიდიდის რგოლები 32,000 გრამიანი აღმოჩნდა, ე. ი. უმცირესი ერთეულის ოთხჯერ მეტ ოდენობაზე, 32,800 გრამზე, 0,800 გრამით ნაკლები. შემდეგი სიდიდის რგოლი 39,000 გრამიანი გამოდგა, რაც უმცირესი ერთეულის 5-ჯერ მეტ ოდენობაზე, 41,000 გრამზე, 2,000 გრამით ნაკლები აღმოჩნდა. ამის მომდევნო სიდიდის რგოლის წონა 49,200 გრამიანია, ე. ი. უმცირესი ერთეულის ზედმიწევნით 6-ჯერ მოზრდილი არის. და ასე ამგვარად ამ რგოლების წონა გარკვეული ოდენობით მატულობს. აღსანიშნავია, რომ აღმოჩნდა 82,000 გრამიანი რგოლებიც, რომელნიც უმცირესი ერთეულის 8,200 გრამიანი რგოლის ზედმიწევნით 10-ჯერ დიდ ოდენობას წარმოადგენს.

ამ ფრიად მნიშვნელოვანმა და საგულისხმო დაკვირვებამ დე-მორგანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ რგოლების ძირითადი უკნინესი ერთეული 8,200 გრამია და დანარჩენი ამ ერთეულის გამრავლებით უნდა იყვნენ წარმომდგარნი, ხოლო რაკი ასირიელებს ჰქონდათ სიკილა-დ წოდებული ფული, რომელიც 8,415 გრ. იწონიდა, ამიტომ ფრანგმა მეცნიერმა დაასკვნა, რომ 8,2 გრამიანი რგოლიც სამაჯური კი არა, არამედ ფულის ერთეული უნდა ყოფილიყო, რომელსაც მან კავკასიური სიკლა sicle caucasien უწოდა29. განსხვავება, რომელიც ამ სიკილას სხვადასხვა ოდენობის მოსალოდნელ და ნამდვილ, ე. ი. მათ აწინდელ, წონას შორის არსებობს, მან მაშინდელი სასწორების წყალობით მომხდარი შეცდომისა და დროთა განმავლობაში ლითონის გაცვეთილობა-დაშლის შედეგად მიიჩნია. დე-მორგანის დაკვირვებას უაღრესი მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად საჭიროა ამ დებულების სისწორე შემდეგში ნაპოვნი ამგვარი რგოლების აწონვითაც შემოწმებულ იქმნეს და, თუ ეს გონებამახვილი დაკვირვება დამტკიცდა, მაშინ მათი გავრცელების გეოგრაფიული საზღვრების გამორკვევასთან ერთად ისეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხიც გადაწყდება, როგორიცაა ფულის გავრცელების ასპარეზი მაშინდელ კავკასიასა და საქართველოში.


§ 5. ხელოვნება

სამარეებში ჩატანებული ნივთები ცხად-ჰყოფენ, რომ ხელოვნება საკმაოდ განვითარებული ყოფილა. მისი განვითარების წარმატება დროთა განმავლობაში ძლიერდება და უმაღლეს ხარისხს ლითონის დამუშავების ხელოვნებაში აღწევს. ნივთები ხაზოვანი და გეომეტრიული სახეებითა და ცხოველთა და ადამიანთა ნახატებით არის შემკული. გეომეტრიულ სახეებში სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე და ჯვარი არის გამოყენებული. სახეები ხაზებით, ან და წერტილებით არის ხოლმე გამოყვანილი. ხატოვანი სურათები უმთავრესად ცხოველთა სამეფოსა და ნადირობას გვიხატავს: უშველებელი შვილდისრით ხელში მონადირე ირემსა, არჩვებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობს (იხ. ნახ. 11). აღსანიშნავია, რომ მონადირეს ადამიანის თავი არა აქვს. ეს გარემოება ალბათ იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ აქ ჩვეულებრივი მონადირის მაგიერ მონადირეობის ღვთაება უნდა იყოს გამოხატული.

სხვა სურათებზე ფანტასტიკური და ნამდვილი ცხოველები, ცხენი, ძაღლი, გარეული თხები, კურდღლები, არწივი, ან შავარდენი და სხვა ფრინველები, მათ შორის ხოხობი და იხვიც გვხვდება (იხ. ნახ. 11 — 15). ხშირია გველის ნახატიც. ნახატის ნაკლისდა მიუხედავად აღსანიშნავია, რომ პირუტყვთა მოძრაობა გასაოცარი სიმკვირცხლითა და დიდი ხელოვნებით არის გადმოცემული. ექსპრესიის სიძლიერე სწორედ რომ განმაცვიფრებელია (იხ. ნახ. 14 და 15).


II. ნივთიერი კულტურა წერილობითი წყაროების მიხედვით

§ 1. კულტურული მდგომარეობა XI — VII ს. ქ. წ.

ასურული წყაროების საშუალებით წარმოიდგენს ადამიანი, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ქართველი ტომები XI — VII ს. ს. ქ. წ., მაშინ, როცა ისინი კაპპადუკიას და პონტოს მახლობლად ცხოვრობდნენ. რასაკვირველია, ასურელები მხოლოდ მაშინ იხსენიებენ უცხოელებს, როცა ვისმე დაამარცხებდნენ, ან არა და, უფრო იშვიათად, როცა თითონ ევნებოდათ ხოლმე რამე. ამიტომ ასურული ცნობები მეტად მოკლე და ერთფეროვანია: განსაკუთრებით ომიანობისა და ცარცვა-გლეჯის შესახებ გვიამბობენ. ჩვენთვის კი, რასაკვირველია, სხვანაირი ცნობებია საჭირო. მაგრამ, სულ არარაობას, ესეც დიდი წყალობაა, მით უმეტეს, რომ იმ წყაროებშიაც აქაიქ გაკვრით თითო-ოროლა გამოსადეგი ცნობა მოიპოვება.

როცა ასურეთის ბატონი ტიგლატ-პილასარი I თავის 1100 წ. წარწერაში პირველად მუსკებს, ანუ მესხებს იხსენიებს, მაშინ ისინი იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ასურეთის საბრძანებელის დაპყრობასაც კი ბედავდნენ და ასურელებს თავგამოდებით ეცილებოდნენ. მუსკების სამფლობელო რამდენიმე სამეფოდ იყო გაყოფილი. მაგრამ როგორც ამ წარწერითგანა ჩანს, როცა კი საჭირო იყო ხოლმე, მუსკები ერთობლივ მოქმედებდნენ: ასე მოიქცნენ ისინი, მაგალითად, როცა ასურეთის მოყმე ქვეყნების ალზი და პურუკუცის დასაპყრობლად გაემგზავრნენ.

როგორც ეტყობა, მუსკების სამოქალაქო ცხოვრება საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა და ქალაქებიც ბლომადა ჰქონიათ. ტიგლატ-პილასარ I (1100 წ. ქრ. წ.) და შემდეგ სარგონ მეფე (721 — 705 წ. ქრ. წ.) თავიანთ წარწერებში კვეხულობენ, მუსკების ქალაქები დავაქციეთ და გადავბუგეთო30. მცხოვრებნი შეძლებულნი ყოფილან: ორივე ზემოდასახელებული ასურეთის ბატონი გაიძახის, აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოვიღეთ დავლადაო. მუსკები ამ დროს ვაზის და მსხვილ და წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ. ღვინის დაყენებაც ხომ სცოდნიათ. სასოფლო მეურნეობის გარდა მრეწველობა და ხელობაც გავრცელებული ყოფილა, მეტადრე თითბრის ჭურჭელს აკეთებდნენ თურმე მუსკები. ეს იქიდანა ჩანს, რომ აშურ-ნასირ-აბალ მეფის (884 — 860 წ. ქრ. წ.) დროს მუსკები ასურეთის ხელმწიფეს ხარკად თითბრის ჭურჭლებს, ხარებს, ცხვრებს და ღვინოს აძლევდნენ ხოლმე31. მადნეულობის დამუშავებისა და ღვინის დაყენების ცოდნა, მეტადრე კი ქალაქების არსებობა ამტკიცებს, რომ იმ დროს მუსკებს დაწინაურებული მოქალაქობრივი ცხოვრება ჰქონდათ. ხალხი ძლიერი იყო და ასურეთის ღირსეულ მეტოქედ ითვლებოდა. ტიგლატ-პილასარიცა და სარგონიც მოწმობენ, ვერც ერთს მეფეს ჩვენზე წინათ მუსკები ვერ დაემარცხებინა და ჩვენ წინაპრებს არ ემორჩილებოდნენო; ასურეთის ორსავე ბატონს თავიანთი გამარჯვება დიდ საკვეხურ საქმედ და ღვაწლად მიაჩნდათ32.

ტაბალების სამფლობელოში სალმანასარ II (859 — 825 ქრ. წ.) სიტყვით ოცდაოთხი სამეფო ითვლებოდა. ესენი, როცა საჭირო იყო ხოლმე, ერთმანეთს მხარს უჭერდნენ33. მათი ქვეყანა მთიანი იყო; სწორედ აშურ-ბანიპალის თქმით34 ტაბალები მაღალ და მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ. მეფეებს სატახტო ქალაქები და ციხესიმაგრეები ჰქონდათ. მეფე ტარხუნაზი, მაგალითად, თავის დედაქალაქად მილიდდუსა სთვლიდა; იქ იყო მისი სასახლე და იქა ცხოვრობდა ხოლმე თავის ცოლითა და შვილებით.

ამ დროს ტაბალებში საზოგადოებრივი განსხვავება და უსწორ-მასწორობა, ვგონებ, უკვე არსებობდა: სარგონი მოგვითხრობს, ტაბალების ქვეყნის დიდებულები35 ტყვედ წავიყვანეო. მილიდდუს სამეფოს უმთავრეს სიმაგრედ ტულგარიმმი ყოფილა; ამ ციხეს იმდენი ჯარი იცავდა, რომ მარტო აქედან სარგონ მეფემ 5000 მეომარი წამოიყვანა ტყვედ და მათს ადგილას ასურელი ჯარისკაცები დაასახლა36. სალმანასარ II -ის დროიდან (859 — 825 ქრ. წ.) მოყოლებული ტაბალი ასურეთის მოხარკედ რამდენჯერმე ყოფილა. ამ მეფის წარწერიდანა ჩანს, რომ ხარკს ყოველწლიურად იხდიდნენ, მაგრამ ხალხი ისე ადვილად არ იხრიდა ქედსა: სანჰერიბ მეფე (704 — 681 წ.) იძულებული იყო სარგონის მიერ დანგრეული და გადაბუგული ციხე ტულგარიმმი ხელმეორედ აეღო. ამ მცირე ხნის განმავლობაში ტაბალებს, ალბათ, იგი განუახლებიათ, რადგან სანჰერიბი ამბობს, მე ტულგარიმმი ავიღე და მიწასთან გავასწორეო37.

ტაბალები თავიანთ საუკეთესო ჯიშის მაღალი ცხენებით იყვნენ განთქმულნი: აშურბანიპალი ამბობს, ტაბალს ხარკად მათი ქვეყნის სასიქადულო მაღალი ცხენები დავუწესეთო38. ბერძენი და რომაელი მწერლების მოწმობითაც ეს ქვეყანა განთქმული იყო თავისი ცხენებით39.
ცხენების გარდა ტაბალი, რასაკვირველია, მადნეულობითაც იყო განთქმული; თუმცა ასურულ წყაროებში ტაბალისა და სხვა ერების ხარკი: ვერცხლი, ოქრო, ტყვია და თითბერი სალმანასარ II-ის დროს40, ხოლო ვერცხლი, ტყვია, რკინა, ფერადი ტანისამოსი, მიწის მოსავალი, ცხენები და სახედრები, ხარები და წვრილფეხა საქონელი ტიგლატ-პილასარ III დროს41 ერთად არის მოხსენებული, ისე რომ ადამიანი ვერ გაიგებს, რომელ ხალხს ედო ხარკად; მაგრამ მაინც ტაბალების მადნეულობას ყველგან სახელი ჰქონდა გავარდნილი. მათ ვერცხლისა და ძვირფასი ქვების მაღაროები ჰქონდათ და სალმანასარ II-ემ 837 წელს სწორედ ეს ტაბალების ვერცხლისა და ძვირფასი ქვების მაღაროები დაპიყრა42.

ტაბალისა და მუსკის მადნეულობის დახელოვნებული ნაწარმოების ქებას ებრაელებამდისაც მიუღწევია. დაბადების პირველი წიგნის ავტორი დარწმუნებულია კიდეც, რომ მჭედლობა მოგონილი ხელობაა: "თობელი ესე იყო კვერით ხუროჲ, — ნათქვამია შესაქმეში (IV, 22), — მჭედელი რვალისა და რკინისა"-ო. ეზეკიელი კიდევ ტვიროსის გოდებაში ამბობს: იავანი, თობალი და მოსოხ "ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა" (XXVII, 13). ხოლო ეს იმას ამტკიცებს, რომ ამ ქართველ ტომებს მარტო თავიანთთვის კი არ უკეთებიათ მადნეული ჭურჭელი და იარაღი, არამედ ისეთ შორეულ ქვეყნებშიაც კი მიჰქონდათ ხოლმე გასასყიდად, როგორიც იყო ტვიროსი. მრეწველობასთან ერთად, მაშასადამე, აღებმიცემობაც გავრცელებული და დაწინაურებული ყოფილა. ხალიბებისა და ტიბარენების სპილენძისა და რკინის ნაწარმოები საბერძნეთშიც განთქმული იყო, იქ ხმა დადიოდა კიდეც, რომ მოსსინიკები რაღაც მიწას ურევენ მადანში და იმიტომ გამოდის ასე კარგიო. უმიზეზოდ კი არ ექნებოდათ ქართველებს ასეთ შორეულ ქვეყნებში მჭედლობის ხელოვნებაში საუკეთესო სახელი მოხვეჭილი. უეჭველია, რომ ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველ განათლებულ კაცობრიობის წინაშე. საყურადღებოა, რომ "კალის" გარდა ძველს ქართულში და მის ენა-კილოკავებში არც ერთი მადნის სახელი არ მოიპოვება, რომელიც უცხო ენებიდან ყოფილიყოს შეთვისებული; ოქრო, მეგრ. ორქო, სვან. ვქრე, დიდოურად უქრუ, უნწოურ. უქრო; ვერცხლი, მეგრ. ვარჩხილი, კვარჩხილი, სვან. ვარჩხილ, დიდოურ. მიცხის, უნწოურ. მიცხირ; თითბერი, სპილენძი, მეგრ. ლინჯი, სვან. სპილენძ, სომხ.

პღინძ; რკინა, კინა, ლაზურ. ერკინა43; ტყვივი44, ტყვია და ბრპენი, ანუ პრპენი (საბა ორბელიანის ლექსიკონი). მხოლოდ "კალა" არ არის ქართული სიტყვა; იგი მალაკკას ქალაქ "კალაჰ"-ის სახელისაგან წარმოსდგა, იმიტომ რომ საშუალო საუკუნეებში ეს მადანი იქიდან გამოჰქონდათ ხოლმე45. ძველ ქართულ მწერლობაში ეს სიტყვა, არა გვხვდება. იმ დროს ხმარობდნენ "ბრპენს" ანუ "პრპენს". ამგვარად, ყველა მადნების სახელები ნამდვილი ქართულია, უცხო ენიდან ნასესხები არ არის.

პირიქით, შედარებითი ენათმეცნიერება ამტკიცებს, რომ მადნების სახელები სხვა ერებს ქართველი ტომებისაგან შეუთვისებიათ. თვით ცნობილი ენათმეცნიერი ო. შრადერი ამ გარემოებას ყურადღებას აქცევს. ევროპული ბრინჯაოს სახელი "ბრონზე" წარმომდგარია სპარსული "ბირინჯ"-ისაგან, ხოლო სპარსულში ეს სიტყვა შეთვისებულია ქართული ენა-კილოკავების საზოგადო სახელისაგან: სპილენძი, სვან. სპილენძ, მეგრ. ლინჯ, სომხ. პღინძ, რაც უდრის "სპილენძ"-ს, სპირ ენძს, და სპერის ანუ ისპირის მადანსა ნიშნავს46.
ბერძნების მწერლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ საუკეთესო სპილენძის ნივთები სწორედ ამ ქვეყნიდან გამოჰქონდათო. თვით ელადაში ხომ სპილენძი ცოტა იყო და უფრო აზიიდან შეტანილი მადნით მიდიოდნენ იოლად. თითბრის სახელები კი ზოგიერთ ევროპულ ენებში — მაგალითად, გერმანულად messinc, ანგლოსაქს. mästling, ძველნორ. messing, პოლონ. mosiandz ჰქვია, — მოსსჳნე ანუ მოსსინიკის ტომის სახელისაგან არის წარმომდგარი. სწორედ ეს მოსსინიკები იყვნენ თითბრის ხელობაში განთქმული. ამ მადნის მეორე სახელიც "თითბერი" ნამდვილი ქართულია და ნიშნავს "თუთ-ფერი", ე. ი. მთვარის (მეგრ. თუთა, ქართ თთუჱ) ფერის მადანს.

რკინის, განსაკუთრებით ფოლადის მომზადებაც ბერძნებს, როგორც ეტყობა, პირველად ქართველი ტომებისაგან შეუსწავლიათ. ეს ფოლადის ბერძნული სახელიდანა ჩანს: "ხალჳფს, ხალჳბდიკოს" ხალიბების ტომის სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი და ხალიბურსა ნიშნავს. მართლაც ხალიბების გაკეთებული რკინის ნივთები ძალიან განთქმული იყო.
ერთი სიტყვით, უმთავრესი და კაცობრიობის წარმატებისათვის აუცილებლად საჭირო მადნების სახელები ან ქართველი ტომებისაგან არის შეთვისებული, ან არა და მათი სატომო სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი. ამით ცხადადა მტკიცდება, რომ ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში კაცობრიობის წინაშე საპატიო ღვაწლი მიუძღვით.


§ 2. შავი ზღვის აღმოს.-სამხრეთის სანაპიროზე მცხოვრები ქართველი ტომების კულტურული მდგომარეობა V — I ს.ს. ქ. წ.

კიმერიელთა და სხვა ინდოევროპული მოდგმის ტომების შემოსევამ ქართველი ტომები, როგორც ამ თხზულების შესავალ თავში გამორკვეული იყო, ჩრდილოეთისაკენ წასწია და შავი ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირებზე მოამწყვდია. ამდროინდელი საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრებისა და ვითარების წარმოდგენა უფრო ადვილია იმიტომ, რომ ბერძნების მწერლებმა, განსაკუთრებით კი ქსენოფონტემ, ძვირფასი და ვრცელი ცნობები შეგვინახეს ამ ქართველი ტომების შესახებ. რასაკვირველია ამ ხანის ცნობებიც უნაკლულო არ არის: ზოგიერთი ტომების შესახებ მასალები უკვე მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული (ქრ. წ.) მოიპოვება, ზოგის შესახებ კი, როგორც მაგალითად ამიერკავკასიაზე, მხოლოდ პირველი საუკუნიდან (ქრ. წ.) მოყოლებული. ამის გამო ქართველი ტომების საზოგადო და ერთდროულ ყოფა-ცხოვრების სურათის დახატვა შეუძლებელია. ამიტომ მკვლევარი იძულებულია ნაწილ-ნაწილ შეუდგეს აღწერას.

იმ ქართველი ტომების მიწა-წყალი, რომელნიც შავი ზღვის სამხრეთითა ცხოვრობდნენ, ბუნებრივი თვისებების მიხედვით, ორ ნაწილად იყოფებოდა: ერთი ზღვის სანაპირო იყო, მეორე კიდევ მთა-ადგილები. ზღვის ნაპირები სტრაბონის სიტყვით მეტისმეტად ვიწრო იყო: ზღვას თითქმის ზედ დაჰყურებს მაღალი მადნის მაღაროებით სავსე და ტყით დაბურული მთები, სახნავი მიწა კი ძალიან ცოტააო. ქსენოფონტეს თქმით მოსსინიკების ადგილებიც მეტისმეტი მთიანი, ღრმა თვალჩაუწვდენელი ხეობებით დაღარული ქვეყანა იყო47. ხოლო ტიბარენების მიწაწყალი შედარებით უფრო ვაკე ადგილს წარმოადგენდა48. მეორე ნაწილი მთლად მაღალი, თითქმის მიუვალი უღელტეხილით იყო მოფენილი; ზოგან ისეთ დაბურული ტყით მოცული, რომ ადამიანი ძლივს-ძლიობით გაივლიდა ხოლმე, ზოგან კიდევ სრულებით მოტიტვლებული, მწირი ნიადაგის მეტი არა მოიპოვებოდარა; თანაც უფსკრულსავით ღრმა ხეობებით და გიჟმაჟი მდინარეებითა და წყლებით დაღარული იყო49. ქსენოფონტე მოგვითხრობს, ტაოხები, ანუ ტაოელნი მეტად მაგარ, თითქმის მიუვალ ადგილას ცხოვრობდნენო, სადაც ისინი შიშიანობის დროს შეიხიზნებოდნენ ხოლმე, გარშემო მდინარე დიოდა, ახლო-მახლო ადგილები კი მაღალი ტყით იყო დაბურულიო50. მაკრონებისა და შკვითინების ანუ შვიდსოფლელთა შუა მდებარე ადგილიც თითქმის მიუვალ ზღუდეს ჰგავდა. ძირს წყალი დიოდა და მდინარეს ორსავე ნაპირას ხშირი ტყე უდარაჯებდა51.

რასაკვირველია ისინი, ვინც ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ, უკეთესს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. აქ ხალხი თევზს იჭერდა, ნაჭერ-ნაჭერად სჭრიდა და ამარილებდა, ზოგს-კი (თევზის ქონს) ყველაფერში ბლომადა ხმარობდნენ ხოლმე52. ქსენოფონტეს უკვე IV საუკუნეში ქრ. წ. მოსინიკების სახლებში დიდ ქილებში ჩადებული, დაჭრილი და დამარილებული ზღვის ღორის (დელფინების) ხორცი დახვდა; დოქებში კიდევ ამ თევზის ქონი იყო შენახული, რომელსაც მცხოვრებნი ძროხის ერბოს მაგივრად ხმარობდნენ53. თუმცა სახნავი მიწა სამყოფი არა ჰქონიათ იმიტომ, რომ ვაკე ადგილი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ რაკი იქ ნიადაგი ნაყოფიერი და ღონიერია, ქსენოფონტეს და მისს ამხანაგებს სახლებში დიდძალი განიავებული პური დახვდათ, რომელიც მოსინიკების სიტყვით შარშანდელი გამოსავლისა ყოფილა, და ახალი ჯერ კიდევ გაულეწავი პური სდგმიათ54. კოლხების სოფლებში ბერძნების ჯარისკაცებმა დიდძალი სურსათი იპოვეს და აუარებელი ფუტკრის სკები ნახეს55. ერთი სიტყვით, აქ ხალხი ძალიან მისდევდა მიწის მოქმედებას და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ მცხოვრებნი ბევრნი იყვნენ და პური სამყოფი ყველგან არ ყოფილა; კაკლითა და წაბლით ივსებდნენ, თურმე, დანაკლისს; ახლო-მახლო მთები სავსე იყო ხოლმე ამ ხეებით. ქსენოფონტე მოგვითხრობს, რომ მოსსინიკები წაბლს განსაკუთრებით ან მოხარშულსა სჭამდნენ ან არადა პურად გამომცხვარსაო56. მიწის მოქმედების გარდა, აქ ღვინის დაყენებასაც მისდევდნენ. იქაური ღვინო, ქსენოფონტეს სიტყვით, უწყლოდ მეტად ცხარე იყო და გემოთი მწკლარტე, წყალ-ნარევი კი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელიო57. ჯერ ჰეროდოტეს დროსვე შავი ზღვის ნაპირი, სახელდობრ მაშინდელი კოლხეთი, სელის ქსოვილებით იყო განთქმული. ელინები ამ ქსოვილებს სარდონის ტილოებს ეძახდნენ58.

ყველა ეს ადგილები მრავალი საუკუნეების შემდეგ, ეხლაც კი წინანდებურად იმავე ჭირნახულითა და მოსავლით არის განთქმული, რომელიც იქ თავის დროს ქსენოფონტემა და სტრაბონმა ნახეს. ინგლისის კონსული ჯიფფორდი წარსული საუკუნის 70-იან წლებში ამბობდა, რომ ტრაპიზონის ოლქიდან ქალაქ ტრაპიზონს უცხოეთში გასატანად შემოაქვს: სელი, რომელიც საუკეთესო ღირსებისაა, განსაკუთრებით რიზედან მოდის, ხოლო უფრო მდარე ტირებოლისა და ფაზისიდან59, ზღვის ღორი60. მთელი ტრაპიზონის ოლქის ზღვის პირას ბევრი ზღვის ღორია სათევზაოდ, ამიტომ აქედან თევზის ქონი ბლომად გამოაქვთ61, და იქაური მცხოვრებნი მეთევზეობით ირჩენენ თავსო62. ამას გარდა ბოლოს დროს ამ ადგილებიდან პური, ნიგოზი, ღვინო და ცვილიც გამოაქვთ ხოლმე63.

რასაკვირველია, მთა-ადგილებში მობინადრე ქართველი ტომები უფრო ცუდს მდგომარეობაში იქნებოდნენ; ბუნება, ცხადია, მათ ისე ხელს არ შეუწყობდა, როგორც ბარის მცხოვრებლებს, პირიქით ბევრ-რიგად დააბრკოლებდა კიდეც; მწირი მიწა, მკაცრი ჰავა მთა-ადგილას, საჭირო სახნავი მიწების უქონლობა, აბა რა ხეირს დააყრიდა ადამიანს! ამის გამო აქ კაცი ბუნების ყურმოჭრილი ყმა უნდა გამხდარიყო და იმისათვისაც მადლობა უნდა ეთქვა, რასაც მას თვით ბუნება უწყალობებდა. მიყრუებულ და ყველაზე მოწყვეტილ მაღალ მთიან ადგილებში ხალხი, სტრაბონის სიტყვით, "ნადირის ხორცითა და ნიგვზით იკვებებოდა"64. მაშასადამე, მონადირეობას მისდევდა და ტყის ხილეულობით ირჩენდა თავსა. დროგამოშვებით მთებიდან დაეშვებოდნენ, მგზავრებს სცარცვავდნენ ხოლმე (იქვე) და ამით ივსებდნენ თავის დანაკლისს; ასე იქცეოდნენ, მაგალითად, შვიდსოფლელები ანუ ჰეპტაკომელები. მთა-ადგილების მცხოვრებ ტომებს, არიანეს დაპროკოპი კესარიელის სიტყვით, ბიზანტიის სამფლობელოს მიწების ცარცვა-გლეჯა შემდეგ დროსაც, მაგ. II საუკ. ქრ. შ., ხელობადა ჰქონიათ. რაკი კეისარმა იცოდა, რომ მათ მეტად უნაყოფო და მწირი მიწები ეჭირათ, ამიტომ ყოველწლიურად შესაწევარს ოქროს უგზავნიდა ხოლმე, ეგებ ამან მაინც ყაჩაღობა დააშლევინოს და ჩემ სამფლობელოს თავი დაანებონო, მაგრამ ამაოდ65. დანარჩენს, უფრო ნაყოფიერ ადგილებში მცხოვრებნი მიწისმოქმედების გარდა საქონლის მოშენებასაც ძალიან მისდევდნენ. ქსენოფონტეს, მაგალითად, ტაოხების ქვეყანაში ბევრი ხარი, ცხვარი და ვირი დახვდა66, დრილების ქვეყანაში კიდევ მრავალი ცხვარი, ღორი და ხარი67. ერთი სიტყვით, მეოთხე საუკუნეშიაც ქართველ ტომებს ყველა შინაური საქონელი ჰყავდათ ― ცხენები, ცხვრები, ღორი და ვირი.

მაგრამ ბევრი ისეთი ადგილებიც მოიპოვებოდა, სადაც არც ხეირიანი სახნავი მიწები იყო, არც ბუნება უწყობდა ხელსა ადამიანს; იქ კაცი კვლავინდებურად მადნეულობის შემუშავებას მისდევდა და სხვადასხვა ჭურჭელსა და იარაღს აკეთებდა და ასხამდა ხოლმე. ქსენოფონტე მოგვითხრობს, ხალიბთა უმეტესი ნაწილი რკინის მადნის დამუშავებით ირჩენს თავსო68. სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ სტრაბო ნ იამბობდა, წინათ ხალიბები ვერცხლის მაღაროებსაც ამუშავებდნენ, ჩემს დროს კი აღარაო69. მადნეულობით და იარაღის გაკეთებით ხალიბები ძალიან იყვნენ განთქმულნი და მათი ნამუშევარი კარგად ფასობდა კიდეც. ყალბი არისტოტელი ამტკიცებს, ხალიბური რკინა საუცხოვო იმიტომ იყო, რომ რკინის გაკეთება მათ როგორღაც სხვანაირად იცოდნენო70. მოსინიკების თითბერს, იმავე ბერძნების მეცნიერის თქმით, ლაპლაპი გაჰქონდა და მეტის-მეტად თეთრი ყოფილა თურმე. მოსინიკები სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენ ხოლმე... მოსინიკების ძველი ჭურჭელი საუკეთესო იყო, ეხლანდელი კი ისე კარგი აღარ არისო71.

მეოთხე საუკუნეში ქრ. წ., როგორც ქსენოფონტეს სიტყვებიდან ჩანს, სოფლები მინდვრებსა და მთის კალთაზე ყოფილა გაშენებული. სახლები და სხვა შენობები, კოშკები და ზღუდეებიც კი, ხისა უშენებიათ, რასაკვირველია იმიტომ, რომ იქ ტყე ბლომად იყო, უფრო იაფი ჯდებოდა და მარდადაც შენდებოდა. სახლები ორსართულიანი სცოდნიათ, ზევით სანოვაგესა და სურსათს ინახავდნენ, ძირს კი თითონ მდგარან.
ქსენოფონტეს დროს (IV ს.) ამ ქვეყანაში ქალაქები ძალიან ცოტა ყოფილა; ისიც, რაც ზღვის პირას იდო და აღებ-მიცემობისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, ყველა ბერძნების ახალშენებსა სჭერიათ. ქართველი ტომების ქალაქები კი უფრო ციხეებს ჰგავდნენ, ვიდრე სავაჭრო და სამრეწველო ცენტრს; ხშირად მუდმივ იქ არც კი ცხოვრობდა ვინმე; ციხე-ქალაქები მაღალ, მიუვალ გორებსა და კლდეებზე იყო ხოლმე აშენებული და ხშირად გალავანს გარდა სხვა შენობა არა იყო-რა; ხალხი თავის ცოლ-შვილითა და ავლადიდებით მხოლოდ მაშინ შეიხიზნებოდა ხოლმე იქ, როცა მტრის შიში იყო და განსაცდელისაგან თავი უნდა დაეღწია; თუ ციხე-ქალაქს გარშემო მდინარე არ უვლიდა, მაშინ დიდ თხრილს აკეთებდნენ ხოლმე და თხრილის თავზე მარგილები ჰქონდათ ჩარჭობილი და ხის კოშკები იყო დადგმული.

ამ მცხოვრებთა ზნე-ჩვეულების შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა შენახული. არც გასაკვირველია: ქსენოფონტეს მხოლოდ იმის აწერა შეეძლო, რასაც თავისი მოგზაურობის დროს ნახავდა; ხოლო რასა ნახავს ადამიანი ხანმოკლე დაკვირვების დროს! ქსენოფონტე განსაკუთრებით მოსინიკების ქცევას გაუკვირვებია: როცა ისინი მარტოკა იყვნენ ხოლმე, თავი ისე ეჭირათ, თითქოს საზოგადოებაში ყოფილიყვნენ: თავიანთთვის მაღალხმივ ლაპარაკობდნენ თურმე, ხარხარებდნენ, ადგებოდნენ და ცეკვას დაიწყებდნენო72.

მამაკაცებს ზურგისა და წინა-ტანის კანი ფერადი წამლებითა ჰქონდათ მოხატული73. ეტყობა ტანისამოსი ძალიან მოკლე, წამოსასხამის მაგვარი, ჰქონდათ, თორემ სხეული რომ ტანისამოსით დაფარული ჰქონოდათ, მაშინ ტანის მოხატვას რაღა აზრი ექნებოდა. ქსენოფონტეს აზრით მოსინიკები ყველა ტომებზე უფრო ველური ყოფილან74. მოსინიკებს თურმე დაურიდებლად სქესობრივად შეუღლება სწადდათ იმ როსკიპებთან, რომელნიც ელლინებს თან მიჰყავდათ ― ასეთი ზნე ჰქონიათო, დასძენს ბერძენი ისტორიკოსი75. ეტყობა ამ მოსინიკებს სქესობრივი სირცხვილისა არა სცოდნიათ რა და მართლაც რომ ძალიან ჩამოქვეითებული ყოფილან. ჰეროდოტეს სიტყვით კოლხებსა და მაკრონებს წინადაცვეთა ჩვეულებად ჰქონიათ და მაკრონები ამტკიცებდნენ, თურმე, ვითომც ეს ჩვეულება მათ კოლხებისაგან ესწავლოთ76. ქსენოფონტე არაფერს ამბობს ამის შესახებ; არ ვიცით, იმიტომ რომ მეოთხე საუკუნეში ამ ჩვეულებას აღარ მისდევდნენ, თუ იმიტომ, რომქსენოფონტემ ვერშეამჩნია. შესაძლებელია ეს ძველი ზნის ნაშთი ყოფილიყოს. საყურადღებოა, რომ ჰეროდოტეს სიტყვით, წინადაცვეთა პაკადუკიელებსაც ჰქონიათ ადათად77. განსაკუთრებით კარგად აქვს აწერილი ბერძნების ისტორიკოსს [ქსენოფონტეს] ამ ტომების იარაღი და სამხედრო სამკაული,

― ან რა გასაკვირველია: ქსენოფონტეს თუ უნახავს ვინმე, ყველა თავით-ფეხამდე შეიარაღებული იქნებოდა, იმიტომ რომ ყველანი საომრად იყვნენ მომზადებული, როცა კი 10000 ბერძნის ჯარი იმათ მიწა-წყალს მიუახლოვდებოდა ხოლმე. ჰეროდოტეს დროს ტიბარენებს, მაკრონებსა და მოსინიკებს თავზე ხის ჩაფხუტები ეხურათ, იარაღად კიდევ პატარა ბუბებს და ფარს ხმარობდნენ ხოლმე. შუბები დიდწვეტიანი იყო78. კოლხებს კიდევ ტყავგადაკრული ფარები და ხანჯლები ჰქონდათ79.

ქსენოფონტეს დროს ხალიბებს სელის ჩაჩქანი ეცვათ, პაიჭები ჰქონდათ და ჩაფხუტი ეხურათ, წელზე ხანჯალი ერტყათ ხოლმე. ხელში 15-წყრთიანი შუბები ეჭირათ. პერანგს ნაბდისას ხმარობდნენ; დრილებსაც ამნაირადვე ეცვათ. ყველაზე უკეთესად მოსსინიკები იყვნენ შეიარაღებულნი: თითოეულს ტყავგადაკრული დაწნული ფარი ჰქონდა, ხელში 15-წყრთიანი შუბი ეჭირა, რომელსაც თავზე ჯერ ვაშლი ჰქონდა გაკეთებული, მერე შუბი; ყველას პაფლაღონიური რკინის ცულები დაჰქონდა, ტანზე პატარა ნაქსოვი პერანგები ეცვა, რომელიც მუხლებამდისა სწვდებოდა, ხოლო თავზე ტყავის ჩაფხუტები ეხურათ.

თუმცა ასურულ წყაროებში ჩვენი ერის მაშინდელი მდგომარეობა დაწვრილებით არ არის აღწერილი, მაგრამ, თუ IV საუკუნის ქართველი ტომების ყოფა-ცხოვრებას იმდროინდელ მდგომარეობას შევადარებთ, შეუძლებელია მაინც ვერ შევამჩნიოთ, რომ ჩრდილოეთისაკენ წაწეულ ქართველებს ცხადი დაქვეითება ეტყობათ. ვაზის მოვლასა, ღვინის დაყენებასა, საქონლის მოშენებასა, მადნეულების დამუშავებასა და იარაღ-ჭურჭლის გაკეთებას, მართალია, წინანდებურად მისდევდნენ, მაგრამ სად იყო წინანდელი სიმდიდრე, სასახლეები, აუარებელი განძი და ქონება, რომლის ხელში ჩაგდებას თავის დროზე ასურეთის ბატონები კვეხულობდნენ ხოლმე. წინათ მათ ქალაქები ჰქონდათ, მეოთხე საუკუნეში კი სალაპარაკოდაც არა ღირდა, რაც იყო ისიც ციხეებს უფრო მიაგავდა, ვიდრე ქალაქს. წინათ ქართველები ძლიერ და მდიდარ ერად ითვლებოდნენ, აღებ-მიცემობისათვის შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ და ყველგან სახელი გავარდნილი ჰქონდათ; IV საუკუნეში კი ისინი პატარ-პატარა ტომებად იყვნენ დანაწილებულნი, მამაცობის პატივი მეზობლებში-ღა ჰქონდათ შერჩენილი; მსოფლიოში კი მათი სახელი აღარ ისმოდა. ერთ დროს ისინი თავიანთ გარეშე მტრებს ასურელებს ერთობლივ და თანხმობით ებრძოდნენ ხოლმე, მეოთხე საუკუნეში კი იმათ ერთიერთმანეთის ქიშპობაში ელეოდათ ძალა: თითოეული მათგანი სულ იმის ცდაში იყო, თავის მეზობელ და მოძმე ტომისათვის ბერძნების დახმარებით როგორ ევნო რამე. ან კი რა გასაკვირველია: ახალ სამშობლოს მკაცრი და მწირი ბუნება, ინდოევროპული ტომების შემოსევა და მძლავრობა, უეჭველია, ხელს შეუწყობდა ქართველი ტომების თანდათან დაქვეითებას.


§ 3. დასავლეთ საქართველოს კულტურული ვითარება

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას და კავკასიაში მცხოვრებ ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ პირველი საუკუნის (ქრ. წ.) დასასრულიდან იწყება; სტრაბონის თქმით კოლხეთი ხილეულობით მდიდარი იყო; სელი, კანაფი, ცვილი და ფისიც უხვად იყო: იქაური სელის ქსოვილებს ხომ დიდი სახელი ჰქონდა ხოლმე80. გემების ასაშენებელი ტყეც ბლომად მოიპოვებოდა ადგილობრივად და უცხოეთიდანაც შემოჰქონდათ. ერთი სიტყვით ხალხი აქ, როგორც ჩანს, მეურნეობასა და მრეწველობას მისდევდა და მარტო თავისთვის სახმარებლად კი არ აკეთებდა, არამედ უცხოეთში გასასყიდადაც; ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო, სადაც ხალხი ახლო-მახლო ადგილებიდან თავს იყრიდა ხოლმე. ერთ ასეთ ადგილად კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში დიოსკურია ითვლებოდა81; რიონზე კიდევ "კოლხების სავაჭრო ნავსადგური" ფაზისი იყო, რომელიც სწორედ იქ იდო, სადაც მდინარე რიონი ზღვას ერთვოდა და სადაც ეხლა ქალაქი ფოთია. იმ განთქმულ სავაჭრო გზასაც, რომლითაც ირკანიის ზღვით, მერე ალბანიით, იბერიით, მტკვრით და რიონით შავ ზღვამდე საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში ინდოეთიდან საქონელი მიჰქონდათ ხოლმე, სწორედ კოლხეთში ჰქონდა ბოლო82; მაშინ გემები მდინარე რიონზე ციხე შორაპნამდე დადიოდნენ83. რასაკვირველია, ამისათვის მდინარე ყოველთვის უნდა გაეწმინდათ და უწმენდიათ კიდეც. კოლხებს სხვაგვარ გზებზედაც უზრუნვიათ: რიონს რომ მიმოსვლა არ შეეფერხებინა, სტრაბონის სიტყვით, მდინარეზე 120 ხიდი ყოფილა გაკეთებული84. ხოლო შორაპნიდან მოყოლებული იბერიის საზღვრამდე ოთხი დღის სავალი ურმის გზა იყო გაყვანილი85. ერთი სიტყვით, ქვეყანა და ხალხი განვითარებული და დაწინაურებული ყოფილა.

მაგრამ იმავ დროს კოლხების თანამოძმე და მეზობელი ჰენიოხები და სვანები საშინლად დაქვეითებულ და უკან ჩამორჩენილ ხალხებადა ჰყავს აწერილი სტრაბონს. ბიჭვინტის ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ ზღვის პირას იქ, სადაც თითქმის არც ერთი ნავთსადგური არ მოიპოვება, და ქვეყანა მეტად მთიანია, რადგან კავკასიონის ქედის ნაწილს შეადგენს86, ჰენიოხები სახლობდნენ. სტრაბონის თქმით სხვა მეზობლებსავით ისინიც ზღვაზე ყაჩაღობით ირჩენდნენ თავსა. ასე ოცდახუთხუთ კაცამდე თავიანთ პატარა და ვიწრო ნავებში ჩასხდებოდნენ და გზას გაუდგებოდნენ ხოლმე; ხან ხომალდს დაეცემოდნენ და გასცარცვავდნენ, ხან რომელსამე ქალაქს ან დაბას; ზღვაზე ისინი თავისუფლად ბატონობდნენ. შინ დაბრუნებისას ნავს მხარზე გადიდებდნენ და ტყეში შეინახავდნენ ხოლმე. თავიანთ ქვეყანაში ისინი ტყეებში ცხოვრობდნენ და მწირი მიწის შემუშავებას მისდევდნენ, მაგრამ ნავოსნობის დრო მოაწევდა თუ არა, მაშინვე თავიანთ ხელობასა და ნავებს მოიგონებდნენ ხოლმე. როცა რომელსამე ადგილზე დაცემას განიზრახავდნენ, ჯერ თავიანთ ნავებს ტყეებში მიმალავდნენ ხოლმე. მერე კი დღე და ღამე დაძრწოდნენ, ვისაც კი მოასწრებდნენ და მარტოკას მოახელებდნენ, მაშინვე ტყვედ მიჰყავდათ; მაგრამ, თუ ტყვე სასყიდლით თავს გამოისყიდდა, დიდის სიხარულით ათავისუფლებდნენ ხოლმე87. ამგვარად, ჰენიოხები ნახევრად ცარცვა-გლეჯით ირჩენდნენ თავსა, ნახევრად მწირი მიწის მოსავლით. არც სვანები იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში. ამათ კავკასიონის ქედის დასავლეთის ნაწილი და სამხრეთის ფერდობი ეჭირათ. დიოსკურიაზე ახლო იყვნენ88 და იქ უფრო მარილის სასყიდლად ჩადიოდნენ ხოლმე89. სტრაბონის სიტყვით სვანები საშინლად ბინძურად ცხოვრობდნენ და განსაკუთრებით ნანადირევი ხორცითა, ტყის ხილეულობითა და რძით მიდიოდნენ იოლადა90. როგორც ეტყობა, მარტო მონადირეობასა და საქონლის მოშენებასა მისდევდნენ; მიწის-მოქმედებას მაგრე რიგად არა სწყალობდნენ. მაგრამ ესეც კი უნდა თქვას კაცმა, რომ სვანეთის მკაცრი ბუნება და ჰავა მიწის-მოქმედებას არც თუ ძალიან ხელს უწყობს; ზამთარში სვანეთი მიუვალია და მიმოსვლა წყდება, გაზაფხულზეც კი (სტრაბონი შეცდომით ზაფხულზე ლაპარაკობს) ადამიანი თხილამურებს იკეთებს ფეხებზე, რომ თოვლში არ ჩაიფლას. მთიდან კი ტყავზე დაჯდომილი ჩამოცურდებოდნენ ხოლმე, თორემ სხვაფრივ მოგზაურობა საშიში იყო91. ასეთ პირობებში ან რა გასაკვირველია, რომ სვანები დაქვეითებულიყვნენ. სტრაბონი მოგვითხრობს, რომ ხმა არისო, ვითომც სვანეთში წყლებს ოქროს ქვიშა ჩამოაქვს და ადგილობრივი მკვიდრნი დაჩვრეტილი ჭურჭლითა და საწმისით ოქროს ჰკრებენო92.


§ 4. აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული ვითარება

აღმოსავლეთი საქართველო, რომელსაც სტრაბონის დროს იბერია ერქვა, ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული, სოფლებითა და ქალაქებით იყო სავსე. ყურადღების ღირსი ის არის, რომ, სტრაბონის თქმით, იბერიაში კრამიტიანი სახურავები სცოდნიათ, ხოლო სახლებს ხუროთმოძღვრების რიგზე თურმე აშენებდნენ. საბაზრო ადგილებიც ჰქონიათ, ხოლო მოედნებზე საზოგადო დაწესებულებათა შენობები ჰქონდათ ხოლმე აგებული. აღმოსავლეთი საქართველო, მაშასადამე, პირველი საუკუნის დამდეგს მდიდარი, განვითარებული ქვეყანა ყოფილა. აღებ-მიცემობა და საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარებული და დაწინაურებული უნდა ყოფილიყო, თორემ ვის რად უნდოდა ან ბაზრები, ან შენობები საზოგადო დაწესებულებათათვის? ამ დროს, სტრაბონის სიტყვით, მტკვარში და ალაზანში, თურმე გემები დაცურავდნენ.
მაგრამ იბერიაში განსაკუთრებით მიწის-მოქმედებას მისდევდნენ, მეტადრე ბარის მცხოვრებნი; მთიელებს კი უფრო სამამაცო საქმეებსა და ომიანობაზე ეჭირათ თვალი; თუმცა ისინი ხვნა-თესვით ირჩენდნენ ხოლმე თავსა, მაგრამ ოღონდ-კი ომიანობის ხმისათვის ყური მოეკრათ და ფიცხლავ მიწას თავს მიანებებდნენ და იარაღს აიღებდნენ ხელში. ბარელები კი მშვიდობიანი ხალხი ყოფილა. სტრაბონის თქმით ბარის მცხოვრებლებს სომხურად და მიდურადა სცოდნიათ ჩაცმა-დახურვა93; სამწუხაროდ იგი არას ამბობს, რა რიგ ტანისამოსს ხმარობდნენ ხოლმე თვით სომხები, რომ ქართველების სამკაული წარმოგვედგინა. მიდიელების მაგიერ კი სტრაბონს შეიძლება სპარსელები ჰყავდეს მხედველობაში. მთიელები სარმატებისა და სკვითების ზნე-ჩვეულებას უფრო მისდევენო94. ომიანობის დროს ქართველები დიდ ტყავგადაკრულ ფარებსა და ჩაფხუტებს ხმარობდნენ ხოლმე95.


III. ნივთიერი კულტურის ისტორიის მთავარი პრობლემები კავკასიაში

ზემონათქვამიდან ცხადი ხდება, რომ წერილობითი წყაროების ცნობებითაც და არქეოლოგიური ფაქტებითაც ირკვევა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონია მელითონეობის ხელოვნებას ქართველი ერის კულტურულ ცხოვრებაში და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიაში, უძველესი გარდმოცემა ამ ხელოვნების აღმოჩენასაც კი ქართველ ტომებს მიაწერდა.

განათხარის მონაპოვარმა და მისმა შესწავლამ რამდენიმე მთავარი პრობლემა წარმოშვა, მათ შორის საზოგადოდ ნივთიერი და მეტადრე ლითონის კულტურის უმთავრესი დარგისა და ამ კულტურის სადაურობის საკითხი. უკვე დაბადების შემდგენელთა და ძველი საბერძნეთისა და რომის მეცნიერთ ეს პრობლემა აინტერესებდათ და მათი ერთმხრივი მოწმობით ლითონის დამუშავების ხელოვნების აღმოჩენა ქართველთა ტომების ტუბალ კაინისა და მოსოხის ღვაწლი უნდა ყოფილიყო. ბერძნულ-რომაული მწერლობა სპილენძისა, ბრინჯაოსი და რკინაფოლადის მემადნეობის თაოსნობასაც მათ მიაკუთვნებდა და შემდეგშიაც ამ ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებად სთვლიდა. თანამედროვე მეცნიერებაშიაც ეს საკითხი მორიგ პრობლემად ითვლება, მაგრამ ისეთი თანხმობა, როგორც ძველად სუფევდა, აღარ არსებობს.

ერნესტ შანტრმა 1885 წ. აღნიშნა, რომ ბრინჯაოს ხანას კავკასიის ხელოვნებაში ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია, როგორც სხვაგან: ბრინჯაოს ხელოვნების თანდათანი განვითარების საფეხურები აქ არ ჩანს და არც რაიმე დამტკიცებული საბუთები მოიპოვება, რომ ბრინჯაოს დამუშავების ხელოვნება სხვა ქვეყნებში კავკასიიდან შესულიყოს. მთავარი მნიშვნელობა კავკასიის ლითონთა დამმუშავებლობაში რკინას ჰქონია, მაგრამ შანტრს კავკასია არც ამ ხელოვნების მეთაურად მიაჩნია96.

ე. შანტრის აზრით კავკასიის უძველეს ხელოვნებას მცირე აზიისა და ხეთების ხელოვნებასთან აქვს მსგავსება97.

დე-მორგანიც ფიქრობს, რომ ბრინჯაოს ტექნიკა ადგილობრივი არ არის და მისი გაკეთება კავკასიელებს უნდა აღმოსავლეთიდან ჰქონდეთ შეთვისებული, რადგან ბრინჯაოს გასაკეთებლად საჭირო კალის ბუდობი კავკასიაში არ მოიპოვება, მაგრამ სამაგიეროდ რკინის დამუშავების ხელოვნება მისი სიტყვით კაცობრიობას სწორედ კავკასიიდან უნდა ჰქონდეს შეძენილი. უხსოვარი დროიდანვე, უკვე XX ს. ქ. წ., უნდა იყოს რკინა კავკასიაში აღმოჩენილი და იქიდან მოყოლებული მისი დამუშავება ვითარდებოდა და ვრცელდებოდა სულ უფრო და უფრო98.

დე-მორგანის აზრით კავკასიის არქეოლოგიური ნივთების პრეისტორიულ ხელოვნებას ჯერ ხეთური და შემდეგ ასურული გავლენა ემჩნევა, მეტადრე გარკვეული დროიდან, IX ― VIII ს. ქ. წ.99

პროფ. ვირხოვმა კავკასიის ნაშთების შესასწავლად და საკითხის გადასაწყვეტად შემდეგ საშუალებას მიჰმართა: მან გამოარკვია, რა და რა პირუტყვის და ნადირების სურათები არის ხოლმე დახატული აქაურ ნივთებზე, და გამოირკვა, რომ ამ საგნებზე არც ერთი მხეცი ან შინაური პირუტყვი არ არის გამოხატული, რომელიც თვით კავკასიაში არ მოიპოვებოდეს (იხ. ნახ. 11 – 15).

შემდეგ ვირხოვმა ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ კავკასიის უძველეს მადნეულ ნივთებსა და იარაღებზე არც ლომი, არც ფრთოსანი სფინქსი დახატული არ არის. ხოლო სწორედ ეს ორი მხეცი ასურულ ხელოვნებაში აუცილებელი და დამახასიათებელი სურათია ხოლმე100. რაკი არც ლომი და არც სფინქსი კავკასიის უძველეს ხელოვნებაში არ მოიპოვება, ამიტომ ასურეთის გავლენაზე, შანტრის აზრისდა მიუხედავად, ლაპარაკი არ შეიძლებაო101, ხოლო რადგან პირიქით ყველა პირუტყვები და ნადირები კავკასიაში ადგილობრივ ბლომად მოიპოვება, ამის გამო მან დაასკვნა, რომ კავკასიის მადნეული ხელოვნება ადგილობრივი უნდა იყოს. დიდი ყურადღების ღირსია მხოლოდ, რომ კავკასიის ნივთებში ხარის სურათი არ მოიპოვებაო102. 1904 წელს კავკასიის უძველესი ნივთები და იარაღები ვილკემ სხვა ქვეყნის ნაშთებს დაწვრილებით შეადარა და ბევრ შემთხვევაში შეურყევლად დაამტკიცა, რომ კავკასიის ნივთები დუნაისპირელ ჩრდილოეთი ქვეყნების ნაშთებს გასაოცრად ჰგვანან103. ამნაირი აზრი უკვე შანტრსაც ჰქონდა გაკვრით გამოთქმული. ამგვარად, ვილკე ამტკიცებს, რომ კავკასიის ხელოვნებასა და დუნაის-პირის ქვეყნების ხელოვნებას შორის უეჭველი და მჭიდრო დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო. მას ჰგონია, რომ ეს ხელოვნება სწორედ კავკასიელებს უნდა შეეთვისებინათ დუნაელებისაგან, იმიტომ რომ კავკასიის მადნეული ნივთების პირვანდელი სახე დუნაის ქვის ხანის ნივთებში მოიპოვება, კავკასიაში კი არა ჩანსო104.

ნახ. 16.

ვ. ბელკმა 1907 წ. წამოაყენა დებულება, რომ ფოლადის დამზადების გამომგონებელნი ფილისტიმელნი და ფინიკიელები უნდა ყოფილიყვნენ105. ამ დებულების გამო გერმანულ პრესაში კამათი ატყდა, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა106.

ამ კამათის ერთმა მონაწილეთაგანმა M. Blanckenhorn-მა წამოაყენა დებულება, რომ რკინის დამუშავება მესამე ათასეული წლის დამდეგს უნდა დაწყებულიყო ქ. წ., რომ ასეთი აღმოჩენა ერთგან კი არა, არამედ თითქოს რამდენსამე ადგილს და დამოუკიდებლივ უნდა მომხდარიყო და ძველი ცნობების მიხედვით რკინის ასეთ აღმომჩენებად უნდა ყოფილიყვნენ ტუბალები და ხალიბები მცირე აზიაში, ეთიოპიელნი, ან ზანგები აფრიკაში, ინდონი და ჩინელნიც, იქნებ თრაკიელნიცო. ხოლო ფილისტიმელნი მარტო ამ ხელობის შუამავლები უნდა ყოფილიყვნენო107. ტუბალ-მოსოხებისა და ხალიბთა მნიშვნელობის აზრს პროფ. M. Hoernes-იც იზიარებს თავის 1912 წ. გამოცემულ ნაშრომში Kultur der Urzeit III, Eisenzeit (გვ. 113 ― 114).

ამგვარად, ჯერჯერობით თითქმის ყველა საკითხები საცილობელია. ცხადია მხოლოდ, რომ კავკასიის ხელოვნებას, ვირხოვისა არ იყოს, ასურულ ხელოვნებასთან პირდაპირი და მჭიდრო კავშირი არ უჩანს, ბევრ საგნებში კი დუნაის-პირის ქვეყნების ხელოვნებას ემსგავსება. უეჭველია მცირე აზიის ხელოვნებასთანაც, რომელიც მადნეულობის ხელობის დედა-ბუდედ ითვლებოდა, კავკასიის ხელოვნებას კავშირი უნდა ჰქონოდა. საერთოდ კი ჯერ ძალიან ცოტა ნაშთებია შესწავლილი, რომ მკვლევარს ამ საკითხების საბოლოოდ გადაჭრა შეეძლოს. ამისათვის წინასწარი მონოგრაფიული შესწავლაა საჭირო ნივთების ქრონოლოგიური კლასიფიკაციისა და გავრცელების გეოგრაფიული საზღვრების გათვალისწინებით. უნდა გამორკვეული იყოს ამ ფარგლებში თითოეული სახეობის საგნებისა და მხატვრული ნახატების გავრცელების გზების მიმართულება და ინტენსივობაც. მხოლოდ ასეთი ყოველმხრივი კვლევა-ძიების შემდგომ ზემოაღნიშნული პრობლემების განხილვა მტკიცე საფუძველზე იქნება დამყარებული. ასეთი მონოგრაფიული შესწავლა საბედნიეროდ უკვე იწყება კიდეც და კავკასიის ხელოვნებაში ძაღლის გამოხატულებას მიძღვნილი აქვს უკვე ერთი საგულისხმო გამოკვლევა108.



შენიშვნები


11 [ეს წიგნი უკვე გამოქვეყნებულია. იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი მეორე: ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბილისი, 1937. მეხუთე გამ. რედ. შენიშვნა].

12 იხ. გ. ნიორაძე, კარსნისხევის სასაფლაო, თბილისი, 1926, გვ. 13 — 31, ნახ. 6 და 9.

13 იქვე, გვ. 31 და 35.

14 იხ. დე -მორგანის MSC, I, გვ. 31, 34 და 35.

15 იქვე, გვ. 130, 28.  

16 იქვე, გვ. 35.

17 იხ. დე -მორგანი MSC, I, გვ. 92, სურ. 36.  

18 აქვე, გვ. 35 და MSC, I, გვ. 93, სურ. 37 და 38 და გვ. 94 მომდევნო pl. III.  

19 იხ. აქვე, გვ. 35 და Mus. Cauc. გვ. 64 მომდევნო Taf. VIII.

20 იხ. MSC, I, pl. III.  

21 MSC, I, გვ. 93.

22 იხ. აქვე, გვ. 34. Mus. Cauc. გვ. 65, Taf. VIII და MSC, I, გვ. 96 — 97.  

23 იხ. MSC, I, გვ. 98, სურ. 49.

24 იხ. ნახ. 6, 8, 11 და MSC, I, გვ. 114 სურ. 79 — 81, გვ. 115 სურ. 82 და 83 — 84.

25 იხ. აქვე, გვ. 40 ნახ. 18, ნახატები 6, 7 და 8. — MSC, I, გვ. 144 — 152 და Mus. Cauc. გვ. 49 — 53 Taf. VII, გვ. 69 — 71 Taf. IX, გვ. 87.

26 MSC. I, გვ. 154 — 155.

27 Mus. Cauc. 86, Taf. X.

28 MSC. I, გვ. 104 — 107.

29 MSC. I, გვ. 108 — 109.

30 KB, I, 19 და II, 75.  

31 იქვე, I, 65.

32 იქვე, I, 19 და II, 75.

33 იქვე, I, 143.

34 იქვე, I, 171.

35 Prunkinschrift: KB, II, 57.

36 იქვე, II, 63.  

37 Prunkinschrift: KB, II, 119.

38 იქვე, I, 171.

39 Bochart, Phaleg, III, 11.

40 KB, I, 172.

41 KB, II, 21 და 31.  

42 იქვე. I, 143.  

43 რკინისა და ვერცხლის ეტიმოლოგიის შესახებ იხ. ნ. მარრის Яфетические элементы в языках Армении: ИАН, [VI серия, т. V, № 2], 1911, გვ. 139 — 145.

44 გიორგი მთაწმ. ც՜ა, საეკლესიო მუზ. გამოცემა [ტფ., 1901], გვ. 301.

45 O. Schrader, Die Metalle, 1906, გვ. 98.  

46 ეს ახსნა პროფ. ნ. მა რ რ ს ეკუთვნის.

47 ქსენოფონტე, Anab. lib. V, cap 4, 1.

48 ქსენოფონტე, lib. V, cap 5, 2.

49 S t r a b o, Georg. lib. XII, cap. III, 19 და 28.

50 ქსენოფონტე, lib.IV, cap 7.

51 იქვე, lib. IV, cap 8, 2.  

52 S t r a b o, Geogr. lib. XII, cap. III, 19.

53 Anab. lib. V, cap. 4, 28.  

54 ანაბაზისი, lib. V, cap 4, 27.

55 იქვე, lib. IV, cap 8, 19 – 20.  

56 იქვე, lib.V, cap 4, 29 და 32.

57 იქვე, lib.V, cap 4, 29.

58 ჰეროდოტე, II, 105.

59 იხ. მისი ანგარიში, ЗКГО, VII, გვ. 27.*VII (კომენტ.)
60 იქვე, გვ. 29.

61 იქვე, გვ. 48.

62 იქვე, 47, 53, 60, 61.

63 იქვე, 28-29.

64 Geogr. lib. XII, cap. III, 18.  

65 პროკოპი კესარიელი, De bello pers. I, 15; დესტუნისის თარგმანი, I, გვ. 193.  

66 ქსენოფონტე , Anab. lib. IV, cap. 7, 14.  

67 ქსენოფონტე, Anab. lib. V, cap. 2, 3, 4.

68 იქვე, lib. V, cap. 5, 1.

69 Geogr. lib. XII, cap. III, 19.  

70 ლატიშევი, I, 380.

71 იქვე, I, 380.

72 Anab. lib. V, cap. 4, 34. 73. იქვე, lib. V, cap. 4, 32.

74 იქვე, lib. V, cap. 4, 34. 75. იქვე, lib. V, cap. 4, 33.

76 ჰეროდოტე, II, 104. 77. P. Kretschmer, Einleitung in die Geschichte der griechischen Sprache, Göttingen, 1896, გვ. 399.

78 ჰეროდოტე, II, 78 და 79.  

79 იქვე, VII, 78.

80 სტრაბონი, lib. XI, cap. 2, 17.

81 იქვე, lib. XI, cap. 2, 16.

82 სტრაბონი, lib. XII, cap. 2, 3.

83 იქვე, lib. XII, cap. 2, 17.

84 იქვე, lib. XI, cap. 3, 4.

85 იქვე, lib. XI, cap. 2, 17.

86 იქვე, lib. XI, cap. 2, 12.

87 იქვე, lib. XI, cap. 2, 12.

88 იქვე, lib. XI, cap. 2, 19.

89 იქვე, lib. XII, cap. 5, 6.

90 იქვე, lib. XII, cap. 5, 6.

91 სტრაბონი, lib. XI, cap. 5, 6.

92 იქვე, lib. IX, cap. 2, 19.

93 იქვე, XI, cap. III, 3.

94 იქვე.

95 იქვე, lib. IX, cap. IV, 5.

96 RAC. I, 92 – 93 და II, 211 – 214.

97 Mission en Cappadoce. p. VIII და X.

98 MSC. I, გვ. 5 – 22, 35– 88, 38 და 194.

99 MSC. I, გვ. 158 – 159 და 208.

100 Über die kulturgeschichtliche Stellung des Kaukasus unter bes. Berücksichtigung der Ornament. Bronzegürtel aus Transkauk. Gräbern, Berlin, 1895 წ., 137

101 იქვე, 137.

102 Das Gräberfeld von Koban, Berlin, 1883.

103 Archäologiche Parallelen aus dem Kaukasus und den unteren Donauländern, Zeitschrift für Ethnologie, Hetf. I. 1904, გვ. 43, 64.

104 იქვე, 1900. I. Hetf. გვ. 39 – 104.

105 იხ მისი Die Erfinder der Eisentechnik: Zeitschr. f. Ethnologie 39 Jahrg. გვ. 334 – 362. მეტადრე 360 – 361.

106 იხ. იმავე ორგანოს 1907 წ. გვ. 362 – 381, 691 – 695, 945 – 948 და 1908 წ. გვ. 241 – 253 და 272 – 276.

107 იხ. იმავე ორგანოს 1907 წ. გვ. 363 – 368.

108 იხ. А. А. Миллер, Изображения собаки в древностях Кавказа: Изв. Рос. Акад. истории материальной культуры, II, Петербург, 1922 წ., გვ. 287 – 324.

109 ЗВОРАОб, т. XIV, [вып. II – III, 1901, СПб, 1902, გვ. 1 – 29].

110 იხ. Древнейшие арабские известия о праздновании Науруза в сассанидской Персии: ЗВОРАОб, т. XVI, [вып. I, 1906, გვ. 020 – 046].



კომენტარები


III ივ. ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა კავკასიის არქეოლოგიის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის ძველი პერიოდი საკითხების შესასწავლად. ამავე დროს მითითებულია, რომ "ასეთ ხელსაყრელ პირობებში ქართული ისტორიის მკვლევარი ჯერ არ ჩავარდნილა, რადგან კავკასიის არქეოლოგია თავის სპეციალურ საგნად ჯერ არავის აურჩევია" და რომ "ამ გარემოების წყალობით კავკასიის არქეოლოგიის შესწავლას სისტემური გეგმიანი მუშაობის თვისების მაგიერ შემთხვევითი ხასიათი აქვს". დღეს საქართველოში არსებობს მძლავრი არქეოლოგიური სკოლა. ივ. ჯავახიშვილი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში მოესწრო ქართული არქეოლოგიის თვალსაჩინო წარმატებებს (დმანისი, მცხეთა-არმაზის არქეოლოგიური გათხრები...). სწორედ ახალმა არქეოლოგიურმა მონაპოვარმა ათქმევინა მას, რომ "ქართველი ერის ისტორიის" ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ახლებურად იყო დასაწერი. 1938 – 1940 წწ. მან მოხსენებასა და ინტერვიუში გამოთქვა საყურადღებო მოსაზრებები მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისა და მცხეთა-სამთავროს არქეოლოგიური მუშაობის თაობაზე. დაწვრილებით ივ. ჯავახიშვილის არქეოლოგიური მოღვაწეობისა და დაკვირვებების შესახებ იხ. ალ. კალანდაძე, ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1977; გ. ლომთათიძე, ივანე ჯავახიშვილი და გათხრითი არქეოლოგია საქართველოში, ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ. III, თბ., 1951, გვ. 1 – 36.

IV თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი წერდა: "ქართველი ერის ისტორიის მკვლევარის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია იმ გარემოებით, რომ კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა და მათი კულტურის პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საძებნელი". ეს პრობლემაც ამჟამად გაშუქებულია ავტოქთონური თეორიის საფუძველზე.

V ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია აგრეთვე ლინგვისტური მეთოდით მოპოვებული მასალების გამოყენებას საქართველოს ძველი ისტორიის საკითხების შესასწავლად. მაგრამ რაკი, მისი სიტყვით, ამ მეთოდით მოპოვებული შედეგების დამტკიცებას დიდი და მრავალმხრივი დასაბუთება სჭირდებოდა და შედარებით კვლევა-ძიებაზე იყო დამყარებული, ამიტომ მისი მოტანა "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნში "არ შეიძლებოდა და "ქართველი ერის ისტორიის" განსაკუთრებულს, შესავალ წიგნშია მოთავსებული". ასეთი შესავალი წიგნი გამოქვეყნდა კიდეც, სახელწოდებით: "კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა", თბ., 1938, იხ. ქ. ლომთათიძე, ივ. ჯავახიშვილი და ქართული ენათმეცნიერების საკითხები. "იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული", II, თბ., 1975.

Vi არსებული მასალების მიხედვით ივ. ჯავახიშვილი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვის ხანას კავკასიაში, მისი განმარტებით კავკასიის მოსახლეობის მთავარი კულტურული ხანა სწორედ "ბრინჯაოს ხანით იწყება. თვით წმინდა სპილენძის ხანაც კი, ე. წ. ენეოლითი კავკასიაში ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის". ბრინჯაოს ხანას, – დასძენს ივ. ჯავახიშვილი, – სწრაფად მოსდევს რკინის ხანაც. მაგრამ "ეს ლითონის კულტურა კავკასიაში ახალმოსული ეროვნების ტომთა გადმოსახლებისა და დამკვიდრების წყალობით ჩანს შემოტანილი". დღეს ეს დებულება ძირფესვიანად არის შეცვლილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვრისა და გამოკვლევების შედეგად. იხ. საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.