კარი პირველი
აბესალომ ინდოთა მეფის ამბავი
იყო ინდოთ მეფე აბესალომ, მორჭმული და განგებიანი, და არა იყო შეჭირვება გულსა მისსა. ესე იყო წესი მისი: ედგა ასი ავაზა და ექვსასი ქორი, თეთრი და მწყაზარი, ჰყვა სამი ათასი დიდებული. ორშაბათსა, სამშაბათსა და ოთხშაბათსა, ამას სამსა დღესა, უჴმის ათას-ათასი დიდებული და გასცემდის საბოძვარსა საზომისაებრ, რაცა ვის ჰხვდებოდა. ამას განსვენებასა და დიდებასა შინა იყვის სიხარული და გამოსვენება. ხუთშაბათსა, პარასკევსა და შაბათსა ნადირობდის და გაისვენებდის, კვირიაკესა დღესა დაჯდის და სამეფოსა საქმესა განაგებდის და სამართალსა უზემდის ციხეთა, ქალაქთა და სოფელთა ყოველთა.
ერთსა დღესა ბრძანა ნადირობას განსლვა. გავიდა და ინადირა სანადიროსა კარგსა. მოვიდა შინა, მხიარულმან დიდი პურობა გარდაიჴადა და მნახავთა მადლი უბრძანა, ვითა კარგთა სანადიროთა შიგან მანადირეთო. კვლავ უბრძანა: აწ, ჩემსა მზესა, წადით და ახლოს ნადირი მომინახეთო. წავიდეს მნახავნი და ეგზომი ნადირი პოვეს, რომელ ანგარიში არა შეეგებოდა. ერთი ქურციკი ნახეს, რომელ რქანი ესხნეს ოქროჲსა ფერნი, თვალნი და ჭლიკნი − შავნი, და მუცელი − თეთრი და ზურგი − ძოწეული. შევიდა მნახავი და მოაჴსენა მეფესა მითვე სახითა, ვითარცა ენახა. გაეხარნეს მეფესა და უბრძანა დიდებულთა: ამას კაცსა საკვირველი ნადირი უნახავს, აწ მისი უნახაობა ჩვენგან არ ეგების და, ვინათთგან ესრეთ საკვირველი არის, მნებავს, რათამცა მთელი შევიპყრათო.
გაიყარა ნადიმი და შეეკაზმეს მეფე და ყოველნი დიდებულნი მისნი, წინა წარიძღვანეს იგი კაცი და მივიდეს მას მინდორსა შინა. ნახეს იგი ქურციკი მით სახითა მასვე ადგილსა. ბრძანა მეფემან: აჰა მალე, აბა, ყოველმან კაცმან ცხენები შეუტევეთ და სიკვდილსა ეკრძალენითო. შეუტევეს ცხენები და წავიდა ქურციკი იგი. არბივეს დღისა სავალი და მოსწყდა სხვა კაცი ყველა, მეფე და სამნი სხვანი დიდებულნი შერჩეს და არბივეს, ვიდრე მწუხრამდის შვიდისა დღისა სავალი: ვერცა მიეწივეს და არცა მოსწყდეს.
ადგილსა ერთსა მივიდეს კლდოვანსა. ჩაეხვეწა ქურციკი და უჩინო იქმნა. ოდეს დახედნეს ქვეყანასა, ვერასადა ცნეს და ვერცა ნახეს ქალაქი და ვერცა სოფელი, ვერცა იგი ნადირი. ქვეყანა უცხოდ აუჩნდათ; არა უწყოდეს, სადამცა წავიდეს. მიხედნა მეფემან და ნახა სახლი ერთი ქვითკირისა. გაუკვირდა და თქვა: რა არის ესე სახლი ამა უკაცურსა ქვეყანასა? შევიდეს და ნახეს: იყვნეს ცალ კერძო ჭაბუკნი სამნი დაწერილნი და შუა მათსა − სახე ქალისა, რომელ კაცისა თვალსა ეგეთი არა უნახავს რა. ერთი დიდი კაცი იყო, შვენიერი ჭაბუკი, ჯაჭვი ეცვა ტანსა და ჴრმალი ჴელთა ჰქონდა, ზედა ესრე ეწერა: “მე − ამირან დარეჯანის ძე და ყმა ჩემი სავარსიმის ძე, ბადრი იამანის ძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი, ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა. მაშინ არ ავად ვიყვენით”.
ოდეს გარე მოიხედნეს, მარცხენასა მჴარსა იგი სამნი ჭაბუკნი ეწერნეს. გამოვიდეს სახლისაგან და მინდორშიგან ძვალი იდვა, კაცისა და ცხენისა, და საჭურველისა ნალეწი, რომელ კაცისა თვალსა ეგეთი არა უნახავს. გაუკვირდათ მეფესა და დიდებულთა, თქვეს: ვინ ყოფილან ესე ჭაბუკნი, ანუ რომელსა ჟამსა? ჰგავს, რომელ იგი ერთი პატრონი ყოფილა იმა სხვათაგან. რომლისამე ქვეყანისანი ყოფილ არიან? − ამას იტყოდეს და ამბავსა ვერასა სცნობდეს.
წამოვიდეს და ძლივღა გამოაგეს გზა. მეშვიდესაღა დღესა სამეფოსა სახლსა მოვიდეს, შემოკრბეს დიდებულნი და ნახეს მეფე დაღრეჯილად. შეჭირვება შეჰქმნოდა ამა ამბისა უცნობლობისათვის. არცა შექმნა პურობა და არცა გავიდა ნადირობასა, არცა გარდაიჴადა ნადიმი.
და გაითქვა ყოველსა ქვეყანასა შინა, ვითა: მეფესა სახლი რამე უნახავს და შეჭირვება შეჰქმნიაო. ზოგნი ზოგსა მიზეზსა იტყოდეს და ზოგნი ზოგსა.
მაშინ შევიდა ვაზირთა-უხუცესი და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვიცი, რომელ დიდსა კადნიერებასა ვიქმ, მაგრა რა მეწევის მოჴსენებისაგან კიდე? თუ გასწყრე და თავი მომკვეთო, ესე სიხარული არის ჩემი, ამისთვის რომელ მოვკვდე და თქვენ ეგრე შეჭირვებულსა არა გხედვიდეო.
უბრძანა მეფემან: თქვი, ჯაზირ ვაზირთ-უხუცესო, შენ დაკლებულსა არას იტყვიო.
მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! ოდეს ბრძანეთ და მის ქურციკისა ნადირობად გახვედით, მუნითგან შეჭირვებულად ხარ, არცაღა გასულხარ ნადირობად, არცა გარდაგიჴდია ნადიმი. ყოველი ერი ურვასა და შეჭირვებასა შინა არის ამის საქმისათვისო.
უბრძანა მეფემან: ამის საქმისათვის შეჭირვება ვიცი და გამიგონია, ვაზირთ-უხუცესო, რომელ ვიქმ უბადოსა და ბედითისა საქმისათვის შევიჭირვებ, განა შეჭირვებასა წინა ვერა აღუდგები. − და ეგრე უბრძანა: კაცნი ვნახენ ქვითკირისა სახლსა შინა უკაცურსა ადგილსა, ჭაბუკნი ექვსნი დაწერილნი, მათ შუა ქალისა სახე შვენიერი, და ერთი კაცი მათ სხვათა პატრონად ვცან. − და უთხრა ყოველი, რომელი ენახა. [კვლა] უბრძანა: მწადიან მათისა ამბისა ცნობაო.
მოაჴსენა ჯაზირ ვაზირთა-უხუცესმან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! თუცა ვითა ვიკადრებდი, ვწყრები, რა შესაჭირვები არის მეფობისა თქვენისაგან? თუ კაცნი ვინმე გინახვან ბედითნი და მათი ამბავი ვერა სცანით, რა საკვირველია?! სამეფო და ერი თქვენი ყოველი დიდსა შეჭირვებასა შინა არის. ბრძანეთ, ინადირეთ და ნადიმი გარდაიჴადეთ. ყოველთა მეფეთ-მეფე ხარ და არა ეგების, თუცა მათ კაცთა ამბავი არა სცანითო.
გამოვიდა ჯაზირისა სიტყვასა ზედა მეფე: ინადირა, პური დაიგო, განისვენა და ნადიმი გარდაიჴადა, განა ვერა ამოიგდო შეჭირვება გულისაგან. და განითქვა, ვითა: მეფე ურვასა შინა არის; მის ქურციკის დევნასა შიგან სახლი რამე უნახავს და კაცნი მას შიგან დაწერილნი და მათისა ამბისა ცნობა სწადიანო.
ჯდა მეფე და სხდეს დიდებულნი. და სხვა ამბავი არა იყო რა მათ კაცთა ნახვისაგან კიდე და არავინ იცოდა, რამცა ვინ უთხრა.
მაშინ აღდგა აბულასან აბულ-ყასუმის ძე, ერთი დიდებულთა მისთაგანი, და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო! მის კაცისა ამბავი მცირედი ვიცი, რომლისათვის შეიჭირვებს მეფობა თქვენი. თუ მიბრძანოთ, მოგაჴსენოთ, რაცა ვიცოდეო.
მაშინ მოიქცა მეფე მის კაცისა კერძო და უბრძანა: იტყოდეო.
აბულასან მოაჴსენა:
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე ცოტა ყმა ვიყავ და მამამან ჩემმან აბულ-ყასუმ ვაჭარნი გაგზავნნა ბაღდადსა. აბუბაქარ უკეთესად უჩინა. ხუთასი აქლემი მისცა და ხუთასი ჯორი. წარვიდეს და წელიწადი ერთი დაყვეს. მერმე მოვიდეს დიდად გამარჯვებულნი და დიადი ევაჭრა. მამასა ჩემსა დიდად გაეხარნეს. დაჯდა წალკოტსა შიგან მხიარული. მე ცოტა ყმა ვდეგ და მესმოდა. მამაჩემი ჰკითხევდა აბუბაქარს სპარსეთისა ამბავსა და უთხრობდა იგი. ეგრე მოაჴსენა: ერთი საკვირველი ამბავი მოგაჴსენო, ვითა: “გამოვეკაზმენით და წავედით, მოვედით ბაღდადად, მოვიდეს კაცნი ვინმე და გვითხრეს: არაბნი მეკობრენი წინა გიმზირიანო. ამაზედან ჩვენ თვე ერთი გამოკაზმულთა ბაღდადსავე დავყავით მათ მეკობრეთა შიშითა. მერმე მო-ვინმე-ვიდა კაცი ერთი არაბი და გვითხრა: ვიცი, რომელ გეშინიან მეკობრეთაგან. აწ მე მომეცით ფასი და ესეთსა გზასა წაგასხნე, რომელ ღმრთისაგან კიდე ვერავინ გავნოსო. ჩვენ ვაფიცეთ და ათასი დრაჰკანი მივეცით და მან კაცმან ეგრე გვითხრა: აიღეთ თვისა ერთისა საგზალი თქვენთვის და ცხენთათვის, მინდორსა ერთსა გვინდა გარება, რომელ წყალი და საძოვარი არა არისო. ავიღეთ ყველა, ვითა გვითხრა. წამოვედით და თხუთმეტსა დღესა უკაცურსა ადგილსა ვიარეთ. მინდორი ერთი დაგვხვდა მეტად დიდი. ეგზომი ძვალი იდვა, ვითა თოვლი, ცხენისა და კაცისა. შუა ქედი იდვა ერთი ცოტა და მაზედ სახლი იდგა ქვითკირისა. და გამიკვირდა და ვკითხე წინამძღვარსა მას ჩვენსა, ვითა: რა არს აქა შინა და რა არს ისი სახლი? ეგრე გვითხრა: არა თურე იცითა? ისი კაცი, თვალად კარგი, ამირან დარეჯანის ძისა სახე არისო. მივედით და კაცი ეწერა შვენიერი და ჯავშანი ტანსა ეცვა და ჴრმალი ჴელთა ჰქონდა და მასთანა ექვსნი კაცნი სხვანი ეწერნეს. და ზედან ეგრე ეწერა: “მე ვარ ამირან დარეჯანის ძე, ჩემნი ყმანი − სავარსამის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ქაოზ ქოსის ძე და ყამარ ყამრელი. ოდეს სეფედავლე დარისპანის ძის ომად ვიყვენით, მომავალთა აქა ლაშქარნი გარდაგვეკიდნეს და არ ავად ვიყვენით”. მე გამიკვირდა და ეგრე ვთქვი: ნეტარ ვინ ყოფილან ესე კაცნი?! − მან ეგრე მრქვა: დიდი არის მისი ნიშანი ყოველგანო. მე ვკითხე: სხვა რა უქმნია-მეთქი? მან ეგრე თქვა: არა ვიცი სხვა ამისგან კიდე, რომელ ესე ნიშანი არის ყოველსა ადგილსაო”. ესე [ამბავი] აბულ-ყასუმს, მამასა ჩემსა, მონამან მისმან მოაჴსენა.
და ესე აბულასან [აბესალომ] მეფესა მოაჴსენა.
უბრძანა მეფემან აბულასანს, ვითა: მე მაგასვე შევიჭირვებ, რომელ ეგეთნი კაცნი ყოფილ არიან და მათი ამბავი ვერა ვცანითო.
ამით უფროსსა შეჭირვებასა მიეცა მეფე და აღარ განვიდა ნადირობად.
მოაჴსენა ჯაზირ ვაზირთა-უხუცესმან:
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მეცა შემექმნა შეჭირვება, თუ მათ კაცთა ამბავთა ვერა ვცნობთო.
ესე ამისთვის თქვა, რომელ პირველ შევედრებულ იყო, მოაჴსენა და უკანის ვეღარას ჰკადრებდა. არცა ჴამს პატრონისა დიდი ცილობა.
მოაჴსენა ჯაზირ:
გაგზავნეთ კაცნი ქალაქთა სპარსეთისათა, ნუთუ ვინმე ყმა დარჩომილ იყოს მისი და მისითა ვცნათო.
მოეწონა მეფესა სიტყვა ჯაზირისი და გაგზავნნეს კაცნი სპარსეთს. ყოველსა ქალაქსა წავიდეს. დაყვეს მრავალი ჟამი.
ორნი მათ გაგზავნილთა მონათაგანნი ბაღდადსა იყვნეს. მოვლეს და ვერცა ცნეს რა. წამოვიდეს და კაცსა ვისმე ბერსა უკანა მოეწივნეს. ჰკითხა მან ბერმან კაცმან, ვითა: სადაურნი ხართ, ძმანო? უცხოდ ამიჩნდითო! მათ უთხრეს: ყოველნი ინდონი ვართ და ამათ რომელთამე საქმეთათვის ვიარებითო, − უთხრეს ყოველი. მან ბერმან კაცმან ეგრე არქვა, ვითა: თუ დამიმადლებთ, მე გაგცე გზა მაგისი. გაეხარნეს მათ კაცთა და ერთმან შესამოსელი მეტად კარგი შეჰმოსა ინდოური. ეგრე ჰრქვა მან კაცმან: ესე-რა სიახლოეს ქალაქი ერთი არის ცოტა, თვით მისი აგებული, და ყმა მისი სავარსიმის ძე ჯერეთ ცოცხალი არს, რომელი სიყრმითგან თანა-დამჴდური არის ყოველთა ნაქმართა მისთა და მან გითხრას ყოველიო.
წავიდეს ესე კაცნი, ვლეს ხუთი დღე. ბალხეთით კერძო წყალი ჩამოდიოდა დიდი და მისსა პირსა ქალაქი იყო მეტად შვენიერი. და კართა მის ქალაქისათა შესავალსა ამირან დარეჯანის ძე ეწერა, ცხენსა ზედა მჯდომი. ერთმანერთსა ეგრე ჰრქვეს: აჰა კაცი, რომლისათვის შეიჭირვებს პატრონი ჩვენი ინდოთ მეფე.
შევიდეს ესე კაცნი, მოეგებნეს და შეიყვანნეს.
ესე იყო გაგება სავარსიმის ძისა, რომელ: რა კაცი მოვიდის, დააყენიან, წესითა გაუკვეთდიან და არავინ ჰკითხის, თუ ვინ ხართ, არცა ვის რა მიღმა უთხრიან. და დაყვეს მათ კაცთა მუნ სამი დღე და არავინ რა უთხრის და სამსავე დღესა პურად აწვივიან. სახლი იყო დიდი და შუბლსა სახლისასა ამირან დარეჯანის ძე დაწერილი იყო. გამოვიდის სავარსიმის ძე, ბერი კაცი, და დაჯდის პურად და, რა პირველი ღვინო მიართვიან, უჴმის მონათა იმიერ და ამიერ. შეუსხდიან, ადგის და ღმერთსა თაყვანის-სცის, მოიქცის, ამირან დარეჯანის ძესა შეხედნის, ატირდის და ეგრე თქვის: აჰა კაცი, რომლისა მსგავსი არავინ ყოფილ არს ქვეყანასა ზედა, თაყვანის-სცის, შესვის და დაჯდის.
სამსავე დღესა ნახეს ესე ამა კაცთა. ბოლოს ჟამსა გაეთაყვანნეს და მოაჴსენეს, ვითა: ინდოთ მეფისაგან გამოგზავნილნი ვართ წინაშე თქვენსა და გაგაგონებთო. უთხრეს ყოველი ყოფილი.
ატირდა სავარსიმის ძე და თქვა ეგრე: თუმცა დიდის ჴელმწიფისაგან გამოგზავნილნი არ იყავით, ზენაარმან ღმრთისამან, თავსა დაგჭრიდით. მე მათქმევთა ამბავსა პატრონისა ჩემისასა?
წავიდეს კაცნი იგი წინაშე ინდოთ მეფისა და მოაჴსენეს, ვითა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვპოვეთ კაცი ერთი ყმა ამირან დარეჯანის ძისა, კაცი ბერი და შვენიერი, მაგრა არა გვითხრა რა.
გაეცინნეს მეფესა და თქვა: მადლი ღმერთსა, რომელ დღეთა ჩემთა მეწია ამის ამბისა ცნობა!
მოაჴსენეს კაცთა მათ: უკეთუ ადრე არა მიესწრები, დაბერებულ არს იგი კაცი და ნუთუ მოკვდესო.
გაგზავნნა კაცნი ფიცხლად სავარსიმის ძეს თანა, ვითა:
“სავარსიმის ძესა, გამორჩეულსა ჭაბუკსა, გიბრძანებს მეფობა ჩვენი! მხიარულ ვარ სიცოცხლისა შენისათვის და ვმადლობ ღმერთსა, რომელ ჯერეთ ცოცხალ ხარ. აწ რა წაიკითხო ესე წიგნი, სწრაფით წამოდი წინაშე ჩვენსა, რომელ ჩვენ გავიხარნეთ ნახვითა შენითა. ვითა მამა, ისრე პატივითა დაგიჭიროთ და გაგისვენოთ, ვითა გამზრდელსა. და მითხრობდი ამბავთა პატრონისა შენისა ამირან დარეჯანის ძისათა და გამიქარვე შეჭირვება, რომელი არს გულსა ჩემსა, და ცოცხლებითა იყავი”.
მოართვეს წიგნი სავარსიმის ძესა. წაიკითხა და მერმე დაუწერა პასუხი:
“ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მიწამან მეფობისა თქვენისამან, სავარსიმის ძემან, წავიკითხე ბრძანება თქვენი, აღვიპყრენ ჴელნი მხიარულმან და დავლოცე მეფობა თქვენი პირველ ამისთვის, რომელ მიწა მეფობისა თქვენისა მიკითხეთ და მიბოძეთ წიგნი, რომელმან გამამხიარულა და სიბერესა ჩემსა ნუგეშინის-სცა, და მერმე ამისთვის. რომელ იკითხავ ამბავთა გამზრდელისა ჩემისა ამირან დარეჯანის ძისათა და მის კაცისათა, რომლისა სწორი არავინ ყოფილ არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, და ვგონებ, რომელ არცა ვინ წაღმართ გამოჩნდების მისებრი. გებრძანა წინაშე თქვენსა მოსლვა. თუცა ღირს-ვიყავ ხილვასა თქვენსა, ვითამცა ღმერთი მიხილავს, განა სიშორისაგან გზისა და სიბერისაგან დიდისა ვეღარას შემძლებელ ვარ წინაშე თქვენსა მოსლვად. აწ თუ ბრძანოს მეფობამან თქვენმან, გამოგზავნე კაცი თქვენი; რომელი ოდენ არა დამვიწყებოდეს და არ დაცთომილ ვიყო სიბერისაგან, წიგნითა გავაგონე მეფობასა თქვენსა.
ამათ კაცთა არა ინებეს, ეგრე თქვეს: ჩვენდა არა უბრძანებიაო”.
მოართვეს წიგნი ინდოთ მეფესა სავარსიმის ძისა. მაშინ უბრძანა ორთა დიდებულთა წარსლვა და შეკაზმა კუბოჲსა აქლემთა ზედა.
უბოძა წიგნი მეფემან:
“ვინაჲთგან ღმერთსა ამ ჟამამდის მოუწევიხარ, ესე არა ეგების, თუცა არა გნახა მეფობამან ჩემმან. აწ წარმომივლენიან ორნი დიდებულნი ჩემნი − ჯაუნარ და ომარ, და შეუკაზმავს კუბო, რომელ შეხვიდე შიგან და უჭირველად მოგიყვანონ აქა, და მე ვფიცავ ღმერთსა ცხოველსა, რომელ მოსლვისაგან კიდე არა არს წამალი”.
მივიდეს დიდებულნი ჯაუნარ და ომარ და მიართვეს წიგნი ინდოთა მეფისა სავარსიმის ძესა. მოუკაზმეს და შესვეს კუბოსა შიგან და წამოიყვანეს წინაშე ინდოთა მეფისა. გაეხარნეს უზომოდ ინდოთ მეფესა და უბრძანა: სავარსიმის ძეო, გამხიარულდა გული ჩემი ხილვითა შენითა და ამისთვის შენცა მხიარულ იყავ, რომელ ვითამც მშობელი ხარ ჩემი, ეგრე დაგიჭირო და, თუ გინდეს სახლსა შენსა წასლვა, დიდითა პატივითა და დიდებითა გაგგზავნო.
მოიქცა მეფე და უბრძანა დიდებულთა: ღმერთო, ამის კაცისაგან რა გინდა კარგი ნაქმარი შეძლებულ ყოფილაო.
დაემოწმნეს დიდებულნი და თქვეს: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! არა უხილავს თვალსა ჩვენსა კაცი ასეთი, განა ნეტარ პატრონი ამისი როგორიღა ყოფილა?..
ატირდა სავარსიმის ძე და თქვა: თუცა გენახა პატრონი ჩემი, რაღამცა ებრძანა მეფობასა თქვენსა, სადა მე, საწყალი ბერი კაცი, ესრე მოგეწონეო!
დასვა მეფემან დიდითა პატივითა. დაყვნა დღენი მრავალნი, განუსვენებდეს და პატივსა სცემდეს და უბოძებდის საბოძვართა ყოველთა დღეთა.
უბრძანა მეფემან სავარსიმის ძესა: დიდად ვისწრაფი ამბავთა პატრონისა შენისათა და თქვენ, მისთა ყმათათა. თუმცა მაშვრალი იყავ, აწ იწყე და მითხრობდიო.
მოაჴსენა სავარსიმის ძემან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე ბერი კაცი ვარ და არ შემიძლია დიდად საუბარი, − და მოაჴსენა: ათორმეტნი კარნი არიან ნაქმარნი პატრონისა ჩემისანი და სხვათა მრავალთა ჭაბუკთანი, და ამას წელიწადსა ერთსა გასრულდეს ნუთუ ვითა, ამად რომელ მე უბნობა არ შემიძლია.
და მოაჴსენა მეფესა: მე სიყრმითგან დამჴდური ვარ ნაქმართა მისთა. აწ მიბრძანეთ რომელი უწინ მოგაჴსენოთ ნაქმართა მისთა: რომელი თქვენ სახლი გინახავსთ და ანუ იგი პატრონი ჩემი და ბადრი იამანის ძე და ნოსარ ნისრელი სწერიან ერთგან [ანუ სხვაო]?
უბრძანა მეფემან: მაგათ სამთა ნაქმარი, ერთგან რაც ექმნას, მითხარო.
სავარსიმის ძემან მოაჴსენა: ეგე ადგილი შუა არს, განა რომელიცა სწადდეს მეფობასა თქვენსა, იგი მოგაჴსენოთ.
კარი მეორე
ბადრი იამანის ძისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
ნადირობასა ვიყვენით. ავაზასა ქურციკი შეეპყრა. ამირან დარეჯანის ძე ზედა მოდგომილიყო და ხედვიდა. ოდეს შევხედენით, კაცი ვინმე მოვიდოდა, შავსა ტაიჭსა ზედა ჯდა, შავითა მოსილი იყო, პირი შავადვე შეეღება და ჴელი მარჯვენა შავადვე ჰქონდა. გარდაჴდა და თაყვანიგვცა მან კაცმან. შეხედნა ამირან დარეჯანის ძემან, შეეწყალა და თქვა: ვაგლახ, იმას კაცსა რა სჭირსო. ჰკითხა: ვინ ხარ, ანუ რაჲსა ჭირისა უფალი ხარო?
მან მოაჴსენა: ამბავი ჩემი გრძელია, ინადირე, განისვენე და მერმე მოგაჴსენო.
ისწრაფა ამირან დარეჯანის ძემან და წავედით შინა. ვითა პური ვჭამეთ, გაიყარა დარბაზობა და უჴმო მას კაცსა. აწვია, დასვა ქვე და ჰკითხა: რა გჭირს, ანუ რად შემოსილხარ შავითაო?
ატირდა კაცი იგი და თქვა: პატრონისათვისო. უბრძანა: მოკვდაო? მოაჴსენა: არა, ფათერაკი წაეკიდაო. უბრძანა: გვითხარ მისი ამბავიო!
გვითხრობდა კაცი იგი: პატრონი ჩემი იყო ბადრი იამანის ძე, ჭაბუკი გამორჩეული. ნაქმართა მისთა მოთლვა ყოლე არა ეგების, ამით რომელ გაგრძელდების და საწყინოდ გაჴდების, ცოტა რამე მოგაჴსენო: ოდეს მოიწიფა, ვერსადა ვინ შეება. სადაცა სახელოვანი ჭაბუკი ითქმოდის, წავიდის, შეების და აჯობის, რომელ ვერავინ გაუსწორის ომი. და ვერა პოვა სწორი თვისი. შეჭირვებად ჯდა. არცა ინადირებდა და არცა ასპარეზობდა. უმძიმდა ყოველსა ქალაქსა და იტყოდეს: ნეტარ რა წაჰკიდებია ბადრი იამანის ძესა, რომელ ასრე შეჭირვებით არის?
მე მესაწოლე ვიყავ და კარსა ზედა ვჯედ საწოლისასა. მო-ვინმე-ვიდა ბერი კაცი არაბი და ეგრე მითხრა: რას შეიჭირვებს ბადრი იამანის ძეო? მე უთხარ მიზეზი და მან მითხრა: მაგისთვის ნუ შეიჭირვებს, ეგეთი ღონე ვასწავლო, რომელ დღე დაბადებისა მანცა დასწყიოს და, ვინცა მასთან დახვდეს, მანცაო.
შევედ და მოვაჴსენე ბადრი იამანის ძესა. გაეხარნეს, ზე წამოჯდა და მიბრძანა: მომგვარე იგი კაციო. გამოვედ და შევიყვანე იგი კაცი. უბრძანა: მითხრობ ჩემისა დამართებითსა კაცსაო? მან მოაჴსენა: გითხრობო. უბრძანა: ვინ არისო? მან მოაჴსენა: ზღვათა მეფისა ასულისა გამოყვანებად წაედ და მუნ მოგხვდებიან ჭაბუკნი არა ერთნი და ორნი, განა მრავალნი და დიდად მარცხეთ საბრძოლველნი. გზა არის ესეთი, რომელ ყოლა არ ეგების მას გზასა შესლვა. უბრძანა ბადრი იამანის ძემან: მაშ, ვინ იცის იგი გზაო? მან მოაჴსენა: ცოტასა ხანსა მე ვიციო. მიბრძანა გამოღება შესამოსლისა და შემოსა კაცი იგი. უბრძანა ყმასა მისსა ინდოსა ჭაბუკსა, მას ლომსა, და უთხრა ყოველი. თავმან თქვენმან, მეორესავე დღესა წავედით და იგი ბერი კაცი არაბი წინ წავიძღვანეთ. თხუთმეტისა დღისა სავალი ვლეთ. ზედა წარგვაყენნა ქედსა და ჩაღმა გვიჩვენა და თქვა: აღარ წამოვალ, თქვენ ამასა მინდორსა დაჰმართეთ და თვით მოგხვდების, რასაცა ეძებთ. მე აქა თხუთმეტ დღე მოგელით და, თუ თქვენ არ მოხვალთ, წავალო.
ინდომან ჭაბუკმან უთხრა: ზენაარმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისამან, თუმცა ღმრთისაგან არ მეშინოდა, თავსა მოგკვეთდი. ესე კაცი ჴელმწიფე მოაცთუნვე და გზასა ზედა დააგდე?
მან ცურცლვა რასმე დაიწყო.
მაშინ გაიცინა იამანის ძემან და ეგრე უთხრა: ნუ სწყრები, ინდოვ. ჩემსა მზესა, ჭაბუკობა გვინდა და აწ გამოვჩნდებით რაძი ჭაბუკნი ვიყვნეთო.
მაშინ დადგა არაბი და წავედით ჩვენ და ვლეთ დიდი ხანი. კარავი იყო ერთი მარტო და კარსა ზედან ერთი ცხენი ება. მოაჴსენა ინდომან ჭაბუკმან: ვნახო, ისი კარავი ვისი არისო? უბრძანა: წაედ, ნახეო. წავიდა ინდო ჭაბუკი. ოდეს კარსა შეადგა, მწითური ვინმე ჭაბუკი იყო, ჰკითხა: ვინ ხარო? აგინა გამოღმართ და უთხრა: ვიცი, მას არაბსა მოუცთუნვებიხართ, რომელსა სხვანიცა მრავალნი მოუცთუნვებიან და დაუჴოციან. ინდომან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: გინება დიაცური არის. თუ ჭაბუკი ხარ, გამოედ და შემაქციეო. მწითურმან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: უკუდეგ კარისაგანო! უკუდგა ინდო და გამოვიდა მწითური ჭაბუკი შეჭურვილი. ცხენი შემოუტევა და ჴრმალი გარდაჰკრა. მერმე ჴელი მიჰყო ინდომან ჭაბუკმან, ცხენისაგან მოჰჴადა და ჩვენთან მოიყვანა; გვითხრა: ესე ჭყირტად მეუბნებოდა და თქვენ გაიკითხეთო. მან მწითურმან კაცმან თაყვანისცა და ეგრე მოაჴსენა: ვაშად მოხვედ, ნოსარ ნისრელო, უწინარე მოგელოდითო. ინდომან ჭაბუკმან ეგრე ჰრქვა: არა ნოსარ არს, ძმაო, ბადრი იამანის ძე არისო.
წავედით და თანა წავიტანეთ მწითური ჭაბუკი. ვლეთ დიდი ხანი. ორნი კარავნი დგეს: ერთი დიდი და ერთი ცოტა. და ცხენი ება დიდი და შავი. ოდეს კარსა შევდეგით, კაცი ვინმე ძილად წვა და ორნი მონანი ჴრმალმოწვდილნი − ერთი თავით და ერთი ფერჴით უდგეს. შეჰყივლა ინდომან ჭაბუკმან: ვინ ხართო? მათ მონათა პირსა ჴელი დაიდვეს და მდაბლად ეგრე ჰრქვეს: წაედით, ვირე მშვიდობით ხართო. ბადრი იამანის ძემან ეგრე ჰრქვა: გააღვიძეთ! ეგე კაცი ვინ არისო? მათ ეგრე ჰრქვეს: მოედ და თვით გააღვიძეო. გარდაჴდა ინდო ჭაბუკი და შევიდა. მოეგებნეს იგი მონანი წინა და თითო ჴრმალი ჰკრეს. მან ერთითა ჴელითა ერთსა მოზიდა და ერთითა ერთსა და ქვეყანასა დაჰკრნა და ეგრე არქვა: ზენაარმან ღმრთისამან, ვითა მე თქვენ მოგერივე, ეგრევე ჩემი პატრონი თქვენსა პატრონსა მოერევისო. ესე იყო ჩვეულება მის მძინარისა ჭაბუკისა: ვირე არ შეარყივიან, არ გაიღვიძებდა. ყივილითა მივიდა და მოზიდნა ინდომან და გააღვიძა. მან კაცმან თვალნი ამართნა სისხლიანნი, რომელ საზაროდ კმა იყო. გაიღვიძა და ეგრე თქვა: ვიცი, მას ბერსა გლახ არაბსა მისებრივ უცთუნებიაო, და ჩვენ შემოგვყივლა: წადით ვირე მშვიდობით ხართო! ბადრი იამანის ძემან არქვა: მაგა სიტყვითა ჩვენი შექცევა არა ეგების, მოედ და ჴრმლითა შეგვაქცივენო. ეგრე გვარქვა: ზე უკუდეგითო. უკუვდეგით ჩვენ.
გამოვიდა შეჭურვილი იგი კაცი და, თავმან თქვენმან, საზაროდ კმა იყო. ინდო ჭაბუკი ლამოდა შებმასა. ბადრი იამანის ძემან ეგრე თქვა: არა, ძმაო, აწ ჩემდა არისო. ნავარდი შემოუვლეს ერთმანერთსა და შეიბნეს. და შემოუტივა მან კაცმან და რუბანი შემოალეწნა. ჴელი მიჰყო ბადრი იამანის ძემან, მოჰჴადა უნაგირისაგან და ქვეყანასა დაჰკრა. ადგა კაცი იგი და მოაჴსენა: ცხოვნდი უკუნისამდე, ნოსარ ნისრელო! ღმერთო, კარგი კაცი მოხვედო. და გაგვიკვირდა ჩვენ და ვთქვით: ვინ არის ნოსარ ნისრელი, რომელ ესე კაცნი ესრე შეუშინებიან? მწითურმან ჭაბუკმან მოაჴსენა: წიგნი მოეწერა ზღვათა მეფესა თანა ნოსარს, ვითა: მე მოვალ და ასულსა შენსა შევირთავ და ნუ გაათხოვებ, თუ თავისა შენისა მშვიდობა გინდაო. მას მოველოდით და აწ შენ ისი გვეგონე.
წავედით მუნით და იგი მწითური ჭაბუკი თანა წავიტანეთ და იგი ერთი მუნვე დავაგდეთ. მწითურმან ჭაბუკმან ჰრქვა ბადრი იამანის ძესა: მო-რასმე-გაჴსენებ და ნუ გამიწყრებიო. უბრძანა: თქვიო. მოაჴსენა: შეიწყალე სიჭაბუკე შენი, ნუ გივის მამაშენი მჭმუნვარედ და შეიქეც გარე. არა ეგების კაცისაგან შესლვა, სადა შენ დაგიმართებია, და, თუ კაცისა ჯობნასა ზედა ხარ, ისი ჩემგან დიდად უარესი არისო. უბრძანა ბადრი იამანის ძემან: მწითურო ჭაბუკო, ეგზომცა მასმია ეგე გვარი სიტყვა შენგანო?
წავედით და ვიარეთ დიდი ხანი. ჰკითხეს მას მწითურსა ჭაბუკსა: რა არს აქა წინაო? მან მოაჴსენა: აქა წინა ლაშქარნი დგანან შავისა ჭაბუკისანი მეტად დიდნი და თვით მარტო თორმეტითა კარვითა დგას შორს. ღმერთმა თქვენი მტერი დააპყრას მას ყოფასა, მაგრა ლაშქარნი მისნი არას გვითხრობენო.
ვლეთ დიდი ხანი. მინდორი იყო სრულიად გარდავსებული ლაშქრითა. ჩვენ ლაშქარნი გავიარენით. ზოგნი იმღერდეს და ზოგნი სმად სხდეს. ვითა გვნახნეს, ეგრე თქვეს: მოვიდა ნოსარ ნისრელიო. და თქვა ბადრი იამანის ძემან: ნოსარ ნისრელი, ღმერთო, კარგი და სახელოვანი კაცი არისო.
ვიარეთ სამხრამდინ. ყოველნი ლაშქარნი გავიარენით და ყოველნი ქებას შეასხმიდეს შავსა ჭაბუკსა. გავიარენით იგი ლაშქარნი და შორს, მილიონსა ერთსა, კარავი დგა დიდი და თორმეტნი სხვანი კარავნი დგეს. რა გვნახნეს მიმავალნი, მივიდეს და მოაჴსენეს შავსა ჭაბუკსა: მოვლენ კაცნი ვინმე ჭაბუკნიო.
გამოიხედა და ეგრე თქვა: ნახეთ, იგი ვისმე ბედშავი ჭაბუკი შეუპყრია და თან მოჰყავსო. აუხარა ჴელი და ჰკითხა: ნოსარ არის ნისრელიო? მათ ეგრე არქვეს: ბადრი იამანის ძეაო. გამოგვეგება წინა. მოვიკითხეთ და მან ჩვენ მოგვიკითხნა. დაგვიდგეს კარავი დიდი. გვეამხანაგა და მუნ მოვიდა შავი ჭაბუკი. ესე იყო პირველი აუგი შავისა ჭაბუკისა, რომელ, რასაც კაცსა მოერივის, არ დაარჩენდის და ისწრაფდა შუღლსა.
მას დღესა დიდი პატივი გვცა და დია გამოგვისვენა. ღამით კაცი გამოეგზავნა და შემოეთვალა: არა ჟამი არის დგომისა და გამოსვენებისა, ვიცი, განა წესი არის ჩემი: ხვალე ომი არის შენი და ჩემიო.
გაიხარნა ბადრი იამანის ძემან და პასუხი შეუთვალა: მოღმა ვერას გეტყოდი, სტუმარი ვიყავ, განა, რადგან თქვენ მიბრძანებთ, დია, ღმერთო, წინაშე ვარო.
დილასა შეეკაზმა შავი ჭაბუკი. გარდაჯდა მისსა შავსა ცხენსა და გამოვიდა. თავმან თქვენმან, თუცა გენახა, მოგეწონებოდა. შეეკაზმა ბადრი იამანის ძე და მისსა თეთრსა ტაიჭსა შეჯდა. ორ კაცად, თავმან თქვენმან, კმა იყვნეს. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთს და შეიბნეს. ჴრმალთა მათთა ჭეხა გვანდა ცისა ჭეხასა. იბრძოლეს დიდი ხანი. გარდაალეწეს ოროლი ჴრმალი ერთმანერთსა. ბოლოსა ჟამსა გაწყრა ბადრი. გაიყვანა ცხენი, შემოიქცა და შემოჰკრა ჴრმალი მჴარსა მარჯვენასა და მარცხენასა თეძოსა დაასო, ჩამოაგდო და მოკლა. იმა შავისა ჭაბუკისა ლაშქარნი მოღმართ გვიჭვრეტდეს. ვითა იგი მკვდარი ნახეს, შემოგვიტევეს ცხენი, და შევიბენით. ბადრი იამანის ძისა არა საკვირველი იყო, მაგრა თუცა გენახა ინდო ჭაბუკი, მოგეწონებოდა. გავაქციენით. მერმე გარდაჴდა ბადრი იამანის ძე და შავისა ჭაბუკისა კარავსა შევიდა. მან მწითურმან ჭაბუკმან მოაჴსენა ბადრი იამანის ძესა: კურთხეულ არს-მცა მარჯვენა შენი, რომელ არა არის პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი. თავმან შენმან, ამის შავისა ჭაბუკისა ჴელითა თორმეტი ბუმბერაზი მომკვდარან, დია კარგები, და არ გვეგონა, თუცა მისდა ჭაბუკი ჯობნილიყო. აწ გზა არის ძნელი, განა შენ ვითარი ჭაბუკი ხარ, ყველა ადვილია შენგანო!
დავყავით მუნ კვირა ერთი და პყრობილნი გამოუშვენით. მოგვხვდა კაცი ვინმე, რომელსა ერქვა უსიბ, გამოვიყვანეთ და ეგრე ჰრქვა: კურთხეულმცა არს მარჯვენა შენი და ჭაბუკობა შენი, რომელ აზღვევინე სისხლი ეგზომისა ჭაბუკისა შავსა ჭაბუკსა და მე მიჴსენ მისთა ჴელთაგან. მე მუქაფა სხვა ვეღარა შემიძლია ამისგან კიდე, რომელ გზისა, რომლისადა დაგიმართებია, დია გმსახურო.
უბრძანა ბადრი იამანის ძემან: იცია გზა ყოლე? უსიბ მოაჴსენა: ვიციო. გაეხარნეს ბადრი იამანის ძესა გზისა მეცნიერობა და დაუდვა იმედი უსიბსა. მაშინ წავედით და თქვა უსიბ: აქა წინა სამისა დღისა სავალსა მჴეცთა შინა გვინდა სიარულიო. ვიარეთ და აგვიჩნდა ქვეყანა უკაცური, ჴევნარი და კლდიანი. თქვა უსიბ: აქათგან მჴეცთა ქვეყანა არსო. გამოჩნდეს ორნი ლომნი. მოვაჴსენე: მე მიბრძანე, დავჴოცნე-მეთქი. მიბრძანა: მიედო. მივედ და დავჴოცენ. მადლი მიბრძანა და წავედით. რასღა მოვთვალვიდე, გამოჩნდა მჴეცი ერთი, რომელსა ცხვირსა რქა ედგა დიდი. გვიბრძანა ბადრი იამანის ძემან: ამაზედა მე მნახეთო. მოაჴსენა უსიბ: მეფეო, ისი არა სათქვენო არის, ინდო ჭაბუკსა უბრძანეთ, იმან და იმან გარდაიწყვიდონო.
გაიყვანა ცხენი ინდომან ჭაბუკმან და, თავმან თქვენმან, ვითა კატა, [ეგრე] მოკლა.
თქვა უსიბ: არს, ღმერთო, გზა საჭირო და ძნელი, განა რომელი პატრონი ჩვენი არის და ყმა მისი ინდო, მათთანა ყველა ადვილი არისო.
წავედით მუნით და ვლეთ დიდი ხანი. გამოჩნდა მინდორსა შიგან მჴეცი პილოს ოდენი და აქვნდა ორგნითვე თავი და გამოვიდოდა პირისა მისისაგან ცეცხლი, და საზაროდ კმა იყო. მოაჴსენა: მეფეო, აჰა ისი, მაგრა საშენო არცა იგი არსო. უბრძანა უსიბს: ჩემსა მზესა, ჩემსა თეთრსა ტაიჭსა შეჯე და წამობეზღე და ნახო ნაკვეთიანობა ჴრმლისა ჩემისა. გაიცინა უსიბ და ეგრე თქვა: თუცა დია მალი არის, ყოლე არა შევჯდებიო. გაჯდა უსიბ თეთრსა ტაიჭსა და ეჩვენა მჴეცსა. წაუდგა ბადრი იამანის ძე ჩალათა შიგან. შემოუტევა უსიბს მჴეცმან და გაექცა მჴეცსა უსიბ, და ვითა დაესწორა, იყივლა: ჟამი არს, მეფეო, მიშველეო. გამოვიდა, შეუტევა, დაჰკრა ჴრმალი ზურგსა და მიწასა შიგან გამოავლო. იყივლა უსიბ: კურთხეულმცა არს მარჯვენა შენი! არს, ღმერთო, ძნელი გზა ესე, მაგრა გაგვიადვილებს პატრონი ჩვენიო.
წავედით და მუნით ვლეთ ორი დღე. სხვა კაცი ვინმე წამოდგა ქედსა ზედა, ჩამოგვყივლა: მოდით, მოისწრაფეთო! და ერთი გველი ჴელთა ჰქონდა და ერთი წელთა ერტყა. ჴელთა რომელი ჰქონდა, შემოგვტყორცა და წავიდა. ჩვენ წავედით და ვლეთ ცოტა ხანი სხვა. მას ქედსა ზედა წავადეგით და ჩავხედენით. ორნი ვეშაპნი წვეს დიდნი − ერთი შავი და ერთი თეთრი. თქვა ბადრი იამანის ძემან: შავი მე და თეთრი თქვენ სამთავე. მაშინ უსიბ მოაჴსენა: ჩემი კერძი თქვენდავე მომიჴსენებიაო. აიხვნა ხიშტნი და შეუტევა ცხენი შავსა ვეშაპსა ბადრი იამანის ძემან და თეთრსა − ინდომან ჭაბუკმან. შავმან ვეშაპმან შეუტევა ბადრი იამანის ძესა ჩასანთქმელად. გაგულისდა ბადრი ჰკრნა ხიშტნი პირსა და ერთსა მჴარსა მიწასა შიგან ჩაასვნა. ინდოსა ჭაბუკსა შეუტევა თეთრმან ვეშაპმან და ჩანთქა ვირე წელთამდის და გაიქცა. შეხედნა ბადრი იამანის ძემან, მიეწივა, ჴრმალი ჰკრა და მოკლა ვეშაპი. ეგრე უბრძანა: ძმაო, ასრევე შენ მიშველე, რა დამეჭირვოსო. მაშინ თქვა [ინდომან ჭაბუკმან]: მადლი ღმერთსა, რომელ შენ ეგეთი ჭაბუკი დაგბადაო.
გავიარეთ მჴეცთა ქვეყანა და იყო სამი ათასი დარჩეული აბაში მცველი. გზათა დგეს შეკაზმულნი და მიგველოდეს. ვითა გავჩნდით, შემოგვიტევეს ცხენი და ღმერთმან ორგულთა თქვენთა მისცეს, ვითა გავჴადენით და დავჴოცენით. წავედით და იყო ზღვისა პირსა ქალაქი ერთი ცოტა, შვენიერი. კარგნი კაცნი ქალაქისანი გამოგვეგებნეს წინა ძღვენითა და ყოველი ერი ქებასა შეასხმიდეს. დავყავით მას ქალაქსა შინა სამი დღე, განვისვენეთ და მივედით ზღვისა პირსა. თქვა უსიბ: აქა ვითა ვართ, დღე ერთი ნავითა მოვლენ ლაშქარნი, რომელ არცა რიცხვი იყოს და არცა შეგება. არს მათთანა ერთი კაცი მწითური, დიდი, და ყოველსა ლაშქარსა ზედა თავადი არს, და მათ ლაშქართა აბჯარი ჩვენსა გაჰკვეთს და ჩვენი მათ ვერა გაჰკვეთს. თუ იგი თავადი კაცი მოვკლათ, ყველა განქარდების, თუ − არა, სხვა ღონე არა არსო.
ვლეთ ერთი დღე სხვა. ვითა თქვა უსიბ, მოვიდა ლაშქარი აურაცხელი ნავითა. გვესროდეს და შეგვაჭირვებდეს, მაშინ გვიყივლა ბადრი იამანის ძემან: ჩაიმალენით ნავსა შიგანო! ჩავიმალენით ჩვენ. მოვიდა იგი მწითური კაცი და თვით თავადი, ყიოდა: იხვეწენითო! რა მოგვეახლა, ახლტა ბადრი იამანის ძე და მისსა ნავსა შიგან ჩახლტა, დაჰკრა ჴრმალი მას თავადსა მწითურსა და მოკლა.
გავიარეთ ზღვა და მივედით მას კუნძულსა, სადა იყო ზღვათა მეფისა ქვეყანა. მისი იყო ზღვასა შიგა კუნძულსა ოციათასი სოფელი. ვნახეთ ქვეყანა, რომელ არა ნახულა კაცისა თვალთაგან ეგეთი. მოეწონა ბადრი იამანის ძესა. ვიარეთ სამი დღე და მოაჴსენა უსიბ: აქა ტალა გვიჯობსო. დამაყენეს მე. თავის ქება არა ჴამს, განა არა უბადოდ ვიყავ. დილასა ნახა მეფემან დია კაცი მეჴოცა და ცხენი. დამიმადლა.
ვიარეთ იგი დღე. მიმწუხრდა. თქვა უსიბ: აქა ტალა გვინდაო. დადგა თვით უსიბ და დიდი ომი გარდაიჴადა. მადლი უბრძანა ბადრი. ვლეთ სამი დღე და მოაჴსენა უსიბ: აქა კარგი ტალა გვინდაო. უბრძანა ინდოსა ჭაბუკსა: ამას ღამე შენდა არის ტალაო. დადგა ინდო და ორი ეგზომი ლაშქარი მოვიდა და განაღამცა დაეჴოცნა.
და ვლეთ დღე მეოთხე. ხენი იყვნეს შვენიერნი და წყარო გამოდიოდა ძირსა მათსა. მეფემან ბრძანა: ამას ღამე ჩვენი სადგომი აქა არისო, და დავდეგით. მუნ ღვინოსა ვსვემდით. აივსო ჭიქა ღვინითა და უსიბ მოაჴსენა მეფესა: ლომო ლომთაო, ესე ბრძანე და ამას ღამე ტალა შენდა არისო.
გამოუღო მეფემან, შესვა და ეგრე უბრძანა: დია თურე საჭირო არის! ჩემსა მზესა, გულოვნად დაიძინეთო. ვითა შეღამდა, გაჯდა თეთრსა ტაიჭსა და წავიდა. შეხედნა ინდომან ჭაბუკმან და ეგრე თქვა: ვის მისსა ამხანაგსა ეშინიან, ფუ იმასო! დადგა ტალასა მას ღამესა. არცა გვესმა ჴმა და არცა ჟღავილი. ოდეს დილასა ვნახეთ, რომელ ჩვენ ყველასა გვეჴოცა, სამი ეგზომი მარტოსა დაეჴოცა. უსიბ თქვა: აღარა არის გზა საჭირო, მიწურვილვართ ქალაქსა.
ვლეთ სამი დღე სხვა და მივედით ქალაქისა კართა. ვნახეთ ქალაქი დიდი და შვენიერი. დავდეგით ქალაქისა კართა. მოეგზავნნეს ზღვათა მეფესა კაცნი და შემოეთვალა: ვაშად მოხვედ, ბადრი იამანის ძეო, ჭაბუკობა შენი მესმის და მიხარის.
გამოეცა კარავი და დაგვიდგეს. და გამოგზავნა სანუკვარი და გავისვენეთ მას დღესა. მეორესა დღესა და მესამესა მოვიდეს მოქალაქენი, ნახეს და მოეწონათ პატრონი ჩვენი, რომელ არა იყო სწორი მისი სიშვენიერითა და ჭაბუკობითა. გვეგონა, აღარა არის საჭირო ჩვენიო.
გამოეგზავნა კაცი ზღვათა მეფესა და შემოეთვალა: შვილო ბადრი, დიდი ჭირი გინახავს ზღვათა ზედა, გზათა შიგან და დიდნი ომნი გარდაგიჴდიან, რომელ არავის უქმნიან ნაქმარნი ეგეთნი. მე სიძე ეგეთი ჭაბუკი მინდა. აწ გაასრულე ჭაბუკობა შენი. კაცნი არიან სამნი ჩემნი და შეები. თუ დააჯერნე იგინი, მაშინღა ხარ სიძე ჩემი.
მოაჴსენა პასუხი ბადრი იამანის ძემან: მე ჭაბუკობისა ძებნად წამოსრული ვარ სახლით ჩემითა. აწ თუ ათასიმცა გყავს, ვირე არ შევებმით, თუცა შენ შემრთვიდე, მე არცა ეგრე შევირთო.
წავიდა უსიბ ქალაქსა და მოვიდა და ეგრე თქვა: მიცნიან რანიცა კაცნი არიან: ერთსა აბაში ჰქვიან და ერთსა მოკლე ჭაბუკი სიდიდისათვის და ერთისა არა ვიცი, მაგრა აქებენ და ამას იტყვიან: მათ სამთა ომი არ ეგების კაცისაგანო.
გამოეცა ზღვათა მეფესა შესამოსელი და შემოეთვალა: ხვალე შენი და აბაშისა, ომი არისო. გაიხარნა ბადრი იამანის ძემან.
ქალაქსა ზედან ციხე იყო მაღალი. დილას გამოვიდა მეფე და დაჯდა. დაისვა გვერდით ასული მისი და ცოლი და დაისხნა დიდებულნი მისნი. წამოდგა ყოველი კაცი ხედვად: რომელნიმე ზღუდეთა, რომელნიმე უბანთა, რომელთამე კარნი გამოახვნეს და დადგეს ხედვად. გამოვიდა აბაში და წამოადგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი, ვლნეს, სცემდეს და იყო ზმა. შეეკაზმა ბადრი იამანის ძე და გამოვიდა. შეუტევეს ერთმანერთსა, გარდაჴდა ომი დიდი დილითგან ვიდრე ცხრა ჟამამდე. მერმე უყივლა ინდომან ჭაბუკმან: პირველად შეხედენ შენსა მზესა და, შენმან მზემან, არა შენებურად გხედავო.
მაშინ გაიყვანა ცხენი ბადრი იამანის ძემან, შემოიქცა და შეუტივა. ჰკრა ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და გულამდისინ ჩაჰკვეთა და მოკლა. იზრიალა ყოველმან დაბადებულმან და ქება შეასხეს ბადრი იამანის ძესა.
მეფემან რა ნახა აბაში მოკლული, ადგა, მუჴლსა ჴელნი დაიკრნა და შევიდა სახლსა, გამოსცა შესამოსელი და მოულოცა ომი. თქვა ყოველმან ერმან: არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი ბადრი იამანის ძისებრიო.
გამოჴდეს დღენი. მიმწუხრად ნადიმად ჯდა ზღვათა მეფე, გამოეცა შესამოსელი, ღვინო და ხილი, და შემოეთვალა: კარგი იყავ, მომეწონე და აწ შენი და მოკლისა ჭაბუკისა ომი არსო, გაეხარნეს ბადრი იამანის ძესა და პასუხი შეუთვალა: მე დიდად ვისწრაფი და ორნივ ერთად შემომებნენო.
დილასა გამოვიდა მეფე და დაჯდა მასვე ადგილსა, დაისხნა დიდებულნი და დაიდვა ნადიმი. ეგრევე ზღუდეთა ზედა წამოდგეს ყოველნი კაცნი და სცემდეს ბუკსა და დაბდაბსა. და ეგრევე ზმა იყო ქალაქსა შინა. გამოვიდა მოკლე ჭაბუკი. ეგზომ დიდი იყო, რომელ ნიშანი არა მიეცემის. გაჯდა იამანის ძე ცხენსა და გავიდა. შეუზახნეს. გავიდეს ყოველი ერი ჭვრეტად. შეიბნეს. ესერე არა ჰგვანდა პირველსა ომსა, ვითამცა ცოტანი ყმანი ყოფილიყვნეს. იყო ომი დილითგან მწუხრამდე. გაჭირდა ომი. მოკლისა ჭაბუკისა ყმამან შემოუტივა ცხენი, თუმცა ჴრმალი იამანის ძესა ჰკრა. ნახა ინდომან ჭაბუკმან, შემოუტივა მას ყმასა, ჩაბალახსა ზედა ჴრმალი ჰკრა და მოკლა, ეგრე უთხრა: მიეშვი, ძმაო, იმათ გარდაიწყვიტონო. ვითა ნახა მოქნეული ინდოსა ჭაბუკისა ბადრი იამანის ძემან, ფიცხლავ ცხენი გაიყვანა, შემოიქცა და შემოუტივა და იყივლა: აწ მნახე, ინდო ჭაბუკო! ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და წინას ტახტასა უნაგირისასა დასვა. მაშინ იყივლეს მოქალაქეთა და თქვეს: კურთხეულმცა არს მარჯვენა შენი და ჭაბუკობა შენიო! გარდააყრიდეს თავსა დრამასა, დრაჰკანსა და თვალ-მარგალიტსა. გარდაჴდა უსიბ და დაიწყო უბეთა ჩაყრა და ეგრე თქვა: ისი ცოლსა შეირთავს, ჩვენ დრაჰკანსა, დრამასა და თვალსა რად არ ავკრეფთო?!
მაშინ დაიცა მეფემან მუჴლსა ჴელი და შეღმართ წავიდა და ეგრე თქვა: ვინ მოვიდა, რომელმან ამომიწყვიდნა ლაშქარნი და ამომიჴოცნა ბუმბერაზნიო! მერმე გამოეგზავნნა კაცნი და გამოეცა შესამოსელი და მოელოცა ომი. მოიყვანნა მეფემან ზღვათამან დიდებულნი და დაჯდა. მიუგზვნნა ასულსა მისსა კაცნი: შვილო, მე დაბერებულვარ და შენ ხარ შვილი ჩემი მკვიდრი და ესეთსა ქმარსა ვეძებდი შენთვის, რომელმცა არავინ იყო დამართებითი მისი. აწ, შვილო, აღარ ვაბრძოლოთ, იმას კაცსა კმაა, რომელ ომნი გარდაუჴდიან და ნაქმარნი უქმნიან. ამისი ერთისა ჩვენისა ყმისა ომი არა ეგების კაცისაგან და შეირთე ისი კაცი ქმრადო.
მაშინ გამოსცა პასუხი მოკლე, ვითა: მე ეგეთი ქმარი არ მინდა, რომელ ეგრე ვგონებდე, თუ მისი დამართებითი კაცი არის და ანუ უკეთესი ქვეყანასა ზედაო. აწ შეაბით ისი მესამეცა და, თუ აჯობოსღა, დავმორჩილდე ბრძანებასა თქვენსა.
დაუმძიმდა მეფესა და დიდებულთა, განა ღონე არა იყო. გამოეგზავნა კაცი ზღვათა მეფესა და გამოეცა შესამოსელი და შემოეთვალა: ღმერთმან იცის, არა ჩემგან არის, განა თვით გაიგონე ვისგან არის. აწ თვით შენი და აზარმანიკისა ომი არის; აჯობო − სიძე ხარ ჩემიო.
ბადრი იამანის ძემან გასცა პასუხი: ვიცი, მეფეო, რომელ ეგე კაცნი მოგწყინებოდეს და დამაჴოცინენ და ეგე კაცი უფრო მოგწყინებოდის და მართალ ხარ − უსარგებლონი კაცნი იყვნეს. აწ გიბრძანებია, დია, ღმერთო, შევიბნეთ. თუცა არ გებრძანა, მე უომრად არცა ეგრე გაუშვებდი.
დილასა გამოვიდა მუნვე ზღვათა მეფე და დაჯდა მასვე ადგილსა, გვერცა დაუჯდა დედოფალი, დაისვეს შუა ასული და მათ გარე დაისხნეს დიდებულნი. და ემოსა ქალსა ძოწეული ოქრო-ქსოვილი და ვთქვი: თუცა არა ჴორციელია, მზე არისო. წამოდგა ზედა ყოველი ქალაქი და დიდი და მცირე ტიროდეს ბადრი იამანის ძისათვის. შეეკაზმა ბადრი იამანის ძე და გავიდა. აზარმანიკ გვიანად გამოვიდა. მაშინ, ვითა გამოვიდა აზარმანიკ, ექენნეს დიდებულნი ზღვათა მეფესა და მისსა ასულსა: ნუ ვაბრძოლებთ, თვარა მოვაკლვევინებთ იმას კაცსა სასიძოსა თქვენსა, და ვერა პირი უპოეს. მოვიდეს დიდებულნი და ექენნეს აზარმანიკს: ნუ გახვალო. მან გაიწყრო გული, იკრა მათრაჴი, წამოაძგერა დიდებულთა ცხენი და დასცნა.
გამოვიდა. ოდეს ვნახეთ, არათ გვანდეს იგი წინანი და მოეგზავნა ათი წყრთა რკინის არგანი და [ეთქვა]: ესეთსავე მე ავიღებ და დღეს ამითი შევიბნეთო. აიღო ბადრი იამანის ძემან და ჴელს იმარჯვებდა. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და შეიბნეს. დილითგან ვიდრე მწუხრამდის ომი იყო და ვერა აჯობა ერთმანცა. შეიქცა აზარმანიკ და შევიდა ქალაქად. ბადრი იამანის ძე თავისსა სადგომსა ჩამოჴდა. მერმე მოაჴსენეს დიდებულთა ყოველთა ზღვათა მეფესა, ვითა: არავინ არის დამართებითი მის კაცისა და გიბრძოლებია აზარმანიკ და ისი, და ვერა გარდაუწყვეტია, ნუღარა აბრძოლებთო. სწადდა მეფესაცა, განა ვერა ქმნა რა თავისსა ასულსა თანა.
მას ღამესა ნადიმად ვსხედით. იყივლა ვინმე, უჴმო უსიბს და გავიდა, დაყო დიდი ხანი და შემოვიდა. ეგრე მოაჴსენა: თუ არას მიბოძებ, არ ვიტყვიო. უბრძანა: ჩემსა მზესა, თქვიო. მოაჴსენა: შენ თანა საცოლესა შენსა ცხენი გამოუგზავნია. ეგზომ გაეხარნეს, ვითამცა ყოველი ქვეყანა მისცემოდა. აწვივეს იგი კაცი და შემოვიდა შინა. ცხენი შემოიყვანეს. საკრამანგისა ფლასი ზედა ეხურა. თვალსა კაცისასა ეგეთი არა უნახავს და ეგრე შემოეთვალა: თეთრი ტაიჭი შენი მაშვრალი არის და ნაომარი, აწ ამითი შეები აზარმანიკსაო. მადლი გარდაიჴადა და შეუთვალა: ეგრე გიბრძანებია, თუ: გუშინ ავად გამეჩვენე და დღეს ამით უკეთ გამეჩვენეო. სიკვდილი გინდა შენ და შენსა მამასა აზარმანიკისა და მო-ცა-ვკლა, სხვა რაღა გინდა?
დილასა მიუგზავნა კაცი ზღვათა მეფესა ბადრი იამანის ძემან და ესე შეუთვალა: აწე გამოგზავნე აზარმანიკი, გუშინდელი ომი ლაღობა იყო. სატკივართა ადგილთა პოლოტიკნი რკინანი დაიკიდნენ და მეცა აგრე ვიქმ და გარდავსწყვიტოთო. გაუკვირდა მეფესა და ყოველსა კაცსა სისწრაფე ბადრი იამანის ძისა ომისათვის და გამოსცა პასუხი: ხვალისად მზამცა ხარ?
მას ღამესა ნადიმად ვსხედით. მოვიდა იგივე კაცი. გაიყვანა უსიბ. შემოვიდა და ეგრე მოაჴსენა, ვითა: იგივე კაცი არისო. საცოლესა შენსა ჴრმალი გამოუგზავნია და ეგრე შემოუთვლია: ხვალე შენი და აზარმანიკის ომი არის და გარდაწყვეტა გითქვამსო. აწ ესე ჴრმალი წელთა შეიბი და ამით შეები. მაშ, ღმერთო, ჴრმალად კმა იყო. მადლი მოაჴსენა და ეგრე შეუთვალა: თუ ავი ქმარი გესვა, ხვალე მნახეო.
დილა რა გათენდა, გამოვიდა ზღვათა მეფე, დაჯდეს და შუაში დაისვეს ასული. და ეცვა მას მზესა ელვარე რამე. ვფიცავ ღმერთსა ცხოველსა, რომელ მზე მისდა არა ჯობნილა. ეგრევე დასხდეს დიდებულნი და წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. სცემდეს ბუკსა და დაბდაბსა და ტიროდეს ყოველნი, მით რომელ ეგონა ყველასა ჯობნა აზარმანიკისი. როგორადაც გამოვიდა აზარმანიკ შეკაზმული და ეკიდნეს რკინანი სატკივართა ადგილთა და ცხენსაცა. თავმან თქვენმან, საზაროდ კმა იყო. ეგრევე გავიდა ბადრი იამანის ძე. ესე იყო წესი მისი, რომელ სამნი ჴრმალნი დაიკიდნის და მასცა სამნი ეკიდნეს. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და შეიბნეს. თავმან თქვენმან, ამას არცა პირველი ომი გვანდა და არც ვის სხვა ეგეთი ომი უნახავს. იყო დილითგან ვიდრე მწუხრამდის ომი და მათისა ომისაგან და ბუკისა და დაბდაბის ცემისგან ყურთა ჴმა არ ჩავარდებოდა. გარდაალეწეს ოროლი ჴრმალი ერთმანერთსა და უყივლა უსიბ ბადრი იამანის ძესა: პირველად შეხედენ შენსა მზესა და მერმე მისეული ჴრმალი რად დაგავიწყდაო?
ამაზედან გაიყვანა ცხენი ბადრი იამანის ძემან, იყივლა ფიცხლად და თქვა: აწ ნახე ბადრი იამანის ძის ჴრმლისა ნაკვეთიანობაო, და შემოუტივა და შე-თურე-ეშინა აზარმანიკს და გაექცა. და მიეწია ბადრი იამანის ძე, ჴრმალი ზურგსა გადაჰკრა და მუცლისა ტყავმანღა დაიჭირა და მოკლა აზარმანიკ.
მაშინ ახლტა მეფე, ჴელნი შეიტყველნა, გაიცინა და შეიქმნა სიხარული დიდი ქალაქთა შინა და ყოველნი ქებასა შეასხმიდეს ბადრი იამანის ძესა. ყოველმან ქალაქმან ძღვენი მოართვეს მეფესა და დედოფალსა და სიხარული დიდი შეიქმნა. გამოვიდეს და თაყვანისცეს ბადრი იამანის ძესა, გვიჴმეს და წავედით. ჩამოეგებნეს მეფე და დედოფალი წინა და მასვე დღესა ქორწილი ქმნეს და დასხდეს ცოლი და ქმარი ერთგან და ამას იტყოდეს: ერთი ყმა და ერთი ქალი ამათდა, ღმერთო, არა ჯობნილაო. და მოსცა ყოველი ქალაქი და საჭურჭლე ასი და ერთი თვით დაიჭირა.
დავყავით სამი თვე მას ეგეთსა სიხარულსა შინა და განსვენებასა. მერმე გაგზავნა ზღვათა მეფემან კაცი და უჴმო ყოველსა ლაშქარსა და საბრძანებელსა თვისსა. და მოვიდა ლაშქარი ურიცხვი, ორი ათასი მჴედარი შეკაზმული და მოიღო ყოველმან ძღვენი, რომელ ეყოფოდა მეფესა ერთსა საჭურჭლედ. და მოიჴადა გვირგვინი და დაადგა ბადრი იამანის ძესა. და ყოველმან კაცმან ძღვენი მოართვეს მეფეს და დედოფალს. და მიუთვალნა ყოველნი საჭურჭლენი და დალოცეს მეფედ ბადრი. მოიჴადა გვირგვინი ბადრი იამანის ძემან და დაადგა თავსა მეფესავე და მოაჴსენა: ღმერთმან ათას წელს გაცოცხლოს ნებასა თქვენსა ზედა. მეფობა თქვენია და გვირგვინი თქვენვე დაიდგით; სიცოცხლე და სიხარული ჩემი მანამდის არის, ვირე ნებასა თქვენსა ზედა ხართო. დაიმადლა ზღვათა მეფემან; მერმე თქვა ბადრი იამანის ძემან: მეფე ვარ დიდი და ჭაბუკობისა მძებნელი ვიყავ და ვცან ძალი ჭაბუკობისა ჩემისა და სახლმან ჩემმან და მამულმან ჩემმან არა იცისო. ამისთვის შექმნა დაღრეჯა.
სხდეს ნადიმად ზღვათა მეფე და ბადრი იამანის ძე. და ჰკითხა ზღვათა მეფემან იამანის ძესა, ვითა: რად დაგიღრეჯიანო? მან არა უთხრა. კვლა ჰკითხა: ნუთუ მამულსა და სახლსა წასლვა გწადიან? აწ წაედ, ოდეს გწადდეს მუნ იყავ, ოდეს გწადდეს, აქა იყავ. აწ მეფე ხარ ყოველთა მეფეთაო.
ბადრისა გაეხარნეს. და თქვა უსიბ: ამის სახლისა დაგდება და მაგისას წასლვა არს, ღმერთო, საკვირველიო! გაიცინნა მეფემან და თქვა: ჩემსა მზესა, ავი სახლი არს ბადრისაო? უსიბ მოაჴსენა: უბადო, ღმერთო, არსო. ბადრი იამანის ძემან მოაჴსენა: პატიმრობისაგან გამოვიყვანე, ყოლ-ყოლ არა იცის, რას ზრახავს. მერმე ჰრქვა ზღვათა მეფემან: შეეკაზმე, წაედ და წაიტანე შენი ცოლი შენ თანა, და საჭურჭლეთა ნუ მიჰყოფ ჴელსა, მე ჩემითა კაცითა გამოგიგზავნიო.
მოსცა ზღვათა მეფემან კერული და უკერავი, დრაჰკანი, თვალი და მარგალიტი ასი აქლემი და ათასი ჯორი. და წამოიტანა თანა ლაშქარი ასი ათასი მჴედარი და წამოვედით. გამოვიარეთ ზღვა. და მისსა პირსა იყო ქალაქი შვენიერი. დავდეგით მუნ. არქვა უსიბ ინდოსა ჭაბუკსა: აქა დგომა არა კარგი არისო, განა ვერა ჰკადრებდეს, თუ შიში არის და ნუ დასდგებითო.
ლაშქარნი დაყარნა. დადგა კიდე ინდო ჭაბუკი. უსიბ, მე და დედოფალი ერთსა მილიონსა კიდე დავდეგით ლაშქართაგან. არქვა უსიბ ინდოსა ჭაბუკსა: აქა დევთა ქვეყანა არის, დიდი სიფრთხილე გვინდაო. ჩვენ ბადრის ვერა მოვაჴსენეთ.
შუაღამისა ჟამსა მოვიდა ბაყბაყ დევი, მძინარე ბადრი იამანის ძე შეიპყრა, წაიყვანა. დილასა შეიქმნა ლაშქართა შიგან ძებნა. გზა და კვალი ვერა გავიგეთ. წავიდა კვალსა ინდო ჭაბუკი და იგიცა წაჴდა. შევიქეცით გარე და დედოფალი წავიყვანეთ და ზღვათა მეფესა შინა მივჰგვარეთ. შეიქმნა ტირილი და თქვა: ნეტარ რა არს ღონე, რომელმცა ვიჴსენით იგი? გაგზავნნა ლაშქარნი, განა ვერა შევიდიან, დაჴოცნიან და გამოაქცივიან. მათ ქვეყანათა ლაშქართაგან შესლვა უღონო იყო. თქვა მეფემან: მომიგონებია ღონე! ჰკითხეს დიდებულთა: გვიბრძანეო. ბრძანა: გავგზავნოთ კაცი ნოსარ ნისრელსა თანა, რომელსა მოეწერა: მოვალ და ასულსა შენსა შევირთავო. ნუთუმცა იგი იყო ღონე ჩვენი? მაშინ თქვეს ყოველთა და აწვივეს. და გვიბრძანა უსიბსა და მე და გამოგვგზავნა ნოსარ ნისრელსა თანა, და შეუთვალა ყოველი ყოფილი.
მივედით ნისარსა. და ნოსარ ჯდა წალკოტსა შიგან ნადიმად. და სხდეს დიდებულნი, იმღერდეს მგოსანნი. მივედით, თაყვანისვეცით და გვკითხა მიზეზი ჩვენისა შაოსნობისა. მოვაჴსენეთ ყოველი. მოიქცა და უთხრა ყმასა მისსა ალი დილამსა: გესმისო? მოაჴსენა: მესმისო − ლომო, გვალე, ვიჴსნათ ისი კაციო.
თავმან თქვენმან! მეორესავე დღესა წამოვედით, ყმა მისი ალი დილამი თან წამოიტანა.
კარი მესამე
ნოსარ ნისრელისა ამბავი
წავედით და ვლეთ სამი დღე. ქალაქი იყო მისი უზღუდო. ცოტანი თათარნი მოსრულიყვნეს და ქალაქი მისი დაეწვათ და წარეტყვენვათ. დიაცი ვინმე შემოტიროდა გზა-გზა და იტყოდა: ჰოჲ, სადა ხარ, ნოსარ ნისრელო, რომელ ბილწთა კაცთა ქალაქი შენი ტყვე-ქმნესო. ესმა ნოსარს და ჰკითხა: ოდესო? უთხრა: აწეო. რა ჩავხედენით, მინდორსა შიგან ჩავიდოდა ლაშქარი. გვიბრძანა: თვალი დამიგეთ! თუ პატრონისა თქვენისა ჴსნა შემეძლოს, თვით ნახოთო.
გაჯდა შავსა ტაიჭსა და მიეწივა მარტო უკანა. თავმან თქვენმან, ეგეთი ომი არ ვის უნახავს. დაჴოცნა და გააქცივნა, რომელ რისხვა ღმრთისა მოაწივა. უსიბ ეგრე მარქვა: გულ-მხიარულად იყავ, ისი კაცი პატრონსა ჩვენსა ადვილად იჴსნისო. შევასხით ქება და წამოვედით.
და გვკითხა ნოსარ: იცით გზაო? უსიბ მოაჴსენა: ვიცითო, ერთი გზა უფრო შორი და მშვიდობისაა, ერთი ახლოა და საჭირო, სითაც ბრძანოთ, მუნით წავიდეთო. ბრძანა: უახლოესსა წავიდეთო. და ვლეთ ოცისა დღისა სავალი. თუ მჴეცი გარდაგვეკიდა და თუ ლაშქარი, ვჴოცდით და მივიდოდით. ლაშქარნი გარდაგვეკიდნეს დიდნი. მოაჴსენა ალი დილამმან: მე ვნახენ ისი ლაშქარნიო. უბრძანა: ნახეო. მივიდოდა. შემოუტივეს მათ ლაშქართა. თავმან თქვენმან, თუცა გენახა, მოგეწონებოდა. ჩვენ მოვაჴსენეთ ნოსარს: უშველოთო? გვიბრძანა: არად უნდა შველა, თუ იგიღა ალი დილამი არსო. დაჴოცნა და გააქცივნა, რომელ მისსა პატრონსა მის მეტი არა უქმნია რა. მოვიდა და მადლი გარდაიჴადა ნოსარ.
წავედით და ვლეთ სამი დღე. სხვა ქედი იყო არა დიდი. წამოადგნეს ზედა სამნი კაცნი, ლომთა ზედა სხდეს. ერთმან უთხრა მეორესა: ხედავ უსიბსა ვინმე მოუცთუნებიან და მოჰყვანანო. გვიყივლეს ორპირვე: წა-ვეღარ-გვიხვალთ, წამოისწრაფეთო. გაჯდა ნოსარ ნისრელი შავსა ტაიჭსა და წავიდა. ჩვენ გვიბრძანა: აქა იყვენითო. წავიდა, გარდაიარა ქედი იგი. დიდი ხანი გამოჴდა და თქვა ალი დილამმან: წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა ქმნა ნოსარო. ოდეს ზე გავედით, ცხენი იდვა და კაცი ურიცხვი დაჴოცილი და იგი სამნი კაცნი, რომელნი ლომთა ზედა სხდეს, მკვდარნი ისხნეს. ოდეს ვნახეთ, გზა და კვალი ნოსარისი ვეღარა გავიღეთ. ჩავცვივდით შეჭირვებასა შინა ძნელსა. გამოჴდა პატარა ხანი, მოვიდა ნოსარ და კაცი ჰყვა შეპყრობილი. ოდეს მოიყვანა, საკვირველი კაცი იყო: ორი პირი ჰქონდა, ერთი შავი და ერთი − ვითა სისხლი. მით შავითა პირითა სპარსულად უბნობდა და წითლისა − ვერა გავიგონეთ რა, და ამას იხვეწებოდა: ნუ მომკლავთო! ყოველსა რჯულსა ღმერთი სწამს, ღმერთი შუამდგომლად მოგცე, რომელ დიდად გმსახუროთ. უთხრა უსიბ: დასტურად მოგკლავთ, იცოდეო. შეშინდა იგი კაცი. ნოსარ ნისრელმან ეგრე უბრძანა: ნუ გეშინის ძმაო, ისი კაცი ხუმარი არისო. აწ მომეც შუამდგომლად ღმერთი, რომელ არა მიტყუო, თვარ მიზამ ვერასო. ფიცა მან კაცმან სახელი ღმრთისა და თქვა: აჰა, ორნი ფრინველნი არიან დიდნი უზომოდ და ღონე მათისა ომისა არა არისო.
უბრძანა ნოსარ: გვალე, წავიდეთ, მათთან ომი ადვილი არისო. წავედით და მინდორსა გავდიოდით მე და უსიბ და ალი დილამი ერთგან. მარტო ნოსარ კიდე მოვიდოდა. მოფრინდა იგი ფრინველი და ჩვენ სამთავე ზედა მოვიდა. იყივლა უსიბ: გვიშველე, ნოსარო! მან ცხენი შემოუტევა და, ვირე გაესწრებოდა, ჴრმალი ჰკრა და მოკლა, ვითა კატა. იყო საზომი მის ფრინველისა პილოს ოდენი. გაუკვირდა მას კაცსა ორ-პირსა და ეგრე თქვა: ნეტარ ჭაბუკი ამისებრი არის კაციო?
იგი ერთი ფრინველი შინა არ იყო. წავედით მუნითა და თქვა მან ორ-პირმან კაცმან: აქათგან ტალა გვინდაო. დამაყენეს მე. მოვიდეს ლაშქარნი და მარტომან დავჴოცენ. წავედით მუნითაცა. მეორესა დღესა დააყენეს ტალად თვით უსიბ და კარგად იყო. უსიბისა ესე მოგაჴსენო: უსუსური იყო, თვარა გული კაცისა უკეთესი არ ეგებოდა. მესამესა დღესა თქვა მანვე კაცმან: აქა ტალა გვინდა კარგიო. და დადგა ალი დილამი. და მოვიდა ორი მისოდენი ლაშქარი და იყო იგიცა, ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა, დაჴოცნა და გააქცივნა, რომელ რისხვა ღმრთისა დასცა. წავედით მუნით და ვლეთ სამი დღე. სხვა აგვიჩნდა ციხე. იკითხა ნოსარ: ვისი არის ციხეო? მან კაცმან ორ-პირმან მოაჴსენა: ისი დევთა არის და იგი ლომთა ლომი ბადრი იქი შიგან არისო. ლამოდა ნოსარ ნისრელი, რომელ: ვირე ისი არა გამოვიყვანო, სხვასა საქმესა არა დავებაო.
თქვა მან ორ-პირმან კაცმან: აქა თვით შენ დადეგ ტალასაო. დადგა ნოსარ ნისრელი. არქვა მან ორ-პირმან კაცმან: დაძინებასა ეკრძალეო. და იყო მას ღამესა, რომელ გვესმოდა ჴმა ომისა ვიდრე ქათმისა ყივილამდის. მერმე დაწყნარდა ომი და თურე ეძინა ნოსარ ნისრელსა. მოვიდეს დევნი ორნი ძმანი ბაყბაყ და ხაზარან, მოკვეთეს კალოსა ოდენი მიწა და წაიყვანეს ნოსარ ნისრელი და წავიდეს. ზედა გათენდა. ვნახეთ: დაჴოცილი იყო ლაშქარი ურიცხვი და ვეღარა ვპოეთ ნოსარ ნისრელი. ჩავცვივდით ურვასა ძნელსა შინა. მაშინ წაუდგა კვალსა ალი დილამი და იგიცა წაჴდა მასვე გზასა. თქვა უსიბ: თუცა იგი ორ-პირი კაცი მოგვეკლა, აწმცა მშვიდობით ვართო. თქვა მან ორ-პირმან კაცმან: რა ვქმენ, ბაღას ქმარო? აგინა უსიბს და წავიდა. უსიბ კვლავე თქვა: არა ვთქვი, თუ მან გვიყო ყველაო?
და ჩვენ წავედით და მივედით იამანსა ჭაბუკსა თანა და მან გამოგვგზავნა წინაშე შენსა და მოგაჴსენა: ამირან დარეჯანის ძეო, სახელითა ყოველთა უფროსო, მე ბერი კაცი ვარ და აღარა შემიძლია, თვარა ვიმოწმებ ღმერთსა, რომელ ჭაბუკობისათვის არა ვისი მინდოდის ქენება. აწ ჴელთა ჩემთა აღარა არის. ძე ჩემი ბადრი შეუპყრია დევთა. მისად ძებნად წავიდა იგი ლომი ნოსარ ნისრელი და იგიცა ცოდვათა ჩემთა დააპყრეს და ფათერაკად იგიცა შეიპყრეს. აწ შენღა ხარ მათი ღონე, რა დააჯეროს ღმერთმან ჭაბუკობასა შენსა, იგი ჰქმენითო.
მაშინ ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: პირველად ესე იცოდე, რომელ წავალ დასტურად, განა მოვილოდინოთ აბან ქამანის ძე და მათ სხვათა ჭაბუკთა მოცდა ვყოთ ანუ ჩვენ წავიდეთო? მე ეგრე მოვაჴსენე: ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის ძეო, ვინაჲთგან წახვალ, სისწრაფე გვინდა, ნუთუ დაჴოცნენ და ვეღარა მივესწრნეთ.
კარი მეოთხე
ამირან დარეჯანის ძისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
მასვე დღესა წავედით თვით ამირან დარეჯანის ძე, მე - სავარსიმის ძე და შაოსანი კაცი. მივედით იამანსა ჭაბუკსა თანა. გამოგვეგება წინა იამან ჭაბუკი, კაცი ბერი და შვენიერი, შეეტყობოდა, რომელ ყოფილიყო ლომი ჭაბუკი. ატირდა ძნელად და თქვა: მეტსა ვერას მოგაჴსენებ, რაღა გინდა, ჰქმენ, ღონე შენ ხარ ჩვენიო.
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: მეტსა ვერას გიქადებ, ანუ მოვკვდები მათთანავე და ანუ ვიჴსნნე იგინიცა.
დავყავით მუნ დღე ერთი და ვითხოვეთ ყოლაუზი კაცი. მოგვგვარეს უსიბვე. წავედით და ვლეთ თორმეტი დღე და მივედით მას ადგილსა, სადა ბადრი იამანის ძე შეეპყრათ. მოაჴსენა უსიბ: აჰა იგი ადგილი, სადა ძმა შენი ბადრი შეიპყრესო. გარდაჴდა ამირან დარეჯანის ძე და ატირდა.
წავედით მუნით და ვლეთ სამი დღე სხვა.
მოგვეგება წინა იგივე ორ-პირი კაცი, თაყვანისცა ამირან დარეჯანის ძესა და მოაჴსენა: ფიცებულ ვიყავ ნოსარ ნისრელისა და არა გაუტეხ ფიცსა. თუ მას ვერა ვმსახურე, აწ, რადგან თქვენ მისდა ძებნად მიხვალთ, დამიც გული თქვენთანა. რომელი შემეძლოს, აწ გმსახურო.
უსიბ ეგრე უთხრა მას ორ-პირსა კაცსა: კვლა მოხვედ, ჩვენო კუროვ და მკლველო?
უსიბს გაუწყრა ამირან და მას კაცსა უბრძანა: კურთხეულმცა ხარ, ძმაო!
წაგვიძღვა იგი კაცი და წავედით.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! აგვიჩნდა ციხე მაღალი. იკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ვისი არის ის ციხეო?
მოაჴსენეს: დევთა არის, და იგი ლომნი ალი დილამი და ინდო ჭაბუკი იქი შიგან არიან. ოდეს მათნი პატრონნი შეიპყრნეს დევთა, იგინი უკან მიეწივნეს, შეებნეს ფიცხლად და იგინიცა შეიპყრნეს გრძნებითა რაჲთმე და ამას ციხესა შიგან სხენანო.
დავდეგით მას ღამესა მის ციხისა ძირსა. დილასა შეეკაზმა ამირან საქვეითოჲთა აბჯრითა. აიღო ფარი და შეუჴდა ციხისა ძირსა. წამოდგეს ზედან ლაშქარნი და ესროდეს ქვათა. შეუჴხდა ზედა და შელეწნა ციხისა კარნი, შევიდა და დაჴოცნა და წაუღო ციხე და პოვნა მას ციხესა შიგან ორნივე − ალი დილამი და ინდო ჭაბუკი. და არა შეეძლო, თუცა თანა წამოეტანნეს, მეტად შეავებულ იყვნეს და დაყარნა მუნვე და დააყენა მათ ზედა შაოსანი კაცი, დაბეჭდნა კარნი საჭურჭლისანი. წავედით სამნი ჩვენ და მეოთხე იგი ორ-პირი კაცი. მივედით მას ადგილსა, სადა შეეპყრათ ნოსარ ნისრელი, და მუნ აჩნდა მოკვეთილი მიწა. გვიჩვენა ადგილი მან კაცმან: აჰა იგი ადგილი, სადა შეიპყრეს ნოსარ ნისრელიო.
წავედით მუნით და გვარქვა მან ორ-პირმან კაცმან: მე აღარა წამოვალ და არცა რა ვიცი. ესე ოდენ ვიცი, რომელ ამის სამისა დღისა სავალსა ტყე მოგხვდების, რომელ ყოველი საყოფელი არის მჴეცთა, და, რა იგი გაიაროთ, თქვენ თვით გაუფრთხილდით, მე აღარა ვიცი რაო.
უსიბ ჰრქვა მას კაცსა: აბა, თუ ეტიკი ხარ, ეგეთი ჴამსო!
იქცა იგი კაცი. წავედით ჩვენ და მოგვხვდა ტყე იგი. ზენაარმან ღმრთისამან და თავმან თქვენმან, ხუთასი ლომი და ვეფხვი მოვკალით. გავიარეთ ტყე იგი და მოგვხვდა წყალი დიდი. იყო ნავი და იყვნეს მენავენი. რა გვნახეს, თაყვანიგვცეს და გვკითხეს: მოდარბაზენი ხართო? ვთქვით, თუ მოდარბაზენი. − აბა, ბრძანეთ და ჩამოსხედითო. ჩავსხედით და, ვითა შუა შევედით, წაგვიჴდეს მენავენი და ნავი. ჩვენ დავრჩით წყალთა შიგან. მერმე [ამირან დარეჯანის ძემან] ერთსა ღლიასა მე შემომიგდო, ერთსა უსიბ და ცურვით იმიერით გაგვიტანა. ეგრე გვიბრძანა: ღმერთო, დიდისა ფათერაკისაგან დავრჩითო!
წავედით მუნით და იყო დიდი კლდე. გამოვიდა მის კლდისაგან კაცი დიდო წითლოსანი და თქვა: ვაშად მოხვედ, ამირან დარეჯანის ძეო. აიყვანა ამირან და ნებსა ზედა დაისვა და უბრძანა: ვაგლახ, რა ცოტა ხარ, განა ვინ ხარო?
უსიბ მოაჴსენა: ეგე, ღმერთო, არავინ არს, [თუცა] კაცისა ყველასი უარესი არისო.
მან დიდომან ეგრე თქვა: ყოველი რიალი შენ ჰქმენ უსიბ და შეაპყრობინენ იგი ლომნი და აწ ესე მიგყავსო?
უსიბ უთხრა: უბედურო, რა საწყალი და ავი კაცი ხარ! თვარა მე რა უნდა ვიყო?
უბრძანა დარეჯანის ძემან: მითხარ, ძმაო, რა ხარო?
მან მოაჴსენა: დიდოთ მეფე ვიყავ, დევთა გამომაძეს და ლაშქარნი დამიჴოცნეს და მე მარტო დარჩომილვარ.
უსიბ უთხრა: რადგან ეგზომ საწყალი და მეფობისა მაყივნებელი იყავ, ნეტამც არც შენ დარჩომილიყავო.
მოაჴსენა დიდომან: აწ სადა წახვალ? სარგებელი შემიძლია, თუ კარგი ჭაბუკი ხარ და, თუ რა გმსახურო, აღმითქვი, რომელ მამული ჩემი მომცე.
უბრძანა ამირან: ზენაარმან ღმრთისამან, მოგცეო.
წამოვიდა დიდოთ მეფე და წავედით ჩვენ. და იყო კლდოვანი ადგილი და ჴევი ღრმა. იყო მას ჴევსა შინა მაღალი მოხვეწილი კლდე. გამოვიდა მის კლდისა თავსა გველი საშინელი და იწყო კაჭრობად. მოვიდოდა ყოვლისა ქვეყანისა გველი. ვჴოცდით და მოგვეწყინა ჴოცა და არა მოჰჴდა ლევა მათი. მერმე ამირან დარეჯანის ძემან ამოიღო მშვილდი, გარდაუცვა და შესტყორცა ისარი-ბოძალი და წარჰკვეთა თავი მას გველსა, რომელი ჯდა კლდისა თავსა, და გარდაწყდა გველისა მოდენა. გამოვიდა მას ადგილსა კაცი და ეგრე იყივლა: თუ ამა გველისა მოკლვა კარგა გექმნასთ, აწ სცანთო.
გამოვიდა სხვა კაცი და ჰკითხა: იმა კაცთა მოკლეს ჩვენი გველიო? ჩამოჴდეს ორნივე, გაახვნეს კარნი მის კლდისანი და გამოვიდეს სამნი ვეშაპნი საშინელნი − ერთი შავი, ერთი თეთრი და ერთი წითელი. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: შავი მე, თეთრი შენ, სავარსიმის ძეო, და წითელი უსიბს. მოაჴსენა უსიბ: ჩემი წილიცა შენადვე მომიჴსენებიაო. შემოუტივეს ვეშაპთა და ჩვენცა მათ შეუტივეთ. წითელი მოვიდა, ჰკრა ჴრმალი ამირან და მოკლა. მე და იგი თეთრი ვიბრძოდით. ჰკრა და იგიცა მოკლა. შავმან შემოუტევა უკანა და ჩანთქა ამირან დარეჯანის ძე და გაიქცა. მე მივეწივე, ჴრმალი ვკარ და კუდი მოვკვეთე. შემეხვეწა მას სახლსა და ვეღარა შევიგენით გზა და კვალი მისი.
დავიწყეთ ტირილი. და ჴელი იყვის დარეჯანის ძისა, რომელ ორნი დაშნანი იქით და აქით მოგვშიგან ესხნიან. ამოიღო და შიგან მუცელი დაუჭრა, გვერდი გაუპო და გამოვიდა სისხლითა შესვრილი და გვიბრძანა: ავად მიშველეთო! და იყვნეს მას სახლსა შინა საჭურჭლენი, დაბეჭდა და წავედით მუნით და ვლეთ ორი დღე. კიდის-კიდე ვიარებოდით. მე გარდამეკიდა კაცი ვინმე დიდი. შუბლსა თვალი ედგა და მარქვა: საწყალნო, უსიბ მოგაღორნაო? მომეკიდა წასაყვანებლად. შევიბენით და ვიბრძოლეთ დიდი ხანი. მოვკალ და მოველ დარეჯანის ძესთანა. უამბე და უჩვენე კაცი იგი. გაუკვირდა და დამიმადლა ეგდენ დიდისა კაცისა მოკლვა ჩემგან. ეგრე თქვა: ძნელი საბრძოლველი მოგჴდომიაო, და წავედით.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ვიარეთ სამი დღე. დიაცი ვინმე ჯდა და ტიროდა. ვკითხეთ: რა გჭირსო? მან გვითხრა: ჩვენნი რჯულისანი ხართო? უთხარით: იგი ვართო. ამაზედა თქვა: მომეგონა ბადრი იამანის ძე, იგი ლომი, და მისთვის ვტირი. მაშინ იგი ოდეს გრძნებითა შეიპყრეს დევთა, მე ტყვედ წამომიყვანეს და მაშინდლითგან აქა ვარ, ვიარები ამა ეშმაკთა შინა. აწ ბრძანეთ და სადილი მოგაჴსენოთო.
ჩვენ მათ დღეთა ნადირი არ შეგვეპყრა და მოგვმშეოდა. წავედით. წინა წაგვიძღვა იგი დიაცი. მის კლდისა ძირსა მივედით. კარი უკუაღო, შევიდა და, რა ამირან დარეჯანის ძე შეიყვანა, დიდი ლოდი კარსა მოაგორვა. ეს თურე დევი იყო. ჩვენ გარე დავრჩით. რა შინა შევიდა, კაცი ვინმე ჯდა, შუბლსა თვალი ედგა და უთხრა: ვაშად მოხვედ, ამირან დარეჯანის ძეო, განა რა გლახ მოიგონე აქა მოსლვაო?
ესე იყვის წესი დარეჯანის ძისა, რამცა მისჭირდის, “აბა, ლომო-ლომთაო” იყივლის [და შეუტივის. მას ჟამსა] უთხრა: ვაშად გნახე, მაგრა შენთვის, ღმერთო, დია სჯობდა, თუცა არა გენახეო.
ცოტა ყმა გამოვიდა. შუბლსა თვალი ედგა მასცა და ეგრე უთხრა: მამაო, ვიცი, რომელ იმა ყმასა მოჰკლავ, ქვე დამიდევ და მე მოვჰკლავო. ჩვენ ვდგევართ კართა ზედა და არა გვაქვს ღონე შესლვისა. ამირან დარეჯანის ძემან აგინა მას ყმასა ცოტასა. ფერჴნი დაუჭირნა და მისსა მამასა პირსა შესტყორცა და მოკლა იგი ცოტა ყმა. მაშინ ახლტა იგი ბერი კაცი, შეიბნეს ჴელის-ჴელ და იბრძოლეს დიდი ხანი. მოერია ამირან, დასცა და ამოიღო დაშნა, ჩასცა თვალსა, თვალი წამოუგდო. იყივლა დევმან: ნუღარ მომკლავ, ჭაბუკობასა შენსა, იექ ჩეშმემ ნესტ-ო.
და დააგდო დევი, შეიპყრა იგი დიაცი, რომელმან მიგვიტყუვნა, და უბრძანა: შენ სხვასაცა ვისმე მოაცთუნვებო, და მოკლა. გაგვიღო კარი და შევედით. იდვა დევი და ცოტაღა სული ედგა, აღარა ლამოდა სიკვდილსა დარეჯანის ძე. ამოიღო ჴრმალი უსიბ და მოკლა. გაუწყრა დარეჯანის ძე უსიბს. მან ეგრე მოაჴსენა: ნუ სწყრები, პატრონო, სხვასცა ვისმე მოაცთუნვებსო. და ვპოეთ მუნცა დიდი საჭურჭლე, დავბეჭდეთ და წავედით. აღარა მოგვხვდა გზასა ზედა ეგეთი.
უსიბ მოაჴსენა: აქათგანცა ტალად დგომა გვინდაო. მას ღამესა დადგა უსიბ. მოვიდა ლაშქარი და კარგად იყო იგიცა. მუნით წავედით. დავდეგ ტალასა თვით მე და დავჴოცენ ლაშქარნი. წავედით მუნით და ვიარეთ ერთი დღე. მოგვხვდა უბადო ადგილი. ტალასა დადგა თვით ამირან დარეჯანის ძე. მოვიდა დიდი ლაშქარი, დაეჴოცა და ამოეწყვიტა. ამაზედა მოვიდეს დევნი ორნივე ძმანი ბაყბაყ და ხაზარან. დაეძინა ამირანს და, ვითა ნოსარ ნისრელისა, მოჰკვეთეს ქვეყანა. განკრთა ამირან და “ოჰო” თქვა, შეუტევა ცხენი. გაესწრა ბაყბაყ, ჰკრა ჴრმალი ხაზარანს და მოკლა.
წავედით და მივედით მას ციხესა, სადა სხდეს პატიმრად ბადრი იამანის ძე და ნოსარ ნისრელი. იყო ციხე მაღალი და ქალაქი შეუვალი, არა ეგებოდა კაცისაგან შესლვა და, ვითარ ღონე ვერა ავიგეთ, მუნ დავყავით კვირა ერთი და ამას ვლამოდით, თუცა გამოსულიყო იგი ბაყბაყ დევი და შეგვეპყრა. არა გამოვიდა.
და ვითა უღონო ვიქმნენით, თქვა უსიბ: რა იქმნა იგი ბილწი დიდო?
ამაზედა მოვიდა დიდო იგი და გვითხრა: განაღა ვერასა ხართ ღონესაო? უბრძანა: ვერასაო. − აბა, მომიდექით უკანაო.
ჩაგვიძღვა დიდო ციხესა. იმიერით იყვნეს ხენი შვენიერნი და გამოდიოდა წყარო ძირსა მათ ხეთასა. ჩამოვიდის ფრინველი ყოველთა დღეთა, სვის წყალი და ციხეს შევიდის. თქვა დიდომან: მე მაშინვე მითქვამს, თუ კარგი ჭაბუკი ხარ, ღონე ვიცი-მეთქი. თვით იმა ფრინველსა ფერჴთა მოეკიდე, აღფრინდების და მას ციხესა ჩაგსვამს. აწ ღონე ესეოდენ არისო.
უსიბ უთხრა: აჰა, ვაგლახ, შენ რა თურე სრულად ავი ხარ! ვითარი შენსა კაცობასა შეჰგავს, აგეთიცა ღონე გვასწავლეო.
შეიქმნა მათ ხეთა ქვეშე სამალავი ამირან დარეჯანის ძემან, ჩაჯდა მას სამალავსა შიგან. ვითა ჩამოვიდა ფრინველი, შეხლტა და ფერჴთა მოეკიდა. აფრინდა ფრინველი იგი და ციხესა გაემართა. წამოდგეს ზედა და ყიოდეს: მოვიდა, მოვიდაო. ვითა დაესწორა, ჩაჴდა ციხესა დარეჯანის ძე, გამოიწოდა ჴრმალი და იწყო ჴოცად. მიჰჴოცდა და მივიდოდა. და იწყეს მათ პატიმართა შიგნით ყივილ, ვითა კარი გაგვიღეთო. დაჴოცნა დარეჯანის ძემან მრავალნი კაცნი და მოვიდა საპატიმროჲსა კარსა, ჰკრა ჴრმალი და გატეხა კარი იგი და გამოასხნა პატიმარნი. გამოვიდეს ბადრი იამანის ძე და ნოსარ ნისრელი. მაშინ უფროსნი დაჴოცნეს და ასწყვიდნეს. ბაყბაყ დევი ლამოდა წასლვასა. მიეწია ნოსარ ნისრელი და მოკლა. შევედით ციხესა და არა იყო რიცხვი განძისა. დავყავით კვირა ერთი და ავკიდეთ ხუთასსა აქლემსა განძი და სხვა ყოველი ციხე-ქალაქი და საჭურჭლენი მას დიდოთ მეფესა მიუთვალნა, ნუთუმცა გარდაეჴადა მსახურებისა მისისა ნაცვალი. წამოვიღეთ განძი ურიცხვი მუნითცა, სადა იგი დიაცი მოეკლა. მუნითცა გამოვიღეთ, სადა იგი ვეშაპნი დავჴოცენით, და მოვედით მას ციხესა, სადა სხდეს ალი დილამი და ინდო ჭაბუკი, და მუნითცა გამოვიღეთ ურიცხვი განძი.
მიესმა ესე ამბავი ყოველსა არაბეთსა, ვითა კაცთა ვისმე ვეშაპნი და დევნი დაუჴოცნიან და მოაქვთ ურიცხვი განძიო. შეკრბა ყოველი არაბეთი და უკანა მოგვეწია. [ლაშქართა] სიმრავლისა რიცხვი არა ეგებოდა. იგივე სამნი ლომნი და ჩვენ, მათნი ყმანი, შევეგებენით. თავმან თქვენმან, მათ სამთავე უკეთესსა ვერ გამოარჩევდი, ერთმანერთსა სჯობდეს. ვიბრძოლეთ სამი დღე. გავაქცივენით და დავჴოცენით, რომელ რისხვა ღმრთისა მივაწივეთ მათ ზედა. მაშინ ააგეს მას ადგილსა ზედა სახლი ქვითკირისა და დაეწერნეს სამნივე და ჩვენცა მათნი ყმანი დაგვწერნეს. წამოვედით და მოვედით იამანსა ჭაბუკსა თანა. დავყავით კვირა ერთი და შეიყვარეს ერთმანერთი და ძმად იფიცნეს სამნივე. თავმან თქვენმან, სამთა მათ ვერავინ მოერეოდეს. გაიყვეს განძი სამად და წავიდეს თავთავისსა ადგილსა.
აქა დასრულდა კარი ინდოთა მეფისა, ბადრი იამანის ძისა, ნოსარ ნისრელისა და ამირან დარეჯანის ძისა, და თქვენმცა ნებასა ზედა სუფევთ უკუნისამდე, ამინ.
კარი მეხუთე
ამბრი არაბისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
ამის კაცისა ამბავი დიდად იამებოდა ამირან დარეჯანის ძესა და თქვენი არა ვიცი, გთნავს ვის თუ არა, და აწ მოვაჴსენებ მეფობასაცა თქვენსა:
შუკათა შიგან შემოვიდოდით ბაღდადსა. სამნი კაცნი ბანთა ზედა სხდეს და ღვინოსა სმიდეს. ერთმან ჩამოიხედა და თქვა: აჰა ამირან დარეჯანის ძე, რომლისა მსგავსი ჭაბუკი არა არს ქვეყანასა ზედაო. ჰკითხა მოყვასსა: არსცა ამისებრი კაციო? და თქვა: არა არის პირსა ქვეყანისასაო. მან მესამემან ეგრე თქვა: არაბეთს ამბრი არაბი არისო. ესე ესმა ამირან დარეჯანის ძესა და ეგრე მიბრძანა: გესმისო? მე მოვაჴსენე: მესმის-მეთქი. ეგრე მიბრძანა: იგი კაცი თან წამოიტანე და გვითხრას მის კაცისა ამბავიო. უჴმე მას კაცსა: თქვი, ძმაო, ამბრი არაბის ამბავიო. უარ-ყო მან კაცმან: არა ვიციო. უბრძანა დარეჯანის ძემან: ვითა არა იცი? ოდეს შენ და შენნი მოყვასნი სმად სხედით, იკითხა ერთმან თქვენგანმან: არსცა დარეჯანის ძისებრი ჭაბუკიო? მეორემან თქვა: არა არის მისებრიო. შენ ეგრე უთხარ: არს არაბეთს ამბრი არაბიო და, თუ მას უნდა, სჯობსცაო.
შეშინდა კაცი იგი და ეგრე თქვა: მთრვალი ვიყავო. მაშინ აფიცა კაცი იგი და ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან. მოაჴსენა მან კაცმან: ფიცე, რომელ ავი არა მიყო რა და მოგაჴსენო. ეგრე ჰრქვა ამირან: არა თურე ავი გიყო, დიდად დავიმადლოო.
დაიწყო მან კაცმან ამბრი არაბისა ამბისა თქმა. ეგრე ჰრქვა: მოგაჴსენო ყველა, რომელი თვალთა ჩემთა უნახავს, თვარა ნასმენისა რიცხვი არა არისო.
ორნი მეფენი იყვნეს არაბეთსა და ემტერებოდეს ერთმანერთსა და იყვის ყოველთა დღეთა და ყოველთა ჟამთა ომი საშინელი, რომელ არა გაიგონების ენითა. იცით თქვენცა, რომელ არა არიან ჭაბუკნი არაბთაებრნი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ყოველი არაბეთი შუა გაყოფილი იყო და იბრძოდეს ერთი ხანთა მეფისა მძახალი და ერთი იამანთა მეფისა მძახალი, ხანნიცა და იამანნიცა შველად მოვიდიან. ამასობაშიგან გამოჴდეს მრავალნი წელიწადნი, რომელ ერთმანერთისა ბრძოლასა შინა იყვნეს. მოერივნეს ხანნი იამანთა მით, რომელ, ოდეს თურქნი და არაბნი ერთგან იყვნეს, მათი ბრძოლა ძნელია, და გააძეს ერთი იგი მეფე და წავიდა იამანსა და გაჰყვა ერთი დიდებულთა მისთაგანი, რომელსა ერქვა სახელად ომარ ლომი ჭაბუკი და დიდი კაცი. სხვა არავინ გაჰყვა მისგან კიდე მამულისა მისისა კაცი.
მოვიდეს იამანსა და მუნ იყო არაბთა მეფე. ეცადნეს იამანნი ლაშქარნი არაბეთსა შესლვასა და ვერა შევიდეს. დაყვნეს მრავალნი ჟამნი იამანსა შინა. ესვა ძე იამანთა ქალაქსა შიგან არაბთა მეფესა და მასვე დღესა მიეცა ძე ომარს, დიდებულსა მისსა. დასდვა სახელი ომარ ძესა მისსა ამარ და მისცა ომარ ხუთისა წლისასა ამარს დედამძუძედ აბუტარ, ლომი ჭაბუკი, და ეგრე უთხრა ომარ აბუტარს: შვილი ჩემი ამარ შენდა მომიცემია, ასწავლე ომი და აბჯართა კაზმა და, ვითა სჯობდეს ჭაბუკსა ყველასა არაბეთსა შიგან, ეგრე გაასწავლე შვილი ჩემიო.
მან დიდად უქადა: კაცობრივი საქმე ყველა კარგად მოვავლინო და გული კვლა ღმერთმან მისცეს. თუ გული არა უც, არას ერგების. ამისთვის მისცეს აბუტარს საზრდელად, რომელ ოდეს იშობა, მაშინვე იყო გამარჯვებული კაცი და ლომი ჭაბუკი და ვერავინ დაუდგის წინა მტერი დღეთა მისთა შინა. ვითა შეიქმნა ამარ წლისა შვიდისა, ასწავლიდა აბუტარ ოროლითა მღერასა და მშვილდოსნობასა და რაცა საჭაბუკო საქმე იყო. ნადირობდის და ასპარეზსა სცემდის. სადაცა მინდორსა შიგან ლომი დახვდის, მან ცოტამან ყმამან, ვითა კატა, მოკლის.
ერთსა დღესა მინდორსა შიგან იმღერდა ოროლითა. მო-ვინმე-ვიდა ღარიბი კაცი, შეხედნა მას ყმასა და აიპყრა სტროლაბი და ეგრე თქვა: არა იყოს მის ყმისა დამართებითი ჭაბუკი ქვეყანასა ზედაო. შეიქმნა თხუთმეტისა წლისა და არა იპოებოდა იამანთა სამეფოსა შიგან ცხენი, რომელმცა მას ჰრგებოდა. ეძებდა მამა მისი ცხენსა და ვერა ჰპოებდა ეგეთსა, ვითარი ჴამდა. ამაზედა მო-ვინმე-ვიდეს კაცნი ინდონი და მათ კაცთა ჰყვა ზერდაგი ოთხრაჴსი, რომელ არა იყო მისებრი ქვეყანასა ზედა. დიდად გაეხარნეს იამანთა მეფესა და იყიდა ზერდაგი იგი სამასი ათას დრაჰკანად, უწოდა ამარს სახელი ამბრი არაბი და უბრძანა − შეჯეო. შეჯდა ამბრი არაბი და ითხოვნა კინენი, გავიდა და მოედანსა შიგან იმღერდა. ხედვიდა იამანთა მეფე და ყოველი იამანეთი და თქვეს, ვითა ყოველსა ქვეყანასა ზედა ერთი ცხენი და ერთი კაცი ამათებრი არა არიანო.
ამაზედა კაცი ვინმე ცხენსა ჯდა და მოარბევდა. ჰკითხა ამბრი არაბმან: ძმაო, რა არს, რომელ ასრე ფიცხლად მოხვალო? მან ეგრე უთხრა: მეკობრენი გარდაგვეკიდნეს მე და მოყვასთა ჩემთა და მექარავნენი ვიყვენით დიდნი და მე ოდენ გარდმოვიხვეწე. მაშინ უთხრა ამბრი მას კაცსა: წამიძეღ წინა და მიჩვენენო!
წაუძღვა იგი კაცი და წავიდა ამბრი არაბი და ყმა მისი გამზრდელი აბუტარ. ნახეს, რომელ მინდორსა შიგან გამოვიდოდეს დიდნი ლაშქარნი მეკობრენი, სამი ათასი მჴედარი. მოაჴსენა აბუტარ: დადეგ, შენ ჯერ ცოტა ყმა ხარ და ნახო შენისა მონისა და გამზრდელისა ომიო. გაიწყრო გული ამბრი აბუტარისათვის და ეგრე უბრძანა: ვირე არა გამომცადო, მაგას ნუ იტყვიო. მერმე შეუტივეს ორთავე და, თავმან მეფობისა თქვენისამან, ორთავე პატრონ-ყმათა მოკლეს ათას-ათასი კაცი და სხვანი ძლივ გარდაეხვეწნეს. განა თუცა ლომი იყო აბუტარ და მრავალგან დამხდურიყო და ნაომარი, მაგრა, თავმან მეფობისა თქვენისამან, ეგრე არა გვანდა ამბრის ლომი იგი აბუტარ, ვითამცა ბედითი ვინმე ყმა ყოფილიყო.
ესე იყო პირველი ომი ამბრისა. ესე ამბავი ამირან დარეჯანის ძესა დიდად იამა და თქვა: თავი, ღმერთო, კარგად აუღო და ბოლოსი აღარა ვიციო.
მოაჴსენა მან კაცმან, რომელი ამბავსა გვითხრობდა:
ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის ძეო! ასეთი, ღმერთო, მოგაჴსენო მათი ნაქმარი, რომელ ესე მასთანა არა იყოს რა.
დაიწყო მბობა და თქვა:
ხანთა მეფესა ვითა მიესმა მათ მეკობრეთა თურქთა დაჴოცისა ამბავი, მტერი იყო ხანთა მეფე იამანთა, გამოყარა და გაგზავნა იამანთათვის ორასი ათასი მჴედარი. წამოვიდეს და ააოჴრეს, რომელი დარჩომილიყო იამანთა ქვეყანა, და მოადგეს იამანსა ქალაქსა, რომელ რიცხვი არა იყო სიმრავლისა მათისა. ჩავარდა იამანთა მეფე და იამანეთისა ქვეყანა შეჭირვებასა დიდსა.
დღესა ერთსა ჯდა იამანთა მეფე ბანთა ზედა. ხედვიდა ლაშქართა და გვერდით უჯდა არაბთა მეფე. მაშინ შეიკაზმა ზერდაგი თვისი ამბრი არაბმან და გავიდა. გაჰყვა ყმა მისი აბუტარ. დაიწყო ომი, რომელ, თავმან თქვენმან, არა ნახულა ეგეთი ომი კაცისა თვალითა. შევიდიან ლაშქართ შიგან და ვთქვით: დაჴოცნესო, და კვლავ გამოჩნდიან. მას დღესა შინა მოკლეს ათას ხუთასი კაცი − ათასი ამბრი და ხუთასი აბუტარ, ყმამან მისმან, და შემოვიდეს მშვიდობით. მაშინ ჩამოეგება მეფე იამანთა, შეასხა ქება და უბრძანა: კურთხეულმცა არს მარჯვენა შენი და კურთხეულმცა არს იგი ღმერთი, რომელმან დაგბადა ეგეთი ჭაბუკი! უბოძა საბოძვარი დიდი არა თუ მეფემან, განა ყოველმან ქალაქმან. შეასხეს ქება და მისცეს ურიცხვი. შეშინდეს გარეგანნი ლაშქარნი და დაუწყეს ომი, ყოველთა დღეთა უფროსი და უფროსი მოკლეს. ათი დღე დაყვეს მათ ლაშქართა და ათსა დღესა შინა დააკლეს თხუთმეტი ათასი კაცი. მაშინ ვეღარა დაუდგეს, აიყარნეს და წავიდეს.
დილასა, ოდეს ნახეს წასლვა მათი, შეჯდა ზერდაგსა ამბრი, მიეწია უკანა და მოსწყვიდა ათას ხუთასი კაცი. სხვანი ძლივ წავიდეს. წამოვიდა შინა ამბრი არაბი. აბუტარ ლაშქართავე სდევდა. მოკლა სამასი ოდენ კაცი და ბოლოსა ჟამსა ცხენი მოუკლეს აბუტარს და თვით შეიპყრეს და წაიყვანეს. ძებნა ამბრი არაბმან აბუტარ და ვერა პოვა. დაიწყო შეჭირვებად და კითხვად და ვერავინ რა უთხრა.
წამოდგა კაცი ვინმე და თქვა: რაღა სამალავი არის, შეიპყრეს და წაიყვანეს აბუტარო. მაშინ თქვა ამბრი: გამზრდელო, დიდი თურე მიგჭირდა, რომელ გაზრდილი შენი არა გიახლა? მისთვის მოჴდა საკვირველი შენი შეპყრობა? ანუ მოვიკლა თავი ჩემი, ანუ ვიჴსნა ჩემი ლომი აბუტარო.
წავიდა მარტო და უკანა მოეწია თურქეთს. თუცა გენახა, ამას იტყოდი: ამისებრი კაცი არა ნახულაო. მიეგებნეს წინა და შეებნეს. იყო მწუხრამდისი დიდი ომი. შეებნეს დიდნი ლაშქარნი და, ვითა ნახეს ბრძოლა ფიცხელი, ვეღარა დაუდგეს, გაიქცეს და იჴსნა აბუტარ და ეგრე უთხრა: აბა, ლომო ჩემო, ოდეს მიმჭირდეს, ასრე შენ მიშველეო. აბუტარ შეასხა ქება და ეგრე უთხრა: არა ნახულ არს ჭაბუკი შენებრიო.
წამოვედით და მოგვესმა ამბავი, რომელ მას ომსა, ოდენ უკან მოეწია ამბრი არაბი აბუტარისათვის, მაშინ დაჴოცილ-იყო ათასორასი კაცი. მოეგება დღისა ერთისა სავალსა იამანთა მეფე და ყოველი დიდებული და ქალაქი. შეასხეს ქება და უბოძეს საბოძვარი მეფემან და ყოველმან ქალაქმან. ესრეთ შეიყვარეს, ვითამცა ყოველთა შვილი ყოფილიყო. გამოჴდეს დღენი მრავალნი და მოაჴსენა ამბრი არაბმან იამანთა მეფესა: ცხოვნდი მეფეო, ღმერთსა ძლევა მოუცემია მეფობისა შენისად და ამათ ჟამთა მოოჴრებულ არს სამეფო შენი თურქთაგან. აწ მიბოძენ ლაშქარნი და წავალ თურქეთს ზღვევად აზდენისა სისხლისა, რომელ დათხეულა მათისა ჴელისაგან სამეფოსა ამას შინა.
გაეხარნეს მეფესა და უბრძანა წვევა ლაშქრისა. გავიდეს სპასალარნი და შეყარნეს ლაშქარნი სამოცი ათასი მჴედარი. შეჯდა მეფე იამანთა, გავიდა, ნახა ლაშქარი ყოველი და მიათვალა ამბრი არაბსა. და-თურე-შინებულ იყვნეს იამანნი ლაშქარნი თურქთაგან. მოაჴსენეს მეფესა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, არა გვასმია მამათა ჩვენთაგან და არცა გვინახავს ჩვენ, თუმცა იამანნი თურქეთსა შესრულიყვნენ, და თვით ყოველი არაბეთი მათი მეშველი არისო. უბრძანა მეფემან: ვესავ ღმერთსა ჩემსა, რომელ ძლევა ჩვენდა მოუცემია, და მერმე ესე კაცი რომელ გამოჩენილა სამეფოსა ჩვენსა, რომელთა ლაშქართა წინამძღვარი ესე იყოს, არა ეგების მათ ლაშქართა ძლევა მტრისაგანო.
მოაჴსენა ამბრი არაბმან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ჩემდა სამტეროდ არა უყო ჴია თურქთა, თუმცა მით უზემდი. მე ამისთვის ვიტყვი, რომელ მათითა ჴელითა აწყვედილა სამეფო შენი და მოოჴრებულა ქალაქნი. ვიცნობ თურქთა, არის დიდი სამეფო მათი, და დიდნი ლაშქარნი [მათნი] გალაღებულნი არიან და მრავლითა ღონითა ეგების დაჴოცა მათი. შევიწიო ღმერთი, რომელ თუ მარტოცა წავიდე, ვიძიო შური მათზედა.
დაიმადლა მეფემან და მისცნა ლაშქარნი და უჩინნა სპასალარნი. უბრძანა ამბრი არაბმან: მოხვიდოდეთ ჩვენსა კვალსაო. წავიდა წინა ამბრი არაბი ათასითა მჴედრითა და ცალკერძ წავიდა ხუთასითა მჴედრით აბუტარ და, სადამდის მივწვდით, ვაოჴრეთ ქვეყანა მათი. მაშინ ცნა ხანთა მეფემან შესლვა იამანთაგან. შეკრიბნა დიდებულნი მისნი და თქვა: სამძიმარი და აუგი საქმე მოჴდა − თურქეთსა შემოსლვა იამანთაგან, და ჴამს ესე ჩვენგან, რომელ შევანანოთ. აწ შევიყარნეთ და წინა მივეგებნეთ, ვირე შემოსლვამდის ქვეყანასა ჩვენსა.
მაშინ მოაჴსენეს დიდებულთა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო! არაოდეს ყოფილ არს თურქეთისა დამართებითა იამანეთი. განა ისი კაცი, რომელი წინამძღვარი არის მათი, მისგან არის ყველაი, თვარა ვითამცა იკადრეს იამანთა თურქეთსა მოსლვა? აწ შევიყარნეთ და წინა მივეგებნეთ და, რა ღმერთმან გამოგვირჩიოს, იგი იქმნასო.
შეიყარნეს თურქნი და გამოგზავნა მეფემან ოთხი ათასი მჴედარი. მოეგებნეს და შეიბნეს, ასწყვიდეს ლაშქარი იამანისა, რომელ მცირედნიღა დარჩეს. ჩვენ დავრჩით თურქეთსა შინა ათას ხუთასი ცხენოსანი. მოგვესმა ამბავი და დაუმძიმდა ამბრი არაბსა, თქვა: პირნო იამანისანო! ძნელი საქმე მოვიდა ჩვენ ზედა, აწ ღმერთი არის და ჭაბუკობა ჩვენი დამარჩენელი!
და ვთქვით ყოველთა ერთითა ენითა: რაცა ბრძანო, იგიცა ვქმნათო.
წავედით მუნით. იყო ქალაქი მცირე. შევებენით და წაუღეთ და დავდეგით მას ქალაქსა შინა. მოვიდეს თურქნი და გარე მოგვადგეს, რომელ არა იყო რიცხვი ლაშქრისა სიმრავლისა. პირველსა მოსლვასა თვით გავიდა მარტო და ჩვენ შინა დაგვყარნა, შეება ამბრი არაბი მას ურიცხვსა ლაშქარსა, რომელ ეგეთი ომი არა მინახავს. დაჴოცა მრავალი კაცი, რომელ ვთქვით − მასა დღესა შინა მოკვდა ორი ათასი კაცი, და შემოვიდა მშვიდობითა. შეიჭირვებდა აბუტარისათვის. და არა იცოდა აბუტარ, თუ სადა იყო ამბრი.
უამბეს აბუტარს, თუ ქალაქი არის მცირე და მუნ შინა არის ამბრი არაბიო. წამოვიდა აბუტარ. დილასა შემოუტევა ცხენი და აჰჴდა ჴმა ლაშქართა შინა ომისა და თქვა ამბრი არაბმან: ნეტარ ისი ჴმა რად არსო! გაგრძელდა მას ადგილსა ომი და ვერა ვცანით. გამოვიდა ქალაქით კერძო. ოდეს ვნახეთ, აბუტარ იყო. შემოვიდა, ხუთასისა კაცისაგან შემოჰყვა თანა სამასი კაცი. ვითა ნახა ამბრი არაბმან დაჴოცა ლაშქართა, ითხოვა ცხენი და გამოვიდა, შეიბნეს, შეიქმნა ომი ფიცხელი. ესე იყო წესი ამბრი არაბისა: რა გაგრძელდის ომი, დაიწყის სროლა კინენითა ცხენისა და კაცისა. მოკლა მას დღესა შინა არა მცირედი და შემოვიდა მშვიდობით. გაიხარნა აბუტარ შემოსლვა მისი და შეექმნა გარეგანთა ლაშქართა შიში. გაგზავნეს კაცი ხანთა მეფესა თანა და მოაჴსენეს: ესე კაცი, ქალაქსა შინა რომელ არის, დიდად მარცხი არის მტერთათვის და მოუძლურდებიან ლაშქარნი ჩვენნი და ბოლოსა ჟამსა ძლევა მას დარჩების. აწ ბრძანეთ და თვით თავითა თქვენითა მოედით, ნუ ბედითი საქმე გგონიათ.
მოვიდეს დიდებულნი და მოაჴსენეს ხანთა მეფესა. მაშინ ბრძანა მეფემან წვევა ლაშქრისა. და იყვნეს სამნი ბუმბერაზნი ხანთა მეფისანი, რომელთა დამართებითი არა იყო. უბრძანა ბუმბერაზთა მისთა: მოსულა ქვეყანასა ჩვენსა ამბრი არაბი, კაცი ერთი, რომელ არა არს დამართებითი მისებრი ჭაბუკი, ყოველსა ქვეყანასა უსწორო, გამარჯვებული და ღონიანი. აუწყვედია ლაშქარი; თუცა დაიჴოცა იამანთა ლაშქარი ჩვენთა ლაშქართაგან, განა ვინაჲთგან იგი მართლად ქვეყანასა ზედა ჩვენსა არის, პირველად აუგი არის და მერმე სავნებელი ჩვენი. კვლა უმრავლესი დაუჴოციან ჴელითა მისითა ლაშქარნი ჩვენნი, და არა ეგების მცირედითა ლაშქრითა გასლვა სამეფოჲსა ჩვენისაგან და, თუ წავალ, მოუნახავს ქვეყანა ჩვენი და შეუტყვია ლაშქართა ჩვენთა ძალი. თუცა ფათერაკი წაეკიდა და დავჴოცეთ ლაშქარი, ამით რომელ იგი ჭაბუკი არა იახლა. თუ აწ წავიდეს, შეკრბეს და კვლა მოვიდეს, არა დარჩეს ქვეყანასა ჩვენსა სულიერი ამით, რომელ შემომტერებულა ქვეყანასა ჩვენსაო.
მოაჴსენეს ბუმბერაზთა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! თუცა არ იკადრების, ვსწყრებით მეფობისა თქვენისათვის, ამისთვის რომელ ერთი კაცი ღარიბი ვინმე მოსულა და მისთვის შეჭირვებულა მეფობა თქვენი. აწ გვიბრძანე ერთი ვინმე წავიდეთ, ცოცხალი მოვიყვანოთ თქვენსა წინაშე და, თუ ბრძანოთ, თავი მოვიღოთ მისი. და რად გინდა ეგზომი შეჭირვება მისთვის?
მეფემან მადლი უბრძანა და თქვა: მე თვით თავითა ჩემითა მივალ და ლაშქარი ჩემი ყველაი, და თქვენც სამთავე გინდათ წამოსლვა. დიდსა ურვასა შინა ვარ მის კაცისა ჩვენისა ქვეყანასა შინა ყოფისათვის.
და ბრძანა გასლვა სპასალართა და წვევა ყოვლისა ლაშქრისა. შეკრბა ურიცხვი ლაშქარი, რომელ თვით იგინივე იტყოდეს, ვიყვენით რვაასი ათასი მჴედარი. წამოიტანა თანა სამნივე ბუმბერაზნი მისნი.
დღესა ერთსა იგი ლაშქარნი, რომელ გარე გვადგეს, დასხდეს ცხენთა და დაეკაზმნეს გაგებებად. შეიქმნა ბუკთა და დაბდაბთა ცემა მოსლვისათვის ხანთა მეფისა. გამოჩნდეს ხანთა მეფისა ლაშქარნი, რომლისა არა იყო რიცხვი და არცა შეგება, ყოველნი შეკაზმულნი საომრად, რომელ სიმშვენვარე ლაშქართა მათებრი არა ნახულა. დაეპყრა ქვეყანა, რომელ იყო რიცხვი უფროსი ბევრისა ათასისა, და ვიყვენით ჩვენ ათას სამასი კაცი. შეჭირვებასა და ურვასა ჩავცვივდით. თქვა ამბრი არაბმან: ღმერთი არის და ჭაბუკობა ჩვენი დამრჩენელი, და უბრძანა აბუტარს: ჴამს, რომელ ახალმოსულთა ზედა კარგი ნაქმნარიო?
მოაჴსენა აბუტარ: დია ღმერთო!
და ბრძანა დაკაზმა და დავეკაზმენით. გაჯდა (ამბრი) ზერდაგსა და აიხვნა კინენი და ეგრე თქვა: აწ ნახოთ, პირნო იამანისანო, ჭაბუკობა ჩემიო, და შეუტევა. პირველსა მისლვასა აიღო კაცი უნაგრისაგან კინენითა, გასტყორცა და დასცა ლაშქართა ზარი. წინანი გაიქცნეს ვიდრე დიდთამდე. მოგვეგებნეს წინა და შეიქმნა ომი, მაგრა არა მინახავს ომი ეგეთი. გამრავლდა მკვდარი ცხენთა და კაცთა. შეღამდა ზედა. შემოვედით შინა და დაკლებულ იყო ჩვენთა ლაშქართაგან მცირედი კაცი. გარეგანთა დაჴოცილისა რიცხვი არა იყო. მოვიდა ხანთა მეფე და დადგა პალატითა. მოიყვანნა გარე დიდებულნი და ლაშქარნი, რომელ არა გარდაწვდებოდეს თვალნი და წამოწყდეს ლაშქართა წინა იგი სამნი ბუმბერაზნი და დადგეს კარვითა. და ეშინოდა გარეგანთა ლაშქართა ამბრი არაბისა სიკეთისათვის. გამოგზავნა კაცი ხანთა მეფემან ამბრი არაბსა თანა და ეგრე შემოუთვალა: შენ კაცი ხარ კარგი და კარგი ჭაბუკი და არა ხარ იამანისა ქვეყანისა. არაბი ხარ და რა სამეფოსა ჩემისა გიყოფია ჴელი? აგიწყვედია და მოგიოჴრებია ქვეყანა და სდეგ ჩვენსა ქალაქსა შიგან. ამისთვის რა პატივი გხვდების, არა გარდაგაჴდევ, მით რომელ მოცთუნებულხარ იამანთაგან. აწ მოედ ჩემსა წინაშე და შეგრთო ქალი დიდებულთა ჩემთა და გაგიქარვო ყოველი შეცოდება. და თუ არ დაჰმორჩილდე ბრძანებასა ჩემსა, მოგეკვეთოს თავი და შეჭამნენ ჴორცნი შენნი ძაღლთა.
ეგრე უთხრა ამბრი არაბმან მოციქულთა: რა პასუხი ჴამს, მე ვერასა ვიტყვი მით, რომელ იგი დიდი ჴელმწიფე არის. აწ ამის მეტსა ვერას მოგაჴსენებ, რომელ: თუცა არ მოსრულიყო კარსა ზედა ჩემსა და მუნითცა ებრძანა, ამას ვიქმოდი, რომელ წავიდოდი მისისა სამეფოჲსაგან და აღარასა შევსცოდებდი, რადგან თვით მობრძანდა, აწ თუ დავეზავო, ისი ჩემი სიავე არის, მაგრა მე მით არასა ვჰკადრებ.
გავიდეს მოციქულნი და მოაჴსენეს ესე მეფესა. რა მოციქულთაგან მეფემან ესე პასუხი მოისმინა, გაწყრა და კვლა მოეგზავნა და ეგრე შემოეთვალა: ვინაჲთგან ეგრეთი ჭაბუკი ხარ, ესე ქმენ: არიან ჩემნი ბუმბერაზნი სამნი და, თუ მათ შეება და დააჯერნე, თვით ნახო და, თუ მათ შენ დაგაჯერონ, მაშინ კვლა ნახო ჭაბუკობისა შენისა ძალი.
მაშინ გამოგზავნეს სამთავე ბუმბერაზთა ესე პირი, ვითა: შენ კაცი ხარ მარჯვე და გაგიმარჯვებია მცირე ომი უბადოთა კაცთა ზედა და მათისა დაჴოცისათვის გალაღებულხარ. ეგე არა ჭაბუკისა ჴელი არის. აწ ქმენ ესე, რომელ გამოედ ჩვენთანა და ჩვენ ვქმნათ ესე, რომელ გიხვაიშნოთ მეფეთა-მეფის წინაშე და გაგიშვას მშვიდობით. თუცა შეგიცოდებია მრავალი, გავაქარვოთ შეცოდება შენი ყოველი და, თუ არ იქმ ამას, მაშა, ომი არის შენი და ჩვენი. აწ რა გინდა, იგი გამოირჩიეო.
შეუთვალა პასუხი ამბარი არაბმან: მეფესა მე არას მოვაჴსენებ, ამიტომ რომელ თქვენ არა იცით და მოსწყინებიხართ მეფესა და სიკვდილი უნდა თქვენი. აწ გაიგონეთ და იჩინენით თავნი, ჩემისა სიტყვისა ბოლო ესე არის და, თუ სამნივე ერთად არ გამოხვალთ, არ იქმნებისო.
გამოვიდეს მოციქულნი და დაასკვნეს ხვალისად ომი.
გამოგზავნეს მათ ბუმბერაზთა მოციქულნი და შემოუთვალნეს: მარტო გამოდი და ჩვენცა მარტო გამოვალთო.
ვითა გათენდა, გააღებინა მეფემან კარავი და დაჯდა და დაისხნა ხუთასნი დიდებულნი და დაიდვა ნადიმი. იმღერდეს მგოსანნი. მოდგა ყოველი ლაშქარი ხედვად. გაჯდა ამბრი არაბი ზერდაგსა და გავიდა. გაჰყვა გამზრდელი მისი აბუტარ თანა. გამოვიდა იმათ სამთა ბუმბერაზთაგან ერთი და გამოგზავნა ლახტი მისი და ეგრე შემოეთვალა: დღესა ამით შევიბნეთო. აიღო და ეგრე არქვა: ხედავა, რომელ არა ჰგავა სიკვდილი შენი პატრონსა შენსა? იგი ნადიმად ზის და იცის დასტურად, რომელ შენ მოჰკვდები.
ამაზედა შეუტივეს და სცეს ერთმანერთსა. ამბრი არაბმან ჴმამაღლად ეგრე თქვა: აწ ნახოთ ყოფა ხანთა მეფისა ბუმბერაზისაო. ჰკრა ლახტი მას ბუმბერაზსა და ზურგი მოსტეხა და მუნვე მოკვდა. შეიქმნა იმიერთა შიგან ზრუნვა დიდი და თქვეს: არა ნახულა ჭაბუკი ამისებრიო. უთხრა ამბრი არაბმან მათ ბუმბერაზთა: თუ თქვენცა გამოხვალთ, მზად ვდგავარო. დაუმძიმდა ხანთა მეფესა და ეგრე შეუთვალა: დღეს წაედ და ხვალ გამოედო. შემოიქცა ამბრი არაბი და შემოვიდა მასვე ქალაქსა შინა. შევასხით ქება და ჩვენცა გავგულოვანდით ყოველი კაცი.
რა გათენდა, დაჯდა მეფე, დაისხნა დიდებულნი და კვლა დაიდვა ნადიმი, მაგრა მგოსანნი აღარა იმღერდეს. გამოვიდეს ყოველნი ლაშქარნი ხედვად. გაჯდა ამბრი არაბი, გავიდა და გაიტანა თანა აბუტარ. განა არ მეშველად უნდოდა აბუტარ, მაგრა სიმცროჲთგან ომისა საქმესა ზედა მისგან იყო გასწავლული და, რაცა დააკლის ამბრი არაბმან საქმე ომისა, კვლა აბუტარვე ასწავლიდის და მით გაჰყვებოდის თანა. მან ბუმბერაზმან ჰრქვა: დღესა ჴრმლითა შევიბნეთო. ჰრქვა ამბრი არაბმან: დია, ღმერთო, უმალე მოგკლაო.
შეუზახნეს და შეუტევეს ერთმანერთსა და, თავმან შენმან, ომად კმა იყო. გარდაალეწეს თვითო ჴრმალი ერთმანერთსა და მეორე გამოიწოდეს. იყო ზმა დიდი ლაშქართა შიგან. მაშინ გაიყვანა ამბრი არაბმან ზერდაგი მისი და ეგრე შეჰყივლა: დაიდგენ და ნახონ ნაკვეთიანობა ჴრმლისა ჩემისაო. რა გაიგონა, გაიქცა, კაცი იგი შეშინდა და თურე ღონესა რასმე ეძებდა. წაეწია ამბრი არაბი, ჰკრა წელთა ზედა ჴრმალი და ზედათი კერძო სრულად მოჰკვეთა. და ბარკალნი თურე დაკრულნი იყვნეს ცხენსა ზედა და ზედავე შერჩეს. წავიდა ბუმბერაზისა ცხენი ლაშქართაკენ და შეჰყივლა ამბრი არაბმან, ვითა ნახევარი ჩვენ გვინდა, ნუ სწყრებითო. დაუმძიმდა ხანთა მეფესა მის ბუმბერაზისა სიკვდილი. შემოვიდა ამბრი არაბი. მუნვე შევასხით ქება ყოველთა და გვემატა ძალსა და ვთქვით: ვინაჲთგან ამბრი არაბი ჩვენი პატრონი არის, ჩვენი ვნება არავისგან ეგების ერთისა ღმრთისა გარდა.
გამოჴდეს დღენი და ისწრაფდა ამბრი არაბი მის მესამისა შებმასაცა. გაუგზავნა კაცი ხანთა მეფესა ამბრი არაბმან და ეგრე შეუთვალა: აქა ომისათვის მოსრულხარ და ომი ჴამს. გამოგზავნე ბუმბერაზი შენი, ვიცი, რომელ ყოველთა სჯობს, განა ომისაგან კიდე არა გვეწევის. ხვალე ომი არის ჩემი და მისიო.
მერმე მეფემან შეჭირვებითა ამისგან კიდე პასუხი არა გამოსცა, ვითა: ნუ ისწრაფი, უომრად არ გაგიშვებს ჩვენი ბუმბერაზი. ხვალისად დაემზადე და გამოდი დილასაო.
დილასა შეჯდა თვით მეფე, დიდებულნი და ლაშქარნი დაკაზმნა და გამოვიდა. მოვიდა მესამეცა ბუმბერაზი და ეკიდნეს რკინანი ცხენისად სატკივართა ადგილთა და თვითცა ჩამოეკიდნეს რკინანი. ვთქვით: ერთი ჭაბუკი ამას ვერა სჯობსო. გამოგზავნა მან ბუმბერაზმან კაცი და ეგრე შემოეთვალა: დღეს სიკვდილი არის ანუ შენი და ანუ ჩემი. თუ მომერიო, ნუ დამარჩენ და, თუ მოგერევი, არ დაგარჩენ, მით რომელ აზომი სისხლი დათხეულა ჴელით შენითა თურქეთსა შინა.
ეგრე თქვა ამბრი არაბმან: მოვიდა აღსასრული შენიო. მერმე გაიყვანა აბუტარ ცხენი და უყივლა, ვითა: შემომები, მით რომელ პატრონისა ჩემისა დამართებითი არა ხარო.
რა ესე გაიგონა მან ბუმბერაზმან, ჴელი აუხარა და დაუწუნა და აგინა. მერმე რა ისეთი ჭყირტი სიტყვა გაიგონა ამბრი არაბმან მის ბუმბერაზისაგან, გაუწყრა გამზრდელსა მისსა აბუტარს და თვით გავიდა კინენითა, შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და შეიბნეს ცოტასა ხანსა. მერმე გაიყვანა ცხენი ამბრი არაბმან და შეჰყივლა მეფესა, ვითა აწ ნახო გაგება შენისა ბუმბერაზისაო.
შემოუტივა და შეუყარნა კინენი, აიღო უნაგირთაგან, გასტყორცა მას კერძოსა, სადა თვით მეფე დგა, და შეჰყივლა მეფესა, ვითა გაიკითხე ბუმბერაზი შენი, ვითარი ჭაბუკი ვარო. დასცა მეფესა წინა და მოკლა ბუმბერაზი იგიცა.
რა ესე მოინახა, მაშინ იყივლა მეფემან: აჰა, ვისცა შეგიძლია, შეუტევეთ ყოველთა, მით რომელ ასწყვიდა ლაშქარი ჩემი და დაჴოცნა სამნი ბუმბერაზნი ჩემნიო. შემოგვიტევა სპამან ყველამან და წინა მოვიდა ამბრი არაბისაგანცა აბუტარ და თქვეს, ვითა მას დღესა ყოველთა აბუტარ სჯობდაო. გარდაჴდა ომი დიდი და დაჴოცა ურიცხვი სიმრავლე ლაშქართა და შემოვიდა მშვიდობით. დაჰკლებოდა ჩვენთა ლაშქართა ასი კაცი და დაეცა ზარი მათ გარეგანთა ლაშქართა. გარდაჴდა იგი დღე და მეორე-მესამესა დღესა ბრძანა ამბრი არაბმან: ხვალე ცისკრისა ჟამსა ჴამს, რომელ ზედან დავესხათ, მით, რომელ თუცა ლაშქარი დიდი არის, განა შეშინებულანო. რა ცისკრისა ჟამი შეიქმნა, გავედით და თავს დავესხენით. შეიქმნა ომი დიდი ცისკრითგან ვიდრე სამხრამდი. მერმე რა ჩვენგან ეგზომი ფიცხელი ომი მოინახეს, ვეღარ დაგვიდგნეს, გაგვექცნეს, მივეწივენით, დავჴოცეთ და ამოვწყვიტეთ. მიეწივა ამბრი არაბი ხანთა მეფესა და შეიპყრა, ვითა ცნა, რომელ ესე ხანთა მეფე არისო, გარდაჴდა და თაყვანისცა ამბრი არაბმან და თქვა: მე მონა ვარ, შენ − დიდი ჴელმწიფე. არა ეგების ჩემგან შენი არცა სიკვდილი და არცა პატიმრად წაყვანაო. გაუშვა მეფე და წავიდა. არცაღა ლაშქარსა ჰჴოცდა. ავიღევით ალაფი, რომლისა არა იყო რიცხვი, და მოვედით გამარჯვებულნი.
მიესმა ესე ამბავი იამანთა მეფესა ჩვენისა გამარჯვებისა და სიხარულითა მოეგებნეს წინა სამისა დღისა სავალსა იგი ყოველი სამეფო და ყოველი დიდებული მისი. და შეასხეს ქება პირველ მეფემან და მერმე ყოველმან კაცმან. მისცა მეფემან ურიცხვი და ყოველმან დიდებულმან და წავედით იამანსა. და შეიყვარა უზომოდ მეფემან და სხვამან ყოველმან ვითა შვილი მეფისა. აშენდა იამანეთი. ამას იტყოდეს ყოველნივე: გვიჴსნა ტყვეობისაგან ამბრი არაბმან ჭაბუკობითა მისითაო. და იყო მეფე და ყოველი იამანეთი დიდსა სიხარულსა შინა.
კარი მეექვსე
ინდო ჭაბუკისა ამბავი
მაშინ, ოდეს იამანთა ქვეყანა შეავებულ იყო და წაეხვნეს ქვეყანანი შორიელთათვისცა და მახლობელთათვისცა, იყო ვინმე ინდო ჭაბუკი, რომლისა არა იყო დამართებითი მისი ქვეყანასა ზედა. დიდად კარგი კაცი იყო და წაეხვნეს ქვეყანანი იამანთა მეფისანი მრავალნი. შვიდისა დღისა სავალსა და მის კერძსა ქვეყანასა ვერავინ შევიდოდა, ვერცა ქარავანი და ვერცა მგზავრი. დიდსა ურვასა შინა იყო იამანისა ქვეყანა და არა იყო ღონე ომისა მისისა. მრავალჯერ მიჰჴდომოდეს ლაშქარნი და მასვე დაეჴოცნეს.
და გასცა ბრძანება იამანთა მეფემან: ნურცა დიდისა და ნურცა მცირედისაგან ნუმცა იხსენება ამბრი არაბთანა ამბავი ინდოსა ჭაბუკისა, თვარა იგი წავა ომად მისად და მოკვდების ჴელითა მისითაო.
ამისთვის თქვა, რომელ უყვარდა იგი ამბრი არაბი და ეშინოდა ინდო ჭაბუკისაგან სიკვდილისა მისისა.
ერთსა დღესა იმღერდა ოროლითა ამბრი არაბი და ხედვიდეს ყოველნივე მისისა სიმშვენვარისათვის და მღერისა მისისათვის. ამაზედა კაცი ვინმე მოდგა და ტიროდა. უბრძანა ამბრი არაბმან: რა გჭირს, ძმაო, რად აგრე არბევ ცხენსა ესდენ ფიცხლად, ანუ რად სტირიო? მან მოაჴსენა: ქარავანნი ვიყვენით დიდნი ბასრელნი და იამანისაკენ მოვდიოდით. გარდაგვეკიდა [ინდო ჭაბუკი], მსმელი იგი სისხლისა და მაოჴრებელი ყოვლისა ქვეყანისა, რომელსა აუწყვეტია ყოველი იამანისა სამეფო და მრავალნი ქალაქნი წაუხმან, და არის ყოველი ქვეყანა ბოროტსა შინა მისისა ჴელისაგან. დგას მთათა ზედა და არის მინდორიცა და მუნ არის სამეფო მისიო.
მაშინ დაუმძიმდა ამბრი არაბსა და ჰრქვა აბუტარს: ხედავ, რომელ დაგვიმალეს საქმე მის კაცისაო! ფიცხლა დააგდო მღერა ოროლითა. წამოვიდა და მწყრალი შემოვიდა იამანთა მეფესა წინაშე. უბრძანა მეფემან: ბრძანე, ამბრი არაბო! და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვწყრები მეფობისა შენისათვის. უბრძანა: რადო? მოაჴსენა ამბრი: პირიმცა იყო, თუ თვით ვინმე მოსულიყოს, სამეფო შენი აეწყვიტოს და ქალაქნი წაეხვნენ და ბოროტსა შინა იყოს სამეფო შენი ყოველი და ჩემად არ გიბრძანებია?!
მაშინ დაუმძიმდა მეფესა და იკითხა: ესე ამბავი ვინ უთხრაო?
მოაჴსენეს, ვითა ბრალი არავისი ყოფილა, ცთომითა უთხრა კაცმან ვინმეო.
მაშინ მოაჴსენა ამბრი არაბმან: მე, ღმერთო, წავალ ომად მისდა და შეწევნითა ღმრთისათა ვერა წავიდეს მშვიდობით ჴელისა ჩემისაგანო.
რა ესე ესმა მეფესა, დაუმძიმდა, და უბრძანა: გაუშვი ეგე, ამბრი არაბო! მე არა გაგიშვებ მისდა ომად, დაეჴსენ მისსა საქმესა.
მოაჴსენა ამბრი არაბმან: ხვალე უღონიოდ წავალ, იცოდი.
შეეკაზმა და დაასკვნა წასლვა. ვეღარ დაუშალა მეფემან, წავიდა. იტყოდეს რომელნიმე: ესე აჯობებსო, და რომელნიმე იტყოდეს: იგი აჯობებსო. ვითა გაიარნა კარნი ქალაქისანი, იკითხა: ისინი რით უფრო იბრძვიანო? მოაჴსენეს: ოროლითაო. ბრძანა: არა ვარგია ჩემთვის და მისთვის, თუცა არა იყვნეს ცხენნი მრავლად. შეიქცია კაცი გარე და დაარჩივა ორასი ტაიჭი, წაიტანა თანა და წავიდა. შევედით ქალაქსა და ქვეყანასა მისსა. მოაჴსენეს ამბრი არაბსა: მონადირე არის ჴშირად და, სადაცა იყოს, ოცდაათი ტაიჭი ჰყავს თანა.
დაარჩივა ოცდაათი ტაიჭი ამბრი არაბმანცა და გამოვიდოდა მინდორსა შიგან ძებნად ინდოს ჭაბუკისა. ცალკერძ სძებნიდა ამბრი არაბი და ცალკერძ სძებნიდა აბუტარ. და ნადირობასა შიგან ზედა გარდაეკიდა მას ინდოსა ჭაბუკსა აბუტარ. შეუზახნა ინდომან ჭაბუკმან: ვინა ხარო? მან ჰრქვა: აბუტარ ვარ, ყმა ამბრი არაბისა.
რა ესე ესმა ინდოსა ჭაბუკსა, ფიცხლად შეუტევა ინდომან ჭაბუკმან და პირველსა მისლვასა ზედა შეუყარა კინენი, აიღო უნაგირითგან, დაჰკრა ქვეყანასა ზედა და არ მოკლა. გამოაბა სარტყელსა მისივე ცხენი და თვით ნადირობა დაიწყო. ვძებნიდით ინდოსა ჭაბუკსა და არა ვიცოდით, თუ რა ექმნა აბუტარისათვის. დგა ნისლი. ამას ნისლსა მოახლებულ იყო იგი ინდო ჭაბუკი. ჩვენ მას ვერა ვხედევდით და იგი ჩვენა. ამაზედან აიყარა ნისლიცა. შემოგვხედნა და იყივლა: ვინ ხართო? თქვა: მე ვარ ამბრი არაბი და ვეძებ ინდოსა ჭაბუკსაო. მან არქვა: თუ ეძებ, აბა გიპოვნივარ. მე ვარ და ვაი ბედსა შენსა, რომელ მოხვედო.
შეუტევეს ერთმანერთსა. თავმან შენმან, ეგეთი ომი და ეგზომ შვენიერი არა მინახავს რა. მოუკლეს ერთმანერთსა ოც-ოცი ცხენი. თქვა ინდომან ჭაბუკმან: ნეტარ ვინ არის ესე კაცი, რომელ ესდენ კარგად შემომება? განა ესე ლაღობა არისო. არქვა: თუ ჩემად მოსრულ ხარ ომად, იგი ბრძანე და ერთგან განვისვენოთ და ომნი კარგნი გიჩვენნეო. არქვა ამბრი არაბმან ინდო ჭაბუკსა: ინდო ჭაბუკო, კარგი ჭაბუკი და კარგი კაცი გნახეო. და წავიდენ. გზა-გზა მიმავალთა ეგრე გვარქვა ინდომან ჭაბუკმან, ვითა: კაცი ვინმე ზედა გარდამეკიდა, შემება და ჩამოვაგდე და დაბნედილი დამიგდია, ათვალეთ, ნუთუ თქვენგანი ვინმე იყოს?
ესე პასუხი ჩვენ, ამბრის კაცებსა, გვესმოდა და ამბრი მიღმა მოვიდოდა და ჩვენ უკუვდეგით და ვთქვით: აბუტარ ყოფილაო. ისინი წავიდეს და ჩვენ ვეძებდით. მივედით მას ადგილსა. აბუტარ ზე წამოჯდომილიყო და ჯერეთ უბადოდ იყო. ვკითხეთ: რა გჭირსო? − ვითამცა უმეცარ ვექმენით. მან გვითხრა: ინდო ჭაბუკი გარდამეკიდა, ამიღო კინენითა და ქვეყანასა დამკრა და შევბნდი. წამოვიყვანეთ და მოვიყვანეთ, სადა იყო სამყოფი ინდო ჭაბუკისა. დგა კარავი შვენიერი და მოკაზმული, რომლისა არა ეგებოდა უკეთესობა. შეკაზმეს პური და დასხდეს ერთგან. შეიჭირვებდა ამბრი არაბი აბუტარისათვის და, ვითა მივედით, გაეხარნეს ამბრისა და ინდოსა ჭაბუკსა. ინდომან ჭაბუკმან არქვა აბუტარს: შემინდევ, ჩემსა მზესა, არა გიცნობდი და მერმე შენ ჭყირტად რასმე მეუბნებოდი. ოდეს არა მოგკალ, მადლი ღმერთსაო.
გავიყარენით მას დღესა და მეორესა დღესა უჴმო ამბრი არაბმან ინდო ჭაბუკი და განისვენეს ერთგან. შეიქმნა საუბარი. ჰკითხა ინდომან ჭაბუკმან: აქა ჩემად ომად მოსრულ ხარო? ამბრი ეგრე არქვა: ომად შენდა, თვარა მე სხვა საქმე არა მდებია. მან გაიცინნა და ეგრე თქვა: ამბრი არაბო, შენმან მზემან, მოცთუნებულხარ. ამაზედან დაასკვნეს ომი და გაიყარნეს.
ვითა გათენდა, შეეკაზმნეს. მაშინ ორნივე გავიდეს და გაიტანეს თანა ორმოც-ორმოცი ცხენი. არავის უნახვან ჭაბუკნი ეგეთნი და არცა ომი ეგეთი ფიცხელი და შვენიერი. მოკლა ამბრი არაბმან ორმოცივე ცხენი და ინდომან ჭაბუკმან ოცდაათი. ამაზედა გაიყარნეს. დაუმძიმდა ინდოსა ჭაბუკსა დამეტება ამბრისაგან. კვლა მოუგზავნა ინდომან ჭაბუკმან კაცი ამბრი არაბსა თანა და ეგრე შემოეთვალა: ხვალეცა ჴამს ომიო, და მან გამოსცა პასუხი: დია, ღმერთო.
და გავიდეს მესამესა დღესა. სამოცი ცხენი მან გამოიტანა და სამოცი მან და შეიბნეს. თავმან შენმან, ესრე არა ჰგვანდა პირველი ომი, ვითამცა ცოტათა ყმათა ომი ყოფილიყო. გაფიცხდა ინდო ჭაბუკი და მოუკლა ამბრი არაბსა სამოცივე ცხენი. მან მოუკლა ორმოცდაათი. დაუმძიმდა ამბრი არაბსა დამეტება ინდო ჭაბუკისაგან. მიუგზავნა კაცი ამბრი არაბმან: ხვალეცა ომი ჴამსო. გამოსცა პასუხი: დია, ღმერთო.
გამოვიდენ მეხუთესა დღესა. რასაღა ვაგრძელებდე, ზოგჯერ მან უფროსი მოკლის და ზოგჯერ მან. ვერა შევიგენით, თუ რომელი სჯობდა. იყო ეგზომი შავა, რომელ არა უნახავს კაცისა თვალსა ეგზომ შვენიერი, და ამისი გვეშინოდა: ვაი თუ რომელიმე მოკვდესო. გამოჴდეს დღენი მრავალნი და იყვნეს ნადირობასა შინა და განსვენებასა.
დღესა ერთსა გამოუგზავნა კაცი ამბრი არაბმან და ეგრე შეუთვალა ინდოსა ჭაბუკსა: ჩვენ აქა ნადირობასა და განსვენებასა შიგან ვართ და სამეფო პატრონისა ჩემისა აოჴრებულ არს ჴელითა შენითა. აწ ამისთვის გამოგზავნილი ვარ, რომელ შენმცა მიგიყვან წინაშე იამანთა მეფისა. აწ ჴამს რომელ გარდავსწყვიტოთ. თუ მომერიო, რას გინდა, უზემდი იამანთა მეფესა. აწ ხვალე ბრძანე და გაჯედ შენსა ცხენსა. დაიკიდენ პოლოტიკნი რკინანი სატკივართა ადგილთა და მეცა ეგრე ვიქმ.
მან პასუხი ეგრე გამოსცა: ნუთუ არ იცოდე, რომელ სიკვდილი შენი სწადებია იამანთა მეფესა და შენ ჩემად ომად მით გამოუგზავნიხარ? აწ ხვალე გაწყვედა ჴამს შენი და ჩემიო.
ვითა გათენდა, შეჯდა იგი ინდო ჭაბუკი შავსა ტაიჭსა და დაიკიდნა პოლოტიკნი რკინანი და აიხვნა კინენი და გამოვიდა. ვთქვითმცა, თუ არა არის ჭაბუკი ამისებრიო! და ვთქვით, თუ დღეს არს სიკვდილი რომლისამეო. და თუმცა ღონესა რასმე ყოფილ ვიყვენით, არა გვწადდა მას დღესა მათი ომი.
შემოუვლეს ერთმანერთსა ნავარდი, შეუტევეს და შეიბნეს. თავმან თქვენმან და ზენაარმან ღმრთისამან, ეგზომ ჴელოვნად ეცადნეს ერთმანერთსა ზედა, დილითგან ვიდრე მწუხრამდე უყრიდეს ოროლითა და ერთმანცა ვერა ცნა ჯობნა. მერმე დაიწყეს ომი. რაზომ ფიცხლად იბრძოდეს, ზახილი იყო და აბჯართა ზედა ცემისა ჭეხა რომელ აღარა ისმოდა ყურთა კაცისათა ჴმა. იძროდა ქვეყანა. ვითა მიიყარა დღე, ვერა შევატყევით ერთსაცა მათგანსა დაშრომა და ვერცა ცხენთა მათთა დაკლება. მერმე იყივლა ინდომან ჭაბუკმან ფიცხლად და თქვა: ამბრი არაბო, აწ ნახე ჭაბუკობა ჩემი და სიმტკიცე მკლავისა ჩემისა! გაიყვანა ცხენი და შემოუტევა, ჰკრა ოროლი და გატეხნა იგი პოლოტიკნი რკინანი, აბჯარი და, რაცა იყო ტანსა მისსა, ყველა. დაკოდა ცოტად და, მისისა ნაკრავისა ჴმა რომელ გაჴდა, ჭეხასა გვანდა. და გაუკვირდა მისისა ეგეთისა ჴმისა გამოსლვა ყოველსა დაბადებულსა.
მერმე უყივლა ამბრი არაბმან და თქვა: მოვიდა ამბრი არაბი და აწ არს სიკვდილი შენიო! გაიგდო ცხენი და შემოუტევა, შეუყარნა კინენი, აზიდნა კბილ-ღრჭენითა, აიღო ცხენითურთ და ქვეყანასა დაჰკრა. მოუკვდა ცხენი და დარჩა იგი ინდო ჭაბუკი და ეგრე თქვა: მადლი ღმერთსა, რომელ ვნახე ჭაბუკი ჩემს უკეთესი ჩემითა თვალითა, თვარა ნასმენსა არა ჯერვიყავო.
გარდაჴდა იგი ამბრი არაბი და მოეხვია ყელსა და აკოცეს ერთმანერთსა. წამოვიდეს ორნივე კარავსა ამბრი არაბისასა და შეიქმნა სიხარული დიდი ამისთვის, რომელ დარჩეს ერთმანერთისა ჴელისაგან მშვიდობით. და არქვა ამბრი მას ინდო ჭაბუკსა: მე ძმა და მონა ვარ შენი დღეისითგან წაღმა. აწ თუ გმარჯვია, ბრძანე და წავიდეთ მას იამანთა მეფისა წინაშე და, თუ არა, ბრძანება შენი არს.
არქვა მან ინდომან ჭაბუკმან: ვინაჲთგან ღმერთსა ძლევა შენდა მოუცემია, მე არა გავჴდი საქმესა ეგრე. აწ მიბრძანეთ და წავიდეთ იამანეთსა. და წავედით მუნით იამანეთსა. მიესმა ამბავი იამანთა მეფესა ჯობნა ამბრი არაბისაგან მის ინდოსა ჭაბუკისა. გაიხარნა დიდად და გამოეგება წინა მეფე იამანთა და ყოველნი დიდებულნი სამხრამდის სავალსა და შეასხეს ქება ორთავე სწორად ამბრისა და ინდოსა ჭაბუკსა. მივედით იამანეთსა და იყო ყოველსა ქვეყანასა იამანთასა სიხარული დიდი. დაყო ინდომან ჭაბუკმან იამანეთსა შინა კვირე ერთი და იფიცნეს ძმად და თაყვანისცა მან იდომან ჭაბუკმან იამანთა მეფესა და მოაჴსენა ვითა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე არა ნებითა ჩემითა მოსრულ ვარ აქა. არა უარ-ვიქმ, განა კაცმან ამან მაჯობა და აქა თქვენსა წინაშე მომიყვანა და თქვენცა მისგან იყვენით მადრიელნი. უბრძანა იამანთა მეფემან: ღმრთისა მიერ იქმნა ძლევა შენი, თვარა კაცობრივი ძალი შენ ვერა მოგერეოდაო. მისცა საბოძვარი დიდი იამანთა მეფემან მას ინდოსა ჭაბუკსა. მოაჴსენა ინდომან ჭაბუკმან: წავალ მე და, როსცა სამსახური იყოს, წინაშე ვდგევარ. წავიდა იგი ინდო ჭაბუკი და გაჰყვა თანა ამბრი არაბი. შეიჭირვებდენ ერთმანერთისა მოშორვებისათვის და დადვეს შუა ფიცი, ვითა: რომელსაცა რა გაუჭირდეს, ერთმანერთსა უშველდეთო. ამა სიტყვასა ზედა გაიყარნეს და წავიდა იგი ინდო ჭაბუკი და ჩვენცა წამოვედით იამანეთსა. და იყო ყოველი სამეფო იამანთა სიხარულსა შინა დიდსა და იტყოდეს ყოველნი უკეთესად ამბრის.
მაშინ დაჯდა იგი არაბთა მეფე და იამანთა მეფე და ყოველი დიდებული და დაისვეს დამართებით ამბრი არაბი. უბრძანა მან არაბთა მეფემან: შვილო ამბრი, მე დაბერებულვარ. შენ და შვილი ჩემი ერთსა დღესა შობილხართ და მე სიკვდილად მიახლებულ ვარ და თვით შენცა იცი, თუ ვითა გვძლო მან არაბთა მეფემან, გამოგვასხნა მეფობისა ჩვენისაგან. აწ მოგცემ შვილსა ჩემსა ჴელთა შენთა და, რაცა გინდა, იგი ოდენ უყავ.
დაუჭირა ჴელი მას ძესა თვისსა მეფემან და მისცა. ამბრი ზე ადგა და მოაჴსენა:
ცხოვნდი, მეფეო უკუნისამდე! გრძლად საუბარი საწყინო არის და მოჴსენება ჩემი ესეოდენ არის: დღედ სიკვდილამდის ჩემადმდე არა შევიწყალო თავი ჩემი და სისხლნი ჩემნი მსახურებისათვის შენისა. და მას ჟამსა მოკვდა იგი არაბთა მეფე და დაუმძიმდა ძნელად იამანთა მეფესა ამისთვის, რომელ სამეფოჲსა მისისაგან კიდეგან იქმნა სიკვდილი მისი.
შემდგომად მცირედთა დღეთა მოაჴსენა მას იამანთა მეფესა ამბრი არაბმან:
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! პატრონი ჩემი მეფე არაბთა მისისა სამეფოჲსაგან კიდეგანად მოკვდა და ესე შვილი მისი დარჩომილა და არარა აკლია წინაშე თქვენსა, მაგრა სულისაცა დაღება ჩემგან შეძლებულ არს. აწ აქა იყოს პატრონისა ჩემისა არაბთა მეფისა ძე წინაშე თქვენსა და მე ოდენ მარტო წავიდე. არიან ლომნი ჭაბუკნი არაბნი და ძნელი არის მათსა ზედა ომი, მაგრა შევიწიო ღმერთი და არა შერჩენ სისხლნი პატრონისა ჩემისანი.
დაიმადლა იამანთა მეფემან ამბრი არაბისაგან ესე სიტყვა და ეგრე უბრძანა: ჭაბუკობისა შენისაგან იმედი მაქვს, ეგეთი სიტყვა სთქვი და მე არა მშურან ლაშქარნი ჩემნი ძებნისათვის მამულისა მისისა. დაუმძიმდა არაბთა მეფისა ძესა იმისი თქმა, ვითა: იყოს არაბთა მეფისა ძე და მე მარტო წავიდეო. ლამოდა იამანთა მეფე, თუცა არა წასულიყო არაბთა მეფისა ძე და იგივე ამბრი არაბი წასულიყო მარტო თვით ლაშქრითა იამანურითა. ესე არა ინება მან არაბთა მეფისა ძემან და დაასკვნეს წასლვა და დაეკაზმნეს.
არაბთა მეფისა ძე იყო შვენიერი ნაყოფი და ერთობ კარგი ჭაბუკი. დაარჩიეს იამანთა მეფისა ლაშქართაგან სამი ათასი კაცი და წავიდეს არაბეთს. ცნა მან სხვამან არაბთა მეფემან, რომელ ესე მოუჴდეს. შეკრბა იგიცა ურიცხვითა ლაშქრითა და წინა მოეგება. დადგა იგი არაბთა მეფე დიდსა მინდორსა შინა. დასცნეს კარავნი და ამაზედა ჩვენცა თავსა წავადეგით. გვედიდნეს იგი ლაშქარნი და ვარჩევდით ომსა. ზოგმან ვინმე თქვა: დავესხნეთ ღამით და, რა ღმერთმან გამოგვირჩიოს, იგი იქმნასო; ზოგმა ზოგი თქვის და ზოგმან ზოგი.
ადგა იგი გამზდელი ამბრი არაბისა აბუტარ და ეგრე თქვა: დადეგით თქვენ ერთსა გამორჩეულსა ადგილსა და მე მივიდე, ვიბეზღნე, მოგგვარნე სიმარჯვესა და, რა ღმერთმან გამოარჩიოს, იგი იქმნასო. იამა ესე სიტყვა აბუტარისგან ამბრი არაბსა. ფიცხლა გამოვარჩიეთ ადგილი საომარი და დავდეგით. ხვალისა დღე წავიდა იგი აბუტარ ასითა გამორჩეულითა მჴედრითა. არქვა აბუტარს ამბრი არაბმან: აბა, ლომო ჩემო, ვითა შენგან იმედი მაქვს, ეგრე ჰქმენო.
და მივიდა აბუტარ ლაშქართა პირსა. დაუწყო ომი ფიცხელი, ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა, რომელ არა ეგებოდა უკეთესობა. აჰჴდა ჴმა მათი ლაშქართა შიგან და გაჯდა ყოველი ლაშქარი და გამოვიდა იგი მეფე არაბთა და გამოუძღვა წინა ლაშქართა მისთა. და მას გამოუძღვა აბუტარ ომითა და, რაჟამცა დასწყდის ლაშქარი მის მეფისა, შეიქცის აბუტარ და შეების. არა მიუშვა ლაშქარი დაწყვეტად კიდის-კიდე და მოასხნა, სადა ჩვენ ვიყვენით. ფიცხლად შეჯდა ამბრი არაბი ზერდაგსა მისსა და იყივლა ფიცხლად. ეგრე თქვა: აბუტარ, შენ ღმერთო, შენი გიქმნია და, რაცა სთქვი, გაგისრულებია. აწ კვლა მე მნახე შენი გაზრდილიო.
შეუტევა ცხენი და პირველსა მისლვასა ზედან აიღო კაცი კინენითა ცხენითურთ და დასცა. ფიცხლად შეუტევეთ ყველამან. შეიქმნა ომი. რაზომ სჯობან ჭაბუკსა ყველასა არაბნი, ეგზომ ფიცხელი ომი იყო და იქმნა ჴოცა ცხენისა და კაცისა ურიცხვი. ვის მაშინ, ღმერთო, ამბრი არაბი არა უნახავს, იგი ჭაბუკთა უნახავი არის. გაფიცხდა მისებრად და მას ომსა შიგან კაცი ცხენითურთ აიღის და ქვეყანასა დაჰკრის. იყო ასი ათასი მჴედარი სხვა. მერმე გამოიწოდა ჴრმალი და უფროსი დაჴოცნა. ამბრი არაბისაგან კიდე სხვათა ყოველთა სჯობდა იგი არაბთა მეფისა ძე. ვეღარა დაგვიდგნეს და გაგვექცნეს. და ვითარცა მივწვდით, ვჴოცდით. წავიდა იგი არაბთა მეფე მეოტად გარეს-გარე ხანთა მეფესა თანა თურქეთს და ჩვენ წავიღეთ ყოველნი ქალაქნი და ციხენი [არაბეთისანი].
მივიდა იგი არაბთა მეფე ხანთა მეფესა თანა. დაუმძიმდა ხანთა მეფესა მეოტობა არაბთა მეფისა. ეგონა, ვითა ისინი დაუჴოციან და აწ ჩემ ზედა მოსულა ამბრი არაბიო. ჰრქვა: ნუ გეშინიან, მე ვსძებნე სისხლი შენიო. გასცა ხანთა მეფემან ყოველთა ბრძანება სამეფოსა მისთა, ვითა: ვისცა გეწყალვი, აჰა ჟამი შველისა ჩემისაო! მოვიდა ხანთა ლაშქარი ურიცხვი და სხვათა სამეფოთაგანცა. წამოემართა იგი ხანთა მეფე.
ვითა ცნეს ხანთა მეფისა მოსლვა, მიეგება ყოველი ლაშქარი არაბეთისა და ჩვენ მოგვადგეს. ესე მით იქმნეს, რომელ მეკეთილე იყო იგი არაბთა მეფე მათ ზედა. ჩვენ დავრჩით მცირედნი ლაშქარნი. ჩავარდა იგი ამბრი არაბი დიდსა შეჭირვებასა, მაგრა თავსა არ შეიდვა. ესე იყო ჴელი ამბრი არაბისა, რომელ მტერმან რა დამართის, ფიცხლა მიეგების წინა შვიდისა დღისა სავალსა. ვითა მიეახლნეს, იწყეს თურქთა კითხვად, რომელ მო-თურე-კვდა იგი ამბრი არაბი, რომელ აღარსად გამოჩნდაო?
ამა სიტყვასა ზედან მინდორსა შიგან გამოჩნდა ცხენოსანი ერთი. ვითა ნახეს, თქვეს: აჰა, ღმერთო, მოვიდა ამბრი არაბიო. შეიქმნა ზმა ლაშქართა შიგან. მოვიდა და დაუწყო ომი მისებრი და იამანისა მეფისა საომრად აღარა მოაცალა, ფიცხლად გააქცივნა და, ვირე არაბეთს მივიდოდეს, გზა-გზა მოკლა შვიდსა დღესა შიგან სამი ათასი კაცი მათ ორთავე პატრონ-ყმათა ამბრი და აბუტარ. მიართვეს ხანთა მეფესა ამბავი ამბრი არაბის მოკლულისა კაცისა. დაეცა ზარი მათ ლაშქართა. მოვიდეს და ერთიღა ქალაქი დაგვრჩომოდა და მოგვადგეს ლაშქარნი გარე ეგზომნი, რომელ დღისა ერთისა სავალსა არა ეტყოდა. და იყვის ყოველთა დღეთა ომი ამბრი არაბისა და აბუტარისი. არა საკვირველი იყო ომი, განა ეგრე იყო იგი არაბთა მეფისა ძე, რომელ უკეთესობა არა ეგებოდა, უფრო და უფრო გაძლიერდებოდა.
მაშინ მიესმა ამბრი არაბისა ინდოსა ჭაბუკსა, ვითა: მოდგომილ არიან გარე ძმადფიცისა შენისა თურქნი და არაბნი და ძნელსა საქმესა შინა არსო. წამოვიდა შველად ინდო ჭაბუკი ამბრი არაბსა თანა.
დღესა ერთსა ვსხედით ბანთა ზედა და გაღმართ უჭვრეტდით. ლაშქართა შიგან შეიქმნა ომი ერთსა ადგილსა და ჟღივილი. დაიწყო ლაშქარმან მისლვა და ვერა ვცანით, თუ რა იყო. ადგა ზე ამბრი არაბი, ჩახედნა და თქვა: მო-თურე-ვიდა ძმა ჩემი იგი ინდო ჭაბუკიო? ითხოვა ცხენი და განვიდა. შეიქმნა ომი ეგეთი მათ დღეთა შინა, რომელ არაოდეს არ მინახავს ეგზომი ფიცხელი ომი. შეიყარნეს ამბრი არაბი და ინდო ჭაბუკი ერთგან და დაჴოცეს ურიცხვი სიმრავლე თურქთა და შემოვიდეს მშვიდობით. გაიხარნა ამბრი არაბმან მოსლვა ინდოსა ჭაბუკისა და ეგრე თქვა, ვითა: თუმცა მოსრულ იყო ყოველი ქვეყანა ჩვენდა შველად, მაშინცა მე ესე მერჩივნა. გაეხარნეს მათ ორთავე ერთმანერთისა ნახვა და მუნითგან გავიდოდიან ზოგჯერ იგი და ზოგჯერ იგი და, თავმან შენმან, არა შეეტყობოდა, თუ რომელი სჯობდა. ერთსა დღესა გავიდის ინდო ჭაბუკი, ერთსა დღესა − ამბრი არაბი, ერთსა − აბუტარ და ერთსა დღესა − იგი არაბთა მეფისა ძე.
ამაზე დღესა ერთსა შეკრიბნა დიდებულნი ხანთა მეფემან და უბრძანა: ისი კაცნი კაცობრივითა ძალითა არა იჯობნებიან; აწ გვინდა ღონე გამორჩევისა. ასი კაცი შეკაზმეს და თქვა მეფემან: ასი ესე კაცი მალულად დადგეს და სხვათა შეუტეონ და, რა იგი მათ შეებნეს, იგი ასი კაცი ზედა გარდაესხას და, რა ღმერთმან გამოარჩივოს, იგი იქმნას.
მას დღესა იყო გასლვა ინდო ჭაბუკისა. გავიდა და მოეგებნეს წინა ლაშქარნი და, რა ნახეს ინდო ჭაბუკი, ფიცხლად გაიქცნეს. გამოუდგა უკან და გამოუჴდეს იგი დამალულნი კაცნი. უყივლა ამბრი არაბმან: ხედავთა, რომელ ღონე უცდია ძმისა ჩემისად? განა აწ ნახეთ ჭაბუკობა მისი! დარჩეული იყო თურე იგი ასი კაცი. თავმან თქვენმან, ესეთი ომი შეიქმნა, რომელ ენითა, ვიცი, არა ითქმის. მის ასისა კაცისაგან სამოცი კაცი მოკლა და ორმოცი ძლივ გარდაიხვეწნეს. შემოვიდა იგი ინდო ჭაბუკი გამარჯვებული, ქება შეასხა ამბრი არაბმან და ეგრე არქვა: არა ნახულა ჭაბუკი შენებრი ქვეყანასა ზედაო.
მეორესა დღესა გავიდა ამბრი არაბი. ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა, ეგრე იყო. მოკლა სამოცი კაცი და სხვანი გარდაიხვეწნეს. შემოვიდა შინა მშვიდობით. მესამესა დღესა გამოვიდა იგი არაბთა მეფისა ძე და ესრე იყო, რომელ უკეთესობა არა ეგებოდა. და მეოთხესა დღესა აბუტარ გავიდა და კარგა შეება იგიცა.
მაშინ მოიგონეს მათ სხვა ღონე: გარეგანთა ლაშქართა დაიყენნეს საგდებლოსანნი კაცნი და მას ომსა შინა გარდაიყარნეს კაცთა მათ საგდებელნი. ვითა ნახეს ამბრი არაბმან და ინდო ჭაბუკმან, ითხოვეს ცხენი, გავიდეს და ჩვენცა გვიბრძანეს გასლვა. და გავედით და ვნახეთ, რომელ დაკაზმული იყო ყოველი კაცი საომრად. შევიბენით და შეიქმნა ომი, რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან სიდიდე ომისა და სიფიცხე ეგეთი. შეიპყრეს მით საგდებელითა ძე არაბთა მეფისა. რა დაინახა ინდომან ჭაბუკმან, წაეწია მათ კაცთა, რომელთა ჰყვა იგი ძე არაბეთისა მეფისა შეპყრობილი მით საგდებელითა. აიყვანა იგი კაცი, დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა და იჴსნა იგი არაბთა მეფისა ძე. გაგრძელდა ომი და ბოლოსა ჟამსა გაიქცა არაბთა და ხანთა მეფე და სპა მათი და, ვითა მივეწეოდით, ვჴოცდით. მიეწია ამბრი არაბი მას ხანთა მეფესა და იცნა, არქვა: მეფეო, მოგეწიე ერთხელ, შეგიპყარ და გაგიშვი. აწ კვლა მოხვედ პატრონისა ჩემისა სიკვდილად, აწ რაღა გიჴსნის? ჰკრა ჴრმალი და მოკლა იგი მეფე ხანთა. მოეწია ინდო ჭაბუკი და მან არაბთა მეფე მოკლა.
დავყავით მუნ სამი დღე. ავწყვიტეთ ლაშქარი და შემოვიქეცით მშვიდობით. შეიქმნა დიდი სიხარული და დაიმკვიდრა ყოველი არაბეთი მან, არაბთა მეფისა ძემან, და დაყვნა დღენი მრავალნი არაბეთს ინდო ჭაბუკმან და უძღვნა დიადი ამბრი არაბმან და გაგზავნა ინდო ჭაბუკი და იამანთა ლაშქართაცა მისცა დიადი და იგინიცა წარვიდეს იამანეთსა.
და ესე რაცა მოგაჴსენე, დარეჯანის ძეო, ყველა თვალითა მონახული მომიჴსენებია, რომელსა თვით დამხდურ ვარ.
უბრძანა ამირან დირეჯანის ძემან: ადრე წამოსულხარ არაბეთითაო?
მოაჴსენა მან კაცმან: არს წელიწადი ერთ-ნახევარიო.
უბრძანა: რა დღეთა კაცი არისო?
მოაჴსენა: მოყმე არს ოცდაათხუთმეტისა წლისაო.
უბრძანა: შენ რომელ წამოხვედ, იგი არაბეთს დააგდეო?
მოაჴსენა, ვითა არაბეთსაო.
მაშინ მადლი უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან და მე მიბრძანა და გამოვართვი შესამოსელი და შემოსა კაცი იგი და უბრძანა, ვითა: ზენაარმან ღმრთისამან და ძემან პატრონისა ჩემისა ამირ-მუმლისა ბაღდადელისამან, კარგი ამბავი მითხარ და კარგისა ჭაბუკისა და ჩემგან ესე მიუვალი არის, რომელ თუმცა მე იგი არა ვნახო. აწ წინა გაგვიძეღვ და წავიდეთ არაბეთსო.
ჩვენ ესე დიდად დაგვიმძიმდა. ცოტა ხანი დაგვეყო შინა. არაბეთი ძნელი და საჭირო გზა იყო. მაშინ უბრძანა კაზმა საჭურველთა და აბჯართა, თანა-აღება ცხენთა, ტაიჭთა მრავალთა, კარავთა ტურფათა და შესამოსელთა მრავლად, წვევა ლაშქრისა ათი ათასისა დარჩეულისა. და ეგრე უბრძანა; ვინაჲთგან ესრეთ კარგი ჭაბუკი არის, დღეთა მრავალთა გვინდა მათ თანა ყოფა, ამხანაგობა, პატივი, ძღვნობა და სასახელოდ წავიდეთო. გამოეთხოვა მას ბაღდადელსა ამირ-მუმლსა. დავეკაზმენით და წავედით ამირან დარეჯანის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე, მე − სავარსიმის ძე და სხვა ლაშქარი ათი ათასი კაცი. ვლეთ დღისა ერთისა სავალი და შეგვემთხვივნეს კაცნი ვინმე შემოსილნი შავითა. ჩვენ ვკითხეთ მიზეზი შავოსნობისა მათისა და მათ გვითხრეს, ვითა: იგი ლომთა ლომი, უსწორო ჭაბუკი ამბრი არაბი მოკვდა და მით შავითა არის ყოველი არაბეთი და იამანეთიო. მაშინ დაუმძიმდა ძნელად ამბრი არაბისა სიკვდილი ამირან დარეჯანის ძესა, შემოვიქეცით და ბაღდადსვე მოვედით.
აქა დასრულდა კარი ამბრი არაბისა და მის ინდოსა ჭაბუკისა და არაბეთსა შესლვისა და დაუსრულებელ ყვნეს ღმერთმან სუფევა და გამარჯვება მეფობისა თქვენისა უკუნისამდე, ამინ.
კარი მეშვიდე
მნათობთა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
ბაღდადელი ამირ-მუმლი ნადიმად ჯდა და გვერდით უსხდეს აბრამ ვაზირთა-უხუცესი და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი. მას ჟამსა შემოიარნეს მათ სამთა ძეთა ამირ-მუმლისათა, მათ შვენიერთა ნაყოფთა მოწიფულთა, და არა ესვა ერთსაცა მათგანსა ცოლი. შეხედნეს მათ კაცთა, რომელნი მას ნადიმსა სხდეს, და თქვეს, ვითა: არა შვილობითა მეფისათა ვაქნეთ, განა სამართალი სიტყვა ვთქვათ: ნაყოფნი ამათებრნი ბაღდადისა ქალაქსა შიგან არაოდეს. ყოფილან და არცა მამათა ჩვენთაგან გვასმიაო.
შემოვიდეს და დასხდეს ნადიმად.
მაშინ ადგეს აბრამ ვაზირთა-უხუცესი და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი და მოაჴსენეს ბაღდადელსა ამირ-მუმლსა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, ვიცით, რომელ დიდსა ვიკადრებთ წინაშე თქვენსა, განა რომელიმე ბაღდადისა ქალაქისა მეფობისა თქვენისა დასაკლისი იყოს, ვითა არა მოგაჴსენოთ?
უბრძანა ამირ-მუმლმან: თქვი, აბრამ ვაზირთა-უხუცესო და აჯერ ეჯიბთა-უხუცესო, ვიცი, რომელ თქვენ ავსა არას იტყვითო.
მათ მოაჴსენეს, ვითა: მეფეთ-მეფეო, შვილნი თქვენნი ესეთნი ნაყოფნი არიან, რომელ მათებრნი არავის უნახვან, მოწიფულნი არიან და ერთსაცა მათგანსა ცოლი არა უვის და ესე დიდად სამძიმარი არის სამეფოსა თქვენსა შიგან.
რა ესე მოისმინა ბაღდადელმან ამირ-მუმლმან, უბრძანა:
დამიმადლებია თქვენისა ერთგულობისაგან, რომელ ყოველი საქმე ჩვენი შეგჭირდებისთ, და ესე მეცა ვიცი, რომელ დიდად სამძიმარი არის ამა ჩვენისა სამეფოჲსათვის და შემჭირდების მეცა. იცის ღმერთმან, განა ვერ მიპოვნიან სიკეთისა ამათისა შესატყვისნი ცოლნი. ვიცი, რომელ მექენებიან ბერძენთა მეფისა ასული, ინდოთ მეფისა ასული და ხაზართა მეფისა ასული და არა არიან შესატყვისნი შვილთა ჩემთანი.
მაშინ მოაჴსენა აბრამ ვაზირთა-უხუცესმან და აჯერ ეჯიბთა-უხუცესმან:
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო! ამის საქმისათვის ჩვენი ღონე ამირან დარეჯანის ძე არის, გულითა ქველი და გონებითა ბრძენი და მეცნიერი, და მას უვლიან ყოველნი ქვეყანანი და კარგად იცის ამბავნი უცხოთა ქვეყანათანი და ანუ თუ მან იცოდეს და ანუ ასმიოდეს, თუ ქვეყანასა ზედა სადა არიან ქალნი შვენიერნი, გვითხრას ვითა. თუ თხოვნითა მოიყვანებოდეს, მოვიყვანოთ და, თუ შორს ქვეყანასა ომითა მოსაყვანებნი იყვნენ, მაშა, მოყვანება მასვე უნდაო.
მაშინ ბრძანა მან ბაღდადელმან ამირ-მუმლმან: წავიდეთ სახლსა მის ამირან დარეჯანის ძისასა და მუნ ვიურვოთ საქმე ესე.
უბრძანა სამთა ძეთა მისთა აბრამს და აჯერს და წამოემართნეს ჩვენ კერძო.
მას ჟამსა ამირან დარეჯანის ძე ნადიმად ჯდა და ყმანი მისნი გვერდით უსხედით. მაშინ შემოვიდა კაცი და ეგრე მოაჴსენა, ვითა: ბაღდადელი ამირ-მუმლი, სამნი ძენი მისნი, აბრამ ვაზირთა-უხუცესი და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი მოვლენო. გაუკვირდა ესე ამირან დარეჯანის ძესა და ეგრე თქვა: ნეტარ რად მოვლენ? ნუთუ დაუმართებია მტერთა ჩვენად და ესე არის მიზეზი მათისა მოსლვისაო?
ფიცხლად გაეგება წინა, თაყვანისცა და მოაჴსენა: ცხოვნდი, ამირთა-ამირაო, მადლისა გარდაჴდა ჴამს ჩემგან თქვენისა აქა ბრძანებისა და მოსლვისათვის; მაგრა ვინაჲთგან სახელიცა ეგეთი არის, მაღალი თავსა დაიმდაბლებს, ეს მისთვის გიკადრებიათო?
ამაზედან ამირ-მუმლმან ეგრე უბრძანა, ვითა: შენსა ასრე მოვალ, ვითამცა მამისა ჩემისასაო, და შევიდა შინა.
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: ვინაჲთგან დაგიმადლებიათ თავი და მოსრულ ხართ მონისა კარავსა, ჴამს ესე, რომელ ნადიმი გარდაიჴადოთ, და, თავმან მეფობისა თქვენისამან, ერთი ტურფა ესეთი რამ გიძღვნა, რომელ კაცისა თვალისაგან ეგეთი არა ნახულიყოსო.
დაუმადლა ამირ-მუმლმან და დავიდევით ნადიმი, რომელ თავმან თქვენმან, ნადიმად კმა იყო და განუსვენა ამირან დარეჯანის ძემან. და შემდგომად ნადიმისა გაყრისა უძღვნა დიადი, რომლისა არა ეგების მოთვლა: რაცა სტავრა არს, ყველასაგან ოც-ოცი უძღვნა და, რაცა ფერი ცხენი არის, ყველასაგან ას-ასი და თვალ-მარგალიტი ურიცხვი. და შემდგომად ამისსა წავიდა თვით ამირან დარეჯანის ძე და მოიხვნა მოთხენი, თვალითა და მარგალიტითა შეკაზმულნი, და კლიტენი იყვნეს ზედა ოქროჲსანი. გაახვნა და ამოიხვნა გვირგვინი და უძღვნა იგიცა. ამას გვირგვინსა ზედა რომელ სხდეს თვალნი, მას არა ვაჴსენებ. ამას გარეთად სამნი თვალნი იყვნეს მას გვირგვინსა ზედა − ერთი თეთრი, ერთი მწვანე და ერთი წითელი. და მათ სამთა თვალთაგან რომელიცა უკუნსა ღამესა დასდვი, ესრე ნათობდის, რომელ წიგნი დაიწერებოდის და ჴელთ-საქმარი იქმნებოდის. და ვინცა ნახა, გაჰკვირდა ყოველი ქვეყანა მას ეგეთსა ტურფასა ზედა. და უძღვნა მრავლად აურაცხელი შვილთაცა და დიდებულთაცა ამირ-მუმლისათა ძღვენი ურიცხვი.
დაიმადლა ამირ-მუმლმან და ეგრე უბრძანა, ვითა: ამირან დარეჯანის ძეო, კმაა, მაჯობე კაცობითა, განა სახლსა შენსა მიზეზი მოსლვისა ჩემისა ესე იყო: შენ ვითამცა ძმა ხარ ჩემი და მეორე ესე არის, რომელ ხედავა ამა შვილთა ჩემთა? მე არა შვილობითა ჩემითა ვაქებ, განა კაცისა თვალისაგან ნაყოფნი ამათებრნი არა ნახულან და მე ესე მინდა, რომელ მათისა სიკეთისა შესაბამნი ცოლნი შევრთო. ესე არის აჯა ჩემი შენთანა და მერმე, რომელ მიძღვენ ძღვენი დიდი და საკვირველი, მე მისთვის მადლსა არა გარდავიჴდი, მით რომელ, თუ ჴელმწიფე ვიყო, ნაცვალი გარდავიჴადო შენთანაო.
თაყვანისცა ამირან დარეჯანის ძემან და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! პირველ შვილთა შენთა ცოლისა შერთვა გითქვამს და პასუხი ესე იცოდე, რომელ ყოველი ქვეყანა მომივლია და მათისა სიკეთისა შესატყვისნი ქალნი არცა მე მინახავნ. ვიცი, რომელ გექენებიან ბერძენთა მეფისა ასული, ინდოთა მეფისა ასული და ხაზართა მეფისა ასული, განა ვითართაცა ჰლამით, ეგეთნი არა არიან. აწ ამასა ვიტყვი და მოვაჴსენებ მეფობასა თქვენსა: რომელსაცა ქვეყანასა შემიჩინოთ, თავი ჩემი არა შევიწყალო, ანუ აღგისრულო საწადელი თქვენი და ანუ მოვიკლა თავი. ძღვნისა კვლა მადლი რად გინდა? ყველა თქვენი ნაბოძვარია და თქვენითა ბედითა მოგებული არისო.
დაიმადლა ამირ-მუმლმან და წავიდა.
თქვა აბან ქამანის ძემან: ისი კაცნი ეგეთსა გზასა გიჩვენებენ, რომელ ჩვენ ჭირითა ავივსნეთო.
მეორესა დღესა უჴმო ბაღდადელმან ამირ-მუმლმან ამირან დარეჯანის ძესა ნადიმად. ოდეს მივედით, დაესხნეს საჯდომნი მჴარსა მარჯვენასა. რა მივიდა ამირან დარეჯანის ძე, ადგა ზე, აწვია. გვიბრძანა და ჩვენცა დავსხედით და დიდად გაგვისვენა და, ვითა გარდაჴდა ნადიმი, უბოძა საბოძვარი ურიცხვი და მის გვირგვინისათვის ოდეს მისცა ხუთასი სოფელი. გვიბოძა ჩვენცა საბოძვარი ურიცხვი, და წავედით.
ეძებდა ამირ-მუმლი კაცსა ეგეთსა, რომელმცა ესწავლა საცოლე შვილთა მისთათვის, და ვერა პოვა. მაშინ უბრძანა აბრამ ვაზირთა-უხუცესსა და აჯერ ეჯიბთა-უხუცესსა, ვითა: თქვენ ხართ ორნი დიდებულნი ჩემნი და, ვითა კეთილი უფროსი არს თქვენ ზედა, წაედით და ძებნეთ ძეთა ჩემთათვის ცოლნი შესატყვისნი სიკეთისა მათისანი. დამიც დროდ თვე ერთი. ზენაარმან ღმრთისამან, თუ არ მოიძიოთ კაცი, ვინცა იცოდეს, თავებსა დაგჭრითო.
მაშინ გამოვიდეს დაღრეჯილნი და მოვიდეს თავისსა სახლსა და დაასკვნეს ესე პირი, ვითა: ერთი აღმოსავლეთით წავიდეთ და ერთი დასავლეთით და მეოცდაათესა დღესა შევიყარნეთ აქა მოედანსა შინა, ნუთუ კვლა ღმერთმან გაგვიმარჯოს.
წავიდეს და იკითხვიდეს და ვერავინ გასცა გზა მის ამბისა, რომელ უნდოდა მათ. და მეოცდაათესა დღესა შეკრბეს მასვე მოედანსა შინა და უთხრეს ყოველი ყოფილი ერთმანერთსა და დაუმძიმდათ და ეგრე თქვეს, ვითა: არა გვეწევის სხვა. მივიდეთ და გავაგოთ საქმე. თავისა სახლისა და შვილთა, და მერმე მივიდეთ მას პატრონსა ჩვენსა ამირ-მუმლისა წინაშე და, რა უნდა, იგი გვიყოს.
ამაზედან წავიდეს, ვითა შეჭირვებულთა კაცთა მართებს. გაშორდეს მას ქალაქსა. მიიხედნეს, მინდორსა შინა პილო ნახეს თეთრი, ზედა კუბო დგა შეკაზმული და შვენიერი. და მას კუბოსა შიგან კაცი ვინმე ჯდა შვენიერი მჴცე-შერეული. და მას გვერდით ქალი უჯდა, ვითა მზე ეგეთი, და წინა ღვინო ედგა და ცალკერძ პური ეგო შეკაზმული და ძოწეულნი საჯდომნი ესხნეს. და თვით იგი ორნივე ძოწეულითა მოსილნი იყვნეს. და ტაიჭოსანნი ორნი ეგრე შეკაზმულნი მონანი უკანა მოუდგეს: ორნი იმიერ და ამიერ, და ესრე მოვიდოდა კაცი იგი.
თქვეს ორთავე, ვითა: ისი კაცი საკვირველი ვინმე არის და ჰგავს შორით მომავალსა. აწ წავიყვანოთ შინა და მუნ ვეუბნეთ, ნუთუ რა გაგვცეს გზაო.
მივიდეს და სალამი მისცეს და მან მათ მოსცა. იკითხეს მშვიდობა ერთმანერთისა, იუბნეს და წამოვიდეს სახლსა მათსა, დააყენეს და პატივისცეს და არა გამოუცხადეს მას დღესა. ვითა შეღამდა, ნადიმად დასხდეს.
თქვა მან კაცმან უცხომან: უცხოდ დია ჰქმენით ჩემ ზედა. აწ მიბრძანეთ, თუ რა აჯა არს თქვენი ჩემთანა?
მათ მოაჴსენეს: არა არს აჯა ჩვენი თქვენთანა. გნახეთ კარგი კაცი, მოგვეწონე და მით წამოგიყვანეთ, − და უთხრეს ყოველი ყოფილი, მაგრა ესე ვერა უთხრეს: თუ გზა ვერა გავსცეთ, თავებსა დაგვჭრისო.
მან არქვა: მაგას ყოლე ნუ შეიჭირვებთ, რადგან ესე არა უბრძანებია, ვითა თქვენ მომგვარეთო. თხრობისათვის ნუ შეიჭირვებთ. მე პირველ ჩემი ამბავი მოგაჴსენო:
მე აბუტალიბ ვარ, ღარიბი, და ეგეთსა ეტლსა ზედა შობილ ვარ მშვიდობისასა, რომელ არას ვინ მავნებს დაბადებული კაცი. დიდებული ვიყავ და დიდებულთა შვილი, დავაგდე ყოველი და ვიარები ქვეყანასა ზედა. მომივლია ყოვლი ქვეყანა, სადა ოდენ ჴმელი არის, და მრავალი დღე ზღვათა შინა მივლია და, თუ კაცი ვინმე ჰყვეს პატრონსა შენსა, რომელ მოყვანება შეეძლოს, ეგეთნი დია, ღმერთო, ვასწავლნე, რომელ არ იყვნენ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ქალნი ეგეთნი. მაგრა აწვე გითხრობ, რომელ მოყვანება არა ეგების.
მათ ჰკითხეს: სად არს ქვეყანა აგეთი?
მან არქვა: არს ქვეყანა მეტად დიდი და მას ქვეყანასა მნათობთა ქვეყანა ჰქვიან. მუნ არს ასფან მეფე დიდი და არიან შვიდნი ასულნი მისნი შვიდთა მნათობთა სახელსა ზედა, რომელ არა გაიგონების მათი სიკეთე კაცისა ენითა, ვინ თვით არა ნახნეს, და კაცსა ყველასა მის ქვეყანისა კაცი სჯობს. მიმიყვანეთ მე ბაღდადელის ამირ-მუმლისთანა და მოვაჴსენო.
მაშინ გაეხარნეს მათ ვაზირთა-უხუცესსა აბრამს და ეჯიბთა-უხუცესსა აჯერს და სწრაფად წავიდეს. და ვითა დარბაზს მივიდეს, უბრძანა ამირ-მუმლმან: მოხვედითო?
მოაჴსენეს: წინაშე ვართო!
აწ განაღამცა გეცნა ამბავი ყველაი?!
მათ მოაჴსენეს: ცხოვნდი, ამირთ-ამირაო! გვიპოვნია კაცი, რომელსა ჰქვიან სახელად აბუტალიბ ღარიბი და, თუ ბრძანოთ, მოვიყვანთ წინაშე თქვენსა და მან მოგაჴსენოს ყოველივე.
და ბრძანა მოყვანება აბუტალიბისა.
მოიყვანეს და სწრაფად ჰკითხა მან ბაღდადელმან ამირ-მუმლმან: მითხარ, აბუტალიბ ღარიბო, ამბავი მნათობთა თემისა და ასფან მეფის ქვეყანისაო!
მან მოაჴსენა სიკეთე და სიდიდე მის მნათობთა ქვეყანისა, სიმრავლე და ძალი მის მეფისა ლაშქარისა და სიშვენიერე მათ ქალაქთა და ბოლოსა ჟამსა ესე მოაჴსენა, ვითა: კაცისაგან მუნ წასლვა არა ეგების და ნუმცა ვინ გიქადებს მოყვანებასა მათსა და, თუ არს ვინმე ორგული თქვენი, იგი გაგზავნე და დასტურად მოკვდების.
მაშინ უბოძა საბოძვარი აბუტალიბს და ითხოვა ცხენი ამირ-მუმლმან და ფიცხლადვე წავიდა ამირან დარეჯანის ძესთანა. და იგი ამბისა მცოდნე აბუტალიბ ღარიბი თანა წამოიტანა. გაეგება წინა ამირან დარეჯანის ძე, თაყვანისცა და შემოვიდა ამირ-მუმლი ბაღდადელი და დავსხედით.
უბრძანა ამირ-მუმლმან: აჰა დღე გაბჭობისა შენისა, რომელ მიქადე შვილთა ჩემთათვის მოყვანება ცოლთა, გაიკითხე ესე კაცი.
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან. და უამბო ყოველივე აბუტალიბ და ესეცა უთხრა, ვითა: ყოლა ნუ ეგების მუნ მისლვასა, ამად რომელ არა ეგების კაცისაგან მუნ შესლვა.
უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: შენ ამბავი მითხარ და ვაზირობა აღარ გინდა, მე, თუ უნდა, წავიდე და, თუ უნდა, არაო.
მოაჴსენა აბუტალიბ: მე ამბავი მათი ამის მეტი აღარ ვიცი და, თუ ვით გამოიყვან მათ ქალთა, კაცისა თვალისაგან ეგეთნი, ღმერთო, არ ნახულ არიან.
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან ბაღდადელსა ამირ-მუმლსა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვითა მიქადებია ანუ გმსახურო, ანუ მოვიკლა კვლა თავი ჩემი.
მადლი უბრძანა ამირ-მუმლმან და უძღვნა კვლაცა ამირან დარეჯანის ძემან ძღვენი დიდი და წავიდა ამირ-მუმლი.
და დაიწყო კაზმა ამირან დარეჯანის ძემან და ჰკითხა მას აბუტალიბ ღარიბსა, ვითა: ლაშქარნი მინდანო? მან მოაჴსენა: არა, მცირედნი კაცნი გამოცდილნი წაიტანენ, მაგრა კვლაცა მოგაჴსენებ: თუ ვით ეგების? დაეჴსენ მაგა საქმესა.
უბრძანა, თუ: კვლაცა დამიმოწმებია: შენ ნუ მივაზირებ! ესე მითხარ, თუ გზა როგორი არის. მოაჴსენა აბუტალიბ: გზა კარგი არის და არცა მტერი მიგხვდების მას გზასა ზედა, მაგრა, რა მათსა ქვეყანასა მიხვალ, მაშინ ომნი დიდნი გინდანო.
და ენუკვა [ამირან] მას კაცსა, ვითა: წამომყევ და მიმიყვანე მუნაო.
მოაჴსენა მან კაცმან, ვითა: მე არ წამოგყვები, მაგრა მონა მოგცე ჩემი და მან იცის გზა კარგადო.
და რასღა ვაგრძელებდე, დავეკაზმენით და წავედით თვით ამირან დარეჯანის ძე, მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე და იგი მონა აბუტალიბისა წინ წავიძღვანეთ, დაუტევეთ მშვიდობა ამირ-მუმლსა და სახელსა ზედა ღმრთისასა წავედით.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ვიარეთ დიდი ხანი და მოგვხვდეს მინდორსა შიგან მრავალგან ლაშქარნი მეკობრენი არა მის ქვეყანისანი, რომელ მივიდოდით, განა თვით გამოსრულნი მეკობრედ. ღმერთმან ორგულთა თქვენთა დააპყრას ეგეთი ყოფა, სადაცა შევიბენით. თქვის მან აბუტალიბისა მონამან: მე ვითარი ომი მინახავს თქვენი და ჭაბუკობისა რა გინდა ეგებისო. მივიდოდით და, თუ სადა მჴეცი გარდაგვეკიდის, განაღამცა მოვკლით. ვიარეთ ორი თვე და ჩვენ ესე არა ვიცოდით, თუ სადა ვიარებოდით, და გზა-გზა რომელი ომნი გარდავიჴადენით, თუ მოვსთვალავთ, ამბავი დია გაგრძელდების. გაგვეპარა იგი აბუტალიბისა მონა. და ორი თვე ვიარეთ, ვითა მონა იგი წასულიყო. დაგვიმძიმდა დიდად და არ ვიცოდით, თუ სითმცა წასულვიყვენით. თქვა აბან ქამანის ძემან, ვითა: მე მაშინვე ვთქვი, ოდეს-იგი წვერ-დიდი კაცი ვნახეთ, რომელ გზათა და კვალთა მოგვაცთუნებდა. და ყოველთა ვთქვით უბედური სიტყვა. და ვითა ვლამოდით გარე შექცევას, მაშინ გაწყრა დარეჯანის ძე და ეგრე თქვა: რასაცა თქვენ იტყვით, იგი, ღმერთო, კარგთა ჭაბუკთა ჴელი არ არის. ზენაარმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისა ბაღდადელის ამირ-მუმლისამან, არ დავბრუნდები, ვირე გზა არა გავიღო.
წავედით. იყო მინდორსა შიგან ხე შვენიერი და გამოდიოდა ძირსა მისსა წყარო. და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან მუნ ჭამა სადილისა. დავსხედით და ოდეს ვნახეთ − მინდორსა შიგან კაცი ვინმე მოვიდოდა, ჯამასა აქლემსა ზედა ჯდა, თოხარიკსა, თეთრნი შესამოსელნი ტანსა ეცვნეს და თეთრი რიდე თავსა ეხვია. არა გვენახა მათ მრავალთა დღეთა კაცი და გა-ცა-გვეხარნეს მის კაცისა ნახვა. უჴმეთ მას კაცსა. მოვიდა, გარდაჴდა და თაყვანისცა ამირან დარეჯანის ძესა, უბრძანა დაჯდომა და დაჯდა. ვითა ვჭამეთ სადილი, უბრძანა დარეჯანის ძემან: ვინ ხარ, ძმაო, ანუ სით მიხვალო? მან მოაჴსენა: პატრონო, თქვენ სადა წახვალთ, მიკვირს თქვენი მცირეთა კაცითა ამა ქვეყანასა მოსლვა, თვარა მე რასა მკითხავთ? ვიარები ქვეყანასა ზედა. გვიბრძანა დარეჯანის ძემან: თუ უნდა უთხარით ამას კაცსა ჩვენი ამბავი, ნუთუ კვლა რამე იცოდესო. მოვაჴსენე: თქვენ უბრძანეთო! მაშინ ამირან უბრძანა ყოველივე. მან კაცმან გაიცინა და მოაჴსენა, ვითა: წეღანვე შევიგენ, რომელ ჩემისა ძმისა აბუტალიბისაგან წამოსრულნი ხართ თქვენ, თვარა ამის ქვეყანისა საქმე ბაღდადსა იმისგან კიდე სხვამან ვინღა იცოდა? მე ძმა ვარ აბუტალიბისი და მეცა მისებურად ვიარები ქვეყანასა შინა. აწ შენ მხიარულითა პირითა მკითხე და, რადგან მე არა დამიმალე, აწ გაგცადო მის ქვეყანისა საქმე და მუნებურთა ჭაბუკთა, რომელ ვითამცა შენ თვალად გენახნეს. მე თვით თავითა ჩემითა წაგიძღვე წინა და მიგიყვანნე მას ქვეყანასა.
უბრძანა მადლი ამირან დარეჯანის ძემან და გაგვეხარნეს მის ეგეთისა კაცისა პოვნა. და თქვა მან კაცმან, ვითა:
“გხედავ კაცთა კარგთა და ჭაბუკთა ლომთა, რომელ ვინ თქვენ მოგერიოს, თავსა, ღმერთო, ვეღარა ერგოს. გინდოდა, ღმერთო, მოსლვა არა ამა ქვეყანასა. აწ ვინაჲთგან მოსულხართ, გარე შექცევა აღარა ჴამს და არცა ეგების. არს, ღმერთო, გზა ძნელი და საჭირო, განა მიანდვენით თავნი თქვენნი ღმერთსა და იყენენით გულნი თქვენნი თქვენთანა. გვალეთ და წავიდეთ, და გაგცადო მის ქვეყანისა საქმე და სიმრავლე ჭაბუკთა მის ქვეყანისათა”. − და იწყო ამბობდა და თქვა: “არს დაკაზმულნი ცხენოსანნი ოთხი ათასნი, რომელ არა დააკლდების. და არიან ზედა მათ ლაშქართა სპასალარნი გაჩენილნი ლომნი ჭაბუკნი და ათნი სხვანი ბუმბერაზნი არიან თვით მას ქალაქსა შინა, რომელ არა ეგების მათი დამართებითი კაცი. და იგი ბუმბერაზნი ეგეთნი არიან, რომელ, თუ უცხო ლაშქარნი ქალაქისა კართა არა მოვიდეს, გარე არა გამოგზავნის ომად. და არიან სხვა მათგანნი ოთხნი, რომელთა აქვსთ გაჩენილი დღესა შინა ათას-ათასი დრაჰკანი, და მათ ექვსთა აქვსთ ხუთას-ხუთასი დრაჰკანი. და იტყვიან მის ქვეყანისა კაცნი, ვითა: არა ეგების მათი შებმა მტერისაგან, მაგრა ქალაქი იგი, რომელსა შიგან დგანან, დიდსა ჭირსა შინა არის მათგან და ყველასა მოსწყინებიან და იტყვიან, ვითა: მოვლენ სიმან სინდთა მეფისა ძე და ლასურ დელამთა მეფისა ძე, ხვასრო ხაზართა მეფისა ძე და იამან ჭაბუკი იამანთა მეფისა ძე ძებნად მათვე ქალთა მნათობთათვისო. და თქვა ასფან მეფემან: სამძიმარი მოჴდა დღეთა ჩემთა, რომელ არა დაეტკებნა მტერთა სამეფო ჩემი. აწ მოვლენ მტერნი ჩემნი, განა შევიწიო ღმერთი, რომელ შევანანო მათ, რომელთა მოუმართებია სამეფოჲსა ჩემისად და ლამიან წაყვანებასა ქალთა მნათობთასაო. და ბრძანა მეფემან ასფან წვევა ლაშქარისა. გაგზავნნა სპასალარნი და შეკრბა ყოველი სამეფო მისი და უბრძანა ორთა ერისთავთა მისთა, რომელთა სახელები ესე იყო: ერთისა ლოსარ ლოსიმანის ძე და მეორისა ქაბარ ქავის ძე, ლომთა ჭაბუკთა და გამოცდილთა ბრძოლასა შინა, და მისცა ერთსა ორასი ათასი მჴედარი და უბრძანა სიმან სინდთა მეფისა ძისა და ხვასრო ხაზართა მეფისა ძისა დამართებად. წავიდეს და მოეგებნეს წინა და მოვიდეს იგინიცა. მუნ შეიბნეს და, თავმან თქვენმან, სამსა დღესა უწყვეტლად და დაუდგომლად ომი იყო. ბოლოსა ჟამსა გამოაქცივნეს ლაშქარნი ასფან მეფისანი და მოკლეს ლოსარ ლოსიმანის ძე და დაჴოცნეს ლაშქარნი და გვითხრეს: ესე ყველასა სჯობდეს თვით სიმან და ხვასრო, რომელსა ლოსარ ლოსიმანის ძე მოეკლა. მიეგება წინა ქაბარ ქავის ძე იამანსა ჭაბუკსა, იამანთა მეფისა ძესა, და ლასურსა, დელამთა მეფისა ძესა. და შებმულ იყვნეს და გამოაქცივნეს იგიცა და დაუჴოცნეს ლაშქარნი. ქაბარ ქავის ძე მოეკლა თვით ლასურსა. რა მოგვესმა ამბავი ესე, დაუმძიმდა უზომოდ ასფან მეფესა. და მოარბიეს ყოველი სამეფო და დადგომილნი არიან ქალაქისა კართა ზედა ცალკერძ სიმან და ხვასრო და ცალკერძ იამან ჭაბუკი და დელამთა მეფისა ძე, და არა არს რიცხვი სიმრავლისა ლაშქართა მათთაჲსა, და სთხოვენ ასფანსა ქალთა მნათობთა. და ამათ დღეთა მათი და ბუმბერაზთა ომი არის. თუ რაღა იქმნების, იგი ღმერთმან იცის. სიმან სინდთა მეფისა ძე და ლასურ დელამთა მეფისა ძე, ხვასრო ხაზართა მეფისა ძე და იამანი ჭაბუკი, ესე ოთხნი ჴელმწიფენი ჭაბუკნი, და კვლავ სხვანი მივიდეს აზნაურნი ჭაბუკნი და აქებენ დიდად ჯაზდან ფარსადანის ძეს; ქამარ ქერდი, ბოლოსორ ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე, ამრად რაბაგის ძე, ჯოჰარ ქანიმანის ძე − ესენი წამოსრულან და ცალკერძ დგანან. იგინიცა მათვე ქალთა მნათობთათვის მოსრულ არიან, და აწ თქვენ მიხვალთ და ომი, ღმერთო, დიდი და ფიცხელი შეიქმნების შიგნით მათგან და გარეგნით თქვენგან და, რაღა მოხდების, იგი ღმერთმან იცის”.
ესე გვიამბო მან კაცმან. და თქვა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ამან კაცმან გვითხრა ყველა კარგად და ესეცა გვიბრძანა, ვითა ჭაბუკნი მრავლად არიან, ომნი დიდნი და ფიცხელნი მგონიანო.
წავედით მუნით და წავიდა იგი კაცი წინა და აცნობა მისლვა ამირან დარეჯანის ძისა.
ამირან დარეჯანის ძე სახელოვანი კაცი იყო ყოველსა ქვეყანასა შინა. და ჰკითხეს მათ ჴელმწიფეთა და ჭაბუკთა უსენს, აბუტალიბის ძმასა, ვითა: იგი ამირან დარეჯანის ძე არისა მობაღდადე ჭაბუკი, რომლისა სახელი გვასმია ჭაბუკობისა მისისაო? მოაჴსენა უსენ: იგი არსო. მაშინ შეეკაზმნეს და წინა მოეგებნეს და მოიკითხეს ერთმანერთი. და ვითა იგი ლაშქარნი მოკაზმულნი იყვნეს, რომელ თავმან თქვენმან, უკეთესობა აღარა ეგებოდა. გაეხარნეს მათ ჴელმწიფეთ ნახვა ამირან დარეჯანის ძისა. და მოეგებნეს წინა იგი აზნაურნიცა და გაიხარნეს მათცა უზომოდ ნახვითა ჩვენითა. წავედით და მივედით კართა მის ქალაქისათა და დავდეგით ცალკერძ ჩვენა. და ცნა მან ასფან მეფემან მისლვა ჩვენი. მოეგზავნა კაცი და ესე შემოეთვალა, ვითა: ამირან დარეჯანის ძეო, მესმოდა სიკეთე და ჭაბუკობა შენი შორით და მიყვარდი ვითა ძმა და აწ ვაშად მოხვედ და ბრძანე ომი და ღვინო წინაო. და შეუთვალა პასუხი ამირან: მეფეო, მე ომი მრავალი მინახავს, მაგრა ესე მიმძიმს, რომელ ვითარი გასმივარ, ეგეთსა ვერა მნახავო.
წავიდა მოციქული იგი და კვლა მეორედ გამოვიდა. ებოძა შესამოსელი და სხვა დიადი საბოძვარი.
მეორესა დღესა გვიჴმნა სიმან სინდთა მეფისა ძემან. დაედგა ძოწეული კარავი და ესხნეს იგი საჯდომნი. და დასხდეს იგი სიმან და ხვასრო და იამანი ჭაბუკი და ლასურ, ჴელმწიფეთა შვილნი. დამართებით დაისხნეს ჯაზდან ფარსადანის ძე, ქამარ ქერდი, ბოლოსორ ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე, ამრად რაბაგის ძე, ჯოჰარ ქანიმანის ძე. და ჩვენ მივედით: ამირან დარეჯანის ძე, მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე. ადგეს ოთხნივე ჴელმწიფენი და გამოეგებნეს წინა და აწვიეს. ამირან დარეჯანის ძე დაისვეს თანა საჯდომთა. დავიდევით ნადიმი და იყო მღერა და განსვენება. და მოეგზავნა კაცი ასფან მეფესა სიმან სინდთა მეფისა ძესათანა და ხვასრო ხაზართა მეფისა ძესათანა [და შემოეთვალა], ვითა: დაგიჴხოციათ ლაშქარი ჩემი, აგიწყვეტიათ სამეფო ჩემი და ჰლამით ქალთა მნათობთა წაყვანებასა მკლავითა. გამოვგზავნი ბუმბერაზთა ჩემთა და, რომელსა გწადიან, შეებენითო. დაასწრა სიმან ხვასროსა და ეგრე უთხრა მოციქულსა, ვითა: მე გამოვალ ხვალე და შენცა გამოგზავნე ბუმბერაზი შენი და ნახე, თუ რაძი ჭაბუკი ვიყო, და ამასცა გითხრობ აქა, რომელ ჭაბუკნი მრავლად არიან და, თავმან შენმან, დასტურად მაგა ქალთა მნათობთა წავიყვანებთო. და წავიდა მოციქული და ჩვენ გარდავიჴადეთ ნადიმი და სიმან სინდთა მეფისა ძემან გასცა ყოველთა ზედა დიადი და გავიყარენით მას დღესა.
და ვითა გათენდა, წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და ყოველი ქალაქი ხედვად. და თვით მეფე ასფან დაჯდა მაღალთა ბანთა ზედა და დაისხნა გვერდით მნათობნი ქალნი მისნი და დიდებულნი მისნი და დაიდვა ნადიმი. ოდეს შევხედენით მათ მნათობთა ქალთა, ეგრე ვთქვით, ვითა: მათებრნი არა ნახულან ქვეყანასა ზედაო. გამოვიდა მუნით ბუმბერაზი ერთი შეკაზმული საომრად. გავიდა მოედანსა შიგან. დავსხედით ჩვენცა. შეეკაზმა იგი სიმან სინდთა მეფისა ძე და გავიდა, მაგრა კაცისა თვალსა ზედა, ღმერთო, კაცად კმა იყო. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და შეიბნეს. თავმან თქვენმან, ომად კმა იყო, და იბრძოლეს სამხრამდის. მერმე იყივლა მან სიმან სინდთა მეფისა ძემან, ვითა: ასფან მეფეო, აწ ნახო ბუმბერაზი შენიო! შემოუტევა, ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა, ყელამდისი ჩაჰკვეთა და ფიცხლად მოკლა. ჩვენ გაგვეხარნეს დიდად და შევასხით ქება სიმან სინდთა მეფის ძესა. და დაუმძიმდა ასფანს, მაგრა მოქალაქეთა ერთობ გაეხარნეს.
გავიყარენით და წავედით თავის-თავისსა კარავსა.
მეორესა დღესა გვიჴმო ხვასრო ხაზართა მეფისა ძემან და აგრევე სხდეს იგი ჴელმწიფენი ნადიმად და იგი სხვანი ჭაბუკნიცა. ეგრევე საჯდომთა დაისვეს ამირან დარეჯანის ძე. დავიდევით ნადიმი და ეგრევე დაიწყეს მგოსანთა მღერა. მოეგზავნა იგივე კაცი ასფანს და შემოეთვალა იგივე პირი ხვასრო ხაზართა მეფისა ძესა თანა, ვითა ხვალე შენი და ჩემისა ბუმბერაზისა ომი არისო. გაიცინა ხვასრო და ეგრე თქვა, ვითა: მასა ერთსაცა ბუმბერაზსა კარგად გაემარჯვა, განა გა-თურე-ლაღებულ-ხარ, რომელ კვლავე მოღმა მუქარა გითხოვნიაო. დაასკვნეს ხვალისა ომი და გავიყარენით. დიადი გასცა ხვასრო საბოძვარი ყოველთა ზედა.
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მათვე ბანთა ზედა და დაისხნა გვერდით იგი მნათობნი ქალნი და დიდებულნი თვისნი. და ეგრევე წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და ყოველი ქალაქი ხედვად. ხვასრო მშვილდოსანი იყო, რომელ მისებრივ არა უნახავს კაცისა თვალსა. შეირტყა მშვილდ-კაპარჭი და გავიდა. და იგი ბუმბერაზი ერთსახე შემოსილიყო, ცხენი და კაცი რკინითა. გამოვიდა ხვასრო. მისლვასავე შესტყორცა ისარი, ჰკრა მკერდსა, გაჰკვეთნა რკინანი და გაავლო ვითა სამოსელსა და მოკლა. და ეგრევე გაეხარნეს გარეგანთა მათ ლაშქართა და შეასხეს ქება. მაგრა აუგად დაუდვეს მშვილდითა შებმა მას ხვასროსა ხაზართა მეფისა ძესა. ამაზედა ერთობ დაუმძიმდა ასფან მეფესა და იტყოდა თავსა თვისსა უსვეოდ. გავიყარენით მას დღესა.
მესამესა დღესა გვიჴმო იამანმან ჭაბუკმან და ეგრევე სხდეს იგი ყოველნი და დაისხნეს საჯდომნი ამირან დარეჯანის ძისათვის. მივედით ჩვენცა. ადგეს, მოეგებნეს წინა. დავსხედით ნადიმად და იგივე კაცი მოვიდა მას იამანსა ჭაბუკსა თანა და უთხრა შეთვლილობა ასფან მეფისა, ვითა: ვინაჲთგან ღმერთსა ძლევა თქვენდა მოუცემია, ჩაშ თუ, ეგრე ჴამდა. აწ გამოვალს მესამე ბუმბერაზი ჩემი და ხვალე შენი და მისი ომი არისო. ჰრქვა მან იამანმან ჭაბუკმან, ვითა: ჩვენცა გაგვიგონია, მეფეო, რომელ ეგე კაცნი მოგწყინებოდეს და გვაჴოცინებ. მე მზა ვარ ხვალისადო. გარდავიჴადეთ ნადიმი და გასცა მანცა ყოველთა ზედა საბოძვარი, მერმე გავიყარენით.
და ვითა ზედა გათენდა, კვლა დაჯდა იგი მეფე ასფან და დაისხნა დიდებულნი, და წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და წამოდგა ზედა ხედვად ყოველი ქალაქი. გამოვიდა ბუმბერაზი იგი ასფან მეფისა და ჰგვანდა, რომელ შეშინებულიყო და არა სწადდა ომი. გავიდა იამანი ჭაბუკი. შეიბნეს ფიცხლად, იბრძოლეს დიდი; და-თურე-იწუნა იამანმან ჭაბუკმან, ჴრმალი გასტყორცა, შეუტევა და აიღო უნაგირთაგან და დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა. გაგვიკვირდა ესოდენი სიავე მათ ბუმბერაზთა და გავიყარენით მას დღესაცა.
მეოთხესა დღესა გვიჴმნა ლასურ და ეგრევე დაესხნეს საჯდომნი. გამოეგება წინა ამირან დარეჯანის ძესა და დავსხედით და დავიდევით ნადიმი. მოკაზმულობა სახლისა ერთისაცა არა ჰგვანდა მისისასა. თავმან თქვენმან, რაცა კაცნი ვიყვენით, თვითო დასტი ოქროჲსა წინა გვედვა. ვიყვენით ხუთასი კაცი. გამოვიდა იგივე კაცი და ლასურს მოაჴსენა შეთვლილობა ასფან მეფისა, ვითა: ხვალე შენი და მეოთხისა ბუმბერაზისა ომი არის და შენცა გაგვეჩვენეო. გაიცინა მან ლასურ და თქვა, ვითა: ვიცი, რა გიყოფია შენთა ბუმბერაზთათვისო. დაასკვნეს ომი ხვალისად. და ჩვენ დავიდევით ნადიმი და გასცა ლასურ დიდი ყოველთა ზედა. და გავიყარენით და წავედით თავის-თავისად კარავსა.
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მათვე ბანთა ზედან და დაისხნა დიდებულნი მისნი და დაიდვა ნადიმი. წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. გამოვიდა ბუმბერაზი და ფიცხლად რასმე უბნობდა. და გავიდა ლასურ. ფიცხელი მეომარი იყო. აიხვნა [ლასურ] ოროლნი და ჰრქვა ამირან დარეჯანის ძესა, ვითა: აწვე მისლვასა ნახო ჭაბუკობა ჩემიო! და ვითა შეუტევა, მისლვასავე ჰკრნა ოროლნი მკერდსა და აიღო უნაგირთაგან. ეგზომ ფიცხლად აზიდნა, დაკრული თურე იყო ცხენსა ზედა, ასწყვიდა და დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა. და შეასხეს ქება ლასურს დელამთა მეფისა ძესა.
და დაუმძიმდა ასფან მეფესა ესრე აწყვედა მისთა ბუმბერაზთა და გავიყარენით. გვიმძიმდა ჩვენ და ვთქვით თუ, ნეტარ რაჲსათვის არვინ შეაბა ამირან დარეჯანის ძესა? თურე არა ჰლამის მოცემასა ქალთა მნათობთასა. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ზენაარმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისა ბაღდადელის ამირ-მუმლისამან, სამთა უკეთესთა მე წავიყვანებ პატრონისა ჩემისა შვილთათვისო.
გამოჴდეს დღენი მრავალნი და აღარავინ გამოგზავნა ასფან მეფემან. მერმე შეკრბეს ერთგან იგი ოთხნივე ჴელმწიფენი და მიუგზავნეს კაცი მას ასფან მეფესა ამა პირსა ზედან, ვითა: ნუ იჭირვი და ნურცაღა ჩვენ გვაჭირვებ, მოგვეცინ ასულნი შენნი ცოლად. აგვიწყვედია სამეფო შენი, რომელ წავიდეთ და იყავ მშვიდობით. და თუღა ვინ შემოსაბმელი გყავს, გამოგზავნე და შევებნეთო.
მან გამოსცა პასუხი, ვითა: ჯერეთ დიდნი ჭირნი გისხენან და ბოროტნი თავისა თქვენისანი და დიდად ისწრაფით. ექვსნი ბუმბერაზნი სხვანი დამრჩომიან და მათ აზნაურთა ჭაბუკთათვის გამოვგზავნი, შეებნენ და გამოვსცდი მათცა, თუ რაძი ჭაბუკნი არიანო. ხვალისა დღეს დაასკვნეს ომი.
ვითა ზედა გათენდა, დაჯდა მეფე ასფან მუნვე და გამოვიდეს ექვსნი ბუმბერაზნი ქალაქთა და აქათაც გავიდეს ჯაზდან ფარსადანის ძე, ქამარ ქერდი, ბოლოსორ ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე, ამრად რაბაგის ძე და ჯოჰარ ქანიმანის ძე. ჩაშ თუ, თორმეტთა კაცთა ომი უფრო დიდი აჩნდებისო.
და უფიცხეს შეიბნეს პირველისა. იბრძოლეს დიდი ხანი. შეშინდეს ბუმბერაზნი ასფან მეფისანი და გაიქცნეს და წაეწივნეს კართა მის ქალაქისათა და დაჴოცნეს ბუმბერაზნი იგი. თქვა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ერთსა ადგილსა ესდენი ბუმბერაზნი ავნი არავის უნახავსო. შეუგზავნა ამირან დარეჯანის ძემან კაცი ასფან მეფესა და მოაჴსენა, ვითა: მეფეო, ომისა აჯება ჴამს, ღმერთო, განა რად არვინ შემაბიო? მან ეგრე შემოუთვალა, ვითა: ნუ ისწრაფვი, ამირან დარეჯანის ძეო, შენიცა მყავს შემბმელი, მაგრა ავად რასმე უმარჯვდების ჩემთა ბუმბერაზთა და მე ესე მიხარიან, რომელ როჭიკსა ეგზომ დიდსა ვეღარა სჭამენო.
გამოჴდეს დღენი მრავალნი და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ჴამსა ესე, რომელ მოვიდეს ჩვენსაცა ისი ჴელმწიფენი და აზნაურნი ჭაბუკნი? მე ეგრე მოვაჴსენე: დია, ღმერთო, ჴამსო. გაგზავნა ქაოზ ქოსის ძე და შეუთვალა, ვითა: დაიმდაბლეთ თავი და განისვენეთ მონისა კარავსაო. მათ შემოუთვალეს, ვითა: კარავსა მამისა ჩვენისასა ეგრე მოვალთო. და უჴმნეთ მათცა აზნაურთა ჭაბუკთა. მოვიდეს, ჭამეს პური და გარდაიხადეს ნადიმი. ამაზედა გამოეგზავნა კაცი მას ასფან მეფესა და შემოეთვალა, ვითა: მოსულ ხართ კარსა ჩემსა ზედა დიდნი ჴელმწიფენი და გარდაგიჴდიათ დიდნი ომნი და გამარჯვებულნი ხართ. თუმცა არა მოსულიყვენით აქა და სახლით თქვენით გეთხოვნეს, ღმერთმან იცის, გამეხარდებოდა და მოგცემდით ასულთა ჩემთა ცოლად. აწ ვინაჲთგან მოსულ ხართ აქა და მკლავითა ჰლამით წაყვანებასა პატრონისა შვილთათვის, ასე არის, აწ გამოცდა ჴელთა ჴამს. ვინ დააჯეროთ ერთმანერთი და აიღოთ სახელი? აწ შენ, სიმან სინდთა მეფისა ძეო, შეები ამირან დარეჯანის ძესა.
მაშინ ასწრა ამირან დარეჯანის ძემან და თქვა: მე ყოველთა მეფეთა ყმა და მონა ვარ, არავის ვკადრებ ომსა და, თუ შენ გყავს ვინმე, გამოგზავნე და დია შევებმიო. ამისა შეთვლილობისათვის ეგონა სინდთა მეფისა ძესა შეშინება ამირან დარეჯანის ძისა. რა ესე შეატყო ამირან მას სინდთა მეფის ძესა, ეგრე არქვა: სიმან, ბრძანება თქვენი არსო. დაასკვნეს ომი ხვალისად. და არქვა მას ასფან მეფემან: ამირან ჩემი არის და მე გამოვგზავნიო. და ვითა გათენდა, მოეგზავნა კაცი ამირან დარეჯანის ძესათანა და გამოეცა შესამოსელი და საბოძვარი, ვითა: შენ ჩემთვის და ჩემ-კერძ გამოხვალ. აწ გაედ და შეები, ვითა მაქვს ჭაბუკობისა შენისაგან იმედიო.
დაჯდა ასფან მეფე მუნვე და დაისხნა გვერდით მნათობნი ქალნი და დაიდვა ნადიმი, დაისხნა დიდებულნი. შეეკაზმა ამირან დარეჯანის ძე და გავიდა. თქვა ყოველმან კაცმან, ვითა: არავის უნდა ომი მის კაცისაო. გამოვიდა სიმან სინდთა მეფისა ძე და ხედვიდა ყოვლი ქალაქი ზედან. შემოუვლეს ნავარდი და ერთმანერთსა შეუზახნეს და შეიბნეს. სიმან დიდად იბრძოდა და ფიცხლად. ამირან მას ეკრძალოდა. სიმანს არ ეგონა ეგდენი შეძლება ამირან დარეჯანის ძისა და დაუწყო ფიცხლად ომი. მაშინ გაიყვანა ცხენი ამირან და შეუზახნა: მეფეო, გამიფრთხილდი, რომელ მოვალ და აღარ გეკრძალვი ჩამოგდებისათვის, მაგრა მოგკლავ არაო. ფიცხლად შემოუტევა ცხენი და ჰკრა ცხენისა თავსა ჴრმალი და მოჰკვეთა თავი და, ვითა ჩამოიჭრებოდა, მიჰყო ჴელი და, ვითა ცოტა ყმა, ჴელთა აიყვანა და თქვა: შემინდევ, მეფეო სიმან, არა გინდა ჩემი ომიო. გაიცინა ასფან მეფემან და თქვა: სიმან, ჩემი თურე ბუმბერაზი გეგონა ამირან დარეჯანის ძეო?!
დაუმძიმდა დიდად სიმანს და მას დღესა გავიყარენით თავისთავისად.
მეორესა დღესა კვლა მოეგზავნა კაცი ასფან მეფესა ხვასრო ხაზართა მეფისა ძესა თანა და ეგრე შემოეთვალა, ვითა: თუ გწადიან, შენცა შეები და უშველე ამხანაგთა შენთაო. მას დაუმძიმდა და თქვა: მე ორპირვე შევებმი. შენ წვევა რად გინდაო? და თქვა კვლა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ღმერთმან იცის, მე ნებითა ჩემითა არ ვებრძვი ჴელმწიფეთა, მით რომელ არამცა ფათერაკი წამეკიდოს და მოკვდეს რომელიმე ჴელთა ჩემთაგან. არა კარგი არის აზნაურთაგან ჴელმწიფეთა სიკვდილი.
დაჰპატიჟა ხვასრო ხაზართა მეფისა ძემან ომი. ესე იყო წესი ხვასროსი, რომელ რასაც ღმრთისაგან დაბადებულსა შეჰკრის ისარი, მოკლის. მიუგზავნა კაცი დარეჯანის ძემან [და შეუთვალა], ვითა: რითა შევიბნეთ? ისარსა და მშვილდსა აიღებ ანუ არაო? მან ეგრე არქვა: არა ავიღებო.
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მასვე ადგილსა და გამოგზავნა კაცი ერთი მისთა დიდებულთაგანი ჩვენ თანა, შემოეთვალა: თავსა ჩემსა, კარგად და გულისად შეებას პატრონი თქვენი ამირან დარეჯანის ძეო. შეეკაზმა ამირან და თქვა: ნუთუ ჩვენ არა ვიცოდეთ, კაცი მუხთალი არისო. ითხოვნა პოლოტიკნი ჯაჭვი და აბჯარისა ქვეშე დაიპყრნა უჩინრად. გამოვიდა ხვასრო და არა ჰქონდა მშვილდი. დაემოწმა ყმისადა, ვითა მშვილდი ჩემი ფარულად დაიჭირე და, რა ჟამი იყოს შებმისა, ფიცხლად მომართვიო. გავიდეს და შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და მიართვა ყმამან უცნაურად მშვილდი. შესტყორცა ისარი ხვასრო და ჰკრა მკერდსა, გაჰკვეთნა პოლოტიკნი რკინანი, ჯავშანი და ჯაჭვი, და მკერდსა დიდი შეჰკვეთა. მაშინ დაუმძიმდა დარეჯანის ძესა და ეგრე არქვა, ვითა: მუჴთლად ჰლამოდი ჩემსა სიკვდილსაო? წყეულმცა ხარ! არა არს კარგისა ჭაბუკისა ჴელი ეგე მუხთლობა. სით წახვალ აწ ჴელისა ჩემისაგან უსიკვდილოდო?
გამოიგლიჯა ისარი მკერდიდამ და შეუტევა გულმწყრალად, რომელმცა მოეკლა. გაექცა ხვასრო და მე მოვაჴსენე: ნუ, ამირან, ნუ გამწყრალ ხარ, ვერ წაუვა ნაკრავსა შენსა და მოჰკლავ. მან ჩემსა სიტყვასა ზედა გასტყორცა ჴრმალი, მიეწია, აიღო უნაგირთაგან, დასცა ქვეყანასა ზედა და შებნიდა და არქვა: ზენაარმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისა ამირ-მუმლისამან, თუცა ჴელმწიფე არ ყოფილიყავ, მო-მცა-მკვდარ იყავ ჴელითა ჩემითა! შეაქცია ზურგი და წამოვიდა. მივიდეს ყმანი მისნი და წაიყვანეს ხვასრო. და დაიმადლა მეფემან ასფან არ-მოკლვა ხვასროსა და ებოძა საბოძვარი. და თქვა ყოველმან კაცმან: არა არს ჭაბუკი დარეჯანის ძისებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა!
გამოჴდა იგი დღე. და მესამესა დღესა გამოსთხოვა მუქარა იამანმან ჭაბუკმან და არქვა დარეჯანის ძემან: უფლისწულო ჩემო, ნუ ვინ დაგარწმუნებს ომსა ჩემსა. ღმერთმან იცის, მიმძიმს ომი თქვენიო. მან არქვა, ვითა: არა არს წამალი ომისაგან კიდე. ასფან მეფემან უბრძანა: გაუშვი ეგე, ამირან დარეჯანის ძეო. ვირე ყოველთა არა შეებმი, სხვა ღონე არა არისო. მერე გამოვიდა იგი იამანი ჭაბუკი და აქეთ გავიდა ამირან დარეჯანის ძე. შეუტევეს ერთმანერთსა და დიდი ხანი იბრძოლეს, მერმე გაიყვანა ცხენი იამან ჭაბუკმან, შემოუტევა ფიცხლად და დაჰკრა ცხენისა თავსა დარეჯანის ძისასა და მოჰკვეთა თავი და ჩამოაგდო. რა ესე მოინახა იამან ჭაბუკისაგან ამირან დარეჯანის ძემან, მიჰყო ჴელი გულმწყრალმან და უკანასა ფერჴსა მოეკიდა ცხენისა მისისასა, უკუზიდნა და ქვეყანასა დაჰკრა ცხენი და კაცი. და ჩამოჰყივლა ასფან მეფემან: რასღა იკლებ ჩამოგდებულისა კაცისაგან, იამანო ჭაბუკო? გაგვიკვირდა, თავმან თქვენმან, ომად ფიცხლად კმა იყო.
მეორესა დღესა ლასურ დელამთ მეფისა ძესა კაცი გამოეგზავნა მეფეთა შვილთა თანა და ამირან დარეჯანის ძისათვის [და შემოეთვალა], ვითა: დღესა ჩემსა ბრძანეთო. მივედით და დაგვიდვა ნადიმი, რომელ, თავმან თქვენმან, ნადიმად კმა იყო. მერმე თქვა ლასურ დელამთა მეფისა ძემან: ამირან დარეჯანის ძეო, მრცხვენიან, ღმერთმან იცის, ამა სიტყვისა თქმა, განა ესე ჴელმწიფენი შეგბმიან და შენ და მეცა შევიბნეთო. გასცა პასუხი ამირან, ვითა: ღმერთმან იცის, განა ძოღანცა ვთქვი: არა მწადიან ჴელმწიფეთა ომი და, რადგან თქვენ გიბრძანებიათ, მის მეტი ჩემგან რა ღონეაო?
დაასკვნეს ომი. გაიყარა ნადიმი. რა დილა გათენდა, წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი, შეეკაზმა ლასურ და გავიდა. თქვენმან მზემან, კაცად კმა იყო. აქეთ გავიდა დარეჯანის ძე, შეიბნეს, ფიცხელი ომი გარდაიჴადეს დილითგან ვიდრე მწუხრამდი. ფიცხლა გაიყვანა ცხენი ლასურ და თქვა: ასფან მეფეო, აწ ნახე გაგება დარეჯანის ძისაო. თავმან თქვენმან, გვეგონა გასწორება. ჴრმალი ჰკრა ჩაბალახსა ზედა და, თავმან თქვენმან, თავსა დიდი შეჰკვეთა. მერმე გაიყვანა ცხენი დარეჯანის ძემან და უყივლა: ლასურ დელამთა მეფისა ძეო, აწ ჩემგან ნახე სიფიცხე შენ ზედა, თუ რა მოვაწიო. აძგერა ცხენი და ცხენი და კაცი ესრეთ გამოაგორვა, რომელ თავისა გზა და კვალი ვეღარა შეიგნა. მაშინ გაიცინა ასფან მეფემან და თქვა: ვითა დამიყივნენ მეფენი სიძენი, დარეჯანის ძეო! მას დღესა თავის-თავისად წავიდეს.
რა დილა გათენდა, კაცი გამოეგზავნა ასფან მეფესა და შემოეთვალა, ვითა: დარეჯანის ძეო, ვიცი რომელ არა არს პირსა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი. აწ პირიანი არს, რომელ ეგე აზნაურნი და თქვენნი ყმანი შეებნენო. მაშინ მოაჴსენა ამირან, ვითა: რაცა გიბრძანებია, განაღამცა მართალ ხარო.
რა დილა გათენდა, წამოდგეს მეფე, დიდებულნი მისნი და ყოველი ქალაქი მითვე წესითა. გამოვიდეს აზნაურნი ჭაბუკნი ექვსნივე დაკაზმულნი და აქეთ ჩვენ დავეკაზმენით. გავედით და შევიბენით. კარგნი ჭაბუკნი იყვნეს ისინიცა. ბინდამდის ომი იყო. დასჯერდეს მოქალაქენიცა და გარეგნით ყოველი ლაშქარი. გაგრძელდა ომი. იყივლა ასფან მეფემან: თუ ჰგავთ პატრონსა თქვენსა, ამირანის ყმანო, აწ ჟამი არის ჯობნისაო. ამა სიტყვასა ზედა თქვა ალი მოჰამადის ძემან: ჴამს კარგი ნაქმარიო. გავფიცხდით ესრე, რომელ ვითამცა ახლა დაგვეწყო ომი. ვიბრძოლეთ ცოტაღა ხანი და ჩამოვყარენით ექვსნივე და ესე კარგად მოჴდა, რომე არა რომელი მოკვდა. შევედით და დავსხედით პატრონსა ჩვენსა ამირან დარეჯანის ძესა თანა გვერდით ნადიმსა. მათ ჴელმწიფეთა გვიბოძეს დიადი და გავიხარენით. მერმე გაიყარა ნადიმი და მეორესა დღესა მიუგზავნეს კაცი მათ ოთხთავე ჴელმწიფეთა ასფან მეფესა, ვითა: აწ კვლა მიზეზი აღარა არს, მოგვეცინ ასულნი შენნი ცოლად და ამირან დარეჯანის ძესაცა მოსცენ პატრონისა მისისა შვილთათვის და, თუღა არს ვინმე მეომარი სხვა, გამოგზავნე და მასცა შევებნეთ. მან გამოსცა პასუხი, ვითა: გაგიხვამ კართა ქალაქისათა და თვით გამოიყვანეთო.
იყვნეს შვიდნი ქორნი შვიდთავე ქალთანი და უდგა კართა ზედა სამათას-სამათასი მეომარი კაცი მცველად; ამა სამთა ქალთა უკეთესთათვის ოთხიათას-ოთხიათასი კაცი უდგა; უფრო ძნელი და უფიცხესი ყოველთა ომთასა იგი იყო. გაგვიხვნეს კარნი და შევედით მას ქალაქსა შინა, დაკაზმულიყვნეს იგი ჴელმწიფენი და ამირან საქვეითოჲთა აბჯრითა შეჭურვილიყო. ყოველნივე იგი მცველნი საომრად მოკაზმულიყვნეს. მაშინ დაგვიჭირნა ამირან დარეჯანის ძემან თვისსა თანა მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე და ალი მოჰამადის ძე. გაგზავნა სიმან სინდთა მეფისა ძესა თანა ყამარ ყამრელი, გაგზავნა იამანსა ჭაბუკსა თანა ქაოზ ქოსის ძე, გაგზავნა ლასურ დელამთა მეფისა ძესა თანა ასან ბადრის ძე [და უბრძანა მათ], ვითა: იახლენით და კარგად დადეგითო. დავეკაზმენით და შევებენით. მას დღესა გარდაჴდა ომი და ვერა შევედით. იგი ქალთა მცველნი კაცნი ყველა დარჩეულ იყვნეს.
მეორესა დღესა კვლა შევიბენით და დაიჴოცეს მას დღესა შინა დიადნი ლაშქარნი. მოვერივენით და, ვირე იგინი ოთხნი თვითოსა გამოიყვანებდეს, მანამდისი ჩვენ, რომელნი სჯობდეს, სამნი ქალნი გამოვიყვანენით, რომელთა უდგა ოთხათას-ოთხათასი კაცი მცველად. და გამოიყვანნეს მათცა და მივედით ასფან მეფესა წინაშე. და გამოგვეგება ასფან მეფე წინა და თქვა: კურთხეულმცა არს ჭაბუკობა თქვენი, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი თქვენებრიო. მას დღესა აღარა ეგებოდა. მეორესა დღესა დაჯდა ასფან მეფე და შემოიკრიბნა დიდებულნი მისნი და ყოველი ქალაქი. და ქმნა ქორწილი და შერთნა ოთხთავე ჴელმწიფეთა ოთხნივე ქალნი, რომელნი მათ გამოეყვანნეს და მისცა მზითევი, რომელ არა იყო რიცხვი და შეგება. დავყვენით მრავალნი დღენი მუნ და მერმე წავიდეს იგი ოთხნივე ჴელმწიფენი თავის თავისად და წაიყვანნეს ცოლნი მათნი დიდითა მოკაზმულობითა. და ჩვენ ვიყვენით მუნვე. ეგრე გვიბრძანა მან ასფან მეფემან, ვითა: თქვენ ჯერეთ ვერ გაგიშვებთ და, რა ჟამი იყოს, თვით გაგგზავნიო. მოაჴსენა მეფესა ამირან: მეფეო, ისი კარგნი ჭაბუკნი მოსრულ არიან აზნაურნი კარსა შენსა ზედა და არა ჴამს მათი უპიროდ გაგზავნა, მით რომელ ჟამსა შინა გეჴმარებიან. აწ უბრძანე შენთა დიდებულთა და მათნი ასულნი შერთენ ცოლად. უბრძანა მეფემან დიდებულთა მისთა და მათნი ასულნი შერთნეს ცოლად. და უბოძა დიადი მათცა და გაგზავნნა მომადლებულნი. მაშინ მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე თქვენსა წინაშე ყოფნა დიდად სიხარულად მიჩნს. დამიყოფია დიდი ხანი და ისწრაფის პატრონი ჩემი, ჟამი არს წასლვისა ჩემისა. უბრძანა: დია გაგგზავნიო. გაახვნა კარნი საჭურჭლეთანი და შეკაზმა მზითევი, სხვისა ყველასაგან კიდე ოქრო, მარგალიტი, თვალი და სტავრა. ორი ათასი აქლემი და ათასი ჯორი კიდებული მოსცა; ათასი საჯინიბო ცხენი და სამი ათასი საჴედარი მისითავე აკაზმულობითა ესე მზითვად წამოატანა. ამას გარეთად უბოძა ამირან დარეჯანის ძესა ურიცხვი ოქრო, მარგალიტი, სტავრა, კერული და უკერავი, ასი ჯორი კიდებული. და ჩვენ, ყმათა მისთა, ექვსთავე, გვიბოძა დიადი. გამოგვყვა თანა თვით მეფე და დიდებულნი მისნი.
წამოვედით და მოვედით ბაღდადს და მოჰგვარნა პატრონისა შვილთათვის ცოლნი, ნაყოფნი ეგეთნი, რომელ არა ნახულიყვნეს კაცისა თვალითა. გაეხარნეს უზომოდ ბაღდადელსა ამირ-მუმლსა და ქმნა ქორწილი მეორესავე დღესა. მერმე უბოძა ამირან დარეჯანის ძესა საბოძვარი ურიცხვი და ჩვენ ექვსნივე დაგვმოსნეს ტანსა და გვიბოძეს დიადი.
აქა დასრულდა კარი მნათობთა. დაუსრულებელმცა არს დიდება მეფობისა თქვენისა უკუნისამდე, ჟამთა მრავალთა.
კარი მერვე
ტილისმათა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
ყმა მოვიდა მესაწოლე დილასა და ეგრე მითხრა, ვითა: გიბრძანებს ამირან დარეჯანის ძე − ჩემსა მზესა, ადრე მოდიო. ავდეგ და წაველ, მეგონა, ამბავი რამე ასმიაო. ოდეს მიველ, საგებელსა ზედან ჯდა. დაეღრიჯნეს და შუბლსა ჴელი მოედგა. დამიმძიმდა მისი ეგრე დაღრეჯით ყოფა. ვითა შევედ, ეგრე მიბრძანა: მოხვედ, სავარსიმის ძეო? მე მოვაჴსენე: წინაშე ვარ-მეთქი. მიბრძანა: მიღმართ მიხედენო. ოდეს მივხედენ, ეტრატითა დაკრული ქალისა სახე კედელსა ზედა ეწერა, რომლისა უშვენიერესი არა ინახვოდა. მიბრძანა: მოგეწონაო? მოვაჴსენე: მო-მეთქი. კვლად მიბრძანა: აქა მოედ და დაჯედ. ვიცი, ღმერთო, არცა რა მე, განა რომელი ვიცი, გითხრაო. წამოვიდგენ ოქროჲსა სელნი და დავჯედ.
ეგრე მიბრძანა: ძოღანვე დიაცი ვინმე მომადგა ზედა მძინარესა და ეგრე მითხრა: ამირან დარეჯანის ძეო, შენისა ჭაბუკობისაგან პირი არ არის, თუ მზე ქვეყანასა ზედა იყოს და შენ იგი არა ნახო. მე გამეღვიძნეს და გამიკვირდა. ვთქვი გულსა შინა, ეშმაური რამე არის და ყური არა მიუპყარ. ღამე მრავალჯერ მოვიდის და მითხრის და მე ეშმაური მეგონის. აწ კვლა წუხელის მოვიდა და ეგრე მარქვა მანვე დიაცმან: ამირან, ჩემი სიტყვა არა მოისმინე, აწ მის ქალისა სახე, რომელსა ვიტყოდი, კედელსა ზედა დამიწერია, გაიღვიძენ და ნახენ. თუ მეტყუვნოს სიკეკლუცე, იცოდი, ყველასა ვიტყვიო. ოდეს გამეღვიძნეს, ისი კედელსა ზედა ეკრა. ამის მეტი სხვა არა ვიციო.
მე ეგრე მოვაჴსენე, ვითა: ესე არა ჰკითხე, თუ რომელსა ქვეყანასა არისო.
კვლა მიბრძანა: ამის მეტი, რომელ შენდა მითხრობია, არა ვიცი და არცა რა მიკითხავსო.
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! დამიმძიმდა დიდად და ვთქვი გულსა შინა: ეშმაური რამე არს და ფათერაკსა დავეპყრობით. მე ეგრე მოვაჴსენე, თუ: რა მოგაჴსენო, დაგიმძიმდებისო. მან ეგრე მარქვა: თქვი, რაცა გწადიანო. მოვაჴსენე: ბედითი რამე ეშმაური საქმე მგონია და ბედითსა ჭირსა ჩავსცვივით და ბოლოსა ჟამსა ჴელთა აღარა დაგვრჩების რა-მეთქი. ეგრე მიბრძანა: გაუშვი ეგე, სავარსიმის ძეო, დასტურ ანუ გავიღებ გზასა და ანუ კვლა მისსა ძებნასა შიგან მოვიკლავ თავსაო. მე ეგრე მოვაჴსენე: არცა ქვეყანა ვიცით და არცა გზა, ღონე არა არის ამისი, თვარა მე წასლვასა არ გიშლი-მეთქი. ამაზედა შეიჭირვებდა და მჭმუნვარედ შეიქმნა.
გარდაჴდეს დღენი მრავალნი. ასპარეზითა გვემღერა და შინა წამოვიდოდით. ეგრე მიბრძანა: გვალე ვიარებოდეთ, რომელ სიგრილე მეცესო. წამოვედით შინათ კერძო და ზედა შეღამდა. და კაცი ვინმე რაჴსსა ცხენსა ჯდა, წითელი შესამოსელი ეცვა და ჩაჩი ზარქაში თავსა ებურა. მოვიდა და ეგრე არქვა: ამირან დარეჯანის ძეო, ვიცი, რომელ შეჭირვება შეგქმნია მის ქალისა სახისათვის. აწ ინდოეთით კერძო დამართე, რომელ დიდი მინდორი არის, და მუნ გაიღებ გზასაო. იკრა მათრაჴი და წავიდა. გზა-კვალი ვეღარა გავიღეთ. მე ეგრე მიბრძანა, ვითა: გესმისა მის კაცისა, სავარსიმის ძეო? მოვაჴსენე: მესმის-მეთქი, მაგრა გზა, ღმერთო, არცა რა ამას გაუცემია. ეგრე მიბრძანა: თუ გული არ გაკლებს, წასლვისაგან კიდე სხვასა ნურასა იგონებო.
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! დამიმძიმდა, ღმერთო, დიდად განა არა შევიდევ თავსა. მივედით შინა. მეორესა დღესა გააგო ყოველი საქმე ციხეთა და ქალაქთა და უჩინნა ერთგულნი კაცნი და, რაცა ჴამდა, უბრძანა. ალი-მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი შინა არა იყვნეს. მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე და ქაოზ ქოსის ძე მიგვასხნა და გვიბრძანა: აბა, მითხარით, − ლაშქრითა სჯობს წასლვა ანუ ჩვენით ოდენ წავიდეთო? აბან ქამანის ძემან მოაჴსენა: ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის ძეო! თუცა უკეთესსა ვიქმოდეთ, მაშინცა ყველასა ესე სჯობს, რომელ თუცა ყოლე არა წავიდოდით, ამით რომელ ეშმაური და ბედითი გზა არს და, თუ წავალთ, ლაშქარი არა მოგვინდების. მოვილოდინნეთ ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი, თუ − არა, ჩვენ წავიდეთ ოთხნივე.
გაიცინა ამირან და ეგრე არქვა, რომელ: წასლვასა მიშლი, აკლე თურეო? მან ეგრე მოაჴსენა, ვითა: თუ მეკლოს, ამას გზასა გაჩნდებისო. ამაზედა დავეკაზმენით და წავედით ამირან დარეჯანის ძე, ქაოზ ქოსის ძე, აბან ქამანის ძე და მე, სავარსიმის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი შინ არა იყვნეს. მათ სამთა მოლოდინება ვაწვიეთ, ამით რომელ ეგეთსა გზასა საიმედოდ კმა იყვნეს.
ვაჴსენეთ სახელი ღმრთისა და წავედით. დავმართეთ მას მინდორსა, რომელ მან კაცმან გვაწვია. მოგვხვდეს მრავალნი მჴეცნი. დავჴოცენით და მივდიოდით. კაცი ვინმე ქედსა ზედა წამოდგა და იყივლა: ვინ ხართ, ცხენოსანნო, მანდ წინა ლაშქარნი დგანან მეკობრენი, მაგას გზასა ნუ წახვალთ თვარა დაგჴოცენო. ქაოზ ქოსის ძემან ეგრე მოაჴსენა: წავიდე და ვნახნე ისი ლაშქარნიო. წავიდა ქაოზ ქოსის ძე და ხუთასსა ცხენოსანსა ზედა შეჰჴდა და, თავმან თქვენმან, ესრეთ მოერია, ვითამცა იგი ხუთასი ყოფილიყო და მეკობრენი ერთი. დაიმადლა ამირან დარეჯანის ძემან და ეგრე უბრძანა: ვითა ჩემსა გაზრდილსა მართებდა, ეგრე იყავო. წავედით მუნით. მოაჴსენა აბან ქამანის ძემან: წინარე ვიარებოდე, ჴამს, რომელ საქმე ზე არა შემოგვხვდეს. უბრძანა: დია, ღმერთო, წაედო. წავიდა და წინა იარებოდა. სამთა კაცთა ზედა შეჰჴდა და ეგრე ჰკითხა: რა წაგკიდებიათო? მათ ეგრე არქვეს: მეკობრენი ქარავანსა ზედა გარდაგვესხნეს და ჩვენგან კიდე ყველა დაჴოცეს. ჩვენ შეგვიპყრნეს და თანა წაგვიტანნეს და გზასა ზედან შეკრულნი დაგვყარნეს და აგერა თქვენსა წინა მიდიანო. ჩვენ აღარა გვაცნობა აბან ქამანის ძემან. წავიდა და ათასსა კაცსა უკანა მიეწია მეკობრეთა და დაჴოცნა და რისხვა ღმრთისა დასცა მათ ზედა. ოდეს ჩვენცა მივედით, იგი კაცნი ჩვენ შეკრულნი ვნახენით. ვკითხეთ და იგივე გვიამბეს. კვლა ვკითხეთ: ერთი ცხენოსანი არა ნახეთ? მათ თქვეს: ვნახეთ და მათ მეკობრეთა ომად წავიდაო. წავედით ჩვენცა შველად აბან ქამანის ძისად. ველი რამე იყო და ზედან წავადეგით. ცხენი და კაცი აურაცხელი ჴოცილი ვნახეთ და აბან ქამანის ძე იქი არ იყო. დაუმძიმდა დარეჯანის ძესა და ბრძანა: მოვაკვლევინეთ ვითარი კაცი ბედითთაო.
ცოტა ხანი გამოჴდა. მოვიდა აბან ქამანის ძე და მრავალი კაცი შეპყრობილი თანა მოიყვანა და მას არა სჭირდა რა მის მეტი, რომელ ცოტად დაკოდილი იყო. მათ მოსხმულთა კაცთა ვკითხეთ: ვინ იყვენითო? მათ გვითხრეს: ბედითნი მეკობრენი შეყრილნი ვიყვენითო. მერმე ბრძანა მათ კაცთა გაშვება და მე ეგრე მიბრძანა, ვითა: მე და შენ უომრად ვართ და იმათ დიდი ომი გარდაიჴადესო. მე მოვაჴსენე: სადა შენ მიხვალ, იქი, ღმერთო, ომი არა დაგველევისო.
წავედით და მივედით მას მინდორსა, სადა სულიერი არა იყო სიცხითა და უსაჭმელობითა. მივდიოდით, ვითა უმეცართა კაცთა ჰხვდების, და ვერა ვნახეთ სულიერი და ვერცა ფრინველი და ვერცა კაცი. დაღრეჯილნი მივდიოდით. ამირან დარეჯანის ძე წინა მივიდოდა და უკანა ჩვენ მივდიოდით. შემოიქცა და ეგრე გვითხრა: ცხენისა ჴვივილი ვითარიმე მესმაო. ჩვენ არა დაუჯერეთ და უკან ზრახვად დავდეგით და ვთქვით: ხედავ, ვითა გამოუკრეფიან ეშმაკსა ცნობანი და არა იცის, თუ რასა ზრახავს, თვარა ამა მინდორსა შინა ყოფა სულიერისა ვითა ეგების? მივდიოდით და კვლა ბრძანა იგივე სიტყვა: დასტურ, ცხენისა ჴვივილი მესმისო.
ოდეს ვნახეთ, კაცი ვინმე ჭარმაგსა ცხენსა ჯდა და მოვიდოდა. ვითა მოეწურა, გარდაჴდა და თაყვანისცა ამირან დარეჯანის ძესა სახელდებით, ვითა: ვაშად მოხვედ, ამირან დარეჯანის ძეო! მინდოდა თქვენი ნახვა და კარგსა ადგილსა ზედა გნახეო. გაჯდა და წავიდა სწრაფლ და უჩინარ იქმნა. ჩვენ თავსა ბრალობა დაუწყეთ გაშვებისათვის. მერმე თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ნუ გიმძიმს იმა კაცისა წასლვა, მით რომელ, თუ მტერი იყო, გაქცევა ავი ქმნა და, თუ ეშმაური იყო, მაშა, ჩვენ ეშმაური ვერას გვავნებსო. დავდეგით მუნ. იგი ჭარმაგოსანი კაცი და სხვანი ბევრნი კაცნი ჭარმაგთა ჯორთა სხდეს ყვითლითა აკაზმულობითა და თავსა მათსა პიროქრო რიდე ეხვივათ. მოვიდეს და გარდაჴდეს. თაყვანისცეს და ქება შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა და ეგრე მოაჴსენეს, ვითა: გვესმოდა ქება ჭაბუკობისა შენისა და გვინდოდა ნახვა შენი, და აქა უფრო გვინდოდა, სადა გნახეთო. მერმე ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ძმანო, ამა უკაცურთა ადგილსა ვითა ხართო? მათ მოაჴსენეს: ბრძანეთ ჩვენსა ლარსა და მერმე მუნ მოგაჴსენოთ ჩვენი ამბავიო.
წაგვიძღვეს წინა ესე კაცნი და წავედით ჩვენცა. ჴევი იყო მეტად დიდი. ოდეს ზედა წავადეგით, მას ჴევსა შინა ქარავანი დგა ურიცხვი, რომლისა უფროსი არა ეგებოდა. მივედით მას ქარავანსა თანა. მოგვეგებნეს იგი მოქარავნენი წინა, თაყვანისგვცეს და ქება შეგვასხეს და გაეხარნეს ჩვენი მისლვა და ყველამან მოიღეს დიდი ძღვენი და სანუკვარი და განვისვენეთ დია. მათ მოქარავნეთა კაცთა უხუცესსა აბრამ ერქვა. ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ვინ ხარ შენ, აბრამ, ანუ ვისი არის ეს ქარავანიო? მან მოაჴსენა, ვითა: ჩვენ ბასრელი ქარავანი ვართ, ინდოეთს ვიყვენით და მუნით მომავალნი ვართ. მერმე უჩვენა კაცი ვინმე და ეგრე არქვა: ისი მუნეჯიბი არის ბასრელი, რომელ არა არს მუნეჯიბი მისებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ვაჭრობა ინდოეთს დიდად სასარგებლოა და გვეშინოდა მეკობრეთაგან და მისთვის ვერ წამოვიდოდით და ვიყვენით მუნ მრავალთა ჟამთა. მერმე ამან მუნეჯიბმან თქვა, ვითა: გაგვიმარჯვდებისო. ჩვენ დავიჯერეთ მისი სიტყვა და შეკრბა იგი ქარავანი არა ბასრელი ოდენ, განა სხვათაცა ქალაქთათა. წავედით ინდოეთს. ვივაჭრეთ ურიცხვი და წამოვედით და აქა მოვედით. და ცნეს მათ სამთა ძმათა აშტრაბის ძეთა, მეკობრეთა, ლომთა ჭაბუკთა, და წინა გვიმზირიან სამათასითა კაცითა. აწ ამას ჴევსა შინა ჩამოწყვდეულ ვართ. ჩვენ დაუწყეთ ამას მუნეჯიბსა ბრალობა. ამან დღეს სტროლაბსა ჩახედნა და ეგრე თქვა: ნუ გეშინიანთ! კაცნი ვინმე მოვლენ სპარსნი ოთხნი და მათითა ჴელითა ვიჴსნებითო. ჩვენ არა დაუჯერეთ. გამოჴდა ცოტა ხანი და კვლავე ჩახედნა მასვე სტროლაბსა. გაიხარნა და ეგრე თქვა, ვითა: დღეს იგი მობაღდადე ჭაბუკი, რომელ არის ლომი ლომთა ამირან დარეჯანის ძე, დასტურად აქა ჩვენ თანა მოვალს და სამნი ყმანი მისნი მისთანა სხვისა რასმე საქმისათვის, მაგრა ჩვენ მისითა ჴელითა ვიჴსნებითო. ამაზედა შეგვექმნა სიხარული და ისი კაცი ჭარმაგოსანი, რომელი თქვენ წინა მოგეგებათ, ამისთვის გამოვგზავნეთ − ნუთუ მოვიდოდეს, ნახენო. რა თქვენ გნახნათ, ფიცხლავ ჩვენ გვაცნობა და წინა მოგეგებენით. აწ რა დააჯეროს ღმერთმან ჭაბუკობასა შენსა, იგი ქმენ ჩვენზედა და ესდენი, ღმერთო, გიძღვნათ, რომელ კაცისა თვალისაგან არღარა ნახულიყოს მისგან უფროსი.
უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ვინაჲთგან ჩვენი მოსლვა ეგრე გაგეხარნეს, ესე იცოდეთ, რომელ ვირემდის ჩვენ არ დავიჴოცნეთ, თქვენ მანამდის არა გევნოს რაო. ადგეს ყოველნი და თაყვანისგვცეს და ძღვენი მოიღეს აურაცხელი. ამაზედა ადგა კაცი ვინმე და ეგრე თქვა: აშტრაბის ძეთა უფრო ადვილი არის, მაგრა ესე უძნელესი გვჭირს, რომელ იგი წითლოსანი ჭაბუკი წინა გვითქსო. რა ესე მან კაცმან თქვა, შეიქმნა მას ქარავანსა შიგან ტირილი ეგზომი, რომელ რისხვა ღმრთისა იქმნებოდა მათ მოქარავნეთა კაცთა ზედა. ეგზომ მედგრად შეშინდეს, რომელ ვეღარცა ჩვენ გვითხრეს. მერმე ქაოზ ქოსის ძემან თქვა: მე წითლოსნისა ჭაბუკისა სიკეთე და არცა სიავე არა ვიცი რა, მაგრა ამა ბასრელთა ეგრე ეშინიან, რომელ უფროსი შიში არა ეგებისო. ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ძმაო აბრამ, რა წაგეკიდათ ეგზომი ბოროტი, რომელ ავი და კარგი ყველა სტირთო? მოაჴსენა აბრამ: წითლოსანი ჭაბუკი ესეთი არის, რომელ კაცისაგან ომი არა ეგების მისი და დღესამდის ვერცავინ შებმია და მერმე ყოვლისა ბასრელისა კაცისა მესისხლე არის, ამისთვის რომელ ცოტა ყმა ძმა მისი ბასრელსა ვისმე მოუკლავს და მას აქათ მამაცსა მოიმწყვდევს თუ დიაცსა, ყველასა მოჰკლავს. აწ ჩვენი აქა მოსლვა უცნია და მოვალს დაჴოცად ჩვენად. აწ პირველ მისისა ჭაბუკობისაგან, მერმე მათ სამთა ძმათა აშტრაბის ძეთაგან ეშინიან ყველასა და მით ტირიანო.
რა ესე მოისმინა, უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: თქვენ, ბასრელნი, კარგნი ჭაბუკნი ხართ, მაგრა ჭაბუკთა, ღმერთო, უნახავნი ხართ და მით მოგწონებიათ იგი წითლოსანი ჭაბუკი. აწ ნუთუ სხვა ვინმე გეგონნე? მე ვარ ამირან დარეჯანის ძე, მობაღდადე ჭაბუკი. ვინაჲთგან აწ თქვენთანა მოსრულვარ, თქვენ უვნებელად გაგგზავნნე თქვენსა ქვეყანასაო.
დავყავით იგი დღე მუნ. მეორესა დღესა წავედით. ჩვენ წინათ მივიდოდით და უკანით იგი ქარავანი მოგვდევდეს. ესმა სამთა ძმათა აშტრაბის ძეთა. მოგვეგებნეს წინა სამნივე და ეგრე თქვა ამირან დარეჯანის ძემან: იგი სამნივე მე და თვითო სხვანი თქვენ. შეუტევეთ, კარგნი ჭაბუკნი იყვნეს ისინიცა. ფიცხლად შეგვებნეს და, თავმან მეფობისა შენისამან, ვირემდის ჩვენ თვითოსა მოვკლევდით, მანამდის მან სამნი ძმანი იგი აშტრაბის ძენი დაჴოცნა. გვხედვიდა იგი ქარავანი. მოვიდეს იგი მჴედარნიცა სამი ათასი კაცი ცხენოსანი. შევებენით მათცა და დავჴოცენით, რომელ რისხვა ღმრთისა დავეცით მათ ზედა. მცირედნი ვინმე გარდაგვეხვეწნეს. შეიქმნა სიხარული მას ქარავანსა შინა და ეგრე თქვეს, ვითა: რომლისა მეშველი ამირან დარეჯანის ძე და ყმანი მისნი არიან, მათ კაცობრივი, ღმერთო, არა წაეკიდების რაო, მაგრა შიში მის წითლოსანისა ჭაბუკისა გულსა შინა არცა ეგრე გაუქარდათ. დავყავით იგი დღე მუნ და გვიძღვნეს დიადი. რა ომი გაიყარა, მოვიდეს ექვსნი კაცნი მწვანოსანნი და ექვსნი წითლოსანნი მებუკე-მედაბდაბენი, ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა. რა ომი გაგვიმარჯვდის, ჰკრიან ბუკსა და დაბდაბსა და ჩვენთანა აღარა მოვიდიან. და რა ომი გაიყარის, წავიდიან და უჩინო იქმნიან. ესე აშტრაბის ძენი, რომელნი დავჴოცენით, მის წითლოსანისა ჭაბუკისა დისწულნი თურე იყვნეს და, რომელნი წაგვივიდეს, მოვიდეს და მას წითლოსანსა ჭაბუკსა მოაჴსენეს ყოველი ყოფილი და უამბეს ჭაბუკობა ამირან დარეჯანის ძისა. მას მოეგზავნა კაცი და შემოეთვალა, ვითა: დარეჯანის ძე ხარ, თუ სახელი ვისიმე დაგიც? მის ბედითისა თავისა შენისა საკლავსა საქმესა დაბმულ ხარ. ეგე კაცნი მესისხლენი არიან ჩემნი და აწ კვლა მაგათითა ბედითა შენ დაგიჴოციან სამნი ძმანი აშტრაბის ძენი, დისწულნი ჩემნი, და აგიწყვეტიან ლაშქარნი მათნი და აწ დაეჴსენ მაგა ქარავნისა საქმესა და შემინდვია ეგე, თვარა შენცა მაგათვე თანა მოგკლავო.
რა ესე მოისმინა ამირან დარეჯანის ძემან, შეუთვალა, ვითა: დისწულთა შენთა თვით მოიკლეს თავი თვისი, რომელ ომად მოვიდეს. აწ სხვა ესე არს საქმე ჩემი, რომელ რადგან მივხვდი ამა ქარავანსა, ჩემგან არცა ამათი დაყრა ეგების. კარგი ჭაბუკი ხარ და შენ მე პატივმეც და გაუშვი ესე ქარავანი.
ამა შეთვლილობასა ზედა გაწყრა იგი წითლოსანი ჭაბუკი და ფიცხელი პასუხი გამოსცა, ვითა: რადგან შენ მაგას მეტყვი, შენ ხარ მესისხლე ჩემი და დღეჲსითგან შენზედა ვეძებ სისხლსა დისწულთა ჩემთასაო.
ამაზედა დაასკვნეს ხვალისად ომი. რა გათენდა, დილასა მოვიდა იგი წითლოსანი ჭაბუკი ურიცხვითა ლაშქრითა. მივედით აქათ ჩვენცა და შევიყვანეთ ქარავანი უკანა. და დადგეს იგინიცა და ჩვენცა. მიუგზავნა მან წითლოსანმან ჭაბუკმან კაცი ამირან დარეჯანის ძესა მის ქარავნისა დაყრისათვის და არა ისმინა დარეჯანის ძემან შემოთვლილობა იგი ამაზედა. ოდესცა ვნახეთ იგი წითლოსანი ჭაბუკი ცხენსა ზედა მჯდომი, ამას იტყოდა, ვითა: ერთი კაცი ამის უკეთესი არა ეგებისო. რა ნახეს, შეიქმნა შიში დიდი მას ქარავანსა შიგან. დაიწყეს ტირილი და ზრუნვა. და იყო მის წითლოსნისა ჭაბუკისა ლაშქარი ყველა წითლოსანი და ყველასა კარავი წითელი ედგა. მოვიდა სპა მისი ყველა შეკაზმული. გავიდა სახელსა ზედა ღმრთისასა ამირან დარეჯანის ძე და გავედით ჩვენცა. და იყო ლაშქრად ჩვენად იგი ქარავანი, მაგრა ჩვენ ოთხთა ზედა მოყარეს. ოდესმცა შეგეხედნეს ამირან დარეჯანის ძისათვის და მის წითლოსნისა ჭაბუკისათვის, ამას ბრძანებდით, თუ: ჭაბუკად ერთად, ღმერთო, კმა არიანო.
შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა, შეუზახნეს და შეუტევეს. შეიქმნა ომი დიდი, ძგერება მათი ჰგვანდა ორთა გორათა ძგერებასა და აბჯართა ცემა ჰგვანდა ჭეხასა, ყივილი იყო ლაშქართა და უკანით ქარავნისა ზრუნვა, რომელ არა ისმოდა ყურთა ჴმა. გაგრძელდა ომი და ვერა შევიგენით ერთისაცა ჯობნა. ამაზედა იყივლა ამირან დარეჯანის ძემან და გაიყვანა ცხენი, შემოუტევა და შორსავე აიღო ჴრმალი საკრავად. ჩაშ თუ, შეშინდა იგი წითლოსანი ჭაბუკი, ჴრმალი აიფარა, დაჰკრა ჴრმალსა აფარულსა, გააკვეთინა ჴრმალი, და ჩაბალახი ყიამდისინ ჩაჰკვეთა და ფიცხლად მოკლა წითლოსანი ჭაბუკი. მოვიდეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, ქება შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა და მოაჴსენეს, ვითა: აქათგან მონანი ვართ შენნი, რასაცა გვიბრძანებ, წინაშე ვართ, დავემონენით ჴრმლითა წითლოსანსა ჭაბუკსაო. უბრძანა დარეჯანის ძემან: თქვენ, ძმანო, არას გავნებთ. მე არცა წითლოსნისა ჭაბუკისა სიკვდილსა ვლამოდი, განა ფათერაკად მოხდა. აწ თუ გმარჯვიათ, ჩემთანა წამოედით და თუ არა, რა გინდა, იგი ქენითო. მათ თაყვანისგვცეს და წავიდეს.
შეიქმნა მას ქარავანსა შინა სიხარული დიდი, შეასხეს ქება ამირან დარეჯანის ძესა და თქვეს: კურთხეულმცა არს ჭაბუკობა შენი, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი და არცა ვინ ყოფილ არსო. უძღვნეს ძღვენი დიადი, რომელ არა იყო რიცხვი მისი. დავდეგით მას ღამესა მუნ. ჰკითხა აბრამ ქარავანთ-უხუცესმან ამირან დარეჯანის ძესა: ვითა შვენოდა ჭაბუკობასა შენსა, ეგრე შეჰკაზმე საქმე ჩვენი. აწ მე ვიკითხავ საქმესა შენსა: სად წახვალ, ანუ რად იარები ამა უკაცურსა მინდორსა შიგანო? გაიცინა ამირან დარეჯანის ძემან და არქვა: ძმაო აბრამ, შენ ვაჭრობისა რამე იურვე, მაგა საქმესა რად იურვიო? მან მოაჴსენა: ნუთუ რა ვიცოდე მის გზისა საქმე და ამბავი, რომელსა გზასა აწ თქვენ მიხვალთ. გაეხარნეს ამირან დარეჯანის ძესა და თქვა გულსა მისსა შინა: ნუთუ რა იცოდესო? მერმე უბრძანა ყველაი. აბრამ მოაჴსენა: მე კაცი მყავს აგეთი, რომელმან იცის ეგე თქვენი გზაო. მოიყვანა იგი კაცი აბრამ ქარავანთა-უხუცესმან და ჰკითხა ამირან: იცია, ძმაო, მის გზისა საქმეო? მან კაცმან მოაჴსენა: ცოტა ვიცი და, სადამდის ვიცი, გიახლები და მერმე ნუღარ დამპატიჟებთო. მის კაცისა სიტყვასა ზედა შეგვექმნა სიხარული დიადი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! წავედით და იგი აბრამის ყმა თანა წავიყვანეთ. მოგვეწივა აბრამ უკანა და ოთხი ძოწეული და ოთხი მარგალიტი კვლა უძღვნა და ეგრე მოაჴსენა: სადა თქვენ მიხვალთ, ნუთუ ესე მუნ გეჴმარებოდესო. დაუმადლა ამირან დარეჯანის ძემან და აბრამ გარე შეიქცა. ჩვენ წავედით და მას სახლსა მივედით, რომელ თქვენ გინახავს. ოდეს შევედით, ქალისა სახე იყო დაწერილი აგეთივე, რომელ კედელსა ზედა ეკრა. ამოიღო იგი ეტრატსა ზედა დაწერილი ამირან დარეჯანის ძემან. ოდესცა ერთად ვნახეთ, ასე ვთქვით, თუ ერთნი არიანო. ზედა ეგრე ეწერა: ესე არს სახე მის ხვარაშან ქალისაო. ვკითხეთ მას კაცსა წინამძღვარსა ჩვენსა: სადამდის იცი გზაო? გვარქვა: აქა წინა არს კლდე დიდი და მას კლდესა შინა არს კაცი სპილენძისა, ტილისმითა შექმნილი. ქვაბსა შიგან გზა გავალს ქვეშე, რომელ მისგან კიდე სხვა გზა არა არს და, რა კაცი მას ქვეშე გაუვლიდეს, დასტურად მოკვდების, რომელ მის სპილენძისა კაცისა მოკლვისა ღონე არა არს და არცა მისისა ომისაო. ამას გარეთად წაღმართ კვლა სხვანი ტილისმანი არიან. ამისგან კიდე მე სხვა აღარა ვიცი და, რაცღა გზა ვიცოდი, მომიჴსენებიაო.
ისმენდი მეფეთ-მეფეო! წავედით და მას ადგილსა მივედით, სადა იგი კლდე და ტილისმა იყო. ქვაბი იყო დიდი და მას ქვაბსა შინა იყო ტილისმა. კვლა მოაჴსენა მან კაცმან წინამძღვარმან, ვითა: თუ ჴამდეს, ესე ქმენით, რომელ აქლემი მყავს, მიუდევნეთ და გამოსცადეთ. რაცა მას აქლემსა უყოს, ისი თქვენცა ნახოთ. უსმინეთ მას კაცსა და აქლემი მიუდევნეთ. გამოვიდა კაცი იგი სპილენძისა. ჴელთა ჴრმალი ჰქონდა, ჰკრა მას აქლემსა ზურგსა ზედა და წმიდად გაკვეთა. შეიქცა და მუნვე შევიდა ქვაბსა შინა. გაგვიკვირდა ჩვენ და შე-ცა-გვეშინა. გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: თუნდა შეებენით იმას კაცსა სპილენძისასა და თუნდა თქვით, თუ შენებრნი არა ვართო. ქაოზ ქოსის ძემან ეგრე თქვა: თუ დღით ათი ათასსამცა კაცსა მოვკლავ, მაგას, ღმერთო, არცა მაშინ ვიტყვი ეგრე. აწ გაუშვი ეგე, შენდა მოვარდნილ არს ომი და, რა უნდა, ქმენო. გაიცინა ამირან და ეგრე თქვა: ოჴერსა რაცა მიგჭირდეს, რასა ხოლმე მაგასა იტყვიო? მაგრა აწ მითხარით, თუ ვითა ვქმნათო? ქაოზ ქოსის-ძემან მოაჴსენა: თუ მე მომისმენთ, გარე შევიქცევიო, მაგრა იგიცა ლაღობდა. მე მოვაჴსენე: რადგან ომი შენი არის, რა უნდა, ქმენო.
ისმენდი მეფეთ-მეფეო! ცხენსა შეჯდა და ჴრმალი არა აიღო, კობალი აიღო. ერთი კვლა სხვა აქლემი წინა-წარიქცია და, ვითა მივიდა მასვე ადგილსა, აქლემი ახლოს მიუდევნა. გამოვიდა იგივე კაცი სპილენძისა, ჰკრა ჴრმალი და გაუკვეთა აქლემი იგი მეორეცა და შინათ კერძო წავიდა. მაშინ შეუტევა ამირან დარეჯანის ძემან, ჰკრა კობალი და ფიცხლად დალეწა ესრე, რომელ ვითა ჴრილი ეგეთი შეიქმნა. მოდგეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, შეასხეს ქება და წავიდეს.
შევედით მას ქვაბსა შინა. ოდეს შევხედენით, ეწერა კედელსა ზედა კაცი შვენიერი ჭაბუკი ვინმე და ზედა ეგრე ეწერა, ვითა: ”მე, ბაქაჯარ ქველმან, ოდეს ომითა როდენ ქალი გამოვიყვანე, მაშინ მუნეჯიბმან ჩემმან ჯამასარ აქა შექმნნა ტილისმანი ამისთვის, რომელ სხვამან კაცმან გარეგანმან აქაჲთ ქალი ვერავინ გაიყვანოს”. ოდეს გარე მოვიხედენით, სხვა დაწერილი ვპოვეთ ბერიკაცი და ეწერა მას კაცსა ზედა: ”მე ვარ მუნეჯიბი ჯამასარ და მე შემიქმნიან ტილისმანი ესე. აწ ვინ იყოს ჭაბუკი კარგი, მოვიდეს აქა და, თუ დიდად ლომი არა იყოს, აქაცა ვერა მოვიდეს მით, რომელ მინდორი ძნელი არს, და, თუ აქ მოვიდეს და ამა ტილისმასა აჯობოს, აქათგან წაღმართ ნუღარა ეცდების, თვარა მოიკლვის თავსა და შე-ვერა-ვალს”.
დავყავით იგი ღამე მუნ და იგი წინამძღვარი ჩვენი შეგვექცა და წავიდა. რა გათენდა, დილასა წავედით ჩვენცა. ვლეთ იგი დღე. მეორესა დღესა ლომისა ყვირილი შემოგვესმა და თვალითა ვერა ვნახეთ. და რა მივეახლენით, იყო ლომი სპილენძისა და ყვიროდა. რა ჩვენ დაგვინახა, უფრო დაიწყო ყვირილი და ჩვენკერძ მოსლვა მანცა და ბევრმან ლომმან სხვამანცა, რომელ არა იყო რიცხვი მათი. ვჴოცდით და არა იყო ლევა. მერმე ქაოზ ქოსის ძემან შეუტევა მას ლომსა სპილენძისასა და დალეწა. რა იგი დალეწა, გარდასწყდა მოსლვა ლომთა. მას ომსა შიგან მოსრულ იყვნეს იგინივე მებუკე-მედაბდაბენი, უცემდეს ბუკსა და დაბდაბსა და, რა ომი გარდასწყდა, წავიდეს იგინიცა. ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ყოველთა გვჯობდა ქაოზ ქოსის ძეო. დავყავით იგი ღამე მუნ.
დილასა წავედით და კლდენი იყვნეს იმიერ და ამიერ, რომელ თვალნი არსით შესწვდებოდეს. მუნ გზა წავიდოდა. მას გზასა ზედა შექმნილი ტილისმა იყო. ოდეს ვნახეთ, იყო სპილენძისა შექმნილი მართ ვითა კალო, ვითა ხარისხი კიბედ-კიბედ. მას გზასა ზედა დგა კაცი სპილენძისა დიდი, რომელ არა მინახავს სხვა კაცი ეგზომ დიდი. და მას სხვავე კაცი უდგა გვერდსა სპილენძისავე და ბუკი ჰქონდა ჴელთა და, რა ჩვენ დაგვინახა, დაუწყო მას ბუკსა ცემა. და დაიწყო ლაშქარმან მოდენა, რომლისა არა იყო რიცხვი. შევიბენით და იყო დიდი ომი, რომელ არავის უნახავს ეგეთი ფიცხელი ომი. მოვიდოდა ლაშქარი და გვებრძოდა. უცემდა ბუკსა იგი კაცი მებუკე და იგი დიდი კაცი ჴმა-მაღლად ყიოდა ჴმითა რაჲთმე საშინელითა და არა დასწყდა მოსლვა ლაშქრისა და გაგრძელდა ომი. სიდიდემან ლაშქრისამან გაგვყარნა კიდის-კიდე. უფროსნი და უკეთესნი დარეჯანის ძისად მიხვეულ იყვნეს და ჩვენ სამთავე თავის-თავისად გვებრძოდეს. დავშვერით ომითა და ღონე ვერა ავიგეთ, რომელმცა მორეულ ვიყვენით. ესე ჩვენკერძნი მებუკე-მედაბდაბენი უცემდეს და ცალკერძ იგი სპილენძისა კაცი უცემდა. კვლა მოვიდა ლაშქარი ურიცხვი და ჩვენი მეშველი აღარავინ იყო. შეუტევა აბან ქამანის ძემან, მივიდა მას კალოდ შექმნილსა სპილენძისასა, ქვეშე დააგდო ცხენი, შეუჴდა და ჰკრა კობალი ფარსა ზედა მას სპილენძისა კაცსა. მერმე მან კაცმან ჰკრა კობალი მას და ჩამოაგორვა იგი აბან ქამანის ძე. მერმე იყივლა ქაოზ ქოსის ძემან: აწ მე მნახე, აბან ქამანის ძეო! დააგდო ცხენი მანცა. შეუჴდა და ჰკრა კობალი ფარსა ზედა კაცსა მას სპილენძისასა. მერმე მან ჰკრა მას და ჩამოაგორვა იგიცა. მერმე მიყივლა ამირან დარეჯანის ძემან: მიედ შენცა, სავარსიმის ძეო! მივედ მეცა. დავაგდე ცხენი და შეუჴე. მომეგება იგივე კაცი, მკრა და მე მას ვკარ. მკრა სხვაცა და ჩამომაგორვა. ვეღარა შევმართე შესლვა. მაშინ იყივლა ამირან დარეჯანის ძემან: აბა, აწ ნახოთ სიმაგრე მკლავისა ჩემისაო! გარდაჴდა ცხენსა და გამოიღო კობალი. კვლა ჩამოეგება იგივე კაცი, ჰკრა და მან მას ჰკრა. შეუჴდა ზედა და შეიბნეს. თავმან მეფობისა შენისამან, ეგზომი ფიცხელი ომი არა მინახავს და არა მოჴდა ღონე დალევისა. და იგი სპილენძისა კაცი უცემს ბუკსა და მოდის ლაშქარი და მიგვჭირდა ომი. იყივლა ქაოზ ქოსის ძემან, თუ რასა იქმ? ჟამია, დარეჯანის ძეო, თუ არა სიდიდემან ლაშქრისამან და ჯიკმან მეტად შეგვაჭირვაო. იყივლა ამირან დარეჯანის ძემან: აჰა, ქაოზ ქოსის ძეო! დაიტყუბნა ფერჴნი და ორითავე ჴელითა ჰკრა კობალი და ფიცხლად დალეწა კაცი იგი სპილენძისა. და რა იგი დალეწა, დაეცა იგი მებუკეცა და გარდაწყდა მოსლვა ლაშქართა და იგიცა უჩინარ იქმნა, რომელიცა გვეჴოცა.
მაშინღა მოვიდეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, თაყვანისცეს და ქება შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა და მოაჴსენეს, ვითა: გვესმოდა ქება ჭაბუკობისა შენისა, განა ვითარი გნახეთ, ეგეთი არვისგან გვასმია. კურთხეულმცა არს ღმერთი, რომელ გნახეთ. აქათგან წაღმართ გზა საჭირო აღარა არს. დავყავით იგი დღე. მუნ გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: მე არაოდეს მინახავს ეგზომ დიდი ომი და ფიცხელი და არც ოდეს მომხდომიაო.
წავედით მეორესა დღესა, ვითა გათენდა. მოვიდა ურიცხვი სიმრავლე ლაშქართა − მწვანოსანი და წითლოსანი, თაყვანისცეს და შეასხეს ქება ამირან დარეჯანის ძესა და არქვეს:
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, პატრონო ყოვლისა ქვეყანისაო, რომელ ჭაბუკობითა შენითა წაგიღია ყოველი სამეფო. ესე არავის ჰქონებია სხვასა ამის მემამულეთაგან კიდე და არცავის დაუტკეპნია გარეგანსა კაცსა ქვეყანა ესე ერთისა ბაქაჯარ ქველისაგან კიდე და განა არცა მას უქმნია ეზდენ დიდი ნაქმარიო.
უძღვნეს დიადი ძღვენი.
წავედით მუნით და დაიწყო წინა მოგებებად ერმან, ცალკერძ წითლოსანმან და ცალკერძ მწვანოსანმან. მწვანოსანი ყველა დედოფლისა იყო და წითლოსანი მის ხვარაშან ქალისა. შეასხიან ქება და მოართვიან ძღვენი ამირან დარეჯანის ძესა. მოვიდიან მებუკე-მედაბდაბენი და მგოსანნიცა და იყო სახიობა.
ვკითხეთ მუნ კაცსა ვისმე: რა არს ისი, რომელ ნახევარი მწვანოსანი და ნახევარი წითლოსანი არის, ბერნი მწვანითა და ყრმანი წითლითა?
ეგრე მარქვა მან კაცმან, ვითა: ამა სამეფოსა ორნიღა დარჩომილ არიან: დედოფალი და ასული მისი იგი ხვარაშან ქალი, საცოლე ამის პატრონისა შენისა. აღარავინ არს სხვა მემამულე ამის ქვეყანისა. მის ხვარაშან ქალისა მამა მეფე იყო დიადი ამის ქვეყანისა. სახელი მისი იყო ოსტარას. აწ მოუცემია ყოველი ესე სამეფო პატრონისა შენისათვის ღმერთსა. რაღას გიამბობ? ამის ქვეყანისა სიკეთე არა ითქმის კაცისა ენისაგან. აწ ნახეთ ქალაქი დიდი და სახლი ყველა წითლითა და მწვანითა ქვითა ნაგები. მწვანითა ქვითა ნაგები ყველა დედოფლისა არის და წითლითა ნაგები ხვარაშან ქალისა. რაღას გიამბობ, ყველასა თვით თვალითა შენითა ნახავო.
მივედით და დიაცი ვინმე მოვიდოდა. ორნი შვილნი ჰყვეს. გამოუჴდეს ორნი ლომნი და ერთმან ერთი ყრმა მოსტაცა და მეორემან − მეორე. იყივლა მან დიაცმან და ატირდა. ამირან დარეჯანის ძემან შეუტევა ცხენი. მათ ლომთა რა ნახეს შეტევება, ფიცხლად ყრმანი იგი დაყარნეს და შემოუტევეს ამირან დარეჯანის ძესა. მაშინ მიჰყვნა ჴელნი ამირან დარეჯანის ძემან: ერთითა ჴელითა ერთი აიღო და მეორითა მეორე, თავი თავსა შეუტაკა და ტვინი მკლავთა გარდაესხა. ხედვიდა ყოველი კაცი.
მაშინ კაცმან ვინმე ეგრე თქვა: ღმერთო, კარგსა ქმარსა შეირთავს პატრონისა ჩემისა ქალიო.
წავედით მუნით და გვეგონა − ამის სამეფოჲსა კაცი ყველა წინ მოგვეგებისო. მივედით და ვნახეთ ქალაქი და ციხეები ყოველი, რომლისა სიშვენიერესა ჩვენცა გავჰკვირდით. მოვიდიან მოქალაქენი, ქება შეასხიან და უძღვნიან ძღვენი დიადი ამირან დარეჯანის ძესა.
და კვლა ვიარეთ ოცი დღე და [მივედით] სხვა მათ ეგეთთა ქვეყანათა შიგან, რომელ არა სადაურნი ჰგვანან სიმშვენვარითა.
მივეახლენით მას ქალაქსა. და იყო დედოფალი და ხვარაშან ქალი დღისა ერთისა სავალსა. რა მივეწურენით, მოვიდა სიმრავლე ერისა და დიდებულთა, რომელ ეგეთნი მოკაზმულნი და შვენიერნი კაცნი არა მინახვან. გარდაჴდიან, თაყვანისციან და შეასხიან ქება ამირან დარეჯანის ძესა. ეგრეთვე წითლოსან-მწვანოსანნი ბერნი-კეკლუცნი თაყვანისცემდეს და არა ითქმის მათისა ზარისა და დიდებისა საზომი.
უბრძანა ქაოზ ქოსის ძესა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: რომელ გარე შექცევასა მაწვევდი, შექცევა სჯობდაო?
ეგრე მოაჴსენა: მაშინ შექცევა სჯობდა და აწ, ღმერთო, არაო.
მივედით და ვნახეთ ქალაქი. და მოგვეგება წინა კაცი, რომელი ეგრე გვეგონა, უწინ ნაოცალიცა კაცი არა გამოგებებულაო. ვნახეთ ქალაქი დიდი, რომელ კაცისა თვალსა ეგზომ დიდი არა უნახავს რა. ზღუდე და სახლი ყველაი მწვანითა და წითლითა ქვითა ნაგები იყო, რომელ არა გაიგონების სიკეთე და სიშვენიერე კაცისა ენითა. ეგზომ დიდი იყო ქალაქი იგი, რომელ ცისკრად შევედით და სამეფოსა სახლამდის შუადღე მივედით. იყვნეს სამეფონი სახლნი მეტად დიდნი. პალატითა მოვლიდა იგიცა ერთობ დიდი და მაღალი, ნაგები მწვანითა ქვითა შვენიერითა. ეგრევე კარნი მისნი იგიცა მწვანისა ქვისანი. ვთქვითმცა, თუ ზურმუხტისანი არიანო? და მას კართა ზედა ქალაქისათა დგა ათასი კაცი, შემოსილი საკრამანგითა, პიროქროჲთა რიდითა და ოქროჲსა სარტყლითა. თაყვანისცეს მათცა დარეჯანის ძესა, შეასხეს ქება და შევედით შინა. გარდაჴდა ამირან დარეჯანის ძე ოქროჲთა მოჭედილსა სახლსა შინა. მუნ იყო კუბო თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული მწვანისა ზურმუხტისა და საჯდომნი ისხნეს ოქრო-ქსოვილნი, რომელ ვითა მზე ელვიდის. მივიდა დარეჯანის ძე და ჩაჯდა. მას კუბოსა შინა დგას ოქროს სელები. მივედით და ჩვენცა დავსხედით. გამოვიდოდა კარი მას სახლსა შინა. გააღეს იგი კარი და იჩქითად სინათლე გამოვიდა ასეთი, ვითა მზე ამოსულიყო. გვეგონა, ვითა იგი სინათლე იყო ხვარაშან ქალისა. იყო ორთა ტაბაკთა ზედა ოქროჲსათა ორნი თვალნი − ერთი ძოწეული და ერთი თეთრი, და მათგან თურე გამოვიდოდა სინათლე იგი. გამოიხვნეს საჯდომნი და გამოვიდეს დედანი მრავალნი და გამოდგა უკან დედოფალი − დედა ხვარაშან ქალისა, მწვანე ოქრო-ქსოვილი ეცვა ტანსა, რომელ არა მინახავს ეგზომ შვენიერი, რომელ მცირედ სიბერე შეეტყობოდა. ადგა ამირან დარეჯანის ძე, თაყვანისცეს ერთმანერთსა და მოემშვიდობნეს.
ჰრქვა დედოფალმან: კურთხეულ არს ღმერთი, რომელ თვალთა ჩემთა გნახეს შვილისა ჩემისა ქმარი და შენცა დიდად გიხაროდეს. დასაბამითგან არავის გამარჯვებია, რომელ შენ პირველად მოგცა ღმერთმან ქვეყანა ესე და მერმე ჭაბუკობამან შენმან. გარდაიჴადა მადლი ამირან დარეჯანის ძემან, დასხდეს და მოიღეს შესამოსელი ორი − ერთი მწვანე, თვალ-მარგალიტითა შეკაზმული, და ერთი თეთრი, იგიცა ეგრევე შეკაზმული. მათ ორთავე ფასი არავინ იცოდა. შეჰმოსეს იგი შესამოსელი ორივე ამირან დარეჯანის ძესა და შეგვმოსეს ჩვენცა. მუნ დაყო დედოფალმან ცოტაღა ხანი და ეგრე თქვა, ვითა: ნაომარნი ხართ და დამაშვრალნი, განისვენეთ, პური ბრძანეთო.
წავიდა დედოფალი და დავყვენით მრავალნი დღენი. განსვენებისა რიცხვი არა იყო. გასცა დედოფალმან ბრძანება და დაწერა წიგნი ყოველსა საბრძანებელსა მისსა, ვითა: ”მოვიდა დარეჯანის ძე ჭაბუკი, რომელმან თავისა ჭაბუკობითა შემოვლნა ძნელნი გზანი, რომელ არავის უქმნია კაცთაგანსა ეგეთი საქმე და ნაქმარი. აწ მოედით, თაყვანიეცით ყოველთა და ნახეთ. უთქვენოდ არა შემირთავს ასული ჩემი. აწ თუ თქვენ მაწვიოთ და არა ძალი გიყოსთ თქვენ ზედა მეფედ, სიტყვითა ჩემითა შევრთო ასული ჩემი ცოლად და, თუ არა, გამო-ვინ-ირჩიეთ ჭაბუკი სხვა ამისგან უკეთესი. მე ბერი დიაცი ვარ და ვეღარა ვიქმ ამას, თუმცა უქმროდ დავარჩინე ასული ჩემი”.
მაშინ შემოკრბეს დიდებულნი და მცირებულნი და თაყვანისცეს ამირან დარეჯანის ძესა. მოართვეს ძღვენი დიადი და თქვეს ყოველთა ერთპირად: ცხოვნდი უკუნისამდე დღეგრძელობითა, მეფეო!
მოაჴსენეს დიდებულთა მის ქვეყანისათა დედოფალსა, ვითა: ჩვენ არსად გვინახავს ეგეთი კაცი და არცა ვისგან გვასმია, დაბადებითგან ღმერთსა ესე სამეფო სვიანი დაებადა და იმედგარდაწყვეტილთა უმეფოთა კაცთა გამოგვიჩინა ღმერთმან ერთი მეფე, რომელ არა ნახულ არს კაცი მისებრი. აწ, დედოფალო, ღირს არს ჩვენზედა მეფედ და ჩვენ ყოველნი ვმორჩილებთ და თაყვანსა ვცემთ ბრძანებასა მისსა.
ამა სიტყვასა ზედა გაიხარნა დედოფალმან და მადლი მისცა ღმერთსა და დაასკვნეს ხვალისად ქორწილი. და არა გვენახა ჯერეთ იგი ხვარაშან ქალი. დილასა გამოიყვანეს ხვარაშან ქალი და, თავმან მეფობისა შენისამან, მისებრი კაცისა თვალსა არა უნახავს. უკურთხეს გვირგვინი, რომელ არა იყო ფასი მისი. დალოცეს მეფედ ამირან დარეჯანის ძე და ქება შეასხეს და გამოვედით. იყო სიმრავლე ერისა ურიცხვი. არა მინახავს მოკაზმულობა ეგეთი დიდთა და მცირეთა. იყო სიხარული დიდი. შეგვიყვანეს სხვასა სახლსა, რომელსა შინა დაეგო პური და ეგზომ სჯობდა იგი სახლი, რომელ პირველი ვითა ბედითი შეშისა ყოფილიყო. ორი კუბო დგა, ერთი ძოწეულისა. იტყოდეს: იგი ძოწეულისა იაგუნდისა არისო, შეკაზმული მარგალიტითა. ისხნეს მას კუბოსა შინა საჯდომნი ძოწეულნი ოქრო-ქსოვილნი. იყო მეორე კუბო მწვანისა ზურმუხტისა, შეკაზმული მარგალიტითა, საჯდომნი იყვნეს მწვანისა ოქრო-ქსოვილისანი. სხვათა საჯდომნი დიდებულთა იყო ოქროჲსა სელები.
დასხდეს პურად მას ძოწეულისა კუბოსა შინა იგი ამირან დარეჯანის ძე და ხვარაშან ქალი. ორნივე შემოსილნი ძოწეულითა და ოქრო-ქსოვილითა. ოდესმცა ნახე, ამას იტყოდი, ვითა: ერთი ყმა და ერთი ქალი ამათად არა ჯობნილანო. მეორესა კუბოსა მწვანესა დაჯდა დედოფალი მარტო. და მუნ სამეფოთა ტაბლათა თვალისა ჭიქითა და ჯამითა მეტი არა იმსახურებოდა. რომელიმე იყო ჭიქა ძოწეულისა და იაგუნდისა, და რომელიმე მწვანისა ზურმუხტისა, და რომელიმე იაგუნდისა ყვითლისა და რომელიმე ბალახშისა. და რასაღა ვთვალვიდე! გაგვიკვირდა სიმრავლე ტურფათა. ტაბლათა ზედა ყველა ჯამი ოქროჲსა და ჭიქები ბროლისა [იყო]. და იყო განსვენება, რომელ არაოდენ მინახვან ეგეთი. გამოვიდოდა კარი მის სახლისა სახლსავე შინა. გამოვიდა დიაცი ბერი შემოსილი სამოსლითა შვენიერითა და კვლა გამოვიდა ქალი ეგრევე. ბერსა აქვნდა მწვანე და ქალსა ძოწეული. იგი მწვანე შესამოსელა სადა იყო და ძოწეული შეკაზმული თვალითა და მარგალიტითა. სამნი თვალნი იყვნეს მას ზედა: ორნი მჴართა და ერთი მკერდსა, მნათობნი ეგზომ, ვითა სანთელნი. გააღეს კვლა სხვა კარი და გამოვიდა მონა და გამოიღო გვირგვინი ყვითლისა იაგუნდისა. ბრწყინვალება მისი ეგეთი იყო, რომელ დაფარა ბრწყინვალება მზისა და იგი, რომელი მას შესამოსელსა ზედა თვლები იყო, ესრე დაფარნა მან გვირგვინმან, ვითამცა ქვანი ბედითნი ყოფილ იყვნეს. შემოსეს მეფესა შესამოსელი და დაადგეს თავსა იგი გვირგვინი და შემოსეს ხვარაშან ქალსაცა და დაადგეს მასცა გვირგვინი და შემოსეს დედოფალსაცა. გამოვიდეს მეჭურჭლენი და გამოიღეს შესამოსელნი მის დიდებულთათვის და ჩვენთვისაცა შესამოსელი დიდფასისა. და განსვენებისა არა იყო საზომი. სამჯერ გამოიღეს შესამოსელი ძვირფასი მეფისათვის და დედოფლისათვის. თავმან თქვენმან, უკანანი სჯობდიან.
გაიყარა პურობა და გამოჴდა ცოტა ხანი. ნადიმად გვაწვიეს. არცა სახლი სახლსა ჰგვანდა და არცა საჯდომი საჯდომსა. თავმან თქვენმან, მის პურობისა ჭიქა აღარა მოიღეს, ყველა უკეთესი იყო და გასცეს ურიცხვი დიდებულთა და მცირედთა ზედა და ნადიმობასა შინა ახლად დაგვმოსნეს ტანსა ექვს-ექვსჯერ და გვიბოძეს საბოძვარი და თვით სამეფოთა შესამოსელთა ნუღარა იკითხავ. იმღერდეს მგოსანნი და მოშაითნი აჯაბთა იქმოდეს, რომელ ეგეთნი არავის უნახვან.
ერთი სახლი იყო ცოტა და კედელნი მოჭედილნი თვალითა და მარგალიტითა და იატაკად იყო ფიცარი ოქროჲსა და იყო ნადიმი ხანამდის. მერმე აწვიეს გარე ერსა და გაიყარა ნადიმი და ალმი გარდავიჴადეთ.
მაშინ მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძესა დედოფალმან, ვითა: ბრძანეთ და საწოლსა ნადიმი გარდავიჴადოთ. დიდებულნი თანა შემოიტანენო.
შევედით სახლსა მას ცოტასა. თავმან თქვენმან, ეგრე ვთქვით, ვითა: ამას გვერდით იგი გარეგანნი სახლნი აღარა არიანო. ესრე სჯობდა იგი საწოლი. ბრძანა დედოფალმან, ვითა: თვით მწდენი აღარას ჴელისანი არიანო. დიდებულთა, რა უნდა, ბრძანონ. ჩვენ გაგვიკვირდა მისსა სიტყვასა ზედა და დაზიდნეს გარეგნით ჭახრაკთა. ოდეს გაიხვნეს ფიცარნი იგი ჭახრაკთანი, დავხედენით, − ყოველთა დიდებულთა ოქროჲსა დასტი წინა ედგა. ჩვენ გაგვიკვირდა დიდად და გარდავიჴადეთ ნადიმი. გვიბოძეს ყოველთავე საბოძვარი და გავიყარენით და დავყავით ქორწილსა შინა ათი დღე ნადიმი და გაცემა დღისა და დღისა სჯობდა. და უძღვნა დედოფალმან ამირან დარეჯანის ძესა დიადი.
მეათესა დღესა დედოფალმან მოაჴსენა დარეჯანის ძესა, ვითა: ძღვენსა მეტსა აღარას შევეკიდებიო. უბრძანა მეჭურჭლეთა და მოიღეს სამოცისა საჭურჭლისა კლიტე და ეგრე მოაჴსენა, ვითა: საჭურჭლენი ყველა შენდა მიძღვნიაო. გარდიჴადა მადლი დარეჯანის ძემან და ვიწყეთ მონახვად საჭურჭლეთა და გარდავნახეთ. თავმან თქვენმან, მე არსადა მინახავს ეგზომი სიმრავლე ტურფათა. სიკეთე და შვენიერება. მერმე მოაჴსენა დედოფალმან: ბრძანეთ და ნადირობასა გაედითო. ჩვენ გვეგონა − ესე დედანი არიან და სანადირო არა უთქსო. ოდეს გავედით, მოსრულიყვნეს მეავაზენი და ბაზიარნი. იყო ავაზა სამოცი, თეთრი ქორი სამოცი და მწყაზარი ქორი ასი, შავარდნისა, ძაღლისა და სხვისა სანადიროჲსა რიცხვი არა იყო. გავედით და ვინადირეთ, მაგრა არა მინახავს ქვეყანასა ეგეთი სანადირო. მუნ დავყავით დიდი ხანი და შემოვედით. გარდაჴდა პურობა, ნადიმსა ზედა თქვა დედოფალმან: ამირან, გკადრებ, დარეჯანის ძეო, ნუთუ შენი ცოლი გამადლებდეს რასმე? თუ კარგა გაგისვენებია თუ უბადოდ, ჩემგან მადრიელიყავ.
მაშინ ხვარაშან ქალმან მე მიბრძანა: სავარსიმის ძეო, გესმის ბრძანება დედოფლისა? ესე ამისთვის ბრძანა, რომელ ჩვენი აქა ყოფნა მოსწყინებია. აწ ჩვენ წასლვისაგან კიდე არა გვეწევის, მოაჴსენე დედოფალსა და წავიდეთ ქალაქსა ჩემსაო.
მოაჴსენა დარეჯანის ძემან დედოფალსა, ვითა: ვინაჲთგან წავალთ, წავიდეთო.
დედოფალმან მოაჴსენა: მე ბერი დიაცი ვარ და ვლა აღარა შემიძლია. თქვენ ყრმანი ხართ და ღმერთმან ათას წელს აცოცხლნეს მეფობა თქვენი, წაედით და განისვენეთო.
დაჰპატიჟა დედოფალსა, ვითა: თუ შენ არ წამოხვალ, აღარცა ჩვენ წავალთო.
წამოვიდა დედოფალიცა და ვიარეთ ათი დღე. გავიარეთ ზღვარი დედოფლისა. მუნითგან ხვარაშან ქალისა იყო. თავმან თქვენმან, ქალაქი ქალაქსა სჯობდა. ციხენი ყველა წითლითა ქვითა ნაგებნი იყვნეს და ზღუდე შვენიერი, და მაღალი სახლები დიდი და შვენიერად ნაგები და, ნუ გიკვირს, წითელი ქვა დიადი იდვა მას ქვეყანასა.
ვიარეთ ათი დღე სხვა და მივედით მას ქალაქსა. გამოეგება ყოველი კაცი, თაყვანისციან და ქება შეასხიან. ჩვენ გაგვიკვირდა ეგზომი მოკაზმულობა ქვეყანისა და კაცისა. შევედით და ვნახეთ ქალაქი იგი, რომლისა დარი არა გვენახა და დაგვავიწყდა სიკეთე მის დედოფლისა ქალაქისა. მაგრა უფრო დედოფლისა იყო სახლები და ყველა ჰგვანდა სამეფოთა სახლთა და იყო ფოლორცი დასხმული წითლითა ქვითა ძოწეულითა იმიერ და ამიერ. ეგრევე სამეფოთა სახლამდის ზღუდე შექმნილი იყო: სადგომი მებუკეთა და მედაბდაბეთა და მოშაითთა. ოდეს შევიდოდეს, წამოდგიან ზედა მებუკე-მედაბდაბენი და უცემდიან ბუკსა და დაბდაბსა. მას ადგილსა ერქვა გზა მეფისა. შევიარეთ და მივედით. კართა პალატისათა სხვა ზღუდე იყო ძოწეულისა ქვისა, შვენიერი და მაღალი. კარნი იყვნეს ძოწეულისანი დიდნი. გაახვნნეს კარნი მის პალატისანი. იყო შვენიერი სიმრავლე ერისა. ყველა მოსილი იყო ძოწეულითა, ოქრო ქსოვილითა და თავსა პირ-ოქრო რიდე ეხვიათ. თაყვანისცეს და შეასხეს ქება. მოეგებნეს დიდებულნი, აწვივეს მეფესა და შევედით. დედოფალი და იგი ხვარაშან ქალი სხვასა სახლსა დასხდეს და ჩვენ სხვასა სახლსა ვიყვენით შვენიერად მოკაზმულსა, რომელ, თავმან თქვენმან, სხვათა სახლთა სიკეთე დაგვავიწყდა, რომელნი უწინა გვენახნეს. ვერა შევიგეთ, თუ ვითა აგებული იყო. ესე ვიცი, რომელ ძოწეულნი იყვნეს კედელნი და ზედაცა თეთრი და ცისაგან თეთრი ელვა გამოკრთებოდა, ვითა ბრწყინვალება მზისა. ჩვენ დავიწყეთ ცილება, ვითა: ამისგან უკეთესი სახლი სხვა აღარა უთქსო, და ზოგთა ვთქვით: არა ეგების, თუცა პირველ უკეთესსა სახლსა შემოგვიყვანებდეს. ქაოზ ქოსის ძემან ეგრე თქვა, ვითა თქვენმან მზემან, თუ ცად არა აგვიყვანებენ, ქვეყანასა ზედა ამის უკეთესი სახლი აღარა დგასო.
ამაზედა მოვიდეს მეჭურჭლეთა-უხუცესი და თვით მეჭურჭლენი. მოიღეს მეფისათვის შესამოსელი და გვირგვინი და ძღვენი და ჩვენთვის − საბოძვარი, რომლისა არა იყო რიცხვი. და გვიკვირდა სიმდიდრე ესეთი და მოკაზმულობა. ჩაიცვა შესამოსელი მეფემან, რომელი მოართვეს, ძოწეული ოქრო-ქსოვილი, თვალი ყველა მნათობი სხდა და მარგალიტი ყველა დიდროვანი. დაიდგა თავსა გვირგვინი. არავის უნახავს სამი ეგეთი შესამოსელი და გვირგვინი.
მოვიდეს ეჯიბნი და აწვივეს პურად. წავედით მას სახლსა, სადა პური ეგო. სიდიდე და სიშვენიერე ეგეთი არა მინახავს. კუბონი ეგრევე ძოწეულნი და ერთი მწვანე, ეგრევე საჯდომნი. სახლი ტურფად აგებული იყო. სვეტი ყველა ბრწყინვალე შეკაზმული თვალითა და მარგალიტითა შემკული. სვეტისა თავნი ცეცხლისა ფერნი. ამას იტყოდი, რომელ ღამითა ამასა სანთელი არად უნდაო. კედელნი მოჭედილნი, ოქროჲთა მყარითა შეკაზმულნი. იმღერდეს მგოსანნი. ჩვენ ვერა ვხედევდით, მაგრა ჴმა ესრე გვესმოდა, ვითამცა ახლოს დგომილიყვნეს. კედელთა გარეთ სადგომი იყო და მგოსანნი მუნ იმღერდეს. საჯდომნი დიდებულთა, ეგრევე სელები − ოქროჲსა. ასი დიდებული იყო. დავსხედით პურად. არა იმსახურებოდა საპურობოდ თვალისა ჯამთა და ჭიქათაგან კიდე. იყო სიხარული დიდი. მეჭურჭლეთა გამოიღიან შესამოსელი და ძღვენი ყოველთათვის. თავმან თქვენმან, უკანის სჯობდა ყველა და ყველასა შესამოსელსა მეფისა გვირგვინი ფერად-ფერადი. მას პურობასა ზედა ათი შესამოსელი და ათი გვირგვინი გამოიღეს. ეგრევე დედოფალთათვის ხუთ-ხუთი გამოიღეს. გაიყარა ნადიმი. მოჰკიდეს პურობა და მასვე სახლსა შინა მოიხვნეს სხვანი ჭიქანი. მოშაითნი მოვიდეს და გააგრძელეს ნადიმი. გამოიღიან შესამოსლები და შემოსიან მეფესა და დიდებულთა, რომელ არა იყო რიცხვი მის ჯავარიანთა თვალთა მნათობთა. და უძღვნა ხვარაშან ქალმან მეფესა ძღვენი, რომელ არა იყო რიცხვი. და უბოძა დიდებულთა ყოველთა უთვალავი და ჩვენ ყოველთა დაგვმოსეს ტანთა, გვიბოძეს დიადი და გავიყარენით.
მეორესა დღესა სხვასა სახლსა შევედით ნადიმად. კვლა დგეს აგრევე კუბონი ორნი და კედელნი მის სახლისანი, ვითა თოვლი. მგრგვლივ მგოსანნი დგეს და იმღერდეს. დავსხედით ნადიმად. მეფესა წინა დასტი ედგა წითლისა იაგუნდისა, ეგრევე საწდე იაგუნდისა. ჩვენ ყველასა დასტი ოქროჲსა გვედგა. დავიწყეთ სმა და იმღერდეს მგოსანნი შვენიერად. მე ეგრე ვთქვი, ვითა: ისი მგოსანნი წინარემცა მოდგენ-მეთქი. მეტად რამე შვენიერად იმღერდეს. გაიცინა მეფემან და ეგრე მიბრძანა: მაშ, თუ გიამების, ადეგ და თვით წამოაყენენ! მე ავდეგ, ვითა წამოვაყენნე-მეთქი. ვითა ჴელისა მოკიდებასა ვლამოდი, ჴელი კედელსა შევჰკარ. ოდეს ვნახენ, ეს თურე კედელსა გარეთა დგეს, გაგვიკვირდა, რომელ ზარი დაგვეცა. ჩვენ ვთქვით, ვითა: ეშმაური რამე არის. განა არა ეგრე იყო. ეგზომ რამე წმიდა ქვა იყო, რომელ ვითა სარკესა შინა ჩნდა და გაგვიკვირდა სიკეთე მის ქვისა და გავიყარენით მას დღესა. მესამესა დღესა სხვასა სახლსა შევედით ნადიმად ცოტასა. იგი სახლი ქაფურისა იყო არა ერთობით შექმნილი, განა რუკად შექმნილი, მუღრაბარად თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული. გამოვიდოდა მის ქაფურისაგან სურნელება შვენიერი. ორნი კუბონი იყვნეს ქაფურითა შექმნილნი. იგი სახლი საზაფხულოდ შექმნილი იყო ხვარაშან ქალისა. გვიბოძეს ურიცხვი და კვლა დაგვმოსნეს ტანსა. შეღამდა ზედა და არა გაყარნეს ნადიმი. მოიხვნნეს ოთხნი სანთელნი და ოთხთავე ყურეთა დაანთეს − ორნი ძოწეულნი და ორნი თეთრნი. ჩვენ გვეგონა ცვილი შეღებული. გამოჴდა დიდი ხანი და არა იწოდეს. ჩვენ გაგვიკვირდა და ვერა შევიგენით, თუ რანი იყვნეს. ზოგმან ზოგი თქვის და ზოგმან ზოგი. ზე ადგა აბან ქამანის ძე და ეგრე თქვა: ნუ იცილებით, მე თვით ვნახავ. ოდეს მივიდა, ნახა [ორნი თვალნი] იაგუნდისა და ძოწეულისანი და ორნი ზურმუხტისანი, რომელნი ზედათ ნათობდეს. იყვნეს ოთხნივე თვალნი ყვითლისა იაგუნდისანი და იგი ნათობდეს ვითა სანთელი. და იგი უფრო გაგვიკვირდა ყველასგან და გავიყარენით.
და მეოთხესა დღესა გვაწვივნეს ნადიმად სხვასა სახლსა ცოტასა. იყო იგი სახლი ალვისა და თვალ-მარგალიტითა შეკაზმული. და იყვნეს ორნი კუბონი ალვისანი, ეგრევე შეკაზმულნი. იყო იგი სახლი საზამთრო ხვარაშან ქალისა. დავსხედით და გარდავიჴადეთ ნადიმი იქიცა და უძღვნეს უფროსი ყოვლისა ჟამისაჲსა და გავიყარენით.
ბრძანა მეფემან, ნადირობასა გავიდეთო. წავედით და ვინადირეთ. არა ყოფილა ქვეყანა ეგეთი სანადიროდ. მივედით შიგანა სანადირობოდ და განსვენებისა რიცხვი არა იყო. მოიყვანეს სანადირო ასი ავაზა, ასი თეთრი ქორი და სხვისა სანადიროსა რიცხვი არა იყო. ჩვენ შეგვიყვარდა ქვეყანა იგი სანადირო და ყოველთა დღეთა ვნადირობდით.
დაუმძიმდა ამირან დარეჯანის ძესა მუნ არა ყოფნა ასან ბადრის ძისა, ალი მოჰამადის ძისა და ყამარ ყამრელისა. გვკითხა დედოფალმან: რა უმძიმს ამირან დარეჯანის ძესა? ჩვენ მოვაჴსენეთ: არა-ყოფნა მათ სამთა ყმათა უმძიმს. გვიბრძანა დედოფალმან: კარგნი თურე კაცნი არიან, რომელ ასრე უმძიმსო. ჩვენ მოვაჴსენეთ: ლომნი ჭაბუკნი და კარგნი კაცნი არიანო. ბრძანა დედოფალმან: რადგან აქ არ არიან, ჴამს, რომელ მათთვისა დავდვათო. მანცა და ხვარაშან ქალმანცა მუნითგან წაღმართ რაცა გვიბოძიან, ყველასა სწორი მათთვისაცა დადვიან. ემდურვოდა დედოფალი მათ კაცთა არა-მოყვანისათვის ამირან დარეჯანის ძესა. მან ეგრე ბრძანა ვითა: მეცა დია მწადდა ჩემთანა მათი ყოფნა, განა ოდეს მე წამოვიდოდი, მაშინ იგინი შინ არ იყვნეს, ამირ-მუმლისა სამსახურად იყვნეს.
და დღითი-დღე ძღვენი უფროსი იყვის. მოვიდა მეჭურჭლეთა უხუცესი, მოიხვნა საჭურჭლისა კლიტენი ასნი და მოაჴსენა: ასისა საჭურჭლისა არსო. უბრძანეთ, ვისაცა გეპრიანების, მან აიხვნასო. და მე მიბრძანა და ავიხვენ. დავიწყეთ ნახვა საჭურჭლეთა და გარდავნახეთ მრავალთა დღეთა. ყველასა ნახვა არა ეგებოდა, რომელ ტურფანი ოდენ გარდავნახენით; და არა იყო რიცხვი ტურფათა სიმრავლისა. გვითხრეს, ვითა: ასი საჭურჭლე თავისთვის დაუჭირავს ხვარაშან ქალსაო.
და ეს იყო სიმრავლე საჭურჭლეთა მის ხვარაშან ქალისა.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ნადიმად ვსხედით და უცხო რამე ხილი მოიღეს, რომელ არსად გვენახა ეგეთი ხილი. ვკითხეთ, თუ სადაური არის ესე ხილი? დედოფალმან ბრძანა: ამის ქვეყნისა არისო. ესე შეეტყობოდა, რომელ ნადები იყო. თქვა მეფემან: მწადიან ნახვა მის წალკოტისაო, რომელ ესე ხილი არის. დაუმძიმდა ესე სიტყვა დედოფალსა და მას ხვარაშან ქალსა. და თქვა დედოფალმან: არა არს ხილი ესე ამა ქვეყანისა. ვიტყუეთ. ვაჭარნი მოვიდეს ინდოეთით და მათ მოიტანესო. არ დაიჯერა მეფემან, თქვა: მინახვან ვაჭარნი ბაღდადელნი, რომელთა ყოველი ინდოეთი შიგან დაუარებია, მაგრა ესე ხილი მათ არა უნახავთ და არცასადა მე მინახავს. აწ მითხარით მართალიო.
ამა სიტყვასა ზედა ოდეს შევხედენით ხვარაშან ქალსა, თვალთა ცრემლი გარდმოედინა. შეხედნა მეფემან და დაუწყო ფიცება და კითხვა დედოფალსა და არქვა: რა არს, რომელ ყველასა დაგიღრეჯიან და ხვარაშან ქალი ტირისო? მიამბეთ მართალიო. ლამოდეს ტყუილსა, განა დაჰპატიჟა ფიცითა და ვეღარა უარყვეს: უბრძანა დედოფალმან დიდებულთა მისთა: მოაჴსენეთო.
ალი ვისმე ერქვა, დიდებული მათი იყო. ადგა ზე და ეგრე მოაჴსენა:
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! პირველ ჟამთა, ოდეს იგი ბაქაჯარ ქველი აქა შემოსულა, თანა ჰყოლია მუნეჯიბი მისი ჯამასარ. რომელ თქვენ გზასა ზედა ტილისმანი გინახვან, მისნი შექმნილნი არიან. ამას ქვეყანასა წალკოტი იყო, რომელ არა ყოფილა მისებრი ქვეყანასა ზედა განსასვენებელი მეფეთა, რომელთა შინა არიან ხილნი ესენი, რომელნი თქვენ გინახვან. ნახა ხილი იგი მან ბაქაჯარ ქველმან და შეშურდა იგი სხვათა კაცთათვის და უბრძანა ჯამასარს და შექმნნა ტილისმანი და მუნითგან იქი აღარავინ შესრულ არს და ვერცა ვინ შევალს. იგი ხილი რომელ შენ გინახავს, მუნით წყალი გამოიტანს და ესრეთ ჰპოებენ. ჩვენ ესრე გვასმია მამათა ჩვენთაგან. არცა ვის წალკოტი უნახავს და ვერცა ვინ ნახავსო.
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ბოლოდ რა გასმია, როგორი ტილისმა არისო. მან ეგრე მოაჴსენა, ვითა: ვეშაპი გვასმია დიდად დიდიო.
შეიქმნა შეჭირვება ყოველსა სამეფოსა შინა ამისთვის, რომელ არ დასთმობს დარეჯანის ძე, წავალს ბრძოლად მის ვეშაპისად და მოჰკლავს იგი ვეშაპიო.
გაიყარა ნადიმი და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ესე ჩემგან მოუვალი არის, რომელმცა არა წავიდეთ მის ვეშაპისა ნახვადო. ამისთვის გულმხიარულად იყვენით, რომელ ღმერთსა უბრძანებია ჴელითა ჩემითა მის წალკოტისა ჴსნა.
დაასკვნეს ხვალისად წასლვა. გავიდა ჴმა ყოველსა ქვეყანასა და სამეფოსა მათსა ამბავი, ვითა ამირან დარეჯანის ძე წავალს მის ვეშაპისა ბრძოლადო. შეკრბა ურიცხვი სიმრავლე დედათა და მამათა და თქვეს, თუ: წავიდეთ და ვნახოთ. მაშ, მათ წინა დავიჴოცნეთო. მოვიდა დედოფალი და ტირილითა არქვა, ვითა: პატივეც სიბერესა ჩემსა და ნუ წახვალ. მან არა უსმინა და ვითა ვერა დაუშალა, აღარა დადგა არცა დედოფალი შინა და აღარცა ხვარაშან ქალი. და წაჰყვეს თანა მის ქვეყანისა კაცნი ყველანი, ზოგნი ომად და ზოგნი ნახვად.
წავედით და ვითა დღისა ერთისა სავალსა მივეწურენით, მუნ არა იპოებოდა სულიერი შიშითა მის ვეშაპისათა. მივედით და ვნახეთ შორით ზღუდე წალკოტისა მაღალი მილიონსა ერთსა. შორს გვეცა სული სურნელი მის წალკოტისაგან გამომავალი. ვერა ვნახეთ რა, ვერცა ვეშაპნი და ვერცა რა სხვა. ორნი კარნი იყვნეს მის წალკოტისანი: ერთსა კარსა მცველი იყო იგი საშინელი ვეშაპი და მეორესა იყო სხვა მისგან უმცროსი ვეშაპი და ორნივე კარნი სპილენძისანი იყვნეს და ისროდეს ქვასა დიდროვანსა ესეთსა, რომელ, რასაცა სულიერსა მათი ნასროლი ქვა ეცის, წამსავე მოკლის. ვითა მივეახლენით, წამოდგა კაცი ზედა და შემოგვხედნა და, რა ჩვენ გვნახნა, იყივლა ფიცხლად და გამოვიდა იგი ვეშაპი საშინელი, რომელ მის ოდენი არა მინახავს. დაეშკმო პირი და ცეცხლი გამოვიდოდა პირისა მისისაგან და ჴმა ჰქონდა საზარო, ვითა გრგვინვა ცისა. მეორესა კარსა გამოვიდა იგი უმცროსი ვეშაპი. წამოდგეს ზედა კაცნი სპილენძისანი და მათ კაცთაგან გამოვიდოდა ჴმა რამე უცხო და საკვირველი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! თქვენმან მზემან, საზაროდ კმა იყო. აღარა ვისთანა იყო სრული მის ქვეყანისა კაცნი, რომელ ომად მოსრულიყვნეს. დგეს მჭმუნვარენი. ომი, თავმან თქვენმან, ყოველთა დაავიწყდა. მაშინ მოაჴსენეს ამირან დარეჯანის ძესა, ვითა: იმა უმცროსსა ვეშაპსა შეებიო. თქვა: არა კარგი განზრახვა არის. ვირე ისი დიდი ვეშაპი არა მოკვდების, უმცროსისა არა სარგებელი არისო. და უბრძანა მის სამეფოჲსა კაცთა, ვითა: ყველანი იმას უმცროსსა ვეშაპსა შეებნითო. და მათ არა გამოსცეს პასუხი.
მაშინ ითხოვა ცხენი უკეთესი ამირან დარეჯანის ძემან და შეიჭურვა ტანსა. ტიროდა ყოველი კაცი, ზოგი შიშითა მის ვეშაპისათა და ზოგთა უმძიმდა ომი მის ვეშაპისა დარეჯანის ძისგან. მაშინ მიუდგა წინა ამირან დარეჯანის ძე ხვარაშან ქალსა და ეგრე არქვა. ნუ სტირ, მზეო ჩემო, აწ ნახო ჭაბუკობა ჩემიო. მან ტირილისაგან პასუხი ვეღარა გამოსცა და მოეკიდა კალთასა, თუმცა არა გაეშვა. გაიცინა ამირან დარეჯანის ძემან და ეგრე არქვა, ვითა: თუ შენ დამიჭირავ, მაშა, ვეშაპისა შებმა ვითღა შემიძლიაო? ჩვენ გვიბრძანა, ვითა: თქვენ მიდით სამნივე იმა უმცროსსა ვეშაპსა ზედა. მე იმა კაცთა ვხედავ, რომელ არ მივლენო. მე ეგრე მოვაჴსენე: თქვენსა წინაშე ვიყო-მეთქი. კვლა მიბრძანა: მე არა მინდა მეშველი, წაედ შენცაო. მე მას არა უსმინე, დავდეგ მასთან. და წავიდეს აბან ქამანის ძე და ქაოზ ქოსის ძე.
მაშინ ამირან დარეჯანის ძემან შეიბნა ორნი ჴრმალნი და აიხვნნა ხიშტნი და შეუტევა. ხედვენ დედოფალი და ყოველი ერი. წამოდგეს ზედა იგი კაცნი სპილენძისანი. ისროდეს ქვასა და უცეს ცხენისა თავსა დარეჯანის ძისასა და მოუკლეს, მაგრა მას ვერა ავნეს. დააგდო ცხენი და ქვეითი მიუჴდა, ვითა ვეფხი. დასცეს ქვა მრავალი, განა ვერა ავნეს. მოეგება წინ ვეშაპი, დაეშკმო პირი ჩასანთქმელად. ჰკრა აშკმობილსა პირსა ხიშტი და შეალეწა ზედა; გამოიწვადა ჴრმალი და იგიცა დაალეწა. მერმე მეორე ჰკრა და ტვინამდისი შეჰკვეთა. მოვიდა ვეშაპი იგი, შემოიღვლარჭნა, შემოუტევა და ორნივე ფერჴნი ჩაუნთქნა. ამაზედა მივე, მეცა დავკარ და ზურგსა ვკვეთე დიდი და ვერა ვავნე. იბრძოდეს ვეშაპი და ამირან დარეჯანის ძე და ვეღარ ჩანთქა. ვცემდი და ვკვეთდი დიდროვანსა, განა ვერა დავაგდებინე იგი ამირან დარეჯანის ძე. იყო ზრუნვა და ტირილი დიდი. მაშინ ამოიღო დაშნა მოგვისაგან, ჰკრა აშკმობილსა ყიასა, ჩაშ თუ, მწვედ ეტკივნა და წამსავე პირიდაღმა წამოაგდო და, რა გაუშვა, კვლაცა ვკარ ჴრმალი, შემომიტივა, ჩამნთქა და გაიქცა. მოეწივა ამირან დარეჯანის ძე, ჰკრა ზურგსა ჴრმალი და წმიდად გაკვეთა. ეგზომ დიდი იყო იგი ვეშაპი და საშინელი, რომელ მე და ჩემი ცხენი ჴორჴსა მისა შიგან თავისუფლად ვდეგით და კიდე გამოგვიყვანნა ცხენი და კაცი ორნივე მრთელნი.
მივიდეს აბან ქამანის ძე და ქაოზ ქოსის ძე მას მეორესა ვეშაპსა ზედა და აბან ქამანის ძე შეიპყრა ცხენითურთ. ეგზომ დიდი არა იყო, ვითა პირველი, რომელმცა ჩაენთქა. აიხვნა ცხენი და კაცი ორნივე და გაიქცა. მიეწია ქაოზ ქოსის ძე, ჰკრა ჴრმალი და მოკლა იგიცა. რა იგი ვეშაპნი ორნივე დაიჴოცნეს, ფიცხლა იგი კაცნი სპილენძისანი დაილეწნეს. შეიქმნა სიხარული მეტად დიდი მას სამეფოსა შინა და ამას იტყოდეს, ვითა არავინ ყოფილა კაცთა ნათესავი სწორი ამირან დარეჯანის ძისა და არცა ვის ეგეთნი ყმანი ჰყოლებიანო. მერმე დედოფალსა შეასხმიდეს ქებასა, ამისთვის, რომელ გამოაჩინე ესეთი კაცი მეფედ ჩვენზედაო. შევედით წალკოტსა შინა ეგეთსა, რომელ არა დგა ქვეყანასა ზედა წალკოტი სწორი მისი, და ვნახენით ხენი საკვირველნი და სურნელნი და მას შინა წყალნი შვენიერნი, რომელ რაცა ღმრთისა დაბადებული სურნელი იყო, იგი და ყოველი ფერი ხილი შიგან იყო. ხენი ვნახენით ერთნი, შვენიერნი, გარეშემოზღუდვილნი და ამას იტყოდეს, ვითა: ზეთი გამოვალს მათ ხეთაგან ესეთი, რომელ სნეულსა შეასვან, გამრთელდების, თუ ბრმასა თვალთა უწთონ, აეხილვიან და ყოველსა სენსა ჰკურნებსო. და არა ითქმის სიკეთე მის წალკოტისა კაცისა ენისაგან. დავყვენით მუნ მრავალნი დღენი. განვისვენეთ და ვინადირეთ. გარშემოსა მის წალკოტისასა იყო სანადირო გამორჩეული. და წამოვედით მუნით სიხარულითა დიდითა.
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! [ამირან] ცოლსა მისსა ვითა გაეჩვენა, უკეთ აღარ ეგებოდა და მოვედით ქალაქად სიხარულითა. მაშინ ამირან დარეჯანის ძესა სიკეთისა მისისათვის ეგზომისა მოართვნეს მის სამეფოთა ციხეთა და ქალაქთა კლიტენი ყოველნი და ვიყვენით სიხარულსა შინა ჟამთა მრავალთა. მერმე წამოვედით ბაღდადსა გამარჯვებულნი − პატრონი ჩემი და ჩვენ.
მაშინ მიესმა ამბავი მის წითლოსნისა ჭაბუკისა მოკვლა ამირან დარეჯანის ძისაგან საბურ რაბაგის ძესა, ძმასა მის წითლოსანისა ჭაბუკისასა, მაგრა ჭაბუკობითა დიდად უკეთესსა. მოვიდა ძმისა მისისა, მის წითლოსნისა ჭაბუკისა, სისხლისა ძებნად და დადგა გზასა ზედა ჩვენსა.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! მოსრულიყვნეს შინა ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი და ეკითხათ, თუ სად არის პატრონი ჩვენი ამირან დარეჯანის ძეო? უთხრეს წამოსლვა ჩვენი და წამოსულიყვნეს იგინიცა კვალსა ჩვენსა ძებნად ჩვენად და საბურ რაბაგის ძე და იგინი ერთგან შეყრილიყვნეს. ჰყვა საბურს ლაშქარი დიდი და ჰკითხა, თუ: ვინ ხართ, ძმანო? მათ უთხრეს, ვითა: ყმანი ვართ ამირან დარეჯანის ძისაო. რა ესე თქვეს, შეუზახნა ლაშქართა და უბრძანა: დაჴოცენითო! მათ გამოიწვადნეს ჴრმალნი და შეებნეს მას ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარსა იგი სამნი კაცნი. კლდე იყო დიდი და მათ სამთავე ბეჭნი მას კლდესა მიჰყუდნეს. გამოვიდის და ერთი მეორესა ეცვალებოდის. იბრძოლეს სამთავე ამა წესითა კვირა ერთი და ჴოცეს კაცი ურიცხვი, რომელ თვით იგინივე იტყოდეს: სამი ათასი კაცი მოკლესო. იამპარტავანა საბურ რაბაგის ძემან და თვით არა მივიდა მათად ომად და ჩვენ მივედით ომსა ზედა.
შეხედნა ამირან დარეჯანის ძემან და ეგრე თქვა: ომსა ფიცხელსა ვხედავ, განა ვინ არიან, არ ვიციო. კვლა ცოტაღა წავლეთ და ბრძანა: ისინი ყმანი ჩემნი არიან, სითცა მოდიან ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელიო. ჩვენად თურე ძებნად წამოსულიყვნეს, წარვისწრაფეთ და ომსა ზედა მივედით. იყივლა ამირან დარეჯანის ძემან: მო-ღმერთო-ვედითო! შემოგვხედნეს და გაიცინეს, გაგულოვანდეს და სამთავე შეუტევეს და მრავალი ცხენი და კაცი მოკლეს. მივედით ჩვენცა და შევებენით, მრავალი მოვკალით. მიესმა საბურ რაბაგის ძესა, ვითა: მო-ვინმე-ვიდეს მეშველნი, მათთანა ერთი კაცი არის ეგეთი, რომელ თვალთა ჩვენთა არა უნახავს კაცი მისებრიო. მან ცნა, ვითა: ისი კაცი ამირან დარეჯანის ძე არისო. უკუყარა ლაშქარი თვისი და ეგრე თქვა, ვითა აქა ომი ჴამსო. მოეგზავნა კაცი და შემოეთვალა, ვითა: შენ მოგიკლავს ძმა ჩემი იგი წითლოსანი ჭაბუკი და აწ მე შენად ომად მოსრულვარ. მე შენი ყმანი არა დავჴოცენ; შენ ჩემნი რად დაჴოცენო? აწ ესე მტკიცედ იცოდე, რომელ ანუ სიკვდილი შენი მოსრულ არს და ანუ ჩემი. ხვალე არს ომი შენი და ჩემიო. არქვა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ძმამან შენმან სიამპარტავნითა მოიკლა თავი თვისი და ფათერაკად მოკვდა და აწ კვლა შენ მეწყალვი, რომელ შენცა მოჰკვდები ჴელითა ჩემითა. ლაშქარნი შენნი ამისთვის დავჴოცენ, რომელ სამთა კაცთა ზედა ლაშქარნი დახვეულიყვნენ, ვითამცა არა უშველდი? აწ ისმინე მოჴსენება ჩემი და ნუ დაიდგამ დღეთა ძმისა შენისათა და წაედ მშვიდობით. ამა სიტყვასა ზედა გაწყრა საბურ და მოუგზავნა მოციქული ფიცხელი და დაასკვნეს ხვალისად ომი.
ვითა გათენდა, შეეკაზმა საბურ რაბაგის ძე და შეჯდა შავსა ცხენსა შავითა ტანისამოსითა. იყო იგი ლაშქარი მისი ყველა შავითა, ძმისა მისისათვის. გამოვიდა იგი საბურ რაბაგის ძე და აქათ გავიდა ამირან დარეჯანის ძე. ფიცხლად შეუტევეს ერთმანერთსა და შეიბნეს. გარდაჴდა ომი დიდი მწუხრამდის და ვერა რომელმან აჯობეს. აბჯართა ცემისაგან არა ისმოდა ყურთა ჴმა. მოუკლეს ერთმანერთსა მრავალი ცხენი და გარდაალეწეს ერთმანერთსა მრავალი ჴრმალი და ვერა აჯობა ერთმანცა. გაიყარნეს. რა გათენდა, კვლა შეიბნეს. სამი დღე იბრძოლეს და ვერა გარდასწყვიტეს. უფიცხესი და უფიცხესი იყო ომი. ერთობ დაუმძიმდა გასწორება ამირან დარეჯანის ძესა და ესე დაასკვნა: თუ მოვერიო, მოვკლავო. მას ღამესა ლაშქარსა ყველასა მოეგზავნა კაცი ამირან დარეჯანის ძესა თანა, ვითა: პატივეც ჭაბუკობასა შენსა. თუ მოერიო, ნუ მოჰკლავ, მით რომელ ესე მარტო დარჩომილა თავისა სახლსა შინაო. უქადა ამირან დარეჯანის ძემან მათ ლაშქართა არ-მოკლვა საბურ რაბაგის ძისა. კვლა მოეგზავნა კაცი საბურს და ესე შემოეთვალა: ხვალე გარდაწყვედა არს შენი და ჩემიო. მაშინ ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: თუ მომერევის საბურ რაბაგის ძე, მომკლავს, მით რომელ ძმისა მისისა მის წითლოსნისა ჭაბუკის სისხლსა ეძებს, − და უკვირდა ეგზომი სიკეთე რაბაგის ძისა. არქვა, თუ: ზენაარმან ღმრთისამან, რადგან ეგრე კარგი ჭაბუკი არის, თუ მოვერიო, არა მოვკლაო.
ხვალისად დღე შეეკაზმა საბურ რაბაგის ძე და გამოვიდა. ეკიდნეს პოლოტიკნი რკინანი სატკივართა ადგილთა და ეგრე იყივლა: გამოედ, დარეჯანის ძეო! ფიცხლა გავიდა დარეჯანის ძე. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და გაფიცხდა ომი უფრო ყოველთა ომთასა. ბოლოსა ჟამსა იყივლა დარეჯანის ძემან, გაიყვანა ცხენი და არქვა: გაფრთხილდი, საბურ რაბაგის ძეო, მოვალ შენზედაო. გაიყვანა ცხენი მანცა და უყივლა: აწ მოვიდა სიკვდილი შენიო. წამსავე შეუტევეს ერთმანერთსა და ჩაშ თუ შეშინდეს საბურ რაბაგის ძისა ლაშქარნი მოკლვასა საბურისასა და იყივლეს ერთპირად და არქვეს: ამირან დარეჯანის ძეო, ზენაარსა ღმრთისასა, რა გიქადებია, გაგვისრულეო. მათ ლაშქართა სიტყვასა ზედა გასტყორცა ჴრმალი, შეუტევა, მიჰყო ჴელი, მოჰჴადა უნაგირთაგან, დასცა ქვეყანასა ზედა და აღარა მოკლა.
გარდაჴდა ყოველი ლაშქარი საბურისა, თაყვანისცეს და ქება შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა, თქვეს: კურთხეულმცა არს ჭაბუკობა შენი, რომელ არავინ ნახულ არს ჭაბუკი კაცთა ნათესავი შენებრიო. დადგეს ერთგან საბურ რაბაგის ძე და ამირან დარეჯანის ძე. მას დღესა განისვენეს და დაემოყვრნეს. დილას წავიდა საბურ და ჩვენცა წავედით. მოვედით ბაღდადსა მხიარულნი და გამარჯვებულნი.
აქა დასრულდა კარი ტილისმათა.
მეფეო, იგი სახლი, რომელ თქვენ გინახავს, მუნ მოვედით. მაშინ მოიყვანა მხატვარი და დაწერა თავი თვისი და ჩვენცა. დაუსრულებელ ყვნას ღმერთმან დიდება და გამარჯვება მეფობისა თქვენისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კარი მეცხრე
სეფედავლე დარისპანის ძისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
მინდორსა შიგან სახლნი იყვნეს სანადიროდ აგებულნი ბაღდადელისა ამირ-მუმლისანი. ესე რა მომივლია ყოველი ინდოეთი და სპარსეთსა შინა გაზრდილვარ, თვალითა ჩემითა ეგეთნი სახლნი არა მინახვან: სამნი ქვეყანანი დიდ-დიდნი მოკიდებულნი იყვნეს მათ სახლთა თანა. სამი თვე მუნ დაყვის და ნავროზი გარდაიჴადის. კაცისა თვალსა არცა ეგეთნი სახლნი უნახვან და არცა ეგეთნი სანადირონი. რჩეულნი დიდებულნი თანა წაიტანის და, ვის არა უბრძანის, ვერა წავიდის, ამით რომელ, ვინცა მუნ იყვნიან, მდიდარნი წამოვიდიან საბოძვრითა. იცოდის ყოველმან კაცმან იგი ჟამი. ვისცა კარგი ავაზა ჰყვის ანუ კარგი ქორი და ანუ, რაცა ვის კარგი სანადირო, მას სახლსა მისლვის ჟამისათვის შეინახიან. სადაცა კარგი მგოსანი იყო და ანუ მოშაითი და რაცა ჴელის-უფალი, ყველა მუნ მოვიდის. განსვენება და სიხარული იყვის და ნადირობა, რომელ კაცისა ენისაგან არა ითქმის და არცა გაიგონების.
ბრძანა ბაღდადელმან ამირ-მუმლმან და წავიდა ამირან დარეჯანის ძე. განაღამცა უბრძანა სხვათა დიდებულთა, ჩვენ, ამირან დარეჯანის ძის ყმანი ვიყვენით, მუნ წავედით. იყო დიდი სიხარული და გამოსვენება. ზოგნი ნადირობდიან მშვილდითა, ზოგნი ქორითა, ზოგნი ავაზითა, ზოგნი ძაღლითა და, ვისცა ვის სწადდის, შეექცევოდიან. სახლნი იყვნის სანადიმონი, შვენიერნი, მოკაზმულნი ოქროჲთა და ვეცხლითა. მუნ დაიდვის ნადიმი და იმღერდიან მოშაითნი და იქმოდიან აჯაბთა, ჰჴედნიდიან რაინდნი ცხენთა, ზოგნი ჭადრაკთა იმღერდიან, ზოგნი ღვინოსა სმიდიან.
აჰყარის გარეთ ნადიმი და საწოლსა შევიდის, დიდებულნი თან შეიტანნის. უკეთესი და უშვენიერესი ნადიმი მუნ გარდაიჴადის. უბოძის ყოველთა საბოძვარი და გაიყარიან. მას დიდებასა და განსვენებასა შინა ვიყვენით, რომელ თავმან თქვენმან, ნახევარი ვერ მითქვამს, ვითარი სიხარული და შვება იყვის.
დღესა ერთსა ამირამან ჴელი გაიჴსნა; არცა ნადირობასა გავიდა, არცა სერი-ნადიმი გარდაიჴადა. დიდებულნი იჴმნა და ნადიმი საწოლს გარდაიჴადა. ამირან დარეჯანის ძესა საკრამანგისა სასთაული დაუდვა, ახლოს დაისვა, რომელ ჴელი მისწვდებოდის. სხვანი დიდებულნი, ვითა ჴამდა, ეგრე დასხნეს. ნადიმობა იყო.
ეგრე ბრძანა ამირ-მუმლმან: შე-რასმე-მჭირდების, ჩემსა მზესა, ვინცა რა ამბავი იცით, მითხარითო.
დარეჯანის ძემან მოაჴსენა: რომელი მიქმნია და მასმიან, მომიჴსენებია და ახალი არა ვიციო.
ეგრე უბრძანა: შენ აღარ გტანჯავ, სხვამან ვინმე თქვასო.
ომად ვისმე ერქვა მადის ძესა, დიდებული კაცი იყო, მობაღდადე, ზე ადგა და ეგრე მოაჴსენა: ცხოვნდი, ამირთა-ამირო! ამბავი გწადიან და თვალითა ჩემითა მონახული მოგაჴსენო, რომელ ესე ბრძანო: ამის უკეთესი არა მასმიაო, რომელი კარგი მიქმნია, იგი მოგაჴსენო და, რომელი უბადო, - იგიცა. ოდეს-იგი კარგი ნაქმარი მოგაჴსენოთ, გაგიკვირდების და სიქადულად შემინახავ და ტყვილი ამად არა, რომელ ყოველსა მართალსა მოგაჴსენებო.
გაეხარნეს ამირ-მუმლსა. ბრძანა გაყრა ნადიმისა დიდებულთაგან კიდე. ყველა გაღმა აწვიეს, დიდებულნი სიახლესა სასთაულთასა დასხნა. უბრძანა ომად მადის ძესა. ჩემსა მზესა, ყველა უკლებლად მითხარო!
მოაჴსენა:
ცხოვნდი, ამირთა-ამირო! ამბავი ჩემი ყველა სრულობით მოგაჴსენო. ოდეს ცოტა ყმა ვიყავ, სწორსა ჩემსა ყველასა მოვერეოდი და მღერასა შინა უბადოდ ვიქცეოდი. ბაღდადი ქალაქი ამიჩივლდა. მამა ჩემი და მამის ძმა ჩემი ერთგან სხდეს. ეგრე უთხრა მამის ძმამან ჩემმან მამასა ჩემსა: იმა შენსა შვილსა ერთი პირი არ დასცდების. ის, რომელი ჭყირტად და უბადოდ მაქცე არის, ანუ შეიქმნების კარგი ჭაბუკი, რომელ მისებრი არ[ვინ] იყოს, და ანუ ხელი და არას ჴელისა.
მან ეგრე არქვა: მეცა კვლა აგრე მგონიაო.
ოდეს მე ესე მესმა, გულსა ჩამიჴდა და ვთქვი: კარგიმცა ჭაბუკი ვიყო-მეთქი. რა მოვიწიფე, ნადირობა დავიწყე. ნადირობა მიყვარდა საზომისაგან მეტად. სადაცა მჴეცი ანუ ლომი გარდამეკიდის, ვითა კატა ეგრე მოვკლი. დავჯერდი თავსა ჩემსა და ვთქვი: დღეს ჩემებრივ ჭაბუკი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. მერმე ეგრე ვთქვი: კაცი გამოვიცადო, თვარა მჴეცთა სიკვდილი ცოტა უნდა-მეთქი.
მისრელი ქარავანი ბაღდადს იყო და წავიდოდა. უთხრეს: მეკობრენი წინა გიმზირიანო. შიშითა ვეღარ გავიდეს. მე ეგრე უთხარ: მომეცით საბადრაგო და თქვენს ქვეყანასა მშვიდობით მიგიყვანნე. მათ მომცეს დიადი, შევეკაზმენით და წავედით. მონახული იყო იგი ქარავანი მათ ხუთასთა მჴედართაგან. ერთგან წინა გვიმზირდეს, გამოგვიჴდეს, ფიცხლად ცხენი შეუტივე, შეუზახენ და შევები. თავმან მეფობისა შენისამან, გავაქცივენ და დავჴოცენ, რომელ მცირედნიღა ვინმე გარდამეხვეწნეს. გავგზავნე მშვიდობით ქარავანი და შემოვიქეც სახლსა ჩემსა. ესე იყო ომი ჩემი პირველი. დავჯერდი თავსა ჩემსა და ეგრე ვთქვი: უთუოდ დღეს ჭაბუკი ჩემებრი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ეგრე ვთქვი, ვითა: შევება ამირან დარეჯანის ძესა, რომელი ხუთასსა კაცსა შეებმის. მას, ღმერთო. ეგეთისა კაცისა ომი შეუძლია? შევეკაზმე და მოვმართე, მუქარა გამოვთხოო-მეთქი. შემრცხვენდა და უთხარ თავსა ჩემსა: არა გრცხვენიან, ომად მადის ძეო, ჯერეთ დარეჯანის ძისა საომრად მიხვალ, მცირედნი ნაქმარნი გიქნია! სხვაგან წავიდე და კვლა თავი ჩემი გამოვცადო და, თუ კარგი ნაქმარი ვქმნა, უკანის მას შევებაო.
ცხოვნდით, ამირთ-ამირო! გავაგე სახლისა საქმე და ვაჩინენ კარგნი კაცნი. წაველ და ბასრას მივმართე. მივიდოდი. გზასა ლაშქარი თუ მჴეცი გარდამეკიდის, მოვერივი ყველასა. მივედ ბასრასა და ჩემსა მისლვასა ზედა შეიქმნა შუღლი ბასრეთსა. მოვიდა არაბთა მეფე და გარეგანნი ყველა წაიღო, ქალაქი მრავალი და ციხენი. მოვიდეს კართა ქალაქისათა. გავიდეს მოქალაქენი და შეიბნეს ფიცხლად და შემოლეწნეს შინა მით, რომელ გარეგანთა ლაშქართა რიცხვი არა იყო. მოვიდა მეფე არაბთა. მის ქალაქისა კართა ზედა სამნი ბუმბერაზნი იყვნეს ბასრელისა ამირისანი, ლომნი ჭაბუკნი. გავიდეს და შეებნეს. ომი დიდი და კარგი გარდაიჴადეს ესეთი, რომელ ფიცხლად ომად კმა იყო. თვითომან ასი კაცი მოკლა და შემოვიდეს გამარჯვებულნი. მიეგება ამირა და ყოველი ქალაქი და დიადი საბოძვარი უბოძა ამირამან და ყოველმან ქალაქმან.
მეორესა დღესა გამოვიდეს იგივე კაცნი და კვლა უფროსნი და უკეთესნი ომნი გარდაიჴადეს. შემოვიდეს, ქება შეასხეს და დიადი საბოძვარი უბოძეს. არაბთა მეფისა ბუმბერაზი იყო ლომი ჭაბუკი და იქი არა იყო კაცი მეომარი მისა. გაგზავნა კაცი მოსწრაფებული. მოჰყვანდათ მათ კაცთა საომედ. მას დღესა მოვიდა იგი ბუმბერაზი. დილასა შეიჭურა იგი არაბთა მეფე და ყოველი ლაშქარი მისი, შესხდეს ცხენთა და წამოვიდეს. კაცი ვინმე ტაიჭსა ჯდა, წინა მოვიდოდა და ზღუდეთა ქვეშეთ მოდგა. კინენი ჴელთა ჰქონდეს. ეგრე შემოგვყივლა: გამოდით ერთი ერთისათვის, თუ ვინ ბუმბერაზნი იყვნეთ, და, თუ ერთი არ გამოხვალთ, მრავალნი გამოდითო! ამა სიტყვასა ზედა შეეკაზმნეს სამნივე და ეტყოდეს ერთმანერთსა: მე გავალ, არა, მე გავალო. დაჯდა მაღალთა ბანთა ზედა იგი ამირა ბასრელი და მებუკე-მედაბდაბენი ზედა წარმოდგეს და ეგრევე გარეგანთანი მოდგეს და სცემდეს გარეგანნი და შინაგანნი და ზმა იყო მეტად დიდი. გავიდა იგი კაცი და შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა. მერმე არაბთა მეფემან შემოჰყივლა მას შინასა ბუმბერაზსა, ვითა გულმაგრა შეები, არავინ მოვალს აქა მეშველიო. ფიცხლა შეუტიეს ერთმანერთსა, შეუყარნა კინენი მან გარეგანმან კაცმან, აიღო უნაგირთაგან და ქვეყანასა დაჰკრა და მოკლა, შეიქცა და წავიდა. მოეგება წინა იგი არაბთა მეფე, მისცა საბოძვარი დიადი და შეასხა ქება და წავიდა სადგომსავე. დაუმძიმდა მას ბასრელსა ამირასა და ყოველსა ქალაქსა და თქვეს, ვითა გაუწირავართ ღმერთსა, თვარა ესდენ კარგი ჭაბუკი ვითა იჯაბანა ესრეო?
მეორესა დღესა გაჯდა თვით იგი არაბთა მეფე და ყოველი ლაშქარი მისი დაკაზმული მოდგეს. გამოსწყდა იგივე კაცი, შემოდგა ზღუდისა ძირსა და იგივე სიტყვა თქვა. კინენი დაეყარნეს და ჴრმალი ერტყა. გავიდა იგი მეორე კაციცა და ჩვენ წავადეგით ზედა ხედვად. შეუტივეს ერთმანერთსა. ამა შინაგანმან კაცმან ჰკრა მარცხენასა მჴარსა ჴრმალი და შეჰკვეთა ცოტა. ჰკრა მანცა მარცხენასა მჴარსა და მარჯვენასა თეძოსა თავსა დაასვა და მოკლა იგიცა და წავიდა. მოაგებეს შესამოსელი მრავალი და აკაზმულობითა ტაიჭი. შეასხეს ქება და უბოძეს საბოძვარი დიდი. დაუმძიმდა მას ბასრელსა ამირასა და ყოველსა ქალაქსა და გაწირეს ყოფა თავისა მათისა.
მესამესა დღესა მოვიდა იგი არაბთა მეფე, მებუკე-მედაბდაბენი გამოვიდეს. გამოვიდა იგივე კაცი და გამოსთხოვა მუქარა. ესე მიკვირს, ამირთ-ამირო! იგი კაცნი ეგზომ ადვილად დაჴოცნა და მას მესამესა კაცსა არა შეეშინა. შეეკაზმა ჩვენი ბუმბერაზი და ეგრე უბრძანა ამირა ბასრელმან: ძმაო, ნუღარა გახვალ. იმა კაცისთვის ღმერთსა ძლევა მიუცემია, შენ აღარა მოგკლასო. მან ეგრე მოაჴსენა: მე თქვენი საკარგავი და ოქრო მიჭამია, ჩემი ჴელი ომი არის. აწ გავალ ომად მისად, ნუთუ ძმათა ჩემთა სისხლი ვაზღვევინო.
გავიდა იგი კაცი და წაადგა ყოველი ერი ხედვად და თქვეს ყოველთა: სიკვდილი და ცხოვრება ჩვენი დღესა არის და, თუ იმასაც ეფათერაკებისღა, წაჴდა ჩვენი ქალაქიო. მას გარეგანსა კაცსა მშვილდ-კაპარჭი შემოერტყა. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა. შემოუტევა მან კაცმან, ჰკრა ისარი მკერდსა და შიგა გაავლო და ფრთამდისინ მიწასა შიგან ჩაასო. შეიქცა გარევე და წავიდა. მოაგებეს შესამოსელი და აკაზმულობითა ტაიჭნი მრავალნი. შეასხეს ქება და წავიდეს.
შეიქმნა ქალაქსა შიგან ტირილი და თქვეს, ვითა: ამა ორთა პირთაგანსა ქმნა გვინდა: ანუ გავიდეთ ყოველნი − დიდი და მცირე, შევებნეთ და დავიჴოცნეთ, ანუ კვლა ვთხოოთ ზენაარი და მივსცეთ ქალაქი. მაგრა ომსა ზენაარისა თხოვნა ამჯობინეს. დაასკვნეს მის ქალაქისა მიცემა.
მე გულსა შინა ეგრე ვთქვი, ვითა: ჭაბუკობისა ძალისა ცნობად წამოსულვარ და ჭაბუკი, ღმერთო, არს. გავიდე და შევება.
მოველ ამირასა თანა. აბრამ ვისმე ერქვა, ვაზირთა-უხუცესი იყო ბასრელისა ამირასი. მას ეგრე მოვაჴსენე, ვითა: მიედ, ამირას მოაჴსენე, მე მობაღდადე ჭაბუკი ვარ და ჭაბუკობისა ძალისა ცნობად მოსულვარ და იმას კაცსა შევებმი. მან გაიხარნა, მივიდა და ამირას მოაჴსენა. გაეხარნეს ამირასა და ეგრე მკითხა: ამირან ხარ, დარეჯანის ძეო? მე მოვაჴსენე: არა ამირან ვარ, ომად ვარ მადის ძე-მეთქი. დაუმძიმდა ამირასა. შეიქცა და დაჯდა ქვე. ჩაშ, თუ იმედი არა ჰქონდა ჩემგან. ეგრე მარქვა: ძმაო, მე იმას კაცსა არა გაბრძოლებ, მით რომელ ჩემგან წყალობა არა გინახავს რა და არა მოგაკვლეო. ეგრე მოვაჴსენე: მე მობაღდადე ჭაბუკი ვარ, გავალ და შევებმი. თუ გამემარჯოს, ხომ კეთილი და, თუ მომკლას, სიკვდილსა მაშინცა ვერსად წაუვალ.
ეგრე მოეგზავნა არაბთა მეფესა ამირას ბასრელსა თანა, ვითა: ღმერთსა ძლევა ჩემდა მოუცემია, აწ შენ ვეღარა დამიჭირავ მაგა ქალაქსა, მომეც და მოგცე ზენაარი, რომელ მშვიდობით გაგიშვა. მე მიჴმო ამირამან და ეგრე მარქვა: მქონდეს იმედი შენგანო? მე მოვაჴსენე: შევიწიო ღმერთი ჩემი და ვაზღვევინო სისხლნი ბუმბერაზთა შენთანი!
გაეხარნეს ამირასა და ეგრე გასცა პასუხი: არს ჩემი ერთი ბუმბერაზი, ხვალე იგი და ეგე შეიბნენ და, თუ აჯობოსღა, აღარა გიჭირავ ქალაქსა, ჴელთა მოგცემო. გავიდა მოციქული და უთხრა. გაეხარნეს არაბთა მეფესა, თქვა: მაგას პირსა ჯერვარო.
ზმა იყო ქალაქსა შინა, ლოცვა და ტირილი ჩემთვის. იტყოდეს მოქალაქენი: თუ ხვალე ისი იძლევისღა, სრულად თურე გაუწირავართ ღმერთსაო. მოვიდა ყოველი ქალაქი და მნახვიდიან.
დილასა გამოვიდა ამირა და დაჯდა ბანთა ზედა. წამოდგეს მებუკე-მედაბდაბენი. ზმა იყო ქალაქსა შინა. ეგრევე არაბთა მეფე მოვიდა და ზედა წამოდგეს მისი მებუკე-მედაბდაბენი, სცემდეს ბუკსა და დაბდაბსა და ზმა იყო. მუნითცა მოვიდა იგი კაცი, ზღუდისა ძირსა მოდგა და გვიყივლა: ვინ გამოხვალთ, ნუღარა ჰყოვნითო.
ოდეს იგი ომად მადის ძე ამა ამბავსა ამბობდა, მეტად იამებოდა მას ბაღდადელსა ამირ-მუმლსა. ადგა და ქვე ჩამოისხნა სასთაულნი, ნოხსა ზედა ჩამოჯდა და უბრძანა: ომად მადის ძეო, ჩემსა მზესა, ყველა მართლად მიამბე და წვრილად მითხარო.
მან მოაჴსენა: ისმენდი, მეფეთ-მეფეო! გაველ მე და ვნახე იგი კაცი. მშვილდი არა ჰქონდა. გამეხარნეს, ამით რომელ ამასა ბუმბერაზსა ფიცხელი ჰკრა. კინენი ჰქონდეს. გაველ მე და მოვიდა მუნით იგი. შემოუვლეთ ნავარდი ერთმანერთსა და შეუტევეთ. შემომიყარნა კინენი ქვეშე და ვერა ამძრა. ფიცხელი თურე ამზიდნა, და კინენი გაუტყდეს. [მაშინ] შეუტევე, შეუზახენ, ჩაბალახსა ზედა ჴრმალი ვკარ და, თავმან მეფობისა შენისამან, მკერდამდის ჩავკვეთე და მოვკალ. შინა აღარა შეველ, ფიცხლად შეუტევე ლაშქართა არაბთა მეფისათა. მას დღესა ხუთასი კაცი მოვკალ, შემოვიქეც და მოველ ქალაქად გამარჯვებული.
მოვიდეს ამირა და ყოველი ქალაქი, მომცეს აურაცხელი ყოველმან, ზოგნი ჴელსა მემთხვივნეს, ზოგნი მაკოცებდეს.
ჩემსა მაშინდელსა გამარჯვებასა არა სჭირდა რა! ღამით უთხარ მოქალაქეთა: შეეკაზმენით-მეთქი. დილასა გავიტანენ თანა, დავესხენით, დავჴოცენით, გავაქცივენით და ვიონავრენით, რომელ ცოტანიღა გარდაგვეხვეწნეს, და შემოველ შინავე. მომცა ამირამან ურიცხვი და ყოველმან ქალაქმან: მჴსნელად მათად მიჴმობდეს.
თუ ესე ტყუილი გეგონოს ჩემგან, ბაღდადელი ქარავანი მაშინ მუნ იყო და მათ ჰკითხეთ.
მომიგზავნა კაცი ამირამან, ვითა: დადეგ ჩემთანა და საჭურჭლეთა სამად გავყოფ და მესამედსა შენ მოგცემო. მე მოვაჴსენე, ვითა: არა დავდგები, წავალ პატრონსა ჩემსა წინაშე. მაშინ დიადი მომცა და წამოველ. ბაღდადსავე მოვედ და ვთქვი, ვითა: არა არს ჭაბუკი ჩემებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. აწ დასტურად შევებმი ამირან დარეჯანის ძესა-მეთქი.
შევეკაზმე და მიველ კარსა ამირან დარეჯანის ძისასა. შემრცხვენდა და ვთქვი: მას დიდნი და სახელოვანნი საქმენი უქმნიან, აწ კვლა წავიდე და ვქმნა კარგი რამე ნაქმარნი და მერმე დავესწრები მისსა ომსა-მეთქი.
ამირან დარეჯანის ძემან გაიცინა და ეგრე არქვა: ძმაო, რადა გრცხვენიან? კარგი ყმა და კარგი ჭაბუკი ხარ, ამირ-მუმლისა მზემან!
მერმე თქვა ომად მადის ძემანვე: დავაყენენ კარგნი კაცნი სახლსა ჩემსა ზედა და, რაცაღა ჴამდა, ყველა უთხარ და ვთქვი: ანუ მოვიკლა თავი და ანუ ვცნა ჭაბუკობისა ჩემისა ძალი!
გავიარე ქვეყანა ჩვენი და მივხვდი მინდორსა ეგეთსა, რომელ სამისა დღისა სავალსა არცა კაცი მინახავს და არცა სხვა სულიერი. მომეწყინა და ვლამოდი გარე შექცევასა, წაველ ცოტაღა ხანი. ოდეს დავხედენ, მინდორსა შინა დგა კარავი, ცხენი ება ერთი კარსა ზედა და კინენიცა ესვნეს. ვთქვი: აჰა, ჭაბუკი, რომელ იცნობის ჭაბუკობისა ჩემისა ძალი-მეთქი. მიველ და შევდეგ კარსა და, ოდეს ვნახე, პერანგითა კაცი წვა ტახტსა ზედა და გვერდით ქალი უჯდა ეგეთი, ვითა მზე. მე ეგრე ვარქვი: შვენიერო ჭაბუკო-მეთქი! მან ეგრე მარქვა: ვინ ხარ, ძმაო? მე ვარქვი: მობაღდადე ჭაბუკი ვარ, ძალსა ჭაბუკობისასა ვეძებ, რომელმცა ვის შევება. მან თქვა: ზე უკუდეგ, რომელ შევეკაზმო! მე გამეხარნეს, ამირთა-ამირო! შორს უკუვდეგ და მეცა შევეკაზმე. გამოვიდა შეჭურვილი, ცხენსა შეჯდა, შემომიტევა, შიშითა შუბი ვეღარ შემომცა, შეამაღლნა და გარდმომკრა კინენი და ზედა დამალეწნა და გამექცა ეგზომ ფიცხლა, რომელ გზა და კვალი ვერა შევიგენ. დამიმძიმდა და გამიკვირდა ეგზომი სიჯაბნე მისი. შემოვიქეც და მას ქალსა, თვალად ტურფასა, კარსა მივადეგ და ეგრე უთხარ: დაო ჩემო, ღმერთმან იცის, ჯაბანი ქმარი გივის-მეთქი. სხვა არა დავაკლე და არცა რა წავიღე. პური ავიღე და წავედ.
ვიარე ორი დღე სხვა ეგეთსა უკაცურსა ადგილსა, შემჭირდებოდა და ვლამოდი გარე შექცევასა. ვიგონებდი გულსა შინა ოდეს, ვნახე: კაცი ვინმე მოვიდოდა, შავსა ცხენსა ჯდა დიდსა და იყო დიდი კაცი, შავი. და ეგრე ვთქვი: აბა, ისი კაცი მაცნობინებს ძალსა ჭაბუკობისასა-მეთქი. შევყივლე: ჭაბუკო, მე ვარ მობაღდადე ომად მადის ძე, ჭაბუკობისა ჩემისა ძალისა ცნობად ვიარები-მეთქი. რაცა მექმნა, ყველა უთხარ; სიტყვითა შეშინებასა ვლამოდი. მან ეგრე მითხრა: შენი და ჩემი საბრძოლველი რა არისო? მე ეგრე უთხარ: კარგი ვინმე ჭაბუკი ხარ, მე და შენ ომისაგან კიდე სხვა არა გვეწევის რა-მეთქი. მან ეგრე მითხრა: გულისად ხარო? მე ცხენი გავაფიცხე და ეგრე უთხარ: ამისგან უფრო გულისობა აღარა ეგების-მეთქი. ვითა შეუტევე, მოგვსა შიგან დაშნა ეპყრა, ამოიღო და გულსა დაიცა და ეგრე მითხრა: შენ ამისგან უფროსსა ვეღარას მიზამო. გადაიჭრა ცხენისაგან და ფიცხლად მოკვდა. მე დამიმძიმდა, ამირთა-ამირო.
წაველ მუნით და ვიარე დაღრეჯილმან კვლა დღე ერთი. კაცი ვინმე მოვიდოდა, ცხენსა ჯდა, მე მათ კაცთათვის ვწყრებოდი და მით არა უთხარ, ცხენი ვაძგერე და ცხენითურთ ქვე დავდევ და ზედა ცხენი გარდავახტუნვე, ვაგინე და ეგრე უთხარ: რა ღმერთი გრისხავსთ? ზოგნი გაიქცევით და ზოგნი თავსა მოიკლავთ! რა ჯაბანთა ქვეყანასა მოველ-მეთქი?!
მან ქვე მწოლმან კაცმან ეგრე მარქვა: ძმაო, რა შეგცოდე, რად მიყავ, რა იყო შენი და ჩემიო?
მე ეგრე ვარქვი: ჭაბუკობისა ძალისა ცნობად ვიარები და თქვენ ყველანი ჯაბანნი ხართ. ავნი დამხვდებით, ეგრე მისთვის გიყავ-მეთქი.
მან ეგრე მარქვა: მუნ არა არიან ჭაბუკნი, სით შენ მოხვალ, რომელ შებმოდიო?
მე ეგრე უთხარ: ჩემი შემბმელი კაცი ქვეყანასა ზედა არა არისო.
მან ეგრე მითხრა: მაშა, ვლამოდი არა თხრობასა მით, რომელ უკაცრავად შემრივე. განა გითხრა, ნუთუ მან გამომართვას სამართალი შენგან! წავლე ცოტაღა და სეფედავლე არს დარისპანის ძე, მას შეები და ჭაბუკობისა შენისა ძალსა უღონიოდ გაცნობინებს.
რა ესე მითხრა, გამეხარნეს, გარდავჴედ ცხენისაგან, მივედ მას კაცსა თანა და ეგრე უთხარ: ძმაო, შემინდევ და მითხარ სეფედავლესა ამბავი ყველა.
მან ეგრე თქვა, რომელ ამის მეტი რაღა გიამბო? ესე რა მისსა სამეფოსა მიწურვილხარ და მიედ. ორჯელვე ჭაბუკობისათვის იარები და ჭაბუკი, ღმერთო, გიპოვნიაო. გაჯდა იგი და წავიდა.
წავიარე ცოტა ხანი და კარავთა მივხვდი მრავალთა. მეგონა, რომელ მუნ არს იგი სეფედავლე დარისპანის ძე. და ღვინოსა სმიდეს მრავალგან და ყველანი სეფედავლესა მზესა ფიცევდეს და ლოცვიდეს.
მე ვკითხე მათ კაცთა, თუ ვინ ხართ-მეთქი?
მათ ეგრე მითხრეს: ძმაო, არა თურე იცი, მით რომელ ღარიბი და შორიელი კაცი ხარ. ჩვენ სეფედავლეს მეცხოვრენი ვართ და ასი თავადი მეცხოვრეთა უხუცესი არის.
ღვინო ვსვი მათთანა და ვიწონე, რომელ იყო სამასი ოდენ კარავი.
წაველ მუნით და მივხვდი სხვათა კარავთა დიდთა. მუნცა ეგრე იმღერდეს, სმიდეს ღვინოსა და ლოცვიდეს მზესა სეფედავლესასა. მე კვლა ვკითხე, თუ: ძმანო, ვინ ხართ? მათ თქვეს: მერემეთა-უხუცესი არის და თვით მერემენიო.
მივიდოდი და მომხვდიან ჴელისად და ჴელისად კარავნი. ორისა დღისა სავალი მეცხოვრეთა და მეხვასტაგეთა შიგან ვიარე. მეტად გამიკვირდა სეფედავლესი იგი დიდება.
წაველ მუნითცა და კაცნი ვინმე ორნი ერთგან სხდეს და ღვინოსა სმიდეს და მე ღარიბად კაცად აღმიარეს. მიჴმეს. მივედ და პური ვჭამეთ და ღვინო ვსვით. მაშინ აავსო ჭიქა ერთმან, ზე ადგა და ეგრე თქვა: ადიდნეს ღმერთმან სეფედავლე იგი დარისპანის ძე, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი ეგეთიო. შესვა ღვინო და მუნვე დაჯდა. კვლა აავსო იგივე ჭიქა და მომცა მე და ეგრე მითხრა: დალოცე შენცა სეფედავლე დარისპანის ძე და მაშინ შესვიო. მე ეგრე უთხარ: მე ომად მისად მოსულვარ და, ვირე არა მაჯობებს, ანუ მე არა ვაჯობებ, მანამდისი არა დავლოცავ მისსა მზესა-მეთქი.
ამას სიტყვასა ზედა გაიცინეს მათ კაცთა და გამკიცხეს. ერთმან მათ კაცთაგანმან ეგრე მითხრა: ოდეს ერთგან ვინ გნახნეს შენ და სეფედავლე, ამას, ღმერთო, ვერ იტყვის, თუ ისი მისი მეომარი არისო. დამიმძიმდა მათგან ესე სიტყვა და ვლამოდი დაჴოცასა მათ კაცთასა, განა აღარა უყავ რა.
წაველ მწყრალი და ვლე იგი დღე. კვლა სხვანი ვინმე მოდიოდეს. და რა მე მნახეს, მიჴმეს. მივედ და მკითხეს: ვინ ხარ, ძმაო? მე უთხარ: მობაღდადე ვარ. კვლა მითხრა: მაშა, რას იარები აქაო? მე უთხარ ჩემი ამბავი ყველა და, ვითა ამა სიტყვასა ზედა მიველ, თუ სეფედავლეს ომად მოსულვარ-მეთქი, ფიცხლად გამკიცხეს მათცა. გარდაჴდა მათგან ერთი კაცი, მუჴლნი მომიყარნა და ეგრე მარქვა: ვიცი, მოერევი, მაგრა ჩვენ შეგვიწყალენ და ნუ მოჰკლავ, მით რომელ მამასა მისსა ის ოდენ შვილი უვის. თვით უსუარი და ობოლი არისო.
დამიმძიმდა, ამირთა-ამირო და წაველ მუნითცა.
კაცი ვინმე მოვიდოდა ყვითლითა აკაზმულობითა და ჯორსა ჯდა, მძიმე ოქრო-ქსოვილი ტანსა ეცვნეს და პირ-ოქრო რიდე თავსა ეხვია, სამნი მონანი თანა ჰყვებოდეს. მე მათ კაცთა გავეწყრე და არა მივედ მათთანა. კვლა მოეგზავნა კაცი და არცა მაშინ მივედ. მერმე თვით მოვიდა და ეგრე მარქვა: ღარიბი ვინმე კაცი ხარ და შორიელი. რად სწყრები? ნუთუ წინა უბადონი კაცნი ვინმე მოგხვდნეს და მათ გაუწყრვიხარო? ვითა დავხედენ საუბარსა მისსა, კარგ კაცად ამიჩნდა. თაყვანისვეც და მან მე თაყვანისმცა. ერთმანერთი მოვიკითხეთ და მკითხა ამბავი ჩემი: ვინ ხარ და ანუ სად წახვალო? მე ჩემი ამბავი ყველა უთხარ. მან ეგრე მითხრა: ვიცი, რომელ მობაღდადენი კარგნი ჭაბუკნი ხართ, არა საკვირველია. ბრძანე და ჩემთანა წავიდეთო.
ხენი იყვნეს შვენიერნი და წყარო გამოდიოდა ძირსა მათსა და იყო მუნ გრილი. მათ გრილთა შინა შეეკაზმა პური და მონანი მრავალნი იყვნეს. დიდებული კაცი ვინმე იყო. დავსხედით, პური ვჭამეთ და ღვინო ვსვით, დავწევით და დავიძინენით. ვითა მიმწუხრ იქმნა, კვლა დავსხედით ნადიმად. მაშინ მკითხა: მითხრენ ჭაბუკობისა შენისა ამბავნი და ნაქმარნიო. მე უთხარ ყოველი, რაცა მექმნა. მან ეგრე მითხრა: ხარ, ღმერთო, კარგი ჭაბუკი და სათვალო კაცი, მაგრა ისმინე: პირველად ესე გითხრა, რომელ თვით სეფედავლესებრი ჭაბუკი არა არს ქვეყანასა ზედა სახითა, ნაკვთითა და გამარჯვებულობითა; მერმე − მას რომელ საქმენი და ომნი გარდაუჴდიან, ყველასა მოთვლა არა ეგების, მაგრა სამნი მისნი ნაქმარნი მინახვან, გითხრნე და, თუ შეგეძლოს მისი ომი, მაშინ შეები, თუ არა შეგეძლოს მისი ომი, შეიქეც და წაედ სახლსა შენსა. თუ შექცევა გეაუგების, ზენაარმან ღმრთისამან, მე არსადა ვთქვა შენი ამბავიო.
მე დაუმადლე და ვარქვი: მიბრძანე მისნი ნაქმარნი-მეთქი.
მითხრობდა კაცი იგი და თქვა:
ესე პატრონნი ჩვენნი არა ძველითგან ჴელმწიფენი არიან. აზნაურნი იყვნეს და ჭაბუკობითა გამეფდეს. მამა სეფედავლესი, დარისპან, იყო ჭაბუკი ესეთი, რომელ, აწ ბერნი და მაჴსოვარ-მონახულნი კაცნი იტყვიან, იგი სჯობდა ამას შვილსა მისსა სეფედავლესაო. მაგრა ტყუვილი მგონია, მით რომელ ამისა მჯობნი არა ეგების. გარეშემონი მრავალნი ჴელმწიფენი გაასხნა და გამეფდა. ბოლო ჟამ მოკვდა იგი დარისპან და შვილი მისი სეფედავლე ცოტა ყმა დარჩა. გარეგანთა მტერთა დაიწუნეს და ერთისა დარისპანისა ქალაქისაგან კიდე სხვა სამეფო ყველა წაიღეს. იგი ქალაქი დიდი და კეკელა დაიჭირეს მამისა მისისა გაზრდილთა. ვითა სეფედავლე მოიწიფა და ომი შეეძლო, ეგრე ჰკითხა დედასა მისსა: დედოფალო, ესე ქალაქი დიდი და კარგი არის, ამას გარეთნი სხვა რად არა გვაქვსო? იგი ატირდა და ეგრე უთხრა: შვილო, დიადი ქალაქი და ქვეყანანი იყვნეს ჩვენნი, განა მამისა შენისა სიკვდილსა ზედა ყველა წაგვიღეს მტერთაო. მაშინ დედოფალსა ეგრე აცნობეს; მაგას ყრმასა შვილსა შენსა უმზირიან: ანუ მუხთლად მოგიკლვენ ომითა და ანუ წამლითაო. რა ესე ესმა დედოფალსა, მიერითგან საჭმელსა თვისითა ჴელითა უქმოდის დედოფალი და კარნი მის ქალაქისანი თვით დაკლიტნის და კლიტენი თვით დაიჭირნის.
ადრაშურის ძე ვისმე ერქვა და პარსან რაბიშინის ძე. იგინი იყვნეს უფროსნი მტერნი ლომნი ჭაბუკნი. ამათ ვითა ცნეს, თუ სეფედავლეს სიარული დაუწყიაო, ფიცხლად შეიყარნეს სამი ათასითა ჭურვილითა კაცითა და წამოვიდეს, მალულსა ჩაუდგეს. ასი ცხენოსანი კაცი ქალაქისა კართა გამოგზავნეს. ვითა ხვასტაგი გაუშვეს, წაიღეს ყველა. ჴმა დავარდა. დედოფალი მივიდა და კარნი ქალაქისანი დაკლიტნა. მაშინ შეეკაზმა სეფედავლე და კართა ზედა მის ქალაქისათა მივიდა, კლიტენი გატეხნა და გავიდა მარტო, ასთა მჴედართაგან ცოტანიღა წაუვიდეს. მიიყვანეს და მას დიდთა ლაშქართა ზედა შეჰჴდა. გამოუჴდეს, ჩაიგდეს მარტო შუა. ზენაარმან ღმრთისამან, მის ყველასაგან მცირედნიღა გარდაეხვეწნეს, გააქარვნა და დაჴოცნა.
ესე იყო პირველი ომი მისი.
წაიღო ყოველი ქალაქი მათი და ციხენი, რომელ ერთი ქალაქი იყო მაგარი. გარეშემო ერთისა ადგილისაგან კიდე კლდე იყო და მუნ შეიხვეწნეს იგი ჭაბუკნი, სეფედავლეს მტერნი, და გამოღმართ არბევდეს სოფელსა და ქვეყანასა.
მერმე წავედით და გარე მოვადეგით. ომისა ღონე არა იყო. ქალაქისა კართა ზედა, სადა საქვეითო გზა შევიდოდა, გამოიყვანიან პილო, დაუყენიან წინა და არა ეგებოდა მის პილოსა შებმა. ღონე ვერა მოვავლინეთ. ერთსა დღესა შეეკაზმა იგი სეფედავლე დარისპანის ძე საქვეითოჲთა აბჯრითა. აიღო ფარი და მიმართა პილოსა და მივიდა ომად. მოაგებეს პილო წინა. ფიცხლად ჴელი სტაცა ხორტუმსა. პილოსა ზედა თორმეტი კაცი დგა. აიღო იგი პილო კაცებითურთ, ქვეყანასა დაჰკრა და მოკლა. მერმე მის ქალაქისა კართა მიუჴდა, კარნი შელეწნა და შინა შევიდა. მოეგებნეს იგი ორნი ჭაბუკნი და მოქალაქენი. მუნცა დიდი ომი გარდაიჴადა. მოკლნა იგი ორნი ჭაბუკნიცა და წაუღო ქალაქი.
ნადირობასა ვიყვენით. კაცნი ვინმე მოვიდოდეს ინდოეთისა ნაპირისანი. თაყვანისცეს, ქება შეასხეს. ჩვენ ვკითხეთ: ვინ ხართო? მათ გვითხრეს: ინდოეთისა პირისანი ვართ, სეფედავლეს სიკეთე გვესმა და მისად ნახვად მოსრულვართო.
წამოვედით შინა და ნადიმსა ზედა ესე კაცნი მივიყვანენით, ჰკითხა მათისა ქვეყანისა ამბავი. მათ უთხრეს სიკეთე ქვეყანისა მათისა, ეგრე მოაჴსენეს:
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! ჩვენ ამისთვის მოსრულვართ თქვენსა წინაშე, რომელ სიკეთე და ჭაბუკობა გვასმია შენი. ქვეყანასა ჩვენსა მარტორქა მოსრულა და ქვეყანა ჩვენი აუოჴრებია ეგრე, რომელ კართა ქალაქისათა ვეღარა გამოვალთ. ამისთვის მოსრულვართ და ესე არის აჯა ჩვენი შენსა წინაშე, რომელმცა ვნახეთ ჭაბუკობა შენიო.
ეგრე უბრძანა სეფედავლე: ღმერთმან კეთილად მოავლინოს.
ვეღარა მოუშალეთ. წავედით. მათ ქვეყანამდის სამი თვე ვიარეთ. გაისმა ყოველგან, ვითა მოვიდა სეფედავლეო. ყოველი ქეეყანა წინა მოეგება და ქებასა შეასხმიდეს. მივედით მას ქალაქსა დიდსა და შვენიერსა შინა, გვიძღვნეს დიადი. დავყვენით მუნ მცირედნი დღენი.
ეგრე უბრძანა სეფედავლე: მიჩვენეთ იგი მჴეცი, რომლისათვის მოსრულვარ.
ფიცხლად წაგვიძღვეს წინა და წავედით. წამოგვყვნეს თანა ყოველი ქალაქი, მამაცი და დიაცი, ნახვად. ქედი იყო დიდი მუნ და მას ქედსა ზედა გარდავდეგით. ოდეს ჩავხედენით, მარტორქა იყო ესეთი, რომელ სამისა პილოჲსა ოდენი იყო. ჩვენ რა იგი ვნახეთ, მეტად დაგვიმძიმდა და ვეცადენით წასლვასა, განა არა ეგებოდა. შეეკაზმა სეფედავლე, გაჯდა ცხენსა, ხიშტნი აიხვნა და ეგრე თქვა: ისრითა მოკლვა მარტორქისა არა ჭაბუკთა ჴელი არისო.
მივიდა და, რა ნახა მან მარტორქამან, წამსვე მომართა. შეუტევა სეფედავლემანცა ცხენი, ჰკრა ხიშტი მკერდსა და ნახევრამდის დაასვა. მერმე ჴრმალი ჰკრა ზურგსა და, ვითა კატა, ეგრე შუაზედან გაწყვიდა. მოეგება წინა ყოველი ქვეყანა, შეასხეს ქება და უძღვნეს ურიცხვი. დავყავით მუნ თვე ერთი. ქვეყანა იგი ერთობ მოგვეწონა. ვინადირეთ, გავისვენეთ და წამოვედით.
აჰა, ძმაო, ესე სამნი ნაქმარნი მითხრობიან მისნი. აწ შენნი ნაქმარნი და მისნი შეაწონენ ერთმანერთსა და, თუ ომი შეგიძლია, წამოდი და შეები. ესე ნაქმარნი ნუთუ გაგიკვირდენ და, რა თვალად ნახავ, ამას იტყვი, თუ: ამას კაცსა რაც უნდა, შეუძლია და ამ ამბავსა კაცი სჯობსო.
ესე დავიმადლე მის კაცისაგან და ეგრე უთხარ: თუცა წელიწადისა სავალსა იყოს, ეგრეცა ნახვა მინდა.
წავედით მუნით და დარისპან-შაჰარს მივედით. მუნ ვნახეთ ქალაქი დიდი და შვენიერი ესეთი, რომელ მეტი აღარა ეგებოდა. კაცითა და სავაჭროჲთა ტურფითა ყოვლისა ფერითა სავსე იყო. მერმე მან კაცმან თავისსა სახლსა მიმიყვანა, პატივმცა დიდად და მომცა დიადი მოსაცემელი.
ეგრე მითხრა: მე შენი მასპინძელი ვარ და ესე ჩემი საქონელი შენთვის ნუ გშურს, უშურველი იყოს. თვით დარბაზს წავიდა და მოაჴსენა ჩემი ამბავი ყველაი სეფედავლეს. მას ეგრე ებრძანა: ჰკითხე, ამირან არს დარეჯანის ძეო? მოვიდა და მკითხა: შენი სახელი რა არსო? მე ეგრე უთხარ: ომად ვარ, მადის ძე-მეთქი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! იგი ღამე მუნ დავყავი. რა გათენდა, იგი ჩემი მოყვარე კაცი მოვიდა, დარბაზს მიჴმო. წაველ და, ოდეს მის პალატისა კართა ზედა მიველ, შესავალსა მისსა დგა კაცი ხუთასი, ყველანი შემოსილნი სტავრითა და სარტყლებითა ვეცხლისაჲთა. შევიარეთ და დარბაზისა კართა მივედით, ათასი მონა მუნ დგა, საკრამანგით მოსილნი და ოქროჲსა სარტყლებითა წელშემორტყმულნი. ჩვენ ჴელმოჭდობით შევედით, სახლი იდო შვენიერი, ყურენი სახლისანი და სვეტნი მოჭედილნი ვეცხლითა და მგრგვლივ დიდებულნი სხდეს. ყველანი ადგეს და მე თაყვანისვეც და მათცა თაყვანისმცეს.
შევიარეთ. სხვა სახლი იყო კვლა უკეთესი, მუნცა ეგრევე დიდებულნი სხდეს. გავიარეთ და მოგვხვდეს კვლა სხვა სახლი შეღმართ და შეღმართ უკეთესნი და უკეთესნი სხვანი კაცნი. შევედით, სახლი იყო სრულ გარდაჭედილი ოქროჲთა და კუბო იყო თვალითა და მარგალიტითა მოჭედილი. საჯდომნი ისხნეს კუბოსა შინა ოქრო-ქსოვილისანი. სეფედავლეს ოქრო-ქსოვილი ტანსა ეცვა, პიროქრო რიდე თავსა ეხვია. კაცისა თვალსა ეგზომ შვენიერი კაცი არა უნახავს: დასტურად ამბავსა კაცი სჯობდა. სამნი დიდებულნი დამართებით გვერცა უსხდეს ქვეშე ოქროჲსა სელებითა. თაყვანისვეც და მიჴმო: მოედ, მაკოცეო.
მე ეგრე უთხარ: არ გკადრებ-მეთქი.
მან გაიცინა და ეგრე მითხრა: ძმაო, ომსა იკადრებ და მშვიდობასა არაო?
მივედ და ჴელსა ვაკოცე. არ გამიშვა. მან პირსა მაკოცა. მოიხვნეს ოქროჲსა სელნი, ქვეშე დამიდგეს. დავჯედ და მკითხვიდა ამბავსა ბაღდადისასა და ბაღდადელისა ამირ-მუმლისასა და ყმისა მისისა ამირან დარეჯანის ძისასა. უამბე ამბავი ყველაი მათ პატრონ-ყმათა. მერმე ჩემი ამბავი მკითხა და მე მოვაჴსენე ამბავი ჩემიცა ყველა უკლებლად.
მერმე ეგრე მკითხა: აქა რასღა იარებოდი, რად არა შეები ამირან დარეჯანის ძესაო?
მე ეგრე მოვაჴსენე: მას ომსა არა ვკადრებდი-მეთქი.
მან გაიცინა და ეგრე თქვა: მე თურე დაგიწუნებივარო?
ამაზედა კვლაცა ეგრე მიბრძანა: წუხელისა ავად გაგისვენებიაო. ბრძანა პურისა დაგება, მაგრა თვალსა ჩემსა არა უნახავან ეგეთნი ჯამ-ჭიქანი, რომელ მის ტაბლასა ზედან ვნახენ. ვჭამეთ პური და მიბოძეს საბოძვარი ურიცხვი და შემმოსეს შესამოსლითა მრავლითა და ფერად-ფერადითა. ნადიმი კარგი გარდავიჴადეთ, განვისვენეთ და თვე ერთი მუნ დავყავი. ყოველსა პურობასა მას წინაშე ვიყავ. ზენაარმან ღმრთისამან, ერთისა პურობისა ჭიქანი და ჯამნი კვლადისა პურობასა შინა არა მინახავან. მმოსდის და მიბოძებდის დიადსა.
ერთსა დილასა კაცი გამოეგზავნა და ვეჴმე. ოდეს შეველ, ტახტსა ზედა პერანგითა ჯდა. ორთა შიკრიკთა მუჴლები მოეგდო და ეუბნებოდეს. ჯერ შევდეგ, ეგრე მიბრძანა: ომად მადის ძეო, ჭაბუკობისა ძებნად და ძალისა ცნობად წამოსულხარ? ამა შიკრიკთა ხედავ? ესე რა ჴმობად მოსულარიან, წა-სადმე-ვალ, თანა წამომყევ და მუნ გამოიცდები დასტურად. თუ გმარჯვია, შევიბნეთო.
მე ეგრე მოვაჴსენე: თავმან შენმან, თანა წამოგყვები-მეთქი, განა უწინ შებმა მწადიან.
გაიცინა და ეგრე თქვა: წაედ და შეეკაზმეო.
მე გამეხარნეს. ვიცოდი, რომელ არა მომკლვიდა. წაველ, შევეკაზმე და გამოველ. გამოვიდა იგიცა კაბითა. ცხენსა ჯდა, ორნი მონანი თანა ჰყვეს და გამიკვირდა აბჯარისა ტანსა უცმელობა. წავედით უჩინარსა ალაგსა მინდორსა შინა. ეგრე მიბრძანა: მოედ, შევიბნეთო. მე ეგრე მოვაჴსენე: აბჯარი ტანს ჩაიცვი-მეთქი. მან ეგრე მითხრა: რა გაგვა შენა ჩემისა ტანსა აბჯარისა უცმელობისაო!
რა მისგან ესე გავიგონე, დამიმძიმდა მეტად და კიცხვად შევირაცხე. ვთქვი გულსა ჩემსა შინა: მოვკლა ანუ ჩამოვაგდო, სახელი დამრჩების-მეთქი. შეუტევე ცხენი და თავსა ჴრმალი ვკარ. რა მკლავი მოვიქნიე, მომყო ჴელი და ჴრმლიანი ჴელი შემტაცა. ამიღო უნაგირთაგან და ქვეყანასა დამკრა და მჴარი მომტეხა. მაგინა და ეგრე მითხრა: თავსა შიშველსა ჴრმალსა რად მკრვიდიო? მერმე მკითხა: გჭირსცა რამეო? მე მოვაჴსენე: მგონია, მჴარი მომტეხე-მეთქი.
დაუმძიმდა და ეგრე თქვა: ღმერთო, ავი კაცი ვარ. აბა, რად გიყაო?
წამიყვანა, მკურნალნი დამაყენნა ზედა და გამამთელეს.
მერმე დარბაზსა მიველ და ეგრე მიბრძანა: ძმაო, დიდად მრცხვენიან შენგანაო. დიადი საბოძვარი მიბოძა და კვლა მიბრძანა: წამომყვები თანაო?
მე ეგრე მოვაჴსენე: დასტურ წამოგყვები-მეთქი.
კვლავე მიბრძანა: დამიმადლებია, ღმერთმან იცის, კარგი და გულოვანი ჭაბუკი ხარ, მაგრა დია საჭირო გზა არის და ნუ წამოხვალ, მომელოდე აქაო.
მე ეგრე მოვაჴსენე, რომელ მას დღესაცა ვინმე მო-ცა-მკლას, არა მგამა, მეცა წამოვალ უღონიოდ-მეთქი.
დაიმადლა დიდად და გააგო სამეფო საქმე. უჩინნა კარგნი კაცნი და, რაცა ჴამდა, ყველა უბრძანა. წავედით და შიკრიკნი იგი წინა წავიძღვანენით − სეფედავლე და ომარ აბრამის ძე, ყმა მისი ლომი ჭაბუკი, და მე.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! კარგი ამბავი აწყა დაიწყების.
ამირ-მუმლი წადიერად ისმენდა ამა ამბავსა და ამირან დარეჯანის ძესა ეგეთნი ქება სეფედავლესი არა უხაროდა.
წავედით და გავიარეთ ქვეყანა მისი და იგი შიკრიკნი წინა წავიძღვანენით. ერთსა მინდორსა შიგან გავიდოდით და ქარავანსა მეკობრენი ძარცვიდეს. რა მათი ეგრე უბადოდ ქცევა ნახა, ეგრე ბრძანა: ძმაო, არა ჴამს, თუცა ჩვენთა თვალთა წინა უბადოთა მეკობრეთა ქარავანი გატეხონ და ჩვენმცა არა უშველოთ.
თავმან შენმან! ცხენი შეუტევა სეფედავლე და ჴრმალი არა ამოუღია. სამნი მჴედარნი მათრაჴითა ჩამოყარნა და გააქცივნა. მის ქარავნისა უფროსი ჭენთა მეფისა იყო და ცნა, ვითა სეფედავლე არისო, მოვიდა, თაყვანისცა, ქება შეასხა და თქვა: კურთხეულმცა არს ჭაბუკობა შენი და მამა იგი, რომელსა შენ შეუქმნიხარ! შენითა ბედითა დავრჩითო. დავდეგით მას ღამესა მუნ. იგი ქარავანიცა ჩვენთანა დადგა. დიადი უძღვნეს მის ქარავანისა უხუცესმან და ეგრე მოაჴსენა: ვიცი, სადა წახვალ, მე ნუ დამიმალავ, ნუთუ რამე ვიცოდეო.
არა დაუმალა სეფედავლე, უთხრა: საცოლისა ჩემისა, ჭენთა მეფისა ასულისა, გამოსაყვანებლად წავალო. მან ეგრე მოაჴსენა: მე მაგა გზისა მეცნიერი ვარ და ეგე საქმე გაგაცადო. თქვენ გამოარჩივეთ და, ვითა სჯობდეს, ეგრეცა ვქმნათო. ორნი გზანი არიან შესავალნი: ერთსა გზასა ზედა დგანან ჭაბუკნი, მცველნი მის გზისანი, ჭენნი, კარგნი ჭაბუკნი. ერთი ახალი მოსრული არს, დორაზ ქვიან სახელი და ამას იტყვის თვით: ჩემი დამართებითი კაცი არა არს ქვეყანასა ზედაო. სამნი ლაშქარნი დგანან ერთგან − ათას-ათასი კაცი, მაგრა შენ რომელ ჭაბუკსა გხედავ, მას გზასა შესლვა და მათი დაჴოცა ადვილად შეგიძლია, მაგრა ამითა არა კარგი გიქმნია, რომელ მას გზასა გამჟღავნდები. იგი ასული მისი ციხესა წაჰყავს. ზღვასა შიგან კუნძული არის და მას კუნძულსა ზედა კლდე არს და კლდესა ზედა ციხე, რომელსა კაცობრივი ძალი ვერა ებრძვის. ერთსა ადგილსა გზასა მორისა ქვეყანა ჰქვიან და არს, ღმერთო, იგიცა კლდე მაღალი, თუ ვით შეხვალ, არა გამჟღავნდები.
ამა რჩევასა შინა ვიყვენით. მანვე კაცმან კვლავე ეგრე თქვა: თუ მას საგრძნეულოსა გზასა წახვალ, უცილოდ დიაცი იგი მოგხვდების ერთი, რომელი არს შაოსანი, მან იცის ყველა მის გზისა ამბავი, და თვით გითხრობსო.
დავასკვენით მას ძნელსა გზასა წასლვა. იგი მოქარავნენი შინათ წავიდეს და იგი შიკრიკნი გავგზავნენით ჭენთა მეფისა ასულსა თანა. და შეუთვალეთ, ვითა ჩვენცა ასერა მოვალთო.
წავედით ჩვენ და დავმართეთ მას ძნელსა გზასა. ვლეთ ათისა დღისა სავალი მას უბადოთა ქვეყანათა, რომელ არა იპოვებოდა ღმრთისაგან დაბადებული. მიგვჭირდა დიდად. მეთერთმეტესა დღესა მივხვდით შვენიერსა ქვეყანასა, ყოვლითა კეთილითა სავსესა, ვენაჴიან-ხილიანსა, წყაროებსა და გრილსა. გაგვეხარნეს. განაღამცა წალკოტი იყო შვენიერი და მუნ შიგან დავდეგით. იგი დღე მწუხრამდე მუნ დავყავით. ოდეს მივიხედენით, დიაცი დავინახეთ, რომელ მოვიდოდა, შაოსანი, შვენიერი. მოვიდა, თაყვანისცა სეფედავლესა და დაჯდა გვერდით. ეგრე მოაჴსენა: კეთილად მოხველ, ჭაბუკო, მჯობო ყოველთა ჭაბუკთაო!
მერმე სეფედავლე უბრძანა: შენცა კეთილად დამხვდი, დედაო. გვკითხა მან დიაცმან: რად მოსულხართ ამა საჭიროსა გზასა და ქვეყანასაო?
ეგრე უთხრა სეფედავლე: საცოლისა ჩემისა ჭენთა მეფისა ასულისა გამოსაყვანებად მივალ და გამეხარნეს, რომელ შენ გნახეო.
მან ეგრე არქვა: გრძელსა და საჭიროსა გზასა დაგიმართებია, მით რომელ, ვინცა აქა მოსრულა, მშვიდობითა ვერა წასრულა.
სეფედავლე ეგრე არქვა: ჩვენი სიკვდილი კაცობრივისა ძალისაგან მიუვალი არის და ჩემებრივი ჭაბუკი აქა არავინ მოსრულ არსო.
მან დიაცმან ეგრე არქვა: ამბავი მესმოდა შენი, მაგრა ამბისაგან შენ უკეთესი გნახე. აწ აჯა არს ჩემი შენთანა, იგი მიქმენ და დია გმსახურო ამა გზობასა შინაო.
არქვა სეფედავლე: მითხარ, დედაო, და, რაცა მითხრა, განაღამცა ვქმნაო.
მან ეგრე არქვა: ქმარი ჩემი და ძმა ჩემი რაზიმან დევმან დაჴოცა. აწ ამაზედა მიშველე და ნახე, თუ ვითა გმსახურო.
უთხრა სეფედავლე: მიჩვენენ და ნახო ჭაბუკობა ჩემიო.
ამა სიტყვასა ზედა წაგვიძღვა დიაცი იგი და მიგვიყვანა ქვეყანასა შვენიერსა. ციხე იდგა მაგარი. მისსა ძირსა რა მივედით, კაცნი წამოდგეს მას ციხესა ზედა და გვკითხეს, თუ ვინ ხართო? ჩვენ არა უთხარით რა. მერმე იგი დიაცი იცნეს, რომელი ჩვენ წინა გვიძღვებოდა. შევიდეს და უთხრეს. ვითა ცოტა ხანი გამოჴდა, გაახვნეს კარნი მის ციხისანი და გამოვიდა შეჭურვილი იგი რაზიმან დევი, ფიცხლად მოიგინებოდა და ეგრე არქვა მას დიაცსა წინამძღვარსა ჩვენსა: როსკიპო, ვითა ვერ გაძეღ სისხლითა უცხოთა კაცთაჲთა? მერმე მან დიაცმან ეგრე უყივლა: უკანასი შენი მწყემსი აწყა მომიყვანიაო.
შეუტევა ცხენი სეფედავლე. ფიცხლად შეიბნეს. ომი გარდაჴდა დიდი და ვერა რომელმან აჯობა. მერმე ცხენი გაიყვანა სეფედავლე და ეგრე შეჰყივლა: ამით ჭაბუკობითა ვლამი ჭენთა მეფისა ქვეყანასა შესლვასა?! ჴრმალი ჰკრა თავსა ზედა, ორად გაჰკვეთა ეგრე, რომელ ნახევარი აქათ დაეცა და ნახევარი იქით, და განაღამცა მოკვდა იგი რაზიმან დევი. მერმე რა ეგეთი ნაქმარი დაინახა მან დიაცმან, ფიცხელნი გაიცინნა და ეგრე თქვა: კურთხეულმცა არს მარჯვენა სეფედავლე დარისპანის ძისაო!
შევედით მას ციხესა შინა და იყო განძი, რომლისა არა იყო რიცხვი. დავყავით მუნ ორი დღე. მერმე წავიდა იგი დიაცი და თვისნი შვილნი მოასხნა. იგი ციხე მას დიაცსა მივეცით ყოვლითა საქონლითა სავსე მისგან კიდე, რომელ ცოლისათვის მისატანლად ტურფანი რამე გამოარჩივნა.
მერმე ამან დიაცმან ეგრე მოაჴსენა: სეფედავლე, რასაცა აქათგან ჩემნი შვილნი ცოცხალან, შენითა ბედითა არიან. მადლი რამე დიდი წარმოთქვა.
კვლავე ეგრე მოაჴსენა მანვე დიაცმან:
შენ ძნელისა გზისად დაგიმართებია და კარგად ყური მომიპყარ, რომელ მოგაჴსენო, და ესე ქმენ: რა აქადაღმან წახვიდეთ და სამი დღე იაროთ, ადგილი რამე მოგხვდების ეგეთი, რომელ ამას იტყვი − ძველად წყალი დენილაო. დღისა ერთისა სავალსა რა შეხვიდეთ, ორნი კაცნი მოვლენ, ორნივე ფრთოსანნი და ფიცხელსა იყივლებენ. მერმე მათსა ყივილსა ზედა ანაზდად წყალი მოვა ეგეთი, ვითა ზღვა, და მას წყალსა ცურვითა გასლვა არ ეგების. მე წამალი მოგცე ეგეთი, რომელ ფერჴთა მოისვით, და უცილოდ გახვალთ ადვილად, მაგრა წამალი ცოტა მაქვს და ერთსა კაცსა ეყოფის. რა იგი წყალი გაიაროთ, ქვეყანა მოგხვდების კარგი და დღისა ერთისა სავალი. მერმე ბნელსა ადგილსა მიხვდებით ეგეთსა, რომელ თავისა გზასა ვეღარასა შეიგებთ. მოგცე წამალი მისთვისცა, ანქრივეთ იგი და განათლდების. კაცი მოგხვდების მას ბნელსა შინა და, თუ ვით იგი მოჰკლათ, ბნელი აღარა შეგექმნების, მაგრა მისი სიკვდილი ძნელი არის კაცისაგან. მერმე კვლა სხვა რამე მოგხვდების გრძნებითა შექმნილი, მაგრა მისი არა ვიცი რა, თუ რა არის. ესე წამალი, მე რომელი შენ მოგცე, ჴელთა დაიჭირე, ამათ ნუ მისცემ, რომელ შენ დარჩე, ამათ უფრო არა ერგების. რა იგიცა გაიაროთ, აღარა არს წინათ გზა საჭირო ამისგან კიდე, რომელ ამირისა ქვეყანასა შეხვალთ. ქალაქსა შესლვასა არავინ გაყენებს. ციხე არს, რომელსა შიგან იგი ჭენთა მეფისა ასული ზის და კართა ზედა ციხისათა ხუთასი არაბი დგას და, რა იგინიცა ნახო, აღარა არს საჭირო. ჴელი მიჰყავ და ცოლი შენი წამოიყვანე.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! მან დიაცმან მოგვცნა იგი წამალნი და წავედით. ეგრე შემოგვყივლა მან დიაცმან: იგი მესამე რომელ მე არა ვიცი, იმას კარგად გაუფრთხილდით, დიდად საძნელო გზა არის. თუ ვით ერთხელ დასცდეთ, წლამდის ვეღარას შეიგებთ.
მივედით მას ადგილსა, სადა იგი ნადინები წყალი იყო. ეგრე გვიბრძანა: შეიქეცით და იმას ციხესა შიგან მელოდენითო. ჩვენ ეგრე მოვაჴსენეთ: შენთანა სიკვდილი სჯობს, ვირე აწ გარე შექცევა. იგი წამალი, რომელი ფერჴთა მოსასმელად მოსცა მან დიაცმან, მეცა მიბოძა და ეგრე მიბრძანა: მოიცხე ესე წამალი შენცაო.
მოვიცხე ფერჴთა და, რა შუა მივედით, მოვიდეს იგი კაცნი ფრთოსანნი და ფიცხლად იყივლეს. მათსა ყივილსა ზედა ანაზდად მოვიდა წყალი ეგეთი, ვითა ზღვა. ჴელი მიჰყო სეფედავლე და ყმა მისი ომარ ღლიასა შემოიგდო. დაუწყო ცურვა და მე მის წამლისაგან ქვე ვერ დამძირევდა. სამხრამდისინ სავალსა ცურვითა გავიდა და კაცი იგი ომარ თანა გაიტანა. მე გამიკვირდა ზომისაგან მეტად ეგზომი მოჭირვება მისი, რომელ კაცისაგან ნაქმარად დაუჯერებელი იყო. კვლა ვიარეთ და მივხვდით ქვეყანასა შვენიერსა და იგი დღე მუნ გავისვენეთ. წავედით მუნითაცა და მივხვდით ქვეყანასა ეგეთსა, რომელ სიბნელისაგან თავისა გზა ვეღარა გავიღეთ. კვლავე ვანქრიეთ იგივე წამალი და ზედა გათენდა. ოდეს დავხედენით, კაცი ჯდა, დიდი ჴრმალი ჰქონდა ჴელთა. ეგზომ საზარელი იყო, რომელ შეხედვა მისი ჭირად კმა იყო. ფიცხელნი დაიზახნა, ზე ადგა და შემოგვიტია. ეგრე გვითხრა: მო-ვისმე-უცთუნებიხართ თქვენად საკლავადო!
რა ეგრე ჭყირტად და ამაყად მოუბარი ნახა, აქათ შეუტევა სეფედავლე დარისპანის ძემან და ეგრე უთხრა: შენ ვისმე მოუცთუნებიხარ, ღმერთო, რომელ ეგრე გაუზრახებიხარ - სეფედავლეს წინა უმზირეო. აბა, აწყა მოვიდა აღსასრული შენიო. და ჩვენ გვიბრძანა: აწ ნახოთ ჭაბუკობა და ძალი ჩემიო! ფიცხლად შეუტევა და შეიბნეს. ღმერთო, ძნელი და ფიცხელი ომი გარდაჴდა. მაშინ გაიყვანა ცხენი მან სეფედავლე დარისპანის ძემან და ეგრე შეჰყივლა: მე გავანათლო შენგან დაბნელებული ქვეყანაო. ჰკრა ჴრმალი და ფიცხლად თავი და ბეჭითურთ მჴარი გააგდებინა. ჩვენ მეტად გაგვეხარნეს მისი მოკვლა და კიდეცა გაგვიკვირდა ეგზომი სიკეთე სეფედავლესი.
წავედით მუნით. გავიარენით ქვეყანანი შვენიერნი, რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან მათ ქვეყანათა სიკეთე და სიტურფე. მივედით წალკოტსა ერთსა შვენიერსა და შვენიერად მოზღუდვილსა, შვენიერითა ქვითა ნაგებსა. ხილნარნი იყვნეს შვენიერნი ეგეთნი, რომელ ყოველი ფერი ხილი მუნ იპოვებოდა. იყვნეს წყალნი შვენიერნი და გრილნი. გამოგვეგებნეს კაცნი მუნებურნი წინა, თაყვანისგვცეს და ქება შეგვასხეს. მოვიდიან კაცნი მრავალნი. ჩვენ ეგრე ვთქვით: გა-თურე-ვედით კაცთა სამყოფოსაო.
შევედით წალკოტსა მას. მო-ვინმე-ვიდა კაცი შესამოსლითა კარგითა. პირ-ოქრო რიდე თავსა ეხვია და მონანი მრავალნი მოჰყვებოდეს. რა გვნახნა, თაყვანისცა სეფედავლეს და ქება შეასხა. აწვია იგი კაცი სეფედავლე და დაჯდა. იგი წამალი, რომელ მას დიაცსა მიეცა, სეფედავლესა ჴელთა ჰქონდა. მერმე მან კაცმან უბრძანა მონათა მისთა: მოიღეთ ხილი ამის წალკოტისა. წამსვე წავიდეს მონანი მის კაცისანი და მოიღეს ხილი მრავლითა ვეცხლისა ფარჩითა. ვჭამეთ ხილი იგი, რომელ არა უნახავს პირსა კაცისასა, ეგზომ ამო იყო. კვლა [სხვა ხილი] მოიღეს ოქროჲსა ტაბაკითა, ზედან მანდილი პირ-ოქრო ეხურა. თვით ჴელითა თვისითა მოართვა და ეგრე მოაჴსენა: ეგეთი ხილი სადაცა გენახოს, არა თურე მონა ვარ შენიო. თვალად კეკლუცი იყო. ნესვსა ჰგვანდა, მაგრა ცოტა იყო. ერთი სეფედავლე აიღო და სხვა ჩვენ გვიბოძა. ვჭამეთ, მაგრა ამის მეტი ვერა შევიგენით რა. ძალი წაგვიღო ესრე, რომელ ჩვენთანა სამფშვინველისაგან კიდე სხვა ღონე არა იყო. სეფედავლეს ვერა წაუღო ძალი მის წამლისაგან, რომელი მას დიაცსა მოეცა; ჴელთა ჰქონდა და მით ვერა წაუღო ძალი. მერმე ანაზდად იყივლა მან კაცმან და დაიწყო ლაშქარმან ფიცხლად მოდენა. მე და ომარ ქვე დავეცენით. რა ჩვენ დაცემულნი გვნახნა, მოვიდა სეფედავლე და ორთავე ზედა დაგვადგა. ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარი მოვიდოდა. სამსა დღესა ომი იყო და სრული ქვეყანა მას სეფედავლესა მარტოსა ებრძოდა. ჩვენთანა ძალი არა იყო. სამსა დღესა და ღამესა დაჴოცნა ურიცხვნი ლაშქარნი და განქარდეს ყოველნი. მოვედით ჩვენ სულადვე და, სეფედავლეს რომელ კაცი მოეკლა, ვიწონეთ, იყო ათი ათასი კაცი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! მუნ დავყავით სამი დღე. დია განვისვენეთ მას წალკოტსა შინა. მაგრა ერთობ გვიკვირდა მის ხილისა საქმე. ვძებნეთ მის ხილისთანა ხილი და ვერასადა ვპოვეთ. ჩაშ თუ, გრძნებითა შექმნილი იყო! თუცა არა გვქონებოდა შეწევნა ღმრთისა და იგი წამალი, მაშა, იგი ლომთა-ლომი სეფედავლე დარისპანის ძე უბადოდ მოკვდებოდა. წავედით მუნითაცა და აღარა მოგვხვდა მას გზას ზედა ჭირი. მივედით ჭენთა მეფისა ქვეყანასა შინა. ოდეს შევხედენით, ქალაქი იყო დიდი და შუა მის ქალაქისასა ციხე იყო. შევედით მას ქალაქსა შინა და მოვნახეთ ადგილი გამოსაყვანელი მის ქალისა, მაგრა პარვითა გამოყვანა არა ეგებოდა.
იგივე შიკრიკნი მოვიდეს და ეგრე უთხრეს სეფედავლეს: ამა ჭენთა მეფესა ხვალე იგი ასული მისი, რომლისა მიზეზსა მოუყვანიხარ ამას ძნელსა და სასიკვდილოსა გზასა და ადგილსა, წაჰყავს და არაბთა მეფისა შვილსა ცოლად შერთავსო. ეგრე შეუგზავნა იგი შიკრიკნი: ამას ღამე გამოგიყვან და მზასა დამხვდით, კუბო და აქლემნი დაჰკაზმენით ქალისა შესასმელადო.
ვითა შეღამდა, ადგილი გვიჩვენა: იქი მელოდენით შუაღამემდის. თუ მომკლან, თქვენ წაედით და, თუ დავრჩე, ქალითურთ შუაღამემდის მეცა თქვენთანა მოვალო.
შეიჭურა და შეუჴდა მათ არაბთა, შეუზახნა და შეიბნეს. თავმან მეფობისა შენისამან, ეგზომ ადვილად დაჴოცნა იგინი, რომელ მოქალაქეთაცა ვერა შეიგნეს, და, რომელნი მორჩეს, იქით და აქათ წაძვრეს. შევლნა კიბენი და ზედა არაბთა გაუჴდა. მოეგებნეს, მაგრა, ღმერთო, საჭირო ომი გარდაჴდა და მანვე დაჴოცნა იგინიცა და მათგანცა ზოგნი დაიმალნეს. მერმე მოეგება ქალი მნათობი წინა და ეგრე უთხრა: პირველსა ნახვასა ზედა, ღმერთო, კარგად გამეჩვენეო.
წამოიყვანა ქალი და შუაღამემდის ჩვენთანავე მოვიდა. მოიყვანა ქალი, კუბოსა შევსვით და წამოვიყვანეთ. ჴმა შეიქმნა, ოდეს ნახეს მოქალაქეთა იგი ლაშქარი დაჴოცილი. შიშითა ერთი კაციცა ჴმასა არა ამოიღებდა მით, რომელ არამცა დაგვიბრუნდა და დაგვჴოცნა ჩვენცაო.
წამოვედით და ეგრე მოვაჴსენეთ: გვალე, იგივე გზა უკუვიაროთო. მან ეგრე გვიბრძანა: არა, ძმანო, სიჯაბნე რამე არის მაგა საქმესა შინაო. წამოვედით. მეორესა დღესა, სადა ლაშქარნი და ჭაბუკნი დგეს და სადა იგი სამი ათასნი კაცნი დგეს, მუნ მოვედით. მათ ჩვენი მისლვა უწინვე ეცნა და შეკაზმულიყვნეს და სეფედავლეს წინა მოეგებნეს. ჩვენ ეგრე გვიბრძანა: აბა, თვალი დამიგეთ, თუ ვითა გაგეჩვენოო.
შეუტევა ცხენი და მისლვასავე გააქცივნა, მიეწივნა და დაჴოცნა. თავმან მეფობისა შენისამან, სიმაშვრალე ყოლე არ შეეტყობოდა. მუნით წამოვედით და, სადა იგი ორიათასი კაცი დგა, მუნ მოვედით. ეგრე მოვაჴსენე: მე მიბოძენ ისი კაცნი-მეთქი. მიბრძანა: მივედ და შეებიო.
ფიცხლად ცხენი შეუტევე, გავაქცივენ და დავჴოცენ, რომელ მცირედნიღა ვინმე გარდამეხვეწნეს. დაიმადლნა დიდად სეფედავლე ჩემგან ნაქმარნი იგი. წავედით მუნითცა და მივედით მუნ, სადა ათასი კაცი დგა. ომარ ეგრე მოაჴსენა: ღმერთო, ომისა რიგი აწ ჩემგან არისო. ცხენი შეუტევა და ეგრე იყო იგიცა, ვითა მისსა ჭაბუკობასა ჰხვდებოდა, დაჴოცნა და გააქცივნა.
მადლი უბრძანა სეფედავლე მასცა. წამოვედით მუნითცა და მოვედით მუნ, სადა იყო იგი დორაზ ჭაბუკი, რომელი მან ქარავანთა წინამძღვარმან გვიამბო, იგი ეგრე იტყვის, ვითა: მე ერთი ჭაბუკი ვერავინ შემებმისო. მოვიდოდა დორაზ და ამას ეტყოდა, თუ: ვის გიკადრებია ჭენთა მეფისა ასულისა გამოყვანება? სისხლნი თქვენნი თავსავე თქვენსაო! მე რა ეგრე ბედითად მოუბარი ვნახე, ეგრე მოვაჴსენე სეფედავლეს: მე მიმიშვი იმას კაცსა ზედა და ნახო ნაქმარი ჩემიო. მან ეგრე მიბრძანა: ნუთუ საჩემო იყოს და მოგაკვლევინო? განა გიშველი, თუ ვერა მოერევიო.
შეუტევე და შევიბენით. დიდი ომი გარდავიჴადეთ, მერმე ცხენი გავიყვანე, ვიყივლე და ვთქვი: ცხოვნდი, მეფეო სეფედავლე, აბა, აწ ნახო მონაქნევი მონისა შენისა ომად მადის ძისაო! კვლა შეუტევე, ვკარ ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და ტვინამდისი ჩავკვეთე და მოვკალ. ფიცხელი გაიცინა სეფედავლემ და ეგრე თქვა: ზენაარმან ღმრთისამან, არა ავად იყოო. დაიმადლა დია.
წავედით მუნით და, იგი ჭაბუკნი რომელ დგეს, გაგვექცნეს შიშითა. მაშინ მივიდა ჴმა ჭენთა მეფესა თანა, ვითა: ასული შენი წაიყვანა სეფედავლე დარისპანის ძემან, ლაშქარნი დაჴოცნა და არაბნი ასწყვიტნაო. გამოუზახა ლაშქარსა და მოვიდოდა, ვითა ვის ძალედვა. მოგვეწივნიან ოდეს, დიდნი და მრავალნი იყვნიან. თვით სეფედავლე შეექცის ომად მათად. და ოდეს უმცროსნი მოგვეწივნიან, მე და ომარ შევექცეოდით და დავჴოცდით. ათსა დღესა ომი იყო და ერთსახე შედგომით თავი, ღმერთო, მოვაწონე სეფედავლეს, თუცა, ღმერთო, კვლა უფრო მან მოგვაწონა თავი თვისი.
მერმე მოვიდა იგი ჭენთა მეფე ლაშქრითა საშინელითა, რომლისა არა იყო რიცხვი. რა ეგეთი სიმრავლე ლაშქრისა გაიცადა, ეგრე გვიბრძანა სეფედავლე: ღმერთო, არა სალაღობელი ომი არსო. აქათგან თქვენ ამას ჩემსა ცოლსა გვერდით დადეგით, აწ ჩემსა ზედა მოყრილა ომიო. ჩვენ დავდეგით ერთსა ადგილსა გვერდით ცოლისა მისისა და კვლავე ამა წესითა ვიბრძოლეთ, რომელ რა ლაშქარნი დიდნი მოვიდიან, თვით სეფედავლე გავიდის, შეების, დაჴოცნის და გააქცივნის და, რა ცოტანი მოვიდიან, მე და ომარს გვიბრძანის და ცოლსა მისსა გვერდით თვით დადგის და ეპატრონის.
ამასობაში იყვის ყოველთა დღეთა ომი ფიცხელი. დავყავით ამაშიგან დღე თხუთმეტი და, თავმან შენმან, ჩვენ სეფედავლეს კლება ვერა შევატყევით რა, უფიცხე და უფიცხე იბრძოდა.
მაშინ ჭენთა მეფემან უბრძანა უკუყრა ლაშქრისა. ვითა უკუიყარნეს ლაშქარნი, მოდგა იგი ჭენთა მეფე და ეგრე უთხრა: სეფედავლე, რად დამიჴოცენ ლაშქარნი და რად გამიტეხენ ქვეყანანი და ციხე-ქალაქნი ამიფორაქენ? ესე არა იცოდი, რომელ ასულისა ჩემისა მკლავითა წაყვანა არა ეგების და მოუვალიცა არის კაცთაგან?
მაშინ სეფედავლე ეგრე უთხრა: მეფეო, ასული შენი ცოლი არის ჩემი და მე შვილი ვიყავ შენი. შენ ცოლისა ჩემისა განშორებასა ჰლამოდი და სხვისა შერთვასა. ესე ვითა არ იცოდი, რომელ შენ ცოლსა ვერ წამგვრიდი? და თუ ძალი გიც, მოუშვენ ომად ჩემად ლაშქარნი შენნი და ანუ ეგე ახალი სიძე შენი და წამგვაროს ცოლი ჩემი.
ამა სიტყვასა ზედა არაბთა მეფისა ძემან ცხენი გამოიგდო, რომელ სიძედ მოეყვანა. ეგრე იყივლა: გამოედ, სეფედავლე, რომელ მე გაგაჩვენო მაგა ცოლსა შენსა, რომელი გამოგყვა და ჩემსას შენ გირჩივა.
ამაზედან ჭენთა მეფემან უბრძანა ლაშქართა: აბა, მიუშვენითო.
მერმე სეფედავლემ ეგრე უთხრა ცოლსა მისსა: ჭენთა მეფისა ასულო, მოიქეც და ნახე საქმრო შენიო. ფიცხლად შეუტევა სეფედავლე, ჴრმალი არა ამოიწვადა. რა სიახლესა მივიდა, მან არაბთა მეფისა ძემან ჴრმალი ამოიღო, ჰკრა სეფედავლეს და ვერა აკვეთინა. მიჰყო ჴელი სეფედავლე, მოჰჴადა უნაგირთაგან და ქვეყანასა დაჰკრა ჭენთა მეფისა კერძ და მოკლა. მაშინ ეგრე თქვა: რომელსა კაცსა ისი ჩემსა ურჩევნია, იგი ჴელმწიფე არა არსო.
დაუმძიმდა მას ჭენთა მეფესა და შეუზახნა ლაშქარნი თვისნი. შეიქმნა ომი დიდი და უფიცხესი ყოველთა ომთასა. მივეშველენით ჩვენცა სეფედავლეს, მით რომელ მას ლაშქარსა შიგან დაიკარგა, თვარა განაღამცა არა გვეგონა უბადოდ ქცევა მისი.
როსაბ ერქვა ერთსა მას ჭენთა მეფისა ბუმბერაზსა და იგი მუნ არა იყო. კაცი გაეგზავნა მეფესა და სწრაფით ეჴმო. თურე როსაბს მარტორქა გაეზარდა და მასთანავე მოეწვართა მეომრად და ნიადაგ თანა ჰყვის ომსა შიგან. ჴმა აჴდა, ბუკსა ჰკრეს. მოვიდა როსაბ და მოჰყვა მას იგი მარტორქა და ლაშქარი შიგან გამოაპეს. რა მოვიდა, ფიცხლად დაიყივლა მეფემან, ვითა მიუშვენით და მათ გარდაიწყვიტონო.
ამირთა-ამირო! ოდესმცა გენახა სეფედავლე, ამას იტყოდი, კაცი ამას ვეღარა სჯობსო. მაგრა შეგვეშინა ჩვენცა ამით, რომელ სეფედავლე მაშვრალი იყო და ნაომარი მრავალთა დღეთა. ეგრე უყივლა სეფედავლეს როსაბ: რად გამოიპარე ვითა მპარავი და ლაშქარნი დაჴოცენ? აწ სითღა წახვალ ჴელისა ჩემისაგანო? ამა სიტყვასა ზედა მომართა მარტორქამან სეფედავლეს ცოლსა და როსაბ ცხენი შეუტევა სეფედავლეს. სეფედავლე ცოლსა უშველა, როსაბს ზურგი შეაქცია და მარტორქასა ზედა მივიდა და ეგრე უყივლა როსაბს: მოვიცალო მარტორქისაგან და მერმე გიშველი შენცა და მაშინ ნახო მონაქნევი მკლავისა ჩემისა შენცაო! მარტორქამან თავი ქვე მოიღო, თუცა იგი აქლემი, რომელ ქალი კუბოსა მას ზედა კიდებულსა ჯდა, კუბოჲთურთ რქასა ზედან აეცვა. გაფიცხებულმან და როსაბზედა მისლვისა მოსწრაფემან ჰკრა ჴრმალი მარტორქასა ზურგსა ზედა და, თავმან მეფობისა შენისამან, შუა გაკვეთა, ნახევარი იქით დაეცა და ნახევარი აქათ და განაღამცა მოკლა. რა სეფედავლე პირველადვე მარტორქასა მიუჴდა, მე და ომარ როსაბს შეუტევეთ. მანცა შემოგვიზახნა და ცხენი შემოგვიტევა.
ამირთა-ამირო! ტყუილის თქმა და უბადოდ კვეხა არა ჭაბუკთა ჴელი არის. შეგვეშინა და გავექეცენით. მომეწია. მე ჴრმალი არა მკრა, ამიღო უნაგირთაგან და ომარს შემტყორცა და ცხენთაგან ორნივე ჩამოგვყარნა. რა ჩვენი ეგეთი უბადოდ ყოფა ნახა, განაღამცა შევეწყალენით და ეგრე უყივლა როსაბს: ძმაო, მაგათი არა ბრალია. თუ კაცი ხარ, ჩემზედ წამოედ, მოვიცალე ამის შენისა გაზრდილისა და საომრად გაწვრთნილისა მარტორქისაგანცაო. ამაზედა შეუზახნეს ერთმანერთსა, შეუტევეს, შეიქმნა ომი ეგზომ საკვირველი, რომელ აბჯართა ზედა ცემა ჭეხასა ჰგვანდა. იბრძოლეს დიდი ხანი. ყოველი ჭენთა მეფისა ლაშქარი და თვით მეფეცა უყიოდა, ვითა აზღვევინე სისხლნი ეგზომისა კაცისანიო. იყო ზმა დიდი მას ლაშქართა შიგან და ომი იყო მეტად დიდი და ფიცხელი. უყივლა მას როსაბს ჭენთა მეფემან: თუ შენ სეფედავლეს აჯობო, შენ მოგცე იგი პირმზე ასული ჩემი ცოლადო. მერმე სეფედავლე უყივლა მას ჭენთა მეფესა: თუ ჩემსა ნაკრავსა და-ღა-ურჩეს, თუნდა, ღმერთო, შენი ცოლიც მიეცო. ამაზედა დედოფალმან უბრძანა აღება კარისა. ვითა აიღეს კარი მის კუბოსი, ნახა დედოფალი, ცოლი მისი, სეფედავლე და გაიყვანა ცხენი, და უყივლა მას ცოლსა მისსა: ჭენთა მეფისა ასულო, აწ ნახო ბუმბერაზი მამისა შენისაო! ფიცხლად შეუტევა ცხენი და ჰკრა ჩაბალახსა მისსა ზედა ჴრმალი და, თავმან მეფობისა შენისამან, მკერდამდის ჩაჰკვეთა და მოკლა.
რა იგი მოინახა ჭენთა მეფემან, უბრძანა ლაშქართა მისთა: უკმორიდენით, ნუღარავინ რას ჰკადრებთო, და ეგრე არქვა სეფედავლეს: შენ დღეისითგან შვილი ხარ ჩემი და მე მშობელი შენი, მით რომელ ესეთი ჭაბუკობა მოგცა ღმერთმან. შენ ხარ დღეისითგან მკვიდრი სამეფოჲსა ჩემისაო.
გარდაჴდა ყოველი ლაშქარი და თაყვანისცეს სეფედავლე დარისპანის ძესა და ქება შეასხეს. მერმე სეფედავლე ეგრე არქვა მას ჭენთა მეფესა: მეფეო, თუ ავიცა რა გიქმნია შენ ჩემზედა, მე აღარა ვაჴსენებ. აწ აქადგან მე მონა ვარ შენი, მაგრა მე ამასა გკითხავ, რომელ შენ ჩემსა უკეთესსა სიძესა სით შეიყვანებდიო. ამაზედან აწვია ჭენთა მეფემან სეფედავლე სამეფოსა მისსა, მაგრა სეფედავლე არა დამორჩილდა და ეგრე არქვა: ჯერეთ სახლსა ჩემსა მიმყავს ცოლი ჩემიო. მან ეგრე უბრძანა: იგიცა და ესეცა ორივე სამეფო შენი არს და, სადაცა გიჯობდეს, მუნცა იყავ.
დაიმადლა სიტყვა იგი სეფედავლე და გაისვენეს იგი დღე მუნ. ჭენთა მეფემან სეფედავლეს უძღვნა ურიცხვი და მე და ომარს ორთავე დაგვმოსნა ტანსა.
მერმე წამოვედით მხიარულნი და გამარჯვებულნი გზასა და იგი შაოსანი დიაცი მოგვეგება წინა, რომელ უწინავე მოგაჴსენე, და ორნი ძენი თანა ჰყვეს შვენიერნი. მაშინ ვითა გვენახა, აღარა ეგრე იყო, ოქრო-ქსოვილი ეცვა ტანსა. მოვიდა და ეგრე მოაჴსენა: მე არა ამას გზასა მოგელოდი, მუნვე მეგონა ამოვლა თქვენი. აწ მე მჴევალი ვარ შენი და შენგან დარჩენილიო. ქება დიდი შეასხა და იგი დღე მუნ დავყავით და მეორესა დღესა წამოვედით. მან დიაცმან უძღვნა ერთი შესამოსელი ეგეთი, რომლისა მსგავსი მისი კაცისა თვალისაგან არა ნახულა რა. ერთი თვალი მკერდსა ზედა ჯდა და ერთი ბეჭთა ზედა ეგეთი, რომელ ღამით ნათობდეს, ვითა სანთელი. და სრულად თვალითა და მარგალიტით შემკობილი იყო. ერთი გვირგვინი უძღვნა, რომელ ეგეთნივე თვალნი სხდეს ზედა, და ერთი ცხენი უძღვნა, რომელ არა ნახულა კაცისა თვალითა ცხენი მისებრი. მადლი უბრძანა სეფედავლე. ერთი შესამოსელი დედოფალსა უძღვნა ეგეთი, რომელ მას სეფედავლჱს შესამოსელსა ათისა ზომით სჯობდა და უკეთესნი თვალნი სხდეს. ფარღულნი უძღვნა თვალისა და მარგალიტისანი. ვინცა ნახა, ეგრე თქვა: არავინ იცის ფასი ამათიო. მათ ცოლ-ქმართა ორთავე მადლი უბრძანეს დიდი და თანა წამოიტანეს იგი დიაცი და წამოვედით.
დარისპან შაჰარს მოვედით. მოეგება ყოველი ქვეყანა და სამეფო მისი − დიდებულნი და მცირებულნი. სიხარული იყო, მღერა და განსვენება. მეორესა დღესა იგი დიაცისა ძღვნობილი შესამოსელი ჩაიცვა სეფედავლე და გვირგვინი თავსა დაიდგა. დედოფალმანცა მისივე დიაცისა ძღვნობილი კუბასტი დაიხურა და ორნივე ერთგან დასხდეს. ოდესმცა გენახა, ამას იტყოდი: არა ნახულან ნაყოფნი ამათებრნიო. იგი დიაცი დობილად დაისვეს საჯდომთა და ეგრე უბრძანა: დედაო, ესე ყოველი კეთილი შენგან იქმნაო.
ამირთა-ამირო! განსვენებისა და სიხარულისა რიცხვი არა იყო და გასცა საბოძვარი დიადი დიდთა და მცირედთა ზედა ყოველთა. დავყვენით ამას შინა დღენი მრავალნი. მაშინ მე გამოვეთხოვე და ეგრე მიბრძანა: დადეგ ჩემთანაო. დიადი მიქადა, განა არა დავდეგ და ეგრე მოვაჴსენე: ჩემი თქვენსა წინაშე ყოფა ყოველთა სიხარულთა უფროსი არის, მაგრა არა დავდგები, წავალ პატრონსა ჩემსა თანა-მეთქი.
და იგი დიაცი წავიდა და უბოძა მას საბოძვარი საკვირველი და დიადი და ეგრე უბრძანა: იგი ქვეყანა შენდა მომიცემია და შენთა შვილთათვის. თუ სადმე ლაშქრად მინდეს, მილაშქრებდენ და შენ ვითა დედა დაგიჭირო.
ამაზედა მეცა წამოვედ. მიბოძა ურიცხვი საბოძვარი და ტურფანი, ვითა მისსა ჴელმწიფობასა ჰფერობდა. მიბოძა მრავალნი აქლემნი, ჯორნი და მონანი. ავკიდენ ლარნი ყოვლისა ქვეყანისანი და წამოვედ. აწ ესე რა მოსრულვარ და წინაშე ვარ მეფობისა თქვენისა.
მადლი უბრძანა ამირ-მუმლმან ომად მადის ძესა ამბისა თხრობისათვის.
ამირან დარეჯანის ძესა დაუმძიმდა ეგზომი ქება სეფედავლესი, მაგრა არა თქვა რა. ამაზედა გავიყარენით. მერმე გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ვინაჲთგან ესეთი კაცი ქვეყანასა ზედა არის, რომელმცა მე არა ვნახე, არა ეგებისო. ჩვენ უშლიდით და ეგრე მოვაჴსენეთ: შენ ჭაბუკი ხარ ეგეთი, რომელ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა არა არს ჭაბუკი შენებრი, რაღად გინდა წასლვა? მან ეგრე ბრძანა: არა, ძმაო, ოდეს კაცნი ორნი ერთად შეიყარნენ, ვინ ჩემნი მოყვარენი არიან, მე მაჯობინებენ და მტერნი ჩემნი მას აჯობინებენ. ესე საქმე საცილობლად გავა და ბოლოდ შებმავეა. ვეღარა დაუშალეთ და პატრონი მისი ამირ-მუმლიცა უშლიდა, განა ვერცა მან დააშლევინა. გააგო სახლისა რიგი და საქმე, კაცნი უჩინნა და, რაცა ჴამდა, ყველა დაჰვედრა ალი მოჰამადის ძესა და ჩვენ ყველასა გვიბრძანა მზაობა, და უბრძანა ომად მადის ძეს: წამიძეღ წინა და წავიდეთო.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! წავედით იგი ამირან დარეჯანის ძე, მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ქაოზ ქოსის ძე და ყამარ ყამრელი და ომად მადის ძე. წავედით და ვლეთ თვისა ერთისა სავალი და მივეწურენით მისსა სამეფოსა. წავიდა წინა ომად მადის ძე და მოაჴსენა სეფედავლეს ჩვენი მისლვა. და გაეხარნეს მას ზომისაგან მეტად. დღისა ერთისა სავალსა წინ მოგვეგება და დიდებულნი მისნი თანა მოჰყვეს, დიდითა ზარითა და ზეიმითა მოვიდეს. ოდეს ვნახეთ, ეგზომ მოგვეწონა, რომელ ამბავსა კაცი სჯობდა. გაიხარნა უზომოდ მან ჩვენი მისლვა. ამირან ზეგარდასულითა ლამოდა მოკითხვასა და იგი არა მოეშვა, ცხენზედავე მოემშვიდობნეს ერთმანერთსა. ჩვენ ყოველნი მოგვიკითხნა მდაბლად, ვითა მისსა სიკეთესა ჰშვენოდა. წავედით და მივედით დარისპან-შაჰარს. ომად მადის ძე რომ ამბობდა პალატისა და დიდებულთა მოკაზმულობასა, რაზომ დარეჯანის ძე სჯობდა ომად მადის ძესა, ეგზომ უკეთ მოეკაზმნა ყოველნი ჩვენსა მისლვასა ზედა − ქალაქნი, მონანი და დიდებულნი, რომელ არა ნახულა კაცისა თვალისაგან მოკაზმულობისა სიკეთე ეგეთი და სიმდიდრე. გაგვიკვირდა. პალატი შეეკაზმა ჩვენთვის და ეგრევ გამგენი და მზარეულნი გამოეგზავნნა ჩვენთვის და ეჯიბნიცა. ეგრე უბრძანა: ვითარსა პურსა ჩვენთვისა ჰკაზმიდეთ, ეგეთსა − დარეჯანის ძისათვისო. და საჭურჭლენი ორად გაუყვნა, ნახევარი მისცა დარეჯანის ძესა და ნახევარი თვით დაიჭირა. ეგრევე დედოფალმან მიუგზავნნა ჴელის-უფალნი და იგინი კიდე უკაზმიდიან პურსა. ეგრე მოეგზავნა კაცი, ვითა ჩემსა საჭურჭლესა და ჩემსა წასაგებელსა ნუ სწყალობ, ერთსა დღესა შენსა პურად ვიყვნეთ და მეორესა დღესა ჩემსაო.
გაყვნა ორად მგოსანნი, მოშაითნი და მებუკე-მედაბდაბენი და ბახტნი. ნახევარნი ჩვენთანა იყვნეს და ნახევარნი მათთანა. ვიყვენით ერთსა დღესა ჩვენსა და მეორესა მათსა. და მისციან ერთმანერთსა მისაცემელი. ნადიმი გარდავიჴადით. მღერა იყო და განსვენება და სიხარული ეგეთი, რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან. მესამესა დღესა დედოფლისასა ვიყვენით და მანცა დიადი გვიბოძის. ამა განსვენებასა შიგან ვიყვენით, დღეისასა ხვალისა სჯობდის.
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, რომე ტაბლასა ზედა საჴმარნი ჯამნი და ჭიქანი მინახვან თვალისანი: ანუ თქვენ, ინდოთა მეფესა, და ანუ ბაღდადელსა ამირ-მუმლსა თვარა, სხვასა ჴელმწიფესა, ამა ორისაგან კიდე, არავის შეეძლო.
ამა განსვენებასა შინა ვიყვენით ორსა თვესა. სწადდა მასცა და ამასცა ომი ერთმანერთისა. ამირან დარეჯანის ძემან ეგრე თქვა: ჩემგან არა ეგების პირველად შეზრახვა, მით რომელ ეგზომი განუსვენებია, ჩემდა მოგებებულა და წასაგებელი წაუგია. მერმე სეფედავლე ეგრე თქვა: ომი, ღმერთო, მწადიან ამირან დარეჯანის ძისაო, მაგრა თუ შებმა ვთქვა, ნუთუ ეგრე თქვას: წასაგებელი გასდიდებიაო. არცარა მან თქვის და არცარა მან. კვლა დავყავით ამაშიგან თვე ერთი და სხვა უკეთესი და უკეთესი განსვენება იყვის. მერმე ეგრე თქვა ქაოზ ქოსის ძემან: მე შევაბნე ესე კაცნი და ერთმანერთსა აღარა ერიდებოდენ. ამა სიტყვასა ზედა ბრძანა ამირან-დარეჯანის ძემან: ქაოზ ქოსის ძეო, ჩემსა მზესა, უთხარ რაო!
ნადიმობა იყო და მღერა. იგი ქაოზ ქოსის ძე მლაღობელი კაცი იყო და სეფედავლეს დიდად უყვარდა. ერთგან სხდეს ამირან დარეჯანის ძე და სეფედავლე დარისპანის ძე. ადგა ქაოზ ქოსის ძე, და ორნი ჭიქანი აავსნა, ერთი მას მისცა და ერთი მას და ეგრე მოაჴსენა: ესე ღვინო შესვით და, რადგან ორთავე გწადიან, ომი თქვენი არსო. გაიცინა სეფედავლე და ეგრე უთხრა: შენ თურე სპასალარი ხარო, და გაიცინა დარეჯანის ძემანცა. სეფედავლე ეგრე თქვა: დარეჯანის ძეო, განაღა ისი კაცი შენ მოგიბირებიაო. მან თქვა: არა, შენმან მზემან, თვით მომზრახი კაცი არსო.
ამაზედა დაასკვნეს ომი ხვალისად.
სეფედავლე ეგრე უთხრა: ვითა მე მოგაჴსენო, ეგრე შევიბნეთო.
მოაჴსენა ამირან: დია, ვითაცა თქვენ ბრძანოთო.
რა ესმა, დაუმძიმდა დედოფალსა მათი ომი და გაუწყრა ქაოზ ქოსის ძესა.
რა გათენდა, დილასა გამოიხვნეს საკრამანგნი კარავნი ოთხნი, − ორნი დიდ-დიდნი და ორნი შედეგნი. ორნი ერთკერძ დადგეს, და ორნი ერთკერძ, ერთი საპურობოდ და სანადიმოდ და ერთი საწოლად. დადგნეს ტურფასა რასმე ველსა შინა. გაყვნეს დიდებულნი და ნახევარი ჩვენთანა დააყენა და ჩვენცა გაგვყვნა: ალი მოჰამადის ძე, ყამარ ყამრელი და ქაოზ ქოსის ძე მან წაიყვანნა. მე - სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე და ასან ბადრის ძე − ესენი დარეჯანისძესთან დაგვყარნა. ომად მადის ძეცა მან წაიყვანა და ომარ − იგი კარგი ჭაბუკი, ყმა მისი − ჩვენთანა მოიყვანა. მებუკენი და მედაბდაბენი პირველადვე გაყოფილნი იყვნეს. ესე დადვა წესად სეფედავლე, რომელ: თუ მაჯობო, ჩემსა მოგიყვანო პურად და ნადიმსაცა მუნვე გარდაგაჴდეო და ძღვენსა გიძღვნი და, თუ მე გაჯობო, ამასვე შენ იქმოდიო. წავედით და დედოფალი თანა ვერ წავიტანეთ, მით რომელ უმძიმდა მათი ომი და ჩვენცა ყოველთა გვიმძიმდა, მაგრა ამისთვის ოდენ გვიხაროდა, რომელ მათ უსწოროთა ორთა ჭაბუკთა ომსა ვნახევდით.
ამაზედა დაარჩია ასი ტაიჭი და მოსცა დარეჯანის ძესა და ასი თვით დაიჭირა და ეგრე შეუთვალა: ხვალე ოროლითა შევიბნეთო. შეიკაზმეს ოც-ოცი ტაიჭი, გავიდეს და შეიბნეს. რა სეფედავლე ჩამოაგდის და მოუკლის ცხენი, მისთა კერძთა კაცთა დაუწყიან ცემა ზარსა და ჰკრვიან ბუკსა და დაბდაბსა. რა დარეჯანის ძემან ჩამოაგდის და ცხენი მოუკლის, ეგრევე ჩვენ დავსცით ზარი და ვჰკრით ბუკსა და დაბდაბსა. მას დღესა ოცივე ცხენი მოუკლა სეფედავლე ამირან დარეჯანის ძესა და თხუთმეტი ცხენი დარეჯანის ძემან მოუკლა სეფედავლესა. დარჩომოდა ჯობნა მის დღისა სეფედავლეს. იცოდა ომი, ღმერთო, კარგად ოროლითა ამირან, მაგრა სეფედავლე თურე უკეთ იცოდა.
მას დღესა პურად ჩვენსა მოვიდა. ნადიმი ჩვენსა გარდავიჴადეთ. უძღვენით დიადი და გავიყარენით.
მეორესა დღესა შეიკაზმა ორმოცი ცხენი მან და ორმოცი მან. და მას დღესა მოუკლა სეფედავლეს ორმოცივე ცხენი და ოცდაათი სეფედავლე. დარჩა მას დღესა ჯობნა ამირან დარეჯანის ძისა კერძ. მერმე მივედით საპურობოდ სეფედავლესასა და ნადიმიცა მუნვე გარდავიჴადეთ. გვიძღვნა ურიცხვი.
რასღა ვაგრძელებდე, ვირე ას-ასი ტაიჭი დაელეოდა, მანამდის ზოგჯერ მან აჯობის და ზოგჯერ მან. წინასავე თქვეს მშვილდისა არა აღება, ყველასა ჴრმლითა, ლახტითა და ხიშტითა იბრძოდეს. ვერა შევატყევით ერთსაცა ჯობნა.
მეფეთ-მეფეო, ნახეთ მოწვრთნილობა დიდებულთა მისთა! თავმან მეფობისა შენისამან, ოდესცა დარეჯანის ძემან აჯობის, გულსა შინა განაღამცა უმძიმდა და ზეპირ სიხარული უგვანდის. ჩამოგზავნის კაცი დედოფალმან, ვითა კმარის, დაუშალეთ ომიო. ჩვენცა ვლამოდით გაყრასა, განა ვითა მათ ჰხვდებოდა, ეგრე ფიცხლად არა შებმულიყვნენ. იბრძოდიან და განა ესე უნდოდა, თუცა ერთმანერთი დაეჯერა.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! შეიქმნა ცილობა: ზოგმან იგი აჯობინა და ზოგმან იგი. შეიქმნა ერთმანერთისა მედგრობა და გაგულისება. ბოლოსა ჟამსა ნადიმსა ზედა სასიტყველი შეიქმნა და ეგრე თქვა დარეჯანის ძემან: მე შენსა სახლსა დიდი ხანი დამიყოფია და შინა წასლვა მინდა. ესე აქამდის ჩვენი ომი ყმაწვილობა იყო და ბედითი ცხენთა ჴოცა. აწ ჴამსა, რომელ გარდავიწყვიტოთო. სეფედავლე ეგრე უთხრა: ძმაო, შენ ჩემსა სახლსა ყოფილხარ და გაგისვენებია და აქათგან თუცა შენ არა გეთქვა, მე არა ვიტყოდი, ამად რომელ ეგრე იტყოდი: მოვსწყინებივარო. აწ ნათქვამი შენი ვქმნათ, რომელ გარდაწყვედა ჴამს, და, რომელიმცა დავსლბებით, არა ჭაბუკთა ჴელი არსო.
ამაზედა დაასკვნეს ომი ფიცხელი ხვალისად და გაიყარნეს. შეგვექმნა ჩვენ შეჭირვება ამისთვის, რომელ ანუ მოკვდების რომელიმე და ანუ ერთი რომელიმე იჯობინების და გულ-კლებულ იქმნების. და ესე ჩვენი სიხარული, რაცა აქამდისი მოგვინახავს, ყველა გაგვიმწარდებისო, მაგრა დაშლისა ღონე არა იყო.
დილასა ბინდსა ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა სეფედავლეს კარსა. გამოვიდა სეფედავლე, თეთრსა ტაიჭსა ზედა ჯდა. პოლოტიკნი რკინანი დაეკიდნეს სატკივართა ადგილთა ცხენისად და თვითცა ჩაბალახსა გარდაეკიდნეს, ეგრევე ცხენისა მკერდსა, თავსა და ფერდთა. და სამნი ჴრმალნი დაეკიდნეს: ერთი ალმედად, ერთი წელთა შემოერტყა და მესამე ტახტსა ჩამოეკიდა. ოდესმცა ნახე, ამას იტყოდი, არა ნახულა ამისებრი კაციო. შეგვეშინა ჩვენ ჯობნისაგან მისისა. ვითა გამოვიდა და აუღო მებუკეთა სული, ბრძანა: მოაჴსენეთ დარეჯანის ძესა − ჭაბუკთათვის სჯობს, რასაცა ადრე შეიბმიანო, და ნებასა მოიარა. მაშინ ჰკრეს ბუკი დარეჯანის ძისასა კარსა. გამოვიდა ეგრევე შეკაზმული იგიცა, ვითა სეფედავლე. ოდესმცა ნახე, ბრძანებდი: ღმერთსა ორნი კაცნი ამათებრნი არა დაუბადებიაო. თავმან მეფობისა შენისამან, ვერა შევატყევით რა, თუ რომელი სჯობდა.
შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა, შეუტივეს და შეიბნეს. დიდთა კლდეთა ჯაჴებასა ჰგვანდა მათი ომი და ჯაჴება. ჴრმალთა ცემა ჭეხასა ჰგვანდა. იბრძოლეს დიდი ხანი და ორთავე გაუტყდეს ჴრმალნი. მეორენი გამოიწვადნეს და კვლავე შეუტივეს ერთმანერთსა და ვერა შევატყევით დასლბობა ერთსაცა.
მეფეთ-მეფეო! მე მრავალჯერ მინახვან მრავალნი ომნი დარეჯანის ძისანი, მაგრა ეგეთი ომი დღეთა ჩემთა შიგან არა მინახავს და არცა ოდეს ეგრე მედგრად გაფიცხებული დარეჯანის ძე! იგი სეფედავლეს ყმა ომარ იტყოდა: არცა მე მინახავსო. გაგრძელდა ომი და გაუტყდეს მეორენი ჴრმალნიცა. მესამენი გამოიწვადნეს. თავმან შენმან, უფიცხე შეიბნეს. ჩვენ ერთობ გაგვიკვირდა ეგზომი სიკეთე ცხენთა და კაცთა, რომელ არა დასლბეს. გაიყვანა ცხენი სეფედავლე და ეგრე იყივლა: ამირან დარეჯანის ძეო, აწ გამოგცადო, თუ რაძი ჭაბუკი ხარო. შემოიქცა ფიცხლად, შეუზახნა, ჰკრა მჴარსა მარცხენასა ჴრმალი, გააკვეთინა პოლოტიკნი რკინანი, ჯავშანი და ჯაჭვი და მჴარსა დიდი შეჰკვეთა. სისხლი ზე ამოიჭრა. მერმე ჴმა-მაღლად უყივლა: ჩამოიჭერო. მაგრა ჩვენ ესეთი ჴმა გვესმა ნაკრავისა მისისა, რომელ ვითა ჭეხა. არა თქვა რა დარეჯანის ძემან. დაგვიმძიმდა ჩვენ და გვეგონა ჯობნა სეფედავლესი. ამაზედან ანაზდად გაიყვანა ცხენი დარეჯანის ძემან, შემოიქცა და შემოუტივა სასტიკითა შემოტევებითა. აიდგნა ფერჴნი ავჟანდათა ზედა, ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა, გააკვეთინა ორნი პოლოტიკნი რკინანი, გაკვეთა ჩაბალახი და თავსა დიდი შეჰკვეთა. ეგრევე ამოიჭრა მისგანცა სისხლი და დაალეწა ჴრმალი ზედა მედგრად.
მეფეთ-მეფეო! ესე ავი ქმნა სეფედავლე, რომელ, რა დარეჯანის ძესა ჴრმალი გაუტყდა, მან ჴრმალი არა დააგდო და არცაღა სხვისა ჴრმლისა აღება აცალა. ცხენი გაიყვანა და შემოუტევა კვლაცა ფიცხლად. ვითა სიახლესა მოვიდა და ჴელი აიღო საკრავად, მიჰყო ჴელი დარეჯანის ძემან და ჴრმლიანი ჴელი შესტაცა, მაგრად დაუჭირა, მოზიდა და ჴრმალი გააგდებინა. გაიზიდნეს ცხენზედა და ვერა რომელმან ჩამოაგდო.
მერმე მივედით და ეგრე მოვაჴსენეთ: რა გიცთ ეგზომი საბრძოლველი ერთმანერთსა თანა? თურე ღმერთსა ორნივე კარგნი ჭაბუკნი დაუბადებიხართ. ამისთვის ერთმანერთსა რად დასწყვეტთო? გვისმინეს, გაიყარნეს. ჩვენ გაგვეხარნეს მშვიდობით დარჩომა ორთავესი და მერმე ვერც ერთისაგან მორევნა, თუცა ჯობნა დარეჯანის ძისა კერძ დარჩა, მით რომელ მოქნეული ჴრმალი დააგდებინა. თუცა სეფედავლე იტყოდა: ჴრმალი თვით დავაგდე, თვარა, ოდესცა უკანის მოვიზიდენით, მაშინ რად არ ჩამომაგდოო? მაგრა ტყუოდა: ჴრმალი დაჭირვითა გააგდებინა.
გაიყარნეს და შემოვიდეს ქალაქსა. სიხარული იყო დიდი. გარდაიჴადეს პურობა და ნადიმი. შეიყვარეს ერთმანერთი ზომისაგან მეტად. ამას იტყოდა დარეჯანის ძე: არა მინახავს ჭაბუკი სეფედავლესებრიო, და სეფედავლე მას აქებდა და ამას იტყოდა: მადლი ღმერთსა, რომელ ჭაბუკისა უნახავი არა მომკლაო. იგინი ძმად იფიცნეს და დედოფალმან მადლი შესწირა ღმერთსა მათისა მშვიდობითა დარჩომისათვის. დიდი გასაცემელი გასცა და დიადი შესწირა მიზგითთა და გლახათაცა გაუყო დიადი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ჩვენ არა გაგვიშვა სეფედავლე. თვე ერთი სხვა დავყავით. მაგრა განსვენება, ნადიმობა და ნადირობა მაშინღა იყო, ოდეს ომსა აღარა მოელოდეს. ენა ვერა იტყვის მაშინდელსა განსვენებასა. წელიწდამდის ჰლამოდა დაჭირვასა და ჩვენ არა დავდეგით. მოგვცეს დიადი მოსაცემელი მანცა და დედოფალმანცა. იგი შესამოსელი, რომელსა ომად მადის ძე აქებდა მის დიაცისაგან მოცემულსა, ამირან დარეჯანის ძესა მოსცა, რომელ არა ნახულა ეგეთი შესამოსელი. რომელი მასვე დიაცსა დედოფლისად ეძღვნა, იგი დედოფალმან მოსცა ხვარაშან ქალისათვის და ეგრე შეუთვალა: ჩვენნი პატრონნი ძმანი არიან ერთმანერთისანი და ჩვენ დანი ვიყვნეთო. გვიბოძეს ჩვენცა ურიცხვი საბოძვარი მეფემან და დედოფალმან. მოგვცნა აქლემნი, ჯორნი და მონანი. აჰკიდეს იგი ყველაი და წამოგვატანეს თანა.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! წამოვედით დარისპან-შაჰრით. გამოგვყვა სეფედავლე დღისა ერთისა სავალსა. მისცეს ფიცი ერთმანერთსა ეგეთი, რომელ: თუ ეგებოდეს, ერთმანერთსა ზედა-ზედა ვნახვიდეთ და, თუ რა გვიჭირდეს, ერთმანერთსა ზედა უშველდეთო. შეიქცა სეფედავლე ჩვენისა წამოსლვისათვის მომძიმარი. დაგვიმძიმდა ჩვენცა გაყრა სეფედავლესი. არა იყო ჩვენთანა საუბარი სეფედავლეს ქებისაგან კიდე. ვირემდის გამოვიარდით სამეფოსა მისსა, გვყვეს თანა დიდებულნი სეფედავლესანი. სადაცა დავდეგით, ვითა პატრონსა მათსა, ეგრე მოგვეგებოდეს. განსვენებისა რიცხვი არა იყო, ეგრევე ძღვნისა. გამოვიარეთ სამეფო მისი. შეიქცეს დიდებულნი სეფედავლესნი. უბოძა მათ ამირან საბოძვარი დიდი და წამოვედით.
შორს იყო ბაღდადი დარისპან-შაჰრით. ვითა მოვედით მას მინდორსა დიდსა შიგან ოდენ, ვნახეთ კაცი ვინმე მოვიდოდა ფიცხლად და მკრთლად. მოვიდა ჩვენთანა და ეგრე უთხრა დარეჯანის ძესა:
გხედავ თქვენ მცირედთა კაცთა, სიკეთისა მინდობილნი ხართ, მაგრა მაგა გზასა ნუ წახვალთ, თვარე დაგჴოცენ. ესერა აქა წინა დგას ანთარქავის ძე, ლომი ჭაბუკი, ეგზომ დიდითა ლაშქრითა, რომელ რიცხვი არა არის. თვით ანთარქავის ძე ეგზომ ლომი ჭაბუკი არის, რომელ ჯერეთ მისად ვერავინ შებმულა, და ფიცხლადრე წავლა გინდათო.
ჩვენ ვჰკითხეთ ამბავი მისი, თუ ვინ არის და ანუ სადაური არის.
მან ეგრე თქვა: ამბად მასმია მისი სიკეთე და ლაშქართა სიმრავლე, თვალად არ მინახავს და არცა ამის მეტი ვიცი. მაგა გზასა ნუ წახვალთ, სხვა გზა არის მშვიდობისა, მას გზასა წადითო.
წავიდა იგი კაცი და ჩვენ დაგვიმძიმდა. სხვასა გზასა წასლვა სიჯაბნე იყო და მათზედა მისლვა საშიში იყო ლაშქართა სიდიდისა და მათ კაცთა სიკეთისაგან. ღონე არა იყო, მივმართეთ. რა წავიარეთ ცოტა ხანი, ქარავანსა დაცრცვილსა ზედა შევჰჴედით და ჴოცილსა, რომელ რისხვა ღმრთისა ეწეოდა. რა ჩვენ მიმავალი გვნახეს მოქარავნეთა, ყივილი დაიწყეს: ვინ ხართ მანდა? წინა ანთარქავის ძე დგას და მისნი ლაშქარნი. თუ მათგანნი არა ხართ, დაგჴოცენო. მაშინ ქაოზ ქოსის ძემან ეგრე უთხრა: თქვენებრი, ღმერთო, ვერა დაგვჴოცენ, თუ არა, უკანა მოგვიდეგით, ჩვენ ასერა მათად ომად მივალთ და ნახეთ, თუ ვითა დაგვჴოცონო. რა ქაოზ ქოსის ძემან ესე თქვა, იზრიალნა ერთობით მან ქარავანმან და უკანა წამოგვიდგა. ოდეს ზედა წავადეგით, იდგა ლაშქარი, რომლისა რიცხვი არა იყო. რა ჩვენ მიმავალნი გვნახეს, ჩვენ და იგი მოქარავნენი ლაშქარი ვეგონენით ომად მოსრულნი. აჰჴდა ჴმა მათ ლაშქართა შიგან და გამოვიდეს. ჩვენცა საბრძოლოდ შევიმოსენით აბჯარნი და შეუტივეთ ცხენები, სიდიდითა მათითა და სიკეთითა ჩვენითა ესეთი ომი შეიქმნა, რომელ ფიცხლად ომად კმა იყო.
მეფეთ-მეფეო! თუცა გენახა დარეჯანის ძე, ამას ბრძანებდი: ერთი კაცი ამას, ღმერთო, ვერა სჯობსო. ვითა გაძლიერდა ომი და ლაშქარმან მეოტმან წასლვა დაიწყო, მოაჴსენეს მას ლომსა ჭაბუკსა ანთარქავის ძესა, ვითა მცირედნი ვინმე ჭაბუკნი არიანო. გაჯდა ცხენსა და მოვიდა ფიცხლად. არგანი ჴელთა ჰქონდა. ლაშქართა გაუწყრა, ზე უკუყარა და ეგრე უთხრა: მცირედთა კაცთა ზედა მისლვა ესდენსა ლაშქარსა არა გრცხვენიან? გამოდგა და გვიყივლა: ვინ ხართ, ძმანო, რომლისა ქვეყანისანი ხართო? ჩვენ უთხარით: მობაღდადენი ვართ და ომად ესდენ ცოტანი არ მოვიდოდით. ამაზედა უბრძანა ანთარქავის ძემან ლაშქართა მისთა შინა წასლვა და თვით მცირედითა კაცითა ჩვენთანა უბნობდა. კარგსა ჭაბუკსა ჰგვანდა. მას ომსა შინა ლაშქარი დაგვეჴოცა დია და ეგრე თქვა: ჩემი ლაშქარი დაგიჴოციათ, განა არა გაბრალებთ, მგზავრნი მოხვიდოდით და ჩემთა ლაშქართა არ გაგიკითხეს, ომი დაგიწყეს და თქვენმცა განა დაჰჴოცენით. აწ გამიშვიხართ. წაედითო. ამაზედა შეხედნა დარეჯანის ძესა, თვალად თურე შეუყვარდა და ეგრე უთხრა: შენ, დიდო კაცო, თვალად რასმე კარგსა ჰგავ და მე ომისა მძებნელი ვარ. ინდოთა მეფისა ასული წამომიყვანია და ჩემთვის ომი ვერავის გაუსწორებია. აწ მინდა ესე, რომელმცა ვინმე შემება და ომი გამისწორა. აწ, თუ შეგიძლია, შემები, თუ არა, წაედ. ხარ, ღმერთო, დიდი და საჭაბუკოდ შექმნილი, განა სიდიდე სიჯაბნესა არას აყენებსო.
ამირან დარეჯანის ძემან გაიცინა და ეგრე თქვა: ესე რა მრავალნი ჟამნი დამიყოფიან და აწისგან კიდე ომი თვალითა არა მინახავს. განა ვინაჲთგან თქვენ გწადიან, გამოვიცადო მეცა თავი ჩემი, ნუთუმცა კარგი ვიყო და უსახელოდ არ მოვკვდეო.
მან ეგრე თქვა: მაშა, უღონიოდ ჯაბანი ხარ, თუ ჯერ ომი არა გარდაგიჴდია. თუცა გულოვანი იყავ, მრავალიმცა ომი გარდაგიჴდიაო.
ამაზედა ზურგი შემოაქცია და წავიდა.
ეგრე უთხრა დარეჯანის ძემან: რად წახვედ? რად არ შემები? რაზომცა ჯაბანი ვარ, შებმასა, დაკოდასა და ჩამოგდებასა აღარა ღირს ვარო?
ანთარქავის ძემან ეგრე უთხრა სიცილითა: უბადოო, ნუთუ გასწბილდე და ვერა შეგეძლოს ნაკრავისა ჩემისა დადგომა და მოგკლა, მებრალებიო.
ეგრე უთხრა ამირან: მე ესე და იგი არა ვიცი! ესე ქარავანი ჩემი არის და გაგიძრცვია და, თუ ყველასა ჴელთა არა მომცემ, ზენაარმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისამან, რაცა ქარავნისათვის შენ და შენთა ლაშქართა გიყოფია, მასვე თქვენ გიზამთ. ამა სიტყვასა ზედა გაწყრა იგი ანთარქავის ძე, გვერდით კაცნი ვინმე უდგეს ჭაბუკნი, მათ უბრძანა: ეგერა ცხენისაგან ჩამოყარენით! და ქვეითნი მომისხენითო. მათ კაცთა ცხენი შემოგვიტივეს. მერმე ამირან ჩვენ გვიბრძანა: ჩემსა მზესა, ერთსაცა ნუ დაარჩენთო. ჩვენ განაღამცა შეუტივეთ და მისლვასავე ჩამოვყარენით და დავჴოცენით.
ამაზედა კვლა უფრო გაწყრა იგი ანთარქავის ძე, ცხენი გამოიყვანა და წბილად აგინა დარეჯანის ძესა: გამოედ, შევიბნეთო! გავიდა დარეჯანის ძე. ამაზედა მოვიდა ლაშქარი და ჴმა გაისმა: შეიბმიანო. მოდგა ლაშქარი ურიცხვი. მერმე უბრძანა ლაშქართა ანთარქავის ძემან: ზე უკუდეგით, მე და ისი კაცი ოდენ შევიბნეთ, თვალად რამე კარგსა ჰგავსო. ცხენი შეუტივეს ერთმანერთსა და იბრძოდეს დიდი ხანი.
მერმე ალი მოჰამადის ძემან მოაჴსენა დარეჯანის ძესა: მართლად დაგიწუნა მაგა კაცმან, ვერა რაჲმე შენებურად გხედაო.
ამა სიტყვასა ზედა გაიყვანა ცხენი და ეგრე უთხრა: აჰა, ალი მოჰამადის ძეო, ამისი სისხლი შენსა თავსაო! ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და თავმან მეფობისა შენისამან, წელთამდის ჩაჰკვეთა და მოკლა. მისნი ლაშქარნი გაიქცნეს. ჩვენ დევნად მათად აღარა გაგვიშვნა. ეგრე გვიბრძანა: ამათი არა ბრალიაო. ვითა ჩვენ უკანა აღარა გაუდეგით, ზოგნი დაიფანჩნეს და წავიდეს, ზოგნი მოვიდეს და თაყვანისგვცეს. მივედით კარავთა მათთა და ლარისა სიმრავლისა რიცხვი არა იყო. ვნახეთ იგი ინდოთა მეფისა ასული ეგეთი, ვითა მზე. გაეხარნეს დარეჯანის ძესა. მუნვე მაჰრი გაუკვეთა და ცოლად შეირთო.
დავყავით იგი დღე მათ კარავთა შიგან. ზოგნი ყმად შემოგვეწყნარნეს და უფროსნი გამოგვეთხოვნეს და ლარითა გაუშვენით. მერმე მოქარავნენი მოვიდეს, ქება შეასხეს და ეგრე თქვეს: ბედმან ჩვენმან მოგიყვანა და, რომელი ჩვენი წაუღია, გვიბოძეთო. რაცა მათ იჩემეს, უკლებლად მისცა მცირედთა ტურფათაგან კიდე. თვალი და მარგალიტი დავიჭირეთ და სხვა ყველა ჴელთა მივეცით. წავიდეს და ჩვენცა წამოვედით ბაღდადსა. ცნა ბაღდადელმან ამირმუმლმან და წინა მოგვეგება, დიდად გაიხარნა ჩვენი მისლვა. მერმე ამირან დარეჯანის ძემან უძღვნა მუნებურნი ტურფანი და მათ უბოძეს დიდი საბოძვარი.
აქა დასრულდა კარი სეფედავლე დარისპანის ძისა. დაუსრულებელ ყვნას ღმერთმან დიდება მეფობისა თქვენისა, ამინ.
კარი მეათე
მზისა ჭაბუკისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან და ნადირობად გავიდა. თეთრი ქორი მკლავსა უჯდა. ჴოჴობი ამოფრინდა და მან ქორი მოუტევა. ქორმან იგი ჴოჴობი ჩამოიღო. და იგი ქორი მეტად უყვარდა. ზე გარდაჴდა და მას ქორსა თვით უშველა. ქვე დგა ჯერეთ შამბისა პირსა. ორნი ლომნი გამოვიდეს შამბითა და შემოუტევეს. ერთი წინარე მოვიდოდა. ჰკრა ჴრმალი და მოკლა. კვლა მეორემან შემოუტევა, ჴელი მიყო მასცა და ყია შეუპყრა და იგიცა მოკლა. თავმან მეფობისა შენისამან, ეგზომ უჭირველად დაჴოცნა იგი ლომნი, ვითამცა კატანი ყოფილიყვნეს. ჩვენ მოგვეწონა დიდად.
ამაზედა კაცი ვინმე მოვიდოდა ეგეთი, ვითა კუპრი. არა თუ შაოსანი ოდენ იყო, განა თვით ჴორცადაცა შაოსანი იყო. რა ლომნი მომკვდარნი ნახნა მან კაცმან, ფიცხლად ცხენისაგან ჩამოიჭრა და ტირილი დაიწყო. იგლეჯდა თმასა და წვერსა და ნაცარსა თავსა ზედა იყრიდა, რომელ რისხვა ღმრთისა ეწეოდა.
ჩვენ, რა ეგეთი ბედითი საქციელი მოვინახეთ მის კაცისგან, გაგვიკვირდა, ხელი ვინმე გვეგონა. მივადეგით და ვკითხეთ: ვინ ხარ, ძმაო, ანუ უადგილოსა აქა ტირილად რად დასჯედ? ანუ ისი ლომნი რას გეყოდენ, რომელ მათისა სიკვდილისათვის სტირ?
მან კაცმან ეგრე გვითხრა: არა ლომთა დაჴოცისათვის ვტირ. ასეთი კაცი მინახავს და მისი ყმობა გარდამიჴდია, რომელმან ესრევე ლომნი დაჴოცნა ნადირობასა შინა. სიკეთე მისი მომეგონა და სიყმე და მისთვის ვტირო. მაგრა ტირილისაგან სიტყვასა ძლივ გამოაგებდა.
შეგვეწყალა და ცხენსა მისსა გავსვით. გვიმძიმდა ჩვენ ტირილი მისი.
წავედით შინა და ესე კაცი თანა წავიტანეთ.
ვითა ნადიმი გაიყარა, ამირან დარეჯანის ძემან ბრძანა მის კაცისა მოყვანა. რა მოვიყვანეთ, ეგრე უბრძანა: დაჯედ ქვე და მის კაცისა ამბავი მიამბე. თვით ვინ იყო, ანუ რა ნაქმარნი გარდაუჴდია და ანუ რა წაეკიდაო?
ეგრე მოაჴსენა: ამბავი მისი გრძელია და ნაქმარნი მისნი დიდნი. თუ არ გეწყინების და მოისმენ ამბავსა მისსა და ნაქმარსა, ყველასა მოგაჴსენებ, თუ არა და ნუ მათქმევინებ.
ეგრე უბრძანა: ჩემსა მზესა, თავითგან ბოლომდი ყველა უკლებლად თქვიო.
დასხდომა გვიბრძანა. ჩვენ დავსხედით. ესე კაცი დაჯდა და მბობა დაიწყო.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! პირველად ესე მოგაჴსენო: მე სახელად რაიბ მქვიან და ნობა ვარ. ცოტა ყმა ტყვედ წამომიყვანეს არაბთა და მუნ არაბეთს გაზრდილი ვარ. რა მოვიწიფე და შუღლი შემეძლო, მეკობრობა დავიწყე. ჩემგვარი კაცი მე ჭაბუკად ვერა მჯობდა. სამნი ვინმე კაცნი გამოჩნდეს სამი ათასითა კაცითა, არაბნი ლომნი ჭაბუკნი. თუცა ძმანი არ იყვნეს, ეგზომ მოყვარულნი იყვნეს, რომელ არცა ძმანი და არცა სხვანი მოყვარენი არა ყოფილან ეგზომ მოყვარულნი, ვითა იგინი იყვნეს. აოჴრებდიან ქვეყანასა. მრავალნი სოფელნი წაეხვნეს არაბეთსა შინა ოდენ, განა სადაცა მივიდიან, აოჴრებდიან. მეცა მათთანა მიველ, ყმად შევეწყნარე. ვმეკობრობდით და, სადაცა ლაშქარნი შეგვებმოდიან, დავჴოცნით და გავაქცივნით. დიდად ლომნი და კარგნი ჭაბუკნი იყვნეს. მე ესე მეგონა, რომელ ამათებრი ჭაბუკნი ქვეყანასა ზედა არა არიან-მეთქი. მოეწყინა ქვეყანასა ჩვენი ჭირი. შეკრბა თურქი თორმეტი ათასი კაცი და ზედა მოგვიჴდა. ესე მინახავს, რომელ მათ ჩემთა პატრონთა სამთავე ას-ასი კაცი მოკლეს და მო-ესრე-კლიან, რომელ უნაგირთაგან აიღიან, ქვეყანასა დასციან და მოკლიან. ომი გარდაჴდა დიდი და ბოლოსა ჟამსა გავაქციენით. დავჴოცენით ესრე, რომელ რისხვა ღმრთისა დავეცით მათ ზედა. ქვეყანასა შინა მათი ომი გაისმა და სიკეთე ჭაბუკობისა მათისა. ეგზომ დიდთა ლაშქართა გააქცევდიან, ვერავინ იკადრა ომი მათი და არცავინ შემომართა. ამაზედა გავმდიდრდით ეგზომ, რომელ არცა რიცხვი იყო და არცა შეგება. ვინადირებდით და განვისვენებდით. მთათა ზედა ვდგით ზაფხულ და ზამთრის ბარსა ჩავიდით. ვინცა შეგვებიან, ყოველთა ვაჯობით.
დღესა ერთსა კაცი ვინმე მოვიდა და ეგრე გვარქვა: მოვა ქარავანი დიდი. ინდოეთსა და სპარსეთს მიდიან, მალვით მოვლენ. თქვენგან ეშინიანთ და, თუ ვითა გასცრცვით, რა დაბადებულ იყვნეთ, ეგზომი არა აგეღოსთ, მაგრა აწვე გითხრობ: ბადრაგა ჰყავს ოთხასი ცხენოსანი.
წავედით. ესე კაცი თანა წავიტანეთ. რა მის ქარავნისა სიახლოესა მივედით, დავესხენით ზედა. იგრძნეს მათ ბადრაგათა და წინა მოგვეგებნეს. შევებენით. გავაქცივენით, დავჴოცენით, ქარავანი დავიონავრენით და ავიღეთ ლარი, რომლისა არა იყო რიცხვი და შეგება. ზენაარმან ღმრთისამან, ეგზომი იყო, რომელ თვალ-მარგალიტმან და სტავრამან დააძღო იგი ლაშქარი. სხვა არა აიღეს.
სამნი ვინმე კაცნი მის ქარავნისანი გაგვექცნეს. მეტად კარგთა ტაიჭთა სხდეს, რომელ ეგეთნი არა მინახვან და არცა ნახულან. თვით სამნივე პატრონნი და მათთანა ასი კაცი მათ კაცთა უკანა შერჩეს. არა თუ იგი კაცნი გვინდეს, განა იგი ცხენნი გვინდეს, მაგრა ვერ მივეწიენით. ამაზედა იმა სამთა კაცთაგან ორთა ჴრმალი გამოიწვადეს, შემოიქცეს და ერთი მოყვასი მათი შუა ჩაიგდეს და ცემა დაუწყეს ჴრმლითა. ისი კაცი, რომელსა სცემდეს, ჩვენ კერძ გამოიქცა − მიშველეთო. ჩვენ რა შეგვეძლო, ცხენი შეუტევეთ. რა მოგვეწურნეს, იგივე კაცი, ჴრმლითა ნაცემი, ცხენისაგან ჩამოიჭრა და მათ ორთა მისთა მოყვასთა კაცთა მისი ცხენი შეიპყრეს და გაგვექცნეს. გზა და კვალი ვეღარა გავიღეთ მათი. მას კაცსა დაკოდილსა ზედა მივადეგით და გაგვიკვირდა. ვთქვით, თუ რად უყვეს ამას კაცსა? ზოგმან ზოგი თქვის და ზოგმან ზოგი, ვითა: მტერნი იყვნეს, მარტო დარჩა და მით უყვესო.
იგი კაცი დაბნედილი იყო და მით ვერარა გვითხრა. ცხენსა გავსვით, იმიერ და ამიერ კაცნი დაუყენენით და თანა წამოვიტანეთ. გვიხაროდა ეგზომ დიდისა ქარავნისა გატეხა და ეგზომისა აღება.
ეგრე ბრძანეს პატრონთა ჩვენთა: ზედა დაადეგით და ეგე კაცი გაამთელეთო.
დაკოდილი იყო, მაგრა სასიკვდილო არა სჭირდა რა. ჩვენ გვიმძიმდა მათ კაცთა წასლვა და ცხენთა უფრო, რომელ ეგეთნი ცხენნი არავის უნახვან. ამას კაცსა ენა მოედგა და ჩვენ კითხვა დაუწყევით: რად გიყვეს მოყვასთა შენთა, რომელ დაგკაფეს და დაგაგდეს?
მან ეგრე თქვა: ვირე მე სრულად არა გამამრთელებთ, არა ვიტყვიო. ზედა დავადეგით და გამრთელდა. იგი კაცი მოიყვანეს და ჰკითხეს.
მან ეგრე მოაჴსენა: ამისგან კიდე არა ვიცი, რომელ მე მის ქარავნისა ეტიკი ვიყავ და ეგრე ვთქვი, ოდეს ინდოეთით წამოვიდოდით: ესეთსა გზასა წაგიყვანნე-მეთქი, რომელ ვერავინ რა გავნოს. რომელთა დამკოდეს, ისინი მის ქარავნისა უფროსნი და თავადნი იყვნეს და ისი ცხენი, რომელ წამგვარეს, მათივე იყო და ნათხოებად მყვა. რა თქვენ მოხვედით, დაგვიონავრენით, ჩვენ გავიქეცით. ღმერთი შემრისხდა და იმათ მეოტთა თანა გავიქეც. ეგრე მარქვეს: საქონელი საქონლად აღარა გვაქვს და ლაშქარნი დაგვიჴოცნეს, ესე ყველა განზრახვით შენ გვიყავ. აწ მრთელსა აღარა გაგიშვებთ, რომელმცა წახვიდე შინა, წამოუძღვე და რემა ჩვენი წამოასხმევინო. ჴრმლები გამოიწვადეს და, ვითა მხედავთ, ესრე გამჴადეს. რემისა მათისა ესე იცოდეთ, რომელ ესეთი ცხენები გამოვა, ვითა გინახვან. თვით ისინი არა კარგნი იყვნეს და არს ასი ათასი ჴრდალიო.
ესე მის კაცისაგან დავიჯერეთ და ეგრე ვარქვით: უბადოო, ვერა წამოგვასხმევა?
მან ეგრე გვარქვა: ამათ კაცთა ჩემი სიკვდილი ჰგონია და მით აღარ გაუფრთხილდებიან, დასტურად წამოგასხმევ, თუ არ გეშორებისთ. მაგრა ორმოცისა დღისა სავალი არის.
ჩვენ მათ ცხენთა სიკეთემან და რემათა სიდიდემან ეგრე შეგვახარბა, რომელ სხვა ვეღარა გავიგევით რა. ამას კაცსა კარგად ქცევა დაუწყეთ, მოჯობდა და დავემზადენით. ჩვენცა წინა წაგვიძღვა იგი კაცი. ციხე იყო მაგარი და ჩვენ ლარი მუნ დავდევით.
წავედით და ვლეთ ორმოცი დღე. ქედი იყო დიდი და ზედა წავადეგით. სძოვდა რემა, რომელ არა იყო რიცხვი და არცა შეგება.
ეგრე თქვა მან კაცმან წინამძღვარმან: აჰა, რემა მისი. და წამოსხმა მით ძნელი იყო, რომელ გზა შორი იყო, თვარა არცა ვინ მეჴმე გამოვალს და ვერცა ვინ იკადრებსო. გაიცინა მანვე კაცმან და ეგრე თქვა: ვერამცა შევსცოდე ჩემისა დაკოდისა ფასი და ნაცვალიო.
ჩავგზავნეთ ათასი კაცი და მოექცა რემასა უკანა. უკაცურსა ალაგსა სძოვდა. წამოასხეს იგი რემა და წამოვედით. არავინ გვინახავს კაცი, მაგრა რემისა სიდიდისაგან გვიანად ვიარებოდით. გვიხაროდა მის რემისა სიკეთე. რომელ ვიწონეთ, იყო ოცი ათასი ცხენი. ამა ჩვენსა ეტიკსა უხაროდის და იცინოდის, გადგის ქედსა ზედა და უკუღმართ იხედვიდის, ეგრე თქვის: მდევარი არავინ მოვა და, ვირემდის სცნობდენ რემისა წასხმასა, ჩვენ სადაც გვინდა, მივალთო, და ხშირად იხედვიდის უკუღმართ.
ერთი ბერიკაცი ვინმე იყო ჩვენთანა, ლაშქართა შინა, და ეგრე გვითხრა: მე ბერიკაცი ვარ, მეკობრობათა და ომთა შიგან გაზრდილი. თუ ისი კაცი, ჩვენი ეტიკი, არა ჩვენსა მუხთლობასა შინა იყოს, მაშა, მე თურე არა ვიციო?!
ზოგთა გაკიცხეს და ზოგთა არა უსმინეს. სამი დღე ვიარეთ. [კვლა] იხედვიდის იგი ეტიკი უკუღმართ. ამაზედან ოთხნი ცხენოსანნი ნახნა და ეგრე თქვა: აგერა შორს ოთხნი ცხენოსანნი მოვლენ, განა სხვა არა მგონია რა, ამბვისა მცნობელნი არიანო. გაეხარნეს მას ჩვენსა ეტიკსა მეტად. მოგვეწივნეს. ერთი დიდი კაცი დიდსა ტაიჭსა ზედა ჯდა, დიდად შვენიერი, და ყველასაგან უფრო წინათ იგი მოვიდოდა. იგი სამნი კაცნი უკან მოდიოდეს. ამა ეტიკმან ჩვენმან იცნა და ფიცხელნი გაიცინნა, ეგრე თქვა: გამო-ღმერთო-გცდის, თუ რაძი ჭაბუკნი იყვნეთო.
ჩვენ დაგვიმძიმდა მეტად ესე სიტყვა მისგან, მაგრა არად გავიკვირვენით. ჩვენ სამი ათასი ცხენოსანი ვიყვენით და იგინი ოთხნი. წამოვლო მან კაცმან წინა და გარდაგვიდგა მუნ, სადა ჩვენი გზა იყო, და ეგრე გვითხრა: ვინ ხართ, ძმანო, ეგე რემა ჩემი არის. მე ვარ მზეჭაბუკი. მაგა ჩემისა რემისა წამოსხმა უბადოდ გიქმნიათ. აწ თუ მოისმენთ ნათქვამსა ჩემსა, დაყარეთ ეგე რემა ჩემი და მშვიდობით წაედით, მით რომელ მოცთუნებულ ხართ და ამას გზასა წამოსულხართ.
ჩვენ პასუხი არა გავეცით და კვლა იგივე სიტყვა გვითხრა. ვაგინეთ ჩვენ. მერმე მას, ჩვენსა ეტიკსა, ჰკითხა: ვინ არიანო? მან ეტიკმან ეგრე უთხრა: არაბნიო. ჴელი მიჰყო, ყმასა ოროლნი გამოუხვნა და ეგრე უთხრა: რადგან არა ისმინეთ, თქვენნი სისხლნი თქვენსავე თავსა იყვნენო.
ფიცხლად შემოუტევა. გამოეგებნეს სამნივე წინა. პირველად რომელი მივიდოდა სიახლესა, აიღო, ოროლითა დასცა და მოკლა. მერმე ოროლნი დაყარნა. ჴრმალი გამოიღო, ჰკრა მეორესა და მოკლა იგიცა. მას მესამესა ჴრმალი არა ჰკრა და ეგრე თქვა: ხედავ, ვითართა კაცთა აბჯრითა ვებრძვიო? ფიცხლა ჴრმალი ჩაიგო, ჴელი მიჰყო, უნაგირთაგან მოჰჴადა და ქვეყანასა ზედა დაჰკრა და მოკლა. ამაზედა გავიქცენით. მოგვეწივნეს და აგვწყვიდნეს, რომელ რისხვა ღმრთისა დაგვცეს.
მე დაკოდილი ვიყავ და ცხენიცა დაკოდილი მყვა. ზედა მომადგა მზეჭაბუკი და ეგრე მიბრძანა: ბედშაო, რამ მოგაგონათ ამა ჩემისა რემისა წამოსხმა?
მე ეგრე მოვაჴსენე: ამან ჩვენმან ეტიკმან მოგვაცთუნნა.
იგი ეტიკი დგა და იცინოდა, ეგრე თქვა: ნეტარ მზისა ჭაბუკისა რემა ქარავანი გეგონათო?
ოდეს ვცანით უკანის, მის ეტიკისა დაკოდა ყველა ხრიკი ყოფილიყო, და მოგვაღორნეს და რემა წამოგვაღებინეს მის მზის ჭაბუკისა და დაგვაჴოცინეს.
ჰკითხა მზემან ჭაბუკმან მას ეტიკსა: ვითა იყო, მითხარო.
მან თავითგან ყველა მოაჴსენა და კვლავე ეგრე თქვა: თუცა ესე ხრიკი არა გვექმნა, იგინი აქა არა წამოვიდოდეს და სხვაებრ ვერავინ მოერეოდა თქვენგან კიდე. ამით მოვაცთუნვენით და თქვენი რემა წამოვასხმევინეთ და თქვენ, ვითა შეჰგვანდა, სისხლნი ჩვენნი სძებნენითო.
ამას სიტყვასა ზედა გაიცინა მზემან ჭაბუკმან და ეგრე ბრძანა: დიდად, ღმერთო, კარგი ხრიკი მოგიგონებიათო.
წავედით და მე თანა წამიტანა. ესე იყო პირველი ომი მზისა ჭაბუკისა, რომელ მე ვნახე, თვარა ომნი მრავალნი და საკვირველნი გარდაეჴადნეს. მე გავმრთელდი წყლულებისაგან და მიბოძა საბოძვარი დიადი და ეგრე მიბრძანა: წაედ შენსა სახლსაო. მე ეგრე მოვაჴსენე: სახლი ჩემი არსად არის, მე იმათი ყმა ვიყავ. აწ რადგან იგინი აღარა არიან, ვირემდის ცოცხალ ვარ, თქვენი ყმა ვიქმნები, მე თქვენებრი პატრონი სადა ვპოვო?
საუბარი შეიქმნა და ეგრე ბრძანა: მიმძიმს მეცა, იმა კაცთა დაჴოცვასა არა ვლამოდი, რბილად ვეუბნებოდი და იგინი გაფიცხდეს, განა არაბნი დიდად ამპარტავანნი არიან და რბილად უბნობა ყოლ არა მოუჴდების.
ვნახე სახლი და დიდება, რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან.
მის მზისა ჭაბუკისა ესე მოგაჴსენო, რომელ, რა მე დაბადებულვარ, ჩემითა თვალითა მე იმისი უშვენიერესი არა მინახავს რა, და ჭაბუკობასა თვით მოისმენ:
მონადირე იყო და ხშირად ნადირობდის და ყოლა მტერად არავინ უჩნდა, ვერცა ვინ რას ჰკადრებდის. დღესა ერთსა ნადირობასა ვიყვენით. მშვილდოსანი იყო ეგეთი, რომელ არა ნახულა მისებრი. ინადირა დიადი. კაცი ვინმე მოვიდა მას ნადირობასა შინა და ეგრე მოაჴსენა: ვინაჲთგან ნადირობა ესრე გიყვარს, მე წაგიყვან სანადიროსა ეგეთსა, რომელ მისებრი არა გენახოს, მაგრა შორი არის. თუ სიშორესა არა ერიდები, სანადირო მისებრი არა ნახულა. გაეხარნეს მზესა ჭაბუკსა და წამოვედით შინა. იგი კაცი თანა წამოვიტანეთ.
ეგრე უბრძანა: ვინ ხარ და ანუ სადაური ხარო?
მან ეგრე მოაჴსენა: ღარიბი ვინმე კაცი ვარ, არცა მე მიცნობ და არცა ჩემსა ქვეყანასაო.
კვლავე უბრძანა: რაზომ გვშორავს იგი სანადიროო?
მან ეგრე მოაჴსენა: არს თხუთმეტისა დღისა სავალიო.
მერმე ეგრე ბრძანა: ზენაარმან ღმრთისამან, თუ ორმოცისა დღისა სავალიც არის, მაშინცა წავალო.
შევეკაზმენით და წავედით. წაგვიძღვა იგი კაცი წინა და ვიარეთ თორმეტისა დღისა სავალნი ადგილნი ძნელნი და უბადონი. ჩვენ გვიმძიმდა პირველ სიშორე გზათა და მერმე სიძნელე. მზესა ჭაბუკსა არა ჰგაოდის. მივედით მას ადგილსა. დაგვხვდა ქვეყანა დიდად შვენიერი და სანადირო კარგი. ვინადირეთ დიადი. ამისაგან კიდე არა იყო აუგი მის სანადიროსი, რომელ მჴეცთა სიმრავლე დიდად იყო, განა მზესა ჭაბუკსა არა ჰგაოდის, ვითა კაცთა, ეგრე ჰჴოცდა ლომსა. თავმან მეფობისა შენისამან! მრავალჯერ მათრაჴითაცა მოკლული ლომი მინახავს მე მისგან, თვარა ჴრმლითა არა საკვირველია.
დღესა ერთსა ნადირობასა ვიყვენით და ქორი ასკატასა მოუტევა. ფიცხლა ჩამოიღო. გარდაჴდა ცხენისაგან და თვით უშველა. ამაზედა ორნი ლომნი გამოვიდეს შამბიდაღმან და შეუტივეს. ფიცხლად ჴელი მიჰყო, ყია შეუპყრა, შესტყორცა მას მეორესა და ორნივე დაჴოცნა.
აწ თქვენგან ოდეს ლომთა მოკლვა ვნახე, ამისთვის ავტირდი, რომელ მაშინდელი მისი ნაქმარი მომეგონა, ეგრევე ადვილად დაჴოცა ლომთა.
დავყავით მუნ ხანი რამე და დიადი ვინადირეთ. დიდად მოეწონა იგი ადგილი მზესა ჭაბუკსა, მაგრა ესე გაუკვირდა, რომელ ეგრე კარგსა ქვეყანასა სამისა დღისა სავალსა არცა სოფელი და არცა ქალაქი არა იახლა. განა ამას ვაგონებდით, რომელ ეგზომისა მჴეცისა სიმრავლისაგან ვერა მივიდოდა კაცი.
უბრძანა მადლი წინამძღვარსა მას კაცსა, რომელ ეგზომ კარგსა სანადიროსა მომიყვანეო.
მან ქება შეასხა და ეგრე მოაჴსენა: ამას ქვეყანასა, ღმერთო, შენგან კიდე ნადირობად ვერავინ მოსრულა, განა შენ რაზომ ლომი ხარ და ჭაბუკობისა შენისაგან ყველა ადვილი არს, მაგრა ვინაჲთგან ეგეთი ჭაბუკი ხარ, და აქა სიახლესა სხვა ვიცი ქვეყანა და სანადირო ეგეთი, რომელ ესე არათი ჰგავს მას, ვითა თქვენ ერთსა უბადოსა კაცსა არა ჰგავთ, მაგრა აწვე მოგაჴსენებ, რომელ მჴეცთა სიმრავლე საშინელი არის. ამას გარეთად სხვა ადგილი არის დღისა ერთის სავალსა ეგეთი, რომელ სულიერი ვერა მიეხლების. მჴეცი არის ესეთი საკვირველი, მისი სახელი არავინ იცის, ვერცა ვის გაუცდია. დიდი არის უზომოდ, პილოს ოდენი, მსგავსი ლომისა და პირი კაცისა ათქს, მაგრა შებმა მისი მოუვალი არის კაცისაგან ამად, რომელ მარტორქა იყო მას ქვეყანასა უზომოდ დიდი, აიღო იგი, დასცა ქვეყანასა ზედა და მოკლა. მას მჴეცსა ლომ-კაცი ჰქვიან, კაცთაგან გვასმია ამბად, თუ ესეთი არისო, თვარა სხვად არავინ იცისო.
ჩვენ დაგვიმძიმდა მის ამბისა თხრობა და მის კაცისათვის გული გავიწყრევით და მზეჭაბუკი ჩვენ გაგვიწყრა, ვითა: ამბავსა გვითხრობს, რად უწყრებითო.
უბრძანა მას კაცსა: წინა წაგვიძეღ და მიგვიყვანენ მას სანადიროსა.
მან კაცმან ეგრე მოაჴსენა: ამისთვის საფიცი მომეც, რომელ მუნ აღარა წამიტან, სადა იგი მჴეცი არისო.
მერმე ეგრე უბრძანა: მტკიცედ იცოდე, რომელ შენ დასტურად არა წაგიტან, მაგრა გვიჩვენე შორითო.
წავედით მას ქვეყანასა სანადიროდ დიდად უკეთესსა მის პირველისასა. დავდეგით მუნ და ვნადირობდით. მჴეცისა სიმრავლე დიადი იყო. მართლად თქვა მან კაცმან. ეგეთთა მჴეცთა სიმრავლე ჩვენ ვერას გვავნებდა. ვჴოცდით ჩვენცა, რომელნი მუნ ვიყვენით, მაგრა მზეჭაბუკი ვითა კატათა [ეგრე] ჰჴოცდა ლომთა. გვქონდა შიშად მას მჴეცსა ზედა მისლვა მზისა ჭაბუკისაგან. ვითა ვინადირეთ და დავყავით მუნ დიადი დღე, ეგრე უბრძანა მას კაცსა: გვალე და მიჩვენე იგი ადგილი, სადა იგი მჴეცი არისო. ატირდა იგი კაცი და ეგრე მოაჴსენა: შეიწყალე ჭაბუკობა შენი და ნუ წახვალ მის მჴეცისათვის.
ეგრე უბრძანა მას კაცსა: ვინაჲთგან აქა მოსრულვარ, წასლვისაგან კიდე სხვა ღონე არა არისო.
უმძიმდა მას კაცსა, განა ღონე არა იყო. ჩვენ ვერას ვკადრებდით. წავედით და ზედა წავადეგით. ქვეყანა იყო შვენიერი. თქვა მან კაცმან: აჰა იგი ადგილი და ქვეყანა, სადა იგი მჴეცი არსო. წავედით და ნადირობა დავიწყეთ. მას თურე არესა არ იყო.
უბრძანა მას კაცსა წინამძღვარსა: სტყუვე, სად არის იგი მჴეციო?
მან მოაჴსენა: იყო დასტურად, არა მიმტყუვნია, მაგრა წა-თურესადა-ვიდაო.
ამა საუბარსა ზედა სული თურე იცა კაცთა და მოვიდოდა იგი მჴეცი, შამბსა გამოლეწდა. ფერჴთა მისთა ჴმა კლდეთა რღვევასა ჰგვანდა. იყივლა მან კაცმან და გაიქცა. მზემან ჭაბუკმან აბჯარი ჩაიცვა, ცხენსა შეჯდა და ხიშტნი ჴელთა აიხვნა. გენახა, ამას ბრძანებდი, თუ ერთი კაცი ამისებრი არავის უნახავსო.
გამოვითა იგი მჴეცი შამბით და მიხედვიდა მზისა ჭაბუკისაკენ. იბრდღვინვა და შემოუტევნა. მზემან ჭაბუკმან ცხენი გააფიცხა, მანცა შეუტევა. პირველსავე მისლვასა ზედა ხიშტნი ჰკრნა პირსა მისსა და ყიამდისინ ჩაჰკვეთა და შიგან ჩაასვნა. მუჴლნი დაუცნა ცხენსა მზისა ჭაბუკისასა. მზეჭაბუკი ქვე ჩამოიჭრა, ზე ადგა და ჴრმალი გამოიწვადა, ქვეითად შეუტევა, მაგრა არა ნახულა კაცისა თვალითა ომი მისი მსგავსი. მზეჭაბუკი ჴრმლითა სცემდა და იგი მჴეცი თათითა. ოდესცა აბჯართა ზედა თათი ჰკრის, ჴმა გამოჰჴდის ეგეთი, ვითა ჭეხა, და ოდესცა მზემან ჭაბუკმან ჰკრის ძვალთა მისთა, ეგეთივე მას გამოჰჴდის. იბრძოლეს დიდი ხანი, მაგრა იგი მჴეცი პირველსავე ნაკრავსა ზედა შეავებულიყო. თავმან თქვენმან, ესრე არა დამაშვრალიყო, ვითამცა ნადიმად ჯდომილიყო. იყივლა მზეჭაბუკმან და თქვა, ვითა: აწ ნახოთ ჭაბუკობა და მკლავისა ძალი და ნაკრავისა ნაკვეთი ამა მზისა ჭაბუკისაო. შეუზახნა და ზურგსა ჴრმალი ჰკრა, შუაზედა ორად გაკვეთა და დაეცა იგი მჴეცი. მისსა დაცემასა ზედა ქვეყანა შეიძრა. ოდეს დავხედენით, ყოვლისა ქვეყანისა კაცი ზედა მოადგა. რა იგი მჴეცი მკვდარი ნახეს, მოვიდეს და ყოველთა ქება შეასხეს და თქვეს: არა ნახულა ჭაბუკი შენებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. გაეხარნეს მის ქვეყანისა კაცთა ამისთვის, რომელ იგი კეკელა ქვეყანა მას მჴეცსა აეოჴრა. უძღვნეს ურიცხვი და ჩვენ შეგვექმნა სიხარული.
დავყავით მუნ დღენი მრავალნი. ოდეს უკანის ვცანით, იგი ეტიკი მის ქვეყანისა იყო და თვით განზრახვით მზისა ჭაბუკისა წასაყვანად მოსრულიყო. ასმიოდა ქება ჭაბუკობისა მისისა. ვინადირებდით და განვისვენებდით, სიხარული იყვის დიდი. მათ უკაცურთა ადგილთა მას ქვეყანისათა შენება დაიწყეს.
მო-ვინმე-ვიდა დიდებული კაცი მის ქვეყანისა მზისა ჭაბუკისა ნახვად, ქება შეასხა და ეგრე მოაჴსენა: კურთხეულმცა არს იგი, რომელსა შეუქმნიხარ, და მიწა იგი. რომელსა გაუზრდიხარ, რომელ არა არს შენებრი კაცი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, და დიდი ძღვენი უძღვნა. დაყვნა მან კაცმან ჩვენთანა დღენი მრავალნი, ინადირა და განისვენა და ეგრე არქვა მზესა ჭაბუკსა: საუბარი მიც შენთანაო. უბრძანა: მითხარო.
იგი ქვეყანა და იგი კაცი ხაზართა მეფისა იყო.
ეგრე მოაჴსენა მან კაცმან: იდუმალ მოგაჴსენებ, რაცა ვიცი, და თქვენ, რა უნდა, იგი ქმენით, თვალად და ჭაბუკად დღეს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა შენებრი არა არს და მე ამას საქმესა შენთანა არა დავმალავ. ხაზართა მეფე არის ყოვლისა ქვეყანისა პატრონი და თვითმპყრობელი. ძე არა უვის, ასული უვის ეგეთი, რომელ ქალი მისებრი ჯერეთ დღესამდის არავის უნახავს. ზენაარითა მამასა მისსა ხაზართა მეფესა უთქვამს, ვითა: სანამდის ეგეთი ჭაბუკი არა ვპოვო, რომელ მისებრი ყოველსა ქვეყანასა ზედა არა იყოს, მანამდის ამას ასულსა ჩემსა არავის მივსცემ ცოლადო. აწ შენ მინახავხარ და ქება შენი მასმიოდა, მაგრა, ვითარი შენ ხარ, ვერავის ეგო ქება შენი. ხაზართა მეფესაც ასმია ქება და სიკეთე შენი და ისი კაცი მას გამოეგზავნა, რომელმან მის მჴეცისათვის მოგიყვანა და შენ გაგიმარჯვა ღმერთმან და მოჰკალ მჴეცი იგი, რომელი მოუგონებელი იყო კაცისაგან, რაცა შენ ჰქმენ. აწ ასმია სიკეთე და სიშვენიერე პატრონისა ჩემისა ასულისა და მოსრულ არიან წაყვანებად მისად ქველნი და გოლიათნი: ღამარ ღაზნელი და ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე. ესე სამნი მოსულან და ქალაქისა კართა ზედა დგანან და იმარინდოს მოელოდეს, მაგრა იმარინდოს ეგრე იტყვიან, ვითა მისებრი ჭაბუკი არა არს პირსა მიწისასაო. აწ მათგან რომელიცა სჯობდეს, ასულსა მისსა ცოლად შერთავს იგი ხაზართა მეფე და სამეფოსა მისსა მისცემს. ესე მე ვიცოდი და შენდა მომიჴსენებია. და შენ, ვითამცა გწადიან, იგიცა ქმენო,
დაიმადლა მზემან ჭაბუკმან და ეგრე არქვა: შენ კარგი კაცი ხარ და ჩემთვის კარგსა იტყვი ყველასა. აწ წამიძეღ წინა და წავიდეთო.
მან ეგრე მოაჴსენა: შენ აქა ნადირობად მოსრულხარ, მაგა ცოტათა ლაშქრითა, გაგზავნე კაცი და შენი ლაშქარი მოასხმევინე.
ამა სიტყვასა ზედა მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: მე ლაშქარი არად მინდა, ჩვენცა კმა ვართ და აწ შენ წაგვიძეღ წინაო.
წაგვიძღვა წინა იგი კაცი და, სადაცა მივიდით, მან კაცმან, ვითა პატრონი, ეგრეთ დაგვაყენის. ქალაქნი და ქალაქნი წინა მოგვეგებოდიან, ქებასა შეგვასხმიდიან, ეგრე დიდებითა მივიდოდით. მას კაცსა, რომელი ჩვენთანა იყო, აბრამ ერქვა. დიდებული კაცი იყო და იტყოდენ: ესე ხაზართა მეფისა გამზრდელი არისო.
ვიარეთ ოცისა დღისა სავალი და მივეწურენით ხაზარეთისა თავადისა ქალაქამდის. სამისა დღისა სავალი სხვა გვედვა. კაცი ვინმე მოვიდოდა და აბრამს რამე უთხრა იდუმალ.
მზემან ჭაბუკმან ეგრე უბრძანა მას აბრამს: ვინ არს ეგე კაცი და ანუ რა ამბავი მოიღოო?
აბრამ ეგრე ჰრქვა: მშვიდობა არის და თვით გაიკითხეო.
ჰკითხა მას კაცსა მზემან ჭაბუკმან: რა იციო?
მან ეგრე მოაჴსენა: მოვიდა იგი იმარინდო მეტად დიდითა ძალითა და დიადითა მოკაზმულნი სტავრისა კარავნი უდგიან ძოწეულისანი. და ლაშქარი ახლავს დიდად დიდი. ღამარ ღაზნელი და ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე − ესენი ადრითგან დგანან და კარგნი ჭაბუკნი დიდითა ლაშქრითა. და ესერა დორათ დილამი და ამირ იამანელი მოვლენ დიდითა ლაშქრითა.
წავედით ჩვენცა და უკანა მივეწივენით მას დორათ დილამსა და ამირ იამანელსა და ცალკერძ ჩვენ დავდეგით. იგინი ამპარტავანნი კაცნი იყვნეს და არცა რა შემოუზახნეს მზესა ჭაბუკსა და არცა რა ნახვად მოვიდეს.
მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა აბრამს: აბრამ, ვინაჲთგან იმა კაცთა ჩვენ არა გვნახნეს, ჩვენ მივიდეთ და იგინი ვნახნეთ, მაგით ჩვენ არა დაგვაკლდებისო.
წავედით ნახვად და, ვითა მიმავალნი გვნახნეს, წინა მოგვეგებნეს, ერთმანერთი მოიკითხეს. მივედით კარავსა მათსა და ზომისაგან მეტად მოეწონათ მზეჭაბუკი და თქვეს: არა არს ჭაბუკი ამისებრი ქვეყანასა ზედაო. პური მუნ ვჭამეთ და ნადიმიცა მუნვე გარდავიჴადეთ და წამოვედით ჩვენსავე კარავსა.
მეორესა დღესა დარბაზობად იგინი ჩვენსა მოვიდეს. პური ჩვენსავე ჭამეს და ნადიმიცა ჩვენსა გარდაიჴადეს და წავიდეს მათსა კარავსა.
აბრამ ეგრე მოაჴსენა: ვხედავ, რომელ ამა ქვეყანისა პატრონი შენა ხარ და მინახავს ჭაბუკობა შენი. აწ თქვენ ნადირობით წამოსრულნი ხართ და არა გაქვსთ რა და აქა ამათ ჭაბუკთა მიცემა ნუთუ რა ჴამდეს. მიბრძანეთ, მოგართვამ და უბოძეთო.
დაუმადლა დიდად მზემან ჭაბუკმან და ეგრე უბრძანა: მიცემა ჴამს, განა შენ რად იჭირვიო?
გაგზავნნა კაცნი და მოაღებინა შესამოსლები და სტავრები მეტად ტურფა.
ქალაქი იყო დიდი და მისსა პირსა ვდეგით, და იგი კაცი მისსა ყველასა სამეფოსა უხუცესად და თავადად ჩენილიყო ხაზართა მეფისაგან. და უბოძა საბოძვარი დიდი მზემან ჭაბუკმან დორათ დილამსა და ამირ იამანელსა და წავიდეს შინა.
მეორესა დღესა ავიყარენით და წავედით.
დორათ დილამი და იგი ამირ იამანელი მოვიდეს და ეგრე მოაჴსენეს: ჩვენ შენნი მონანი ვართ, ვინაჲთგან ესეთი კაცი გნახეთ. დღეისითგან წაღმა ვითამცა შენი ვართ. სადა ჩვენ მივალთ, მუნ სხვანიცა დგანან. ჭაბუკნი იგინი ერთგან დგანან და ჩვენ, თუ გვიბრძანოთ, შენსა წინაშე ვიყვნეთო.
მადლი უბრძანა მზემან ჭაბუკმან: თქვენ ვითამცა ჩემნი ძმანი ხართ, დია, ღმერთო, ერთგან დავდგეთ და ესე დასტურ ვერავინ შეგვატყოს, თუ არა ძმანია სამნივეო.
თაყვანისცეს და წამოვედით. მივედით კართა ქალაქისათა. დგეს იგი ოთხნი ჭაბუკნი: იმარინდო და ღამარ ღაზნელი, ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე. იმარინდოს ედგა წითელი პალატი და შიგან ძოწეულნი კარავნი და ლაშქარნი დიდნი. და იგი სამნივე ჭაბუკნი მას გვერდით დგეს.
მზეჭაბუკი ნადირობით წამოსრული იყო და ლარი არა ჰქონდა. წინათ წავიდა აბრამ და, ვირე ჩვენ მივიდოდით, ჩამოიხვნა საკრამანგნი კარავნი და პალატი დადგა მზისა ჭაბუკისათვის და ლარი, ვითა ჰხვდების, საგებელითა, ნოხითა და ტაშტაბრაგითა და ყოვლითა ფერითა შეკაზმული იყო. მივედით და გადავჴდით მათ კარავთა შინა. და დადგეს ჩვენსა გვერდით დორათ დილამი და იგი ამირ იამანელი. დავყავით იგი დღე მუნ და ესე გაითქვა ყოველსა ქვეყანასა შინა, ვითა მოვიდა მზეჭაბუკიო. გამოვიდა ყოველი ქვეყანა ნახვად მზისა ჭაბუკისად. თქვა ყოველმან კაცმან: არა გვინახავს ერთი კაცი ამისებრიო.
მეორესა დღესა კვლა მოვიდეს დარბაზობად იმარინდო, ღამარ ღაზნელი, ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე. თვალად უკეთესნი ჭაბუკნი არა ეგებოდეს. იმარინდო კარგი და საუფლო კაცი იყო, განა ეგეთი ვერა იყო ვითა მზეჭაბუკი, თვარა სხვად კაცად კმა იყო, მხიარული, ამხანაგი და თავმდაბალი. მზესა ჭაბუკსა მოეწონა. ღამარ ღაზნელი იყო დიდი კაცი, საჭაბუკოდ შექმნილი და უებარი, მაგრა თვალად იგიცა კმა იყო და ეგეთი ვერა იყო, ვითა იმარინდო. ჰგვანდა, რომელ მესისხლე იყო. მოსორ ნადირის ძე და ორდავარელი − იგინიცა კარგნი ჭაბუკნი იყვნეს, მაგრა ყოველთა უკეთესი იმარინდო იყო.
მას დღესა აღარა გაუშვა მზემან ჭაბუკმან, პური მუნ ჭამეს და ნადიმი მუნ გარდაიჴადეს. მისცა მისაცემელი ყოველთა დიდად.
მას პურობასა ზედა მო-ვინმე-ვიდა დიდებული ხვასრო ხაზართა მეფისა კიდის-კიდე. ყოველთათვის საბოძვარი ჰქონდა, მაგრა მზისა ჭაბუკისად დიდად ებოძა, ცოტად უმცროსი − იმარინდოსათვის და სხვათათვის სწორად ებოძა. ეგრე ებრძანა: ვაშად, რომელ ბრძანეთ და მოხვედით, დიდად გამეხარნეს მე თქვენითა მოსლვითა. ადგეს და ყოველთა თაყვანისცეს და იგი დღე დაყვნეს მუნვე.
მეორესა დღესა მივედით იმარინდოსასა და ყოველნი მუნ შემოკრბეს. ეგრევე გარდავიჴადეთ ნადიმი და ყველასა კიდის-კიდე უძღვნა იმარინდომან. ეგრევე მოვიდა იგი კაცი მეფისა, მოიღო შესამოსლები და საბოძვარები კვლა კიდის-კიდე ყოველთათვის. იგი დღე მუნ დავყავით. იყო დიდი სიხარული, ბახტნი და მოშაითნი იმღერდეს და განცხრებოდეს და გავისვენეთ.
რაღასა ვაგრძელებდე, შვიდნი ჭაბუკნი იყვნეს: მზეჭაბუკი, იმარინდო, ორდავარელი, დორათ დილამი, ამირ იამანელი, ღამარ ღაზნელი და მოსორ ნადირის ძე, და ყოველთასა კიდის-კიდე მივედით და ნადიმი გადავიჴადეთ. ეგრევე ერთმანერთსა უძღვნიდეს დიადსა. ყოველთა მეფემან საბოძვარი უბოძის, და დავყვენით მრავალნი დღენი და ვასპარეზობდით, ვიმღერდით, ვნადირობდით და სიხარული იყვის დიდი. მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა, მოასპარეზესა ყველასა იმარინდო სჯობდა, ოროლითა მომღერალსა ყველასა ორდავარელი სჯობდა, ცხენოსანსა ყველასა დორათ დილამი სჯობდა, მონადირესა ყველასა მოსორ ნადირის ძე სჯობდა, მოჭადრაკესა ყველასა ამირ იამანელი სჯობდა, მცურავსა ყველასა ღამარ ღაზნელი სჯობდა. ესე მე თვით მინახავს ღამარ ღაზნელისაგან, რომელ, რაზომცა დიდი წყალი იყვის, შეკაზმული კაცი ღლიასა შემოიგდის და იმიერით გაიტანის.
და ჭაბუკად რომელი სჯობდის, აწ სცანით:
ოდეს გვესმას, მეფეთ-მეფეო, ესე ამბავი მის კაცისაგან, ჩვენ მეტად გვიამებოდა, თქვენ, არა ვიცი, გთნავს თუ არა.
და დავყავით ამას განსვენებასა შინა დღენი მრავალნი.
დღესა ერთსა მზისა ჭაბუკისასა ნადიმი იყო.
ადგა აბრამ იგი, რომელი ჩვენთან იყო, და ეგრე თქვა: ესე განსვენება, სმა და ნადირობა თავ-თავისა სახლსაცა გქონებიათ და აქა რისთვისაცა მოსრულხართ, იგი დაიურვეთ. ვირემდის ერთმანერთსა არა შეებმით და უკეთესობასა არა აიღებთ, რომლისათვის აქა მოსრულ ხართ, ცუდად წაგიჴდებისო.
ადგა იმარინდო და ეგრე არქვა: შენ იტყვი მაგას, ანუ მეფესა მოუბირებიხარო?
მან ეგრე ჰრქვა: მე მეფისაგან არა ვიცი, ჩვენ ვიტყვით ყველანი და ყოველთა სწადიან თქვენი ომიო. ჩვენ ჭაბუკობისათვის გვიყვართ, თვარა ნადირობა, მღერა, სმა და ლხინი ჩვენგანაცა ეგებისო.
ამა სიტყვასა ზედა გაიცინა მზემან ჭაბუკმან და ეგრე ბრძანა: მე და იმარინდო არა შევიბმით და სხვასა, ვისაცა უნდა, იბრძოდესო.
ღამარ ღაზნელმან ეგრე თქვა: აქათგან, ღმერთო, ომისა ჟამი არისო.
ორდავარელმან ეგრე თქვა: ანუ, ღმერთო, ომი გვინდა და ანუ თავისა თავისად წასლვაო.
ამირ იამანელმან ეგრე თქვა: ხვალე უთუოდ გავალ მე და ვისცა გმარჯვია, გამოდით იმარინდოსა და მზეჭაბუკისაგან კიდეო.
მოსორ ნადირის ძემან გამოსთხოვა მუქარა. დაასკვნეს ხვალისად ომი. გაიყარა ნადიმი.
დილასა ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა. გამოვიდა იგი ხვასრო ხაზართა მეფე, დაჯდა ხედვად და დაისხნა დიდებულნი მისნი და დაიდვა ნადიმი. წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. ეგრევე შემოკრბეს ყოველნი მზისა ჭაბუკისასა და მუნცა დაიდვეს ნადიმი. გამოვიდეს ამირ იამანელი და მოსორ ნადირის ძე შეკაზმულნი. შეუზახნეს ერთმანერთსა და შეიბნეს. ზენაარმან ღმრთისამან, ომად ფიცხლად კმა იყო. სამჯერ მან იგი ჩამოაგდო და სამჯერ მან იგი. იბრძოლეს შუაღამემდის და ვერა აჯობეს ერთმანერთსა და ვერცა შევიტყევით, თუ რომელი სჯობდა.
იმარინდომან ეგრე თქვა: აღარა ვაბრძოლებ იმა კაცთაო.
გაიყარნეს და მოეწონა ომი მათი მას ხაზართა მეფესა და გამოეცა დიადი შესამოსელი და საბოძვარი.
მეორესა დღესა იმარინდოსასა ვიყვენით და ნადიმსა ზედა დორათ დილამმან და ორდავარელმან გამოსთხოვეს მუქარა ერთმანერთსა და დაასკვნეს ომი ხვალისად. აცნობეს ხაზართა მეფესა. დაჯდა მეფე და დაისხნა დიდებულნი მისნი. კვლა დაიდვა ნადიმი და წამოდგეს ყოველნივე ქალაქნი ზედა ხედვად. ჩვენ შევიყარენით იმარინდოსასა. მეფემან კაცი მოუგზავნა, ვითა: მიუშვენით და გარდაიწყვიტონო. გავიდეს და შეიბნეს. თავმან თქვენმან, ფიცხლად ომად კმა იყო. იბრძოლეს დიდი ხანი წინასა ოროლითა და უკანისა ჴრმლითა, იბრძოლეს დილითგან ვიდრე სამხრამდის. აჯობა დორათ დილამმან აზომ, რომელ ეგრე თქვა ორდავარელმან: აღარა ვიბრძვიო. გაეხარნეს მზესა ჭაბუკსა ჯობნა დორათ დილამისაგან, გამოსცა მეფემან საბოძვარი ორთათვისვე.
მესამესა დღესა ნადიმსავე ზედა ღამარ ღაზნელმან ეგრე თქვა. ხვალე ომი ჩემია და, ვისცა გმარჯვია, გამოდითო.
თქვეს ყოველთა, ვითა ისი კაცი მზისა ჭაბუკისა ანუ იმარინდოსა ომსა ლამისო. ვირე იგი რას იტყოდა, ასწრა ამირ იამანელმან და მუქარა გამოსთხოვა და დაასკვნეს ომი ხვალისად. აცნობეს მეფესა. ეგრევე დაჯდა მეფე და დაისხნა დიდებულნი მისნი, დაიდვა კვლავე ნადიმი. შემოკრბეს ყოველნი მზისა ჭაბუკისასა. გავიდა იგი ღამარ ღაზნელი, მაგრა კაცისა თვალსა ზედა ერთკაცად კმა იყო. ისწრაფდა იგი მეფე ხაზართა ომსა იმარინდოსასა და მზისა ჭაბუკისასა. შემოუვლეს ნავარდი და შეიბნეს. ომი ფიცხელი და დიდი გარდიჴადეს.
იმარინდომან ეგრე თქვა წინასავე: იგი ღამარ ღაზნელი მუხთალი არის და, თუ რასა დარსა დაიდებს, იმასა კაცსა მშვიდობით არა გაუშვებსო.
ომი იყო ფიცხელი. შემოუტევა ამირ იამანელმან, ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა, ჩაბალახი გააკვეთინა და თავსა დიდი შეჰკვეთა. ამირ იამანელსა ჩაბალახი მოეშალა. ვირე დაირქვემდა, თავსა შიშველსა ჴრმალი ჰკრა ღამარ ღაზნელმან და მოკლა იგი ამირ იამანელი. დაუმძიმდა მეფესა, მზესა ჭაბუკსა და იმარინდოსა სიკვდილი ამირ იამანელისა, მაგრა მზესა ჭაბუკსა დიდადრე დაუმძიმდა.
გაიყარა ერი. მეფემან საბოძვარი აღარა გამოსცა და არცა შემოუძრახნა მზესა ჭაბუკსა და იმარინდოსა. მოუგზავნა კაცი, ვითა სამესისხლო რა ედვა ამას კაცსა, რომელ იგი ამირ იამანელი მოკლა? განა ავი ვინმე და უბადო კაცი არსო.
გამოჴდეს დღენი მრავალნი. არცა ინადირეს და არცა იასპარეზეს და არცა ნადიმი დაიდვეს. უმძიმდა ყველასა. მერმე მეფემან გამოსცა შესამოსლები კარგნი და საბოძვარი დიდი ყველასა თანა და ეგრე ბრძანა: აწ აღარა ეგების და ჩემოდნად ერთსაცა არა გიმძიმს მუხთლად ამირ იამანელისა სიკვდილი. ბრძანეთ და ნადირობასა წაედით, იასპარეზეთ და გაიხარეთ.
უსმინეს მეფესა და გავიდეს. თქვეს ყოველთა კაცთა ესრე: ლამის მეფე, რომელმცა მზეჭაბუკი და იმარინდო შეიბნესო.
შემოკრებულიყვნეს ნადიმსა ზედა და დორათ დილამმან ღამარ ღაზნელსა მუქარა სთხოვა. მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: რასა ებრძვი, უბადო ვინმე და მუხთალი ვინმე კაცი არის. თუ შეები, კაცურად და კარგად შეები, რომელ არა გეფათერაკოსო.
ეგრე არქვა ღამარ ღაზნელმან მზესა ჭაბუკსა: მაგას რად ასწავლი, გამოედ და შენ შემებიო.
მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: მაგასა ვლამოდი, ებრძანა თურე ღმერთსა შენი სიკვდილიო.
დაასკვნეს ომი ხვალისად და მოაჴსენეს მეფესა, ვითა მზეჭაბუკი და ღამარ ღაზნელი ხვალე შეიბმიანო. მეფემან კაცი მოუგზავნა მზესა ჭაბუკსა და ეგრე შემოუთვალა: ეკრძალე, ეგე კაცი მუხთალი არისო.
ეგრე მოაჴსენა მზემან ჭაბუკმან: ნუ დაუშლით მას კაცსა მუხთალსა, თვარა მე თვით არა დავიშლიო.
გამოვიდა მეფე და დაჯდა მასვე ადგილსა და ეგრევე ქალაქსა შიგან გავიდა ჴმა, ვითა მზეჭაბუკი და ღამარ ღაზნელი შეიბმიანო. გაეხარნეს ყოველთა და სწადდა ნახვა მზისა ჭაბუკისა. გავიდა მზეჭაბუკი შეკაზმული და თქვეს ყოველთა: არა არს კაცი მზისა ჭაბუკისებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო. გამოვიდა იგი ღამარ ღაზნელი. და ვითა ცნა ასულმან მეფისამან მზისა ჭაბუკისა ომად გასლვა, სარკმელსა მოდგა და, თავმან თქვენმან, ვითა მზისა სინათლე, ეგეთი გამოდგა. შეხედნა მზემან ჭაბუკმან მას სინათლესა, რომელ სარკმელსა მოსდგომოდა, და დაინახა იგი მეფისა ასული და ცნა, ვითა ნახვად ჩემდა მოდგომილაო. ეგრე არქვა ღამარ ღაზნელსა: კარგად გამიფრთხილდი; ზენაარმან ღმრთისამან, დასტურად მოგკლავ ამისთვის, რომელ იგი ამირ იამანელი მუხთლად მოჰკალო. შეუზახნა და მედგრად შეუტევა. პირველსავე მისლვასა ზედა შეშინდა იგი ღამარ ღაზნელი და ჴრმალი ვეღარა მოიქნია. ჰკრა მზემან ჭაბუკმან მას ღამარ ღაზნელსა ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და, თავმან თქვენმან, წინასა ტახტასა უნაგირთასა ზედა ჴრმალი დაასო და მოკლა. გაეხარნეს მეფესა და ყოველსა დიდებულსა ეგზომ, რომელ მეფე ზე ახლტა და ფიცხელნი გაიცინნა. და ქება შეასხა მზესა ჭაბუკსა ყოველმან კაცმან. გამოსცა მეფემან შესამოსელი და ეგრეთვე დედოფალმან, მეფისა ცოლმან, გამოსცა შესამოსელი და სხვა კეკელა საბოძვარი მზესა ჭაბუკსა და ეგრე შემოუთვალა: კურთხეულმცა არს მარჯვენა შენი, რომელ სძებნე სისხლნი ამირ იამანელისანიო. და ეგრევე ნადირობა დავიწყეთ და ასპარეზობა.
დაყვნეს დღენი მრავალნი ამა განსვენებასა შინა. ზოგჯერ ჩვენსა იყვნიან და ზოგჯერ ჩვენ მათსა ვიყვენით. განსვენება და სიხარული არა გვაკლდა. მერმე ადგა კვლა იგი აბრამ და ეგრე მოაჴსენა: მეფე დია ისწრაფის შენსა და იმარინდოს ომსაო. მზემან ჭაბუკმან ეგრე უბრძანა მას აბრამს: მე მრცხვენიან და ვერა ვეტყვი. ოდეს ერთგან ნადიმად ვსხდეთ ორთავე, მაშინ შენვე გვითხარო.
ნადიმად ვსხედით იმარინდოსასა. ადგა აბრამ, აიხვნა ორნი ჭიქანი, ერთი იმარინდოს მოაჴსენა და ერთი მზესა ჭაბუკსა და ეგრე არქვა: ეგე ღვინო შესვით, ლომნო, და თქვენცა შეიბენითო. და ყოველთა თქვეს: ჟამი არს თქვენისა შებმისაო.
ეგრე თქვა იმარინდომან: შესვი ღვინო, ყველა გვეტყვის, ჴამს თურეო.
აკოცეს ერთმანერთსა და შესვეს ღვინო და დაასკვნეს ომი. გაიყარნა ნადიმი და მოაჴსენეს მეფესა: ხვალისად მზისა ჭაბუკისა და იმარინდოსა ომი არისო. ეგრე მოეგზავნა კაცი, ვირე მე არა ჩამოვიდე, მანამდი ნუ შეიბმითო.
დილასა ჩამოიხვნეს ოქსინოსა კარავნი და დადგეს. დასხნეს საჯდომნი ოქრო-ქსოვილისანი და დიდებულნიცა დასხნეს. გამოვიდა იგი ხვასრო ხაზართა მეფე და დაჯდა საჯდომთა მისთა ზედა. მოვიდეს მებუკე-მედაბდაბენი და წამოდგეს ყოველი ქალაქი. დაიდვა ნადიმი მეფემან და მივედით ყოველნი მეფისასა. გამოვიდა დედოფალი და დასხდეს მათვე ბანთა ზედა. მოვიდა იგი ასული მეფისა და დაჯდა დედასა გვერდით. ზმა იყო დიდი და სიხარული. შეეკაზმა მზეჭაბუკი და გავიდა. თქვეს ყოველთა: მისი ომი კაცისაგან არა ეგებისო. გამოვიდა იმარინდოცა შეკაზმული. მოეწონა იგიცა ყოველსა კაცსა, თუცა გენახნეს, ამას ბრძანებდი: ორნი კაცნი უკეთესნი ქვეყანასა ზედა არა არიანო. იარებოდეს მოედანსა შინა.
მეფემან მიუგზავნა კაცი და ეგრე შემოეთვალა: ჩემგან ამისი მოწმობა არა გინდათ, მაგრა ერთმანერთსა მუხთლად ნურას უზამთო.
მზემან ჭაბუკმან ეგრე მოაჴსენა: ჩვენგან მუხთლობა არა ეგებისო.
შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა, შეუტევეს და შეიბნეს, რომელ ეგეთი ომი არა მინახავს. თვით მუნ მყოფმან ყველამან თქვეს: არა ნახულა კაცისა თვალითა ეგეთი ომი, ეგზომ მედგარი და ფიცხელიო. იბრძოლეს მწუხრამდის და სიღამემან გაჰყარნა და ვერა რომელმან აჯობა. გაეხარნეს მეფესა და ყოველსა კაცსა მათი მშვიდობით დარჩომა. მოსცა მეფემან და დედოფალმანცა შესამოსელა. წავიდა მეფე და ჩვენ დავდევით ნადიმი.
მეორესა დღესა კვლა გამოვიდეს და შეიბნეს. თავმან შენმან, წინასასა უფიცხე შეიბნეს. ეგრევე გაყარნა სიღამემან და ვერა რომელმან აჯობა. დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა გასწორება ომისა. კვლა შემოსნა მეფემან, ქება შეასხა და ეგრე უბრძანა: აღარა გაბრძოლებ; ვიცი, რომელ თქვენებრი ჭაბუკი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო. იმარინდომან არა თქვა რა, მით რომელ ერჩია, თუცა არა შებმულ იყვნეს. მზემან ჭაბუკმან ეგრე მოაჴსენა მეფესა: ხვალე კვლა შევიბნეთ და, თუ კვლაღა გაუსწოროთ ერთმანერთსა, აღარა შევიბნეთო. დაასკვნეს ხვალისად უფიცხესი ომი და დადგა მეფე და ჩვენ შინა წამოვედით. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: იმან კაცმან ამით გამისწორა ომი, რომელ მე მისისა სიკვდილისაგან მეშინიან, კარგი კაცი არის და გულისად ვერა ვჰკრავო. შეიქმნა ქალაქსა შიგან ცილობა. ზოგნი მას აჯობინებდეს და ზოგნი მას და ზოგნი სწორად იტყოდეს. ვითა ზედა გათენდა, დაჯდა მეფე და დაისხნა დიდებულნი მისნი. გამოვიდეს დედოფალიცა და დასხდეს მას ბანთა ზედა. კვლა გავიდა ყოველი კაცი ხედვად. ეგრე არქვა მზემან ჭაბუკმან იმარინდოსა: დღესა გარდაწყვეტა ჴამსო. მან ეგრე არქვა: დასტურად, თუ მალაღობელნი არა ვართო. შეიბნეს. თავმან თქვენმან და ზენაარმან ღმრთისამან, პირველისა დღისა ომი ვითამცა ლაღობა ყოფილიყო. შუაღამემდისინ იბრძოლეს. მერმე მზემან ჭაბუკმან ფიცხლა გაიყვანა ცხენი, შემოიქცა და შემოუტევა, და შემოჰყივლა: კარგად გამიმკაცრდი, მით რომელ, რა შემიძლია, ვმალავ აღარაო. ჰკრა ჴრმალი იმარინდომან, პოლოტიკნი რკინანი გააკვეთინა და ჩაბალახი გაუკვეთა და თავსა დიდი შეჰკვეთა. მზემან ჭაბუკმან ჴრმალი აღარა ჰკრა, სიკვდილისა თურე შეეშინდა, ჴრმალი გასტყორცა და ჴრმლიანი ჴელი შესტაცა, აიღო უნაგირთაგან და ქვეყანასა ზედა დასცა და დაბნიდა.
ადგა მეფე საჯდომთაგან და უყივლა, ვითა: ღმერთმან ნუ ყოს სიკვდილიო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: მე ჯობნა მჴდომია და მიჯობნია, სიკვდილი რასა ჰქვიანო? ეგრე უბრძანა მეფემან: კურთხეულმცა არს იგი ღმერთი, რომელმან ეგეთი გული და ჭაბუკობა მოგცაო. გაეხარნეს ყოველთა ჯობნა მზისა ჭაბუკისაგან და შეასხეს ქება. დიდი ხანი დაბნედილმან დაყო იმარინდომან. მერმე მოვიდა სულადვე იგი იმარინდო. წაასხნა მეფემან ორნივე თავისა კარავსა და შემოსნა ტანსა და უბოძა დიადი მეფემან და დედოფალმანცა და წავიდა მეფე ქალაქსა.
მეორესა დღესა მოვიდა იმარინდო სახლსა მზისა ჭაბუკისასა და ეგრე თქვა: მერჩივა ესე, ღმერთო, თუცა მეჯობნა. ვინაჲთგან შენ გაგიმარჯვა ღმერთმან, მე მისთვის რად გემდურვი? დიდად მადრიელ ვარ მით, რომელ სიკვდილი შეგეძლო ჩემი და არა მომკალ. დაიმოყვრნეს და ძმად იფიცნეს.
და მოველოდით ყოველთა დღეთა ქორწილსა. რა მიმწუხრდა, მზეჭაბუკი, დორათ დილამი, ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე − ესენი ერთგან სხდეს. მოვიდა იგი აბრამ და დაჯდა დაღრეჯილი. ჰკითხა მზემან ჭაბუკმან მას აბრამს: რად დაგიღრეჯიანო?
მან ეგრე თქვა: არა ვიცი, მეფისა სიტყვა არს თუ არა. დია უმძიმს მასცა, განა დედა-მძუძესა მის ქალისასა უმძიმდა გათხოება. მოიპარეს წუხელის და მას გრძნეულთა ქვეყანასა წაიყვანეს, რომელ არცა მისლვა ეგების და არცა გამოყვანა, თუ ყოველნი გმირნი და გოლიათნიცა ერთგან შეკრბენ. აწ ვინცა წახვალთ გამოსაყვანებლად, ნება თქვენიაო.
დაგვიმძიმდა ჩვენ ყველასა.
იმარინდომან ეგრე თქვა: არცა, ღმერთო, ვიარები და არცა შველად დავდგები.
მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ვინაჲთგან აქა მოსრულვარ, ვირე არა გამოვიყვან, უსიკვდილოდ დასტურად არა შემოვიქცევიო.
მერმე ეგრე მოაჴსენა აბრამ: მზეო ჭაბუკო, მე სიყმე და სიშვენიერე შენი მეწყალვის და ჭაბუკობა შენი მოუვალ არს. მუნ ნუ წახვალ. ვინცა შესლვასა ცდილა, მთელი ვერ გამოსულა.
მან ეგრე თქვა: ჩემებრი, ღმერთო, არავინ ცდილა. წინამძღვარი მომეც. სხვად ნურა გაგვა.
მან ეგრე თქვა: წინამძღვარი სადამდის ეგებოდეს, მოგცე და, რა აღარა ეგებოდეს, მიღმა გიჩვენონ და, რა უნდა, ქმენო.
დაასკვნეს წასლვა. მზესა ჭაბუკსა დორათ დილამმან ეგრე მოაჴსენა: მეც თან წამოგყვებიო. მადლი უბრძანა. მოვიდა მოსორ ნადირის ძეცა, მოაჴსენა: ჩემთვის არა მიც საქმე, მაგრა შენთვის თავსა არა ვწყალობო. დავასკვენით წასლვა. მოვიდა იმარინდო და ეგრე თქვა: მე ესე უწინაცა მითქვამს, ჩემთვის ამასა გზასა არ წავალ, მაგრა, თუ შენ გინდა, წამოგყვებიო. უთხრა მზემან ჭაბუკმან: ნუ იჭირვი, ჩვენცა კმარვართო. დავასკვენით წასლვა. კვლა მოაჴსენა აბრამ: ისმინე, ნუ წახვალ, ნუ მოიკლავ თავს, მოუვალი არს მუნ წასლვა. ეგრე უბრძანა მას აბრამსა: წინამძღვარი მომეცინ და ვაზირობა არა გინა. მან ეგრე მოაჴსენა: წინამძღვარი, ღმერთო, დია მოგცეო.
მოიყვანნა ოთხნი კაცნი გზისა მეცნიერნი. და იგი კაცნი ფიცევდეს: არა წავყვებით, არათ ღონით არა! აჰა, თავნი ჩვენნი, აქავე დაგვჴოცენითო, ვირემდისი ამაზედა სიმტკიცე არა მივეცით, ვითა: სადამდისი ეგებოდეს, წაგვიძეღვითო.
მერმე გააპირეს წამოსლვა და ეგრე თქვეს: სხვაგან ნუთუ ეგებოდეს, სამი ადგილი არს, ყოლა წასლვისა ღონე არა ეგების. თუ იგიცა წავიაროთ, სადა იგი მეფისა ასული არის, მუნ შესლვა არა ეგების.
მზემან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: გაუშვით, ეგრე თქვენი ჴელი ეტიკობა არს.
ვითა ვეღარა დაუშალეთ წასლვა, დია იტირა აბრამ.
რა ზედა გათენდა, წავედით იგი მზეჭაბუკი, დორათ დილამი, მოსორ ნადირის ძე, მე და ორნი ყმანი მზისა ჭაბუკისანი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! აწყა დაიწყების ამბავი მზისა ჭაბუკისა.
წაგვიძღვეს იგი კაცნი და წავედით. ვიარენით მრავალნი დღენი და გავიარენით სამეფო ხაზართა მეფისა. მივხვდით ქვეყანასა დია კარგსა, დიდსა, მაგრა უკაცური იყო.
ეგრე თქვეს ეტიკთა: მისრულ ვართ ქვეყანასა გრძნეულთასა. ამასა აწვე მოგაჴსენებთ: დიდად გაფრთხილება გინდათ, რომელ მუხთლად არა წაგეკიდოს. თვით რომელი საცხადო არის, ნახოთ, ჭირად ისიცა გეყოფისო.
არა გვარი კაცი არა გამოჩნდა. ოდეს ვნახეთ, ექვსნი ვინმე ტაიჭოსანნი მოდიოდეს და ჴელთა ოროლები ჰქონდათ, ფიცხლად მოდიოდეს. მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: ომად მოვლენ ისი კაცნიო. ჩვენ აღარა კაზმა გვინდოდა. ვითა მოგვეახლნეს ცხენისა შესატევებლად, ერთი კაცი უკანა მოეწია და ეგრე უთხრა: მაგათი ადვილიაო. გვიბრძანებს − იბად აბაშსა წაუვლია და იმას ზედა წაედითო. რა მან კაცმან ესე თქვა, მათ ექვსთა კაცთა თქვეს − ოტიო. შეიქცეს და ფიცხლად წავიდეს. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: დამიმძიმდა, რომელ მან იბად აბაშმან წინა წაგვისწროო. მათ ეტიკთა ეგრე მოაჴსენეს: ნუ გიმძიმს, ვერცა, ღმერთო, იგი იბად აბაში მივალს, სადა მეფისა ასული არის, და ვერცაღა ჩვენაო.
წავედით და მივიდოდით. ყოვლის ქვეყნისა ლაშქარი მოვიდოდა და მას იბად აბაშსა აჴსენებდა ყველა და ჩვენ არარა გვარქვეს. დორათ დილამმან ეგრე თქვა: არს ვინმე კარგი ჭაბუკი იბად აბაშიო.
ვლეთ იგი დღე და არავინ გამოჩნდა. მეორესა დღესა ცოტასა სისხლისა წყალსა გარდვეკიდენით. გაგვიკვირდა და ეგრე თქვეს ეტიკთა: ესე წყალი ჩვენ აროდეს არა გვინახავსო. ნუთუ მას იბად აბაშსა ზედა ომი არის და ესე სისხლი მუნით მოდის?
შევყევით ამა სისხლსა. ოდეს ვნახეთ, კაცი ვინმე გამოქცეულიყო, ფიცხლად მოვიდოდა და ტიროდა. მზემან ჭაბუკმან ჰკითხა მას კაცსა: ვინ ხარ, ანუ რა გჭირსო? მან ესოდენ თქვა: მე იბად აბაშის ყმა ვიყავ − ასერ, იმაზედა ომი არს და ესე სისხლი მუნით მოდის. მგონია მოკლესო. გარე იქცა და წავიდა.
ფიცხლად ჩვენ წავისწრაფეთ და ომსა ზედა მივედით. იგი იბად აბაში ჩამოეგდოთ და დაეკოდათ სასიკვდილოთ. რა დაბადებულვარ, ეგზომი დიდი კაცი არა მინახავს. იგი სისხლი მისი ჩამოდიოდა, ჴრმალი სისხლიანი ჴელთა ჰქონდა და ცხენი ჴელთა ჰყვანდა. აღარავინ იყო, დაეგდოთ და წასულიყვნეს. ჩვენ ზედა წავადეგით და ენა აღარა ერჩოდა. შემოგვხედნა. თუცა გენახა, საზაროდ კმა იყო. დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა ვერ მისწრება მისი. მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: რადგან იბად აბაშსა ესე წაჰკიდებია, ჭაბუკობისაგან იმედი ნუღარავის გაქვსო.
დაგვიმძიმდა და შეგვეზარა. ეგრე თქვა მოსორ ნადირის ძემან: იმას ცხენსა გამოუღებ და თანა წამოვიტანო. ეგზომ დიდი ცხენი არავის უნახავს. ჴელი მიჰყო, თუცა გამოეღო. ეგრე უთხრა იბად აბაშმან: რადგან მომკვდარვარ, ჩემსა ცხენსა არავის მივსცემო. მან მკვდარმან, დაკოდილმან თავისა ცხენსა უნაგირსა ზედა ჴრმალი ჰკრა და, თავმან შენმან, იგი ცხენი შუა გაჰკვეთა და ჴრმალი მიწასა გამოავლო. ცხენიცა მოკლა, უკუიჭრა და თვითცა მოკვდა. გაგვიკვირდა ეგეთისა კვეთიანობა. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ავი ვინმე ყოფილ არს ესე კაცი, თვარა ეგეთისა კვეთიანობა შეეძლო, ვითა ვინ მოკლაო? მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: უკეთესნი თურე დახვდესო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ღმერთო, ავსა გზასა ვართო. ჩვენ, ღმერთო, არა გვეწადა წასლვა, შევშინდით დიდად, განა ვინ გვისმენდა?! ეგრე თქვა მზემან ჭაბუკმან: გვალეთ, რასა უჭვრეტთ, მკვდარი ვინმე ყოფილ არს.
წავედით მუნით და ვიარეთ ცოტა ხანი ეგრეთ. დაღამდა და დავდეგით. ეგრე თქვეს ეტიკთა: ამას ღამეს ტალა გვინაო. ეგრე თქვა დორათ დილამმან: მე ვარ ამას ღამე ტალაო. დადგა ტალასა. მოვიდეს ლაშქარნი მეომარნი. დიდნი ომნი გარდაიჴადნა. მადლი უბრძანა მზემან ჭაბუკმან.
წავედით მუნით და ვლეთ იგი დღე. კვლა თქვეს მათვე ეტიკთა: აქა ტალა გვინაო. მუნ დადგა იგი მოსორ ნადირის ძე და მან კვლა უფროსი ომი გარდაიჴადა. მასცა უბრძანა მადლი მზემან ჭაბუკმან. რასაღა ვაგრძელებდე, ყოველთა კიდის-კიდე ტალაობა გარდავიჴადეთ. მერმე მათ ეტიკთა მოაჴსენეს მზესა ჭაბუკსა: ამას ღამესა სადაცა დავდგებით, თვით დაიმდაბლეთ თავი და ტალასა დადეგითო. ეგრე ბრძანა: გულმაგრად დაიძინეთ, გეშინიან ნურავისაო.
დადგა თვით მზეჭაბუკი ტალასა, მაგრა ყოლა არა გამოუჩნდა და არცა მოვიდა. მისგან თურე ეშინოდა. ეგრე ბრძანა: ადვილსა სატალაოსა დამაყენეთო. მათ ეგრე მოაჴსენეს: ადვილი, ღმერთო, არა იყო, განა ამას ღამე მოვლენ თურეო.
წავედით მუნითცა. ვითა ვლეთ ცოტა ხანი, იგივე კაცნი ტაიჭოსანნი მოვიდოდეს, რომელნი წინასავე გვენახნეს. ოროლები ჴელთა ჰქონდათ, უკანა ლაშქარი მეტად დიდი მოუდგა. თქვეს ეტიკთა: იმათ ლაშქართა მოველოდითო. შემოუტევეს ორთა მათგანთა ცხენოსანთა. ჩვენნი ეტიკნი კიდე მოვიდოდეს. მათ დამართეს, იგი ეტიკნი გაიქცნეს. ჩვენ ვირე უშველდით, ოროლითა ორნი აიხვნეს და წაიხვნეს და ორნი ჩვენ შემოგვეხიზნეს და მათ ორთა გზა და კვალი ვეღარა გავიღეთ.
დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა და ეგრე თქვა: ავად ვიყვენითო. მათ ორთა ტირილი დაიწყეს და ეგრე თქვეს: ამისთვის არა წამოვიდოდითო. ამაზედან მან ცხენოსანმან ყველამან ზარსა დასცეს, შემოგვიტევეს და შევიბენით. მაშინცა გენახა მზეჭაბუკი, ღმერთო, მოგეწონებოდა. მწუხრამდის ვიბრძოლეთ და, ვითა ომი გაგრძელდა, ჩვენ აღარა შეგვეძლო. მზეჭაბუკი მარტო იბრძოდა. ცოტასაღა დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე შესწევდეს. თავმან თქვენმან, ვითამცა ნადიმად ჯდომილიყო მზეჭაბუკ, ესრე არა შეეტყობოდა სიმაშვრალე. ამაზედა შეღამდა და ლაშქარნი გაგვექცნეს და წავიდეს. ჩვენ მუნ დავდეგით, დაიჴოცა დიადი ლაშქარი.
მეორესა დღესა წავედით. დაგვრჩეს იგი ორნი ეტიკნი. ვიარეთ დიდი ხანი და არა გამოგვიჩნდა რა. ჩვენსა საჩინოსა ტბა იყო ცოტა. მოვიდეს ხუთნი კაცნი, იბანეს და ლომად შეიქმნეს და წავიდეს მას გზასა, სით ჩვენ მოვიდოდით. მერმე მოვიდეს ხუთნი ვეშაპნი. მათცა იბანეს და კაცად შეიქმნეს და წავიდეს იგინიცა. მოვიდეს კვლა ხუთნი კაცნი. იბანეს, ფრინვლად შეიქმნეს და წავიდეს. ჩვენ ვთქვით: თუ რანი ვინ იყვნეს, რომელ ჩვენ არა შემოგვეზრახნეს?! შეგვეშინა და ზარმან აგვიხვნა. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ისი ყველა ეშმაურიაო. დავდეგით მას ღამესა მუნ და არა გამოგვიჩნდა. მათ ჩვენთა ეტიკთა ეგრე თქვეს: ერთი საჭირო და საძნელო დღევანდელი დღე არსო. ჩვენ ვკითხეთ, თუ რა არს? მათ ეგრე გვარქვეს: ვისაცა გულსა შიში არს, გრძნებითა რამე შექმნილი არის. რა მას ნახავს, დასტურად გაიქცევის და, ვისაცა გულსა შინა შიში არა იყოს, მას ზედა ომი შეიქმნების.
დორათ დილამმან ეგრე თქვა: მე ეგე არა ვიცი. ეგზომ, ღმერთო, შიში არს გულსა ჩემსა შინა, რომელ რიცხვი და შეგება არა ეგების. მერმე მზემან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: დორათ, გეშინიან, ჩემსა მზესაო? მან ეგრე არქვა: მეშინიან, შენმან მზემანო. მზემან ჭაბუკმან გაიცინა და ეგრე თქვა: მე და მოსორს, ღმერთო, არა გვეშინიანო. მოსორ ეგრე მოაჴსენა: მე ნუ მათვლი. ესდენ, ღმერთო, მეშინიან, რომელ სული ცოტასღა მითქსო. ამას ვიცინოდით, მაგრა შიში გულსა ყოველთასა იყო მის ერთისაგან კიდე. ვკითხეთ მათ ეტიკთა: რა არს იგი გრძნებითა შექმნილი? მათ ეგრე გვარქვეს: არა ვიცით ამისგან კიდე, რომელ რაზომცა ეშინიან, გაიქცევისო.
ზედა გათენდა და წავედით. ოდეს დავხედენით, მათ ლომთა ზედა ხუთნი კაცნი სხდეს და იგი კაცნი, რომელ ვეშაპად შეიქმნეს. შორს თვალისა საჩინოსა ლაშქარი მოდიოდეს ურიცხვი. მოვიდეს იგი კაცნი და შევიბენით ფიცხლად და ომსა შინა ჩვენ გული მოგვაკლდებოდა და შიში შეგვექმნებოდა. მაშ, რაღა ვთქვა? მზეჭაბუკი მარტო დავაგდეთ ომსა შინა. ანაზდად კაცი მოვიდა, ვეშაპსა ზედა ჯდა, ჴელთა მშვილდი პქონდა. ფიცხელნი შემოგვზახნა და ისარი შემოგვტყორცა, მაგრა ჴმა მისი ჯერაც ყურთა ჩემთა არს. მათ ყველამან ზარსა დასცეს და შემოგვიტივეს. მათ ჩვენთა ეტიკთა ეგრე თქვეს: ამას ვიტყოდითო, და ფიცხლად გაიქცნეს და ჩვენცა ფიცხლად გავიქეცით და მარტო დავაგდეთ მზეჭაბუკი. მივიდა იგი ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარი და მარტოსა ომი დაუწყეს. იგი დღე და ღამე იბრძოლეს. ჩვენ არა ვიცოდით. იგი დღე და ღამე უკუღმა ვირბინეთ. მეორესა დღესა მათ ჩვენთა ეტიკთა ეგრე თქვეს: აწ გარდაწყვეტილი არს, რაღაც ქმნილაო. შევიქეცით. ოდეს მივედით, მზეჭაბუკი დგა და იგი ლაშქარნი გაექცივნეს და დაეჴოცნეს. ჩვენ მიმავალნი გვნახნა, გაიცინა და ეგრე გვარქვა: ჭაბუკნო, გულსა შიში თურე გაქვსთ, რომელ გაიქეცითო.
არა თუ სიჯაბნითა გავიქეცით. იგი ორნი კაცნი ლომნი ჭაბუკნი იყვნეს დორათ და მოსორ. განა აგრე რამე შექმნილი იყო იგი გრძნებითა, თუცა რაზომცა შიში გულსა ჰქონებოდა, უღონიოდ გაიქცეოდა. მზეჭაბუკისაგან კიდე ჴორციელისა კაცისაგან არა ეგებოდა, თუცა ეგზომისა ძნელისა გზისა შიში გულსა არა ჰქონებოდა.
მე ეგრე მიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: სავარსიმის ძეო, დიდი არის იგი კაცი, რომელ ესეთსა გზასა შიში არა ჰქონებია!
მე ეგრე მოვაჴსენე: დიდი არის ზომისაგან მეტად და კაცთაგან დაუჯერებელი.
მან კაცმან მოაჴსენა და დაიწყო მბობად:
იგი კაცი, რომელი მას ვეშაპსა ზედა ჯდა და ჩვენ გაგვაქცივნა, და იგი კაცნი, რომელნი ლომთა ზედა სხდეს, ყველანი დაეჴოცნეს მზესა ჭაბუკსა. ჩვენ გვიბრძანა, ვითა, რა ესენი დავჴოცენ, მაშინღა გაიქცა ლაშქარიო. გაუკვირდა მათ ჩვენთა ეტიკთა და ქება შეასხეს და ეგრე მოაჴსენეს: კაცისაგან, რომელსა ჴორცნი ასხენ, შეუძლებელ არს, აწ რომელ შენ ქმენ, და აწ ვიცით, რომელ შიში არა არს გულსა შინა შენსა. კურთხეულმცა არს გული შენიო.
დავყავით იგი დღე მუნ. მეორესა დღესა წავედით და ვიარეთ იგი დღე. ციხე მოგვხვდა და მის ციხისა ძირსა წალკოტი იყო შვენიერი და წყარო გამოდიოდა. კაცი ვინმე ჩვენებურად მოსილი წყალსა ავსებდა. რა ჩვენ გვნახნა და თაყვანისგვცა, ეგრე ვკითხეთ: ვინ ხარ, რომელ ჩვენებური სამოსელი გაცვია? მან ეგრე გვითხრა: პატრონო, მე იბად აბაშისა ყმა ვიყავ. იგი მოკლეს და ჩვენ ტყვედ წამოგვიყვანეს ყმანი მისნი და მე მარტო აქა ვარ და ჩემთა მოყვასთა არა ვიცი რა. ეგრე ვკითხეთ: ვისი არის იგი ციხე და ანუ შიგან ვინ არისო? მან ეგრე თქვა: ციხე ამათი ვისიმე არის. მე ახლად მოყვანებული ვარ. შინა არავინ არის. ერთი დიაცი არის ბერი. რაცა ლაშქარი არის, ყველა თქვენსა მოსლვასა იტყოდეს და ჩაღმა წავიდესო. მოსორ ნადირის ძემან ჰკითხა: ყოლა წინა გზა საჭირო გვიცო? მან ეგრე არქვა: მე არა ვიცი და იგინი დია ძნელსა იტყვიანო.
წავედით და მან ყმამან ეგრე გვითხრა: შორით მოსულხართ, დადეგით ამას ღამე ამასა ციხესა შინა და განისვენეთ. რაცა გინდათ, ცხენთა და კაცთათვის, გვეშოებისო. უსმინეთ და ციხესა დავდეგით. შინა კაცი არავინ იყო. ციხე იყო და სახლები კარგი, შევედით. სახლი იყო დიდი, შეკაზმული. ერთი ბერი დიაცი ჯდა. ზე ადგა და გვაწვივნა. დავსხედით და ეგრე თქვა მან დიაცმან: მაშვრალნი ხართ და პური ბრძანეთო.
ორნი მონანი ჰყვეს მას დიაცსა. ტაბლა მოიღეს და სანუკვარი ყოველი ფერი. მზეჭაბუკი მარტო ჯდა. ჩვენ კიდე დავსხედით, პურსა ვჭამდით. მას სახლსა შინა სამნი კარნი იყვნეს. ანაზდად იჩქითად ორნი კაცნი მოვიდოდეს ჴრმალ-ამოწვდილნი. მზეჭაბუკი ვერა ხედვიდა და ზურგით კერძო იყვნეს დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე. ახლტეს და შეუტევეს. ვირე მზეჭაბუკთანა მოვიდოდეს, წინა მოეგებნეს და მოკლნეს. თუცა დორათ და მოსორ არა ყოფილიყვნეს, მზეჭაბუკი, მაშ, მუხთლად მოკვდებოდა. რა იგი კაცნი მოკლნეს, მას დიაცსა დაუმძიმდა, ზე ავარდა და იყივლა. მათ სამთა კართაგან შემოდენა დაიწყო ლაშქარმან. ერთსა კარსა მზეჭაბუკი დადგა და მეორესა დორათ და მესამესა კარსა მოსორ ნადირის ძე. ომი შეიქმნა დიდი. თავმან თქვენმან, დილითგან ვიდრე მწუხრამდე ომი იყო. ყიოდა იგი დიაცი და მოდიოდა ლაშქარი. შეუტევა დორათ და მოკლა იგი დიაცი. რა იგი დიაცი მოკვდა, ლაშქარი გაიქცა, გზა და კვალი ვერა გავიღეთ. მადლი უბრძანა მზემან ჭაბუკმან დორათსა: ძმაო, კურთხეულმცა ხარ, რომელ იმა დიაცისაგან გვიჴსენო.
სულიერი კაცი მას ციხესა შინა ვერა ვპოეთ და ვერცა იგი, რომელ ეგრე თქვა, ვითა მე იბად აბაშისა ყმა ვიყაო. მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: თუცა იგი დიაცი არა მოეკლა, ჩვენისა ჴსნისა ღონე არა იყო, თუ წელიწადიცა ერთი გებრძოლათ. კვლა დავყავით იგი დღე მუნ. დილასა წავედით. მათ ეტიკთა ეგრე გვარქვეს: აწ უფრო საგრძნეულოსა ქვეყანასა შესრულვართ და გაუფრთხილდითო.
ვიარეთ დიდი ხანი და მოგვხვდა შვენიერი სახლი. შინა შევედით და კაცი არავინ იყო. პური დაგებული იყო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ამა პურსა ყოლა არა ვჭამ, საგრძნეულო არსო. ანაზდად იგი ფრინველნი მოფრინვიდეს, რომელ მას ტბასა შიგან კაცნი იბანნეს და ფრინვლად შეიქმნეს, მოვიდეს და სარკმელნი შემოვლნეს, დასხდეს და კაცად-კაცად შეიქმნეს. ჩვენ მათსა დაჴოცასა ვიგონებდით და ვერა დავჴოცეთ. თუცა დაგვეხოცნეს, პირველ რომელ შემოვიდეს, მშვიდობით დავრჩებოდით. არც არა მათ ჩვენ უთხარით და არც არა მათ ჩვენ გვითხრეს. გვიკვირდა. დიდი ხანი დაყვეს. მერმე ეგრე გვარქვეს: რად არა ბრძანებთ პურსაო? თუ თქვენ არა სჭამთ, ჩვენ ვჭამთო. მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: ჩვენ არა გვინდა, თქვენ ჭამეთო.
დასხდეს, ჭამდეს და იცინოდეს. ჩვენ გაგვიკვირდა. კაცი ვინმე მოვიდა და ეგრე გვითხრა: ისი პური თქვენთვის შეკაზმული იყო. იმათ ეშმათა რად შეაჭამეთო? ამათ, რომელნი პურსა ჭამდეს, აგინეს მას კაცსა და მათ იმან აგინა. შეუტევეს და იგი კაცი მოკლეს და ჩვენ დაგვიმძიმდა ჩვენითა გზითა მოკლვა მის კაცისა. ჩვენ შეუტევეთ და მათ ფრთები პირსა გვკრეს და ჩვენ ცნობა წაგვიჴდა. ოდესცა მოვიქეცით, ხაზარეთსავე კართა ქალაქისათა ვიყვენით. და-მცა-განაღა-გვიმძიმდა. დორათ დილამმან ეგრე თქვა: ღმერთმან იცის, მგონია სიზმარსა შინა ვიყვნეთ, თვარე ესე ვითა მოჴდაო? მოვიდა აბრამ და ეგრე თქვა: არა მოგაჴსენე, რომელ ვერა შეხვიდოდითო?
დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა ძნელად. აბრამ ეგრე ჰკითხა: სადამდის იყვენითო? ჩვენ ყველა უთხარით. მან ეგრე თქვა: საჭირო ყველა ჩაგივლიათ და მოცთომით წაგკიდებიათ. თუცა წინასა იგი ფრინველნი დაგეჴოცნეს, მშვიდობით დარჩებოდითო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: მე უღონიოდ წავალ, იცოდითო. მოსორ ნადირის ძემან მოაჴსენა: მე ვერა გკადრე, თვარა უღონიოდ წასლვა სჯობს. არა ომისა შიშითა წაგვკიდებია, საეშმაო საქმე გარდაგვკიდებიაო. გვიშლიდა აბრამ და არა ვისმინეთ. რაღასა ვაგრძელებდე, წავედით და მასვე სახლსა მივედით, სითაც წამოსრულ ვიყვენით. სულიერი მუნ ვერა ვპოვეთ რა. ანაზდად ვნახეთ, იგი ფრინველნი მოვიდეს. დორათ ეგრე თქვა: აჰა, იგი ფრინველნიო. ვითა დაგვესწორნეს, ქვე ჩამოცვივდეს და მოკვდეს. გაგვიკვირდა, თუ რამ დაჴოცნა? − ღმერთმან იცის, ეშმაური საქმე არს, დაეჴსენით! დორათ ეგრე თქვა: ვნახავ, რა სჭირსო. მოსორ ეგრე არქვა: ჴელსა ნუ მიჰყოფო. ორთავე ოროლისა ტარებით მიჰყვეს. ცეცხლი გამოვიდა და ოროლები დაწვა. ესე იყო ღალატი მათი: თუცა ჴელი მიგვეყო, დავიწვებოდით, განა გვიჴსნა ღმერთმან ამათისა გრძნებისაგან.
მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: ღმერთო, დიდსა ფათერაკისაგან დავრჩით. აწ იმა ფრინველთაგან ნუღარას გეშინიანო. წავედით მუნით და მივხვდით სამაროვანსა. ყოვლისა ქვეყანისასა მკვდარი მუნ იყო და ყველა ზე წამოჯდა და ჴელსა გვიხრიდა, ვითა: მოდით ჩვენთანა, ესე რა მოსლვავე გინდათო. ჩვენ არა დავხედენით და არცა რა პასუხი გავეცით. მაშა საზაროდ და საშიშრად კმა იყო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ნუთუ შეშინდეთ, ყოველი საეშმაო საქმე არსო? მათ მკვდართა ეგრე თქვეს: რა ცოტა ხანი ჩაიაროთ, ორპირვე მოსლვა გინდათო. არა დავხედენით და არცარა პასუხი გავეცით. ვითა ცოტა ჩავიარეთ, კლდენი იყვნეს ამიერ და იმიერ და შუა გზა გავიდოდა და ვეშაპი იყო მეტად დიდი უმაგალითო და გზასა ზედა დადგომილიყო. პირი აეშკმო და ცეცხლი გამოვიდოდა პირისა მისისაგან. ამას ბრძანებდი: საზაროდ კმა არისო. ეგზომ დიდი სულიერი არა მინახავს. მათ ეტიკთა ეგრე უთხრა მოსორ ნადირის ძემან: სხვაგნით გზა არსად არისო?
მათ ეგრე თქვეს, თუ: ვით გაიარებთ, გზა ეს არისო.
მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: იქით გზა, ღმერთო, მე შეგიქმნათო.
შეეკაზმა და ხიშტნი აიხვნა. მიმართა მას ვეშაპსა. იგი ჴევი ლაშქრითა აივსნეს, კიოდეს და ისრითა გვესროდეს, ზოგნი − ოროლითა, ზოგნი − ქვითა. საზაროდ კმა იყო.
მზემან ჭაბუკმან ეგრე ბრძანა: თქვენ ლაშქართა ებრძოდეთ, ვირემდის ვეშაპისაგან მოვიცლიდე, და, თუ უნდა, ვეშაპთა ზედა მოედით და ლაშქარნი მე შეგიკაზმნე, ვითა ჴამს. ისი რომელ ისვრიან ქვითა, ისრითა, ცეცხლითა და ოროლითა, ნუ გეშინიან, ყველა გრძნებითა არსო.
მათ ეგრე მოაჴსენეს: მიედ შენ ვეშაპსა ზედა და ჩვენ ლაშქარსა ზედა მივიდითო.
ფიცხლად შეექცნეს. დორათ და მოსორ ლაშქართა შეებნეს ესრე ფიცხლად, რომელ კაცთაგან ნაქმრად კმა იყო და მეტი აღარა ეგებოდა. მზეჭაბუკი ვეშაპსა ზედა მივიდა. წინა მოეგება იგი ვეშაპი. მზემან ჭაბუკმან ჰკრნა ხიშტნი პირსა. მერმე შეუტევა ვეშაპმან, ცხენი შეიპყრა და კაცი ზე გარდაესწრა, ცხენი მოუკლა. ჰკრა ჴრმალი მზემან ჭაბუკმან და ვეშაპი გაესწრა. მიეწია და ზურგსა კვლა ჰკრა ჴრმალი და მოკლა ვეშაპი. შემოიქცა ფიცხლად და შველად ჩვენდა მოვიდა ქვეითი, ვითა ვეფხი. მოვიდეს ორნი კაცნი ფრთოსანნი, ცხენთა ზედა სხდეს. მოეკიდა იგი ფრთოსანი დორათ დილამსა, აიღო უნაგირისაგან. მაშინ მიესწრა მზეჭაბუკი და მოკლა იგი ფრთოსანი. მერმე იგი მეორე მზესა ჭაბუკსა მოეკიდა და, ვირე მზეჭაბუკი ჴრმალსა ჰკვრიდა, ნახა მოსორ ნადირის ძემან და ფიცხლად შეუტივა და მან იგი მოკლა. ამაზედა გაიქცნეს იგი ლაშქარნი. და მათ ეტიკთა ქება შეასხეს, ვითა: არა ნახულა ჭაბუკი შენებრი და ქებისაგან უმეტესი ხარ, არცა ვის შენებრი ყმანი ჰყვანანო. მოუვალი იყო კაცისაგან იმა ვეშაპისა მოკლვა, ლომურად იყვნეს დორათ და მოსორ, თვარა მზეჭაბუკსა ომი გაუმარცხდებოდა. თუცა მოერეოდა ყველასა, განა ამათ დიდი უშველეს.
დავდეგით მას ღამესა მუნ და მათ ეტიკთა მოაჴსენეს, ვითა: ჩვენდა ფიცი გებრძანა, ვითა, სადა არა გწადდეს, არა წაგიტანნეო. აწ მიწურვილხარ, სადა იგი მეფისა ასული არს. ხვალე გიჩვენებ მას ადგილსა და ჩვენ აღარა წამოვალთო. მზემან ჭაბუკმან ფიცით უთხრა, ვითა მიჩვენეთ და აღარა მიგიტანთო.
დილასა წავედით და მივედით ადგილსა ძნელსა და საკვირველსა. კლდე იყო დიდი და ძირსა მისსა ქვაბი იყო და მის ქვაბისაგან ჴმა გამოვიდოდა საკვირველი. მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: იქი შიგან არის მეფისა ასული და ჩვენ აღარა წამოვალთო. დადგეს იგინი და ჩვენ წავედით მის ქვაბისაკენ. ვითა მივეწურენით, ჩვენ გული შეგვჯაბნებოდა და მზეჭაბუკსა არა შეეტყობოდა. შეეკაზმა საქვეითოჲთა აბჯარითა და ეგრე გვითხრა: ვერა შეგიძლიათ წამოსლვაო? წავედით და ქვაბისა ძირსა მივდეგით. გამოვიდეს კაცნი აბჯაროსანნი. მივიდა მზეჭაბუკი და არა მიჰყვნეს დორათ და მოსორ. დარჩა მზეჭაბუკი მარტო. იგი დღე ქვაბისა კარსა იბრძოლა, შეუჴდა შინა. ჩვენ გვესმოდა ჴმა მათი და მზისა ჭაბუკისა გვეგონა სიკვდილი. გამოვიდა კაცი და მზისა ჭაბუკისა თავი ჴელთა ჰქონდა და ეგრე თქვა: ასრემცა მინახავს ყოვლისა აქა მოსრულისა კაცისა თავიო. ჩვენ ეგრე გვითხრა: თქვენ არას გაბრალებთ და არცა დაგჴოცთ, მშვიდობით წადითო.
ჩვენ ტირილი დავიწყეთ, გულისად სიკვდილი გვეგონა მზისა ჭაბუკისა. წამოვედით და, სადა იგი ვეშაპი მოეკლა, მუნ მოვედით. ვტიროდით მზისა ჭაბუკისათვის და ამას ვიტყოდით: მოვაჴსენეთ და არა გვისმინა, ვითარი ჭაბუკი ვითა მოკვდა, არა ეგებოდა თვით აქამდისცა მოსლვაო. დავყავით მუნ სამი დღე. ანაზდად მოვიდა მზეჭაბუკი და იგი ხაზართა მეფისა ასული თანა მოიყვანა. ჩვენ ფიცხლად წინა მივეგებენით და შეგვექმნა სიხარული. მზემან ჭაბუკმან ეგრე ბრძანა: ვაი, რომელ ვერა მხედევდით, თვარა ჭაბუკობისა ნაქმარად კმა იყო, რომელ მე ვყავ. ზენაარმან ღმრთისამან, ხუთი დღე და ღამე ომსა შიგან დამიყოფია, რომელ დღეთა ჩემთა შიგან ეგეთი ომი არა გარდამიჴდია, განა ესე ჩემი ომი ამად, ღმერთო, ღირსო. მიჰყო პირსა ჴელი და აკოცა. აწ ყველა მოგაჴსენო.
იგი, რომელ მზისა ჭაბუკისა თავისა მსგავსი მან კაცმან გამოიღო, გრძნებითა ექმნა ჩვენად საშიშრად და იგი იბად აბაშიცა გრძნებითა შექმნილი იყო და იგი ჩვენი ეტიკნიცა გრძნეულნი იყვნეს, თვარა ყველა იცოდეს. იგი ორნი ეტიკნი რომელ შეიპყრნეს, თავი თვით შეაპყრობინეს. იგი კაცი, რომელი წყაროსა ზედა დაგვხვდა, და იგი პირცეცხლი ვეშაპი და ფრინველნიცა გრძნებითა შექმნილნი იყვნეს, რომელმცა შეშინდეს და გაიქცნესო. ხვასრო ხაზართა მეფესა საფიცი დაედვა, ვითა: ვირე ეგეთი ჭაბუკი არა ვიპოო, რომელ მისებრი ქვეყანასა ზედა არა იყოს, მანამდის ასული ჩემი არავის შევრთო და სამეფო ჩემი არავის მივსცეო. გამოსცადა დასტურად, რომელ არა იპოებოდა მისებრი კაცი და ჭაბუკი ქვეყანასა ზედა.
წამოვედით მხიარულნი და ხაზართა მეფისა ასული თან წამოვიტანეთ. მოგვეგება წინ ხაზართა მეფე ყოვლითა მისითა დიდებულითა და ლაშქრითა. შეასხეს ქება მზეჭაბუკსა და ეგრე უთხრა ხვასრო ხაზართა მეფემან: შვილო, მე სიძე და მამულისა უხუცესი ეგეთი მინდა, ვითარი შენ ხარო. წამოვედით და მივედით ხაზარეთს. შემოკრიბა ხვასრო ხაზართა მეფემან ყოველი მისი დიდებული და მცირებული და შერთო ასული მისი ცოლად მზეჭაბუკსა. დაადგა სამეფო გვირგვინი თავსა მისსა და მისცა სამეფო მისი ყოველი და ეგრე უბრძანა დიდებულთა მისთა: აჰა პატრონი თქვენი და მეფე თქვენიო. მათ ყოველთა შეასხეს ქება და დალოცეს მეფედ. საჭურჭლეთა, ქალაქთა და ლაშქართა არა იყო რიცხვი. დაიჭირნა ყმად დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე, დიდად ნამსახურნი იყვნეს და დიდადაც გაადიდნა. დაყვნა მრავალნი წელნი და მოკვდა იგი ხაზართა მეფე. და მან დაიპყრა ყოველი სამეფო მისი. მზეჭაბუკი ნადირობდის, არავინ იყო უნებური მისი. მრავალნი სხვანიცა ქვეყანანი შეიმატნა. მისისა სიკეთისა და ლაშქართა სიმრავლისა არა ითქმის ნიშანი. არავინ უჩნდა მტერი და, თუ იყოცა, ვერავინ რას ჰკადრებდა. მინახვან მრავალნი ჭაბუკნი, მაგრა ჯერეთ არავინ ნახულა მისებრი. დაყვნა მრავალნი წელნი და წაიხვნა მრავალნი სამეფონი. და მიეცა შვილი მათ ორთავე მსგავსი მათი. ოდესცა მოკაზმულნი ცოლ-ქმარნი საჯდომთა დასხდიან, კაცისა თვალნი მათებრსა ვერასა ნახვიდა. სიხარულისა და ნადირობისა რიცხვი არა იყო.
დღესა ერთსა გვენადირა და კართა ქალაქისათა კაცნი ვინმე დაგვხვდეს ექვსნი შეკაზმულნი. თვალად კარგნი ლომნი ჭაბუკნი იყვნეს. გარდაჴდეს, თაყვანისცეს და ქება შეასხეს. მოიკითხნა მდაბლად, მივედით შინა და უბრძანა: დააყენენითო. აღარცა რა მათ შემოგვიზრახნეს და აღარცა რა ჩვენ. მრავალნი დღენი დაყვნეს და ნადირობასა თანა გაიტანნის. მშვილდოსანნი იყვნეს კარგნი და მონადირენი. შინა მოვიდის და პურად უჴმნის. ნადიმსა ზედა არავინ გაუშვნის, საბოძვარსა უბოძებდა და დიდად შინაურად და კარგად ექცეოდა, აქებდა: კარგნი ვინმე კაცნი არიანო.
გამოჴდეს დღენი მრავალნი და მათ კაცთა მოციქულნი მიუგზავნეს, ვითა: ჩვენ ღარიბნი ვინმე კაცნი ვართ, ამხანაგნი ერთმანერთისანი და ცოტანი ერთგან დაზრდილნი ვართ და, ვისაცა შევწყნარებივართ, პატრონი ვერავინ მოგვწონებია. აწ გვასმია ჭაბუკობა და სიკეთე შენი. მოსრულვართ წინაშე შენსა, ესდენი ხანი დაგვიყოფიან და მით არა მოგაჴსენეთ, რომელ გავიცდიდით ჭაბუკობასა შენსა. აწ გნახეთ ჭაბუკი და ეგეთი, რომელ არცა ვის სხვას უნახავს და არცა ჩვენ გვინახავს. აწ დაგვიჭირენ ყმად და, რაცა ჩვენსა გვარსა კაცსა სხვისთვის არა ემსახუროს, ისე თქვენ გვიმსახურეთ და, თუ საჭაბუკო საქმე დაგივარდეს, ესე ბრძანოთ, თუ: ისი კაცნი ჭაბუკად კმა არიანო.
მზეჭაბუკი დიდი მეფე იყო და ჭაბუკობისა მოყვარე. ეგრე უბრძანა: მე დიდად გამხარებია თქვენი მოსლვა და ჭაბუკობისათვის მიყვართ. აწ ვითამცა ძმანი ხართ ჩემნი და არა ყმანი, ეგრე დაგიჭირნეო.
მოვიდეს და თაყვანისცეს ყმად. საბოძვარი და საკარგავი უბოძა კიდის-კიდე ყოველთა. იყვნეს და მსახურებდეს ერთგულად. მზეჭაბუკი კარგად ექცეოდა, კარგნი ჭაბუკნი იყვნეს და კარგნი მშვილდოსანნი და მოასპარეზენი და ყოვლითა ფერითა საჴმარნი კაცნი იყვნეს. უყვარდეს მზეჭაბუკსა, განა ყმასა ყველასა დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე ერჩივნეს, და დიდად შინაურად ჰყვნეს იგი ექვსნი კაცნი ეგზომ, რომელ საწოლსა შინა უწვნიან და ერთგულად ხედვიდეს.
ალი ვისმე ერქვა სახელად. კაცი ვინმე იყო დიდებული, ხაზართა მეფისა გაზრდილი ბერი კაცი. მან ეგრე მოაჴსენა მზეჭაბუკსა: გხედავ, რომელ პირსა მიწისასა კაცისა ყველაჲსა მჯობი ხარ და მეფე ხარ ამის ყოვლისა ქვეყანისა და არც ვის ომი შეუძლია. მტერი არავინ გიჩნს, მაგრა ვერავინ გავნებს და, რამცა ვინ გკადრა, ყოველსა ქვეყანასა მარტოსა შენი ომი არა შეუძლია პირისპირ, მაგრა მუხთლად სიკვდილისა შენისაგან მეშინიან. გარეგანნი მეფენი ზოგნი მტერნი არიან შენნი და ზოგთა უმძიმს სიკეთე შენი. ნუთუ ვინ ღმერთი შეგვარისხოს და კაცნი მოიბირნეს და უბადოდ მოჰკვდე? ისი ექვსნი ჭაბუკნი, რომელ დაგიჭირვან, მათგან მეშინიან. არა თუ ამას მოგაჴსენებ, ვითა გაასხნე, მაგრა შინაურად ნუ დაგიჭირვან, ვირე არა სცნა მათი ამბავი.
ეგრე უბრძანა: ერთგულობისათვის და ჩემთვის შეჭირვებისათვის მადრიელ ვარ, მაგრა იმათ კაცთა ჩემი სიკვდილი არა შეუძლია, თვარა მე გამოგიცადნე, თუ ვითა შეეძლოს.
მოიყვანნა იგი ექვსნი ჭაბუკნი და ჰკითხა: ვიცი, რომელ ჴელი თქვენი ჭაბუკობა არს. აწ მითხარით თქვენნი ნაქმარნი, თუ რა უფრო გმარჯვიათ ომიო.
მათ მოაჴსენნეს ნაქმარნი მათნი მრავალნი და კარგნი, ყველა მართლად და თუ ტყუილად, არა ვიცი. ბოლოსა ჟამსა ესე მოაჴსენეს: ჩვენდა კაცი ვერავინ შებმულა, ომისა რომელ გვკითხე. არაბეთს გაზრდილ ვართ. ომი ყველა გვმარჯვია, განა ისარი შორს მოჰკლავს კაცსა და ჭაბუკობა არად გამოჩნდების.
ეგრე უბრძანა მზემან ჭაბუკმან: თუ არა დაგიმძიმდების, გა-სადმე- გგზავნი საჭაბუკოსა ადგილსაო.
მათ ეგრე მოაჴსენეს: მტერი შენი ფერჴთა შენთა ქვეშე მოვიყვანოთ, ესრეთ გმსახუროთ.
მზემან ჭაბუკმან მადლი უბრძანა და ეგრე უთხრა: ყმა იყო ჩემი და ლომი ჭაბუკი, გაზრდილი ჩემი, გა-რასმე-ჰკრთა ჩემგან. ციხე აქვს მაგარი და შიგან დგას. არა თუ რასმე შემცოდებს, განა ჩემთანა არა მოვალს და, ოდესცა მივმართო, ციხეშიგან შემიდგების. იგი ციხე მაგარი არის და აღების ღონე არ არის. ოდეს შორს ვიყო, გამოვა, მოიარებს და ინადირებს. არავისგან ეშინიან. მართალი გითხრა, დიდად ლომი ჭაბუკი არს. ჩემგან კიდე მეომარი მისი არავინ არს, მაგრა მე ვერა შემებმის. აწ წაედით, შეიპყარით და მომგვარეთ. აწვე გითხრობ: თუცა ექვსნი ხართ, გაგიძნელდებისთ მისი ომი. ოროლითა იბრძვის იგიცა.
უქადეს მათ კაცთა და ეგრე მოაჴსენეს: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! ადვილი სამსახური არის ექვსთა კაცთაგან ერთის კაცისა შეპყრობა და, თუ გვიბრძანოთ, ერთი რომელიმე წავიდეთ, ეგრეცა შევიპყრათო.
მზემან ჭაბუკმან ეგრე უბრძანა: ყველანი წაედით და კაცურად ეცადენითო.
მათ მოაჴსენეს: კაცი გვიბოძეთ, რომელ მიგვიყვანნესო.
მისცა მზემან ჭაბუკმან წინამძღვარი კაცი და გაგზავნნა. და მას კაცსა ეგრე უბრძანა: ვანისა ციხისა ძირსა, რომელ მინდორი არის, მუნ მიიყვანენიო. უბრძანა ალის: წამოედ, მე გიჩვენო მათ კაცთა ჭაბუკობაო. წავიდა მზეჭაბუკი და ალი მარტო თანა წაიტანა და მეც თანა ვიახელ. არავინ იცოდა ჩემგან და ალისაგან კიდე. მივედით ციხისა ძირსა. შეიქმნა დასაბურველი პირისა მზემან ჭაბუკმან, რომელ არ მიცნანო. შეეკაზმა და ოროლნი ჴელთა აიხვნა. მოიყვანნა მან კაცმან იგი ექვსნივე ჭაბუკნი და ეგრე უთხრა: აჰა, იგი კაცი, რომელი მზემან ჭაბუკმან გიბრძანათ. ამაზედან მზეჭაბუკსა ექვსთავე შეუტევეს, ჴელთა ოროლები ჰქონდათ. ცოტად მზეჭაბუკი გაექცა და ეგრე შეჰყივლეს: წა-ვეღარსად-გვიხვალო! შემოიქცა და ეგრე უთხრა: უბადონო, მზეჭაბუკსა თქვენი აწყვედა ნდომია, მით გამოუგზავნიხართ აქაო. შეუტევა და თავმან თქვენმან, ვითამცა ცოტანი ყმანი ყოფილიყვნეს, ეგრე უჭირველად ჩამოყარნა. და ეგრე უთხრა: თვით რად არა მოვა მზეჭაბუკი და იგი არა შემიპყრობს? ქეეყანა უკაცური ჰგონიაო? მათ გინაღამცა დაუმძიმდათ.
მოვიდა მზეჭაბუკი და ალის ეგრე უბრძანა: ალი, შეუძლია იმა კაცთა ჩემი სიკვდილიო?
მან ეგრე მოაჴსენა: პირისპირ ვერა, თავმან თქვენმან, არა იმათ კაცთაგან, ვერცა ვის სხვათაგან, მაგრა მუხთლად სიკვდილისაგან მეშინიანო.
− აწ იმათ, ღმერთო, ვერცა მუხთლად შეუძლიაო.
წამოვედით და, ვირე იგი კაცნი მოვიდოდეს, ჩვენ შინა მოვედით და იგინიცა მოვიდეს და ეგრე თქვეს: ციხით გარე არა გამოვიდაო. მზემან ჭაბუკმან ყოლა არა შეიდვა თავსა, კარგად ექცეოდა, მათგან შიში არა ჰქონებია.
წავედით ნადირობად ველსა ზედა. დგის მზეჭაბუკი და იგი კაცი კარავსა შიგან უწვნიან. გვენადირა და მოსრულ ვიყვენით. პური ებრძანა და ძილად წვა მზეჭაბუკი. და იგი მოსორ ნადირის ძე წინა უწვა. დორათ დილამი მუნ არა იყო. ადგეს იგი ექვსნივე, პერანგითა მწოლსა მზეჭაბუკსა დაშნები დასცეს გულსა და მოსორ ნადირის ძესაცა დასცეს დაშნები. ავარდა მზეჭაბუკი საკლავად დაკოდილი და იგინი გაიქცნეს. მიეწია ერთსა, შეიპყრა, დასცა ქვეყანასა ზედა და მოკლა. და იგი ხუთნი ტაიჭთა ზედან გასხდეს და წავიდეს. მოსორ ნადირის ძე ჴელ და ჴელ მოკლეს. ოდეს მივედით, მზესა ჭაბუკსა ოდენ სული ედგა ჯერეთ.
ატირდა კაცი იგი, პირსა ჴელნი იკრნა. ატირდა ამირან დარეჯანის ძეცა და ჩვენცა ყველანი ავტირდით. ძნელად გვიმძიმდა და დიდი ხანი ვიტირეთ.
მერმე ეგრე გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ჯერეთ გაასრულოს ამბავიო. სიტყვასა ძლივ გამოაგებდა ტირილისაგან.
თქვა მან კაცმან: სული ედგა ჯერეთ და ეგრე ბრძანა: ხედავთ, ვითა მუხთლად მოვკვდი ვითარითა კაცთა ჴელითა? და ჩემოდნადვე მოსორ ნადირის ძისაცა მიმძიმს სიკვდილი. დორათ დილამსა მარტოსა ჩემთა სისხლთა ძებნა არა შეუძლია. ვინცა კარგი ჭაბუკი იყოს, უთხარით ჩემი ამბავი და ჭაბუკობა და, რა ესმნეს ნაქმარნი ჩემნი და ჭაბუკობა ჩემი სცნა, შევეწყალები და სისხლთა ჩემთა ეძებსო.
დიდებულთა მუნ რომელ იყვნეს, ეგრე დაავედრა: შვილი ჩემი ცოტა არს, გაზარდეთ. და შეუთვალა დორათ დილამსა, ვითა: შენ კარგი კაცი ხარ და კარგი ჭაბუკი. ვაშად რომე აქა არა იყავ, თვარა შენცა მოჰკვდებოდი მუხთლად. აწ მე შენთვის კარგი ვყოფილვარ და შენ შვილი ჩემი გვედრია. ნუ დააგდებ, გაზარდე, ნუთუ კვლა კარგი შეიქმნას. შენ მარტო ნუ ეცდები სისხლთა ჩემთა ძებნასა. შენ მარტო ხარ და იგინი მრავალნი, მაგრა, თუ ვინ სადა კარგი ჭაბუკი ჰპოოთ, უთხარით, ნუ შეარჩენთ სისხლთა ჩემთა და მოსორისათა.
ეს თქვა და ცოტად ატირდა და ეგრე ბრძანა: არა სიკვდილი ოდენ მიმძიმს, მაგრა ავთა კაცთაგან მოვკვედო.
ამაზედან მოკვდა. ვიტირეთ დიდი ხანი.
რა ესე ამბავი დაასრულა მან კაცმან, ოდეს დავხედენით, დედანი და მამანი შაოსანნი სამი ათასნი ცხენოსანნი მოვიდოდეს. კაცი მიუგზავნეთ და ვკითხეთ მათ კაცთა: ვინ ხართო?
მათ ეგრე თქვეს: დედა არის მზისა ჭაბუკისა და შვილი, და დორათ დილამი ყმა მისი და დიდებულნი მზისა ჭაბუკისანი.
გაეგება წინა ამირან დარეჯანის ძე და მოიკითხა დედოფალი, დედა მზისა ჭაბუკისა, და დიდებულნი მისნი და იგი ცოტა ყმა ჴელითა აიხვნა, მსგავსი მზისა ჭაბუკისა, დიდად შვენიერი. მოვედით შინა. დაუცალა სახლი დედოფალსა და თვით სხვასა სახლსა შევიდა. დიდებულნი მისნი თავის თავისად დააყენნა. ესრე პატივითა დაიჭირნა, ვითა დედა პატრონისა მისისა. და იგი დორათ დილამი დიდად უყვარდა ჭაბუკობისათვის. დაყვნეს დღენი მრავალნი და არა შეეზრახნეს, მაგრა ძღვენი ტურფანი უძღვნა მრავალნი მზისა ჭაბუკისა დედამან ამირან დარეჯანის ძესა და ეგრევე დარეჯანის ძემან მას უძღვნა და ყოველთა დიდებულთა მისთა კიდის-კიდე.
გამოჴდეს დღენი მრავალნი და მოვიდა დედოფალი დარეჯანის ძისასა და დიდებულნი მისნი და ცოტა ყმა თანა ჰყვეს. ეგრე არქვა დედოფალმან დარეჯანის ძესა: შენ დიდებული კაცი ხარ და კარგი ჭაბუკი, რომელ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი არა არს. თუ მე უცხო ვარ შენგან და შვილი ჩემი უცხო იყო შენგან, მაგრა სიკეთითა შენითა უცხოობა ჩვენი არა გაგვა. ანდერძი არის შვილისა ჩემისა, რომელ შენგან კიდე ვერავინ აღასრულებს. ოდეს მოკვდებოდა, ეგრე თქვა: ვინცა კარგი ჭაბუკი იყოს ქვეყანასა ზედა, უამბეთ ჭაბუკობა ჩემი და ესრე მუხთლად სიკვდილი, შევეწყალები და ეძებს სისხლთა ჩემთაო. აწე გვასმია ჭაბუკობა და სახელი შენი და მოსრულვართ წინაშე შენსა. რაცა შეჰგავს სიკეთესა შენსა, იგიცა ქმენო. ამას ყმასა შენ შემოგვედრებ და, ვითაცა გინდა, გაზარდეო.
ჴელი მიჰყო მას ყმასა და უბესა ჩაუგდო. ესე ყველა ტირილითა უთხრა. თვით ადგა და წავიდა, ეგრე თქვა: სხვა ყველა დორათ და დიდებულთა მოგაჴსენონ. დასხდეს და დაიწყეს მბობა. ვითა მან კაცმან, ეგრე დორათ დილამმან უამბო და ამბავსა შინა ყველა ტიროდა.
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან მათ კაცთა: მიზეზი რა იყო, ანუ მო-რად-კლეს იგი პატრონი შენი მზეჭაბუკიო?
დორათ ეგრე მოაჴსენა: ოდეს ხაზარეთს ქალაქისა კართა ზედა ომი იყო, მაშინ ღამარ ღაზნელმან ამირ იამანელი ჩაბალახ-წარჴდილი მუხთლად მოკლა. [მაშინ იგი] მზეჭაბუკისა გვერდით იდგა და დაუმძიმდა ამირ იამანელისა სიკვდილი მზესა ჭაბუკსა. მერმე იგი ღამარ ღაზნელი მზეჭაბუკსა შეება. მზემან ჭაბუკმან ღამარ ღაზნელსა ჴრმალი ჰკრა ჩაბალახსა ზედა და ორად გაკვეთა. ესე ამბავი ღაზანს მივიდა. შეიკრიბნა ძმამან მისმან მახოსტო ღაზნელმან ჭაბუკნი ექვსნი, მოვიდეს მზეჭაბუკთანა, მან შემოიწყნარნა იგინი. უმუხთლეს და მძინარე მოკლეს მზეჭაბუკი ექვსთა − მახოსტან ღაზნელმან, ფირუზენ ბივრელმან, ალი ნადაბის ძემან, საბურ მისრელმან, აბირ არაბმან და შავმა ჭაბუკმან. ამათ ექვსთა დაშნები დასცეს პერანგითა მწოლსა. წინა მოსორ უწვა და მასცა დასცეს დაშნები და მოკლეს. მზეჭაბუკი ავარდა დაკოდილი და მიეწია შავსა ჭაბუკსა, აიღო, ქვეყანასა ზედა დასცა და მოკლა. სხვანი წავიდეს.
ამაზედა დაასრულა ამბავი მზისა ჭაბუკისა დორათ დილამმან და ჩვენ ვიტირეთ ყველამან. მერმე ადგა ამირან დარეჯანის ძე, დიდებულნი თანა წაიტანნა და წავიდა დედოფლისასა და ეგრე უთხრა: დედოფალო, მე ამას გიქადებ, რომელ ანუ ვძებნნე სისხლნი მზისა ჭაბუკისანი და ანუ მოვკვდე მეცა მასვე თანა. და ესე შვილი მისი ასრე გავზარდო, ვითა შვილი პატრონისა ჩემისა.
დედოფალმან მადლი გარდაიჴადა და ტირილითა დალოცა და წავიდეს იგინი. და ჩვენ შევქენით პაემანი დორათ დილამსა და წავიდა შინა კაზმად. დაასკვნა წასლვა ამირან დარეჯანის ძემან და შევეკაზმენით სახელსა ზედა ღმრთისასა.
კარი მეთერთმეტე
სისხლთა ძებნისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
გაგზავნა კაცი სეფედავლეს თანა ამირან დარეჯანის ძემან და წაატანა თანა რაიბ ნობა და ეგრე შეუთვალა:
“გაიკითხე ესე კაცი და გიამბოს ამბავი მზისა ჭაბუკისა და სცნა სიკეთე და ჭაბუკობა, სიშვენიერე და ბოლოდ მუხთლად სიკვდილი უბადოთა კაცთაგან და ამბავი დიდად დასამძიმებელი და მოგაჴსენოს ანდერძი მისი. ესე უთქვამს, ვითა: ვინცა კარგი ჭაბუკი იყოს, მან ძებნოს სისხლი ჩემი. რა ცნას ჭაბუკობა ჩემი და სიკეთე, შევეწყალები და სისხლთა ჩემთა ეძებსო. აწ მოვიდეს სახლსა ჩემსა დედა მზისა ჭაბუკისა და დიდებულნი მისნი, დორათ დილამი, ყმა მისი, და შვილი მზისა ჭაბუკისა ამისთვის, რომელ ვძებნნეთ სისხლნი მისნი. მოვიდოდეს თქვენთანაცა და მე აღარა გამოუშვენ ამისთვის, რომელ ბერი დიაცი არის და გზანი შორნი და ძნელნი იყვნეს. მე შენ მაგიერ და ჩემ მაგიერ მიქადებია ესე პირი, რომელ ანუ ვძებნნეთ სისხლნი მზისა ჭაბუკისანი და ანუ ჩვენცა დავიჴოცნეთ”.
მასვე თანა წავიდეს მოციქულნი სეფედავლესა თანა და შემდგომად მრავალთა დღეთა მივიდეს. ასმიოდა ამბავი მზისა ჭაბუკისა. სიკეთე და მუხთლად სიკვდილი. დამძიმებოდა დიდად და ეგრე შემოეთვალა: ვითა ჰხვდების ჭაბუკობასა შენსა, ეგრე გიბრძანებია. წამოვალ და დაგხვდები რომელსამე გზასა ღაზანისასა. არის დიდი და მაგარი ქვეყანა, ლაშქარი დიდი და ძნელი. და ჩვენცა ლაშქრითა წავიდეთო. ადგილი დაესახელა, ვითა: მუნ შევიყარნეთო.
შევეკაზმენით [ჩვენ] და იგი დორათ დილამი, ხაზართა ლაშქრითა ორმოცი ათასითა კაცითა წავედით. მივედით მას ადგილსა, სადა მოსლვა ეთქვა სეფედავლეს. მასვე ადგილსა მოსრულიყო იგიცა და ჩვენცა მივედით ლაშქრითა ორმოცი ათასითა. მეტად გაეხარნეს სეფედავლეს მისლვა ამირან დარეჯანის ძისა. მოიკითხეს ერთმანერთი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! წავედით და ვიარეთ მრავალი დღე. მოვიდეს კაცნი ჯაშუშნი დორათ დილამისანი. გვითხრეს ღაზნელთა ამბავი, ვითა: უცნია მისლვა თქვენი და ჰკრეფენ ლაშქარსა ღაზანსა შიგან. მათად შველად მოსრულ არიან სორაზან რასელი, უსტარაზან ასურასტნელი, კარგნი ჭაბუკნი და დიდისა ლაშქრისა პატრონნი, მაგრა თქვენ, ვინაჲთგან ორნივე მოსულხართ და ყმანი ესე თქვენნი, ომისა თქვენისა გასწორება არა ეგებისო.
წავედით. აქათით ესენი ვიყვენით: ამირან დარეჯანის ძე, სეფედავლე დარისპანის ძე, მე სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე, სეფედავლეს ყმა ომარ და დორათ დილამი.
მუნით იყვნეს მოხოსტან ღაზნელი, სორაზან რასელი, უსტარაზან ასურასტნელი, ფირუზენ ბივრელი, საბურ მისრელი, აბირ არაბი, ალი ნადაბის ძე და შვიდნი ყმანი მათნი ლომნი ჭაბუკნი.
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! დიდსა და ფიცხელსა ომსა გიამბობ:
იყო ლაშქარი ჩვენი ორმოცი ათასი და მათი განაღამცა უფროსი. ვითა მივეწურენით ათისა დღისა სავალსა, მოვიდა მარტო სორაზან რასელი ნახვად და ვნებად ჩვენდა. დიდი ავნო ლაშქართა ჩვენთა. მას დღესა მოგვიკლა ხუთასი ოდენ კაცი და წავიდა.
მეორესა დღესა მოვიდა უსტარაზან ასურასტნელი ვნებად ჩვენდა და გვავნო მანცა კვლა უფროსი. რასაღა ვაგრძელებდე, თავის თავისად იგინი ყველანი მოვიდეს და ყოველთა დღეთა ავნეს ლაშქართა ჩვენთა დიდი და ჩვენ არა გამოგვიჩნდიან. მივეწურენით ღაზანს დღისა ერთისა სავალსა. დილასა მივედით კართა ქალაქისათა. მას დღესა შეეკაზმნეს ამირან დარეჯანის ძე და სეფედავლე დარისპანის ძე და ჩვენცა ყოველთა გვიბრძანეს და დავეკაზმენით. ლაშქარი ყოველი რაზმად დააწყვეს, თვით ორნივე, ამირან დარეჯანის ძე და სეფედავლე დარისპანის ძე, წინა წაგვიძღვეს. მივედით. მას დღესა ომსა მოველოდით. ვითა აგვიჩნდა ქალაქი, ჰკრეს ბუკსა და ზმა შეიქმნა. დავხედენით, რომელ ეკაზმებოდეს ქალაქსა შიგან იგი ლაშქარნი. მივედით კართა ქალაქისათა და გამოვიდა ლაშქარი მეტად დიდი. ერთიცა მათ ჭაბუკთაგანი არა გამოვიდა მას დღესა, ლაშქარნი ოდენ გამოუშვეს. რა იგინი არა გამოვიდეს, არცა ამირან და სეფედავლე გავიდეს და არცა ჩვენ მიგვიშვეს, მაგრა ლაშქარსა შეუზახნეს. მივიდა ჩვენი ლაშქარი, დაერივნეს ერთმანერთსა. იგი დღე მწუხრამდისი იბრძოლეს. დაიჴოცა ორგნითვე ურიცხვი ლაშქარი და სიღამემან გაყარნა. თავმან თქვენმან, ფიცხლად ომად კმა იყო, თუცა იგი სახელოვანნი ჭაბუკნი არა იყვნეს მუნ. დავდეგით ჩვენ კართა მის ქალაქისათა და გარეგანნი ყველანი მოვარბივენით და დავწვით. ყოველთა დღეთა ლაშქარი გამოვიდის და თვით იგინი არა გამოვიდიან. დიადი კაცი იჴოცებოდა მუნითაცა და ჩვენითაცა.
მაშინ ეგრე ბრძანა სეფედავლე: მიკვირს, რომელ ეგზომ კარგნი ჭაბუკნი არიან და არა გამოვლენ! რა ღონე არსო?
ამირან დარეჯანის ძემან ეგრე არქვა: არცა ჩვენ გასრულვართ ომად და ხანგრძელი ჰგონიათ ჩვენი აქა დგომა და მართლადცა ჰგონიათ. ვირე ქალაქს არა წაუღებთ და ანუ არა დავიჴოცებით, აქათ არა წავალთ. ამით არა გამოვლენ ჯერეთო.
ამაზედან ლაშქარი გამოვიდა ქალაქით მეტად დიდი და აქათ ჩვენი ლაშქარი მივიდა. ომი შეიქმნა ფიცხელი.
დორათ დილამმან ეგრე თქვა: ხედავთ მუხთლობასა ამათსა, რომელ თვით არა გამოვლენ და ლაშქარსა გამოუშვებენ? ამას მით იქმენ, რომელ ჩვენი ლაშქარი დაილიოს და მათი არა დაილევის მით, რომელ მათსა ქვეყანასა შინა ვართო. და რა ჩვენი ლაშქარი დაილევის, ცოტათა კაცთა ზედა დაგვესხმიან, მზისა ჭაბუკისაებრ ჩვენსაცა ჰლამიან მუხთლად სიკვდილსა, მაგრა ჩვენ ამასა ნუ მოუსმენთო.
რა ესე თქვა დორათ, ფიცხლად ცხენი შეუტევა. რა იგი ნახეს, ჩვენცა გვიბრძანეს ამირან და სეფედავლე. ჩვენცა შეუტევეთ, დავჴოცენით, რომელ რისხვა ღმრთისა დავეცით და ქალაქსა შევახვეწენით.
ეგრე შეჰყივლა დორათ დილამმან: თქვენ მუხთლობასა დაჩვეულ ხართ და ესე არა იცით, რომელ ამათ მუხთლობითა ვერასა ავნებთ. თუ ჭაბუკნი ხართ, თქვენად ომად მოსრულ არიან, გამოდით და შეებითო. ლაშქართა ერთმანერთსა რად აბრძოლებთ? ამას უკანით, როდესცა ლაშქართა გამოგზავნით, ამას უზამთ, რაცა აწ გვიყოფიაო.
ზედათ ავად დაეუბნეს იგინი დორათ დილამსა. ეგრე ჩამოჰყივლა ალი ნადიბის ძემან: შენ წამოსძღოლიხარ წინა და მოგიცთუნებიან ეგე ჭაბუკნი, თვარა მაგათი საქმე რა იყო აქა? აწ თუ დიაცი არა ხარ, გამოდი ხვალე, მე და შენ შევიბნეთო.
გამოსთხოვეს მუქარა ერთმანერთსა და ხვალისად დაასკვნეს ომი.
გათენდა ზედა. გამოვიდა იგი ალი ნადიბის ძე შეკაზმული და ზედა წამოდგეს იგი ჭაბუკნი და წამოდგა ყოველი ქალაქი. ეგრევე გავიდა დორათ დილამი შეკაზმული.
ეგრე შემოჰყივლა მოხოსტან ღაზნელმან ალი ნადიბის ძესა: მალე აჯობე და შინა მშვიდობით შემოვედო.
ეგრე შეჰყივლა დორათ დილამმან: მტერიმცა ჩემი ეგრე შემოვა, ვითა ეს შემო-ღა-ვიდეს.
ფიცხლად შეუტევეს ერთმანერთსა და შეიბნეს. დიდი ომი გარდაიჴადეს. შეეტყობოდა, რომელ დორათ აჯობებდა. ეგრე თქვა: აბა, აწ გეწყალოდეს პატრონი ჩემი მზეჭაბუკი, რომელ ვითართა კაცთა მუხთლად მოჰკალითო. შეუტევა, ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და მკერდამდის ჩაჰკვეთა და მოკლა. ჩვენ შევქმენით სიხარული და მათ დაუმძიმდათ. მოვიდა დორათ და თაყვანისცა ამირანს და სეფედავლეს. მათ მადლი უბრძანეს: ვითა ჰშვენის სიკეთესა და ჭაბუკობასა შენსა, ეგრე იყავო.
მით დღითგან ლაშქარსა აღარა გამოუშვებდეს. ეგრე მოუგზავნეს კაცი სორაზან რასელმან და უსტარაზან ასურასტნელმან ამირანს და სეფედავლეს: არცა, ღმერთო, საქმე თქვენია და არცა ჩვენი. აწ ვინაჲთგან მზისა ჭაბუკისა სისხლის ძებნად მოსრულხართ და ჩვენ ამათად − მეშვლად, უომრობა არა ეგების ჩვენგან. ბრძანეთ და ხვალე გამოედით.
ამათ ეგრე არქვეს: ომი, ღმერთო, ადრევე ჴამდა, მით რომელ არა ჭაბუკთა ჴელია უომრობა. აწ დიდად, ღმერთო, ბრძანეთ და ჩვენ მზანი ვართო.
დილასა გამოვიდეს იგი სორაზან რასელი და უსტარაზან ასურასტნელი შეკაზმულნი და წამოდგეს ზედა ყოველი ქალაქი. ეგრევე გავიდეს ამირან და სეფედავლე. შეუტივეს და შეიბნეს, ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მათსა. იბრძოდეს დილითგან მწუხრამდის და სიღამემან გაყარნა. შევიდეს ქალაქსა და შეიქმნა სიხარული ვერა ჯობნისათვის. ჩვენ დაგვიმძიმდა მათგან ომისა გასწორება. და ეგრე ბრძანეს: არა თუ იმათი დაჴოცა არა შეგვეძლო, განა თუცა დაგვეჴოცნეს, მზისა ჭაბუკისა მკლველნი აღარა გამოვიდოდეს. ამათი არა ბრალია, მეშველნი კაცნი არიან.
დილასა გამოვიდეს შვიდნი ყმანი მათნი და ჩვენ გამოგვთხოვეს მუქარა. გავედით ჩვენცა: მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ქაოზ ქოსის ძე, ყამარ ყამრელი და ომარ, სეფედავლეს ყმა. შევიბენით და დიდი ომი გარდაჴდა. ვეღარ დაგვიდგნეს, გაგვექცნეს, ქალაქისა კართა მივეწივენით და შიგნით ლაშქარი გამოვიდა მათად შველად. ოთხნი დავჴოცენით და სხვანი დაგვაყრევინეს. შემოვიქეცით გამარჯვებულნი. მადლი გვიბრძანეს.
დავყვენით დღენი მრავალნი და ომი აღარა შეიქმნა. მერმე მათვე კაცი მოეგზავნა, ვითა: ყოვნა ომისა აღარა ჴამსო. აწ ხვალე ჩვენვე გამოვალთ. ძოღან ვერა რომელმან დავაჯერეთ ერთმანერთი. გამოდით და აწ მუნამდის ვიბრძოლოთ, ვირე ვრთმანერთსა დავაჯერებდეთ. თქვენნი ლაშქარნი შორსა უკუყარენით, რომელ ვერა გიშველონ და, თუ თქვენ მოგვერივნეთ, კარნი ქალაქისანი დავჴშნეთ, რომელ ჩვენ ვერავინ გვიშველოს.
დაასკვნეს ომი ხვალისად.
დორათ დილამმან ეგრე თქვა: მუხთალი არის ისი, რომელ ეგრე თქვეს: ლაშქარი შორს უკუყარეთო.
სეფედავლე ეგრე უთხრა: დორათ დილამო, ნუ შეიჭირვებ, ჩემსა მზესა, აწ ნახო ჭაბუკობა ჩვენიო.
ვითა ზედა გათენდა, გამოვიდეს სორაზან რასელი და უშტარაზან ასურასტნელი. თავმან თქვენმან, დიდად მოგვეწონნეს, კაცად კმა იყვნეს. წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და მოდგა ჩვენი ლაშქარი და ზმა იყო. გავიდეს ამირან დარეჯანის ძე და სეფედავლე დარისპანის ძე შეკაზმულნი. რადმცა ინახოდეს ჭაბუკნი მათებრნი? დორათ დილამმან ეგრე თქვა: თვალად, ღმერთო, ჩვენნი სჯობან და გამარჯვება ღმრთისაგან არსო. კაცი მოგზავნეს: ვირემდის ლაშქართა ზე არა უკუჰყრით, ჩვენ მანდა არა მოვალთო. გვიბრძანეს შორს უკუდგომა და ნახოთ ჭაბუკობა ამირანისი და სეფედავლესი! შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა, შეუტევეს და შეიბნეს. გარდაჴდა დიდი ომი. ნახეთ მუხთლობა მათი! ანაზდად ომსა შიგან კარნი ქალაქისანი გაახვნეს და იჩქითად გამოვიდეს მოხოსტან ღაზნელი, საბურ მისრელი, ფირუზენ ბივრელი და აბირ არაბი. სამნი დარეჯანის ძესა ზედა მივიდეს და სამნი სეფედავლესა ზედა.
თქვა ამირან დარეჯანის ძემან: გამო-ღმერთო-ვიდეს, რომელთა გამოველოდითო.
სეფედავლე ეგრე თქვა: გამო-ღმერთო-ვიდეს! რომელმანცა უწინ დავჴოცნეთ, იგიცა ვჯობდეთო!
ფიცხლა შეუტევეს.
დორათ ეგრე თქვა: ამას ვიტყოდი: სიმუხთლესა შინა იყვნესო.
წავედით ფიცხლად ჩვენცა შველად და, თავმან მეფობისა შენისამან, ვირე ჩვენ მივესწრებოდით, მათ ორთა იგინი ექვსნივე დაეჴოცნეს. ამაზედა მოვიდა ლაშქარი ჩვენი. რა მოქალაქეთა იგი ნახეს, გაიქცეს. შევედით ქალაქსა შინა, დავჴოცენით, ქალაქი იგი წაუღეთ და რისხვა ღმრთისა დავეცით. არცა დიაცი დავარჩინეთ და არცა მამაცი სისხლთათვის მზისა ჭაბუკისათა. დავწვით ქალაქი მათი და წამოვიხვენით საჭურჭლენი: თვალი, მარგალიტი და სტავრა, რომლისა არა იყო რიცხვი. ავკიდეთ აქლემებსა და ჯორებსა, წამოვედით გამარჯვებულნი და მხიარულნი.
ესე იყო ძებნა სისხლთა მზისა ჭაბუკისათა ამირანისა და სეფედავლესაგან. გაგზავნეს მახარობელი დედოფალს თანა, დედასა მზისა ჭაბუკისასა. მან შეასხა ქება და წარმოთქვა მადლი და უბოძა დიადი საბოძვარი დორათ დილამსა, გაეთაყვანა და წავიდა. მოვედით ბაღდადსა და არა გაუშვა სეფედავლე ამირან დარეჯანის ძემან. წელიწადსა ერთსა ერთგან იყვნეს, განისვენებდეს, ნადირობდეს და ნადიმობდეს. ეგზომ უყვარდათ ერთმანერთი, რომელ არავის უნახავს ეგრე მოყვარულნი კაცნი. ორნი მათებრნი ღმერთსა არა დაებადნეს. ლაღობდიან, იცინოდიან და შეექცეოდიან.
რა წელიწადი ერთი გამოჴდა, დაჰპატიჟა ამირან დარეჯანის ძემან და სეფედავლე ვერა დაიჭირა. მერმე მან გვიჴმნა მისსა სახლსა დარისპან-შაჰარსა. წავედით და დავყვენით წელიწადი ერთი. მუნ პატივისა, ძღვნობისა და განსვენებისა არა იყო რიცხვი, შეიყვარეს ერთმანერთი. რა წელიწადი გამოჴდა, წამოვედით ძღვნითა და ნიჭითა დიდითა გამდიდრებულნი დარისპან-შაჰრით და მოვედით ბაღდადსა.
აქ დასრულდა კარი სისხლთა ძებნისა. ნუმცა დაესრულების სუფევა მეფობისა თქვენისა უკუნისამდე, ამინ.
კარი მეთორმეტე
ბალხეთს შესლვისა ამბავი
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორგულთა თქვენთა!
დღესა ერთსა ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან სიარულად გასლვა მინდორსა შიგან. გავედით და ვიარებოდით, გავეშორენით ქალაქისაგან. მო-ვინმე-ვიდა კაცი შიკრიკი, შავნი ღართნი ტანსა ეცვნეს. თაყვანისცა ამირან დარეჯანის ძესა და მისცა ცოტა წიგნი. მერმე უბრძანა მას შიკრიკს: რა იციო? მან ეგრე მოაჴსენა: მარტომან გამიკითხეო. მე გაველ და მათ დიდი ხანი იუბნეს მარტოთა. მერმე მიბრძანა მისლვა, მივედ და ეგრე მიბრძანა: თვით გამოიცან, ისი კაცი ვინ არის, ანუ სით მოვალსო. მოვაჴსენე: მე, თქვენმან მზემან, არა ვიცი-მეთქი. მერმე მიბრძანა: ისი ბალხთა მეფისა ცოლისა არის. ბალხთა მეფე მოუკლავს ბალხამს ვისმე ყამის ძესა და წაუღია ყოველი სამეფო მისი. დარჩომია დედოფალსა ერთიღა ქალაქი, ასული უვის და მას ცოლადა სთხოვს. მოდგომილ არს გარე და მიუწურავს ქალაქი წაღებასა. აწ მე უჴმივარ, ვითა: გაქებენ, ამირან დარეჯანის ძეო, და თუ ეგეთი ჭაბუკი ხარ, მოედ და ასული ჩემი ცოლად შეგრთო, წაიღე ბალხეთისა ქალაქი. საჭურჭლენი ჯერეთ ჴელსა მაქვს. და მიუწურავს წაღებასა, თუ მალე არა გვიშველიო.
მე დამიმძიმდა დიდად ამით, რომელ საჭირო გზა იყო და ბალხამ ყამის ძე ლომი და გამარჯვებული ჭაბუკი იყო და ჩემგან დაშლა არა ეგებოდა. მოვაჴსენე: ვითამცა გწადიან, ეგრევ ქმენითო. ბრძანა: გამომირჩევია და წავიდეთო.
მოაჴსენა შიკრიკმან: თუ დიდად არ გაისწრაფებ, ვეღარ ესწრები, წაუღებენ ქალაქსა. თვით ბალხამ ყამის ძე არ არის მუნ, ლაშქარნი ოდენ დგანან. თუ იგი მიგისწრობს, უღონიოდ წაიღებენო.
წამოვედით შინა და დაუწყეთ საურავსა ქმნა.
ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: არცა ულაშქროდ ჴამს წასლვა და არცა ლაშქრითაო.
მოაჴსენა შიკრიკმან: აწვე მოგაჴსენო: არა არის რიცხვი ლაშქრისა, ამაზედა ვითამცა ჴამს, წადითო.
დაარჩივა თავისა ლაშქართა შიგან ხუთასი ცხენოსანი, რომელ არა იყო ბაღდადელთა სამეფოსა შინა უკეთესი. წავედით და წაგვიძღვა წინა შიკრიკი.
აქათგან ესენი ვიყვენით: ამირან დარეჯანის ძე, მე − სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი და ქაოზ ქოსის ძე და იგი ხუთასი ცხენოსანი. ოდესმცა გენახენით, ამას ბრძანებდი, თუ ქვეყანათა ზედა კაცად კმარიანო.
ეგრე თქვა მან შიკრიკმან: თუცა ცოტანი არა იყვნეთ, არა არს კაცი თქვენებრი პირსა მიწისასაო.
უბრძანა ამირან: გაგვიძეღ წინა და ეგეგვარსა ნურას იურვი.
ვითა წავედით და მივედით ბალხეთს, იყო დიდი მაღალი ქედი. მაზედ წავადეგით და დავხედენით, ლაშქარნი გაგვიდიადდეს.
თქვა შიკრიკმან: აქა ბალხამ ყამის ძე არა არს ჯერეთო. გაგვიკვირდა უპატრონოდ მათ ლაშქართა სიდიდე. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: გამოვარჩიოთ და ეგრე შევიბნეთო. გავედით კიდე ამირან დარეჯანის ძე და ექვსნი ყმანი მისნი. ეგრე გვიბრძანა: თქვით ყველამა და, ვისიცა სიტყვა სჯობდეს, იგი დავამტკიცნეთ.
თქვა აბან ქამანის ძემან: ისი ლაშქარი დიდი არის და პირდაპირი ომი არ ძალგვიც. აწ გამოვარჩიოთ ადგილი და დავდგეთ, ჩვენ წავიდეთ. მცირედნი კაცნი ვიბეზღნეთ და მოვიყვანნეთ სიმარჯვესა და, რა ღმერთმან გამოარჩიოს, იგი იქმნასო.
თქვა ალი მოჰამადის ძემან: არ ვარგა გამობეზღება, დიდი ლაშქარი არის. დავესხნეთ დილასა ერთსა კერძსა და, ვინ მოკვდეს, მოკვდეს და, ვინ დარჩეს, დარჩეს.
თქვა ასან ბადრის ძემან: მე ესე გამომირჩევია, ჭამონ პური და შეიხვნენ ტაბლა შინა, მათ კაცთა შიში არავისი აქვსთ გულსა. მივიდეთ, დავესხათ თავსა და, რა ღმერთმან გამოარჩიოს, იგი იქმნასო.
თქვა ყამარ ყამრელმან: მომეცით ორასი კაცი და დადეგით აქა თქვენ. მე მივიდე, ვიბეზღნე და დაუწყო ომი მუნამდის, ვირე გამოვიდოდეს ყოველი ლაშქარი, დარჩეს კარავნი უკაცურნი. მერმე თქვენ რაღა გინდა, ქმენით. მე, თუ უნდა, მომკლან და, თუ დავრჩე, ღამით შემოვალ.
თქვა ქაოზ ქოსის ძემან: ჩვენ ისი ცხენოსანნი მეტსა ვერას გვარგებს ამით, რომელ დაგვაბმენ ისი ჩვენნი კაცნი ჩვენვე. აწ პატრონი ჩვენი და ჩვენ მივიდეთ ღამით და, რომელი წინა დაგვხვდეს, უკლავად, ღმერთო, ვერა წაგვივა. შინა მშვიდობით შევიდეთ, თვარა დიდი ლაშქარი არის, რომელთამე მოჰკლვენ და რომელთამე ჩამოჰყრიან და ჩვენგან ესე არა ეგების, რომელმცა არ უშველეთ. სჯობს ჩვენი მარტოთა მისლვა ამით, რომელ ჩვენი დამართებითი კაცი იქი არა არის, და ჩვენ მშვიდობით შევალთო.
მერმე მე, სავარ, ვთქვი: ძმანო, რად იტკივნებთ თავსა? რაცა თვით ჰმარჯვია, მას იქმს პატრონი ჩვენიო.
თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ვითა თქვენსა ჭაბუკობასა მართებს, ყველა ეგრე გითქვამსთ. მაგრა ვინაჲთგან თვით მე აქა ვარ, მაგისი ერთისაცა ქმნა არ ეგების. აწ რაზომცა დიდი ლაშქარი არის, ომსა ვერსით წაუვალთ. აწ დღისით მივიდეთ და, სადა უფროსნი ლაშქარნი იყვნენ, მუნ შევებნეთ.
დავასკვენით ესე პირი. უბრძანა მას შიკრიკსა: წაედ და აცნობე მოსლვა ჩვენი პატრონსა შენსა. წავიდა იგი შიკრიკი: ჩვენ დავეკაზმენით და შევსხედით უკეთესთა ცხენთა და ჩავიცვით საჭურველები. ოდეს გენახეთ, იტყოდი, თუცა: იმა კაცთა ვერა დამართებს მტერიო. ვითა მივედით ლაშქართა კიდესა და აცნობეს დედოფალსა ჩვენი მისლვა, შეიქმნა ზმა დიდი ქალაქსა შინა, წამოაყენეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი, დროშანი მრავალნი და სცემდეს ზარსა ვითა ცნეს მათ გარეგანთა ლაშქართა, რომელ მოვიდა ვინმე მეშველი მოქალაქეთაო, ფიცხლა დაეკაზმა ყოველი ლაშქარი და დადგეს. მივედით ჩვენ და, სადა უფროსნი დგეს, მუნ შევებენით. თავმან მეფობისა შენისამან, არა მინახავს ეგზომი ფიცხელი ომი. მოვიდა ყოველი ლაშქარი ჩვენზედა, დაგვფანჩნეს სიდიდითა ლაშქართჲთა. გავაპენით ლაშქარნი და გავედით ცალკერძ. ოდეს დავხედენით, აღარა იყო ჩვენთანა ამირან დარეჯანის ძე, ოდეს კვლა დავხედენით, ცალკე იყო ლაშქართა შიგან და იბრძოდა ფიცხლად, მოეკლა მრავალი კაცი და ცხენი. მოსდევდა ყოველი ლაშქარი უკანა და მოუკლეს ცხენი და გაუტყდა ჴრმალი. მაშინ მოსწვადის ცხენსა ბარკალი და მით იცემებოდის. ვითა ვნახეთ, უყივლეთ ერთმანერთსა და შევიყარენით ექვსნივე ერთად. მოგვეგება წინა ყოველი ლაშქარი. ზენაარმან ღმრთისამან, ცოტათა კაცთაგან ეგზომ ფიცხელი ომი არა ნახულა. დაგვიჴოცეს ცხენები და სამხრამდისი ვიბრძოლეთ და ვერა შევატყევით კლება დარეჯანის ძესა, უფიცხე და უფიცხე იბრძოდის. და გვხედვიდა ზედა დედოფალი, ბალხთა მეფისა ცოლი, და ასული მისი და ყოველი ლაშქარი და ვერა შეეძლო შველად ჩვენდა. ეგზომ შევაავენით იგი გარეგანნი ლაშქარნი, რომელ თანა ვეღარა მოგვიდგეს და მშვიდობით შევედით ქალაქსა. ჩამოგვეგება დედოფალი, ბალხთა მეფისა ცოლი, და ყოველი ლაშქარი. ესე იყო პირველი გაჩვენება, რომელ გაეჩვენა თავისსა ცოლსა ამირან დარეჯანის ძე. შევედით სახლსა სამეფოსა. არა იყო რიცხვი საჭურჭლეთა სიმრავლისა და სხვათა ტურფათა. დავყავით იგი დღე მუნ. დაჴოცილიყო ჩვენი ცხენები ყველა და მის ხუთასისა კაცისაგან მოგვყვა სამასიღა კაცი. მიმწუხრ მოვიდა კაცი და გვკითხა: მეჯინიბეთ-უხუცესი ვინ არის? მოვიდეს, რომელ ცხენები მიითვალოს. ადგა ქაოზ ქოსის ძე და წაჰყვა თანა მას კაცსა. მოვიდა და ეგრე თქვა: სამნი ცხენნი მიჩვენნეს მჭლენი და არას ჴელისანი. ჩვენ დაგვიმძიმდა და ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ჩემსა მზესა, მითხარ მართალიო.
მოაჴსენა: შენმან მზემან, ხუთასი ტაიჭი ესეთი მიჩვენეს, რომელ მისებრი არა ნახულა, სამნი ცხენნი სათქვენოდ, რომელ არა დგანან მათაებრნი ქვეყანასა ზედა.
მოუგზავნა დედოფალმან კაცი მისი დიდებული: შენ ხარ მეფე ყოვლისა ბალხეთისა, მასმიოდა ქება შენი და უფროსი ქებისაგან გნახე. აწ შეირთე ასული ჩემი ცოლად და დაიდგი სამეფო გვირგვინი თავსა, ნუთუ კვლა მომცეს შვილი ღმერთმან და ძლევა ამას კაცსა ზედა! სიმართლე ჩვენი და ჭაბუკობა შენი ერთგან შეკრბენ და ღმერთი ძლევასა მოგცემს.
გასცა დედოფალმან ბრძანება და შეკრბეს დიდებულნი ყოველნი და გარდაიჴადეს ქორწილი. ერთი ყმა და ერთი ქალი მათებრნი არა ნახულან და არცა ვის უნახვან. იყო ყოველი ბალხეთი შავითა შემოსილი მეფისათვის. გასცა ბრძანება დედოფალმან და აჰჴადეს შავი ყველასა. დარეჯანის ძისა ცოლსა ვერა აჰჴადეს. ესე თქვა, ვითა: მე თვით ვიცი ჟამი შავთა აჴდისაო. მას ღამით მიუგზავნა კაცი დედოფალმან: თუ ბრძანოთ, უჴმენით დიდებულნი და ვაჭარნი, თავნი ქალაქისანი და ხვალე ნადიმი დაიდევით და გაიხარენით. ყველამან შეუთვალა: დიდად, ღმერთო, ჴამსო.
დიდნი ბანნი იყვნეს მეფისანი. დილასა მასზედა დაიდვეს ნადიმი. დასხნეს საჯდომნი ორნი დედოფლისათვის და ერთი დარეჯანის ძისათვის. დაჯდა და დაისვა ცოლი მისი გვერდით. დაჯდა დედოფალი და დაისხნა გვერდით ასი დიდებული ცალკერძ და ასი ცალკერძ. დაიდვა ნადიმი ეგეთი, რომელ არა მინახავს მისებრი. დავიწყეთ სმა და განსვენება. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ნუ დაშლით ნადიმსა, სხედით და განისვენებდით. დღეს ომი ჩემი არსო. ითხოვა ცხენი, შეიჭურა და გავიდა. ჩვენ ვსხედით ყოველნი. დაუწყო ომი, ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა. დაჴოცა მრავალი ცხენი მათი და კაცი და შემოვიდა მშვიდობით. მოეკლა მაშინ ხუთასი კაცი. მოვიდა და დაჯდა ნადიმადვე. შეასხეს ქება და უძღვნეს დედოფალმან და დიდებულთა ძღვენი დიადი. აავსო ჭიქა ამირან დარეჯანის ძემან და მიბოძა მე, სავარსიმის ძესა, და ეგრე მიბრძანა: შესვი ეგე და ხვალე შენი არს ომიო. გამოუღე და თაყვანისვეც და შევსვი.
ხვალისა დღესა დაჯდა მეფე ბანთა ზედა. დაისხნეს დიდებულნი. შევეკაზმე და გაველ. თავმან თქვენმან, ნურას სიქადულად შემირაცხავთ, დიდად კარგად ვიყავ. მოვკალ მას დღესა სამასი კაცი და მიველ მასვე ნადიმსა ზედა. მიბრძანა მადლი ამირან დარეჯანის ძემან და მიბოძა დიადი საბოძვარი. დავსხედით სმადვე.
მერმე უბრძანა აბან ქამანის ძესა: ხვალე შენი არს ომიო. ადგა, თაყვანისცა, შეეკაზმა და გავიდა. კარგად იყო იგიცა მას დღესა. მოეკლა ორას ორმოცი კაცი, შემოვიდა შინა მშვიდობით. უბრძანეს მადლი და უბოძეს საბოძვარი.
მერმე უბრძანა ალი მოჰამადის ძესა: ხვალე შენი არს ომიო. ადგა, თაყვანისცა და დაჯდა ნადიმადვე. დილასა შეეკაზმა ალი მოჰამადის ძე, გავიდა და შეება, მოკლა მას დღესა ორასი კაცი და შემოვიდა შინა მშვიდობით. უბრძანეს მადლი და უბოძეს საბოძვარი.
მეხუთესა დღესა უბრძანა ასან ბადრის ძესა: დღეს შენი არს ომიო. შეეკაზმა და გავიდა. ხედვიდა ყოველი დიდებული და თვით მეფეცა. მოკლა მას დღესა ასსამოცი კაცი. თქვეს ყოველთა: კარგად იყოო. თავთავისთვის რომელ ყოველთა ომი გაგვიმარჯვდა, უკეთესობა აღარ ეგებოდა.
მერმე უბრძანა ყამარ ყამრელსა: ხვალე შენი არს ომიო. დაჯდა მეფე ნადიმადვე. შეეკაზმა ყამარ ყამრელი და გავიდა. შეუტევა და მოკლა ფიცხლად მრავალი კაცი და ცხენი. შემოვიდა, ცოტა წყლული იყო. მადლი უბრძანა და უბოძა საბოძვარი.
დარჩა ქაოზ ქოსის ძე უომარი. მოაჴსენა: მიბრძანებ, მეფეო, თუ არა, ხვალე ჩემი არს ომიო. მეფემან მადლი უბრძანა: დია, ღმერთო, ჴამსო.
დაჯდა მეფე. დაიდვა ნადიმი. შეეკაზმა ქაოზ ქოსის ძე და გავიდა. ეგზომ ფიცხლად შეება, რომელ ეგრე თქვეს ყოველთა: იგი სჯობდაო. შინა შემოვიდა მშვიდობით. უბრძანა მადლი და უბოძა საბოძვარი. თქვეს ყოველთა: არცა ვინ ამირან დარეჯანის ძესა ჰგავს და არცა ვინ მისთა ყმათა ყოველსა ქვეყანასა ზედა.
დაეცა ზარი გარეგანთა ლაშქართა და გაგზავნეს კაცი ბალხამ ყამის ძესა თანა და შეუთვალეს ყოველი ყოფილი. იტყოდეს მას ბალხამ ყამის ძისასა: არა არს ერთი ჭაბუკი მისებრიო.
შემდგომად მცირედთა დღეთა მოვიდა ბალხამ ყამის ძე, შეეკაზმა გარეგანი ლაშქარი და დაუწყეს ბუკსა და დაბდაბსა ცემა. გავეგებეთ წინა და დავდეგით. ჩვენ ზედა მოვიდა ბალხამ ყამის ძე ლაშქრითა ურიცხვითა და მოკაზმულობითა, რომელ მეტი აღარა ეგებოდა. წამოდგა ლაშქართა წინ და დაიდგა ძოწეული კარავი. არა გარდასწვდებოდეს თვალი სიდიდესა ლაშქართასა. შემოგზავნა კაცი ბალხამ ყამის ძემან და შემოეთვალა ამირან დარეჯანის ძესთანა: ხარ კარგი ჭაბუკი, რომელ მასმია, მაგრა ეგ, რაცა გიქმნია, არა კარგისა ჭაბუკისა ჴელია. ამათ ჩემთა ლაშქართა რა შეგცოდეს, რომელ დაჰჴოცენ ბედითნი კაცნი? თუ კარგი ჭაბუკი იყავ, გამო-მცა-გეგზავნა კაცი და ეგრე გეთქვა: მე მოვედ, ამირან დარეჯანის ძე, მოედ და შევიბნეთო, თვარა ამათი რა ბრალი იყო? აწ ვინცა ხარ, ჴელისა ჩემისაგან, ღმერთო, გიწერია სიკვდილი და ნუღარა იყოვნი, ხვალე ფიცხელი ომი არის შენი და ჩემიო.
გასცა პასუხი ამირან დარეჯანის ძემან: მოსულვარ და შემირთავს ბალხთა მეფისა ასული ცოლად და მეფე ვარ ყოვლისა ბალხეთისა და ეგრე გიბრძანებია: რად დაჰჴოცენ ჩემი ლაშქარიო? არა მიბრძოლია გულითა, თვარა სრულად დავჰჴოცდი. მე შენ მოგელოდი. აწ ხვალე ომი არს შენი და ჩემიო.
მაშინ გაწყრა ბალხამ ყამის ძე, ამპარტავანი კაცი იყო. შეეკაზმა ყოველი ლაშქარი. ხვალისა დღე სცემდის ბუკსა და დაბდაბსა. წამოაყენნეს დორშანი. ზმა იყო. შეეკაზმა ამირან დარეჯანის ძე და გავიდა. გავედით ჩვენცა. წამოდგა ზედა ყოველი ქალაქი და დედოფალნიცა. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა, შეუზახნეს და შეიბნეს. არა ისმოდა ყურთა ჴმა ჭეხისაგან ჴრმალთა. იბრძოლეს დილითგან მწუხრამდის და ვერა გარდაიწყვიტეს. შემოვიდა ამირან დარეჯანის ძე დაღრეჯილი ვერ ჯობნისათვის.
მეორესა დღესა კვლა მოეგზავნა კაცი: ხვალე ომი არს შენი და ჩემი. აწ, თუ ჭაბუკი ხარ, ნუ იკლებ, გუშინდელი ყველა ლაღობა იყო და აწ გარდაწყვეტა ჴამსო. მან შეუთვალა პასუხად: დამიწყევლია მარჯვენა ჩემი მით, რომელ ჩემთვის ომი სხვას ვერავის გაუსწორებია. მართლა გიბრძანებია, გუშინდელი ომი ლაღობა იყო და აწ გარდაწყვეტა ჴამსო.
ხვალისა დღე ეგრევე შეეკაზმნეს და გავიდეს. ზმა იყო დიდი. გავიდა ამირან და გაგვიტანნა ჩვენ, ექვსნივე ყმანი მისნი, თანა. შემოუვლეს ნავარდი ერთმანერთსა და შეიბნეს. ფიცხლად შეუტევა ბალხამ ყამის ძემან ამირან დარეჯანის ძესა. უკრა ცხენსა და თავი მოუკვეთა და ჰლამოდა ჯობნასა. ადგა დარეჯანის ძე, შემოუკრა ცხენსა ჴრმალი და ოთხნივე ფეჴნი მოუკვეთნა. შეუტევეს ქვეითად და შეიბნეს. ოდეს ცხენთა სხდეს, ყოლა არა გვანდეს. ესწრა ღამევე და ვერა გარდაიწყვიტეს. გაიყარნეს და დაუმძიმდა მასცა და მასცა. დასწყევლა მარჯვენა თვისი დარეჯანის ძემან.
გამოჴდეს დღენი და აღარა შეეზრახნეს ერთმანერთსა. მერმე მოეგზავნა კაცი ბალხამ ყამის ძესა და ეგრე შემოეთვალა: შენსა და ჩემსა შუა მცირედი ომი გარდასრულა, მაგრა დღენი წაღმავე სხენან. შევიწიო ღმერთი და შეგანანიო შერთვა ცოლისა ჩემისა. აწ გამოგზავნე ექვსნივე შენნი ყმანი და ექვსთა მე გამოვგზავნი, შეიბნენ და გარდაიწყვიტონო.
გავედით აქათ ექვსნი ჩვენ და გამოვიდეს ექვსნი მისნი. შევიბენით და ვიბრძოლეთ დილითგან მწუხრამდის. გავფიცხდით ჩვენ, გაგვექცნეს იგინი, მივეწიენით და ბალხამ ყამის ძისა კარავსა შიგან ჩამოვყარენით და დავჴოცენით. ჰლამოდეს შემოტევებასა ლაშქარნი. გაუწყრა ბალხამ ყამის ძე მათ ლაშქართა: იგინი უბადონი იყვნეს და ესენი კარგნი, ამათი მადლი ჴამსო. მადლი გვიბრძანა, შეგვმოსნა.
შეუთვალა ამირან დარეჯანის ძესა თანა ესრეთ: შეგირთავს საცოლე ჩემი და დაგიჴოციან ლაშქარნი ჩემნი. აწ ხვალე კვლა გამოედ, შეეკაზმე და დაიკიდენ პოლოტიკნი რკინანი სატკივართა ადგილთა, გარდაწყვეტა არის შენი და ჩემიო.
შემოვედით და მოვაჴსენე ამირანს შეთვლილობა ბალხამ ყამის ძისა და დაასკვნეს ხვალისად ომი. იტყოდეს ყოველნი: დღეს არს სიკვდილი რომლისამეო.
ვითა გათენდა, შეიქმნა გარეგანთა ლაშქართა შიგან კაზმა. შეკაზმულიყო იგი ბალხამ ყამის ძე და შემოეგზავნა კაცი და ესე შემოეთვალა: თუ კარგი ჭაბუკი ხარ, ნუ დასლბები, გამოედო. შეეკაზმა ამირან დარეჯანის ძე და გავიდა. მიუგზავნა კაცი ცოლსა მისსა და ესე შეუთვალა: გამოედ ბანთა ზედა, დაჯედ და ჩამოღმა იჭვრეტდი. ისი საქმრო იყო შენი და აწ შენ ცოლი ხარ ჩემი. დღესა არის გარდაწყვედა: ანუ არს სიკვდილი ჩემი და ანუ მისიო.
გამოვიდეს დედოფალი [და ასული მისი] და დასხდეს. დედოფალმან ასულსა ეგრე უბრძანა: შვილო, არა ჴამს შენგან შავითა ყოფა.
მან ეგრე მოაჴსენა: რა ჴამს ჩემგან, მე იგი ვქმნაო.
უბრძანა მონათა და გამოახმევინა საჯდომნი ორნი, ერთი ძოწეულისა და ერთი შავი. კვლა გამოახმევინა ორი შესამოსელი, ერთი ძოწეული და ერთი შავი, და ბრძანა: მკლველი მამისა ჩემისა და ამომწყვედელი სამეფოჲსა ჩემისა, მესისხლე ჩემი, და ქმარი ჩემი დღეს შეიბმიან. მოსრულ არს დღე ანუ სიცოცხლისა ჩემისა და ანუ სიკვდილისა. თუ ქმნას ღმერთმან და აჯობოს დარეჯანის ძემან, ჩავიცვამ ძოწეულსა და დავჯდები ოქრო-ქსოვილისა საჯდომთა და, თუ სძლონ ცოდვათა ჩემთა და აჯობოს იმა მესისხლემან, ჩავიცვამ იმავ შავთა შესამოსელთა და დავჯდები საჯდომთა შავთა და აღარა მინდა საწუთრო, თუ ყოვლისაცა ქვეყანისა დედოფლობა მომხვდებოდესო.
მოეწონა ესე სიტყვა დარეჯანის ძესა. და წამოდგა ზედა ყოველი ქალაქი. გავიდა დარეჯანის ძე აქათ. გამოვიდა მუნით ბალხამ ყამის ძე. შეუზახნეს ერთმანერთსა, ფიცხლად შეუტევეს. თავმან თქვენმან, არცა კაცთა და არცა ცხენთა ეგეთი ომი არა მინახავს. აბჯართა ზედა ცემა გვანდა ჭეხასა, რომელ არა გაიგონებოდა. გარდაალეწეს ოროლი და ჴრმალი და გამოიწვადეს სხვა. გაიყვანა ცხენი ამირან დარეჯანის ძემან და აგინა თავსა თვისსა და თქვა: წყეულმცა არს მარჯვენა ჩემი და ჭაბუკობა ჩემიო! ბალხამ ყამის ძემანცა გაიყვანა ცხენი და იგიცა რასმე ბრდღვინვიდა. ჰგვანდა, რომელ აგინებდა თავსა თვისსა. ეგრე იყივლა დარეჯანის ძემან: გაფრთხილდი, ბალხამ ყამის ძეო, რომელ მოვიდა სიკვდილი შენიო. აიღო ჴელი საკრავად. ჩაშ თუ შეშინდა იგი ბალხამ ყამის ძე და ვეღარა გასცა პასუხი. ჰკრა დარეჯანის ძემან ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და მკერდამდისი ჩაჰკვეთა და მოკლა იგი ბალხამ ყამის ძე. იზრიალა ლაშქარმა სრულად და შეასხეს ქება დარეჯანის ძესა. გარეგანთა ლაშქართა რა ნახეს ბალხამ ყამის ძე მოკლული, გარდაჴდეს და თაყვანისცეს დარეჯანის ძესა და ეგრე მოაჴსენეს: აწ მონანი ვართ შენიო. ვითა ცნა დედოფალმან გამარჯვება დარეჯანის ძისა, ადგა და ღმერთსა მადლი მისცა და შეიმოსა ძოწეული შესამოსელი და შეიქმნა სიხარული.
შემოვიდა ამირან დარეჯანის ძე გამარჯვებული. შევიდა პალატსა. მოეგება დედოფალი წინა და თქვა: მადლი ღმერთსა, რომელ შეიქმენ შვილად ჩემდა, რომელ არა არს ჭაბუკი შენებრიო. და მოაგებეს შესამოსელი და გვირგვინი თვალ-მარგალიტითა შეკაზმული, რომელ კაცისა თვალსა არა უნახავს ეგრეთი. დაიდგა თავსა გვირგვინი და ჩაიცვა შესამოსელი და დაჯდა თავისა ცოლსა თანა. გაგზავნა კაცი მათ გარეგანთა ლაშქართა თანა და დიდებული ყველა შემოაყვანინა ქალაქსა და მისცა საბოძვარი დიადი. დაიჭირნა იგინი მუნ და ლაშქარნი გაათავისუფლნა. ავიღეთ ყოველი ბალხეთისა ქვეყანა, რომელ არა დარჩა ერთი ქალაქი და ერთი ციხე ჩვენი უნებელი. ვიყვენით დიდსა დიდებასა და სიხარულსა შიგან, ვითა ჰხვდების ბალხთა მეფისა დიდებასა.
და მოვიდეს ყოველი ქვეყანა და სამეფო და შეასხეს ქება. ვნადირობდით და განვისვენებდით. არავინ იყო მტერი და მეუნებლე პატრონისა ჩემისა ამირან დარეჯანის ძისა. თუ რა ვის წაეღო მას შლილობასა შინა, ყველანი მოღმა შემოეხვეწნეს შიშითა დარეჯანის ძისათა.
და იყო მას ქალაქსა მახლობელად დევი საშინელი. ჟამითი ჟამად მოვიდის მას ქალაქსა და დაჴოცის კაცი მრავალი. დაჰვედრა დედოფალმან ყოველთა, რომელ ნუმც ვისგან მესმის ამბავი მის დევისაო. ღამესა ერთსა შეიქმნა ქალაქსა შინა ჟივილი. ჩვენ ვკითხეთ: რა არის ესე? მათ ეგრე გვითხრეს: სიკვდილი შემოსრულ არს და კაცი უჟამოდ მოკვდების და ამისთვის არის ისი ჟივილიო. ჩვენ დაუჯერეთ. მეორესა დღესა შეიქმნა ეგრევე ტირილი და, რა ვკითხეთ, იგივე გვითხრეს. და ყოველთა ღამეთა ზოგჯერ ძილპირ და ზოგჯერ შუაღამე შეიქმნის ტირილი. რა გინდ ვკითხეთ, ეგრევე გვითხრიან. თქვა ქაოზ ქოსის ძემან: არა არს სიკვდილი, თვარა დღისითაც რად არავინ მოკვდებისო?
დილასა მო-ვინმე-ვიდოდა დიაცი გზა გზა და შემოტიროდა, პირი დაეხოკა. ნახა ამირან და იყივლა მან დიაცმან, ვითა: მეფეო, დაუმალავს დედოფალსა საქმე ესე შენთვის და ამოწყვეტილ არს ესე ქალაქი. ერთი ძე მესვა და წუხელის ღამაზ დევმან მომიკლა. გაწყრა დედოფალი და უბრძანა გაყვანა დიაცისა. ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: მოიყვანეთ ისი დიაციო. ადგა მეფე და წამოვიდა სხვასა სახლსა და ჰკითხა მას დიაცსა: ვინ ღამაზ დევი არსო? მან მოაჴსენა: დევი არის დიდი და ვეშაპსა ზედა ზის, ჴრმალი მოწვდილი ჴელთა აქვს და, ვისაცა მიხვდების, ჰკრავს და მოჰკლავს. წუხელის ჩემი შვილი კართა გარეთ დარჩომილიყო და იგი ზედა შემოჴდა, ჰკრა ჴრმალი, ზღუდე გაკვეთა სამი მჴარი და ჩემი შვილი მოკლა. ამა საქმითა მრავალი კაცი მოუკლავს, აწ მე თავი გამიწირავს და ესე საქმე თქვენთვის მომიჴსენებია და ესე თვითვე ვიცი, რომელ დედოფალი მშვიდობით არა გამიშვებს.
ამირან დარეჯანის ძემან მას დიაცსა მადლი უბრძანა. დედოფალსა და ყოველსა დიდებულსა გაუწყრა ამის დევისა მალვისათვის.
დედოფალმან ეგრე მოაჴსენა: მეფეო, წყრომასა რას მემართლები მით, რომელ ეშმაური საქმე იყო ძნელი და თქვენ უომრობასა ვერა დასთმობდით. აწცა გკადრებთ: დაეჴსენ მისსა ომსა. რომელნი ომნი გარდაგიჴდიან, გეყოფიან.
მეფემან ბრძანა: უომრად არა გაუშვებ. მაგრა თქვენ ესე ქმენით, რასაცა ღამესა მოვიდეს იგი ღამაზ დევი, მიცნით. ვითა ვეღარა დაუშალეს, დედოფალმან მოასხმევინა სამნი შავნი კაცნი, ვითა კუპრნი. უბრძანა დედოფალმან: მეფე ბრძანებს, წაედით და მონახეთ იგი ღამაზ დევი და, რომელსა ღამესა მოვიდეს, აცნობეთ.
წავიდეს იგი კაცნი. ტაიჭთა ზედა გასხდეს მეტად მალეთა და, საითაც წავიდეს, ვეღარ შევიგენით. დაყვეს მუნ ოთხი დღე და მეხუთესა დღესა მოვიდა ერთი მათგანი და ფიცხლად ეგრე მოაჴსენა: ამას ღამეს უღონიოდ მოვალსო. გაითქვა ქალაქსა შიგან, ვითა ამირან და ღამაზ დევი შეიბმიანო. შეიქმნა სიხარული და ურვასაცა შინა იყვნეს. მოაჴსენა დედოფალმან: მეფეო, ისმინე ჩემი, დაეჴსენ მაგა ეშმაურსა საქმესა. გაგზავნე კაცი, თუ რა ზომი ქვითკირი გაუკვეთია. ეგრე უბრძანა მეფემან: თუ მოვა, უომრად არ დავეჴსნები, შენ ნურას შეიჭირვებ. ოდეს ბადრი იამანის ძე და ნოსარ ნისრელი ტყვედ იყვნეს, მე გამოყვანებას მივე. არა ესდენი დევნი და ვეშაპნი დავჴოცენ! წავიდა ქაოზ ქოსის ძე მის ზღუდისა ნახვად გაკვეთილისა მის ღამაზ დევისაგან. მოვიდა და ეგრე უთხრა, რომელ: ავათ გაუზომია, თავმან პატრონისა ჩემისამან, ხუთი მჴარი გაუკვეთიაო. გა-რასმე-ვლაღობენით ქაოზის სიტყვასა ზედა, განა გვიმძიმდა დიდად. შეეკაზმა ამირან დარეჯანის ძე და გავიდა კართა ქალაქისათა, სით მოველოდით ღამაზ დევსა. ბინდსა ზედა მოვიდა მეორე კაცი და ეგრე თქვა: დასტურად მოვალსო. შეგვექმნა შიში და წამოდგომილ იყო ყოველი ქალაქი ზედა ხედვად. მთვარე იყო. და მოვიდა კვლა ძილის პირ მესამე მონა და ეგრე თქვა: ესერა უკანა მომიდგსო. გაჯდა ამირან ცხენსა უკეთესსა და აიხვნა ხიშტნი ჴელთა და მოემზადა. ოდეს დავხედენით, მოვიდოდა ღამაზ დევი. ვეშაპსა ზედა ჯდა მეტად დიდსა, უმაგალითოსა. ჴელთა მოწვდილი ჴრმალი ჰქონდა. თავმან თქვენმან, საზაროდ კმა იყო.
გვიბრძანა ამირან ჩვენ ექვსთა: მიედით და შეებენითო. ჩვენმცა მიზეზი რაღა ვკადრეთ, განა მართალი ვთქვა, არა გვეწადა ომი მისი. ეგრე მოვაჴსენეთ: რა ჟამი იყოს მისლვისა, გვიბრძანეო. ჩვენგან რა ესრე გაიგონა, გაიცინა და ეგრე გვარქვა: ძმანო, ღმერთმან იცის, არა გწადიანთ ომი, მაგრა ნახოთ ჭაბუკობა ჩემი. შეუძახნა ფიცხლად და შეუტია. ღამაზ დევმან რა ნახა შეტევება დარეჯანის ძისაგან, შემოუტევა მანცა. თავმან თქვენმან, ცხენსა უმალე იყო იგი ვეშაპი. დაეშკმო პირი ჩასანთქმელად და ჰკრა აღრენილსა პირსა ხიშტი და მიწადმდე დაასვნა და მოკლა ვეშაპი. ღამაზ დევმან ჰკრა ჴრმალი ცხენისა თავსა დარეჯანის ძისასა და მოკვეთა თავი და ჩაასო სამი მჴარი მიწასა. ჩამოიჭრნეს ორნივე და შეუტევა დარეჯანის ძემან ქვეითად. აასწრა სიფიცხითა, ჰკრა ჴრმალი და მოკლა იგი ღამაზ დევი. გაუკვირდა ყოველსა სულსა ეგზომ დიდი ნაქმარი. ვითა ზედა გათენდა, ნახეს სიდიდე ვეშაპისა და ზარი დაეცათ ყოველთა. შეასხეს ქება მეფესა, დალოცეს და ეტყოდეს: კურთხეულმცა არს განზრახვა შენი, რომელ ასეთი კაცი გამოგვიჩინე, რომელ მისითა ჴელითა ვიჴსენით ეგზომისა ბოროტისაგან. შეიქმნა სიხარული ყოველსა ბალხეთისა სამეფოსა შინა. და მოესმა ყოველთა მეფეთა და წამოსცეს ძღვენი და მოულოცეს მეფობა ბალხეთისა ამირან დარეჯანის ძესა. და იყო დიდებასა და განსვენებასა შიგან ამისთვის, რომელ სჯობდა ყოველთა კაცთა ყოვლითა ფერითა.
აქა დასრულდა ამბავი დარეჯანის ძისა და დაუსრულებელ ყოს ღმერთმან მეფობა თქვენი!
სპარსულად ნიშნავს: ერთი თვალი არ მაქვს.