თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ქართველმა ხალხმა ხელოვნების არაერთი ნიმუში შექმნა. არქიტექტურის, ფერწერის, ჭედურობის, მოხატული წიგნის, ქვაზე კვეთის ძეგლები თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ხელოვნების საგანძურს შეადგენენ. დროთა განმავლობაში ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ დღემდე შემორჩენილმა ძეგლებმა ცხადყო ქართული შემოქმედის მაღალი პროფესიონალიზმი, განსწავლულობა და საშემსრულებლო ტექნიკის მაღალი დონე. სამწუხაროა, რომ ამ ოსტატთა ვინაობა თითქმის არაა ჩვენთვის ცნობილი.

განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო საქმეში მიეკუთვნება ხელით გადაწერილ წიგნებს. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილ სამწიგნობრო კერებში მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მოხატვა, აკინძვა, ჭედურ ყდაში ჩასმა. ყოველი წიგნი თავის მხრივ უნიკალური იყო. დიდი ყურადღება ექცეოდა წიგნის ლამაზად გაფორმებას ორნამენტებითა თუ მინიატურებით. რაც უფრო მდიდარი იყო დამკვეთი მით უფრო მდიდრულად იყო მორთული და შემკული ხელნაწერები.

სამწიგნობრო კერები ბევრი იყო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ საგანმანათლებლო ცენტრებს ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ. ცნობილია, რომ ქართველი მეფეები დიდ შეწირულობებს უგზავნიდნენ საზღვარგარეთულ ცენტრებს. ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებში ხშირად მითითებულია, თუ სად გადაიწერა ხელნაწერი: ივირონის მონასტერში ათონის მთაზე, ჯვრის მონასტერში - იერუსალიმში, სინის მთაზე, კონსტანტინოპოლში, ანტიოქიის მახლობლად შავ მთაზე და ა.შ. ხელნაწერის ორნამენტული მხატვრობისა, მინიატურული ხელოვნებისა თუ ხელწერის მიხედვით გამოირჩეოდა ცალკეული სკოლები. მაგ. ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო სკოლაში გადაწერილი მრავალი ხელნაწერია ცნობილი, რომელთა ტრადიციები საუკუნეების მანძილზე განაგრძობდა არსებობას.

IX-XIV საუკუნეების ხელნაწირთა მხატვრული სტილი, ერთის მხრივ, ეროვნულ საწყისებს უკავშირდება, მეორეს მხრივ, ბიზანტიური სკოლის ტრადიციებს. პოლიტიკურმა ურიერთობამ საქართველოსა და ბიზანტიას შორის განაპირობა კულტურული ურთიერთობაც, რაც ქართველ და ბერძინ ოსტატთა მჭიდრო საქმიანობაში გამოიხატა. მაგ. წალენჯიხის ეკლესიის მოსახატავად ბერძენი ოსტატბია ჩამოყვანილი. თამარ მეფემ პონსტანტინოპოლში ბერძენ ოსტატებს დაუკვეთა ძვირფასი ვანის ოთხთავი, რომლის მიბაძვით საქართველოში ლაფსყალდისა და ამჟამად ერევნის მატანდარანში დაცული XIII ს. ოთხთავებია შესრულებული.

თავის მხრივ, სამწიგნობრო კერებს შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა. მაგ. ათონის ივირონის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა აქვს კონსტანტინოპოლთან. ბანაელი სვინგელოზი ზაქარია ათონის მთაზე ნათარგმნ წიგნებს უკვეთავს პონსტანტინოპოლში მოღვაწე ქართველებს.

დროთა განმავლობაში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გარეშე მტრების შემოსევებმა ბევრი ხელნაწირი წიგნი გაანადგურა, მაგრამ რაც გადარჩა, ისიც საკმარისია, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენს სამწიგნობრო ხელოვნებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, კერძოდ, მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, ქართველი ერის შემოქმედებითი ძალა არ დამცხრალა. რომ გადავხედოთ შემორჩენილი ძეგლების ნუსხას, დავინახავთ, რომ ქართველი ხალხის ენთუზიაზმი, სწრაფვა ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების შექმნისაკენ, არ შეჩერებულა. სწორედ ასეთი ნიმუშია 1300 წელს გადაწერილი, მდიდრულად დ სურათებული მოქვის ოოხთავი. პალეოლოგოსთა ხელოვნების ეს ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი გადაწერილია ძველი ქართულით - ნუსხა-ხუცურით ღვთისმშობლის სახელზე აგებულ მოქვის ეკლესიაში.

ქართული მინიატურული მხატვრობა მრავალმა ხელნაწერმა შემოგვინახა. IX საუკუნიდანაა მოღწეული დიდებული ადიშის ოთხთავი: მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით იყო შექმნილა ადრეული ხანის მოსატული ხელნაწერები. მრავალი მინიატურით დასურათებული ხელნაწერებიდან შეიძლეაა დავასახელოთ 1030 წლის სვინაქსარი, XII ს. გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავები. მოქვის ოთხთავი 152 მინიატურითაა დასურათებული. იგი აგრძელებს უკვე XI საუკუნეში ჩამოყალიბებული ოთხთავის მორთულობის პრინციპებს. გარდა შინაარსის სტრუქტურის შესაბამისი ელემენტების არსებობისა, თვით დეკორატიული სისტემა მრავალფეროვანი და მდიდრულია. გელათის, II ჯრუჭისა და მოქვის ოთხთავების ოსტატებმა გარკვეული ჯგუფი შექმნეს სამინიატურო ხელოვნების დარგში, თუმცა განვითარებისა და საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაზრისით, თითოეული მათგანი ინდივიდუალურ შემოქმედებით პრინციპებს ამჟღავნებს.

მოქვის ოთხთავი გადაწერილია დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ამაზე მეტველებს ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი, რომელზედაც გამოხატულია ღვთისმშობელი ყრმით და დანიელ ეპისკოპოსი. ღვთისმშობელი მდგომარეა. ქვემოთ მის წინარე მუხლმოდრეკილი დანიელია. წარწერა, რომელიც დანიელ ეპისკოპოსის ზემოთ არის ასომთავრულით შესრულებული, ქარაგმის გახსნით ასე იკითხება: „დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსი“.

დანიელ ეპისკოპოსს მდიდრულად მოხატული ხელნაწერი ღვთისმშობლის სახელზე აშენებული ეკლესიისათვის შეუწირავს. ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით, ხელგაწვდილი, ე.წ. „ელეუსას“ ტიპია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ლოცავს, იღებს მავედრებელი დანიელის შეწყალების თხოვნას: ჩვილ ყრმას - ქრისტეს ავედრებს დანიელის სამწყსოს, მფარველობას პირდება მას.

მოქვის ოთხთავი ეფრემის მიერაა გადაწერილი. ამაზე მეტყველებს მისივე ანდერძი. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ხელნაწერის მომხატველადაცაა მიჩნეული.

მოქვის ოთხთავი (ზომით 30 x 23), შეიცავს 328 ფურცელს), დაწერილია კარგად დამუშავებელ ტყავის ფურცლებხე, ლამაზი კალიგრაფიული ნუსხურით, ორ სვეტად. ხელნაწერის დასაწყისში მდიდრულად ორნამენტირებული 10 კამარაა. თავების დასაწყისში ასევე მდიდრულად შემკული თავსართებია. თვით ტექსტში კი დიდი ზომის მრავალი, 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალია, რომლებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება. ოთხთავის ტექსტი მინიატურებითაა დასურათებული. ქრისტეს ცხოვრების ამსახველი მინიატურები, ისევე, როგორც გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებში, ჩართულია ტექსტის შინაარსის შესაბამის ადგილებში. ოთხკუთხა ფორმის მინიატურა ხშირად გადაწერილი სვეტის ფარგლებიდან გამოდის, ხოლო საზედაო ასოსთან ერთად ფერადოვან ანსამბლს ქმნის ლამაზად დაწერილი ტექსტის ფონზე.

მოქვის ოთხთავის მოხატულობა განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას მინიატურათა უნიკალური საშემსრულებლო ტექნიკით. გამოსახულებები აქ უშუალოდ დახატულია ოქროზე. ძველი ქართველი ოსტატები ორი სახის ოქროს იყენებენ ხელნაწერის მოხატულობის დროს: ფურცლოვანსა და ფხვიერი ოქროსაგან სპეციალურად დამზადებულ ოქრომელანს. ფურცლოვანი ოქრო გამოიყენებოდა მინიატურებში გამოსახულებების გარშემო ფონის შესავსებად, ხოლო ოქრომელანი საზედაო ასოების შემოსაწერად, ორნამენტულ ნახატობაში ფონის დასაფერავად, უმეტეს შემთხვევაში, სინგურის სარჩულზე. ფურცლოვანი ოქრო ეტრატზე ნივრის ან სპეციალურად დამზადებული წებოვანი შენაერთის საშუალებით მაგრდებრდა. მინიატურისათვის განკუთვნილ არეზე ფურცლოვანი ოქრო მაგრდებოდა გამოსახულებების, ბუნებისა თუ არქიტქტურული პეიზაჟის გარშემოწერილი კონტურების მიღმა. მოქვის ოთხთავში საგნები პირდაპირ ოქროზეა დახატული. ჯერ მინიატურის მთელი არე დაიფარა ფურცლოვანი ოქროთი, ხოლო ზედ საღებავები დაიდო შესაბამის ადგილებში. II ჯრუჭის ოთხთავში, 1030 წელს გადაწერილ სვინაქსარში ტანისამოსის ნახატს, შენობების ნაწილებს ხშირად ფარავს ოქრო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, იგი საღებავზეა დაფერილი და ჩვენამდე კარგადაა მოღწეული. მოქვის ოთხთავის საშემსრულებლო ტექნიკა - ოქროზე საღებავების დადება არ აღმოჩნდა მყარი. საღებავმა როგორც ჩანს, შეიწოვა ოქრო და გამოაშრო. საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

ოთხთავის შინაარსის დამასურათებელი მინიატურები მოქვის ოთხთავში ქმნიან ერთ მთლიან საილუსტრაციო ციკლს. ეს ციკლი იწყება მათეს სახარების დასაწყისში წარმოდგენილი ქრისტეს გენეალოგიით, ხოლო იოანეს სახარების ბოლოს მთავრდება სულიწმიდის მოფენით და ღვთისმშობლის მიძინებით. თვით ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა ჩართული სახარების ტექსტებში. ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება (აქ 97 მინიატურაა), ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. (ზოგიერთი მინიატურა, მაგ. ჯვარცმის ეპიზოდი ცალკეულ სახარებებში მეორდება). უფრო ადრეული ხანის, გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ თითოეული თავი დამოუკიდებელ საილუსტრაციო ციკლს ქმნის. მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს თავები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იძლევიან სახარების დამასურათებელ სისტემას, თავისთავში. მოქვის ოთხთავის მოხატულობა ეპიზოდების თანმიმდევრული განაწილებით მოგვაგონვბს ეკლესიის სასურათო სისტემას, სადაც ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა მოცემული ძირითადი ეპიზოდები ქრისტეს ცხოვრებიდან. მოქვის ოთხთავი გელათისა და II ჯრუჭის ოთხთავებისაგან განსხვავებით, იძლევა ძირითადად, შინაარსის საკვანძო სიტუაციებს, მაშინ როდესაც ეს ორი უკანასკნელი დაწვრილებით მოგვითხრობს სახარების ამბებს. ზოგჯერ ერთი ამბავი რამდენიმე მინიატურის საშუალებითაა ილუსტრირებული.

მოქვის ოთხთავში 152 მინიატურაა. იგი თავისი მრავალფეროვანი ორნამენტაციით, სამინიატერო ხელოვნებით ეროვნული საგანძურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.


ელენე მაჭავარიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.

მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მ-ია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X ს.). შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრეა მოხსენიებული. ცნობილია, თუ როგორ დიდ პატივს მიაგებდნენ ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს საქართველოს მეფენი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელონი და საერონი. მის წინაშე მუხლმოყრილს მრავალგზის ულოცია მეფეთ მეფე თამარს, რომელმაც შამქორის ომში ქართველთა ლაშქრის მუსულმანურ კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ, ნადავლიდან ყველაზე ძვირადღირებული, ბაღდადის ხალიფას მიერ მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისათვის ღაზოდ წარმოგზავნილი დროშა და უძვირფასესი მანიაკი სწორედ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ცნობილია ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავი თამარისეული იამბიკო:

    „... მე თამარ, მიწა შენი და მიერვე,
    ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა
    ედემს ღადირად სამხრით და ჩრდილით
    შუა მფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
    ხალიფას დროშას თანავე მანიაკსა,
    შევრთე ცრუ სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი...“

ხახულის ღვთისმშობლის ხატზე არის ასევე თამარისეული წარწერა.

    „ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან სძალო,
    თბედ საიდუმლოდ ზენაისა განგებით,
    ძისა ღმრთისა ძედ მეშვ იქმენ, არსთა მაცხოვნად
    მე, თამარ, მჩენი ტომთაგან დავითებრთათ,
    მამკევ, შემამკევ, მადიდე, აღმავლინე,
    აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატსა შენსა
    დედისა ძითურთ, და მეცა ძითურთ მფარევდ“.

წმიდა მეფის, თამარის ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევაც არის ცნობილი, რომელიც ხახულის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ერთხელ, მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. სეფექალები მის სამოსს ძვირფასი სამკაულებით რთავდნენ. მეფეს მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას თხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მას მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა მათხოვარი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა...

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, XIX საუკუნეში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ეკლესიის სხვა უამრავ სიწმიდეთა მსგავსად) გაიძარცვა. კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთლიანად ტიხრული მინანქრის ხატი (რომელიც ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატი იყო მსოფლიოში) ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა სულ ნატეხ-ნატეხ გაიტანა საქართველოდან. დამპყრობელთა უწმიდურ ხელებს, ღვთის მადლით, ხატის მხოლოდ სახე და ხელები გადაურჩა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ (1921 წ.), ბოლშევიკურმა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოართვა და იგი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შესრულებულია იგავმიუწვდომელი ხელოვნებით და თვალნათლივ ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს „ოქროს ხანის“ როგორც სულიერი, ისე მატერიალური და კულტურული სიმაღლის სიდიადეს.


მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 9 (111), 2001 წ.