გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში

მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?

ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის

მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით!

შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,

გადმომიგდე საყვარელსა

და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!

ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!”

ან შენ მაშინ რა იცოდი,

ან შენ გიჟმა რა იცოდა,

რომ იმ ვარდზე ადრე შენი

სიყვარული დასჭკნებოდა!..

გახსოვს, ტურფავ, იმავ ბაღში

აყრდნობდი ჩემს მხარზე თავსა,

შენ ჩემს სუნთქვას ჰგუშაგობდი

და მე შენსა წრფელ სუნთქვასა;

დაგყურებდი, ვეღარ გავძელ,

ლოყით კოცნა მე მოგპარე;

შენ შეჰკრთი და ლამაზ თითით

ღიმილით დამემუქარე.

ან შენ მაშინ რა იცოდი,

ან შენ გიჟმა რა იცოდა,

რომ ის კოცნა ბოლოს გესლად

შენის გმობით შემეცვლოდა.



5 ნოემბერი, 1860 წ.

პეტერბურგი.