"შატბერდის კრებული" წარმოადგენს X საუკუნის ცნობილ ქართულ ხელნაწერს, სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ ეგზეგეტიკური, აგიოგრაფიული და საისტორიო ხასიათის თხზულებების კრებულს. კრებულის შედგენილობა ასეთია:

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს, რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა;

თუალთაჲ ეპიფანე კჳპრელისაჲ თქუმული;

მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ წიგნთაგან თქუმული წმიდისა ბასილი ებისკოპოსისა კესარიელისაჲ;

უსათაურო თხზულება:
– ეპიფანე კჳპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა;
– დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან;
– იპოლიტე რომაელი, ქრონიკონი;


იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა;

წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ–იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხა;

თქუმული იპოლიტესი დავითისთჳს და გოლიადისთჳს განმარტებაჲ;

ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ;

ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს;

სიტყუაჲ წმიდისა იპოლიტესი სარწმუნოვებისათჳს;

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იპოლიტესი მთავარებისკოპოსისაჲ სახეჱ აღთქუმისაჲ;

მოქცევაჲ ქართლისაჲ;

ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი ებისკოპოს იქმნა ქალაქსა ნასიბინს;

ნეტარი თეოდორიტე კვირელი - თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაჲ.