I. ჩვეულებაჲ აქუს განგებასა ღმრთისა, სწავლად გონებასა ზედა, სწავლად დაბადებულთა მისთასა, ვითარცა იყო იოსებ, და ყოველნი მართალნი თითოეულად გამოიცადნეს მსგავსად ძალისა ჩუენისა, ვითარცა იტყჳს იობ: "ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან, და სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ, რამეთუ მან ალმის და კუალად აგის". და სოლომონ იტყჳს: "შჳლო, უკეთუ მოხუალ მონებად უფლისა, თავი შენი განუმზადე განსაცდელთა". და კუალად: "შჳლი, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის დასტანჯის". და მოციქული იტყჳს: "სრულთა[თჳს] არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელნი სწავლასა ღმრთისასა მადლობით შეწყნარებად ღირს იქმნეს და ცოდუისა რისხჳთა გულის წყრომისა მისისაჲთა ჩუენებად ძალი მისი".

რომელ დაუთმენიეს მართლითა სულგრძელობითა მიგებად უსჯულოთა უკეთურებისაებრ მათისა, ვითარცა იტყჳს დავით: "ამაღლდი მსაჯულო სიმართლისაო და მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა". და პავლე იტყჳს: "ამისთჳს მოიწიოს რისხუაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა ზედა ურჩებისათა, ვითარცა დასაბამსა დაბადებისასა ნოეს ზე წარწყმედასა ამპარტავანთა კაცთასა, რომელნი ხატად ღმრთისა დაბადებულ იყვნეს, აგებულებაჲ თჳსი ვერ ესწავა უმადლოთა მათ ნათესავთა და მსგავსება მთავრობისა თჳსისაჲ ვერ გულის-ხმა ეყო, რომელთა ხატი შემოქმედისა ღმრთისა შეურაცხ ყვეს და დამდაბლდეს და ემსგავსნეს ძლეულსა მას ბუნებასა დედათასა, რომლისა ურჩებითა სიკუდილი შემოხდა”, ვითარცა პავლე იტყჳს.

ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და ცოდუა შვა. ნაშობთა მათ შერეულთა გადარეულითა მით უშუერითა ცოდჳთა განარისხეს ღმერთი და შეანანეს. კაცი არა ეუფლა დათმენად მიუწდომელი მოწყალებაჲ, რომლისათჳს განახუნა საქანელნი წყალთანი და წარწყმიდნა ყოველნი წყლით-რღუნითა. ხოლო ნეტარისა ნოეს მიერ დაუშთა თესლი მკჳდრობისაჲ სოფელსა, ესრეთვე ნერგთა მათ წყევისათა თესლთა სიმწარისათა მოჴსენებად საძაგელთა სოდომელთა ლოთის ზე მართლისა უწესოთა შერევითა, და არა დაუტევეს ადგილი წყალობისაჲ, რომელთა ზედა აწჳმა ღმერთმან ცეცხლი და წუნწუბაჲ და გარესკნელითა მით ძჳრითა წარწყმედისაჲთა აღიხოცნეს იგინი. და კუალად დედაკაცმან მან უსახურმან იეზაბელ გარდამატა უსჯულოებაჲ. რომლითა ელიას ეპატიჟა შურითა საღმრთოჲთა ცათა შეკრუად და სიყმილი შემოართჳა იერუსალიმსა ზედა, ვითარცა ევაჲ სიკუდილი სოფლად შემოიღო, რომლისათჳს ელიაჲ იტყჳს:” რაჲ ძეს ჩემი და სახლისა მის აქაბისი“.

აქუნდა მას ურჩებისა მისთჳს იეზაბელისა ნაყოფი იგი უწჳმროებისაჲ, ამისთჳს სიკუდილსა ბოროტსა მიეცა იგი და ტერფთაგან ცხენთასა განიჭრნეს ხორცნი მისნი და მის ზედა აღესრულა წერილი-იგი, ვითარმედ "უგუნური იგი რისხუამან მოკლის". ხოლო ვინაჲთგან წყლით-რღუნაჲ აღიბეჭდა და ცეცხლით მოწუაჲ ზეგარდამო დაეცა, და მიერითგან მახჳლი განეწესა ღმრთისა მიერ შურის საგებელად უკეთურებასა კაცთასა, ვითარცა ესაია იტყჳს: "უკუეთუ ისმინოთ ჩემიო, კეთილსა ქუეყანისასა სჭამდეთ, უკუეთუ არა ისმინოთ, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ“.

და რომელნი ჟამად-ჟამად შეემთხჳვნეს განსაცდელნი იერუსალიმსა ცოდვასა მიდრეკითა, ესე მცირედ მოიჴსენეთ, ვითარცა თქუა დავით: მო[ვ]იჴსენენ მე დღენი პირველნი და ვიტყოდი ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა”, რაჲთა მოხსენებითა პირველთა მათ საქმეთაჲთა მოსრული და მომავალი სამართალი ღმრთისაჲ მეცნიერთათჳს კრძალულ იყოს და ორივე სახე კეთილისაჲ და ბოროტისაჲ ნათესავთა მომავალთა მიეთხრას, რაჲთა სხუათა შემთხუევათა გამოცდილ იპოვნენ.

ვითარცა თქუა მოსე: "დავსდებ თქუენ ზედა კურთხევასა კეთილისათჳს, რამეთუ ღმრთივ-მქადაგებელთა მიერ სარწმუნოთა მეტყუელთა სულისა წმიდისა მიერ სწავლულთა მოსწავებულ არს ღმერთი მართლ-მსაჯულად ჭურთა მათ ზედა წყალობისათა და სიტკბოებისათა, დაცემულთა ზედა სასტიკებით“; რაჲთა ოდეს იხილონ ჭეშმარიტთა მათ თაყუანის-მცემელთა ღმრთისათა ნაყოფი იგი სიმართლისაჲ წყალობასა ღმრთისა მოსავ იყვნენ და მოთმინებით მოელოდიან სასყიდლისა კუალადგებასა და კუალად, ოდეს ესმას ცრუთა სიმართლისა სასჯელი, ღმრთისა პატივსა შეიშინოს და დაუტეოს უკეთურებაჲ და სინანულად მოისწრაფოს, ვითარცა ნინეველთა, და განერნენ დაქცევისაგან სულისა და ჴორცთასა.

ესრეთვე ცოდა ბოროტი დიდმან სახლმან სომხითისამან, ვითარცა თქუა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან გოდებათა შინა მისთა სიტყჳთა გმობისაჲთა:"შეაწუხეს სული წმიდაჲ და საქმითა ბილწებისაჲთა გარდარეულად განარისხეს შემოქმედი თჳსი, რომლისათჳს მსგავსად უსჯულობისა მათისა მოიწია რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომად".

და მისცნა იგინი მახჳლსა ბოროტსა და ტყუეობაჲსა საწყალსა და სალმობასა სიყმილისასა განმამრუდებელსა და სრვასა სიკუდილისასა უწყალოსა, რომელთა მფლველ არავინ იყო და დაეცნეს, ვითარცა ხენი ქუეყანასა, ვითარცა იტყჳს ესაია წინაჲსწარმეტყუელი: “არა თუმცა უფალმან ყოვლისა უმჯობეს-ყო მათდა, უკუეთუმცა გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ ეცნავე არა ვიდრე ცნობასა და კუალად უკუნ ქცევასა". რამეთუ მოციქულთა მიერ ქადაგებული მართლმადიდებლობისა იგი სარწმუნოებაჲ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისაჲ განაგდეს და მოძღუართა მიერ წმიდათა კრებათა ღმრთივ სულიერთა განწესებული კანონი საეკლესიოჲ შეურაცხ-ყვეს.

ამისთჳს ძირი იგი სიმწარისაჲ დაენერგა მათ შორის და ღუარძლი იგი სიბოროტისაჲ აღმოსცენდა და ცოდვაჲ იგი წვალებისაჲ აღორძნდა და ნაყოფი იგი წარწყმედისაჲ გარდაემატა მათ ზედა, რამეთუ მიწაჲ იგი სომხითისაჲ ამპარტავან [არს] და მკჳდრნი მისნი ცუდად მზუაობარ, ანგაჰარ, ლაღ და ცოდვის-მოყუარე, ამპარტავან, უწყალო, უყუარულ და ყოვლითა უკეთურებითა სავსე, რომელსა შინა არა იპოვა თავისა მისადრეკელი ქრისტჱსი, რომელთათჳს ქრისტე ცუდად მოკუდა.

და ესე არს საზღუარი მისი და სახელები ჴევთა მისთაჲ: ვანდი, აშორნა, ბაგრევანდი, აჰაპუნისი, კალკოიტნი, ჭაკატი, გოგოვიტი, ორი ჴევი შარული, ასურაგანი, ათორმეტი ჴევი ვაჲძორი, ოთხი ჴევი და ფინა-დაშტი, სამი ხევი გელაქუნია, ოთხი ჴევი სივნიეთი, ათი ხევი ტაშირი და კაქფაქარი.

ესე ოთხმეოცდაშჳდი ჴევი მოოხრდა პირისაგან უფლისა, ძჳრისაგან ცოდვათა მათთასა, ამისთჳს, რამეთუ არა იპოვა ამათ ჴევთა შინა საყდარი მართლ-მადიდებელთა ეპისკოპოსთაჲ, არცა მონასტერი მართლ-მადიდებელთაჲ, მორწმუნეთა მონაზონთაჲ, ვითარცა აბრაჰამ ჰკითხავს ღმერთსა: „უკუეთუ იყვნენ ხუთნი მართალნი, წარსწყმიდოა ქალაქი იგი?“ და თქუა უფალმან: "არა". და იტყჳს: "ვინ წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს?". თუ სადმე იტყჳს მსგავსად სიტყჳსა მის, რომელი ჰრქუა ღმერთმან ელის: „არღარა ვხოცო კაცი შენი საკურთხეველისაგან ჩემისა. რაჲთა ხედვიდეს და ეხუებოდის და რაჲთა ესენიცა ხედვიდენ და ეხუებოდის, ამათ ქუეყანათა ზედა განეწყო უფალი რისხჳთა გულისწყრომისა მისისაჲთა". და მიშუებითა ღმრთისაჲთა აღიძრა მეფე სარკინოზი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბულ-საჯისი ამირისაჲ და უფალი სპარსეთისაჲ, რომელსა ჰმონებდა სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შჳდნი მეფენი ჰმორჩილებდეს ძლიერნი.

ესე აღიჭურა ერითა მრავლითა, კაეტებითა რჩეულითა, რომელთა ჰყვანდა ათასეული და ბევრეული. შევიდა ქალაქსა დჳნისასა. და ოხრაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ მოასწავებდა ოხრებასა სომხითისასა, ვითარცა ნინეველთა დაქცევასა, რაჲთამცა შეინანეს ამათცა. ხოლო გულნი მათნი გაფიცხებულ იყვნეს, ვითარცა რვალნი, და დაყინებულ, ვითარცა სამყაროჲ, რამეთუ ცოდვაჲ წვალებისა მათისაჲ დაწერილ იყო ფიცარსა მას რკინისასა ფრჩხილითა ანდამატისაჲთა.

ვითარცა იერემია იტყჳს: "ამისთჳს ვერ ეძლო მოქცევად, რამეთუ ემსგავსა სახლი იგი სომხითისაჲ კაცსა მას უგუნურსა, რომელმან დადვა [სახლი] საფუძუელსა ზედა საცთურებისასა და წვალებისასა. და ვითარ აღდგეს კუეთებანი, დაეცა. და იყო დაცემაჲ მისი დიდ ფრიად". ვითარცა იობ იტყჳს: "მე ვიხილენ უგუნურნი იგი, რომელთა ძირნი არა დაებნეს, არამედ მეყსეულად შეიჭამა როჭიკი მათი და განეშორნეს ძენი მათნი ცხოვრებისაგან“, რამეთუ მძლავრებაჲ მათი და ხელმწიფებისა მათისა სულგრძელებაჲ გამოსწოვდა ძალსა მათსა.

რამეთუ ესე არს ჩვეულებაჲ მათი: პირველად ხარკნი იგი თანანადებნი ძებნნეს, ძღუენნი და ნიჭნი კაეტთა მათთათჳს, რამეთუ მოხარკე მისსა იყვნეს. მერმე წინა-ჟამისა ბეგარანი სთხოვნეს. და უცალოებასა თჳსსა ჰამბვად იტყჳან, დაქცევასა თჳსსა ასწრაფებენ. და ესრეთ მანქანებით დააცალიერნა საფასეთა მათთაგან, რაჲთა ადვილად მძლე ექმნეს. რომელიცა იყო ესრეთ:

და ვითარ მოსძლევდა სარკინოზი იგი და არა იპოვა ღონჱ წინააღმდგომისა სომეხთა მეფისაჲ, არცა განრინებისაჲ, რამეთუ ღმერთსა განეხეთქა მეფობაჲ იგი მისი. მაშინ მიივლტოდა იგი მთათა ზედა აფხაზეთისათა, რომელი-[იგი] უკუანაჲსკნელსა სიკუდილსა ვერ განერა, ხოლო ჴელმწიფჱ იგი შეუდგა მას ძიებად სასჯელსა სიკუდილისასა მრისხანებითა დიდითა.

II. და მოვიდეს იგინი ციხესა მას ყუელისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთა ერისთვისაჲ, რომელსა შინა იყვნეს აზნაურნი წარჩინებულნი და სანატრელი მოწამე ქრისტჱსი გობრონ მათ თანა. მოვიდეს და მოადგეს ციხესა მას ყუელისასა, გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი, რომელნი ხუთისა სოფლისა საზღვართა და-ოდენ-ეტინეს იწროებითა.

და საბელნი იგი კარვებისა მათისა[ნი] განეთხზნა ურთიერთას, რამეთუ ესე იყო ჩუეულებაჲ დადგრომისა მათისაჲ ნათესავთა მათ საძაგელთა უღმრთოთაჲ, ფიცხლად მოისართაჲ, რომელნი შჭამდეს ძაღლთა, თაგუსა, კატასა და ყოველსა არა-წმიდასა. და ესრეთ განემზადნეს ბრძოლად ფილეკავნებითა მრავლითა, და სიმრავლე ტყორცებულთა მათ ისართაჲ შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა, რომელსა აქუნდა ასეული ტჳრთი აქლემისაჲ ისარი ოდენ და ეგრეთვე ჰოროლი.

და ბრძოლასა მას ფიცხელსა მჴნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დაჴოცდეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ჴორცთა მათთა, ვითარცა სკორესა ქუეყანასა. ხოლო მათ ყოველთა უწინარჱს იპოვა სიმჴნითა ნეტარი გობრონ და ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო. და სახელი იცვალა, ვითარცა ყოველთა წმიდათა, ვითარცა პეტრეს კლდე და სავლეს პავლე, ამას ეწოდა პირველად მიქელ და მერმე გობრონ, რომელი ესმინა მეფესა მას და დაესწავა სიტყუად გობრონ და სასმენელთა ეოცებოდა, და გულსა გამოიწერა, რამეთუ ტრფიალებითა ძლიერად ბრძოლისა და აჴოვნებისა მისისათჳს აღიშურვა სარწმუნოებისა მისისა ქრისტეანობაჲ. და ოდესმე გამოეტევნიან სიმრავლენი იგი მზღუარსა არტაონისასა და რომელნი პოვნიან თივისა მკრებელნი და მსხუერტელნი ყანობირისა მათისანი, რომელნი შიმშილისაგან შიშსა სიკუდილისასა შეურაცხჰყოფდეს, შეკრიბნიან მახლობელად ციხესა მას, ვითარცა ცხოვარნი საჩუენებელად მათა, და დაჭრნიან ჴორცნი მათნი. და სისხლი იგი უბრალოჲ. ვითარცა მსხუერპლი სულნელი, შეიწირვოდეს ღმრთისა, ვითარცა სისხლი იგი აბელისი მართლისაჲ, რომელთა რიცხჳ იგი მათი ღმერთმან უწყის მხოლომან. და ურიცხუნი იგი ერნი მართლ-მადიდებელთანი აჭარას და შავშეთს შეწყუდეულ იყვნეს, რომელნი, ვითარცა მკალნი, მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწუანვილოვანსა ქუეყანისასა.

მას ჟამსა იქმნა შავშეთი ბაკ მჴეც-შეუვალ, რამეთუ ეგოდენნი იგი ნათესავნი მახლობელად დგეს, ვითარ სადილობისა გზაჲ ოდენ, რომელთა ქუეყანაჲ ვერ იტევდა. ღმერთმან არა აუფლა შთასლვად მას შინა, მადლითა დიდებულთა უდაბნოთაჲთა და ლოცვითა წმიდათაჲთა, რომელთა სათნოებანი მათნი კეთილნი, ვითარცა სუეტნი ცათანი, განმტკიცებულ არიან, და ვითარცა ზღუდენი რაფათისანი, წინა-აღუდგეს.

III. ხოლო ჴელმწიფე იგი ჰბრძოდა ციხესა მას ოცდა რვა დღე, და ნაბაკნი შეუჴდეს, რომელთა განჴურიტეს კლდე და განარღჳეს ზღუდე, რომელთა გამოუჴდის ნეტარი გობრონ და განდევნის. და ძლევისა მისგან უმეტჱს განაკჳრვნა ყოველნი და, ვითარ არა იყო შეწევნაჲ, არცა წინააღდგომაჲ, საფიცი ითხოვეს, რამეთუ ღმერთმან განიჭნა იგინი.

ესრეთ გამოიყვანნა იგინი და განუყუნა კაეტთა თჳსთა რიცხვით ვითარ ორასნი ოდენ, ხოლო ნეტარისა გობრონისი ამცნო უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ და ესრეთ წარემართა. და მგზავრ რომელთამე აშინებნ და აქადებნ სიკუდილსა, და რომელთა მიავლინებნ მისა და აღუთქუამნ კეთილთა. და ესრეთ აიძულებნ წინადაცუეთად და დატევებად ქრისტესა.

ხოლო ნეტარსა გობრონს შეემსჭუალნეს ჴორცნი თჳსნი შიშსა ღმრთისასა და განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა და სიკუდილსა დათმენად, ვითარცა ქრისტემან სიკუდილი დაითმინა ყოველთათჳს, და მოციქულისა სიტყუასა ეტყჳნ მათ: "ცხოვრებაჲ ჩემდა ქრისტე არს და სიკუდილი შესაძინელი”. და მოიწინეს თალინს. და რავდენნი უბრალონი სისხლნი დაითხინნეს მათგან, აღრაცხად ვინ შეუძლოს!

ხოლო მეფე იგი სუმბატ უკუნ ვიდოდა კუალად თჳსსავე ქუეყანასა. შემდგომად მარტჳლობისა წმიდისა გობრონისა, ვითარ სხუაჲ ღონე ვერა იპოვა, შევიდა იგი ციხესა კაპოეტისასა, რომელი-იგი უბრძნჱს ითქმოდა ყოვედთა კაცთა მის ჟამისათა. და ვითარცა შეწევნაჲ ღმრთისაჲ განეშორა მისგან, ღონე ყოველი დაელია, და ვითარცა გამოუცდელი შეეწყუდია და მის თანა ერი მრავალი. ეგრევე სახედ მოადგა მასცა ციხესა და ბრძოლისა მრავლისა შემდგომად გამოიღო და ყოველნი მთავარნი, დედანი სომხითისანი და აზნაურნი ტყუე ყვნა.

და მეფე იგი მრავლისა ტანჯვისა შემდგომად მოკლა და თავ-მოკუეთილი ჩამოჰკიდა ძელსა, საშუალ ქალაქსა დვინისასა. თქუას, თუ ვინმე უმეცართაგანმან განკითხვათათჳს საღმრთოთა, რომელთა არა იციან სწავლაჲ წიგნისაჲ, არცა ძალი ღმრთისაჲ, თუ ვითარ ამათ ნათესავთა უქრისტოთა, უსჯულოთა ესოდენი მძლავრობაჲ მძლავრობისაჲ და ფართოებაჲ შუებისაჲ დაუპყრიეს, თურე რაჲმე ფლობაჲ სასოებისაჲ, ანუ სულ გრძელებისა ღმრთისაჲ თავს უდებიეს დათმენად. ესე ზრახვაჲ ნუ იყოფინ, არამედ ვითარცა პავლე იტყჳს: "რაჲ სწორებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ, ანუ რაჲ სწორებაჲ არს ბელიარისაჲ ქრისტჱს თანა, ანუ რაჲ ნაწილი უც ურწმუნოსა მორწმუნისა თანა". და უფალი იტჳსს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაჲ, და უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ, და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა თქუენთაჲ".

და კუალად, "რომელი ურჩ-იყოს ძისა, მამაჲცა არა ჰრწამს, არა იხილოს მან ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, არამედ რისხუაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა". აწ ვინაჲ აქუნდეს სასოებაჲ სულთა ცხოვრებისაჲ წარწყმედულთა მათ, რომელთათჳს "სიტყუაჲ ჯუარისაჲ სიცოფე არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს, დიდებაჲ მათი სირცხვილსა შინა მათსა". და ესაია იტყჳს: "ვინ ცნა განგებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას, რომელი საიდუმლოჲ ცხოვრებისაჲ სიბრძნითა დამბადებელისაჲთა განმზადებულ არს სამწყსოთა მათთჳს ქრისტჱსთა და ეკლესიათა ღმრთისათა? ვითარცა სახედ ცხოვარნი თუ ვისმე ედგნენ მრავლად, არა მოიგნენა მათთჳს ძაღლნიცა მცველად, რაჲთა არაოდესმე აღსაჭრელ იყვნენ მგელთაგან? ეგრჱთვე ესენი, ვითარცა ძაღლნი ძნელნი, მოცულ არიან მცველად ცხოვართა მათთჳს ქრისტჱსთა, და იერუსალჱმ, ქალაქი იგი სიწმიდისაჲ, მეუფისა დიდისაჲ, რომლისა თქუა მოსე: "თუალნი უფლისანი მას ზედა ჰგიან მარადის დასაბამითგან და უკუნისამდე“, ესე დაშჱნებულ არს შორის უდაბნოთა ვრცელთა, რომელთა შორის დამკჳდრებულ არიან კაცნი მჴეცისა ბუნებ[ი]სანი, მტაცებელნი, რომელთა სახლი არს და ცხოვრებაჲ აქლემისა ზურგი, ნათესავნი ურიცხუნი, რომელთათჳს ვითარცა ძაღლნი მბრძოლნი არიან მჴეცთა მათ ველურთა[ნი] ვითარ ეკლესიანი ღმრთისანი მშჳდობით ეგნენ, რომელთა ზედა მრავალნი ძჳრნი [მოიწევიან] და სამწყსონი იგი ქრისტჱსნი მყუდროებით ისწავებოდენ ღმრთის-მსახურებასა და არა ბრძოლასა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: "დასჭრიდენ მახჳლებსა მათსა მანგლად და ლახურებსა მათსა საჴნისად და არღარა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა”, ვითარცა აწ ყოვლადვე არა ეკადრების ქრისტეანეთა აუგად მახჳლისა მათ შორის და არცა მჴედრ აღჯდომად ცხენსა". და ამისა შემდგომად ესაია იტყჳს: "მაშინ ძოვდენ მგელნი კრავთა თანა და ვეფხი განისუენებდეს თიკანთა თანა, ჴბოჲ და კუროჲ და ლომი ერთად ძოვდენ“. მგლად და ვეფხად სიბოროტისა მათისა მძჳნვარებასა იტყჳს, მჴეცის სახედ მოსწრაფედ დათხევად სისხლისა. და ლომად მძლავრობასა მას მათსა, მთავრობასა, იტყჳს დანიელის ჩუენებათა ხილვასა მას მჴეცთასა; დათუად მოასწავებს სპარსთა მეფობასა ბაბილონს და ლომად სარკინოზთა მეფობასა ბაღდადს ბაბილოვნისასა; და თიკნად მწვალებელთა იტყჳს, რომელნი მდუმრიად აჩუენებენ და შინაგან მგელ [არიან], ვითარცა თქუა უფალმან. "მაშინ დაადგინნეს თიკანნი მარცხენით მისსა, რომელთა ჰრქუას: წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი განზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს”; და კრავად - ჭეშმარიტნი სამწყსონი ქრისტჱსნი, და ჴბოდ - უმანკოებაჲ იგი, და კუროჲ წმიდათავე პირუტყუთაგანი არს, და სარქენელი იგი - ძლევაჲ ჯუარისაჲ მტერთა მიმართ, და ორნი იგი რქანი - სარწმუნოებაჲ, განსრულებული საქმეთაგან კეთილთა, მსგავსად ორთა მათ დათა სახარებისათა.

და ნოეცა მოასწავა სარწმუნოებაჲ ეკლესიისაჲ კიდობანსა მას შინა შეყვანებად შჳდ-შჳდი წმიდათაგანი და ორ-ორი არა-წმიდაჲ. ხოლო აწ მადლითა ღმრთისაჲთა ასეულად განფენილ არს სიმრავლჱ ქრისტჱს-მორწმუნეთაჲ მათ და არა უნასებენ. და ლომთა მათ და მგელთა არა აქუს ფლობაჲ განხეთქად კრავთა მათ სამწყსოთა ქრისტჱსთა, რომელნი ერთად ძოვენ მშჳდობით. და რაჟამს მოიწია ჟამი იგი, გამოვიდა ბრძანებაჲ ჴელმწიფისა მისგან წოდებად ჩინებულთა მათ ტაბლასა მას წამებისასა და წარდგომად დალიჭსა მას საშინელსა განჩინებასა სიკუდილისასა, ვითარცა დღესა მას განკითხვისა უფლისასა. საშინელ და შესაძრწუნებელ არს დღჱ იგი საშჯელისაჲ, მეორედ მოსლვაჲ, უფლისაჲ, ოდეს ცანი დაიქცენ და წესნი იცუალნენ, მნათობნი დაშრტენ ყოველნი და ქუეყანაჲ შეიმუსროს, ოხრაჲ იგი საყჳრისაჲ ზარ-სცემდეს ყოველთა დაბადებულთა და ძრწოლით ხედვიდენ მეუფესა ქრისტესა, მომავალსა ჯუარითა. დაღათუ ესე ჭეშმარიტ არს, არამედ სარწმუნოებითავე მოსალოდებელ არს, ვითარცა პავლე იტყჳს.

არს სარწმუნოებაჲ მრავალ-ძალ საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა, და კაცთა ბუნებასა ხილულ უფროჲს სარწმუნოდ შერაცხილ თხრობილსა, და ხილულთა შორის საშინელ არს, ელვატეხილ, სასტიკ და ამასცა დრო ეცის: რომელი განიჭებულ არნ, მსწრაფლ განიტაცის. ხოლო ჴორცთა შინა მყოფისა კაცისათჳს ამისა უსაშინელჱს და უფიცხჱს არარაჲ საგონებელ არს. თუ კაცი შიშუელ სიკუდილად განჩინებული, ჴელ-პყრობით მოჰყვანდეს წინაშე ერთა ურიცხუთა უპირულთა, აღჭურვილთა ჴრმლითა ჴდილითა და ჰოროლითა, მომართებულითა ისრითა და პყრობილითა, დანითა მომზადებულითა, კაცსა ღონჱ ჰქონდის განრინებისაჲ და ქრისტჱს სიყუარულისათჳს დაითმინოს, ვითარცა ნეტარმან გობრონ დაითმინა.

IV. რამეთუ ესრე იყო ჩუეულებაჲ სარკინოზთაჲ: რაჟამს გამოჴდის ბრძანებაჲ მოკლვად ქრისტეანისა, აღიჭურნიან ვითარცა დღესა ბრძოლისასა და ალმაჭური ყვიან და აღლესნიან მახჳლნი მათნი მოსწრაფედ დათხევად სისხლისა და ერთი-ერთსა უსწრობნ, ვითრცა შესაძინელსა დიდისა საფასისასა.

და რაჟამს გამოჰყვანდეს პყრობილნი იგი, რომელ გამოიყვანნეს ყუელის ციხით, რომელნი-იგი გამოირჩინა ღმერთმან მარტჳლად თჳსა, რიცხჳთ ვითარ ასოც და ათცამეტ, ვითარცა-იგი სამოელის მიერ სათნო იყო ღმერთმან დავით ცხებულად თჳსა, ხოლო ჩინებულნი იგი აზნაურნი დაეყენნეს მსგავსად მისა, რომელნი ადარნასე მეფემან გამოიჴსნნა.

ხოლო წმიდათა წოდებასა მას ცნეს რაჲ-იგი ყოფად იყო და თქუეს ყოველთა ერთობით: “გუალეთ, ძმანო, ქრისტჱს თანა და ნუვინ ჩუენგანი შეუორგულდებით”. და სიხარულით გამოვიდეს და ურთიერთას ასწავებდეს მხიარულითა პირითა ფიცხელსა მას სატანჯუელსა სიკუდილისა[სა], ვითარცა საშუებელსა კეთილსა. უმრავლესნი მათგანნი მოიყვანნეს წინაშე ლაშქართა მათ საშინელთა, აღმზადებულთა თითოსახეთა მათგან მახჳლთა.

მაშინ, ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი, შეერინეს აღრეულად და ერთიერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს, და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა პირითა გაეტაცა. და ესრეთ დასთხინეს სისხლნი მათნი და ესრეთ სრულ იქმნა წამებაჲ მათი ქრისტეს მიერ. ხოლო ნეტარი გობრონ წარადგინეს წინაშე ამირისა მის. და ჰრქუა ნეტარსა გობრონს: “მეწყალის მე სიკეთჱ სიჭაბუკისა შენისაჲ და მშურს სიკუდილისათჳს მჴედრობაჲ შენი, რომელი სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა. და აწ ვითარცა შვილსა საყუარელსა გასწავებ შენ, დაუტევე უგუნურებისა შენისა შჯული, რომლითა ვერა ირგეს მოყუასთა შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ, რომელსა დამორჩილებულ არს ყოველი და აღგითქუამ თქუენ. ვიცით ჩვენ, ამის სუბუქისა შემდგომად რომლისაცა კაეტისა ინებო მთავრობაჲ, მიგცე შენ, პალატი, კარვები, მონები, ტაძარი, აქლემები, საჭურველთა შუენიერთა სიმრავლჱ, და გყო შენ ვითარცა ერთი რჩეულთა ჩემთაგანი, საყვარელ იყო ჩემ წინაშე და პატივცემულ ყოველთა ამათგან ლაშქართა”.

მიუგო წმიდამან გობრონ და ჰრქუა ამირასა მას: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა. და რაჲ მიზეზი არს ესე მიზეზი სიკუდილისა ჩემისაჲ? მრავალ არიან შენ ქუეშე ქრისტეანენი და მეცა არა დავაკლო მონებაჲ ჴელმწიფებასა შენსა ყოვლითა სახითა, რომლითა გენებოს შენ. და ესე ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმათა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემიძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსა”.

ხოლო ამირამან ჰრქუა მონათა თჳსთა: “წარიყვანეთ ეგე და უჩუენენით მოკლულნი იგი მოყუასნი მისნი, თითო-სახედ დაჭრილნი. და კუალად უჩუენეთ პალატი და კარვები და არწმუნეთ მიცემად მაგას, ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი”. და ვითარ მოავლეს ყოველი იგი და მოვიდეს წინაშე ამირისა მის, ჰრქუა ამირამან: “რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა”? ჰრქუა მას წმიდამან გობრონ: “მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგანა”.

ხოლო ამირამან ჰრქუა მონათა თჳსთა: “არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაჲ, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალთ ეგე და კუალად მოიყვანეთ”. და კუალად წარიყვანეს ნეტარი გობრონ, დაადგინეს შორის დაშთომილთა მათ მოყუასთა და ურიდად შეერინეს მათ მახჳლითა. და ცემასა მას მათსა უწყალოდ სისხლი მათი ეპკურებოდა მას და რომლისამე გუამი დავარდის მის წინაშე და რომლისამე გუამი შეგორდის ქუეშე ფერჴთა მისთა. და ესრეთ აღესრულნეს წამებანი მათ ყოველთა[ნი], საშინელებითა ვერ შეაძრწუნეს გული მისი.

მაშინ წარუპყრეს ქედი მისი და სცეს მახჳლითა ორ-გზის ოდენ და წყლეს მცირედ; და გამოიძრო ჴელი ნეტარმან მან კრულებისა მისგან და სისხლი იგი თჳსი გამოიწერა ჯუარის სახედ შუბლსა თჳსსა და თქუა: “გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკუანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა. უფალო, სრულ ყავ მოწყალებაჲ შენი და სიტკბოებაჲ ჩემდამო და ნურა დამაბრკოლებნ მიზეზი რა[ჲ]ვე მანქანებაჲ და მძლავრებაჲ უსჯულოჲსა ამის”.

და კუალად მოჰყვანდა იგი წინაშე ამირისა მის და ბრწყინვიდა პირი მისი და შუბლი მისი ელვარედ. და რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მახლობელ იყვნეს, იხილეს იგი თუალითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა გჳრგჳნოსანი ზეგარდამოჲ, და ჰრწმენა ჭეშმარიტად მარტჳლობაჲ მისი და ესრჱთ უშუენოდა იგი სისხლისა მის გამოწერითა შუბლსა მისსა, ვითარცა იგი, რაჟამს უფალი ჩუენი ცხოვრებისასა მას ვნებასა აღასრულებდა. და გამოიყვანეს იგი ეკლისა გჳრგჳნითა, იხილეს იგი ყოველთა. და ესევითარისა მსგავსებისათჳს უფალი იტყჳს: "კმა არს მოწაფისა მის, თუ იყოს ვითარცა მოძღუარი თჳსი და უფალი თჳსი".

მაშინ წამა ადარნასე მეფემან ჭეშმარიტი მარტჳლობაჲ მისი, ვითარცა გიორგისა და თეოდორჱსი. და რაჟამს წარადგინეს იგი წინაშე ამირისა მის, მრავლითა სიტყჳთა ლიქნისაჲთა ვერ აჯერებდა მას დატევებად ქრისტჱსა და ეტყოდა: “ესე უწყოდე, უკუეთუ არა მოიქცე მორჩილებად ჩემდა, ვერა რომლითა ღონითა განერე სიკუდილსა. და აწ ისმინე ჩემი, ვითარცა კეთილისა განმზრახისაჲ, და ნუ წარსწყმედ თავსა შენსა. და მე უბრძანო მკურნალსა განკურნებაჲ შენი მცირედისა მაგისგან წყლულისა და პირველნი იგი აღნათქუემნი მტკიცე ვყვნე შენ ზედა”. ჰრქუა მას წმიდამან გობრონ: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტეანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი”. მაშინ ბრძანა ამირამან მოკლვაჲ წმიდისა გობრონისი. წარიყვანეს და წარკუეთეს თავი მისი და დააგდეს მოკლულთა მათ თანა. ესრეთ სრულ იქმნა წამებაჲ მისი თუესა ნოენბერსა ჩჳდმეტსა. და მიემთხვა გჳრგჳნსა დაუჭნობელსა წმიდათა თანა მოციქულთა და ყოველთა მოწამეთა. კუალად შეიმოსა ეკლესიამან სამკაული სიხარულისაჲ და ბრწყინვალებისაჲ სისხლითა მისითა დაიდგა გჳრგჳნი შუენიერებისაჲ და დიდებისაჲ სიმჴნითა მისითა. და ქრისტეანეთაგანმან არავინ იკადრა მიახლებად მისა. ხოლო ამირამან უბრძანა მოთხრად სამი მთხრებლი და შეკრიბნეს ჴორცნი მათ ყოველთა მოკლულთანი და შთაყარნეს მას შინა, და უბრძანა, რაჲთა არავინ ქრისტეანეთაგანი მიეახლოს მათ.

ხოლო ღმერთმან, რომელმან არა უგულებელს-ყო მონანი თჳსნი და ადიდნა მაქებელნი თჳსნი, და აჩუენა სასწაული ზეგარდამოაჲ, ნათელნი ბრწყინუალენი ღამე ყოველ, ვითარცა ლამპარნი აღნთებულნი, და დადგნიან ზედა მთხრებლსა მას. მრავალთა იხილეს ესე სასწაული, ყოველთა მორწმუნეთა და ურწმუნოთა, მოვიდეს და უთხრეს ამირასა. ხოლო მან მიზეზი უთხრა, ვითარმედ ესე სარკინოზთაცა ზედა იქმნების, რომელნი ბერძენთაგან მოიკლვიან.

V. აწ, საყუარელნო, მოციქულისა სიტყუასა ვერჩდეთ, და ჴსენებასა წმიდათასა ვეზიარნეთ და საჴსენებელსა მათსა აღვასრულებდეთ. ვითარცა წმიდათა მოწამეთა სულნი მათნი წარუდგინნეს ღმერთსა გუემათა მათთა ტანჯვითა, ეგრე[თვე] შენცა შემძლებელ იქმენ ეგევითარისა მსხუერპლისა წარდგინებად წინაშე ღმრთისა. რამეთუ რაოდენცა დღეს არავინ არს, რომელმან წამებისათჳს დაჭრნა ჴორცნი შენნი მახჳლითა, არამედ შენ შემძლებელ ხარ დაწუად მათა იწროებითა და მწუხარებითა და ნებსით სიგლახაკითა უფლისათჳს. რომელი, ვითარცა იგი, შემძლებელ იყოს სოფლისა საშუებელთა და განსუენებათა [დათმობად] და ნებსით აღირჩიოს მწუხარებაჲ და იწროებაჲ ნაცვალად მისა, იგი არს, რომელი შესწირავს მსხუერპლსა ქებისასა წინაშე ღმრთისა, ვითარცა მოწამემან ქრისტჱსმან გობრონ.

აწ უკუე მოაკუდინენით ჴორცნი თქუენნი და ჯუარს აცუთ იგი შრომითა და მარხვითა [და] გჳრგჳნითა მოწამეთაჲთა, რომლისათჳს მძლავრნი მარტჳლთა მოსწყუედდეს და [იგინი] იწამნეს, ხოლო შენ ნებსით თავი თჳსი მოსწყჳდე იწროებით.

და ესე არს მსხუერპლი უბიწოჲ, რომელსა არა უჴმს მღდელი შემწირველი, რამეთუ რომელი ამას ქუეყანასა ზედა [დამდაბლდების], იგი ცათა შინა ამაღლდების, ქრისტჱს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.