წამებაჲ ყრმათა წმიდათაჲ რიცხჳთ ცხრათაჲ

რომელნი იყვნეს სულითა ძმანი ნათლის-ღებითა

წმიდისაგან ემბაზისა, ხოლო-შობილ იყვნეს

თავის-თავისა დედისაგან თჳსისა


1. იყო სოფელი ერთი დიდი თავსა ზედა დიდისა მის მდინარისასა, რომელსა ჰრქჳან მტკუარი, ჴევსა, რომელსა ჰრქჳან კოლაჲ. და იყო უმრავლჱსი ერი სოფლისაჲ მის წარმართთა კერპთ-მსახური და უმცროჲსი ერი ქრისტეანე ღმრთის-მსახური. და შეკრბიან ყრმანი ქრისტეანეთანი და წარმართთანი მღერად, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ყრმათაჲ, და იმღერდიან დღჱ ყოველ. და ჟამსა მწუხრისასა ჰრეკის ხუცესმან და წარვიდიან ყრმანი ქრისტეანეთანი ეკლესიად ლოცვად, ვითარცა არს წესი ქრისტეანეთაჲ. ხოლო ყრმანი წარმართთანი, რიცხჳთ ცხრანი, მიუდგიან უკუანა, რამეთუ შესულებულ იყვნეს ყრმათა მათ ქრისტეანეთადა და უყუარდა მათ რჩული ქრისტეანობისაჲ. და ვითარცა მიიწინიან კართა ეკლესიისა, არა შეუტევნიან ქრისტეანეთა ეკლესიად, არამედ ესრჱთ ჰრქჳან მათ ვითარმედ: “თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი, და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა”. და იგინი წარვიდიან გულკლებულნი და სირცხჳლეულნი და მრავალ-გზის ყვიან ესრეთ ყრმათა მათ.

და შემდგომად ამისა, მივიდეს ყრმანი იგი წარმართთანი ეკლესიასა ქრისტეანეთასა, და ენება შესლვაჲ მათ თანა მძლავრობით. მაშინ ჰრქუეს ქრისტეანეთა: „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ იღეთ სახელისა მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუეერთენით ქრისტეანეთა”. ხოლო მათ მუნქუესვე სიხარულით შეიწყნარეს სწავლაჲ იგი ქრისტეანეთაჲ და აღუთქუეს ესე ყოფად.

ხოლო იგინი მწრაფლ წარვიდეს მღდელისა მის, რომელი იყო ხუცესი სოფლისაჲ მის, კაცი წმიდაჲ, ღირსი და პატიოსანი, და აუწყეს საქმჱ ყრმათაჲ მათ. ხოლო მან მოიჴსენა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ, რომელი თქუა უფალმა ჩუენმან იესუ ქრისტემან: "რომელმან არა დაუტევოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი, დანი და ძმანი, ცოლი და შვილნი, და არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს".

მაშინ წარვიდა მღდელი იგი თავსა ზედა მდინარისა მის დიდისასა და მის თანა სიმრავლეჱ ქრისტეანეთაჲ. და იყვნეს ყრმანიცა იგი წარმართთანი მათ თანა. იყო ჟამი ზამთრისაჲ და ღამჱ ნეფხვისაჲ, რამეთუ დღისი ვერ იკადრებდა ნათლის-ცემასა მათსა შიშისაგან წარმართთაჲსა. და უფალმანცა ჩუენმა იესუ ქრისტემან ღამჱ ნათელ იღო იორდანესა მდინარესა იოვანჱსგან. მაშინ მოსცემდა წყალი იგი მკსინვარებასა სიცივისასა. და ვითარცა შთაჴდეს ყმანი იგი მდინარესა მას და ნათელ-სცა ხუცესმა მან სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და იტყოდა ჟამობასა ამას: “სული წმიდაჲ გარდამოჴდა ვითარცა ტრედი ზედა იორდანესა, რაჟამს ქრისტე ნათელს იღებდა, ანგელოზნი თანა-უდგეს, ამას გალობასა იტყოდეს - ალილუიაჲ, ალილუიაჲ“. მაშინ მოსცა წყალმან მან ფრიადი სიტფოჲ ვითარცა აბანომან. და ბრძანებითა ღმრთისაჲთა სამოსელნი სპეტაკნი მოიხუნეს ანგელოზთა ზეცით და შეჰმოსნეს ყრმათა მათ ახალ ნათელ-ღებულთა უხილავად კაცთაგან. და ყრმანი იგი ქრისტეანენი ექმნნეს მათ ნათლის-მამა, და არღარა მიაქციეს ყრმათა მათ ნათელ-ღებულთა მშობელთა მათთა თანა, არამედ დაადგრეს ქრისტეანეთა თანა და იყოფვოდეს მათ თანა.

ΙΙ. და შემდგომად რავდენთამე ჟამთა აგრძნეს მშობელთა მათთა საქმჱ ესე და გამოიტაცნეს ყრმანი იგი მძლავრობით სახლებისაგან ქრისტეანეთაჲსა დიდითა შეურაცხებითა და რისხვითა, გულისწყრომითა და გინებითა, და მოიყვანნეს სახლად თჳსა. დაჰბძარნეს თავნი მათნი და დაალებნეს ჴორცნი მათნი ფიცხლითა მით ცემითა. ხოლო მათ ესთენ ოდენ მიუგეს და ჰრქუეს მშობელთა მათთა: “ჩუენ ქრისტეანენი ვართ და არა ჯერ-არს ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთაჲ“. და დაყვეს ყრმათა მათ შჳდი დღჱ უჭმელად და უსუმელად და არაისა გემოჲ იხილეს, არამედ იზარდებოდეს სულისა მიერ წმიდისა, რომელიცა ნათლის-ღებასა შეიმოსეს. მაშინ უთქუმიდეს მშობელნი მათნი ყოველსა კეთილსა და სამოსელსა ჭრელსა თითო ფერსა. ხოლო მათ იგივე სიტყუაჲ თქჳან, ვითარმედ „ჩუენ ქრისქტეანენი ვართ და არარაჲ გჳჴმს თქუენგან, არამედ განგჳტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა”. და ვითარ ვერ შეუძლეს მტკიცჱ იგი სარწმუნოებაჲ მათი [შერყევად], მივიდეს მთავრისა წინაშე მის ჟამისასა, რამეთუ იყო იგიცა წარმართი, და აუწყეს ყოველი იგი ყოფილი და საქმჱ ყრმათაჲ მათ. ხოლო მთავარმან მან ჰრქუა მათ: „შვილნი თქუენნი არიან, ჴელმწიფებაჲ გაქუს, უყავთ რაჲცა გნებავს“, ხოლო მათ ჰრქუეს: „ბრძანე და მოვედ ჩუენ თანა და ქვითა განვტჳნნეთ იგინი, რაჲთა არა სხუანი აჰბაძდენ და ქრისტეანე იქმნენ”. და ხუცესსა მას ზედა არა მცირედი ჭირი მიაწიეს, რამეთუ იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მისი და განიყვეს მონაგები მისი და დასდვეს თავსა მისსა წყლულებაჲ ფიცხელი, კნინ ერთ და მო-მცა-კლეს და განჴადეს სამკჳდრებელით თჳსით.

ΙΙΙ. მაშინ განაჩინეს დღჱ იგი ღუაწლისაჲ წმიდათა მათ მოწამეთაჲ. და გამოვიდა მთავარი იგი და მის თანა სიმრავლჱ ერისაჲ ურიცხჳ. და მოვიდეს თავსა მას ზედა წყაროჲსასა, სადა-იგი ნათელ ეღო წმიდათა მათ ყრმათა. დათხარეს ჴნარცჳ ფრიად ღრმაჲ და მოიყვანნეს მშობელთა მათთა წმიდანი იგი ყრმანი და შთაყარნეს ჴნარცუსა მას შინა. ხოლო იგინი იყვნეს რომელიმე ცხრისა წლისაჲ და რომელიმე შჳდისა წლისაჲ, გინა უფრო, გინა უმცრო. სხუაჲ არარაჲ იცოდეს რაჲმცა თქუეს, ამას ოდენ იტყოდეს: “ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთჳსცა მოვსწყდებით, და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ”. მაშინ უღმრთოთა მათ მშობელთა მათთა განუხეთქნეს თავნი მათნი და განტჳნნეს იგინი.

გუელთა და იქედნეთა, ასპიტთა და მჴეცთა იციან წყალობაჲ შვილთაჲ, ხოლო ამათ უშჯულოთა არა ყვეს წყალობაჲ შვილთა მათთათჳს. და სიმრავლემან ერისამან დაჰკრიბეს ქვაჲ ვიდრემდის აღავსეს ჴნარცჳ იგი და დაფარნეს ქვითა წმიდანი იგი გუამნი მათნი და მიწაჲ იგი აღმოთხრილი მიასხეს ზედა კერძო მათსა. და ექმნა მათ ადგილი იგი სამარხო და სამარტჳლო წმიდათა მათ ნაწილთა მათთა. მაშინ აღესრულა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ: "მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ მამა-დედანი შვილთა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ".

და სრულ იქმნა წამებაჲ მათი და შეირაცხნეს იგინი პირველთა მათ მოწამეთა თანა და მათ თანა იხარებენ სასუფეველსა ცათასა გჳრგჳნოსანნი წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომელსა შუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.