პირველი დასაწყისი რუსუდანიანთა ამბავი, ცხოვრება მისი დაბადება-სიკვდილამდის, თუ ვითარ აღიზარდა და ანუ ვითარსა ჭირსა და განსაცდელსა შთავარდა, ანუ ვითარითა სიტყვითა შეაქცევდნენ ნუგეშინის ცემითა მშობელნი ანუ ძმანი მისნი, რავდენთა უცხოთა ქვეყანათა ნახულთა და ანუ ბრძენთა მეცნიერთაგან ნასმენსა, ანუ ძველთა წიგნთაგან კითხულთა გამოთარგმანებულთა ამბავთა უამბობდიან, ათხუთმეტს წელ მწარეთა სენთაგან მრავალგვარად დამძიმებულსა, ლოგინთა ზედა მდებარესა უამბობდიან, მისის სულის შერჩომისათვის ღონესა ეძიებდიან; მერმე ბრძანებითა ღმთისათა კიდევ მისთა პირთაგან მორჩენა და ძისა მისისა გამოხსნა, მისი განკურნება და ღმთისა მადლთა მიცემა, მშობელთა და ძმათა მისთაგან დიდი სიხარული და განსვენება.

მერმე დედისაგან მბობა, ვითა: შენ, ახალო ხელმწიფეო და ქვეყანისა მაშვენებელო, შენისა თვალითა გინახავს მშობელთა ჩემთა ჭირი ჩემზედა და არცა თქმა უნდა, მაგრამ, რაცა ძმათა ჩემთა უნახავს, შენთა დიდებულთაგან განიკითხე, განა ისინი რომე ამბავთა იტყვიან, არ დაიჯერების კაცთა ნახვათაგან. ინება ფრიდონ მეფემან მისი წარმოთქმა და ფიცითა ეჯერის, რომელთა თვალით ენახა, რომელთა კაცთაგან სმენოდა, რომელთა წიგნითა აღმოეკითხა, მოეწონა დიდად, მათისა რიგისა და მეფობისა მიბაძვაცა განიზრახა გულსა შინა და ბრძანა: არცა მშობელთა და თვალთა თვისთა ჭირნახულთა განქარვება ხამს და არცა ამა ამბავთა ჩავლაო, რომ ჩვენს უკან ჩვენი სახელი აღარ იხსენებოდესო. იხმო გონიერი მწიგნობარი, უბრძანა, ვითა: ჩემსა მზესა, კარგად და გონიერად შენებურებრ უცდომელად დასწერეო. დაჯდა და დაწერა ესრეთ:

იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთისა საზღვართა შუა კაცი დიდებული, რომელსა ერქვა აფთვიმიანე, მორჭმული და მოვლენილი, ძლიერი და უძლეველი, ხელმწიფეთ შესადარები, უხვი, მდიდარი, ლაშქართ მოყვარე, გლახაკთ მოწყალე, უღონოთა და დავრდომილთა ხელის აღმპყრობელი, ყოვლითა სიბრძნითა და მეცნიერებითა სრული, ყოველთაგან სახელგანთქმული, თვისთა მეპატრონეთაგან დიდად პატივცემული, თავის სწორად შეყვარებული და მრავალთა დიდთა და მძლავრთა უცხოთა ხელმწიფეთაგან ძმად წოდებული, მათგან მრავალ ნიჭითა და საბოძვრითა განლაღებული. დაჰყვის წელი მრავალი ამ ცხოვრებითა, რომელ არა შესჭიდებოდა და არცა ეგონებოდა ლხინისა და სიუხვის მეტი. დღე ყოველ ნადირობასა, ლხინსა და გამოსვენებაში იყვის. ასრე არა აკლდა რა ამ სოფლისა საცხოვრებელი და არცა ვისთვის მოაჯე იყო წინაშე ღმთისა და არცა კაცისა. მერმესა მისგან კვალად განსვენებას მოელოდა უეჭველად კაცთმოყვარისა ღმთისაგან.

ესხნეს მას ათორმეტნი ძე, ყოვლითა სამამაცოთა ზნითა აღზრდილი. განეწვართა ყოვლითა მეცნიერებითა და სიბრძნეთა შინაცა. თვით მოხუცებული იყო და აღარას ამ სოფლის წყობასა, ბრძოლასა ერეოდის და შვილთა წარავლენდა, აქმნევინებდის თავისსა წესსა და რიგსა, ასრე რომე ცასა ქვეშე არა დარჩომოდა რა, რომე ძეთა მისთა არა შეემცნო და ყოვლისა ქვეყანისა მეცნიერება არა შეეკრიბნა. თვით მინდობითა ღმთისათა მყუდროებით იქცეოდა, ლოცვასა და გლახაკთ მოწყალებასა მატობდა და მოაჯე აყო წინაშე ღმთისა ასულისა ბოძებისა.

იპრიანა ღმერთმან და აღასრულა სათხოველიცა იგი და მისცა ასული ყოვლითა შვენიერებითა სრული. აღზარდეს მრავლითა ნებიერობითა და სათუთობითა. რა მოიწია ასაკსა საზომისასა, განბრწყინდა ვითარცა მზე და განშვენდა ვითარცა ათხუთმეტისა დღისა მთოვარე. თავი შავისა მუშკისა გვირგვინსა უგვანდა, თმანი - მრავალკეცსა საგდებელსა, თვალნი - მელნისა ტბასა, წამწამნი - ეკალმუხისა ისარსა, ღაწვნი - ელვასა მკრთომელსა, ბაგენი - ძოწსა მშვენვარესა, კბილი - დაცმულსა მარგარიტსა, ტანი - ალვასა მოარულსა. სიტყვა-მშვიდი იყო და გონება-მდაბალი, ცნობითა გონიერი, ქცევითა წყნარი და ყოვლითა სიბრძნითა, მეცნიერებითა უკლებელი. სახელად ეწოდა რუსუდან.

გაისმა ამბავი მისი ყოველსა ქვეყანასა, ვითა: აფთვიმიანეს ესეთი ქალი ჰყავს, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა მისი მსგავსი ქალი, არცაღა ოდეს ყოფილარსო. განა არაოდეს ემეტებათ მშობელთა მისთა გასათხოველად ამად, რომელ სიყვარულითა მისითა დღივ და ღამ გვერდისაგან ვერ გაიშორებდიან. ამისთვის ფარვიდიან იდუმალ, ნუთუ ასეთმა კაცმა ითხოოს, რომელ დაჭერა არ გაეწყობოდესო და ჩვენ უმისოდ ვეღარ გავსძლებთო.

რა ესეთი ამბავი დავარდა, მოვიდნენ მრავალნი დიდებულნი, მრავლითა მუდარითა ითხოვდიან, განა არა იყო ბრძანება ღმთისა და ვერავინ იხვედრა მთიები იგი.

მივიდა ამბავი ესე იამანთა ქვეყანასა და მიესმა ჭაბუკსა მას შვენიერსა, რომელსა ეწოდა სახელად მანუჩარ და გარემონი ხელმწიფენი უწოდდენ ძესა ნახელმწიფევისასა ამად, რომელ იამანთა ქვეყანისა ხელმწიფენი მისნი პაპა-მამანი ყოფილიყვნენ, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველთა მეფეთა ზედან ალაღებულნი, სიმდიდრისა მათისათვის უგულებელ ეყოთ ღმერთი ჭეშმარიტი, კერპთა მსახურ ქმნილიყვნენ. ამისთვის დაევიწყა ღმერთსა, მეფეთა და მთავართა განმაძლიერებელსა, ბუნებისა თვისისა სახიერება მათთვის და არღარა მოეხსენა რისხვასა შინა მოწყალეება და გარდაეცვალნეს იგინი და მათნი სამეფონი და საპატრონონი სხვათა დარჩომოდა ამისთვის, რომელ არღარა დაშთომილიყო მათის ურწმუნოებისაგან საპატრონო არცა მცირე და არცა დიდი ამა მანუჩარისა კვალად. ესეცა მუცლით დარჩომოდა დედასა, კეთილად მეცნიერსა და ქრისტიანობით აღზრდილსა, სათნოებითა შემკულსა. ოდეს შობილიყო ყრმა ესე, მშობელიცა მისი აღსრულებულიყო და ერთსა დიდებულსა მათგანსა წარეყვანა ჩჩვილი ესე ყრმა და აღეზარდა შიშითა ღმთისათა და სიყვარულითა პატრონთა მისთათა, კეთილ სწავლითა და მეცნიერობითა.

რა მოიწიფა, ისწავლა ყოველი ზნე საღმთოთაგან ვიდრე საკაცოდმდე, რომელ არა აკლდა რა. უხაროდა გამზდელსა მას მისსა მისი იზდენი სიკეთე, არამედ ეშინოდა ახალთა მათ ხელმწიფეთაგან: ნუთუ შემიტყონ და ჭირნახული წამიხდეს და სახლიცა ჩემი ასწყდესო. ბარემ ჩემთავე ენითა ვიტყვი ჩემსავე შეცოდებასაო და ჩემის ხელით მივგვრიო. ეგებ ღმერთმან, ობოლთა მზრდელმან, დახსნას მათის მძლავრის ხელისაგან, მავნებელად მხედველისა თვალისაგანო.

მოკაზმა არა ხელმწიფის შვილურად, არამედ ობლურად და მოშიშად. დაავედრა ესე, ვითა: მეცნიარად და ჭკუვით სრული, ზნეუნაკლულო ხარ, არამედ ჟამი არა გაქვს ხელმწიფურად ქცევისა და, რა გინდ ვინ გამოგცდიდეს, ნურა გინდა რა სიბრძნის და ხელმწიფის შვილობისა, ნუთუ ღმერთმან დაგიცვას, შენცა მოგცეს ჟამი სიკეთისა და ტახტი მამა-პაპათა შენთაო. შესვა ცხენსა და წარიყვანა მეფეთა კარსა. რა მივიდა, მოახსენა მისი საქმე: ჩოლსა შინა პოვნა და შვილურად გაზრდა სათნოებითა ღმთისათა, გვარისა მისისა უცნობელობა, აწამდის გამოძიება და აწ შეტყობა მის საქმისა და ვეღარ თავს დება მისისა შენახვისა და მათსა წინ მოყვანა.

რა ნახეს, გაჰკვირდნენ მისსა შვენებასა და ტანისა ნაკვეთიანობასა, რომელ დიდად საფალავნოდ შექმნილი იყო. ეზარათ მისი ისეთი აგებულობა და გულსა შინა სიკვდილსა გაჰპირდეს და სინჯევდენ მკლავისა მისისა ძალსა და ბეჭისა მისისა ფართოებასა. კვდებოდა გული გამზრდელისა მისისა და ჰგმობდა თავსა თვისსა გამოჩენისათვის. აღარ გაუძლო გულმან და მოახსენა: ხელმწიფეო! თუმცა შვენებისა და სიკისკასისა მაგისა ქცევაცა და ჭკუაცა შესაფერი ჰქონოდა, აქამდიც მომეკლა და არც დამელახვინებია სრა-სამყოფი თქვენი, არამედ თქვენც გამოსცადეთ საქმე მაგისი: ხელად და ძალად დევთა და ვეშაპთაცა დაურიდალია და მონადირეცა დაუცდომელი არის, არამედ სრასა შესვლა, ნადიმად ჯდომა, ჯართა სიმრავლე, ხელმწიფურად შემოსვა ეზომ საძაგელად უჩნს, სიკვდილად ვინმე აწვევდესო. რა ეს მოისმინეს, გული გაუმხიარულდათ და ხელმწიფემან ბრძანა: რა ეგე ზნე კაცსა სჭირდეს, რაღა სიკვდილი უნდა, თვით თავისისა თავისა მკვლელიაო.

იყო ცოტასა ხანსა და გამოსცადეს ყოვლითა საქმითა. სიმხნე და მოწიფულობა მისებრ კაცთაგან მოუგონებელი იყო, გარნა რიგი და ქცევა და ხელმწიფეთა შვილური მირჩოლა ლაშქართა და დიდებულთა, ვითარცა განმზრდელისაგან ასმოდა, ეგრეთ უცხო იყო მისგან. რა მისთანა ქცევითა ნახეს, იამათ და სხვად მიმხმარი და ერთგულად გამოჩენილი კაცი შეიქმნა. მათაც დიდი პატივი დასდვეს - და არა ასრე, რომე მისსა ხელმწიფეთა შვილობასა შეეფერებოდა - და ესდენ პატივი სცეს, ვითა მათსა თავდადებით ნამსახურსა შვენოდა, და მისცეს მცირეცა რამე ქალაქი და მამული მისისა სამკვიდროსაგან. იყო ყოველთაგან თვისითა მოწიფულობითა და სიკეთითა ქებული და ზეაღმატებული.

ამა მანუჩარს რომელ ესმოდა რუსუდანის მისთანა სიკეთე, მისის მიჯნურობითა ვითა ცვილი დნებოდა და დღივ და ღამ ამას იგონებდა: რით ვიშოო ანუ რა მოვაგვარო, შორით თხოვნითა არ მომცემენო, წასვლა გავამჟღავნო - ვაი, თუ არ გამიშვანო! თუ გავიპარო, - სხვებ არ გამისინჯონო. იყო დიდსა საგონებელსა და შეჭირვებასა შიგან.

რა ვეღარ გასძლო მისი სიშორე, აღარც მიჯნურობასა მალევდა, გამოეთხოვა დიდითა მოაჯეობითა და წამოვიდა. იარა მრავალი დღენი და მივიდა ნიჭითა დიდითა ქვეყანასა მას. მოახსენეს აფთვიმიანეს დიდებულთა თვისთა კრძალვით, ვითა: მოვიდა იამანით ჭაბუკი შვენიერი, ლომგული და სახელდებული - იტყვიან, სახელად მანუჩარ ეწოდებისო, ძე არს ხელმწიფეთაო და აწ ნახელმწიფევად უწოდენო - ასულისა თქვენისა სათხოვნელადო.

იწყინა მწვედ აფთვიმიანემ მისი მოსვლა ამად, რომელ იცოდა მათის ჩამომავლობის ამბავი და მას ჭაბუკსაცა კარგა იცნობდა. იცოდა, რომე არ მოეშვებოდა და ასულისა მისისა გაყრა ეზარებოდა, არამედ მისგან კიდე არღარა ეწეოდა რა, მიაგება კაცნი სამის დღის სავალსა. დიდებითა დიდითა წამოუძღვენ და, რა დღის სავალსა მოვიდა, თვით აფთვიმიანე მიეგება და ერთმანერთსა მდაბლად უსალამეს. მოვიდენ, სრასა ტურფასა გარდახდენ, ნადიმი დაიდვეს და ტკბილად გამოისვენეს.

გამოხდენ დღენი რაიმე ლხინსა და შექცევასა შიგან. დღე ყოველ უკეთ და უკეთ უმასპინძლის და უალერსის, უმრავლესი და უშვენიერესი უძღვნის. მანუჩარს ლხინი და ჩუქება არად იამებოდის, მისივე მკვლელი ეგონებოდა, არამედ ვერ გაემჟღავნებინა. აფთვიმიანეს წარსაგებელისა არა ჰგამოდა რა, ათასიცა წელი გამოსულიყო, თუ ქალის თხოვნას არ გაიგონებდა.

რა გამოვიდა ხანი და შეიგნა მანუჩარ, რომე ამით არ იქმნებაო, შეყარა დიდებულნი და მიუგზავნა ქალის მთხოვნელნი. მან ასე უპასუხა: მაგას ნუ ბრძანებო, არც არის ჩვენი ქალი შენი საფერიო. სხვებ ჩემი თავი და სული შენთვის დამიდვია, არცა მშურს საჭურჭლე და საქონელიო, არცა დავზოგავ შვილთა ჩემთა შენთვისაო, რომე, სადაც დაგეჭიროს, არ გახმაროო და ანუ მტერთა შენთა არ შევაკლაო. იგი ამას იტყოდა: რად მინდა, რომე ქვეყანისა მფლობელობაცა მომცეო უმისოდ, არამ თუ ჩემიცა ქონება ოხრად ჰყრიაო. აფთვიმიანე კიდევ ამას ეტყოდა: თავად შენ ასაკითა სრული ხარო და ჩემი ასული ყრმაწვილიაო და არცა შეუძლია შენისა სახლისა და საბატონოსა გაგებაო, არცა შენი საფერიაო. ახლა რომ ასრე იყო, ვინ იცის ღმერთსა შენთვის რა გაუგიაო. შენ რომ ისევ შენის გვარისა და ჩამომავალთა ტახტი მოგცესო ღმერთმან, შემდგომად სჯულიცა სხვა შეგექმნებაო და ამაშიდ არ მოხდებაო. მერმე შენ სხვის თემისა ხარ და მე სხვის თემისაო და ასე სიშორე ძნელია ჩემგან ჩემისა მაცოცხლებელისა ასულისაო, თვარა მე შენსა მოყვრობასა არა ვღირსვარო, არამცა და დაწუნებასაო. შენ შენი საფერი ეძებეო და ვერც არავინ დაგიჭერსო, მე ძმისაგან უფრო გიძმობო, ყმისაგან უფრო გამოგადგებიო. ნურცა მომემდურების გული შენიო. მას ყრმასა სასმენელადცა ეზარებოდა და ამას იტყოდა: ნუ მოასმენთ ყურთა ჩემთა სიტყვასა მაგასაო და ნუმცა მინახავს ნათელი დღე მაგა პირის დამტკიცებას უკანაო, არცა თავი ჩემი მინდა ცოცხალიო. ანუ მომკვეთე თავი ჩემი და ანუ მომეც ჯუფთი ჩემიო. ამას ორისაგან კიდე არა მეწევის რაო.

მრავალი დღენი გამოხდა ამისთანას სიტყვასა შიგან, არამედ ნება არ დართო აფთვიმიანემ ქალის მიცემისა. გარდადვა თავი მან ყრმამან და მრავალნი უცხონი თვალნი და მარგარიტნი წარაგო მის ქვეყანისა მეფეთა და დიდებულთა ზედა და მრავალნი ჩამოიყვანა შუა და შეჰფიცა ფიცითა საშინელითა, რომელ, თუ კვალად უარი მითხარო, ჩემსავე ხანჯალზე ავეგებიო. რა აღარ იქნა და შეიგნა აფთვიმიანემ, რომელ არღარა ხდებოდა მიუცემლობა, უფროსი შფოთი იქმნებოდა, მეტად დანაღვლიანდა, არამედ მის მეტი ღონე არ იყო: შეიყარნენ მრავალნი მეფენი, მთავარნი და დიდებულნი და მრავლისა სიტყვითა და ძალმიცემითა შეყარნეს იგი უებროდ შესაფერნი ქალ-ყრმანი. უქმნეს ქორწილი სჯულიერი და მათი შესაფერი.

აქა ქორწილი მანუჩარისა და რუსუდანისა

უყვეს ქორწილი. შეყარეს მის ქვეყანისა მეფე და დიდებულნი. დაიდვეს ნადიმი. შვიდი დღე და ღამე სუფრა აუღებლივ ლხინსა და შექცევაში იყვნენ. გარდასწყდა ქორწილი. გამოეთხოვა სიმამრსა თვისსა. გაატანეს მზითევი უანგარიშო: თვალ-მარგარიტი, ოქრო-ვეცხლი, კერული და უკერული, ასი აქლემი, ორასი ჯორი დატვირთული, ასი ცხენი ოქროსა ლაგმიანი ოქროსა აკაზმულობითა, ასი მონა და მხევალი ოქსინო ტანსაცმლიანი. გაისტუმრეს მანუჩარ გახარებული და საწადელ-აღსრულებული დიდით ნიჭითა და დიდებითა.

იარეს დღენი მრავალნი, მივიდნენ მათსა ქვეყანასა. რა გაისმა ამბავი, ვითა: რუსუდან ქვეყანისა მანათობელი მოჰყავს მანუჩარსაო, - მოატყდეს მრავალი ერი, რომელი რომელსა უსწრობდა მისის ნახვისა მოსწრაფენი, რომელნიმე წინა უსწრობდეს, რომელნიმე უკან ჰყვებოდეს, რომელნიმე მაღალთა ბანთა ზედა გავიდიან და უმფროსიცა ხეთა გავიდოდეს მისისა ნახვისათვის. რა თვისსა ქალაქსა მივიდნენ, მოეგებნენ მოქალაქენი დიდითა სიხარულითა და ულოცევდენ მისსა შოვნასა. გარდაიხადეს ქორწილი, რომელი თვით იამანელთა ხელმწიფეთა უკვირდათ და უმძიმდათ მისი ისეთი სიკეთე და დიდებულება. არცაღა მანუჩარ მალევდა მისსა სიკეთესა და ხელმწიფურად ქცევასა. მათთვის ის საზარო იყო, არამედ ამას იტყოდენ: თუ გავაცხადოთ მტერობა, ვაი თუ ვერ მოვერივნეთო, სამისდღეშიოდ ჩვენი სახელი დაიკარგებაო, თვარა ამისი მნახავი ჩვენ კაცად არ გვახსენებენო. ამაში დიდი ზრუნვა შეჰქმნოდათ, არამედ ვერ გაემჟღავნებინათ. მანუჩარ შეექცეოდა და ლხინობდა მისსა სასურველსა გვერდით. ასდენ პატივი მიაპყრა ქმარმა, რომე მშობელთა სათუთობა და სიტკბოება დაავიწყა.

დაჰყვნეს რაოდენიმე დღენი და მრავალნი წელნი მათ ტკბილთა და შვენიერთა მეუღლეთა ლხინსა და მათსა შესაფერსა შექცევას შიგან. მისცა ღმერთმან ძენი და ასულნი მათისა სიტურფისა შესაფერნი, არამედ, რა წამოსულიყო, რუსუდანს მშობელნი აღარ ენახნეს და მათისა ისრე მოშორვებისათვის სევდიანად შეიქმნა და ცოტა მისისა შვენებისაგან ფერი ჰკრთა. რა მანუჩარ ისე ნახა, გული დაეწვა და ამას ეტყოდა: რა გიმძიმს, ქვეყანის მზეო და სულთა ჩემთა მდგმელო, და ანუ რას შეიჭირვებ, რა გინდა და გიამება ასეთი, რომე შენი საწადელი არ აღვასრულოო. ქვეყანად რომე არ იშოებოდეს, ზღვათა ქვიშათა დავამსხვრევო და ანუ მოვიკლავ თავსა და ანუ შენს ნებას აღვასრულებო. რად მინდა ჩემი სიცოცხლეო, რომ შენ სიზმარშიაც რამ შეიწყინო, არამ თუ ჩემმა თვალმა შენ ფერმიხდილი გნახოსო. იგი ამას მოახსენებდა: რად მიბრძანებ მაგასაო. ანუ მე რა მინდა შენის კარგად ყოფნის მეტიო, ანუ რა მაკლიაო. აზომი მაქვს ჩემის მამის წყალობაო, რომელ, რაც მინდა, ყველას ვიშოვიო და არაოდეს დამელევაო. მე საქონლისათვის როგორ მოვიწყენო. არამედ იცით და მოგეხსენებათ ჩემის მშობელთაგან ჩემი განებიერება და გაუყრელად მათთან ყოფა, რომელ მძინარესაცა თავს მევლებოდიან, თვარამ მღვიძარე წამს როგორ მოვშორდებოდი. აწ ეს მაჭმუნებს და კიდეც მიკვირს, აზომი ხანი ანუ იგინი როგორ სძლებენ და ანუ მე რა მარჩენს უმათოდაო. ჩემი ჭმუნვა მისგან კიდე არა არის რაო. მან აგრე მოახსენა: მაგად ნუ სჭმუნავ, ჩემო თვალთა სინათლეო! განა არ იცი, ძმანი შენნი შორს ქვეყანას იარებიანო, მრავალთა საქმეთა შექცეულნი არიან და მით ვერ მოვლენ. თვით მშობელნი შენნი მოხუცებულნი არიან და მათ გზათა სიარული აღარ შეუძლიათ. ჩვენგან წასვლა არა ხდება ამისთვის, რომელ მტერნი ჩვენნი მძლა

............

............

აღარცა ნახვა იკადრე ჩვენი აზომი ერთი ხანია, ბძანებასა ჩვენსა ურჩ ექმენ. თუ თავისა შენისა მოსვენება გინდა, რას წამს ჩვენი ბძანება მოგივიდეს, ნურც დღეს მოისვენებ და ნურც ღამეს, ფიცხლავ ჩვენსა წინაშე მოდი, თვარა ქვეყანისაგან აღვხოც სახელსა შენსაო.

რა ესე ძალიანი ამბავი მოუვიდა და შეიტყო, რომე წასვლისაგან კიდე ღონე აღარ იყო, შევიდა მხიარულითა პირითა, მჭმუნვარის გულითა, მისისა სასურველის რუსუდანის გვერდით დაჯდა და ახალვათდენ და ჯარი გაიყარა. მას ღამესა ამოდ გამოისვენეს.

რა დილა გათენდა და მზემან საწუთრო დააშვენა, მანუჩარ თვისთა ლოგინთა წამოჯდა, გული სევდითა აევსო და თვალთაგან ცრემლი გარდმოყარა. მიყო ხელი და ყელსა ბროლისასა მოეხვია, ვარდიანითა ბაგითა აკოცებდა. ეგრე უბძანა: რუსუდან, თვალთა ჩემთა ნათელო და ტანისა ჩემისა სიმრთელეო! შენ ხარ ჭირისა ჩემისა მაქარვებელი და სულისა ჩემისა სიხარული. გითხრობ რასმე ჩემსა ხვაშიადსა და ნუ დასჭმუნდები და ნურც გონება შენი ტკბილი და წყნარი აჩქარდება და მრისხანე იქმნება. არცა რა შესაჭირვებელი არის ამისთვის, რომე ჩემი ტახტი და გვირგვინი სხვათა აქვს და მე მონურად ვახლავარ. აქამდისაც ძნელი იყო ჩემგან ამისი გაძლება, არამედ, ვითამც რომ ქრისტიანად გავიზარდე და ქრისტეს მოსავი ვარ, მას უსჯულოსთან წასვლა ამისთვის ვერ გავბედე, რომ კერპთმსახურებად მაწვევდა, და ნუცა ეს გგონია, რომ სიჯაბნითა არ გამოვკიდებოდე ანუ ჩემთა მტერთა მორევნა, ჩემთა საპატრონოთა ხელთა დაჭერა არ შემეძლოს. არამედ, ვითამც ღმერთსა ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისათვის იგი მგელი მძვინვარე მოუტევებია სულისა ჩვენისა წარსაწყმედელად და ეშმაკისა სამწყსოდ შეუქმნივართ, უმისოდ ვერცა ძალითა დავიჭერდი და ვერცა შორეულითა ქრთამითა და ქრისტეს უარისყოფასა ესევე ღარიბობა და მტერთა ჩემთა მონება ვარჩივეო. აწ მასვე მოუგონებივარ და მოუნდომებია ჩემი ნახვა და ჩემისავე საბატონოს მოცემა. აწ მრავალჯერ მომსვლია კაცი, სასწრაფოდ მაწვევარი. შენ ამისთვის არ გაცნობე აქამდის, რომე ღონეს რასმეს ვეძებდი, ნუთუ რამ მომეგვარებინა და შენი მხიარული პირი არ შემეწუხებინა. და აწ არ იქმნა და ვერად ვიხსენ თავი და არცა მოხდა წაუსვლელობა ჩემი. ამად მიმძიმს, რომე შენის პირის ჭვრეტა დამიგვიანდება, ნუთუ სჯულისა გარდამავალიცა შევიქმნეო, თვარამ სხვად ჩემთვის ესე სჯობსო: მტერთაც დავიმონებო და ჩემსა საბატონოსაც ვიშოვიო. შენ მხიარულად და შეუჭირვებლად იყავ, ღმთისა წინაშე ილოცევდე ჩემისა საქმისათვისო.

აქა წარსვლა მანუჩარისა

რა ესეთი პასუხი გაიგონა რუსუდან ქრმისაგან, იკრა ხელი, სამკაული შორს გასტყორცა, პირი და მკერდი დაიგლიჯა, დაბნდა, ტახტისაგან ჩამოვარდა, ვითა უსულო იქმნა. რა ესრეთ გასული ნახა ქმარმან, გული დაეწვა და სისხლისა ცრემლით იტირა. მიჰყო ხელი და აიყვანა, კალთასა ზედან დაიწვინა, თვალთა ხელსა ავლებდა, მაღლითა ხმითა და მდუღარითა გულითა დასძახდა, პირსა და ხელსა ჰკოცნიდა და ეხვეწებოდა და ემუდარებოდა: ნუ მიზამ და თავს ნუ მოიკლაო. უყნოსდა მრავალსა სურნელებასა და ეცდებოდა მისსა რგებასა.

გამოხდა ხანი დიდი. დილიდან ვიდრე მწუხრადმდინ უსულოდ იდვა. მანუჩარ იცემდა თავსა და ამას იტყოდა ფიცითა: მეცა ზედ დავაკვდებიო და ამას ასრე ვეღარ უმზერო. როდისაც მოაბრუნეს ათასის ღონისძიებითა. რა სულობას მოვიდა, ტირილითა და ვაებითა ქმარს მუხლთ შემოეხვია და ამას ევედრებოდა: ანუ შენის ხელით მომკალიო და ანუ თან წამიყვანეო. მე ცოცხალს აქ ყოფნა არ შემიძლიაო და ვერცა რას უშენოდ შენთ შვილთ უპატრონებო.

რა მისი სულად მოსვლა ნახა მანუჩარ, გაიხარა და ასე უთხრა: რად სტირი, მზეო ჩემო, და ანუ რად დაიდენ ცრემლსა მწარესა? შენ ასრე უნდა იხარებდე და შეექცეოდე. შვილნი ამას ჰქვიან, რომე ჩემთა სწორთა ამათთანა არა ჰყოლია, და მშობელნი და ძმანი შენნი ხელმწიფეთათვისცა სანატრელნი არიან. მე უნდა შევიჭირვებდე შენის მოშორვებისათვის, არამედ ამად არ შევიჭირვებ, რომელ შენს ნახვასაცა ადრე ველიო და მტერთაცა ჩემთა იშნის მოგებასაო. აწ დაიწყნარე გული და ჩემი მოხსენებული დაიჯერე. თუ ღმერთმან მოწყალემან და ყოველთა ტკბილად მხედველმან აღმისრულა ჩემი საწადელი და შენის ელვარის პირის ნახვა მაღირსა, მრავლითა ნიჭთა და დიდებითა მოგივალ, მრავალთა საბატონოთა ციხე-ქალაქთა მოგიმატებ. თუ ეტლი უკუღმა დამიბრუნდა და საწუთრომან მისებრ ხრიკი მიგდო, მაშინ უფრო გული გაიმაგრე და ცნობილად იყავ. განგებისა შეცვალება არ იქმნება. რაც ღმერთსა გაუგია, ის იქმნება. შენ ამ ჩემთა ლომგულთა და სახელდებულთა შვილთა გაუფრთხილდი, კეთილისა სწავლითა და სიბრძნითა და მეცნიერებითა აღზარდენ, ნუთუ გვარისა საფერი გამოვიდენ და მე მაგათ მაჯობონო.

მანუჩარ ამისთანათა სიტყვათა ეუბნებოდა და მდუღარითა ცრემლითა ესალამებოდა და რუსუდან მუხლსა და ხელსა ეხვევოდა და სისხლისა ცრემლითა ასოვლებდა და სიკვდილსა ინატრიდა და უმისოდ არდარჩომისათვის ეუბნებოდა. ამისთანას ყოფით გაიყარნენ იგი ყოველთა მიჯნურთაგან უსაყვარლესნი. წავიდა მანუჩარ გზათა ძნელთა სავლელად. დარჩა რუსუდან მწარის ყოფითა და შეჭირვებითა და მდუღრისა ცრემლითა ღმერთს ევედრებოდა.

იარა მრავალი ხანი და მივიდა მას მძლავრსა და მაღალსა ხელმწიფესა თანა. რა ნახა ხელმწიფემან, დიდად მოეწონა და მრავალი მოუგონებელი პატივი სცა. ყოველთა სამამაცოთა ზნეთა და საქმეთა ჰკითხევდა და ყოველთა ზედან გამოსცდიდა. მან ყოველი კეთილად იცოდა და არა აკლდა რა. რასაც უბრძანებდა, ყველას კარგად ხერხიანად იქმოდა. რა ესეთი მისი სიმხნე და მოწიფულობა ნახა, დიდად მოეწონა და ქება შეასხა. მერმე, სადაც ავნი და მისი ურჩნი იყო, ანუ ბრძანებისა მისისა შემცილე, ანუ ხარაჯისა მომცემნი ყოფილიყვნენ და არღარა აძლევდენ, ანუ მბრძოლი სად ვინ გამოსჩენოდა, - ყოველსა ზედა ის გაუზახის და ესე დაავედრის: ვითა შენთა გვართა ექმნას და ანუ შენთა მოწიფულობათა შვენოდეს, ისე კარგა და შენებურად ისაქმეო. იგი წავიდის და ყოველსა ზედან გაიმარჯვის, ყოველნი მონებისა მათისა მოაჯედ მოიყვანის. ასეთი სახელოანი კაცი შეიქმნა, რომელ, ვისაც მისი ამბავი ესმის, პირმიღმა მოვიდიან და თაყვანი სცემდიან და ერთისათვის ათასსა ზომასა ხარაჯასა მოსცემდიან. მრავალნი დიდებულნი მეფენი დაიმორჩილა და მათნი ციხე-ქალაქნი მოამტვერნა და მოხარაჯედ დაუყენა.

რა მისი ისეთი ფალავნობა და სახელისა მოხვეჭა ნახა, მისცა ყოველი მისი სამკვიდრებელი სამეფო და საპატრონო, თვალი, მარგარიტი, ოქრო-ვეცხლი, აბჯარი და საქონელი, რომლისა არა იყო რიცხვი და არცა შეგება. მრავალნი სხვანიცა ციხე-ქალაქნი შეუმატნა. ასე გამდიდრდა, რომელ მისი მგზავსი მორჭმა-დიდება და მამული მისსა ამხანაგსა ამბადაც არ გაეგონა.

რა სცნეს მისთა მტერთა, რომელ უმფრო და უმფრო დიდება ემატებოდა და იგინი წარხდებოდეს, შეასმინეს კიდევ, ვითა: თუმცა შენი ერთგული იყოს და ანუ შენი სიყვარული ჰქონდეს, რასათვის არ მოგგვარა ასული თვისი როდენ, რომელ არა არს პირსა ქვეყანისასა მისი მგზავსი ქალი, ვერც ვინ შემძლებელ არს შენის საფერის ჯუფთისა შოვნას მისგან კიდე. ეს იცოდე, რომ არა შეუძლია ათინელსა მხატვარს მისი სურათის გამოხატვა, არც რიტორსა მისის ქებისა გამოთქმა.

რა ესეთი მისი ქება გაიგონა, მაშინვე მანუჩარს კაცი გაუგზავნა და მის წინაშე მოიყვანა. უბძანა, ვითა: მასმია ასულის შენისა როდენ ქალისა ქება და ჩემს გულს მისი ასეთი მიჯნურობისა ცეცხლი ჩაგზნებულია, აღარც დილით მომისვენია და აღარც ღამით. აწე მომეც იგი ცოლად ჩემად და შენ უმეტეს გყო თავისა ჩემისაგან და იგი შევიტკბო სულისა ჩემისა მგზავსად.

რა მანუჩარს ესე ესმა, თვალთაგან ნათელი დღე დაუბნელდა და ცნობანი წაუვიდეს ამად, რომელ დიდად საყვარელი იყო და სატრფიალო მისთვის როდენ ქალი, მაგრამ დედის მაცოცხლებელი და სევდათა მაქარვებელი ის იყო. ასე თქვა გულსა შიგან მანუჩარ, რომელ: რუსუდანს ჩემის შორს ყოფისათვის სიცოცხლე გაარმებული აქვსო; აწე ისიც რომ წავართვა, რაღა დაარჩენსო. ამისთვის მისი გული იწვებოდა, მაგრამ არა გაეწყობოდა რა არცა ხვეწნით, არცა ქრთამითა, არცა ძალითა მას ურჯულოსა და ქრისტიანთა უსამართლოდ მტანჯველსა. ამისთვის უქადა მისი ასული სასურველი და მჯობი ყოველთა მნათობთა, შვენებითა სრული და ასაკითა მცირე და ეს მოახსენა, ვითა: მე წავალ და მოგართმეო. მან ასე უბძანა: სანამდის მას მნათობსა არ ვნახაო, მანამდის შენი წასვლა არ იქნებისო და მერმე გაღანამცა გაგიშვებო. ამაზედ ცოტა გული დაუამდა. ასე თქვა: თუ მე გამიშვებს, რუსუდანც დასთმობს ჩემის გულისათვისო ერთსა ქალსაო. [მოიღო] მელანი მუშკსურნელით შეზავებული და თავისი ამბავი ყველა წვრილად მიუწერა, რაც სახელი ექნა და ანუ რაც დიდება ეშოვნა. მერმე ესე, ვითა: მესმის შენი შეჭირვება, მწარისა სიცოცხლითა ყოფა. რად მიზამ და ანუ რად მოიკლავ თავსაო, ანუ შენითა სევდითა მე რად მომკლაო? ნუთუ უფალსა სხვებრ გაეგოს საქმე ჩვენი და არ დავრჩე შეყრისა შენისა ნატრულიო. თუ შენ არ გეცვალა ჩემზედ გულიო, დასთმობ ჩემისა გულისათვის შენს სასურველსა როდენ ქალსა, ნამეტნავსა გულის წვასა არა აჰყვებიო. ჩემთვის უფრო საზარო არისო, იცის ღმერთმან ცხოველმა, განა არა მაქვს ღონე მისგან კიდე, რომე ჩემის სულის სახსრად ეგ მივსცე, ნუთუ ცოცხალსა შენი შეყრა მეღირსოსო.

რა ეს ამბავი მოუვიდა რუსუდანს, თავად დიდს შეჭირვებასა შიგან იყო და მერმე უმწარესი სევდა დაერთო. ნამეტნავის გულისა ტკივილის და მწარეს ცეცხლის დებისაგან ათრთოლდა ხის ფურცელივითა, დაბნდა, ტახტისაგან ჩამოვარდა, თავ-მოკვეთილი მფრინველივით მიწასა ზედა გორევდა. რა სულად მოვიდა, იზახდა მწარედ და ხორცსა იგლეჯდა. თავი და პირი დაიმსხვრია, ტანისამოსი გარ-შემოიხივა, სისხლსა შიგან მორეული მოეჭდო ასულსა და გულსა ზედან მიიკონა. მოსთქვა სიტყვანი საწყალნი, რომელ მსმენელნი დაცვიფრდენ, მისი სიბრალულითა ცეცხლი ედებოდათ. სამს დღესა და ღამესა ისრე მოჭდობილი ჰყვანდა, რომე ვერას ხვეწნით, ვერცა ძალითა ვერ გამოართვეს. მისჭირდა ნამეტნავი ტირილი და თავს ცემა, გარდიქცა და ვითა უსულო იქმნა. სამს დღესა ასრე ეგდო, რომელ მაშიგან სიცოცხლის ნიშანი აღარ იპოვებოდა.

აქა სევდისაგან და ტირილისაგან მწარედ გასულსა და

დაბნედილსა რუსუდანს მოჰპარეს და წაიყვანეს მისი

სასურველი როდენ ქალი

ასეთს უსულოსა ახლიჩეს და წაიყვანეს ასული იგი მცირე. მეოთხესა დღესა ჭკუას მოვიდა, მიიხედ-მოიხედა, წვრილი შვილები თავს დასტიროდენ და როდენ ქალი აღარსად იყო. წამოიჭრა და დიდი დაიზახა: რა იქენ, შვილო საყვარელო და დედის სიცოცხლეო! ვინ დამიბნელა ნათელი მზე და ვინ წამართვა ცისკარი ბრწყინვალე? ცეცხლსა ჩაიჭრის და ხან თავსა ქვასა იცემდის. ეკიდიან ხელსა საწყალნი მხევალნი, ეხვეწებოდიან წვრილნი ძენი სულის დაღებისათვინ. იგინიც სისხლის ცრემლით ტიროდენ.

რა ვეღარა შეასმინეს რა, მერმე დაწერა წიგნი ფრიდონ, ძემან მისმან, პაპასთან, ვითა: მობრუნდა ჩვენზედა ეტლი უკუღმართი და მოსაწევარი საშინელი: წაგვართვეს როდენ ქალი, დაგვიბნელეს მზე ნათელი. და აწ ამას აპირობს დედაჩემი, რომე მოიკლას თავი, დაგვყაროს ობოლი. და აწე, რასაც წამს ჩვენი მოხსენება მოგივიდეს, თქვენს შვილსა მოეშველენით, თვარამ ჩვენ ამის მეტს ვერას მოგახსენებთო.

წავიდა ფიცხლად მავალი ფაიქი, ადრე მიართვა უსტარი და ზეპირად დიდი ტირილითა და ვაებითა მიშველებისა მუდარა. რა მათის სასურველისა შვილისა მისთანა შეჭირვების ამბავი მოუვიდა, აჩქარდენ, ფიცხლად აიყარნენ, დიდითა სისწრაფითა დღე და ღამე სწორად ვლეს, მოვიდენ, ნახეს რუსუდან, რომელი არა მისებურად ღიმილითა ღა ყივილითა მოეგება, არცა მათისა მისვლითა გაეხარნეს, არამედ მისი აზიზად და ნებიარად ნამყოფი ტანი ნაცარსა და მტვერში გარეული მიწასა ზედან ეგდო. მისი ელვარე და მხიარული პირი სამკაულ-მოწყობისა სანაცლოდ სისხლით შესვრილიყო. მისის მრავალფერის სურნელისა და ლბილის ტანისამოსის სანაცლოდ ძაძასა და ფლარსში იჯდა. მწარის ხმით, მდუღრის ცრემლით შემოსტირა და შემოეხვია მუხლსა მშობელთა, ვითა: დამქოლეთ ქვითა და ნურცა მაცოცხლებთ, ნურცა მოუთმენელს ცეცხლის დებასა უყურებთ ჩემსა, თვარამ ქვეყანაცა დაიწვით ცეცხლითა ჩემითაო, დღივ და ღამ ამას შემოსტიროდა. რა ნახეს მშობელთა ესრეთ თავგაწირული, მოუთმენლად გასული, რომე სიცოცხლე საძაგელად გახდომოდა და სიკვდილი სანატრელად, დიდი ზარი დაეცათ და იგინი უმწარესის ყოფით შეიქნენ, მაგრამ მისი ისრე ყოფისათვის მათისა გულისა ტკივილსა ვეღარ იჩენდენ და შვილსა ეხვეწებოდენ და თავს ევლებოდენ, - ცოტად აგრეც შეისვენე და სული დაიღეო, - მაგრა ვერა შეასმინეს რა. იყო ამა ვაებითა და მწარისა ყოფითა.

გამოვიდა ხანი და მიიყვანეს როდენ ქალი. რა ნახა მან უსჯულომან, გაკვირდა მის სიტურფესა და აერ-შვენიერობასა. შეიყვარა სულისაგანცა უტკბოსად და მისცა მანუჩარს უანგარიშო და უმეტესად განამდიდრა ყოველთა მდიდართაგან, განა ნება გაშვებისა მაშინც არ დაართო. როსაც დაეთხოვებოდის, ამას ეტყოდის: ტახტი ამას ჰქვიან და გვირგვინიო, მორჭმა და დიდებაო, ქალაქი და მამულიო. თუ რამ გაკლიაო, კიდევ მოგიმატებო და რად გინდა ჩემი გაყრაო?

გამოვიდა ცოტა ხანი. კიდევ შეასმინეს მტერთა მისთა, ვითა: ერთი ასეთი შვილი ჰყავსო მაგასო, რომ კაცის თვალს ეგეთი არა უნახავს რაო არც თვალ-ტანადო და არც მამაცადო. ესეთი ძალი შესწევსო, რომელ ლომს კუდით აიყვანსო და დევთაც შეკრავსო. მოგგვაროსო და ეგ გაუშვიო.

რა ამისთანა ქება გაიგონა მან წარმართმა, დაუწყო ლაპარაკი: თუ შენ წასვლა გინდაო, ძე შენი ფრიდონ მომგვარეო და შენ გაგიშვებო, თვარამ უიმისოდ შენს გაშვებას ნუ გაამჟღავნებო. რა მანუჩარ ფრიდონის თხოვნა გაიგონა, წყენისაგან უჭკუოდ გახდა, თვალთა ბრუ დაესხა, სიცოცხლე და ყოფა დასწყევლა, შესტირა მეუფესა, ვითა: მომკალო და შვილთა ჩემთა მესისხლედ ნუ მაცოცხლებო. რა აღარ ღონე ჰქონდა და არც მოეშვნენ, გამოიმეტა თავი და გასწვალა სული, მივიდა მას უსამართლოსა და ქრისტიანთა მტანჯველსა წინა, ტირილით და ვაებით დაუჩოქა და ხმალიცა დაუდვა წინა და თავისა თავიცა აფიცა და მზისა და მთვარის მადლი და მეფობა მისი, ვითა: მე მომკალ და მაგას ნუ მიბძანებო! რა ნახა ისეთითა ყოფით, თავად გაკვირდა: ვითა გაბედაო ანუ ვით მკადრაო! მერმე შებრალდა და ასე ბძანა: ნამეტნავის გულის ტკივილსა შეუშლიაო. მასცა გული ეტკინა. შეფიცა ფიცითა ხელმწიფურითა: არ დავიჭერო. მაჩვენე და ისევ მალე გაუშვებო და მრავალსა წყალობასაც უზამო. მერმე ასრე მოახსენა: მტრის პირით არ უნდა შეგებეზღებინეო, თვარამ მე ჩემი შვილი აქ მირჩევნიაო, ნახო, იამანთ ქვეყანა როგორ გაგიმაგრდებაო! მაგრამ ის ახლა ჩემის ქართულით აქ არ მოვაო. თქვენ უბოძეთ კაციო, დაიბარეთო.

მოსწერა წიგნი: ფრიდონ, ახალო ფალავანო, საწუთროსა მაჭირვო! შენითამც იხარებს ტახტი და გვირგვინი და მეფობა ჩვენი! გვესმა სიმხნე და სიკეთე შენი და სურის ხელმწიფობას ჩვენსა ნახვა შენი და მამაც შენი ბრალია შენის უნახაობისათვის. რას წამს ჩვენი კაცი და ანბავი მოგივიდეს, თუ ბძანებისა ჩვენისა მორჩილი ხარ, ფიცხლად არ წამოხვიდეთ, ამას ნუ იქთ.

იარა მან კაცმან და იამანს ადრე გავიდა, წიგნი ფრიდონს მიართვა და დავედრებული ყველა მოახსენა. რა ცნა მამისა მისისა საქმე, რომელ ვეშპისა პირისაგან ხსნა აღარ იქნებოდა, და იგიცა მისსა ბედსა ჩიოდეს, თქვა: თუმც ხელმწიფეს არ ებძანაო, მე მაშინცვე არ დავდგებიო, რომელ მამისა ჩემისა არ მეცნა რაო, თუ რას დანაშაულზე დატყვევდაო. ადგა და დედასთან შევიდა, ეგრე მოახსენა: დედაო პატიოსანო და ბანვანთა უთავადესო! რად იდენ ცრემლთა მწარეთა ანუ რად მოიკლავ თავსა? დასცხერ გლოვისაგან ეშმაკურისა, ევედრე ღმერთს ნუთუ აღასრულოს საწადელი შენი და აღარა გიჩვენოს ნაღვლისა და სიმწარისა გემო. აწ მე წავალ მის მძლავრისა და უსამართლოს წინა. ნუთუ ნაცვლობითა ჩემითა გაუშვას მამაჩემი. შენ ჩემთვის ნუ შეიჭირვებ, გულსაამოდ და მხიარულად იყავ ამისთვის, რომელ მეც ადრე მოვალ და შეწევნითა ღმთისათა მამისა ჩემისა გამოშვებისა იმედიც მაქვს. შენ ამის მეტი ნურა შეგჭირდება რა, რომე ღმერთს სთხოვდე მდუღრის გულითა ხსნასა ჩვენსა და იგი აღგისრულებს საწადელსა შენსა. მოეხვია დედას და გაესალამა და წავიდა.

აქა მოემატა სევდა სევდასა ზედა რუსუდანს: მისი პირმშო

სასურველი და საყვარელი შვილი ფრიდონ წავიდა

მამასთან

რა ნახა შვილი იგი მისი პირმშო და სასურველი, ყოვლისა ზნით სრული და სარწმუნოვებითა აღზდილი, მას ურწმუნოსთან წარმავალი, ადუღდა მწარედ, დაერთო მწარესა სევდასა უანგარიშო ნაღველი უშრეტი. იტყოდა მწარითა სიტყვითა და იღვარებოდა სისხლისა ცრემლითა. არა ისმენდა ტკბილსა და არც მწარეს, არც ნახევდა ნათელსა დღისასა და არც განისვენებდა წუთსა ერთს მოთქმისა და ტირილისაგან. არც სვემდა, არც სჭამდა, არა დაიგებდა, არც დაიხურებდა. იყო დიდსა შეჭირვებას შინა და უჭვრეტდენ საწყალნი მშობელნი ამ ყოფითა ასულსა მათსა, რას პირობითა და ხელმწიფურის წესითა ნაზარდსა და აწე ნაცარსა და მტვერსა შიგან მორეულს. მწარისა გულისა ტკივილისაგან ვერ მოითმენდენ მისსა ისრე ყოფასა. ეტყოდენ: რად იქ, შვილო საყვარელო, ბერთა მშობელთა სიცოცხლეო და თვალთა ჩენაო! რად აჭკნობ ვარდს უფრჭვნელსა და ბნელ ჰყოფ ბრწყინვალებას მას უღრუბლოსა? რად დაყრი მშობელთა შენთა დაუმარხავად და ძმათა შენთა გულ-მოკლულთა, რომე არც ერთი გეგულვება სახლსა და სამკვიდრებელსა თვისსა? არა ჩვენცა მშობელნი ვართ თორმეტთა ძეთანი და ერთიცა არა არის ჩვენს გვერდით? რომელიმე უფრო შორიელთა ქვეყანათა გვეგულვებიან და რომელიმე დევთა და ვეშაპთა პირთა შინა და არა თავნი დაგვიხოცია და მოწყალებითა ღმთისათა მხიარულთა და გამარჯვებულთა დღე ყოველ მოველით. შენ რად არა მოისვენებ წამსა ერთსა, რომე სული გვამს მოგიბრუნდეს? მრავალი გვინახავს და გვასმია ჭირსა შინა, მაგრამ არვის უქნია მგზავსი შენი. ნუ იქ, რომელი არვის უქნია არც ბერთა და არც ჭაბუკთა, არც წარმართთა, თვარამ ქრისტიანისაგან ვით იქნების, რასაც შენ იქ. ანუ ისმინე სიტყვათა ჩვენთა, ანუ დაგვხოცე ხელითა შენითა, ნუღარ გვაჩვენებ შენსა შეჭირვებასა და ნაცართა და მტვერთა შინა რევასა.

იგი უმწარესად ატირდის ამას მოახსენებდის: რად მიბძანებთ, მშობელნო ჩემნო, აქამდის ხელმწიფეთაცა უპატიოსნესნო, აწ ჩემის უბედობითა გაბედითებულნო, ოთხას ოთხმოცსა წელსა ჭირუნახავნო, ლხინითა და განსვენებითა მყოფელნო, აწ ჩემის უღურსიძეობითა მწარესა ყოფასა შთაცვინულნო! თქვენ დღეთა თქვენთა ნაღველი არ გინახავ და, ნუ ყოს ღმერთმან, არცა შვილის სიმწარე გამოგიცდია და ჩემისა სიბრალულითა ეგზომსა შეჭირვებასა შინა ხართ და ეზდენსა ხანსა ჩემთანა სტირით და ვერ მოგითმენიათ გაყრა ჩემი. მე ვით მოვითმინო მათ სასურველთა და საყვარელთა ძეთა და ასულთა ჩემთა მოშორვება და ვეშაპთა ხელთა ჩავარდნა? ნეტარძი იქნებოდა, თუმცა მასვე სახიერსა და ტკბილსა მეუფესა შევებრალებინე და არ განყენებულიყვნენ მცნებათაგან მისთა და არცა გავარდნილიყვნენ ხელთაგან ღმთისა ცხოველისათა. ვაი საწყალობელსა და უბადრუკსა თავსა ჩემსა, რომელ ჩემი ჭირი და რუდუნებანი ეშმაკის მუშა იქმნა და ეშმაკისათვის დავშვერი. ჩემთა ცოდვათა მგზავსი ამავე სოფელსა მომეგო, რომე შვილნი ჩემნი ეშმაკთა მსახურებენ, წასულნი ნახა თვალმა ჩემმან და აღარა ელის გული ჩემი მოსვლასა და მოქცევასა მათსა. მერმე სიტყვა-სრულისა და უკლებისა, თავ-ამაღლებულისა, სახელ-განთქმულისა, ახალ-მოწიფულისა, ფალავნობით უსწოროსი, არამ თუ მშობელთა მისთვის, არამედ ყოველთა მნახავთა და ამბის მსმენელთა მისთვის, მოხუცებულთა და სიბერისა მათისა კვერთხისა და სულისა ნუგეშინისმცემლად სახედველისა, ყრმათათვის ლხინ-მოუკლებელად შემაქცევარისა და ჩუქება-მოუწყენელისა, ჩემისა სულისა და სიცოცხლისა, მშვენიერისა ფრიდონისა სიტყვა მიდებს ცეცხლსა უშრეტსა, რომე მისსა წასვლასა ამას მეტყოდა, ვითა: ნუ სწუხო! მე მისითა გაყრითა მიდებდა გულსა, თვით თავსა თავისისა მამისა სახსრად მიქადებდა. და ანუ ესე ერთი მისი სიტყვა ვითა მოვითმინო, არამ თუ მათი სულით ხორცამდინ დაკარგვა და მეუსამართლოეთა მათ მტანჯველთა ეშმაკთა ხელთა ჩავარდნა.

ამისთანათა სიტყვითა მათაც ცეცხლსა უდებდა, არა თუ იგი დადუმდებოდა. რა მით ვეღარ დაადუმიან, მერმე ამას ეტყოდიან: თუ მათისა წაწყმედისათვის სწუხ და წამსაცა ერთსა ვერ მოითმენ, რომელნი არა თავისისა ნებითა განეშორნეს სურვილსა სასოებასა უფლისასა, არამედ ძალითა და უწყალოებითა წაგისხნეს, უბოროტესი არა არის, რომე შენითა ნებითა უპირობ წაწყმედასა თავსაცა, ხუთასსა წელ მიწევნილთა მშობელთაცა? რად მიყოლიხარ ნებასა ეშმაკისასა და არ გეწყალვიან ძმანი შენი უცხოსა ქვეყანასა შენისა მწუხარებისა სმენისათვის და არცა მონანი და მხევალნი შენისა ხედვისათვის? მაგრამ მტერთაგანცა შესაწყალებელნი არიან შვილნი შენნი უგუნურნი ესეოდენისა ტირილისა და სიმწუხარისათვის. არამცა იქმნას ესე, რომელ ვერა გასძლონ სევდა, შვილთა შენთა მკვლელად შეიქნა. მაშინ უფრო გეენიასა შთავცვივით არა მარტო შენ, არამედ ყოველნი ნათესავნი და მახლობელნი შენნი. რად არ მოელი ბძანებასა ღმთისასა? ვინ იცის, რა გაუგია განგებასა შენთვის! რად არ მოიხსენებ მოთმინებასა იობისასა, თუ რა რიგად გამოსცადა ღმერთმან, რას მამულისა და დიდებისაგან განდევნა, შვილთა და მონაგებთა მისთაგან დაცალიერდა. შვილთა სიმწუხარე და სიმდიდრისა მისისა წარტყვენა, მატლსა და წუთხსა შინა ყოფა, მყრალობითა ცათა ქვეშე ყოფა და ჯდომა თავსა დაიდვა და არ თქვა რა დასაგმობელი უფლისა მიმართ, არამედ დაუღამებელად ღმერთსა ადიდებდა და ამას იტყოდა: უფალმაც მომცა და უფალმანც მიმიღო, იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდეო. თუ ლხინი მინდოდაო, ჭირიმცა შევიწყნარეო ხელთაგან მისთაო. ამისთვის მიაგო ღმერთმან ათასეულად და ნაყოფიერ ყო იგი ყოვლითა კეთილითა. არა აღმოგიკითხავსო მხნისა მის და ახოვანისა მთავარმოწამისა ესტატესი, თუ რაგვარად ექსორია იქმნა მამულისა და დიდებისაგან და უცხო იქმნა სახლისა და სამყოფთაგან, არც რომე მგელთაგანც დაძაბუნდა და შვილნი საყვარელნი კბილთა შიგან მისთა ნახა და მეუღლე მშვიდი ბარბაროზთაგან წარეტაცა. დარჩა მარტო და ღარიბად და ყოველივე კეთილად დაითმინა სიყვარულითა ღმთისათა. ამისთვის ღირს-ყო ღმერთმან, გულით მეცნიარმა, დიდებასავე თვისსა და უმჯობესიცა განიგულა მისთვის ამად, რომე სასუფეველიც ცათაცა დაუმკვიდრა მათ. აწ შენ რად აჩემებ განსაცდელსა ამას ეშმაკს და არა მადლობ ღმერთსა, ყოველთათვის ტკბილად მხედველსა, რათა შენც ღირს-გყოს საწადელისა შენისა და გაღირსოს ხილვა მათ უსწოროთა საყვარელთა შენთა და შენი პირნი და მწუხარებანი ლხინად გარდაგექცეს?

მრავალსა ამისთანასა სიტყვას ეტყოდიან და მოთმინებასა ასწავლიდიან. თვითაც ეტყოდა გულსა თვისსა: ნუ ქმნილხარ ქვისაგანცა უმაგრე. არ ისმენ ღმთისასა და არც კაცთასა. არც გრცხვენიან მშობელთაგან, არც გებრალებიან შვილნი, რომე არც გაქვს სათნო ძმათა შენთა. რაც თვისთა დღეთა შინა ლხინი უნახავს, ყველა დააშხამე, ყმაწვილნი უდროდ დააბერენ, ბერნი მედგრად შეამჭიდროე. ესე ვითა მოხდების შენგან, რომე ესენი ამ ყოფით არიან და შენ სიტყვასაც ერთსა არ მოუსმენდიო. ამისთანითა სიტყვითა თვითცა გულსა იმაგრებდა და ეცდებოდა ჭირთა თმენასა, მაგრამ, რაზომცა ეცდებოდა, ვერ ძალ-ედვა დაფარვა მწარისა მის ცეცხლისა. დედა-მამათა სიბრალულითა ცხადად ეცდებოდა სულის დაღებასა, მაგრამ გული მისი აღგზებულისა სახმილისაგანცა უფრო იწოდა.

გამოვიდა მრავალი ხანი ამ ყოფას შიგან. დასნეულდა მწარედ. არ იყო სენისა მისისა მეცნიარება და არცა წამლისაგან რგება. ეღონებოდეს მისისა ისრე ყოფისათვის მშობელნი მისნი და ვერა ღონე ექმნათ. გაისმა ამბავი მისი ყოველსა ქვეყანასა და მრავალნი უცხონი იმტკივნებდეს გულსა. გაიგონეს ძმათაცა მისთა მისი ეგზომი შეჭირვება და წამოვიდა ჩინეთით ძმა მისი ხუცესი, დღე და ღამე სწორად იარა, სანამდინ იამანს მოვიდოდა. რა შევიდა ქალაქსა შიგან, ყოველნი მისთვის ჩიოდეს და მისსა ამბავსა ამბობდეს. მივიდა და ნახა მწარისა სენისა და სევდისაგან უღონოდ გამხდარი და იგი საყვარელი მისი და მშობელნი უღონოდ გამხდარნი. მასაც გული დაეწვა და შევიდა დიდითა ტირილითა და ყოფითა და მოეხვია დასა და ეგრე უთხრა: დაო, თვალთა ჩემთა ნათელო და სიცოცხლისა ჩემისა სიხარულო! რა მზადა ჩემთვის, რომლის ღრუბლისაგან ხმობდა ქარი მწარე და აღიტაცა უღრუბლო მზე ჩვენი როდენ ქალი და, რომელსა დევნი და ვეშაპნი ვერ ერეოდიან, ვითა შეძლო მან აღტაცება ჭაბუკისა მის შვენიარისა და სიმხნითა სრულისა, მშობელთა ჩემთა სიბერის კვერთხისა, სულისა ჩემისა განმნათლებელისა, ძმათა ჩემთა სიხარულისა, უსწოროსა მას ჭაბუკისა ფრიდონისა ჩვენგან წარტაცება?

მოვიდეს ძმანი მისნი ყოველნივე უცხოთ და უცხოთ სხვათა და სხვათა ქვეყანათაგან. შემოეხვივნეს დას გარე. ასეთი ყოფა შეიქნა, მათისა ზრუნვისაგან მზესა ღრუბელი ეფაროდა, ქვეყანა შეძრწუნებულიყო. რა ნახა ძმანი რუსუდან შესრულნი, შესტირა მწარედ ყოველთა. ხან ერთსა მოეხვია და ხან მეორეს, ეხვეწებოდა და მუხლთა უყრიდა: ნუ გინდათ ჩემი სიცოცხლეო და ნურც ეცდებით ჩემსა მორჩენასო. მე რომ მოვრჩე, თვალით სანახავი მინახავსო, ყურითა სასმენელი მსმენიაო. მისი მგონებელი ანუ თქვენ რას გაამებ, ანუ ჩემთა მშობელთა რას მოვასვენებო. ისინი ამას ეტყოდიან: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა სიტყვათა მაგათ და ნუმცა ცოცხალვართ წამსცა ერთსა უშენოდ. ჩვენ გვამყოფე თქვენს სადაღად და ანუ დაგვხოცე ხელითა შენითა და ანუ გვაჩვენე პირი შენი ელვარედ, ღაწვი დაუხოკველად და მელნისა თვალნი ცრემლ-შეშრობილი, ანუ ერთხელ გვასმინე ხმა შენი ტკბილი, აუჩქარებელი და დაუღებელად მხმობარე. რამ დაგავიწყა სიყვარული ჩვენი და პატივი მშობელთა შენთა? რად არ გაუსვენებ მაგათ და ანუ მოსვლითა ჩვენითა არ გაიხარებ? ჩვენ არ უმფრო შორით ქვეყნითა მოვსულვართ, მრავალი საჭირონი გზანი გამოგვივლია ზოგთა ზღვათა შიგან და ზოგთა ხმელთა ზედან, მრავალსა ომსა დამწყვთევივართ და მრავალთა მხეცთა შიგან შემწყვთევივართ, მრავალნი მძლავრნი და დიდნი ხელმწიფენი გვინახვან და ნებითა ღმთისითა უვნებელად გამოვსულვართ. ფრიდონ უმხნეა ჩვენსა, უფრო ახალი მოწიფული და ახალი ფალავანი არის. თუმცა დევთა საომრად წასულიყოს და ანუ მხეცთა ამოსაწყვეტლად, არც ეგრე მაშინ უნდა გამხდარიყავ, არა თუ ცოტას გზას წასვლისათვისო. თუმც ცოტა შორი იყოს, საჭირო და საშიში მაშინც არა აქვს რა მეფეთა წინა მისვლის მეტი და დიდის წყალობისა და პატივის მეტი. რად მოიკლავ თავსო? იქნებისცა, რომე ასეთს დროსა წამოგვადგეს ფრიდონ, რომ ვერა შეიტყო რა. მე მოხუცებული კაცი ვარ და მრავალი გვასმია განსაცდელთა შინა ჩავარდნილი და თვით თვალითაც ჩემითა მინახავს ძნელი განსაცდელი უფრო დიდთა ხელმწიფეთა.

ამისთანა სიტყვითა ხელი შეუწყვეს, მრავალი ჭირისა და ლხინისა ამბავი უამბიან, მშობელნი სამღთოსა და სამეცნიაროსა ანბავსა უანბობდიან, სათნოვებასა შეაგონებდენ, მისთანათა სიტყვითა დაამდოვრებდიან და ნუგეშინის სცემდენ. ძმანი რომელიმე ნახულთა, რომელნიმე ნასმენთა, რომელიმე ძველთა წიგნთაგან აღმოკითხულთა ამბავთა უანბობდიან. დიდთა ქვეყანათა და დიდებულთა ხელმწიფისაც ჭირი და განსაცდელნი ენახნეს და ბოლოს შვება და განსვენება ღმთისაგან. ამისთანათა სიტყვითა შეაქცევდიან. რა მათაც მისჭირდის, შეებრალის ძმანი. ამთონს ეცადის, რომე მაღლისა ხმითა აღარ ამოტირდის. ამბვით ილხენსო, მაგრამც მას არ შეესმოდა, ჭირთა და სიმწარეთაგან გასტერებული იყო.

რა ორი წელიწადი გამოვიდა, მოვიდა ანბავი, ვითა: მიეგებნეს კაცნი დიდებულნი ფრიდონსა, წაიყვანეს დიდებითა, რომელ ვერ იტყვის კაცის ენა და ეტყოდეს, ვითა: სწადს გამეფება შენიო ყოველსა ქვეყანასა ზედა და სურის ნახვა შენიო დიდსა მაღალსა ხელმწიფესა, ვითა სასურველისა. ადრე წარგავლენს ქვეყანასავე შენსაო.

ამა ამბავზედა ცოტა მოილხინა რუსუდან აზომ, რომე კაცის სიტყვა მოესმოდა, თვარამ მისსა ცეცხლსა რა დაშრეტდა! რა მისი მოჯობება და სულის მოსვლა ნახეს, გაიხარეს სიხარულითა დიდითა და ღმერთსა დიდი მადლობა შესწირეს, რომე ამას სული შერჩაო, თვალ-ახმული ვნახეთო. მოვიდნეს და თაყვანი სცეს და კადრეს: ვითა ხარ, მშობელთა სიხარულო და ძმათა პატრონო! აჰა, ნეტარძი თვალთა ჩვენთა, რომე მობრუნდი მხიარულებასა, მოგვესმა ამბავი გულისა ჩვენისა გამამხიარულებელი. მან მადლი უბძანა: ძმანო საყვარელნო და მაცოცხლებელნო დამწვრისა დისაო! გაგსაჯე ჩემისა უბედურებით. ესე შვიდი წელიწადი არის, რომე მშობელთა ჩემთა ერთი წამი არ განუსვენია და არცა უცრემლოდ პური უჭამიათ. თქვენ ერთი წელიწადია რაზომის ხანისა უნახავნი მოსულხართ და ვერცა თქვენი მოსვლით გაუხარიათ და არცა თქვენ ერთი დღე ლხინი გინახავთ. ნეტამც არ ვშობილიყავ დედისაგან და არცა გავზდილიყავ თქვენი აგრე შეწუხებისათვის. ძმათა აგრე მოახსენეს: რად ბძანებ მაგასო, ანუ რად გვინდა ლხინი და მოსვენებაო, თუ შენ არა გეამება რაო. მერმე უფროსმა ძმამა გაიღიმა და აგრე მოახსენა: თუმცა ზავისა დედა ყოფილიყო, რომე მის მეტი არა ყვანდა რაო, ათხუთმეტისა წლისა დაკარგაო, უფრო ვერ გასძლებდაო. რუსუდან ეგრე თქვა: იქნებისმცა ქვეყანათა ზედა, რომელსა ჩვენი ჭირნი სჭირვებოდესო? თვარემ უსაზარლესი მნახველნი და ანუ მსმენელნი ნუ ყოს ღმერთმან ქვეყანათა ზედაო! კვლავე მოახსენა ძმამან: მრავალი უცხო ქვეყანა მინახავს და მრავალთა ბრძენთაგან გამიკითხავს ძველი ამბავი და ლხინი. ზოგნი მინახავს და ზოგნი მასმია, რომე დიდსა ჭირსა ყოფილიყვნეს დიდებულნი და მცირებულნიც, რომე ბოლოს ისევ შვება და ლხინი მიეცეს დამბადებელსა ყოველთასა. უფროსი ჭირი და განსაცდელი ხელმწიფეთა ყოფილან და იქნებიან. უჭირო ლხინი და გაურჯელი მეფობა არ მასმია არცა ძველთა მნახველთა ბრძენთაგან. აწე ისმინე სიტყვათა ჩემთა და მოგახსენებ ამბავსა ერთსა ოდესმცა შეზავებულსა, როდესმე მოსალხენსა.

მე ოდეს წაველ ქვეყნითა ჩემითა, ვლე მრავალი ხანი ზღვათა შინა და ქვეყანათა ზედა და ვისაქმე საქმე ჩემი. რომელი მიბძანა მამამან ჩემმან, აღვასრულე ყოველი ნებითა ღმთისითა და დავაპირე წამოსვლა. ვიწვიე მას ქვეყანისა დიდებულნი. მინდოდა, თუმცა მათშიგან ლხინი მენახა და ეგრეთ გამოვსალმებოდი. დავსხედით, დავიდევით ნადიმი, შეგვექნა ლხინი და განსვენება. ჩამოვარდა ამბავი. ზოგთა ვთქვით ამბავი დიდებულთა და ზოგმა ზოგთა. ერთი ვინმე იყო ბერიკაცი ვაჭარი და მან თქვა ეგრე: ნუ ყოს ღმერთმან ქვეყანათა ზედან ხელმწიფე ჩინეთის ხელმწიფისაგან უკეთესი და ქვეყანა მას უმშვენიერესი, ქალაქი მას უდიდესი. კითხეს დიდებულთ: ამბავი მისი ყოველივე თქვიო. მან ეგრე თქვა: ამისგან კიდე არა ვიციო, რომე მამისა ჩემისაგან მასმიაო, არ არის პირსა ყოველისა ქვეყანისასა ჭაბუკი ზავისა უშვენიერესი და ხელმწიფე მას უმძლავრესიო. მე მეწყინა და ეგრე უთხარ: თვალთა უნახავად ერთის ამბვისა სმენითა ყოველთ ქვეყანა რად მოაყივნე-მეთქი? მერმე მათ დიდებულთა ეგრე თქვეს: თუმცა კაცი იყოს ასეთი, რომე ჩინეთს წავიდოდეს და მათს ამბავს სცნობდეს, მართლა მაგ კაცსა მოაყივნებსო. მე გულსა შინა დავიპირე ჩინეთს წასვლა და მართ ზეპირად არა ვთქვი რა. შემექნა საგონებელი ამ ამბავს ზედან. აიშალა სუფრასა მსხდომელნი ყველანი.

მას ღამესა ვერა მოვისვენე რა მისისა გონებისათვის. რა დილა გათენდა, შევეკაზმე ჩინეთს წასასვლელად. ბარგი და სამძიმარი და ჩემნი მონანი იქავე დავყარე, ერთსა ჯორსა საგებელი ავკიდე, ერთი კაცი წავიტანე და წაველ. ვიარე დღენი მრავალნი, მივხვდი ჩინეთისა სამზღვარსა. ვნახე ქვეყანა დიდი, შენობა-მრავალი, ციხე-ქალაქნი მოწყობილნი. გამიკვირდა მას ქვეყნისა სიკეთე და სიდიდე. შემებრალდა თავი მას ქვეყანათა ღარიბად სიარულისათვის. სადაცა მივიდოდი სევდიანი, შემაქცევდიან. ვინცა მნახის, დამიძახიან: ვინ ხარ უცხო ღარიბი? მოვედ, პური ჭამეო ჩვენთან, ნუთუ გშიოდესო. მე თავისა ჩემისათვის ვწყრებოდი, არა მივიდოდი. იგინივე უფრო გამკიცხევდიან. ეგრე უთხარ თავსა ჩემსა: ვაი, შენ, თაო ჩემო! ყმაწვილობასა შინა რასთვის გაგზარდა მამამან შენმან ბრძენთა და მეცნიერთა კაცთა თანა? რასათვის გამყოფა ხელმწიფეთათვის სახლებლად სანატრელი, ამხანაგთათვის სატრფიალო და საქებელი? აქამდისინ ყოველნი ბრძენნი და მეცნიერნი გაქებდიან და შენსა ზრდილობასა კვირობდიან. ყრმანი შენთანა სროლასა და ასპარეზსა ერთმანეთს ეცილებოდიან. აწ სიბრძნისა ჟამსა უბადოთა კაცთაგან საკიცხელად შეიქენ. რა გრჯიდა შენ ჩინეთისა ნახვისათვის? წამოხველ ხელურად, არა სახლსა შენსა მშვიდობით წარხველ! ამისთანათა სიტყვითა თავსა ჩემსა ვგმობდი, აგეთი გაჯავრებული მას ქვეყანასა ვიარებოდი.

ვიარე ოცი დღე ეგეთი ყოფითა. სევდისაგან არ მოვისვენი. ვერც ვნახე კაცი აგეთი, რომე ჩემის გულისაგან სევდა ამოეღო და ანუ ჩემი ხვაშიადი მისთვის გამენდო. უფრო და უფრო შემჭირდებოდა. დავაპირე გარე-შექცევა. შევხედე, ერთი ვინმე კაცი მოვიდოდა, ჯორსა ზედან იჯდა ოქროთ აკაზმულობიანსა, ორნი მონანი მოყვანდეს. მე მათ კაცთაგან გამწყრალი ვიყავ. მეგონა, ნუთუ ამანაც გამკიცხოს, და გზა აუქცივე. რა მნახა მან კაცმან, ერთი მონა გამოგზავნა, ვითა: უცხოსა კაცსა გამგზავსეო და შენი შეყრა მწადიაო. მოვედ და აქა გარდავხდეთო და ერთად ლხინი ვნახოთო. მე არა ყური მიუგდე ხანამდისინ მას კაცს, მერმე ეგრე უთხარ: ეს რა ქაჯთა ქვეყანა ყოფილა-მეთქი, რომე კაცსა ვერ იცნობენ? თქვენი არცა ლხინი მინდა, არცა შექცევა.

წავიდა კაცი იგი და თავისა ბატონსა მოახსენა. მერმე თვითან მოვიდა ჩემთანა და მე აგრე მითხრა: ვინ ხარ, ძმაო, და ანუ რად სწყრები, ნუთუ უბადოთა კაცთა გაწყინეს რამეო? რა ვნახე მისი იგეთი სიკეთე, ცოტათ გული დამიწყნარდა და ეგრე ვარქვი: რეგვენთა ქვეყანასა ჩამოვარდი-მეთქი და მათისა ჯავრისაგან მეც ცნობანი დამეფანტნეს და უსალამოდ შემოგეყარე. მან ეგრე მითხრა: ნუ გაგვა, ძმაო! ვიცი, რომე დიდი და საბატიო ხარ ვინმე და არ გულისა შენის გასაწყო კაცნი გინახვან და ცუდთა კაცთ შინა სიარული მოგწყინვებია. აწე ბძანე და გარდავხდეთ ჩრდილსა ქვეშე, მამშვრალი ხარო და ცოტა შეისვენეო. მიამა მას კაცისა გარდაკიდება და წავყევ თან. ამოსა წყაროს ზედან მიმიყვანა. გარდავხედით, პური ვსჭამეთ და განვისვენეთ. მერმე ვკითხე მას კაცსა: ვისი არის ქვეყანა ესე ანუ ვინ არიან კაცნი ესენი? მან თქვა: რომელი შენ გინახავს, მერემენი და მეკარვენი ვეზირისანი არიან. მათგან კიდე აქ არა არის რამე. ვრქვი: არის აგეთი დიდი ვეზირი, რომე ოცისა დღისა სავალსა მისნი მერემენი დგანან მეთქი? მან ეგრე მითხრა: ოცის დღისა არა და ასის დღისა არიო ამისთანა პირუტყვთა სამყოფი. მომეგონა მას კაცისა საქმე და ვთქვი გულსა შინა: არა ტყუოდა კაცი იგი, თურმე დიდი ქვეყანა არის ჩინეთი. ეგრე უთხარ მას კაცსა: ძმაო, შენ ვეზირისა რა ხარ-მეთქი? მან აგრე მითხრა: მერემეთაუხუცესი ვარო. მე ეგრე უთხარ: პატრონისა შენის უნახავი არსად წავალ, ნახვა მწადს მე მისი-მეთქი. მან ეგრე მითხრა: დია ღმერთო, წინაშე ვარო.

ვიარეთ მრავალი ხანი, ვნახეთ, ქალაქი ქალაქზედა, ციხე ციხესა ზედა მოწყობით იყო. ვნახე, ყოვლისა ქვეყანისაგან უშვენიერესი და უდიდესი იყო, რომე არა იყო პირს ქვეყანისას ამისთანა ქალაქი და ქვეყანა. მიმიყვანა სახლსა ვეზირისასა. მოახსენეს ვეზირსა მოსვლა ჩემი. მომაგება ფიცხლავე კაცი, მიმიყვანეს პატივითა დიდითა. მიალერსა და მომიკითხა მდაბლად, მიბძანა: ვინ ხარ, შვილო, ანუ რომლის ქვეყნითა მოსულხარ? მოვახსენე ყოველი თავისა ჩემისა გარდასავალი. გაუკვირდა ჩემი აგრე ცუდად მისვლა და აგრე მიბძანა: მასმია მამისა შენისა სიმდიდრე და სიკეთე. ვით გამოგიშვა აგრე მარტო? მე ეგრე მოვახსენე: არა სახლით ჩემით წამოსული ვარ-მეთქი. ხორასნის ქვეყანასა ლაშქრად ვიყავ და იქ ვაჭართაგან მესმა თქვენის ქვეყნის ხელმწიფისა. სიმძლავრე და სიკეთე, რომე ყოვლისა ქვეყანისა უკეთესად თქვა. მე ჯავრითა მისითა გამოვეპარე ყოველთა ყმათა ჩემთა და წამოველ მარტო. მსურის ხილვა ამის ქვეყანისა და მეფეთა თქვენთა. მან აგრე მიბძანა: შვილო, შორის გზით მოსულხარ, დიდი ჭირი გინახავს. ჩინეთი დიდი ქვეყანა არის. თუ გწადის ყოვლისა ნახვა, ერთსა წელიწადს ვერა დაივლი. აწ თუ ინებოს გულმან შენმან მე გითხრა ყოველი ყოფილი მეფეთა ჩვენთაო. დაუმადლე, მწვე ქება შევასხი: ვით შვენის სიკეთეს თქვენსა, ეგრეთვე ბრძანებთ. მითხრობდა იგი და ვისმენდი მე...

აქა ხელმწიფის იბრეიმის ანბავი

კარი მეექვსე

ადრევე გამგზავნა პატრონმა მამამა ჩემმა საქმისა რისათვისმე ლეისა ქვეყანასა. ვისაქმე, როგორცა მინდოდა, კარგგვარად და მესმოდა ქება იბრეიმ მეფისა მის ქვეყანისა. ვთქვი: წავიდე, ვნახო. აზომ ქებას რომ იტყვიან, მართალი არის თუ არა-მეთქი. განა სხვა იქიურნი მეფენი არ მენახა, მაგრამ ეს ახალი მეფე იყო და კვლავინდელთა მეფეთა მისთანა არც ქება გამეგონა და არც მისი მგზავსი სიკეთე მენახა და მისთვინ გამიკვირდა. შევკარ ძღვენი მათი საკადრისი და წაველ.

მიცნობდენ მის ქვეყანისა დიდებულნი. იამათ ჩემი ნახვა, მომეგებნენ და მიალერსეს. წამიძღვნენ, ხელმწიფესა ძღვენი მიმირთვეს, სალამი მიმაცემინეს, ჩემი ამბავი მოახსენეს. ვინ ვიყავ ან ვისი შვილი, ანუ რა სამსახური დაედვა მამაჩემსა მათ მეპატრონეთათვის, ანუ მათგან რა პატივი და წყალობა სჭირვებოდა, - ყველა კარგად გაასინჯეს. მანცა დია დამიმადლა ძღვენი და პატივი მცა, არ გამიშვა სამსა თვესა. ვნახე მისგან მრავალი სამართალი და მოწყალება, რომელიცა ხელმწიფეთა წესი იყო. დიდადაც მატდა სიკეთე მისი, რაც მე გამეგონა, ასე რომ, ასე ვთქვი: ამბავს კაცი სჯობს-მეთქი, თვარა მისსა სიდიდებულესა და ჯარმრავლობასა, სიუხვედაულევნელობასა და ლხინნადიმმოუშლელობასა ანგარიში არა ჰქონდა და არც მოითვლების, ამისთვის რომ ენა დაშვრების, გონება განცვიფრდება და მსმენელნი დაშტერდებიან. დღეყოველ მიბრძანებდა მოსვლასა და, როსცა ვიახლებოდი, ახლო დამისვემდა და პატივით მიყურებდა, ქვეყანათა ანბავთა მკითხევდა, მრავალს მიბოძებდა, ეგრე გამომიშვებდა.

დღესა ერთსა მოვიდა ვინმე დიდვაჭარი, მრავალი ყაფლა მოჰყვა. მოართვეს ხელმწიფესა მრავალი ტურფა ძღვენი, რომ უფროსი და უკეთესი ძღვენი კაცის თვალს არ უნახავს. დაუმადლა ხელმწიფემან, დაუცალეს ქარვანსრები, დააყენეს კარგსა ალაგსა, ახლო ხელმწიფესთანა.

პატა ხანი გამოვიდა. მეცხვარე მოვიდა და კაი ბატკნები მოართვა ხელმწიფესა, ასეთი, რომე სიკეთე მათზე გარდასწყდებოდა. დაუმადლა მასცა ხელმწიფემან, მაგრამ რაღაც იმ მეცხვარის უბედურობა იყო და ხელმწიფის ღმთისაგან წყალობა, ორი ასეთი ყმაწვილი მოჰყვა, რომ კაცის თვალით მისთანა არა ინახებოდა რა. ხელმწიფეს თვალი მათზე დარჩა და უბძანა მეცხვარესა: ეს ყმაწვილები შენია თუ სხვისაო? მან მოახსენა ჩემი შვილები არ არი, განა წვრილები ჩემგან შვილურად დასდილიაო. ჩაუვარდა თურმე მას ხელმწიფესა გულში და კიდეც თურმე ამგზავსა. მაშინ არა ბძანა რა ის დიდვაჭარიც იქ იყო და ერთის უცხოს ქვეყნისა სტუმარი მე ვიყავ. თავის დიდებულთა ანგარიში არა ჰქონდა. უბძანა მის მეცხვარისა დაყენება: ჯერ ნუ წავაო. ნახა მას დღესა ლხინი. მას დიდვაჭარსაცა შეუვიდა მის ყმაწვილების ნდომა და, ოდეს ხელმწიფემ სუფრა აიღო, წავედით ყველანი თავ-თავისთვინ.

ის დიდვაჭარიც მივიდა სადგომსა. თურმე ის მეცხვარეც იმის ახლო ქუჩაში იდგა და ის ყმაწვილები კარზე თამაშობდენ. თქვა იმ დიდვაჭარმა: ასეთი ჩემს თავს რა მოვა, ესენი არ ვიყიდოო. მოაყვანინა ის მეცხვარე და უთხრა: ძმაო, ამ ყმაწვილებს არ გაყიდიო? მან უთხრა: მგლისათვის კბილში გამომიგლეჯია, ჩემი სიცოცხლე მაგათზე წამიგია, ასეთს ვინ რას მომცემს, რომ ამ ჩემის ჭირნახულის ფასი იყოსო, თვარა მაგათი ფასი ხელმწიფესაც, ვეჭობ, გაუჭირდესო.

რა ამისთანა პასუხი გაიგონა, იმ ვაჭარმან შეატყო, რომ გასყიდვა ეწადა და ასე უთხრა: ვიცი, ესენი სამეცხვარო კაცნი არ არიანო, არც შენთან დადგებიანო; გაყიდე, ამის ფასი უკეთ გამოგადგებაო; ასეთს ვერას შემომიკვეთ, რომ არ მოგცეო. იმ მეცხვარემ ასე უთხრა: ჩემგან ამათ ფასი არ დაედებაო. რაც შენს სულსა და ღმერთს ქვეშ გიღირდეს, ის მომეცო.

რა იმან მისთანა ქართული უთხრა, ადგა, ათასი თუმანი დაუთვალა, მისცა, ის ყმაწვილები გამოართვა.

რა დილა გათენდა, კიდევ ხელმწიფის კარზე შევიყარენით. მან დიდვაჭარმან კვლავ უსახო დიდი ძღვენი მოართვა და ეგრე მოახსენა: თქვენმა დოვლათმა აქ მომიყვანა და ამისთანა კაი ყულები მაშოვნინაო. ეს ანბავი იმ ვაჭარმა გვიანბო და მას მეცხვარის ვაჭრობაზე შერიგება. ჩაუვარდა გულში ხელმწიფესა მის ყმაწვილების სევდა. პირად არა ბძანა რა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეჯავრებოდა რამე. ადრე სუფრა აიღო. წავედით თავ-თავისად.

რა დილა გათენდა, არცა ვის მაწვევარი კაცი მოგვივიდა, კარი შეკრეს, აღარცა ვინ პირმიღმა შეუშვეს მის დიდვაჭრის მეტი და მეცხვარის მეტი. ჩვენ ასე ვთქვით: სავაჭრო რამ უცხო გამოაჩინაო მან კაცმან და მისთვინ ქნეს ყორუღი, არავის აჩვენებენო, მაგრამ მეცხვარე რაღას გააკეთებსო? აქაქი არ არის, რომ თვალი გათალოსო, და აგრე ბრძენი და მეცნიერი, რომ უცხო და ძვირფასი იცნას რამ, და რას აქნევსო?! ამის სარჩევში რომ ვიყავით, ორნივ გამოასხეს ხელდაკრულნი. დიდვაჭარი ძელზე ჩამოჰკიდეს და მეცხვარეს თავი გააგდებინეს.

შეიქნა საკურველი ზრუნვა და ჩივილი მას ქალაქში: ეს რა დაგვემართაო?! გვიხაროდა, რომ მოწყალე და მოსამართლე ხელმწიფე დაგვიჯდაო, და ამანც ასრე უბრალოდ კაცებს ხოცა დაუწყოო, რომ არცა ვის რას შეატყობინებსო და არცა ვისგან რას მოიხსენებსო. ამას უკან რაღას კაის ველოდეთო, რომ არავინ ინახვინა და ვერც ვეზირმან და ვერამ კაცმა ახლო ვერ გაუარაო.

მეოთხეს დღესა გამოვიდა. ხმობა ბძანა ყველასი. მითხრეს: შენ უცხოს ქვეყნის ხარო, დიდად უყვარხარ და გაპატიებსო: ჰკითხე, ეს რა ხელმწიფის საქნელი იყო, რაც იმან ქნაო. მივედით. ხელმწიფე ისევ მხიარულად დაგვიხვდა და თავ-თავისი ალაგი უჩვენა ყველას. მე მიბძანა: ახლო დაჯეო! მე მოვახსენე: ვეღარ გენდობი-მეთქი. მიბძანა: რასთვიო? მოვახსენე: უცხოს კაცის გასტუმრება ავად გცოდნია-მეთქი და მეძღვნის მიპყრობა. თავმან შენმან, დღესამდის რაც მე შენგან სამართალი და მოწყალება მინახავ, არას ხელმწიფისაგან ამის უფროსი ანბადაც არ გამიგონია და ეს თქვენი დიდებულნი ასრე იტყვიან: რა არიო, შენ ნაათალი არ გინახაო მაგისი საქმეო. აწ ამდენი სიკეთის პატრონმა ეს უწყალობა როგორ ჰქენი, რომ მისთანა საბატიო კაცი უანგარიშოსა და უფასოს ლარ-საჭურჭლით მოგივიდა და დღეყოველ მისთანა უცხო თვალ-გვარი მოგართვის, დაიჭირე და ძელზე მოარჩობინე. თუ საქონელი გინდოდა მისი, ის არ მოგეკვლევინა და ტკბილის სიტყვით დაგეყენებინათ, ყოველს დღეს მისთანა ძღვენი მოეტანა, ვეჭობ, სალაროს დაიდებდი, თვარა მის სიკვდილსა ამის მეტსა ვერას გამორჩები, რომ ხმა დაგივარდება და არას უცხოს ქვეყნის კაცი არ მოგენდობა-მეთქი. მეცხვარეს ხომ არა ჰქონდა რა?! საბრალოს ორი ბატკანი ათასის ცოდვილობით ეშოვნა, ის შენ მოგისხა. დაიჭირე და თავი გააგდებინე. ღმერთმან კვლავ ამისთანა ნუღარა მაჩვენოს რა და ნურც აქ-ღა დამაყენოს! იმას, იმდენის კაის განძისა და საჭურვლისა მომღებსა, რაღაც მიზეზი უპოვე, გაკითხვა არ აღირსე, მე რითღა გამიკითხავ, თუ გუნებაზე შემოგივარდება-მეთქი.

გაიცინა და ეგრე მიბრძანა: მისთვი სჩივი და ჩემი კი რა იციო. არ მინდოდა, ჩემი აუგი ჩემის პირით მეთქვა და, რადგან აგრე უწყალოებასა და სიხარბეში მიგდებთო, აწ ჩემიც გაიგონეო. თუ რასმე ვტყუოდე, რაც მე მათ უყავ, თქვენ მე მიყავითო.

მე არცა ვარ ამ ქვეყანისა და არც ხელმწიფეთა ნათესავი. მე შამელი ვარ. ხელმწიფე სახელად არ მერქვა, თვარემ ღმთისაგან არა მაკლდა რა. სახელად ისმაილ ჩალაბი მერქო. ასეთი დიდებული კაცი ვიყავ, რომ, ვინც ჩემი ყოფა ნახის, ასე თქვის: ხელმწიფემ რაღა მეტი იცისო! დავყავ ამისთანას ყოფითა სამოცი წელი. მომევლინა რამ ეშმაკის მაგიერი ცთუნება და მისთვის აიღო ღმერთმან ჩემზე წყალობის ხელი, თუ ეს უკეთესობა სწადდა ჩემთვის და ამად გამომცადა, მე არ ვიცი, თვით იმანვე უწყის. დაიწყო მოკლება ყოველმან ჩემმან საცხოვრებელმან და, თუ სადმე ვაჭარნი წავიდიან ზღვით, წაუხდის ნავი და საქონელი დაეღუპისთ, და, თუ ხმელზე, დაესხიან მეკობრენი და წაიღიან. ამით ვეღარსით ისაქმა ჩემმა კაცმა და საქონელმა. გავღარიბდი დიაღ. მერმე უარესი ეს დამემართა, რომ არც ყმა შემრჩა, არც ყული და ყარავაში: ზოგი დამეხოცა, ზოგი დამეფანტა. ასე ვთქვი: ამ ჩემს სახლ-კარს რომ ყოველი კაცი იცნობს, ვინც ჩემი მეცნიერი მოვიდეს და ასე მნახოს, რას იტყვიან-მეთქი?!

აღარა მქონდა რა, აღარცარა მებადა. ერთი ცოლი შემრჩა და ორი წვრილი ყმაწვილი. დავიწყე სიარული. ხან ერთ ქალაქში მიველ და ხან მეორეში. ვერსად დავდექ, სადაც მიცნობდენ. დავაგდე ჩემი მეცნიერი ქვეყანა და ერთს უცხოს ქვეყანას გარდავარდი, რომ არც მისი სახელი ვიცოდი, და, ქალაქის ბოლოს ერთი ნასახლარი იყო, იქ მივედი. სამნი დედაშვილნი იქ დავსხი, წაველ, ერთი ცუდი ვერცხლის ბეჭედი ვიშოვნე, ის ბაზარში ჩავიტანე. ერთი ცუდი საბელი ვიყიდე, ცოტა პური. მივბრუნდი, პური იმათ მიუტანე, მე ტყეში წაველ, ხე მოვჭერ, ბაზარში ჩავათრიე, გავყიდე და, რაც იმისი ფასი იქნებოდა ანუ ჩვენის ღარიბობის შესაფერი, ვახშამი ვიყიდე. წაველ, მიუტანე. ვახშამი ვჭამეთ და მივეყარენით. ვიყავ ამ ცხოვრებით ორი კვირა. დილას წავედი, ხე მოვიტანი, გავყიდი, მით ვარჩენდი.

დღესა ერთსა წაველ, ხე მოვჭერ. რომ ბაზარში ჩავიტანე, საწყინარმა მითხრა. ისრე საბლითვე იქ დავაგდე, წაველ. რომ მიველ ნასახლარში, ყმაწვილები მარტონი ტიროდენ, დედა აღარსადა ჰყვანდათ. ვიკითხე. ასე მითხრეს: ერთი კაცი მოვიდა, ბევრი ჯარი მოყვაო, აქლემისა და ჯორის ყათარი მოყვაო, დედაჩემი იმან წაიყვანაო, ჩვენ აქ დაგვყარაო. ვიტირე და ვიეც თავსა. ასე ვთქვი: აქ დავყარო ეს ყმაწვილები და წაუდგე-მეთქი?! ამის მეტი ღონე ვერ მოვიგონე, ერთი ზურგთ ავიკიდე, ერთი ხელთ ავიყვანე. ვთქვი: დიდება ღმერთსა, არ ვღირსვიყავ და არ მომცა ღმერთმან-მეთქი. ისე გამოუდექ იმ ქარავნისა კვალსა. ვიარე, მაგრამ სად მოვეწეოდი ქვეითი, ოროლი სული მეკიდა. ვიარე და ვიარე დღივ და ღამ, ასე რომ სული ყელში მოვიდა, აღარ შემეძლო, თხუთმეტი დღე დღივ და ღამ მევლო.

ერთს წყლის პირს მიველ, კვალი იქ მივიტანე. თავად დიაღ დაღალული ვიყავ და მერმე ცოტა ხიდი იყო. ორივ ვერ ვინდევ, ერთი იქ დავსვი, ერთი ავიყვანე. რომ იქით გავიყვანე, დავსვი და ამ მეორისათვის გამოვბრუნდი, მინდოდა გამეყვანა. შემოვხედე. ის გაღმით რომ დავაგდე. იმას მგელი მიარბენინებდა. იარაღი აღარა მქონდა რა, რომ მესროლა. მე ვეღარ მივეწეოდი. კიდევ ვიტირე და ვიეც თავსა. აქეთ, ამ ჩემს ტირილსა და ყვირილში ვეღარა შევიტყევ რა. ეს მეორეც მომტაცა სხვამ მგელმა: ერთი ხმა კი გავიგონე, მოვიხედე, ყმაწვილი აღარსად იყო, მიღმა მგელი მიარბენინებდა. გამოვეკიდე, რაც შემეძლო, ტირილითა ღა ყვირილითა, თვარამ სხვას რას დავაკლებდი, ხელთ არა მეჭირა რა და წელთ არა მერტყა რა. ასე ვთქვი: დიდება შენს ხელმწიფებასა, რომელიც შენი ბძანება არის, ის იქნას, ამის მეტს რაღას მაჩვენებ ჩემის ცოდვის მგზავსსა-მეთქი! მიმჭირდა ტირილი და თავს ცემა და მივარდი, ძილი მომივიდა. ვნახე სიზმარში: ეს სამზღვარი ლეისა არიო; მანამდი იარე, სანამდი ხელმწიფის სასახლეში მიხვიდე და იქ განიხსნების შენის სიმწუხარის საკრველიო.

ავდექ, ღმერთსა მადლი მივეც, რაღას ვიქმოდი?! დავიწყე სიარული. მე ხომ გზა არ ვიცოდი, მაგრამ ბძანება ღმთისა თურმე იყო: მრავალი დღე ვიარე, მოველ ამ ქალაქში, ვიკითხე ხელმწიფის სასახლე. ამ მოქალაქეთ თურმე აგდებით მითხრეს: წაიარე, ხელმწიფე საგლახაოს სცემსო. მე მართალი მეგონა, დაუმადლე, წავყევ. რა სასახლე გამოჩნდა, მითხრეს: ეგ არი, მიდიო, ჩვენ კი ვერ მოვალთ, ყადაღაა, გლახის მეტს არვის მიუშვებენო. წაველ. ხელმწიფე, მოედნის ბოლოს ჩარდახი იყო, იმაში იჯდა, დაბლა საოცარი ტალახი იყო, მრავალი სული იდგა იმ ტალახში და ზელდენ. რა დამინახეს, მომკრეს ხელი და მეც იქ შემაგდეს: ეს ზილეო! დამიწყეს სიცილი: ამისთვის მოეშურებოდიო? დამაღონეს. თავად სიარულისაგან დაწყვეტილი ვიყავ, იმ ტალახის ზელითა სულის ამოსვლაზე მივიყარე. მერმე თავსიცილით აღარა მომისვენეს. რა აღარც ღონე მქონდა და - ერთი ესე ვთქვი: ღმერთი ასეთი ხელმწიფეა, რომ ტალახიდამ ამოიყვანს კაცსა და ტახტზე დასვამს-მეთქი.

ხელმწიფე ზემოდამ გვიმზერდა. თურმე ეს ჩემი ქართული გაიგონა, ჩამოვიდა გაჯავრებული: ჩემს ტახტზე ჯდომას იქადიო? შემიკრეს ხელი და წამიყვანეს, მილურსმილს კოდში ჩამსვეს. მე რა მისი საბატონოსი მეჯავრებოდა, საგლახაოსთვის მიველ, მაგრამ არ გამიკითხეს. ვეგდე იქი მწარითა ყოფითა, მაგრამ რაღას ვიქმოდი, ვაქებდი და ვადიდებდი ღმერთსა. მოვიდის ყოველთა დღეთა თვით ხელმწიფე, ეგრე მითხრის: თუ ტალახიდამ ამოგიყვანს და ტახტზე დაგსვამსო, ახლა რატომ არ ამოგიყვანსო? მე რაღას ვეტყოდი ამის მეტსა, შევტიროდი ღმერთსა, რომელმან დაამდაბლის და კვალად აღამაღლის. კვალად მოველოდი მისგან კეთილმხედველობასა, თვარა სხვა არავინ მყვანდა მეშველი.

გავათიე ერთი წელი მას კოდში. მოვიდა ბძანება ღმთისა, მოკვდა თურმე ხელმწიფე. მე რას შევიტყობდი?! მოვიდნენ, ამომიყვანეს. მაგათ რამ ეჭვი ჰქონდათ თუ ბრძანებამან ღმთისამან აგონათ, ასეთი ჯარი შემომეხვია, რომ გავკვირდი: რასმე მიპირობენ, თვარემ მე ვინ და ესენი, რომ ასე შემომეხვივნენ-მეთქი! ზოგნი ხელთ მკოცნიდეს, ზოგნი - ფეხსა, ზოგნი მუხლსა მეხვეოდა. მომიყვანეს დიდებითა დიდითა, აბანოში შემიყვანეს, თავი მომპარსეს, მაბანეს, ხელმწიფურითა წესითა შემმოსეს, დამარქვეს იბრეიმ ხელმწიფე, დამადგეს თავსა გვირგვინი, მიმიყვანეს და ტახტზე დამსვეს. მომილოცეს ყოველმა ქვეყანამა. ჰქონდათ ამათ ჩემი ასეთი სიყვარული, რომ დღივ და ღამ შემომფრფინევდენ და თავს მევლებოდენ. მე რას ვემართლებოდი, რომ პატივით არ მივპყრობოდი. რაღაც ვიცოდი ან მენახა ხელმწიფეთა ქცევა და ანუ მსმენოდა, ვეცადე მისსა ქნასა. აქამდის არავიზე რა უწესო საქმე მიქნია, არც მდიდართათვის და არც გლახაკთათვის, თორემ ამათ ჰკითხეო.

აწ, ის დიდვაჭარი რომ მოვიდა და შევხედე, ჩემს თვალში მესისხლედ დავინახე. გული ცეცხლებრ მენთებოდა. რომ დავინახევდი, ხორცთა თრთოლება მომეკიდებოდა და ვიტყოდი გულსა შინა: ამ კაცს ჩემთვის არა უწყენია რა და რას ვემართლები-მეთქი?! პატივი დავდე, როგორც ხედევდი. მერმე ის მეცხვარე რომ მოვიდა და ყმაწვილები მოჰყვა, ამ ჩემს თვალში, როგორაც, ჩემნი იყვნენ, ისე ჩემნი მეჩვენენ, მაგრამ შემრცხვენდა ამ ჩემთა ჯართაგან და ვერა ვთქვი, მაგრამ გულმა თრთოლა დამიწყო. ამაზედ გული მისწრაფობდა, როდის რამეს შევიტყობ ამისას-მეთქი, განა ლხინი ვეღარ მოვშალე. მას ღამესა ღვინომ აღარ მომაცალა.

რა დილა გათენდა და ის ვაჭარი მოვიდა, ამ ჩემს თვალში ასე დავინახე, რომ მინდოდა, წავფრენოდი. მერმე იმ ყმაწვილების სყიდვა რომ თქვა, უფრო გული და ღვიძლი ამენთო, მისთვის ვეღარცა რა ვჭამე და ვეღარცა რა ვსვი, მაგრამ კიდევ ამდენი გული მოვიმორჩილე, რომ, სანამდი მართალი არ შევიტყე, არა ვთქვი რა.

დაღამებამდი ასე ვიცოდვილე, რომ შმაგივით ვერც ვიჯექ და ვერც ვიდექ. რა დაღამდა, ერთის მონის ტანსაცმელი ჩავიცვი, ერთი სხვა მონა გავიტანეო, - გვიჩვენა: თვალითა მოწამე ეს არიო, ცალკე წაიყვანეთ და ჰკითხეთო, თუ მე რამ ტყუილი ვთქვაო, - მიველ იმ ვაჭრის კარზე, დავიარე ის გარეშემო. ერთს ოთახში რა ყმაწვილები იყვნენ და სხვა ყმაწვილები, მეორეს ოთახში, ლამახად მორთულსა და მოფენილში, ერთი მზის უბრწყინვალესი ქალი ჯდა, რომ შვენება მისი არ გაიცდებოდა. ვიცან ისიც, რომ ჩემი გულის წამღები იყო. გამოვბრუნდი. ის ყმაწვილები ვნახე, ჩემი იყო, მაგრამ კიდევ ასე ვთქვი: კაცი კაცს ბევრი გავს და დედაკაცი - დედაკაცსა, ჯერ კიდევ შევიტყობ რასმე-მეთქი. მიუგდე ყური.

ვახშამი მიართვეს მას ქალსა. ყმაწვილებმაც ითხოვეს ვახშამი. ამასობაში შუღლი გამოერიათ: ჯერ რაზე სთამამობთო?! თქვენს ჟამში რომ უსმელ-უჭმელი იმსახუროთ, მაშინც ვერ გარდიხდითო, არამთუ, გუშინ თქვენთვის ათასი თუმანი დაგვიხარჯაო, დღეს თქვენვე გვეყვედრებითო. ერთმა ყულმა სცა იმ ყმაწვილებსა. იმათ ტირილი დაიწყეს: ახლა, მეცხვარისაგან გეყიდოთო, გგონია, მე შენგან საცემი ვიყოო?! მამაჩემს ათასი შენის ბატონისთანა მეძაღლე ჰყვანდაო. იმ ყმაწვილების ხმა რომ გაიგონა იმ ქალმა, ხმა იცნა, წამოხტა, ჩადრში წაეხვია, გამოვიდა. ნახა, რომ თავისი შვილები იყო. ჰკითხა: ვინ მოგასხათ, როგორ იყო თქვენი საქმეო? მათ ყოველი ჩვენი თავს გარდასული უთხრეს: როგორც მგლებს დაეტაცა და მეცხვარეებს გაეგდებინებინა. მან ქალმან თავისი საქმე ანიშნა: გახსოვთო, მე რომ ვაჭარმა წამომიყვანაო? იცნეს ერთმანერთი. მოეხვივნეს ერთმანერთსა და დაკოცნეს ერთმანერთი.

ეს არ გიკვირს, რომ ასე გავქვავდი, რომ ისინი იქ დავყარე, მე წამოველ შავის ყოფით. რომ მტერს ვენახე, ვეჭობ, ჩემთვის მასცა გული დაეწოდა, მე რომ ის ღამე შემცდარივით ეს ქალაქი შემომივლია. დამდევდა ერთი მონა გაშტერებული: პირით ვერას მეტყოდა, გულში რას ანბობდა, არ ვიცი.

როდისაც შემიბრალა ღმერთმან და გათენდა, ჯერ მეცხვარე მოვაყვანინე და ვკითხე მათ ყმაწვილთა საქმე: სად იშოვნე-მეთქი? მან მითხრა ნიშნობრივ, სადაც დავკარგე, რომ მას წყლის პირს ცხვარი მყვანდაო, იმას უდექო. შევხედე, მგელი მორბისო, კბილში ყმაწვილი სჩრიაო დაბნედილი. შეუძახე, ძაღლებიც მიუტიეო. იყო ბძანება ღმთისა, ძაღლებმა მგელი დაარჩვეს, ყმაწვილს არა ერჩოლეს რა. მე ყმაწვილი შემებრალდა, მიველ, ავიყვანე, სადგომზე მივიყვანე; რითაც ღონით იყო, მოვასულიერე, სადაც კბილი აჩნდა წამალი დავდეო. რომ წამოვასხი პირაღმა ცხვარიო, მეჯოგეები დამხვდენო, გაღმიდგან მოდიოდენო. მე ყმაწვილი მეჭირა ხელთაო, შეშინებული იყო და უყვავებდი, მინდოდა დამემშვიდებინა. მეჯოგემ მკითხა: ეგ რა არისო? უანბე: ასე იყო-მეთქი. მან მითხრა: ერთი მაგისთანა მე გავაგდებინე, მაგრამ მე კი ვერას თავს გაუვალო და, თუ გინდა, ამასაც შენ მოგცემო. მიამა მე და აგრე უთხარ: მომეც და ცხვარს მოგცემ-მეთქი. მითხრა: ან დარჩება, ან არაო, მისი ფასი როგორ გამოგართვაო. მე ასე უთხარ: ნუ გაგვა, მოკვდება თუ დარჩება - ჩემი ბედია. ხუთ ცხვარს მოგცემ და მომეც-მეთქი. მანცა მომცა, ხუთი ცხვარი მივეც და, რა ერთად შეიყარნენ, ერთმანერთის სიყვარულით უფრო მოსულიერდენო. მყვანდა აქამდიო. მე რომ ცხვარსა ვდევდი, ისინი გამეცლებოდიან, ხის მშვილდს გააკეთებდიან და ისარსა, ხან ცხვარს მომიკლევდიან, ხან ბატკანსა, ხან თავისთვის თამაშობდიან. თუ არ მაჯავრებდიან, არას მაამებდიან. ასე ვთქვი: ესენი არას მარგებენო, წავიყვან ხელმწიფისა კარზე, ეგების იყიდის ვინმეო. აწ იმ დიდვაჭარმა მოინდომა და მივყიდეო.

მერმე ის დიდვაჭარი მოვაყვანინე და ვკითხე: ის ქალი, რომ შენ გყავს, შენი რა არის-მეთქი? მან მითხრა: ჩემი და არიო. მე უთხარ: როგორ შენი და არი, შენის დედისა და მამის შვილიაო, თუ ისე რამ დად გიშოვნია-მეთქი? მან მითხრა: დად კი არ მინდოდაო. ერთს ნაოხარს სახლში იჯდაო. გამოვიარე და დავინახე. ასე ვთქვი: თუ ამას გავეყრები, უსაცილოდ მოვკვდები-მეთქი. ავდექ, აქლემის ცალი ჩამოვხადე, ზანდუკი დავცალეო, სხვებში გარდავიღეო, მიველ და ხელი მოვკიდეო. მინდოდა, წამომეყვანა და ჩემის გულის ცეცხლი დამენელებინაო. მან მითხრა: ძმაო, რას მაქნევ? მე ვინ და შენაო! საფერი უნდა ეძებო. ერთი საბრალო ღარიბი სადა გინდ ეგდოს, რას ეძებო? თუ გასასყიდლად გინდივარ, რად გაგივალო? სხვად შენ ძმა ხარ და მე - შენი დაო. რა ის გავიგონე, ასე უთხარ: როგორც შენ დამაგდე დამწვარი, დავალებული შენგან უიმედოდ, ისე მე წაგიყვანო, რომ, გინდოდეს, ვეღარსად იპოო ეგ შენი შვილნიო. ჯავრით ის წვრილი ყმაწვილები იქ დავყარე და ის ზანდუკში ჩავსვი და წამოვიყვანეო. აწ მას უკან მყავსო. რადგან დაძმობა ჩამოაგდო ჩემსა და იმას შუა, ვეღარ გავყიდდიო და სხვად ხომ არას მარგებდაო. აწ ამაზე მყაო, რომ სხვაგან არც ის დადგება და უცხოს ალაგს კაცს ხომ არა ნახავს! გზაზე ზანდუკში მიზის. მე ავკიდებ და ჩამოვხდი, სადაც დავდგები. ხანდისხან შევხედავ, თვალის სინათლე მომემატებაო.

ვკითხე მას მეცხვარესა: ის ყმაწვილები რასათვის მე არ მომყიდეო? მან მითხრა: რა ვქნა, შენ ხელმწიფე ხარ, რას ვაჭრობას გავაწყობდიო, მან ათასი თუმანი მომცაო. ეს იმ კაცთა თავისის პირით მითხრეს, თვარამ აი სულ ჩემნი შინაყმანი, გაიკითხეო. აბა, ამისი სამართალი თქვენ მიყავთ, თუ იმ კაცისათვის უსამართლო რამ მიქნია. მისი არა მემართა რა და ვერც ვიცნობდი, ცოლი რაზე წამართვა და, თუ ის წამოიყვანა, რა უწყალოება იყო, როგორ ქნა, რომ უგუნური ყმაწვილები დაყარა უკაცურად და ის კი წამოიყვანაო? მეცხვარეს დასტურ ბევრი ჭირი ენახა ჩემს შვილებზე, რომ მხეცთათვის დაეყრევინა და გაეზარდა, მაგრა არცა რა უსამართლო მისთვის მიქნია, ამისთვის რომ მწარედ შეჭირვებულმა ვკითხე, იმას ჰყვანდა და არ მითხრა. ან იმისთანა ნაპოვნი კაცი თუ პირუტყვი, გინა რაც საქონელი სახელმწიფოა, თუ ისე არ მომისხა, რად არ მომყიდა? მერმე პირად სიხარბე მიძრახა და ჩემი შვილნი ჩემთა მტერთა მიჰყიდაო. ის ამისთვის მოვკალ და, რაც ამას ჩემთა შვილთა ზედა ჭირი უნახავს, ასწილად მე იმის ცოლსა და შვილზე გარდავიხდიო. დიაღ ნამეტანი ჯავრი ამის უფრო არ გამეძლებოდა და, რახან ღმერთმან ჩემი დაკარგული ცოლ-შვილი მაპოვნინა, მათი სხვის კაცის ხელში ყოფის გაძლება უფრო აღარ გამეწყობოდა. აწ ეს მითხარით, რა დამიშავებიაო? მაგ ვეზირთა და დიდებულთა ჰკითხეთ, რად მოინდომეს ჩემი ხელმწიფობაო? მეცნიერი და კეთილისმყოფელი მყვანდა ვინმეო და იმათ გამოარჩიესო, თუ მე დამეყო მაგათთან ხანი და ჩემი რამ კარკაცობა ახსოვდათ და მისთვის გამახელმწიფესო?

ზე ადგენ ყოველნი განკვირვებულნი და ეგრე მოახსენეს: დაუსრულებელმცა არს მეფობა თქვენიო! განაღამცა ისინი მოსაკლავნი არა და ცეცხლში დასაწვავნიც ყოფილანო. აწ თქვენსაც მოგახსენებთ, რას მიზეზით გაგაბატონეთო.

ჩვენ ხელმწიფეს ერთი ასეთი ძმა ჰყვანდა, რომ არას კაცს მისი მგზავსი კაცი არ ენახა. თვალად მზესა გვანდა და სიფიცხითა - ვეფხსა. მისი ქება კაცთაგან არ მოიგონების, ასრე უკლები იყო ყოვლითა ზნითა და მამაცობითა. უყვარდა ჩვენსა ხელმწიფესა და, ვითაც ჩვენის ხელმწიფის საყვარელი ძმა იყო და მისთანა სასახელო ახალი მოწიფული, ყოველთათვის ტკბილად მხედველი, ყოვლის კეთილით სრული, - სახელად იბრეიმ ერქვა, - ჩვენც ასე გვიყვარდა, რომ მისთვის სადაღად დაგვედვა თავი. ვახლდით და ვლხინობდით მასთან. ეს თურმე იჯავრა ჩვენმა ხელმწიფემან, რომ დღესვე გახელმწიფდა და ჩემი ჯარი იმას ეხვევაო, იმასთან ლხინობენ და შეექცევიანო, მე რაღა ხელმწიფე მქვიანო. ღამით მოიპარა, მოკლა, დაატყვევა, რაღაც უყო, - ვეღარა შევიტყევით რა. ასე უცნაურად კი დაგვეკარგა მისთანა სასახელო ხელმწიფიშვილი. მაგრა იმან არას თავს შეიდვა: დიდების მოყვარე იყო და გაიპარა სადმეო. დაეხსენით, თუ რასა იქსო. ჩვენ ვითამ რაღას გავაწყობდით, გვიმძიმდა დიდად და გული გვტკიოდა, მაგრამ ვერ გამოვიჩენდით, ოღომც ქვეშ-ქვეშ ვიყავით ძებნასა და კითხვაში, მაგრა ვერა გავიგეთ რა. აწ, თქვენსა დატყვევებას უკან რომ მოვიდის ნიადაგ და გნახევდის, ჩვენ ასე გვეგონა, ის მოაგონდა და ნახავს ხოლმეო.

როდესაც ღმერთს მოვძულდით და ხელმწიფე მოგვიკვდა, შვილი არ დარჩა და ძმა, დავღონდით და ვიფიქრეთ: ეს ჩვენი ხელმწიფე უბრალოს ტყვეს ხომ არ ნახევდაო ყოველს დილა-საღამოსაო. უსაცილოდ ის სასახელო და ყოველთათვის სატრფიალო ძმა დაატყვევა და ვეღარ გასძლო ამდენს ხანს მისი უნახაობა და იმას ნახევდა ხოლმეო. მისის გამოისობით ხალისით მოგნახეთ, მოგიყვანეთ, დაგსვით ტახტზე, თვარა, თუ ის არ გვგონებოდი, მართალს თქმა უნდა, ჩვენის ნებით უღირს ტყვეს არ გავაბატონებდით, მაგრა თურმე ღმერთს სახელმწიფოდ ნდომიხარ და ყოველის განსაცდელით გამოუცდიხარო, შენში გმობა და ზაკვა ვერა უპოვნია რა და შენნი საყვარელნიც შენვე მოგისხა კარსაო და აზომი დიდება და ხელმწიფობა მის განსაცდელთა მოთმენისა მუქაფად მოგცაო. დიდება და მადლობა იმას, რომელმან ჩვენთვის მოგავლინაო, თვარა ჩვენ შენისთანას ხელმწიფესა, ქვეყანა დაგვევლო, მაშინ როგორ ვიშოვიდითო!

მერმე გამოასხმევინა შვილები, ლამაზად დაკაზმულნი ხელმწიფურისა წესითა. ოდეს შევხედეთ, ყოველსა კაცსა თვალი მათზე დაგვრჩა, რომ ადამის ნათესავი მათ უკეთესი არავის ენახა. მერმე ბძანა ხელმწიფემან: შვილნო და ძმანო ჩემნო! წეღანც მოგახსენეო, ჩემის ნებით არ მოვსრულვარო და ჩემის ძალით არ გავბატონებულვარო. ბძანება ღმთისა ეს იყო ჩემს თავსაცა და თქვენსაცაო. თუ არ გამჭირებოდა, ჩემი აუგი ჩემის პირით არ მეთქვა, კარგი იყო. აწ, რახანც ყოველმან სულმან ჩემი საქმე შეიტყევით, სახელმწიფოდ არა და აღარც კაცის სანახავად ვარგვარო. თუ თქვენი ნება არი, ეს ჩემი უფროსი შვილი გააბატონეთო და მე და ეს ჩემი დაკარგული ტყვე წავალთ ასეთს უდაბნოს ალაგს, რომ ღმთისა ვედრებისა და ლოცვისა კიდე არა ვინდომოთ რა და სხვა არა ამ სოფლისათვის ვიზრუნოთო და არც კაცი ვნახოთო.

წამოდგენ სულ ერთობილნი ვეზირნი და დიდებულნი, ასე მოახსენეს: შენი შვილი არა და ერთი ცუდი მონაც დაგვისვა, არა პასუხი გვაქო, რომ არ ვიბატონოთო, მაგრამ რასათვის გაუშვებ ამისთანას დიდს ქვეყანასა და ტახტ-გვირგვინსა და ჩააგდებ ერთის უსუარის ყმაწვილის ხელშიო? ჯერ მაგას ამდენის ქვეყნის და საბატონოს წინ გაძღომა და თავის დაჭერა არ შეუძლიაო. თუ ჩვენ რამ დაგვიშავებია, უნდა გარდაგვახდევინო და ჩვენის დანაშაულისათვის თქვენი ტახტი არ დააგდოო, თვარა, ვინც მამას არას აამებს, ის არცა რას ძეს არგებსო. თუ ღმთის მადლობისათვი იქ და - არას დაგიმადლებსო, ამისთვის რომ უმჯობესი იმან იცის, და, თუ არა სწადებოდა შენი ხელმწიფობა, არ მოგცემდაო, და, თუ სწყრები, არა ავი უქნია შენზე ღმერთსაო: ცოტა რამ განსაცდელი გინახავ. ამდენი დიდება მოგნიჭებიაო. თუ ეს გეთაკილება, დედოფალს ვაჭარი ხლებია, რა სათაკილოა? მისთვი დია მცირე განსაცდელი ყოფილა, ყოველთა ხელმწიფეთა ყმანი მსახურებენ, ავი ხომ არა ჰკადრებია რა და არც ღმერთი მაზედ ავის თვალით მხედველსა და გულით მგონებელს ვისმე მიუშვებდაო. თუ შვილთა მეცხვარეთა თანა ყოფა გეთაკილება, ფრიდონ მეფე არ ცხვარში გასდილა, რომ ყოველი ქვეყანა მას დაუმონებიაო?! რა მიზეზი გაქვ სახელმწიფოს დაგდებისა და სოფლისაგან გაშიშვლებისაო? არ მოეშვნენ მაგაზე და არც მაგისი ნება დართეს.

მე მოვახსენე: ღმერთს რადგან ამდენი გასაცდელი უჩვენებია და ბოლოჟამ ამდენი დიდება მოუცემია, ამასაც გიზამს, რომ ამ შენ შვილთა დაზრდა და დაწვრთა მოგაცდევინოს-მეთქი. იყავ, სანამ ეს შენნი შვილნი ხელმწიფურსა წესსა და რიგში ჩაჰყარნე, შენი ზნენი ამათ ასწავლნე და, როდესაც მაგ დროს იყოს, რომ შეეძლოს შენი საბატონოს დაჭირვა და ანუ შენთა მოწყალებათა და მოსამართლეობათა ქნა, მაშინღა ეგ ტახტზე დასვი და შენ, რომელიც ღმთისათვის აღგეთქვას და ანუ გონებითა მისი სამსახური გწადდეს, ის ქენი-მეთქი.

დამიმადლა ხელმწიფემან და ერმან, დადგენ ჩემს რჩევაზე. ვიყავ ორ დღეს კიდევ. ანადირებდენ, აბურთებდენ მათ ხელმწიფეთა შვილთა, ასწავლიდენ სახელმწიფოთა ზნეთა. გამოვეთხოვე საშინაოდ. იწყინა მეფემან და ყოველმან მის ქვეყანისა დიდებულმან, განა ვერ დამიჭირეს. მიბოძა ხელმწიფემან უანგარიშო ყოვლისთანა საქონელი. ყველამან დიდებულმან თავ-თავისად მაწვიეს. ასეთითა საქონლითა გამომისტუმრეს, რომ ხელმწიფეთათვის კმაროდა.

მოველ შინა მშვიდობით, განა მათ არა უკითხავ რა და მე არავისთვინ რა მიამბია. აწ შენთვის მიამბია და გასინჯე. მგონია, თუ იმან იმდენს მწარესა და მოუგონებელსა განსაცდელსა გაუძლო და დაუთმო უფალსა და მასვე მადლობდა, შენ მცირესა განსაცდელსა რად ვერ დაუთმობ, ან თავსა რად მოიკლავ, ან მშობელთა და ძმათა რად დაჰხოც? რად დაგვიწყებია ღმერთი, დღივ და ღამ მას არ მადლობ, და მიგიცემია თავი ეშმაკისა ნებისად ყოფისათვის? დასნეულებულხარ სენითა საეშმაკოთა, თვარა, თუმცა განსაცდელსა კაცი არ დაუთმობს, მას კარგი არა დაემართება რა. თუმცა განსაცდელი კაცსა დაასნეულებდა, რად არ დასნეულდა ისმაილ ჩალაბი, რამდენი განსაცდელის მნახველი, ხუთ წელსა თავშიშველი და ფეხშიშველი, შამით ლეის ხელმწიფის ტახტამდი ქვეითი. უსმელ-უჭმელი, ლუკმის მთხოველი, წამის შესვენებისაც უღირსებელი? რა ავი უყო იმას მადლობამა ღმთისამა?! სიმდიდრეში და შამის ბატონობაში ისმაილ ჩალაბი ერქვა და ღარიბობითა და ჭირ-მწუხარებითა ღმთისა მადლისა მიცემამა იბრეიმ ხელმწიფედ უწოდა. ეს არი ღმთის მოყვარეთათვის ღმთისაგან პატივისცემა. რაც მას დაემართა, უკეთუ აცადო უფალსა, შენცა მას მოელოდე და, თუ არა და - მაგისთანათა საქმითა და ღმთის დავიწყებითა ვერცა რას შენ იშოვებ, ვერცა რას სხვაო.

თქვა მეშვიდემან ძმამან, რომელსა სახელად გოდერძი ეწოდების: მე თვალითა ჩემითა განსაცდელში შთავრდომილი კაცი არა მინახავ და სხვათა ნათქვამთა გული ვერ შევაჯერე და ერთი მოკლე ანბავი ვიცი, თვალითა ჩემითა ნახული, და მას მოგახსენებო.

აქა ანბავი ბერძენთა მეფისა კოსტასი

კ ა რ ი მ ე შ ვ ი დ ე

ახლახანად საბერძნეთს ვიყავ და ერთი საკურველი საქმე ვნახე. კვლავ მრავალჯერ მენახა კოსტა მეფე, დიდებული და ძლიერი, გამდიდრებული ყოველთა მეფეთა ზედა. წესი მისი ესე იყო, რომე სიმდიდრისა და სახელის მოყვარე იყო, უზომოდ გასცის მდიდართა ზედა. თავისა ყმათა და შორიელთა აზომსა მისცემდის, ანგარიში არ აიღებოდის, განა მოწყალებისა და გლახაკთა განკითხვისაგან ასე უცხო იყო, რომ არაოდეს მისის გუნებით მოწყალება არ ამოსულიყო და არც იმის ხელს გლახისათვის ერთი ფული მიეცა. მონებდა მრავალი ხელმწიფენი და ქვეყანანი მძლავრობითა და დიდებულობითა მისითა. მეცა ჩვეული ვიყავ წყალობათა მისთა და მივიდი ხოლმე. აწ გამოსულიყო თხუთმეტი წელი, რომ არ მენახა, და წაველ ნახვად მისად. მრავალი სხვა დიდება მომატებოდა და უზეშთაესობა ყოველთა მეფეთა ზედა, რომე ძრწოდენ პირისა მისისაგან მეფენი და ხელმწიფენი, მონებდენ მახლობელნი და აძლევდნენ ხარაჯასა შორიელნი. ლხინობდა, შეექცეოდა და არა შესჭირდებოდა რა ნადირობისა და ნადიმობის მეტი.

დღესა ერთსა ხელმწიფე ნადირობას გაბძანდა და ვიახელით ჩვენცა. ნადირთა სროლასა ნებისად შეექცა, მხიარული შინათ მოვიდოდა. ნახა, ქალაქისა კართანა ერთი ასეთი გლახა ეგდო, რომ არა საწყალი მას არ შეედრებოდა. ყოველი წყლულება მაზე შეყრილიყო და ყოველთა ხელთა და ფეხთაგან ასე დავარდნილი იყო, რომ საძრავი არა ჰქონდა. რა ხელმწიფე დაინახა, ააღო პირი, დალოცა ხელმწიფე და ეგრე მოახსენა: დიდსა არასა გთხოვ, რომ გულს გაკლოსო. ღმთის სიყვარულისათვის და მეფობისა შენისა წარმართებისათვის, ხლმისა და ნამუსისათვის, ასე ნუ გამიშვებ, ერთი ნახევარპური მიბოძეო.

დადგა ხელმწიფე, დიდხან უმზირა და მისი საქმე გაშინჯა, მისი სიტყვა გაიგონა. ჯერ გაკვირდა, რომ კვლავ მას გლახა ვერაოდეს დალაპარაკებოდა; მერმე შეეზარა და განცვიფრებულმა ამდენი წყალობა ღმთისაგან იშოვნა, რომ გული მოულმობიერდა და ვეზირთა უბრძანა: შვიდი სალარო ასეთი მაქო, რომ არავინ იცის, რა არი და რა არაო, არცა ვისგან იმას ხელი ხლებია მამაჩემს აქეთაო. იმ შვიდისაგან ერთი, რომელიც უდიდესი და უკეთესი იყოს, ამას მიეცითო, ექვსი ჩემთვის იყოსო. ვეზირთა მოახსენეს: ნუ, ხელმწიფეო! ამას მისი მოხმარება არ შეუძლია და ანუ რას აქნევსო?! ნახევარ პურსა გთხოვს და მთელი მივცეთო და, თუ უფროსსა წყალობას უზამო, ფლური მივცეთო. გასწყრა ხელმწიფე დიდად და მრისხანითა პირითა ეგრე ბრძანა: რით იქნა ესე, რომე სიტყვის თქმისა ჩემისაგან უწინ ათავეთ და წინააღმდგომ ჩემსა იქმენითო? შეშინდენ ვეზირნი და შეუსხდენ შვიდნივე მას გლახასა და ეგრეთ წაიყვანეს, რომელიც უდიდესი და უკეთესი სალარო იყო, იმისი კარი გაუღეს და კარზე დასვეს, აგრე უთხრეს: ეს ხელმწიფემ ყველა შენ მოგცაო და, რაც გინდა, უყაო.

ხელმწიფე შინ შევიდა, დედოფალს მოახსენა მის გლახის ამბავი. მან მოუწონა, დიდი ქება შეასხა: კარგად და შენად საკადრისად გიქნიაო. ყოვლითა ხელმწიფურითა ზნითა უკლები იყავ, განა სიკეთესა შენსა არა შვენოდა, რომ მოწყალება არ იცოდიო. აწ მადლი კაცთმოყვარესა და მრავალმოწყალესა ღმერთსა, რომე მოგცა კეთილმხედველობა და გლახაკთ მოწყალებაც შეგმატა, ყოვლითა სიკეთითა სრულგქმნაო.

მას ღამესა შინა ნახა ლხინი და ხალვათად განისვენა შუაღამემდი. შუაღამისა ჟამსა ნახა თურმე ანგელოზი უფლისა ჩვენებით და ეგრე უთხრა: ყოველი შენი სიყრმითგან აქამდისი დანაშავები დღევანდელმა შენმა მოწყალებამა ასე განაქარვა, რომე უფალმა ბძანა შენთვის გაღება კართა სასუფეველისათა და ხვალ შუადღესა უკან ჩემთა ხელთა შინა მოსვლად ხარო და მე მიგიყვან დამბადებელსა შენსა წინა უზრუნველად და იგი მოგცემს მუქაფად სიმდიდრესა დაულევნელსა და სიტკბოებასა და სიხარულსა დაუსრულებელსაო.

განკრთა სიხარულითა ჩვენებისა მისისათა და აღდგა დიდად მხიარული. დედოფალს არ გაუცხადა, გამოვიდა მაშინვე, კარსა ზედა დაჯდა, მონასა შინაურსა და მისანდოსა უბძანა: ერთი ფიცხელი ლაშქრობის ანბავი შემომესწრაო და წადი, შვიდნივე ჩემნი ვეზირნი დააღვიძე და აგრე უთხარო: ვინც ბძანებისა ჩემისა მორჩილია, დიდებულნი გინა მცირებულნი, აწვე შეყარეთ, ყოველნი შეკაზმულნი დილას კარსა ჩემსა მოდექითო, რომე სასწრაფო ლაშქრობა მწადიანო. და კვლავ ერთსა მონასა სუდარი შეაკერვინა და შუბზე მოაბა, ეგრე უბრძანა: როდეს ჯარი მოგროვდეს, შენ ეს ამართე და მაღლითა ხმითა თქვი: ეს არის ჩემის ხელმწიფის ლაშქრობა და მგზავრობაო. თვით შინავ შებძანდა. გათენებამდი იყო.

რა ჯარმა შეიტყო ეს ამბავი, რომ ხელმწიფე ლაშქარს იყრისო, შეშინდენ და გაკვირვებულნი ვეზირნი და დიდებულნი ფრჩხილთამდი დაკაზმულნი ხელმწიფის კარსა შეიყარნენ. მეცა მათ ვიახელ. შეიჭირვებდენ, ვერას მიმხვდარიყვნენ, თუ სით მიმავალიყვნენ. გამოვიდა ხელმწიფეცა მზეებრ განბრწყინებული. ესეთითა შვენებითა იყო, რომ კაცი თვალს ვერ გაუმართავდა, და სიხარული მისი არ დაითვლებოდა. წადგენ შვიდნი ვეზირნი შიშითა დიდითა ზარაღებულნი, დაუჩოქეს, ეგრე მოახსენეს: ხელმწიფეო, ასრე სასწრაფო ლაშქრობა რა უნდა იყოსო? ჩვენ არ ვიცით, რას ქვეყანას მიმავალნი ვართ ან რა ხანი დაგვეგვიანებაო: თვე ერთი გინა ორი, ანუ წელიწადისა ხანი. ვინ არის ბრძანებისა ურჩი? აღმოსავლეთით დასავლეთამდი ყველა შენ გმონებს. რა არს გაგება ესეო?

ამასობაში წამოდგა კაცი იგი, რომელსა სუდარი ხელმწიფისა შუბზე ება, და დაიძახა ეგრე, ვითარცა ხელმწიფესა დაევედრებინა. მის კაცისა სიტყვა რა ესმათ და სუდარი ნახეს, გაკვირდენ ყოველნი ერნი და პირი სანდალოზის ფერად გაუხდათ, ვერა თქვეს რა. რა ხელმწიფემან მათი ისეთი ყოფა ნახა, მიიხმო შვიდნივე ვეზირნი და უბრძანა: დღესამდის არა დაჭირვება მინახავს მე და არც არაზე თქვენ გამირჯიხართ. ჩემი ხელმწიფობა და მორჭმა-დიდება თქვენთვინ მდომია და თქვენვე იცით, თუ რა პატრონ-ყმანი ვყოფილვართო. აწ ჩემისა დაჭირების დრო ეს არის, რომე ამისთანასა გზასა მივალო, და წამოდით თქვენცაო.

ატირდენ სისხლისა ცრემლითა და ეგრე მოახსენეს: თუ გზას ვიპოებთ, რომელზედაც დაგიმართებია, წინათ ჩვენ გვმართებს წასვლაო; ანუ კვალს შევიტყობდეთ წანავლისა თქვენისასა, როგორ არ შემოგიდგებით, მაგრამ რა ვქნათ? ამისი მიყოლა ვის შეუძლია ანუ ვის ღირსებია ანუ პატრონყმობისა და ან რასაც სიყვარულობისათვისო?!

მერმე უბძანა დიდებულთა თვისთა: ჩემნო დიდებულნო, შვილურად დაზდილნო, ძმურებ შეყვარებულნო! ამისთვის დაგზარდე ნებიერად და განგამდიდრე ყოვლითა სიმდიდრითა, ვხარობდი მე თქვენითა სიკეთითა და გახარებდი მე თქვენითა სიხარულითა და ჩემითა განძითა და საჭურჭლითა, რომელ დღესა დაჭირებისა ჩემისასა მომხმარებოდით. აწ ეს არი, რომ მივალ გზასა ძნელსა და მეგულების ჩემთვის მრავალი მძლავრი მტერი განმზადებული. ნუ გამიშვებთ მარტოსა, წამომყევითო!

შეიქნა გრგვინვა საშინელი და ტირილი საზარელი, აბჯართა ხევა და ხრმალ-ლახტთა მტვრევა და თავსა ცემა და სისხლითა შესვრა. ვითამცა ერთითა პირითა, აგრე მოახსენეს: აჰა, ხელმწიფეო, ღმთიულად ჩვენთვის ტკბილად მხედველო და ყოვლისა კეთილისა მყოფელობითა აღმზრდელო! გვიჩვენე მტერნი შენნი, ვინ არს წინააღმდეგი ანუ მებრძოლი შენი, რომელ სცნა ჩვენი სახრმობა და სამსახურთა შენთათვის თავგაწირულობა, თვარა ვის ვებრძოლოთო ანუ სით წავიდეთ, არ ვიცით საწყალთაო. შემოეხვივნენ გარა, დაუწყეს ხელსა და ფეხსა და მუხლსა ხვევნა: ნუ დაგვყრი, სითაც მიმავალი ხარ - ჩვენცა თან წაგვასხი, სითაც გზა მოგცემოდეს - გაგვიგე, თვარა ჩვენ უღონო ქმნილვართ მაგა გზისა ცოდნასაო. ატირდა ხელმწიფე და უბრძანა: დასწყნარდით, შვილნო და ძმანო ჩემნო, აწ ისმინეთ სხვაცა სიტყვა ჩემიო.

ოდეს სული დაიღო, უბრძანა ვეზირთა: მე თქვენგან გაზდილი ვიყავ და არა თქვენ ჩემგან. თუ იცოდით, რომ ამ დღეს არც დედა, არც მამა, არც ცოლი, არც შვილი, არც ერთგული და მისანდო ყმა ვერას არგებდენ, არცა სიმდიდრითა და საქონლით იხსნებოდა კაცი სიკვდილისაგან, ვერცა ზვაობითა და უწყალოებითა სულსა რასამე არგებს, რასათვის არა მწვართეთ, აქამდის ჩემი ქონება გლახაკთა ზედა არ წამაგებინეთო?! მე ეშმაკისაგან თურმე მქონდა გონება დაჭერილი, თქვენ ერთიც სიტყვა კეთილი არა მამცენითო. გუშინ ძლივ მომხედა უფალმან და დამანახვა მართალი გზა და კინაღამ ისიც დამიშალეთო. უბრძანა ყოველი სიზმრად ნახული და თავისისა თავისა სოფლით გასვლა, რომე მისის დიდებისაგან მას აღარა მოეხმარა რა მის ერთის სალაროს მეტი: ყველა იავარ იქმნა - სახელმწიფო, ციხე-ქალაქი, უანგარიშო მონა-მხევალი, უხმარ იქმნეს დიდებულნი და მთავარნი. არა მიმდევს რა ეზომისა დიდებისა ჩემისაგან ამ ერთის ტილოს მეტი. აწ თქვენ იცით, რასაცა იქთო.

შეიქნა ხმა საზარელი გარეთ. თვით შინ შევიდა და დედოფალსა აცნობა თავისი საქმე უკლებლად და მასვე წამსვე მისცა სული თვისი ანგელოზსა ჟამსა შუადღისას უჭიროდ, როგორც უბძანა.

ესე არს წესი სოფლისა, რომელ კაცმა სულისათვის უნდა იღვაწოს და არა სოფლისათვინ, თვარა ამის მეტსა არავის რას არგებს ძენი და ასულნი, არცა მეყვისნი, არცა დიდება, არცა მეფობა, რაც კოსტა მეფეს არ არგო. რად მოიკლავ თავსა? არცა მოწყენითა და არცა სიხარულითა უფალი თავისა ნაბძანებსა არ მოშლის და ვერცა ვის ძალუც შეცილება და მინდობითა მისითა ყოველი კეთილი შეეძინება კაცსა.

თქვა მერვემან ძმამან: ზოგიერთი მეც მინახავ ბალხიბუხარის ხელმწიფისაგან საკვირველი საქმე: წინას ხანსა გამგზავნა პატრონმა მამაჩემმან ბალხიბუხარსა საქმისა რისათვისმე და გამატანა კაცნი მეცნიერნი, თვარა მე ვერცა ხელმწიფესა მუნებურსა ვიცნობდი და არცა მათი ქვეყანა მენახა. მრავალი ძვირფასი საქონელი გამატანა ხელმწიფისა საძღნო და ეს დამვედრა: მე დავბერდი, ხელმწიფისა სამსახური აღარ შემიძლიაო და ძე ჩემი მიახლებია, ნუთუ ეღირსოს ფერხთა თქვენთა ნალახისა მიწისა მთხვევნა და ამანცა მონობისა თქვენისათვის თავი გაწიროს და ჩვეულ იქმნას ნებისა თქვენისა სამსახურსაო. წაველ და ვიარე ზოგჯერ ჭირითა და ზოგჯერ ლხინითა, არ მოითვლება, ამისთვის რომე სიტყვა გაგრძელდება და გაუგემურდება და, რომელიცა სიტყვა მწადს, მას აღარა ყური ეთხოებისო.

ანბავი ამირყასუმისა

კ ა რ ი მ ე რ ვ ე

ვიარე მრავალი ხანი მისსა საბრძანებელსა შინა, რომ მომეწყინა და ასე ვთქვი: ქვეყანა ხმელეთის ნახევარი ამ კაცს ჰქონია, თუ რა არი-მეთქი! მათ ჩემთა ყოლაუზთა აგრე მითხრეს: რა ხელმწიფეს ნახავ, მაშინ უფრო იტყვიო. ქვეყნის ნახევარი კი არა და, ჩვენ ასე ვიტყვით, რომე მესამედს ცოტაღა უკლია, რომ ამას უჭირაო. ვიარეთ და მივედით. ვნახეთ ქვეყანა და ქალაქი, სამოთხის მგზავსად შემკობილი, და ხელმწიფე ყოვლითა სიმდიდრითა გარდარეული და გარდამატებული ყოველთა მეფეთა ზედა, რომე ამას იტყოდა კაცი: როგორაც ზეცას ღმერთსა, აგრევე ქვეყანაზე ამას ვინ მიედრებაო და ანუ ამისი მგზავსი ხელმწიფე როგორ იქნებაო?!

რა მიველ და შეიტყვეს ჩემი მისვლა, მომეგებნენ მეცნიერნი კაცნი მამისა ჩემისანი, დიდითა პატივითა და სიყვარულითა დამიჭირეს, წამიყვანეს სახლსა თვისსა, მიმასპინძლეს და მიალერსეს. შემასვენეს ხუთი დღე. მერმე წაიღეს ძღვენი ჩემაგიერი და სიტყვა მამისა ჩემისა დავედრებული, მიართვეს და მოახსნეს ყოველი. იამა და დაიმადლა. ებრძანა მიყვანა ჩემი. წამიძღვნენ და მიმიყვანეს. დამხვდა ხელმწიფე წესისაებრ და წყალობისა და პატივისა რაღა მოგახსენო, რომე სწორნიცა მისნი არ ღირსიყვნენ.

დავყავ თვე ერთი და ლხინისა და შექცევის მეტი არა მინახავს რა, არცა ვისგან ჩივილი, არცა ვისგან წუხილი არასფერისათვის. არასათვის ზრუნევდეს დიდებულნი, არცა რას შეიჭირვებდენ მცირებულნი. ყოველი სული განსცხრებოდა და იხარებდა, ვის როგორ შეეფერებოდა, ყოველი რიგი და წესი ასე მოუშლელად იყო. კვლავ ესე იყო მის ხელმწიფის წესი: რასაც იტყოდის, კარგსა გინა ავსა, ვერავინ ჰკადრებდა უარსა, უნდოდა თქმისაგან უწინ დამტკიცებულიყო. ხელმწიფეს შვილი არა ჰყვანდა ერთის ქალისაგან კიდე და ის ქალი ასეთი იყო, რომე არა არს პირსა ქვეყანისასა მგზავსი მისი. თქვა თურმე ხელმწიფემ გულსა მისსა: რომ ეს ქალი ასე შვენებით სრული და სიბრწყინვალითა განთქმული მყავ, გაიგონებენ მეფენი და მთხოვენ. თუ მივცე, მე რაღა ვქნა, რომ ამისგან კიდე არა მყავ რა, და, თუ არ მივცე, არამც თვით ეს ჩემი ქალი გამიავდეს და ასეთს რასმე მოვიგონებ, რომ ეს ქალიც აქ დამრჩესო და მრავალნი ხელმწიფენი დავსხნა უძეოდ ჩემებრივ ამ მიზეზითაო.

გამოვიდა ბრძანება ხელმწიფისა და მოაგროვეს, რაც მის საბრძანებელში ოქრომჭედელი იყო ანუ რაც რამ ოქროს მოსაქმე და მოეკიდა ხელმწიფე ასეთ სასახლესა, რომ დიაღ დიდსა და უცხოდ გასაკვირვებელსა, სულ მყარისა ოქროსასა ძირით თავამდი, ასე რომე საძირკველი, კედელი და ცა სულ ოქროსი იყო, არაფერი არა ერივა რა. ჯერ, რაც თვითონ ჰქონდა, ის შეალივა, მერმე გასცა ბრძანება თავის სახელმწიფოში და, ვისაც დიდებულსა თუ მცირებულსა ანუ დიდვაჭარსა ვისაც ოქრო ჰქონდათ, მოაგროვეს. არც იმით იქნა. მერმე, რაც იმის საბრძანებელში ოქროს იარაღი რამ იყო, ასე ყველა მოშალეს, რომ სულ იმის საბრძანებელში არც ღილი და არც ბეჭედი აღარა იშოვებოდა რა. ოქრო ასე დაინთქა, რომ მის სასახლისაგან კიდე არას ალაგს ერთის მუხუდოს წონა ოქრო აღარსად იპოებოდა, და სასახლეც ასე გათავდა, რომ ორი-სამი ლიტრაღა აკლდა. არ იქნა, ვეღარას ალაგს მის ქვეყანასა ოქრო ვეღარ იშოვა. თვალ-მარგალიტი, ვერცხლი უანგარიშო იყო, განა სხვას ქვეყანასა გაცვლა არ იკადრა და მის ქვეყანასა არ იშოებოდა. დაღონდა ხელმწიფე: თუ ეს არ გათავდებაო,რაც ჩემს გულში ძე, ვერ ვიტყვიო. გამოართვა ყოველსა კაცსა ესეთი მუჩალგა, რომ ოქროსი აღარა გქონდესთ რაო, და ყოველმან კაცმან ასეთი პირი დაუდვა, თუ სადმე ოქრო გამოჩნდეს, ვეღარამან იხსნას რისხვისა მისისაგან.

რა აღარ იქნა, კიდევ არ დაიჯერა და ეს ხერხი მოიგონა, რომ უბრძანა ხოჯასა: ერთი, რომელიც უკეთესი მხევალი იყოს ჩემს არამში, გაიყვანე, ქალაქი დააროინე, ვინც ერთი ფლური მოგცეს, იმას მიეციო. გაიყვანა ხოჯამა ერთი დიაღ ტურფა ქალი და ქალაქი დააროინა. არცა ვის ფლური ჰქონდა და ვერცა ვინ ხელმწიფის შიშით შეხედა მას ქალსა. ერთი უწვერული ყმაწვილი იყო, დიაღ მრავლისა და კაის საქონლის პატრონის ხოჯის შვილი, ასე რომ ის ხელმწიფის სასახლე ნახევარი იმისი ოქროთი აშენებული იყო. რა ის ქალი იმ ყმაწვილმა ნახა, თითქმის ცნებისაგან გამოვიდა, მოჰკიდა ხელი, დედას მიგვარა, ასრე უთხრა: რას მიზამ, დედავ, თუ ამას არ დაიხსნი, მოვკვდებიო. შეჰფიცა დედამ: არა მაქვს ფლური, არც ოქრო, და, ამას ხედავ, რამდენი კოშკი არი თეთრით სავსე და რამდენი სასახლე თვალ-მარგალიტითო, მიეც და დაიხსენო. ხოჯამ ასე თქვა: რას ვაქნევ, განა ხელმწიფეს არა აქვსო?! ვინც ფლურს მომცემს, იმას მივცემო. რომ გამოსწივა ხოჯამ იმ ქალსა წასაყვანად, დაეცა ის ყმაწვილი და მოკვდა. ცივად შექნა დედამ კივილი და გლეჯა. აფიცა მას ხოჯასა: ამის მეტი არა მყავ რა, ნუ მომიკლავ, მოიყვანე ეგ ქალიო! მოიყვანა. კვლავ მობრუნდა იგი ვაჟი. როდესაც წაყვანას დააპირებდის იგი ხოჯა, მოკვდის და, როდესაც ეტყოდენ - მოვიდაო, მობრუნდის.

დაღონდა დედამისი და ესრე უთხრა: რა ვქნა, შვილო, რაღაც გუნება ჩაგედვა, შენი თავიც მოიკალ და შენი სახლიც მოსთხარეო. არა ვიცი რა, ღმერთმან იცისო, და არცა მაქვსო. ერთი საქმე არის ჩემსა გულსა. თუ ვიტყვი, ჯერ ღმთის შემცოდე შევიქნები და ჩემის მკვდრის მომთხრელიო და მერმე ხელმწიფის შეცოდება იქნების, რომ მუჩალგა მიგვიცემიაო. ამ ქალს დავიხსნი, მაშინ მოგკვლენ, და არა და - შენ მოიკლავ თავსაო. ასე უთხრა შვილმან: შენის ხელით კი ნუ მომკლაო და იმავ ხელმწიფემ მომკლასო. რა ეს გაიგონა დედამან, ასე უთხრა: რა ვქნა, შვილო, შენს მეტი აღარა მყავს რაო და, თუ შენც მომიკვდები, დია საწყალი ვიქნებიო, და მე კი ვიტყვიო და შენ იცი, რასაც იქო. ერთი ფლური მამაშენს პირზედ აძე, სხვა არსად არ მეგულებაო და, თუ მამაშენს მოსთხრიო, მე რა ვქნაო.

რა ეს გაიგონა მან ვაჟმან, წავიდა სიხარულით მამის საფლავისაკენ, მოთხარა მამა, ის ფლური ამოიღო, ის საფლავი ისევ მოასწორა, წამოვიდა, ის ფლური მოსცა, ქალი გამოართვა.

მიართვეს ხელმწიფესა. იკითხა: ვინ მოგცაო? მოახსენა: ხოჯა ალის შვილმა მომცაო, გაჯავრდა ხელმწიფე, რომე პირით ალსა ადენდა, ბრძანა: აქ მომგვარეთო! მიუყვანეს ხოჯის შვილი. უბრძანა: მაგისთვის დამიმალე ფლურიო, რომ ჩემის არმის ქალი შენთვის გინდოდაო? ასეთი საქმე მიყაო, რომ ჩემის ხელით გამომაყვანინე და ფოლორცში მატარებინეო? რას იტყოდა საწყალი ამის მეტსა: ალალია, ხელმწიფევ, დამნაშავეს გადახდევინება უნდაო. უბრძანა: გაიყვანეთ, სულ ქალაქს ამზერინეთო, შუა გახერხეთო! რომ გამოიყვანეს, უმძიმდა ყოველსა ერსა, განა ვერ გაიძრწენდენ. ხელმწიფის შიშითა ვინ გაიძრწენდა?

მოვიდა ხოჯა ალის ცოლი, გაგლეჯილი, სისხლით შესვრილი, ხელმწიფის წინ სიკვდილისათვის თავგაწირული, ეგრე უთხრა: შენ უღმთოო და ყოვლისა ხელმწიფისა სახელისა გამტეხოო! რა დანაშაული აქვს ქმარსა ჩემსა შენზედა, რომ ერთი უჭკო, უგუნური ყმაწვილი დარჩომია, იმას მოკლაო. სანამდი ცოცხალი იყო, შენის სამსახურისაგან დღე და ღამე არ იცოდა, მოკვდა - მისი მონაგები, ნაჭირნახულევი სულ შენ დაგრჩაო. აწ ერთი შვილი ჰყვანდა. მიკვდებოდა და მისად სახსრად მამამისი მომითხრია, მისი პირის ფლური ამომიღია და მომიცემია. ჩემი მკვდარი მე მომითხრია, შენთვის რა შემიცოდებია, რომ ჰკლაო?

რა ხელმწიფემ მისი სიტყვა გაიგონა, შეებრალა. კაცი გაგზავნა: ჯერ ნუ მოჰკლავთო! უბძანა მას დიაცსა: დასწყნარდი, მართალი თქვი, არ მოვკლაო, პირის ფლური რასა ჰქვიანო? მან მოახსენა: ჩვენს ქვეყანას ასეთი წესიაო: ოდეს კაცი მოკვდება, ერთს ფლურს პირზე დაადებენ, ისე დამარხვენო. აწ სულს იქით ღონე აღარა მქონდა და ის ვასწავლე ჩემს შვილსაო.

რა ეს გაიგონა ხელმწიფემა, იამა. ის ხოჯის შვილი კი გაუშვეს, დაუგდეს ბარი და, რაც მას ქვეყანას მკვდარი იყო, ყველა დათხარეს, თვისნი მამა-პაპანიცა, თვარა სხვას ვიღა გაუშვებდა. ყველას ფლური ედვა პირზე. ამოიღეს და გაათავეს იგი სასახლე.

რა გათავდა, ნახა ხელმწიფემან დიდი ლხინი და შეყარა ყოველი ერი. გარდიხადეს დიდი პურობა. ბრძანა ესე: ვინც ამას დააფასებსო, ჩემს ქალს იმას მივცემო. გაითქვა ეს ანბავი ყოველსა ქვეყანასა. მოვიდიან ხელმწიფენი გინა უფლისწულნი, განა ვერავინ დააფასის. მოჰკვეთიან თავი და დაჰკიდიან მაღლა. ამოსწყდა მრავალი ხელმწიფე და ხელმწიფიშვილი მისის მიზეზითა, რომ ანგარიში არ იქნებოდა.

მიესმა ჩინელთა ხელმწიფის შვილთა, სამთავე ლომთა ჭაბუკთა, და თქვეს: რით იქნებაო ესეო, რომ ან ვერ შეგიტყოთო მისი ფასი და ან ვერ გავიღოთო. აჰკიდეს მრავალი თვალ-მარგალიტი, შეიყარეს ჯარი და წამოვიდნენ. იარეს რას ხანი და მოახლოვდეს და ნახეს, რომ ამ თვალაუწდომელსა მინდორში ერთი უზომოდ მაღალი მთა ამოსულა, რომ კვლავ ის მთა კაცს არაოდეს უნახავს. თქვეს ვეზირთა და მეცნიერთა: ჯერ დავდგეთ ამ მთის ძირსა, ვნახოთ ამისი საქმე; ვინ იცის, იყოს რამ, ამისთანა მთა უფათერაკოდ ძნელად იქმნებაო, ცუდად ნუ შევცვივითო.

ჩამოხდენ და დადგნენ. პატა ხანი გამოვიდა. ერთი ასეთი ცხვარი მოაწვა ამ მთასა და შემოეხვია, რომ, ძრიელი თოვლი რომ მოვიდეს, ის მთა ისე გათეთრდა და შეიფარა იმ ცხვრისაგან. ნახეს, ერთი მეცხვარე მოსდევდა, მის მეტი კაცი არ იყო. დახედა ამ მეცხვარემ, ნახა ეს ჯარი, თქვა: წავალ, იმათ ამბავს შევიტყობო. ჯოხი ცხვართან დადვა, ერთი ბატკანი აიყვანა, წავიდა და ბატკანი მიართვა და ჰკითხა მათი ანბავი: სით მოხვალთო და რას საქმისათვისო? მათ უთხრეს: ჩვენ ჩინეთით მოვდივართ ბალხიბუხარის ხელმწიფის ქალის სათხოვნელადო. უთხრა მეცხვარემან: იცით, იმ ქალის თხოვნას რა მოაქვსო? უთხრეს: ვიცით, სასახლე აუშენებია, იმას დაგვაფასებინებსო. კვლავ უთხრა მეცხვარემან: თქვენ სასახლის ფასი არ იცითო, ცუდად ნუ დასტყუვდებითო, თვარა მრავალი კარგი კაცი მომკვდარა მაგ მიზეზითა და თქვენც ის დაგემართებათო. უთხრეს: ასეთი რა იქნება, რომ ჩვენ იმისი ფასი ვერ შევიტყოთო! ვერ ხედავ, რამდენი ათასი ყათარი თვალ-მარგალიტისა მოგვდევსო? სხვას ქონების გარდა სულ ერთპირად მივცემთ, მისი ფასი არ იქნებაო?! მეცხვარემ უთხრა: მაგით არ იქნებაო. უთხრეს: მაშ როგორ ვქნათო? მეცხვარემ თქვა: ჩემს მეტმა იმ სასახლის ფასი არავინ იცისო. დაუწყეს თავსიცილი: ეს როგორ იქნება, ჩვენ კი არ ვიცით და მეცხვარემ იცისო?

ერთი ჭკვიანი და მეცნიერი ბერი ვეზირი ახლდათ. იმან აგრე უთხრა: ნუ იცინით და ნურც აგრე ცუდი მეცხვარე გგონიათო. ღმერთმან იცის, ეს ჩვენის ხსნისათვის მოვლენილი არისო, თვარა ეს ვინ გაიგონა, ამდენს ცხვარს ერთი კაცი უვლიდესო! მე კვლავც ბევრჯელ ვყოფილვარ აქა და არც ეს მთა მინახავსო. უსაცილოდ ღმერთმან მოგვივლინა და ამას მივენდოთო. უთხრა მანვე ვეზირმან: იმის მადლისა, რომელსაც დაუბადებიხარ, გვითხარ მართალიო! მან აგრე უთხრა: თუ არ მენახენით, არა მგამოდა რა, როგორც მათ სხვათა არა ვინაღვლე რაო, და აწ, რადგან შეგემცნიეთ, თქვენ აგრე საქმეს აღარ გაგიხდი, სხვათავით ფათერაკისა მახეს გაგაბაო. აწ ეს ცხვარი შემინახეთ ასე, რომ არც მგელს მოატაცებინოთ და არც ქურდულად თქვენ დახარჯოთო, და ისე, რამდენიც დღეში მოგინდესთ, მუღარალი ქენით და ნუ გაგვათ, რაც მოგინდეს, დახარჯეთო. ჰკითხეს: რას ხანში მოხვალო? მან თქვა: ამ სამს დღეს მოვალო. ეს უფრო გაუკვირდათ: ამ სამს დღეს რაც ჩვენ მუღარალად საკლავი მოგვინდება, ამას მეცხვარე თავისის ნებით როგორ გამოიღებსო, ცოტა ვთქვათ, ათი ათასი კაცი მაშინც ვართო. ასეთი რა ცხვარი იქნებაო, რომ ნახევარი მაშინც არ დავხარჯოთო, მაგრამ ერთი რამ არიო.

მისცეს მაგისი პირი, რომ არც ჩვენ დავხარჯოთ, ნამალევად და არც მგელს მოვატაცებინოთო. მან მეცხვარემან თავისი ჯოხი მხარს გაიდვა, ჩოხა ზედ გარდიკიდა, წამოვიდა, ხელმწიფესთან მოვიდა, არას კაცსა არა ჰკითხა რა, არცა რა უთხრა, ასე თამამად და შეუპოვრად, სადაც ხელმწიფე იჯდა იქ შემოვიდა. რა შეხედა ხელმწიფემან, მაშინვე თვალსა და გულში საზაროდ გახდა. დიდხანამდი ვეღარა თქვა რა. მერმე ჰკითხა: ვინ ხარო? მეცხვარემ მოახსენა: ჩინეთის ხელმწიფის მეცხვარე ვარო. რაღაც ეშმაკის საქმე მოგიგონია, ის იმათ კი არ იციანო, შენის ქალის სათხოვნელად მოდიან, ასერ ახლო დგანანო. ეს ვის ეკადრება, რომ ჩემის ხელმწიფის შვილები შენს კარზე მოდგნენო და შენი ქალი ითხოონო და შენ სხვა რამ მიზეზი მოუგონოო! მაგას არ ვიქო: მე არ შემიძლია შენის პასუხის მოცემა, რომ ისინი არ მოვასხაო? უბრძანა ხელმწიფემა: თუ შეგიძლია, ჯერ ჩემი სასახლე ნახე, მისი ფასი მითხარო, რა არიო, და შენს ხელმწიფიშვილს არა და - ჩემს ქალს შენც მოგცემო. მეცხვარემ აგრე უთხრა: იარე, მაჩვენეო!

გავშტერდით ყოველი ერი მის კაცის საქმესა, რომ ისე შეუპოვრად ეუბნებოდა ხელმწიფესა. ვეღარცა რა ხელმწიფემა თქვა, ადგა და გამოჰყვა. წავედით ყოველი სული. შევიდა ხელმწიფე და შეჰყვა მეცხვარე. ჰკითხა ხელმწიფესა: ეს არი შენი სასახლეო? უთხრა: ეს არიო. მან უთხრა: რა გგონია ამისი ფასიო? ხელმწიფემ უბძანა: მე რა მგონია, შენ თქვიო. მან უთხრა: ერთი ბარი მოატანინეო და ოცი ადლი ტილოო, მართალს მე გეტყვიო. მოატანინა ხელმწიფემან. აიღო მეცხვარემან ის ბარი და ხელმწიფეს წააზმანა. მერმე შუაგულს იმ სასახლისას დადვა და ხელმწიფეს უთხრა: აიღე ეგ ბარი და ამაზე გასჭერ მიწაო. დაუჯერა ხელმწიფემან, დიდად გაკვირვებულმან, და გათხარა. უთხრა ხელმწიფემან: ეს რა ფასის დადებააო, საფლავს მათხრევინებო! მეცხვარემ აგრე უთხრა: ჩადი, მართლა ამოხვეტე და, თუ ფასს არ გეტყვი, შეიტყობო. ჩავიდა ხელმწიფე იმაში, ჩაუგდო ის ტილოცა იქ იმ მეცხვარემან და აგრე უთხრა: აი შენი სასახლის ფასი, შენს გამეტი არა არის რაო. ამ სამს დღეს უკან ღმერთი ამის ფასად შენ მოგცემს, რომელიც შენს გულში შევიდა და ამდენი სიხარბე და უწყალოება გაქნევინაო. როგორც ამ სასახლის შუა ხარო, ისე შუაგულს ჯოჯოხეთში ჩასვლად მზა ხარო. კიდეც მოჰკვდები და ამ სასახლისა და დიდების სანაცლოდ მაგ ტილოს მეტი არა გაგყვება რაო. რას აქნევ, ბეჩავ, ამის მეტს არას გამოგადგებაო, რომ სამიდღეშიოდ შენი სახელი ყოველს ქვეყანას მოყივნებული შეიქნაო. თავად მდიდარიც დააგლახაკე ამისის სიხარბით, გლახას რას მოწყალებას უზემდიო, და მერმე შენის ხელითა შენთა მამა-პაპათა და ჩამომავალთა ძვლებიც დათხარეო, თვარა სხვა რამდენი შეუცოდარი და შენის სამსახურისათვის მკვდარი კაცი მოსთხარეო, და შიგ შესვლაც არ დაგცალდებაო და მას დიდს დივანში მაგრა შეკრულს წაგაყენებენო. როგორც ერთის ფლურისათვის ხოჯა ალის შვილი შენ მოაყვანინეო და როგორც შენ კაცის მკვლელთ მიეც, ისე შენ ეშმაკთ მიეცემიო. არცა რას ქალი გარგებს, არცა რას ეს ამდენი ოქრო, არცა რა გაგყვება მაგ ერთი აბაზის ტილოს მეტიო.

რა ეს გაიგონა ხელმწიფემან, შეშინდა უწყალოდ და წნორის ფურცელივით ათრთოლდა და აგრე უთხრა მას მეცხვარესა: მე სახელისა და მოხმარებისათვის ვქენო. რა მეგონა, თუ ან შესარცხვენი იყო, ან წასაწყმენდიო. კვლავ მან მეცხვარემან ასე უთხრა: ახლა შეგიტყვია, რომ ასე გჭირსო, და, რაც გინდა, ქენო. აფიცა ხელმწიფემან ღმერთი დამბადებელი: აღარა მეშველება რაო? მან უთხრა: სიკვდილისაგან კი ვეღარა გიხსნის რაო და, თუ გინდა, წაწყმენდისაგან კი დაიხსნებიო. კვლავ ატირდა ხელმწიფე და მდუღარითა ცრემლითა უბძანა: მითხარ, რითაც დავიხსნებოდეო. - თუ რამ გეშველება, ამითაო, რომ ეს სასახლე დაამტვრიე, გლახას მიეცო და, თუ უძეობისათვის გული გტკივისო, ასერ სამი სასახელო ხელმწიფიშვილი დგაო, კაცი გაუგზავნე, რომელიც გინდა, ის მოაყვანინეო, შენი ქალი შერთე და შენი ტახტი და საბატონო მას დაათვალეო და, შენ რაც ხანი დაგცალდეს, ცრემლითა მდუღარითა ღმერთს ევედრებოდიო. ამის მეტი სახსარი არა იქნება რაო.

ესეები რომ გადასწყდა, მეცხვარე გამოვიდა. ერთი ჟამი არ გამოსულა, შევხედეთ, ქალაქის ბოლოს უანგარიშო თეჯირი, ოთაღი და კარავი იდგა. ვკითხეთ: როგორ, რარიგად, ასე უცნობრად როგორ მოხვედითო? მათ მის მეცხვარის ანბავი თქვეს, როგორაც მოსულიყო და ან მათ მეცხვარე დახდომოდათ, ანუ რას საქმეზე წამოსულიყო: სადილობა იყო, ჩვენ გამოგვეყარაო, და ნახევარდღე არ გამოსულიყო, იქავ მოვიდა და ასე გვითხრა: ფასიც მითქვამს და იქიური საქმეც გამირიგებია, აწ თქვენ მიდით და ქალი წამოიყვანეთო. სანამ მივიხედევდით, აღარც მთა იყო, აღარც მეცხვარე და ცხვარი, არც ჩემნი უფროსნი ძმანი და ჩვენ აქა ვართო. გაუკვირდა ყოველსა კაცსა, განა ღმთისაგან ყველა ადვილია.

რა ეს ანბავი გაიგონა ხელმწიფემან, უმეტესად შეშინდა და მოიყვანა მასვე წამსა იგი ხელმწიფის შვილი, ქალი მისცა, თავის ტახტზე დასვა, გვირგვინი თავს დაადგა, ჯარი ათაყვანა და ხელმწიფობა დაულოცა, თვითონ გამოეცალა. ის სასახლე დაამტვრია, გლახათ გაუყო და თვითან ცრემლითა მდუღარითა ღმთის წინ შეცოდებისა შენდობას ითხოვდა დღეყოველ ჟამმოუკლებლად, როგორც მან მეცხვარემ უთხრა. აღარა ხანი გამოვიდა, სოფელსა დაესალმა, მართალს გზას წავიდა.

უყურე, თუ მისთანა ქვეყნის მპყრობელმან ხელმწიფემან ერთის მეცხვარის სიტყვით რა ქნა და რამდენი დიდება დაუტევა ღმთის შიშით. შენ რად არ უსმენ ამისთანათა პატრონთა მშობელთა და მერმე შენთვის საკვდავად თავგანწირულთა ძმათა? ჩვენ არა სოფლისა გაშვებად გაწვევთ, არცა დიდებისა დატევებად, არამედ მოცდასა გენუკვით ღმთის წყალობისასა და შეტყობასა სიხარულისასა, რომე არა საყვარელთა შენთა უნახავად მწუხარებითა მოიკლა თავიო.

თქვა მეცხრემან ძმამან, სახელით გურგენ: მე თვალითა ჩემითა არა მინახავს, განა დუშმანქამანაქისა ცხოვრებისა ანდერძი დაწერილი. მინახავს და, თუ მიბრძანებ, მოგახსენებო.

თქვა რუსუდან: გაგსაჯე, ძმანო, ჩემის უბედობითა, განა მრავალი კაი ანბავი დავარდება თქვენგან ნახული და ნასმენი და შენც იტყოდიო.

აქა ანბავი დუშმანქამანაქის

ხელმწიფის გოსტამისა

კ ა რ ი მ ე ც ხ რ ე

ახლახანად ვიყავ დუშმანქამანაქის ქალაქში, ამად რომე სმენოდა პატრონსა მამასა ჩემსა, ბევრი უცხო რამ ხელოვნება არი მას ქალაქშიაო, და მიბძანა: წადი, მცოდნელი კაცნი წაასხენო და კაია, კაცმან რომ უცხო ქვეყანა ნახოს და იქიური წესი ისწავლოსო, რომელიც კარგი და უცხო იყოს, ის აიღოსო. მე არ მინდოდა სიშორისათვის წასვლა, მაგრამ რა უარი გაეწყობოდა, რადგან მათი ნება იყო. გამისტუმრა და წაველ. ვიარე მრავალი უცხო და საჭირო გზა, რომე, თუმცა ვიტყოდე, აწცა, ვეჭობ, შეზარდეთ მისსა სმენასა, განა დია გაგძელდება და საწყინო იქნება. რას ვაქნევ მუნებურთა ანბავთა, მოგახსენებო ციხეთა და ქალაქთ მორთულობასა.

რა დავლიეთ გზანი და მივედით მას ქალაქსა, რომლისა ქება სრულობით არ ითქმის კაცთა ენითა, არცა მოიგონება გონებითა და არცა ვისგან დაიჯერება თვალთა უნახავთაგან, განა მოგახსენებ მცირეთა გარიგებათა, მის ქალაქისა სახელი დუშმანქამანაქია, ქალაქი დიდი და ვრცელი, ასე რომე მცირედნი რამ მეც მინახავან და მრავალი მამისა და უფროსთა ძმათაგან მასმია, მაგრამ მისთანა არცა რა ანბად გამიგონია და თვალით ხომ უფრო როგორ ვნახევდი! არცა მაქვს მაგისი ეჭვი, რომ პირსა ქვეყანისასა მისთანა რამ იყოს, არამთუ ერთი ქალაქი. განა მისი სიგძე და განი ერთის წლის სავალია. სულ გარშემოზღუდვილია არა ცუდთა ქვათაგან, სრულობით ეშმითა და აყიყითა, რომე თვალითა მის უამესი არა ინახება რა, ასე შეწყობილია. მას ოთხი კარი აქვს სამ-სამის თვის სავალზე ოთხსავე ყურესა, პატიოსნისა ქვისანი. ასე ხელწმინდად გათლილია, რომ გარედამ ის ქალაქი როგორც სარკეში, ისე ჩნდა. ოდეს კაცი შესვლას მოიწადინებდა, დაკლიტული იყო, ვეღარ შეატანდა და ფათერაკს შეესწრებოდა, ასე რომე უფროსნიცა დაიხოცებოდენ იქ შესვლისა ნდომითა, ამისთვის რომ, სანამდი ზედ არ ეცემა და ან ახლო არ გასინჯავს, ვერ შეატყობს, თუ კარი აბიაო.

რა მივედით და ბევრი უცხო რამ დავინახეთ კარით, მეგონა, ღია არი-მეთქი. ვთქვი: ამისთანა ქალაქი უკაროდ რასთვის არი-მეთქი? მათ ჩემთან მყოფთა მეცნიერთა კაცთა ასრე მითხრეს: მრავალი შენისთანა კაცი ჩაუგდია ფათერაკსა ამ ქალაქისა კარსაო. ნუ გგონია, უკარო იყოსო. მამიყვანეს კარზე და მითხრეს: აბა, ნახეო! ოდეს ხელი მივყავ, რა დაეგვრებოდა, მაგარი და მძიმე კარი იყო, მაგრამ, რა ხელი წაუსვი, სარკესავით სწორი და წმიდა იყო, შიგნიდამ იმათაც დაგვინახეს, ფიცხლავე გააღეს კარი, შევედით შინა. მათ ჩემთა წინამძღვართა უთხარ: მომავლეთ გარეშემო ქალაქი ესე-მეთქი. მითხრეს: რას აქნევ ამის შემოვლასაო?! ამ ერთს წელიწადს ვერ შემოუვლიო. გგონია, ერთი ქალაქი იყოსო?! რაც ქანია, ყოვლის პატიოსნის ქვის ქანიაო და, რაც კაცის მოსახმარებელი ღმერთს დაუბადებია, ყველა ამ ზღუდეს შიგნით არიო. აქაური მიწა სულ ოქრო და ვერცხლი არიო და, რაც ქვეყანაზე კაი რამ არი, ყველასაგან უკეთესები აქ კეთდებაო. გარედამ რომ შემოგვევლო, წელიწადს შემოუვლიდით და შიგნიდამ, რომ ჩვენი დღენი აქ დავყოთ, ამის სინჯვასა და სიარულს ვერ დავასრულებთო. ჯერ ესეებია, რაც გითხარო, მერმე ციხე ამისი მგზავსი ქვეყანისა ზურგზე არ არიო, ქალაქი და შენობა ვის უნახავ და ან ვისა ასმია ამისთანაო! ერთს ქარვასლაში რომ შეხვიდე, ერთს წელიწადს იქით წამოსვლა გაგიჭირდებაო. სიარულს ვერას გამორჩები, მივიდეთ, დავდგეთო, ბევრს უცხოსაც ვნახავთო და მრავალს საკვირველსაც ვისმენთო.

მე იმათი ურჩება არ შემეძლო, მიმიყვანეს ნებასა. შევედით ქალაქად. რაც გზა შევიარეთ, ჯერ საკვირველი მთანი და კლდენი იყვნეს და მას იქით ხელოსანი კაცნი ისხდენ, მერმე დიდი ბაზარი და ქულბაქი, მერმე ქარვანსრები, მერმე სოფელი და სასოფლო მოსამსახურენი, მერმე აზნაურნი, მერმე თავადნი, მერმე თავადთაგან უდიდებულესნი, მერმე ხელმწიფის მოხელენი და მას იქით დიდი საბატონო ბაზარნი, რომელ, რაც ხელმწიფისა საფერი იარაღი თუ ტანსაცმელი, თავსაბურავი ანუ წამოსასხმელია - ყველა იქ კეთდებოდა. ბევრი რამ ასე უცხო და ძვირფასი იყო, რომ სხვის ქვეყნის ხელმწიფეთა ანბადაც არ გაუგონია. მას იქით მოედანი იყო თვალუწდომელი და მოედანს იქით - ხელმწიფის სასახლე.

ჩვენ იქ ხელმწიფის ხელოსნებში დავდექით. მეცნიერი კაცი იყო მათ ჩემთა უფროსთა. წამიძღვენ. ვნახე მრავალი უცხო თვალი თუ მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი გინა სტავრა-ნახლი. მას ქალაქსა მყოფსა და მის ქვეყანისა მნახავსა რას გამიკვირდებოდა, რომ სხვაგანაც არა მენახა რა, მაგრამ, იქიურნი კაცნი რომ თვალისა და მარგალიტის საქმეს რა გინდა რას გააკეთებენ, იმის უფრო უცხო რაღა იქნება და ის მიკვირდა, ასე ხელწმინდად როგორ გასთლიან და ანუ ასე უცხოდ როგორ შეაწყობენ-მეთქი. იმათ ასე მითხრეს: აბა, ამ ქალაქისა შემოვლა რომ მოინდომეო, ამისთვის ვერ შემოგაროინეთო, რომ, რაც აქათ ნახეო, ამ სასახლის გარეშემო სულ ასე მოწყობით გარიგებული ახვევიაო. ჯერ მოედანი, მერმე როგორც სხვას ქვეყნის ხელოსნებისაგან ესენი უფრო უცხო საქმის მოქმედნი არიანო, ისევ ამ საქმით უფრო უცხო და უცხო საქმეები კეთდებაო და სულ ასე სახელმწიფოდ, არიო, რომ მისგან ერთის ფრულისას ვერა კაცი ვერას გაიტანსო, თუ არ ისევ ხელმწიფე მისცემსო, და არც ხელმწიფე სხვის ბაზრით რასმე იყიდისო, არცარას ბეგარად გამოართმევსო, რასაც თავისის ნებით არ მიართმევენო. მერმე ხელმწიფის ვეზირთა და მოხელეთა მათ-მათი ბაზარი და ქარვასლები აქვთ და მერმე, როგორაც აქ არის, ისე რიგ-რიგად იქ არი, თავთავისი ბაზარიცა გარ ახვევიანო, რომ, ხელმწიფის ვეზირთა და მოხელეთათვის რაც კეთდება, დიდებულნი ვერ იყიდიან, დიდებულთასა - თავადნი, თავადთასა - აზნაურნი, აზნაურთასა - მსახურნი, მსახურთასა - გლეხნი. ასე თავ-თავისთვის გარიგებული აქვსთ, ვისაც რა შეეფერება, და რაც ქანია თვალისა თუ მარგალიტისა ანუ ოქროსა და ვერცხლისა, ანუ სხვა ცუდი რა გინდა რასი, მათნი მოქმედნი, სანამდი ხელმწიფისა მოხელესა არ აჩვენებენ, მანამდი ვერ გაყიდიან. რა ისინი ნახვენ და სახელმწიფოდ დაარჩევენ, მას უკან, ვისაც უნდა, თავ-თავისსა საფერსა წაიღებენო.

გოსტამ მეფის ყმაწვილობას აქეთ აქაური ხელმწიფე ორს დღეს ერთს ტახტზე არ დაჯდება, არც იმავ გვირგვინს დაიხურავს, არას იარაღს ორჯელ არ იხმარებს, თვარა, რაგინდ სასახელო ტანსაცვამი და ან წამოსასხამი იყოს, ანუ სახლის მოფენილობა, ანუ სუფრის იარაღი, - ერთის დღის მეტად ხელმწიფის სახლში მას ვინღა ნახავსო! ამისთვის კეთდება ამდენი უცხო და უცხო ამ საოცარს ქალაქში, რომელ ყოველდღეთ სხვადასხვაფერი უნდა გამოიცვალოსო, რომ უცხომ კაცმა ვერასფერით ვერც სახლ-კარი იცნას, არამთუ ხელმწიფეო.

ვიყავ ხუთს წელიწადს იქა და მრავალი ალაგიც დავიარე მას ქალაქში, მრავალი უცხო და საკვირველი ვნახე და მრავლისაგან მცირედი რამ მეც ვისწავლე. რა ჩემის სასწავლოსაგან მოვიცალე, მერმე მას ჩემსა ოსტატსა შევეხვეწე: ხელმწიფე მაჩვენე და მისი რიგი-მეთქი. მან აგრე მითხრა: რად არ გახვალო შენებურადო, შენის ქვეყნის მოკაზმულობითაო და ცხენ-იარაღითაო?! მრავლის ქვეყნის ხელმწიფის შვილიც არიან აქაო, თვარა დიდებულთა შვილსა ანგარიში არა აქვსო. შენც მათში გაერიეო და, რომელიც შენის ქვეყნის ზნე იყოსო, რომ აქ არ იცოდენო, იმით შენი თავი მათ აცნობეო. რა იმათში გაერევი, მერმე ხელმწიფეს ბევრჯელ ნახაო და ისიც გიცნობსო, თვარა მე ვერ მიგიყვანო. მათ ძღვენი ხელმწიფეთაგანცა არ მიერთმევის, არამთუ შენგანაო. ვისაც ამ ქვეყნის შესწავლა და ანუ ამ ხელმწიფის ნახვა უნდაო, ასრე მოვაო, ერთი მეორეს შეემეცნიერებაო. მერმე, რომელიც საქვეითო კაცია, ქვეითობაში გაერევა და, რომელიც კაი კაცია და დიდებული, დიდებულთა კაცთა თანა ცხენსა შეჯდება და ისე იახლებაო. რა ხელმწიფე ბევრჯელ ნახავს, იკითხავს: ვინ არისო? მოახსენებენ, რასაც ქვეყნისა არიო ანუ როგორი კაცი არის, ანუ ხელმწიფის შვილი თუ დიდებულთა გინა მცირებულთაო. მერმე ხელმწიფე თავის საფერს სარჩოს გაუჩენს, თავის საფეროს კაცის სწორად დააყენებსო და იქნება ამ წესითა, სანამდი თითონ ხელმწიფე არ მოინდომებს გულად და არ უბძანებს: ნუთუ შენის ქვეყნისად გსურდეს, წადიო! მანამდი, ათასი წელიც დაყოს, ვერავინ ჰკადრებს დათხოვნასა და, როდესაც ხელმწიფე უბრძანებს, მაშინც მრავალი უარი უნდა მოახსენოსო, მაგრამ ხელმწიფე კიდევ შეიტყობს, თუ წასვლა უნდა, და აზომს მისცემს, რომ ზიდვა არ შეეძლოსო.

რა ეს გავიგონე, მეწყინა დიაღ და ასე ვთქვი: მე რომ ვნახო, დამიჭიროს, თვითონ აღარ მოიგონოს მე ხომ ვეღარ დავეთხოვები? ასეთს ამათის ნახვის ჟინსა და საქონლის ნდომასა რას ვაქნევ, რომ ჩემთა მშობელთა ნახვა აღარ მეღირსოს-მეთქი?! აღარ მოვინდომე მათ ჯარში გარევა, მაგრა იქიურად შევიმოსებოდი და წავიდოდი, სითაც ხელმწიფე ან ნადირობას წავიდის, ან საბურთლად, ან მოედანში სალხინოდ. ასეთის ალაგით უყური, რომ ყველას გავსინჯევდი მათ საქმესა. მრავალჯერ ვნახე ხელმწიფე ცხენზედაცა და ლხინზედაცა, მაგრამ არც მინახავ ცხენი მეორეზე ისივე, არც ისივ ტანსაცმელი, არც სუფრის იარაღი ორჯელ ერთი რიგი; არა ნივთი პურისა, ღვინისა და წყლის მეტი ორჯელ ერთი ფერი და ერთი რიგი ვერა ვნახე რა. თავად მიკვირდა, იმდენი ფერი და იმდენი რიგი როგორ მოეგონათ, და მერმე მომწონდა მის ხელმწიფისა ქცევა, ამად რომე, დღეს რომელიც იარაღი იხმარის ან ტახტ-გვირგვინი, ან ტანსაცმელი, ცხენი თუ იარაღი, რომელიც იმან მას დღეს იხმარის, მასვე დღეს ერთს დიდებულს მისცის, ისე მეორესა და მესამესა. მისი გაცემა ის იყო დღეყოველ დიდებულთა ზედა და გლახა არ მინახავ მას ქალაქში და არც გლახაზე გაცემა. ვინ გინდა გენახა, ამას ვერ შეატყობდი, თუ აკლია რამეო.

ვკითხე მასვე ჩემს ოსტატსა და ვაფიცე: რომელს ხელმწიფეს ეს წესი დაუც, მისი ანბავი მიამბე-მეთქი. მან შემომფიცა: მისი ანბავი ყველა არ ვიცი, არც მის ჟამისა ვარო, ოღონც მეც ასე ქება გამიგონია, მისი მგზავსი კაცი მას წინათ არავის ახსოვსო და სურათიც არი მისი და მისგან ანდერძად ნაწერი ყმაწვილობით სიკვდილამდი მისი ცხოვრებაო. წავიდეთ, მას სურათსა გაჩვენებო და მისი ანდერძისათვის ქრთამი მივსცეთ, ვისაც აბარია, და გვაჩვენებსო. დაუმადლე მას კაცსა და ასე უთხარ: ოღონც მისი რამ ვნახო, თვარემ ათას ყირმიზს დღეში გავიღებ-მეთქი.

წამიყვანა და წავედით ასეთს დროს, რომ ხელმწიფე თვისა ერთისა სავალსა ნადირობასა იყო. ვნახე ხელმწიფის შესავალს კარზე შავს ცხენზე მჯდომი, ყირმიზის ტანისამოსით თავით ფეხთამდი ასე ხელმწიფურად მორთული, რომ ქუდი და გვირგვინიც მარტივის ყირმიზის იაგუნდისა ეხურა, დეზებიც ყირმიზის იაგუნდისა ჰქონდა, ისე გამოხატული იყო. ოღონც ცხენი შავი იყო და მისი იარაღი სულ ალმასისა, თვარა მის თავსა და ტანზე წითლის მეტი არა იყო რა. შემიყვანა და სამეჯლიშოს სახლის კარზე სულ თეთრი იყო დახატული. ასე რომ ტახტიც ცარიელის ალმასისა ედგა, გვირგვინიცა ალმასისა ეხურა, ტანსაც სულ თეთრი და სახელმწიფო ემოსა და ქვეშაც თეთრი ეფინა, სუფრის იარაღიც ყველა თეთრი ჰქონდა. მაგრამ ამბად მისი სურათისთანა სურათიც არა მსმენია, არამთუ მისი მგზავსება რასაც კაცისაგან ნათქვამად გამეგონოს, თვარა თვალნი ჩემნი მის ორის სურათის ნახვასაც არა ღირსიყო, თვარა მისი მგზავსი სულჩადგმული რამ მენახოს.

მივეც მის კარისა მცველებსა ათასი ყირმიზი, კვალად აღუთქვი ორი ათასი, თუ იმის ანდერძს მაჩვენებ-მეთქი. მან აგრე მითხრა: იგი არ შემიძლია, რომ მისი წიგნი კარში გამოვიტანოო, და შენ ხელმწიფის ხალვათხანაში ვერ დაგსვამო. მე ეგრე უთხარ: გინდა შინ შემაგდე და კარი დამიკლიტე, გინდა ამ კარზე დამსვი და გვერდს დამიჯე-მეთქი. ორი ათასი ფლური თუ გეცოტავება, სამ ათასს მოგცემ-მეთქი. მან აგრე მითხრა: ჩემის ხელმწიფის სახელს მე როგორ გავყდიო და, რადგან აგრე მოიჭირვეო, აქ დაჯე და წაიკითხეო, ნუთუ ღმერთს მისის სახელის უცხოს ქვეყანას განფენა უნდოდესო.

დამსვა იქი და მომიტანა წიგნი. ჯერ ობოლის მარგალიტით გაკეთებულს ბოხჩაში იდვა, მერე ყირმიზის იაგუნდის ბუდე იყო გაკეთებული და იმაში იდვა. ის გააღო მან კაცმან და სულ ალმასით გაკეთებული იყო. ამოიღო, რომელ მზის სინათლე გაუჩინარდა მისის შვენებითა. ისიც დაკლიტული იყო. გამოიღო მან კაცმან და ასე მითხრა: ეს ჩემის ხელმწიფის მეტის კაცისაგან არ იქნებოდა, მაგრამ მაგ კაცის ძმადფიცი ვარო და მამის მაგისის გასდილი, ბევრი სიკეთე მახსოვსო; ეგ მოგიძღვაო და მაგისი სიკეთე ვერ დავკარგეო. რომ გახსნა, თავს გოსტამ ხელმწიფე ეხატა ფარაღათად თავშიშველი მჯდომი, წიგნსა სწერდა. თავმან თქვენმან, ახლაც თვალს ქვეშ მაქვს და, რამდენჯერ მომაგონდება, ხორცთა თრთოლა შემექნება მისითა სიყვარულითა და ასე ვიტყვი: ნეტავი ერთხელ კიდევ დამანახვა და მომკლა-მეთქი. სურათი ასეთი სანახავია, ვინ ბედნიერი ეღირსებოდა მის სიცოცხლეში ნახვასა! მან კაცმან მას სურათსა თაყვანი სცა და მომცა საკითხავად.

აქა ხელმწიფის გოსტამის ცხოვრება

და მისგან ანდერძი დაწერილი

ესრეთ ეწერა:

მე ვიყავ მაღლისა ხელმწიფისა შვილი, რომელსა სიმდიდრითა და ზეაღმატებულობითა ჰაერთა ხელმწიფედ უხმობდენ და არა ჰყვანდა სწორი ქვეყანასა ზედა. ამ სიმდიდრესა და დიდებულობაში არა ჰყვანდა ჩემს მეტი ძე, არცა ასული. სხვა არა შესჭირდებოდა რა და არცა რა საზრუნავი ჰქონდა სოფლისა საქმისა ჩემისა კაზმა-ლამაზობისაგან კიდე. სულ ჩემსას გააგებდიან და ჩემსას ამკობდენ ყოველსა ფერსა. ამის ცდაში იყვნენ, რაც დღე გამოსულიყო, ყოველდღე უკეთ მოვეკაზმე, უკეთესი და უკეთესი ლხინი ეჩვენებინათ, უკეთ და უკეთ შევექციე, უფრო და უფრო ხელი შეეწყოთ, რაც დღე გამოვიდის ყოველთვის სხვა უცხო რამ მოიგონიან და ისე გააკეთიან. მე არ მახსოვს ჩემი თავი, უტახტოდ და უგვირგვინოდ ვმჯდარვიყო ანუ ორჯელ ერთს ცხენზე ვმჯდარვიყო, თვარა სხვას რას მაქნევინებდენ ერთის დღისასა მეორესა! ვიყავ ამ სათუთობითა და ნებიერობითა, არა შემჭირდებოდა რა ნადირობისა, ნადიმობისა და ბურთობისა და ყოვლის სამამაცოს ზნის მოქმედების მეტი. შეიჭირვებდენ ჩემნი მშობელნი ჩემისა უჯუფთობისათვის, რომე წყალობითა ღმთისათა ეს კი მოგვესწრაო და სად ვიშოოთო ამისი საკადრისიო? მე ჯერეთ არას უკან ვიყავ და მათაც უშლიდი მაგისთვი შეჭირვებასა.

დღესა ერთსა, ჟამსა შუადღისასა, ნაბურთალი ვიყავ და ჩემთვინ საწოლში მეძინა. ვნახე საკურველი ჩვენება თავისა ჩემისა სატანჯველადა მოვლინებული და მშობელთა ჩემთა მაშინ დიდად გამამწარებელი, მაგრამ ბოლოჟამსა ჩემთვინაცა და მათთვინაც დიდად გასახარებელი. მას ძილში ვნახე, რომ დიდი ხმა შეიქნა და ძახილი: უცხო ჯერანი მოვიდა ქალაქშიაო და ვერცა ვის მოუკლაო და ვერცა ვის დაუჭერიაო. მე წამოვხტი ისე ახალუხითა, თავშიშველი და ფეხშიშველი, მშვილდსა და ბოძალსა ხელი დავავლე და გამოუდექ. ნამძინარევი ვიყავ, მაგდენი ვერ მოვიგონე, რომ ალაგი შემერჩივა და ისარი ისე მეკრა. რა თვალი მოვკიდე, ის თურმე ჩემთვის იყო მოსული და მოვიდა, მომიახლოვდა. მე მაშინვე გაუშვი სასისხარს ალაგს ისარი, ვკარ და მუნვე დავეც. და რომ დავხედე და - ისე უცხო ნადირი არაოდეს მენახა და არცა ვისგან მასმოდა. მეწყინა მისი ისე სიკვდილი და დავინანე. ვნახე, რომ სული კიდევ ედგა. უთხარ მსახურსა: აიყვანე და ჩემსა მოიყვანე, ეგება არ მოკვდეს-მეთქი.

წამოვაყვანინე და შინ მოვაყვანინე, სადაც ვიწევ. დავჯე და თავი კალთაში ჩავიდევ. გავსინჯე, მართლა რქა ოქროსი ჰქონდა, თავი და ყური - შავი და თეთრი პირი, ზურგი - წითელი და ყელი და მკერდი - თეთრი, ჩლიქები - შავი, რომ კაცის თვალი მის უამეს ვერას ნახევდა. გული მეტკივნა და ამდენი ვიტირე, ჩემის ცრემლით გავიბანე. აგრე მითხრა მან ჯერანმან: სიყმაწვილითა და სიჩქარით არ მოგეკალო, შენვე გიჯობდაო. მომკალ და აწ ტირილი რაღას გარგებსო? ჩემი მარჯვენა კოჭი ამოიღე და ჩემოდნად ისიც მოგეხმარებაო. მე ვკითხე: რაზე მომეხმარება და ანუ უშენოდ ჩემს თავს რაღას ვაქნევ-მეთქი, შენის მომკვლელის ხელით ჩემს თავსაც მოვიკლავ-მეთქი. მან მითხრა: რასთვი მოიკლაო? ბრალი ჩემი, თვარა შენ შენი არ დაგაკლდებისო. მე ამად მოველ, რომე იაგუნდის ხელმწიფის შვილი შენი საკადრისია, მრავლის დიდებისა და სახელმწიფოს პატრონიაო, მაგრამ არცა ჰყავს მამა, არც დედა და არც ძმაო. მისი სახელმწიფო ოხერია. შენ მინდოდი წამეყვანე, რომ ის ქალი შეგერთო და მას სახელმწიფოსა ჰპატრონებოდიო. აწ მე კი მოვკვდი და ჩემი მარჯვენა კოჭი ამოიღე. ჯარი კი ნუ გინდა, თვარა, ვერ მიხვალო, ასეთ კლდეში ზისო, და ეს ჩემი კოჭი ააგდეო და, სითაც შაქს დაჯდეს, იქით იარეო და, სადაც ის ქალია, იქ მიხვალო.

ეს რომ მითხრა, ის ჯერანი ჩემს კალთაში მოკვდა. რა ის მომიკვდა, ჯერ თავში ვიეც და ვიტირე, მერმე მარჯვენა კოჭი ამოვართვი. კიდევ იმაზე უფრო გული მეტკინა, რომ მისთანა უცხო ნადირი მოვკალ და მერმე ფეხიც მოვსჭერ. ამდენი ვიტირე იმ სიზმარში, რომ მოვკვდი თურმე. მათ მძინარე ვეგონე და ვერ გამაღვიძეს. ამაში დღე მიიყარა და ხელმწიფემ თურმე თქვა: ამ ჩემს შვილს რა დაემართაო, აქამდი რად არ გაიღვიძაო? მოვიდა თურმე და, რომ დამხედა, გალურჯებული, მკვდარი ვიყავ. შეიქნა ძახილი და მოსაწევარი. ძლივ ათასის ჭირით მომაბრუნეს თურმე. როდესაც მოვბრუნდი, დავხედე: ხელმწიფე და ჯარი გარ მეხვეოდა და კიდევ ათასწვერად ოფლი ჩამომრცხიდა. მეხვეოდა ხელმწიფე და თავს მევლებოდა: რა იყო და რად არ იტყვიო?

როდესაც ჭკუას მოველ და ისეთი ყოფა ხელმწიფისა ვნახე, დავხედე, ხელში კოჭი მეჭირა. მეც გამიკვირდა. სხვა კი ვეღარა ვთქვი რა, მოვახსენე: სიზმარში უცხოდ საკვირველი ჯერანი მოვკალ, ის მეწყინა და მისთვის ვიტირე-მეთქი. ის კოჭი არ ვაჩვენე მაშინ. ვეცადე მალვასა, მის სევდისა უკუყრასა, მაგრამ არ იქნა, ვეღარცა რა სმა ვიამე და ვეღარცა რა ჭამა, ვეღარც ძილი და მოსვენება; აღარც ცხენს შეჯდომა მიამებოდა, აღარც ნადირობას წასვლა, ვიყავ ისე გასტერებულ. მკითხევდენ და მეხვეწებოდენ: რა გინდა, რასთვის არ იტყვიო, მაგრამ რას ვიტყოდი? ვიცოდი, არ გამიშვებდენ, და მინდოდა, არ დავყოლოდი და გამეძლო, მაგრამ ვერ გავძელ.

ერთს ღამეს შემომაწვა მწარე სევდა და ვეღარ მოვითმინე, ავდექ და გამოველ იდუმალ სახლით ჩემით. ვახსენე ღმერთი და წაველ არა ჩემის გზით, არამედ რომლის გზისაკენ არა ჩემი სახლის კაცი არ გასულიყო ამ ჩვენის ქალაქით. მიველ მის კარისა სიახლოვესა, სითაც იაგუნდის ქანია, მათ სიახლოვესა. ქალაქის კაცთა უთხარ: ერთი კაი ცხენი მომგვარეთ: იაგუნდის ქანი მინდა ვნახო-მეთქი. მითხრეს: ქვევითი რად მოსულხარო? მე უთხარ: აქ ახლო ვიყავ ნადირობით მომავალი, წუხელის დავდექ და დღეს დილას გუნებაზე შემომივარდა და ერთი რამ უცხო მინდა გავაკეთებინო-მეთქი. წავიდენ და, ვინც გაიგონა, ყველამ კაის იარაღით შეკაზმული ცხენები მომგვარეს. ყველა კარგი იყო, მაგრამ მათში ყველასაგან უკეთესი ერთი ასეთი აბრაში ცხენი მოიყვანა ერთმა ვაჭარმა, რომ თვით მამის ჩემის თავლაში მის უკეთესი არ მენახა. შევჯე იმაზე. მათ კაცთა მადლი უთხარ, დავაბრუნე: არავინ მინდა-მეთქი.

მიველ და მათ იაგუნდის მჩხრეკელთა კაცთა ვკითხე ჯერ, რას იქმოდენ, რომელი რომლის ფასი იყო, რას უფრო აკეთებდენ. მიამბეს ყველა და მრავალი მომართვეს. მერმე ვკითხე: არისცა სხვას ქვეყანას ქანი იაგუნდისა ანუ ამის უკეთესი იაგუნდი გამოვა სითმე-მეთქი? უაზრობისათვის ვკითხე. მათ მითხრეს: არის ქანი სხვაგანაცა, მაგრამ ასე გამოჩენილი თვალი არსადით გამოვა, რომ აქაო, მაგრამ ამასაც საფრანგეთის ქანი სჯობსო. მე ვკითხე: იაგუნდის ხელმწიფე ფრანგთ მეფეს ჰქვიან-მეთქი? მათ მითხრეს: დია ღმერთოო! მე ასე უთხარ: რას ვაქნევ ამას? კაცი არ მომყოლია და მე ვერ წავიღებ. აქა გქონდეს და ერთი კუბო გააკეთეთ ასეთი, რომ კვლავ მისთანა არავის ენახოს და, როდესაც კაცი გამოვგზავნო, გამომიგზავნეთ-მეთქი. პატა ხანს ამ კარით გავალ, რა არის ამას გარეთ-მეთქი.

გააღეს კარი და გაველ. მომდევდენ ისინი. მე აგრე უთხარ: საქმეს ნუ მოეშლებით, მე ასერ მალე მოვბრუნდები-მეთქი. გაველ იმ კარსა, ცხენს დეზი ვკარ: სითაც წვიდა, არა უკითხე რა, მისთვის რომ გზა არ ვიცოდი, სითაც მიმავალი ვიყავ. გაირბინა მრავალი ალაგი მან ცხენმან. როდესაც დაშვრა და დადგა, მეც გარდავხედ. მშიოდა. ერთის ხლმის მეტი იარაღი არა გამომყოლია რა. დავღონდი: რასთვის ასე წამოველ-მეთქი! რაღას მარგებდა! ამასობაში ერთმა ქურციკმა გამოირბინა. წამოვხტი, მივეწიე, ხმალი დავკარ და მოვკალ. ცეცხლი დავანთე, შევსწვი და ვჭამე, ვახსენე ღმერთი და შევჯე ცხენსა. შევაგდე ის კოჭი, დაუდექ იმას და ვიარე, სითაც ის კოჭი წავიდის.

მრავალი ხანი ისე ვიარე ამ ყოფითა. მომიკვდა ცხენი და დავრჩი ქვეითი. ვიარე ქვეითმა, უსმელმა და უჭმელმა მის ქალის საძებრად ასე შეთივით, რომე ხლმის სარტყელიც გამიცვდა და წელზე ტყავი ამძვრა. სხვა ტანისამოსი რაღა შემრჩებოდა?! ღონე აღარა მქონდა, ნადირი მოვკალ, მისი ტყავი ხის ქერქით შევკერე და ის ჩავიცვი. ვიარე ამ სარჯლით შვიდი წელიწადი, რომ, სადაც დავშვრებოდი, მიწაზე მივეგდებოდი. როდესაც მომშივდებოდა, ცარიელისა ნადირისა და ანუ ფრინვლის ხორცსა ვჭამდი, ჩასაცმელად ნადირის ტყავს ვიცვემდი. სადაც კაცი ვნახი, ვკითხევდი მის ქალის ანბავსა. მითხრიან: არც ანბავი გაგვიგონიაო. მოვკვეთი თავი და მე კი წავიდი, რომ ხმა არ დამივარდეს-მეთქი.

მომეწყინა და მიმჭირდა დაბრუნება დავაპირე. შევხედე და ტევრი რამე დავინახე. მივმართე და მივხვდი ერთსა ჭალასა, ლამაზად შეკაზმულსა. წყალი მოსდევდა და წყლის პირ-პირ ლამაზი ჩდილი ხევნარიანი და მწვანე ყვავილიანი. მომეწონა და მივწევ. შეჭირვებული ამას ვგონებდი: თუ დავბრუნდე, ამდენი ჭირნახული ცუდად როგორ ჩავაროინო, თუ არა და - ის ქალი ქვეყანაზე არსად არის და, თუ ყოფილა, მომკვდარა, ჩემმა სიზმარმა ცუდად ჩაიარა და მეც უბრალოდ მოვკვდები-მეთქი და ჩემნი მშობელნი ჩემს ამდენის ხანის გაყრას ვერ გაუძლებენ-მეთქი. ვაითუ ისინიც დაიხოცონ და მათი უანგარიშო ტახტი-გვირგვინი ცუდად ეყაროს-მეთქი და უამხანაგო ციხე-ქალაქი მტერთაგან აფორიაქებული იყოს. მე აქ მიწაზე ვაგდივარ. ჩემი აზიზი ტანი ნადირის ტყავს გამოუხრავს და უპატიურობით ნაწლევები შემწვია და ჩემი საროს უმაღლესი ტანი მშვილდივით მოდრეკილა. ჩემის ჯარის პატრონსა ერთი ბიჭი არა მყავს, რომ მოვკვდე, მიწა მომაყაროს, ჩემი ლეში უპატრონოდ ნადირს არ შეაჭამოს-მეთქი.

ამას ვანბობდი და მდუღრის ცრემლითა ვტიროდი. მერმე ასე ვთქვი: ცუდი ტირილი რაღას მარგებს? რადგან იმდენი დიდება და პატიოსნება ერთის სიზრმის ნახვით დავკარგე-მეთქი და ამდენს ხანს ველად გაჭრილი ვიყავ, აწ რომ დავბრუნდე, არ ასე მეტყვიან: თუ არ შემცდრობით, ეს როგორ ქნაო? კაცად აღარ ვიხსენები და ბარემ ამავ წყალს შევყვები, ნუთუ შენობაში მივიდე. თუ მისი რამ შევიტყე - ეს არი, თუ არა და - ყმად მაშინც ვისმე შევეწყობი-მეთქი.

ავდექ, დავიწყე სიარული, შევყევ მას რუსა. ვიარე და ერთს ასეთს გალავანს მივადექ, სულ გათლილის შავის ქვით ნაგებსა, რომ მის სიმაღლეს საგდებელი არ შესწვდებოდა და სიგანეს თვალი ვერ გაუწვდინე. ვთქვი: ეს ცუდი არა იქნება რა, უთუოდ ტახტი ხელმწიფისა არი და ეს ქალაქის გალავანია-მეთქი. შევყევ მას ზღუდესა. ვიარე ორი დღე, კარზედ მივედი. შინ არსად კაცი იყო, არსად ხმა. შენობა უცხოფერი კარგი, სულ თლილის ქვისა, რომელ თვალითა და მარგალიტით აშენებულს ის მერჩივნა. გამიკვირდა მისთანა დიდი ქალაქის ისრე უკაცურობა. დავიარე სულ ის მხარე. სხვაგვარად სულ მოწყობილი იყო ბაზარი და ქულბაქი, სახლ-კარი, ბაღი-ბაღჩა, რომელ მის უამეს კაცი ვერას ნახევდა, მაგრამ ოხერი და უკაცური იყო. შევყევ: ნუთუ ან ჭირისაგან აოხრებული იყოს, ან ახალი აშენებული იყოს და ჯერ არ შესულიყოს, სხვაგან მაშინც იქნება კაცი-მეთქი.

დავიწყე სიარული. ვიარე და ვიარე ის დღე და ის ღამე გათენებამდი. კაცის ხმა ვერ გავიგონე. რომ გათენდა, იმ მხრის შენობით გაველ. მინდორი იყო და იმ მინდორში, ერთი საოცარი შავი მთა რომ იყოს, იმდონი, ქვაბივით აშენებული სახლი იყო. ერთი კარი ჰქონდა ბასრის რკინისა: სიმაღლითა ორის შუბის სიმაღლეც იყო და სიგანით შუბი გაიმართოდა არა და, სამი მხარიც მორჩებოდა. უცხო ხმა გამოდიოდა, რომ კაცი შეზარდებოდა. ვთქვი: წავალ, ვნახავ-მეთქი. რომ წაველ მის უცნაურის მთისოდენის სახლისაკენ, შევხედე: რომ ამოისუნთქის, გაიღის კარი და, რომ დაისუნთქის, მიუგდის. ვთქვი: ღმთის მადლმა, შევალ, ვნახავ-მეთქი.

რომ ამოისუნთქა, გააღო კარი. შევირბინე საჩქაროდ: კარმა არ დამიტანოს-მეთქი. კარს რომ შევსცილდი, დავდექ, ჯოჯოხეთისაგანც უბნელე იყო იგი სახლი. სიბნელითა ძლივ დავინახე, რომ თეთრი დევი იწვა და სიდიდითა ძლივ ეტეოდა და პირი გიშერს უგვანდა, ტანი მთისოდენი ჰქონდა და თმა კოჭამდი ჩასწვდებოდა და სიპტყე და სიმაღლე მისი ღრუბლისა შესწორებული იყო. თავზე რკინის ქუდი ეხურა საზარელი. გავკვირდი მისა სიდიდესა და მწვე შევშინდი. ასე ვთქვი: ეს ქალაქი თურმე ამას აუოხრებია და ჩემი დღეც აქ გათავდება-მეთქი. მერმე გულს აგრე უთხარ: გაფიცხების ჟამია, რად აგრე მოღაფლდი-მეთქი?! ვახსენე ღმერთი და გარდავაზმანე ჩემი ხმალი. რას გადასწვდებოდა: ერთის თითის მოჭრაც არ შეეძლო. ის ისევ ჩავაგე და მოუარე, თავით ლახტი და ხმალი ეკიდა.

აქა თეთრის დევის სიკვდილი

გოსტამისაგან

ვთქვი კიდევ: არამც ლახტი ვერ დავიმაგრო, გამვარდეს და გაიღვიძოს-მეთქი. რა ხმალი ჩამოვიღე, გული გავიმაგრე და მედგრად შეუტივე, დავკარ მისივე ხმალი და ბარკალი გავაგდებინე. თურმე გაღვიძების დრო იყო და ასე ემწვავა, რომ სიცოცხლე დამწარდა. გამწვავებულმა ტოტი ჩამომკრა, ფარი გამაგდებინა. მე უკან უკუვხტი, ხმალი ვეღარ გამაგდებინა. წამოიწია და ასე თქვა: ვაი, რა მუხთლად მომკლა ამ ღორმა და სიცოცხლეში წილი აღარ მიძეო! რა მისგან ეს გავიგონე, გავგულისდი და კვლავ მიუხე. ერთი ხმალი მკერდსა ვეც, რაღაც შემეძლო. წამოიწია და ასე მედგრად შევიჭიდენით, რომ საზაროდ კმარიყო. სადაც ხელი მომკრის, ზეწარივით ხორცი დამახივის. ასე ვთქვი გულში: თუ ამას მოვრჩები, აღარა მიშავს რა-მეთქი. მას დევსა ძალი წაუვიდა და ასე მითხრა: მე ჩემი კი დამემართაო და ჩემს გულ-ღვიძლს ნუ წაახდენო, ბევრს ალაგს მოგეხმარებისო. რა მისგან ასე იმედის გარდაწყვეტა გავიგონე, უფრო გავგულოვანდი, შემოქმედსა ძალი ვთხოე, დავიყვირე, ავსწიე და თავის სწორად ავიყვანე, მოვიქნივე და ასეთი ძალიანი დავეც, რომ ზურგის მძივი მოეშალა და სულთაგან დაიცალა. გავაპე, ღვიძლი გამოვგლიჯე, იქივ მაღლა შევკიდე. ასე ვთქვი: ჯერ გავალ, პატას შევისვენებ, ეგება კაციც ვინმე გამოვაჩინო-მეთქი და მერმე ჩამოვიღებ და წავიღებ.

გამოველ, ამოსა რასმე სასახლეში შეველ, ძლივღა შევაწიე და მივეგდე. მას დღესა იქ ვიყავ. ძლივ ხორცის სისხლი დავიწყვიტე. პატა სული შევიქაქანე. ავდექ და დავიწყე სიარული და ძახილი: ვინცა ხარ, გამოდით, თეთრი დევი მოვკალ-მეთქი. მე რა ვიცოდი, თუ სხვაც იყო, და მათ ქალაქის კაცთა კი იცოდენ, რომ თურმე უარესი სხვა იყო, არავინ გამოჩნდა. ვიარე და ვიარე ის დღე და მეორეს დღეს შუადღისას აველ ზემო თავს. ვნახე, რომ ერთი დიდი მთა მართია, თეთრი; მის შავის სახლისაგან ორის ზომით უფრო იყო. ვთქვი: უთუოდ ესეც ეშმაკის სადგურია-მეთქი. მივმართე. დევის ხმალი ყელზე მეკიდა მხარიღლივ სიგრძისთვის, ვარჯიშს ვიქმოდი მისის ხმარებისათვის. კარგაც მოვიხმარე: შევაგდე და ხელგაშლილმა დავიჭირე, ხელზე დავიბრუნე, ძალიანიც მოვიქნიე. მერმე ასე ვთქვი: რახან ეს მოვიხმარე, მე ან დევი როგორ გამიმაგრდება და ან კაცი-მეთქი!

მივმართე მას მთისოდენა სახლსა. ვნახე, რომ კარი ღია არ იყო. პატა ხანი გამოვიდა, უცხო ხმა მომესმა. კარი გაიღო და საოცარი ცეცხლი გამოჩნდა. რომ შევხედე, ერთი ასეთი რამ იდვა, რომ როგორაც შავი მთა. არა გაეწყობოდა რა, უცნაური ზვავი იდვა. ვთქვი: ნეტა ამას რაღა მომარჩენს-მეთქი! ავდექ, ხმალი და ლახტი - ყველა ალაგზე დავდევ, დავიჩოქე და მდუღარისა ცრემლითა ღმერთსა ვევედრე. ხანამდი ლოცვად ვიდექ. მერმე ავდექ და თავი დამბადებელსა შევავედრე. როდესაც კარი გაიღო, შეველ, ვახსენე ღმერთი, უკანით მოუარე, დაუორხელე ლახტსა და, რაც შემეძლო, მოუქნიე ისე, დავკარ თავსა და ყური შიგ ჩავატანინე.

აქა გოსტამისაგან შავის

დევის სიკვდილი

ერთი ასეთი დაიღრიალა, რომ ასე მეგონა, ეს სახლი თავს დამეცა-მეთქი. კარი გაეღო და გამოვირბინე. მე ამდენი ღმერთმან მიბრალა, რომ პირდაპირ არ დაუდექ, გვერდით მოურბინე. ამასობაში წამოვარდა, იქ თურმე საკურველი ლახტი ედვა, დაავლო ხელი და შემომტყორცა თავისის გუნებით მე. ეცა გარდიგარდმო კარსა და ის წინა კედელი სულ თან გამოიტანა, ერთპირ უკმოიქცა. მაშინ უფრო დავინახე, რომ საზარელი რამ იყო. შემომაგინა: მობრუნდი, ღორო, ერთი კიდევ დამკარო. მე უთხარ: შენ მაგის მეტი არა გინდა-მეთქი. ჩემი ხმა რომ გაიგონა, ემწოვა: ერთმა ბუზმა მე როგორ მომკლაო! წამოიწია და ადგა; ვითამ უნდოდა, მე მომხდომოდა, და თავი ხელთ აღარა ჰქონდა, პირქვე წამოიქცა და ასეთი დაეცა, რომ ის სახლი ნახევარი უფრო დაიქცა. ასე მითხრა: თუ ჩემი ძმა ცოცხალი ყოფილიყო და მისი ლახტი შენ არ გეშოვნა, მე ვერ მომკლევდიო და ჩემისავ ძმის ლახტით მომკალ და, რა ვქნა, შენ არა დიდი სახელი დაგრჩაო, მე მაგ ლახტმა მომკლაო, მაგრამ, სადაც მიბძანდები, იქაც დაგხვდება ერთი ჩემი ძმაო. მოწიფულობა მაშინ გაგიჩნდებაო. იმას იარაღი არა მოეკიდება რა ჩემის ლახტის მეტი და, ვეჭობ, მაგისი აღება გაგიჭირდესო. ხრტიალებდა უცხოდ, ამოჰყარდა ბნელი სული. რა შევიტყე, რომ აღარა შეეძლო რა, დევის ხმალი ამოვიწვადე, მიუხე ზედა, შემოვკარ და თავი გავაგდებინე. ასეთი სისხლი წავიდა, რომ ის სახლი აივსო და გარეთ ღვარი გამოდიოდა. ავდექ და იმას აღარა უყურე რა, წამოვდექ, შევდექ ზღუდეზე და დავიძახე: მე ვარ დუშმანქამანაქის ხელმწიფის შვილი გოსტამ, მე დავხოცე შავი დევი და თეთრი დევი, არავინ არს მავნე თქვენი. ძალმან დამბადებელისა ჩემისამან, გამოდით, თქვენსა სახლ-კარსა ეპატრონენით, ვინც მოქალაქენი იყვნეთ-მეთქი.

რა ჩემი ხმა გაიგონეს, გამოვიდნენ მალულის ალაგიდამ ცოტანი კაცნი. როდესაც დავინახე, ჩამოველ, მათკენ წაველ. რა დამინახეს, რომ კაცი ვიყავ მათებრივ, დაცვივდენ და თაყვანის მცეს და მერმე ღმერთი ადიდეს და დიდის ქებით მე დამლოცეს მრავლის სიტყვით საკურველით და ეს მითხრეს: ასეთი კაცი იქნება ქვეყანაზე, მათი მორევა შეეძლოსო? მე უთხარ: ასერ ვარ და როგორ ვერა მხედავთ, როგორიცა ვარ-მეთქი! თუ არ სჯერხართ, წამოდით და გაჩვენებ-მეთქი. წავასხი, ჯერ ის შავის დევის საძაგელი მძორი ვაჩვენე, მერმე თეთრის დევისა. გაჰკვირდენ და დიადი ქება მითხრეს, ვითა: შენ ანგელოზი ხარ, ჩვენთვის ზეცით მოვლინებული, თვარა ეს კაცს არ შეეძლოო. ზოგი ჩემთან დადგა, ზოგი წავიდა და აცნობა სხვათაცა, სადაც დაფანტულნი იყვნენ. დაიწყეს მოდენა. მომიკაზმეს სახლი სახელმწიფო, დამსვეს და გამარჯვება მომილოცეს, მათად ხელმწიფედ მხადეს, მომისვენეს; რაც მიამებოდა, ის მაამეს.

მეც დიაღ მაშვრალი და დაწყვეტილი ვიყავ. სანამდი სული ვერ მოვიბრუნე, სანამ არა ვთქვი რა და არც გავიწიე. რა მოვსულიერდი და ისევ ჩემს ჯანზე მოველ, მერმე უთხარ: ბძანება ღმთისა იყო, რომ ფათერაკად მოგხვდი თქვენა, თვარამ მე სხვაგნით მიმავალი ვარ-მეთქი. უთხარ მათ კაცთა ჩემი ანბავი. მათ ასე მითხრეს: მადლი დამბადებელსა და შემოქმედსა ყოველთასა, რომელმან მოგავლინა ჩვენის ხსნისათვის, თვარა განქარდებოდა ცხოვრება ჩვენი და ეშმაკი დაიმკვიდრებდა ქალაქსა ამას, ყოვლის კეთილითა სავსესა. აწ ეგ არ იქნება, მისთანა დიდის ხელმწიფის შვილი წამოსულხარ იქით მშობელთა გაუცხადებლობისათვის უჯაროდ, აწ ღმერთმან აქაც მრავალნი დაგამონა, ხელმწიფობისა თქვენისა საფერნი თუმცა არ არი, მონობისა მდომი და პატრონთათვის თავგანწირული შავთა მეფისა ჯარნი და სახელმწიფონი, და აწცა უჯაროდ და უკადრად წახვიდეო. მე ეგრე უთხარ: ერთ კლდეში ერთი ქალი ზის, მას რა ჯარი და ლაშქარი უნდა-მეთქი?! მე ახლა არავის გაგრჯი, დიაღ შიშისა და დევთა ურჯულოვებისაგან ძალი დაგმართებიათ, თავ-თავის საქმეს მოუდექით. თუმცა კაცთათვის უქნია ძალი, საქონელი არა წაგხდომიათ რა და ამას ეცადენით, ისევ გამართოთ თქვენი ქალაქი და ქვეყანა-მეთქი. მე სხვა ახლა არა მინდა რა, ერთი ხელი აბჯარი მომეცით და ერთი ფარსაგად გამძლე ცხენი. თუ ღმერთმან ჩემი ჭირნახული არ გააცუდა და მას ქალსა ხელი მოვკიდე, აქათვე გამოვივლი, თუ არა და - ღმერთმან გიშველოსთ-მეთქი.

წავიდა ერთი ბერი დიდებული კაცი და, ცოტა ხანი გამოვიდა, ასეთი ცხენ-აბჯარი მომიყენა კარსა, რომ მისთანა არც მამის ჩემისა მენახა. მიამა და გავიწყე ჯაჭვი და მუზარადი. ჩემთვის გაკეთებულსა გვანდა. შევეკაზმე, ხმალი თეთრის დევისა შემოვირტყი, ლახტი შავის დევისა წამოვიღე, ის რომ დამემუქრა - ვერ დასძრაო, - მისის გულისათვის, შევჯე ცხენსა, მათ მშვიდობა დაუტოვე და წაველ. კოჭი დამკარგოდა და გზას დავღონებულიყავ. მე არ ვიცოდი და ასეთი კაცი ვერა ვპოვე, მისი ანბავი სცოდნოდა.

ვიარე მრავალი ხანი და ასეთს მინდორში მიველ, რომ თვალი არ გადასწვდებოდა და არც საძოვარი ბალახი იშოვებოდა, არც სად წყალი და მთის მწვერვალო ჩნდა, მაგრამ რაღას ვიქმოდი?! ვიარე მეცა, სანამდე შემეძლო, მაგრამ წყურვილმა ასე გამხადა, ძლივღა ვიარებოდი. ცხენიც შემებრალდა და ჩამოვხე, მაგრამ მთვრალივით ვებეცებოდი. გული ამიდუღდა და ღმერთსა შევსტირე: ჰე, ყოვლისა შემოქმედო და უღონოთა შემწეო, უგზოთა გზის მიმცემო და დაცემულთა აღმადგინებელო! ან მიმწიე ჩემსა ნდომასა და მის ქალისა რამ გამაგებინე, ან ჩემი სული მიითვალე. ამდენსა რჯასა ჩამომხსენ, სატანას მომაშორვე და კარგსა სამყოფში მიმიყვანე-მეთქი.

ამისთანას სიტყვით ღმერთს შევსტიროდი, მაგრამ ნამეტნავის სიცხითა და წყურვილითა ფეხზე ვეღარ ვიდეგ. გარდავიქეც და მას მხურვალესა მიწასა დავეცი და ხანამდინ დაბნედილი ვეგდე. რა სულობას მოველ, იპრიანა ღმერთმან ჩემი შეწყალება და თხა დავინახე მომავალი. ვთქვი: უცილოდ უფალმან მიხსნა სიკვდილისაგან, ეს ჩემდა სახსნელად მოავლინა-მეთქი. შემოქმედსა ძალი ვთხოვე, ლახტი დავიბრჯინე და წაველ წყნარა-წყნარა. ვნახე, ერთი ლამაზი საჩრდილობელი ხე იდგა და მის ძირსა ცივი და ტკბილი წყარო მოდიოდა და იგი თხა მიდიოდა და მიკაკანებდა, ვითომ წყალს მასწავლიდა. განგებითა ღმთისითა მივიდა, დალია და განზე გამიდგა და ყურება დამიწყო. და რა მიველ მას წყალზე, თხა კი წავიდა, ღმერთი ვადიდე და თხა დავლოცე: რომელმანც შენზე ცხენის შემოტევება მოინდომოს - ცხენიმც წამოექცევა და, რომელმანც შენზე მშვილდი მოიზიდოს - ისარიმც კილოში გაუტყდეს-მეთქი, ჩემო წინამძღვარო და ღმთისაგან მოვლინებულო-მეთქი!

რა მიველ, ხელი და პირი დავიბანე, წყალი დავლიე. რა სტომაქი გამიძღა წყლითა და გული გამინათლდა, საჭმელიც მომინდა. მივიარ-მოვიარე, ერთი კანჯარი ვპოე, მოვკალ და შევწვი და ის ვჭამე. მერმე ცხენს უნაგირი მოვხადე, გავბანე და გავწმინდე. ვითა მზე ისე ბრწყინევდა, ასე დამშვენდა. დავწევ და დავიძინე ასე ტკბილად, ვითა ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავ, არავისი შიში მქონდა.

თურმე ის წყარო ვეშაპის გამოსასვენი იყო. შუაღამე რომ შეიქნა, მოვიდოდა, ვითა ცეცხლი, ისე მოედებოდა დიდი, უზომოდ საშინელი, რომ სპილოს შთანთქმა შეეძლო. მის შიშითა დევნი და ნიანგნი ზღვითა ვერ გამოვიდოდენ. რა შემოგვხედა და დაგვინახა ვეშაპმან, რომ მე მეძინა და ცხენი სძოვდა, თქვა: ვინ არიო? უთუოდ ჩემის ჭანგითა ვეღარ წავაო, აწვე უნდა დედამ გამოიტიროსო.

აქა ვეშაპის გოსტამისაგან

ძალითა ღმთისათა

რა ცხენმან დაინახა ვეშაპი, ხვიოდა, ფეხსა სცემდა და მიწასა გლეჯდა. მომიხდა ცხენი და, სადაცა თავი მედვა, იქ ტოტით მიწის გლეჯა დაიწყო და დიდის ხმითა ხვივილი. ყოველმან კაცმან უნდა იცოდეთ, პირუტყვში ცხენისთანა ფრთხილი და გონიერი და პატრონის მცნობი და ერთგული სხვა აღარა არის რა. მანამ ქნა, ძილი გამიფრთხო და გამაღვიძა, კაის ამხანაგსა და ძმასავით ჩემთვის გული შეიტკივა. ცხენი არ მყოლოდა, მძინარეს განმაქარვებდა. რომ გამეღვიძა, შმაგად, ვეფხვივით წამოვიჭერ და ხმალი მოვიწოდე. რა ვეშაპმან ხმალმოწვდილი დამინახა, შემომაგინა და ასეთი შემომაფურთხა, რომ ნახევარი ის მინდორი დაფარა. თუ მცემოდა, ვითა შურდული ქვასა, ეგრეთ გამტყორცნიდა. ცეცხლივით ენთებოდა და წყრომით ასრეთ მეუბნებოდა: რად მოსულხარო, რეგვენო, აწვე რაღას იქო? ეს მინდორი ჩემიაო, სიპრტყე ასი ფარსანგი აქვსო, ზეცით ვარსკვლავი ვერ დახედავს და არწივი ვერ გადაფრინდებაო ჩემის შიშითა, შენ როგორ და აქ მოსვლაო! შეიღრაკნა ვეშაპი და პირაღრენით მომმართა. აქეთ მე შეუტივე და ასე შევძახე: მე ერთი მარტო მოლაშქრე ვარ, მაგრამ მთასა და კლდესა რომ შევჭეხო, ასე გავაპობ, როგორც ხურმასა დანითა. რა გგონია შენი თავი, ბილწო, ეშმაკის სადგურო-მეთქი!

გაუშვი ერთი ისარი და ყიასა ვკარ. მერმე წავიკარ ხმალს ხელი და მიუხე, ასე რომ სირბილით თითქოს ზედ შევარდი. რომ დავდეგ, შევატყევ, მე მას ძალით ვერა ვჯობდი. დავღონდი და შემოქმედსა ძალი ვთხოე. იქით ცხენი მიუხდა, ყურნი წამოიყარნა და ორისავ წინა ფეხით ზედ შედგა, კბილით კისერს ჩაუჭირა და ზეასაღებლად თავი ხელთ აღარ მისცა. მე ხმალი ვეც და შუა გავკვეთე. მისი სისხლით ის მინდორი გაწითლდა და სიმყრალით გული შემისუსტდა.

რა მისგან მოვიცალე, წაველ, მას წყალსა მივმართე, მისი სისხლი გავიყრევინე. პატარა გულს უკუმეყარა. დავჯექ ჩრდილს ქვეშ, მოვისვენე. მას დღეს ვეღარსად წაველ.

რა მეორე დილა გათენდა და მზემან ბრწყინვალება ქვეყანასა მოფინა, ავდეგ, ხელი და პირი დავიბანე, ღმერთსა შევეხვეწე და თავი და სული შევავედრე და შევჯე ჩემს გამარჯვებულს ცხენსა და თითქოს თვალით გზა გამოვსახე. ვიარე მრავალი დღე და უფროსიცა ღამე შევიწიე. ვეშპის სიკვდილს უკან ორმოცი დღე მევლო. ცისკრის ჟამი იყო. მოვიდოდი. შევხედე, ერთი დიდი მთა ამართული იყო, წითელი, როგორცა სისხლი. მე ვთქვი: ეგება ის ქალი იმ კლდეში იჯდეს და, ყირმიზი რომ არის, იაგუნდისა ხელმწიფის შვილს მისთვის ეძახიან-მეთქი.

აქა გოსტამისაგან წითლის

დევის სიკვდილი

მივმართე. მე კლდე მეგონა, ის თურმე დევი იყო. რომ კი მივახლოვდი და გამიცნა, ცამან ვითა დაიქუხნა, ასეთი ჭაქიჭუქითა წამოვიდა, რომე ასე მეგონა, მეხს მესვრის-მეთქი. ჯერ დავღონდი: ამასთან რაღა გავაწყო-მეთქი?! ასე ვთქვი: ეს თურმე დამაქადნა შავმან დევმან და, თუ ღმერთს არ მოვძულდი, ვერცა რას ეს მიზამს-მეთქი.

რომ აემართა და მართ ჰაერში აფრინდა გრძნებითა, ფერხი ალაგზედ აღარ ედგა, მეც შევჭეხე და შავის დევის ლახტი ვესროლე. ცხენმან ფიცხელი გაიზიდა, ასე რომე ვეღარ დავიმაგრე, გავარდა ხელძალიანის ისრისაგან უფიცხე და, რა მას დევს მოშორდა, დადგა. იმას თურმე ის ლახტი გულს ეცა, გული შეამტვრია და უკანით გავარდა. დაიღრიალა, წამოვიდა და ასეთი დაეცა, რომ ის მინდორი სულ შეიძრა. თუ ცხენს არ ექნა, მეც ცხენითვე ქვეშ დამიტანდა და მომკლავდა. დაცემაში სული კიდევ თურმე დაჰყოლოდა. მე მეგონა სიკვდილი და მიველ, იარაღი მინდოდა ამეხადა. ძლივღა ფშვინევდა და ასე მითხრა: შენ სხვას საქმისათვის წამოსულხარო, მაგრამ თურმე ღმერთს ჩვენის ამოწყვეტისათვის მოუვლენიხარო, თვარა შენ ეს როგორ შესძელო ანუ როგორ მოიგონებდიო, რომ ჩვენ ერთმანერთის იარაღით დავიხოცებოდითო. მე ჩემი ხელთა მაქ, კარგად ყური მომიგდეო. შენგან მე უკეთ ვიცი, სადაც შენ მიმავალი ხარ. მრავალჯერ კი ვყოფილვარ იქაო და შენ ახლა მიხვალო და გზაც არ იციო. მე იმ ჯერნის მოციქულობით მრავალი შენისთანა ვაჟკაცი მომიტყუებიაო, მაგრამ ახლა შენ დამასწარ მე საქმითაცა და ჭკუითაცაო. დასტურად რაც იმ ჯერანს სიზმრად უამბია, ახლოც მოწურვილხარ, ასე რომე ხვალ კი ვერა და ზეგ სადილობამდინ უწინ მიხვალო. აქეთ რომ კლდეა, იქ არ არის, ის უნდა გადაიარო. იქ ცხენი ვერ ისაქმებს და ხელ-ფეხსაც ცდა უნდა. თუ იმ კლდეს ჩაივლი, მოშორვებითა, დაბლა კარგი წყარო არი ასეთი, რომე სიტკბოთი შარბათსა სჯობს და სურნელობითა მუშკსა და ამბარსა. მას პატარა თალარი ადგას ყირმიზის იაგუნდისა და ერთი ტახტი შიგა დგას და ისიც იაგუნდისა არის. მეორე ტახტი იმ აუზს წინ დგა იმავ იაგუნდისა, რომ იმ წყაროსა და მოედანსა ხედვიდეს იქ მჯდომი. იქ ერთი ფირუზის ტაშტი და ალთაფა დგა და სულ იმ ქალის ამბავი იმაზე სწერია. თუ იქ ჩახვალ და, რაც იმაზე სწერია, ისიები ჰქენ, ის ქალი თურმე შენის ბედისა ყოფილა და აღარცა ვინ მოცილე გეყოლების; თუ არა და, ამაებს ვერა იქ, სხვის ხერხით ვერ იშოვი; რომ კიდეც მიხვიდე, ცუდი სასჯელი შეგრჩების. მას ერთი უსინათლო გამდელი ჰყავს, მწვე გრძნებაზე გახელოვნებული; შინ კი შეგიყვანს, მაგრამ კარს ასე გამოგისიპებს, რომ, შენი ჟამი ალმასის ცულით აპო, ვერას დააკლებ. მე ვერც ერთს ვიქმოდი, რაც იქ სწერია, თვარა იმ გამდელს შენსა ჩემი ერჩიაო. ამოიღო ერთი დამბურა და მომცა: იქ ამის უკეთ არა მოგეხმარება რაო.

ის დევი კი მოკვდა და მე წაველ. ვიარე ორი დღე. მესამესა დღესა, ჯერ მზე არ ამოსულიყო, ასეთს კლდეს მივადეგ, რომ სიმაღლითა ღრუბელსა სწვდებოდა და მის სიდიდესა თვალი არსით გადუწვდებოდა. ვახსენე ღმერთი და ცხენი იქ გაუშვი. ასე დავავედრე: სანამდინ ან სიკვდილი არ შეიტყო ჩემი და ან სიცოცხლე, მანამდინ აქადგან ნურსად წახვალ, ფრთხილად სძოვდი და მავნეს ერიდებოდი-მეთქი.

წაველ მე და რას ჭირითა და სასჯლითა გარდავიარე. მესამეს დღეს რომ გარდავსდეგ, მზე ჩასდგომოდა და უცხოდ გაჭრტიალებულიყო ის თალარი და აუზი. რა დავინახე, მისის ხალისითა ასეთი ჩავირბინე, რომ მეგონა, მის მეტი არა მევლო-მეთქი. მიველ, ჯერ პირი და ხელი დავიბანე და ღმერთსა შევეხვეწე და მისგან შეწევნა და გრძნეულთაგან გამოხსნა ვითხოე, მერმე მას ტახტსა დავჯე და წყალი დავლიე, პატარა შევისვენე, ავდეგ და ის ტაშტი და ალთაფა ვნახე.

მაზე ეს ეწერა: მე, სრულისა საფრანგეთისა დედოფალმან, მოვიყვანე ასული ჩემი გულარ და დავსვი კლდესა ამას, კაცთაგან მიუალსა, და შევსვი კუბოსა იაგუნდისასა, რომე მზესა მისთანა არა უნახავს რა: პირმზე და ტანად სარო, თმაგიშერი, სულად მუშკი, პირი სამოთხეს უგავს და კბილი - მარგალიტსა გაწყობილსა. ხმა მისი მულღანზარში იადონის ყივილსა უამე არი და მას ყელი ყვავილითა სავსესა წალკოტსა უგავს და გული - მოწმენდილსა ცასა, ვარსკვლავითა შემკობილსა. ყოვლის შვენებით ედემივით შემკობილია. ამისთვის დავსვი აქა, რომ მამა აღარა ჰყვანდა და ნუთუ მისს უმფერვალოსა ვისმე ან ძალით და ანუ გრძნებით წაეგვარა და არავის ომი გაებედოს. მე შემჭირნო არავინა მყვანდა. აწ არა უპატიოებით არი ასული ჩემი, არამედ ყოვლის ხელმწიფურის წესით უკლებელი. ვინ იცის, აღარც მე ვიყო და სოფელმან თვისი ბეგარა მომხადოს. ძალით ნურავინ ეცდებით, თვარა მისის შოვნის ნაცვლად თავსვე ავნებთო. ეს ალთაფაზედ ეწერა.

მერმე ტაშტი ვნახე და მაზე ასე ეწერა: ვნატრი კაცსა მას, რომელმან ხელმწიფის შვილი გამოიყვანოს და გამდელი მისი უსინათლო აქ დააგდოსო, წაიყვანოს თვალშავი იგი უსწორო მოახლე და მრავალი სხვა. განა ვიტყვი ამასაც: რომელმან ლომმან ჭაბუკმან ინებოს ამ გავსილისა მთვარისა ჯუფთობა, სხვას მოწიფულობას ნურას აცდება, თვარა არცა რა ამ კლდეს გაეწყობა და ვერცა გამდელს შეუა. გამდელი ეშმაკის ფიცია და გრძნება და მანქანება ეშმაკის ოდენი იცისო და ის თვალჭრელი მოახლე მისი მეთვალეა: რომ ის ვერ ხედავს, ყველას ის აცნობებსო. ამის მეტი არა გაეწყობა რა: ვინცა აქ მოვიდეს, ერთი დამბურა მოიტანოსო და მის ქვაბის კარსა დაჯდეს მოფარებით, სადა გულარ მნათობის კუბო დგას, კვრა დაუწყოს და საწყლისა ხმითა თვისთა ჭირთა მოთქმა. მათ დამბურისა ხმა ეუცხოებათ, მაგრამ, რაზომცა ბევრს ეცადნენ, ნუცა იქნება შენი შესვლა და ნუცა ხმის ამოღება. მანამდის უნდა ეცადოს, მანამ ქალი კარში გამოიყვანოს. რა ქალი კარში გამოვა, მას უკან მითვე ტკბილის სიტყვითა და თავის შებრალებითა უნდა ქალი მოალმობიეროს. რა ქალის გული მოტყუვდება და სიბრალულითა სიყვარულის ცეცხლი აეგზნება, მას შენკენ ცნობა მოუბრუნდება, ის თვალშავი მოახლე მას ცოცხალი არ გაეყრება; რა ორთავ ხელი მოჰკიდოსო, უნდა სიარული დაიწყოს და აქავ ჩამოვიდეს და აქედამ იმათ ლაპარაკი დაუწყოსო. ისინი ვერას გააწყობენო და, რომელიცა უნდოდეს, ისი ქნასო. თვალი ამასა ჰქვიანო, მარგალიტი, საჭურჭლე და ხაზინანი, სახელმწიფო ყოველთა მეფეთა უმეტესი. თუ სწადდეს, აქავ გახელმწიფდეს და, თუ არა - თავისი საქმე თითონ იცისო: რომელიც ეპრიანებოდეს, ისი ქნასო.

რა ეს ნაწერი ვნახე, მიამა მწვედ. დამბურა ხელთა მქონდა. კიდევ ვილოცე მდუღარითა ცრემლითა და მშობელთა ჩემთა შებრალებითა და მათის სამსახურის მოგონებითა დავიწყე სიარული. ერთი ბილიკი გზა მისდევდა. შევყევ იმას დამბურისა კვრითა და, სანამდინ კუბო არ დავინახე, მანამდინ სიტყვა არა ვთქვი და ისრე უკარ. რა კუბო დავინახე და შევიტყე, რომ, ასრე მიველ, ხმას გავაგონებდი, დაუწყევ ჩემს თავსა მოთქმა-ტირილი და ჭირი და ლხინი.

აქა გოსტამისაგან თავის თავის მოთქმა და

დამბურის დაკვრა

ესრეთ მოვთქმიდი დამბურზე: ვაი შენ, გოსტამ, ტახტ-გვირგვინისა მოშორვებულო, მშობელთა გაყრილო, გრძელსა გზასა გარჯილო! შენ სალახავად სტავრა და ნახლი გქონდა და გლახაკთა გარდასაყრელად ლალ-მარგალიტი, სათამაშოდ ლომ-ვეფხთა მათრახით სრევდი და მოედანში ოქროს ჩოგნით იაგუნდის ბურთს ისროდი. შენ ბედაურთა ცხენთა დგენითა უთვალავს ჯარს ალხენდი და ერთის ისრის სროლითა სამს ნადირს ერთად მოჰკლევდი. შენ ტახტ-გვირგვინისა და ციხე-ქალაქთა გაცემა არ მოგეწყინებოდა და ლხინითა და ნადირობითა არ დაშვრებოდი. შენ მაღალთა და ტურფათ ტახტთა უსახოთა თვალ-მარგალიტითა გარდაგებულთა ლოგინთა ზედა განისვენებდი და მშობელთა აზიზობითა, ათასთა დიდებულთა შვილთა ფეხზე დგომითა და მუშკ-ანბარისა კმევითა, ამოთა ხმითა მღერითა და უცხოს მოსასვენითა საკრავისა კვრითა ღამესა გაათენებდი. შენ ორთა დღეთა ერთ გვირგვინს არ დაიხურევდი და ერთს ტახტზე არ დასჯდებოდი. შენ სამ ჟამამდი ერთს ცხენს არ შეჯდებოდი და არცა მეორეს ცხენს მისსა იარაღსა ახმარებდი. შენ ცის მნათობნი ვერ გეურჩებოდენ, არამც თუ ქვეყნის მნათობნი შენს ხვევნასა დაურჩებულიყვნენ. მაგრამ შენ ასეთი ცეცხლი ჩაგეგზნა მიჯნურობისა, რომელ, შვიდი წელია, ამ ყველას დიდების ნაცვლად ფეხშიშველსა და ქვეითს კლდენი და მინდორნი შენის ფეხის სისხლით გიღებავს, დღე და ღამე არ მოგისვენია, შენი აზიზად და საროსებრ სურნელისა წყლის რწყვითა ნაზარდი ტანი მიწაზე გდებითა და ნადირთა ტყავთა ცვეთითა დაგჭკნობია და ქარისაგან მიჭირვებულსა ალვასა გიგავს. შენ ბურთის ნაცვლად მხეცნი გისროლია, ლომთა და ვეფხთა თამაშობისა ნაცვლად ვეშაპზე გითამაშია. შენ ნადირთა ნაცვლად დევნი დაგიხოცია და უთვალავისა ჯარისა ნაცვლად გრძნეულთა მხეცთა თანა გისადგურებია. შენ ამოთა და დაულევნელთა სანუკვართა ნაცვლად ბალახი გიძოვნია და ხოშგოარისა ღვინის სანაცვლოდ სისხლი და ოფლი გიხვრეტია, - და სხვის ჭირის მოთვლა ვით შემიძლია, - მაგრამ შენის გულის ნება ვერას სატანჯველითა ვერ გისრულებია, გეენიის ცეცხლის დამნელებელი ვერ გიპოვია-მეთქი.

ამას რომ მოვსთქვემდი და დამბურს ვატირებდი და მეცა საწყლად ვსტიროდი, მათ ეუცხოებოდათ და კიდეც ენატრებოდათ ჩემი ნახვა და იამებოდა ჩემის ხმის სმენა. თვალით ვერ მხედევდენ, კლდეს ვეფარე, და მეხვეწებოდენ: ვინღაცა ხარ, გამოგვიჩნდიო, შემოდი შინ, პირი გვაჩვენეო, ნუთუ ჩვენ შეგვეძლოს შენი რგებაო! მე არც გამოუჩნდი და არც შეველ და არც დავსცხერ ტირილისაგან და უფრო და უფრო საწყლითა ხმითა მოვსთქვემდი. მას მნათობს უცხოდ შევებრალდი და გამდელს შეეხვეწა: კარზედ გავხედაო, ნუთუ მართალი შევიტყო, თუ რა არიო ანუ რის ხმაო. იგი ასპიტი გველი გაუწყრა: რას იკითხავ, ვინც უნდა იყოსო!

ვებრალებოდი, უცხოდ ტიროდა, მდუღრის ცრემლითა ეხვეწებოდა ხან გამზრდელსა და ხან თვალჭრელსა მას ეშმაკს, რომ ხმის ცნობა მომინდაო, რა არი, თუ კაცია - რასთვის არ გამოჩნდებაო და, თუ ჩემის გასვლისათვის გამოჩნდა კაცი - მე ღმერთმან მისი პირი ნუ მაჩვენოსო. თუ გრძნეული რამ არის და - მაგდენი საფარველი მძე ღმთისაგან ჩემთა მშობელთა რჯულწმინდობითა, რომ განქარდეს და აღარც ჩემთა გარეშემოთა ხმა ისმოდესო. უთხრა მან თვალჭრელმან მოახლემან: ნამეტნავის სიგლისპითა ლამის ტირილმან გახეთქოსო, რა გაგვა, გავიდესო; თუ უნდა, კლდესაც გარდავარდესო. ის გამდელი ურჩს ვერას იქმოდა. უთხრა: გადი და მალე შემოდიო! ვინ იცის, რა მოხდესო, მაგისთანა ხმა არა კარგის ნიშანიაო. იგი მნათობი თავად ჩემისა სიბრალულითა დუღდა და მერმე ღმერთს თურმე ჩემი ხსნა უნდოდა: მის დედაკაცის ეშმაკურის სიტყვამ დიაღ გააწყრომა, აჩქარდა და გამოვიდა, თვარემ კარიდამ ყურებას ლამოდა, არა კარში გამოსვლა ედვა გულსა.

რა გამოდგა კარზე, მისი შუქი შემომადგა, მაგრამ ეს მიკვირს, რომ რამ გამაძლებინა: ან რატომ არ მოვკვდი, ან რატომ არ დავბნდი?! მაგრამ ღმერთმან თურმე არ გამწირა, მით შემექნა ქვად და რკინად გული. რა დავინახე, რომ გამოვიდა და იგი უსწორო თვალშავი მოახლეც თან გამოჰყვა, უფრო საწყლად თქმა და მდუღარეთა ცრემლთა ღვრა დაუწყე. მიბოძა უფალმან გზა სიხარულისა. მის თალარისაკენ კლდე-კლდე სიარული დავიწყე, წყნარად სიარული და ესრეთ ტირილი: ვაი შენ, გოსტამ, რა ცეცხლი მოგედვა, რომ ვერათი დაგიშრეტია! ნეტარ შენი მწველი ზეცას არი თუ ქვეყანასა? ვაი შენ, გოსტამ, კეკლუცთ ხელმწიფენი ფრინველთა ხელმწიფეთა არ ეწვევიან და არცა ზღვათა შიგან ნიანგთა ესტუმრებიან და ქვეყანაზე არარა დაგრჩომია - არ მოგევლოს, და კლდენი არ გაგიშვია - არ დაგეჩხრიკოს, და მაღნარი - არ მოგევლოს. ამ კლდისაგან გქონდა იმედი, აწეცა დარჩი საწყალი, აწე უნდა ღმერთს შესტირო, რომ გზა გაგიგოსო. ნუთუ ზეცას აფრინდა მზის მჩაგრავად ანუ ქვესკნელთა შთახდა უკუნთა განმანათლებელად?! შენც მასთან მიწევნად ეცადე, თუ გაგიცუდდეს ამდენი ჭირი, გოსტამ საწყალო, ყოვლის კეთილისაგან ცარიელო, ყოველთა მიჯნურთაგან უშმაგოვ, ველთა გაჭრილო, აშიყმაშიყობისა ცეცხლისა შემკრებო და მას შიგა დასაწვავად მჯდომო! რადღა გალახავ მიწასა ანუ თვალთ აღებ მზისა სახილველად? ანუ გარდაიჭერ კლდესა, ანუ შთავარდი ზღვისა უფსკრულსა, ანუ აეგე შენს ხმალზედა. ამ სამისაგან კიდე შენი შემწე აღარავინ იქნება, მაგრამ ესეც ცუდად წაგიხდება, რომ შენი მკვლელი შენს ჭირს ვერა სცნობს. ნეტარძი მაშინ გექნება, რომ მის კარზედ დაგეღვაროს სისხლი და ანუ მისსა შუქსა დაეწვა, ვითა სანთლისაგან ფარვანა, თვარა ახლა ვაი გაქვს დაულევნელი, არა გყავს ვინმე შემტყობი და ვერცა გიპოვია გულის დამდები-მეთქი.

ამისთანას სიტყვას რომ ვიტყოდი და მივიდოდი, იგინიცა ჩემს ხმასა მოსდევდენ. მართლა გზა დავანახევრეთ. მას თალარს მიუახლოვდი. მან შავთვალმან მოახსენა: სად მივდივართო? ნუთუ გრძნება იყოსო! მან ქალმან თქვა: გრძნება არის თუ ეშმაკი, ამისის ბრალითა დავიწვიო და, თუ ამისას არას შევიტყობ, თავი ცოცხალი არ მინდაო. ნეტამც ასეთი რამ იყოს, რომ ან მომკლას, ან გარდამაგდოს სითმეო, რომ ამ ჩემს შემჭმელთ, გრძნეულთ უთავადესსა, თვალჭრელს თოიჯს მომარჩინოს. თუ ამით ვერ მოვრჩი, მაშინცა იქ რაღად მივბრუნდებიო? ან კლდეში ჩავარდები, ან თავს მოვაკლავო. მან მოახლემან ასე თქვა: ნუ ყოს ღმერთმანო, შენ მაგისთანა გული ჩაგედვასო. დიდი გზა გამოვიარეთ, ჩავიდეთ, თალარიცა ნახეთ და იქ განვისვენოთო და ვნახოთ, თუ საჩვენოა, თვარა გრძნება და ეშმაკურობა ღმერთმან განაქარვოსო. ამაღამ შევისვენოთ და ხვალ დილაზედ შინ მივიდეთო.

ამასობაში ერთი ჯარი ქალები მოეწია უკან. მათაც ბევრი უშალეს და, თურმე ბედი იყო ჩემი, არ მოიშალა. მე მიამა და უმატე მუხლსა სიჩქარე და ხმასა სიფიცხე, გულსა მდუღრად ამოჭრა და საწყლისა სიტყვათა აღმოთქმა. ესეთი სიტყვანი ვასმინე, რომე მას ჩემს მკვლელსაც დავაგზებინე მიჯნურობისა ცეცხლი და გულამოსკვნით ამოიოხრა. ახვითა ესრეთ ვათქმევინე: თუ ეს ადამის ნათესავი არიო, ვისთვისაც გაჭრილია და ამ ჭირის მნახავი, იმან რომ ეს შეიტყოსო და ამისთვის თავი გამოიმეტოს, ვეჭობ, საძრახისი არ იყოსო. მივაშურვე, თალარში შეველ და დავჯე მითვე ყოფითა. მოვიდნენ იგინიცა თავად გზისაგან მაშვრალნი და მიჭირვებულნი, მერმე მიჯნურობისა სენითა გულშეკრული და ცრემლისა მაწვიმებელნი. რა თვალი დაავლეს წყალსა და ჩრდილს, მიაშურვეს. მე სვეტს უკან ვჯე. დავაცალე, სანამ პირსა და ხელს დაიბანდენ და შეისვენებდენ, აღარცა რა ვთქვი და არც გამოუჩნდი.

რა ხელიდა პირი დაიბანეს, წყალი სვეს, ცოტა შეისვენეს, მან ქალმან თქვა: ღმერთმან უშველოს, რისაც მიზეზით აქ მოველითო, კაი რამ უკუსაყარი ყოფილაო. მან შავთვალმან მოახსენა: დია ღმერთო, ნაშველიაო. თუ დასტურ მიჯნურია, შენის მეტის არავისია, კაის ალაგსაც მოგიხელებსო, თუ აქ კი მოაწიაო. მე ტკბილითა სიტყვითა და მხიარულითა გულითა ვთქვი: აღარა ვაი აქვსო გოსტამსა, ათასი ნეტარძი, რომელ სხვათა ყოველთა მზე დახდა და გოსტამისათვის ახლად ამოხდა-მეთქი. ოდეს ეს სიტყვა ვთქვი, მან ქალმან თქვა: ვიშ მე, ეს რა არიო? შენ თურმე იცოდი და რად ასეგვარად სასირცხოდ გამხადეო? მას თვალშავ მოახლეს უთხრა დაბლისა ხმითა, თვარამ არც ამოიღო ხმა და აღარც აღმა აიხედა და აღარც დასწყდა ცრემლი. მან თვალშავმან მოახლემან აგრე თქვა: ღმერთმან იცის, ჯერაც არ ვიცი, რა არიო, მაგრამ ვიცოდი, ღმერთი დედის თქვენის ანდერძს არ გააცუდებდა. უწინვე მოველოდი, ნეტამც ვინმე შენი შესაფერი იყოსო, თვარა არა სათაკილო საქმე დაგმართებიაო, უმისოდ ვერც რომ ჩვენ დავდგებითო, არამთუ იქ ვინმე შემოსულიყო, მაგაზე ნუ სწუხარო! ნეტამც, თუ საჩვენო რამ არი, რას გვემალება და არ გამოგვიჩნდებაო.

ავდეგ და წინარე წავდეგ. კვლავე ხელნი შევიტყველენ და ღმერთს მადლი მივეც, რომელ ჩემი ჭირნახული არ გამიცუდე, ვინც მინდოდა, ვიპოვე-მეთქი. მან მზემან აღმა არ ამხედა და, ოდეს შემომხედეს მათ მხევალთა, არა მოსაწონად მოკაზმული ვიყავ, მაგრამ თვალ-ტანად მოვეწონე თურმე, მომეგებნენ და სალამი მომცეს. მან თვალშავმან მოახლემან აგრე მითხრა: კურთხეულმცა არის. ხელმწიფევ, ნახვა თქვენიო და ნეტარძი დღეს, რომელ თქვენს ხლებას ვეღირსენითო. ღმერთმან, თქვენის ტახტისა და გვირგვინისა საფერნი და პატრონნი ხართო, მაგრამ პატრონიცა ჩემიც არ დედოფლობისა უგვანი და ჯუფთობისა თქვენისა შესაფერებელიაო. ვეჭვ, არ დაგმოთო თავსა თქვენსა ჭირთა გარდახდილობაო. მიველ და იგი უებრო მნათობი ტახტსა ზედა ჯდა ზამბახივითა თავდახრით, მარგალიტის მსგავს ცრემლს აბნევდა. აველ და გვერთ დაუჯე, ყელსა ბროლისასა მოვეხვიე და პირსა მზიანსა ვაკოცე. ეგრე უთხარ: თუ ჩემითა სიბრალულითა სტირი, რომელ გამხდარსა მხედავ, მე ჩემნი ჭირნი ლხინად მიქნია და შენცა ამით შემიბრალე, რომ შუქი მზისა ნუ დაგიფარავს და ნუცა ქვე მიწა დაგიფენია, ტკბილად მომხედე მელნის ტბის თვალითა და შენგან დაზრული ნორჩი ალვისა შენვე გააცოცხლე გაზაფხულისა მზის შუქთა მოფენითა, თვარა შენითა შეწყენითა მე არა მერგება რა, არც ჩემი გალეული პირი და გული არ გაივსება. თუ გეთაკილება შეყრა ჩემი და გგონივარ ვინმე ბედითი, თავმან შენმან, ნუ ეჭობ ჩემის საპატრონოსაგან უკეთესსა სახელმწიფოსა ქვეყანასა ზედა, თვარამ ჩემს თავს რაღას გიქებ, შენი ვარ და შენითა სურვილითა დალეული-მეთქი.

კვლავ ვევლებოდი თავსა და უყრიდი მუდარითა მუხლსა შემოხედვისათვის და ხმისა მისისა სმენისათვის, მაგრამ ვერც არა დავყარე სიტყვა ერთი და ვერცა ავახედე აღმა. უთხარ მას სიკეთითა სრულსა მოახლესა: რა უნდა ვქნა მე ამისთანა ყოფაშია, რად ასე აკლებით დამიჭირა? მე ხომ დღეის უკან აქ არ დავდგები, რაც უნდა ქნას-მეთქი! მან აგრე მითხრა: ნუ გიკვირს, ხელმწიფეო, დედოფლისა ჩემისაგან. არა თქვენისა წუნებისათვის იქსო, განა თავისისა აუგისათვის იქს და მორცხობს, კაცთა კრძალვასა აწვევსო. ნურცა თქვენ სჩქარობთო და აღარც აგრე აჩქარებით თქვენი წასვლა მოხდებაო. ნუ გგონია, ამ კლდის მეტი სარჩო და საბატონო არა ქონდეს რაო ჩემს დედოფალს. მოიკითხე და მიითვალეო სამეფონი საჭურჭლენიო, განაგე წესი და რიგი ამათი, რომელი გწადდეს, სათანაო ჯარი და ლარ-საჭურჭლენი განამზადე და ეგრე თქვენად საფერად წარვედ გზასა თქვენსა, თვარა ვით იქნების ამისი ასე წასვლაო?! მე ეგრე უთხარ: მე კაცს ვერა ვხედავ და შენობასა და ციხე-ქალაქთა, ვის ვკითხო და ანუ ვისითა გავაგო? თქვენ იცით წესი აქაური, დაფარულთა სახელმწიფოთა გაგებაო, რომელიცა ხამდეს, იგი ქენით-მეთქი. მან ასე თქვა: ჩემი მათში მისვლა აღარ ეგებაო და ერთი მხევალი გაგზავნა და ესე დაავედრა: მათ თოიჯთა ნურას აცნობებო, ერთი ხელი სახელმწიფო სამოსი, ტყავ-საყური მოიტანე ხელმწიფისათვის და ერთს მონას უთხარ, რომელ აცნობოს დიდებულთა, ვითა: მოვიდა ხელმწიფე ხმელთა მფლობელი დუშმანქამანაქით და სიკეთითა და სიმხნითა მისითა აზომი ერთი გზა უვლია და მრავალი მოუგონებელი პატიჟი უნახავს, დევთა და ვეშაპთა ანგარიში არ იცის, რომელი გზაზე დაუხოცია. აქაც სიკეთითა და მეცნიერობითა მისითა ამდენს ეცადა, რომ აუჩქარებელად და უგრძნებელად დედოფალი ჩვენი ცისკართაებრ მნათობი გულარ გამოიყვანა, დახსნა გრძნეულთა პატიმრობასა და აწ მის სულბრწყინვალის დედოფლისა ანდერძი გათავდა და მისსა თალარში არიან ორნივე უსწორო მეფე და დედოფალი. ჩვენ სამსახურისა მათისა მოსურნენი, ორმოციოდ მხლებელნი ვახლავართ. ამ სამსა დღეს აქ გელისთ. ვისაც ამათი ხელმწიფობა გიხაროდესთ, მოდით, ნახეთ და დალოცეთ, რომ ამისმა საფარველმა მშვიდობა მოგფინოსთ, თვარა მე მომიხსენებია, რომე, რა რისხვის ქართა აღძრავს, ამას კაცი ვერას ხერხიანობით ვერ მოურჩება, გრძნებისაგან არ ეშინიან და ომი თამაშად მიუჩანო.

ეს დაავედრა და წავიდა იგი ქალი. ცოტა ხანი გამოვიდა, მოვიდა, ერთი ხელი ასეთი სახელმწიფო ტანსაცმელი მოიტანა, რომე ჩემ საბატონოს უკეთესი არა მქონებოდა, ტყავ-გვირგვინი და რაც ერთ ხელად ერთის ხელმწიფის სამკაული იყო. ოციოდ მონა მოვიდა. აბანოში დამპატიჟეს. წაველ. ცოტა ალაგი გავიარეთ ასეთს აბანოში მიმიყვანეს, რომ თავად მისის აგებულობისა და მოწყობილობისთანა არა არს პირსა ქვეყანისასა. მერმე მის სურნელობის მგზავსად არა იქნება რა, თუ არ ედემი და ან სამოთხე. ამოდ მსახურეს მათ მონათა და გამომისვენეს აბანოსა წესითა და ასე გამოველ ყოვლისა სატკივრისა და სარჯლისაგან მას აბანოში, ვითამ დედასა ახლა ვეშობე და არა სარჯელი მენახა. ესრე თურე დავშვენდი, რომე, თუ იგი მონანი ჩემთან არა ყოფილიყვნენ, არ დაიჯერებდენ, თუ იგივ არიო.

რა მნახა ჩემის გულის წამღებმა, სიტყვითა არა თქვა რა და არც თვალით მომხედა, მაგრამ შევატყევ, რომ მოვეწონე. გულში გამხიარულდა და ემატა შუქი, ელვის მგზავსი. მეც განაღამცა მისი ეშხი მომემატა, ვითა მმართებდა, ეგრე ავჩქარდი, მივედ თამამად, ლომი მზესა შევეხვიე, ეგრე უთხარ: აქამდის თურე ვერ მიცან, რომ შენი საფერი ვიყავ, და ახლა, ღმერთო, მოგეწონე-მეთქი. თვალთა და პირთა ვაკოცე და მისგან ნადები ცეცხლი კვლავ უფრორე დავაგზნე, ასე რომე ცუდითა სიტყვითა აღარ დანელდებოდა. ღონე აღარა მქონდა და მას ჩემთვის დედისაგან უმჯობესსა და დისაგან უსაყვარლესსა მოახლეს უთხარ: ჰე, ჩემთა სენთა მკურნალო და წყლულზედა მალამოს დამდებო აწ მაპკურე წყალი გრილი, ცეცხლთა ჩემთა დასანელებელი, თვარა დადნა ცვილივითა გული ჩემი სიყვარულითა გულარისა ცეცხლისათა და არა შემიწყნარა ამან, ვითა სანთელმან ფარვანა, და არაოდეს მომხედა მოწყალებისა თვალითა და არცა ნუგეშინის მცა სიტყვითა-მეთქი. ესე ვთქვი და უსულოდ ვიქმენ.

მომეხვივნენ თურმე მონანი და მხევალნი ტირილითა, თავს ცემითა. მოიღეს მრავალი სურნელი, დამასხეს თავსა და პირსა, ეცადნენ ჩემსა რგებასა და მან პირმზემანცა ჩემისა სიბრალულითა შეკრა აყიყთა კარი და აღარ გამოუშვა მარგალიტთა ელვა და მელნისა ტბათაგან უშვებდა წვიმასა, მაგრამ სირცხვილითა ვერც მომყო ხელი სააქიმოდ და ვერცა აჩქარდა ჩემისა რგებისათვის, ოღომც იჯდა თურმე გულითა მწარითა და ფერითა ზაფრანისათა. რა ესრეთ მნახა მან მხევალმან მე მისითა ცეცხლითა დამწვარი და მისგან უნაწილოდ დარჩომილი და იგი ჩემითა სიბრალულითა სულამოსვლად მიწურვილი, დაუწყო თურმე შუღლი აზომი დიდი, რომელ ძალით თავი ჩემი მუხლზე დაუდვა და რაღაც რგება ჰხდებოდა, ისრე ჩემს რგებას ცდილობდენ.

მეც ცნობას მოველ. ჩამომესმა, რომ იგივე მუახლე მას მზესა აჭირვებდა სიტყვითა და ესრეთ ეუბნებოდა: თურე უკუღმართის ბედისა ხარო და ღმთის გამომეტებული ხარო, თვარე, მე რომ თავიც მოვიკლა, რას გარგებო. ვინ იცის, რომლითა ქვეყნითა წამოსულა, რა გზა უვლია, რა ჭირი უნახავს შენის გულისათვის ამისთანას უსწოროს გვირგვინოსანს ხელმწიფესა და მოსულა, ასეთითა სურვილითა და სიყვარულითა შენითა დაბმულსა თავისი სახელმწიფონი, ტახტ-გვირგვინი დაუტოებია; ასრე ქვად ვით იქმენო, რომე ეს სიკვდილისათვის არ შეიბრალეო, და, თუ ეს არ შეიბრალე, თავი შენი მაშინც რატომ არ შეიბრალე, რომ დაბადებას აქეთ ტყვეობასა და პატიმრობას ვერ მორჩომიხარო?! მაგრამ თურმე გრძნეულთაგან გაზდილი გრძნებით შექნილი იქნება და კარგი აღარა შეესმინება რა და აღარცა რა იამებაო, თვარა, თუმცა კაცობრივი და ღმთისაგან დაბადებული შენთვის გინდა, ამის უკეთესსა ვის იშოვნი? ღმერთი შენ ამისთვის გინახევდა თურე და ეს შენთვის დაუბადებია. თუ არ ღმერთმან მოგივლინა, რომ შენთა მშობელთა სიმართლე და რჯულწმინდობა არ დაკარგა და შენი გრძნებათაგან გამოხსნა და დიდებისა მისისა განმრავლება უნდოდა და, მაშ ამან სით იცოდა შენი სახელი და ან შენი სამყოფიო? მან აგრე თქვა: მე რას მაბრალებო და ან რა უნდა მაქნევინოო?

რა მისი ხმა ჩამომესმა, ბოღრატ აქიმისა წამალისაგან უკეთ შემერგო და, ვითა მკვდარი გავცოცხლდი, თვალნი ავიხილნე. დავინახე, რომელ ჩემსა მკვლელსა კალთასა უწევ და მდუღარესა ცრემლსა მასხემდა ზედა. იმან უფრო მარგო, რომ ის ჩემთვის შეწუხებული ვნახე. გულაღმა მდებარემან გავშალე ხელი და მოვეხვიე ბროლის ყელსა, თავსა მუშკ-სურნელითა სავსესა. მოვიწიე და სამოთხის ყვავილივით შემკობილი პირი მისი პირსა ზედა დავიკონე და სამ ჟამ ისრე დაკონებული მყვანდა. იგი ჩემის სიკვდილისათვის თურე ტიროდა და დიდად შეშინებული იყო და აღარა უარი მითხრა ამის მეტი: ჰე, ღმთისაგან დალოცვილო, რად დაირჩობი, სად წაგივალო?

რა კიდევ მისი ხმა გავიგონე, ღმერთს მადლი მივეც. სხვა აქიმი რადღა მინდოდა? მისგან მჭირდა სენი მძიმე და მისგანვე მომხვდა ლხინება. გაუშვი, ზე ავიჭერ და გვერდსა დაუჯე. ვეხვეოდი და ვეკონებოდი და აღარა უგემურობდა. დატკბა და დამატკბო ყოვლითა სიტკბოებითა. ვიყავ მას დღესა გულითა მხიარულითა, ვიშვებდი და ვიხარებდი ჩემის ნებისად და იგი გრძნეულნი თურმე გვეძებდენ და ჯავრობდენ, ვერა გაეგოთ რა ჩვენი.

ამასობაში მოვიდა ჯარი უანგარიშო, დიდებულნი და მცირებულნი. მოიღეს მრავალი ძღვენი უსახოსა თვალისანი, რომელ არცა რიცხვი იყო და არცა შეგება. მოგვართვეს ხელმწიფეთა სახელოვანი დროშა, ნაღარა და ნაფირი, რომელ ერთი კაცის დიდებად, ღმერთო, კმაროდა. დამლოცეს ყოველთა, მომანიჭეს, უცილებელად ღმთისაგან უცვალებლობა ითხოეს მეფობისა ჩემისა. ჯერ თავს გარდმომაყარეს თვალ-მარგალიტი, მერმე გორად და გორად ააგეს, რომე იგი კლდენი და ხენი თითქო აავსეს. უბრძანე ნაღარის ცემა და დროშისა ამართვა, სახელისა ჩემისა გამოჩენა. შეიქნა ასეთისა ნაღარისა და ქოსისა ხმა და ბუკთა ტკრციალი, რომ კაცი შესცთებოდა. იყო ზრიალი ქებისა და ლოცვისა ჩემისა.

შეიტყვეს მათ გრძნეულთაცა ჩემი ანბავი. იწყინეს, ვითაც მართებდათ მათის გრძნებისაგან, მაგრამ რაღას იქმოდენ? ჩემთან ვეღარ მოვიდოდენ შიშითა - არ დაგვინდობსო - და იქ აღარავინ დარჩათ ასეთი, რომ ჯავრი მათზე ამოეყარათ, და მოციქული გამოეგზავნათ: რასთვის გვიყავითო, ჩემი ჭირნახული ქარს მიეცითო, მე არ მინდოდა შენთვის კაიო? ჩემი თვალის სინათლე შენზე წავაგეო და ჩემი სიცოცხლე შენთვის დავლიეო. შენთა მშობელთაგან ჩემი ანდერძი იყო და არ მინდოდაო, მათი უმფერვალო საქმე გექნაო. მაგან რა იცის, შენთა გვართა რა დიდება, რა პატივი შეეფერება. შენ აგრე თავი აისუბუქე, რომ აგრე პირმიღმა მიხველო. დასტურ მასმია, დიდი ხელმწიფეა, მაგრამ თუნდა ზეცით ჩამოსულიც იყოს, ეს მაშინც არ გმართებდა. მარგალიტი უსასყიდლო და თვალი პატიოსანი მით იქნების, რომე ძვირად საშოვნელია და ძნელად საპოვნი. ვინც მარგალიტის მძებნელია, მრავალს ჭირსა ნახავს ხმელზედაცა და ზღვაშიაც, მაგრამ მარგალიტი სადაფთა შუა თავს იმალავს და ადგილისაგან არ შეიძვრის, სანამდი კარგი და მისი ხელოვნად გამომღები და მისის ფასის ღირსად შემტყობი არ მოვა. რაგინდ დიდთა ხელმწიფეთა უღონიოდ მარგალიტი უნდოდეს, სადაფთაგან თავს ვერ გამოიღებს. შენ როგორ გმართებდა, რომ შენის კუბოსაგან ან თავი გამოგეყო და შენი პირი მზისათვინ გეჩვენებინა, არამთუ შენის პირის ფარდა და ტახტი ცარიელი დაგეგდო და უცხოს, თვალით უნახავს კაცს გაჰყოლოდი! ეგ არა შენი ბრალი იყო, მაგ გრძნეულმა, დედათ მაყივნებელმა დიაცმა გაქნევინაო. ეგ თუ შენთან იქნება, მრავალს სხვას ავსა და უწესოს გაქნევინებსო. ნუ აჰყოლიხარ, მაცდუნებლად ეგეც კმარა, რომ მიდღეში შენთა გვართა სასირცხოდ და სათაკილოდ საქმე არ სჭირვებია და აწ შენ მაგისის სიავით მოსცთი. აწ აგრეც დამიჯერე და აგრე ნაპოვნს ტყვესავით ნუ გაყვები. ჯერ მოდი და ეს შენი სახიზარი კლდე აჩვენე მაგ ახალსა ხელმწიფესა და აცნობე, - თუ სახიზრად ამ ყოფითა და რიგით იყავ, სახელმწიფო და საგამჩვენაო სახლ-კარი და მორჭმა-დიდება რაღა გექნებაო, - და მერმე დაავლე შენი სახელმწიფო და მაგას ათაყვანე დიდებულნი, მაგის ბეჭედსა ქვეშე ამყოფე ყოველნი შენნი საცხოვრებელნი. მას უკან თავად სჯობს, დადგეს აქა. არა საწუნარი სახელმწიფოა და ცუდად გასაშვები. თუ არ დადგება, შეიტყობს მაშინც შენსა ყოფასა და, რომელიცა სწადდეს, ისი ქნასო.

რა ეს მოციქულობა მოვისმინეთ, ჩვენ ასე უპასუხეთ: ეს არც ჩვენი ბრალია და არც შენის გასდილისა. ბრძანება ღმთისა თურმე იყო, თვარა აზომი ხანია ერთად ვართ, არც უჩვენებია პირი და არც გამოუცემია ხმა. მაშინ ეს მე არ გამომყვებოდა, მაგრამ დასაბამს აქეთ ასრე დაწესებულია და მრავალი ამისთანა საქმე ქნილა ხელმწიფეთაგან და არცა უწესო საქმე ჩვენ გვიქნია და არცა რა თქვენი საწყინო. მე მაგდენს ხანსა არა მცალიან, რომე ეს ქვეყანა სულ დავიარო. მე ისევ შენთვის მომიბარებია და შენ იყავ პატრონი; როგორც გირიგებია, ისევ არიგე. შენ დედა იყავ და ჩვენ შვილი, სანამდი ცოცხალხარო. თუ არ სხვასაც მრავალს მოგიმატებო, აქაურს არას გეცილებიო და არცა ვის სხვასღა წამოვიყვანო: ვინც მანდ გახლავან, გახლდენ და გამოგისვენებდენ. ჩვენ ახლა წავალთ და კვლავ ადრე მოვალთ და გნახავთ. რომელიცა გიამებათ, ისრე შეგიწყობთ ხელსა-მეთქი.

მრავალს გვემოციქულნენ და მრავალფერად ეცადნენ, რომ ბადეში შევეგდენით, მაგრამ თვით მათვე დიდებულთა არა ქნეს. ბევრს შფოთევდეს იგი გრძნეულნი, მაგრამ რაღას გააწყობდეს! ქვეყანა ჩვენ გვეხვეოდა და მომათვალეს ყოველი ციხე-ქალაქთა ნუსხები და საჭურჭლეთა და ხაზინათა კლიტენი, და ბეჭედნი ავტეხნე ძველი და ჩემნი დავასხმევინე. დავარჩიე ჯარი სათანიოდ და ამამზადეს ყოვლისა სახელმწიფოს წესითა და რიგითა, დიდითა ჯარითა და ნუზლითა, დროშითა მრავალკეცითა. ჩავსვი კუბოსა პატიოსანსა იგი მზე შუქმოუკლებელი, ავკიდე და წამოვედით ლხინითა დიდითა და ქოს-ნაღარისა ცემითა.

რა მას კლდესა გამოვცილდით, ჩემი ცხენი მოვნახე. სადაც დამეგდო, იქივ დამხვდა. მიამა დიდად და წამოვიყვანე. რა ჯარში მოვიყვანე და ნახეს, ყოველსა სულსა მისი ბედაურობა, სისრულე და სიფიცხე გაუკვირდა. გავაბანინე, გავაწმენდინე და მისისა საკადრისისა იარაღითა შევაკაზმინე. ვიკითხე: ჩვენი გზა ზღვით უფრო ახლოა თუ ხმელით-მეთქი? მითხრეს: ხმელზე გრძელი გზა არის და საშიშიცაო და ზღვით ადრე მიხვალო. მიამა და ზღვისაკენ გავემართე.

სანამდისინ ზღვაში ჩავსხდებოდით, მშვიდობით ვიარეთ. რა ნავში ჩავსხედით, მოვიდა ასეთი სიცივე, თოვლი და ყინვა, აღშფოთდა ზღვა, რომელ რისხვა ღმთისა გვეგონა. დაგვეცა შიში დიდი და ვეხვეწებოდით ღმერთსა. თურმე მათ გრძნეულთა გვიგრძნეს. ჩვენ არ ვიცოდით. მან თვალშავმა მუახლემანცა ცნა და მანც აგეთი რამ ქნა, რომე ბრძანებითა ღმთისათა სიკვდილით არა დაგვიზიანდა რა ასეთი, რომე დაგვკლებოდა, მაგრამ სამსა დღესა და ღამესა დიდი შიში და შეჭირვება გამოვიარეთ, რომელ მეტის არმურითა ერთმანერთსაცა ვეღარა ვხედევდით. რა მოვრჩით იმასაცა, ვიარეთ ამოდ და ჩემის ნებისად მოველ ჩემსა ქვეყანასა.

ვაცნობე ჩემთა მშობელთა. რა ცნეს ჩემი ანბავი, ვინ დასთვლიდა მათსა ლხინსა და შვებასა! მომეგებნეს ყოველნი ერნი. რა ცნეს მოქალაქეთა ჩემი ანბავი, თქვეს: თურე ამისთვის დაგვაბარა კუბოს გაკეთებაო. მათაც აჰკიდეს მრავალი უცხო და ძვირფასი ჩემთვის საძღვნოდ და მომაგებეს იგივ კუბო მართლად გათლილი ყირმიზის იაგუნდისა, რომელ კაცის თვალსა ეგეთი არა უნახავ და ანუ ვით გასძლო მიწისაგანმა ხელმა მისი გამოთლა ისე ხელწმინდად და ანუ იმდენ ნახჩად?! რომელი დასაბამს აქეთ ქნილიყო და ანუ მომავალი ასმოდათ მეცნიერთაგან, დასასრულამდე ყოფად არსო, - ყველა მას ერთსა კუბოსა ზედან გამოეყვანათ. მაგრა მე კვალად ვიტყვი, რომელ, თუ არ მასვე შემოქმედსა ცისა და ქვეყნისასა მას უანგარიშოსა წყალობასა თანა მოევლინა ჩემთვინ, თვარა ქვეყნიერსა არა გვანდა.

მიამა მისი მოსვლა და მიველ, ჩემსა მზესა აგრე უთხარ: აწ სცან, თუ ავად მომიყვანიხარ და ავი ალაგია-მეთქი. ჩემი ქვეყანა ეს არის, რომ ყოველთა დღეთა ამისთანა უცხო და უფასო თვალი ითლების და საქმე კეთდების-მეთქი. შევსვი მას კუბოში, წამოვიყვანე ასეთითა ლხინითა და თამაშითა, ლალ-მარგალიტისა ფანტვითა და ჩემისავე წესითა, ასე რომე, ერთი საათი რომ ვიარი, სხვა უკეთესი ცხენი მომგვარიან, უკეთესად შეკაზმული, და უმჯობესი მათრახი; ის ცხენ-იარაღი ახალთა დიდებულთა მივსცი, ამად რომე იმათაც ეცნათ ჩემი წესი.

რა სადგომზე მივიდი, დამხვდის უმჯობესი პირველისაგან ტახტ-გვირგვინი, თეჯირი, ოთაღი, მორთულობა; რა დილა გათენდის სხვა შესამოსი, ძვირფასისა თვალ-მარგალიტითა შეკაზმული, სხვა იარაღი სახელმწიფო ყოვლისთანა, თვარა სუფრის იარაღს სადილისას ვახშამზე ვინ იხმარდის, ვახშმისას - სადილზედა?! ამ წესითა და რიგითა მაროინეს, რომე თვით მას ჩემთა სულთა მდგმელსა გულარსა და მისთა დიდებულთა უკვირდა ჩემი დიდება და ხელმწიფობა.

აქა გოსტამისაგან ხელმწიფის შეყრა და ქორწილი

რა ხელმწიფეს შევეყარე, ჯერ ერთი ჭირი და ვეება იყო ჩვენი შეყრა, ასე რომე თვითქმის შეიშალა ხელმწიფე ჩემის ნახვისათვის და ხანამდის კაცისა არა შეესმოდა რა. ვეჭირე ხელთა და თვალთაგან სისხლის ცრემლი მოსდიოდა, ხელივით თავს აწყვეტდა. რა ის ისრე გამხდარი ნახეს, ორსავე ლაშქარში ასეთი ტირილი და გრგვინვა შეიქნა, რომ კაცი შესცთებოდა. როდესაც ჭკუას მოვიდა ხელმწიფე და მართლა ღმთის წყალობა შეიტყო, მეც მამაშვილურად ტკბილად და საყვარლად მიალერსა და ჯარსაც თაყვანება ჩამოართვა: ზოგს პირს აკოცა და ზოგს მდაბლად უალერსა.

მაშინ შეიქნა დიდი სიხარული, რომელ კაცისა თვალს ეგეთი გახარება არ უნახავს და მისთანა რიგი და წესი ამბად არავის ასმია. სრულად დამეწერა, ქაღალდი და მელანი დამელევოდა და ენა-გონება ვერ გამიძლებდა. და ამას ვიტყვი, რომ, როგორც ხელმწიფე უდიდე იყო მოქალაქეთა და მისი რიგი მათსა სჯობდა, ისე უდიდებულესი და უმჯობესი წესი და რიგი ხელმწიფისა შეყრასა უკან შეიქნა. შემიყვანეს ამისთანასა რიგითა და წესითა, რომელ გზა არ იყო წასავალი თვალისა და მარგალიტისა გორებისაგან. ვითა ბედითი კლდოვანი, ქვიშიანი ალაგი ყოფილიყო, ისე მიკაზმავდენ გზასა და მაროინებდენ. მიმიყვანეს სახლსა სახელმწიფოსა, დამსვეს ტახტსა მაღალსა და შეუპოვარსა, მომილოცეს მას დღესა ქორწილი და გარდიხადეს მათი საფერი რიგი.

სამ თვეს ქორწილი და ლხინი იყო. მერმე ხელმწიფემან მომცა თავისი სკიპტრა და პორფირი, დამსვა სახელმწიფოსა ტახტზედა და თვით მეთაყვანა და სრულნი ლაშქარნი მათაყვანა. დამლოცეს ხელმწიფედ და წლამდი ხელმწიფობის დალოცვა და ჩემგან გაცემა და საბოძრობა არ გათავდა. ასე ლხინი ლხინზედ მოება, რომ, რა ჩემსა სახელმწიფოში მოველ, შვიდს წელიწადსა ნადირობისათვისაც ვეღარ მოვიცალეთ, არამთუ სხვაგან სადმე წავსულიყავ, ასრე მოდიოდა შორიელთა ხელმწიფეთაგან ძღვენი დიდებულთა ხელითა და მახლობელნი თვით მოდიოდიან, ნახვისა ჩემისა მოსურნენი, ასეთი ხმა გავიდა ჩემის ხელმწიფობის ქებისა.

ამაში მომცა ღმერთმან სამნი ძენი, მზისა მსგავსნი, და აღიზარდნენ ყოვლითა სახელმწიფოთა ზნითა უკლებელნი. მოვიცალე ყოვლისა საქმისაგან და ორი დღე განვისვენე, დამეთხოვნენ თანა მყოლნი ლაშქარნი და მთხოეს უხუცესი შვილი საბატონოდ. მე სიყმაწვილისათვის მეძნელებოდა ამისი გაყრა და აგრე ვთქვი: თვითონ წავალ და მოვივლი ყოველთა ალაგთა და ეგრე დავათვლი შვილსა ჩემსა-მეთქი. ცოტა ხანი შევისვენე, ეგრე უთხარ მნათობსა ჩემსა გულარს: წავალ, ვნახავ შენსა ქვაყანას და წავიყვან ძესა ჩემსა უხუცესსა და მუნ იხელმწიფოს. და ერთი დიდებული ქალაქი დევთაგან წავიღე, ოდეს შენდა შეყრად მოვიდოდი, შავთა ქალაქი ჰქვიან, იქ მეორესა ძესა ჩემსა ვაპატრონებ. შენ ნუ შეიჭირვებ, ლხინობდი და შეექცეოდი, მეცა ადრე მოვალ-მეთქი.

რა ესე ჩემგან მოისმინა გულარ, ეწყინა, თვალთაგან მდუღარე ცრემლი გარდმოუშვა. ჩემი გაყრაც უმძიმდა, განა მათ ტურფათა შვილთა მოშორვებისათვის ეშინოდა და გული სტკიოდა. მართ ამაზედა მოვიდა ანბავი: ტახტი და სახელმწიფო მტერთაგან დაძაბუნდაო. იგინიცა დაიხოცნენ, ვისაც მიათვალეთო, და, თუ თქვენთვის გინდათ, მიეპატრონეთო.

რა მათ თოიჯთა დახოცა გაიგონა გულარ, გამხიარულდა და აგრე თქვა: იმათგან მეშინოდა, თვარა აგრე ცუდად დასათმობი არ არი ის ქვეყანაო, რომელ მისი არ ინაღლო რაო. ამ სიტყვაზე უფრო ავჩქარდი, უბრძანე დიდებულთა ჩემთა აკაზმა. შევსხედით და წავედით დროშითა მრავალკეცითა. ვიარეთ ნადირობითა და ლხინობითა. სადაც მივიდით და გვნახიან, ჩემი პირვანდელი გზა რომე უვალთა მთათა და ხევთა, დევთა და ვეშაპთა ალაგსა მევლო, ვაჩვენებდი და უანბობდი, - გაჰკვირდიან და ამას იტყოდიან: ასეთი კაცი არ გვინახაო, რომ ეს არე დაელახოსო და ანუ ფრინველი ენახოსო აქეთ მომფრინვალოო, და მგზავრთაგან ასე გვასმიაო, რომე შიშისაგან ღამით ვერ ვივლითო, რომ გზისა შეცთომითა მას საზარელსა ალაგსა არ ჩავცვივდეთო. ეს არც გმირს უქნია და არც ლაშქარმრავალსა ხელმწიფესა, რაც მარტო უგუნურმა და უცდელმა ყმაწვილმა თქვენ ჰქენითო.

რა მივედით შავისა ქალაქისა ახლოს და ცნეს მათაც მისვლა ჩვენი, მით რომე ნიადაგ მოგველოდენ და თვალი გზისაკენ ჰქონდათ, განაღამცა გაიხარნეს. მოგვეგებნეს ნიჭითა მრავალფერითა და თაყვანება გარდიხადეს. წაგვიძღვნეს, ქალაქად შეგვიყვანეს, მაგრამ, მაშინ რომ მენახა, ისივ აღარ იყო: სამოთხის უტურფესად მოკაზმული იყო, ბაღი და წალკოტი ყვავილითა სავსე, ქალაქი და ციხენი ტურფად მოწყობილნი, სახელმწიფო ტახტ-გვირგვინი, საჯდომი და სამყოფი უკლებლად და უმიზეზოდ გარიგებული, ასე რომე ვერც მე და ვერამ კაცმა ეს ვერა თქვა: ეს ასრე არ უნდოდაო. ყველა უკეთესი და უკეთესი იყო. მოიწონა ყოველმან დიდებულმან და კაცმან მის ქალაქისა წესი და რიგი მათი.

დავყავით ერთი თვე იქი. ვლხინობდით და შევექცეოდით, დღეყოველ გავსცემდით მრავალსა. მერმე წაველ, იქიურიცა მრავალი დიდებული ჯარი წავასხი. ოდეს მიველ მას დიდსა და ტურფასა ქვეყანასა, მომეგებნიან ბოლუქ-ბოლუქად ლაშქარნი, მძღნობდიან ურიცხვსა ძღვენსა ძვირფასსა, მანადირებდენ და შემაქცევდენ ქალაქად მისვლამდი, რომელ უამესი შესაქცევი არ არის პირსა ქვეყანისასა.

რა მივედით ქალაქად, გახდა ზათქი და ზეიმი და ანგარიში არ იყო ლართა დაყრისა. რაც მაშინ თვალი ღარიბი და მარგალიტი უსასყიდლო გარდმოყარეს, ერთის ქვეყნის დიდებად, ღმერთო, კმარიყო. სულ ცხენითა რიყე ვითა თვალ-მარგალიტზე ვიარეთ, რომ გზა არ ჩნდა წასავალი. რა სახელმწიფოსა პალატსა მივედით, გაღანამცა გზას ემჯობინებოდა, ვის შეეძლო მის პალატისა და მორთულობისა აღრიცხვა ანუ მის მიჯლიშისა ჯამ-ტაბაკთა დაფასება!

დავყავ თვე ერთი. იგინი მძღნობდიან და მე უმრავლესსა გავსცემდი და ვასწავლიდი შვილთა ჩემთა ხელმწიფობისა წესსა. რა შევატყე შვილთა ჩემთა, რომ არა ყმაწვილურად და უწესოდ იქცეოდენ და ყოველი ხელმწიფური წესი და რიგი უკლებლად შეიკრიფეს გულად და ჩემგანცა უბრძნესად იქცეოდენ და თვითქო კიდეც მწვრთიდიან, ასე ვთქვი: ამათ აღარა წვრთნა უნდა-მეთქი და რად არ დავლოცავ ხელმწიფედ და მე არ წავალ-მეთქი?!

გათავდა ერთი თვე იქ ჩემის ყოფისა. მოვიხმე დიდებულნი და ვეზირნი მის ქვეყანისანი: ამ ჩემს შვილსა თქვენც ხედავთ, რომელ მე ორის ზომით მჯობს ყოველს საქმეში და კიდეც შეუძლია თქვენი პატრონობა. ამას დავლოცავ ხელმწიფედ, მიუდექით და მსახურეთ, ვითაც კარგის ყმათაგან წესად დადებული იყოს, და, თუ ამან კარგი და სრული მეფობა არა ქნას, ნუღარც კაცად ახსენებ, არამთუ მეფობა აქნევინოთ-მეთქი, ჩემი შვილი მევე გამომიგზავნეთ-მეთქი. მათ ასე მითხრეს: ნუ ბძანებ, მეფეო, თქვენის შვილის მეფობას ჩვენ ვითა ვღირსვართო. რომ ერთის თქვენის ქვემო ყმის ნასყიდი მონა გეუფლებინათ ჩვენთვის, ასე უნდოდა, მისთვიც ჩვენის პირის ტყავი გვეცვეთინაო, თვარამ თქვენს შვილს ასეთს რას ვმსახურებთო, რომ თქვენი ჭირნახულობა გარდვიხადოთო; ჩვენ მაგისი მიწა და ნაცარი ვართო; ცაშიაც გავსულიყავით, მაგის უკეთეს ხელმწიფეს სად ვიშოებდითო!

რა მათგანაც მისთანა სიტყვა გავიგონე, მიამა და მეორესავე დღესა სახელმწიფოს ტახტზე დავსვი და გვირგვინი თავს დავბურე; მიულოცე და სულ მის ქვეყნის დიდებულნი და მცირებულნი ვათაყვანე. დავყავ კვირა ერთი მის ხელმწიფობისა დალოცვის უკან და მრავალი ხელმწიფური რიგი და წესი ვნახე მისგან, რომ არცა მამისაგან მენახა და არცა პაპათაგან მასმოდა. მიხაროდა, ღმერთს ვმადლობდი მისისა ბოძებისათვის. მერვესა დღესა გამოვესალმე და დაუტევე ძესა ჩემსა უხუცესსა მშვიდობა და კურთხევა უფლისაგან. წამოველ და წამოვიყვანე მეორე თანა და ეს მცნება დაუგდე, რომელ იყვენით ერთმანერთისათვის გულითა გაუყრელნი და ტკბილნი ძმანი! ნუთუ დაჭირება ან მტერთაგან, ანუ ღმთისაგან განსაცდელი მოგევლინოს რომელსამე, ერთმანერთისა მეშველნი იყვენით! ნუ ცუდითა სიტყვითა, ნუცა ცუდითა საქმითა ერთმანერთსა დაგულძვირდებით, რომე თქვენ შუა ეშმაკმა ალაგი არ იშოოს, თვარა მას უწყალოსა და უხილავს მტერსა მუდამ სისხლის სმა სურის, და ნუ ყოს ღმერთმან, თქვენ შორისაცა დასთესოთ ღვარძლი იგი მტრობისა და ვეღარ შესძლოთ ხვავისა კეთილისა გამორჩევა-მეთქი.

მივედ შავსა ქალაქში, დავსვი მუნებურსა ტახტსა ზედა მეორე ძე ჩემი, დავლოცე ხელმწიფედ და მოუდექ ორს კვირას, მაგრამ ყოვლითა საქმითა ჩვენცა დაგვაჭარბა და ძმასაცა, ასე რომ თქვა ყოველმა ერმა: ესე არს ყოვლისა ქვეყანისა ხელმწიფობისა ღირსიო.

მეთხუთმეტესა დღესა მასაც გამოვესალმე და წამოველ. მოველ, დავჯე ჩემსა ტახტზე და ვიხელმწიფე ამა წესითა ორმოცი წელი, რომელ ხელმწიფენი ყოველნი მე მნატრიდენ, დიდებულნი და თავადნი მაქებდენ, სამართლისა და მშვიდობისა მოწადინენი ყოველნი ჩემდამო მოივლტოდენ, გლახაკნი და ობოლნი, ქვრივნი მე მლოცევდიან. ეს ამად მჭირდა, რომელ არაოდეს ჟამთა ჩემთა არავინ შევაწუხე, არცა ვისგან მძლავრობითა და უწყალოებითა რამ მოვიხვეჭე. კარი ჩემი გაღებული იყვის, სუფრა - გლახაკთათვის გაფენილი და ტაბლა - მზა. საჭურჭლეთა არა ვიუნჯებდი, არამედ გლახაკთა და უღონოთათვის მზა მექმნა. არა ჩემითა ხელითა მივსცემდი სხვათაგან სახილველად, არამედ ღამესა ბნელსა განვაბნევდი გლახაკთა გზასა, გინა ბანშიგა ობოლ-ქვრივთასა, გინა სავანესა დავრდომილთასა. ამ წესითა ვიქცეოდი ცხოვრებასა შინა ჩემსა და მასმოდა უმჯობესი ყოფა ძეთა ჩემთა.

აწ, შვილო საყვარელო და ჩემგან საკუთრად გამორჩეულო, თვალთა ჩენად და სოფლისა სიხარულად ჩემგან აღზრდილო! თუ მათ სიჩჩოთგან ჩემი მცნება არ დაივიწყეს და უცხოთა თემთა ყოფითა არ გაგრილდენ და სიყვარული ჩემი დაიმარხეს, რომე შვიდისა წლისა განვაბნიე, შენ ორმოც წელ ჩემსა ტკბილსა, მამაშვილურად ზრდასა და წვრთასა ნუ უგულვებელს ჰყოფ! რაცა ჩემგან გენახოს, იმას შეუმატე და ნურას დააკლებ! ნუ დაუყრი კართა გლახაკთა, რომე არ დაგეხშას კარი სამოთხისაო! ნუ უწყალო იქმნები ობოლ-ქვრივთათვის, რათა არა უწყალოდ შეირაცხო უწყალოთა თანა დღესა მას დიდსა განკითხვისასა! ნუ რისხავ შეწუხებულთა, რათა არ განირისხო დამბადებელი! აჰა, შვილო, დაუტევებ მე მოკლესა ამას სოფელსა და მოგათვლი ტახტ-გვირგვინთა, სიმრავლითა დაუთვალავსა. წავალ გრძელსა მას და მოუვალსა გზასა. არცა ამას გეტყვი, რომე ურისხველი იყო ბოროტის მოქმედთათვის, - მეფენი მრისხველნი უმეტესად დაამშვიდებენ ქვეყანათა, მაგრამ ზომიერ და წესიერ იყავ საქმისა ავისა მოქმედთათვის, ესრეთ შემრისხველ, რომელ საგონებელ იყო კაცთაგან ახოცად ყოველი სახსენებელი მისი, გარნა გულითა მოწყალე და მომტევებელი შეცოდებათა მისთა, რომელ არა არს კაცი უცოდველი წინაშე უფლისა და მათითა მიტევებითა შენცა ჰპოებ შენდობასა ცოდვათასა. ნუ სიმდიდრითა გარდამეტებულითა აღზვავდები ძმათა შენთა უხუცესთა, რომელ უმრწემესნი შენნი მორჩილნი გექმნან შენ. ნუ ზომისაგან მეტად აღშფოთდები ერთგულთა მონათა შენთა, უფროსთა და ამხანაგთა თვისთა ზედა, რომე სოფელი ერთსა ზედა არ დაემკვიდრების, და, როდეს სხვათა კადნიერება პოონ წინაშე შენსა, გინა ძეთა შენთა, მას ძვირი არა შეამთხვიო რა ზომისა მისისა მუქაფად. ნუ სწყალობ მოყვასთა და მეგობართა შენთა სხვისა მამულითა და საქონლითა და შენსა ნუ ზოგავ, თვარა შენ ორსავე სოფელსა საყვედარად დაგედება და მას დიდი შფოთი შეეძინება.

მე ეს ანდერძი დამიდებია, შვილო, სიყვარულისა შენისათვის და შენ, რომელი კეთილად გიჩნდეს, ის ქმენ. ამას კვალად მოგახსენებ, რომე სოფელი ასე მქნელია, რასაც ჩემზე ხედავ. ნახე, რა დიდება მჭირდა ღმთისაგან და მრავალსახედ მოწყობილი ციხე-ქალაქი მქონდა, სიტკბოებითა და კეთილ ცხოვრებითა გარიგებული. დიდებულთა ჯარნი მყვანდნენ დაულევნელი. თვალ-გვარი მეყარა, თუ უკუნისამდე გამთავებოდა. ვახ, რა ამოდ სანატრელი ცხოვრება მაქვს, თუ სხვა კიდევ სიცოცხლის იმედი მქონდესო.

დავასრულე ეს ანდერძი, დავეთხოვე მას სურათსა, კვლავ დაუთვალე მას კაცსა ათასი ფლური და გამოვედ მძულებელი და მგმობელი ამ სოფლისა. მოვედ მას ჩემსა შემწყნარებელსა კაცთანა, აგრე უთხარ: ჩემთვის მამისაგან უტკბესო და ძმისაგან უსაყვარლესო! რადგან ეს უხანო სოფელი ასე მოკლეა, რომე მდიდართაგან არ მოიქრთამების, მძლავრთაგან არ ეშინიან, მოხუცებულთაგან არ ერცხვინება, ჭაბუკი არ ეწყალება და გლახა არ ეძაგება, გრძლად სხვას ქვეყანას ყოფა არ ვარგა და გამიშვი, ნუთუ ჩემთა მშობელთა შევეყარო და მათ ჩემითა ნახვითა ვახარო, მე მათისა ნახვითა ეს მოუთმენელი სევდა დავკარგო-მეთქი. მან გამომისტუმრა ტკბილად, მამაშვილურად.

ამდენი ხანია, მოვსულვარ. ნეტამცა მასვე უცხოსა ქვეყანასა მომკვდარვიყავ და მე თქვენის ელვარის პირის მუდამ ცრემლითა ბანა არ მენახა! მაგრამ სოფელი ასე მქნელია, რომე არცა ვინ ჩვენს წინათ ყოფილა ჭირუნახავი და განსაცდელისაგან დაუცდელი და არც ჩვენს უკან იქნება. ჩვენ რადღა ვკვდებით ზომისაგან მეტად და მასვე მეუფესა არ ვეაჯებით გამოხსნისათვის?! ჩვენითა წარმართულად ქცევითა ღმერთს რას გავაკვირვებთ, თუ არ გავირისხებთო!

თქვა მეათემან ძმამან ფირან: ერთი უცხო მდიდრის ხელმწიფის გასაკვირველი განსაცდელი მინახავს თვალითაცა ჩემითა, განა მე მისსა ეჭვსა არ შევსულვარ. არცა მრავალნი უგონიერესნი და უბრძნესნი ჩემნი, ამისათვის რომე დასაბამს აქეთ არავის სმენია მისთანა განსაცდელი, არამთუ თვალით ენახოსთ; მაგრამ თვით მისივე ხელმწიფისაგან არა მარტო მე მასმია, არამედ მრავალსა სხვათა უცხოსა ქვეყანისა კაცთა და თვით მათ ერთობილთა შამელთაო.

აქა შამისა ხელმწიფის

ბარნაოზის ანბავი

კარი მეათე

იცით თქვენცა, მე დღენი ჩემნი უფროსნი შამსა შინა დამიყოფიან და მუნებურთა ხელმწიფეთა სიმდიდრე და მძლავრობა ესთენი მინახავ, რომ უდიდებულესობა აღარ იქნება პირსა ქვეყანისასა, მისი მოთვლა ძნელია, ასე რომე ნამეტნავის მძლავრობით და უსამართლობით დღემოკლენი ყოფილან: ზოგსა სამი და ზოგსა ოთხი წელი, მის მეტი არ უბატონებიათ.

დაჯდა კვალად ახალი ხელმწიფე ბარნაოზ. არის ორმოცი წელი მისის გახელმწიფების აქეთ. მან უმეტესობა მოინდომა ყოველთაგან, ასე რომე იტყვიან მნახავნი მისნი: ხელმწიფობასა შინა მისა არაოდეს მისი ფეხი მიწაზედ არ დადგმულაო და არცა ცხენისა ავჟანდათა შედგმულაო, არც მზე მისდგომია და არც ნამი წვიმისა დასცემიაო. და მე თვით თვალითა ჩემითა მინახავ, რომე მხეცთა სროლად, გინა ლაშქართა აღლუმისა ნახვად, გინა აბანოშიაც წასულიყოს, მაშინც გვირგვინოსანი ტახტსა შვენიერსა იჯდის, დიდებულნი და თავადნი უსხდიან, ეგრეთ აროინებდიან. ხელმწიფისა სასახლით მოკიდებული აბანოს კარამდი ორპირად ასეთი ხევნარი იდგა და შტო შტოში გაბანდვით ასერიგად მორთული ჰქონდა, რომ, ათასი წელი ეწვიმა, შუაზე წვიმის ცვარი არ ჩავარდებოდა, არამთუ მზე მისდგომოდა. და თუ სხვაგან სამ წავიდის, კარავი იყო ისრე გაკეთებული, თვალითა და მარგალიტითა შემკობილი, რომ წვიმა და მზე მაში მყოფს უფრო ვერ მიეკარებოდა. იმას დასდგემდიან და ისე დიდებულნი აროინებდიან.

ესეც მინახავ თვალითა ჩემითა, რომ, მას ხელმწიფესა რაც ცხენი, ჯორი და აქლემი ჰყვანდა, ყველას ოქროს ნალი ეკრა და, ოდეს დაძველდის და ანუ ცხენმა გააგდის, ვინ შემძლებელ იყო მისის ხელის ხლებასა! განა ვინც იპოვნის, ხელმწიფისა სალაროში მოიტანიან. და ერთი ცამდი მაღალი კოშკი ნალფარითა სავსე იყო და ვერაოდეს მას გლახა ვერასა სთხოვდა, ვერცა მდიდარი სიტყვასა ვერას დაჭირებისათვის ვერ შეჰკადრებდა. ესეც გამიგონია პირისაგან მისისა, რომელ, ღმერთი რომ მეწვიოსო, ჩემის ცხენის ნალფარით გავისტუმრებო, და ეს ვერავის უთქვამს: მძიმე არის სიტყვა ეგეო და ნუ ბრძანებო.

დაყო ამისთანას ცხოვრებით ოცდაათი წელი. რა ოცდაათი წელი გავიდა, დღესა ერთსა ჩვეულებისაებრ ხელმწიფემან აბანოს წასვლა ბძანა. იბანა და გამოვიდა. რაღაც ბრძანება ღმთისა იქნა, მაშინვე მოაღებინა ის ტახტი-გვირგვინი, დაალეწინა, დააძახა გლახებისათვის და მათ გაუყო. ამ საქმესა მე თვით იქ დავესწარ, რომ უკვირდა ყოველსა კაცსა და კიდეც უმძიმდა მის სასახელოსა ტახტ-გვირგვინისა დალეწა და გლახაზედა წაგება. ეტყოდენ ერთმანერთსა: თუმცა გლახათათვის მისაცემელი უნდოდა, განა სხვას ვერას უშოვებდა, რომ ამისთანა უცხოდ თვალ-გვარით შემკობილი იარაღი არ წაეხდინაო! მაგრამ მასთან კადნიერება არავის ჰქონდა არაოდეს და ვერცა რა ვინ ჰკადრა სიტყვა ერთი დასაშლელი.

ამასობაში ერთი შიშველი გლახა ვნახეთ, რომ შიგნით აბანოს კარში ეგდო, ახალ თავმოპარსული; ახალ აბანოთ გამოსულსა გვანდა; ოღონც ერთი ფუტა ეკრა, თვარა არცა რა თავს ეხურა და არცა რა ტანს ეცვა. არცა რა ხელმწიფემ მისცა და არცა ვინ სხვამ ერთი ფული მიაძლივა, არც არვინ ესე თქვა, თუ: რადგან ქვეყანის გლახა აქ მოვაწვიეთ და ამდენი ფასდაუდებელი თვალ-გვარი გაუყავით, ესეც გლახაა, ამასაც რამ მივსცეთო.

ცხენი ითხოვა ხელმწიფემა. მასვე წამსა წინ მოუყენეს. გამოვიდა, შეჯდა ცხენსა და უბძანა: კაი ამ ხევნარსა, აწვე ჩაკაფეთო! წაუშინეს ყოველმა კაცმა და ეს სასახელო ხეები ასრე დაჭრეს და გარდაყარეს, რომ ნაალაგევიც აღარ ეტყობოდა. და გასცა ბძანება, რომ დღეისთგან გლახას ნურავინ დაითხოვთო, სადაც უნდა მოვიდესო. მოჰყვა მის დღითგან და ასეთი მოწყალება, მოსამართლეობა და სიუხვე დაიწყო, რომე არცა სხვასა სმენოდა მის ქვეყანისა კაცთა, არამთუ ენახათ. მე დიდად მიკვირდა, მათ გაღანამცა გაუკვირდებოდა.

დაყო წელიწადი შვიდი მან ხელმწიფემან ამ ცხოვრებითა და მან გლახამან იმ ყოფითა, რომ მას გლახასა ის ფუთა არ გაუცვდა და არც ხელმწიფემან აღირსა გაკითხვა, არცა ვინ სხვამან არას ნივთისაგან მისი მოწყალება არ ჩაუშვეს. ვერც ერთს ლუკმას პურს ქალაქში იშოვებდის. თვარა ხელმწიფის კარზე ვინ მოუშვებდა? ეგდის სულ მოედანში ზამთარ-ზაფხულ, რომ მისი უსაწყლესი არა ინახოდა რა. ხელმწიფე ლხინობდა, შეექცეოდა, ნადიმობდა, ნადირობდა, ბურთობდა, გასცემდა მდიდართა და გლახაკთა ზედა ამდენსა, რომე ნალფარის კოშკი არა და მრავალი სხვა ციხე და კოშკი დასცალა გლახაკთათვის; ის კარავიც ღმთის კაცთ მისცა მსხვერპლის შესაწირავად; არცა ტახტითა იარებოდა, არცა გვირგვინსა ირქმიდა. თუ უცხო სტუმარი ვინმე მოვიდის ანუ კაი დღე დიდს მეჯლიშში იჯდის, მაშინ ხელმწიფურად მოერთის, თვარემ უმისოდ სოფლის საქმეს გააგებდის და უწესოთა საქმეთა აძაგებდის. ყოველთა სიტკბოებასა და ღმთის სიყვარულსა, სამართლისა უტყუვრისა ქნასა ამცნებდის. შეჯდის ცხენსა და მოიარის ქალაქი, ნუთუ ვინმე ანუ გლახას აჭირვებდეს და ანუ ერთი მეორესა მძლავრობდესო. ასე გახადა მისი საბრძანებელი, რომ, ერთს გლახას თვალ-მარგალიტითა სავსე ტაბაკი სდგომოდა, სულ ის ქვეყანა შემოევლო, ხმას ვერავინ გასცემდა, არამთუ ძალით ერთის ფულისა რამ წაერთმევინა; ვერც არავინ უნებურად ერთიმეორეს მძინარეს გააღვიძებდა. მე ესრე დავაგდე ის ქვეყანა, რომ მეტის მყუდროებით თხა და მგელი ერთად სძოვდა, მაგრამ მის გლახისა ესეთი გაუკითხაობა ყოველს სულს უკვირდა.

აწ კიდევ ვიყავ შარშანს წინათ ჩემთა მეცნიერთა კაცთა თანა და ხელმწიფესა ეცნა ჩემი მისვლა და კაცი ებოძა: მიამა დიდად, რომელ კიდევ ჩვენის ქვეყნის სანახავად მოხველო, და მოდი, მნახეო! წავედი. რა ხელმწიფემან მნახა, უმდაბლესად და უტკბოსად დამხვდა, კვლავინდლისაგან უფრო ახლო დამისვა და პატივითა მომეპყრა. მოედანში მეჯლიში გამართა და დიდი პურობა შეიქნა და მხიარულმან ხელმწიფემან მდაბლად უალერსა დიდებულთა და მეც მათ ვახლდი. გასცა ყოველთა ზედა. მათაც დალოცეს ხელმწიფეთა საფერითა ლოცვითა. მერმე ზმა შექმნეს და ხუმრობა. ამასობაში მიხედა ღმერთმან მას გლახასაცა და ხელმწიფემან თავისისა ფირუზის ბარქაშით საჭმელი უბოძა ერთსა მონასა: ეს იმ შიშველს გლახას მიუტანეო. მან მონამან წაიღო და ამდენი არ აცალა, ან ერთი ლუკმა შეეჭამა და ან დაჯდომილიყო და იმ ფუტის კალთაში ჩაეყარა, ის თავს დააყარა და ლანგარი წამოიღო. გაგვიკვირდა ყოველთა, ერთმანერთს ეგრე უთხარით: ღმერთო, დიდად რამე შემცოდეა ეს გლახა ან ღმთისა და ან ხელმწიფისაო, რომე ყოველი გლახა გამდიდრდა და ტყვე განთავისუფლდა და ეს მონათაგანცა უხოიშნოდ ქმნილაო. ის დღე ის იყო და იგი გლახა ვეღარა ვნახეთ ვერაოდეს ვერამ სულიერმა.

დავყავ კიდევ ხუთი თვე მას უკან, რომე უმეტესად მოსამართლეობდის და მოწყალეობდის ხელმწიფე, დღეყოველ უანგარიშოსა გასცემდის, ვეზირნიცა წესისაებრ სიტყვისა მკადრე იყვნენ და დიდებულნიცა ზომიერსა მოახსენებდეს, რაცა მათგან ჰხდებოდა, და მე დავეთხოვე წამოსასვლელად. მიბრძანა: დღეს კიდევ ჩემთან ლხინი ნახეო და ხვალ წადი და ღმერთმან მშვიდობის მგზავრობა მოგცესო! ვეთაყვანე, გაღანამცა დავდექ! ჩემის გულისათვის კვალად მოედანში დაჯდა და მასთან ჭამის ღირსი ყველა აწვია. ოდეს დავსხედით, ორნი ვინმე გლახა მოვიდეს სხვას უცხოს თემისანი. ხელმწიფემან ტანს დამოსნა და, რისაც ზიდვა შეეძლო, უბოძა. ვეზირთა გაიცინეს და ეგრე თქვეს: ამ გლახათ ბედი სჯობნებია მის შიშვლის გლახის ბედსაო. ხელმწიფემ უბძანა: რა ნახეთ ჩემგან უწესო, რად გამკიცხეთო? იგინი შეშინდენ და ფიცი გაჰპირეს. ხელმწიფემ უბრძანა: არა მრავალჯერ მითქვამ თქვენთვინაო, რომე, თუ რამ უწესო ნახოთ ჩემგან, მწვართეთო?! მე ეგ არ მეწყინება, დიდადაც დაგიმადლებ, თუ მართალს მეტყვითო.

რა ხელმწიფისაგან ამისთანა სიტყვა გაიგონეს, ზე ადგა უფროსი ვეზირი და მოახსენა: დიდსა ვიკადრებ, მეფეო, თქვენსა წინაშე, მაგრამ დამალვა აღარა ჰხდება, რადგან თქვენი ბრძანებაც არი, მოგახსენოთ. ჯერ თქვენ არა მარტო, თქვენთა ჩამომავალთაგან მძლავრობითა და უსამართლოობით იყო შეძრწუნებული ქვეყანა, მერმე მის უწყალოების პატრონმა აბანოში უცხო სიმდაბლე და მოწყალება ისწავე, რომ არას ბრძენთა და მონახულთაგან ანბადაც არა გვსმენოდა, თვარა თვალით გვენახა; მაგრამ მის ერთის შიშვლის გლახისა ჯავრი რამ გჭირდა თუ ადრინდელი რამ უწყალობა დაგრჩომოდა, არაოდეს არ გაიკითხე, არცა მისი სიბრალული გულში ჩაუშვი. ერთხელ საჭმელი უბოძე და ისიც თავზე დააყარეს. ნეტამც ის აგრეც ეჭამა და ისე წასულიყო და თქვენის კარით ისე უხოიშნოდ გამხდარი არ გაბრუნებულიყო! ვინ იცის, საბრალო მოკვდა, ნადირმა შეჭამა თუ ფრინველმა, რა იქნა, მას დღეს უკან ვეღარავინ ვნახეთო.

გაიცინა ხელმწიფემან და აგრე ბრძანა: ყური მომიგდევით და მის გლახის ანბავს ყველას გიამბობო. რა ხელმწიფემ ეს ბრძანა. ყველამ სული დაიღო; ეგონათ, თავს იმართლებსო და გლახას გაამტყუნებსო. ბრძანა ხელმწიფემან:

როდესაც ჩემთვის მოსაქცეველად და ცოდვათა ჩემთა თვალით სახილველად აბანოში შეველ, ვიბანე და გამოველ, ლოგინთა ჩემთა მივმართე მოსასვენებლად, ვნახე, რომ ჩემს ქვეშაგებში ხელმწიფე წვა ჩემგან უშვენიერესი და უბრწყინვალესი. მე აუგისათვის ჩემისა ვეღარა ვთქვი, თუ ვინა წევს-მეთქი. მას ჯარი შემოეხვია. ის მიიჩნიეს ხელმწიფედ და მე დავრჩი გლახად მის ერთითა ფუტითა. რაღას ვიქმოდი მის მეტსა, ვაქებდი და ვადიდებდი ღმერთსა და ამას ვიტყოდი: დიდება შენდა, ღმერთო! თუ მადლი მეპოვნა წინაშე შენსა, არამცა მომევლინებოდა ესევითარი განსაცდელი, გარნა ღირსვიყავ ღარიბობასა და არა ხელმწიფობასა-მეთქი.

მის დღითგან ზოგს კი ხედევდით ჩემსა ცხოვრებასა და შვიდი წელიწადი ასეთის ყოფით გამოვიარე, რომე, თუ ხაბაზს მიუდგი - თავი დამამტვრივიან, თუ მზარეულსა - მდუღარე ნახარში დამასხიან, თუ სოფელში წავიდი და ან მოქალაქეთა ვისმე მიუდგი - ძაღლები მომიტივიან; ვერსად ერთი წუთი და წამი ვერ შევისვენი. მოვიდი ამავე მოედანზედა და თვალი ამაზე მეჭირის, ეგება სუფრის ნაბერტყი სადმე ვიპოო და ის აგრეც ვსჭამო-მეთქი. როდესაც სუფრა დაბერტყიან, ძაღლები რომ მიეხვივნიან, მეც მივიდი, ასეთი შემომყეფიან, რომ შიშით ახლო ვერ გაუარი, მათი ამხანაგობა და მათთან პურის ჭამა არ მეღირსისო. თუ სადმე მათაც გარდარჩის და მათი ნამცეცნი ვიპოვი და შევჭამი, მით მოვიბრუნი სული, თვარა ვერავისგან ამდენი მოწყალება ვერ ვიპოე, ან ზამთრის ერთი წუთი სართულს ქვეშ შემესვენა და ან ზაფხულის ერთი ჟამი ხეს ქვეშ დამეყო. ზამთრის ყინვისაგან ყავარსავით დახეთქილი იყო ჩემი ხორცი და ზაფხულის სიცხისაგან - შემწვარი. არაოდეს ჩემს გულში ამან არ გაიარა, თუ მე ამ ქვეყნის ხელმწიფე ვიყავ და ჩემთა მონათაგანცა რად ასე უწყალოდ გავხეო. არცა რა მის ხელმწიფისა შესაგმობი და შესაშურვებელი რამ იყო ჩემსა გულსა, ოღონც ჩემს თავს ვგმობდი სიმდიდრეში უწყალოებისა და ამპარტავნობისათვის და ღმერთს ვადიდებდი სამართლისა მსჯავრისათვის.

მას დღესა, ოდეს ხელმწიფემ შემიბრალა და ჩემმა გასდილმა ნასყიდმა მონამ ამისი აჯა არ გამომართვა, რომ იმ ფუტის კალთაში აგრეც ჩამეყარა და აგრე მითხრა: შენ ღმთისაგან და კაცისაგან საძაგელო, ღირსხარ ამის დანახვასაო, რომ ხელთ მოგცეო? ასწივა და თავს გარდმომაყარა, მაშინ უფრო მივხვდი ჩემს ცოდვასა და უსჯულოებასა და ასე უთხარ თავსა ჩემსა: ვაი შენ, ბარნაოზ, რა მართლა გითხრა ამ ჭკვიანმა კაცმა უჭკოსა და უწესოდ მქცეველსა, რომ ღმთის და კაცთა საძაგელი იყავ და მეფობისა უღირსი და მისთვის მოგაგო ღმერთმან მართლა მოსაგები, რომე შენგან ნასყიდნი მონანი საძაგელებასა გაყვედრებენ და შენი ძაღლნიცა არ შეგიწყნარებენ, თვარა, თუ კეთილი რამ გექნა, აქამდი ძაღლთა სასვარიცა ოქროსი გქონდა, ახლა ამის ხელის ხლებას რად არა ღირსხარ-მეთქი?! ვიტირე ამდენი, რომ ჩემის ცრემლით გავირეცხეო.

როდესაც ტირილი მიმჭირდა და მომეწყინა, წაველ, აბანოს ერთს კუთხეს მოფარებით მივეგდე: არავინ დამინახოს და აქეთაც არ გამაგდონ-მეთქი. მას ღამესა იქ ვიყავ. რა დილა გათენდა, ხელმწიფე აბანოში მოვიდა. ეს არ ვიცი, სიზმარი იყო თუ ცხადი, მოვიდა, თავს დამადგა და ეგრე მიბძანა: შვილო ბარნაოზ! აქამდის შენად საწვრთნელად შენად სახედ მე დამადგინა უფალმან და შვიდი წელიწადი მე ვიხელმწიფე და შენ იღარიბეო. აწ, რადგან შენ მაგისთანას განსაცდელს შეუბრკოლებლად დაუთმე, რომე არა ცოდვა და გმობა შენის გულით არ გამოვიდა და არც პირმან შენმან თქვა ბოროტი არარა, მაგისთვის მოგიტევა ღმერთმან შენი პირველი შენაცოდარი, შენსავე სამეფოსა ზედა მტკიცედ დაგადგინა. აწ გაუფრთხილდი სოფელსა ამასაო და ნუღარასა სცოდავ წინაშე უფლისა შენისაო.

მე შეუვრდი ფერხთა მისთა და ვევედრე ცრემლითა მწარითა არა ყოფისათვის კვალად მეფობისა: თუ შენდობა მაქვს შეცოდებათა მათ ჩემთა, ნუთუ არღარა დავისაჯო მერმესა მას სოფელსა დაუსრულებელსა-მეთქი. იგი არა მომეშვა სიტყვათა მათ ჩემთა და აგრე მითხრა: უკეთუ არა კვალად ცოდვათა შინა შთავრდომა გინდა, ნუ უარყოფ მცნებათა ჩემთაო და, რაცა ჩემგან გენახოს, მას იქმოდიო! გათავდა სიტყვა ესე. ოდეს ავიხედე, არა გარეთ ვეგდე, არცაღა ხელმწიფე იყო ჩემდა მბრძანებელი, მე მარტო ლოგინთა ჩემთა ვიწევ და მსახურნი ჩემნი თავს მადგენო.

რა მათ ვეზირთა და დიდებულთა მის ხელმწიფისა ბრძანება მოისმინეს, დაეცათ დიდი ზარი და შიშითა პირი სანდალოზის ფერად გაუხდათ. დაცვივდენ პირსა ზედა მიწისასა და ვეღარა ეძლოთ ზე ახილვად და ვეღარცა რასა სიტყვის თქმად. ძრწოდეს საწყლად და ტიროდენ. რა ხელმწიფემან მათი ისე შეშინება ნახა, შეებრალნეს და ეგრე უბრძანა: ადექით, შვილნო და ძმანო ჩემნო, ნუ გეშინისთ ჩემგან და ნურცა სიგლახაკისა ჩემისა ზარი გაძრწოლებსთო! ტიროდა მდუღარისა ცრემლითა და ამას იტყოდა: ახლა ვარ გლახაკი და ცოდვითა მწარითა შებღალული, თვარა მაშინ მდიდარი ვიყაო, როდესაც მოხედვა ყო ღმერთმან ჩემზედა, სინანულად მომიწოდა. აწ ნუ სწუხართ ჩემისა უწყალოდ გახდისათვინ! არა თქვენგან იყო, არამედ უფლისაგან ჩემისა მცნებისათვის ცოდვათა ჩემთასაო. აწე აღდექით და ყოველნი ღმერთსა ევედრენით უცოდველად დაცვისათვის და მოტევებისათვის ცოდვათა ჩემთასაო და ადრე გარდაცვალებისათვის სოფლისაგან, რომე არა კვალად ჟამთა სიგძემან შემამთხვიოსო მასვე ბრძოლასა ჩემსაო. ამის თქმაში მისი უბე-კალთა ცრემლისაგან დაილტობოდა.

ადგენ ყოველნი და შენდობა ითხოვეს. მან კვალად მდაბლად ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინი სცა, კეთილად შეიწყნარა, გასცა კვალად უანგარიშო მდიდართა და გლახაკთა ზედან; მეცა მრავალი მიბოძა, ზომის მეტად. წამოველ და მოველ მშვიდობით.

აწ ამად მოგახსენე, რომე, თუ შვიდი წელიწადი მისთანასა ღარიბობასა მისთანამა მძლავრმა და მაღალმან ხელმწიფემან დაუთმო, რომე თვისითა თვალითა ხედევდა მისსა მორჭმა-დიდებასა სხვათა ხელში და მისთა ნასყიდთა მონათგან გაკითხვა არ ეღირსებოდა და არცა თავის სიმდიდრესა ჰკვეხდა და არცა მათსა უწყალოებასა აძაგებდა და თავსა ედვა მდაბლად და მყუდროებით, შენ რად არ დაუთმობ მცირესა მაგას განსაცდელსა და არა დააცადებ მოწევნად მრავალსა კეთილსა, რომელი განუმზადებია შენთვის ღმერთსო?

მართ ამაზედა მოვიდა ანბავი მის უსწოროსა ჭაბუკისა ფრიდონისა, მოყვასთა მისთა გასახარებელი და მტერთა შემაძრწუნებელი და მოართვეს რუსუდანს, ორთა სენთაგან დამძიმებულსა, საკვდავად მიწურვილსა, ნაწერი ძისა მისისა.

აქა წიგნი ფრიდონისა დედას თანა მიწერილი

პირველად სახელი ღმთისა მოწყალებითა და ყოველთათვინ ტკბილად მხედველობითა ედიდებინა. მერმე ესე, ვითა: თქვენის გაყრისა და აზომსა ხანსა შორს ყოფისათვის დიდად შემჭირნე და ადრე თქვენის ხლება-სამსახურის მოსურნე, თქვენის ცრემლითა რჯულწმინდა და ლოცვათა შინა ღამეთა თენებითა ზღვისა ღელვათაგან დანთქმისა და მძლავრთა ქართაგან აღტაცებულისაგან გამოხსნილი, მონობისაცა თქვენისა უღირსი, თქვენგან სიყვარულითა ფრიდონ ხმობილი და ამ უსწოროს მაღლის ხელმწიფისაგან მეფობისა სახელსა ღირსქმნილი ძე თქვენი სიყვარულითა თქვენითა ვითამცა ყვავილი სიცხისაგან დამჭკნარი და ვითამცა ცვილი ცეცხლისაგან დამდნარი, ვიკადრებ შიშითა დიდითა და კრძალვითა, დედაო დედოფალო და ბანოვანთა ყოველთა მიღმა მაშვენებელო და უთავადესო, სხივციმციმკრთომით მზისაცა უბრწყინვალესო, ღმთის საყვარელო და მცნებათა მისთა და სათნოებათა კეთილად შემწყნარებელო, მისგან ყოველთა კეთილთა უხვებით მომღებელო, ამ სოფელს სულით და ხორცით გაბრწყინვებულო, ქებისაცა უმეტესო და ჩვენისა ჭირთა განთავისუფლებისათვის ტკბილსა მას მეუფესა წინა შუამდგომელო თქვენს წინა ქვედავრდომით პირმიწაგაერთებასა და აჩდილისაცა თქვენისა თვალთშედგომისა შეუძლებელობასა, ამად რომე მე უღირსმან უწესოდ მოვიღე თქვენს წინა მეფობისა ჩემისა სახელი და არა მეფედ ყოფა პატრონისა მამისა ჩემისა მოგახსენე. მაგრამ იცის დამბადებელმან, არა ჩემითა ნებითა და არცა სიკეთისა და სამსახურისა ჩემისა გამოჩენისათვის მიქნია ესე, განა სიკეთისა და ახოვანებისათვის დიდად საყვარელად ხედავს ზეშთა აღმატებული ხელმწიფე და არ მოიშორებს წამსაცა ერთსა. აწ ფარმანის მთხოელი თავითგან მოგახსენებ ჩვენსა ანბავსა.

რა თქვენ გაგეყარე, წყალობითა ღმთისათა და ბედითა თქვენითა კარგი ეტლი წამოგვიძღვა. ვიარე ამოდ და ნებისად ჩემისად. რა მიესმა ჩემისა მისვლისა ანბავი ხელმწიფესა, გახარებოდა სიხარულითა დიდითა; ვითაც მოუკლებელი წყალობა სჭირვებოდა პატრონსა მამასა ჩემსა, უმეტესობა მიეცა და მრავალი სხვა შეემატებინა. ჩემთვის ერთი დიდებული კაცი ებოძა და ცხენი ბედაური, ტურფითა აკაზმულობითა. მოვეკითხე მდაბლითა სიტყვითა და სისწრაფე ებძანა შეყრისა ჩემისა. წამიძღვა კაცი იგი და მის დღითგან დღე აღარ წავიდა ასეთი, რომე სიმდიდრისა მისისა საფერი საბოძვარი არ მომივიდის ხელმწიფისაგან. რა მიველ, მომეგება ეზომი მრავალი დიდებული, რომელ ასე ვთქვი: ჩავარდი ზღვასა მღელვარესა და ვინ შემძლებელ არს განსვლად ამისგან-მეთქი?! განა არა მომეგება მამაჩემი და მისგან უფრო შევშინდი, რომელ მისი მოწყალება ჩემზე ვეღარა ვნახე. არც წამი შემასვენეს. მიმიყვანეს მას ქვეყნის მპყრობელსა და შემხედველთა შემშინებელსა ხელმწიფესა წინა. თაყვანის ვეც და მიწასა ვემთხვიე. რა შევხედე, რომ მამაჩემი მარჯვენესა მხარსა ჯდა და ვერც მე თაყვანის ვეც და არცა იგი მომესალმა, უმწარესი ზარი დამეცა და ასე ვთქვი: თუ მამაჩემი ასე დაიპყრა ამისმა მძლავრებამა, რომ შვილის მიხედვად ვერ შემძლებელ არს, მე რაღა მიხსნის ამისის ჭანგისაგან-მეთქი?! მაგრამ ღმერთმან, მწუხარეთა მლხენელმან, ტყვეთა განმათავისუფლებელმან, გული მისი ესრეთ მოალმობიერა და ესეთითა თვალითა და გულითა მომხედა და აზომსა დიდებასა და პატივსა ღირსმყო, რომელ არაოდეს ჩვენთა გვართა და ჩამომავალთა ესდენი წყალობა არა სჭირვებია. დღეყოველ და ჟამმოუკლებლად მიბოძის უანგარიშო, რომელ ტურფათა არმაღანთა მოცემასა მოსვლისაგან აქამდინ არცა რიცხვი აქვს და არცა შეგება, წერით თავს ვერ აუვიდოდი.

აქამდისი კაცი ამად ვერ გაახელ, რომელ გამოშვებასა არ მიპირობდა და საქონლისა სიმრავლითა თქვენ ვერას გარგებდი. აწ დაუწყო პატრონმან მამაჩემმან ლაპარაკი: ნუ მიზამ, ჩემს გვარს იამანეთში ნუ ამოაგდებო, თვარა შენისავე ტახტისა შეძაბუნება იქნებაო, ჩემი შვილი გაუშვიო! მოგვხედა ღმერთმან წყალობითა და უქცია გული ხელმწიფესა და მიბოძა ყოველი იამანეთი ყოვლის კაცისაგან უსარჩლოდ და უცილებლად და გარემოთა ყოველთა მათის ტახტისა მოსავთა უბძანა სიტყვისა ჩვენისა მორჩილება და ჩვენ გვიბრძანა მათზედ უმეტესობა და ჩვენსა ნებაზედ მათი ყოფა. მეცა ადრე მოსული ვარ წინაშე თქვენსაო, ნუღარა ჰკვნესი სიშორითა ჩემითაო!

რა ეს ანბავი ესმა რუსუდანს და თვით ძისა მისისა ხელითა ნაწერი ნახა, გაღანამცა გამხიარულდა და ჭირი მისი მძიმე შესუბუქდა და მშობელნი და ძმანი მისნი ორწილ გამხიარულდენ: ერთად მისის მოლხენისათვის და მეორედ მისის გამოხსნისათვის და ფრიდონის გახელმწიფებისათვის. იყო კაცთაგან სახილველად ლხინი და განსვენება და იდუმალ ლოცვა და ვედრება და ღმთის მადლის მიცემა უდიდესი. იყვნენ მოლოდინსა ლხინსა შინა.

რა მო და მოეწურა ზედაზედა სიხარულისა ანბავი შვილისა, რუსუდანს თვალთა ჩენა მიეცა და ყურთა სმენაცა შვილის მოლოდინისათვის, განა გული მისი კიდევ მჭკნარი იყო საყვარელისა საგონებელითა. იყო დღეყოველ ლხინი სულ იამანეთში და სუროდა ყოველთა შეყრა ფრიდონისა და უხაროდათ მეფობა მისი.

ეტყოდენ მშობელნი და ძმანი რუსუდანს: ყოველი ქვეყანა იხარებსო ამბავსა ამას განსაცხრომელსა ზედა და შენ არა სიხარული გეტყობა ამისგან კიდე რომელ არა ჰკვნესი სნეულთა წესითა. ვიცით ჩვენცა, რომელ მანუჩარის გაყრა შენგან მოუთმენელია, განა ესეც დიდი წყალობა არი ღმთისაგან, რომე საშინელისა ზვავისაგან ეს გამოიხსნა და წყალობითა ღმთისათა მისიცა მოლოდინი გვაქო. რუსუდან ეგრე თქვა: არა, ძმანო საყვარელნო და ჩემისა საქმითა თქვენ უმეტესად დარჯილნო! მე დიდად ვმადლობ უფალსა, თუ უღირსსა ამას ღირსად გამომაჩენს და ფრიდონს კვლავე მაჩვენებს. სხვასა არას ვღირსვარ და არცა შემძლებელ ვარ თხოვად სხვასა წყალობასაო. თუცაღა მიბძანებთ, თუ გულითა არ იხარებო, მე უკეთესსა სიხარულსა რაღას ველი ღმთისაგანო, რომ ახლა არ ვიხაროო?!

იყვნენ მოლოდინსა და მზადებაში. დღესა ერთსა ერთად სხდენ ძმანი და მშობელნი რუსუდანისანი და უამბობდენ თავის გარდასულობასა და მათგან თავმოძულებასა სიტყვითა. რუსუდან ეგრე უთხრა უმრწემესთა ძმათა: ეს ჩემი პატრონი და უხუცესნი ძმანი ამდენს დავსაჯეო, თქვენ რად აღარა მიამბეთო? მათ ეგრე თქვეს: ჩვენ აგეთსა ალაგსა არა ვყოფილვართო, რომ თქვენი მოსახსენებელი რამ გვენახოსო, და ცუდი სიტყვა თქვენს წინ არ იკადრებაო. რუსუდან ეგრე უთხრა: თუ გარდასრულთა ჭკუათა მოსასვლელი არა იცოდით რაო, აწ მოლხენითა შესაქცევარი რამ გეცოდინებათო. მაგას არა ვიქ, თქვენი ნასმენი და ნახულიც არ მიამბოთო.

როსტევან თქვა: მეც ამისგან კიდე არა ვიცი რა, რომე ხელმწიფეთა ნათესავთა ჭირი და სიღარიბე მრავალი გარდაუხდია და კიდევ მრავალნი გარდიხდიან, მაგრამ ღმერთი ბოლოს მათ გვარისშვილობას არ დაკარგავს, ვითა დელემ მეფისა ძეთა არ დაუკარგაო.

აქა ხაზართ მეფის ანბავი და სამთა

ძმათა დელამთ მეფის ძეთა

კარი მეთერთმეტე

მე ოდეს ხაზარეთს მიველ, ვნახე ხელმწიფე ნასრი. სიმაღლეთა და სიდიდებულეთა მისთა რა მოთვლა უნდა?! იცის ყოველმან კაცმან და უფროსიცა პატრონმა მამაჩემმან მის ქვეყანისა სიმდიდრე და მშვენიერობა. რაღა თქმა უნდა?! განა ესეთი საქმე მინახავ და მას მოგახსენებ.

დღესა ერთსა სევდა რამე შემომაწვა მშობელთა მოშორებისათვის და ცოტაღა დამიკლდა სულთა გაყრასა. მერმე გულივე გავიმაგრე და თავსა ჩემსა უთხარ: რა დროს ყმაწვილური გულის სიჩვილეა, რად მოჰკვდები-მეთქი?! უცხო ქვეყანაა, მიდექ-მოდექ, ეგება უცხო რამ ნახო და უკუიყარო-მეთქი. ავდექ, დავიწყე ქალაქში სიარული და ბევრი უცხო რამე ვნახე, ზოგი გასაკვირვებელი და ზოგი გასამხიარულებელი.

ვნახე ერთი დიდი, დიდებულთაგან უმეტესად შემკობილი კარი. მრავალი ჯარი იდგა მას კარზედა, რომე მართ ხელმწიფის ჯარს უდარებდა, და ვიკითხე მისი ვინაობა. მათ მითხრეს: ყადი არიო, ამა ქვეყანის მოჩივარი ყველა ამასთან მოვა და იგი იქს სამართალსაო. ვთქვი გულსა შინა: ბევრს სასაცილოს რასმე იტყვიან იქი, წავალ, თამაშასა ვნახავ-მეთქი. მიველ საყურებლად.

პატა ხანი გამოვიდა. სამნი უწვერულნი ვაჟნი მოასხეს დიდვაჭართა ასეთნი, რომელ მათ უამესნი კაცთა ტომნი მას ქვეყანას არ მენახა. ის დიდვაჭარნი აქლემსა სწამებდენ მისის საკიდურითა და ის ვაჟნი ესრეთ შეუპოვრად იყვნენ და მხიარულად, რომელ ვითამ ნადიმად მსხდარიყვნენ.

მივიდნენ. ვაჭართა ასე იჩივლეს: ბედნიერმა ყადმა ჩვენი საჩივარი გაიგონოს! ჩვენ აქლემი დავკარგეთ, ამათ მეტ კაცს ის არა ჰყავსო, ასეთი ნიშანი თვით მაგათისა პირით გაგვიგონიაო. მერმე უთხრეს: აწ თქვენ თქვითო, თუ რა უყავით ან როგორ მოიპარეთო. მათ არ დაიჩოქეს და არცა რა თავს შეიდვეს ამისგან კიდე, რომე, ვითა თავისა ყმასა, ეგრე უბძანეს ყადსა: მაგ ვაჭართა ეს ჰკითხეთ: ბევრი ჯარი გვახლდა და მათის სიმრავლით ვერ იპოვნეს, თუ აქლემის სიმრავლით ვერ გამოარჩიეს თავისი აქლემიო? ჩვენ სამნი ძმანი ასე მოვდიოდით, როგორცა გვხედაო. კაცი არა გვხლებია, რომ მისის ხელით სადმე გაგვეგზანაო, და სხვა კაცი არავინ შემოგვყრიაო, რომ მიგვეყიდაო. ღმერთმან კი იცისო, რომ თვალით არც კაცი გვინახავს, არც აქლემიო, სანამ ეგენი არ მოდიოდენო, და, რომ კიდეც გვენახაო, ამისი სამართალი ქენიო: აკიდებულს აქლემს ვერ ჩავთქევდით, უბეში ვერ ჩავისვემდით და ჯიბეშიაო და რაში დავმალევდითო? მათ კაცთა ასე თქვეს: ეგ ჩვენც ვიცითო: ზოგმა წინ მოუარეთო, ზოგმა უკანაო, მაგ სამის კაცის მეტი არავინ გვინახაო, მაგრამ, რაც ჩვენს აქლემს ეკიდა, მაგათ რა იცოდენო? რომ ამბობდენო, ჩვენ ზედ მივესწარითო.

ყადმა უთხრა მათ ყმაწვილთა: თუ არ ნახეთ, რით შეიტყევითო მის აქლემის საქმეო? მათ აგრე თქვეს: აგრე ოხრის ქვეყნისანი არა ვართო, რომ აქლემი არ გვენახოსო. ჩვენ გზას მოვდიოდითო დამაშვრალნი და მოწყენილნიო. უფროსმა თქვა: დიდს მინდორში მოვდიოდით, კაი მწვანე იყო და აქლემის კვალი ვნახეო. მე ვთქვი: აქ აქლემს გაუვლიაო, ცალი თვალი ჰკლებია და ერთი კბილიო. ამ ჩემმა ძმამ მითხრა: დასტურია ეგე და ცალგნით ერბო ჰკიდებია და ცალგნით - თაფლიო. უმცროსმა თქვა: ყველა მართალია და ორსული დედაკაცი მჯდარა ზედაო. ამასობაში ესენი წამოგვეხვივნენ: თქვენ იცით, მოგვეცით, თორემ დაგხოცთო! ღმთითა და თქვენის ბედითა ამათგან დახოცისათვის არ შევშინდით, - არც ჩოხა გვცმოდა, თვარა იარაღი კი არა გვქონდა რა, - მაგრამ ამათგან ქურდობის შემოწამება და ამისის სამართლის შეუტყობლობა დიდად აუგად დავინახეთ, მე ასე უთხარ: ძალას ნუ კი ეცდები, თორემ, ვეჭობ, თავი დაიზიანო-მეთქი, და, სადაც გინდა, მე მაგის სამართალში მოგყვები, რომ ამ ცარიელა მინდვრის მეტი არა მენახოს რაო. თქვენკენ გამოგვწიეს - ყადთან წავიდეთო - და მოვსულვართ. თუ ჩვენ ამისი მქნელნი ვართ, რაც ქურდის წესია, ის გარდაგვახდევინეთო, თუ არა და - უბრალოს ცილის წამებისათვის ამათ რომელი უჯობს, თქვენ იცითო.

ყადმა უბძანა: რით შეიტყევით ეგეებიო, თუ თვალით არა ნახეთო? უფროსმა თქვა: წეღანაც მოგახსენეო და - ბრმა არა ვარ, აქლემის ნაფეხვარი ვერ მეცნაო, და თვალისა და კბილის კლება ამით შევიტყეო, რომ ცალგნით მართლა ეძოვა და ალაგ-ალაგ თითო ბალახი ისევ მთელი იყო და ცალგნით ისევ მოუძოვნელი ბალახი იყო. მისთვის ვთქვი: თვალი და კბილი ჰკლებიაო. მეორეს უთხრა: შენ რით შეიტყეო? მან აგრე თქვა: აქლემი რომ წოლილიყო, ცალგნით ბუზი ეხვეოდა და ცალგნით - ჯინჭველი და მე მისთვის ვთქვიო: ერთი ცალი თაფლი ყოფილა, ერთი - ერბოო. მესამეს კითხა: შენ რითღა შეიტყეო? მან თქვა: ამისთვის ვთქვიო, რომ ადამის ტომი გარდმომხდარიყო, აქლემი რომ წოლილიყო, მისი ნაფეხვარი აჩნდაო, და, მწვანეზე რომ წოლილიყო, ბალახისთვის ხელი მოეკიდაო და მისთვის ვთქვი: თუ ეს ორსული დედაკაცი არ ყოფილიყო, კაცი ასე რად ადგებოდაო? ვაჭარნი გამტყუნდენ და ისინი გამართლდენ. ადგენ. ასე თქვეს: ღარიბობისათვის თქვენი ქურდი როგორ შევიქნებოდითო?! ისევ თამამად კარი გამოიარეს.

ეგრე ვთქვი გულსა შინა ჩემსა: ესენი ცუდთა კაცთა შვილნი არ არიანო და არცა ცუდნი კაცნი-მეთქი. მეც თან გამოვყევ და ვკითხე: ძმანო, ვინ ხართ ანუ რომლისა ქვეყნისანი? თვით პატრონი ხართ, ანუ მეპატრონენი თქვენი ვინ არიან-მეთქი? მათ მითხრეს: ძმაო, პატრონი არცა ერთის ძაღლისანი ვართო, არამთუ სხვისა რისანი, და არცა პატრონი გვყოლია ერთმანერთის მეტი აქამდი: თუ ვინ ახლა გვეპატრონების, ყმანი და მონანი მისნი ვიქნებითო. მე უთხარ: თუ თქვენი ნება არი, მე ხელმწიფის წინ მიგასხამ და სამსახურსა გიშოვნი-მეთქი. მათ მადლი მითხრეს. წაველ და თან წავასხი ისინი, ჩემს სადგომს დავაყენე და ამოდ გამოუსვენე მას ღამესა. დილას აბანოს გავგზანე და კარგითა ტანსაცმელითა დავმოსე. მე ხელმწიფისაგან მაწვევარი მომივიდა და იქ წაველ და ეს დავავედრე: ნებისად გამოისვენეთ, სანამდი ჩემი ანბავი არ მოგივიდესთ, მანამდი ნუ დაითრობით-მეთქი!

ოდეს მიველ, ხელმწიფესა დიდი მეჯლიში ჰქონდა და მხიარულად იჯდა. რა დამინახეს დიდებულთა, დამიწვიეს და ხელმწიფემან ახლო დაჯდომა მიბძანა. დავჯე და მდაბლად მიალერსა და ტკბილი სიტყვანი მიბძანა. ავდექ და თაყვანის ვეც. მერმე ზოგი რამ სხვა ჩამოიუბნეს და ზოგი ადრინდლითგან მოსულთა კაცთა რამ თქვეს. მე მოვახსენე: თუ ხელმწიფესა ჯარის შემატება უნდა და მოსულნი კაცნი უყვარან, სამთა ასეთთა ვაჟთა მოუსხამ, რომელ სანახავად თვით თვალსა ხელმწიფისასა მოეწონოს და სამსახური ასეთიმცა არა დასდვას რა, რომ არ შეეძლოს-მეთქი. ხელმწიფემან მიბძანა: დია ღმერთო, მომისხენ, დიდად მიამება და, რაც ჩემგან გინდა, ყველას გიზამო. მიამა იმისგან ასე დამადლება და ადგომას ვაპირობდი. აგრე მიბძანა: დღეს ლხინი ვნახოთო და ხვალ მომისხიო. მას დღესა დიდი პურობა და ლხინი გარდაიხადა და უმთვრალო არავინ გამოგვიშვეს.

რა დილა გათენდა, კაცი ებოძა: გუშინ რომ მითხარ, მომისხიო. დავკაზმე ლამაზად და წავასხი. ეგრე მოვახსენე: ხელმწიფისაგან ჩემზე ეს დიდი წყალობა იქნება, თუ ამათ მოწყალითა თვალითა მიხედავს და სამსახურსა რასმე უბრძანებს, რომელ მაგათსა ჩრდილსა ქვეშე დარჩნენ-მეთქი. რა ხელმწიფემან იგინი ნახა, თვალი მათზე დარჩა, დიდად მოეწონა და კიდეც შეუყვარდა. მკითხა მათი ანბავი. მე მოვახსენე: მაგათგან არა მასმია რა და მე ვერ ვიცნობ ამისგან კიდე, რომე მომეწონა და თქვენგან მეტისაგან ამათი ხლება უღირს ვიჩინე. აწ, ვაითუ უცნობლობითა ღმერთსა ვაწყინო, მაგრა ვითა ძმანი ჩემნი მიახლებია, ესრე დაიჭიროს ხელმწიფემან-მეთქი. მიბძანა: ჯერ თავისთვის დავაყენებ და ისე წამოდგებოდენ სამსახურზედაო. შენ ასწავლე, რომელიც მაგათგან სამსახური ხამსო, და მერმე, რომელსა რომელი შეეფერება, იმ სახელოში დავაყენებო.

იყვნენ ერთს კვირას. ხელმწიფე აპატიებდა და კარგა ყურს უგდებდა. ისინიც ხელ-ფეხად ვარგოდენ და, რომელიც ისრე შესწრებულს კაცს გაეწყობა, კარგად მსახურებდენ და თვალ-ტანად დია შვენიერნი სანახავნი იყვნენ და არ იყო, ხელმწიფესაც ეჭვი არ შეუვიდა იმათის სიკეთისა და ცდილობდა მათის ანბის შეტყობასა.

დღესა ერთსა ხელმწიფე მოედანსა სეერნობდა და მეცხორემ დია გაკეთებული ბატკანი მოართო და თავისმა მეზვრემ - ჭიქით ღვინო: ესეთი ფერი ჰქონდა, იაგუნდსა სჯობდა. იგი ძმანი სამნივე თან ახლდენ და მათ უბოძა: ჯერ უცხონი ხართ, არა გაქვსთ რა, სხვას ვერავის შემცნევიხართო და ნუთუ ვერას შეექცეოდეთო. წაიღეთ ესეები და, თუ რამ სხვა გინდათ, ისიც მოიკითხეთო და კაი ლხინი ნახეთო. მათ მადლი გარდაიხადეს და წავიდენ.

მას ღამესა ხელმწიფეც თავისთვის ხალვათად იყო და გულს თურმე უთხრა: ეს კაცნი არა ცუდთა კაცთა გავს და არცა ცუდთა გვართა შვილნიაო. წავალ, ნუთუ სიმთვრალეში რამ თავისი ანბავი თქვანო და შევიტყო, თუ ვინ არიანო. წავიდა თურე და უყურა, იგინი ისხდენ და, რაც მათ სიღარიბეს შვენოდა, ლხინობდენ და შეექცეოდენ.

უფროსმა თურმე თქვა: ძმანო! თუ თქვენც იტყვით, ეს ბატკანი ძაღლის რძით გაზდილი ყოფილაო. მეორემ უთხრა: მაგისი რა ვთქვა და, ამ ღვინის ვაზი, ვეჭობ, კაცის საფლავზე მდგარიყოსო. უმცროსს ეთქო: მე არც ერთისა ვიცი და, ეს ხელმწიფე მზარეულიშვილსა გავს, რომ იყოსო.

ამას ხელმწიფე ყურით თურმე ისმენდა. აღარც ავი ბძანა და აღარც კაი. გამობრუნდა და დედასთან შევიდა. დედას ჰკითხა მრისხანითა პირითა: ვისი შვილი ვარო? მან მხიარულად მოახსენა: ხელმწიფევ! სხვა შენებრი ხელმწიფე, ვეჭობ, მზესაც არ ენახოს და სახელმწიფოს თვალი შენი ხედავს. ვისი შვილი იქნები? რა შენი საფერია მაგისი კითხვაო? ხელმწიფე დიდად გაჯავრებული იყო და კვლავ უბძანა: მართალი მითხარ, მამაჩემი ვინ იყო, მეტი აღარ შემიძლიაო! დედამ კვლავ მოახსენა: რას ბძანებ, ხელმწიფეო! მაღლისა მის ხელმწიფისა იმარინდოს შვილი არა ხარ? თვით არ შეგესწავლოს მამაშენი, კითხვა მაშინ გმართებდა, თვარა არა ახლაო. წამოხტა თურმე ხელმწიფე გაჯავრებული და შეფიცა ფიცითა საშინელითა: თუ მართალი არ მითხარ, უსაცილოდ მოგკლაო.

შეშინდა დედოფალი, რა ისე ხელივით ნახა ხელმწიფე, და აგრე მოახსენა: ნუ სწყრები, ხელმწიფეო! არცა რა შენი საწყინოაო; დასწყნარდი და ჩემი სიტყვა მოისმინე, მართალს მოგახსენებო. რა ამისთანა სიტყვა მოახსენა, ხელმწიფე მოლმობიერდა და დედასა აფიცა: მართალი მიანბეო! მან მოახსენა: თუ თავი შენი შეგენახა და ჩვენსა საქმესა დაჯერებულიყავ, როგორც დიდებული ხელმწიფე იყავ, ისევ ყოველმა ხაზარეთმა და ქვეყნისა ამის მეცნიერთა გიცოდენ იმარინდო ხელმწიფისა ძედ სასურველად. და აწ მოინდომე თავისა შენისა გამოჩენა და მოგახსენებ, ამისთვის რომელ, ვეჭობ, შენთვის ავი არა მიქნია რაო.

მამაშენი მაღალი და დიდებული ხელმწიფე იყო ასეთი, რომე ყოველნი მეფენი მას ნატრიდენო და სახელმწიფონი და სიმდიდრე გარდარეული ჰქონდა, რომელ არცა რიცხვი იყო ციხე-ქალაქთა და არცა საჭურჭლეთა შეგება. სიბერემდი მივიწიენით ასე, რომელ არც ძე გვეღირსა და არც ასული. შევტიროდით ღმერთსა შვილის ბოძებისათვის და გვემუღაბნებოდა ჩვენი მორჭმა-დიდება ჩვენს უკან უპატრონობისა და სხვათა უცხოთა პატრონთა დარჩომისათვის. იპრიანა ღმერთმან და მოგვხედა წყალობით: დავორსულდიო. და აწ ამისი საგონებელი შეექნა ხელმწიფესა, ნუთუ ქალი იყოსო, მაგრამ მე არ მეტყოდა და არცა რას მაწყენინებდა. რა დრო მოვიდა, დედათმოურავს თურე ხელმწიფემან გაანდო: თუ ქალი იყოს, ნუ იტყვი და ასე არ იქნება, ამ დიდს ქალაქში ვაჟიც არ დაიბადოსო, და გამოსცვალეო. დიდის წყალობის იმედი ებძანა. მამაშენი მზარეული იყო და დედაშენი შინ გვახლდა და, რაცაღა შენი ბედი იყო თუ ჩვენი, მე და დედაშენს ერთს დღეს დაგვიწყო მუცელმა ტკივილი. დამეთხოვა და მან დედათმოურავმა ასე თქვა: სად წავაო ახლაო? სახლი შორა აქო: დაინახავს ვინმე და ჩვენთვის აუგიაო: აქავ თავის სადგომში იყოსო.

მე რომ მოვრჩი, დაიძახეს: ვაჟიაო. შეიქნა სიმხიარულე. ხან ერთი მოვიდოდა სანახავად და ხან მეორე. მან დიაცმა აგრე თქვა: ერთი ნატრული შვილი ძლივ ეღირსა ხელმწიფესა, ამას აგრე ადვილად დედასა და მამასაც არ ვაჩვენებო. ღმთისათვის აღთქმა დამიდებია, ახლავ ყელზედ უნდა დავიკიდო და ასის კაცის კარზედ მივიყვანოო, და, რაც იმათ მოართონ, გლახას მიესცეო, მანამდი არც ძუძუს ვაწოებო, არცა ვის ვაჩვენებო, ნურც არავინ გამომყვებაო. რბილს ნაქსოვში წაახვია და ყელზე ჩამოიკიდა. გამოვიდა. უწინ თურმე მზარეულის ცოლთან მივიდა. იმასაც სტეხდა და მის შესვლაზე შენ დაიბადე. ის ჩემი ქალი იმას შეუგორა - მათ ვერა ცნეს რა - და შენ ისევ მის სახვევში გაგახვივა, მიგავლო-მოგავლო და შემოგიყვანა, ჩემთანა მოგიყვანა: აწ ნახე შენი ვაჟიო და ძუძუ აწოეო! ოდეს დაგხედე, მიამა და ღმერთსა დიდება შევსწირე, ძუძუ გაწოე და მას უკან, ვინ გნახის, მრავალი მისციან, და გიწყეთ ზდა, ვითა ხელმწიფეთაგან ნატრულისა შვილისა ზდისა წესია.

წლამდი მე არ ვიცოდი და ხელმწიფემ კი იცოდა. ქალი დედაშენსა ჰყვანდა და შენ ჩვენა გვყვანდი და, ის თავისი შვილი რომ მის უკადრისად ეგულებოდა, გული თურმე სტკიოდა ხელმწიფესა და მე რა ვიცოდი! როდესაც დედაშენი მოიყვანდის ყმაწვილსა და შევხედევდი, რომ ობოლის მარგალიტისაგან უარესი იყო და ცისკარივით ბრწყინვიდის, მიკვირდა და ეგრე ვიტყოდი: ნეტავი ნასრისათვის ამისი მგზავსი ხელმწიფის შვილი ცოლად მომცა; ბრალი არ არი, ეს ამისთანას კაცის შვილი იყოს-მეთქი?! ხელმწიფე გაღიმდის, მაგრამ შეეტყობოდის, რომ გულში რამ უმძიმდის.

დღესა ერთსა ხალვათად ვსხედით და შენსავ საქმეს გავაგებდით. ხელმწიფემან მიბძანა: ჟამთა ჩემთა შინა შენი დამალული სიტყვა გულში არა მდებია რა და არცა რა საქმე მიქნიაო ამისგან კიდე. აწ, ერთი წელია, ერთი საქმე ვქენი, ისიც მიმძიმსო, მაგრამ უშენოდ ჩემგან საქმის ქნა და აზომსა ხანსა შენი შეუტყობლობა უფრო მიმძიმსო. აწ გიამბობ. ნურცა შეძრწუნდები და ნურცა სირცხვილად გიჩნს, ამისთვის რომე ღონე მისგან კიდე ვერა მოვნახე რაო. მე გული გამიკრთა და ხანამდისი ვეღარა ვთქვი რა. მერმე კვლავ მიბძანა: არა აგეთი შესაწუხარი რამ ვიციო. მიბძანა, რომელიცა მისგან ნაქნარი იყო: ეს მიმძიმსო და ღმთისაგანცა მეშინიანო, რომე ჩემი შვილი ისრე არი და ჩემის მზარეულის შვილი ასე მყავსო. მე ეგრე მოვახსენე: რადგან თქვენისა ნებითა და ბრძანებითა ეგ გიქნია, მისიც ადვილია-მეთქი. მაგაზე თქვენ ნუ შეიწყენთ. მე მას ქალს კაის სიტყვით გამოვართომ, მასაც თქვენად საფერად გავსდი და, ერთად რომ ისდებოდენ და ვაჟი ჭკუაში ჩავარდება, ამისთანას პირმთვარესა ნახავს, ღმთისაგან იმედი მაქვს, ამაზედ გამიჯნურდეს. და ჩვენ სხვათა უცნობლობისათვის ეს გვეთქმის: სიბერის ჟამს ერთი ყმაწვილი მოგვცა ღმერთმან, ამას ვერ გავაავგულებთ ჩვენზედა, რაც უნღა, ქნასო. ამისთანას საქმით არც ამისი ნაზარდულობა და ჭირნახული წაგვიხდება და არცა ჩვენს შვილს ჩვენი სამკვიდრო დაეკარგვის-მეთქი.

რა ხელმწიფემან ჩემი სიტყვა მოისმინა, დიდად გამხიარულდა და დამიმადლა. მეორესავე დღესა ის ქალი გამოვართვი დედაშენსა, ასე უთხარ: ეს საშენო შვილი არ არის-მეთქი, მე ჩემის ნასრისათვის გავსდი, მისი კბილია-მეთქი. მას მწვე იამა და ღმერთს დიდი მადლი მისცა: ამას არა ვღირსვარო, რომ ჩემი შვილი ხელმწიფისა სახლსა ლახევდესო. მოვიყვანე, ორთავე ერთად გზდიდი აზიზად და ნებიერად. რაც ხელმწიფეთა წესი იყო, ნამეტნავის წესით გაქცევდით. როდესაც გაიზარდენით, რომე ცნება და ჭკუა კაცისა მოგეცათ, შენ ის შეგიყვარდა, ასე რომე მისის ეშხისაგან დღე და ღამე აღარა გქონდა, და იმასაც შეეტყობოდა შენი სიყვარული. დედა და მამა ადრე დაგეხოცა. დასტურ ღმერთმან შენი თავი ჩვენ დაგვანება.

ათს წლამდი ისე იყავით. ათის წლისას ქორწილი გიყავით ამ მიზეზითა, რომ ეს ყმაწვილი ამისმა სევდამ დაადნოო, ასეთი საქმე არ დაგვემართოს, რომ ღმთის წყალობა ღმთის რისხვად არ მოგვექცესო. სანამ მართლა თავის თავს იცნობდესო, ეს ჰყვანდესო და მას უკან თვითონ იცის, რასაც იქსო. ქორწილს უკან ორი წელი გამოვიდა. ხელმწიფედ დაგლოცეს. ხუთი წელი მას უკან კიდევ ხელმწიფემა იცოცხლა. მერმე მან ეს სოფელი დააგდო და მეცა საწყალი, სოფლისა მგმობარი, და თვით მოუვალსა გზასა წავიღა და შენ ეს ყოველი დაგიგდო, რასაც ხედავ. აქამდის შენ ხელმწიფის შვილი იყავ და ხელმწიფე, და ჩემს შვილს თავისი უკადრისი საქმე სჭირდა, რომ მზარეულის შვილს უხმობდენ, ვინც მაშინ დამსწრები იყო. აწ მართლის თქმა მოინდომე და შენ ჩემის მზარეულის შვილი ხარ და დედოფალი - ხელმწიფის შვილიო.

ხელმწიფეს იამა ეს ანბავი. დილას გამოვიდა და მეზვრე მოაყვანინა: ჩემს ზვარში კაცის საფლავი არის თუ არაო? მოახსენა: მართლის თქმისათვის თუ ხელმწიფე არ გამიწყრება, მოვახსენებო. ხელმწიფემ უბძანა: მართალი თქვიო, არას გიზამო. მოახსენა: ბედნიერი ხელმწიფე მამათქვენი მწვედ მრისხანე და უწყალო კაცი იყო და ვერვინ რას ჰკადრებდა ურჩსაო, რომელიც პირისა მისისაგან ამოვიდისო. საყდარი დააქცია, მკვდართა დათხრა და დაწვა გვიბძანა და მაზედ ზვრის აშენებაო. ჩვენ მკვდარი კი ვეღარ დავთხარეთ და ისე ავაშენეთ ზვარი. დასტურ ანგარიში არ ვიცით, ამდენი საფლავია თქვენს ზვარშიაო.

მერმე მეცხვარე მოიყვანეს და მას უბძანა: ნუ შეშინდები, მართალი თქვი და, თავმან ჩემან, არას გავნებო. ბატკანი ძაღლს რად გააზდევინეო? მან მოახსენა: ხელმწიფე უბრალოა ჩემის სიკვდილისაგან, მე მოსაკლავი ვარო, მაგრამ ხელმწიფესთან სამსახურის გამოჩენისათვის ღარიბი კაცი ბევრს უწესოს იქსო. ცხვარმა ტყუბი ბატკანი მოიგო და სასიკვდინოდ შემებრალდა და ერთი ძაღლსა შეუგდეო. ოდეს გაიზარდა, დია კარგი იყო და ვითამ ჩემითა სიბრიყვითა ასე ვთქვი: ხელმწიფე რას მიხვდება, თუ ძაღლი ბატკანს გასდის, დია კაი ბატკანია, მივართვამ, წყალობას მიზამსო, და მისთვის მოგართვიო.

მეცხვარისა და მეზვრის ლაპარაკში ყველა იქ ვიყავით. ხელმწიფე მწვე მხიარულად იყო და ყველას გვიკვირდა მისი კითხვა, თუ რად მოიგონაო.

მერმე იგი სამნი ყრმანი მოასხა და უბძანა: წუხელის როგორი ლხინი ნახეთო? მოახსენეს: ხელმწიფისა წყალობითა, რაც ჩვენ შეგვეფერებოდა, იმისთანა ლხინი ვნახეთო. რა იუბნეთო? მოახსენეს: რა საუბარი გვქონდაო? თქვენი წყალობა ვსვით, ვჭამეთ და დავიძინეთო. ხელმწიფემ უბძანა: მე ყველა ვიცი, დამალვა რას უშველაო. ბატკანს ძაღლისაგან გასდა რით შეატყეო? მოახსენა: ხელმწიფე კარგად იყოს! ბატკანი მსუქანი და კარგი იყო და საჭმელად ესეთი უგემური იყო, რომ კაცს შეეზარებოდა, და მისთვის ვთქვიო: ეგების ძაღლის ძუძუ ეწოოსო. მეორეს ჰკითხა: შენ რითღა შეიტყე კაცის საფლავზე ვაზის დგომაო? მან მოახსენა: მე ამისთვის ვთქვიო, რომ ღვინო ყირმიზი და ძალიანი იყო, ტკბილი და უმიზეზო, რომ კაცი სიავეს ვერას უპოებდაო, მაგრამ ასე მძიმე და ზიზღი იყო, რომ თითქო თავისი სისხლი ესო მისა მსმელსა, და მე ვთქვი: ამისი ვაზი კაცის საფლავზე თურე არის, თვარა ამისთანა არ იქნებაო.

იმათ რომ ჰკითხევდა, უმცროსი შეშინდა - ნუთუ მეცა მკითხოსო - და იქით-აქეთ მალვა შექნა, მაგრა ვერ დაიმალა. მერმე მას უბძანა: აწ შენ წამოდექ და მითხარო: რაზედ მამგზავსე მზარეულის შვილსაო? ჯერ ფიცი გაბედა. მერმე შეიტყო, გამტყუნდებოდა და ის უარესი იყო. აღარას კრთომით დაელაპარაკა. აგრე მოახსენა: რაზე შეგატყობდიო? სახელმწიფო არა გქონდა თუ სიმდიდრე? უწესოდ იჯე თუ უგვანსა იცვემდიო? ღმერთო, მეტიც გჭირდა სხვათა მეპატრონეთა ზედაო! მაგრამ თქვენს კარზედ ისე ხშირად არა იხსენება რა, რომ კოვზი და ქაფქირი, და სიბრმითა გულისა ჩემისათა ვეღარა გავსინჯე რა ჩემგან უწესოსა სიტყვისა თქმა და ესე ვთქვი: ნუთუ მზარეულის შვილი იყოს და მით არ ეურიგოებოდეს, თვარა ხელმწიფის კარსა ზედა ლაშქართა კაზმისა ანბავი უნდა, ცხენ-იარაღისა ხსენება, ბურთისა თამაშისა, ნადირთა სროლისა, ქორ-შავარდენთა რჩევისა და ყოვლისა სამამაცოსა ზნისა წვრთა და რჩევა და არა კოვზ-ქაფქირთა ხსენება-მეთქი.

დიდად გაიცინა ხელმწიფემა და ასე უბძანა: განაღამცა, ძმაო, ყველა მართალი გითქვამს, მაგრამო მოსულთა ანბავი უნდა იკითხოს კაცმა და არა მკვიდრთა მის ტახტისათა, ვინ გინდა იყოს. თქვენ ჩემი ანბავი ყველა ასეთი შეიტყევით, რომელ არცა ჩემთა გამზდელთა იცოდენ და ჩემთა გაზდილთა ვინ აცნობებდა? ესე თქვენისა მეცნიერობითა და ჭკუის სიბრძნითა იქნა და ჩემითა უცოდინარობითაო. მერმე თავისი ანბავი, რაც დედისაგან გაეგონა, თვითონ გვიბძანა და მერმე მათ უბძანა: აწ, ძმანო ჩემნო, ჩემი საქმე თქვენთვის მიამბია და თქვენ მე მიამბეთო: ვინ ხართ და ან გვარად ვისნი ტომნიო? მათ მოახსენეს: ჩვენ უწინ უნდოდა თავისა ჩვენისა საჩივარი გვეთქვა, მაგრამ ხელმწიფესა ჩვენთა გვართა ნასიკეთვარი არა ახსოვდა რა და ჩვენ არა გვემსახურა რა. ასე იყო ჩვენსა გულსა, რომელ ერთი რამ სამსახური ებძანა ხელმწიფესა და ის გვეთავებინა და მერმე ჩვენი საქმე მოგვეხსენებინა, ნუთუ ხელმწიფეს წყალობითა მოეხედა და მაგათითა შეწევნითა ჩვენთა მტერთათვის პასუხი გაგვეცა და ჩვენის ქვეყნის პური ჩვენც გვეჭამაო. აწ ასე მოჰხდა ჩვენი საქმე, რომ თავად უბედობამა და ჩვენმა სირეგვნემ აღარა გვაცალა, და ჩვენი თავი მეორედ ჩავყარეთ ჭირსა შინა. აღარა კეთილ არს ჩვენზედა მომავალიო. უბძანა ხელმწიფემან: მაგაზე ნუ სწუხხართ, ძმანო, არცა რა უწესო თქვენ გითქვამთ და არცა რა სათაკილო მე მჭირსო. მზარეულის შვილი ამისთანა კაცი ვარო, რომ ესთენი დიდი ქვეყანა მიპყრია და სხვანი მრავალნი მეპატრონენი მმორჩილობენო. თუ ხელმწიფის შვილი ვყოფილიყავ, გაღანამც უკეთესი ვიქნებოდიო. თქვენი ანბავი მაცნობეთ, ნუთუ დიდთა გვართაგან იყვნეთ და მტერისაგან ძალი გჭირდესთ და ჩემგან რამ გერგებოდესთ და მე ჩემსა თავსა და ლაშქარსა თქვენთვინ არ დავზოგაო. მათ მოახსენეს: ცხონდი, მეფეო! რადგან არ დაგვხოცე, მართალს მოგახსენებთო.

ჩვენ დელამთ მეფის ძენი ვართ სამნივე. ცოდვათა მათთათვის და უბედობისა ჩვენისათვის, როდესაც ვშობილვართ, მშობელნი ჩვენნი აღსრულებულან და არავინ დაშთომილა ხელმწიფობისა ტახტისა შესაფერი და უპატრონობისათვის იმ ქვეყანას თხანი ლომთა ზედა დათამამებულან. ჩვენი მეხარაჯენი წამოგვსევიან და ჩვენი სახელმწიფო მათ დაუჭერია და ყოველი ჩვენი ერთგული აუფორიაქებიათ და ჩვენთა ძიძათა მალვით შვილთა თვისთა მაგიერ დაუზდივართ. როდესაც პატარა მოვიზარდენით, სამნივე ერთად შეგვყარეს და ასე გვითხრეს: აქამდი ჩვენი შვილი ეგონენით ყოველსაო და ჩვენცა ჩვენს შვილობაზე გზდიდითო და აწ თქვენ ჩვენ შვილურად ვეღარ შეგინახავთო, ღმერთი გვიწყენსო და, რომ კიდეც გაუშვათ ღმთის შიშიო და ისე გამყოფოთო, მაშინც არა გევხართ ჩვენს შვილსაო და ვაითუ გიცნან და თქვენი მესისხლენი მართლა ჩვენ შევიქნებითო. აწ თქვენს თავს თქვენ ეტერენითო, თქვენ უშველეთო, ჩვენ ტირილი დავიწყევით, მათ მეტი არავინ ვიცოდით ჩვენად პატრონად და მათი გაყრა გვეძნელებოდა.

უფროსმა თქვა: მე შვიდის წლისა ვიყაო და ეგენი ჩემგან უმცროსნი. ცოტა ჭკუა მევე მქონდაო და ასე უთხარ ამათაცა: ძმანო, ნუ ვსტირით! წავიდეთ, ღმერთს მივანდოთ ჩვენი თავი, სადაც სარჩო გაგვიჩნდეს, იქ დავრჩეთო. დავიწყე სიარული და წამოველ, ესენი წამოვასხი. აწ მის დღით აქამდი ასე მივლია და მიცოდვილებია, რომ ერთი კვირა არსად დამიყვია. სანამ წვრილნი იყვნენ, ხან ერთს ავიკიდებდი და ხან მეორესა, ისე ცოდვილობით ვიარებოდით და, რა ამათაც სიარული შეიძლეს, უფრო ჩქარად ვიარეთ, მისთვის რომ მათ ჩემთა მტერთა თურე ცნეს, დაგვიწყეს დევნა და ძებნა. სადაც მივიდით, გვკითხიან ჩვენი ანბავი. რომ უთხრით, პატივით მოგვეპყრიან. როდესაც მაძებარი მოგვეწივიან, უფროსჯერაც ჩვენ გვკითხიან, ეგების გენახოსთო. დავიწყით იქიდამ სიარული და სხვაგან წავიდით. ეს თორმეტი წელიწადია, ამ სარჯლითა და ღარიბობითა გვივლია აწ აქ მოვსულვართ და, რომელიცა თქვენსა ხელმწიფობასა შვენოდეს, იგი ქენითო. ნურც ჩვენს უბედობას მიხედავთ და ნურცა ჩვენის რეგვნობისა და სიშმაგისათვი დაგვიტევებთო, ღარიბობასა მრავალი ბრძენი გარდაუყვანია ცნებათაგან, თორე ჩვენ ვინ გვასწავლიდა სიბრძნესაო?!

რა ესე მათგან მოისმინა ხელმწიფემან, ღმერთს მადლობა შესწირა: დიდება შენდა, უფალო, რომელმან არაარსისაგან არსნი დაბადენ და თიხისაგან კაცი შეჰქმენ! მისგანცა უსაკვირველესი და უდიდესი ესე ქმენ, რომე მე უღირსი და გლახაკი მეფედ დამადგინე და ესოდენი დიდება მომივლინე, და ამისთვის კვალად უდიდესი მადლობა შენთვის, რომელ ესდენი დიდის ხელმწიფის შვილნი ჩემს წინ მოასხი! აწ, მეუფეო ყოველთა ხილულთა და უხილავთაო, შენ შემწე მექმენ, რათა ძლიერებითა მარჯვენისა შენისათა განვაძლიერო ესენი შენგან ბოძებულნი, მეფობისა ჩემისად მოსრულნი და მტერთაგან უწყალოდ დაცემულნი და კვალად შეუსვენებლად დევნულნი, მომრევ ექნან მბრძოლთა თვისთა და აღმართენ უხვად მომნიჭებელისა წყალობისა შენისათა სადიდებლად შენდაო.

რა ესე სიტყვა დაასრულა, მაშინვე ლაშქართა მზადება უბძანა და მათსა ცხენ-იარაღისა კაზმასა და ხელმწიფურად მზადებასა მიჰყო ხელი, მაშინვე ხელმწიფურისა სამოსითა დამოსა და მოასხნა, ტახტსა ზედა აწვია. გვერთსა უსხდეს და შეაგონებდის. სამთავე თვისნი ქალნი ცოლად დართნა და ქორწილი უყო, მათი საფერი ზითევი მისცა და მერმე აგრე უბძანა: მრავალს ლაშქარს გაახლებ და წადითო! თუ ღმერთმან გამარჯვება მოგცათო, ჩემი წამოსვლა რადღა გინდათო, თვარა მეც მაცნობეთ და ადრე მოგეშველებითო. მათ მადლი მოახსენეს და ესეცა, ვითა: ჩვენი ზედა მიპარება არც თქვენ გეკადრება და არც ჩვენი მოწიფულობა იქნებისო. რადგან ესოდენი წყალობა გვიყავით, ერთი კაცი გაუგზავნეთ, რომ ჩვენთა მტერთა ჩვენი სიცოცხლე და ამისთანას დიდის ხელმწიფის მოყრობა ცნან, და მერმე წავიდეთ, რომე ეს არავინ თქვა: ღალატი იყო და არა გამარჯვებაო.

მოიწონა მეფემან და ყოველმან ერმან სიტყვა ესე. გაგზავნეს ელჩი დელამთ მეფესთანა: მზას იყაო, ჩვენც ადრე მოსულნი ვართო. იქით ისინი დამზადებულიყვნენ, აქეთ ესენი გაისტუმრა ხელმწიფემან. მრავალკეცითა დროშითა და ლაშქრითა წავიდენ და, რა ახლოს მისულიყვნენ, ჯარი დაეყენებინათ და თვით სამნივე ძმანი მარტო მკლავის იმედეულნი, ძალის მინდობილნი წასულიყვნენ. ოდეს ენახათ მარტონი, მათ არად მიეჩნიათ, აეთვალწუნათ და ფიცხლავ შემოეტივათ. აქათ ამათ შეეტივათ და, ღმერთო, ძლიერი ომი გარდეხადათ. ღმერთს ძლევა ამათთვის მიეცა. მტერნი ამოეწყვიტათ, თავისი ტახტი თვითონ დაენარჩუნებინათ, თავისი სახელმწიფო დაემონებინათ, ლაშქარნი ჩუქებულნი, საშოვრითა სავსენი გამოესტუმრებინათ, ხელმწიფისათვის იქიური საკადრისი მძიმე ძღვენი გამოეგზავნათ, დიადი ქება და მადრიელობა მოეწერათ: ახლანდელის მცირეს ძღნობისათვის ხელმწიფე ნუ გაგვიწყრებაო და ჩვენი თავი მაგათი მონანი და ჩვენი ქვეყანა მაგათი ფეხის მტვერიაო. ჩემთვი ტკბილი მადრიელობის წიგნი მოეწერათ: ყველას შენგან ვმადრიელვართო. თუ შენ მეფისათვის არ შეგემცნივენითო, ეს არც ერთი დაგვემართებოდაო. ჩემთვისაც საჩუქარი ებოძათ და ეს ებძანათ: სამნი ძმანი ჩვენ ვართო და მეოთხე უფროსი ძმა შენ იყაო. მოდი, ჩვენი სახლი და საბატონო შეისწავლე და შენვე დაგვარიგე, რომელს რომელი წესი გვმართებდესო, და დღეთა შიგან ჩვენთა შენთვინ გვამყოფეო და გვიმსახურეო.

მაშინ ვერ წაველ. მას უკან წაველ. სამნივე ძმანი გახელმწიფებულნი დამიხვდენ. მას უკან, როდესაც წავსულვარ, მომეგებიან სამნივე ხელმწიფენი, დიდითა დიდებითა და პატივითა დამხვდებოდენ, მდაბლად მიალერსებდენ, ამოდ გამომისვენებდენ, მრავალს მომცემდენ, რომ ზიდვა არ შემეძლო, და გამომისტუმრებდენ. მე ეს მინახავ და მომიხსენებია, რომე ღმერთი ასეთი ხელმწიფეა, მაღალთ დაამდაბლებს და მდაბალთ აღამაღლებს. მისგან ყოველი კაცი იმედეული უნდა იყოს და იმას მონებდეს. მისგან ყოველი ძველი გაახლდების, ძნელი გაადვილდების და მრუდი გაიმართების.

უთხრა ყოველთა უმრწემესმა ძმამ ზაალ: ძმანო! ამ ჩვენთა უხუცესთა და პატრონთა ძმათა თვით მრავალი სიბრძნე და ქვეყანისა საწვრთელი ბრძანეს და მერმე დასაცა თავისა მწარე სევდით შეპყრობილსა ხედევდენ და მისთა სევდათა საქარვებლად ირჯებოდენ. ჩვენ თავად არა უცხო რამ და საჩინო ანბავი ვიცით და მერმე ბძანებამან ღმთისამან აგეთი დრო ლხინისა მოიყვანა, რომელ ცუდმოლაყბეობის მეტი არა დამრჩება რა, ვითა იტიტინეს და ილაპარაკესაო; რუსუდან ზღვათა მეფისა ასულისა მგზავსად მე და შენ გვიპირობსო. შეიქნა ამაზედა ხუმრობა და სიცილი. მერმე ძმათ უთხრეს: ანუ ეს რას გიპირობს და ანუ იმათ რა ქნეს, თუ შენც არ იტყვი, არ იქნებაო. ზაალ თქვა: რა მოგახსენო ამისგან კიდე, რომე თუ არ ჩვენის სიცრუვისა და მოლაყბეობისათვის გაყუჩებულა, თვარა რა დროს მაგისი აგრე ყოფა არიო: დღეყოველ უკეთ და უკეთ უნდა შეექცეოდესო და ლხინობდესო. მე, ხომ თქვენც იცით, შორს ქვეყანას არსად ვყოფილვარ და არცა რა უცხო მინახავს, თუ არ თქვენგან რამ მასმია, მაგრამ, ვითამცა ლაღობისა დროა და მეცა უცოდნელი კაცი ვარ, ისეთს ანბავს მოგახსენებო, დაო და ძმანო, და ბევრს ნუ იცინებთ ჩემზედა და ნუ გამკიცხავთო.

აქა ანბავი იტიტინესი და ილაპარაკესი

კარი მეათორმეტე

იცით თქვენ, უწინ რომელ ორნი მეპატრონენი ყოფილან თურქეთისა ქვეყანასა, სიმდიდრითა ხელმწიფისა შესადარებელნი და სიკეთითა ყოველთათვინ საყვარელნი. მათ შუა ერთი მდინარე ჩაუდისთ, ესოდენ დიდი, რომელ უნაოდ არცა ზამთარ გაისვლებოდა და არცა ზაფხულ, მაგრამ ერთმანერთის სიყვარულითა მუდამ მოუშლელად ნავი ჰქონებიათ, მით უვლიათ ძმობასა და მოყვრობაზედ. ესრეთნი თვისნი ყოფილან, რომე უერთმანერთისოდ არც ილაშქრებდიან და არც ინადირიან. ერთს უსეინ რქმევია და ერთსა - ომარ.

მოსულა რისხვა ღმთისა მათთვინ, დახოცილან. უსეინს შვილი არა ჰყოლია და ომარს ერთი ვაჟი დარჩომია ძუძუთა. მამულის სიმრავლითა და უპატრონობითა ესეთი არეულობა და მტერობა შექნილა, რომე არას მესისხლესა და მტერთა შუა ის არ იქნება. ომარის ყმათაგანი უსეინის ყმათა ვერ ნახევდეს და უსეინისა - ომარისას. წყალს გაღმა ესენი ვერ გავიდოდენ და წყალს გამოღმა -ისინი. იყო თურე დიდი შფოთი და ყარყაში მათში ასეთი, რომე უსეინისა და ომარის ცოლნიცა ასრე დაშფოთებულან, პირის ფარდა და საბურავი მოუხდიათ და ერთმანერთის სალაპარაკოდ გამოდგომილან. ესოდენ განმრავლებულა მათა ყბედობის ანბავი, რომე უსეინის ცოლს იტიტინეს უხმობდენ და ომარის ცოლს - ილაპარაკესა.

გაზდილა ომარის შვილი აბუბექირ ესდენი, რომელ კაცის ცნობა აუღია. დედისა მისთანა უწესოდ ქცევა უნახავს, უშლია, მაგრამ არ დაუშლია იმას - მაგას არ ვათქმეო, რომ პასუხი ვეღარ მიპოვაო - და უარ და უარ განმრავლებულა მათ შუა სიტყვა ესდენ მწარე,რომელ მკვეთის ხლმისაცა უბოროტესი. როდესაცა ვერ მოუშლევინებია აბუბექირს, მცირეს ყრმას ველად სიარული დაუწყია, არა ნადირთა სროლისა ხალისითა, განა მეტის ჯავრისაგან თავგამომეტებისათვინ: ნუთუ ან კლდესა, ანუ მინდორსა ასეთი რამე ამიჩნდესო, მომკლასო და ამისთანას სირცხვილს მოვრჩეო და კაცთა პირი არა ვნახოო.

დღესა ერთსა ნადირობასა შექცეულა და გზა დაუკარგავს; საზარელსა რასამე კლდესა მისდგომია და გზა ვეღარსით უპოვნია. უვლია ვეფხურად მას კლდესა ზედა დიდი ხანი და მისდგომია ერთსა ნაპრალსა კლდისასა. ერთი პატარა ქალი უნახავს, სახითა შვენიერი, განა შიშითა ფერმიხდილი, თვალში მოსწონებია და გულით შეჰყვარებია. ასე გამოუმეტებია მისთვის საკვდავად თავი, რომ ეს აღარ გაუსინჯავს, ამ კლდეში რასა იქს ეს და ან ვის მოუყვანიაო, აუკიდია და წამოუყვანია. რას ჭირითა და სარჯლითა მას საშინელსა კლდეზედ ურონინებია უგზოდ.

ოდეს დაბლა დაუხედავს, დიდი რამე საშინელი მთისოდენი დევი დაუნახავს, რომ მას კლდეზედ მიმავალა. იგი დევს რას იცნობდა, სახელიც არ გაუგონია. შეშინებულა და ასე უთქვამ: ჩემი დღე თურმე გათავდაო: მე ამას სით წაუვალო და ან როგორ მოურჩებიო! მერმე იგი ქალი იქ დაუსვამ და ღმერთს შეხვეწია და შეუტირია. მერმე უხსენებია ღმერთი და, სანამდი მას დევსა დაუნახავს, აბუბექირს ბოძალი უსროლია. მარჯვენესა თვალში სცემია და მარცხენეში გავარდნია. რომ დაუღრიალებია მას დევსა, ის ქალი შიშისაგან დაბნედილა და აბუბექირცა შეშინებულა. გამწვავებულსა დევსა, თვალით რომ ვეღარა დაუნახავ რა, კლდე ხელით უგლეჯია და უსროლია; ბრძანებითა ღმთისათა მათთვინ ვერა დაუკლია რა. აბუბექირს რომ დევი ისე გამხდარი უნახავს, გული გაუმაგრებია და კვალად ლახტი უსროლია, თავში მოუხვედრებია, პირუკუღმა დაუცემია. მერმე იარაღი აღარა ჰქონია რა და მისისავე ნაგლეჯისა და ნასროლის ქვით უომია და ესოდენი ქვა მიუყრია, რომ მისი ტანი დაუფარავს. მერმე იგივე ქალი აუკიდია და წამოსულა.

როდესაც ძირსა ჩამოსულა, დევი უღონოდ გამხდარი, სულზე მიწურვილი დახდომია. გამოუკრავს ხმალი და თავი გაუგდებინებია. წამოსულა სიხარულითა, დედისათვი მიუგვრია, რომ, თუ ჩემი დედაშვილობა გინდა, ეს გამიზარდეო, შენის უბითა და კალთით ამას ნუ გარდუშვებო, ამის მეტსა ცოლს მე არ შევირთაო. ვითომ მისი კარგა გაზდა ნდომია, მაგრამ დედის დაწყნარებისათვის უფრო მიუბარებია: ეგების ეს მაშინც არ გაუშვასო. მაშინც არ მოუშლია მას თავისი საქციელი და იგი ქალი კარგის გვარისშვილთ დედათათვინ მიუვედრებია და ფარდასა შიგან კაცთა უნახავად ხელმწიფურისა წესითა უზდია.

როდესაც იგი ქალი გაზდილა და უყურებია, რომე დილას თურმე წავიდის და ბინდამდი აღარ მოვიდის, დღეყოველ ამ ცხოვრებაში იყვის, მხევალთა ჰკითხა მან ქალმან: სად წავა დედოფალი ჩვენიო, ჩვენც რასათვის არ ვეახლებითო, რომ ამ დრობამდი არ მოვაო და მარტო არიო? მათ უთხრეს მისი საქმე ყოველი. მერმე მან ქალმან ასე თქვა: ნეტარძი ვინმე მიაჯოს, რომე დღესა ერთსა მე მისად ნაცვლად გამგზავნოსო და თვითონ არ წავიდესო! მათ მის ქალისა სიტყვა ყველა მოეხსენათ. ილაპარაკეს აგრე ეთქვა: ჩემი საქმეც კმარაო, რომ სამიდღეშიოდ დედათ აუგად მე დავჯედო; მაგას როგორ ვიქო, რომ ჩემა შვილმა ერთი ნაპოვნი ტყვე მომაბარა, მაგას იმ ეშმაკის დიაცის პირი ვაჩვენოო. მრავალჯერ თურმე შეეხვეწა და არა ქნა, რომ ის ასეთი გრძნების მოქმედი არისო, რომ ქვასაც გაილაპარაკებსო.

ყოფილიყვნენ ამ ცხოვრებითა თხუთმეტს წელიწადს და, მე რომ თურქთ ხელმწიფესთან გამგზავნა პატრონმა მამაჩემმან, ერთი კვირა იქ დავყავ. აბუბექირ კარგი სტუმრის მოყვარე კაცია და, ჩვენის ქვეყნით ვინც მივა, გზა ის არი, იმაზე გაივლის და, მე რომ მიველ, მეცა ვნახე მათი საბრძოლო ალაგი. აქეთ ტახტი დგა. ის მინდვრის პირს იქით დიდი მაღალი მარმარილოს ქვა ძევს, იმ მარმარილოს ქვაზე იტიტინე დაჯდებოდის და აქეთ ტახტზე - ილაპარაკე. ისრე ერთმანერთს ებრძოდიან მოლესულის ხლმის მგზავსის ენითა, ღმერთს მათთვინ წყალობით მეშველად ის წყალი მიეცა, ვერ გაუვიდოდენ და იყვნენ, თვარა ხელდახელ შეიყრებოდენ, მათს ფალავნობასაც გამოსცდიდენ ერთმანერთზედ.

სამი დღე რომ დავყავ, აბუბექირ ნადირობას დამპატიჟა და წამიყვანა. მას დღესა თურე კიდევ შეეხვეწა იგი ქალი და ფიცი მისცა: რომ წყალსაც გამოვიდეს და მოსაკლავად მომიხდეს, მაშინც არ გაველაპარაკებიო. თქვენ ამით შემიწყალეთო, რომ დღეს თქვენს სახლში მოისვენეთო და მას ნუღარ ეუბნებითო, მე გამგზავნეთო და ჩემი და იმისი საქმე სინჯეთო. თურმე ღმერთსა მისი შველა უნდოდა და ეშმაკის საფრხით გამოხსნა სწადდა. უქცია გული და გაგზავნა იგი ქალი საბატიურად მხლებლითა ჯარითა და დიდის დიდებითა.

მან ქალმან სამი ნარინჯი წაიღო, სამი ფირფიტა აბრეშუმი და სამი თითისტარი და იგი მხევალნი ფიცით შეიჯერნა, რომ ხმა არ ამოიღოთო, თორემ ჩემი საქმე წახდებაო. მათ მიიყვანეს. იგი ასპიტი უწინვე მოსულიყო და ესდენ მწარედ ტიტინებდა, რომ მის წყლის ხმა აღარ ჩნდა. მათ მხევალთა ტახტზე მისი საფერი დოშაქი დაუფინეს და დასვეს. ნალბაქით ნარინჯი წინ დაუდგეს და ტარი და აბრეშუმი გვერდს მოუდვეს. თვითონაც დასხდომას მის ტახტის ძირსა აპირობდენ. მან ქალმან აგრე უთხრა: თუ ჩემი სიკვდილი არა გწადიანთ, აქ ნუ დასხდებითო! ასეთს ალაგს დასხედით, მისი ქართული არ გესმოდესთო და თვალით კი მხედევდეთო. თუ რამ დამეჭიროს, მიშველეთო, თვარამ თქვენთვინ იყავითო წასვლის დრომდი.

ისინი რომ გამოისტუმრა, თითონ აბრეშუმს სთვა დაუწყო. რა ის იტიტინემ ნახა, რომ ისე საბატიურად იჯდა და მისი ტარტარი არად ჰკვირდა, თავისთვინ საქმეს შეექცეოდა, - ასეთი ყოფა ქნა, რომ იქიურობა აჰყარა და აიღო. მისი მგზავსი ღმთის საძაგელი და ეშმაკის საყვარელი კაცისაგან არ ინბობა და არც სასმენელად ევარგების. რაზომცა მრავალი დაულევნელი სიტყვა ავი იტიტინა, მან ქალმა არც უკუხედა, არამთუ პასუხი გაეცა. სანამდი ერთი ფირფიტა აბრაშუმი არ შესთოდა თითისტარი არ აავსო და ის არ დადვა, მანამდი არც მიიხედა, არც მოიხედა, და არც მისსა სიტყვასა ყური ათხოვა, ვითომ არ გაეგონა. რა ის სავსე ტარი დადვა, ერთი ნარინჯი გაფცქვნა, შეჭამა წყნარად და ის კურწი გარდაუგდო: არც ამდენსაო, რაც გინდა, იტიტინეო.

მიყო ხელი და სხვას მეორეს დაუწყო სთვა. იმან რა ის მოინახა, აასკდა და ასეთი ყოფა ქნა, რომ კაცთაგან გასაოცრებელი იყო. მან ქალმან აბრეშუმი სთა და მან დიაცმან უმგზავსო იტიტინა.

სანამ ის მეორე ფირფიტაც არ დასთა და სავსე ტარი არ დადვა, ისევ გაუკვირვალად იჯდა. მერმე მეორე ნარინჯი შეჭამა და კიდევ მისი კურწი გარდაუგდო: ესე და შენი ლაპარაკი სწორად მიჩანსო. გამობრუნდა და მესამესა ტარსა აბრეშუმსა სთვა დაუწყო. აღარა პასუხი გასცა, ერთს მხევალს ხელი დაუქნია, მის წინ მიიყვანა და ეგრე უბძანა: წადი, ბატონს ჯერ ღმერთი აფიცე, მერმე შვილიო, რომ ასეთი ტანისამოსი შეიმოსოს ამან ვერ იცნასო, და აქ მობძანდესო და თქვენთან დაჯდესო, ამის ყოფას უყუროს და ხმას კი ნუ გასცემსო.

რა ესეთი აგდება მოინახა იტიტინემ, ესეთი ყვირილი და ტირილი შექნა, თითქო მისის ტიტინით კლდენი გასქდენ და წყალი დაყუჩდა მისი უწესოს სიტყვის სმენითა. ესრეთ აწყდებოდა, რომ მისი ჯახიჯუხი გამოღმა ისმოდა, და ნამეტნავის სიფიცხითა ქვათა და ქვიშათა ისროდა. მაგრამ რაზომცა ავს ანბობდა და იქმოდა, ის ქალი არას იკვირვებდა, არცა ერთსა ჩუმსა ამოიღებდა.

მოვიდა და დაუჯერა: იქ აღარ მივიდა, მუახლეთა შიგან დაჯდა და ეგრე უყურა. მისმა საქმემ ასე გაასტერა, რომე ვეღარც გაიჩუჩუნა.

მესამე ტარიც რომ აავსო, დადვა და მესამე ნარინჯი შეჭამა, კურწი გარდუგდო და ეგრე უთხრა: საწყალო, მე ჩემი საქმე გავათავე, აწ კი წავალო და შენი მაგდენი ლაყაფი ამ ნარინჯის კურწის ოდნად არ მიჩანს, რამდენიც გინდა, იტიტინეო. ეს რომ მოინახა და იგი ქალი ასადგომად მოეკაზმა, ესდენ მედგრად გაცოფდა, რომ ვეღარა შეიტყო რა, რას იქმოდა; ვითამ იმ ქალს თავისის გუნებით წამოსწვდა, წყალი კი ვეღარ დაინახა, გარდმოიჭრა მარმარილოს ქვიდამე და წყალში უკუვარდა. მისის სიცოფითა შერცხვენა და სიკვდილი და წაწყმენდა გაჰყვა. მისმა მრავლისმეტყველობამა და უშვერმა ენამა სხვა არა მოაგებინა რა.

რა ეს მოინახეს ილაპარაკემ და მისთა მხლებელთა, გაკვირვებულთა და გახარებულთა იარეს და მას ქალს წინა თაყვანებად დასცვივდენ, ხელსა და ფეხსა ეხვეოდენ და ჰკოცნიდენ. თავისად მხსნელად ხადოდა ილაპარაკე, რომე შენ დამიხსენ ეშმაკის საბრხისაგანაო, თვარა თვითონ ეშმაკისა საცთურსა შვილიანად დაბმული ვიყაო. წამოვიდენ დიდად გახარებულნი და თავისა სახლსა მოვიდენ.

მის დღითგან დაიკარგა მისი სახელი ილაპარაკეობისა, დაერქვა დედა აბუბექირისა, დედა ყოვლისა კეთილისა და იქცეოდა ყოვლითა რიგითა და წესითა ხელმწიფურითა. და როდეს ნადირობით მოვედით, ბანოვანთა სამოსითა მოსილი, წყნარისა და მდაბლისა ქცევითა შვილს წინ მოეგება და ეგრე უთხრა: დედისა თვალთა ნათელო! აზომიერთი ხანია, ეს პირმთვარე ქალი შემოგივედრებია ჩემთვის და ჩემის უბედობით აღარ გინახავს. და აწ სალხინო სუფრა მომიმზადებია და დღეს შინ ნახე ლხინი. ქალიც ნახე და, თუ მოგეწონოს და შენი საფერი იყოს, ქორწილისათვისცა მზა ვარო; თუ არა და, რომელიც გწადდეს, იგი ქენიო. იამა მწვედ აბუბექირს და ჩემთვისცა საწყევარი კაცი გამოეგზავნა. მეჯლიში და ლხინი მუნ გარდიხადა, მაგრამ კაცის თვალს მის ქალის შვენება გაასტერებდა. და მისი კიდევ არა საკურველია, მაგრამ ის აბუბექირის დედა, მისის შვენებისა და შესმენისა და სიწყნარისა პატრონი, მას უგვანსა და უწესოს ვით იქმოდა! მაგრა ეშმაკი ესოდენი თურე საქმიანია, რომე გონიერთაცა უგუნურად გარდააქცევს, თვარა მისის მნახავისაგან უცხო დასაჯერი იყო მისგან უწესოს რასმე ქნა.

და დიდად გამიჯნურდა აბუბექირ და სიყვარულსა მის ქალისასა ვეღარ მალევდა და ეგრე უთხრა დედასა: ჭირით ნაშოვნი და შენგან შვილურად გაზდილი ეს არიო და არც სიკეთეს ვიკითხავ ამისასაო და არც სიავესაო, არც გვარიშვილობასაო და არც კაცთ ნათესაობასაო. ჩემი ბედი ეგ არი, მის მეტი არცა ვინ მაშინ მინდაო, რომ ზეცის ანგელოზიც ვიშოოო. მერმე დედამ ეგრე უთხრა: შენ ეგრე გიყვარსო და მე თავად მაშინც მერჩივნა სულსაო და ახლა, დღეს რომ მე მაგისგან საქმე დამემართა და ეშმაკის მანქანებით შერცხვენისა და წაწყმენდისაგან დავიხსენო, ან მხევლობას როგორ ვღირსვარ ამისას, არამთუ რძლობასაო. უანბო ყოველი მისგან ნაქნარი: თუ ამას არ ექნა, აწემცა მე მოვკვდებოდი მისად ნაცვლადაო.

მას ღამესა ამოდ გამოისვენეს. რა დილა გათენდა, ქორწილისა საქმესა შეუდგეს და ყოველთა დღეთა უკეთესი და უკეთესი ლხინი ნახიან.

დღესა ერთსა ბანთა მაღალთა ზედა ვსხედით და ვლხინობდით. მრავალი ქარავანი მომავალი ვნახეთ. აბუბექირ კაცი გაუგზავნა ქარვანბაშსა, მოსვლის საწვევარი: მოდიო და შენთა ლართაგან ჩვენც ვიყიდით რასმეო. ქარავანი დააყენეს. ქარვანბაში მოვიდა. ძღვენი ტურფა მოართვა. თითონაც შავით იყო და, რაც კაცი ახლდა, ყველა შავით მოსილნი იყვნენ. ვკითხეთ მიზეზი მათისა შაოსნობისა. ატირდა ქარვანბაში იგი და აგრე თქვა: ცოდვათა ჩვენთათვის ასეთი საქმე მოიწია, რომე ჩვენი ხელმწიფე შვიდი წელიწადია ძაძა-ფლასით ნაცართა ზედა სხენან და მათსა საბრძანებელში ქვანი და ხენიც შავით მოსილნი არიანო, თვარა კაცთა სასიხარულო შემოსა როგორ იქნებაო! მე ვკითხე: მაგისთანა რა დაგემართათ, რომ ქვათაც აგლოვებთ-მეთქი? მან აგრე მითხრა: ჩვენს ხელმწიფეს ერთი ქალის მეტი არა ჰყვანდა რაო და, ხუთის წლისა რომ გათავდაო, სულ ზღვათა მეფის საბრძანებელი მას შეფრფინვიდაო, თვარა დედასა და მამას თვალთა სინათლედ იგი ჰყვანდაო; სულ თავის სახელმწიფოში არონინებდის და შეაქცევდის, რომ ერთს მგზეფსს ერთს ალაგს არ დააყოფინებდენო, ეგება სხვასა და სხვას ალაგს ყოფა უფრო მოუხდესო და ადრე გაიზარდოსო.

თვისითა მუახლითა თურმე თამაშობდა. რაღაც მოსძულდა ღმერთსა ჩვენი ხელმწიფე და ჩვენი ქვეყანა და ანასდეულად რაღამაც მოიტაცა. ვერავინ რა შეიტყო ამის მეტი, რომ, ვინც იმასთან იყო, ყველა დახოცილი ეყარა და ყმაწვილი აღარც მკვდარი ჩნდა, აღარც ცოცხალი. იმდენი სულისაგან ერთის მეტი ვეღარავინ მოიყვანეს. სულა ერთს კვირას ვერც ის ჩააგდეს ჭკუაში. რახან სულობას მოვიდა, ჰკითხეს: რა იქნა, რისაგან ამოსწყდითო, ან ის ყმაწვილი რა იქნაო? მან ასე თქვა: ამის მეტი არა ვიცი რაო: შავი ღრუბელივით რამ წამოვიდა; შევხედე, მთისოდენი რამ შავი მოდიოდა, რომ მისთანა არცა რა ანბად მასმიაო. სანამდი ყმაწვილი არ აიყვანაო და მხარზე არ შეისვაო, მათამდი არა მჭირდა რაო. რა ის აყვანილი ნახეს, ყველამ თავი გამოიმეტესო; მიეხვივნენო, მაგრამ მას რას დააკლებდენო? ერთი ხელი უკმოიქნივა და ეს ამდენი ჯარი ერთმანერთზე დააწყვიტაო, როგორცა ხედავთო. მე ჩემის უბედობისათვის შორს დავრჩიო და მას უკან მზეს უჭვრიტეო. საწყლისა ტირილითა ტიროდა.

რა ეს შეიტყვეს მეფემან და დედოფალმან, თავი საკვდავად გამოიმეტესო, სამს თვეს ჭკუა არც ერთს ჰქონდა. რა სულად მოვიდნენ, მათი საცხოვრებელი სულ იმის ძებნაში წააგესო, მაგრამ მისი ვერა შეიტყვეს რაო. აწ არიან მას უკან მწარის ცხოვრებითა, ოღონ სული ამოსდისთ, თვარამ სხვა კაი არა სჭირსთ რაო.

რა აბუბექირ მის ვაჭრის ანბავი გაიგონა, გულსა შინა გაიხარა: ეგება ეს ქალი იყოსო, აგრე გასინჯა. მერმე უთხრა მას ვაჭარსა: რომ ნახო, შენის ხელმწიფის შვილს იცნობო? მან აგრე თქვა: მე იმის ნახვას ვინ მაღირსებსო, თვარა ასეთი ნიშანი აქვს მაგათ გვარსა, რომ ვიცნობო.

ეს ამბავი აბუბექირ დედას შეუთვალა. მას, როგორც მართებდა, ეგრე გახარებოდა და შეუთვალა: ვაჩვენოთო. თუ ეს არიო, მის უკეთესი რა დაგვემართება? თავად ამისთანა ვალი დაგვიდებია ზღვათა მეფისათვისო და მერმე მის მოყრობას ვღირსებულვართო. შეიყვანეს იგი კაცი და აჩვენეს. იცნა, რომე იგი იყო. მან ქალმანცა უთხრა, რაღაც იქიური ახსოვდა,

შეიქნა დიდი სიხარული. მან ქარვანბაშმან თავისი ბარგი ყველა იქ დააგდო და თვითონ მარტო ჩაფრად წავიდა თავის ხელმწიფესთან მახარობლად. აქათ ამათ ფიქრი ქნეს - ნუთუ აღარ დაგვანებოსო - და სასწრაფოდ ქორწილი ქნეს.

ამ ერთს კვირაში რაც იქნა, მე ჩემის თვალით ვნახე და სხვა ყველა მათის პირისაგან გავიგონე. მე წაველ, სადაც გაგზავნილი ვიყავ. ისინი იქ დავყარე. სანამდი გამოვივლიდი, ზღვათა მეფესაც ეცნა მათი ანბავი და მრავალი ჯარი და საჭურჭლე გამოეგზავნა, დიდითა დიდებითა გამდიდრებულნი და გალაღებულნი ქალი და სიძე წაესხმევინა. იქ აღარავინ დამხვდა. წამოველ ჩემთვის, მოველ და აწ აქ გახლავარ. და ჩემი და ამ ჩემის ძმის საქმე მათს ცუდს მოლაყბეობას გავს, მაგრამ თქვენ უნდა ზღვათა მეფის ასულისა მგზავსებასა დასჯერდეო. თუ ის ერთი მარტო ხუთის წლის ყმაწვილი წყალობითა ღმთისათა მის უცნაურის დევისაგან გამოიხსნა, შენ ღმთისაგან ამას რასათვის არა სჯერხარ, რომე ყოვლის ბოროტისაგან ადრე იხსნის მოსავსა და მინდობილსა მისსა და რა საკვირველია ღმთისაგან შენთა განსაცდელთაგან გამოხსნაო!

ამასთანას სიტყვით, ხან ლაღობითა და ხან სიბრძნის მეტყველებითა, ალხენდენ, სანამ ფრიდონის მოსვლის მახარობელი მოვიდოდა.

ინება ბრძანებამან ღმთისამან მთისამან. გათავდა მათი ჭირი და მწუხარება და მოვიდა დიდებული კაცი მახარობლად, ვითა: გამოუშვა მაღალმან ხელმწიფემან ფრიდონ ხელმწიფე გვართა და ჩამომავალთა ზეაღმატებით დიდითა მორჭმა-დიდებითა და ასერ ახლო მოვალსო. შეიქნა სიხარული ზომისაგან მეტი და წავიდენ მისაგებავად პაპა-ბიძანი და ძმანი მისნი. შეიქნა მიგებ-მოგებება და მოჯდომით ხვევნა-კოცნა; გაყმდა გული ბერის აფთვიმიანესი ნახვითა ფრიდონისითა, რომელ ისე ყოვლითა ხელმწიფობისა ხნითა სრულად შემკობილი ნახა: თვალ-ტანად, ყოფაქცევით მას ვერავინ ესწორებოდა. შეიქნა ქოსთა ხმა, ბუკთა ტკრციალი, ნაღარისა მაღლად ხმობა. შეიყარა სულ იამანეთი, მაგრამ ფრიდონ ახალი ხელმწიფე დედის ნახვისათვის სწრაფობდა და დედამისის ნახვისათვის სულთა ამოსვლად მზა იყო. მოვიდა ფრიდონ სრულისა იამანეთისა ხელმწიფედ.

აქა ფრიდონის მოსვლა დედასთანა და მესამესა დღესა

ხელმწიფედ დალოცვა სრულად იამანელთაგან

და ფრიდონის გახელმწიფება

რა დედამან ფრიდონ თაჯ-გვირგვინით მორთული თავისკენ მიმავალი ნახა, ღმერთს დიდი მადლი მისცა და ათასჯერ თავს შემოევლო. სიხარულითა შეთსა გვანდა და არ იცოდა, რას იქმოდა. და ფრიდონ ამას ეტყოდა: დედაო დედოფალო, ჩემთვის ძნელის სატანჯველით გარჯილო! ჩვენ ყოველი დიდება და სიკეთე შენითა ბედითა და ღმთის წინ მოაჯობითა მოგვეცა და შენ ვერაოდეს სევდისა და მდუღარის ცრემლთ დენისაგან ვერ მოისვენე. აწ აგრეც ნუ სტირი და ცოტად მოისვენე და მერმე შენთა სასურველთა ანბავი მკითხეო, ყველა შენთვის საამებელი ვიციო. მერმე რა სულად მოვიდა, იხარებდა და შვილს შეფრფინვიდა, მისის სასურველისა როდენ ქალისა ანბავსა ჰკითხევდა და მისის სიცოცხლისა და სიკეთისათვინ, რაც მისის გაყრისათვის დამწვარს გულს გაეწყობოდა, იხარებდა.

რა სამი დღე დედასთან დაყო, მეოთხესა დღესა სულ იამანელნი შემოეხვივნენ, იამანეთის ქალაქთა მისვლა დაჰპატიჟეს, ასაყრელსა ქოსსა ჰკრეს და წავიდეს ყოვლითა თვის მეყვის-ნათესავითა. რა ამათი მისვლა შეიტყვეს მის ქვეყნისა მეპატრონეთა, ზოგნი გაეცალნენ და ქვეყანა დაუგდეს, ზოგნი დაემონნენ და დანდობას ეაჯებოდენ. წესითა ხელმწიფურითა და სიტყვითა მდაბალ-ტკბილითა გული დაუდვა ღა პატივითა დიდითა ძმურად და უფროსულად შეთვისება და შეწყნარება უქადა, დიდითა პატივითა დაიჭირა. მივიდა ტახტსა სახელმწიფოსა და დაჯდა, თავსა მნათობი გვირგვინი დაიდგა. მიულოცეს ყოველთა და დაიწყო ფრიდონ ლაშქართა ზედა გაცემა და ლხინნადიმმოუშლელობა; გაჰფინა სახელი სიკეთისა და გაითქვა მისი მოსამართლეობა და მოწყალება ოთხსავე ცის კიდესა. და აქებდენ ყოველნი მნახავნი და უნახავნიცა, ერთიმეორეს ზოგნი ჰკითხევდენ და ზოგნი უამბობდენ მისსა ქებასა, უცხონი და შორიელნიცა მას ლოცევდენ: მისსა ქებასა ვინ გაუვა, ქვეყანაზე მისთანა ხელმწიფე დასაბამს აქეთ არცა ყოფილა, არც იქნებაო.

დაყვეს ლხინითა და ნადიმ-ნადირობისა სიმრავლითა და სიამოვნითა წელიწადი ერთი ერთად ყოველთა. მერმე პაპა-ბიძანი გამოეთაყვანნენ და ფრიდონს ეგრე მოახსენეს: ჩვენთვინ სამოთხით გამოსვლა და ჯოჯოხეთში შესვლა იქნება შენი გაყრაო, მაგრამ ჩვენ მოხუცებულნი ვართ და ვინ იცის, რა მოჰხდეს, ჩვენსავე მიწასა უნდა მივებარნეთ და ჩვენი სული ჩვენთა სახლთა შინა უნდა დაიურვოსო. ფრიდონ აგრე მოახსენა: ჩვენ დიდად ვიშიშვით თქვენგანა, ბედნიერო და ღმრთისაგან კეთილ ცხოვრებით დაცულო პატრონო პაპაო, რომელ ეზომერთსა ხანსა თქვენი ლხინმოუკლებელი თავი ჭირსა და სიმწუხარესა შიგან ჩავაგდეთ და თქვენსა საბატონოსა მოვაშორვეთო. რომელიცა თქვენი ნება იყოსო, იგი ქენითო, ესეც თქვენია და ისიცაო. მერმე ბიძანი ჩემნი ამდენს შინ ყოფას უჩვევარნი არიან და ვიცი, ამათი გული უფრო სწრაფობს უცხოთა ქვეყანათა ნახვასაო და ჩემგან დაშლა აღარ ეგებისო. ამ უცხოს ქვეყნების ნახვაზედ რუსუდან მოახსენა შვილსა: ოღონც უცხო ქვეყანანი უნახავ ძმათა ჩემთაო და სასმენელად შვენიერნი ამბავნი იციანო! უთხრა ყოველი, რაც მას უკან მის ძმებს მაზედ ჭირი ენახათ და როგორც შეერჩინათ სული.

რა ფრიდონ ყველა უკლებლად მოისმინა, იამა და მათის ხელმწიფობისა მიბაძვაცა უქადა გულსა და ეგრე თქვა: ამისთანას ანბავსა გარდაშვება არ გაეწყობისო, ამისთვის რომე ჟამმრავლადგამოსვლითა დავიწყებული იქნების, და ჩემგან ეგ არ ეგება, რომ ამ ჩემთა მშობელთა ჭირნახულობა ჩავავლიო და ანუ ამდენი კაი ანბავი, რომე ჩვენს უკან ჩვენი სახელი აღარ იხსენებოდესო. მოიყვანა გონიერი მწიგნობარი და ეგე უბძანა: როგორც შენგან ვიცოდეო, ისე სიტყვაუცდომელად და კარგად ჩვენი ანბავი თავითგან ბოლომდისი, ვითამცა ბიძათა ჩემთაგან მოისმინო, უცხოთა ხელმწიფეთა და ქვეყანათა - ყველა უკლებელად დასწერეო; ავი რამ გვჭირვებია თუ კარგიო, ლხინი გვინახავ თუ ჭირიო, მერმე ბიძათა ეაჯა მანამდი გაუყრელობასა, სანამ ამ ამბავთა დააწერინებდეთო, რომე არცა მათ უცხოთა ხელმწიფეთა ეკადრებაო და არცა თქვენი სარგებელიაო ამ ამბის გარდაშვებაო.

ქნეს მისი ნება, ცოტასა ხანსა მის წიგნისათვის კიდევ დადგენ. მერმე გამოესალმენ დიდითა სიმძიმილითა და ფრიდონ მრავალი ტურფა არმაღანი მიართვა ყველასა თავ-თავად და გაისტუმრა პირამდისინ სავსენი, საქონლითა სრულნი, განა გულითა ნაკლულნი ფრიდონისა გაყრისათვის და რუსუდანის დაგდებისათვის. გაჰყვა ფრიდონ პაპასა ორსა ფარსანგამდი. იგი ლოცვიდა და სიბრძნესა ასწავებდა და კეთილად შეაგონებდა, ამას ეტყოდა: შვილო ჩემო და აწ ხელმწიფეო, სრულისა იამანეთისა მზეებრ მაშვენებელო და კვალად იმედო ჩემისა სიბერისაო! აჰა, მე წავალ ნათლისა პირისაგან შენისა და ვინ უწყის, მპარავი იგი რომელსა ჟამსა წარმიტაცებს. მე არღარა ველი კვალად მოქცევასა შენდა, განა ეს მცნება გქონდს ბერისა და მრავალნახულისა პაპისაგან, რომელ ყოველთა ჰყვარობდი, ყოველნი გეწყობოდენ, უფალსა მონებდი შიშითა, მონოზანთა პატივსცემდი, რათა ლოცვითა მათითა უფალმან ყოველივე კეთილად განაგოს ცხოვრება შენიო.

გაიყარნენ ტირილითა. ფრიდონ თვისსავე ტახტსა მოვიდა, იგინი თვისსა ქვეყანასა წავიდენ. დაყო რუსუდან რაოდენნიმე წელნი შვილსა გვერდით დიდითა დიდებითა და პატივითა, პირითა მხიარულითა და ღმთის წინ მისის ხელმწიფობის დამტკიცების მოაჯობითა, განა გულითა დადაგულითა მასვე ორისა სენისათვის.

რა გათავდა მისი დღენი, კვალად დასნეულდა რუსუდან სენითა მძიმითა და სასიკვდინოთა. შეიგნა თავისა სიკვდილი. იხმო მისი სასურველი შვილი, თვისნი ძმანი და წვრილნი შვილნი შეავედრა. მერმე თვისისა სულისა დაურვებასა ეაჯა, მოეხვივა და ხელსა და გულსა აკოცა. მერმე წვრილთა ძეთა თვისთა გამოესალმა. მერმე მიიხედა-მოიხედა და მშობელნი და ძმანი ვერა ნახა: გული ეტკინა, თვალთაგან ცრემლი გარდმოყარა. მერმე თქვა ხმითა მწარითა: მშვიდობით, მშობელნო! მშვიდობით, დედაო! მშვიდობით, მამაო! მშვიდობით, მოყვასნო! მშვიდობით, სახლეულნო! მშვიდობით, დამზდელნო და დაზდილნო მონანო და მხევალნო! მშვიდობით და კვალად მშვიდობით, ძმანო ჩემნო საყვარელნო! სადა ხართ და აწ სად არიან მცნებანი თქვენნი და სიბრძნისა მეტყველებანი? რა სარგებელ მექმნა მაშინდელი თქვენი სარჯელი, რომელი ვისწავე თქვენგან, ანუ სად არიან საქმენი მშობელთა ჩემთანი ანუ ვედრება და ლოცვანი მონოზანთანი? აწ არა მერგო რა, არც არა შემერაცხა ყოველივე მაშინდელი იგი კეთილი. აწ მისწრაფებს სულთა წარმყვანელი ჩემი და ვერა გხედავ ერთსაცა შემწედ ჩემდა, რათა იპოვნეთ ერთი ვინმე ღირსი ღმთისა, რომელი შევიდოდა სახლსა მამისა ჩემისასა, რათა ლოცვითა მისითა ვპოო სულთა განსვენებაო. და განუტევა სული მართალი.

აწ აქა რუსუდანის სიკვდილი

და მისთა მშობელთა მწარე დღე

შეიქნა ტყება და ტირილი. მწარედ იცემდა ფრიდონ და ძმანი მისნი და ტიროდენ მწარედ და გოდებდეს მშობლისა გაყრისათვის. იხილეს რა მისთა მხევალთა და მონათა მისის ნათელის თვალის დაბნელება და ელვარეს პირის გაყვითლება მწარის ხმით შექნეს ძახილი და თავს ცემა, ესრეთ იტყოდეს: ვაიმე, დედოფალო ჩვენო, კეთილო და შვენიერო! ვინ უთხრას მამასა შენსა სიკვდილი შენი ანუ რომელმან თვალმან იხილოს ჭირი და მწუხარება მშობელთა და ძმათა შენთა? ვინ-მე დაუდგას ზრუნვათა მათთა? ვაიმე, დედოფალო ჩვენო! არა ჯერ არს ჩვენგან მათი ხსენება, გარნა ვტიროდეთ თავთა ჩვენთათვის, განშორებისათვის სამსახურისა შენისა. არცა თუ მარტო თავთა ჩვენთა ვსტირთ, განა ყოველთა ობოლ-ქვრივთა და დავრდომილთათვის. ვაი ჩვენდა, დედოფალო ჩვენო! ვინღა შეიწყნარებს უცხოთა, ვინ განუმზადებს ტრაპეზსა გლახაკთა ანუ ვინ მიხედავს პყრობილთა, ანუ ვინ განუმზადოს სნეულთა საზრდელი, ანუ ვინ ეკლესიისათვის ზრუნევდეს, ანუ ვის დაბანნეს ფერხნი მონოზანთა, ანუ ვინ ფსალმუნებდეს მღვიძარებითა? ვაა ჩვენდა, დედოფალო ჩვენო შვენიერო და საყვარელად სახილველად საწადელო! რა ესე შეგემთხვია შენ, ნათელი მოგაკლდა და ჩვენ შორის სანთელი დაშრტა ჩვენი.

ღაღატყვეს ძლიერად, ვითარცა ერთითა პირითა: ვაა ჩვენდა, დედოფალო ჩვენო, რამეთუ ლხინება ჩვენი წარიტყვენა, საუნჯე ჩვენი წარიპარა, ნუგეშინისცემა ჩვენი აღიტაცა, სიხარული ჩვენი დაითხია! ვაა ჩვენდა, დედოფალო! ვინ შემოსოს შიშველნი, კეთილისმყოფელო ჩვენო და ჩვენთანათა მონათაო! ვინ განუყოს სამოსლები ობოლთა ანუ ვინ მონასტერთა მიუძღვნიდეს საზდელთა?! ყოველივე წარწყმდა კეთილის მოქმედება შენთანა, აწ რა ვქნათ ანუ რას მრავალს ვიტყოდეთ? ვინ შემძლებელ არს ქველის მოქმედებათა შენთა აღრიცხვად? აწ მივიქცეთ მშობელთა შენთა და უფალთა ჩვენთასა, მაგრა ვინ უთხრას ეს სასმენელთა მათთა, თუ განვიდა ასული იგი შენი მხოლო ნათელი თვალთა შენთაო? ანუ ვინ შემძლებელ იყოს ხილვად ცრემლთა დედისა შენისათა, ანუ ვინ ისმინოს ყივილი ძმათა შენთა ანუ სულთქმანი მოყვარეთა და მონათა მათთანი, ანუ ვისღა ესმნეს მწარენი იგი ხმანი გლახაკთანი, რომელნი განძღებოდეს სახლთა შინა უფალთა ჩვენთასა ანუ ვინ იხილოს გოდება ძეთა სასურველთა შენთა და უფალთა ჩვენთა, ანუ ვის ძალედვას ცრემლთა დენასა სეფეწულთა მათთასა? ესევითარსა ღაღადებდენ.

რა ესევითარითა სიტყვითა და უმწარესითაცა იტირეს ყოველთა დიდებულთა და მცირებულთა, მერმე მხარდახდილთა, თავშიშველთა და ფეხშიშველთა, სისხლისა ცრემლითა მტირალთა დიდებულთა რუსუდანის თაბუთი შეკაზმეს მისად საფერად, შეუსხდეს, ეგრეთ წაიღეს. წინ ფრიდონ და ძმანი მისნი და დარბაისელნი მიუძღოდენ თავპირცემითა და თმაწვერგლეჯითა, სისხლითა შესვრილნი, და უკან ასულნი და ბანოვანთა მხევალთა ჯარი მიჰყვებოდნენ თმათა ფხვრითა, ღაწვთა ელვარეთა ხოკითა და მკერდსა ცემითა. ესეთითა ზრუნვითა და ზარითა მიდიოდნენ.

რა მივიდნენ ხელმწიფეთა სამარხსა, მიაბარეს მისი ზარიფი და სურნელობით სავსე ტანი შავსა და ყოველთა შვენიერთა დამღუპავსა მიწასა და მრავალი სულის საქმე გარდაიხადეს: გლახათა ზედა უანგარიშო გასცეს, მათად გამოსაზრდელად მრავალნი სოფელნი და ბაღნი შესწირეს. სამარხსა მისსა გლოვითა მწარითა იყვნენ დღეყოველ. ფრიდონ, მწარედ გულდამწვარმან, სისხლის ცრემლით მტირალმან, მისი საყვარელი დედა ხელმწიფურის წესით დამარხა, მისის სულის საქმე დაიურვა. მერმე მწიგნობარი მოაყვანინა, პაპასა და ბებიასთან მისი მწუხარებისა და მისის მზის უბწყინვალესის რუსუდანის დედაშვილობის გაყრისა და შავის მიწისაგან დაფარვის შესაფერისა წიგნისა დაწერა უბძანა.

აქა ფრიდონისაგან პაპასთან

გასამჟღავნებელი წიგნის მიწერა

ეჰა, ჩვენის კეთილისა ანბისა სმენისა მეძიებელნო, მოთხრობისა მოსაწადელნო! მოგითხრობ ამისად ნაცვლად სიტყვითა საზარელითა საქმეთა განსაკრთომელთა. ვერ შემძლებელ არს ენა ჩემი წარმოთქმად და გული ჩემი თავს დებად, გარნა არა დრო მცემს სულთქმისა სალმობანი და მწვენ გონებისა ურვანი, მწუხარებისა მახვილი განეწონების გულსა ჩემსა, მოსწყლავს მწარედ სასიკვდინედ და შესწვავს მოტყინარე სახმილი თირკმელთა ჩემთა. აჰა, მოიწია რისხვა უხოიშნო და სიკვდილი უჟამო. სადაღა იყოს თვალნი უცრემლონი, პირი უყვითლონი, ლხინი უსულთქმონი, განცხრომანი უოხრონი?! რომელიმცა ადგილი არა ვაებდეს, რომელიცა სანახები არა ქოთებდეს?!

აწ მოგითხრა წინადადებანი სიტყვათა ჩემთანი, თუ ვისდა მომართ არს დაწყება სიტყვათა ჩემთა ანუ ვის სიკვდილსა გაუწყებ. ჰე, პირველ მშობელნო ჩვენნო, ჩემდა შობამდი ლხინმოუკლებელნო და ჭირუნახავნო, შემდგომად უბედოსა შობისა ჩემისა მწუხარებითა აღვსილნო, ლხინდაძვირებულნო და აწ სიბერისა და უძლურებისა ჟამსა ამა ჩემსა უნდოსა ქარტისა მოძღვანებითა სრულობითა და სამუდამოდ ლხინგანქარვებულნო! ეჰა, ვაი მოწყალისა პატრონისა ჩემისა და ასულისა სულთა უტკბოსისა თქვენისა, დედოფლისა სახელმწიფოსა სწავლისა საქციელითა უნაკლულოსა და სიყრმითგან ზარიფობითა აღზრდილისა, არა თუ საკვდავად სამეტისა, არამედ სიტყვისა უნებლიეთისა და ძნელბედშემკადრისა ტკბილისა დედისა ჩემისასა! აჰა, ვაი ჩემდა, რომელ ვიხილე თვალითა ჩემითა განშორება ქრისტეს მორწმუნისა სულისა მისისა გვამთაგან, რომლისა მსგავსი არაოდეს ყოფილ არს, და მიფანჩულ-მოფანჩულ იქმნა სურნელებისა ტევრი მუშკისა ზილფმრავალკეცად თხზულნი თმანი, აფოლხვდეს და დაცვივდეს სამტვერ-სამიწოდ ვეცხლისა იგი სპეტაკი მოედანი ღა დრუნგილისა ფიცრისა მაელვარები შუბლი გაუნდომდა, გოზაგარდახრილი ქამანდი და ტევრი შეხშირებული წარბი შეფრუშკვილ-შენასკულ იქმნეს, ეკალმუხისა ისართა მსგავსი წამწამი, სიხშირისა მაჩრდილებელი ქოხი დააქცია, თვალმან ბრწყინვალემან და ნათელმან კეთილჭვირობად მხედველმან მჭვრეტელობა მობრყვილებულ ყო და ტბამან მღელვარემან და მორევმან მელნისამან ციმციმი დააცხრო და გარეშემონი ზანგთა სიმრავლენი, მცველ-ყარაულად მდგომელნი, უნათლოსა მორევს შიგან შთაცვივდეს, თვალნი მათნი მაშიგან მოშთობილ ყვნეს, თვალთა გარეშემომან ლაჟვარდისა კარავი გარდაიდგა ღა ლილის პერანგი ჩაიცვა, ვარდმან უბულბულოდ აყვავებულმან და ყაყაჩომან სიყირმიზემეწამულმან თვისისა აგებულებისა ფერი იქცივა, ღაწვისა ელვარებასა მწყრალობისა მტერობა ჩამოუგდო და ზაფრანისა მესადგურობა მოიპოვა, ცხვირმან სოთჩამოსხმულსწორებულმან და ყნოსა მუშკ-ამბარ ჩვეულმან მოელვარეობასა სადგური დასცალა, ბაგენი ბალახშნი და იამანგარემოწყობილნი, თხელნი, ზარიფად შემოზღუდვილნი ძვარსა და ბუგრსა სალმობიერ ეყო და ძოწისა ფერნი სახენი დატეტკვილ-დალებებულ ყო და სადაფსა შიგან ჩაწყობილმან ოცდათორმეტმან მარგალიტმან ჯრით თლილისა მგზავსად მიწყობილმან, კარნი უხსნელისა რაზითა დახშულ და დაკლეტულ ყო და მისი სადგური და საძირკველი ძოწისა ელვარებასა გაუსაზღვრა. რიტორ-მუსიკთა მოკამათობისა დამადუმებელი სიტყვა, ნარნარად წყაროულებ მომდინარე და ბულბულებრ სიტყვათა ამოთა მოუკლებელი, უტყვად დადუმებულ იქმნეს და მოუბნარობისა კარი დაეხშო. ბროლისა კოშკი, მართალსვეტოანად აღმართებული, მჭვრეტელთა დამაშვენებელი და ქაღალდისა მსგავსად შემოსილი, დახრილ-დავარდნილ იქმნეს, ხელ-მკლავმან მუშაითმან და თითმან ბროლისა ქვისამან, ნათლისა მგზავსებულმან, მოძრაობა დააცხრო. ხორცმან ფიფქისა მეჯუფთარემან მისი მკამკამებლობა დაფარა და გარ ნისლი შემოეხვია. ვისგან შვენებული იყვნეს მიწისა ნაყოფნი ყოველნივე და მიწა-მოლნი მოცინარობდეს, აწ შეურაცხ ქმნილ არს. ვისითა შეუბნებითა გამრთელდებოდეს უძლურნი და ლხინებას და კურნებასა მიახლებოდეს, აწ სოფლისა ნივთებასა სალმობიერ ექმნა. ვისგან საქციელისა მოკამათობას მეშურნეობდეს ბანოვანნი კეკლუცნი დედანი, ანდამატებრ რკინასავით შეესწრაფოდეს, აწ სოფლისა ხასიათთაგან აბეზარ იქმნა. ვისგან მოსწავლეობდეს დედანი საქციელისა დაწყებასა და მხევალნი არა შვრებოდეს საკაზმავთა ურვისაგან, რომელი თავით თვისით შვენიერ და შემკულ იყო, აწ ყოვლისა დიდებისაგან იავარ ქმნილ არს. ვინ არად მიმჩენ იყო ტყავ-საყურთა და ფარღულ-ნიავთა შეთხზულებასა და აღნაგისთაგან შემკობილ იყო, მიწამან პირველი ბუნება მიიზიდა. ვინ სავსე იყო სასალუქოთა სამკაულითა და სხივკამკამმკთოლვარე მოელვარობითა, ტილოსა ტანსაცმელსა ესტუმრა და საბლარდნელისა სარტყელი გარ მოიხვია, და სამეფოსა ტახტისა შესატყვისად დასამყარებელი იყო, აწ თაბუთსა და ტაგრუცსა შეერთა. ვისნი თვალნი ხაზალისა ფურცელთაგან კრთებოდეს, აწ მიწასა შთასლვასა არ მოერიდა. ძენი მისნი და ვერცა, რომელთა ზრდიდა ვითარცა შვილთა ახალნერგთა და მოწყალებისა უფსკრულსა უწყაროებდა, ვერას შემწე ვექმენით თვინიერ სულთქმისა და მწუხარებისაგან კიდე. ჰოიმე, როსღამცა იყოს გული ჩვენი ულმობელ, თვალნი უსისხლცრემლო ანუ ქვეყანა უგოდებო, ანუ შუკა და ურაკპარაკნი უსულთქმონი, რომელმან ყურმან ისმინა და არა შებეჭდულ იქმნა ანუ რომელმან გულისხმა ყოს და არა შეღონებისა არმური მოეხვია. უეჭველად გვიხმს მსმენელთა ანდერძისა მისისათა და მნახავთა ძეთა და ასულთა მისთა განშორებისათვის გვაქვსმცა გოდება იერემიასი, სულთქმანი მანასესნი, ტყებანი იაკობისნი, ტირილნი პეტრესნი, მოფხვრანი თმათანი, ხოკანი ღაწვთანი, სისხლით ღებანი გულთანი და ნინეველთა მგზავსად ნაცარძაძითა ხელმოჭდობით ყოფანი. აჰა, ვაი და ვაება თავთა ჩვენთა, რომელ დავრჩით მისის ნუგეშინის ცემისაგან ცარიელნი და მოგითხართ ანბავი ესე მწარენი.

ესე წიგნიცა შემოსეს ძაძა-ფლასითა და მისნი დაზდილნი მონანი, თმააღპარსულნი, ძაძითა მოსილნი, გაუგზავნეს შავთა მშობელთა. აქ ესენი იყვნეს გლოვითა ეგვიპტურითა და იქ რა მშობელთა მისთა შეესმა მას მზისა დაბნელებისა და მთოვარის უღრუბლოსა კირჩხიბისაგან შთანთქმისა ანბავი, აფთვიმიანე გაშმაგებული ლომივითა ხორცსა იგლეჯდა და თმასა და წვერსა ქაფურისაებრსა ხშირად გაჰყრიდა. დედა, სიმწარისაგან უცნობოქმნილი, ქვასავით უძრავად იდვა დღე-ღამესა. როდესაც სულად მოვიდა, ხორცთა კბილითა იჭამდა და საზაროდ მოსთქვემდა დღისით ღამემდი და პირსა მისსა ნიშანზედა უსვემდის და ამას იტყოდის: ვაი, გაუხარებელო შვილო, ჩემის ხელით მკვდარო შვილო, შვილთ გარეთ უპატრონოო და საყვარლისა პატრონისათვის თავგანწირულო და მისად უნახავად განქარვებულო და მისის ჭირისუფლობის უღირსებელო! როგორ ხარ შავსა მიწასა ქვეშე? აჰა, შვილო! პერანგის ზიდვა გეზარებოდა და როგორა სწევხარ მძიმეს ქვას ქვეშ, როგორ ეამხანაგები საფლავსა? შენი სამოთხის მგზავსი პირი ნეტარ მიწამან როგორ წაგიხდინა? ძოწთა და მარგალიტთა მგზავსი ბაგე-კბილნი საფლავმან როგორ დაღუპა? ეგ გონებამიუწდომელი სიტყვაშაქარი გონება რომელმან მიწამან მოგიშალა? შვილო, აღარა მაქვს ღონე გძელის გზისა დალევისა, რომე შენთანა მოვიდე, შენი ანბავი შევიტყო, შავმა მიწამ როგორ გიალერსა. აჰა, საყვარელო შვილო, რომე ერთსა წუთსა ვერ გასძლებდი უბაღოდ და უწალკოტოდ, უსეირნოდ, თავად ჩემის ამომწყვეტლის მანუჩარის გაყრით მოგძულდა სოფელი და ყოველნი საცხოვრებელნი, ახლა ვიწროს საფლავში როგორ სწევხარ, შვილო საყვარელო, შენსა ლამაზსა ხორცსა რომელნი ჭიაჭუანი სჭამენ?! აჰა, საყვარელო შვილო! რომელსა მიწასა ქვეშე გეძებო, აჰა, სით მოგაწვდინო ჩემი ხმა?! შვილო საყვარელო! შტომოტეხილსა ხესა ვგავარ, რომე გასახმობად გაყვითლებული ფოთოლი სცვიოდეს. შვილო! სადაფსა ვგევარ, რომე უბრწყინვალესი მარგალიტი დაჰკარგოდეს და უნდო დარჩომოდეს, აჰა, შვილო! ვარდის ნაცვლად ეკალი დამრჩომია.

ამრიგად მოსთქმიდის, იცემდის თავსა და პირსა, იგლეჯდის თმასა და აძლევდის ქარსა. ამას ეტყოდა: ქარო, შემომხედე და ჩემი ანბავი შეიტყვე და ჩემის სიცოცხლისა და თვალთა ჩენისა შვილთა თანა მიდი და უანბე: იჭეხა ცამა-თქო და ჩამოვარდა ცეცხლი, დაეცა თავსა და თქვენი დედ-მამანი სახლ-კარით გარდასწვაო. შეუხდა სიკვდილისა მგელი და მოსტაცა მისი უკუნთა განმანათლებელი ბრწყინვალე ცისკარი რუსუდან და სალხინო სახლი საჭირისუფლოდ გაუხადა-თქო. სადა ხართ დღესა ამას და ჟამსა მწარესა, რომე რუსუდანს თქვენითა სიტყვითა არ ალხენთ? აჰა, შვილო! აქამდის ბედნიერად ხმობილთა თქვენთა მშობელთა გაუშავდათ ბედი და დაუდგათ თვალი, დაჰკარგეს საყვარელი რუსუდანო.

მრავალთა დღეთა ამა ყოფითა იყვნენ. მერმე სიცოცხლეგამწარებულმა და უხოიშნოდ ცეცხლმოდებულმა რუსუდანის დედამ ასე თქვა: მე ჩემი რუსუდან მისითა ცეცხლითა დამეწვა და მისმა სევდამა მომიკლა და მანუჩარ დიდებასა და ტახტ-გვირგვინსა ზედა ხარობსო. მე მაგას არა ვიქ. როგორაც მისითა მიზეზითა მე დავიწვი სულით ხორცამდი, ეგრეთვე მასცა დავსწვაო და ჩემის რუსუდანის სიკვდილს ვაცნობებო. მოაღებინა მანუჩარისაგან ნახული რუსუდანის ტანსაცმელი და ერთი მცირე უსტარი თვისითა სისხლითა დაწერა, ვითა: მანუჩარ, პირველად შვილისაგან უსაყვარლესო და აწ ჩემო ცეცხლის მომდებო! აჰა, შენი საყვარელი და საწადელი ყვავილი და ჩემი სოფლის სალხინებელი და სიბერისა ნუგეშინისმცემელი შვილი შენის საგონებელით ხელთაგან დამეკარგა, ორთავე ცა და ქვეყანა რისხვით თავს დამექცაო.

ერთს მალედ მავალსა ფაიქს მისცა და ეს დაავედრა, ვითა: ნურცა დღისით მოისვენებ და ნურცა ღამით, სანამდი მანუჩართან არ მიხვიდე და, რასაც წამს მიხვიდე, ნურც მძინარეს დაერიდები და ნურცა მღვიძარესა, ნურც ნადიმად მჯდომსა და ნურცა ხალვათად მყოფსა, ნურას სულდგმულსა ნურას უანბობ, სანამდისი თვითონ მანუჩარს არ მიართვა ეს გასათავებელი ანბავი და შენ აქათვე გამობრუნდი, დაუდგომლად იარეო.

იგი კაცი წავიდა. ადრე მიიწია. ასეთსა დროს მივიდა, რომე მანუჩარ დილას ადგომილა და ტანს ჩაუცვამს და ხალვათად ზის. არავის რა ჰკითხა, ამად რომე აფთვიმიანეს კაცსა მასთან შესვლის ყორუღი აროს ჰქონდა. დაუჩოქა და ბოხჩა გაუშალა, წიგნი ხელთ მისცა და კარი გამოიარა. ოდეს მანუჩარ წიგნი წაიკითხა და დახედა, თავისი მკვლელისა სურნელებით სავსე სამოსელი ნახა, იკრა ხელი, თაჯ-გვირგვინი გასტყორცა, ჩამოვარდა ტახტიდამ, დაეცა მიწაზე ძლიერად და თავსა და გულსა სისხლმან ჩქეფა დაუწყო, საყელო გარდიხივა და ძალიანი დაიყვირა და ეგრე თქვა: აჰა, ღმთის რისხვეულო და ცუდმოუბარო! რა სთქვი? აჰა, ავის ალაგის ეკალო! ეს რა კოკობი ვარდი გაშალე და ცისკრის ნიავის ნაცვლად რა სამსალა გარდაასხი? რა სთქვი ესე შავი და ბნელი ქართული? დაწყეულო, როგორ დაიმორჩილე ენა და გული ამისად წერად, როგორ არ შეგებრალდი მე, ღარიბი და აზომის ხნის ედემისა მგზავსისა ბაღისაგან გამოვარდნილი, დაკარგული და დამწვარი ბულბული, უვარდოდ დარჩომისათვის? ღმერთმან მოგცეს ამისი პასუხი, რომე ამისთანა ავი ანბავი გამაგონე, ჩემი სიცოცხლე მიწასთან გაასწორეო.

ესე თქვა და ათრთოლდა, კვალად მიწასა ზედა დაეცა და ასე გაუცნობდა, რომე ასის წლის მკვდარსა დაემგზავსა. ორსა დღესა ისე იყო. მერმე კიდევ სულად მოვიდა, მაგრამ შმაგივით წამოიჭრა, გაშმაგებული მას მძლავრსა ხელმწიფესა მიუხდა, ვითა თავისა მონასა, საკვდავად და აგრე უთხრა: ჰე, ავგვარო და ავრჯულო, ხელმწიფეთა მარცხვენელო და ტახტისა შეუფერებელო! ეს ყველა ჭირი შენგან მჭირს, რომ ჩემის სულის განმასვენებელი და ტანისა სიმრთელე, თვალთა ჩენა და გულის გამამხიარულებელი, ქვეყნის მაშვენებელი და მზისა მჩაგრავი რუსუდან მომიკვდა. ცოცხალსა მისი ნახვა არ მაღირსე და მკვდარსა ჩემი სევდა ჩაატანე. როგორცა შენ დამაგდე მისის ნახვის ნატრული და უკუნისამდე გამყარე, ისევ მე დავსცლი ტახტსა შენსა შენგან და ამავე წამსა თავს მოგკვეთო.

ხელმწიფე გაჰკვირდა მისსა ამისთანასა სიტყვასა და ყოფაქცევასა და ვერა თქვა რა. მანუჩარ მართლა მიხდომა და სიკვდილი გაუბედა. ოდეს ნახეს ამისთანა საქმე ხელმწიფეზე მოწევნული, წამოხტნენ ვეზირნი და დიდებულნი, შემოეხვივნენ გარე, მანუჩარ ხელთ დაიჭირეს. მას სიკვდილი დიდად ენატრებოდა და არას გაუძალდა, ეგონა, დასტურ ამას არ დამითმობენ და მომკვლენო. რა კართა გამოზიდეს და სიკვდილი გაუპირეს, ხელმწიფისა გული ღმერთმან მოაქცია და კიდეც მოალმობიერა და ტირილი მოუვიდა და ეგრე ბრძანა: უყურე, ვითარი მოყვარენი ყოფილაო, რომ ესრეთ შეშალა მისის სიკვდილის სმენამა, რომე ვეღარ მიცნა და თავისა მონასავით საკვდავად მომიხდაო. აქ მომგვარეთ სურვილისაგან ტყვექმნილი მანუჩარ და ნურას ავს შეამთხვევთო. მისი არა ბრალია. ოდეს კაცის გული საყვარლისა ცეცხლით გახურდება, ვეღარც ღმთის შიშს შეიტყობს, ვეღარც ხელმწიფისასო. მიაყვანინა მანუჩარ და ეგრე უბძანა: მიყვარდი და შენი გაყრა არ მინდოდა. აწ მეც დიდად მეწყინა და დამიმძიმდა შენი საყვარლის გაყრა და შენი აგრე შეშფოთებაო. თუ გწადის, აწ წადი სახლსა შენსაო. მან კვალად განკიცხა და აგრე უთხრა: ბედმლაშეო! სანამდი თვალში ჩინი მქონდა, არ გამიშვიო, და აწ ისემცა შენი სახლ-კარი გაოხრდება, რარიგადაც ჩემთვის ჩემი სახლ-კარი გაოხრებულ იყოსო! როგორაც შენის პირის ჭვრეტა მძაგს, ისე ჩემის ქვეყნის ღრუბელიცა საძაგელია ჩემთვის სახილველად და ნუ ყოს ღმერთმან, რომ ჩემა ფეხმა იგი მიწა დალახოს, რომელსა ქვეყანასა რუსუდანის სარო მოარულისა თაბუთსა მოკაზმულში ტანი დაფარულაო. ესე თქვა და კვალად გარდიქცა და უსულოდ იქმნა. დიდად შეეწყალა ხელმწიფესა და ასე ბრძანა: ამას ასეთი ცეცხლი სწვავს, რომ ჩვენ ამისი დანელება უსიკვდილოდ აღარ შეგვიძლიაო და სიკვდილი ამისი ჩვენგან უსამართლოაო. თვით თავისა თვისისა მკვლელიაო, თავად არ დარჩება და, თუ დარჩება, ჩვენ მაშინც აღარას გვარგებსო და გავისტუმროთო თავისა ქვეყანასაო. თუ მოკვდეს, მკვდარი მიუტანონ, ვისთვისაც ხელქმნილია, და, თუ დარჩეს, მაშინც წავიდესო, ნურცა ვინ მოვეკვლევინებით და ნურცა ამის უფრო ამისის ცოდვით ავავსებთ დარბაზსა ჩვენსაო. მაშინვე ააკიდებინა მისი ქონება უკლებლად, მისთვი თაბუთი შეაკვრევინა, ისე უსულო მკვდარი შიგ ჩააწვინეს და გამოისტუმრეს.

ერთ კვირას ეგრე დაბნედილი აროინეს, რომე ოღონც სული ყელში ჰფეთქდა, თვარა სხვა სიცოცხლის ნიშანი არა ჰქონდა რა. ერთს კვირას უკან კიდევ სული მოუბრუნდა, მაგრამ მართლა ცნობა არა ჰქონდა. აროინეს დიდის ჭირითა და მიიყვანეს ქვეყანასა თვისსა. მან მიზეზითა რუსუდანისათა და ღმთის წინ მოაჯობითა მისის გამოხსნისათვის თავისავე ქვეყანასა მოსვლა და ძეთა და ასულთა ნახვა და ლხინება იშოვნა და რუსუდან, მისთვის თავგაწირული და დღივ და ღამ სისხლის ცრემლით მტირალი, ამ სოფლით ასე დაიკარგა, ვითომ დღეთა შინა მისთა აროს ყოფილიყოს. უყურე სოფლისა სიმუხთლესა, თუ რამდენფერად იქცევის და რამდენსა ჭირსა და ლხინსა აჩვენებს კაცთა, მაგრამ დედათა მესისხლეობისაგან არა ოდესმე დასცხრების და არცაოს ლხინსა აამებს, ჭირსა და ლხინსა ორსავ სამსალად უჩვენებს.

ნუსხებს აქ ტექსტი აკლიათ

უთვლის იამანელთა მეფე მანუჩარს