გჳთხრობდა ჩუენ მამაჲ ისაკ ძე სოფრონ პალესტინელისაჲ და არს წიგნი ესე სიბრძნე ბალაჰვ[არისი], რომელი იყოფებოდა უდაბნოთა მძოვართა თანა. გუაკურთხენ, მამაო!
მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოვე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა, რომელსა შინა სწერიან საქმენი ამის სოფლისანი, ფრიად სარგებელნი სული[სანი.]
I. იყო ვინმე მეფჱ ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან შოლაჲტ, და სახელი მისი აბენეს. იყო იგი წარმართი, კერპთ-მსახური. ხოლო კაცი იგი იყო მშჳდი და მდაბალი და ფრიად მოწყალე გლახაკთაჲ. და არა ესუა მას შვილი და მწუხარე იყო იგი უშვილოებისათჳს, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო იგი, და სწადოდა, რაჲთამცა დაუტევა მკჳდრი მონაგებთა ზედა. ამისთჳსცა ევედრებოდა ღმერთთა მათ მისთა, რაჲთა მიანიჭონ მას შვილიერობაჲ. ხოლო იგინი ვერარას შემძლებელ იყვნეს კეთილისა ყოფად მისდა. ამისთჳსცა ცუდ იქმნებოდა ვედრებაჲ მისი; გარნა ღმერთსა, რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ, მოწყალებისა მისთჳს, რომელ ჰყოფდა გლახაკთა ზედა, მიანიჭა მას შვილი კეთილი და საღმრთოჲ. და აღივსო სიხარულითა დიდითა, და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: „ესე მიყვეს ღმერთთა ჩემთა“. და უმეტეს ადიდნა იგინი. და შეკრიბა სიმრავლე ვარსკულავთ მრიცხველთა და ფილოსოფოსთაჲ და მემარგეთაჲ, რაჲთა აუწყონ, თუ რაჲ წინა-უც ძესა მისსა. ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: „მიიწევის ყრმაჲ ეგე დიდებასა მეფობისასა, რომელ არასადა ვინ მიწევნულ არს ქუეყანასა ამას ჰინდოეთისასა“. ხოლო იყო მათ შორის კაცი ერთი მეცნიერ სიბრძნესა უფროჲს ყოველთა, და ჰრქუა მეფესა: „მე ესრეთ ვჰგონებ, მეფეო, რამეთუ დიდებაჲ, რომელსა მიიწევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა ჭეშმარიტებისასა“.
ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი ესე, აღივსო მწუხარებითა, და მაშინ ბრძანა მონათა მათ ქრისტესთა განსხმაჲ ქუეყანისაგან მისისა. და ქადაგი წარავლინა ჴმობად ესრეთ: „ამას იტყჳს აბენეს მეფე: უკუეთუ ვინ იპოოს ქრისტეანეთაგანი შემდგომად სამისა დღეისა, ძჳრ-ძჳრითა ტანჯვითა მოვსრნე ყოველნი“.
ხოლო დღესა ერთსა განვიდოდა მეფე მოხილვად გარეგან ქალაქისა. და იხილნა ორნი კაცნი, ღმრთის მსახურნი, განმავალნი ქალაქით. და ჰრქუა მათ “ვინაჲ კადნიერ იქმნენით არა განსლვად ქუეყანით ჩემით, ანუ არა გესმა, ვითარ ჴმობდა ქადაგი ჩემი?“ და ჰრქუეს მათ: „აჰა ესერა განსლვად ვალთ“. და ჰრქუა მათ: „რამან დაგაყენნა აქამომდე?“ და ჰრქუეს მათ: „უპოვარებამან საგზლისამან“.
ჰრქუა მათ მეფემან: „რომელთა ეშინის სიკუდილისაგან, არღარა დროებნ საგზლისათჳს“. და ჰრქუეს [მათ]: „უკუეთუმცა გუეშინოდა, შე-მცა-გუესწრაფა განსლვისა, რამეთუ სიკუდილისა მიერ განსუენებასა მოველით“. ჰრქუა მეფემან: „და ვითარ იტყჳთ მაგასა? და აწ შიშისაგან ჩემისა განხუალთ ქუეყანით ჩემით, ამას არა შიშისათჳს სიკუდილისა იქმთა?“ და ჰრქუეს [მათ]: „ჩუენ არა შიშისათჳს სიკუდილისა ვიქმთ განსვლასა ქუეყანით შენით, არამედ რაჲთა არა შემწე გექმნნეთ სიბოროტესა შენსა, და მიზეზ გექმნნეთ უღმრთოებისა, ხოლო შიში შენი არაოდეს მოსრულა გულთა ჩუენთა.“ ხოლო იგინი განუტევნა და ბრძანებაჲ დადვა, რაჲთა რაოდენნი პოვნენ ქრისტეანენი, ყოველნი ცეცხლითა დაწუნენ.
II. ხოლო მეფესა აბენესს ესუა კაცი ერთი, სახელით ბალაჰვარ. და იყო იგი ღმრთის მსახურ და მორწმუნე და მოსავ ქრისტეს მცნებათა და უყუარდა ფრიად მეფესა, რამეთუ იყო იგი გონიერ და ფრთხილ და მწერალ კეთილ, და უწარჩინებულეს ყოველთა იყო წინაშე მეფისა, და არა იცოდა მეფემან აბენეს, თუ მონა არს იგი ქრისტესი, და ყოველთა წარჩინებულთა მისთაგან უმეტეს პატივს-[ს]ცემდა.
ამან ბალაჰვარ ოდესმე იხილა მიმავალმან გზასა ზედა კაცი მდებარე, რომელი მჴეცისა მიერ ვნებულ იყო და ასოთაგან - ფერჴთა და ჴელისა - დაკლებულ იყო, და ტიროდა კაცი იგი. და ჰკითხა მას ბალაჰვარ: „რად ესრეთ ხარ, კაცო, და სტირ?“ ჰრქუა მას კაცმან მან: მე ვარ კაცი სიტყჳს-მკერავი და მჴეცისაგან შეჭმულ ვიქმენ და დაკლებულ ასოთაგან. და აწ უკუეთუ ვინმე მიღუაწოს, საჴმარ მისა ვიყო დღესა ჭირისასა“. ხოლო მან სიტყუანი მისნი არად შეჰრაცხნა, გარნა შეეწყალა. და უბრძანა მონათა, რაჲთა აღსუან ჰუნესა და მიიყვანონ მის თანა სახიდ თჳსა. და უბრძანა სახლისმოძღუარსა თჳსსა, რაჲთა იღუწიდეს კეთილად და ნუგეშინის-სცემდეს.
ხოლო ბალაჰვარს შეემტერნეს კაცნი იგი კერპთ მსახურნი, რამეთუ ჰშურდა მისთჳს პატივი იგი მეფისაჲ, რომელ წინა-უყოფდა მას. და ჰრქუეს მეფესა: „ჵ მეფეო, კაცი ისი, რომლისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, არა არს სჯულისა შენისაჲ, რამეთუ უკუეთუ პოვის კაცთა მათგანი, ქრისტეანეთაჲ მოწლედ მოიკითხავს. და აწ ჰნებავს განდგომილებაჲ შენი და დაპყრობად მეფობაჲ შენი, და რომელნიცა პოვნის განდრეკილნი მეფობისაგან თქუენისა, მოსწრაფებით ჰყუარობს მათ და პატივსა წინა-უყოფს მათ“. და ჰრქუა მათ მეფემან: „უკუეთუ არა იყოს ეგე, ვითარცა სთქუთ თქვენ, ბოროტი წინა-გიც“.
და მიუწოდა მეფემან კაცსა მას ღმრთისასა და იწყო გამოცდად მისა და ჰრქუა: „შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას შინა და ვითარ აღვასრულენ დღენი ჩემნი, და ვხედავ, რამეთუ ცუდად ვშურები და მეშინის, ნუუკუე მოიწიოს აღსასრული და მე ცარიელი ვიპოო. აწ უკუე მნებავს, რაჲთა ამიერითგან შევერთო მონათა მათ ღმრთისათა და ვიღუაწო საუკუნოჲსა მისთჳს ცხორებისა. აწ შენ რასა იტყჳ, ერთგულო და თანამზრახველო ჩემო?“ და ვითარცა ესმა ესე კაცსა მას ღმრთისასა, აღიძრა გონებაჲ მისი და ცრემლოოდა. და ჰრქუა მას: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რამეთუ წარმავალისა წილ აღგირჩევიეს წარუვალი და უმჯობესი, რამეთუ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ, რამეთუ ვითარცა აჩრდილი წარვალს და ვითარცა კუამლი განქარდების. აწ წარმართე გულის სიტყუაჲ შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სოფელი მოიყიდო“. და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა, და აღივსო მანკიერებითა მისთჳს და არა გამოუცხადა მას.
მაშინ გულისჴმა-ყო ბალაჰვარ, რამეთუ საცთური დაგებულ არს მისთჳს, და არა უწყოდა, თუ ვინაჲ არს საცთური იგი. და შესჭირდა ფრიად და დაადგრა ღამესა მას უძილად და მოეჴსენა კაცი იგი სიტყჳს მკერავი და მოუწოდა და ჰრქუა მას: „შენ მეტყოდე, ვითარმედ განვჰკურნებ სიტყჳთა წყლულსა“. და ჰრქუა მას კაცმან მან: „და არსცა ეგრე, ნუუკუე გიჴმს რაჲმე აწ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ესოდენთა ჟამთა ვჰმონე მეფესა და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე წინაშე მისსა. ხოლო დღეს [მძიმედ] ვიხილე იგი ჩემდამო და ვჰგონებ, რამეთუ არა არს მშჳდობაჲ მის თანა“. და ჰრქუა ვნებულმან მან: „და რაჲ მიზეზ იყო შორის შენსა და მისსა?“ ხოლო მან ჰრქუა: „არარაჲ უწყი სხუაჲ, რამეთუ სიტყუაჲ ერთი მრქუა მე, და ვაწჳე უმჯობესი, და მე ვჰგონებ, რომელ განმცადა სიტყჳთა და ყოველი წარმოუთხარ“. და ჰრქუა ვნებულმან მან: „მე განვჰკურნნე სიტყუანი ესე შეწევნითა ქრისტესითა და ძალითა ჯუარისაჲთა. ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი, რამეთუ ზაკუვით ზრახავს შენთჳს და ჰგონებს შენ მიერ დაპყრობასა მეფობისა მისისასა. აწ აღდეგ ხუალე და დაიკუეცე თმაჲ თავისა შენისაჲ, და განიძარცუე სამოსელი ეგე შენი და შეიმოსე ძაძისაჲ, და ეგრეთ შევედ წინაშე მეფისა. და უკუეთუ გკითხოს, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას, რომლისათჳსცა შენ მე მიწოდე. მე ესერა განმზადებულ ვარ, რამეთუ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ, რამეთუ მიზიარე კეთილთა ამათ სამეფოჲსა შენისათა, აწ თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთაცა შინა ამის სოფლისათა და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, ვიტანჯოცა შენ თანა, რაჲთა შენ თანავე ღირს ვიქმნე საუკუნოდა“. და ყო კაცმან მან, ვითარცა ასწავა მას ვნებულმან. და აღმოვიდა იჭჳ გულისაგან მეფისა. და განბოროტნა შემასმენელთა მათ ზედა ბალაჰვარისთა. ხოლო ბალაჰვარ იშუებდა სიხარულითა და კუალად მოეგო თმაჲ თავისა თჳსისაჲ.
და კუალად შეუჴდა შური მთავართა მათ ბალაჰვარისთჳს და ჰრქუეს მეფესა: „მეფეო, უკუეთუ განიხილო ყელი ბალაჰვარისი, იხილო მის თანა ჯუარი, რომელსა თაყუანის-სცემს იგი. და ღმერთნი ჩუენნი საბასრობელ არიან მის წინაშე“. ხოლო მეფე ჰგონებდა, თუ ტყუვილსა იტყჳან მისთჳს. და მიჰყო ჴელი და იხილა ჯუარი ოქროჲსაჲ მკერდსა ზედა მისსა და ჰრქუა: „რაჲ არს, ბალაჰვარ, ცთომილებაჲ შენი?“. ხოლო ბალაჰვარ ჰრქუა: „ჵ მეფეო, არა ვარ მე ცთომილ, რამეთუ სიყრმით ჩემითგან ვჰმონებ ქრისტესა და თაყუანის-ვსცემ ჯუარსა, რომელსა ზედა ჴელნი განიპყრნა ჴსნისათჳს ჩუენისა, ხოლო მსახურებაჲ შენი არარაჲ ოდეს დამიკლია. და აწ ვინაჲთგან განცხადნა სახელი ქრისტეს ღმრთისაჲ ჩემ ზედა, მე არღარა უვარ-ვყო ღმრთეებაჲ მისი, უკუეთუ ჴორცნი ჩემნი დაიჭრნენ, გინა ცეცხლითა დაიწუნენ, გარნა სულსა ჩემსა ჴელთა მისთა შევჰვედრებ“. ჰრქუა მას მეფემან: „ნუ ეგრე იტყჳ, საყუარელო ჩემო ბალაჰვარ, რამეთუ კაცი ხარ დიდებული და უპირატესი წინაშე ჩემსა. და უკუეთუ თაყუანის-სცე ღმერთთა ჩემთა, მოგცნე შენ სხუანიცა ქალაქნი და საჭურჭლენი ჩემნი შენ ზედა დავაცარიელნე, რამეთუ ფრიად საყუარელ ხარ წინაშე ჩემსა. და უკუეთუ ესე არა ჰყო, სატანჯველითა სასტიკითა განვლივნე ჴორცნი შენნი და არღარა მოვიჴსენო მე სიყუარული შენი“.
მაშინ განიჴსნა სარტყელი ოქროჲსაჲ კაცმან მან ღმრთისამან, შემკული თუალებითა პატიოსნითა, დადვა წინაშე მეფისა და ჰრქუა: „უკუეთუ დამარქუა თავსა ჩემსა გჳრგჳნი მეფობისა შენისაჲ პატივისა მისთჳს, ვერ შეარყიო ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ ჩემი. და უკუეთუ ტანჯვითა განჰლივნე ჴორცნი ჩემნი, ვერავე შემაძრწუნო, რამეთუ ზეცისა კეთილნი უზეშთაეს არიან ქუეყანიერთა, რომელთა შინა ვიშუებთ სამარადისოდ, და ჯოჯოხეთისა სატანჯველნი უმწარეს არიან, რომელთა შინა დასჯად არიან წინააღმდგომნი ღმრთისანი და უ[ვ]არისმყოფელნი. ხოლო მე, მეფეო, მზა ვარ ტანჯვად და შენ ნუ სდროებ, რაჲთა ადრე წარვიდე წინაშე მეუფისა ჩემისა, რაჲთა განვისუენებდე მუნ უკუნისამდე“. ხოლო სიტყუათა ამათ ზედა მეფე ლმობიერ იქმნა და ჰრქუა: „ჵ მე, საყუარელო ბალაჰვარ, ვითარღა წარმიკუეთე სასოებაჲ და ურჩ ექმენ ბრძანებასა ჩემსა. აწ წარვედ ქუეყანისაგან ჩემისა და ნუმცა მესმის ჰამბავი შენი ყურთა მომართ ჩემთა. და უკუეთუ გპოოღა, უბრალომცა ვარ სისხლისაგან შენისა“. ხოლო მან [კაცმან ღმრთისამან] დაუტევა დიდებაჲ ესე წარმავალი და მძოვართა თანა წარვიდა მონებად იესუ ქრისტესა, ღმრთისა ჩუენისა.
III. ხოლო მეფემან ძესა თჳსსა აღუშენა ქალაქი და [ამცნო] მუნ შინა ყოფაჲ ძესა მისსა. და უბრძანა, რაჲთა ბერი კაცი არა უტეონ მას შინა ყოფად. და მისცნა მონანი სარწმუნონი, რაჲთა ჰმსახურებდენ ძესა მისსა. და მისცა ზანდან მზარდულად და ამცნო მას და ჰრქუა, რაჲთა ბერი კაცი გინა სნეული ყოვლად არა უჩუენოს და არცა სიკუდილი უჴსენოს სადა, რამეთუ სწადოდა აღზრდაჲ მისი შუებით და სიხარულით, და არარაჲ შეჭირვებათაგანი შეემთხჳოს გინა სიბერისათჳს, გინა უძლურებისა, გინა თუ სიკუდილისათჳს.
და ვითარცა აღიზარდა ყრმაჲ იგი კეთილითა სიჭაბუკითა სისრულესა შინა ჰასაკისასა, ისწრაფდა მამაჲ მისი, რაჲთა არარაჲ დააკლდეს წურთილობაჲ სიბრძნისაჲ, რომელი ჯერ-არნ მეფეთათჳს. ხოლო ყრმაჲ იგი ფრიად მიმღებელ იყო სიბრძნისა და შემწყნარებელ სწავლულობისა და გამომეძიებელ ყოველთა სიტყუათა გონიერებისათა. ხოლო მეფე განკჳრვებულ იყო საქმეთა ზედა მის ყრმისათა და სიტყუათა მათთჳს, რომელ თქუა ვარსკულავთ მრიცსველმან, და არავის შეუტეობდა შემავალსა მისდა. ხოლო იგი ზედაჲსზედა მივიდის, რამეთუ უყუარდა ფრიად. და ვითარ არავის შეუტეობდა არცა მას განუტეობდა განსლვად ქალაქისაგან, იწყო ურვად და გულის ზრახვად ამის ჯერისათჳს, და მერმე თქუა: „მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს და იცის უმჯობესი ჩემთჳს“.
და ვითარცა მიიწია სიბრძნესა სისრულისასა, თქუა გულსა შინა თჳსსა: „ჰასაკი მაქუს, რად არა აღვირჩევ უმჯობესსა და გამოვიწულილავ, თუ რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი“. და თქუა: „უკუეთუ ვჰკითხო მამასა ჩემსა შეწყუდეულებაჲ ჩემი, არავე მითხრას ჭეშმარიტი, და ნუუკუე შფოთსაცა შევაგდო“.
და იწყო მზარდულისა მიმართ თჳსისა პატივთა წინა-ყოფაჲ. და ფრიად პატივ-სცემდა და წაღმართცა უქადაგებდა, და ჰრქუა: “უკუეთუ მითხრა ჭეშმარიტი, რაჲ-იგი გკითხო, უმეტესი პატივი ჰპოო წინაშე ჩემსა, რაჟამს-იგი მეფე ვიქმნე. და უკუეთუ ჭეშმარიტი არა სთქუა, დასასრული ჰყო სიყუარულისა ჩემისაჲ შენდა მიმართ“. ხოლო მან მიამცნო ყოველი რაჲცა უთხრა, და ჰრქუა: „დაფარე ყოველი, რაჲცა მიგითხრა და მოგაჴსენო“. და ვითარცა მოიმტკიცა იგი, ჰრქუა: „რაჲ გნებავს?“ ხოლო მან ჰრქუა: „რაჲ არს შეწყუდეულებაჲ ესე ჩემი ქალაქსა ამას შინა?“ მიუგო მზარდულმან და ჰრქუა: „მიგითხრა საქმე. ესე და ზედა-მიგაწიო. ოდეს იგი იშევ შენ, მამამან შენმან-ყო სიხარული დიდი და მოხადა ყოველთა ვარსკულავთ მრიცხველთა და ჰკითხა დაბადებისათჳს შენისა. ხოლო მათ ყოველთა აუწყეს დიდსა დიდებასა მიცემაჲ შენი. ხოლო უმეცნიერესმან მათ ყოველთამან პრქუა, ვითარმედ: მეფეო, ძე ესე შენი მიიწევის დიდსა დიდებასა მეფობისასა, და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ: დიდი წინამძღუარი იყოს გზისა ჭეშმარიტებისაჲ და წინააღმდგომ სჯულისა შენისა იქმნების და არა ამა[თ]ღმერთთა ქადაგებს, რომელთა შენ ჰმსახურებ და ჰმონებ; ამისთჳს შეეშინა მამასა შენსა, ნუუკუე მისდრკე ნებასა მისსა და უცხოჲ სჯული შემოიღო და შეიყუარნე კაცნი იგი ღმრთის მსახურნი“.
და ჰრქუა ყრმამან მან: „და რაჲ კაცნია ღმრთის მსახურნი?“ ხოლო [მან] მიუგო : „ესევითარნივე არიან, ვითარ-ესე ჩუენ ვართ, და ზეცათა ღმერთსა ჰმსახურებენ. ხოლო მამამან შენმან რომელნიმე ტანჯნა და სხუანი ცეცხლითა დაწუნა, და რომელნიმე განასხნა საბრძანებელისაგან მისისა“. და ჰრქუა მას იოდასაფ, ძემან მეფისამან: „და არღარავინ იპოვების მათგანი ქუეყანასა ამას ჩუენსა?“ ხოლო მან ჰრქუა: „არა“. და ვითარ ყოველივე განუმარტა, არღარაჲ მიუგო მას.
და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა: „მნებავს ცნობად საქმე ერთი, რომლისა მიერ დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა ვარ მე“. და ჰრქუა მამამან: „მკითხე, შვილო ჩემო!“ მიუგო: „მითხარ, მამაო და უფალო ჩემო, თუ რომლისა საქმისათჳს იქმნა შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს აყენებ კაცთა შემოსლვად ჩემდა?“ ჰრქუა: „ამისთჳს, შვილო, რაჲთა არა შეზრუნდეს გული შენი და კიდე-ვყვნე ვნებანი ყოველნი შენგან“. ჰრქუა ყრმამან: „უწყოდე, მეფეო, საქმითა ამით, რომელ გიყოფიეს ჩემდა, ყოველნი საშუებელნი ჩემნი სიმწარედ გარდაგიქცევიან, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს განსლვად გარეგან კართა. ხოლო აწ გევედრები, რაჲთა განმიტეო და ვიხილო ქუეყანაჲ და არასადა გარდავჰჴდე მცნებასა შენი“. და ესე რაჲ ესმა, შეიწრდა გული მეფისაჲ და თქუა გულსა თჳსსა: „უკუეთუ დავაყენო ნებაჲ მისი, განმრავლდენ ურვანი მისნი და განუმწარო ყოველი საშუებელი მისი“. და ჰრქუა: „შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აღჯედ საჴედარსა და განვედ კაცთა თანა, და იყავნ ნებისაებრ შენისა“. და ამცნო მეფემან, რომელნი განჰყვებოდეს ყრმასა მას, რაჲთა წინმავალთა წარავლენდენ და, უკუეთუ ჰპო[ვ]ებდენ კაცთა ბერთა, გინა სნეულებითა შეპყრობილთა, გზისაგან კიდე-განიყვანებდენ, რაჲთა არა იხილნეს საქმენი კაცთანი და შესჭირდეს რაჲმე საწუთროთა ამათგანი. ხოლო იგინი ესრეთ ჰყოფდეს.
ხოლო დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი კაცნი: ერთი გონჯი და ერთი მწუხარე, რომელი სხუასა მიჰყვანდა, და ზარ-განჴდილ იქმნა, და ჰკითხვიდა მათთჳს. და ჰრქუეს: “ესე კაცნი არიან და ვნებაჲ შეჰმთხუეულა, ვითარცა სხუათა კაცთაცა შეემთხუევის“. და ჰრქუა მათ: „ესე ყოველთა კაცთა შეემთხუევისა?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „არა, არამედ ზოგთა, რამეთუ რომელთამე შეემთხუევის და რომელინმე დაშთებიან“. მაშინ განჰკრთა გონებითა და იქცა დამძიმებული.
და კუალად ოდესმე განვიდა, და მოყუასნი იგი წინამავალნი უდებ იქმნნეს და ვერ იხილეს ბერი კაცი, მდებარე მოუძლურებული, რომლისა თმაჲ სპეტაკ იყო, ვითარცა მატყლი, და პირსა მისსა კბილი არა იყო, და სიტყუაჲ მისი ფლაფნით იყო. და ვითარცა მივიდოდა ძე მეფისაჲ, იხილა იგი და შეეზარა, და ჰრქუა ზანდან მზარდულსა: „რაჲ არს ესე?“ ხოლო მან ჰრქუა: „და ესეცა კაცი არს“. და ჰრქუა: „რასა შეუქმნიეს ესრეთ?“ ხოლო მან ჰრქუა: „წელიწადთა სიგრძესა“. და ჰრქუა: „რაჲ არს წელიწადი?“ მიუგო ზანდან: „ათორმეტი თთუე“. და ჰრქუა: „რაჲ არს თთუე?“ მიუგო: ოთხი კჳრაჲ“. - „და რაზომსა წელსა შეიქმნების ესრეთ?“ მიუგო: „ოთხმეოცდაათსა, გინა ასსა“. ხოლო იყო იგი გონებითა ვრცელი და სიბრძნითა სავსე, და აღრაცხნა თუენი და წელიწადნი და ჰრქუა: „ვითარ ვხედავ, ადრე მიუთქს დღე დღესა, და წელიწადი წელიწადსა, და ასთა წელთა დასასრული ადრე იქმნების. აწ რაიღა წინა-უც კაცსა ამას?“ ჰრქუა მას ზანდან: „ამისა შემდგომად სიკუდილი“. და ჰრქუა იოდასაფ: «და რაჲ არს სიკუდილი?“ ხოლო იგი ვერღარას დაუფარვიდა და ჰრქუა: „განქარდების საჴსენებელი ამისი ქუეყანით“. და ჰრქუა: „მამაჲ ჩემი ესევითარადვე იქმნებისა?“ და ჰრქუა: „ჰე, ეგრეთვე იქმნების“ „და შენცა ესრეთვეა?“ და ჰრქუა: „ჰე“. „და მე ესრეთვეა?“. „ეგრეთვე შენ“. „და ყოველნი კაცნი ესრეთვეა?“ „ჰე, ეგრეთვე, უკუეთუ საზომსა მაგას მიიწივნენ. ხოლო ესეცა უწყოდე, რამეთუ რომელნიმე ოდეს იშვნენ, მაშინვე წარიტაცებს სიკუდილი, და რომელთამე - მცირედ რაჲ აღიზარდნენ, და ზოგთაჲ - ჰასაკსა რაჲ მოვიდენ“. და ჰრქუა: „მე აწ თანა-მაც სიკუდილი?“ და ჰრქუა: „არა შენ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა“.
მაშინ შეძრწუნდა ძე იგი მეფისაჲ, აღდუღნა გული მისი, ტიროდა და ეტყოდა ზანდანს მზარდულსა: „და არა არს აქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა მოიწეოდის კაცთა ზედა ესევითარი სალმობაჲ, ვითარ-იგი წინაჲს ვიხილენ უძლურნი და აწ ამას ვხედავ, ხოლო კუალად უძნელეს აღმიჩნდა სიკუდილი?!“ და კუალად იცემდა მკერდსა, ტიროდა და ეტყოდა: „მაუწყე, თუ არსა ქუეყანაჲ, რომელსა შინა განვერე სალმობათაგან?“ მაშინ ტიროდა ზანდან მზარდულიცა და ეტყოდა: „არა არს ცასა ქუეშე ეგევითარი ქუეყანაჲ, ჵ ძეო მეფისაო, რომელსა შინა განერნენ კაცნი სალმობათა და სიკუდილისაგან“. და კუალად ჰკითხვიდა: „და რაჲ იქმნებიან კაცნი შემდგომად სიკუდილისა?“ ჰრქუა მას მზარდულმან მან: „კაცნი იგი ღმრთის მსახურნი ესრეთ იტყოდეს: ზეცას ღმერთი არსო და მას დაუბადებიან ცანი და ქუეყანაჲ, ზღუანი და უფსკრულნი, მზე და მთო[ვ]არე, და ვარსკულავნი, და ბრძანებითა მისითა იქმნებიან ძრავნი ჰაერთანი და ქუხილნი და ქარნი, და კაცი ჴელითა შეუქმნია მიწისაგან და სული თჳსი შთაუბერავს უკუდავიო. და უკუეთუ მას ვინმე ჰმსახურებდეს და მცნებათა მისთა ვიდოდის და თაყუანის-[ს]ცემდეს მასო, სამოთხე უთქს და სასუფეველი, და შემდგომად სიკუდილისა მუნ წარიყვანებს და მას შინა განუსუენებს. ხოლო მამისა შენისა ფილოსოფოსნი ზოგნი მოკუდავად იტყჳან სულსა და ზოგნი უკუდავად“.
ესე ყოველი რაჲ ჰრქუა ზანდან, მეფისა ძე იქცა გარე და წარვიდა საყოფელადვე თჳსად, და თქუა გულსა შინა თჳსსა: ,,არღარა ჰამო არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსა ამათ თანა, რომელნი-ესე ვიხილენ და მესმნეს“. და მიერითგან იგონებდა, თუ რაჲმე-ყოს, და არღარად შეერაცხა საშუებელი ესე ამის სოფლისაჲ და ამასვე ყოველსა თანა ესათნოებოდა მამასა და მი-რაჲ-ვიდის იგი მისა, იწყის მან განცხრომად. ხოლო ოდეს წარვიდის, იტყოდის გულსა შინა: ,,ღმერთო ზეცათაო, მომივლინე მე კაცი მონათა შენთაგან, რაჲთა მაუწყოს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ და ვიდოდი მათ შინა და ვიქმოდი მცნებათა მათ შენთა წმიდათა”.
IV. მას ჟამსა შინა ბალაჰვარ ცნა სულითა წმიდითა, ვითარმედ ძესა მეფისასა სწადის ნახვაჲ კაცთა ღმრთის მსახურთაჲ. აღდგა და წარმოვიდა ადგილთაგან სამძოვროთა, და მოვიდა სოფლად, და შეიმოსა სამოსელი ვაჭართაჲ, და აღიღო მოთხე მცირე, და მივიდა კარად მეფისა ძისა. და ჰრქუა მეკარესა: „შევედ და აუწყე ზანდანს, ვითარმედ გიწესს ვინმე უცხოჲ შორით მოსრული“.
ხოლო იგი შევიდა და აუწყა რაჲ, გამოვიდა ზანდან მზარდული, და ჰრქუა მას ბალაჰვარ: „მაქუს მე თუალი პატიოსანი, და, უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფის[ა] ძისათჳს, რამეთუ უმჯობეს არს იგი წუნწუბასა წითელსა, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თუალთა და ყრუთა ასმენს, და უტყუთა ატყუებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყუებს“. ჰრქუა მას მზარდულმან: „კაცო, არას ვხედავ სახესა უგუნურებისასა, გარნა სიტყუანი შენნი ნამეტნავ არიან და მეშინის, ნუუკუე განმამტყუვნო მეფისა ძისა. აწ მიჩუენე, რაჲთა ვიხილო და ეგრეთ ვაუწყო მისთჳს“. ჰრქუა მას ბალაჰვარ: „ვერვინ შემძლებელ არს ხილვად მისა, არა თუ იყვნენ მის თანა ორნი საქმენი: სიფრთხილე თუალთაჲ და სიწმიდე ჴორცთაჲ. ხოლო უკუეთუ იხილოს იგი მძიმედ მხედველმან და ცოდვასა ზედა და დგრომილმან, ნათელი თუალთაჲ მოაკლდეს და საცნობელი გონებისაჲ. და მე კაცი ვარ მკურნალი, და ვხედავ მიძედ მხედვარებასა შენსა და მეშინის, ნუუკუე მიგიტაცოს სინათლე თუალთაჲ, არამედ მასმია მეფისა ძისა სიწმიდით ცხორებაჲ, და ყრმა არს, და მახჳლ თუალითა, და იგი შემძლებელ არს ხილვად მისა. აწ ნუ ორგულებ უწყებად მისა, რამეთუ უკუეთუ მიაწიო ესე მისსა, შეგემატოს პატივი დიდი უმეტეს მოყუასთა შენთა“. და უჩუენებდა მოთხესა მას, რომელი აქუნდა.
მაშინ შევიდა ჩუენებად წინაშე მეფის[ა] ძისა მზარდული და უთხრა ყოველი, რომელი ესმა ბალაჰვარისგან. ხოლო სულსა მის ყრმისასა სწადოდა ხილვაჲ კაცთაჲ, რაჲთა ესმეს ვისგანმე სიტყუაჲ სარგებელი სულისაჲ. და უთხრობდა რაჲ თუალისა მისთჳს სიტყუათა უცხოთა, იგრძნა სულითა, ვითარმცა ეპო[ვ]ა საწადელი მისი, და ბრძანა შემოყვანებაჲ მის[ი] წინაშე მისა.
და ვითარცა დადგა წინაშე მეფისა ძისა, და ჰლოცვიდა მას. ხოლო ძემან მეფისამან, ვითარცა ჯერ-არს, პატივით მოიკითხა იგი და უბრძანა მზარდულსა, რაჲთა განვიდეს მისგან. და უბრძანა ბალაჰვარს, რაჲთა უჩუენოს თუალი იგი. მიუგო ბალაჰვარ და ჰრქუა: „არა ჯერ-არს, თუმცა უდბად შე-რაჲმე გამთხჳე, რამეთუ ჭურჭელი ჩემი ეგრეთ არს, ვითარცა გაუწყა მზარდულმან. ხოლო უკუეთუ იხილის იგი უძლურმან გონებითა, მოაკლდების სახედავთა. ხოლო აწ მნებავს გამოცდაჲ შენი სიტყჳთა და, უკუეთუ შემძლებელ იყო, გიჩუენო, რამეთუ შენთჳს მომიღიეს იგი და არავის სხჳსათჳს. და მე ვესავ ღმერთსა, რამეთუ მიწუდომილ ხარ საზომსაცა ხილვისა მისისასა, და მისწუთეცა, თუ ღმერთსა უნდეს. რამეთუ მე, გლახაკი ესე, ძეო მეფისაო, მიმითუალე და წინა-მიყავ პატივი შეუსწორებელად“. მიუგო ძემან მეფისამან: ,,ამისთჳს ვყავ, რამეთუ მაქუს შენგან თხრობაჲ. სარგებელისაჲ“.
თხრობაჲ ა
და ჰრქუა ბალაჰვარ: დაღაცათუ ჰყავ ესე ჩემდა მომართ, არავე საკჳრველ არს, რამეთუ ყოფილ არს ოდესმე მეფე, რომელი სახიერ იყო და სიმართლესა ეძიებდა. და ვითარ-იგი ვიდოდა დღესა ერთსა სიმრავლითა ერისაჲთა, იხილნა კაცნი ვინმე შემოსილნი სამოსლითა უნდოჲთა, დაბებკულითა, დაყჳთლებულნი ფერითა პირთაჲთა. ხოლო მეფემან იცნნა იგინი და მსწრაფლ გარდამოჰჴდა ჰუნესა და მოეხჳა ყელთა მათთა. და იხილეს რაჲ დიდებულთა მისთა, სიჩქურედ შეჰრაცხეს, გარნა ვერარაჲ იკადრეს. და მივიდეს წინაშე ძმისა მისისა, რომელი კადნიერ იყო წინაშე მისსა, და ჰრქუეს: “აუწყე ძმასა შენსა, რაჲთა კულა არაოდეს-ყოს საქმე ესევითარი, რამეთუ კაცთა უნდოთა თაყუანის-სცა”. ხოლო იგი მივიდა და აუწყა საქმისა მისთჳს, ხოლო მან არა მისცა პასუხი. და იყო ჩუეულებაჲ სამეფოსა მისსა, - რაჟამს განრისხნის მეფე ვის ზედამე, წარავლინნის მონანი და დასცის სიკუდილისა საყჳრი კართა მისთა და შემდგომად მცირეთა დღეთა წარავლინნა მონანი და ჰრქუა: ,,წარვედით კართა ძმისა ჩემისათა და ჰკარით საყჳრსა სიკუდილისასა. ხოლო იგინი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ. და ვითარცა ესმა ჴმაჲ იგი ძმასა მეფისასა, შეშინდა და იწყო ტირილად და ტყებად. მერმე შეიმოსა სამოსელი სამკუდროჲ და წარვიდა იგი ცოლით და შვილითურთ კართა მეფისა, ძმისა თჳსისათა, და ისხმიდეს ნაცარსა პირთა მათთა. მაშინ ბრძანა შეყვანებაჲ მათი. ხოლო იგინი ტიროდეს. და ჰრქუა მათ მეფემან: „ვითარ შეჰშინდით ქადაგისაგან ძმისა შენისა, არა უწყია, რამეთუ ძმაჲ შენი და ქადაგნი მისნი დაბადებულნი არიან და ვერარას შემძლებელ არიან წარმართებად ნებისა მისისა, და ვერცა გარე-მიქცევად მოწევნულსა მათ ზედა? და ვითარ განგიკჳრდა დავრდომაჲ ჩემი წინაშე მათსა, რომელნი ქადაგნი იყვნეს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მომაჴსენებენ და მაუწყებენ სასჯელთა საუკუნოთა. და ამას თანა უწყნი მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი წინაშე მისსა. ხოლო მე ვამხილნე მათცა საქმენი მათნი, რომელნი-იგი მაბრალობენ წინაშე შენსა, თუ რად პატივ-სცა მონათა ღმრთისათაო”.
და ჟამსა ერთსა შევიდა საჭურჭლესა თჳსსა და მოიხუნა კიდობანნი ოქროჲთა და მარგალიტითა შემკულნი. და მოაღებინა ნაგევთაგან სკორე და მყრალი ძუალები მძორისაჲ და სხუაჲ საძაგელი ბაყლები და კიდობანთა მათ შინა ჩადვა ყოველი. და დაჰკრძალა ზედა ბეჭდითა. და კუალად მოიხუნა სხუანი კიდობანნი, უშუერად შექმნილნი, ფისითა შეგოზილნი, და შთადვა მათ შინა თუალები პატიოსნები და რაჲცა უმჯობესი პოვა საჭურჭლესა მისსა, და სხუაჲ სურნელთაგანი მრავალი, და დაჰკრძალნა იგინიცა, და მოუწოდა წარჩინებულთა თჳსთა. და ვითარცა იყო სიხარული, უბრძანა მეჭურჭლესა თჳსსა, რაჲთა მოიხუნენ კიდობანნი იგი. და მოიხუნეს და დადგნეს. უბრძანა დიდებულთა თჳსთა, რაჲთა დააფასნენ კიდობანნი იგი. ხოლო მათ ვერ გულისჴმა-ყვეს და ჰრქუეს მეფესა: ,,ერთნი ისი კიდობანნი არა ღირს არიან შემოხუმად ტაძარსა შინა შენსა. ხოლო მეორეთა იმათ არა დაედების ფასი”. მაშინ უბრძანა კიდობანთა მათ ახუმაჲ, რომელთათჳს ფასსა დიდად იტყოდეს. აღჰჴადეს და აღმოჰჴდა სიმყრალე სასტიკი, რომელ ყოველთა დაიდვეს პირსა ზედა საჴელი და ამოყარეს მუნით ყოველი საძაგელი. და კუალად უბრძანა ბილწთა მათ კიდობანთა ახუმაჲ, და აღმოჰჴდა მუნით სული სულნელებისაჲ, რომელ ყოველი იგი სიმყრალე დაფარა. და ამოყარეს მუნით სამკაული დიდ ფასისაჲ და თუალები პატიოსნები. და ჰრქუა მეფემან: ,,გესმოდის ყოველთა დიდებულთა, კიდობანნი ისი გარეთ კეკლუცნი, ჩუენ ვართ, რომელნი ვიმკვებით ფერად-ფერადითა სამკაულითა გარეგნით, ხოლო შინაგანი ჩუენი სული სავსე არს ცოდვითა და სიმყრალითა, ხოლო რომელნი ღმრთისათჳს და სახელისა მისისათჳს დამდაბლდენ და დაგლახაკნენ მარხვითა, ლოცვითა, და ფერითა დაყჳთდენ, შინაგანი სული მათი ესრეთ სავსე არს სურნელებითა, ვითარცა კიდობანთა იმათ შინა იდვა სურნელი, და წინაშე ღმრთისა ესრე ბრწყინვენ, ვითარცა თუალნი ისი პატიოსანნი. აწ მე მაბრალობთა კაცთა მათ მოკითხვასა, რომელთა შინაგანი ესრეთ არს?” და ესე სახე შენი არს, ძეო მეფისაო, რამეთუ პატივ-მეც მე სასოებისათჳს, რომელსა ჰგონებ ჩემ თანა”.
მაშინ აღდგა საჯდომთაგან და თქუა: „ნეტარ ვარ მე, რამეთუ ვპოვე საწადელი სულისა ჩემისაჲ, რომელსა ვეძიებ“. და მიექცა და ჰრქუა ბალაჰვარს: „კეთილ არს სიტყუაჲ შენი და ჭეშმარიტ. და ვჰგონებ, რომელ-ეგე არს თუალი იგი, რომელსა ჰფარავ, რამეთუ განამტკიცებს გულსა და განანათლებს თუალთა და განაძლიერებს გონებათა. და უკუეთუ ესე ესრეთ არს, ვითარ ვჰგონებ, მომეც სიტყუაჲ შენი ნაცვალად თუალისა, და აღმძარცუე მწუხარებაჲ გულისაგან ჩემისა“.
თხრობაჲ ბ
ჰრქუა ბალაჰვარ: „პირი ღმრთისაჲ იტყჳს იგავთა შინა სახარებისათა ერისა მიმართ: ,,გამოვიდა მთესვარი და იწყო თესვად. და რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მფრინველთა აღიტაცეს; და რომელიმე - კლდესა ზედა, რომელსა მიწაჲ არა იყო, და აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ ძირნი არა დაებნეს; და სხუაჲ - ეკალთა შორის, და აღმოსცენდა, და ეკალთა მათ შეაშთვეს; ხოლო რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და მრავალი ნაყოფი გამოიღო”. აწ მთესვარი იგი, მიმცემელი სიბრძნისა-ა, და თესლი იგი - სიტყუანი ჭეშმარიტებისანი. და რომელი დავარდა გზასა ზედა და მფრინველთა წარიტაცეს, იგი არს, რომელი ესმის ყურსა და თანა-წარჰვალს გულსა. და რომელი კლდესა ზედა დავარდა, აღმოსცენდა და განჴმა, ესე არს, რომელი ისმინის წუთ ერთ და მერმე არა დაამტკიცის გონებასა მისსა ზედა და განჴმის. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შეაშთვეს, ესე იგი არს, რომელი შეიწყნარნის კაცმან და აღმოსცენდის რაჲ მის შორის, და გულის თქუმათა და სოფლისა საქმეთა შექცევითა შეაშთვის. ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, ესე იგი არს, რომელნი მოისთულის თუალმან და შეიკრიბის გულმან, და წარმართის გონებამან და დაამჴუნის გულის-თქუმანი და განიწმიდის გული ვნებათაგან და გამოიღის ნაყოფი“. ჰრქუა მას ძემან მეფისამან: „მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა, რომელი ჩემ თანა დასთესო, აღმოსცენდეს კეთილად და გამოიღოს ნაყოფი. აწ მითხარ სახე საწუთოჲსაჲ და ვითარ აცთუნებს კაცთა“.
თხრობაჲ გ
ჰრქუა ბალაჰვარ: „მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა. და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ, და იწყო ლოკაჲ მისი. და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭრნეს, და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა.
აწ, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი-ა და თაფლი იგი საწუთოჲსა ამის სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ“.
და ჰრქუა ძემან მეფისამან: „განაცხოველე მაგით სული ჩემი. აწ მომეც სახე სოფლისაჲ ამის და მოყუარეთა მისთაჲ“.
თხრობაჲ დ
ჰრქუა ბალაჰვარ: „სახე ამის სოფლისაჲ ესე არს. - კაცსა ვისმე ესხნეს სამნი მეგობარნი. ერთი იგი უმეტეს სხუათა უყუარდა, და მეორე იგი მეგობარი უყუარდა-ვე, ხოლო მესამე იგი მეგობარი შეურაცხ იყო მის წინაშე. და შემდგომთა დღეთა მოიწივნეს მისა ბოროტნი მეფისანი და წარიყვანდეს განსაკითხავად. და მივიდა საყუარელისა მის მეგობრისა და ჰრქუა: “შენ უწყი, საყუარელო ჩემო, ვითარ მიყუარ. აწ ესერა წარმიყვან[ებ]ენ განსაკითხავად, შემეწიე ჭირსა ჩემსა”. მიუგო მან და ჰრქუა: ,,არა ვარ მე აწ მეგობარ შენდა და არცა გიცი შენ, მე სხუანი მისხენან მეგობარნი, რომელთა თანა ვიშუებდე, არამედ მოგცნე ორნი სამოსელნი და იგიცა არავე გერგნენ”. და მივიდა მეორისა მის მეგობრისა და ჰრქუა: ,,აწ ვცნა სიყუარული ჩემი შენდა მიმართ, რომელ მაქუნდა. აწ ესერა წარვჰყავ მე განსაკითხავად და შემეწიე ჭირსა ჩემსა”. მიუგო მან: ,,არა მცალს დღეს შენდა, რამეთუ კმა არს ჩემდა ჭირი თავისა ჩემისაჲ, წარვედ გზასა შენსა, ამიერითგან არღარა ვარ მეგობარი შენი, არამედ მცირედ გზა-გყვე და მერმე მივიქცე ზრუნვად თავისა ჩემისა”. და წარვიდა მესამისა მეგობრისა, რომელსა-იგი სძულობდა და ჰრქუა მას: ,,სირცხჳლ მიჩნს, გარნა მჭირს და მით მოვედ შენდა. შემეწიე მე, დაღაცათუ არა კეთილ ვყავ შენ თანა”. ხოლო მან მხიარულებით ჰრქუა: ,,მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი, და აწ აღნადგინებითურთ მიგაგო შენ და თანამოგზაურ გექმნე და მეოხ ჭირსა შინა და არა მიგცე ჴელთა მტერთა შენთასა”. მაშინ იწყო სინანულად და თქუა: ,,რად არა შენ ზედა ვყავ ყოველი კეთილი, რომელ ორთა მათ მეგობართა ზედა წარვაგე ცუდად?“
ჰრქუა ძემან მეფისამან: „მაუწყე შეტყუებაჲცა მაგისი!“ ჰრქუა მას ბალაჰვარ: „მეგობარი იგი პირველი ვეცხლის მოყუარებაჲ არს, რომელი ფრიად უყუარს კაცთა, და ვერას წარიტანს თანა, ოდეს იგი წარიყვანებდეს სიკუდილი და ოდეს წარადგინებდენ განსაკითხავად. ხოლო ორნი იგი სამოსელნი საგრაგნელნი-ა; და მეორე იგი მეგობარი - ცოლი და შვილნი, რომელნი უყუარან და მათთჳს ზრუნავს სამარადისოდ და დღესა მას განკითხვისასა ვერას არგებენ, არამედ საფლავადმდე მიჰყვებიან და მერმე თავისსა ზრუნვასა შეექცევიან. და მესამე მეგობარი სული თჳსი-ა და არა ჰყოფს კეთილსა, ხოლო რომელი-იგი ყოს მცირედი, დიდად შეერაცხების წინაშე ღმრთისა, რამეთუ ასწილად მიაგებს ღმერთი ნაცვალსა“.
ჰრქუა ძემან მეფისამან: „უწყი, რამეთუ ყოველსა ჭეშმარიტსა უწყებულ მყოფ. აწ მითხარ სახე, ვითარ მაცთურ არს სოფელი ესე, და რომლითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებაჲ მისგან“.
თხრობაჲ ე
ჰრქუა ბალაჰვარ: „მე გაუწყო, თუ რომლითა ღონითა. რამეთუ არს ქალაქი და ესე წესი არს მუნ, რამეთუ უცხოსა კაცსა მეფე-ჰყოფენ წელიწადსა ერთსა. და რაჲ სრულ იქმნის წელიწადი, მოსძრცჳან პორფირსა მეფობისასა და ორითა სამოსლითა მისცემენ მას ექსორიობად. ხოლო ოდესმე დაადგინეს ერთი ვინმე, და ცნა უკეთურებაჲ ქალაქისაჲ მის, მოიმსტუარნა კაცნი უცხონი და გლახაკნი და იდუმალ მისცემდა საფასეთა, რაჲთა წარიღონ ქუეყანასა მას, სადაცა ექსორია-ჰყოფენ მას. და ვითარცა ექსორია-ყვეს კაცი იგი და მიიწია ადგილად, ყოველნი იგი წარგზავნილნი დაუნჯებულად დახუდეს, და აწ იხარებს საუკუნოდ“.
ჰრქუა ძემან მეფისამან: „განმიმარტე ეგეცა“. ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტად ქალაქი იგი, ყოველი სოფელი არს, და კაცნი ფლობილ არიან მას ზედა და მეფობენ, და იციან, ვითარმედ შემდგომთა ჟამთა მოსიკუდიდ არიან და ორითა მით საგრაგნელითა მისციან საფლავად და ყოველი ცხორებაჲ კაცთაჲ დღე ერთი არს, და სიკუდილი და საფლავად მიცემაჲ ექსორიობაჲ არს. ხოლო რომელი ფრთხილ იყოს გონებითა, მისცემს იდუმალ გლახაკთა, უცხოთა და უღონოთა, მშიერთა, შიშუელთა, და იყოს მოწყალე, მშჳდ და მდაბალ გულითა. ხოლო ღმერთი, რომელი ჰხედავს დაფარულთა. მოწყალებისა მათისათჳს მიაგებს ცხადად დაუნჯებულთა კეთილთა, სადა მპარავი ვერ განიპარავს და ვერცა მღილი განჰრყუნის, და მუნ შინა იშუებს უკუნითი უკუნისამდე“.
ჰრქუა იოდასაფ: „არასადა ასმიან მამასა ჩემსა ესევითარნი სიტყუანი? რამეთუ მე სიტყჳთა ამით, რომელ მეტყჳ, განმინათლდების გული, და გონებაჲ განმხიარულდების, და ფრიად იშუებს სული ჩემი“. ჰრქუა ბალაჰვარ: „არა ასმიეს ესრე ზედა-მიწევნით“. და ჰრქუა იოდასაფ: «და რად არა იღუაწეს ბრძენთა კაცთა ამისთჳს?“ მიუგო ბალაჰვარ: „ამისთჳს, რამეთუ იცოდეს გულის სიტყუაჲ მისი არა შემწყნარებელად, და ამისთჳს დააცადეს თხრობაჲ მისი, რამეთუ ვერ პო[ვ]ეს ადგილი შეწყნარებისაჲ მის თანა“. თქუა იოდასაფ: „ვითარ ეგების ესე ყოფად, რომელ ვერ პო[ვ]ეს ადგილი შეწყნარებისაჲ და თხრობად მისა!“
თხრობაჲ ვ
ჰრქუა ბალაჰვარ: „ეგე სახე არს მეფობისაჲ მის, რომელი განაგებდა საქმეთა საწუთოჲსათა. და ესუა მას თანამზრახველი კაცი, სახიერი და სარწმუნოჲ და განყენებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, და ყოველსა კეთილსა აზრახებდა მეფესა კაცთათჳს, რამეთუ იყო იგი სჯულიერ და ღმრთის მსახურ. და, ოდეს იხილის რაჲ მეფე თაყუანის მცემელ კერპთა, შეძრწუნდის ფრიად და ელმის, ვითარცა ვის ელმის შვილისათჳს. და მრავალ გზის უნებნ მის თანა სიტყჳს-ყოფაჲ სჯულისათჳს, და ჰკითხა მოყუარეთა ამის ჯერისათჳს. ხოლო მათ ჰრქუეს: „შენ მეცნიერ ხარ შინაგანსა გონებისა მისისასა, და თუ ოდეს ჰპოო ადგილი, არქუ მას, არამედ კრძალვაჲცა ჯერ-არს, რამეთუ დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათჳს, და ნუუკუე განაკრთოს იგი შენ ზედა და ბოროტი გიყოს“.
და ფრიად იურვოდა კაცი იგი მეფისათჳს. და ჰრქუა მეფემან კაცსა მას ღამესა ერთსა: ,,მოგუალე, ვიდოდით ქალაქსა შინა, რაჲთა ვიხილნეთ საქმენი კაცთანი”. წარვიდეს, და სლვასა მას შინა მიემთხჳვნეს ნაგევთა დიდთა. და იხილა მეფემან სინათლე რაჲმე, ვითარცა ცეცხლისაჲ მუნით გამო. და ვითარცა მიეახლენს, იხილეს ვითარცა ქუაბი, გამოთხრილი რაჲმე ნაგევთა. მათ შინა იყვნეს კაცი და დედაკაცი შემოსილნი სამოსლითა ბებკულითა, ძუელითა. და ვითარცა ხედვიდეს, ესმოდა მუნით ჴმაჲ სიმღერისაჲ. და კაცი იგი ჯდა ინაჴით სკორესა ზედა, ხოლო დედაკაცი იგი უროკვიდა წინა და შეასხმიდა ქებასა, ვითარცა შუენის მეფეთათჳს. და უფლით ჰხადოდა მას, ხოლო იგი - დედოფლით. და ორნივე იხარებდეს და განსცხრებოდეს. ხოლო მეფე იგი და თანამზრახველი მისი მყოვარ ჟამ ხედვიდეს და განიცდიდეს საქმეთა მათთა, და წარვიდეს განკჳრვებულნი. და ჰრქუა მეფემან მოყუასსა მას: ,,არასადა გუთნდა ცხორებაჲ ჩუენი, ვითარ ამათ გლახაკთა, და არცა ესრეთ მხიარულ ვართ, ვითარ ესენი. და ამას ვჰგონებ, ვითარმედ ამას შინა არიან ყოველნი დღენი ამათნი”.
მაშინ პო[ვ]ა ადგილი სიტყჳსაჲ თანამზრახველმან და ჰრქუა: ,,ნუ ჰგონებ, მეფეო, ვითარმედ დიდებაჲ და სუფევაჲ, რომელსა ჩუენ ვიშუებთ, ესრე სახედ შერაცხილ არს წინაშე მათსა, რომელნი ღმრთის მსახურებით ცხოვნდებიან და სახლები ესე ოქრო-ქანდაკებულნი, რომელნი-ესე ვიშენენით, და სიშუენიერე ხატისაჲ და ბრწყინვალებაჲ, სამოსელთაჲ არად ჰკჳრს მათ, რამეთუ ხედვენ იგინი ჴელით-უქმნელთა ზეცისა ტაძართა, თუალთ-შეუდგამთა სამოსელთა და ამისთჳსცა იხარებენ, რამეთუ მათ შინა იშუებენ უკუნისამდე, რომელნი-იგი განუმზადნა ღმერთმან მოყუარეთა მისთა”. და ჰრქუა მეფემან: ,,და იცნია ესევითარისა სახისა მეცნიერნი კაცნი?” ხოლო მან პრქუა: ,,არიან კაცნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა და სოფლისა ყოველი დაუტეობია და საუკუნოჲ იგი შეუყუარებია, რამეთუ გამოცადეს სოფელი ესე და პო[ვ]ეს ყოველი წარმავალად”. ჰრქუა მეფემან: ,,და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ? არა შეუთქსა მწუხარებაჲ?“ ჰრქუა მას თანამზრახველმან: ,,სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს დაუსრულებელი, რომელსა არა შეუთქს მწუხარებაჲ; და სიმდიდრე - რომელსა არა შეუთქს სიგლახაკე; და სიხარული - რომელსა არა შეუთქს ურვაჲ; და სიმრთელე - რომელსა არა შეუთქს სალმობაჲ; და მეფობაჲ - რომელსა არა შეუთქს აღსასრული; და მშჳდობაჲ - რომელსა არა შეუთქს შიში; და ცხორებაჲ - რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი, რამეთუ იგი არს სოფელი უხრწნელი, და მიიღებენ, რომელთა შეიყუარეს იგი”. ჰრქუა მეფემან: „არს-მე ვინ ადგილისა მის ღირს, ანუ ვინ შემძლებელ არს მუნ შესლვად?” ჰრქუა თანამზრახველმან: ,,არავისთჳს დაჴშულ არს კარი იგი, ვისცა ენებოს”. ჰრქუა მეფემან: ,,რაჲ არს გზაჲ იგი? მითხარ!” და ჰრქუა: ,,მსახურებაჲ ღმრთისა მხოლოჲსაჲ, რომელმან დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი”. ჰრქუა მეფემან: ,,და რაჲ გაყენებდა აქამომდე თხრობად ჩემდა გზაჲ იგი?”. ჰრქუა თანამზრახველმან: “ზარი მეფობისა შენისაჲ”. ჰრქუა მეფემან: ,,უკუეთუ საქმე ეგე ესრეთ არს, არა გჳღირს, რაჲთა უდებ ვიქმნეთ და ჴელვყოთ მას, რამეთუ თანა-გუაც შრომაჲ, რაჲთა მივიწივნეთ მუნ უშფოთველსა მას ცხორებასა?” და ჰრქუა თანამზრახველმან: ,,აწ უკუე მიბრძანება, რაჲთა მარადის გაუწყებდე და მოგაჴსენებდე ჟამითი-ჟამად?” ჰრქუა მას: ,,ნუ ჟამითი-ჟამად, არამედ დაუცხრომელად დღე და ღამე იყავნ ზრახვაჲ შენი”.
და შემდგომად იწყო ღმრთის მსახურებად მეფემან და ღირს იქმნა იგი ადგილსა მას შესლვად, რომელ ეტყოდა თანამზრახველი იგი და ორნივე ცხოვნდეს საუკუნოდ“.
ჰრქუა იოდასაფ: „არღარა არს ყოვლით კერძო სიყუარული ამის სოფლისაჲ გონებასა ჩემსა, არამედ მსურის ცხორებისა მისთჳს საუკუნოჲსა, და აწ განმიზრახავს, რაჲთა დავადგრე შენ თანა და მოვითმინო სიმძიმე ცხორებისა შენისაჲ“.
თხრობაჲ ზ
პრქუა ბალაჰვარ: „უკუეთუ ჰყო ეგე, ემსგავსო მდიდარსა მას, რომელი ემზახა გლახაკსა მას. რამეთუ გუესმა, ვითარმედ: იყო ვინმე ჭაბუკი მდიდრისა ვისმე შვილი, და მამამან მისმან მოუთხო[ვ]ა ქალი, დიდებულთა შვილი, ცოლად. ხოლო მან არა ინება. და ივლტოდა მამისაგან თჳსისა. და სლვასა მას შინა მისსა იხილა ასული ვისმე გლახაკისაჲ სამოსლითა შეურაცხითა მჯდომარე კართა ზედა სახლისა თჳსისათა, იქმოდა რაჲ ჴელთსაქმარსა და ჰმადლობდა ღმერთსა. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ,,ვინ ხარ, დედაკაცო, ანუ რომელთა კეთილთა ზედა ჰმადლობ ღმერთსა?” ხოლო მან ჰრქუა: “ჵ უნდოო ვინმე ცნობითა, არა უწყია, რამეთუ მცირემან წამალმან დიდთა სენთაგან იჴსნეს კაცი, ეგრეთვე მცირემან მადლმან მოჰმადლის უდიდესი? ხოლო მე ასული ვარ ბერისა ვისმე გლახაკისაჲ და მოველი წყალობასა ღმრთისასა”. მაშინ ჴმა-უყო ჭაბუკმან დედაბერსა. ხოლო იგი განვიდა. და ჰრქუა მას ჭაბუკმან: ,,უკუეთუ გნებავს, მომეც ასული ესე შენი ცოლად”. ჰრქუა მას: ,,არა ჯერ-არს ცოლად შენდა ასული გლახაკისაჲ, რამეთუ შენ შვილი ხარ მდიდართაჲ”. ჰრქუა მას ჭაბუკმან: ,,რამეთუ ვიხილე სიბრძნე და გონიერებაჲ ასულისა შენისაჲ და მთნავს იგი ცოლად ჩემდა, და აჰა ესერა მდიდართა ასული დაწინდებულ იყო ჩემდა, და მე არა ვინებე მიყვანებაჲ მისი. და თუ შენ ჰყო, კეთილად მპოო, თუ უფალსა უნდეს”. ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ გთნდეს მიყვანებად ასული ჩემი, მამამან შენმან არა ინებოს”. ხოლო მან ჰრქუა: ,,უკუეთუ არა ინებოს, მე აქა დავდგე”. ხოლო ჭაბუკი იგი შევიდა სახლსა მის ბერისასა, განიძარცუა სამოსელი თჳსი და შეიმოსა საგლახაკოჲ. და იწყო ბერმან გამოცდად მისა, და აღწონა გონებაჲ მისი. და ვითარცა პო[ვ]ა გონიერად, და ვითარცა ცნა, თუ არა ტრფიალებისათჳს არს სიყუარული მისი, უპყრა ჴელი და შეიყვანა საუნჯესა თჳსსა. და უჩუენნა საფასენი შეუნიერნი, რომელ არასადა ეხილვნეს ეგევითარნი, და ჰრქუა: “შვილო, ესე ყოველი შენი არს, და ამიერითგან იშუებდი”. და აღივსო სიხარულითა ჭაბუკი იგი“.
ჰრქუა მას იოდასაფ, ვითარმედ: „ჩემთჳს იყო სახე ესე, უფალსა თუ უნდეს; ხოლო შენ იტყჳ, ბერმან გამოცადაო, და აწ, შენ, ვითარ გნებავს გამოცდაჲ ჩემი?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „რაჲთა გეშინოდის ღმრთისა და შეეყო ნებასა მისსა, და განეშორო ვნებასა სოფლისასა, და არა წარსწყმედს ღმერთი შრომათა შენთა, და არა განგიცდის უფროჲს ძალისა შენისა. და მეცა ვევედრები უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, სამებასა წმიდასა, რომელსა არა აქუს აღსასრული, საშინელსა და სახიერსა, ძლიერსა, მოწყალესა, უხილავსა, გამოუთქუმელსა, მეუფესა, კაცთ მოყუარესა, მეცნიერსა და არა უცნაურსა, რომლისაგან ძრწიან ყოველნი დაბადებულნი, რაჲთა წმიდა გყოს ჭეშმარიტი წინამძღუარი კეთილისაჲ და თითის საჩუენებელ ღმრთის მსახურებითა, ამხილველ ბრმათა, მსმენელ ყრუთა, მოყუარე წმიდათა და მოძულე ვნებათა, ვიდრემდის მიგაწიოს ჩუენითურთ ადგილთა მათ, რომელ აღგჳთქუა პირითა წმიდათა წინასწარმეტყუელთაჲთა და მოციქულთაჲთა, რომელთა მიმართ გუაქუს სასოებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად“.
და სიტყუათა ამათ ზედა განჴურდა გული იოდასაფისი და იწყო ტირილად და მერმე ჰრქუა ბალაჰვარს: „რაჲ ზომისა წლისაჲ ხარ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ათორმეტისაჲ“. და ჰრქუა: „ვითარ მეტყჳ მაგას, რამეთუ ხარ მოხუცებულად სამეოცისა წლისა უმეტეს“. ჰრქუა ბალაჰვარ: „ვინაჲთგან ვიშევ, სამეოცისა წლისაჲ ვარ, გარნა, რაჲთგან ღმერთსა სრულიად გაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორმეტი წელი არს, რამეთუ წინაჲს მკუდარი ვიყავ და ათორმეტით წლითგან ცოცხალ ვარ“. ჰრქუა იოდასაფ: „და ვითარ მკუდარ არს კაცი, რომელი ჭამს და სუამს? და უკუეთუ პირველი იგი ცხორებაჲ არა შეგირაცხიეს ცხორებად, თანა-გაც, რაჲთა სიკუდილიცა იგი მომავალი არად შეგერაცხოს“. ჰრქუა ბალაჰვარ: „ანუ არა გაუწყებსა განწირვაჲ თავისა ჩემისაჲ შემოსლვითა შენდა? რამეთუ უწყი სიბოროტე მამისა შენისაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ არა მეშინის სიკუდილისაგან, უკუეთუ ოდენ მოვკუდე ღმრთის მსახურებასა შინა“. და ყოველივე ცხორებაჲ მისი თჳთოეულად წარმოუთხრა და რომლითა მიზეზითა განვიდა უდაბნოდ.
ჰრქუა იოდასაფ ბალაჰვარს: „მითხარ მე სახე სიბრძნისაჲ, და რად აქუს ნათესავსა ამას ჩუენსა სიყუარული კერპთა მიმართ“.
თხრობაჲ ჱ
ხოლო მან ჰრქუა: „კაცმან ვინმე შეიპყრა მჭურინავი და დაჰკლვიდა მას. ხოლო მან ჰრქუა: ,,რაჲსათჳს გნებავს დაკლვაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი? უკუეთუ განმიტეო, გასწავნე სამნი მცნებანი. და უკუეთუ დაიმარხნე, სცხოვნდე და სარგებელ გეყო”. ხოლო მან ისმინა და განუტევა. ხოლო იგი დაჯდა რტოსა ხეთასა და ჰრქუა: ,,აუწთომელსა ნუ ეწუთები, გარდასრულსა ნუ ინანი, და რომელი შენთჳს არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ, და სცხოვნდე”. ხოლო უნდოდა გამოცდაჲ კაცისაჲ მის, თუ ვითარ დაიმარხნეს მცნებანი იგი. და ჰრქუა: “კაცო, უკუეთუმცა ცოდნილ იყავ და მე დაგეკალ, ჩემსა ინჩაჴუსა იდვა მარგალიტი სირაქლემისა კუერცხისა ოდენი და იგიმცა გამოგეღო, შენ დიდი საფასე შეგძენოდა”. და ვითარცა ესმა კაცსა მას, იწყო სინანულად და ენება შეპყრობაჲ მისი და დაკლვაჲ. და ჰრქუა: ვინაჲთგან მასწავენ მცნებანი, სხუაჲ არა მაქუს ნაცვალი, რაჲთა მიგიზღო, აწ მო[ვ]ედ სახედ ჩემდა, რამეთუ ზამთარი ესე ფიცხელ არს და მე კეთილად გიღუაწო, და განგისუენო, და განგიტეო”. ჰრქუა მას მჭურინავმან: ,,ცუდ არს სწავლაჲ მცნებათა ჩემთაჲ შენდა მიმართ, რამეთუ სამივე მცნებაჲ აწვე დაშალე: რამეთუ გარდასრულ არს გაშუებაჲ ჩემი და ინანი, და შეპყრობაჲ ჩემი აუწუთომელ არს და ეწუთები და სიკუდილი შენი არა გნებავს და ჩემსა დაკლვასა ჰლამი, ხოლო მე გამოგცადე, თუ ვითარ დაიმარხავ მცნებათა. და აწ ვითარ გრწამს, თუ არს ჩემსა ინჩაჴუსა მარგალიტი ვითარცა სირაქლემისა კუერცხისა ოდენი, რამეთუ თჳთ ნაკრტენითურთ არცა ხოლო თუ ნასამალი ვარ სირაქლემისა კუერცხისაჲ“.
აწ, ძეო მეფისაო, უკუეთუ ასწავებდე კაცთა უგუნურთა, არავე ირწმუნებენ და გარდაჰჴდებიან მცნებათა ღმრთისათა და თავით თჳსით მოგონებულსა დაამტკიცებენ, რამეთუ ჴელითა თჳსითა შეუქმნიან კერპნი და ღმრთად თაყუანის-[სც]ემენ და იტყჳან: ,,ესენი არიან მჴსნელნი ჩუენნი ბოროტისაგან”. და მონაგებთა მათთა წარაგებენ მათ ზედა, რამეთუ ეშმაკნი დამკჳდრებულ არიან მათ შინა და მათსა ირწმუნებენ და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და წმიდაჲ სული, რომელი მამისაგან გამოვალს; იგი ხოლო დამბადებელ და სხუანი დაბადებულ, იგი ხოლო უჟამო და სხუანი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ, იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ, და ყოველი მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა. და რამეთუ სახიერ, მოწყალე, სულგრძელ და კაცთ მოყუარე არს, და განუმზადებიან მორჩილთათჳს საშუებელნი, ხოლო ურჩთათჳს სატანჯველნი. ამანვე სამგუამოვნებით და ერთ-არსებით დიდებულმან გყავნ მეძიებელ ნებისა მისისა, რაჲთა სცხოვნდე ძალითა ერთარსისა სამებისაჲთა. ხოლო უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე სცნა, თუ ვითარ ჯერ-არს მცნებაჲ მისი“.
ჰრქუა იოდასაფ: „რაჲ არს საქმე, რომელი ჰნებავს ღმერთსა?“ მიუგო: „ესე არს მცნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა, რომელი გინდეს თავისა შენისათჳს, უყო მოყუასსაცა შენსა, და რომელნი შენ არა გინდეს, სხუასა არა უყო და ლოცვასა ჰყოფდე ღმრთისა მიმართ და ვედრებასა დღე და ღამე. და გაქუნდეს ჯუარი მისი საძლეველად მტერთა, რამეთუ მით მიჴსნა ვნებათაგან და ჴელთაგან სიკუდილისათა“.
ჰრქუა ბალაჰვარს იოდას[ა]ფ: „დამარხვითა მცნებათაჲთა მიემთხუევის კაცი ნებასა ღმრთისასა?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „ჰე, ჭეშმარიტად მიემთხუევის“. - „და უკუეთუ ეგრეთ არს კეთილნი ესე, რომელ არიან სოფელსა ამას შინა, რაჲსათჳს მოიძულენით?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „ორნი საქმენი მაწუევენ ჩუენ ამას: პირველად ესე, რამეთუ გარდამატებულნი ესე კეთილნი ღმრთისანი არა ესწორებიან მცირედსა მუნ საშუებელსა სასუფეველისასა, და ვითა[რ]ცა ვინ იღუაწოს, უმეტესთა პატივთა მიემთხუევის და არა მცირედი შური იყოს მოყუსისაჲ მოყუსისა მიმართ, რამეთუ არა სწორ იყუნენ ხარკისა გადამჴდელნი ძღუნისა შემწირველთა, ხოლო მეორე: ნუუკუე ესე ჴელ-ყავ მოცემულთა ამათ საშუებელთა და მათ მიერ ჩავიჭრეთ უწესოთა საქმეთა და მიზეზ მექმნე წარწყმედისა. ხოლო უკუეთუ განეშორნეთ, უმეტესი მშჳდობაჲ და დაწყნარებაჲ გაქუს. რამეთუ უკუეთუ ვინმე და[ა]ახლნეს საცხოვარნი თჳსნი ყანობირსა, ვერ გულ-პყრობილ არს, რამეთუ უკუეთუ მიერულოს, ანუ უდებ იქმნეს, განჰრყუნიან საცხოვარნი, ხოლო ოდეს განაშორნის ყანისაგან, დაიძინის და განისუენის უზრუნველად“.
ჰრქუა იოდასაფ: „ყოველსა ჭეშმარიტად მეტყუელ ხარ, არამედ შე-ღა-სძინე სიტყუად, რაჲთა მეცა შევსძინო მტერობად და მოძულებად სოფლისა“. ჰრქუა ბალაჰვარ: „ესე ცხად იყავნ წინაშე შენსა, რამეთუ მტერობაჲ სოფლისაჲ დააგებს ღმერთსა, და რამეთუ მოკლე არს ცხორებაჲ ესე და ადრე დაჰლევენ დღენი და ღამენი. აწ ვიღუაწოთ განსლვად სოფლისაგან ნეფსით, რამეთუ უნებლივ განსლვად ვართ, დაღაცათუ განგრძელდეს ცხორებაჲ ჩუენი, სიკუდილი ეგრეცა თანა-გუაც. მაშინ ყოველნი მონაგებნი განიბნივნენ და შენებულნი მაღალნი მოოჴრდენ და უცნაურ იქმნეს სახელი მისი, და აღიჴოცოს ჴსენებაჲ მისი, და განილიოს გუამი მისი, რამეთუ შიშუელი განიღონ სოფლით მისით და შთააგდონ მღჳმესა ბნელსა, და დააგდონ მარტოჲ უცხოებასა შინა და სიგლახაკესა, დატევებული მოძულეთაგან, და განწირონ და მოიძაგონ ყოველთა: მეუღლემან, ძმათა და შვილთა“.
ხოლო იოდასაფ ცრემლოოდა და ეტყოდა: „სიტყუანი შენნი განმეწონნეს გულსა, აწ მეც სიტყუაჲ ცხორებისაჲ“. და ჰრქუა ბალაჰვარ: „მე, ძეო მეფისაო, ფრიად მიყუარდა სოფელი ესე და შეყოფილ ვიყავ შუებათა მისთა. და ვითარცა განვიცადე და ვიხილე შეცვალებაჲ მკჳდრთა მისთაჲ და ვცან, ვითარმედ არავინ დაადგრების მას შინა, არცა დიდი და არცა მცირე, არცა ძლიერი და არცა უძლური, არცა ბრძენი და არცა სულელი, და ვითარცა გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ მეცა ეგრეთვე განმავალ ვარ, ვითარცა განვიდეს იგინი, და შეცვალებად ვარ, ვითარცა შეიცვალნეს იგინი. რამეთუ არა ვარ უდიდეს დიდთა მათ და უძლიერეს ძლიერთა მათ, და რომელი-იგი მოიწია მათ ზედა, მოწევნად არს ჩემდაცა, და რამეთუ ყოველნი წარვალთ და განვიბნევით. და ვითარცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყავ, ვიძიე თავისა ჩემისა უმჯობესი. დაღაცათუ მძიმედ აღმიჩნდა, ვაიძულე თავსა ჩემსა და დავაყენე გულის თქუმათაგან და აღჳრ-ვასხენ ნებასა ჩემსა, რაჲთა არა წარმიტაცოს და შთამაგდოს შფოთთა სოფლისათა. და მესმა სიტყუაჲ ღმრთისაჲ წიგნთაგან ზეგარდამოთა, ვითარმედ: ,,ვყავ სოფელი ესე და ყოველი ხატი მისი წარმავალ. აწ აღიღეთ საგზალი, რამეთუ წარხვალთ ქუეყანად უცხოდ. ეკრძალენით, რამეთუ უეჭუელად განხუალთ ამიერ, რამეთუ მე განმიმზადებიეს ადგილი საუკუნოჲ, რომელსა შინა არიან ორნი სადგურნი: ერთი იგი არს სავანე ყოველთა კეთილთაჲ და საშუებელი გამოუთქუმელი მათთჳს, რომელთა შემიყუარეს და დაიცნეს მცნებანი ჩემნი და მას შინა სუფევდენ უკუნისამდე. ხოლო მეორე იგი სავანე არს სავსე სატანჯველითა, იწროებითა, სირცხჳლითა და შეურაცხებითა, აღგზებული რისხჳთა, რაჲთა შური მიაგოს მოძულეთა ჩემთა. ხოლო მე, რაჟამს მესმა ჴმაჲ ესე, ვცან, რამეთუ სამართალ არიან სიტყუანი მისნი. და აღვიღე საგზალი, რაჲთა მივიწიო სავანესა მას მშჳდობისასა, და ვივლტი სავანისა მისგან საშინელისა და ფრიადცა მეშინის, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, გარნა უმეტეს არიან მოწყალებანი ღმრთისა ჩუენისანი“.
ჰრქუა იოდასაფ: „ვითარ შესაძლებელ არს შესლვაჲ სავანესა მას კეთილსა?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „რაჲთა დაუტეო სოფელი და ყოველნი ზრუნვანი მისნი, რამეთუ თანა-აც კაცსა ბრძენსა, რაჲთა წურთიდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წურთინ კეთილი წინამძღუარი სამწყსოსა თჳსსა. და შიში ღმრთისაჲ ყოვლადვე და მარადის გონებასამცა თჳსსა შინა არს, რამეთუ იტყჳს მეფსალმუნე: ”დასაბამი სიბრძნისაჲ, შიში ღმრთისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა-ყონ იგი” და ესე უწყოდე, რამეთუ ვერ შეიკრიბის კაცმან ერთმან ყოველი სწავლულებაჲ; ანუ ვინ კაცთაგანი შემძლებელ არს ყოველთა საჭმელთა და სასუმელთა, რომელნი იხილნეს და გული უთქმიდეს, ერთბამად მიღებასა, არამედ ძალისაებრ მცირედ-მცირედ მიიღის. ხოლო ესეცა უწოდი, რამეთუ ეშმაკი მოართუამს გონებასა და ეტყჳს: ”უკუეთუ არა უტყუვი ღმერთსა, იმარხე ორმეოცითა, და ძაძითა, ნაცრითა და ტირილითა იქცეოდე”. ესევითართა ძნელოვანთა აწუევს, ანუმცა ამით მოაწყინა და შეარყია, ანუმცა მეტად აღზუავა და მერმე ქუეყანად დააკუეთა და ურვასა მრავალსა შეაყენა. ესე ჯერ-არს, რაჲთა დაიჭირო თავი შენი საზომსა და გეშინოდენ ღმრთისაგან. ესე შეიკრძალე და შეისწავე და ჯუარითა შეიჭურე და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ ყოველთა შინა საქმეთა შენთა, რამეთუ არა არს ძალი და ღონე, რომლითა წინააღუდგეთ ღონეთა მტერისათა, გარნა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ დავსცეთ“. ჰრქუა იოდასაფ: „მაუწყე დიდებაჲ ღმრთისაჲ!“ ჰრქუა ბალაჰვარ: „გამოუთქმელ არს ხატი ღმრთეებისაჲ და გონებაჲ ვერ მისწუთების გამოძიებად და ვერცა ყოველნი ენანი შემძლებელ არიან ღირსებით ქებად მისა, რამეთუ მიუწდომელ არს დაბადებულთაგან მეცნიერებაჲ მისი, გარნა რომელი მან გამოაცხადა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, იგი გამოეცხადა სოფელსა, რომელი-იგი პირველითგან იყო მამისა თანა, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. მან გამოთქუა იგი ჭეშმარიტად, რამეთუ თუალთ-შეუდგამ არს ხატი მისი, და მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა წამეს მისთჳს, და [ა]რწმუნეს კაცთა ნიშებითა და სასწაულებითა, რომელთა იქმოდეს სახელის დებითა მისითა, რამეთუ მკუდართა აღადგენდეს, ბრმათა აღუხილვიდეს, მკელობელთა ავლენდეს, კეთრო[ვ]ანთა განსწმედდეს, ეშმაკთა განასხმიდეს და ყოველთა სნეულებათა ჰკურნებდეს, რომელი ვერვის სხუასა ძალ-უც ყოფად ეგევითარისა ძალისა და ყოველსავე, რაჲცა ენებოს, იქმს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა“.
ჰრქუა იოდასაფ: „რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?“ მიუგო ბალაჰვარ: „ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გუამნი. და რამეთუ უკუეთუ იხილო ჭურჭელი რაჲმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე, ვითარმედ უვის შემოქმედი. და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი, ვცან რამეთუ მივის შემოქმედი და ვითარცა ენება, დამბადა და გამომხატა თჳნიერ კითხვისა ჩემისა. და უკუეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა ვყავ თავი ჩემი სიშუენიერითა და სისრულითა ჰასაკისაჲთა. ხოლო ღმერთმან, რომელმან დამბადა, მყო მე რომელთამე უდარეს და რომელთამე უმჯობეს. ხოლო გულისჴმა-ვყავ ესეცა. რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა. და ვითარ გულისჴმა-ვყავ და ვცან საქმე ცხორებისა ჩემისაჲ, ვითარმედ ვერას შემძლებელ ვართ შემატებად, გინა დაკლებად ჰასაკისა, და ვერცა განახლებად დაძუელებულისა, და ვერცა კუალად შედგმად, თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა, და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა, და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა. და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა, და ქცევასა სამყაროთასა. და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი, და არა არს მსგავს დაბადებულთა. და უკუეთუმცა მსგავს იყო მათსა, მის ზედაცამცა მოიწეოდა, რომელნი მოიწევიან დაბადებულთა ზედა, რამეთუ ვითარცა თქუას, იქმნეს, და ოდეს ინებოს, აღასრულებს და კუალად აღადგენს, ვითარცა პირველ იყვნეს. რამეთუ ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, და ენებოს თუ, განაქარვებს და კუალად მოაგებს ყოველსავე, და კურთხეულ არს და დიდებულ სახელი მისი უკუნისამდე”.
ჰრქუა იოდასაფ: „ყოველივე ეგე ჭეშმარიტად სწამე, გარნა ვინაჲ სცან, თუ აღდგომაჲ ყოფად არს შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?“ მიუგო ბალაჰვარ: „ორთა საქმეთაგან საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა, და რამეთუ ვხედავთ მრავალთა ურჩთა შუებითა, ხოლო მორჩილთა ვხედავთ, რამეთუ ჭირითა და შეურაცხებითა განვლენ სოფლისა ამისაგან, და ამით უწყი, რამეთუ მართლ-მსაჯულმან ღმერთმან ამისთჳს არა ადიდნა მორჩილნი იგი მისნი, რაჲთა აღდგომასა მას უმეტესი პატივი უყოს მათ, ხოლო ურჩნი იგი დასაჯნეს საქმეთა მათთაებრ. ხოლო მეორედ საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რომელნი-იგი თჳთმხილველ იქმნნეს დიდებასა ღმრთეებისასა, ამისთჳსცა ახარებდეს მისაგებელსა საუკუნოსა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველთათჳს საუკუნოთა. და რამეთუ ამისთჳს შევიწყნარეთ წამებაჲ მათი, რამეთუ აჩუენებდეს ნიშებსა და სასწაულებსა კაცთა შორის ძალითა მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისაჲთა, რომელ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე“.
ჰრქუა იოდასაფ: „ვინაჲთგან მოციქულნი ამისვე კაცობრივისა ნივთისანი იყვნეს, ვითარ ჰგონებ, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „ამით უწყი ჭეშმარიტებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ, რამეთუ შეუდგეს უფალსა ღმერთსა ჩუენსა და განეყენნეს მონაგებთაგან და შეუდგეს სიგლახაკესა, და რამეთუ გლახაკთა სიტყჳთ განამდიდრებდეს და თჳთ უჴამლონი და თავ-შიშველნი ერთითა სამოსლითა მიმოვიდოდეს და აჭირვებდეს თავთა თჳსთა, და ეგრეთვე სხუათა აწურთიდეს და, უკუეთუ იყვნეს ცრუ მოწამე და მტყუარ, არამცა ესევითართა იწროთა და საჭიროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინა-უყოფდეს, რომელნი შეაშუნს კაცთა, და ვრცელი და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ, და მი-მცა-უშვეს გულისთქუმათა და შუებათა მიმართ, და ესევითარითამცა ცხორებითა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, და არამცა ლოცვითა და მარხვითა, ჭირითა და გლახაკობითა განაკრთვნეს გულნი კაცთანი“.
ჰრქუა იოდასაფ: „უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა, ვითარ საცნაურ არს, თუ ჭეშმარიტსა იტყჳს, ანუ უცნაურსა?“ ჰრქუა ბალაჰვარ: „დაფარულთამცა მისთა გამოაცხადნეს საქმენი მისნი რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან. და სახიერებასა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსე არიან, და ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა, რომელიმცა კაცთაგანმან ვერ შეუძლო ყოფად“.
V. და ვითარცა ესევითართა სწავლათა ასწავებდა ბალაჰვარ ძესა მეფისასა და განმრავლდა შემოსლვაჲ ბალაჰვარისი წინაშე იოდასაფისა, ჰრქუა მას ზანდან მზარდულმან: „შენ უწყი, ძეო მეფისაო, ვითარ ერთგულებისა ჩემისათჳს დამადგინა შენ ზედა მამამან შენმან, და აწ განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, ნუუკუე მათგანი იყოს, რომელნი სძულან მამასა შენსა. აწ თუ უნდა, დააცადე საქმე ესე და განზრახვაჲ მის თანა, და, თუ უნდა, უბრალო მყავ და ვაცნობო მამასა შენსა; და თუ ესე არა გნებავს, განმიყვანე მე შენგან და ნაცვალად ჩემდა მოგცნეს მამამან შენმან სხუანი მსახურნი, და მე განმათავისუფლე რისხვისაგან მამისა შენისა“. ჰრქუა იოდასაფ: „პირველად ესე ჰყავ, რაჲთა დასდგე ფარულად უკანა კერძო კრეტსაბმელისა და მცირედ ჟამ ისმინო, რასა-იგი მეტყჳს მე, და მერმე, რაჲცა გნებავს, იგიცა ყავ“.
და ვითარცა შემოვიდოდა ბალაჰვარ წინაშე იოდასაფისსა, უკუდგა ზანდან, უკუანა კერძო კრეტსაბმელისა. და იწყეს სიტყუად ურთიერთას. და ჰკითხვიდა იოდასაფ საქმეთა საწუთოჲსათა. ხოლო ბალაჰვარ იწყო გამოთქუმად ამაოებათა ამის საწუთოჲსათა და ჰრქუა: „შეუგავს მეძიებელთა ამის საწუთოაჲსათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნოჲ იგი წარუვალი საშუებელი, და რად არა გულისჴმა-ჰყოფენ მსწრაფლ-წარმავლობასა სოფლისა ამის დიდებისასა, რამეთუ ხედვენ ადრე განქარვებასა საფასეთასა, და რომელნი-იგი შეიკრებენ, ცუდად შურებიან, რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა სხუანი ეუფლებიან შენაკრებთა მათთა. აწ რომელიმე საქმე საწუთოჲსაჲ საქებელ არს, ანუ რომელნი საფასენი ჰგიან განუხრწნელად. ხოლო რომელთა გარდაემატოს აქა სიმდიდრე, მუნ პოონ ჭირი და სიგლახაკე, და რომელთა მოიგონ აქა პატივი, მუნ პოონ შეურაცხებაჲ“. და სხუაჲცა მრავალი ასწავა ესევითარი.
და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზანდანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნეს სიტყუანი ბალაჰვარისნი, და ჰრქუა: „არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ისი და გრძნეული? რამეთუ ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელი ესე საწუთოჲსაჲ“. ჰრქუა მას ზანდან: „არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა, რამეთუ ზრახვაჲ ესე ნათელ არს და ჩუენ გუასმია და ვიცით სიტკბოებაჲ მისი დიდი. ხოლო ოდეს შეაჩუენნა მეფემან კაცნი იგი ღმრთის-მსახურნი და განასხნა ქუეყანისა ამისგან, მუნიერითგან არღარა გუასმიეს სიტყუაჲ ესევითარი. და უწყით, რამეთუ სიცოფით დაუტევეთ იგი და შევიყუარეთ წუთი ესე წარმავალი. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს ესე, შეიყუარებ და თავს იდებ სიმძიმესა მისსა და მისთანა რისხვასაცა მეფისასა და წინააღდგომასა ერისასა, გიხაროდენ უკუე პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა შინა საუკუნესა! ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა სოფლისასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარვჰყოფ სიმდიდრეს[ა] მაგის საქმისასა. ხოლო აწ შენ მიბრძანე, თუ რომლითა ღონითა განვერე რისხვასა მამისა შენისასა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მეფისაგან!”. ჰრქუა იოდასაფ: „უკუეთუ დაჰფარო საქმე ესე მეფისაგან, უწყოდი, რამეთუ იგიცა ერთგულებაჲ არს წინაშე მისსა, რაჲთა არა შეაგდო იგი დიდსა ურვასა და მწუხარებასა და წარუკუეთო მას სასოებაჲ შვილიერობისაჲ და შევარდეს გულის კლებასა. ხოლო ჩემგან უშიშ იყავ ამიერითგან და იქმოდი და იტყოდი, რაჲცა გნებავს, რამეთუ გულისჴმა-მიყოფია ამაოებაჲ ამის სოფლისაჲ და ჭეშმარიტად მიცნობია, რამეთუ არარაჲ არს კაცი, გარნა მატლი და წუთხი, მტუერი და ნაცარი განქარვებადი მსწრაფლ, და ამისთჳს არა ვზრუნავ ჴორცთათჳს, რამეთუ არა არიან, ხოლო სული არს, რომელი იგრძნობს ტკივილთა, გინა შუებათა ყოველთა. აწ ამისთჳს ჯერ-არს ზრუნვაჲ, რაჲთა მას საუკუნესა არა მიეცეს სატანჯველსა დაუსრულებელსა, ცეცხლსა და მატლსა დაუძინებელსა, და ბნელსა გარესკნელსა. და ესეცა უწყოდე, რამეთუ მე მიპოვნია მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ცათა და ქუეყანისაჲ და შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ და მისგან მეშინის და მისგან ვძრწი, და მას თაყუანის-ვსცემ, რამეთუ იგი არს მეუფე მეუფეთაჲ და მას აქუს უფლებაჲ სულთა და ჴორცთაჲ, და მისი არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე. და შენ, რომელი გნებავს, იგი ქმენა“.
ხოლო ბალაჰვარს ენება წარსლვაჲ და იჯმნა ძისაგან მეფისა. ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისგან. და ჰრქუა: „ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და გევედრები, რაჲთა წარმოვიდე შენ თანა და ერთგან ვიყოფდით მოყუასთა შენთა თანა“. მიუგო ბალაჰვარ: „ძეო მეფისაო, სახე ეგე მსგავს არს სახესა მას, რამეთუ იყო ვინმე კაცი დიდებული და ესუა მას ძე საყუარელი. და ძისა მის მისისათჳს ნუკრი ველური განზარდა და ეჟუანი შეაბა ყელსა მისსა. ხოლო იგი განვიდის ველად ჩუეულებისაებრ, რაჲთა ძოოს. ხოლო ჟამსა ერთსა შეეყო სხუათა ქურციკთა და თანა განჰყვა იგი მაღნართა შინა. და ვითარცა ცნეს, რამეთუ ნუკრი იგი წარვიდა უშინაგანესთა მაღნართა, და წარვიდეს ძიებად ნუკრისა მის განმზრდელნი იგი მისნი და პო[ვე]ს იგი სხუათა თანა ნადირთა. ხოლო იგინი დაჴოცნეს და ნუკრი იგი შეიპყრეს და წარმოიყვანეს. ეგრეთვე ჩუენ შეგუამთხჳო, მე და მოყუასთა ჩემთა, და ვერცა სასოებაჲ შენი სრულ იქმნეს, და ვერცა შემძლებელ ხარ ჭირთა მათ დათმენად, რომელთა მე და მოყუასნი ჩემნი მოვითმენთ. და უწყოდე ესეცა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა დაითმინო აქავე და, თუ ენებოს ღმერთსა, სხჳთა ღონითა ჰპოო, რაჲთა სათნო-ეყო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა“.
ჰრქუა იოდასაფ: „რაჲ არს საზრდელი თქუენი, რომლითა სცხოვნდებით უდაბნოსა მას შინა?“ მიუგო მან: „მწუანვილთაგან ქუეყანისათა ვიზრდებით. ხოლო ოდეს მოგვაკლდის, მოვიღებთ ძმათაგან ჩუენთა მორწმუნეთა“. ჰრქუა იოდასაფ: „წარიღე საფასე, რაოდენიცა გნებავს, რომელ კმა-გეყოს შენ და მოყუასთა შენთა!“ მიუგო: „ვითარ მისცემ საფასესა მოყუასთა ჩემთა, რამეთუ უკუანაჲსკნელი მათი უმდიდრეს არს შენსა?“ ჰრქუა იოდასაფ: „ვითარ არს უგლახაკესი მოყუასთა შენთაჲ უმდიდრეს ჩემსა, რამეთუ იტყჳ ფრიად უპოვარებასა მათსა?!“ მიუგო ბალაჰვარ: „ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ თქუენგანსა, რომელსა აქუს, სხჳსათჳსცა ზრუნავს, და ფრიად შფოთებს და განილევის და ზე და ქუე ეკუეთების, რაჲთა უმრავლესი შეიკრიბოს. ხოლო მოყუასთა ჩემთაგანი არცა ერთსა რას ზრუნავს, არცა თუ ჭამადთათჳს, არცა შესამოსელთა, რამეთუ მდელოთა მათგან საზომისაებრ იჴუმევენ და მათ ზედა ადიდებენ ღმერთსა, რამეთუ და უტეობია სიმდიდრე სოფლასაჲ და საშუებელნი და იხარებენ და იშუებენ სულითა, რამეთუ მოელიან სასუფეველსა ცათასა. ხოლო რომელნი ეძიებენ აქა სიმდიდრესა, მდიდარ თუ იყვნენ, გლახაკ-ვე არიან გონებითა და ვერ განძღებიან. ხოლო მოყუასნი ჩემნი ფრიადითა მყუდროებითა იქცევიან აქა, რამეთუ საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას ცათა შინა, დაუნჯებულ არიან მუნ, სადა არცა მპარავი განიპარავს და არცა მღილი განჰრყუნის, რომელთა-იგი შენცამცა ზიარ ხარ მათ შინა შუებად უკუნისამდე“.
ჰრქუა იოდასაფ: „რაჲთა უწყით ჭეშმარიტებაჲ საქმისა მაგისი?“ და მან ჰრქუა: „ამით უწყით ჭეშმარიტი: ოდეს მოყუასთა ჩემთაგანი განვიდოდის ჴორცთაგან, ვხედავთ ანგელოზთა ნათლისათა, მოსრულთა წარწყვანებად სულისა მისთჳს, რომელი ბრძანებულ იყოს უფლისაგან, და გუესმის გალობაჲ ტკბილი, რომელი გამოვალს პირთაგან ანგელოზთასა. და ვითარცა განიყვანონ სული იგი, მაშინ აგუეჴდების საბურველი თუალთაგან ჩუენთა, და ვხედავთ სულსა მას ტჳრთულად ჴელთა შინა ანგელოზთასა და აღმავალად ზეცად, და მივაყვანებთ თუალთა ჩუენთა, ვიდრემდის განვლნიან ბნელნი იგი და ჰაერის მცველნი. ხოლო საფასე, რომელი გეგულების მოცემად მოყუასთა ჩემთა, იგი ყოველი მიეც გლახაკთა და უღონოთა, ხოლო მე არა ვარ მოციქული მოყუასთა ჩემთაჲ, რაჲთამცა მივართჳ გესლი, რომელი აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, და ვითარ მივართუა მტერი იგი, რომელი მოაკუდინეს და დათრგუნეს ფერჴითა! და რომელნი-იგი მდიდარ არიან ვითარღა მიიქცენ სიგლახაკედ და იწყონ შფოთებად“.
ჰრქუა იოდასაფ: „ვინაჲ არს სამოსელი თქუენი?“ ხოლო მან ჰრქუა: “სამოსელი ჩუენი არს ძუელი, დაბებკული, ნაგევთაგან შეკრებული“. ჰრქუა იოდასაფ: „მიიღე სამოსელი მოყუასთა შენთათჳს“. ჰრქუა ბალაჰვარ: „არავინ ჩუენგანი დაიუნჯებს სამოსელსა, რამეთუ ერთი იგი ჰმოსიეს, რომლითა დაიფარავს უძლურებასა ჴორცთასა, და რომელი მოელოდის მწუხრითგან ვიდრე ცისკრადმე სიკუდილსა, რად უჴმს მას ორი სამოსელი ეგე, რომელი შენ გმოსიეს?!“ ჰრქუა იოდასაფ: „ვინაჲ არს სამოსელი ეგე, რომელი გმოსიეს?“ მიუგო ბალაჰვარ: „ესე სამოსელი ახლად შევიმოსე, რაჲთა მოვიდე შენდა, რაჲთა არავინ განჰკრთეს სახესა სამოსლისა ჩემისასა. რამეთუ სახე ესე მსგავს არს სახესა მას, რომელსა ესუას ნათესავი ტყუეობასა შინა და შეცვალებითა სამოსლისაჲთა შევიდის ქუეყანასა მას მტერთასა, რაჲთა ღონისძიებითა გამოიჴსნას ტყუე იგი. ხოლო მე ვითარცა მეუწყა შენი, ვითარმედ ჭეშმარიტსა ეძიებსო, და გწადს ჴმაჲ მახარებელისაჲ, და დავინახე ადგილი სათესავი, გამოვედ ქუეყანით ჩემით საყოფელით, და შევიმოსე სამოსელი ესე, რომელი მომცა კაცმან მორწმუნემან და ღმრთის მოშიშმან, და მოვიწიე შენდა. და აწ ძალითა ქრისტესითა მიჴსნიხარ მტერთაგან, რამეთუ გაუწყე მცნებაჲ ღმრთისაჲ და სჯული მისი, და რამეთუ მეძავ არს სოფელი ესე და სიყვარულსა ერთისა თანა არა დაადგრების. ხოლო მე, რაჟამს მივიწიო ადგილსა მას, რომელსა შევიმოსე სამოსელი ესე, მუნვე განვიძარცო ესე და შევიმოსო სახე და სამოსელი მოყუასთა ჩემთაჲ, და უკუეთუმცა მიხილე ხატითა და სამოსლითა მოყუასთა ჩემთაჲთა, არღარამცა გწადოდა მოსლვაჲ ჩემ თანა“.
მაშინ ჰლოცვიდა, რაჲთა ეჩუენოს ხატითა და სამოსლითა მით. ხოლო ბალაჰვარ განიძარცუა სამოსელი იგი, რომელი ემოსა ზედა კერძო, და იყო ყოველი გუამი მისი გამჴმარ და დამჭკნარ და ტყავი ოდენ გარდართხმულ ძუალთა ზედა. ყოველი ასოაჲ აღირაცხოდა. ხოლო ემოსა ნახეთქი რაჲმე ძაძისაჲ, რომელი შემოედვა უპითგან, ვითარცა ნახევარ წჳვთამდე. და ვითარცა იხილა იოდასაფ სახე იგი ღმრთის მსახურებისაჲ აღი[ჩჩ]უა გული მისი და იწყო ტირილად. და აღიძრნეს ყოველი ნაწლევნი მისნი და ჰგოდებდა, ვითარცა ვინ ჰგოდებნ შვილსა საყუარელსა. და ჰრქუა: „ვინაითგან არ განმიყვანებ მე შენ თანა, მომეც მე სამოსელი ეგე ძაძისაჲ, და შენ სხუაჲ მიიღე ჩემგან, ვითარიცა გნებავსა“. ხოლო იგი მორჩილ ექმნა მას და მისცა სამოსელი იგი ძაძისაჲ და სხუაჲ შეიმოსა ძუელი და ნაჴმარები. ხოლო იგი ეტყოდა, რაჲთა მიიღოს ახალი. ჰრქუა ბალაჰვარ: „არა ჯერარს, რაჲთა მივიღო ძუელისათჳს ახალი“. და ამცნებდა ეტყოდა: „ძეო მეფისაო, მე მონა ვარ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და აღმისრულებიეს სრბაჲ ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა მიბრძანა მე სულმან წმიდამან, რამეთუ მე ყოველნი სამართალნი მისნი დაგისხენ წინაშე შენსა. ხოლო აწ მნებავს სრბაჲ ესე სხუათა მიმართ და ძიებად ადგილსა სანაყოფოსა, რაჲთა ვსთესო მას შინა. და აწ განვალ და გამცნებ: „დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ და გაუწყნა სამართალნი მისნი, და ღირს მისდა გიჩინა შენ! ხოლო შენ განეკრძალე, რაჲთა არა გარდაჰჴდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა, და მე ვევედრები ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოველთა კეთილთასა, რაჲთა განგაძლიეროს ყოველსა შინა კუეთებასა მტერთასა და მოგცეს შენ სიბრძნე სიმჴნით და მოთმინებაჲ, რაჲთა მყუდროებით იყვნენ დღენი შენნი და რაჲთა არა მძლე გექმნეს მტერი ჩუენი ეშმაკი, და განჰვარდე დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო მე მეშინის, რამეთუ ძე ხარ მეფისაჲ და შუებით და ფუფუნებით აღზრდილ, ნუუკუე სულმოკლე იქმნე და შესცთე გზისაგან ჭეშმარიტისა და იწყონ შენ ზედა უფლებად ვნებათა“. მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: „შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისაჲ, არამედ მონაჲ და ძე მეუფისა უკუდავისაჲ, ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ ზედა, რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა ღმრთისასა და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა, და განმარინე საბრჴეთაგან ეშმაკისათა. და დიდ არს ჩემ ზედა მისაგებელი შენთა კეთილთაჲ ჩემდა მომართ, და ვერ შემძლებელ ვარ ღირსად მადლისა მიცემად, ვითარ-იგი ჯერ-არს შენდა, არამედ ვესავ ღმერთსა, რომელმან მიგაგოს ჩემ წილ, რამეთუ მის თანა არს სისრულე მისაგებელთაჲ. და მან სრულ-ყოს საქმე კეთილისაჲ შენ თანა. და უკუეთუ დაადგრე ჩემ თანა, საშუებელ ხარ სულისა ჩემისა, და უკუეთუ წარხუალ, ნუ განგუაშორნეს ღმერთმან ნებისაგან მისისა“. და მოიკითხნეს ურთიერთას, და წარვიდა ბალაჰვარ საყოფელად თჳსა.
VI. ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად, და ტირილითა და სულ-თქუმითა აღასრულებდა ლოცვათა თჳსთა.
ხოლო ზანდან მზარდული დასნეულდა შიშისაგან მეფისა. და ვითარცა ცნა მეფემან სნეულებაჲ, წარავლინნა მკურნალნი, რაჲთა შეუძლონ ცნობად, თუ რომლითა მიზეზითა სნეულ არს. ხოლო მათ, ვითარცა განიცადეს, წარვიდეს და ჰრქუეს მეფესა: „მეფეო, სენი ისი ზანდანისი არა არს სნეულებისაგან, არამედ გულის კლებისა არსა“.
ხოლო მან თქუა გულსა თჳსსა: ,,რაჲმე არს მწუხარებაჲ გულისა მისისაჲ, ნუუკუე განაყენა ვინმე ძე ჩემი სჯულისაგან ჩემისა და იგი ელმის ზანდანს, მზარდულსა ძისა ჩემისასა?!”. და აღდგა და წარვიდა ხილვად მისა, რაჲთა ცნას, თუ რაჲ სჭირს, ანუ რად მწუხარე არს. ხოლო ზანდანს, ვითარცა ესმა მისლვაჲ მეფისაჲ, შეძრწუნდა და წინა მიეგება მას. და ჰრქუა მეფემან: „რაჲ გელმის, ზანდან?“ ხოლო მან მიუგო: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ურვამან დიდმან შემიპყრა და ფრიად შემაურვებს და ძლიერად შემაშფოთებს, რამეთუ ძემან შენმან უვარ-ყო სჯული შენი და ქრისტესა შეეწყნარა, და ამისთჳს შეუპყრივარ სნეულებასა ძნელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „და ვინა-ყო ესე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ბალაჰვარ, რომელ შენ განუტევე, მომეპარა, ვერა ვცან, და მან აცთუნა იგი”.
და შეუძნდა მეფესა ძნიად და იქცა პალატადვე. და მოუწოდა კაცსა ერთსა თანამზრახველსა და ვარსკულავთ მრიცხველსა, რომლისა იყო სახელი რაქის, და ჰრქუა: „რაჲ ვყო, რამეთუ ძე ჩემი განდრეკილ არს სჯულისაგან ჩემისა?“ ხოლო მან ჰრქუა: “პირველად ჯერ-არს, რაჲთა ვეზრახნეთ და ვამხილოთ ცთუნებაჲ მისი, და უკუეთუ ვერ ვარწმუნოთ, სხუაჲ ღონე ვიძიოთ“.
და მეყსეულად წარვიდეს იოდასაფისა. და ვითარცა მოიკითხნეს, დასხდეს. და ჰრქუა მეფემან ძესა თჳსსა: „შვილო, რაჲ არს ცთომილებაჲ შენი, მითხარ!“. ხოლო მან ჰრქუა: „არა არს ცთომილებაჲ, რამეთუ ჭეშმარიტად მისდა შედგომილ ვარ, რომელმან შემქმნა და დამბადა, ხოლო შენ ხარ ცთუნებულ, რამეთუ დაგიტევებიეს დამბადებელი და დაბადებელთა ჰმსახურებ, და უკუეთუ შენ მისმინო და თაყუანის-[ს]ცე ღმერთსა მას, რომელმან შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მას დაუბადებიან, და მას თაყუანის-სცე, შენდაცა ნეტარ იყოს და ჩუენდაცა“.
VII. ხოლო მან წარიკუეთა სასოებაჲ დარწმუნებისათჳს მისისა და თქუა: „ჭეშმარიტსა იტყოდეს ამისთჳს ფილოსოფოსნი იგი, ვითარმედ წინააღმდგომი სჯულისა შენისაჲ იქმნების ყრმაჲ ეგეო“. და აღდგა და დამძიმებული წარვიდა პალატად თჳსად. და ჰრქუა რაქის[ს]: „რაჲ ღონე ვყოთ აწ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ვიცი კაცი, რომლისა თანა სწავლულ ვარ, და არავინ იცნობს მას ქუეყანასა ამას, და არს იგი სჯულისა ჩუენისაჲ და ფრიად სწავლული სიბრძნისაჲ, და სახელი მისი ნაქორ. იგი მოვიყვანოთ, რამეთუ ფრიად მსგავსი არს ბაჰლავარისი ფერითა და ჰასაკითა, და შევჰმოსოსთ სამოსელი, ვითარ უნახავს ზანდანს ბალაჰვარს ზედა. ხოლო ჩუენ განვიდეთ ძიებნად ბალაჰვარისა, და ვაცნობოთ ძესა მეფისასა მისთჳს. დაღაცათუ შეუძლებელ არს პოვნაჲ მისი ჩუენგან, ვჰრქუათ ძესა შენსა, ვითარმედ წარვალთ ძიებად მოძღურისა შენისა, და უკუეთუ ვპოოთ, მოვიყვანოთ წინაშე შენსა ხოლო ჩუენ წარვიდეთ და ნაცვალად ბალაჰვარისა, მოვჰგუაროთ ნაქორ. ხოლო მან ჰრქუას, თუ „ტყუვილით გითხარ ყოველი, რამეთუ მტერი ვიყავ მამისა შენისაჲ“. და ესევითარითა ღონისძიებითა მოვაქციოთ ძე იგი შენი სჯულსა ჩუენსა“.
ხოლო ესე რაჲ ესმა მეფესა, სთნდა სიტყუაჲ რაქისი. და განვიდეს ძიებად ბალაჰვარისთჳს. და სლვასა მას შინა მათსა ადგილსა ერთსა პოვნეს კაცნი მძოვარნი, ღმრთის მსახურნი, რომელთა ეკიდა ძუალები ქედთა მათთა. და ვითარცა მოიყვანნეს იგინი წინაშე მეფისა, ჰკითხა მათ: „რანი ხართ თქუენ, ანუ რაჲ არს ძუალებაი ეგე, რომელ გკიდავს?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ კაცნი ვართ ღმრთის მსახურნი, და ამისთჳს გუკიდავს ძუალები ესე, რაჲთა ზედაჲსზიდა მოგუაჴსენებდეს სიკუდილსა“. და ჰრქუა მეფემან: „და რაჲთა უმეტეს შეგაჴსენებს სიკუდილსა ძუალები ეგე თჳთ სჳნდისისა და გონებისაგან თჳსისა, რამეთუ ყოველთა იციან, ვითარმედ მოკუდავ არიან!?“ და ჰრქუა კაცმან მან: „უკუეთუმცა იცოდეთ მოკუდავებაჲ თქუენი, არამცა სდევნიდით კაცთა ღმრთის მსახურთა, და რამეთუ ვიცით და გჳსწავიეს, რამეთუ ბალაჰვარს ეძიებთ”. და ჰრქუა მათ რაქის: „სადა არს გრძნეული იგი, რომელმან აცთუნა ძე მეფისაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „შენ ხარ ეშმაკი და გრძნეული, ხოლო იგი მოყუასი არს ჩუენი, შემკული ყოვლითა სათნოებითა, და შეზღუდვილი შიშითა ღმრთისაჲთა“. და კუალად ჰრქუა რაქის: „სადა არს აწ იგი?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ არა უწყით, სადაა იგი. და უკუეთუმცა მას ენება, გამო-მცა-გიცხადა თავი თჳსი, ხოლო თქუენ ცუდად შურებით და ეძიებთ, რამეთუ ღმერთი ჰფარავს მას და ვერ შემძლებელ ხართ პოვნად მისა. და რა[ჲ]სა ეძიებთ ძმასა მას ჩუენსა, რომელმან საწუთოჲ და დიდებაჲ დაგიგდო და არღარა გეზიარების მას შინა, და არა სდევნით მათ, რომელნი გაცილობენ და გეზიარებიან საშუებელთა სოფლისათა?“. ჰრქუა მეფემან: „ამისთჳს, რამეთუ შეცთომილ არს და აცთუნებს სხუათაცა და აყენებს კეთილთა და საშუებელთაგან, რომელნი დაებადნეს კაცთათჳს. და ამისთჳს არს გულის წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, რამეთუ არა შეიყუარეს მათ კეთილი ქუეყანისაჲ“. ჰრქუა კაცმან მან: „ნანდჳლვე, თუ ეგე ეგრეთ არს და გნებავს ყოველთა კაცთა შუებასა შინა ცხორებაჲ, რად არა იზიარებ ყოველთა კაცთა საშუებელთა შენთა, რამეთუ შენ ყოველთა საშუებელთა წინა-იყოფ და გლახაკნი, მშიერნი და შიშუელნი მიმოვლენან აქა და იქი?“ ჰრქუა მეფემან: „ამისთჳს, რამეთუ არა სწორ არიან მეფე და მონანი, ერისთავნი და ერნი, და რაჲთა კაცად-კაცადმან მოიღოს საზომისაებრ შუებაჲ და პატივი“. მიუგო კაცმან მან: „აწ უკუე სიტყჳთავე შენითა დაჰჴსნი სიტყუათა შენთა, რამეთუ თავისასა ეძიებ და არა კაცთასა. და თუ გნებავს, გაუწყო, თუ რომლისა ჯერისათჳს შეიწუები შურითა, და ბოროტის ყოფად განმზადებულ ხარ მათთჳს, რომელთა დაუტევეს სოფლისა ამის საშუებელი. - რამეთუ ჰგონებ განმრავლებასა მორწმუნეთასა და რაჟამს განმრავლდენ, არღარა თავს იდებდენ უღელსა მონებისა შენისასა, და ამისთჳს გძაგან და სდევნი მათ“. და ჰრქუა მეფემან: „არის ვინა მოყუასთა შენთაგან უაღრეს შენსა?“ ხოლო კაცმან მან ჰრქუა: „არავინ არს უაღრეს, გინა უდარეს ჩემსა, რამეთუ ყოველნი ერთ ვართ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა ხოლო მეტნობაჲ სოფელსა ამას შინა აქუს, ვითარცა შენ და მოყუასთა შენთა“.
მაშინ ბრძანა მეფემან ასოეულად დაჭრაჲ მათი და დაყრაჲ გზასა ზედა და უბრძანა რაქის მოყვანებაჲ ნაქორისი. და განვიდა რაქის მარტოჲ ღამით, და მოუწოდა ნაქორს და უთხრა ყოველი ზრახვაჲ მეფისაჲ. და ამცნო, რაჲთა გამოვიდეს გზასა ზედა. და ვითარცა განთენა, წარემართნე[ს] ადგილთა მათ, სადა იყო ნაქორ. ხოლო იგი მივიდოდა გზასა. და ჰრქუა მეფემან მონათა თჳსთა, რაჲთა ჰკითხონ, თუ ვინ არს კაცი იგი. ხოლო მათ ჰკითხეს რაჲ, ჰრქუა: „მე ვარ ბალაჰვარ“. ხოლო მათ შეიპყრეს და სიხარულით მიიყვანეს წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განიხარა ესრეთ, ვითარცა ეპოვა საძიებელი თჳსი. და წარავლინა ერთი მონათაგანი, რაჲთა აუწყოს იოდასაფს შეპყრობაჲ ბალაჰვარისი.
ხოლო მას ვითარცა ესმა, სულთ-ითქუნა და იწყო მწუხარებად, და იტყოდა გულსა შინა თჳსსა: „ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა, რომელ მოწევნად არიან მის ზედა ბრძანებითა მამისა ჩემისჲათა, სულ-მოკლე იქმნეს და შეშინდეს, და იწყოს ჩემდა წინააღდგომად, რაჲთა დავემორჩილო ბრძანებასავე მამისა ჩემისასა“. ამისთჳს ტიროდა და იტყოდა: „უფალო, რად მიეც მონაჲ შენი ბალაჰვარ ჴელთა უსჯულოჲსა მეფისათა და რად არა დაჰფარე თუალთაგან მათთა? ხოლო მონაჲ იგი იყო ფარულად მოყუარე ქრისტესი, და ჰრქუა: „ძეო მეფისაო, ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ არა ბალაჰვარ არს, არამედ ნაქორ მსგავსი მისი“. და ამას ზედა განიხარა იოდასაფ და ადიდებდა ღმერთსა.
და ვითარცა წარვიდა მონაჲ იგი წინაშე მეფისა ძისა, ჰკითხა მეფემან: „შენ ხარა ბალაჰვარ, რომელმან შეაცთუნე ძე ჩემი?“ ხოლო მან ჰრქუა: „უკუეთუ იგი ვარ, არა მცირე არიან კეთილნი ჩემნი შენთანა“. ჰრქუა მეფემან: „და რომელთა კეთილრა მაყუედრებ?“ ხოლო მან ჰრქუა: „ამათ, რამეთუ გინდა განსწავლა“ ძისა შენისაჲ, ხოლო მე ვიღუაწე იგი სწავლითა ჭეშმარიტითა, ვიდრემდის მივაწიე იგი სულისა ცხორებასა და ვასწავე იგი, რომელი გუაუწყეს წმიდათა წინასწარმეტყუელთა და მოციქულთა, რომელ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, რამეთუ მტერ იყო და დავაგე ღმერთსა. ხოლო მან შეიწყნარა და განეყენა უღმრთოებასა თქუენსა“. ხოლო მეფემან ჰრქუა: «არა მნებავს მოკლვაჲ შენი, ვიდრე არა განგიკითხო სრულიად”. და აღსუა იგი საჴედარსა და წარვიდა პალატად თჳსად.
VIII. და განითქუა ჰამბავი, ვითარმედ შეიპყრა მეფემან ბალაჰვარ. და ხვალისაგან აღდგა მეფე და წარვიდა ძისა მისისა და ჰრქუა: „შვილო ჩემო, არავის ზედა მოიწია ესოდენი სიხარული, ვითარ ჩემ ზედა მოიწია შენთჳს. და შენ ყოველი იგი სიხარული მწუხარებად და ურვად გარდამიქციე და დააბნელე სინათლე თუალთა ჩემთაჲ, და მოაწიე იგი, რასაცა ვეკრძალებოდე შენთჳს. ხოლო მე ვიგონებდი, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა შენ იყო მკჳდრი მონაგებთა ჩემთაჲ და სამეფოჲსა ჩემისაჲ. ხოლო შენ დამიშალე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ შთაჰვარდი საბრჴესა მას, რომელსაცა მეშინოდა, რამეთუ განგაკრძალებდი შენ სავნებელთა სოფლისათა. ხოლო შენ სიუცბითა შენითა და სიყრმითა ყოველთა მათ ვნებათა შთაჰვარდი და წინა-აღუდეგ ნებასა ჩემსა, და დაუტევე სჯული ჩემი და შთაუსხენ წინამონი შენნი ჴელთა კაცთა ცრუთა და მაცთურთასა, რომელთა მიგიყვანეს მწუხარებად, რომელნი შთაგაგდებენ წარსაწყმედელსა“. მიუგო იოდასაფ მამასა თჳსსა: „მენება მე, მეფეო, რაჲთა არა გამოვაცხადო ღმრთის მსახურებაჲ ჩემი, ვიდრე განსლვადმდე ჩემდა ჴორცთაგან, რაჲთა არა გექმნე მომატყუებელ მწუხარებისა, რამეთუ ვიტყოდე გულსა თჳსსა: „უკუეთუ უწინარეს მამისა ჩემისა განვიდე ჴორცთაგან ღმრთის მსახურებასა შინა ჩემსა, კეთილ, და უკუეთუ მამაჲ ჩემი წარვიდეს პირველ ჩემსა, არავე წარვიდეს შეწუხებული წინააღდგომისათჳს მისისა. ხოლო, უკუეთუ ენებოს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩემისა განვიდე უდაბნოს, რაჲთა მუნ სათნო-ვეყო უფალსა. ხოლო აწ უბრალო ვარ წინაშე შენსა, რამეთუ შენ გამოაცხადე საქმე ჩემი“.
ხოლო მეფესა რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, აგინა მას, და იწყო გმობად ქრისტესა, ჭეშმარიტისა ღმრთისა. ჰრქუა იოდასაფ: „არა უწყი, მეფეო, თუ რომლისა საქმისათჳს შეწუხებულ ხარ: კეთილისათჳს, რომელ მოვიპოვე, ანუ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა. უკუეთუ მოპოვნებისათჳს კეთილისა მრისხავ, თანა-მაც სივლტოლაჲ შენგნით, რამეთუ არა გნებავს კეთილი ჩემი. ხოლო უკუეთუ მაბრალობ წინააღდგომასა შენსა და გნებავს წარწყმედაჲ ჩემი ამისთჳს, რამეთუ წინააღუდგები ნებასა შენსა, მეცა თანა-მაც, რაჲთა მწუხარე ვიყო შენთჳს დაკლებისათჳს კეთილთა მათ, რომელნი მომიგიან და შენ ვერ ეზიარები მათ, რომელნი-იგი ას-კეცად უზეშთაეს არიან ქუეყნიერთა ამათ, ვითარცა შენცა ხედავ მნათობთა ზეცათასა; ხოლო სიქადული შენი თუ საქმით აღასრულო, ნეტარ ვიყო მე, რამეთუ ადრე მივიდე კეთილთა მათ, რომელთა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულთა დაამტკიცეს”.
ჰრქუა რაქის: „ვინაჲ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი?“ ჰრქუა: „ამით გამო უწყი, რამეთუ იქმოდეს ნიშებსა და სასწაულებსა, რომელი სხუამან ვერავინ ქმნის. ხოლო იგინი სახელის დებითა ღმრთისაჲთა იქმოდეს, რაჲთა ჰრწმენეს ყოველსა სოფელსა“. და განაგრძო რაქის გამოძიებაჲ სიტყჳსაჲ იოდასაფისაგან წინაშე მამისა მისისა, ვიდრემდის იცნა რაქის ღმერთი და თქუა: „ყოველსა ჭეშმარიტსა იტყჳს და ჩუენ ცუდსა შრომასა აღვასრულებთ კერპთა მიმართ”. და აღიარა წინაშე ყოვლისა ერისა და თქუა ჴმითა მაღლითა, ვითარმედ: „არავინ არს ღმერთი ქუეყანასა ზედა, გარნა ღმერთი მხოლოჲ, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ“ და ყოველივე წესი სჯულისაჲ თჳთ აღიარა და იწყო ლოცვად და მარხვად.
ხოლო აბენეს მეფე მწუხარე იქმნა სიტყუათა მათ ზედა რაქისთა და თქუა: „სამართლად დავამჴუენ და განვასხენ ქუეყანისაგან ჩემისა მაცთურნი იგი და გრძნეულნი, ხოლო მე კეთილი მენება ძისა ამის ჩემისათჳს და მათ შეაცთუნეს იგი სიყრმითა და ცნობა-ნაკლულევანებითა. და აწ ესერა მის მიერ შესცთა ბრძენთ მთავარი ესე რაქის“.
მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: „რამეთუ ყრმად მხადი და მიწევნულ ვარ ჟამსა და არა მაქუს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ქრისტესა სიყრმისათჳს ჩემისა. და რომელ მაყუედრებ კეთილის-ყოფათა ჩემთათჳს და მაიძულებ დატევებად კეთილთა მათ საუკუნეთა წარმამავალთა ამათთჳს და გახრწნადთა, უწყოდე, რამეთუ არაჲ სწორებაჲ არს უხრწნელთა მათ თანა განხრწნილთაჲ. ხოლო შენნი ესე კეთილნი ანუ მიმიხუნე შენვე მცირედისა რაჲსამე რისხვისათჳს, ანუ ჟამთა ქცევამან მიგჳხუნეს შენცა და მეცა. ხოლო სიხარულისა მისთჳს საუკუნოჲსა ესრეთ იტყჳს უფალი: „და სიხარული იგი არავინ მიგიღოს შენგან“ საქმე ესე და ცხორებაჲ, რომელ შენ გამოირჩიე ჩემთჳს, ტრფიალ და შუენიერ არს, უკუეთუმცა არა ადრე წარმავალ იყო. ხოლო უკუეთუ გაქუს სიმტკიცე დადგ[რ]ომისა მისისაჲ, კეთილ და საწადელ არს, და უკუეთუ ვერ გულ-პყრობილ ხარ, რაჲსათჳს არა შემინდობ დატევებად მისსა, რაჲთა მოვიღო უსაწადელესი ცხორებაჲ და ვითარ გიკჳრს, მეფეო, სურვილი ჩემი კეთილთათჳს წარუვალთა და არა გიკჳრს შეკუედებაჲ თავისა შენისაჲ საშუებელთა ამათ წარმავალთა. აწ კეთილ არს აქა უბადრუკებაჲ ჩემი, რაჲთა მიზეზ მექმნეს ცხორებისა მის საუკუნოჲსა. და ვითარ არა მოვიწყინო სოფელი ესე, რამეთუ იგი მოიწყენს მოყუარეთა მისთა და ვითარ არა ვექცე, რამეთუ იგი ექცევის მრავალ-ფერად კაცთა, ანუ ვითარ დავსჯერდე კეთილთა მისთა, რამეთუ კეთილნი მისნი ბოროტ არიან, რამეთუ დღეს მისცემს და ხვალე მოუღებს. ხოლო შენ ვერ გულისჴმა-გიყოფიეს ესე და წინააღუდგები სჯულსა ღმრთისასა და არა ინებებ შეწყნარებად კეთილის ყოფათა მისთა, რამეთუ იგი მოწყალე არს და ჰნებავს მოქცევაჲ ყოველთაჲ, და ამისთჳს მოგაგო ნაცვალი, რომელ-იგი შენ მიაგე მონათა და მსახურთა მისთა“.
მაშინ ლმობიერ იქმნა მეფე და გულისჴმა-ყო, ვითარმედ შეგონებაჲ მისი უფროჲს აღაგზნებს გონებასა მისსა. და აღდგა და წარვიდა პალატად თჳსად. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა და შეიტკბო იგი მკერდსა თჳსსა და მოეხჳა ქედსა მისსა და ეტყოდა: „ნუ, შვილო ჩემო და ნაწლევო მუცლისა ჩემისაო, და ნუ ეჭუ, უკუეთუმცა მინდოდა ბოროტი შენი, და მერმე იცი სამართალი ჩემი და მსჯავრი, თუ ვითარ უსაჯი ქურივთა, ობოლთა, და გლახაკთა, და განვაბნევ საფასეთა ჩემთა მათ შორის, რამეთუ შენ უწყი, ვითარმედ მრავალ გზის მივემთხჳი რაჲ გლახაკთა, ობოლთა, ქურივთა და უღონოთა, და არა თანა წარვჰჴდი, ვიდრე-იგი არა აღვასრული სათხოვარი მათი. აწ რაჲ ძალ-გიც, შვილო ჩემო, ძაგებად სჯულისა ჩემისა და გმობად წესისა ჩემისა? და შენ ვითარ არა დაჯერებულ ხარ, რამეთუ იხილა ეშმაკმან შენ თანა სიჩქურე და სისუსტე და აღგამაღლა, ვითარცა მეცნიერებასა ღმრთისასა მიგაწია. და ამის გამო დაგირწყა საცთური ენითა მის მიერ ბირებულისა ბალაჰვარისითა. და ვითარ გაჰბჭე შენთჳს ჭეშმარიტებაჲ და ჩემთჳს სიცრუე. მეცა უწყი, შვილო ჩემო, ვითარმედ უმჯობესსა გული გითქუამს. და ესე უმეტესი მადლი არს მონიჭებული ღმრთისა მიერ შენდა და შენ მიერ ჩემდა, და რამეთუ ძირმან მამათა შენთამან მიგიზიდა“. და ამათ ყოველთა სიხარულით მოაჴსენებდა.
ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, განძლიერდა გული მისი და ჰრქუა: „ჵ მეფეო, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი ღმრთის მსახურნი იყვნეს, შენ რად დაუტევე სჯული მამათა შენთაჲ? აწ კეთილად მზრახე მე დღეს, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა, ხოლო აწ სალმობაჲ გონებისა შენისაჲ ბოროტ არს და ჯერ-არს, რაჲთა მოსწრაფებით ვიღუაწო კურნებაჲ მისი, და თანა-მაც ძიებად წამლისა და არა ჯერ-არს ჩემ მიერ სიმქისით მიახლებაჲ შენი, რამეთუ მამაჲ ხარ ჩემი და ფრიად ჯერ-არს პატივი მშობელთაჲ შვილთა მიერ, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყოდის, იგი არა ერთგულ არს შენი. აწ დააცხრვე შფოთი გულისაგან შენისა და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა შენსა სხუათა დაუტეობ, ვითარცა-ესე ხედავ, რამეთუ წარიტაცნის რაჲ სიკუდილმან კაცნი, სხუანი ეუფლებიან მონაგებთა მათთა, ხოლო შემდგომად ჟამთა ყოველნი აღდგომად ვართ და მიეგების კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. აწ ისმინე ჩემი და გულად დაიდევ უმჯობესი, რამეთუ არღარავინ არს სოფელსა ამას შინა, რაჲთამცა გასწავა უმჯობესი. ხოლო რომელნიმე დაშთომილ არიან უდაბნოთა შინა კაცნი ღმრთის მსახურნი, რომელთა ჰრწამს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მათ იციან მისაგებელი და სატანჯველი. და, უკუეთუ გნებავს, მოიყვანე მათგანიცა და შენისა სჯულისა მეცნიერნი და ვყოთ სიტყჳს-გებაჲ და მაშინ გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან”.
ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისანი, დადუმნა განცჳფრებული, და ვითარცა მოეგო გონებასა, იწყო წინააღდგომად ნებისა მისისა. ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და მოაჴსენებდა შუებათა და განსუენებათა, რომელთა შინა ჩუეულ იყო, და ეტყჳნ გული[ს]-სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებად დღე ერთცა თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ჯობნაჲცა სიმწარე არს და საყუედრელ. მაშინ ჰრქუა მას: „შვილო ჩემო, შემაცბუნა სიტყუამან შენმან და მომაქცია შენდა. და აწ არღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნენ, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა. და აწ მეგულების შეკრებაჲ ერისაჲ და სიტყჳს ყოფაჲ სამართლით და არღარა მძლავრობით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ქადაგი მშჳდობისაჲ, რაჲთა ყოველნი, რომელნი არიან სჯულისა შენისანი, მოვიდენ კრებასა ამას ჩუენსა, რაჲთა სამართალი სასჯელი აღესრულოს წინაშე ყოვლისა ერისა, რაჲთა არა სთქუა, თუ მო-რაჲმე-ვიმძლავრე, და სამართალსა ზედა გაწყდეს საქმე ჩუენი“.
მაშინ ბრძანა მეფემან შეკრებაჲ ერისაჲ. და გამოვიდეს კერპთ მსახურნი. ხოლო ნაქორ, რომელ საგონებელ იყო ბალაჰვარად, დადგა მეფისა ძისაკე. ხოლო კრებას ამას არავინ დაჰხუდა მორწმუნეთაგანი, გარნა ერთი ვინმე, რომელსა ეპყრა იდუმალ სჯული ქრისტესი, და სახელი მისი ბარაქია. და იგი განემზადა შეწევნად ბალაჰვარისა. და დაჯდა მეფე საყდართა ზედა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა ზედა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა. და იწყო მეფემან პირველად სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და თქუა: „აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის სჯულისანი. აწ დღეს იღუაწეთ მტკიცედ, და უკუეთუ სძლიოთ, კეთილ იყოს მისაგებელი თქუენი, და უკუეთუ იძლივნეთ, ესე უწყოდეთ, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი, და დავიყჳნო თმაჲ თავისა ჩემისაჲ და შევერთო რიცხუსა მონანულთასა, და დავწუნე ღმერთნი თქუენნი, და მოგწყჳდნე ყოველნი წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნნენ სახლნი თქუენნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი“.
ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა და უჩუენა ნაქორ: „აჰა მოძღუარი შენი და აწ ვყოთ ჩუენ წინაშე სიტყჳს-გებაჲ“. და ჰრქუა იოდასაფ: „მეფეო, სამართალი სასჯელი განაჩინე, ვითარცა ჯერ-არს მეფეთათჳს“. და ნაქორს ჰრქუა: „შენ უწყი, ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპო[ვ]ე და მაწჳე აღებად სჯული შენი, და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა. და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებით ცხორებაჲ შიშისა მისთჳს სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადებდი. და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ, და არავინ არს მოწამე ჩემი მათ შორის და გესმის სამართლის ყოფაჲ მეფისაჲ. ხოლო უკუეთუ საცთური რაჲმე დამიგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან. აწ უკუეთუ იძლევი ამათ მიერ, ესე მტკიცედ უწყოდი, მსწრაფლ შური ვიძიო ენისაგან შენისა და გულისა, და ჴელითა ჩემითა აღმოგწუადნე იგინი და მიუყარნე იგინი ძაღლთა. და ამას ამისთჳს ვჰყოფ, რამეთუ მოჰკიცხე ძე მეფისაჲ. აწ ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ამის კრებულისა“.
ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე, შეძრწუნდა და გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელ ქმნა, და ცნა, რამეთუ ვერაჲთა ღონის ძიებითა განერების, გარნა ქრისტეს აღსარებითა და შუელითა სჯულსა ბალაჰვარისსა. ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქმულებისა მისთჳს, რომელ დაედვა. და აღაღო ნაქორ პირი თჳსი და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და ქებად ქრისტესსა და მყოფთა სჯულისა მისისათა. და წარემატებოდა სიტყუაჲ მისი ესრე კეთილად, რომელ ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა სიტყჳსგებასა მას კერპთ მსახურთა მიმართ.
ხოლო იოდასაფ იხარებდა სულითა და განბრწყინდა პირი მისი და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან განაძლიერა სჯული მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა. და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის. და აღივსო მეფე გულის წყრომითა ნაქორისთჳს, წარმატებისათჳს სიტყუათა მისთაჲსა და ვერას ამხილებდა მას სირცხჳლისაგან ერისა. და თქუა მეფემან გულსა თჳსსა: „ესე ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს”. და თჳთ იწყო მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქორისა. ხოლო ნაქორ მიუგნა სიტყუანი ძლიერნი, რომლითა არცხუენდა მეფესაცა და არა შეშინდა ზარისაგან მეფისა შიშისათჳს იოდასაფისა. და დაღამდა და ვერვისკე გამოჩნდა ძლევაჲ, რამეთუ ნაქორ უკლებდა მეფესა სირცხჳლითა. ხოლო იოდასაფ ჰრქუა მეფესა: „აჰა, მეფეო, არ სადაჲთ გამოჩნდა ძლევაჲ. აწ ყავ სხუაჲცა სამართალი და მოძღუარი ჩემი დაუტევე ჩემ თანა და შენი შენ თანა”. ხოლო მეფესა ენება ნაქორის შეგონებაჲ იდუმალ, რაჲთა არა წინა-აღუდგებოდის სიტყჳს-გებასა მას, გარნა ნაქორ ეგრეცა დაუტევა სათნოჲსათჳს ძისა თჳსისა და ესვიდაცა ნაქორისგან მოკლებასა სიტყჳსგებისასა შეთქმულებისა მის მათისათჳს.
ხოლო ძემან მეფისამან იდუმალ ჰრქუა ნაქორს: „უწყი მე საქმე შენი, რამეთუ ნაქორ ხარ შენ, ხოლო გიხაროდენ, რამეთუ დღეს კეთილად იღუაწე ღმრთის მსახურებისათჳს; ხოლო მე ამისთჳს წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტის ყოფისაგან მეფისა, რამეთუ მას დღეს ფრიად არცხჳნე და ბოროტი ჰნებავს შენი. ხოლო ჩუენ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა პირითა უნებლიითა. ხოლო შენ უკუეთუ გულისჴმა-გიყოფიეს საქმე შენი, ზეცით იყოს შეწევნაჲ შენი, და თუ არა, ვითარ წინააღუდეგ სიმრავლესა ესოდენისა ერისასა! აწ მოვედ გულისჴმის-ყოფად და ჴმა-ეც წოდებასა ღმრთისასა და მო[ვ]ედ სარწმუნოებასა მისსა, აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა“. ჰრქუა მას ნაქორ: „შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელსა ესე მაწუევ, და მრწამს ერთი ღმერთი და მიცნობიეს, რამეთუ ყოველი მის მიერ არს. და აწ მე შეურდები ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და ელის მოქცევასა ცოდვილთასა. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ, უკუეთუ დაადგრე ნებასა მისსა. და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრემდის გზა-გცეს შენ ღმერთმან. ხოლო მე მრცხუენის პირისაგან მამისა შენისა. რამეთუ მოვეყვანე შემწედ მისდა, ხოლო მე წინა-აღუდეგ შეთქმულებისა თქუენისათჳს, რამეთუ ფრიად შემეშინა შენგან. და აწ თანა-მაც მე სივლტოლაჲ პირისაგან მამისა შენისა. ხოლო შენ განმიტევე და წარვიდე უდაბნოს და, უნდეს თუ უფალსა, კუალად მოვიდე შემდგომად ჟამთა თქუენ წინაშე. ხოლო მე მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და აღვიარებ მას“. და ნებ[ა]-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და წარვიდა ნაქორ სავსე სარწმუნოებითა.
ხოლო ცნა რაჲ მეფემან, სასო-წარკუეთილ იქმნა ნაქორისგანცა. და დააცადა ცილობაჲ ძისა თჳსისაჲ, და იწყო შეურაცხის-ყოფად საქმესა კერპთასა და უპატიოდ ყვნის წინაშე მდგომელნი კერპთანი.
IX. და შემდგომად მცირედისა მოიწია დღესასწაული კერპთაჲ. და შეშინდეს კერპთ მსახურნი იგი, ნუუკუე არა მივიდეს მეფე ზორვად კერპთა! მაშინ წარვიდეს თედმაჲსსა, რამეთუ იყო იგი კერპთ მსახური და იყოფვოდა უდაბნოს, და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა და ყოველსა ერსა, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ წჳმაჲ და მზე მისითა ლოცვითა მოეცემის ქუეყანასა მათსა. და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა შემწე ექმნეს მათ. და ვითარცა შევიდოდა წინაშე მეფისა, არაჲ ემოსა თჳნიერ ფლასისა ნაძუელი, რომელი შემოედვა წელთა მისთა.
და ვითარცა იხილა მეფემან შემავალი მისდა, აღდგა და მიეგება წინა და მოწლედ მოიკითხა. და ვითარცა დასხდეს, ჰრქუა: „მეფეო, ცხოვნდი კერპთა მიერ! რამეთუ მესმა, ვითარმედ ფრიად იღუაწე კერპთათჳს და მეცა განვიხარე, რამეთუ მოგეცა ძლევაჲ“. ხოლო მეფემან ჰრქუა: „ჩუენ ძლევაჲ არასადაჲთ მოვიღეთ, ხოლო შენ, რაჲცა ძალ-გიც შეგუეწიე“. ჰრქუა თედმა: „პირველად ჯერ-არს აღსრულებაჲ დღესასწაულისა კერპთაჲსა და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ, რამეთუ იგინი არიან შემწენი წყობასა შინა, მტერთასა“. და ჰრქუა მეფემან: „მსგავს არს საქმე ჩემი და შენი, რომელსა ესუა ცოლი ქმნულ-კეთილი და ეშინოდა, ნუუკუე უთმინო იქმნეს და შთავარდეს ცოლი იგი ჭაბუკისაჲ მის სიძვასა. ამისთჳს ამცნო და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: ,,უკუეთუ გწადდეს და ვერ წინააღუდგებოდი ჴორცთა შენთა, მოუტეობდი თმათა თავისა შენისათა; და ვიხილნე რაჲ იგინი, მე ვყო ნებაჲ შენი და შენ არა შთაჰვარდე ცოდვასა”. და დღესა ერთსა მოიწივნეს მტერნი და იყო ჴმაჲ. და ჭაბუკი იგი შეეკაზმა, რაჲთა განვიდეს ბრძოლად. ხოლო, იხილა რაჲ ცოლმან მისმან მოკაზმულად, ეტრფიალა, და მყის გარდამოუტევნა თმანი. და ვითარცა იხილა ჭაბუკმან მან სასწაული იგი, რომელი ემცნო, მოიქცა და აღასრულა ნებაჲ ცოლისა თჳსისაჲ. ხოლო, ვითარცა განვიდა, მდევართა მტერნი იგი ეოტნეს და მოქცეულ იყვნეს, და აყუედრებდეს ჭაბუკსა მას გჳანად განსლვისათჳს. ხოლო მან ჰრქუა: მე მტერი საკუთარი მეწყო და იგი განვდევნე და მან დამახრწია ადრე არა გამოსლვასა. აწ, თედმა, რომელი-იგი მე ფრიად მელმის, განმიკურნე, და მერმე, თუ ამით განმისუენო უშფოთველად, მაშინ აღვასრულოთ მსახურებაჲ კერპთაჲ“. ჰრქუა თედმა: „არარაჲ უსარგებლეს არს და განმკუეთელ, ვითარ აღსრულებაჲ დღესასწაულსა ღმერთთასა“. ჰრქუა მეფემან: „მე ესრეთ ვჰგონებ, ნუუკუე იგი არს უჭეშმარიტეს, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით. ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, მივედ და აღასრულე, ხოლო მე ვეგო იჭუსა ამას, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი“.
მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელ აქუნდა კელთა მისთა, და მოიძარცუა ძონძი იგი, რომელი ეხჳა წელთა მისთა. და შიშუველი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: „მე ადვილად დაუტეობ არგანსა ამას და ძონძსა და არა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა, რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს არს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ არარაჲ მაქუს სოფელსა ამას შინა, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები, და მხალი, რომლითა ვიზარდები”.
ხოლო მეფესა, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე, სასო-წარკუეთილ იქმნა და ცნა უძლურებაჲ სჯულისა მათისაჲ. და აზმნო აღსარებად ღმრთისა მხოლოჲსა. და ამას რაჲ იგონებდა, გამოჰჴდა სული მყრალი პირისაგან მისისა და მოეჴსენნეს გემონი ამის სოფლისანი და იძლია ჩუეულებისაგან. და ჰრქუა თედმას: „რომლითა ჯერითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?“ ხოლო მან ჰრქუა: „რამეთუ მასმიეს მეფისა ვისთჳსმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მკურნალთა: „უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთაჲ”. ხოლო მეფემან მან გამოუთხარა ქუაბი და დასუა ყრმაჲ იგი მას შინა. და შემდგომად ათისა წლისა, ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის. და ბრძანა მეფემან დადგინებად წინაშე ძისა მისისა, რომელი უხილავ იყო მისგან, რაჲთა რომელი იხილოს, იცოდის, თუ რაჲ არს. ხოლო ყრმაჲ იგი იკითხვიდა სახელსა თითოეულისასა. და იხილნა დედანიცა და აღეგზნა სიყუარულითა. და იკითხა: რაჲ არიან ისინი? ხოლო მათ ჰრქუეს: ეშმაკნი არიან, რომელნი წარსწყმედენ კაცთა. ხოლო ყრმამან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უშუენიერეს და უსაწადელეს იმათ ეშმაკთა. აწ, მეფეო, შენცა იძიენ დედანი, რაჲთა აზრზენდენ მას, და იქცეოდის რაჲ მათ თანა, დაჰვიწყდების საუკუნოჲ და შეესაკუთრების საწუთოსა.
ხოლო მეფესა ჰყუა ქალი ქმნულ-კეთილი, ასული მეფისაჲ, ტყუედ წამოღებული, და სხუანიცა ქალნი მემგოსნენი და მეჩანგენი. და მოუწოდა ყოველთა და ჰრქუა მათ: ,,ესე უწყოდეთ ჭეშმარიტად, რომელმანცა აღსძრათ ძე ჩემი გულის-თქუმად და მიიყვანოთ ნებასა ჴორცთასა, დიდნი ნიჭნი მიგანიჭნე და გყო ცოლად ძისა ჩემისა და დედოფლობაჲ მას მოგენიჭოს“. და ბრძანა, რაჲთა ყოველნი, რომელნი იყვნენ ყრმანი მსახურნი ძისა მისისანი, გარდაადგინნეს, და მათ წილ დაადგინნენ დედანი იგი ქმნულ კეთილნი. და ვითარცა ესე ყვეს, ისწრაფდა თითოეული ცთუნებად იოდასაფისა და წინა უროკვიდეს და სტჳრითა და ჩანგებითა ქებასა შესხმიდეს.
ხოლო იგი ოდეს აღიძრვის გულის-თქუმად, აღანთის სანთელი და მიუპყრის თითი და, ეცხელის რაჲ უკმოიტაცის, და თქჳს: „ჵ იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კუალად დაშრეტადსა, და მას საუკუნესა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა? აწ დასცხერ ბოროტისაგან და ცოდვისა“. და ესრე სახედ წინა-აღუდგებოდა გულის-სიტყუათა. ხოლო ასული იგი მეფისაჲ, ტყუედ მოღებული, ფრიად უყუარდა სიბრძნისა და გონიერებისა მისისათჳს და ასწავებდის სჯულსა ქრისტესსა. ხოლო მან ჰრქუა: „ძეო მეფისაო, გნებავს თუ ჩემი მოქცევაჲ სჯულსა შენსა, მოვედ წელიწადსა ერთსა ნებასა ჩემსა“. ხოლო მან ჰრქუა: „უკუეთუ არღარა მივიწიო და მეწიოს სიკუდილი, მაშინ რაჲღა იყოს ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი?“ ხოლო დედაკაცმან ჰრქუა: „ესე იყოს, რომელ მე ღმრთის მსახურ მყო, და ამისთჳს სასყიდელი გაქუნდეს“. ჰრქუა იოდასაფ: „ეგრეთ არს, გარნა ვერ მოვიგო მადლი მოთმინებისაჲ, რომელთა დაითმინეს და დაშრიტნეს საჴმილნი ჴორცთანი, და კუალად მეშინის, ნუუკუე მიმზიდოს ჩუეულებამან გულის-თქუმათამან სხუად საქმედ და მეუფლოს ვნებაჲ და შთამაგდოს წარსაწყმედელსა, და ვიპოო მტერ ღმრთისა ჩემისა და მეგობარ ეშმაკთა“. და ჰრქუა დედაკაცმან მან: „თანა-მეყავ მე თუესა ერთსა, გინა ღამესა ერთსა, და მე ვყო ყოველი ნებაჲ შენი, ხოლო შენ ესოდენმან მცირემან ვნებამან ვერარაჲ გავნოს, რამეთუ მე შეცთომილსა მომაქცევ”.
ხოლო იოდასაფ მიდრკა ნებასა ქალისასა მიზეზითა, რაჲთა აცხოვნოს იგი, და შეაშთობდეს გულის-სიტყუანიცა. და ვითარცა გულის-სიტყუასა ამას შინა იყო, მიეძინა, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ რაჲ, რაჲთა აუწყოს უმჯობესი. და იხილნა ძილსა შინა საშუებელნი მრავალ-ფერნი სამოთხისანი და ტაძარნი ოქრო-ლესულნი, რომელ არა იყო მსგავსი მათი სოფელსა ამას შინა. და ეტყოდეს ანგელოზნი იგი, რომელნი თანა-ჰყვებოდეს: „ესე არს განსასუენებელი წმიდათაჲ. და კუალად წარიყვანეს ჯოჯოხეთს. და იხილნა საშინელნი სატანჯველნი მას შინა, და ჰრქუეს: „ესე არს მისაგებელი ცოდვილთაჲ“. და ვითარცა განიღჳძა, განიცდიდა გონებითა შუენიერებასა მას სამოთხისასა, და კუალად სიმწარესა ჯოჯოხეთისასა. და დაუკჳრდა დიდებულებაჲ ღმრთისაჲ და ადიდებდა მოწყალებათა მისთა, რომელმან არა მისცა შთაგდებად მთხრებლსა ცოდვისასა. და განასხნა ყოველნი იგი დედანი პალატით თჳსით.
ხოლო, ცნა რაჲ ესე მამამან მისმან, მივიდა მისა და ჰკითხვიდა, თუ რაჲ იხილა. ხოლო მან უთხრა ყოველი, რომელი ეხილა. და ცრემლით ევედრებოდა. რაჲთა განუტეოს უდაბნოს. ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, აღივსო გული მისი მწუხარებითა და ურვითა და თქუა: „არღარა მოწევნად არს უდიდესი ბოროტი ჩემ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა დიდი ვინმე, - მეფე გინა მტერი, - მიმიღებდა ძესა ჩემსა, არამცა თავს-ვიდევ მიშუებად თჳნიერ სიკუდილისა. და აწ მეშინის, ნუუკუე განველურდეს ყრმაჲ ესე და იწყოს მიმოსლვად მძოვართა თანა, და ნუუკუე მოკლას ვინმე მტერთა ჩემთაგანმან შუენიერი ესე ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ. და ამას თანა მოსაცხრომელ მტერთა ვიქმნე. და ვინმე იყოს კაცი, ნუგეშინის-მცეს მე საქმისა ამისთჳს, რომლითა შეწუხებულ ვარ და მელმის ფრიად“.
მაშინ ჰრქუეს წარჩინებულთა მისთა: „არა ჯერ-არს, მეფეო, ესევითარისა ნაყოფისა განშორებაჲ სამეფოჲსაგან შენისა, და უკუეთუ მისცე ზოგადი სამეფოჲსა შენისაჲ, გუეშინის, ნუუკუე იქმნეს განხეთქილებაჲ სამეფოჲსა შენისაჲ“. და განაგრძვეს სიტყუაჲ ამის ჯერისათჳს. და გამოარჩიეს ესე მეფემან და ყოველთა ერისთავთა, რაჲთა მისცეს ნახევარი სამეფოჲსა მისისაჲ იოდასაფს; და ჰრქუეს მეფესა: „უკუეთუ ჴელი შეყოს საქმეთა სოფლისათა, მიიზიდოს გულის-თქუმადცა“.
ხოლო იოდასაფ ინება მეფობაჲ ღონისძიებით, რაჲთა შეუძლოს განცხოველებად სჯულისა, რომელი მოეკუდინა მამასა მისსა. და ჰრქუა მეფემან იოდასაფს: „შვილო ჩემო, არა ესე იყო სასოებაჲ ჩემი შენდა მიმართ, ხოლო შენ დაჰჴსენ იგი და განაცხადე წინააღდგომაჲ ჩემი, ხოლო მე მომდრეკს შენდა საშუებელი შვილიერებისაჲ, და შენ არა გელმის ჩემთჳს, ვითარცა მე შენთჳს, და ვიცი, რამეთუ ნებსით შევამთხჳე აუგი თავსა ჩემსა, აჰა ესერა აღვასრულებ ნებასა შენსა, რამეთუ სიყუარული შვილობისაჲ მეფობს გულთა ზედა მშობელთასა, რამეთუ ემორჩილებიან ნებასა შვილთასა. და აწ ესერა დაგადგინებ მეფედ ნახევარსა ზედა სამეფოჲსა ჩემისასა, და თჳთ განაგებდ, ვითარცა გნებავს, რაჲთა არა იყოს ჩემ შორის სიხარული მტერთა ჩემთაჲ, და არცა მე სრულიად უნაყოფო ვიყო შენგან და მომატყუას სიკუდილი მოწყუედამან შენმან პირველ მოწევნადმდე სიკუდილისა ჩემ ზედა. ხოლო უკუეთუ დაიშუენო სამეფოჲ შენი, არა სრულიად ჴუებულ იქმნეს სული ჩემი შენგან, და მშჳდობაჲ იყავნ შენ თანა“. ჰრქუა იოდასაფ: „სიტყუანი შენნი გულისჴმა-ვყვნე, მეფეო, ხოლო ღმერთმან დაამტკიცენ სულითა მშჳდობისაჲთა და მიგიძღუანო უმჯობესსა, ხოლო მე არასადა გული მითქუამს დიდებასა სოფლისასა, და უმჯობეს მიჩს, უკუეთუ განმიტეო, და უკუეთუ შენ მწუხარე იქმნები განშორებისათჳს ჩემისა, შენგნით არავე ურჩ გექმნა ბრძანებასა შენსა, რომლითა არა წარწყმდეს სული ჩემი. ხოლო მე ამისთჳსცა მწუხარე ვარ, რომელ წინა-აღუდეგ ბრძანებასა შენსა, და არა თუ ურჩებაჲ შენი მენება, გარნა ვხედევდი წარსაწყმედელსა სულისა ჩემისასა. აწ მივითუალავ ბრძანებასა შენსა, არა თუ სიყუარულისათჳს მეფობისა, არამედ მორჩილებისათჳს შენისა მივიღებ ბრძანებასა შენსა“.
ხოლო მეფესა ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, განიხარა ფრიად, და ბრძანა ქადაგი განვლინებად, და მოუწოდა ყოველთა ერისთავთა თჳსთა. და ვითარცა შემოკრბეს, ბრძანა დადგმად საყდარი ძისა მისისათჳსცა. და იწყო სიტყუად ერისა მიმართ და ჰრქუა: „ჩუენ ყოველნი ვიყვნეთ წესსა ზედა ჩუენსა და სჯულსა, ხოლო რომელსა ზედა ვდგათ და გამოგჳრჩევიეს. ხოლო ძესა ამას ჩემსა სწადის, რაჲთა იყოს წესსა მას ზედა და სჯულსა მამათა ჩუენთასა, და ნუთუ-მე გუარმანცა მიზიდა!? და ყოველთა იცით საქმე ყრმისაჲ ამის, ვითარ წინა-აღუდგა ბრძანებასა ჩემსა და ვერცაღა მაქუს პასუხი მის თანა, რამეთუ ჩუენცა წინააღმდგომ ვართ სჯულსა მამათა ჩუენთასა, და აწ მიბრძანებიეს, რაჲთა მივსცე ნახევარი მეფობისა ჩემისაჲ: ქუეყანაჲ და საგანძურნი, და უფლებდეს, რომელსაცა სჯულსა ზედა ენებოს“.
ხოლო ყოველთა აქეს გამორჩევაჲ მეფისაჲ და მისცეს მორჩილებაჲ ბრძანებასა მისსა და ადიდეს განზრახვაჲ მისი. და განიყარა კრებაჲ.
X. და იოდასაფ წარვიდა პალატად თჳსად შესხმითა და ქებითა და პატივითა დიდითა. ხოლო იყვნეს ვინმე ქრისტეანეთაგანნი, რომელნი იდუმალ ჰფარვიდეს სარწმუნოებასა, და ყოველნი მოვიდეს და თაყუანის-სცემდეს და ულოცვიდეს ძლევასა. და აუწყეს სარწმუნოებაჲ და განემზადნეს განსლვად მის თანა სამეფოსა მისსა. და ვითარცა წარვიდოდა იოდასაფ სამეფოსა თჳსსა, მივიდა წინაშე მამისა თჳსისა დატეობად მშჳდობისა, და რაჲთა განუტევნეს ყოველნი, რომელნი შეეწყუდივნეს საპყრობილესა. ხოლო იგი მორჩილ ექმნა, და ბრძანა განტევებაჲ ყოველთა პყრობილთაჲ. ხოლო მეფემან მოიღო გჳრგჳნი სამეფოჲ და დაადგა თავსა მისსა და მისცნა საფასენი დიდძალნი და მიულოცა ძლევასა. და წარავლინა სამეფოდ მისდა, რომელი განეჩინა, და ვითარცა მოიწია, მრავალნი საფასენი განუყვნა გლახაკთა და უღონოთა. და მერმე იწყო სიტყუად ერისა მიმართ და ჰრქუა: „არავის უჴმს სიმართლით სლვაჲ, ვითარ მეფესა, რამეთუ ჯერ-არს სიმშჳდით და მოწყალებით მწყსაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ. ხოლო, თუ ენებოს ღმერთსა, მეცა ვიპყრა სამეფოჲ ესე მსჯავრითა სიმართლისაჲთა“. ხოლო ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ, რომელი მოსცა მამამან მისმან სამსახურებელად, ბრძანა განსყიდაჲ მათ ყოველთაჲ უცხოთა ქუეყანათა და განყოფაჲ გლახაკთა ზედა ქუეყანისა მისისათა. და უბრძანა ერისთავთა მისთა, რაჲთა უსჯიდენ ქურივთა და ობოლთა, და ყონ სამართალი ყოველთა მიმართ, ხოლო აღჰმართნა და აღაშენნა ეკლესიანი მოოჴრებულნი და დაადგინნა მათ შინა მღუდელნი და დიაკონნი და უჩინნა მათ წინამძღურად ებისკოპოზნი. და ღონიერ იქმნნეს ყოველნი გლახაკნი და არღარავინ იპოვებოდა ქუეყანასა შინა მისსა გლახაკი, რომელმანცა ითხოვა ქველის საქმარი. და მოვიდოდიან კერპთ მსახურნი და ნათელს იღებდიან. და განმრავლდა კეთილი და ქრისტეანობაჲ ქუეყანასა შინა იოდასაფ მეფისასა. და ყოველნი ერთბამად ადიდებდეს ღმერთსა, მომცემელსა ყოველთა კეთილთასა, და იხარებდეს ყოველნი.
XI. ხოლო ვითარცა იხილა მამამან მისმან მოკლებაჲ სამეფოჲსა თჳსისაჲ და განმდიდრებაჲ სამეფოჲსა ძისა მისისაჲ, შეუძნდა ფრიად, და იყო ურვასა შინა დიდსა. ხოლო განისმა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა, და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე მორწმუნეთაჲ. და ბრძანა ყოველთა მოწესეთა და მღდელთაჲ, რაჲთა არავის ჰქონდეს მათ ზედა უფლებაჲ თჳნიერ ღმრთისა, და დაიმჭირნა ყოველნი პატიჳსა ზედა დიდსა ფრიად, და ყოველნი ეკლესიანი იპყრნა პატივსა ზედა ღმრთისასა.
ხოლო ჟამსა შინა ერთსა წარავლინნა აბენეს მეფემან წინაშე ძისა მისისა კაცნი კერპთ-მსახურნი, რაჲთა ცნან საქმე და ქცევაჲ ძისა მისისაჲ. და ვითარცა მიიწი[ვ]ნეს პალატად, მიეგება წინა, ვითარცა ძმათა საყუარელთა, და დიდითა პატივითა მოიკითხნა იგინი მოწლედ, და ისტუმრნა და ნიჭნი დიდნი წინა-უყვნა და აწუევდა ღმრთის მსახურებად. ხოლო მათ ჰრქუეს: „ძეო მეფისაო, ვითარ იყოს ბჭობაჲ შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა, და რამეთუ სისხლნი მრავალნი დავსთხიენით?“. ჰრქუა იოდასაფ: „ვითარცა განაგდოთ სჯული თქუენი, მის თანავე განაგდოთ იჭჳ, რომელი გაქუს მაგის ჯერისათჳს. და ვითარცა შეხჳდეთ სჯულსა ღმრთისასა, შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულას საუკუნესა, რამეთუ ღმერთი ჩუენი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა არს შურის-გებაჲ მის თანა, რამეთუ ტკბილ და მოწყალე და კაცთ მოყუარე არს და არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილთაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული“.
და მიიქცნეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს. ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ სჯულსა იოდასაფისსა და შეიწყნარონ წესი მისი. და მიწერეს წიგნი ამის პირისათჳს. და ვითარცა მიიწია მოციქული და წარიკითხა წიგნი იგი, განიხარა ფრიად და დიდითა პატივითა შეიწყნარნა მოციქულნი. და წარგზავნასა მათსა მისცნა ნიჭნი დიდნი. და მიუწერა მამასა თჳსსა ესრეთ: „დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ მოგიკითხავ! პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რომელმან არა ჴუებულ მყო მე საწადელსა ჩემსა და ღირს მყო ხილვად ჭეშმარიტისა მეფობისა შენისა, რამეთუ აწღა იქმენ მეფე, ხოლო პირველ ამისსა მონაჲ იყავ ეშმაკთა, ჵ მამაო საყუარელო! აწ დიდ არიან მადლნი და ნიჭნი შენნი ჩემ ზედა და გარდარეულ კეთილის ყოფანი, არამედ უფროჲს და უდიდეს აწ ახარე სულსა ჩემსა, რამეთუ ყოველი, რომელი-იგი მომეც, არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა. რამეთუ იწუებოდა გული ჩემი წარწყმედისათჳს სულისა შენისა. ხოლო აწ აღსარებითა შენითა ღმრთისა მიმართ განათლდა სული და გონებაჲ ჩემი, რამეთუ ვიქმენ ძე მეფისა მორწმუნისა და კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, რომელმან განანათლნა თუალნი გულისა შენისანი! აწ გევედრები, რაჲთა დაარღჳნე ტაძარნი კერპთანი და დასწუნე და დაჰლეწნე ყოველნი კერპნი და დაწუვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა კაცთა ღმრთის მსახურთაჲთა განარისხე ღმერთი. და რაჟამს ესე ჰყო, მაშინ დაჰჴსნე კედელი იგი და ზღუდე მტერობისაჲ და ჭეშმარიტი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა უკუნისამდე“.
და ვითარცა მიიწია წიგნი იგი, აღდგა მეფე და ყოველი ერი მის თანა და დაარღჳვნეს ყოველნი საკერპონი და დაწუნეს ცეცხლითა. და წარვიდა მეფე და ყოველნი ერისთავნი მის თანა სამეფოდ ძისა მისისა. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა მისლვაჲ მათი, მიეგება წინა სიხარულითა დიდითა და დავარდა წინაშე მამისა თჳსისა და მოიკითხნეს ურთიერთას და წარვიდეს პალატად და ყვეს სერობაჲ დიდი. ხოლო იოდასაფ მიუძღუანნა ნიჭნი დიდნი მეფესა და ერისთავთა მისთა და ყოველსა ერსა. ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა იოდასაფ მღდელთა და მღდელთ მოძღუართა, რაჲთა ნათელ-სცენ მეფესა აბენესს და ყოველთა ერთა და ერისთავთა. და წარსლვასა მათსა სამეფოდ მათდა, წარიტანნა თანა ებისკოპოზნი და მღდელნი და დიაკონნი. ხოლო აბენეს მეფემან უბრძანა ყოველსა სამეფოსა მისსა აღშენებაჲ ეკლესიათაჲ და ყოველმან ერმან ნათელ-იღო. და იყო დიდი დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ სამეფოსა მათსა. და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ.
XII. ხოლო შემდგომად მცირედთა ჟამთა დასნეულდა აბენეს მეფე და მოუწოდა ძესა თჳსსა და მიუთუალა ყოველი სამეფოჲ ჴელთა მისთა. და ჰლოცვიდა და მადლობასა აღუარებდა, რომელ ღირს-ყო ნათელსა ქრისტეს ღმრთისასა და ეტყოდა: „შვილო საყუარელო და სასურველო, მე ესერა განსლვად ვარ ამიერ სოფლით და ფრიად მელმის და მწუხარე ვარ“. ხოლო იოდასაფ ჰრქუა: „ნუ მწუხარე ხარ მამაო საყუარელო, ვინაჲთგან იცან ღმერთი და აღიბეჭდე ნათლის ღებითა მისმიერითა. და აწ სიხარული ჯერ-არს, რამეთუ წარხვალ წინაშე ღმრთისა განსასუენებელთა საუკუნეთა“. მიუგო აბენეს: „ნუ მაბრალობ, შვილო, შეწუხებასა, რამეთუ ბუნებით თანა-აც ყოველსა სულსა მწუხარებაჲ განშორებისათჳს ჴორცთაჲსა და დატევებისათჳს ჰაერისა და ნათლისა და წარსლვისათჳს უცხოებად, სადა-იგი არა ვიცით, თუ ვითარსა იწროებასა მივალთ. და ამისთჳსცა მეშინის, რამეთუ ფრიად განვარისხე ღმერთი, დამბადებელი ჩემი, რამეთუ მრავალნი წმიდათაგანნი მოვსრენ, რომელნი აწ შურსა იგებენ ჩემ ზედა. და რამეთუ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვჰგმობდი ღმერთსა და ვაქებდი და ვადიდებდი კერპთა. და არარაჲ მაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, და რამეთუ შემოკლდა ჟამიცა სინანულისა ჩემისაჲ“. მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: „ნუ [ჰ]ზრუნავ, მეფეო, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მიხუალ მეუფისა სახიერისა და მრავალ მოწყალისა, რომელმან მეათერთმეტისა ჟამისათაცა სწორად მისცა სასყიდელი პირველისა თანა, რამეთუ არა არს ნაკოულევანებაჲ მოწყალებათა ღმრთისათა და არცა კაცთაებრ სჯის თავადი იგი, რამეთუ მოწყალებანი მისნი დასძლევენ სოფელსა ამას, სავსესა ამას ცოდვითა. და მერმე არა სწორ არს ნათელი ესე ამის სოფლისაჲ და ჰაერნი ნათელსა მას და ჰაერსა დიდებისა მისისასა, რომელსა ღირს იქმნებიან მორწმუნენი, და რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სამოსელი უხრწნელი შემოსად, ვიდრე არა შევარდეს ხრწნილებასა ჴორცთასა, და უწყოდე, რამეთუ მცირედი სინანული დასძლევს მრავალთა ცოდვათა, რამეთუ განჰზავებს ღმერთი მოწყალებათა მისთა“.
მაშინ გულს-მოდგინე იქმნა მეფე, და ნუგეშინის-ეცა სიტყუათა მათ ზედა და ელხინა სულსა მისსა ურვისა მისგან, და ჰრქუა: „მიგაგენ ღმერთმან, შვილო, უმეტესი მისაგებელი კეთილთა მისთაჲ უმეტეს სასოებისა შენისა, რამეთუ წარწყმედულ ვიყავ და მომიპოვე, და ტყუე ვიყავ და მიჴსენ, და რამეთუ მტერი ვიყავ და დამაგე ღმერთსა. აწ გამცნებ, რაჲთა კეთილად ხჳდოდი წინაშე ღმრთისა და სათნოდ მისდა აღასრულნე დღენი შენნი. და ნუმცა დაგახრწევს დიდებაჲ მეფობისაჲ სიყუარულისაგან ღმრთისა, რამეთუ ყოველი ესე აჩრდილ და წარმავალ არს. აწ სადა არს საშინელი იგი ზარი მეფობისა ჩემისაჲ და სიმრავლე ერისაჲ და სიმჴნე ახოვანთა მათ მჴედართა ჩემთაჲ, ანუ აურაცხელნი იგი საფასენი ჩემნი, რომელ შევიკრიბენ, რაჲთამცა მოვიდეს და მიჴსნეს წარმყვანებელთა ჩემთაგან. აწ შვილო ჩემო, მეცა გამცნებ, ვითარცა-იგი შენ მე მამცნებდი, და გამხილებ, ვითარცა შენ მე მამხილებდი, რაჲთა შე ურაცხ-[ჰ]ყო სოფელი და ყოველი, რაჲ არს სოფელსა შინა, და ღმერთი ოდენ მოიპო[ვ]ე და ლოცვათა შენთა შინა ჴსენებულ მყავ, შვილო ჩემო!“ და ვითარცა ამას იტყოდა, იხილნა ანგელოზნი ნათლითა შემოსილნი, და დაიწერა ჯუარი და განუტევა სული.
ხოლო იოდასაფ, ძემან მეფისამან, დაჰფლა გუამი მისი, ვითარცა კაცთა ლიტონთაჲ. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, და აღიხილნა თუალნი და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, მეუფეო დიდებისაო, რომელმან მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი და არა წარსწყმიდე სატანჯველთა შინა ჯოჯოხეთისათა და ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა. შეივედრე, უფალო, და შეიტკბე ესეცა, ვითარცა უძღები იგი შვილი, და დააწესე სული ამისი მართალთა და წმიდათა თანა, და ნუ მოიჴსენებ ბრალთა მათ, რომელნი შეამთხჳვნა მონათა შენთა, რამეთუ მოწყალე ხარ და ყოველივე ძალ-გიც“. და ორმეოც დღე დგა საფლავსა მას ზედა და ესევითარსა ვედრებასა შესწირვიდა ცრემლით, ღმრთისა მიმართ.
XIII. ხოლო შემდგომად ამისა მოუწოდა ყოველთა მღუდელთ-მოძღუართა, მღუდელთა და დიაკონთა და ფრიადნი საფასენი მისცნა და ამცნო მსხუერპლისა შეწირვაჲ და ლოცვაჲ აბენეს მეფისათჳს, და ეგრეთვე განუყუნა გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა. და დაჯდა საყდართა ზედა თჳსთა, და უბრძანა დიდებულთაცა მისთა დასხდომაჲ და ჰრქუა: „აჰა ესერა შეისუენა აბენეს მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან, და ვერვის ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისდა ჴელთაგან სიკუდილისათა. და დღე ესე ჩუენ ყოველთაცა ზედა მოწევნად არს და თქუენ უწყით, თუ რაჲ იყო წადიერებაჲ ჩემი, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა. და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისა მისთჳს ჩემისა, რაჲთა შევეყო რიცხუსა მონაზონთასა, და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა ღმრთისასა. და აჰა ესერა ძალითა ქრისტესითა არავინ არს მტერი და წინააღმდგომი და მშჳდობით დაწყნარებით არს მეფობაჲ ჩუენი“.
ხოლო მათ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, აღდგეს და ყოველთა ერთითა ჴმითა თქუეს: „ნუ იყოფინ, მეფეო, და არა იქმნეს ეგე, ვიდრე არა ყოველნი მოვსწყდეთ“. და ამას ზედა განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი, ვიდრემდის შფოთიცა აღდგებოდა. ხოლო იოდასაფ, ვითარცა იხილა, რამეთუ არა ნებას-სცემენ, იზრახა განსლვაჲ ფარულად. და მოუწოდა ბარაქიას, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რომელი-იგი თანაშემწედ იყო ნაქორისსა მას დღესა, ოდეს-იგი სიტყუა-უგებდა და იყო იგი ნათესავი იოდასაფისი და ჰრქუა: „ნათესავი დღესა ჭირისასა უნა კაცსა. და აწ მიიღე ჴელით წერილი ერისა მიმართ და მთავართა ჩემთა მეფობისათჳს შენისა, და მე განვიდე ძმათა თანა და მათ თანა ვჰმონებდე ქრისტესა“. მიუგო ბარაქია: „არა სამართლად საჯე, მეფე, რამეთუ წერილ არს: „შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი”. ხოლო შენ აღირჩევ უმჯობესსა და ჩემი გნებავს წარწყმედაჲ, ხოლო თუ უმჯობეს არს დატევებაჲ საწუთოჲსაჲ და ძიებაჲ საუკუნოჲსაჲ, გუალე და წარვიდეთ ორნივე“. ხოლო ბარაქიაჲსგან რაჲ ესმნეს სიტყუანი ესე, ემხილა სამართალი და არღარაჲ მიუგო.
ხოლო ღამესა ერთსა დაწერა წიგნი ესრეთ, ჴელით წერილი, ერისთავთა მიმართ და ერისა, ვითარმედ: ბარაქიაჲსი ჯერ-არს მეფობაჲ. და დაუტევა საგებელსა ზედა თჳსსა. და აღდგა და მოიბლარდნა წელთა ძონძი იგი, რომელ მიეღო ბალაჰვარისგან, და წარვიდა. ხოლო აგრძნა ბარაქია და აუწყა სხუათა მთავართა. ხოლო მათ მსწრაფლ დევნა-უყვეს და შეიპყრეს და მოიყვანეს და ჰრქუეს: „უკუეთუ დაუტეო ესოდენი სიმრავლე უწინამძღუროდ, და ანუ აღდგენ ბრძოლანი და შფოთნი, ანუ კუალად მიიქცენ კერპთა მიმართ, არა შენგან იზღვიოსა ესოდენი სული, რომელ არს სამეფოსა ამას შინა შენსა?! ხოლო მან ჰრქუა: „პირი იგი უტყუ[ვ]არი ამას ბრძანებს: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღჳოს. აწ უწყოდეთ, მე უეჭუელად წარვალ სათნოთა თანა ღმრთისათა, ხოლო თქუენ იძიეთ თავისა თქუენისა მეფე“.
მაშინ ბარაქიას ჴელნი დაასხნეს, რაჲთა ყონ იგი მეფედ. ხოლო მან იწყო ტირილად და არა უნდა ესე ყოფად, არამედ ვერღარა შემძლებელ იყო წინააღდგომად ერისა და უფროჲსღა იოდასაფისა. ხოლო იოდასაფ მოიღო ბეჭედი და შეაცუა ჴელსა ბარაქიაჲსსა და გჳრგჳნი თავსა დაადგა და მიულოცა მეფობაჲ. და აღიპყრნა ჴელნი და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მიჴსენ უღირსი მონაჲ შენი, და მომიყვანე გულისჴმის-ყოფად ცნობასა შენსა, და არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი მოქცევისათჳს მამისა ჩემისა. აწ აჩუენე კაცთ მოყუარებაჲ შენი და შეეწიე ბარაქიას, ძმასა ამას ჩემსა, რაჲთა ღირსად და სათნოდ შენდა ვიდოდის წინაშე შენსა და ყოველსა ერსა“. და ვითარცა ესევითარ ვედრებაჲ განამრავლა ღმრთისა მიმართ, და მერმე აღიხუნა ჴელნი თჳსნი, ბეჭთაგან ბარაქიაჲსთა. და მერმე მოექცა და ჰრქუა ბარაქიას: „გამცნებ შენ და აღთქუმასა მიგცემ წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა, ნუმცა ბრალეულ ვარ საქმითა შენითა, და რამეთუ უწინარეს ჩემსა იცან ღმერთი და ჰმონებდი მას სულითა უსიტყუელითა, აწ უფროჲს ჩემსა იღუაწე და აჩუენე ღმერთსა სათნოებაჲ შენი, ნუ ვისთჳს ძჳრსა იჴსენებ, ნუცა წარიტყუენვი გონებითა სილაღითა საყდრისა შენისაჲთა, ნუვის ესავ შემწედ შენდა თჳნიერ ღმრთისა. ნუ მიიღებ ძღუენსა უსამართლოსა, ნუცა განიხარებ ჭირსა მტერისასა. ნუ განცოფნების გონებაჲ შენი მრისხანებისათჳს. ნუ ვის მიჰხედავ თუალითა მრისხანითა, ნუვის მიაგებ ბოროტსა თავისა შენისათჳს, გარნა ღმრთისათჳს. ნუ ცარიელსა მიაქცევ გლახაკსა. ამას გამცნებ და, უკუეთუ თანა-წარჰჴდე, ღმერთი იყავნ მიმჴდელი შენი. და რამეთუ იგი არს დასაბამი და დასასრული ყოვლისა საქმისაჲ. და იყავნ ყოველთა კაცთათჳს ეგრეთ, ვითარცა შენ გნებავს ყოფაჲ მათი შენთჳს, რამეთუ იგი არს მეგობარი კეთილი, რომელი არა ჭიქამან მოიგოს, არამედ გამოცდილებამან. ხოლო სიყუარულსა არა აქუს საზღვარი, რამეთუ თუალსა უჴმს თუალი, ხოლო იგი ყოველსა ჰხედავს და თავსა თჳსსა ვერ ჰხედავს, ხოლო უკუეთუ სული უკეთური მოიწიოს შენ ზედა და გაწუევდეს ბოროტსა, შენ არქუ, ვითარმედ: ესე ყოველთა უცნია. ხოლო იგი სირცხჳლეული უკუნ იქცეს. ხოლო, უკუეთუ სცთე, მიუწოდე კაცსა მეცნიერსა და მან განკურნოს ცთომილებაჲ შენი“.
XIV. და ვითარცა დაასრულა სიტყუაჲ სწავლისაჲ, აღდგა და კუალად მოიბლარდნა სამოსელი იგი მიცემული ბალაჰვარისგან და მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს. ხოლო ყოველთა რომელთა ესმა ჰამბავი მისი, განკჳრდეს საქმესა მას ზედა იოდასაფისსა, და ყოველნი ცრემლით ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ღმერთმან ამითცა გამოცადა გონებაჲ მისი, რამეთუ შემდგომად ორისაღა წლისა უჩუენა ერთსა მათთაგანსა ზედა მოძღუარი მისი ბალაჰვარ. და ვითარცა იხილა, მოეხჳვნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდეს, და ჰამბორს-უყვეს. და ვითარცა დასხდეს, ყოველივე ყოფილი წარმოუთხრა იოდასაფ. ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან ნაყოფიერ-ყო თესლი იგი მისი, რომელ დაეთესა აგარაკსა კეთილსა. ხოლო ბალაჰვარ აუწყა ჴორცთაგან განსლვაჲ თჳსი. ხოლო იოდასაფ კუალად იწყო ტირილად და ეტყოდა: „ნუ დამიტეობ, მამაო სულიერო, შვილსა ამას შეცთომილსა“. ხოლო იგი ეტყოდა: „ნუ შესძრწუნდები, შვილო ჩემო, რამეთუ ვევედრები უფალსა, რაჲთა ადრე მოგიყვანოს ადგილსა მას განსასუენებელსა, რომელ შენ იხილე“. და ამას სიტყუასავე თანა განბრწყინდა პირი ბალაჰვარისი და შეისუენა.
ხოლო იოდასაფ გუამი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა ბალაჰვარისი დადვა ჴურელსა მას შინა, რომელსა იყოფებოდა. და შევარდა დიდსა მწუხარებასა შინა და მიეძინა, რაჲ იხილნა ძილსა შინა კაცნი ვინმე ნათლისანი. და აქუნდა მათ გჳრგჳნები შემკული ანთრაკითა და თუალითა და ეტყოდეს: „ესე გჳრგჳნი მათთჳს არს, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა“. და სხუანი აქუნდეს ბრწყინვალენი ორნი და ჰრქუეს მას: «ესე ერთი შენი არს ღუაწლთა მათთჳს, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისაჲ არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა“. მიუგო იოდასაფ: „და რაჲ სწორებაჲ არს, რომელმან მცირედ შეინანოს, მოღუაწისა თანა?“ მაშინ გამოუჩნდა ბალაჰვარ და ჰრქუა: „მოიჴსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყუსისა. და აწ გშურს მამისათჳსცა შენისა“. და განიღჳძა იოდასაფ და განმტკიცებულ იქმნა სულითა.
XV. ხოლო შემდგომად მცირედთა ჟამთა შეისუენა იოდასაფცა. და იყო მახლობელად მათსა კაცი ერთი მძოვართაგანი, მივიდა და დადვა გუამი იგი ბალაჰვარის გუამსა თანა; და წარვიდა წინაშე ბარაქია მეფისა და უთხრა საქმე იგი. ხოლო იგი წარვიდა ერითა, ეპისკოპოზითა და მღდლითა და წარმოიხუნა ნაწილნი იოდასაფ და ბალაჰვარისნი, და დაჰკრძალნა ლუსკუმასა შინა ოქროჲსასა. და მას ზედა აღაშენა ეკლესიაჲ სახელსა ზედა მამისა, ძისა და სულისა წმიდასასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და რომელნიცა სარწმუნოებით მივლენ, ყოველთაგან სენთა განიკურნებიან. და ჩუენცა ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა ლოცვითა მათითა ვიჴსნნეთ საუკუნეთა სატანჯველთაგან და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ უკუნისამდე.