თავი 1

1. პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ, 2. ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.

3. ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე, 4. და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო. 5. მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა. 6. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა. 7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ. 8. ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა, 9. რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა, 10. რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით, 11. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა. 12. რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა. 13. სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. 14. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა.

15. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. 16. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; 17. არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. 18. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.

 
თავი 2

1. ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2. და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს. 6. მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ. 7. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა. 11. სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ. 12. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ. 13. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც.

14. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ. 15. ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა. 16. ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა, 17. და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოვოს. რომელ არიან ჳმენოს და ფილიტოს, 18. რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა. 19. ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“. 20. სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ. 21. უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ. 22. ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა. 23. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი. 24. ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო, 25. მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, 26. და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.

 
თავი 3

1. ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. 2. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, 3. უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, 4. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. 5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. 6. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა 7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად. 8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. 9. გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო. 10. ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, 11. დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას; რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან. 12. და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ. 13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. 14. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს; 15. და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. 16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, 17. რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.

 
თავი 4

1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა. 2. ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა. 3. რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; 4. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ. 5. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე. 6. რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია. 7. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. 8. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.

9. ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, 10. რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. 11. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. 12. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. 13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები. 14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ. 15. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა. 16. პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ. 17. ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა. 18. და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ.

19. კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა. 20. ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური. 21. ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად.

გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი.

22. უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ.