1913 წელს „ქართველი ერის ისტორიის“ I - II წიგნების გამოცემის წინასიტყვაობაში ივ. ჯავახიშვილი წერდა: „ისტორია“ ოთხ წიგნად არის განზრახული; პირველი შეიცავს უძველესი ხანის ისტორიას  VII საუკუნის პირველ ნახევრამდე, ანუ საქართველოში არაბების ბატონობის დამყარებამდე, მეორე არაბთა ბატონობით იწყება და თამარის მეფობით თავდება, მესამე XIII  - XVI ს., ხოლო მეოთხე XVI[I] - XVIII ს. ისტორიას უნდა შეიცავდესო. შემდეგ ხანებში განსვენებულმა აკადემიკოსმა შეცვალა ეს გეგმა და მესამე წიგნად განზრახული XIII - XVI საუკუნეების ისტორია ორ წიგნში გაანაწილა: III წიგნში მოათავსა XIII - XIV საუკუნეთა ისტორია, ხოლო მეოთხეში - XV - XVI საუკუნეებისა (იხ. მეოთხე წიგნის წინასიტყვაობა). მაშასადამე, მეხუთე წიგნი მას განზრახული ჰქონდა მიეძღვნა XVII - XVIII საუკუნეთა ისტორიისათვის.

     სამწუხაროდ, მეხუთე წიგნის მასალები ივ. ჯავახიშვილს დაუმუშავებელი დარჩა. მის არქივში აღმოჩნდა რამდენიმე შეკვრა მასალებისა ზედწარწერით „XVII - XVIII საუკუნეები“, სადაც იდვა ერთი მხრით XVII საუკუნის სიგელ-გუჯრებიდან  და სხვა დოკუმენტებიდან ამოწერილი ცნობები, ხოლო მეორე მხრით XVIII საუკუნის ისტორიის უკვე დაბეჭდილი მიმოხილვის ხელნაწერი დედანი. გარდა ამისა, XVII საუკუნის მასალას თან ახლდა სახელდახელოდ დაწერილი სხვადასხვა გეგმა, რომლებიც ივ. ჯავახიშვილს შეუდგენია, როდესაც ის VII საუკუნის ისტორიის ლექციებისათვის ემზადებოდა. ამ გეგმებით გათვალისწინებულ ზოგიერთ საკითხზე კიდევაც დაუწერია სათანადო ნარკვევები; ასეთებია, მაგალითად: „სვიმონ მეფის მოკვლა“ (იხ. ქვემოთ, გვ. 12 - 17), „თეიმურაზი - ორისავ ტახტის მჭერი“ (გვ. 17 - 29), „როსტომ მეფე“ (გვ. 29 - 37), „ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის XVII საუკუნეში“ (გვ. 46 - 58). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარკვევები ფრაგმენტულია, მასალის იმდენად საფუძვლიანი ანალიზია მოცემული, რომ ჩვენ შესაძლებლად ვსცანით დაგვებეჭდა ისინი იმ სახით, როგორითაც მკვლევარს დარჩა. მესამე თავი „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის  XVIII საუკუნეში“, რომელიც ცალკე წიგნაკად წინათაც იყო, წარმოადგენს მეორე თავის უშუალო გაგრძელებას, სადაც იგივე ურთიერთობაა განხილული XVII საუკუნეში. ჩვენს საისტორიო მეცნიერებას დიდი მიღწევები აქვს ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში და ბევრ საკითხში, რომელთაც ეხება ივ. ჯავახიშვილი წინამდებარე მეხუთე ტომის მასალებში, ჩვენ ამჟამად მოგვეპოვება უფრო მკაფიო და საღი შეხედულება. მიუხედავად ამისა, ამ მასალებს ვბეჭდავთ უცვლელად, რადგან, როგორც ვწერდით „ქართველი ერის ისტორიის“ III ტომის შემოკლებული რედაქციის წინასიტყვაობაში (თბილისი 1941 წ.), ივ. ჯავახიშვილის შრომები იბეჭდება მისი გარდაცვალების შემდეგ „როგორც არა მარტო მონოგრაფია, არამედ როგორც ლიტერატურული დოკუმენტი“.

     მეოთხე თავად გადავბეჭდეთ მისი მიმოხილვა „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“, რომელიც რუსულად დაიბეჭდა 1906 წელს. თვითონ ივ. ჯავახიშვილს აქვს ნათქვამი ჩვენთვის, რომ ამ მიმოხილვის გამოქვეყნებამ გამოიწვია რეპრესია: სამი წლით აეკრძალა პეტერბურგიდან გასვლა; მეტი სასჯელი მომელოდაო - დასძინა განსვენებულმა მკვლევარმა -, მაგრამ მოხსენებული ვიყავი როგორც თავადი და ამან მიხსნა უფრო მკაცრი სასჯელისაგანო.

     წიგნს დავურთეთ სამი დამატება. ამათგან მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ მეორე დამატებაზე („ხელმწიფის კარის გარიგება“). ივ. ჯავახიშვილის არქივში აღმოჩნდა ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული „ხელმწიფის კარის გარიგების“ ერთი ეგზემპლარი, რომელშიც, არშიებზე, განსვენებულ აკადემიკოსს შეუტანია შესწორებები და მოკლედ აღუნიშნავს თავისი შეხედულება ტექსტის ამა თუ იმ ადგილის შესახებ (იხ. ბოლოში დართული ფოტო სურათი). ამ წინასწარი შენიშვნების შემდეგ დაუწყია ნარკვევის წერა, ხოლო ვერ დაუმთავრებია. ჩვენ ამოვიკითხეთ ყველა მისი მარგინალური შენიშვნა და მოვათავსეთ სქოლიოებში, ხოლო დაუმთავრებელი ნარკვევი ძეგლის შესახებ თავში მოვათავსეთ.

     დანარჩენი ორი დამატებიდან პირველი წარმოადგენს ნარკვევს სოციალური ბრძოლის ისტორიიდან საქართელოში, რომელიც ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1934 წელს, ხოლო მეორეში მოცემულია შესწორებები და დამატებები „ქართველი ერის ისტორიის“ III და IV ტომებში გარჩეული ზოგიერთი საკითხისათვის.

 

სიმ. ყაუხჩიშვილი

თბილისი, 1953 წლის აგვისტო