გრიგოლ ტიტეს-ძე რობაქიძე დაიბადა 1881 წლის ოქტომბერში, სოფ. ობჩაში-დედულეთში. მამამისი-ტიტე-ცხოვრობდა სოფ. ჩხარი-ეწერში, ზემო იმერეთში(შორაპნის მაზრა). ჰქონდა მუხის ძელური სახლი. აქვე 15 მეტრის დაშორებით იყო ეკლესია "გუდელისი", სადაც ტიტე რობაქიძე დიაკვნის როლს ასრულებდა. ამავე დროს ის იყო: წიგნების ამკინძველი, ბზის ხისაგან სეფისკვერების ფორმის გამომთლელი და საფლავების ქვებზე "ეპიტაფიების" მკვეთელი.
გრ. რობაქიძემ წერა-კითხვა ისწავლა დაბა ჩხარის სკოლაში, შემდგომ შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი და დიდი მეხსიერება. ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი გაემგზავრა რუსეთში. შევიდა იურიევის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, ორი წლის კურსის მოსმენის შემდეგ დატოვა იურიევი, გაემგზავრა გერმანიაში, ქ. ლაიფციგში დაამთავრა ფილოსოფიური ფაკულტეტი, დაბრუნდა რუსეთში-იურიევში და დაამთავრა იურიდიული დარგი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში, ცხოვრობს თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე. დაიწყო ლიტერატურული შემოქმედება. იყო: პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და სხვა. დაწერა ქართულად რომანი "გველის პერანგი", "ამორძალთა დედოფალი", "ფალესტრა"(დაუმთავრებელი რომანი). დრამები: "ლონდა", "მალშტრემ", "ლამარა". მრავალი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები: ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა ფშაველაზე, ალექსანდრე ყაზბეგზე და სხვაზე.
გრ. რობაქიძემ თარგმნა თავისი რომანი "გველის პერანგი" გერმანულად, წავიდა გერმანიაში, დარჩა იქ რვა თვე, დასტამბა, რომელსაც წინასიტყვაობა წაუმძღვარა ავსტრიელმა სახელმოხვეჭილმა მწერალმა, სტეფან ცვაიგმა. ამ რომანმა გერმანიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გრ. რობაქიძე რვა თვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. თბილისში, "კონსერვატორიის" დარბაზში წაიკითხა მოხსენება "რვა თვე გერმანიაში", რომელსაც დაესწრო მთელი თბილისის ინტელიგენცია, ეს მოხდა 1928 წელში.
გრ. რობაქიძე 1930 წლის მიწურულში წამოვიდა ხელახლად გერმანიაში და ამჯერად ის იქ დარჩა 1945 წლამდის. ამ ხნის განმავლობაში გერმანულ ენაზე გამოსცა 7 რომანი, რომელსაც გერმანულმა პრესამ უმაღლესი შეფასება არგუნა...
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, გრ. რობაქიძე გადაიხიზნა შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, სადაც ის ცხოვრობდა უკანასკნელი 17 წელიწადი. პარიზში ქართულ ენაზე გამოდიოდა ჟურნალი "ბედი ქართლისა" - გრ. რობაქიძემ იქ სხვადასხვა თემაზე დაბეჭდა 32 წერილი. მათ პარიზის ქართველობა კარგად იცნობს.
1962 წელს, გრ. რობაქიძისგან მივიღე წერილი. მწერდა: "სანდრო აუცილებლად ამ ზაფხულზე ჩამოდი ჩემთან, ნიკოც წამოიყვანე"(ნიკო ყურულიშვილი). აგვისტოში ჩავსხედით მანქანაში და გაუდექით გზას ჟენევისაკენ. 15 საათზე უკვე გრიგოლის ოჯახში ვიყავით. მიგვიღო არაჩვეულებრივად. სახლში შესვლისთანავე, მოწყურებული ქართულ საუბარს, გვითხრა: დაჯექით, და დაიწყო ფილოსოფიაზე ლაპარაკი. ორი საათი ილაპარაკა... ნიკო საუბრის დროს ფეხზე წამოდგა. გრიგოლმა მიმართა: "ნიკო! დაჯექი, ხელს ნუ მიშლი"... 17 დღე დავრჩით გრიგოლთან; სადილათ, ვახშმათ მასთან ვიყავი, ხანდახან დილის ორ საათამდის. გრძელი საუბრები სხვადასხვა თემაზე... დიდი ნასიამოვნები მოვბრუნდით - გზაში ერთმანეთს ვეუბნებოდით: გრიგოლი ას წელიწადს გადააბიჯებს. ისე კარგად იყო როგორც მუხის კუნძი! 15 ნოემბერს 1962 წელს მივიღე მისი უკანასკნელი ბარათი. 19 ნოემბერს მივიღე დეპეშა აწ განსვენებულ ნინო დადიანისაგან. "სანდრო, შვილო გრიგოლი გარდაიცვალა სასწრაფოდ ჩამოდი." ასე მოულოდნელად გარდაიცვალა, მუდამ ქურასავით ანთებული ქართველთათვის. ის იყო სისრულის მაძიებელი. ამავე დროს პოეტური პროზის არაჩვეულებრივი ოსტატი...
ჟენევის გარეუბნის სასაფლაოზე, 1962 წლის 22 ნოემბერს, ზონარებით, გრიგოლ რობაქიძის ცხედარი ჩავუშვით სამარეში. დასაფლავებას დავესწარით ქართველებიდან: ნინო დადიანი, ხარიტონ შავიშვილი, კიტა ჩხენკელი, ნინო სალია, კალე სალია, ნიკოლოზ ჩხოტუა, ნ.მაყაშვილი, დიკა კედია, სანდრო ფანჩულიძე.
სანდრო ფანჩულიძე
გრიგოლ რობაქიძის თხზულებათა არასრული სია
>1. საქართველოში გამოცემული წიგნები:
"ლონდა" -დრამატული სიმფონია
"გველის პერანგი" -რომანი
"კარდუ" -ტრაგედია სამ მოქმედებად
"ქართული ავტორები" -კრიტიკა
"მალშტრემ" -ფანტასმაგორია 6 სურათად
"ქართული ავტორები" -კრიტიკა
"ლამარა" -პასტორალი 5 კამარად
"პორტრეტები" -რუსულად
"ხალიბი რკინები" -ლირიკა
"ლიტერატურული პრობლემები"
"მზის ნარქენი" -ლირიკა
"ესთეტიური ნატეხები"
"ხორალები" -ლირიკა
"ქართლის ცხოვრების" ეთოსი"
"პატმოსის რიტმები" -ლირიკა
2. გერმანიაში გამოცემული წიგნები:
"გველის პერანგი." რომანი ქართველი ერისა, სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. იენა. 1928 ("Das Schl engenhemd." Ein Roman des georgischen Volkes. Mit einem Galeitwort von Stefan Zweig. Verlegt bei Eugen Diederichs in Iena 1928.)
"მეგი - ქართველი ქალიშვილი." რომანი. ტიუბინგენი 1932 წელი. ("Megi - Ein georgisches Madchen.." Roman. Rainer Wunderlich verlag. Tubingen. 1932.)
-"კავკასიური ნოველები." Kaukasische Novellen. insel-Verlag Leipzig 1932
-"ჩაკლული სული." რომანი. Die gemordete Seele. Roman. Eugen Diederichs Verlag. Jena 1933.
-"ქალღმერთის ძახილი." რომანი. Der ruf der Gottin. Roman. Eugen Diederichs Verlag. Jena 1934.)
-"დემონი და მითოსი." ჯადოსნურ სურათთა რიგი. Damon und Mytos. Eine magische Bildfolge. Eugen Diederichs Verlag. Jena 1935
-"გრალის მცველნი." რომანი. - Die Huter des Grals." Roman. Eugen Diederichs Verlag. Jena 1937
-"ადოლფ ჰიტლერი, უცხო პოეტის მიერ დანახული" - JENA: Eugen Diedrichs Verlag, 1939.
-"მუსსოლინი - მზის ნიშნული". Jena, Eugen Diederichs Verlag., 1941
გერმანულად დაწერილი, მაგრამ გამოუქვეყნებელი თხზულებები:
"ატლანტიური ზმანება ანუ ქართული მითოსი." "იზისის წყაროსთან." "ფრიდრიხ ნიცშე." "ტეხნე და მითოსი."
ლირიკა: "მოკვდავი არწივი." "ჰიმნი ორფეოსისადმი." "ჟანდარკი." "მხილავი." "ელვანაკრავი."
კრებულ "ბედი ქართლისაში"- ში, 1948 წლიდან სიკვდილამდე, გრიგოლ რობაქიძეს გამოქვეყნებული აქვს 32 წერილი, სტატია, თუ მოთხრობა. მათი სრული სია იხილეთ: "ბედი ქართლისა" #47. პარიზი. 1964.