ილია ჭავჭავაძე
საბა ორბელიანმა რომ თავისი ზღაპრები დაწერა,-წერდა ილია,-სიბრძნე სიცრუის წიგნი დაარქვა. მე ხშირად ჩავფიქრებივარ ამ უცნაურს სახელს წიგნისას. მართლაც,სადაც სიბრძნეა,იქ სიცრუეს რა ხელი აქვს?სიბრძნესთან სიცრუე რა მოსატანია? რა სიტყვის მასალაა? რა უგავთ ერთმანეთსა? საბა ორბელიანი-ეს ბრძენი,დარბაისელი კაცი,რათ იკადრებდა სიბრძნეში გაერია სიცრუე? ან რა სახარბიელო სახელია სიცრუე?
მე ვპიქრობ,რომ საბა ორბელიანს ამის თქმა უნდოდა:მე ზღაპარს გეუბნები და სიბრძნეს კი გამცნებო.ზღაპარი მოგონილი ამბავია,არამართალი,მაშასადამე,სიცრუე. ამ მხრით წიგნი საბა ორბელიანისა სიცრუეა. ის სიცრუე კი არა,რომელიც სწამლავს და ჰშხამავს ადამიანს და სიცრუის მთქმელს უფრო სთხრის და აუწმინდურებს,ვიდრე სხვას. ის სიცრუე კი არა,რომელსაც აუღია ურცხვად თავი და ქურდულად იკბინება გესლიან მორიელსავით და რომელიც ასე საზიზღარია და სამართლიანად დევნილი ყოველ პატიოსან კაცისაგან.
საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, იგავია, არაკია. იგავი, არაკი, ზღაპარი ამისთანა სახეა, კანია აზრისა, რომელიც საჭკუო და საზნეო ჭეშმარიტებას ზედმიწევნით გვიხატავს ხორცშესხმულად, ჭკუას გვასწავლის, გვარიგებს, ზნეს გვიწურთნის, ავსა და კარგს გვანიშნებს ერთმანეთში გასარჩევად. საბა ორბელიანის სიცრუე... უცოდველია, უმწიკლოა, უბოროტოა, უბრყვილოა. იგი ნამუსიანია, არც არავისა ჰმტრობს, არც არავისა ჰგმობს.ამაზე მეტსაც ვიტყვით, იგი მადლიანია იმ მხრით, რომ აზრს ამხსნელია, მაუწყებელია, გაგების გზა და ხიდია, ცოცხალი ხატია, ხელთქმნილი დიდის გრძნეულებით.
გიორგი ლეონიძე
სულხან-საბა ორბელიანი
“სულხან-საბა ორბელის ძე
სიბრძნით აღდგა ორბების ზე“
ძველი ლექსი
“ 60 წლისაა, მაღალი ტანის, მხნე და ძლიერი აგებულებისა, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს რომელიც დიდად უხდება“- ასე აგვიწერს სულხან-საბას გარეგნობას ბენვენუტო ჩელინის თანამემამულე, საბას ყოფნის დროს ქალაქ ტოსკანაში."
“მიხარიან რომში დიდი ხმა დაგივარდაო, კარგა იქცევით და ჭკვიანადაო“
რომოს პაპი კლიმენტი XI
“ მთელს საქართველოს მამად მიაჩნია “- ამბობს ერთი უცხოელი
“ ღამესა ვარ უნათლოსა , მოვეგზავნე მე მას წოსა
ალსა ვზივარ ცეცხლისასა სანამ გაქრეს უნდა მწოსა....
ჩემნო გულის მემტკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ“
ვახტანგ VI
“მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი
შენის ხალხისთვის დღესაც მწედ არი
გ.ლეონიძე
„სიბრძნე-სიცრუისა“ პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს. იგი დიდი საცოცხლით ეხმაურება იმ დროის ცხოვრების საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ მოვლენებს; ამ მხრივ შესანიშნავი ძეგლია განმანათლებელ საზოგადოებრივ მოძრაობისა. კრებულში აშკარად მოჩანს პოლიტიკური ტენდენციები, ირონიული შენიშვნები მეფეებზე, ფეოდალებზე, მდივანბეგებზე, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებზე და საერთოდ მბრძანებელ ძალთა მისამართით.
ჩვენი მოიგავე მეტად თამამად ლაპარაკობს თანამედროვე წყობილების წინააღმდეგ. გავიხსენოთ სამართლის შესახებ მელას ირონიული სიტყვები: „ ლომ ნადირთა ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო“.
ავტორს მშვენივრად ჰყავს დახასიათებული: ძუნწები, ფარისევლები, ამაყნი და ცბიერნი, საჭურისები და სხვა.
ეს დიდაქტიკური კრებული ეპოქის შვილია; იგი მთლიანად მიმართულია იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომრლიც საკმაოდ გახრწნილი იყო. „სიბრძნე-სიცრუისა“ მამხილებელი წიგნია და ავტორი არ ვარდება პესიმიზმში. მას ახასიათებს დიდი სიყვარული ადამიანისა და ბუნებისადმი: წიგნის საერთო იდეაა სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, რასაც იგი გვიმტკიცებს მთელი გრძნობებითა და მისწრაფებებით თავის მორალურ ფორმულებში.
აკაკი გელოვანი
“სიბრძნის სიმფონია“1989 წ.
ქართული სიბრძნის საგანძურიდან
“დიდი ქართველი მწერალი, მოაზროვნე, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მამად წოდებული. “ქართული ლექსიკონისა “ და “სიბრძნე სიცრუის“ ავტორი ჩინებული პოეტიც იყო. ეს გამოვლინდა უწინარეს ყოვლისა ინდურიდან მომდინარე სპარსული იგავთკრებულის “ქილილა და დამანას“ ტექსტში ჩართული აფორიზმების, სენტენციების თარგმნის სახით. მთარგმნელმა ვახტანგ მეექვსემ ხელნაწერი “გასაჩალხავად“ საბას მიანდო საბამ გამართა 800 გვერდიანი წიგნის გალექსილი ნაწილი და მამუკა ბარათაშვილი შენიშნავდა, რომ ქართული ვერსიფიკაციის ნოვატორმა “ქილილა და დამანა“ გალექსა და თუმცა რუსთველის ნათქვამი არ არის, მაგრამ ნაკლებად სათქმელიც არ არის“:
“გზა კეთილისა კაცისა ნიადაგ გქონდეს სავალად“
“უზომო ნდომა საქმესა წაახდენს, გააცუდებსა“.
“კაცი სახელის მძებნელი უკვდავად შემირაცხია;
მკვდრად იგი თქმულა, ვის კაი სახელი ზედ არ აცხია“
“არ ძალუძს ხესა ხენეშსა , ნაყოფთა მოცხმა ტკბილისა“
“ ყოველს სიტყვასა დრო უნდა, ლაპარაკს - მისი ადგილი“
“ გაცლა ხამს სამკვდროსაგან, თუ დგომა არ ეგებოდეს“
“ სოფლის განდგომა პირველად თავის გაწირვა მგონია“
“ რაცა სათქმელი არ არის, შეიკარ გულის ფიცარი“
„ქილილა და დამანა “ 1886წ.
საბას სიბრძნის პროზაული ნიმუშები:
“ არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა“
“ “შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმრთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო“
“ თუ გონების თვალით ბრმა ხარ, ყოველი შენებრ გგონია.“
“არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია“
“ ბევრისა ნდომა კაცს წაახდენს“.
“ წინ მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათა გაუნათლებს.“
“ ამდენს სულში კაცს ერთი მოყვარე არა ჰყავს, დიდი სიავეა“.
“ ავს კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია.“
“ საჭურისის და დიაცის გული უსუსურია“.
“ კაცი კაცისა მიმბაძველია. უკეთუ ვერ მიჰბაძოთ კაცთა, მიჰბაძეთ უკვე პირუტყვთა“.
“ ჰოი, სიმთვრალე ბოროტი და ყოველთა ბოროტთა უბოროტესი! ესე ყოველი ჭირი არს და არა ლხინი.“
“ ვიდრემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერ ენას ვერავინ დაადუმებს.“
“ კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,
სიმაგრე დაურღვეველია... გულით ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია.
ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთანა გამოსაჩენია... ჭირში მომხმარია,
სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვი?“.
“ ამპარტავანი ესე არს თვისისა ნაქმარისა მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, უდიდესობის უმსგავსოდ მდობი და სწავლის
მოთაკილე, გულმაღალი მზვაობარი და ზესთამჩენი, რომელს ენებოს თვისი სხვისა უმაღლესად და უკეთესად გამოჩენა.“
“ლხინსა და შვებას ეცადე, ვიდრე თვალს დახუჭავდე.“
“უმეცრებაი სამ სახე არს. პირველი არცა სმენა და არცა სწავლა, მეორე ეჭვით ცოდნა და არა მართლად და სხვისა გამოკითხვამდე; მესამე
არცა მართლად ცოდნა და არცა სხვის კითხვა, რათა არა დაუშალოს და ვერღარა ქმნას. დიდი გარჩევა ჰხამს“.
გერონტი ქიქოძე
სულხან – საბა ორბელიანის წიგნი "სიბრძნე სიცრუისა"
“მშფოთვარი ცხოვრების მიუხედავად სულხან -საბა ორბელიანის ლიტერატურული მუშაობა მეტად მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო. აქტუალური მნიშვნელობა არ დაუკარგავს მის ლექსიკონს, რომელიც დღემდე საფუძველს წარმოადგენს ქართული ლექსიკოლოგიისათვის, და ,,სიბრძნე სიცრუის წიგნს“, რომელიც შეიძლება ქართული მხატვრული პროზის შედევრად ჩაითვალოს“
,,იგავ-არაკებში გასაოცარი რეალიზმითაა ასახული ადამიანის ფსიქოლოგია ან ყოფა- ცხოვრების დეტალები. გავისხსენოთ, მაგალითად:,,გრძნეული ცოლის პატრონი“. ამ საუცხოო მოთხრობას აღმოსავლეთში გადავყავართ- ისპაჰანში ან ბაღდადში, ჩვენ თვალწინ ძველი სპარსეთი და არაბეთი იშლება თავისი ქარავნრებითა, მერწყულებითა და ბაზრის მცველებით...საუცხოოდაა გადმოცემული აგრეთვე ქმრის მოღალატე ქალის ფსიქოლოგია: ის სულიერებას ჩემულობს ,დღისით ხუთ ლოცვაზე ნაკლებს არ ამბობს ,ნასვამი წყლით ხელს არ იბანს, ხოლო ღამით ,როდესაც ქმარი მახლობლად არ ეგულება, საყვარელს ეპატიჟება, მასთან ერთად ილხენს, მღერის და ცეკვავს.
აღმოსავლეთის კოლორიტი დაცულია მრავალ არაკში:“უბედური დიდვაჭარი“, “ინდოეთის მეფის ვეზირი“, “ორი მოლა“, “რამაზინის მთვარე“, “უსამართლო შირვან-შაჰი“, “ხალიფა და არაბი“, “ ქოსა და ყადი“, “ყადი და ჯოხი“ და სხვა.
ზოგიერთ არაკს დასავლეთ ევროპაში გადავყავართ. - “ იტალიელი მხატვრები“, “ცოცხლად დამარხული კაცისა და უსახოდ დიდი ადამიანების “ თავგადასავალი, “კეისრის მაგისტროსი“ და სხვა.
“სიბრძნე სიცრუის წიგნში“ ორი ზნეობრივი ტენდენცია ებრძვის ერთმანეთს: პესიმისტური და მიზანტროპული. მორალის დამცველად საჭურისი რუქა გამოდის, ხოლო ჰუმანიზმის დამცველად- აღმზრდელი ლეონი, ავტორის სიმპატია ყველგან ლეონის მხარეზეა. არსად ავტორი აბეზარი მორალისტის და ჭკუის დამრიგებლის როლში არ გამოდის. ის მკითხველს ანდობს, რომ ზნეობრივი დასკვნა დამოუკიდებლად გამოიტანოს მისი არაკებიდან.
“სიბრძნე სიცრუის წიგნი“ დაწერილია ხალხური ენით, იმდენად სურათოვანით და სხარტულით, რომ შეუძლებელია, უფრო ლაკონურად აზრის გამოთქმა. ავტორი თავისი აზროვნებით და მეტყველებით ქართველ ხალხთან ახლო იდგა. (1945წ.)
ელგუჯა მაღრაძე - “ გულითა მართლითა“ (1979 წ)
“სულხან – საბა ორბელიანი“
( გარდაცვალებიდან 250 წლის შესრულების გამო)
“ მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ცნობილ ორბელიანთა წინაპრები ბარათაშვილები ყოფილან. „ ბარათაშვილობა უარვყავით, - წერს ალექსანდრე ორბელიანი,- ბარათა ბარათაშვილის მესისხლეობისა და მტარვალობის გამო, რომელმაც ტანძიაში (1624) ორბელიშვილები ამოსწყვიტაო.“ ერთი სიტყვით, ორბელიანნი ბარათა ქაჩიბაძისაგან წარმომდგარან. ბარათაშვილ-ორბელიშვილების გვარში დიდი სახელი მოუპოვებია როსტომ მეფის (1634-1658) სახლთუხუცესსა და მდივანბეგს ყაფლან ორბელიშვილს. ეს ყაფლანი ყოფილა დიდი სულხან-საბას პაპა, ხოლო ყაფლანის ძე ვახტანგი, რომელსაც თერთმეტი შვილი ჰყოლია, სულხან-საბას მამა.
“ქართული მწერლობა“
ლექსიკონი – ცნობარი, წიგნი I , 1984 წ.
ორბელიანი სულხან - საბა (1658-1725)
პროზაიკოსი, პოეტი, ლექსიკოგრაფი, მქადაგებელი, მწიგნობარი, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე დაიბადა ქვემო ქართლის სოფელ ტანძიაში, გავლენიანი ფეოდალის ვახტანგ ორბელიანის ლიტერატურული ტრადიციების მქონე ოჯახში. სულხანის მამა, მეფე ვახტანგ V (შაჰნავაზის) ცოლისძმა, იწოდებოდა, როგორც “ საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა, ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმაი“, ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავის ასული თამარი. სულხანი მეფის კარზე იზრდებოდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამიდაშვილებთან (მეფე გიორგი XI, არჩილი, ლევანი) განსაკუთრებით ვახტანგ VI-თან, რომლის აღმზრდელი რეგენტი და თანამგრძნობელი იყო სიკვდილამდე“
“ სიბრძნე სიცრუისა“ სათაურის სიმბოლიკის შესახებ მეცნიერებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მთელი ნაწარმოების გასწვრივ მკითხველის თვალწინ ცოცხლდება სიმართლე (სიბრძნე) რომელიც კრიზისული ეპოქების ატმოსფეროში ზოგჯერ დაუჯერებელია და იმოსება სიცრუის სამოსით და სიცრუე, რომელიც იფარებს სიბრძნის ნიღაბს“.
***
“სიბრძნე სიცრუისა“ ყოველი ამბავი წარმოადგენს არა მხოლოდ “ შემთხვევას“ ან “შემთხვევათა ჯაჭვს, არამედ გმირის განსაცდელისა და მისი პროვოცირების ასპარეზს. შემთხვევად აქ განიხილება ის სიტუაცია, რომელშიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება უხდება ადამიანს და რომლის მიხედვითაც კეთდება გარკვეული მორალისტური დასკვნა .
***
“ სიბრძნე სიცრუისა“ ხალხური თქმულებათა და ფოლკლორული ფორმებით მდიდარი ნაწარმოებია. ხალხურია იგი თავისი დემოკრატიზმითაც. “სიბრძნე სიცრუისა“ ენა და სტილი ეპოქის ღრმა ცოდნისა და მასთან პოლემიკის ნიმუშია.,
***
სულხან-საბა ორბელიანი-“სიტყვის კონა .“
“მასზე მუშაობა საბას ახალგაზრდობაშივე დაუწყია, კერძოდ, 1685წელს. “მე სულხან-საბა ორბელიანსა ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიადი შრომა დამიცს ამა იგნსა ზედა“,-გვაუწყებდა თავად ავტორი.
წიგნის პირველი რედაქცია საბას ბერად შედგომას წინ დასრულდა – 1698წელს. ეს ნაშრომი იმდროინდელი ლექსიკოგრაფულ ძიებათა უბადლო ნიმუშია. ეროვნული ენა აქ განიხილება არა როგორც გრამატიკული სისტემა არამედ როგორც სიტყვათა ერთობლიობა. ლექსიკონში უხვადაა გამოყენებული როგორც ძველი მწერლობის ძეგლები, ისე ფილოსოფიური წყაროები და ტერმინოლოგია. საბა არ ერიდება ენის დიალექტურ მონაცემთა აღნუსხვას და იძლევა ქართულ-უცხოურ შესატყვისობებსაც. ამავე დროს, ლექსიკონში უხვადაა წარმოდგენილი უცხო პირთა, ქვეყნებისა და გეოგრაფიული სახელების განმარტებანი. ამის გამო საბას ლექსიკონს ზოგჯერ ენციკლოპედიურობის ელფერი დაჰკრავს“
***“სულხან-საბას „საქრისტიანო მოძღვრება“ თეოლოგიის თავისებური სახელმძღვანელოა. იგი დიალოგის, კითხვა-მიგების ფორმითაა დაწერილი. მოძღვრება იძლევა სავალდებულო ინფორმაციას ქრისტიანული დოგმებისა და რიტუალების ირგვლივ. . .“
***
“ სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიით ევროპაში ყოფნის შედეგად შეიქმნა სამოგზაურო-მემუარული ხასიათის ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში“. დაწერილია გამოცდილი დიპლომატის, მოაზროვნისა და მწერლის მიერ. ჩვენამდე ფრაგმენტული სახითაა მოღწეული სხვადასხვა ხელნაწერებში.
თხზულება საყურადღებოა როგორც პოლიტიკური, ისე გეოგრაფიული, სავაჭრო ეკონომიკური, კულტურულ-სამეცნიერო თვალსაზრისით.“
***
„1716 წელს ევროპის მოგზაურობიდან დაბრუნებულ საბას ვახტანგ მეექვსემ „გასაჩალხავად“ გაუგზავნა „ქილილა და დამანა“. საბასეული ვერსია ყველა წინა რედაქციისაგან სტილისტურად განსხვავებული ძეგლია. ამ თხზულებაში სრულყოფილად გაიშალა სიტყვისადმი არტისტული დამოკიდებულების საბასეული მანერა. „ქილილა და დამანაში“ ჩართულია საბას მიერ გალექსილი რამდენიმე ეპიზოდი. ასევე ჩაურთავს საბას რამდენიმე სტროფი თეიმურაზ პირველის პოემაში - „წამება ქეთევან დედოფლისა“.
***
“სიბრძნე სიცრუისა“ ორჯერაა თარგმნილი რუსულად, თარგმნილია აგრეთვე ინგლისურად, გერმანულად, უნგრულად, პოლონურად, ჩეხურად, სომხურად, უკრაინულად“.
სარგის ცაიშვილი ქართული მწერლობა, 1990 წ
(წერილები, ნარკვევები, ესეები)
“სულხან-საბა ორბელიანი“ (გვ.105)
“ 1698 წელს ორმოცი წლის ასაკს მიღწეული სულხანი ბერად აღიკვეცა. საგულისხმოა ისიც, რომ მან “სულის საოხად“ შეარჩია გარეჯის უდაბნოს უმკაცრესი შემოგარენი, კერძოდ კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი. წესისამებრ სახელიც კი შეიცვალა – საბა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქართულ მწერლობაში იგი, მაინც ორივე სახელით – სულხან-საბათი დარჩა.“
***
“ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ბიოგრაფიისათვის ევროპაში მოგზაურობა გამოდგა. 1713 წ. ვახტანგ VI – ის საიდუმლო დავალებით, იგი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება დასავლეთ ევროპაში. ამ დროისათვის მან უკვე ფორმალურადაც აღიარა კათოლიკობა, როგორც თვითონ აცხადებს , “წმინდა ბასილის მონაზონი“ შეიქნა. 1713 წლის 17 დეკემბერს, საფრანგეთის გემით - “ L’A ssomption”, ანუ “მიძინება“ გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. მოგზაურობის მარშრუტი კი ასეთი იყო: კონსტანტინეპოლი - მარსელი – პარიზი - რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები – ბოლოს კონსტანტინეპოლი და თურქეთის გზით საქართველო.“
***
“სულხან-საბას 1714 წელს რამდენიმე აუდიენცია ჰქონია ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან. სიდარბაისლით, სიტყვა – პასუხითა და საქმიანი წინადადებებით, რომლებიც მეტყველებდნენ მის მაღალ დიპლომატიურ ნიჭზე, მას სასიამოვნო შთაბეჭდილება დაუტოვებია არისტოკრატული თავაზით განთქმულ საფრანგეთის კარზე.“
***
“ვახტანგ მეექვსის მიერ სოლაღიდან (ჩრდილოეთ კავკასია) მეწინავედ გაშვებული სულხან-საბა 1724 წლის ნოემბრისთვის მიაღწევს მოსკოვს. ცდილობს, მოსკოვში ადრე, არჩილის დროს ჩასული ქართველების შემწეობით მოაგვაროს რუს ხელმწიფესთან შეხვედრის საქმე, ელის ვახტანგის მოსკოვში ჩამოსვლას. ალბათ, თავის ფიქრებში აწყობს მომავლის გეგმებს, რათა ამ გზით მაინც მოხერხდეს სამშობლოს ხსნა. მაგრამ სულხან-საბას აღარ ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე. 1725 წლის 26 იანვარს მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოეში, მისივე მამიდაშვილის შვილის დარეჯან არჩილის ასულის სასახლეში მიიძინა დიდმა მამულიშვილმა, საქართველოსთვის მრავალჭირნახულმა სულხან-საბა ორბელიანმა.“
***
“ სიბრძნე სიცრუისა“ იგავ-არაკული ჟანრის თხზულებაა, თანამედროვე მკითხველი ზოგადად იცნობს ამ ჟანრის სახელგანთქმულ წარმომადგენლებს.
საკმარისია ბერძენი იგავთმწერლის ეზოპეს დასახელება. აღმოსავლეთში ეს ტრადიცია არც ახლა შერყეულა. ჰიტოპადეში თუ პანჩატატრა,ანვარისოჰაილი თუ სინდბადის წიგნი ბახთაირ-ნამე თუ თუთი-ნამე ან ხოჯა ნასრედინის ანეგდოტები საოცრად პოპულარული იყო და არის მსოფლიოს ყველა კუთხეში.“
***
“სიბრძნე სიცრუისა“უნიკალური მოვლენაა ძველ ქართულ მწერლობაში. სულხან-საბამ აღადგინა ქართული პროზის დიდი ტრადიციები ,რომლებიც აღორძინებას სანაში (XVI-XVII ს)ჩვენში თითქმის დაწყვეტილი იყო. ამასთან ძველქართველ მწერალთაგან მან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ,სასაუბრო ენას.ფრთიანგამოთქმები, იდიომატიკის მიგნებული გამოყენება განუმეორებელ ელფერს ანიჭებს თხრობას, მაგრამ ყოველივე ეს თხზულებაში შესულია ორგანულად, ზომიერების დაცვით და ოდნავადაც არ ქმნის სტილის სიჭრელეს. სხარტი,ლაპიდარული თხრობა,სათქმელის ზუსტი გამოხატვა “სიბრძნე სიცრუისას“ უმთავრესი სტილური ნიშანია. ისიც უნდა ითქვას, რომ სულხან-საბას შემოქმედებამ თავისმხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე“.
რევაზ ბარამიძე
„დაკვირვებები „სიბრძნე სიცრუისას “ ფაბულურ სიუჟეტურ ჩარჩოზე“
„სიბძნე-სიცრუისა“სავსებით მართებულადაა აღიარებული ქართული სიტყვაკაზმული ხელოვნების მშვენებად.ამიტომაც,სრულიად ბუნებრივია ,რომ აღორძინების ხანის არც ერთი ძეგლი არაა ისე საფუძვლიანად და მრავალმხრივ შესწავლილი,როგორც იგავ-არაკთა ეს დიდებული კრებული.
„წიგნი„სიბრძნე-სიცრუისა“წარმოადგენს იგავარაკული კრებულის,ოღონდ იგავ-არაკები გაშლილია ფაბულური მოთხრობის ფონზე.ამით წიგნი უფრო იოლი საკითხავი და მიმზიდველი ხდება.“„სიბრძნე-სიცრუისა“წარმოადგენს ერთ მთლიან სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებს,რომელშიაც არაკები მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობის,პერსონაჟის დებულებისა თუ ხასიათის გახსნისათვის მოხმობილ არგუმენტს წარმოადგენს და ამ არგუმენტთა ანუ საილუსტრაციო მასალათა გამოკლებითაც„სიბრძნე-სიცრუისა“ქართული პროზის შესწნიშნავი ნიმუშია , რომლის თხრობის დინამიკა, პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მოტივირება, ავტორისეული მიზანდასახულობა და იდეური დატვირთულობა მკითხველზე მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის დამახასიათებელ ესთეტიკურ და შემამეცნებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
„სიბრძნე- სიცრუის“ ყოველი არაკი დამოუკიდებელი, სრულყოფილი ლიტერატურული ძეგლია, რომელსაც თავისთავადი შინაარსი და იდეური გააზრება აქვს, მაგრამ თითოეული მათგანის მხატვრული ფუნქცია და იდეური დატვირთულობა კიდევ უფრო ძლიერდება, პირდაპირ გაორკეცებულად იზრდება, თუ მათ გავიაზრებთ როგორც „სიბრძნე-სიცრუის“ მთლიანი თხრობის შემადგენელი ნაწილს.
მეტაფორული სტილი მთლიანად დაცულია ფაბულურ-სიუჟეტურ თხრობაში ის ვლინდება როგორც პერსონაჟთა პორტრეტის წარმოჩინებაში, ისე ბუნებისა და საგანთა და მოვლენათა აღწერაში.
„სიბრძნე-სიცრუის“ მხატვრულ გამომსახველობით ხერხებში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ფრაზათა რიტმულ მელოდიური სტრუქტურა.
სულხან-საბა ორბელიანის უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა ჩვენი ეროვნული მწერლობის განძთა განძს წარმოადგენს. მან ფასდაუდებელი როლი ითამაშა ქართული პროზის განვითარების ისტორიაში.
“ლიტერატურული შტუდიები“
სულხან-საბა ორბელიანის უაღრესად მდიდარ ბიოგრაფიაში ერთ-ერთირთული და კვლავ შესასწავლია მისი გაკათოლიკესობის საკითხი.
სულხან-საბაორბელიანის კათოლიკობის საკითხი დიდი ხანია იპყრობს ქართველი მკვლევრების ყურადღებას და ამიტომ ამ სფეროში შექმნილი სერიოზული გამოკვლევების შედეგად საყურადღებო დასკვნებია გამოტანილი.
სულხან-საბას გაკათოლიკების საკითხის კვლევის სფეროში ერთ-ერთი არსებითია გაირკვეს მისი ბასილიანობის პრობლემა, ამ პრობლემას კი, ჩვენი აზრით, რატომღაც ნაკლები ყურადღება აქვს მიქცეული.
საბას ბასილიანური ორდენის წევრობა ერთ-ერთი არსებითი მომენტია ჩვენი სახელოვანი მწერლის ბიოგრაფიისა და მსოფლმხედველობის გასაფვალისწინებლად.
აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე წერს: “ ფორმალურად საბა 1701 წელსაც “ მართლმადიდებელია“, ამ წელს მას დაუწერია “ სამოთხის კარი“, რომელშიც არავითარი კვალი კათოლიკობისა არაა, ის წმინდა მართლმადიდებლობითი თხზულებაა.
საბას კათოლიკობა უნდა მიეღო ფორმალურად დაახლოებით 1718 წელს, როდესაც მან გამოაქვეყნა კათოლიკური რედაქცია “სამოთხის კარისა“.
ბასილიანელი იყო შენიღბული კათოლიკე, რომელიც ფორმალურად, გარეგნული ნიშნის მიხედვითმართლმადიდებელ იერს ატარებდა, ხოლო მისი შინაგანი, კათოლიკური არსი შეუმჩნეველი რჩებოდა სხვისთვის.
სულხან-სა ბა ორბელიანის ბასილის ორდენის წევრად ყოფნა გვაგონებს ამ ბრძენი კაცის შესანიშნავ არაკს “მეფე და მხატვარს“, რომელშიც შემოდავების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ასმათ ჯიქია
“ საქრისტიანო მოძღვრება - “სამოთხის კარი “- საბას გეთსემანია“
“ საქრისტიანო მოძღვრება“- “სამოთხის კარი“ სახეა საბას ხანის საქართველოსი, შემამეცნებელი მისი მსოფლმხედველობისა-მრწამსისა.
“სამოთხის კარში“ ქრისტიანული რელიგიის მრავალი დოგმატური საკითხია განხილული. ქართველ მკვლევართაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი-სული წმინდის გამოსვლისა და პაპის უზენაესობის ცნების ცნობად მიღება-აღიარება, რომლითაც განისაზღვრება აღმსარებლის მრწამსიც.
საბას კათოლიკობის დასადასტურებლად ივანე ლოლაშვილი წერს: “1701 წელს, როდესაც იწერება ეს ნაწარმოები იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, საბა იყო ფარული კათოლიკე“, ამიტომ ის ორ ეკლესიას შორის არსებული სადავო საკითხებს გვერდს უვლის“.
ყურადღება მიიპყრო საუფლო ათი მცნებიდან მოწოდებულმა მე-9 მცნებამ,რომელიც აშკარა დასტურია იმისა, რომ “საქრისტიანო მოძღვრება“- “ სამოთხის კარის“ A რედაქცია - ქართველთათვის მართლმადიდებელთათვის დაიწერა.
უბის წიგნაკში “სამოთხის კარი“ შესრულებულია მხედრულად და A ნუსხისაგან “განსხვავდება ენობრივად და შინაარსობრივად“. B რედაქცია (საბასეული ნუსხა) ნამდვილად, უფრორე ხალხურ სამეტყველო ენასაა დაახლოებული, ზოგჯერ კი უფრო დაწვრილებითაა ახსნილი ესა თუ ის ცნება თუ მოვლენა.
საბასეული ნუსხა (B რედაქცია) “საქრისტიანო მოძღვრებისა“. იძულებით გაჩნდა სხვა სივრცეში. სიტუაციამ განაპირობა მისი დაბადება. ძალადობით შექმნილმა ტექსტმა ძალმომრეობით გარემოში იმ აზრების გამოსხივება დაიწყო, რ ომელიც რეალურ გამგზავნს (ავტორს) ნამდვილად არ ჰქონდა.
B რედაქცია “საქრისტიანო მოძღვრებისა, როგორ უნდა იქნეს სახელდებული, როგორც ე.წ. კათოლიკური, ე.ი. ხელოვნურად კათოლიკურად შერაცხილი (ტექსტის კათოლიკურად მიჩნევა ყოვლად დაუშვებელია!), თუ - ანტი -კათოლიკური? კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, უმართლესი მეორე სახელდება უნდა იყოს, რადგან კათოლიციზმის მოწონების შემთხვევაში მისი “სიტყვის კონის“ იგნორირება უნდა მოხდეს, ერი გადავა ლათინურ ღვთისმეტყველებაზე. რისთვის იქნება საჭირო “მცხეთური ბიბლია“.
“ საქრისტიანო მოძღვრებაში“ გაისმის მისი ღაღადება დამბადებლის მიმართ- დახმარებოდა, აეცილებინა მისთვის სულიერი ჯვარცმა.
მუხრან მაჭავარიანი
საბა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და ... მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ ... ოჰ ...ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
- ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
- რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-
სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?
საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!
ისევ საბა
მოიპარიზა,
მოირომა,
მოისტამბოლა,--
მობრუნდა შინ და
იუდასი ეძღვნა ამბორი...
მომოსკოვება არ ადროვა ყინვამ ძლიერმა,-
მოსკოვმა შთანთქა ძვალნი მისნი,-
სატანძიენი.
...
მკერდზე გეფინა ჩანჩქერივით ქათქათა წვერი,
გადმოალაჯე საკუთარ საფლავს.......
კურთხეულ იყოს სახელი შენი,-
ს ა ბ ა!
***
„რას წარბ მაღლოი, ჰოი, კაცო?
რასა ზვაობ, ჰოი მიწაო?
დაიმზირე ქვე, ფერხთა შენთა,
რომელსა ზედა მდგომარე ხარ და სტკეპნი!
იგი ხარ და მისგან გამოსული!“
ს ა ბ ა
ძალიან ძნელად შესამჩნევი,
ისიც ზოგთათვის,
რას მივაწეროთ ქედმაღლობა ჩემდამი შენი?!
არარაობა საკუთარი დამალო გინდაა?!
დამსახურებას შენსას გინდა გაუსვა ხაზი?!
თუ ჩემზე უფრო შებერტყილი გგონია თავი?!
პირველის გამო
ქედმაღლობას შეგინდობს ღმერთი!
მეორის გამო,
რაც გეკუთვნის,-
მერმისი გეტყვის!
მესამის გამო,-
მე რა გითხრა სიცილის მეტი!
ძალიან ძნელად შესამჩნევი,
ისიც ზოგთათვის,
რას მივაწეროთ ქედმაღლობა ჩემდამი შენი?!
გიორგი ლეონიძე
საბას
დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი,
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი!
და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული,-
რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა;
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
მშობლიური სიტყვის მადლი გერჩივნა.
მე მიყვარს შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი,
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,-
შენის ხალხისთვის დღესაც მწედ არი..
ახალნაშენი სამშობლოს შვილი,
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები:
შენი ცრემლის რწყვით, შენის ამაგით,
გამოკვებულა ჩემი ფესვები...