მეფობის გაუქმება ქართლში. ფეოდალური ანუ ბატონყმური სახელმწიფო აპარატის შექმნა. არაბთა მფლობელობის დამყარება ქართლში
მეექვსე საუკუნის დასაწყისში ირანმა კვლავ სცადა ქართლის დაპყრობა. ამიერკავკასიის ხალხს უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ირანული ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ. ამ მოთხოვნას ქართველებმა მაშინდელი მეფის გურგენის მეთაურობით აჯანყებით უპასუხეს. ქართველები ვერ გაუმკლავდნენ მტრის მრავალრიცხოვან ჯარს და ქართლი ირანის მბრძანებლობის ქვეშ მოექცა. ქართლში მოისპო მეფობა. ირანელებმა ქვეყნის უშუალო გამგებლად შაჰის მოხელე “მარზპანი” დანიშნეს, ხოლო ქართველ ხალხს დიდძალი ხარკის გადახდა დააკისრეს. ქართლში გაბატონების შემდგომ ირანის შაჰმა ეგრისის დაპატრონებაც მოისურვა და 542 წელს დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა. ეგრისელები ორ ცეცხლს შორის მოექცნენ, ერთის მხრივ ბიზანტიელთა უღელისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას, მეორეს მხრივ ირანელებს უმკლავდებოდნენ. ბიზანტიელები ქართველების სპარსელებთან ბრძოლაში დახმარების მაგივრად, სრულ უდარდელობასა და სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზმა ბევრჯერ იჩივლა ბიზანტიელი სარდლების უღირს საქციელზე იმპერატორთან და ამის გამო ბერძნებმა ვერაგულად მოკლეს ის, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე 554 წელს. ბიზანტიის იმპერატორი იძულებული გახდა დაესაჯა გუბაზ მეფის მკვლელები და ეგრისში ახალი მეფე შათე მეორე აკურთხა. ბრძოლა ირანსა და ბიზანტიას შორის 562 წელს დადებული ზავის თანახმად შეწყდა. ქართლში გაფართოვდა აჯანყებები ირანელთა წინააღმდეგ და მეექვსე საუკუნის დასასრულს აღმოსავლეთ საქართველო თითქმის განთავისუფლდა ამ მძიმე უღლისგან. სახელმწიფო სათავეში მოვიდა ქართული ინტერესების დამცველი, რომელსაც ერისმთავარი ეწოდა. ამრიგად მეექვსე საუკუნის დასასრულს მონათმფლობელური რეჟიმი შეიცვალა ფეოდალური ანუ ბატონყმური წყობილებით. ამ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დომინანტური მდგომარეობა ჰქონდათ ფეოდალებს, ხოლო დაჩაგრულ ფენას წარმოადგენდა ყმა-გლეხები. მიუხედავად ამისა გლეხები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შემდგომში ეს რეჟიმი უფრო მეტად დაიხვეწა და ამ ეპოქას ადრეულფეოდალური ხანა ეწოდა. იგი გაგრძელდა X საუკუნემდე.
ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა და მათ შორის ისევ განახლდა ბრძოლა. ბიზანტიის კეისარმა დახმარებისთვის ხაზარებს მიმართა. პირველი მცდელობა თბილისის აღებისა სრული კრახით დამთავრდა. იმ დროინდელმა თბილისის ერისმთავარმა სტეფანოზმა შესძლო ქალაქის დაცვა და მტერი უკუაბრუნა. 627 წელს ხაზართა ურიცხვი ლაშქარი, შათეს მეთაურობით, კვლავ მოადგა თბილისის კარს. ამჯერადაც მედგრად დაუხვდნენ ქართველები, თუმცა ორი თვის შემდეგ იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეთმოთ. ხაზარებმა საშინლად ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი. ირანსა და ბიზანტიას შორის კვლავ ზავი დაიდო და საქართველო მთლიანად ბიზანტიის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა, თუმცა ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსოფლიოში გამოჩნდენენ ახალი დამპყრობლები - არაბები. არაბთა სახელწიფო VII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მის სათავეში იდგა მუჰამედი, რომელიც ამავე დროს ახალი რელიგიის მქადაგებელი იყო. ამ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა, ხოლო მის მიმდევრებს მუსულმანები. (მათ მაჰმადიანებსაც უწოდებდნენ). მუჰამედის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს მართველებს ხალიფებს უწოდებდნენ. ხალიფატმა მალევე დაიპყრო მეზობელი ტერიტორიების დიდი ნაწილი. არაბებმა ბიზანტიას წაართვეს სირია და პალესტინა, შემდეგ დაიპყრეს ეგვიპტე და VII საუკუნის შუა წლებში ირანის დამორჩილებაც მოახერხეს. თავიდან ისინი დაპყრობილ ხალხს მკაცრად არ ექცეოდნენ და ბევრი მათ განმათავისუფლებლად მიიჩნევდა. პირველი მცდელობა ქართლის დაპყრობისა წარუმატებლად დასრულდა. არაბებს ხელი კავკასიის მკაცრმა ზამთარმა შეუშალა, თუმცა 655 წელს მათ მაინც მოახერხეს ქართლის დამორჩილება. ქართველებსა და არაბებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქართველები იხდიდნენ ხარკს- ჯიზიათს და მათი შეიარაღებული ძალები არაბთა ინტერესებს ემსახურებოდა. თუკი ქართველი გადავიდოდა მუსულმანურ რელიგიაზე იგი თავისუფლდებოდა ხარკისგან. მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმანეთს სამი სახელმწიფო ებრძოდა ხაზარები, არაბები და ბიზანტიელები. არაბთა ბატონობა საქართვეოში თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა და შესაბამისად იმრავლა ქართლში სახალხო მოძრაბის მიერ მოწყობილმა აჯანყებებმა. ხალიფამ საქართველოში სიტუაციის მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სარდალი მურვანი გამოგზავნა. (შემდგომში ქართველებმა მისი შეუგნებლობისა და გაუგონარი სიასტიკის გამო “მურვან ყრუ” შეარქვეს). მურვან ყრუს აურაცხელი ლაშქარი 735-738 წლებში გამანადგურებელი სისასტიკით მოქმედებდა კავკასიაში. ქართლის აოხრების შემდეგ, არაბები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. მათ მიწასთან გაასწორეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი. მურვან ყრუმ მალევე გადალახა კლისურის ძლიერი კედელი და ქალაქი ცხუმიც (სოხუმი) მთლიანად დაანგრია. მურვან ყრუს შემოსევების შემდგომ არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. ქვეყნის სათავეში მათ ამირა დააყენეს, ხოლო ერისმთავრის ხელისუფლება გააუქმეს. გაზარდეს გადასახადები და მეტი სისასტიკით დაიწყეს ისლამის გავრცელება. დამპყრობელთა ბატონობის დამძიმებას თან მოჰყვა აჯანყებათა ორგანიზება, თუმცა ქართველებს კვლავ აკლდათ ერთობა და დანაწევრებულ, პატარ–პატარა დაჯგუფებებს არაბთა ძლიერი სახელმწიფო მარტივად უმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ VII საუკუნის განმათავისუფლებელმა ბრძოლემა გამარჯვება ვერ მოიპოვეს.
ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)