დასაწყისი პირველი წიგნისა ამის, შესავლად თქმული ბრძნისა, ანვარი სოილისა
სრული სიბრძნე ამისად შემსგავსებულად საფუძველად დაუც და ყოველთა წიგნებთა შინა მთქმელისა სახელი დიდად უსახელოვნებია. სიბრძნეთა იგავთა შეწყობათა მიერ სწავლისა აღმატებათა. /ქილილა-დამანას წიგნია, ინდოელთა რიტორთაგან სასურველად გარდახალისებულა. ბრძენთა და მეცნიერთა ფილასოფოსთა ამისნი შეკრების რიგები მრავალი სახენი ერთრიგად შეუწყვიათ. სასიბრძნო სწავლა-სამხიარულოდ და საცრუო არაკები ერთმანეთში აურევიათ. სიტყვით მმაგალითნი მრავალთა ბუნებათა საწადელად ზღაპრის კალთათა გამოუხვევია. ნადირთა, მხეცთა, თევზთა, და ფრინველთა ენათა მაგიერი არაკნი და სიბრძნის გზები მოუყუანიათ. ამა მეცნიერობისა სარგებელთა რიგები ფერად-ფერადად, სიბრძნე და სწავლანი სვებედნიერობით გამოუჩენიათ. მეცნიერი სასარგებლოდ და უმეცარნი სალიზღობელად უნდა იკითხვიდენ. ამისი სწავლა ოსტატისათვისშეგონებაა და ყრმათათვის საადვილო და გულთა საამო.
ესე არს წიგნი ერთი, სიბრძნით შეწყობილი, რაგუარადაც წალკოტი ერთი_ ხეხილით, სახვასიადო და მისთა მნახავთათვის სამოთხის შვების მსგავსი ხილვითა; ვისიცა გული, გონება და თუალი განიცდის, ტკბილის გემოთი გაძღება; ვისაც გული, და მისის სავარდეთა მიდამოს სიტყვის სუნელებათა ფშვანი საგრძნობელთაგან გასაოცარია.
შაირი
თვითო სიტყუაზედ დამზერით უცხო წალკოტი ათობენ,
ღამე ანთრაკებრ საჩანოდ ბრწყინვენ და ეგრე ნათობენ,
ამის იგავნი, სიცოცხლის წყალთაებრ მორწყვად მათობენ,
სიტყვა ქცეულნი, ჭაბუკებრ, ლალსა და ბროლში სათობენ,
გულისხმა ცნობა იგავთა სიხშირეთა ერთსა ხარისხთა ზედა აღწეულ არს და პირველითგან მოაქამმომდე რიტორებათა მოცადინეთა ამ ტაბლათაგან ბედნიერობის საწადელი სარგებელი მრავალთა მიუღიეს და ამა ლექსებთათვის მარაგიანად ტრიქონთა ტანსა ზედა შესაფერად მოხდომილი სამოსელი გაწყობით ჩაუცმევიათ-ყე.
ჩახრუხაული
ამის სახენი მეფედ ვახენი, ვით სამოსელი შესამკობელად,
აგრევ იგავნი არ თუ იგ ავნი, სვე-ბედთა ბეჭდის თვალთა მცნობელად.
ფერკეთილ ლექსნი ათასჯერ ექვსნი, ვარდის კუკურთა გამაპობელად,
მისნი უბნობა სიტყვა ხელმწიფე, სიბრძნისა სხივთა მომნათებელად,
სახვაშიადო ვინ ვის მიანდო ნანდვილ მართლობით სარწმუნობელად.
წიგნი ესე ბრძენსა და გზიანს ფილლასოფოსს, ბარამანად სახელდებულს, დაბიშლიმის სახელით, რომელიცა ინდოეთისა რომელსამე თემთა ხელმწიფე ყოფილიყო, მას ინდოურითა ენითა უთქუამს, თუმც აწ მთქმელთა ასპარეზტა შინა, მისის წერილის მიზეზითა ერტსა მცირესა რასამე იტყვიან, მას ბრძენსა იგი ამა სასწაულისა სიტყვისა იატაკად დაუფენია, მეფეთაგან ყმათა შერისხვა და შეწყალება, გადიდება გამდიდრება უმოქმედებია, თემთა და ქუეყანათა გარიგება და სვე-სვიანობათა დიდად აღმატება გაზლიერებასა თანა შეუმზადებია,მტერთაგან მოცლისა და მოშორებისა და მათის გაცუდებისა საქმეთა შინა დიდად გამოუყენებია. დაბიშლიმ ამა წიგნისა კითხვითა გულის საწადელის ნდომისა და ნებისა აღსრულებისათვის ამა წიგნისა კითხვისა კლიტეთა მოეჭიდა და საძნელად დახშული კარი ამით პოვა და განახვა. და ეს დაუფასებელი სპეკალი მის ჟამთა შინა, სრულიად ობოლის მარგალიტის მსგავსად, სადაფთა შინა დაფარულიყო, რაგვარადაც უებრო ლალი ლითონთა სინა, თუა არ მრავლის ჭირითა და ცხელის ოფლის დენითა, შრომითა და სისხლის დათხევითა. პირსა არავის უჩუენებდა. მას უკან რომელნიც მისის ტომთა და ნათესავთაგანნი მისის ხელმწიფობის ხარისხთა დაჯდებოდიან, აგრეთვე ხვაშიადა ინახევდიან და მასვე საქმესა ცდილობდნენ, და ამა წიგნისა ამბვისა ნიავთა მის ქუეყნისა მიდამოთა წალკოტნი და სავარდენი გაესუნელა და მისმან მუშკისებრი მითქმა-მოთქმათა ქებამა, სურვილის წადილის ნიშანმა ამბართა სუნითა საყნოსელნი აავსო.
შაირი
სიკეთე მუშკს ჰგავს, დავფარო, ეცადო სრულ ლამპობასა,
შორით ფშვის, არ დაიმალვის, ტვინთ აძლევს სუნთა ცნობასა,
ვერც შესვრის მწირე ნათელსა სხივთა და მზისა მზობასა,
ნათობს და მატობს ყოველგან მიმოსთქმენ არაკობასა.
ნუშრევან მეფის გამოჩენამდე ესე ამბავი ყოველგან განფენილიყო: ინდოეთისა მეფისა ძარდახშათა შინა ერთი წიგნია, ყოველთა ნადირთა, მხეცტა და ფრინველთა ენათა მაგიერ შეუმზადებიათ და რაც მეფეთ რიგია ანუ გაჭირებული რჩევა, ერთგულთა წყალობა და ორგულთა მისაგებელი, ანუ ხელმწიფეთა და ხელთუფალთა წესნი, პატივთა არძაგნი, მისსა კაბადონთა ზედა იპოვებისო და ამათ ყოველთავე ასწავლისო, და ყოველთა საქმეთა მოსახმარებლად, ყოველთა სარგებლის მადინებლად გამოიყენებისო. ნუშრევან სახელგანთქმულსა, რომელსა ქუეყანისა კორდი თვისისა სიუხვისა წვიმითა შეემწვანებინა და ქველისმოქმედებითა სამოთხენი და სავრდენი მრავალფერად აეყვაებინა და უამავრის სიკეთისა ცვარისა რწყვითა გაეფურჩნა,
ტაეპი
თემი სიმართლით გაეწყო, უგბილთა სისხლი აეწყო.
რა ამ წიგნის ქება სმენოდა, გული და გოპნება მისისა კითხვისა ნდომასა შესწმასნოდა. მაშინ გამოჩნდა სპარსთა ბრძენთა ნამაშთა მტვერთაგანი ბარზავია, მკურნალი ნუშრევანისა , და ამისისა წადილისათვის ინდოეთს წასულა და მრავალნი ხანნი მუნ დაუყვია, მრავლის ხერხითა და ხრიკებით ცდილა და ერთს დროს ეს წიგნი ხელად შემოუგდია და ინდოურის ენისაგან ფალაურს ენაზედ გარდმოუღია. მაშინ მის ჟამისა ერანის მეფენი მას თურე ლაპარაკობდენ, და ეს წიგნი მან მკურნალმან ნუშრევანის წინ მოიღო.
გულის საწადელი რა აღუსრულდა ნუშრევანს, უხვის ნიჭითა და დიდის პატივითა მკურნალის ხარისხნი მეფეთ სასამსახუროდ დიდებით აღამაღლა. ნუშრევანის საქმეთა საფუძველი, და სახელგანფენილობა და სიუხვის სიმრავლე და ქუეყნის დაპყრობის ხერხნი, დამშვიდებისა და დაწყნარების გზები ამა წიგნისა კითხვითა და ჩხრეკითა მომხდარა. ნუშრევანს უკან აჯამთა ხელმწიფენიცა დიდის სურვილით ამასავე იკითხვიდნენ, ვირემდი აბასის ძე აბუჯაფარ მანსური აბასიანთა მეორე ხალიფად გამოჩნდებოდა. მან რა ამ წიგნის ამბავი შეიტყო, სიხარულისნის ნდომითა გულაღძვრით ძებნა დაუწყო და, მრავლის ხერხის მოპოებითა, ფალაურის ენით დაწერილი ნუსხა ხელად იგდო, და მუყაფას ძე აბდულა აბულასან-რჩეულთა თავი იყო-მას უბრძანა და ფალაურის ენისაგან თაჯურისა ენითა ათარგმინა.
ამას დღე-ყოველ იკითხვიდა და ხალიფობის საფუძველი და განწესება ამის ანდერძის სწავლაზედ დაამყარა და ამისსა საქმეთა ყოველთა მიუთხრობდა. მერმე აჰმად სულთნის ძემან აბულასან ნასრი სამანელმან მის ჟამისა ერთსა მუყრსა უბრძანა და ის არაბული ნუსხა სპარსულისა ენით თარგმნა. და რუდექ მოშაირემან ხელმწიფის ბრძანებითა ლექსით შეამჭევრა. მას უკან აბულ მუზაფარ ბარამ, ხემწიფის სულთან მაჰმად ყაზანელის ჩამომავალმან, რომელსაც ჰაქიმ სანაი აქებდა, აბუმაელი ნასრულაჰს უბრძანა ამისი გარდმოღება და ამ ნუსხის პირის თარგმნა. აწ რომ ამ წიგნს ქ ი ლ ი ლ ა-დ ა მ ა ნ ა ს უხმობენ,ეს იმ ზემოთხსენებულის ნათარგმნია. სიტკბოთა სულთაებრ გემოანი, ფეროვნებითა ძოწსავით შვენიერი, გულის სატყუვრად შაქარბაგეანს სათუთის საუბარსავით მაცილობელი და მომაცთუნებელი მისნი იგავნი. კეკლუცთა დახუჭუჭებულს თმასავით გულთა და გონებითა ზედ შემწებული.
ლექსი
ამისნი შავნი ასონი, ვით ქალთ წინამო ღაწვისა,
მათგან მოთხრობა იგავთა მზეს თუ ვამსგავსო აწ ვისა.
ამისნი შავთა ასოთა იგავნი, სპეკალთაგან შემზადებულს თვალის საოლავთაებრ, თუალის ბაიათა სინათლესა უძღვნის და მისი ქვესპეტაკობა მხიარულსა დილასა ჰგავს და ქუეყნის მხედველსა თუალსა ნიადაგ ქუეშე უცს.
ლექსი
ბეეშტთ ხალღთა გამოხატვით, შესაფერად ვით სწამთ აჯთა,
ამ ნუსხისა პირთა საქმე უნათლეა თუალთა ქაჯთა.
ამ წიგნის გაგვარიანებისათვის ლუკიას სახლთა სნატთა მჯდომელნი რიტორნი და სიტყუათა შემჭევრებელნ ერთ სიტყვაზედ და ერთხმობით დაჯერებულიყვნენ, მაგრამ საკვირველად სიტყვის საქცევები და სიღრმე, არაბული დდა სხვა ენათა ძნელი სიტყვაები ჩაერთოთ ღვლარჭნილად და გულის განსაბნეველად, სიგრძისა და სივრცელისაგან მკითხველი ნაათალსაცა ვერ ამოიცნობდა, სიტყვის დახლათვისაგან ჭკუის გზები დაეფანტებოდა, საგონებელში დარჩებოდა და მკითხველის გონება არაკებთა დასწავლისა და დახსოვნებისაგან უცალო იქნებოდა, ნამეტნავად ამ დროსა, რომე სიტყვის საქცევები და გუარნი ასეთის რიგით გაურთავთ, იგავთა გამოწვლილვის ნდომა მაშინვე მრავალრიგად მობრუნდება და ზოგი რამ მისი სიტყუა ლექსიკონთა შიგა საძებარი იყო. ამ საქმით ეს შუენიერი წიგნი გაუგემურებული და ქუეყნიერნი კაცნი ამის ნაყოფისაგან უსარგებლო და გემოშეუტყობელნი დარჩომილიყო. ამისთვის უბრძანა ამჟამად მჯდომელმან მაღალმა ხელმწიფემან მცოდინარეთა კაცთა შემოკრება, და მათმან მომგროვებელმა მისის ბრძნის გონიერებითა, რომელსაცა სიბრძნისა აღმატება უბრწყინავს სიქუელითა, დიდებულთა თავნნი მონებენ. მის ჟამის და დროს მეფე და ხაყანი, მშვიდობისა და დაწყნარებისა მყოფელი, სიკეთისა და სწავლათა აღმაორძინებელი, ნიჭთა მიმნიჭებელი, ნიშატთა მაჩუენებელი. ცის მზე და მეფეთა გვირგვინი და თემთა მპყრობელი ვარსკვლავი.
ლექსი
მეფეთ თუალი, მთავართ ძალი, ხელმწიფეთა დიდებანი,
აბულ ყაზი უსეინსა რიგითა აქუს დიდებანი.
ღთისაგან მისი ხელმწიფობა და დიდება საუკუნომდე ჰგიესმცა და საწადელი მისი ქიმიის მსგავსი, წყალობის კალთითა, სადაცა მტუერი დაეკრას, განუხოცოს თუისის გონებისა სიწმიდითა.
ლექსი
ხუთ დღე მუხთლისა სოფლისა უგუნურებით მდომელთა,
საქონელად და სამკვიდროდ უწოდებიათ რომელთა.
ამას ამ საწუთროსათვის გული არ შეუმსჭვალავს ამა პატიოსანთა იგავთა სიტყვისაებრ.
ფასტიკაური
ძლიერებისა წინ დიდად მოღვაწეთ ხალნი გამოჩდებიან,
პატიოსნების შესამოსელი სიწმიდის გენთა მისგან შვენიან.
ვინც ეს შაირი გულისხმა ყოს,ჭირვეულნი შეიწყალოს და დავრდომილთ ხელი აღუპყრას, საუკუნოს მიმავალობის საგზლად წაიღოს, ის წინათი თქმული იმოწმებს.
ლექსი
წუთის სოფლისა სურვილი უგუნურება მგონია,
მოყვარევ, კეთილს ჰყუარობდე, ბრძენთაგან გამიგონია.
არ უდა კაცმან თავისი თავი ამ საქმეზე მოაუძლუროს.
ქება
მას მრავლითა სიკეთით შემკობილსა და სიბრძნითა ამაღლებულსა, ქველსა, ხელმწიფეთ-ხელმწიფესა ღთივ პატივდიდსა და მისგანვე შეწყალებულსა, ბედსვიანობით ქუეყნის მოურნესა, დიდსა შიხ-აჰმადს, ანვარი სოილად სახელდებულსა. ანვარი მნათობად გამოითარგმანების და სოილი- ვარსკულავად, რომელსა ქართულად თაგთირი ჰქვიან. რომელი, რა აღმოხდების, იგი მისცემს სიწითლესა ყოველსა ნივთთა.
ლექსი
შენ თაგდირი ხარ, სად ნათობ, შუქთა სად მიჰფენ, სად არა!
სადა შეადგამ, ბედისა მუნ ნიში იქნას, სად – არა.
კაცთა თუალთა სახილვალად მისნი უდარესნი სათქმელნი ჩემდა ამაღლებული სიტყუა მიბრძანა მე, ამ ყოველთა უნარჩევესსა და შეუძლებელსა, მდაბალსა და შეურაცხსა ჰუსეინს, ალის შვილსა. ამა წიგნისა გამომწვლილველმან დიდად შევმართე და ეს წიგნი ახლისა სამოსლითა შევმოსე. და შვენიერნი ამისნი იგავნი და საწადელნი სიტყუანი ამისნი ბნელისა და ღრმის და მიუხდომელის, არეულისა და მიფარულის სიტყვისაგან გამოვაბრწყინე. აწ ყოველთა მხედველთა თუალთა სიღრმით გამოცნა და დანახვა ძალუც. და ამ შვენნიერის სახისმეტყველების ნაყოფთა მოისთლობენ, და ყოველთა მეცნიერთა გული მხიარულითა სურვილითა ნახვით გაეწყობა და ამა წალკოტისა ნაყოფსა სჭამს.
რვული
ბრძენმა მითხრა სიტყუა ჭირად:
“სიტყვის ბაღთა მრგუელო ხშირად,
ეგრე ბაღი ვნახე ძვირად,
იგავთ ხენი დარგევ სირად,
ვინცა ჭამონ, აქონ ძირად,
შენდობა გრქვან შესაწირად.”
მრავალ ხილთა იგდებ პირად
მჯობის მჯობთა მოვლი მზირად.
ესეთისა გულსმოდგინებით მიბრძანა, უარის თქმა აღარ შემეძლო და ერთმან სხივმან თაგდირისამან აღმოსავლით პირი მიაპყრა.
ლექსი
რა ძნელია ეს ამარტა არაბთ მეფის ბრძანებითა,
რომ თაგდირმა ფერი მისცეს ნიშატისა გუანებითა.
ბრძანების უკან გონებასა დავეკითხე და უმჯობესნი ამ იგავებზედ ვაცადუნე. რაც მიფარული მეცნიერებისაგან გამოიჩინებოდა, კალამი ენად და ენა კალამად ვყავ. და აღმოადინა სახემ წერილოლვნება და გამოაცხადა ღვლარჭილოვნება. აწ უნდა შევიტყოთ, რომ ქილილა-დამანას წიგნის სამეცნიეროს საძირკუელში ერთი საცოდინარი არის, და სამეცნიეროს ცოდნაში – ერთი საუბარი სანდომი, იგავთა ბრუნვის შემატყობინებელი, კაცთა ბუნების რიგის გამმართავი. ამ გზითა კაცსა თავის სიცოცხლის სარჩოს ცდაში გამოადგების და მათის აგებულებისა სისრულეზედ მიაწევინებს ამ გზითა, რომე თავი სიბრძნე ორად განიკვეთების: პირველი ეს არის, კაცი თვით ბუნებით იყოს და სხვა შემწე აღარ ეხმარებოდეს, მეორე, რომე სხუათა შემწეთა თანამოყვსობა და ამხანაგობა შეთქმულობით ჰქონდეს. პირველი თვითან თავით თვისით რომ უნდა იყოს და სხუა შემწე არა ეხმარებოდეს, ესე არს ჭკვა, ბუნება უნდა აგებულებით სრული ჰქონდეს. და მეორე რომელი მოყსისა შემწეობითა არის, ესეცა ორად განიკუეთების: ერთი ეს არის მოსახლე კაცი უშემწეოდ არ იქნების და ამას სასახლისშჯულო ჰქვიან; მეორე-შემწეთა ხმარება მეფობისა და ქუეყანათა პყრობისათვის, თემთა უფლებათა და ადგილებთა ჭერისათვის- ამას საქუეყნისშჯულო ჰქვიან. ეს წიგნი ამა ორთა საქმეთა ზედა უკებელია, რომლისაც შემწეობითა, ამხანაგობითა და სამსახურით კაცის სარგებელი იქნება. და კაცი რომ თავით თვისით უნდა იყოს, მისი აქ ეგეოდენი არა დაგვიწერია, თუც ადგილ-ადგილ სადმე გამოერიოს, ამაზედ ვინც რამ დაგვიწუნოს, მისთვისვე დაგვინებებია. ჩუენ არ დავსწერეთ, მან იზრუნოს. ჩუენ იმ საქმეზე საუბარს ამ წიგნშიგზა არ ვაპოვნინეთ და იმ ინდელთ ბრძენთ ნათქვამის წიგნიდან ორი ზეითი კარი ამოვხოცეთ, ამისთვის რომე მაგდენი სასარგებლო არა იყო რა და რაც ამ წიგნის საფერი გზა ჰქონდა. და ეს თოთხმეტი კარი რომ დარჩა, ბრწყინვალეს ქარტითა და ადვილის ყდით შევმოსე, საადვილოს სიტყვითა და ამოსა საუბნარითა გავარიგე. ბარამანის რჩევაები, რომელიც რომ ამის გვარში თქმულიყო, ისე აღვწერე, და შეტყობისათვის პირველი კარის გასაღები ასეთის არაკით გავხსენ, რომ სიტყვები მით გავაშვენიერე. ჩუენ რიგიანი და კარგი გვგონია, და ჩუენს უკან ვინც ამ წიგნის სიტყვის გაკეთება მოინდომოს, და ამ წიგნის ბრძნულად გამოთქმისა და გამომეტყუელებისა აღვირი ნაკლებად დაგვიჭიროს, და სიბრძნის ნაწილში არ ჩაგვიგდონ, შეგვინდონ.
ლექსი
ამ თუალთა პატიოსანთა თლილნი იგავნი შევაწყევ,
რაც მითხრეს, უთხარ ის მისთქვამს, პასუხნი სწორად შევაწყევ.
რომელსამე ადგილსა ნანდვილი, მისად დასდებლად რომელიც მოუხდებოდა და გაეწყობოდა, თან ჩაურთევ და არაბულს ლექსს განვეშორე და სპარსულის ენითა ლექსები მარგალითსა და ძოწსავით ძაფზე შეწყობით დავაცვი.
ლექსი
ვინ ბრძენი ენას აშრობდეს, ხამს ჰპოვოს სიტყუა რიგებით,
ლექსთა ამბავზე ამყნიდეს, ხის რტოთა ხეზედ მიდებით.
გული რა ერთით გააძღოს, მეორე ძებნოს მიგებით,
საწადელს გამოიკულევდეს ცნობითა არ განლიგებით.
კარების რიგის ადგილს, სადაც არაკის თქმა და იგავმეტყუელება დასდებლად მობმულიყოს, საძირკველი მას უნდა სჭვრეტდეს ამისათვის, რომ
ტაეპი
ვინადგან ვარდის კონათა ბალახთა ურთვენ წონათა.
გაბედვის ნაბიჯი ერთის რასმე შემოღებისათის წაიდგმის და მე, უძლურმან, თუცა ამის თქმისათვის თავი ჩემი ჭირის ისრის საგნად დავდევ, აწ სამსჯავროში ჩემის საბრალოს პირით ბოდიშს მოვითხოვ გზიანის ადგილის მთქმელობით, ვინც ამ სიტყვის სამდურავის ისრის საგანად თავს დასდებს, მან იცის, თუარა გაჩხრეკკით გამისინჯავს, მართალი და სწორე სახმარი ეს არის და ვიტყვი
შაირი
თუცა მოწყალე გასინჯავს მოწყალებისა თუალითა,
ჭიქისაც ესხნეს, შეიტყობს ცნობით, გონების ძალითა,
მე მეკდემების ყუდრება, ამისთვის ვიწვი ალითა,
ყუდრება გულსა დაბალთავს, ვით გატყდეს მინა სალითა.
უმცროსთა თვისნი უფროსნი მართებან, მოეხმაროდეს,
არ თუ დაცემულს ჰყუდრიდეს, მივაშით დაეხაროდეს.
მეშურნე მკერდთა განიპობს, რაგინდ რომ დაემწაროდეს,
მშვიდთ თუალნი კაცთა აუგთა ცდილობს, რომ დაეფაროდეს.
კეთილად და წარმართებით ღთან აღასრულოს ჩუენი ნდომა, ნება და ყოფნა ქუელის საქმითა. ამ წიგნისათვის რომ დაგვირქმევია (მნათობი თაგთირი) ათოთხმეტი კარია, ამავე რიგითვე დაიწერა.