გალობანი სინანულისანი

  1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.

დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

დავითი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს როგორ წამოადგა. თუმცა წიგნი სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მომხდური და მოძალადე დაემარცხებინა. ალბათ, წიგნიერების განუზომელმა სიყვარულმაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მის მიერ იყალთოს, გელათის, გრემის აკადემიების დაარსება, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, მუსიკა, ასტრონომია. ამ მონასტრებში სამოღვაწეოდ მან საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა ქართველი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრებს.


განათლება ფუჭია სულიერების გარეშე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა, რომელიც მეფისათვის უძვირფასესი ადამიანი გახლდათ.

დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, რომლისგანაც შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომში დემეტრე პირველი). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე - ვახტანგ (ცუატა), და ასულნი - თამარ, კატაი და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ მეორეს, კატაი - ბიზანტიის კეისარ ივანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი - ოვსეთის მეფეს (დემეტრე პირველის დროს მისთხოვდა).

1099 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავითი შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 წელს აიღო ზედაზენი. 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების - არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს - გიში, 1118 წელს - ლორე. 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

დავით აღმაშენებელი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით არმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული  გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.

დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს, დაკრძალულია გელათის მონასტრის სამხრეთის კართან, სადაც დღესაც არის შემორჩენილი უზარმაზარი ლოდი დავითის ეპიტაფიით: ''ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე". თუმცა წმინდანად კურთხევის შემდეგ მისი ნაწილები ამოუსვენებიათ და დაუკრძალავთ გელათის საკრებულო ტაძარში. ქართულმა ეკლესიამ წმინდა დავით მეფის ხსენების დღედ დააწესა 26 იანვარი (ძველი სტილით).